სექტემბერი
ოთხშაბათი, 1 სექტემბერი
მამაჩემი აქამდე შრომობს და მეც ვშრომობ (იოან. 5:17).
როცა იეჰოვასა და იესოს შრომისადმი დამოკიდებულებაზე ვფიქრობთ, უნდა დავასკვნათ, რომ დასვენება საჭირო არ არის? რა თქმა უნდა, არა. იეჰოვა არასდროს იღლება, ამიტომ დასვენება არ სჭირდება, მაგრამ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მას შემდეგ, რაც ცა და დედამიწა შექმნა, ღმერთმა დაისვენა (გამ. 31:17). როგორც ჩანს, მან შეწყვიტა შემოქმედებითი საქმე, რათა თავისი ნამოქმედარით დამტკბარიყო. დედამიწაზე ყოფნის დროს იესოც ბევრს შრომობდა, თუმცა მეგობრებთან ერთად სადილობისთვისაც გამოყოფდა დროს (მათ. 14:13; ლუკ. 7:34). ბიბლია ღვთის ხალხს შრომისკენ მოუწოდებს. იეჰოვას მსახურები შრომისმოყვარეობით უნდა გამოირჩეოდნენ; მათ სიზარმაცე არ შეშვენით (იგავ. 15:19). შესაძლოა ოჯახის სარჩენად მუშაობა გიწევთ და ამასთან ერთად, როგორც ქრისტიანს, სასიხარულო ცნობის ქადაგების პასუხისმგებლობაც გაკისრიათ. ამიტომ ბუნებრივია, საკმარისი დასვენებაც გჭირდებათ. w19.12 2 ¶2; 3 ¶4, 5
ხუთშაბათი, 2 სექტემბერი
ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ზუსტად მიჰყვეთ მის ნაკვალევს (1 პეტ. 2:21).
მოერიდეთ დემონების შესახებ ამბების მოყოლას. გვინდა, რომ ამ მხრივ იესოს მივბაძოთ. განკაცებამდე ის ზეცაში ცხოვრობდა და ძალიან ბევრი იცოდა სატანისა და დემონების შესახებ. თუმცა მათ საქმეებზე არ საუბრობდა. მას სურდა, რომ ხალხს იეჰოვა გაეცნო და არა სატანა. გვინდა, მივბაძოთ იესოს და არ მოვყვეთ ისეთ ამბებს, რომელთა მიღმაც, სავარაუდოდ, დემონები დგანან. ნაცვლად ამისა, გვსურს, ჩვენი სიტყვებით ცხადვყოთ, რომ „გული კარგი საქმისკენ“ ანუ ჭეშმარიტებისკენ გვეწევა (ფსალმ. 45:1). ნუ შეგეშინდებათ ბოროტი სულების. ამ ქვეყნიერებაში ცუდისგან არც ჩვენ ვართ დაზღვეულები. უბედური შემთხვევები, ავადმყოფობა და სიკვდილიც კი შეიძლება მოულოდნელად დაგვატყდეს თავს. თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ყველაფრის მიღმა ბოროტი სულები დგანან. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლ. 9:11). იეჰოვამ დაამტკიცა, რომ ის დემონებზე ბევრად ძლიერია. w19.04 23, 24 ¶13, 14
პარასკევი, 3 სექტემბერი
არსებულ ხელისუფლებებს ღვთის მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა უკავიათ (რომ. 13:1).
ემორჩილებიან უხუცესები ფაქტის გაცხადებასთან დაკავშირებულ კანონს, როცა საქმე ბავშვზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობას ეხება? დიახ. იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი კანონი არსებობს, უხუცესები ცდილობენ, დაიცვან ის. ასეთი კანონები არ ეწინააღმდეგება ღვთის კანონს (საქ. 5:28, 29). ამიტომ, როცა ისინი იგებენ სავარაუდო ძალადობის შესახებ, დაუყოვნებლივ უკავშირდებიან ფილიალს, რათა ამ კანონის გათვალისწინებასთან დაკავშირებით კონკრეტული მითითებები მიიღონ. როცა ესაუბრებიან მსხვერპლსა და მის მშობლებს, ან მას, ვინც იცის, რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ბავშვზე ძალადობას, უხუცესები შეახსენებენ მათ უფლებას, რომ შეუძლიათ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართონ. რის თქმა შეიძლება იმ შემთხვევაზე, როცა კრებაში ვინმეს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებენ და ეს ამბავი გახმაურდა? უნდა დაიდანაშაულოს თავი ღვთის სახელის შეურაცხყოფაში იმ ქრისტიანმა, რომელმაც ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს შეატყობინა? არა. ამ შემთხვევაში ერთადერთი, ვინც ღვთის სახელს შეურაცხყოფს, მოძალადეა. w19.05 10 ¶13, 14
შაბათი, 4 სექტემბერი
ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის (1 კორ. 3:19).
ბიბლია ქმრებსაც და ცოლებსაც ასწავლის, რომ პატივს სცემდნენ ერთმანეთს და აფასებდნენ ქორწინების აღთქმას. ის დაქორწინებულ წყვილს მოუწოდებს, რომ არ დაშორდნენ ერთმანეთს, რაც შემდეგი სიტყვებიდან ჩანს: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბ. 2:24). ამის საპირისპიროდ ამ ქვეყნიერების სიბრძნით მავალნი განსხვავებულ აზრს უჭერენ მხარს და ამბობენ, რომ ცოლიც და ქმარიც მხოლოდ საკუთარ საჭიროებებზე უნდა ზრუნავდეს. ერთ წიგნში, რომელიც განქორწინებას ეხება, აღნიშნულია, რომ «ზოგმა ქორწინების აღთქმაში სიტყვები „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“ შეცვალა სიტყვებით „სანამ ერთმანეთი გვეყვარება“». ქორწინებისადმი ასეთი ზერელე დამოკიდებულების შედეგია უამრავი დანგრეული ოჯახი და ენით აუწერელი ემოციური ტკივილი. აშკარაა, რომ ქვეყნიერების მხრიდან ქორწინების მიმართ ასეთი უპატივცემულო დამოკიდებულება დიდი უგუნურებაა. w19.05 23 ¶12
კვირა, 5 სექტემბერი
ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე (რომ. 12:2).
პავლეს აღელვებდა, რომ ზოგ ქრისტიანზე სატანის ქვეყნიერების აზროვნება ახდენდა გავლენას (ეფეს. 4:17—19). მსგავსი რამ ყველას შეიძლება დაემართოს. ამ ქვეყნიერების ღმერთი, სატანა, რას აღარ აკეთებს, რომ იეჰოვას გზიდან გადაგვიყვანოს! ამ მიზნის მისაღწევად ის სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. მაგალითად, იეჰოვას რომ ჩამოგვაშოროს და თავის ყაიდაზე მოგვაქციოს, მან შეიძლება ჩვენი წარსული, ამბიციები, საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილი, კულტურა და განათლება გამოიყენოს. შესაძლებელია ძვალ-რბილში გამჯდარი არასწორი აზროვნების მოშორება? (2 კორ. 10:4). ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს პავლე მოციქული: „ვამხობთ აზრებს და ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ აღმართულ ყოველგვარ სიმაღლეს, ყოველ აზრს ვატყვევებთ ქრისტესთვის დასამორჩილებლად“ (2 კორ. 10:5). დიახ, იეჰოვას დახმარებით შესაძლებელია არასწორი აზროვნების მოშორება. w19.06 8 ¶1—3
ორშაბათი, 6 სექტემბერი
ჩემთვის კი კარგია ღმერთთან დაახლოება. უზენაეს უფალ იეჰოვას შევაფარე თავი (ფსალმ. 73:28).
ღრმა მწუხარების მიუხედავად, ხანა, დავითი და ერთ-ერთი ფსალმუნმომღერალი იეჰოვაზე იყვნენ დაიმედებულნი. თავიანთ ტკივილს ისინი მხურვალე ლოცვებში გამოხატავდნენ და გულახდილად ეუბნებოდნენ იეჰოვას, რა იყო მათი საწუხარის მიზეზი. ამასთან ერთად ისინი არ წყვეტდნენ იეჰოვას თაყვანსაცემად კარავსა თუ ტაძარში სიარულს (1 სამ. 1:9, 10; ფსალმ. 55:22; 73:17; 122:1). იეჰოვამ თანაგრძნობით უპასუხა თითოეულ მათგანს. ხანას სიმშვიდე დაეუფლა (1 სამ. 1:18). დავითმა დაწერა: „მრავალი უბედურება ხვდება მართალს, მაგრამ იეჰოვა ყველაფრისგან დაიხსნის მას“ (ფსალმ. 34:19). ერთ-ერთი ფსალმუნმომღერალი კი დარწმუნდა, რომ იეჰოვას ეჭირა მისი მარჯვენა და სიყვარულით უწევდა ხელმძღვანელობას (ფსალმ. 73:23, 24). რას ვსწავლობთ ამ მაგალითებიდან? დროდადრო პრობლემებმა შეიძლება დაგვამძიმოს და ემოციურად გაგვანადგუროს. თუმცა მდგომარეობასთან გამკლავებას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ლოცვაში ნდობას გამოვუცხადებთ იეჰოვას, ყველაფერში დავემორჩილებით მას და დავფიქრდებით მათ მაგალითებზე, ვინც იეჰოვამ გააძლიერა (ფსალმ. 143:1, 4—8). w19.06 17 ¶14, 15
სამშაბათი, 7 სექტემბერი
რომც დაიტანჯოთ სიმართლის გამო, მაინც ბედნიერები იქნებით (1 პეტ. 3:14).
ნუ მიანიჭებთ ხალხის სიტყვებსა თუ საქმეებს დიდ მნიშვნელობას და ნუ შეგრცხვებათ, რომ იეჰოვას მოწმე ხართ (მიქ. 4:5). დაფიქრდით, როგორ მოიქცნენ მოციქულები იერუსალიმში იესოს სიკვდილიდან მალევე. მათ იცოდნენ, რაოდენ სძულდათ ისინი იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს (საქ. 5:17, 18, 27, 28). მიუხედავად ამისა, მოციქულები ყოველდღე მიდიოდნენ ტაძარში და სახალხოდ აღიარებდნენ, რომ იესოს მოწაფეები იყვნენ (საქ. 5:42). ისინი შიშმა ვერ დაჯაბნა. კაცთმოშიშებას ადვილად დავძლევთ, თუ სამსახურში, სკოლასა თუ სამეზობლოში არ შეგვრცხვება იმის აღიარების, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ (საქ. 4:29; რომ. 1:16). რატომ იყვნენ მოციქულები ბედნიერები? მათ იცოდნენ, რატომ ავლენდა ხალხი მათ მიმართ სიძულვილს. გარდა ამისა, ისინი იეჰოვას ნების შესრულების გამო შეურაცხყოფას დიდ პატივად მიიჩნევდნენ (ლუკ. 6:23; საქ. 5:41; 1 პეტ. 2:19—21). თუ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ ღვთის ნების შესრულების გამო ვძულვართ ადამიანებს, მათი მტრული დამოკიდებულება ხელ-ფეხს ვერასდროს შეგვიბოჭავს. w19.07 7 ¶19, 20
ოთხშაბათი, 8 სექტემბერი
შაბათს სიკეთის კეთება ნებადართულია (მათ. 12:12).
იესო და მისი იუდეველი მიმდევრები მოსეს კანონს ექვემდებარებოდნენ, ამიტომ იცავდნენ შაბათს. მაგრამ იესომ სიტყვითა და საქმით ხალხს დაანახვა, რომ გაწონასწორებული თვალსაზრისი უნდა ჰქონოდათ შაბათის დაცვაზე და ამ დღეს სიკეთის კეთება და სხვების დახმარება კანონის დარღვევად არ უნდა მიეჩნიათ (მათ. 12:9—11). იესო არ ფიქრობდა, რომ შაბათს სხვებისთვის კეთილი საქმის გაკეთება დანაშაული იყო. მან თავისი საქმეებით ცხადყო, რომ კარგად ესმოდა შაბათის არსი. სინამდვილეში ეს დღე შესაძლებლობას აძლევდა ღვთის ხალხს, ყოველდღიური საქმეებისგან დაესვენათ და მთელი ყურადღება სულიერზე გადაეტანათ. იესოს ოჯახი ყოველთვის იცავდა შაბათს და ამ დღეს ღვთის თაყვანისცემისთვის გამოყოფდა. ეს იქიდანაც გამოჩნდა, რომ მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში ყოფნის დროს იესო „ჩვეულებისამებრ, შაბათს სინაგოგაში შევიდა“ (ლუკ. 4:15—19). იესოს მოწაფეებისთვისაც შაბათის კანონის დაცვა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ დღეს სურნელოვანი მცენარეებისა და ნელსაცხებლების მომზადებაც კი შეწყვიტეს, რომელიც იესოს ცხედრისთვის უნდა ეცხოთ (ლუკ. 23:55, 56). w19.12 4 ¶10
ხუთშაბათი, 9 სექტემბერი
უიმედოდ . . . იყავით (ეფეს. 2:12).
ჭეშმარიტების მოსასმენად განწყობილი ადამიანების მოძებნაში ყველანი ვიღებთ მონაწილეობას. ეს საქმე შეიძლება დაკარგული ბავშვის ძებნას შევადაროთ. დავფიქრდეთ რეალურ შემთხვევაზე. ერთ დღეს სამი წლის ბიჭუნა დაიკარგა, რომლის ძებნაშიც დაახლოებით 500 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ბავშვის გაუჩინარებიდან დაახლოებით 20 საათის შემდეგ ერთ-ერთმა მოხალისემ ის სიმინდის ყანაში იპოვა. მოხალისე არ ფიქრობდა, რომ ეს მხოლოდ მისი დამსახურება იყო, რადგან, როგორც თავად თქვა, ბავშვის პოვნა ასობით ადამიანის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი იყო. ბევრი ადამიანი ამ დაკარგულ ბავშვს ჰგავს. მათ არანაირი იმედი არა აქვთ, ამიტომ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. დღეს ღირსეულებს რვა მილიონზე მეტი ადამიანი ეძებს. შეიძლება პირადად თქვენ ვერავის პოულობთ, ვისთანაც ბიბლიის შესწავლას დაიწყებდით, მაგრამ თქვენს ტერიტორიაზე სხვა მაუწყებელმა იპოვოს ჭეშმარიტებას მოწყურებული ადამიანი. როცა ერთი მაუწყებელი პოულობს ადამიანს, რომელიც ქრისტეს მოწაფე ხდება, სიხარულის მიზეზი ყველას აქვს, ვინც მის ძებნაში იღებდა მონაწილეობას. w19.07 16, 17 ¶9, 10
პარასკევი, 10 სექტემბერი
ვისწრაფვი მიზნისკენ (ფილ. 3:14).
მოციქულმა პავლემ ფილიპეში მცხოვრებ ქრისტიანებს შეახსენა, რომ მოთმინებით გაეგრძელებინათ სიცოცხლისთვის რბოლა. ფილიპეს კრება ჩამოყალიბებისთანავე დიდ წინააღმდეგობას შეხვდა. ყველაფერი დაახლოებით ახ. წ. 50 წელს დაიწყო, როცა პავლე და სილა ღვთის მოწოდების თანახმად მაკედონიის ქალაქ ფილიპეში ჩავიდნენ (საქ. 16:9). მათ იქ უქადაგეს ქალს, სახელად ლიდიას, რომელსაც „იეჰოვამ . . . გული გაუხსნა“, რომ სასიხარულო ცნობა მოესმინა (საქ. 16:14). ლიდია და ყველა, ვინც მის სახლში ცხოვრობდა, მალევე მოინათლნენ. ეშმაკმაც მყისვე დაიწყო მოქმედება: ქალაქის მკვიდრებმა პავლე და სილა მმართველებთან მიათრიეს და უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს, რომ ქალაქში არეულობა შეჰქონდათ. ამის შემდეგ პავლე და სილა სცემეს და დააპატიმრეს. მოგვიანებით კი გაათავისუფლეს და ქალაქის დატოვება მოსთხოვეს (საქ. 16:16—40). დაყარეს მათ ფარ-ხმალი? არამც და არამც! პავლეს და სილას კვალს მიჰყვნენ ახლად ჩამოყალიბებული კრების წევრებიც, რომლებმაც მოთმინების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს. აშკარაა, რომ ამ ძმების სამაგალითო საქციელმა დიდად იმოქმედა ფილიპელ ქრისტიანებზე. w19.08 2 ¶1, 2
შაბათი, 11 სექტემბერი
უხვად გამოიღეთ სიმართლის ნაყოფი (ფილ. 1:11).
ეჭვგარეშეა, „სიმართლის ნაყოფში“ იგულისხმება იეჰოვასა და მისი ხალხის სიყვარული, აგრეთვე სხვებთან ჩვენი რწმენისა და შესანიშნავი იმედის შესახებ საუბარი. „სიმართლის ნაყოფი“ გამოგვაქვს, როცა აქტიურად ვმონაწილეობთ მეტად მნიშვნელოვან, მოწაფეების მომზადების, საქმეში (მათ. 28:18—20). რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, შეგვიძლია მნათობებივით ვანათოთ ქვეყნიერებაში. ზოგჯერ ის, რაც დაბრკოლებად გვეჩვენება, შეგვიძლია სასიხარულო ცნობის გაზიარების კარგ შესაძლებლობად ვაქციოთ. მაგალითად, როცა პავლე მოციქულმა ფილიპელებს წერილი მისწერა, რომში შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი. თუმცა ბორკილებმა ხელი ვერ შეუშალა, რომ მნახველებთან და მცველებთან ექადაგა. ხელისშემშლელ სიტუაციებში პავლე შემართებით ქადაგებდა. ეს და-ძმებს გაბედულებასა და დაჯერებულობას მატებდა, რათა „უშიშრად . . . [ელაპარაკათ] ღვთის სიტყვა“ (ფილ. 1:12—14; 4:22). w19.08 12 ¶15, 16
კვირა, 12 სექტემბერი
დაიმდაბლეთ თავი ძლევამოსილი ღვთის წინაშე, რათა თავის დროზე აგამაღლოთ (1 პეტ. 5:6).
თავმდაბლობის განვითარება ყველაზე მეტად იმიტომ გვინდა, რომ იეჰოვას მოწონება დავიმსახუროთ. სწორედ ამ აზრს ვკითხულობთ დღევანდელ მუხლში. პეტრე მოციქულის სიტყვებთან დაკავშირებით წიგნში „მოდი და გამომყევი“, მე-3 თავის 23-ე აბზაცში ასეთი რამ ეწერა: „სიამაყე მომაკვდინებელ საწამლავს ჰგავს. ეს ისეთი თვისებაა, რომელმაც შეიძლება ყველაზე უნარიანი ადამიანი ღვთისთვის გამოუსადეგარ ადამიანად აქციოს, ხოლო თავმდაბლობამ შეიძლება ყველაზე უბრალო ადამიანი აქციოს ღვთისთვის გამოსადეგ ადამიანად . . . ღმერთი შენც გაკურთხებს თავმდაბლობისთვის“. ნამდვილად, ყველაზე დიდ სიხარულს იეჰოვასთვის გულის გახარება გვანიჭებს (იგავ. 23:15). გარდა იმისა, რომ გულს ვუხარებთ იეჰოვას, თავმდაბლობა ბევრ რამეში გვეხმარება. როცა თავმდაბლობას ვავლენთ, სხვებს ჩვენთან ურთიერთობის სურვილი უჩნდებათ. ამას უკეთ მივხვდებით, თუ საკუთარ თავს მათ ადგილას წარმოვიდგენთ (მათ. 7:12). w19.09 4 ¶8, 9
ორშაბათი, 13 სექტემბერი
ამაყი გულის ადამიანი სძულს იეჰოვას (იგავ. 16:5).
უხუცესები ძალ-ღონეს არ იშურებენ და-ძმების დასახმარებლად. ისინი მინიჭებული ძალაუფლების გამო თავს კრების წევრებზე აღმატებულად კი არ მიიჩნევენ, არამედ მათ მიმართ სათუთ გრძნობებს ავლენენ (1 თეს. 2:7, 8). მათ საუბარში სიყვარული და თავმდაბლობა იგრძნობა. ერთი გამოცდილი უხუცესი, სახელად ენდრიუ, ამბობს: „შევნიშნე, რომ უხუცესების მხრიდან თბილი და მეგობრული დამოკიდებულება და-ძმებს გულს უთბობს და მათთან თანამშრომლობას უადვილებს“. კიდევ ერთი ძმა, ტონი, რომელიც დიდი ხანია უხუცესად მსახურობს, აღნიშნავს: „ყოველთვის ვცდილობ, ფილიპელების 2:3-ში ჩაწერილი რჩევის თანახმად მოვიქცე და სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად მივიჩნიო. ეს მეხმარება, რომ და-ძმებს დიქტატორივით არ მოვექცე“. უხუცესები უნდა ჰბაძავდნენ ღმერთს თავმდაბლობის გამოვლენაში. მიუხედავად იმისა, რომ სამყაროს უზენაესი მმართველია, იეჰოვა „დაბლა იხრება და . . . საწყალს მტვრიდან აყენებს“ (ფსალმ. 18:35; 113:6, 7). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას სძულს ამაყი და ქედმაღალი ადამიანები. w19.09 16, 17 ¶11, 12
სამშაბათი, 14 სექტემბერი
დაიდგით ჩემი უღელი (მათ. 11:29).
იესოს უღელი გამომაცოცხლებელი იქნება, თუ შევინარჩუნებთ სწორ თვალსაზრისს. ჩვენ მუშები ვართ, ამიტომ ჩვენი ბატონის, იეჰოვას საქმე ისე უნდა შევასრულოთ, როგორც მას სურს (ლუკ. 17:10). ღვთის მიერ დავალებულ საქმეზე საკუთარი ძალით შეჭიდება უღლის ტარებას ძალიან გაგვიძნელებს. მეორე მხრივ, იეჰოვას ხელმძღვანელობის მიყოლა წარმოუდგენელ საქმეებს გაგვაკეთებინებს და ნებისმიერ დაბრკოლებას გადაგვალახვინებს. გახსოვდეთ, რომ ღვთის ნების შესრულებას წინ ვერავინ აღუდგება! (რომ. 8:31; 1 იოან. 4:4). ჩვენი მიზანია, დიდება მივაგოთ ზეციერ მამას, იეჰოვას. პირველ საუკუნეში ხარბმა და ეგოისტმა ადამიანებმა სიხარული მალევე დაკარგეს და უარი თქვეს იესოს უღლის ტარებაზე (იოან. 6:25—27, 51, 60, 66; ფილ. 3:18, 19). ისინი კი, ვისაც უანგაროდ უყვარდათ ღმერთი და მოყვასი, სიცოცხლის ბოლომდე სიხარულით ატარებდნენ ქრისტეს უღელს იმ იმედით, რომ მასთან ერთად იმსახურებდნენ ზეცაში. სიხარულს არც ჩვენ დავკარგავთ, თუ ქრისტეს უღელს სწორი მოტივით ვატარებთ. w19.09 20 ¶1; 24, 25 ¶19, 20
ოთხშაბათი, 15 სექტემბერი
შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ (იოან. 8:32).
დაფიქრდით, რამხელა კურთხევაა, რომ გათავისუფლდით არაბიბლიური სწავლებების მონობისგან. ბედნიერები ვართ, რომ შეგვიძლია ასეთი თავისუფლებით დავტკბეთ! დარწმუნებული იყავით, რომ მომავალში უფრო დიდ თავისუფლებას მიიღებთ. ძალიან მალე იესო გაანადგურებს ცრუ რელიგიასა და ბინძურ პოლიტიკას. ღმერთი კი დაიცავს თავის მსახურებს, რომლებიც „უამრავ ხალხს“ მიეკუთვნებიან და მათ სამოთხედქცეულ დედამიწაზე ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს (გამოცხ. 7:9, 14). უთვალავ ადამიანს სიცოცხლე დაუბრუნდება. ის, ვინც იეჰოვას მსახურებას აირჩევს, აღარასდროს იგემებს ავადმყოფობას, სიბერესა და სიკვდილს (საქ. 24:15). ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში იესო და მისი თანამმართველები ადამიანებს სრულყოფილებამდე მიიყვანენ და ღმერთთან სრულყოფილი ურთიერთობის აღდგენაში დაეხმარებიან. როგორც ისრაელები ხარობდნენ თავისუფლებით საიუბილეო წელს, ისე კაცობრიობა გაიხარებს შეუდარებელი თავისუფლებით ათასწლიანი მმართველობის დროს. ასე რომ, ყველა, ვინც იეჰოვას ერთგულებას დაუმტკიცებს, გასრულყოფილდება და სამუდამოდ გათავისუფლდება ცოდვისგან. w19.12 12, 13 ¶14—16
ხუთშაბათი, 16 სექტემბერი
მას ბარნაბა დაეხმარა (საქ. 9:27).
პირველ საუკუნეში მცხოვრებმა გულუხვმა მამაკაცმა, სახელად იოსებმა (იგივე ბარნაბა), იეჰოვას საშუალება მისცა, რომ თავისი ნების შესასრულებლად გამოეყენებინა (საქ. 4:36, 37). სავლეს გაქრისტიანების შემდეგ ბევრი ერიდებოდა მასთან ურთიერთობას, რადგან ქრისტიანების მდევნელის სახელით იყო ცნობილი. თუმცა ბარნაბა გულთბილად მოექცა მას და ანუგეშა (საქ. 9:21, 26—28). მოგვიანებით იერუსალიმში მყოფმა უხუცესებმა შეიტყვეს, რომ საკმაოდ შორს, სირიის ანტიოქიაში მცხოვრებ და-ძმებს გამხნევება სჭირდებოდათ. ვინ გაგზავნეს მათთან? რა თქმა უნდა, ბარნაბა! ალბათ, ძმები უკეთეს არჩევანს ვერ გააკეთებდნენ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ბარნაბა „ყველას ამხნევებდა, რომ მთელი გულით გადაეწყვიტათ, ყოველთვის უფალს მიჰყოლოდნენ“ (საქ. 11:22—24). იეჰოვას დღესაც შეუძლია, რომ „ნუგეშის ძეებად“ გვაქციოს. მან შეიძლება მგლოვიარეთა სანუგეშებლად გამოგვიყენოს ან აღგვძრას, მოვინახულოთ ან ტელეფონით გავამხნეოთ ავადმყოფები თუ დეპრესიაში მყოფი თანაქრისტიანები. მისცემთ იეჰოვას საშუალებას, ბარნაბასავით ნუგეშისმცემლად გაქციოთ? (1 თეს. 5:14). w19.10 22 ¶8
პარასკევი, 17 სექტემბერი
ვინც სიყვარულს ესწრაფვის, ცოდვას პატიობს, ხოლო ვინც რაიმეზე გაუთავებლად ლაპარაკობს, მეგობრებს ერთმანეთს აშორებს (იგავ. 17:9).
როცა და-ძმებთან თანამშრომლობა გვიწევს, მათ კარგ თვისებებთან ერთად სისუსტეებსაც ვხედავთ. რა დაგვეხმარება, რომ თანაქრისტიანების სისუსტეებმა ხელი არ შეგვიშალოს მათთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებაში? და-ძმებისგან სრულყოფილებას არ უნდა მოველოდეთ. ახლად შეძენილ მეგობრებთან ახლო ურთიერთობა რომ შევინარჩუნოთ, ძალისხმევაა საჭირო. თუ ისინი შეცდომას დაუშვებენ, თბილად და გულახდილად უნდა დაველაპარაკოთ და ბიბლიური რჩევა მივცეთ (ფსალმ. 141:5). თუ გულს გვატკენენ, უნდა ვაპატიოთ და ძველი წყენა აღარ უნდა გავუხსენოთ. ამ ბოლო დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ და-ძმების დადებით მხარეებზე გავამახვილოთ ყურადღება და არა მათ სისუსტეებზე. შედეგად, კიდევ უფრო დავუახლოვდებით მათ. დიდი გასაჭირის დროს ახლო მეგობრები ნამდვილად დაგვჭირდება. w19.11 6 ¶13, 16
შაბათი, 18 სექტემბერი
წადით ყველა ერის ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც ჩემგან ისწავლეთ (მათ. 28:19, 20).
ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მოწაფეებად მოვამზადოთ ბიბლიის შემსწავლელები და ვასწავლოთ ყველაფრის დაცვა, რაც იესომ მცნებად დაგვიდო. ჩვენ უნდა დავანახვოთ ხალხს, რომ მნიშვნელოვანია, იეჰოვას მსახურები გახდნენ და ღვთის სამეფოს დაუჭირონ მხარი. ეს ნიშნავს, დავეხმაროთ მათ, გაითავისონ ჭეშმარიტება, იცხოვრონ ნასწავლის თანახმად, თავი მიუძღვნან იეჰოვას და მოინათლონ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გადაურჩებიან ისინი იეჰოვას დღეს (1 პეტ. 3:21). ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე ბევრი აღარ დარჩა. ამიტომ დრო არ უნდა დავკარგოთ იმ შემსწავლელებთან, რომლებიც ქრისტეს მოწაფეობას არ აპირებენ (1 კორ. 9:26). ქადაგების საქმე გადაუდებელია! ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი დარჩა, ვისაც სამეფოს ცნობა არ მოუსმენია. w19.10 11, 12 ¶14, 15
კვირა, 19 სექტემბერი
დააყაროს ნაკვერჩხალს საკმეველი იეჰოვას წინაშე (ლევ. 16:13).
ყოველწლიური გამოსყიდვის დღეს ისრაელი ერი ერთად იკრიბებოდა და იეჰოვას ცხოველურ შესაწირავს სწირავდა. ეს შესაწირავები მათ შეახსენებდა, რომ ცოდვებისგან განწმენდა სჭირდებოდათ. თავდაპირველად მღვდელმთავარი დიდი სიფრთხილით აყრის ნაკვერჩხალს საკმეველს, რის შემდეგაც ოთახი ტკბილი სურნელებით ივსება. რას გვასწავლის ეს ფაქტი? ბიბლიაში ღვთის ერთგული მსახურების ლოცვები საკმეველსაა შედარებული (ფსალმ. 141:2; გამოცხ. 5:8). მღვდელმთავარი უდიდესი მოწიწებით აკმევდა საკმეველს იეჰოვას წინაშე. ჩვენც მსგავსი მოწიწება უნდა გამოვავლინოთ, როცა ლოცვით მივმართავთ იეჰოვას. მადლიერები ვართ, რომ ჩვენი შემოქმედი გვაძლევს უფლებას, ვესაუბროთ და დავუახლოვდეთ მას, როგორც შვილი მამას (იაკ. 4:8). იეჰოვა მეგობრებად გვიღებს (ფსალმ. 25:14). ეს იმდენად დიდი პატივია ჩვენთვის, რომ ყველანაირად ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ მასთან ურთიერთობას. w19.11 20, 21 ¶3—5
ორშაბათი, 20 სექტემბერი
რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა! ყოველივე სიბრძნით შექმენი; სავსეა დედამიწა შენი ნაშრომით (ფსალმ. 104:24).
როგორი დამოკიდებულება აქვს თქვენ გარშემო მცხოვრებ ხალხს შრომის მიმართ? დღეს ბევრ ქვეყანაში ადამიანებს უწინდელზე მეტხანს და მძიმედ უწევთ მუშაობა. ზოგი იმდენად არის დაკავებული, რომ ვერც დასვენებისთვის იცლის, ვერც ოჯახისთვის და ვერც ღმერთზე ფიქრისთვის (ეკლ. 2:23). თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც არაფრის კეთება არ უნდათ და თავის გასამართლებლად მიზეზებს ეძებენ (იგავ. 26:13, 14). დღეს ბევრს შრომისადმი გაუწონასწორებელი დამოკიდებულება აქვს. მაგრამ დაფიქრდით, რა თვალსაზრისი აქვთ ამ საკითხზე იეჰოვას და იესოს. იეჰოვა რომ შრომისმოყვარე ღმერთია, იესოს სიტყვებშიც კარგად ჩანს: „მამაჩემი აქამდე შრომობს და მეც ვშრომობ“ (იოან. 5:17). ღმერთმა შექმნა უთვალავი სულიერი ქმნილება და უკიდეგანო სამყარო. ჩვენს ულამაზეს პლანეტაზეც ბევრ რამეს ატყვია შემოქმედის ხელი. w19.12 2 ¶1, 2
სამშაბათი, 21 სექტემბერი
ამოვირჩიე დავითი, . . რომელიც მოვიწონე (საქ. 13:22).
როგორ ჩაეყარა საფუძველი დავითისა და იეჰოვას მეგობრობას? შემოქმედებაზე დაკვირვებით დავითმა უკეთ გაიცნო იეჰოვა. მოზარდობის პერიოდში ის დიდ დროს უთმობდა ცხვრის მწყემსვას. შესაძლოა სწორედ მაშინ დაიწყო ღვთის შემოქმედებაზე ღრმად დაფიქრება. როცა დავითი ღამით ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შესცქეროდა, ის შემოქმედის შესანიშნავ თვისებებს ხედავდა (ფსალმ. 19:1, 2). დავითი ფიქრობდა, რა საოცრად იყო ადამიანი შექმნილი და ამაში იეჰოვას უდიდეს სიბრძნეს ხედავდა (ფსალმ. 139:14). როცა ის ცდილობდა, ჩასწვდომოდა იეჰოვას დიდებულ საქმეებს, მოწიწება და მოკრძალება ეუფლებოდა (ფსალმ. 139:6). რას ვსწავლობთ? დააკვირდით თქვენ გარშემო ადამიანებს, ცხოველებსა თუ მცენარეებს და დაფიქრდით, რას გასწავლით ეს ყველაფერი შემოქმედის შესახებ. ასე დღითი დღე უფრო მეტს გაიგებთ ჩვენს მოსიყვარულე ღმერთზე და მისადმი სიყვარულიც უფრო გაგიღრმავდებათ (რომ. 1:20). w19.12 19, 20 ¶15—17
ოთხშაბათი, 22 სექტემბერი
რწმენით მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა, რომ ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო (ებრ. 11:24).
მოსემ ღვთის მსახურება აირჩია. ის დაახლოებით 40 წლისა იყო, როცა უარი თქვა „ფარაონის ასულის ძედ“ წოდებულიყო და ღვთის ხალხთან, ისრაელ ერთან ყოფნა არჩია. მოსესთვის გამოჩენილი მდგომარეობა არაფერს ნიშნავდა. მან ეგვიპტის მონობაში მყოფი ებრაელების მხარე დაიკავა, თუმცა კარგად იცოდა, რომ ამის გამო ძლევამოსილი ფარაონის რისხვას დაიტეხდა თავს, რომელსაც ეგვიპტელები ღმერთად მიიჩნევდნენ. რწმენის რა შესანიშნავი მაგალითია! მოსე ენდობოდა იეჰოვას. მათ ხანგრძლივ მეგობრობას სწორედ ასეთი ნდობა დაედო საფუძვლად (იგავ. 3:5). რას ვსწავლობთ? მოსეს მსგავსად, ჩვენც უნდა გადავწყვიტოთ, დავიკავებთ თუ არა ღვთისა და მისი ხალხის მხარეს. იეჰოვას მსახურებისთვის შეიძლება გარკვეულ მსხვერპლზე წასვლა მოგვიწიოს და წინააღმდეგობასაც შევხვდეთ მათგან, ვინც არ იცნობს მას. მაგრამ, თუ ჩვენს ზეციერ მამას მივენდობით, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მხარს დაგვიჭერს. w19.12 17 ¶5, 6
ხუთშაბათი, 23 სექტემბერი
დაიწყო იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნა მიწის მტვრისგან, ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა (დაბ. 2:7).
მართალია, ღმერთმა მიწის მტვრისგან შეგვქმნა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის თვალში ფასი არა გვაქვს. იეჰოვასთვის ძალიან ძვირფასები ვართ. დავფიქრდეთ იმ მიზეზებზე, საიდანაც ჩანს, რომ ღმერთი გვაფასებს. მან ადამიანები მისი თვისებების არეკვლის უნარით შეგვქმნა, რითაც სხვა მიწიერ ქმნილებებზე მაღლა დაგვაყენა (დაბ. 1:27). გარდა ამისა, მან დედამიწაზე და სხვა ცოცხალ ქმნილებებზე ზრუნვაც დაგვავალა (ფსალმ. 8:4—8). ჩვენ ადამის შეცოდების შემდეგაც არ დაგვიკარგავს ფასი იეჰოვას თვალში. მისთვის იმდენად ძვირფასები ვართ, რომ ჩვენი ცოდვებისთვის საყვარელი ძე, იესო გაიღო მსხვერპლად (1 იოან. 4:9, 10). გამოსასყიდის წყალობით იეჰოვა მკვდრეთით აღადგენს როგორც მართალ, ისე უმართლო ადამიანებს, რომლებიც ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო დაიხოცნენ (საქ. 24:15). ბიბლია გვარწმუნებს, რომ ავადმყოფობა, სიღარიბე თუ ხანდაზმულობა ღვთის თვალში ფასს არ გვიკარგავს (საქ. 10:34, 35). w20.01 15 ¶5, 6
პარასკევი, 24 სექტემბერი
სხვის საქმეში არ ჩაერიოთ (1 თეს. 4:11).
ზეციური იმედი ადამიანს მემკვიდრეობით კი არ გადაეცემა, არამედ ღვთისგან იღებს (1 თეს. 2:12). უნდა მოვერიდოთ ისეთი კითხვების დასმას, როგორიც გულს ატკენდა სხვებს. მაგალითად, არ უნდა ვკითხოთ ცხებული ქრისტიანის მეუღლეს, როგორ წარმოუდგენია თავისი ქმრის გარეშე მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე. ჩვენ ერთ რამეში ბოლომდე ვართ დარწმუნებული: ახალ ქვეყნიერებაში იეჰოვა „ყოველი ცოცხალი არსების სურვილს“ დააკმაყოფილებს (ფსალმ. 145:16). თუ სხვებთან შედარებით ცხებულებს განსაკუთრებულ პატივს არ მივაგებთ, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავსაც დავიცავთ. რა გაგებით? ბიბლიაში წერია, რომ ზოგი ცხებული შეიძლება ბოლომდე ერთგული არ დარჩეს (მათ. 25:10—12; 2 პეტ. 2:20, 21). თუ არ დავიწყებთ ადამიანთა განდიდებას, არასოდეს გავხდებით ვინმეს მიმდევარი, იქნება ეს ცხებული, ორგანიზაციის ცნობადი სახე თუ ღვთის დიდი ხნის მსახური (იუდ. 16). შედეგად, თუ ისინი კრებას დატოვებენ ან იეჰოვას უორგულებენ, არც რწმენას დავკარგავთ და არც იეჰოვას მსახურებას შევწყვეტთ. w20.01 29 ¶9, 10
შაბათი, 25 სექტემბერი
მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც მისმა საყვარელმა შვილებმა (ეფეს. 5:1).
როგორც იეჰოვას „საყვარელი შვილები“, ყველანაირად ვცდილობთ, მივბაძოთ მას. როცა სხვებს სიყვარულით ვექცევით, სიკეთეს ვუკეთებთ და ვპატიობთ, ცხადვყოფთ, რომ იეჰოვას ვბაძავთ. მათ, ვინც არ იცნობს ღმერთს, შეიძლება შეუმჩნეველი არ დარჩეთ ჩვენი კარგი საქმეები და ღვთის შესახებ მეტის გაგების სურვილი გაუჩნდეთ (1 პეტ. 2:12). ქრისტიანი მშობლები ისევე უნდა მოეპყრონ თავიანთ შვილებს, როგორც იეჰოვა გვეპყრობა. თუ მშობლები იეჰოვას თვისებებს აირეკლავენ, შეიძლება ამან მათი შვილები აღძრას, თავადაც განავითარონ ზეციერ მამასთან ურთიერთობა. ჩვენ ვამაყობთ ზეციერი მამით და გვინდა, სხვებსაც გავაცნოთ ის. იმავეს ვგრძნობთ, რასაც მეფე დავითი, რომელმაც დაწერა: „იეჰოვათი იამაყებს ჩემი სული“ (ფსალმ. 34:2). მაგრამ, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვერიდება იეჰოვას შესახებ საუბარი? რა შეგვმატებს გაბედულებას? თუ იმაზე ვიფიქრებთ, როგორ ვუხარებთ იეჰოვას გულს, როცა სხვებს მის შესახებ ვესაუბრებით და როგორ შეუძლია ღვთის გაცნობას მათი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა, უფრო გაბედულები გავხდებით. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ საჭირო დროს იეჰოვა სიმამაცეს შეგვმატებს. ის პირველი საუკუნის ქრისტიანებსაც ეხმარებოდა გაბედულების მოკრებაში და ჩვენც დაგვეხმარება (1 თეს. 2:2). w20.02 11 ¶12, 13
კვირა, 26 სექტემბერი
წადით . . . ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი [და] მონათლეთ (მათ. 28:19).
ბევრი, ვინც ბიბლიას სწავლობს, სულიერად წინ მიიწევს და ინათლება. მაგრამ ზოგ ბიბლიის შემსწავლელს აშინებს იმაზე ფიქრი, რომ ქრისტეს მოწაფე გახდეს. ისინი სიამოვნებით სწავლობენ ბიბლიას, თუმცა სულიერად არ იზრდებიან და ნათლობამდე ვერ მიდიან. თუ ბიბლიის შესწავლას ატარებთ, ეჭვგარეშეა, გსურთ, რომ შემსწავლელმა ნასწავლის თანახმად იცხოვროს და ქრისტეს მოწაფე გახდეს. იეჰოვას სურს, რომ ადამიანები მას სიყვარულით ემსახურებოდნენ. ამიტომ ჩვენი მიზანია, ბიბლიის შემსწავლელები დარწმუნდნენ, რომ ღმერთს ძალიან უყვარს ისინი და ზრუნავს მათზე. გვინდა, დავანახვოთ მათ, რომ იეჰოვა „უმამო ბავშვების მამა და ქვრივების მოსამართლეა“ (ფსალმ. 68:5). როცა ბიბლიის შემსწავლელები გააცნობიერებენ, რამდენად ძვირფასები არიან ღვთისთვის, მათაც გაუღრმავდებათ სიყვარული ზეციერი მამის მიმართ. დაანახვეთ შემსწავლელს, რომ მოსიყვარულე ღმერთს არა მხოლოდ სურს, მარადიული სიცოცხლე მისცეს, არამედ მზად არის, დაეხმაროს კიდეც ამ ჯილდოს მოპოვებაში. w20.01 3 ¶7, 8
ორშაბათი, 27 სექტემბერი
დიდად გავიხარე და გავმხნევდი, როცა შევიტყვე, რომ შენი სიყვარულით, ჩემო ძმაო, წმინდებს გულები გაუთბე (ფლმ. 7).
მოციქული პავლე თავმდაბალი იყო და აცნობიერებდა, რომ მეგობრებისგან გამხნევებას თავადაც საჭიროებდა. მას დიდად არ აღელვებდა ის ფაქტი, რომ, თუ მეგობრებისგან ნუგეშს მიიღებდა, სხვებს შეიძლებოდა სუსტ ადამიანად ჩაეთვალათ (კოლ. 4:7—11). თუ თავმდაბლად ვაღიარებთ, რომ გამხნევება გვჭირდება, და-ძმები სიხარულით ამოგვიდგებიან მხარში. პავლემ იცოდა, რომ წმინდა წერილებს მისი ნუგეშისცემა შეეძლო (რომ. 15:4). მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ღვთის სიტყვიდან მიღებული სიბრძნის წყალობით ნებისმიერ განსაცდელს მედგრად დახვდებოდა (2 ტიმ. 3:15, 16). როცა პავლე რომში მეორედ დააპატიმრეს, გრძნობდა, რომ მისი სიკვდილი მოახლოებული იყო. მან ტიმოთეს სთხოვა, მალე მისულიყო მასთან და გრაგნილებიც მიეტანა (2 ტიმ. 4:6, 7, 9, 13). რატომ მოითხოვა პავლემ გრაგნილები? როგორც ჩანს, ებრაული წერილების ზოგიერთი მონაკვეთის შესწავლით სურდა, თავი ენუგეშებინა. თუ მივბაძავთ პავლე მოციქულს და რეგულარულად მივმართავთ ღვთის სიტყვას, რა განსაცდელსაც არ უნდა შევხვდეთ, იეჰოვა შინაგან სიმშვიდეს მოგვცემს. w20.02 23, 24 ¶14, 15
სამშაბათი, 28 სექტემბერი
ნუღარ განსჯით, რომ არც თქვენ განისაჯოთ (მათ. 7:1).
ელიფაზი, ბილდადი და ცოფარი იობის გამხნევებაზე კი არ ფიქრობდნენ, არამედ იმაზე თუ როგორ დაედანაშაულებინათ ის. მართალია, მათი ნათქვამიდან ზოგი რამ სწორი იყო, მაგრამ, ძირითადად, იეჰოვასა და იობის შესახებ სიცრუეს ამბობდნენ და მათზე უარყოფითად საუბრობდნენ. ელიფაზმა, ბილდადმა და ცოფარმა იობი უმოწყალოდ გააკრიტიკეს (იობ. 32:1—3). როგორი რეაქცია ჰქონდა ამაზე იეჰოვას? ის რისხვით აენთო ამ სამ მამაკაცზე, მათი საუბარი უგუნურებად მიიჩნია და იობს სთხოვა, ელოცა მათთვის (იობ. 42:7—9). ელიფაზის, ბილდადისა და ცოფარის შეცდომებზე ბევრ რამეს ვსწავლობთ. პირველი, არ უნდა გავაკრიტიკოთ და-ძმები (მათ. 7:2—5). სანამ რამეს ვიტყვით, ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ მათ, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ, გავიგოთ, რასთან უწევთ გამკლავება (1 პეტ. 3:8). მეორე, უნდა დავრწმუნდეთ, რომ რის თქმასაც ვაპირებთ, სიმართლეა და სხვებს გაამხნევებს (ეფეს. 4:25). და მესამე, იეჰოვასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას ვეუბნებით სხვებს. w20.03 22, 23 ¶15, 16
ოთხშაბათი, 29 სექტემბერი
მუდამ აღავლინეთ . . . ვედრება სულით (ეფეს. 6:18).
როდესაც სხვებს იეჰოვას შესახებ ვასწავლით, თავადაც უკეთ ვეცნობით მას. მაგალითად, აშკარად ვხედავთ იეჰოვას თანაგრძნობას, როცა მისი დახმარებით ჭეშმარიტებას მოწყურებულ ადამიანებს ვპოულობთ (იოან. 6:44; საქ. 13:48). გარდა ამისა, ღვთის სიტყვის ძალას ვხედავთ, როცა ბიბლიის შემსწავლელები მავნე ჩვევებს იშორებენ და ახალი პიროვნებით იმოსებიან (კოლ. 3:9, 10). ღმერთი არაერთ შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, რომ გაიცნონ ის და გადარჩნენ, რაშიც მის სულგრძელობას ვხედავთ (რომ. 10:13—15). მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ხანია, ვემსახურებით იეჰოვას, მასთან ურთიერთობას ყოველთვის უნდა ვაფასებდეთ. ლოცვა ერთ-ერთი განსაკუთრებული საშუალებაა, რითაც ვაჩვენებთ, რომ იეჰოვასთან მეგობრობა ჩვენთვის ძვირფასია. კარგი კომუნიკაციის გარეშე ახლო მეგობრობა წარმოუდგენელია. ასე რომ, ხშირად მიმართეთ იეჰოვას ლოცვით და ნუ მოგერიდებათ მასთან თქვენი ფიქრებისა და გრძნობების შესახებ საუბარი. w19.12 19 ¶11, 13, 14
ხუთშაბათი, 30 სექტემბერი
მოგეტევათ ცოდვები (1 იოან. 2:12).
მართლაც რომ უდიდეს ნუგეშს გვგვრის ამის ცოდნა! იესო, როგორც ღვთის სამეფოს მეფე, გამოასწორებს სატანისა და მისი ქვეყნიერების მიერ გამოწვეულ ყველა ზიანს (ეს. 65:17; 1 იოან. 3:8; გამოცხ. 21:3, 4). სწორედ ეს იმედი გვაძლევს ძალას! მიუხედავად იმისა, რომ იესომ რთული დავალება მოგვცა, ის ჩვენ გვერდით იქნება და მხარს დაგვიჭერს ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე (მათ. 28:19, 20). ეს დაპირება გამბედაობას გვმატებს! სწორედ ნუგეში, იმედი და გაბედულება გვჭირდება, რომ შინაგანი სიმშვიდე არ დავკარგოთ. ასე რომ, როგორ შეგიძლიათ შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება, როცა პრობლემები წონასწორობას გაკარგვინებთ? მიჰბაძეთ იესოს. პირველი, უკიდურესად მძიმე წუთებშიც კი ნუ შეწყვეტთ ლოცვას. მეორე, დაემორჩილეთ იეჰოვას და გულმოდგინედ იქადაგეთ მაშინაც კი, როცა გიჭირთ ამის გაკეთება. და მესამე, გასაჭირის დროს დახმარებისთვის მეგობრებს მიმართეთ. ასეთ შემთხვევაში ღვთის მშვიდობა დაიცავს თქვენს გულსა და გონებას (ფილ. 4:6, 7). შედეგად, იესოს მსგავსად თქვენც სძლევთ ნებისმიერ განსაცდელს! (იოან. 16:33). w19.04 13 ¶16, 17