ნოემბერი
ორშაბათი, 1 ნოემბერი
სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად ჩათვალეთ (ფილ. 2:3).
დღეს ბევრი, რომელთაც ქვეყნიერებაში განათლებულ ადამიანებად მიიჩნევენ, საკუთარი თავის სიყვარულთან დაკავშირებულ ბიბლიურ რჩევებს სისულელედ თვლის. მათი აზრით, თუ სხვებს საკუთარ თავზე აღმატებულად ჩათვლი, ადვილად დაგჩაგრავენ და გამოგიყენებენ. მაგრამ დაფიქრდით, სინამდვილეში რას იმკიან ისინი, ვინც სატანის ქვეყნიერებაში გავრცელებულ თვალსაზრისს იზიარებენ. არიან ეგოისტი ადამიანები ბედნიერები? აქვთ მათ ბედნიერი ოჯახები და ჰყავთ ნამდვილი მეგობრები? აქვთ ღმერთთან ახლო ურთიერთობა? ქვეყნიური სიბრძნის გათვალისწინებას უფრო კარგი შედეგები მოაქვს თუ ბიბლიური სიბრძნის თანახმად ცხოვრებას? (1 კორ. 3:19). ისინი, ვინც ქვეყნიერების თვალში ბრძენი და განათლებული ადამიანების რჩევებს ითვალისწინებენ, ჰგვანან გზააბნეულ ტურისტებს, რომლებიც ერთმანეთს ეკითხებიან გზას. იესომ იმ დროში მცხოვრებ ეგრეთ წოდებულ ბრძენებზე თქვა: „ბრმა მეგზურები არიან. თუ ბრმას ბრმა მიუძღვის, ორივე ორმოში ჩავარდება“ (მათ. 15:14). აშკარაა, რომ ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის. w19.05 24, 25 ¶14—16
სამშაბათი, 2 ნოემბერი
შეკრებენ მის რჩეულებს (მათ. 24:31).
ბოლო წლებში გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიმღებთა რიცხვი იზრდება. უნდა გვაღელვებდეს ეს ფაქტი? არავითარ შემთხვევაში! „იეჰოვა იცნობს თავისას“ (2 ტიმ. 2:19). იეჰოვასგან განსხვავებით ძმებს, რომლებიც გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიმღებთა რაოდენობას ითვლიან, არ შეუძლიათ იმის განსაზღვრა, სინამდვილეში ვის აქვს ზეციური მოწოდება. სიმბოლოების მიმღებთა რიცხვში შესაძლოა ის ქრისტიანებიც შედიოდნენ, რომლებიც შეცდომით ასკვნიან, რომ ცხებულები არიან. მაგალითად, არიან ისეთებიც, ვინც სიმბოლოების მიღება დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით შეწყვიტა. ზოგს კი შესაძლოა ფსიქიკური და ემოციური პრობლემების გამო ჰგონია, რომ ქრისტეს თანამმართველი იქნება ზეცაში. მაშასადამე, შეუძლებელია დედამიწაზე დარჩენილ ცხებულთა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა. დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ჯერ კიდევ იქნებიან ცხებულები, როცა იესო მოვა და მათ ზეცაში წაიყვანს. ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ ბოლო დღეებში დედამიწაზე ცხებულთა მხოლოდ მცირე რაოდენობა იქნებოდა დარჩენილი (გამოცხ. 12:17). თუმცა ბიბლიაში არსად წერია, რამდენი ცხებული იქნება დედამიწაზე „დიდი გასაჭირის“ დაწყებისას. w20.01 29, 30 ¶11—13
ოთხშაბათი, 3 ნოემბერი
ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა (იოან. 3:16).
იეჰოვას მამობრივ სიყვარულს კარგად აღწერს იესოს იგავი, რომელიც გზასაცდენილი შვილის დაბრუნებას ეხება (ლუკ. 15:11—32). ამ იგავში მოხსენიებულ მამას არასოდეს დაუკარგავს იმედი, რომ ერთ დღესაც თავისი ვაჟი დაუბრუნდებოდა. როცა ეს დღე დადგა, მამამ ის უდიდესი სიხარულით მიიღო. თუ ჩამოვშორდით იეჰოვას, მაგრამ ვნანობთ ჩვენს საქციელს, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი მოსიყვარულე მამა მზად არის, კვლავ მიგვიღოს თავის ოჯახში. ჩვენი ზეციერი მამა ადამის ცოდვის შედეგად გამოწვეულ ყოველგვარ ზიანს აგვინაზღაურებს. პირველი წყვილის ურჩობის შემდეგ იეჰოვამ განიზრახა, დედამიწიდან 144 000 ადამიანი თავის ზეციერ ოჯახში შვილებად მიეღო, რომლებიც იესოსთან ერთად მეფეებად და მღვდლებად იმსახურებენ. ახალ ქვეყნიერებაში იესო და მისი თანამმართველები მორჩილ ადამიანებს სრულყოფილებამდე მიიყვანენ. საბოლოო გამოცდის შემდეგ კი ღმერთი ადამიანებს მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს. ზეციერ მამას უდიდეს კმაყოფილებას მოჰგვრის იმის ხილვა, თუ როგორ აივსება დედამიწა სრულყოფილი ადამიანებით. წინ მართლაც დიდებული მომავალი გველის! w20.02 6, 7 ¶17—19
ხუთშაბათი, 4 ნოემბერი
შეიცვალეთ აზროვნება (ეფეს. 4:23).
თითოეულმა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: „მხოლოდ ზედაპირული ცვლილებები მოვახდინე, რომ ღვთის მსახური გავმხდარიყავი, თუ შინაგანადაც შევიცვალე?“. ამ ორს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. მათეს 12:43—45-ში იესომ დაგვანახვა, რის გაკეთება გვმართებს. მისი სიტყვები ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას უსვამს ხაზს: საკმარისი არ არის, მხოლოდ მოვიშოროთ არასწორი აზრები; აუცილებელია, რომ გონება ღვთიური აზრებით ავივსოთ. შესაძლებელია შინაგანი პიროვნების გარდაქმნა? ბიბლია გვპასუხობს: „[შეიმოსეთ] ახალი პიროვნება, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით“ (ეფეს. 4:24). დიახ, შინაგანი პიროვნების შეცვლა შესაძლებელია, თუმცა ადვილი არ არის. პიროვნების გარდაქმნაში არასწორი სურვილების გაკონტროლებასა და ცუდი საქმეებისგან თავის შეკავებაზე მეტი იგულისხმება. საჭიროა, რომ გონების აღმძვრელი ძალა განვიახლოთ, რაშიც ჩვენი სურვილები, მიდრეკილებები და მოტივები იგულისხმება. ასეთი ცვლილებების მოხდენა მუდმივი პროცესია. w19.06 9, 10 ¶6, 7
პარასკევი, 5 ნოემბერი
უნდა გავანადგუროთ აქაურობა (დაბ. 19:13).
იეჰოვამ ანგელოზები გაგზავნა, რათა ლოტი და მისი ოჯახი ეხსნათ. მაგრამ ლოტი აყოვნებდა სოდომის დატოვებას. ამიტომ ანგელოზებმა ხელი ჩაჰკიდეს მას და ოჯახთან ერთად ქალაქიდან გაიყვანეს (დაბ. 19:15, 16). შემდეგ ანგელოზებმა ლოტს მთებში გაქცევა უბრძანეს, თუმცა იმის მაგივრად, რომ მითითებას დამორჩილებოდა, ლოტმა ახლომდებარე ქალაქში გაქცევა ითხოვა (დაბ. 19:17—20). იეჰოვამ მოთმინებით მოუსმინა ლოტს და მის მიერ შეთავაზებულ ქალაქში გაქცევის ნება დართო. თუმცა მოგვიანებით მას შეეშინდა იმ ქალაქში ცხოვრების და მთიან მხარეში დასახლდა. ეს სწორედ ის ადგილი იყო, რომელზეც იეჰოვამ თავიდანვე მიუთითა (დაბ. 19:30). იეჰოვას მხრიდან მოთმინების გამოვლენის რა შესანიშნავი მაგალითია! ლოტის მსგავსად არასწორი გადაწყვეტილების გამო შეიძლება ჩვენი სულიერი ოჯახის წევრიც გაეხვიოს სერიოზულ პრობლემებში. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? შეიძლება ცდუნების წინაშე დავდგეთ, რომ სიმართლე მივახალოთ და ვუთხრათ, რომ ის მოიმკა, რაც დათესა (გალ. 6:7). თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ისევე მოვექცევით მას, როგორც იეჰოვა მოექცა ლოტს. w19.06 20, 21 ¶3—5
შაბათი, 6 ნოემბერი
იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება (ებრ. 13:6).
აკრძალვის დროს ჩვენი მტრების მიზანია, დაგვაშინონ და ღვთის მსახურებაზე უარი გვათქმევინონ. მათ შეიძლება ცრუ ინფორმაცია გაავრცელონ ჩვენზე, სახლები გაგვიჩხრიკონ, სასამართლოში გვიჩივლონ ან დაგვაპატიმრონ კიდეც. ისინი იმედოვნებენ, რომ ზოგიერთი ჩვენგანის დაპატიმრებით სხვა მოწმეებსაც დააშინებენ. თუ ისინი საწადელს მიაღწევენ და ჩვენში შიშს ჩანერგავენ, შეიძლება საკუთარი ნებით „ავიკრძალოთ“ ღვთის მსახურება. ჩვენ არ გვინდა, რომ ლევიანების 26:36, 37-ში მოხსენიებულ ადამიანებს დავემსგავსოთ. შიშს არ დავრთავთ ნებას, რომ შეგვანელებინოს ან საერთოდ შეგვაწყვეტინოს ღვთის მსახურება. ჩვენ სრულად ვენდობით იეჰოვას, ამიტომ პანიკაში არ ვცვივდებით (ეს. 28:16). ლოცვაში ვთხოვთ ღმერთს ხელმძღვანელობას. დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვას მხარდაჭერით ძლევამოსილი მთავრობებიც კი ვერ შეგვაწყვეტინებენ მის თაყვანისცემას. ხშირად წინააღმდეგობა კი არ გვაფრთხობს, არამედ იეჰოვასადმი მსახურების სურვილს გვიძლიერებს. w19.07 9, 10 ¶6, 7
კვირა, 7 ნოემბერი
იქადაგე ღვთის სიტყვა (2 ტიმ. 4:2).
თუ ჯერ ვერავინ იპოვეთ, ვისაც ბიბლიას შეასწავლიდით, იმედს ნუ დაკარგავთ და ძებნას ნუ შეწყვეტთ. გაიხსენეთ, რომ მოწაფეების მომზადების საქმე იესომ თევზაობას შეადარა. მეთევზეებს თევზის დასაჭერად შეიძლება არაერთი საათი დასჭირდეთ. ისინი ხშირად გვიან ღამით ან დილაადრიან მიდიან სათევზაოდ; ზოგჯერ მათ ზღვაში საკმაოდ ღრმადაც კი უწევთ შესვლა (ლუკ. 5:5). მსგავსად, ზოგი მაუწყებელი სხვადასხვა დროსა თუ ადგილას მოთმინებით ეძებს ჭეშმარიტების მოსასმენად განწყობილებს, რასაც არაერთ საათს უთმობს. მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს უქადაგონ. ხშირად მათი ძალისხმევა ჯილდოვდება, რადგან ბიბლიური ცნობით დაინტერესებულ ადამიანებს პოულობენ. შეგიძლიათ იმ დროს იქადაგოთ, როცა უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით ან ისეთ ადგილას იმსახუროთ, სადაც მეტი ხალხი ტრიალებს? რატომ გვჭირდება მოთმინება, როცა ბიბლიის შესწავლებს ვატარებთ? ჩვენ გვინდა, რომ შემსწავლელმა არა მხოლოდ მიიღოს ბიბლიური ცოდნა და დააფასოს ძირითადი სწავლებები, არამედ გაიცნოს ბიბლიის ავტორი, იეჰოვა ღმერთი, და შეიყვაროს ის. w19.07 18, 19 ¶14, 15
ორშაბათი, 8 ნოემბერი
ვივიწყებ იმას, რაც უკან დარჩა (ფილ. 3:13).
შესაძლოა წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო დანაშაულის გრძნობას ვებრძვით. კარგი იქნება, თუ პირადი შესწავლის დროს უფრო საფუძვლიანად გამოვიკვლევთ და ღრმად დავფიქრდებით ქრისტეს გამოსასყიდზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს იმედს გვისახავს. ამ საკითხის სიღრმისეული გამოკვლევა, მასზე ფიქრი და ლოცვა დაგვეხმარება, გავთავისუფლდეთ დანაშაულის გრძნობისგან და აღარ დავსაჯოთ საკუთარი თავი იმ ცოდვების გამო, რომლებიც უკვე გვაპატია იეჰოვამ. დავფიქრდეთ, კიდევ რის სწავლა შეგვიძლია პავლესგან. ზოგმა შეიძლება მაღალანაზღაურებად სამსახურზე თქვა უარი, რათა სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დაეყენებინა. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, შეგიძლიათ დაივიწყოთ ყველაფერი, „რაც უკან დარჩა“, ანუ სინანულით არ გაიხსენოთ, რომ გამდიდრების შესაძლებლობა ხელიდან გაუშვით? (რიცხ. 11:4—6; ეკლ. 7:10). ფრაზა „რაც უკან დარჩა“, შეიძლება აგრეთვე გულისხმობდეს იეჰოვასთვის გაკეთებულ საქმეებს ან განსაცდელებს, რომლებიც მოთმინებით ავიტანეთ. ცხადია, იმის გახსენება, რომ მაშინ იეჰოვამ მხარდაჭერა აღმოგვიჩინა და დიდად გვაკურთხა, უფრო გვაახლოებს ზეციერ მამასთან. თუმცა თვითკმაყოფილები არ უნდა ვიყოთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ უკვე საკმარისად გავისარჯეთ ღვთისთვის (1 კორ. 15:58). w19.08 3 ¶5, 6
სამშაბათი, 9 ნოემბერი
განუწყვეტლივ ილოცეთ! (1 თეს. 5:17)
ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია ღმერთს ლოცვით მივმართოთ. ის ყოველთვის გამონახავს დროს, რომ ყურადღებით მოგვისმინოს. იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვა ისმენს ჩვენს ლოცვებს, მისადმი სიყვარულს გვიღრმავებს. ფსალმუნმომღერალმა თქვა: „სიყვარულით ვივსები, რადგან იეჰოვა ისმენს ჩემს ხმას“ (ფსალმ. 116:1). ჩვენი ზეციერი მამა არა მხოლოდ ისმენს ჩვენს ლოცვებს, არამედ გვპასუხობს კიდეც. მოციქული იოანე გვარწმუნებს: „რაც უნდა ვთხოვოთ [ღმერთს] მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოან. 5:14, 15). თუმცა შესაძლებელია, იეჰოვამ ისე არ გვიპასუხოს ლოცვაზე, როგორც ამას ჩვენ მოველით. მან იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო, ამიტომ ზოგჯერ სათხოვარზე უარს „გვეუბნება“, ზოგჯერ კი უბრალოდ უნდა დაველოდოთ მის პასუხს (2 კორ. 12:7—9). იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე. ის მამებისგან მოითხოვს, რომ იზრუნონ ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე და თავადაც ამავე პრინციპით მოქმედებს (1 ტიმ. 5:8). იეჰოვა ზრუნავს თავისი შვილების ფიზიკურ საჭიროებებზე. მას არ სურს, ზედმეტად ვდარდობდეთ საჭმელზე, ტანსაცმელზე და თავშესაფარზე (მათ. 6:32, 33; 7:11). როგორც მოსიყვარულე მშობელმა, იეჰოვამ ყველაფერი გააკეთა, რომ ბედნიერი მომავალი გვქონდეს. w20.02 5 ¶10—12
ოთხშაბათი, 10 ნოემბერი
იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი (იოან. 10:16).
ყველა, ვისაც ზეციური მოწოდება აქვს, არ არის „ერთგული და გონიერი მონა“ (მათ. 24:45—47). როგორც პირველ საუკუნეში, ისე დღეს, იეჰოვა და იესო ერთეულთა ხელით აპურებენ ანუ ასწავლიან მრავალს. პირველ საუკუნეში ღმერთმა რამდენიმე ცხებული ქრისტიანი გამოიყენა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დასაწერად. დღესაც, ცხებულ ქრისტიანთა მხოლოდ მცირე ნაწილია პასუხისმგებელი, რომ ღვთის ხალხს დროულად ჰქონდეს სულიერი საზრდო. იეჰოვა თავისი მსახურების უმრავლესობას დედამიწაზე მარადიულ სიცოცხლეს, ხოლო მცირე ნაწილს იესოსთან ერთად ზეცაში მმართველობის პატივს უბოძებს. იეჰოვა ყველა თავის მსახურს დააჯილდოებს — „იუდეველსაც“ და „ათ კაცსაც“ (ზაქ. 8:23). ის ორივე ჯგუფისგან ერთნაირად მოითხოვს თავისი კანონების მორჩილებას, ერთგულებასა და თავმდაბლობას. გარდა ამისა, ყველა გაერთიანებულად უნდა ვცემდეთ თაყვანს ღმერთს და კრებაში მშვიდობის შენარჩუნებას უნდა ვუწყობდეთ ხელს. რაც უფრო ვუახლოვდებით ამ ქვეყნიერების აღსასრულს, მით უფრო უნდა ვეცადოთ, რომ ერთგულად ვემსახუროთ ღმერთს და ფეხდაფეხ მივყვეთ ქრისტეს, როგორც „ერთი სამწყსო“. w20.01 31 ¶15, 16
ხუთშაბათი, 11 ნოემბერი
თუ ისინი სიტყვას არ ემორჩილებიან, უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი . . . როცა დაინახავენ თქვენს კარგ საქმეებს და მათდამი გამოვლენილ დიდ პატივისცემას (1 პეტ. 3:1, 2).
სასიხარულო ცნობის მოსმენის სურვილს ძალით ვერავის გავუჩენთ, მათ შორის ვერც ოჯახის წევრებს. თუმცა შეგვიძლია მათ ბიბლიური ცნობის მიმართ ინტერესი გავუღვივოთ (2 ტიმ. 3:14, 15). მიეცით კარგი მაგალითი. ხშირად ჩვენი საქციელი უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ოჯახის წევრებზე, ვიდრე ჩვენი სიტყვები. არ შეწყვიტოთ ოჯახის წევრების დახმარება. იეჰოვა ამ მხრივ ჩვენთვის კარგი მაგალითია. ის არაერთხელ აძლევს ადამიანს სასიხარულო ცნობის მოსმენისა და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას (იერ. 44:4). მოციქულმა პავლემ ტიმოთეს ურჩია, რომ სხვების დახმარება არ შეეწყვიტა, რადგან ასე საკუთარ თავსაც იხსნიდა და მსმენელსაც (1 ტიმ. 4:16). ჩვენ გვიყვარს ოჯახის წევრები, ამიტომ გვსურს, რომ მათაც გაიგონ ბიბლიური ჭეშმარიტება. w19.08 14 ¶2; 16, 17 ¶8, 9
პარასკევი, 12 ნოემბერი
ფარულ სიყვარულს აშკარა შეგონება სჯობია (იგავ. 27:5).
ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: თუ ვინმე დროს გამოყოფს იმისთვის, რომ რჩევა მოგვცეს, ესე იგი, იმაზე სერიოზული შეცდომა დავუშვით, ვიდრე ვფიქრობთ. როცა რჩევას გვაძლევენ, თავიდან შეიძლება თავის მართლება დავიწყოთ, მრჩეველი გავაკრიტიკოთ ან რჩევის მოცემის მანერა დავიწუნოთ. სწორედ თავმდაბლობა დაგვეხმარება, რომ მსგავს სიტუაციაში სწორი განწყობა შევინარჩუნოთ. თავმდაბალი ადამიანი მადლიერია რჩევისთვის. წარმოიდგინეთ, რომ სამეფო დარბაზში თანაქრისტიანებს ესაუბრებით. ამ დროს ერთ-ერთმა მათგანმა გვერდით გაგიყვანათ და გითხრათ, რომ კბილებში საჭმლის ნარჩენი გაქვთ. შეიძლება თავი უხერხულად იგრძნოთ, თუმცა მადლიერი იქნებით მისი. ალბათ, ისურვებდით, რომ ვინმეს უფრო ადრე ეთქვა ამის შესახებ. მსგავსი განწყობა უნდა გვქონდეს, როცა რჩევას გვაძლევენ. თავმდაბლად უნდა მივიღოთ რჩევა და მადლიერება გამოვავლინოთ იმ თანაქრისტიანის მიმართ, რომელსაც გაბედულება ეყო, რომ ჩვენთვის საჭირო რჩევა მოეცა. ეს ადამიანი მტრად კი არა, მეგობრად უნდა მივიჩნიოთ (იგავ. 27:6; გალ. 4:16). w19.09 5 ¶11, 12
შაბათი, 13 ნოემბერი
შვილო, დაიცავი მამაშენის მცნება და დედაშენის რჩევას ნუ წაუყრუებ (იგავ. 6:20).
იეჰოვამ დედებს ოჯახში საპატიო როლი და შვილებზე გარკვეული ძალაუფლება მიანიჭა. დედის გავლენა შვილზე ღრმა კვალს ტოვებს, რომელიც მთელი ცხოვრება მიჰყვება (იგავ. 22:6). დავფიქრდეთ, რა მხრივ აძლევს დედებს კარგ მაგალითს იესოს დედა, მარიამი? მარიამმა კარგად იცოდა წმინდა წერილები. ის მოწიწებით იყო გამსჭვალული იეჰოვას მიმართ და მასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. მარიამი სიხარულით დაემორჩილა იეჰოვას მიუხედავად იმისა, რომ ეს მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლიდა (ლუკ. 1:35—38, 46—55). დედებო, თქვენ ბევრ რამეში შეგიძლიათ მიჰბაძოთ მარიამს. რა დაგეხმარებათ ამაში? პირველი, ბიბლიის პირადი შესწავლისა და ლოცვის მეშვეობით შეინარჩუნეთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა. და მეორე, მზად იყავით ცხოვრებაში ცვლილებების მოსახდენად, რათა იეჰოვას მოსაწონად მოიქცეთ. w19.09 18 ¶17—19
კვირა, 14 ნოემბერი
დავინახე უამრავი ხალხი (გამოცხ. 7:9).
მოციქულმა იოანემ ამაღელვებელი ხილვა ნახა, რასაც წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა. ხილვაში ანგელოზებმა ბრძანება მიიღეს, შეეკავებინათ დიდი გასაჭირის გამანადგურებელი ქარები, სანამ ღვთის მონებს საბოლოო ბეჭედი არ დაესმებოდათ (გამოცხ. 7:1—3). ეს ჯგუფი 144 000 სულითცხებულისგან შედგება, რომლებიც იესოსთან ერთად იმეფებენ ზეცაში (ლუკ. 12:32; გამოცხ. 7:4). შემდეგ იოანე მოიხსენიებს სხვა, უფრო მრავალრიცხოვან ჯგუფს, და ამბობს: „ამის შემდეგ გავიხედე და, აი, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან, იდგნენ ტახტისა და კრავის წინ“ (გამოცხ. 7:9—14). წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებდა იოანეს იმის დანახვა, რომ მომავალში ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ურიცხვი ადამიანი შეუერთდებოდა! ცხადია, ნანახი მოციქულს რწმენას განუმტკიცებდა. მისი ხილვა დღეს მცხოვრები ღვთის მსახურებისთვის განსაკუთრებით გამამხნევებელია, რადგან ჩვენს დროს ეხება. დღეს მილიონობით ადამიანი ემსახურება იეჰოვას. ისინი იმედოვნებენ, რომ გადაურჩებიან დიდ გასაჭირს და დედამიწაზე მარადიულად იცხოვრებენ. w19.09 26 ¶2, 3
ორშაბათი, 15 ნოემბერი
დაატყდებათ თავს მოულოდნელი განადგურება, . . და თავს ვერ დააღწევენ (1 თეს. 5:3).
წარმოიდგინეთ დღე, როდესაც ერები ნაწინასწარმეტყველებ „მშვიდობასა და უსაფრთხოებას“ გამოაცხადებენ. პოლიტიკური ლიდერები, ალბათ, დაიკვეხნიან, რომ მსოფლიო ასეთი უსაფრთხო არასდროს ყოფილა. ისინი შეეცდებიან დაგვაჯერონ, რომ მთელ მსოფლიოში აკონტროლებენ სიტუაციას. სინამდვილეში კი სრულიად უსუსურები აღმოჩნდებიან იმ მოვლენების წინაშე, რომლებიც მალე განვითარდება. „დიდი ბაბილონი“ განადგურდება! (გამოცხ. 17:5, 15—18). ღმერთი „მათ გულებში . . . [ჩაუდებს], რომ განახორციელონ მისი აზრი“, ანუ გაანადგურონ ცრუ რელიგია, მათ შორის ქრისტიანული სამყარო. ღმერთი თავის აზრს ჩაუდებს გულში „ალისფერი მხეცის“ „ათ რქას“. „ათი რქა“ ყველა პოლიტიკურ ძალას განასახიერებს, რომელიც ზურგს უმაგრებს მხეცს — გაერთიანებული ერების ორგანიზაციას (გამოცხ. 17:3, 11—13; 18:8). პოლიტიკური ძალების ცრუ რელიგიაზე თავდასხმა დიდი „გასაჭირის დაწყების“ ნიშანი იქნება. ეს მართლაც მოულოდნელი და თავზარდამცემი აღმოჩნდება მთელი მსოფლიოსთვის. w19.10 14 ¶1, 3
სამშაბათი, 16 ნოემბერი
პირველობის მოყვარული დიოტრეფე ჩვენს ნათქვამს უპატივცემულოდ ეკიდება (3 იოან. 9).
დიოტრეფეს შეშურდა იმ ძმების, რომლებიც პირველ საუკუნეში ქრისტიანულ კრებას ხელმძღვანელობდნენ. მას კრებაში პირველობა სურდა, ამიტომ „ბოროტ ხმებს“ ავრცელებდა, რათა მოციქული იოანესა და სხვა პასუხისმგებელი ძმების რეპუტაცია შეელახა (3 იოან. 10). ალბათ დიოტრეფესავით შორს არ შევტოპავთ, მაგრამ შეიძლება შეგვშურდეს თანაქრისტიანის, რომელმაც ის დავალება ან პასუხისმგებლობა მიიღო, რისი მიღების იმედიც ჩვენ გვქონდა. ასეთი გრძნობა განსაკუთრებით მაშინ შეიძლება გაგვიჩნდეს, თუ ვფიქრობთ, რომ ჩვენ უფრო უკეთ გავართმევდით თავს ამ დავალებას ან პასუხისმგებლობას. შური შეიძლება შხამიან სარეველას შევადაროთ. თუ ის ჩვენს გულში ფესვს გაიდგამს, მისი ამოძირკვა გაგვიჭირდება. სიამაყე, ეგოიზმი და მეტოქეობა ხელს უწყობს შურის განვითარებას. ეს კი, თავის მხრივ, აშთობს ისეთ კარგ თვისებებს, როგორიცაა სიყვარული, თანაგრძნობა და სიკეთე. როგორც კი შევნიშნავთ, რომ შურის მარცვალი ჩვენს გულში გაღვივებას იწყებს, მაშინვე უნდა ამოვძირკვოთ ის. w20.02 15 ¶6, 7
ოთხშაბათი, 17 ნოემბერი
სხეულში ეკალი მომეცა (2 კორ. 12:7).
მოციქულ პავლეს იმის თქმა უნდოდა, რომ მისი პრობლემა მტკივნეული ასატანი იყო. მან თავის განსაცდელს „სატანის ანგელოზი“ უწოდა, რომელიც „სახეში ურტყამდა“. შეიძლება უშუალოდ სატანა ან მისი დემონები არ იყვნენ პავლეს პრობლემის მიზეზი, მაგრამ ისინი ცდილობდნენ, ეს ეკალი უფრო ღრმად ჩაესოთ მის სხეულში, ანუ უფრო მეტი ტკივილი მიეყენებინათ მისთვის. როგორ მოიქცა პავლე? თავიდან პავლე იეჰოვას ეკლის მოშორებას სთხოვდა. მან თქვა: „სამჯერ შევევედრე უფალს [იეჰოვას], რომ მოეშორებინა იგი“. არაერთი თხოვნის მიუხედავად პავლეს ეკალი არ მოშორებია. ნიშნავს ეს იმას, რომ იეჰოვამ უპასუხოდ დატოვა მისი ლოცვები? რა თქმა უნდა, არა. ღმერთმა შეისმინა მისი სათხოვარი, თუმცა პრობლემა არ მოუცილებია. მან პავლეს ამ პრობლემასთან გამკლავების ძალა მისცა. იეჰოვამ უთხრა მას: „სისუსტეში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“ (2 კორ. 12:8, 9). ღვთის დახმარებით პავლემ სიხარული და შინაგანი სიმშვიდე შეინარჩუნა (ფილ. 4:4—7). w19.11 9 ¶4, 5
ხუთშაბათი, 18 ნოემბერი
იეჰოვა არ იწყნარებს ორგულობას (ნაუმ. 1:2).
იეჰოვა განსაკუთრებულ ერთგულებას იმსახურებს, რადგან ის შემოქმედი და სიცოცხლის მბოძებელია (გამოცხ. 4:11). მაგრამ მისადმი ერთგულებაში შეიძლება ბევრმა რამემ შეგვიშალოს ხელი. ჩვენ გვიყვარს ღმერთი და პატივს მივაგებთ მას, თუმცა შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ჩვენს ცხოვრებაში სხვა რამემ დაიკავოს უმთავრესი ადგილი და განსაკუთრებულად ვეღარ ვუერთგულოთ მას. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთისადმი ერთგულებისკენ მისადმი ძლიერი სიყვარული აღგვძრავს. იეჰოვასადმი განსაკუთრებულ ერთგულებას ვავლენთ, როცა მხოლოდ მას ვცემთ თაყვანს და არავის და არაფერს ვაძლევთ უფლებას, ჩვენს გულში მისი ადგილი დაიკავოს (გამ. 20:5). ჩვენ იეჰოვასადმი ერთგულებას გაუაზრებლად არ ვავლენთ. რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ რომ კარგად ვიცნობთ ღმერთს, გვაოცებს მისი შესანიშნავი თვისებები, ვიზიარებთ მის შეხედულებას კარგსა და ცუდზე, ვიცით მისი განზრახვა კაცობრიობასთან მიმართებით და ვცხოვრობთ ბიბლიური ნორმების თანახმად. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ შეგვიძლია დავუმეგობრდეთ ღმერთს (ფსალმ. 25:14). რაც უფრო მეტს ვიგებთ შემოქმედის შესახებ, მით უფრო ვუახლოვდებით მას (იაკ. 4:8). w19.10 26 ¶1—3
პარასკევი, 19 ნოემბერი
ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა (იგავ. 17:17).
დღეს ჩვენი და-ძმები ათასგვარ გასაჭირს ხვდებიან. მაგალითად, ბევრი მათგანი სტიქიის შედეგად დაზარალდა ან ადამიანთა მიერ გამოწვეული უბედურებების მსხვერპლი გახდა. ასეთ დროს ზოგი ჩვენგანი თანაქრისტიანებს საკუთარი სახლის კარს უღებს, ზოგიც ფინანსურად ეხმარება. ასეთი დახმარება შეიძლება ყველამ ვერ გავუწიოთ, მაგრამ მათთვის ლოცვა თითოეულს შეგვიძლია. გულგატეხილი თანაქრისტიანის დახმარებას იმ შემთხვევაშიც შევძლებთ, თუ არ ვიცით, რა გავაკეთოთ ან რით ვანუგეშოთ ის. მაგალითად, კარგი იქნება, თუ დროს გამოვუყოფთ მას და თანაგრძნობით მოვუსმენთ, როცა საწუხარს გვიზიარებს. გარდა ამისა, შეგვიძლია ჩვენი საყვარელი ბიბლიური მუხლი წავუკითხოთ (ეს. 50:4). ყველაზე მთავარი ის არის, რომ გასაჭირში ჩვენი და-ძმების გვერდით ვიყოთ. გვინდა, დღესვე განვივითაროთ და შევინარჩუნოთ ახლო ურთიერთობა და-ძმებთან. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მეგობრობა არა მხოლოდ ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე, არამედ მარადიულად გასტანს! w19.11 7 ¶18, 19
შაბათი, 20 ნოემბერი
ეს არის კანონი სამშვიდობო მსხვერპლზე, რომელსაც იეჰოვასთან მიიტანენ (ლევ. 7:11).
ეს იყო ნებაყოფლობითი შესაწირავი, რომელსაც ისრაელები იეჰოვას სიყვარულიდან გამომდინარე სწირავდნენ. შემწირველი, მისი ოჯახი და მღვდლები შეწირული ცხოველის ხორცს ჭამდნენ, მის ზოგიერთ ნაწილს კი მხოლოდ იეჰოვას სწირავდნენ. იეჰოვა ცხოველის საუკეთესო ნაწილად ქონს მიიჩნევდა. გარდა ამისა, ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს, მათ შორის თირკმელებს (ლევ. 3:6, 12, 14—16). ამიტომ იეჰოვას ძალიან სიამოვნებდა, როცა ისრაელები ნებაყოფლობით სწირავდნენ ცხოველის ქონსა და მის სასიცოცხლო ორგანოებს. ასეთი მსხვერპლით შემწირველი აჩვენებდა, რომ საუკეთესოს გაღება სურდა იეჰოვასთვის. იესომ ნებაყოფლობით გაიღო საუკეთესო მსხვერპლი ღვთისთვის, რადგან მთელი გულით და სიყვარულით ემსახურებოდა მას (იოან. 14:31). იესოს სიამოვნებას ანიჭებდა მამის ნების შესრულება (ფსალმ. 40:8). წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებდა იეჰოვას იმის დანახვა, რომ იესო ასეთი განწყობით ემსახურებოდა მას! w19.11 22, 23 ¶9, 10
კვირა, 21 ნოემბერი
მეშვიდე დღე კი დასვენების შაბათია. ის წმინდაა იეჰოვასთვის (გამ. 31:15).
ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ ექვსი შემოქმედებითი „დღის“ შემდეგ ღმერთმა დაასრულა დედამიწაზე თავისი საქმე (დაბ. 2:2). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არაფერს აკეთებს. იეჰოვას უყვარს შრომა, რაც იესოს სიტყვებიდანაც გამოჩნდა: „მამაჩემი აქამდე შრომობს“ (იოან. 5:17). წიგნი „დაბადება“ მოგვითხრობს, რომ ღმერთმა მეშვიდე დღეს დაისვენა. მან სწორედ მეშვიდე დღე ანუ შაბათი დააწესა დასვენებისთვის და თქვა, რომ ეს ნიშანი იქნებოდა მასა და ისრაელ ერს შორის (გამ. 31:12—14). კანონის თანახმად ამ დღეს ყველას და ყველაფერს უნდა დაესვენა, მათ შორის ბავშვებს, მონებს და შინაურ ცხოველებსაც კი (გამ. 20:10). ეს ხალხს შესაძლებლობას აძლევდა, რომ სულიერი საკითხებისთვის მეტი დრო დაეთმო. იესოს დროს მცხოვრებმა რელიგიურმა წინამძღოლებმა შაბათის დაცვასთან დაკავშირებით მკაცრი წესები დაადგინეს. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ავადმყოფის განკურნება და თავთავების გლეჯაც კი შაბათის კანონის დარღვევა იყო (მარ. 2:23—27; 3:2—5). იესომ ნათლად დაანახვა თავის მსმენელებს, რომ ეს შეხედულება სრულიად ეწინააღმდეგებოდა ღვთის თვალსაზრისს. w19.12 3, 4 ¶8, 9
ორშაბათი, 22 ნოემბერი
მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც მისმა საყვარელმა შვილებმა (ეფეს. 5:1).
რაც უფრო მეტს გავიგებთ ღვთის თვისებების შესახებ, მით უკეთ შევძლებთ მის მიბაძვას. დავითს იეჰოვას ახლოს გაცნობა დაეხმარა, მის მსგავსად მოპყრობოდა სხვებს. იეჰოვასთან კარგი ურთიერთობის გამო ის ისრაელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მეფე გახდა. იეჰოვა დავითს კარგი მეფის ეტალონად მიიჩნევდა და სხვა მეფეებს მას ადარებდა (1 მეფ. 15:11; 2 მეფ. 14:1—3). რას ვსწავლობთ? უნდა მივბაძოთ ღმერთს. როცა ვცდილობთ, იეჰოვას მოსაწონი თვისებები განვივითაროთ, ცხადვყოფთ, რომ ნამდვილად მისი შვილები ვართ (ეფეს. 4:24). ჩვენ არასოდეს შევწყვეტთ იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღებას (ეკლ. 3:11). თუმცა მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რამდენად დიდ ცოდნას ვფლობთ იეჰოვას შესახებ, არამედ ის, ვიყენებთ თუ არა ამ ცოდნას. როცა ნასწავლის თანახმად ვმოქმედებთ და ვბაძავთ ჩვენს მოსიყვარულე მამას, ის უფრო გვიახლოვდება (იაკ. 4:8). თუ ყველანაირად ვეცდებით, იეჰოვა უკეთ გავიცნოთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის არასოდეს მიგვატოვებს! w19.12 20 ¶20; 21 ¶21, 23
სამშაბათი, 23 ნოემბერი
გული ყველაზე ვერაგია (იერ. 17:9).
იაკობს თავის ვაჟებს შორის გამორჩეულად იოსები უყვარდა. როგორ იმოქმედა ამან იოსების ძმებზე? მათ შურის თვალით დაუწყეს ყურება თავიანთ უმცროს ძმას, რამაც ისინი სიძულვილამდე მიიყვანა. მათ 17 წლის ძმა მონად გაყიდეს და თავიანთი მამა მოატყუეს, რომ მისი საყვარელი ვაჟი ნადირმა დაგლიჯა. შურმა მათ ოჯახში მშვიდობა დაარღვია და იაკობს დიდი ტკივილი მიაყენა (დაბ. 37:3, 4, 27—34). შური საძულველ „ხორცის საქმეებს“ შორის მოიხსენიება, რაც ხელს შეუშლის ადამიანს ღვთის სამეფოს დამკვიდრებაში (გალ. 5:19—21). ხშირ შემთხვევაში სწორედ შურია მტრობის, დავის, რისხვისა და სხვა „მსგავსი საქმეების“ თავიდათავი. იოსების ძმების მაგალითიდან ვხედავთ, როგორ შეიძლება შურმა სხვებთან ურთიერთობა გაგვიფუჭოს და ოჯახში მშვიდობა დაარღვიოს. შესაძლოა იოსების ძმებივით არასდროს მოვიქცეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი გული არასრულყოფილი და ვერაგია. ამიტომ ადვილი შესაძლებელია, სხვების შეგვშურდეს. w20.02 14 ¶1—3
ოთხშაბათი, 24 ნოემბერი
იყავით თავმდაბლები და სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად ჩათვალეთ (ფილ. 2:3).
ერთხელ იეჰოვამ „აიღო მასზე დავანებული სულის ნაწილი“ და ისრაელ უხუცესებს მოაფინა, რომლებიც შეხვედრის კარვის შესასვლელთან იდგნენ. მალევე მოსემ შეიტყო, რომ ღვთის წმინდა სული იმ ორმა მამაკაცმაც მიიღო, რომლებიც შეხვედრის კარავთან არ მისულან და ისინიც აწინასწარმეტყველდნენ. როგორ მოიქცა მოსე, როცა იესო ნავეს ძემ სთხოვა, შეეჩერებინა ეს უხუცესები? მოსეს არ შეშურებია იმ მამაკაცების, რომელთაც იეჰოვას მოწონება დაიმსახურეს. პირიქით, მან თავმდაბლობა გამოავლინა და გაიხარა, რომ მათაც ერგოთ წინასწარმეტყველების პატივი (რიცხ. 11:24—29). რისი სწავლა შეგვიძლია მოსესგან? ზოგჯერ უხუცესებს სთხოვენ, რომ საქმე, რომლის კეთებაც კრებაში ძალიან მოსწონთ, სხვას ასწავლონ. თქვენს შემთხვევაშიც ხომ არ ყოფილა ასე? თუ მოსესავით თავმდაბალი იქნებით, ღირსების გრძნობა არ შეგელახებათ, თუ გთხოვენ, რომ ეს საქმე სხვა ძმას გადააბაროთ და დაეხმაროთ, ახალ დავალებას კარგად გაართვას თავი. პირიქით, ძმის დახმარება სიხარულს მოგანიჭებთ. w20.02 15 ¶9; 17 ¶10, 11
ხუთშაბათი, 25 ნოემბერი
წუხილი კაცს გულს უმძიმებს, ტკბილი სიტყვა კი გულს უხალისებს (იგავ. 12:25).
ავადმყოფობას შეუძლია ემოციურად გაგვანადგუროს. შეიძლება თავს უხერხულად ვგრძნობთ, როცა ჩვენს შეზღუდულ შესაძლებლობებს ამჩნევენ ან როცა სხვებზე ვართ დამოკიდებული. მაშინაც კი, თუ სხვებმა არ იციან ჩვენი ავადმყოფობის შესახებ, შეიძლება უღირსობის გრძნობა დაგვეუფლოს, რადგან უწინდელთან შედარებით ბევრს ვეღარ ვაკეთებთ. ასეთ რთულ დროს იეჰოვა გვამხნევებს და გვანუგეშებს. როგორ აკეთებს ის ამას? ბიბლიაში იეჰოვამ ბევრი გამამხნევებელი აზრი შემოგვინახა, რითაც გვარწმუნებს, რომ ავადმყოფობის მიუხედავად მისთვის ძვირფასები ვართ (ფსალმ. 31:19; 41:3). იეჰოვას შეუძლია თავის სიტყვაში ჩაწერილი აზრების მეშვეობით გაგვიქარვოს ავადმყოფობით გამოწვეული უარყოფითი გრძნობები. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვას ესმის, რისი ატანა გიწევთ. სთხოვეთ ღმერთს, დაგარწმუნოთ, რომ ავადმყოფობის მიუხედავად მისთვის ძვირფასი ხართ. შემდეგ ბიბლიიდან ის გამამხნევებელი ადგილები ამოიკითხეთ, რომლებიც იეჰოვამ თქვენს სანუგეშებლად ჩააწერინა თავის მსახურებს. იფიქრეთ იმ მუხლებზე, საიდანაც ჩანს, რამდენად გაფასებთ იეჰოვა. ამგვარად დაინახავთ, რომ ის სიკეთეს ავლენს თავისი ერთგული მსახურების მიმართ (ფსალმ. 84:11). w20.01 15, 16 ¶9, 10; 17 ¶12
პარასკევი, 26 ნოემბერი
ცუდს კი ნუ მიჰბაძავ, კარგს მიჰბაძე (3 იოან. 11).
ისაკი მდიდარი კაცი იყო, ამიტომ ფილისტიმელებს შეშურდათ მისი (დაბ. 26:12—14). მათ მიწით ამოავსეს ჭები, საიდანაც ისაკი თავის ფარასა და აქლემებს არწყულებდა (დაბ. 26:15, 16, 27). ფილისტიმელების მსგავსად, დღესაც შეიძლება ადამიანს სხვისი ქონების შეშურდეს. შურიან ადამიანს ის სურს, რაც სხვას აქვს და სხვისი მატერიალური კეთილდღეობა არ უხარია. იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს შურდათ იესოსი, რადგან ის ხალხის თვალში დიდ მოწონებას იმსახურებდა (მათ. 7:28, 29). ვინაიდან იესო ღმერთმა გამოგზავნა, ის ჭეშმარიტებას ასწავლიდა ხალხს. მიუხედავად ამისა, რელიგიური წინამძღოლები ბოროტ ხმებს ავრცელებდნენ იესოზე, ცილს სწამებდნენ და ამგვარად ცდილობდნენ მისი რეპუტაციის შელახვას (მარ. 15:10; იოან. 11:47, 48; 12:12, 13, 19). რისი სწავლა შეგვიძლია აქედან? ყველანაირად უნდა ვეცადოთ, არ შეგვშურდეს მათი, ვინც ამა თუ იმ თვისების გამო და-ძმებს განსაკუთრებით უყვართ. პირიქით, უმჯობესი იქნება, თუ მათსავით კარგ თვისებებს გამოვავლენთ (1 კორ. 11:1). w20.02 15 ¶4, 5
შაბათი, 27 ნოემბერი
სიკვდილით უნდა დაისაჯოს (ესთ. 4:11).
მოდი ცოტა ხნით შორეულ წარსულში გადავინაცვლოთ. წარმოიდგინეთ, რომ სპარსეთის სამეფოში ცხოვრობთ და გსურთ, მეფეს ეახლოთ. რა თქმა უნდა, თავში აზრადაც არ მოგივათ, რომ მეფის წინაშე მისი ნებართვის გარეშე წარდგეთ, რადგან ეს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ. რაოდენ მადლიერები ვართ, რომ იეჰოვა სრულებითაც არ ჰგავს სპარსეთის მეფეს. ის ყოველთვის მზად არის ჩვენ მოსასმენად და სურს, თავისუფლად ვესაუბროთ. მართალია, იეჰოვა დიდებული შემოქმედი, ყოვლისშემძლე და უზენაესი ღმერთია, მაგრამ უფლებას გვაძლევს, მამა ვუწოდოთ (მათ. 6:9). სიხარულს გვანიჭებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვას სურს, თბილი და ახლო ურთიერთობა გვქონდეს მასთან. იეჰოვას მართებულად შეგვიძლია მამა ვუწოდოთ, რადგან ის სიცოცხლის წყაროა (ფსალმ. 36:9). ვინაიდან იეჰოვა ჩვენი მამაა, მას უნდა დავემორჩილოთ. თუ მის ნებას შევასრულებთ, შესანიშნავი კურთხევებით დავტკბებით (ებრ. 12:9). ამ კურთხევებს შორის შეგვიძლია მოვიხსენიოთ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა ზეცაში თუ დედამიწაზე. w20.02 2 ¶1—3
კვირა, 28 ნოემბერი
მოწაფეებად მოამზადეთ (მათ. 28:19).
ჩვენი მიზანია, შემსწავლელს სულიერ წინსვლაში დავეხმაროთ (ეფეს. 4:13). როცა ვინმე ბიბლიის შესწავლას იწყებს, ალბათ, ყველაზე მეტად აინტერესებს, რა სიკეთეს მოუტანს პირადად მას ჭეშმარიტების გაგება. მაგრამ, როდესაც იეჰოვასადმი სიყვარული გაუღრმავდება, ის, ალბათ, იმაზე დაიწყებს ფიქრს, როგორ დაეხმაროს სხვებს, მათ შორის კრებაში თანაქრისტიანებს (მათ. 22:37—39). როდესაც შესაფერისი დრო დადგება, თავს ნუ შეიკავებთ იმის თქმისგან, რომ გვაქვს პატივი, სამეფოს საქმეს ფინანსურად დავუჭიროთ მხარი. მოამზადეთ ბიბლიის შემსწავლელი პრობლემებთან გასამკლავებლად. დავუშვათ, თქვენი შემსწავლელი, რომელიც მოუნათლავი მაუწყებელი გახდა, გეუბნებათ, რომ კრებაში ვიღაცამ აწყენინა. ნაცვლად იმისა, რომ რომელიმეს მხარე დაიკავოთ, დაანახვეთ, როგორ უნდა მოიქცეს ბიბლიური პრინციპების თანახმად. მას შეუძლია აპატიოს თანაქრისტიანს და დაივიწყოს მომხდარი. მაგრამ, თუ ამის გაკეთება უჭირს, უმჯობესია, მივიდეს და თბილად დაელაპარაკოს, რათა მასთან ურთიერთობა აღადგინოს (შეადარეთ მათეს 18:15). დაეხმარეთ ბიბლიის შემსწავლელს, წინასწარ დაფიქრდეს, რისი თქმა აჯობებს უთანხმოების მოსაგვარებლად. w20.01 5, 6 ¶14, 15
ორშაბათი, 29 ნოემბერი
ვაღიარე ცოდვა შენ წინაშე და დანაშაული არ დამიფარავს . . . შენც მაპატიე ჩემი ცოდვა და დანაშაული (ფსალმ. 32:5).
როგორ შეგიძლიათ გამოხატოთ მადლიერება იეჰოვას მიმართ, რომელიც მიმტევებელი ღმერთია? მნიშვნელოვანია, ლოცვაში პატიება ითხოვოთ, დაემორჩილოთ მის აღმზრდელობით ზომებს და ყველანაირად ეცადოთ, აღარ გაიმეოროთ დაშვებული შეცდომა. თუ ასე მოიქცევით, კვლავ იგრძნობთ შინაგან სიმშვიდეს. გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ „იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“ (ფსალმ. 34:18). რაც დროს გადის და ვუახლოვდებით ქვეყნიერების აღსასრულს, პრობლემებიც მატულობს და სადარდებელიც გვემატება. თუ მშფოთვარე ფიქრები მოგეძალებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ იეჰოვას დახმარებისთვის. გულმოდგინედ შეისწავლეთ ბიბლია. ისწავლეთ ხანას, მოციქული პავლესა და მეფე დავითის მაგალითებიდან. სთხოვეთ ზეციერ მამას, დაგანახვოთ თქვენი წუხილის მიზეზი (ფსალმ. 139:23). მიეცით იეჰოვას საშუალება, შეგეხიდოთ ტვირთის ტარებაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავს ვეღარ აღწევთ საწუხარს. თუ ასე მოიქცევით, თქვენც გაიზიარებთ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „როცა მშფოთვარე ფიქრები მომიმრავლდა, შენმა ნუგეშმა მიუალერსა ჩემს სულს“ (ფსალმ. 94:19). w20.02 24 ¶17; 25 ¶20, 21
სამშაბათი, 30 ნოემბერი
მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული (2 ტიმ. 3:16).
ბერძნული სიტყვა, რომელიც „ღვთისგან . . . შთაგონებულად“ ითარგმნა, სიტყვასიტყვით „ღვთისგან შთაბერილს“ ნიშნავს. წმინდა სულის მეშვეობით ღმერთმა, ასე ვთქვათ, თავისი აზრები შთაბერა ბიბლიის დამწერებს. როდესაც ბიბლიას ვკითხულობთ და წაკითხულზე ვფიქრობთ, ღვთის აზრები ჩვენს გულსა და გონებაში აღწევს და აღგვძრავს, იეჰოვას მოსაწონად ვიცხოვროთ (ებრ. 4:12). მაგრამ უფრო მეტად რომ ვიგრძნოთ წმინდა სულის დახმარება, დრო რეგულარულად უნდა გამოვუყოთ ბიბლიის კითხვასა და წაკითხულის გაანალიზებას. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოახდენს ბიბლია გავლენას ჩვენს სიტყვებსა და საქმეებზე. აგრეთვე უნდა დავესწროთ ქრისტიანულ შეხვედრებს (ფსალმ. 22:22). ქრისტიანულ შეხვედრებზე იეჰოვას სულია (გამოცხ. 2:29). როცა თანაქრისტიანებთან ერთად თაყვანსაცემად ვიკრიბებით, ღმერთს წმინდა სულს ვთხოვთ, ვმღერით ღვთის სიტყვაზე დაფუძნებულ სამეფოს სიმღერებს და ვუსმენთ წმინდა სულით დანიშნულ ძმებს, რომლებიც ბიბლიურ აზრებს გადმოგვცემენ. უფრო მეტად რომ ვიგრძნოთ წმინდა სულის დახმარება, შეხვედრებზე მომზადებული უნდა მივიდეთ და კომენტარებში მონაწილეობა მივიღოთ. w19.11 11 ¶13, 14