დეკემბერი
ოთხშაბათი, 1 დეკემბერი
[არის] დუმილის დრო (ეკლ. 3:7).
თუ ენას არ გავაკონტროლებთ, ამან შეიძლება არაერთი პრობლემა გამოიწვიოს. დავუშვათ, შეხვდით თანაქრისტიანს, რომელიც იმ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალულია. ხომ არ გაგიჩნდებათ ცდუნება, გამოჰკითხოთ დეტალები, თუ როგორ მიმდინარეობს იქ ჩვენი საქმიანობა? რა თქმა უნდა, ცუდი მოტივი არ გვამოძრავებს, რადგან გვიყვარს და-ძმები, გვაღელვებს მათი მდგომარეობა და ვლოცულობთ კიდეც მათთვის. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ზედმეტი კითხვებისგან თავი უნდა შევიკავოთ. თუ ყველანაირად ვეცდებით, თანაქრისტიანს კონფიდენციალური ინფორმაცია ვათქმევინოთ, ამით ნამდვილად ვერ დავუმტკიცებთ სიყვარულს ვერც მას და ვერც სხვა და-ძმებს, რომლებიც მოელიან, რომ ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ არ გავრცელდება. ეჭვგარეშეა, არცერთი ჩვენგანი არ ვისურვებდით, პრობლემები დაგვემატებინა იმ თანაქრისტიანებისთვის, რომლებიც ასეთ ქვეყნებში ცხოვრობენ. მათ ადგილას არც ჩვენ გაგვიჩნდებოდა სურვილი, გამჟღავნებულიყო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიკრიბებით ან როგორ ვემსახურებით იეჰოვას. w20.03 21 ¶11, 12
ხუთშაბათი, 2 დეკემბერი
არა, არ მოკვდებით (დაბ. 3:4).
ღვთის განზრახვაში ადამიანის სიკვდილი არ შედიოდა. თუმცა მარადიულად რომ ეცხოვრათ, ადამი და ევა იეჰოვას მარტივ მითითებას უნდა დამორჩილებოდნენ. ღმერთმა უბრძანა მათ: „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“ (დაბ. 2:16, 17). ამ დროს სატანამაც დაიწყო მოქმედება. ის გველის მეშვეობით დაელაპარაკა ევას და უთხრა დღევანდელ მუხლში ჩაწერილი სიტყვები. სამწუხაროდ, ევამ დაიჯერა ეს სიცრუე და შეჭამა ნაყოფი. მოგვიანებით მისმა ქმარმაც იგივე გააკეთა (დაბ. 3:6). ამგვარად, ადამიანები ცოდვასა და სიკვდილს დაექვემდებარნენ (რომ. 5:12). ღვთის გაფრთხილების თანახმად, ადამი და ევა დაიხოცნენ, მაგრამ სატანა დღემდე აგრძელებს სიკვდილის შესახებ სიცრუის გავრცელებას. მოგვიანებით მან კიდევ ბევრი ტყუილი თქვა. მაგალითად, ხალხს დააჯერა, რომ სხეულის სიკვდილის შემდეგ თითქოს ადამიანის სული განაგრძობს არსებობას. ამ სიცრუის სხვადასხვა ვერსია არსებობს, რასაც უამრავი ადამიანი შეჰყავს შეცდომაში (1 ტიმ. 4:1). w19.04 14, 15 ¶3, 4
პარასკევი, 3 დეკემბერი
როცა ბავშვი ვიყავი, ბავშვივით ვლაპარაკობდი, ბავშვივით ვაზროვნებდი და ბავშვივით ვმსჯელობდი (1 კორ. 13:11).
ბავშვებს არ შეუძლიათ ბოლომდე შეაფასონ მდგომარეობა, ამოიცნონ საფრთხე და მოერიდონ მას. ამიტომ მოძალადეები ძალიან მარტივად ატყუებენ ბავშვებს, რათა მათზე სექსუალურად იძალადონ. ისინი საშინელ ტყუილს ეუბნებიან ბავშვს და აჯერებენ, რომ თითქოს ის არის დამნაშავე მომხდარში. ეუბნებიან, რომ საიდუმლოდ შეინახოს ეს ამბავი, რადგან არავინ დაუჯერებს და ვერავინ დაეხმარება. მოძალადეები იმასაც აჯერებენ მათ, რომ ბავშვსა და ზრდასრულს შორის სქესობრივი კავშირი გულწრფელი სიყვარულის გამოხატულებაა. ასეთი ტყუილები აზროვნებას უმახინჯებს ბავშვს და წლების მანძილზე სჯერა ამ სიცრუის. როცა ხვდება, რომ საშინლად მოექცნენ, თავს უღირსად და დამნაშავედ გრძნობს და ფიქრობს, რომ სხვებისგან სიყვარულსა და ნუგეშს არ იმსახურებს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ სექსუალურ ძალადობას ხანგრძლივი ზიანი მოაქვს. ჩვენ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანები „თბილ გრძნობებს მოკლებულები“ არიან და ბოროტები და თვითმარქვიები უარესად იქცევიან (2 ტიმ. 3:1—5, 13). w19.05 15 ¶7, 8
შაბათი, 4 დეკემბერი
ამგვარად შეასრულებთ ქრისტეს კანონს (გალ. 6:2).
როგორ ასწავლიდა იესო? უპირველესად, სიტყვით. მის სიტყვებს დიდი ძალა ჰქონდა, რადგან ასწავლიდა ჭეშმარიტებას იეჰოვას, სიცოცხლის აზრისა და ღვთის სამეფოს შესახებ, რომელიც ადამიანთა ყველა პრობლემას გადაჭრიდა (ლუკ. 24:19). იესო საკუთარი მაგალითითაც ასწავლიდა. თავისი ცხოვრებით მან აჩვენა, როგორ უნდა ეცხოვრათ მის მიმდევრებს (იოან. 13:15). როდის ასწავლიდა იესო? დედამიწაზე მსახურების დროს (მათ. 4:23). იესო თავის მიმდევრებს მკვდრეთით აღდგომის შემდეგაც ასწავლიდა. ის სავარაუდოდ 500-ზე მეტ მიმდევარს ეჩვენა და მოწაფეების მომზადება დაავალა (მათ. 28:19, 20; 1 კორ. 15:6). როგორც კრების თავმა, მან ზეცად ამაღლების შემდეგაც განაგრძო მოწაფეების სწავლება. დაახლოებით ახ. წ. 96 წელს, ქრისტემ იოანე მოციქულის მეშვეობით გაამხნევა და რჩევები მისცა ცხებულ ქრისტიანებს (კოლ. 1:18; გამოცხ. 1:1). w19.05 3 ¶4, 5
კვირა, 5 დეკემბერი
დაინახოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია (ფილ. 1:10).
ადამიანებს დღეს თავის სარჩენად მძიმედ შრომა უწევთ. ბევრი ჩვენი ძმა დილიდან საღამომდე მუშაობს, რათა ოჯახის ელემენტარულ მოთხოვნილებებზე იზრუნოს. უამრავ და-ძმას სამსახურში მისასვლელად და უკან დასაბრუნებლად არაერთი საათი სჭირდება. ბევრიც თავის სარჩენად მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ეწევა; ამიტომ სამუშაო დღის ბოლოს შინ ისეთი დაღლილები და ძალაგამოცლილები ბრუნდებიან, რომ შესწავლის თავი არა აქვთ. თუმცა ფაქტია, დრო უნდა გამოვნახოთ ღვთის სიტყვისა და ჩვენი პუბლიკაციების არა ზედაპირული, არამედ საფუძვლიანი შესწავლისთვის. იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა და ჩვენი მარადიული მომავალი სწორედ ამაზეა დამოკიდებული (1 ტიმ. 4:15). ზოგი სულიერი საზრდოს მისაღებად და მასზე დასაფიქრებლად ყოველდღე დილით ადრე დგება, როცა სახლში სიწყნარეა და გონებაც დასვენებული აქვს. ზოგიც ამისთვის დღის ბოლოს ირჩევს, რადგან ამ დროს შედარებით მშვიდი გარემო აქვს და ხელსაც არაფერი უშლის. w19.05 26 ¶1, 2
ორშაბათი, 6 დეკემბერი
ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე, არამედ შეიცვალეთ აზროვნება და გარდაიქმენით (რომ. 12:2).
ასეთი ცვლილებები არც ერთ დღეში ხდება და არც ავტომატურად. ამისთვის წლების განმავლობაში დაუღალავი შრომაა საჭირო (2 პეტ. 1:5). შინაგანი პიროვნების შესაცვლელად ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ. ლოცვა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ უნდა მივბაძოთ ფსალმუნმომღერალს, რომელიც ლოცულობდა: „სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო, და ახალი, მტკიცე სული ჩამიდგი“ (ფსალმ. 51:10). უნდა ვაღიაროთ, რომ გვჭირდება გონების აღმძვრელი ძალის განახლება და დახმარებისთვის იეჰოვას მივმართოთ. მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ფიქრია. ღვთის სიტყვის ყოველდღიური კითხვის დროს არა მხოლოდ დაკვირვებით უნდა წავიკითხოთ ბიბლიური მონაკვეთები, არამედ სიღრმისეული ფიქრისთვისაც უნდა გამოვყოთ დრო. ეს დაგვანახვებს, როგორი აზროვნებისა და გრძნობებისგან უნდა გავთავისუფლდეთ (ფსალმ. 119:59; ებრ. 4:12; იაკ. 1:25). ჩვენ უნდა ამოვიცნოთ ნებისმიერი მიდრეკილება, რომელზეც ქვეყნიური აზროვნება ახდენს გავლენას. გულახდილად უნდა ვაღიაროთ ჩვენი სისუსტეები და ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ მათ დასაძლევად. w19.06 8 ¶1; 10 ¶10; 12 ¶11, 12
სამშაბათი, 7 დეკემბერი
გონივრულად გამოიყენეთ დრო (ეფეს. 5:16).
გადაწყვეტილების მიღებისას გონივრულად გამოიყენეთ დრო. წინასწარ განსაზღვრეთ, როდის შეასრულებთ ამა თუ იმ საქმეს და არ შეცვალოთ დანიშნული დრო. ნუ დაელოდებით იდეალურ მომენტს, რადგან ის შეიძლება არასდროს დადგეს (ეკლ. 11:4). ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებს იმდენ დროსა და ენერგიას ნუ შეალევთ, რომ უფრო მნიშვნელოვანი გვერდზე დაგრჩეთ (ფილ. 1:10). შეეცადეთ, ისეთი დრო შეარჩიოთ, რომ ხელი არაფერმა შეგიშალოთ. აუხსენით სხვებს, რომ ყურადღების მოსაკრებად განმარტოება გჭირდებათ. კარგი იქნება, თუ გათიშავთ ტელეფონს და სოციალური მედიისა თუ იმეილის შემოწმებას სხვა დროისთვის გადადებთ. ამა თუ იმ საქმის შედეგი შეიძლება დანიშნულების ადგილზე მისვლას შევადაროთ. თუ მთელი გულით გინდათ დანიშნულების ადგილზე მისვლა, წინაღობას არ შეეპუებით და შემოვლითი გზით წასვლაზეც არ იტყვით უარს. იმავეს თქმა შეიძლება დასახულ მიზანზეც. თუ შედეგზე იქნებით ორიენტირებული, დაბრკოლებები და „შემოვლითი გზები“ ვერ შეგაშინებთ (გალ. 6:9). w19.11 30 ¶17, 18
ოთხშაბათი, 8 დეკემბერი
ღვთის სიტყვა . . . არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს (ებრ. 4:12).
რის საფუძველზე უნდა მიიღოთ მონათვლის გადაწყვეტილება? ბიბლიის გულმოდგინე შესწავლის შედეგად იეჰოვას, მისი თვისებებისა და საქმეების შესახებ ბევრი რამ გაიგეთ. ნასწავლმა თქვენზე დიდად იმოქმედა და შეგაყვარათ ზეციერი მამა. ნათლობის გადაწყვეტილება უმთავრესად იეჰოვას სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მონათვლა გადაწყვიტეთ, ისაა, რომ ირწმუნეთ ბიბლიიდან ნასწავლი. დაფიქრდით, რა თქვა იესომ, როცა თავის მიმდევრებს მოწაფეების მომზადება დაავალა (მათ. 28:19, 20). იესოს სიტყვების თანახმად, ადამიანი „მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით“ უნდა მოინათლოს. რა იგულისხმება ამ სიტყვებში? მთელი გულით უნდა გწამდეთ ის, რაც ბიბლიიდან იეჰოვას, იესოსა და წმინდა სულის შესახებ ისწავლეთ. ამ ბიბლიურ სწავლებებს იმდენად დიდი ძალა აქვს, რომ შეუძლია თქვენს გულს ჩასწვდეს. w20.03 9 ¶8, 9
ხუთშაბათი, 9 დეკემბერი
შეაგონეთ ურჩები, . . მხარი დაუჭირეთ სუსტებს და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ (1 თეს. 5:14).
იეჰოვამ ანგელოზები მხოლოდ გასაფრთხილებლად კი არ გაგზავნა ლოტთან, არამედ მის დასახმარებლადაც, რათა ის სოდომისთვის გამოტანილი განაჩენისგან დაეხსნათ (დაბ. 19:12—14, 17). მსგავსად, შეიძლება ჩვენც მოგვიწიოს თანაქრისტიანის გაფრთხილება, თუ ვამჩნევთ, რომ თავისი საქციელის გამო შეიძლება ცუდ შედეგებამდე მივიდეს. მოთმინება არ უნდა დავკარგოთ, თუ ეს ადამიანი მაშინვე არ გაითვალისწინებს ბიბლიურ რჩევებს. მიჰბაძეთ ორ ანგელოზს. ხელი არ ჩაიქნიოთ და თავი შორს არ დაიჭიროთ მისგან, პირიქით ეცადეთ, პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოთ მას (1 იოან. 3:18). ზოგჯერ შეიძლება გადატანითი მნიშვნელობით ხელის ჩაკიდებაც კი დაგვჭირდეს, რომ ბიბლიური რჩევების გათვალისწინებაში დავეხმაროთ მას. იეჰოვას შეეძლო ლოტის შეცდომებზე გაემახვილებინა ყურადღება, თუმცა ის ასე არ მოქცეულა. მოგვიანებით პეტრე მოციქულმა სწორედ ღვთის შთაგონებით უწოდა ლოტს მართალი კაცი (ფსალმ. 130:3). შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას და ისევე მოვეპყროთ სხვებს, როგორც იეჰოვა ეპყრობოდა ლოტს? და-ძმების მიმართ უფრო მომთმენები ვიქნებით, თუ მათ დადებით თვისებებზე გავამახვილებთ ყურადღებას. ეს კი, თავის მხრივ, მათაც გაუადვილებს ჩვენგან დახმარების მიღებას. w19.06 21 ¶6, 7
პარასკევი, 10 დეკემბერი
თითოეული თავის სატარებელს ატარებს (გალ. 6:5).
თუ მთავრობა თქვენს ქვეყანაშიც კრძალავს ჩვენს საქმიანობას, შეიძლება ისეთ ქვეყანაში გადასვლის სურვილი გაგიჩნდეთ, სადაც თავისუფლად შეძლებთ იეჰოვას მსახურებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე კარგი იქნება, თუ დაფიქრდებით პირველი საუკუნის ქრისტიანებზე, რომლებიც დევნას შეხვდნენ. იერუსალიმში მყოფმა მოწაფეებმა იუდეასა და სამარიას შეაფარეს თავი. ზოგი მოწაფე კი უფრო შორს, ფინიკიაში, კვიპროსსა და ანტიოქიაში გადავიდა საცხოვრებლად (მათ. 10:23; საქ. 8:1; 11:19). თუმცა დევნის ახალი ტალღის აგორების შემდეგ მოციქულმა პავლემ გადაწყვიტა, არ გარიდებოდა იქაურობას, სადაც ქრისტიანები იდევნებოდნენ (საქ. 14:19—23). რას ვსწავლობთ ამ შემთხვევებიდან? თითოეულმა ოჯახისთავმა პირადად უნდა გადაწყვიტოს, შეიცვლის თუ არა საცხოვრებელ ადგილს დევნის გამო. გადაწყვეტილების მიღებამდე მან უნდა ილოცოს, გაითვალისწინოს ოჯახის მდგომარეობა და ის დადებითი თუ უარყოფითი შედეგები, რომლებიც სხვაგან გადასვლას მოჰყვება. ამიტომ ჩვენ არ უნდა გავაკრიტიკოთ სხვები მიღებული გადაწყვეტილების გამო. w19.07 10 ¶8, 9
შაბათი, 11 დეკემბერი
მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს (იოან. 17:3).
იესომ დაგვავალა: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მათ. 28:19). შემსწავლელს მხოლოდ ის კი არ უნდა ვასწავლოთ, რას მოითხოვს იესო თავისი მიმდევრებისგან, არამედ ისიც, როგორ გამოიყენოს ბიბლიიდან ნასწავლი ცხოვრებაში. მოთმინება მაშინაც გვჭირდება, როცა შემსწავლელს უჭირს ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრება. ზოგს რამდენიმე თვეში შეუძლია შეიცვალოს აზროვნება და მიატოვოს ცუდი ჩვევები, ზოგს კი ამისთვის დიდი დრო სჭირდება. ერთ მისიონერს პერუში მსახურების დროს საინტერესო შემთხვევა ჰქონდა, რაც კარგად გვანახვებს მოთმინების დადებით მხარეებს. მან გვიამბო: „რაულს ორი წიგნი შევასწავლე, მაგრამ ცვლილებებს მაინც ვერ ახდენდა. მას მეუღლესთან პრობლემები ჰქონდა და ბილწსიტყვაობდა, რის გამოც შვილები პატივს აღარ სცემდნენ. მიუხედავად ამისა, ის რეგულარულად ესწრებოდა კრების შეხვედრებს, ამიტომ კვლავაც ვაკითხავდი, რომ მას და მის ოჯახს დავხმარებოდი. რაულს სამ წელზე მეტი დასჭირდა, რომ ნათლობამდე მისულიყო“. w19.07 15 ¶3; 19 ¶15—17
კვირა, 12 დეკემბერი
ძალ-ღონე არ დაიშუროთ (ლუკ. 13:24).
დაფიქრდით, რამდენ რამეს აკეთებდა მოციქული პავლე იმ პერიოდში, როცა ფილიპელებს წერილი მისწერა. მას რომში შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ხელიდან არ უშვებდა მნახველებთან ქადაგების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ის წერილებს სწერდა სხვა ქალაქებში არსებულ კრებებს. მან იცოდა, რომ ქრისტეს მსგავსად სიცოცხლის ბოლომდე თავდაუზოგავად უნდა ემსახურა. სწორედ ამიტომ შეადარა პავლემ ქრისტიანული ცხოვრება რბოლას (1 კორ. 9:24—27). მორბენალი ცდილობს, ყურადღება არაფერმა გაუფანტოს, რადგან მისი მთავარი მიზანი ფინიშის ხაზის გადაკვეთაა. მაგალითად, თუ შეჯიბრი ქალაქში იმართება, შეიძლება მისი ყურადღება ბევრმა რამემ მიიპყროს. წარმოგიდგენიათ მორბენალი, რომელიც მაღაზიებთან ჩერდება და ვიტრინების თვალიერებას იწყებს?! ცხადია, არცერთი მორბენალი, ვისაც გამარჯვება სურს, ასე არ მოიქცევა. ჩვენ სიცოცხლისთვის რბოლაში ვართ ჩაბმულნი, ამიტომ უნდა მოვერიდოთ ყველაფერს, რაც სხვა რამეზე გადაგვატანინებდა ყურადღებას. თუ მზერა მიზნისკენ გვექნება მიპყრობილი და პავლეს მსგავსად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, ჩვენც მოვიპოვებთ ჯილდოს. w19.08 3 ¶4; 4 ¶7
ორშაბათი, 13 დეკემბერი
ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლი. ყოველთვის ასე მოიქეცი და შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც (1 ტიმ. 4:16).
შესაძლოა ოჯახის წევრებსა თუ ნათესავებს გაუჭირდათ იმ აზრთან შეგუება, რომ ბიბლიური ნორმების გაგების შემდეგ რელიგიური შეხედულება და ცხოვრების წესი შევიცვალეთ. პირველი, რაც ჩვენს ახლობლებს თვალში ხვდებათ, ის არის, რომ მათთან ერთად აღარ აღვნიშნავთ რელიგიურ დღესასწაულებს და აღარ ვერევით პოლიტიკაში. თავიდან შეიძლება ზოგი გაგვინაწყენდეს კიდეც (მათ. 10:35, 36). თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი აზრს არასდროს შეიცვლიან. თუ შევწყვეტთ მათთან ბიბლიურ თემებზე საუბარს, გამოვა, რომ ვასამართლებთ მათ და მარადიული სიცოცხლის ღირსად არ მივიჩნევთ. ამის უფლება იეჰოვას ჩვენთვის არ მოუცია. ადამიანების გასამართლების უფლებამოსილება მან მხოლოდ და მხოლოდ იესოს მიანიჭა (იოან. 5:22). თუ მომთმენები ვიქნებით, შეიძლება ადრე თუ გვიან ოჯახის წევრებს ჭეშმარიტების მოსმენის სურვილი გაუჩნდეთ. სირთულეების დროს სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ, თუმცა არც ტაქტიანობა უნდა დაგვავიწყდეს (1 კორ. 4:12ბ). შეიძლება ოჯახის წევრებს დრო დასჭირდეთ იმის ბოლომდე გასაცნობიერებლად, რომ ჩვენთვის იეჰოვას მსახურება ყველაზე მნიშვნელოვანია. w19.08 17 ¶10, 13; 18 ¶14
სამშაბათი, 14 დეკემბერი
ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი განმამტკიცებლის დახმარებით (ფილ. 4:13).
„როცა ვფიქრობ, რა განსაცდელი გამოვიარე, ვხვდები, რომ მარტო ამ ყველაფერს ვერ გადავიტანდი“. მსგავსი რამ, ალბათ, ბევრს გვითქვამს მას შემდეგ, რაც მძიმე დაავადებას ან საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს გავუმკლავდით. როცა წარსულს ვიხსენებთ, ვრწმუნდებით, რომ იეჰოვა ყოველდღე გვაძლევდა ძალას, „რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორ. 4:7—9). ღვთის წმინდა სული აგრეთვე გვეხმარება, წინააღმდეგობა გავუწიოთ „ბოროტ სულებს“ და არ მოვექცეთ სატანის ქვეყნიერების გავლენაში (1 იოან. 5:19; ეფეს. 6:12). იეჰოვას წმინდა სული ძალას გვაძლევს, რომ სირთულეების დროსაც შევასრულოთ ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობები. პავლეს კარგად ესმოდა, რომ „ქრისტეს ძალაზე“ დაიმედება ეხმარებოდა, რთულ ვითარებაშიც არ შეეწყვიტა მსახურება (2 კორ. 12:9). w19.11 8 ¶1—3
ოთხშაბათი, 15 დეკემბერი
ვინც მე მიხილა, მამაც იხილა (იოან. 14:9).
ბიბლია ერთადერთი წიგნია, რომელიც უტყუარ ინფორმაციას გადმოგვცემს იმის შესახებ, თუ რა გააკეთა იესომ თითოეული ჩვენგანისთვის. თუ იესო გეყვარებათ, იეჰოვასაც შეიყვარებთ. რატომ ვამბობთ ამას? იესო სრულყოფილად ირეკლავდა მამის თვისებებს. იესოს შესახებ მეტის გაგება დაგეხმარებათ, უკეთ ჩასწვდეთ იეჰოვას აზროვნებას და უფრო დაუახლოვდეთ მას. დაფიქრდით, როგორ ავლენდა იესო თანაგრძნობას ღარიბების, ავადმყოფებისა და დაჩაგრულების მიმართ, რომლებსაც სხვები არაფრად აგდებდნენ. აგრეთვე დაფიქრდით, როგორ ცვლის თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ იესოს პრაქტიკული რჩევების გათვალისწინება (მათ. 5:1—11; 7:24—27). იესოსადმი სიყვარული გაგიძლიერდებათ, თუ ღრმად დაფიქრდებით მსხვერპლზე, რომელიც მან ჩვენი ცოდვების მისატევებლად გაიღო (მათ. 20:28). იმის გაცნობიერება, რომ იესომ თქვენთვის საკუთარი ნებით გაიღო სიცოცხლე, იეჰოვას წინაშე მონანიებისკენ აღგძრავთ, რათა ცოდვები გეპატიოთ (საქ. 3:19, 20; 1 იოან. 1:9). რაც უფრო მეტად შეიყვარებთ იესოს და იეჰოვას, მით უფრო გაგიძლიერდებათ იმის სურვილი, რომ მეგობრები ღვთის თაყვანისმცემლებს შორის ეძებოთ. w20.03 5, 6 ¶10—12
ხუთშაბათი, 16 დეკემბერი
მაღლაა იეჰოვა, მაგრამ ამჩნევს თავმდაბლებს (ფსალმ. 138:6).
ძმამ შეიძლება იფიქროს, რომ მასზე კარგად საქმეს ვერავინ გაართმევს თავს ან დამ დაასკვნას, რომ კონკრეტულ დავალებას მისი ქმარი სხვა ძმებზე უკეთ შეასრულებს. თუმცა, თუ გულით თავმდაბლები ვიქნებით, ასეთ აზროვნებას მოვერიდებით. მოსესგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ის ძალიან აფასებდა ისრაელი ერის წინამძღოლობას. თუმცა არ შეშურებია, როცა იეჰოვამ სხვებსაც მისცა მის მხარდამხარ მსახურების შესაძლებლობა (რიცხ. 11:24—29). მან თავმდაბლად გაუნაწილა სხვებს თავისი პასუხისმგებლობა, რომ მათაც გაეჩინათ ხალხისთვის სამართალი და, ამგვარად, მძიმე ტვირთის ტარებაში შეხიდებოდნენ (გამ. 18:13—24). ეს ისრაელ ერზე სასიკეთოდ აისახა, რადგან საქმის განსასჯელად ხალხს დიდხანს აღარ უწევდა ლოდინი. ამ შემთხვევიდან გამოჩნდა, რომ მოსესთვის პასუხისმგებლობებზე მნიშვნელოვანი ხალხზე ზრუნვა იყო. რა შესანიშნავი მაგალითია ჩვენთვის. გახსოვდეთ: იეჰოვას მსახურებისთვის გამოსადეგს თავმდაბლობა გვხდის და არა განსაკუთრებული ნიჭი თუ უნარი. w19.09 5, 6 ¶13, 14
პარასკევი, 17 დეკემბერი
იეჰოვა იცავს ერთგულებს (ფსალმ. 31:23).
ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რით გაამართლებენ ერები დიდ ბაბილონზე თავდასხმას. მათ შეიძლება სხვადასხვა მიზეზი მოიყვანონ, მაგალითად თქვან, რომ რელიგიები ხელს უშლიან მშვიდობის მიღწევაში, გამუდმებით ერევიან პოლიტიკაში ან დიდძალ ქონებას ფლობენ (გამოცხ. 18:3, 7). ამიტომ გონივრული იქნება დავასკვნათ, რომ დიდ ბაბილონზე განაჩენის აღსრულების დროს რელიგიური ორგანიზაციები განადგურდებიან და არა მათი მიმდევრები. დიდი ბაბილონის განადგურების შემდეგ, როგორც ჩანს, ხალხი რელიგიური წინამძღოლებისგან გაწბილებული დარჩება და მათთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტას შეეცდება. დიდი ბაბილონის განადგურება დიდხანს არ გასტანს (გამოცხ. 18:10, 21). იეჰოვა დაგვპირდა, რომ თავისი რჩეულებისა და ჭეშმარიტი რელიგიის გადასარჩენად დიდი გასაჭირის პერიოდს შეამოკლებდა (მარ. 13:19, 20). w19.10 15 ¶4, 5
შაბათი, 18 დეკემბერი
დაარიგონ ახალგაზრდა ქალები, რომ . . . უყვარდეთ შვილები (ტიტ. 2:4).
დედებო, შესაძლოა თქვენ ისეთ ოჯახში აღიზარდეთ, სადაც თქვენი მშობლები ადვილად გამოდიოდნენ მდგომარეობიდან და შვილებს უხეშად გელაპარაკებოდნენ. ასეთი დამოკიდებულება შესაძლოა თქვენთვისაც მისაღები გახდა და იმდენად გაგიჯდათ ძვალ-რბილში, რომ იეჰოვას ნორმების გაგების შემდეგაც კი გიჭირთ შვილებთან სიმშვიდისა და მოთმინების გამოვლენა. მათმა დაუმორჩილებლობამ შეიძლება განსაკუთრებით მაშინ გაგაღიზიანოთ, როცა გადაღლილები ხართ (ეფეს. 4:31). ამ დროს ყველაზე მეტად გჭირდებათ ლოცვა და იეჰოვაზე მინდობა (ფსალმ. 37:5). არიან ისეთი დედებიც, რომელთაც უჭირთ შვილების მიმართ სიყვარულის გამოხატვა. მათ შესაძლოა მშობლებისგან სითბო არასდროს უგრძნია. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, ნუ გაიმეორებთ მშობლების შეცდომებს. როცა დედა შვილების მიმართ სიყვარულის გამოვლენას სწავლობს, იეჰოვას ნორმებს ემორჩილება. ცვლილებების მოხდება ხანდახან რთულია, თუმცა შეუძლებელი ნამდვილად არ არის. შედეგად თვითონაც ბედნიერი იქნება და მისი ოჯახიც. w19.09 18, 19 ¶19, 20
კვირა, 19 დეკემბერი
ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა (მათ. 6:24).
როცა ქრისტიანი საჭიროზე მეტ დროსა და ძალისხმევას ახმარს ფულის შოვნას, შეიძლება ითქვას, რომ ორ ბატონს ემსახურება და იეჰოვასადმი განსაკუთრებულ ერთგულებას არ ავლენს. ახ. წ. პირველი საუკუნის მიწურულს ლაოდიკეელი ქრისტიანები იკვეხნიდნენ: „მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მჭირდებაო“. თუმცა იეჰოვასა და იესოს თვალში ისინი საწყლები, საცოდავები, ღარიბები, ბრმები და შიშვლები იყვნენ. იესომ ისინი იმიტომ კი არ შეაგონა, რომ მდიდრები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ფულის სიყვარული იეჰოვასთან მათ ურთიერთობას საფრთხეს უქმნიდა (გამოცხ. 3:14—17). თუ ვამჩნევთ, რომ ჩვენს გულში ფულის სიყვარული იდგამს ფესვს, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ და აზროვნება შევიცვალოთ (1 ტიმ. 6:7, 8). წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი გულით ვეღარ ვუერთგულებთ იეჰოვას და ჩვენი მსახურებაც მიუღებელი იქნება მისთვის. ღმერთი ჩვენგან განსაკუთრებულ ერთგულებას მოითხოვს (კან. 4:24). w19.10 27 ¶5, 6
ორშაბათი, 20 დეკემბერი
ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულთ, ღმერთი ალაპარაკებდა (2 პეტ. 1:21).
ბერძნული სიტყვა „აღძრული“ სიტყვასიტყვით „გატაცებულს“ ან „წაღებულს“ ნიშნავს. მსგავსი ბერძნული სიტყვა წიგნ „საქმეების“ დამწერმა ლუკამაც გამოიყენა ქარისგან გატაცებული ხომალდის აღსაწერად (საქ. 27:15). ერთი ბიბლეისტის აზრით, მოციქული პეტრე ნაოსნობასთან დაკავშირებულ ტერმინს იყენებს, როცა ამბობს, რომ ბიბლიის დამწერები წმინდა სულით იყვნენ აღძრულები. პეტრე, ფაქტობრივად, ამბობდა, რომ როგორც ქარი მიაქანებს ხომალდს დანიშნულების ადგილამდე, ისე წმინდა სული ხელმძღვანელობდა ბიბლიის დამწერებს, რომ თავიანთი საქმე შეესრულებინათ. იმავე ბიბლეისტმა თქვა: „ბიბლიის დამწერები იალქნებაშვებული ხომალდებივით იყვნენ“. იეჰოვამ ქარი მოუვლინა, ანუ წმინდა სულით დაეხმარა მათ, რომლებიც თავის მხრივ, მიჰყვნენ მის ხელმძღვანელობას. როგორც ზურგის ქარი ეხმარება გემს, რომ შტორმის მიუხედავად უსაფრთხოდ ჩააღწიოს დანიშნულების ადგილას, ისე დღესაც წმინდა სული გვეხმარება, რომ შტორმივით თავსდატეხილი პრობლემების მიუხედავად განვაგრძოთ იეჰოვასადმი მსახურება და ახალ ქვეყნიერებამდე მივაღწიოთ. w19.11 9 ¶7—9
სამშაბათი, 21 დეკემბერი
თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდება, ძალა გამოგეცლება (იგავ. 24:10).
სავსებით შესაძლებელია, რომ ხანდახან გულგატეხილობა დაგვეუფლოს. თუმცა არ უნდა დავუშვათ, რომ პრობლემებმა მთლიანად მოგვიცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს დიდებული იმედი, რომელსაც იეჰოვა გვაძლევს (გამოცხ. 21:3, 4). გულგატეხილობამ შეიძლება ძალა გამოგვაცალოს და ყველაფერზე ხელი ჩაგვაქნევინოს. დავფიქრდეთ, როგორ ინარჩუნებს რწმენას შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთი და, რომელიც ავადმყოფ ქმარს უვლის. მან დაწერა: „ჩვენი მდგომარეობის გამო ზოგჯერ დათრგუნულები და გულგატეხილები ვართ, მაგრამ იმედს არასდროს ვკარგავთ. უზომოდ მადლიერი ვარ იმ ყველაფრისთვის, რასაც იეჰოვა ჩვენ გასამხნევებლად და რწმენის განსამტკიცებლად აკეთებს. მისგან მომდინარე ნუგეში და რჩევები ჰაერივით გვჭირდება. ეს გვეხმარება, ფარ-ხმალი არ დავყაროთ“. ამ დის სიტყვები გვარწმუნებს, რომ ყველას შეგვიძლია დავძლიოთ გულგატეხილობა. რა დაგვეხმარება ამაში? ჩათვალეთ, რომ განსაცდელები სატანისთვის წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას გაძლევთ. იეჰოვა ნუგეშის წყაროდ მიიჩნიეთ და ყოველთვის დააფასეთ მისგან მომდინარე სულიერი საზრდო. w19.11 16 ¶9, 10
ოთხშაბათი, 22 დეკემბერი
სანდო კაცი კი ინახავს [საიდუმლოს] (იგავ. 11:13).
უხუცესებს მართებთ, გაითვალისწინონ კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული ეს ბიბლიური პრინციპი. უხუცესს კარგად ესმის, რომ არ უნდა გაამჟღავნოს კრებასთან ან და-ძმებთან დაკავშირებული კონფიდენციალური საკითხები. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თანაქრისტიანების ნდობას დაკარგავს და საკუთარ რეპუტაციასაც საფრთხეს შეუქმნის. ისინი, ვისაც კრებაში პასუხისმგებლობები აქვთ, არ უნდა იყვნენ ორპირები, ანუ არც სიტყვა უნდა გატეხონ და არც სხვებზე იჭორაონ (1 ტიმ. 3:8). როცა უხუცესს უყვარს თავისი ცოლი, არ დაამძიმებს იმ ინფორმაციით, რომელიც მან არ უნდა იცოდეს. ცოლი კარგი რეპუტაციის შენარჩუნებაში დაეხმარება ქმარს, თუ არ აიძულებს სხვისი პირადი ინფორმაციის გამჟღავნებას. ამგვარად ის არა მხოლოდ მეუღლეს დაუჭერს მხარს, არამედ მათ მიმართაც გამოხატავს პატივისცემას, ვინც თავის ქმარს პირადი ინფორმაცია გაანდო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეთი ცოლი იეჰოვას გაუხარებს გულს, რადგან კრების მშვიდობასა და ერთიანობას უწყობს ხელს (რომ. 14:19). w20.03 22 ¶13, 14
ხუთშაბათი, 23 დეკემბერი
გამოეცხადებათ იეჰოვა (ლევ. 9:4).
ძვ. წ. 1512 წელს, როცა ისრაელებმა კარავი სინას მთის ძირას გაშალეს, მოსე აარონის და მისი ვაჟების მღვდლად კურთხევის ცერემონიას უძღვებოდა (გამ. 40:17; ლევ. 9:1—5). როგორ გამოხატა იეჰოვამ მოწონება ახლად დანიშნული სამღვდელოების მიმართ? მას შემდეგ, რაც აარონმა და მოსემ ხალხი აკურთხეს, იეჰოვას ცეცხლმა მთლიანად შთანთქა სამსხვერპლოდან შესაწირავი (ლევ. 9:23, 24). იეჰოვასგან გამოსული ცეცხლი იმის ნიშანი იყო, რომ ღმერთი იწონებდა აარონისა და მისი ძეების მღვდლად კურთხევას. როცა ისრაელებმა აშკარად დაინახეს, რომ იეჰოვა მხარს უჭერდა დანიშნულ მღვდლებს, მიხვდნენ, რომ მათაც იგივე უნდა გაეკეთებინათ. აქვს ამას დღეს ჩვენთვის რაიმე მნიშვნელობა? დიახ, რადგან ისრაელის სამღვდელოება აღმატებული სამღვდელოების ჩრდილი იყო. 144 000-ისგან შემდგარი სამეფო სამღვდელოება იესოსთან ერთად იმსახურებენ ზეცაში (ებრ. 4:14; 8:3—5; 10:1). აშკარაა, რომ იეჰოვა ხელმძღვანელობს და კურთხევას არ აკლებს თავის ორგანიზაციას. w19.11 23 ¶13; 24 ¶14, 16
პარასკევი, 24 დეკემბერი
დღედაღამ შრომასა და გარჯაში ვიყავით, რომ დიდი ხარჯებით არ დაგვემძიმებინა რომელიმე თქვენგანი (2 თეს. 3:8).
კორინთში ყოფნის დროს პავლე მოციქული პრისკილასთან და აკვილასთან ცხოვრობდა. ისინი პავლესთან ერთად კარვებს კერავდნენ. დღედაღამ შრომაში პავლეს არ უგულისხმია, რომ მთლიანად სამუშაოში იყო ჩაფლული. მაგალითად, შაბათობით პავლე იუდეველებთან ქადაგებდა, რომელთაც ეს დღე მასავით დასვენებისთვის ჰქონდათ გამოყოფილი (საქ. 13:14—16, 42—44; 16:13; 18:1—4). მართალია, პავლეს თავის სარჩენად მუშაობა უწევდა, მაგრამ ყველანაირად ცდილობდა, „ღვთის სასიხარულო ცნობის წმინდა საქმეში [ყოფილიყო] ჩაბმული“ (რომ. 15:16; 2 კორ. 11:23). რეგულარულად ქადაგებისკენ ის სხვებსაც მოუწოდებდა. პავლეს ნამდვილად შეეძლო ეთქვა, რომ აკვილა და პრისკილა მისი „თანამსახურები [იყვნენ] ქრისტე იესოში“ (რომ. 12:11; 16:3). ის კორინთელებს მოუწოდებდა: „ბევრი იშრომეთ უფლის საქმეში“ (1 კორ. 15:58; 2 კორ. 9:8). გარდა ამისა, მან ღვთივშთაგონებით დაწერა: „ვისაც მუშაობა არ უნდა, ის ნურც შეჭამს“ (2 თეს. 3:10). w19.12 5 ¶12, 13
შაბათი, 25 დეკემბერი
შვილები მემკვიდრეობაა იეჰოვასგან (ფსალმ. 127:3).
როცა იეჰოვამ პირველი წყვილი შექმნა, მათში შვილების ყოლის სურვილი ჩადო. ვისი გადასაწყვეტია, იყოლიებს თუ არა დაქორწინებული წყვილი შვილს ან თუ იყოლიებს, როდის? ზოგიერთ კულტურაში ახალდაქორწინებულებისგან მოელიან, რომ მალევე იყოლიებენ შვილებს. შესაძლოა ამის გამო ცოლ-ქმარი ოჯახის წევრებისგან და სხვებისგან ზეწოლას განიცდიდეს. აზიაში მცხოვრები ერთი ძმა, სახელად ჯეთრო, ამბობს: „კრებაში ზოგი მშობელი დაქორწინებულებს შვილების გაჩენისკენ მოუწოდებს“. კიდევ ერთი ძმა, ჯეფრი, რომელიც აზიაში ცხოვრობს, აღნიშნავს: „ზოგჯერ უშვილო ცოლ-ქმარს ეუბნებიან, რომ, როცა მოხუცდებიან, პატრონი არ ეყოლებათ და მათზე არავინ იზრუნებს“. თუმცა იყოლიებს თუ არა ცოლ-ქმარი შვილებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი გადასაწყვეტია. ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე სხვა ვერავინ აიღებს (გალ. 6:5). ცხადია, მეგობრებსა და ოჯახს ახალდაქორწინებულების ბედნიერება სურთ, მაგრამ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ მხოლოდ ცოლ-ქმრის გადასაწყვეტია, იყოლიებენ თუ არა შვილს (1 თეს. 4:11). w19.12 22 ¶1—3
კვირა, 26 დეკემბერი
ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა“ (მათ. 6:9).
ხომ არ გიჭირთ, ღმერთი საკუთარ მამად მიიჩნიოთ? ზოგის აზრით, იეჰოვა იმდენად დიდებულია, რომ მის თვალში არაფერს წარმოადგენს. ამიტომ უჭირს იმის დაჯერება, რომ ღმერთი პირადად მისი კეთილდღეობით არის დაინტერესებული. თუმცა ჩვენს მოსიყვარულე მამას არ უნდა, რომ ასე ვიფიქროთ. მან სიცოცხლე გვაჩუქა და სურს, რომ დავუახლოვდეთ. სწორედ ამაზე ესაუბრა მოციქული პავლე ათენელებს და დაანახვა მათ, რომ იეჰოვა „შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქ. 17:24—29). იეჰოვას სურს, მასთან ისე ვგრძნობდეთ თავს, როგორც ბავშვი — მოსიყვარულე და მზრუნველ მშობელთან. ზოგსაც იმიტომ უჭირს იეჰოვა მოსიყვარულე მამად მიიჩნიოს, რომ თითქმის არასდროს უგრძნია მამის სითბო და სიყვარული. მაგალითად, ერთი და ამბობს: „მამაჩემი სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა. ამიტომ, როცა ბიბლიის შესწავლა დავიწყე, მიჭირდა, ზეციერ მამასთან სიახლოვე მეგრძნო“. თქვენც ხომ არ გეუფლებათ მსგავსი გრძნობები? თუ ასეა, გულს ნუ გაიტეხთ! დროთა განმავლობაში დარწმუნდებით, რომ იეჰოვა საუკეთესო მამაა. w20.02 3 ¶4, 5
ორშაბათი, 27 დეკემბერი
ნუ მიმატოვებ დაუძლურებულს (ფსალმ. 71:9).
იესომ დაგვანახვა, რომ ასაკის მატებასთან ერთად როგორი შეზღუდული შესაძლებლობაც არ უნდა გვქონდეს და რაოდენ უმნიშვნელოდაც არ უნდა გვეჩვენებოდეს ჩვენ მიერ გაკეთებული საქმე, იეჰოვა აფასებს ჩვენს მსახურებას (ფსალმ. 92:12—15; ლუკ. 21:2—4). ამიტომ ყურადღება იმაზე გაამახვილეთ, რისი გაკეთებაც გამოგდით. მაგალითად, შეგიძლიათ სხვებთან იეჰოვას შესახებ ისაუბროთ, ილოცოთ და-ძმებისთვის და წაახალისოთ სხვები, რომ ბოლომდე ერთგულები დარჩნენ. იეჰოვა თანამშრომლად მიგიჩნევთ არა იმიტომ, რომ რაღაცის გაკეთება შეგიძლიათ, არამედ იმიტომ, რომ სიხარულით ემორჩილებით მას (1 კორ. 3:5—9). უსაზღვროდ მადლიერები ვართ, რომ ვემსახურებით ღმერთს, რომელიც აფასებს თავის მსახურებს. იეჰოვამ მისი ნების შესასრულებლად შეგვქმნა, ამიტომაც გვანიჭებს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობა კმაყოფილებასა და ბედნიერებას (გამოცხ. 4:11). შეიძლება ქვეყნიერებისთვის არაფერს წარმოვადგენთ, მაგრამ იეჰოვას სხვაგვარი დამოკიდებულება აქვს ჩვენ მიმართ (ებრ. 11:16, 38). როცა ავადმყოფობა, ეკონომიკური სიდუხჭირე ან ასაკით გამოწვეული პრობლემები გულს გვიტეხს, გვახსოვდეს, რომ ზეციერ მამას ვერაფერი გაუნელებს ჩვენს სიყვარულს (რომ. 8:38, 39). w20.01 18 ¶16; 19 ¶18, 19
სამშაბათი, 28 დეკემბერი
სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო, და ახალი, მტკიცე სულისკვეთებით განმმსჭვალე (ფსალმ. 51:10).
შურს არ მივცემთ გასაქანს, თუ განვივითარებთ თავმდაბლობას და ვიქნებით კმაყოფილი იმით, რაც გვაქვს. როცა ჩვენში კარგი თვისებები ჭარბობს, შურისთვის ადგილი აღარ რჩება. თავმდაბლობა გვეხმარება, ჩვენს თავზე ბევრი არ ვიფიქროთ. თავმდაბალი ადამიანი არ თვლის, რომ სხვაზე მეტს იმსახურებს (გალ. 6:3, 4). კმაყოფილი ადამიანი სჯერდება იმას, რაც აქვს და საკუთარ თავს სხვებს არ ადარებს (1 ტიმ. 6:7, 8). ასე რომ, თუ თავმდაბლები და კმაყოფილები ვიქნებით, სხვისი კარგი გაგვახარებს. ღვთის წმინდა სული გვჭირდება, რომ შურიანები არ გავხდეთ, განვივითაროთ თავმდაბლობა და ვიყოთ კმაყოფილი იმით, რაც გვაქვს (გალ. 5:16; ფილ. 2:3, 4). იეჰოვას წმინდა სული დაგვეხმარება, დავინახოთ, რას ვფიქრობთ გულის სიღრმეში და რა მოტივი გვამოძრავებს. ღვთის დახმარებით შევძლებთ, უარყოფითი ფიქრები და გრძნობები დადებითით ჩავანაცვლოთ (ფსალმ. 26:2). w20.02 15 ¶8, 9
ოთხშაბათი, 29 დეკემბერი
ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლი (1 ტიმ. 4:16).
მიძღვნა არის აღთქმა, რომლის შესრულებასაც იეჰოვა თქვენგან მოელის. ასე რომ, ახლო ურთიერთობა იქონიეთ თანამორწმუნეებთან. კრებაში და-ძმების სახით სულიერ ოჯახს შეიძენთ. ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებით მათ უფრო დაუახლოვდებით. ყოველდღე წაიკითხეთ ღვთის სიტყვა და იფიქრეთ მასზე (ფსალმ. 1:1, 2). დრო გამოყავით წაკითხულის გასააზრებლად, რათა ღვთის სიტყვა თქვენს გულს ჩასწვდეს. „განუწყვეტლივ ილოცეთ“ (მათ. 26:41). გულწრფელი ლოცვები იეჰოვასთან დაგაახლოებთ. „უპირველესად ეძებეთ სამეფო“ (მათ. 6:33). ამას იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ ქადაგებას თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავება. მსახურებაში აქტიური მონაწილეობით ძლიერ რწმენასაც შეინარჩუნებთ. ნებისმიერი გასაჭირი, რომელსაც ამ ქვეყნიერებაში შეხვდებით, „ხანმოკლე და მსუბუქია“ (2 კორ. 4:17). მიძღვნა და მონათვლა დღესვე მოგიტანთ კმაყოფილებით სავსე ცხოვრებას, მომავალში კი — „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“, რაც ნამდვილად ღირს ძალისხმევად (1 ტიმ. 6:19). w20.03 13 ¶19—21
ხუთშაბათი, 30 დეკემბერი
დრო ცოტაღა დარჩა (1 კორ. 7:29).
თუ ბიბლიის შემსწავლელი ცვლილებებს არ ახდენს, უმჯობესი იქნება, დაფიქრდეთ, ღირს თუ არა შესწავლის გაგრძელება. დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: მდგომარეობიდან გამომდინარე, ახდენს ის საჭირო ცვლილებებს? ცდილობს, ნასწავლის თანახმად იმოქმედოს? (მათ. 28:20). სამწუხაროდ, ზოგი ბიბლიის შემსწავლელი ეზეკიელის დროში მცხოვრებ ისრაელებს ჰგავს. იეჰოვამ მათ შესახებ ეზეკიელს უთხრა: „მათთვის სატრფიალო სიმღერების მომღერალივით ხარ, ლამაზხმიანი მომღერალივით და სიმებიან საკრავზე კარგად დამკვრელივით. მოისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არ შეასრულებენ“ (ეზეკ. 33:32). შესაძლოა გვიჭირს შემსწავლელისთვის იმის თქმა, რომ შესწავლა უნდა შევწყვიტოთ. თუმცა იფიქრეთ იმაზეც, რომ „დრო ცოტაღა დარჩა“. ნაცვლად იმისა, რომ ეს ძვირფასი დრო უნაყოფო შესწავლებს შევალიოთ, უმჯობესია, ისეთი ადამიანები მოვძებნოთ, ვინც მარადიული სიცოცხლისთვის არიან განწყობილნი (საქ. 13:48). w20.01 6 ¶17; 7 ¶20
პარასკევი, 31 დეკემბერი
მოვიდეს შენი სამეფო. შესრულდეს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე (მათ. 6:10).
ქრისტიანული სამყარო არ ასწავლის, რომ ბიბლიის თანახმად, ღვთის მორჩილი ადამიანები დედამიწაზე მარადიულად იცხოვრებენ (2 კორ. 4:3, 4). ქრისტიანული რელიგიების უმეტესობა ხალხს არწმუნებს, რომ ყველა კარგი ადამიანი სიკვდილის შემდეგ ზეცაში მიდის. თუმცა ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფს, რომლებიც „საგუშაგო კოშკს“ 1879 წლიდან აქვეყნებდნენ, ამ საკითხზე განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდა. მათ ესმოდათ, რომ ღმერთი დედამიწაზე სამოთხეს აღადგენდა და მილიონობით ღვთის მორჩილი ადამიანი სწორედ დედამიწაზე იცხოვრებდა და არა ზეცაში. თუმცა ბიბლიის მკვლევრებს დრო დასჭირდათ იმის ნათლად გასაგებად, თუ ვინ იქნებოდნენ ეს მორჩილი ადამიანები. ღვთის სიტყვის შესწავლის შედეგად ბიბლიის მკვლევრები იმ დასკვნამდეც მივიდნენ, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი „დედამიწიდან [იქნებოდა] ნაყიდი“, რათა მათ ქრისტესთან ერთად ემეფათ ზეცაში (გამოცხ. 14:3). ისინი მიხვდნენ, რომ ეს ჯგუფი 144 000 ღვთის მიძღვნილი და გულმოდგინე ქრისტიანისგან შედგებოდა, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე ღმერთს უერთგულებდნენ. w19.09 27 ¶4, 5