საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es22 გვ. 7-17
  • იანვარი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იანვარი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2022
  • ქვესათაურები
  • შაბათი, 1 იანვარი
  • კვირა, 2 იანვარი
  • ორშაბათი, 3 იანვარი
  • სამშაბათი, 4 იანვარი
  • ოთხშაბათი, 5 იანვარი
  • ხუთშაბათი, 6 იანვარი
  • პარასკევი, 7 იანვარი
  • შაბათი, 8 იანვარი
  • კვირა, 9 იანვარი
  • ორშაბათი, 10 იანვარი
  • სამშაბათი, 11 იანვარი
  • ოთხშაბათი, 12 იანვარი
  • ხუთშაბათი, 13 იანვარი
  • პარასკევი, 14 იანვარი
  • შაბათი, 15 იანვარი
  • კვირა, 16 იანვარი
  • ორშაბათი, 17 იანვარი
  • სამშაბათი, 18 იანვარი
  • ოთხშაბათი, 19 იანვარი
  • ხუთშაბათი, 20 იანვარი
  • პარასკევი, 21 იანვარი
  • შაბათი, 22 იანვარი
  • კვირა, 23 იანვარი
  • ორშაბათი, 24 იანვარი
  • სამშაბათი, 25 იანვარი
  • ოთხშაბათი, 26 იანვარი
  • ხუთშაბათი, 27 იანვარი
  • პარასკევი, 28 იანვარი
  • შაბათი, 29 იანვარი
  • კვირა, 30 იანვარი
  • ორშაბათი, 31 იანვარი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2022
es22 გვ. 7-17

იანვარი

შაბათი, 1 იანვარი

ჩვილობიდანვე იცი წმინდა წერილები, რომლებსაც ქრისტე იესოსადმი რწმენით შეუძლია შენი დაბრძენება გადასარჩენად (2 ტიმ. 3:15).

ტიმოთეს რწმენა ემყარებოდა უტყუარ ფაქტებს, რაც მას იეჰოვასთან აახლოებდა. მსგავსად, თქვენც ლოგიკური დასკვნები უნდა გააკეთოთ იმ ყველაფერზე, რასაც იეჰოვას შესახებ ბიბლიიდან იგებთ. ჩვენ, სულ მცირე, სამ ბიბლიურ სწავლებაში უნდა დავრწმუნდეთ. პირველი, უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა ღმერთი ყოველივეს შემოქმედია (გამ. 3:14, 15; ებრ. 3:4; გამოცხ. 4:11). მეორე, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ბიბლია ღვთის შთაგონებით დაიწერა კაცობრიობისთვის (2 ტიმ. 3:16, 17). მესამე, უნდა გვწამდეს, რომ იეჰოვას ჰყავს თაყვანისმცემელთა ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც ქრისტე ხელმძღვანელობს და ამ ჯგუფს იეჰოვას მოწმეები წარმოადგენენ (ეს. 43:10—12; იოან. 14:6; საქ. 15:14). ამ ყველაფერში დასარწმუნებლად სულაც არ არის საჭირო, რომ მთელი ბიბლია ზეპირად ვიცოდეთ. მთავარია, გააზრებული გვქონდეს, რომ, რაც გვწამს, ჭეშმარიტებაა (რომ. 12:1). w20.07 10 ¶8, 9

კვირა, 2 იანვარი

კალიებს ნება მიეცათ, ხუთი თვე დაეტანჯათ ისინი, თუმცა არ უნდა დაეხოცათ (გამოცხ. 9:5).

ამ წინასწარმეტყველებაში აღწერილია კალიები, რომლებსაც „სახეები ადამიანის სახეს მიუგავდათ“ და „თავებზე თითქოს ოქროს გვირგვინები ედგათ“ (გამოცხ. 9:7). მათ უნდა დაეტანჯათ ღვთის მტრები ანუ ის ადამიანები, „რომელთაც ღვთის ბეჭედი არ ექნებოდათ შუბლზე“; ეს ტანჯვა ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდებოდა, რაც კალიის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა (გამოცხ. 9:4). ეჭვგარეშეა, რომ ეს კალიები იეჰოვას ცხებულ მსახურებს განასახიერებენ. ისინი გაბედულად უცხადებენ ღვთის განაჩენს ბოროტ ქვეყნიერებას, რაც მისი მხარდამჭერებისთვის სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ არის. შესაძლებელია, რომ იოელის 2:7—9-ში და წიგნ „გამოცხადებაში“ მოხსენიებული კალიები სხვადასხვა რამეს განასახიერებდნენ? დიახ. ზოგჯერ ბიბლიაში ერთი და იგივე სიმბოლო სიტუაციიდან გამომდინარე სხვადასხვა მნიშვნელობით არის გამოყენებული. მაგალითად, გამოცხადების 5:5-ში იესოს ეწოდება „ლომი იუდას ტომიდან“, ხოლო 1 პეტრეს 5:8-ში ეშმაკი „მბრდღვინავ ლომთან“ არის შედარებული. w20.04 3 ¶8; 5 ¶10

ორშაბათი, 3 იანვარი

იეჰოვას თვალები ყველაფერს ხედავს; კეთილსაც აკვირდება და ბოროტსაც (იგავ. 15:3).

აგარი სარაის მოახლე იყო. ის უგუნურად იქცეოდა მას შემდეგ, რაც აბრამის ცოლი გახდა. როცა აგარმა გაიგო, რომ ორსულად იყო, ზემოდან დაუწყო ყურება სარაის, რომელსაც შვილები არ ჰყავდა. მათ შორის სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ აგარს სარაისგან გაქცევა მოუწია (დაბ. 16:4—6). ადამიანური გადასახედიდან შეიძლება ჩავთვალოთ, რომ აგარი გულღვარძლიანი ადამიანი იყო, რომელმაც ზუსტად ის მიიღო, რასაც იმსახურებდა. თუმცა იეჰოვა ასე არ ფიქრობდა. მან აგარს ანგელოზი გაუგზავნა, რომელმაც მას აზროვნება შეუსწორა და აღუთქვა, რომ გაამრავლებდა მის შთამომავლობას. აგარი მიხვდა, რომ იეჰოვა აკვირდებოდა მას და კარგად ესმოდა, რა მდგომარეობაშიც იყო. ამან იმდენად იმოქმედა მასზე, რომ თქვა: „შენა ხარ ღმერთი, ყოველივეს მხილველი . . . ვინც მე მხედავს“ (დაბ. 16:7—13). რა გაითვალისწინა იეჰოვამ აგართან მიმართებით? მან კარგად იცოდა აგარის წარსული და ყველაფერი ის, რისი გადატანაც მოუწია. იეჰოვამ თვალი არ დახუჭა აგარის საქციელზე, რომელიც უპატივცემულოდ ეპყრობოდა სარაის. თუმცა შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მან გაითვალისწინა აგარის მდგომარეობა და მისი გრძნობები. w20.04 16 ¶8, 9

სამშაბათი, 4 იანვარი

სარბიელი ბოლომდე გავირბინე (2 ტიმ. 4:7).

მოციქულმა პავლემ თქვა, რომ ყველა ქრისტიანი რბოლაშია ჩაბმული (ებრ. 12:1). ახალგაზრდა ვართ თუ ხანში შესული, ჯან-ღონით სავსე თუ ძალაგამოცლილი, თითოეულმა ბოლომდე უნდა მოვითმინოთ, რათა იეჰოვასგან დაპირებული ჯილდო მოვიპოვოთ (მათ. 24:13). პავლემ ბოლომდე გაირბინა სარბიელი, ამიტომ სხვებსაც თამამად მოუწოდებდა ამისკენ (2 ტიმ. 4:7, 8). რა რბოლაზე საუბრობდა მოციქული პავლე? პავლეს ზოგჯერ ძველ საბერძნეთში გამართული თამაშებიდან მოჰყავდა შედარებები, რათა მსმენელებისთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი ესწავლებინა (1 კორ. 9:25—27; 2 ტიმ. 2:5). მან ქრისტიანული ცხოვრების გზა არაერთხელ შეადარა რბოლას (1 კორ. 9:24; გალ. 2:2; ფილ. 2:16). ადამიანი „რბოლაში“ მაშინ ერთვება, როცა თავს უძღვნის იეჰოვას და ინათლება (1 პეტ. 3:21). ხოლო ფინიშის ხაზს მაშინ კვეთს, როცა იეჰოვა მას მარადიული სიცოცხლით აჯილდოებს (მათ. 25:31—34, 46; 2 ტიმ. 4:8). w20.04 26 ¶1—3

ოთხშაბათი, 5 იანვარი

აღიჭურვეთ ღვთის სრული საჭურვლით (ეფეს. 6:13).

„ერთგულია უფალი, ის განგამტკიცებთ და დაგიფარავთ ბოროტისგან“ (2 თეს. 3:3). როგორ გვმფარველობს იეჰოვა? სატანის თავდასხმებისგან რომ დაგვიცვას, იეჰოვა „სრული საჭურვლით“ გვმოსავს (ეფეს. 6:13—17). ეს სულიერი საჭურველი საიმედო თავდაცვის საშუალებაა. თუმცა ის მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვიცავს, თუ ყოველთვის სრული აღჭურვილობით ვიქნებით შემოსილნი და არ მოვიშორებთ მას. მაგალითად, ჭეშმარიტების სარტყელი ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში ჩაწერილ ჭეშმარიტებას განასახიერებს. რატომ უნდა ვატაროთ ეს სარტყელი? ეს იმიტომ არის აუცილებელი, რომ დაცული ვიყოთ სატანისგან, ტყუილების დიდოსტატისგან, რომელსაც ათასობით წელია „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“ (იოან. 8:44; გამოცხ. 12:9). რას ნიშნავს სიმბოლური სარტყლის ტარება? ეს ნიშნავს ვიცოდეთ ჭეშმარიტება იეჰოვას შესახებ, თაყვანი ვცეთ მას „სულითა და ჭეშმარიტებით“ და ყოველმხრივ პატიოსნად მოვიქცეთ (იოან. 4:24; ეფეს. 4:25; ებრ. 13:18). w21.03 26, 27 ¶3—5

ხუთშაბათი, 6 იანვარი

ის მშვენიერ ქვეყანაშიც შევა (დან. 11:41).

ისრაელის მიწას განსაკუთრებულს ის ხდიდა, რომ იქ მცხოვრები ხალხი იეჰოვას სცემდა თაყვანს. ახ. წ. 33 წლიდან მოყოლებული ეს „ქვეყანა“ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე აღარ მიუთითებს, რადგან დღეს იეჰოვას მთელ დედამიწაზე ჰყავს თაყვანისმცემლები. შეიძლება ითქვას, რომ დღეს „მშვენების ქვეყანა“ ღვთის ხალხის ცხოვრების წესზე მიუთითებს, რაშიც კრების შეხვედრებზე და სამქადაგებლო მსახურებაში იეჰოვას განდიდებაც იგულისხმება. უკანასკნელ დროს ჩრდილოეთის მეფე არაერთხელ შევიდა „მშვენების ქვეყანაში“. მაგალითად, ნაცისტური გერმანია ჩრდილოეთის მეფის როლს ასრულებდა, რაც განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს გამოჩნდა. ის იმ გაგებით შევიდა „მშვენების ქვეყანაში“, რომ დევნიდა და სიცოცხლეს უსწრაფებდა ღვთის ხალხს. II მსოფლიო ომის შემდეგ „მშვენების ქვეყანაში“ ახალი ჩრდილოეთის მეფე, საბჭოთა კავშირი შევიდა. ისიც დევნიდა იეჰოვას ხალხს და ციმბირში ასახლებდა. w20.05 13 ¶7, 8

პარასკევი, 7 იანვარი

იეჰოვას მეგობრები მისი მოშიშები არიან, მათ უმხელს ის თავის შეთანხმებას (ფსალმ. 25:14).

ვისაუბროთ ქრისტემდე მცხოვრებ ზოგ მამაკაცზე, რომლებიც ღმერთს დაუმეგობრდნენ. მაგალითად, აბრაამი გამორჩეული რწმენის მქონე კაცი იყო. მისი სიკვდილიდან 1 000 წელზე მეტი ხნის შემდეგაც კი იეჰოვამ ის მეგობრად მოიხსენია (ეს. 41:8). ეს იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთი ადამიანებს სიკვდილის შემდეგაც თავის მეგობრებად მიიჩნევს. აბრაამი მის მეხსიერებაში დღესაც ცოცხალია (ლუკ. 20:37, 38). დავფიქრდეთ იობის მაგალითზეც. ერთხელ, როცა ანგელოზები ზეცაში შეიკრიბნენ, იეჰოვამ იობის შესახებ ბევრი კარგი რამ თქვა. მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ იობი „უმწიკვლო, მართალი, ღვთისმოშიში . . . და ბოროტებისგან შორს“ მდგარი ადამიანი იყო (იობ. 1:6—8). რას ფიქრობდა იეჰოვა დანიელზე, რომელიც დაახლოებით 80 წლის განმავლობაში წარმართთა შორის ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს? ხანში შესული დანიელი იეჰოვას ანგელოზმა სამჯერ დაარწმუნა, რომ ღვთისთვის „ძალიან ძვირფასი“ იყო (დან. 9:23; 10:11, 19). ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა მოუთმენლად ელის იმ დროს, როცა თავის ერთგულ მეგობრებს მკვდრეთით აღადგენს (იობ. 14:15). w20.05 26, 27 ¶3, 4

შაბათი, 8 იანვარი

მასწავლე შენი წესები! (ფსალმ. 119:68).

შემსწავლელმა შეიძლება ისწავლოს ღვთის კანონები და დააფასოს კიდეც, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მას მორჩილებისკენ იეჰოვას სიყვარულმა უბიძგოს. ევამ კარგად იცოდა ღვთის კანონი, მაგრამ მას მთელი გულით არ უყვარდა კანონმდებელი. იმავეს თქმა შეიძლება ადამზეც (დაბ. 3:1—6). აქედან გამომდინარე, როგორც მასწავლებლებს, უფრო მეტი მოგვეთხოვება, ვიდრე ის, რომ ხალხს ღვთის მოთხოვნები და ნორმები ვასწავლოთ. იეჰოვას მოთხოვნები და ნორმები ყოველთვის ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება (ფსალმ. 119:97, 111, 112). მაგრამ, თუ შემსწავლელი ამ კანონების მიღმა იეჰოვას სიყვარულს ვერ დაინახავს, შეიძლება ისინი შემზღუდველად მოეჩვენოს. ამიტომ კარგი იქნება, ვკითხოთ შემსწავლელს: შენი აზრით, რატომ მოითხოვს ღმერთი თავის მსახურებისგან ასე მოქცევას ან ამა თუ იმ საქციელისგან თავის შეკავებას? რას ვიგებთ აქედან იეჰოვას პიროვნების შესახებ? თუ შემსწავლელს დავეხმარებით, დაფიქრდეს იეჰოვას თვისებებზე და შეიყვაროს მისი დიდებული სახელი, უკეთ შევძლებთ, რომ ჭეშმარიტება მის გულამდე მივიტანოთ. ასეთ შემთხვევაში ის არა მხოლოდ ღვთის კანონებს შეიყვარებს, არამედ თავად კანონმდებელსაც. ამგვარად შემსწავლელი რწმენასაც გაიძლიერებს და ურთულეს განსაცდელებსაც მზადყოფნით შეხვდება (1 კორ. 3:12—15). w20.06 10 ¶10, 11

კვირა, 9 იანვარი

თითოეული მზად იყოს მოსასმენად და ნუ იჩქარებს რამის თქმას (იაკ. 1:19).

არააქტიურს სულიერად მოძლიერებაში რომ დავეხმაროთ, მოთმინება გვჭირდება, რადგან ეს ხანგრძლივი პროცესია. ბევრი, ვინც ადრე არააქტიური იყო, ამბობს, რომ მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდა კრებას, რაც უხუცესებმა თუ სხვებმა არაერთხელ მოინახულეს. აზიაში მცხოვრები და, ნენსი, წერს: „კრებაში ერთმა დამ დიდი დახმარება გამიწია. ის უფროსი დასავით მიყურებდა. მახსენებდა ხოლმე იმ სასიამოვნო მომენტებს, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა. ის მოთმინებით მისმენდა, როცა გულს ვუშლიდი და თუ საჭირო იყო, რჩევასაც მაძლევდა. როგორც ნამდვილი მეგობარი, ყოველთვის მზად იყო ჩემ დასახმარებლად“. თანაგრძნობა შეიძლება მალამოს შევადაროთ, რომელიც ჭრილობის მოშუშებას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი წელი გავიდა, ზოგიერთი არააქტიური დღემდე ვერ ივიწყებს, როგორ ატკინა გული თანაქრისტიანმა. ამიტომაც არა აქვთ კრებაში დაბრუნების სურვილი. ზოგი შესაძლოა ფიქრობს, რომ უსამართლოდ მოექცნენ. მათ კარგი მომსმენი და თანამგრძნობი ადამიანი სჭირდებათ. w20.06 26 ¶10, 11

ორშაბათი, 10 იანვარი

თქვენ სძლიეთ ბოროტს (1 იოან. 2:14).

ყოველი მორიგი ცდუნების დაძლევა მომავალში სწორად მოქცევას უფრო გაგიადვილებთ. გახსოვდეთ, რომ სექსზე შექმნილი დამახინჯებული შეხედულება სინამდვილეში სატანისგან მომდინარეობს. ასე რომ, თუ სატანის ანკესს არ წამოეგებით, შეიძლება ითქვას, რომ „ბოროტს სძლევთ“. ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ იეჰოვას აქვს უფლება, განსაზღვროს, რა არის ცოდვა. ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ, არ ჩავიდინოთ ცოდვა. მაგრამ, თუ მაინც შევცოდავთ, შეგვიძლია ლოცვით მივმართოთ ღმერთს და ვაღიაროთ დანაშაული (1 იოან. 1:9). სერიოზული ცოდვის ჩადენის შემთხვევაში დახმარებისთვის უხუცესებს უნდა მივმართოთ, რომლებსაც იეჰოვამ ჩვენზე ზრუნვა დაავალა (იაკ. 5:14—16). ამის შემდეგ მიზეზი აღარ გვექნება, თავი დავიდანაშაულოთ წარსულში ჩადენილი შეცდომების გამო. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? ჩვენმა მოსიყვარულე მამამ საკუთარი ძე გაიღო მსხვერპლად, ჩვენთვის ცოდვები რომ მიეტევებინა. როცა იეჰოვა ამბობს, რომ პატიობს გულწრფელად მომნანიებელს, სრული საფუძველი გვაქვს, ვენდოთ ამ სიტყვებს. ასე რომ, ხელს ვერაფერი შეგვიშლის, სუფთა სინდისით ვემსახუროთ იეჰოვას (1 იოან. 2:1, 2, 12; 3:19, 20). w20.07 22, 23 ¶9, 10

სამშაბათი, 11 იანვარი

შენთან არის სიცოცხლის წყარო (ფსალმ. 36:9).

იყო დრო, როცა მთელ სამყაროში მხოლოდ იეჰოვა არსებობდა, მაგრამ ის თავს მარტოდ არ გრძნობდა და მისი ბედნიერება ვინმეს არსებობაზე არ იყო დამოკიდებული. თუმცა მას სურდა, რომ სხვებიც დამტკბარიყვნენ სიცოცხლით. ის სწორედ სიყვარულმა აღძრა, რომ შემოქმედებითი საქმიანობა წამოეწყო (1 იოან. 4:19). იეჰოვას პირველი ქმნილება მისი ძე, იესო იყო, რომლის მონაწილეობითაც შექმნა ღმერთმა ყველაფერი, მათ შორის მილიონობით ანგელოზი (კოლ. 1:16). იესოს ძალიან ახარებდა მამასთან თანამშრომლობა (იგავ. 8:30). სიხარულის მიზეზი არც ანგელოზებს აკლდათ. ისინი თვითმხილველები იყვნენ იმისა, თუ როგორ ქმნიდნენ იეჰოვა და იესო ცასა და დედამიწას. როგორი რეაქცია ჰქონდათ მათ ამ ყველაფერზე? ანგელოზები ყიჟინებდნენ, როცა დედამიწა შეიქმნა. ეჭვგარეშეა, ისინი აღტაცებაში მოჰყავდა მიწიერი ქმნილებების, მათ შორის იეჰოვას შემოქმედების გვირგვინის, ადამიანის, შექმნას (იობ. 38:7; იგავ. 8:31). ყოველი ქმნილება იეჰოვას სიყვარულსა და სიბრძნეზე მეტყველებდა (ფსალმ. 104:24; რომ. 1:20). w20.08 14 ¶1, 2

ოთხშაბათი, 12 იანვარი

ყველა ხალხი შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო (მათ. 24:9).

იეჰოვამ ჩვენში ჩადო მოთხოვნილება — გვიყვარდეს და ვუყვარდეთ. ამიტომ, როცა ვინმეს ვძულვართ, უსიამოვნო გრძნობა გვიპყრობს და ზოგჯერ შიშიც კი გვეუფლება. ერთი ძმა ამბობს: „როცა ჩემი მრწამსის გამო ჯარისკაცებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს და დამემუქრნენ, შემეშინდა და თავი დამცირებულად ვიგრძენი“. ამგვარი სიძულვილი გულს გვტკენს, მაგრამ არ გვაკვირვებს, რადგან იესომ იწინასწარმეტყველა, რომ შეგვიძულებდნენ. ქვეყნიერებას სძულს იესოს მიმდევრები, რადგან იესოს მსგავსად არც ისინი არიან ქვეყნიერების ნაწილი (იოან. 15:17—19). მართალია, ჩვენ პატივისცემას ვავლენთ ხელისუფლების მიმართ, მაგრამ პოლიტიკურად ნეიტრალურები ვართ და ეროვნულ სიმბოლოებს არ ვეთაყვანებით. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვას ვცემთ თაყვანს. დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ მას აქვს უფლება, მართოს კაცობრიობა, რასაც არამც და არამც არ აღიარებენ სატანა და მისი „შთამომავლობა“ (დაბ. 3:1—5, 15). ჩვენ ვქადაგებთ, რომ ღვთის სამეფო კაცობრიობის ხსნის ერთადერთი იმედია და რომ ეს სამეფო ბოლოს მოუღებს ყველა მოწინააღმდეგეს (დან. 2:44; გამოცხ. 19:19—21). ცნობა, რომელსაც ვქადაგებთ, სასიხარულოა თვინიერთათვის, მაგრამ ავისმომასწავებელია ბოროტთათვის. w21.03 20 ¶1, 2

ხუთშაბათი, 13 იანვარი

ვიცით, რომ ღვთისგან ვართ (1 იოან. 5:19).

იეჰოვა აფასებს ქრისტიან დებს და მათ მნიშვნელოვან საქმეს ანდობს კრებაში. ღვთის სიტყვაში ისინი გონიერების, რწმენის, გულმოდგინების, სიმამაცის, გულუხვობისა და კარგი საქმეების მაგალითებად არიან წარმოდგენილი (ლუკ. 8:2, 3; საქ. 16:14, 15; რომ. 16:3, 6; ფილ. 4:3; ებრ. 11:11, 31, 35). კრებაში ბევრი ძვირფასი ხანდაზმული და-ძმაც გვყავს. მათ ასაკის გამო ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემასთან უწევთ გამკლავება. მიუხედავად ამისა, შეძლებისდაგვარად მონაწილეობენ მსახურებაში და მთელ თავიანთ ძალას სხვების გამხნევებასა და სწავლებას ახმარენ. მათი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ბევრ რამეს ვსწავლობთ. ისინი ძვირფასები არიან იეჰოვასთვის და სილამაზის გვირგვინივით არიან კრებისთვის (იგავ. 16:31). რას ვიტყოდით ჩვენს ახალგაზრდებზე? ისინი ბევრ სირთულეს ხვდებიან ამ ქვეყნიერებაში, სადაც სატანის დამახინჯებული აზროვნებაა გაბატონებული. ყველა ვმხნევდებით, როცა ვხედავთ ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც კომენტარებს აკეთებენ კრებაში, მსახურობენ და გაბედულად იცავენ თავიანთ მრწამსს. ახალგაზრდებო, თქვენ ნამდვილად ღირსეული ადგილი გიკავიათ ქრისტიანულ კრებაში (ფსალმ. 8:2). w20.08 21, 22 ¶9—11

პარასკევი, 14 იანვარი

გგზავნით, როგორც ცხვრებს მგლებში (მათ. 10:16).

როცა იეჰოვას მოწმეები ვხდებით და ქადაგებას ვიწყებთ, შეიძლება შტორმივით თავს დაგვატყდეს ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა და ნაცნობებისგან დამცინავი რეპლიკები. ამასთანავე, შეიძლება გულგრილ დამოკიდებულებას შევხვდეთ სასიხარულო ცნობის ქადაგების დროს. რა შეგმატებთ გაბედულებას? პირველი, უნდა გჯეროდეთ, რომ იესო სამქადაგებლო საქმეს ზეციდან ხელმძღვანელობს (იოან. 16:33; გამოცხ. 14:14—16). ამასთანავე, გაიძლიერეთ იმის რწმენა, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის დაპირებას და იზრუნებს თქვენზე (მათ. 6:32—34). რწმენის ზრდასთან ერთად გაბედულებაც შეგემატებათ. თქვენ უდიდესი რწმენა გამოავლინეთ, როცა უთხარით თქვენს ნაცნობებსა თუ ოჯახის წევრებს, რომ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობთ და მათ შეხვედრებს ესწრებით. ეჭვგარეშეა, დიდი ცვლილებები მოახდინეთ, რათა იეჰოვას ნორმებით გეცხოვრათ. ამას კი რწმენისა და გამბედაობის გარეშე ვერ შეძლებდით. რაც უფრო მეტ გამბედაობას შეიძენთ, მით უფრო შეგემატებათ ამ სიტყვების რწმენა: „სადაც წახვალ, ყველგან შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი!“ (იეს. 1:7—9). w20.09 5 ¶11, 12

შაბათი, 15 იანვარი

იეჰოვამ დაასვენა ის (2 მატ. 14:6).

მეფე ასა ბრძნულად იქცეოდა, რადგან ბოლომდე ენდობოდა იეჰოვას, რითაც შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. ის იეჰოვას მაშინაც ერთგულად ემსახურებოდა, როცა გასაჭირში იყო და მაშინაც, როცა მშვიდობიანი პერიოდი ედგა. „ასა იეჰოვას ერთგული იყო მთელი სიცოცხლე“ (1 მეფ. 15:14). ასამ თავისი ერთგულება იმითაც დაამტკიცა, რომ იუდაში ცრუ თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ გაილაშქრა. როგორც ბიბლია გვამცნობს, „მოსპო მან სხვა ღმერთების სამსხვერპლოები და სათაყვანო მაღლობები, დაამტვრია სათაყვანო სვეტები და აჩეხა სათაყვანო ბოძები“ (2 მატ. 14:3, 5). მან ბებიამის მააქასაც კი ჩამოართვა დედოფლობა, რადგან ის კერპთაყვანისმცემლობას უჭერდა მხარს (1 მეფ. 15:11—13). ასამ არა მხოლოდ ცრუ თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ გაილაშქრა, არამედ იუდას სამეფოში იეჰოვას თაყვანისმცემლობაც აღადგინა. იეჰოვას კურთხევით მეფესაც და ხალხსაც მშვიდობის ხანა დაუდგათ. ასას მეფობის დროს „ათი წლის მანძილზე მშვიდობა იყო ქვეყანაში“ (2 მატ. 14:1, 4, 6). w20.09 14 ¶2, 3

კვირა, 16 იანვარი

ტიმოთე, გაუფრთხილდი იმას, რაც მოგენდო (1 ტიმ. 6:20).

ალბათ, არაერთხელ მიგვინდია ჩვენთვის ძვირფასი რამ სხვებისთვის. მაგალითად, თანხა შესანახად ბანკში შეგვიტანია. როცა ასე მოვქცეულვართ, იმის მოლოდინიც გვქონია, რომ ჩვენი თანხა დაცული იქნებოდა და არ დაგვეკარგებოდა. მოციქულმა პავლემ შეახსენა ტიმოთეს, რა ძვირფასი ძღვენი მიიღო, ანუ მან გაიგო, რა განიზრახა ღმერთმა კაცობრიობისთვის. ტიმოთეს „მახარობლის საქმის“ შესრულებაც მიენდო (2 ტიმ. 4:2, 5). პავლემ მას მოუწოდა, გაფრთხილებოდა მისთვის მინდობილს. ტიმოთეს მსგავსად ჩვენც მივიღეთ ძვირფასი ძღვენი იეჰოვასგან. იეჰოვას წყალობით ჩვენ ვიცით ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში ჩაწერილი ძვირფასი ჭეშმარიტება. ის ძვირფასია, რადგან გვეხმარება იეჰოვასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაში და გვანახვებს, რას მოაქვს ნამდვილი ბედნიერება. როცა ვითავისებთ ამ ჭეშმარიტებას და მისით ვხელმძღვანელობთ, ვთავისუფლდებით ცრუ სწავლებების მონობისგან და თავს ვაღწევთ უზნეობის მახეს (1 კორ. 6:9—11). w20.09 26 ¶1—3

ორშაბათი, 17 იანვარი

იცით, როგორები გავხდით თქვენთვის თქვენდა სასიკეთოდ (1 თეს. 1:5).

ბიბლიის შემსწავლელი უნდა ხედავდეს, რომ ენთუზიაზმით საუბრობთ ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე და გჯერათ იმის, რასაც ასწავლით. ასეთ შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ მასაც გადაედება თქვენი ენთუზიაზმი და დააფასებს ნასწავლს. შემსწავლელს შეგიძლიათ უთხრათ, პირადად თქვენ როგორ დაგეხმარათ ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება. ის მიხვდება, რომ ბიბლიური რჩევების მიყოლა მასაც გამოადგება ცხოვრებაში. ბიბლიის შესწავლის დროს შეგიძლიათ მოიხსენიოთ იმ და-ძმების მაგალითები, რომლებმაც გადალახეს მისი მსგავსი პრობლემები. კარგი იქნება, შესწავლაზე ის მაუწყებელი წაიყვანოთ, რომლის მაგალითიც მას გაამხნევებს. დაანახვეთ შემსწავლელს, რამდენად გონივრულია ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება. თუ ბიბლიის შემსწავლელი დაქორწინებულია და მისი მეუღლე არ სწავლობს ბიბლიას, მასაც შესთავაზეთ, შემოგიერთდეთ შესწავლაში. წაახალისეთ შემსწავლელი, ნასწავლი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს გაუზიაროს (იოან. 1:40—45). w20.10 16 ¶7—9

სამშაბათი, 18 იანვარი

ჩააგონე შენს ვაჟს (კან. 6:7).

იოსებმა და მარიამმა ღვთის მოსაწონად აღზარდეს იესო; ისინი მიჰყვებოდნენ იმ მითითებებს, რომლებიც იეჰოვამ მშობლებს მისცა (კან. 6:6, 7). იოსებსა და მარიამს ძალიან უყვარდათ იეჰოვა და მათი მთავარი მიზანიც ის იყო, რომ შვილებისთვის ასეთივე სიყვარული ჩაენერგათ. იოსებისა და მარიამის ოჯახში იეჰოვას თაყვანისცემას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ისინი ყოველკვირა შვილებთან ერთად დადიოდნენ ნაზარეთის სინაგოგაში, აგრეთვე ყოველწლიური პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად — იერუსალიმში (ლუკ. 2:41; 4:16). იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე მშობლები, ალბათ, იესოსა და მის და-ძმებს მოუთხრობდნენ იეჰოვას ხალხის ისტორიას. შესაძლოა გზად იმ ისტორიულ ადგილებსაც ათვალიერებინებდნენ, რომლებიც წმინდა წერილებში იყო მოხსენიებული. ოჯახის ზრდასთან ერთად იოსებისა და მარიამისთვის უფრო რთული გახდებოდა სულიერ საქმეებში რეგულარული მონაწილეობა. მაგრამ მათ შრომა ნამდვილად დაუფასდათ. საბოლოო ჯამში, მთელი ოჯახის სულიერ კეთილდღეობაზე აისახა ის, რომ იეჰოვას თაყვანისცემა ოჯახში ყოველთვის პირველ ადგილზე იყო. w20.10 28 ¶8, 9

ოთხშაბათი, 19 იანვარი

ეზრას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ გამოეკვლია იეჰოვას კანონი . . . და ესწავლებინა ისრაელებისთვის წესები (ეზრ. 7:10).

თუ ბიბლიის შესწავლაზე გეპატიჟებიან, კარგს იზამთ, თუ წინასწარ მოამზადებთ განსახილველ მასალას. დორინი, რომელიც სპეციალურ პიონერად მსახურობს, ამბობს: „კარგია, როცა შესწავლისთვის ჩემი პარტნიორიც მომზადებულია. ამ შემთხვევაში ის საინტერესოდ ერთვება განხილვაში“. გარდა ამისა, შემსწავლელს კარგ მაგალითს მისცემთ, როცა ორივე სათანადოდ იქნებით მომზადებული. თუ განსახილველი მასალის საგულდაგულოდ მომზადებას ვერ მოახერხებთ, მთავარ აზრებს მაინც გადაავლეთ თვალი. ვინაიდან ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია ბიბლიის შესწავლის დროს, კარგი იქნება, წინასწარ დაფიქრდეთ, რას იტყვით, თუ ამის გაკეთება თქვენ მოგიწევთ. ასე უფრო შინაარსიანად ილოცებთ (ფსალმ. 141:2). იაპონიაში მცხოვრებ ჰანეს დღემდე ახსოვს ის ლოცვები, რომლებსაც ის და წარმოთქვამდა, მის მასწავლებელს რომ ახლდა შესწავლაზე. ჰანე ამბობს: „მისი ლოცვიდან აშკარად ჩანდა, როგორი სიახლოვე ჰქონდა იეჰოვასთან. მინდოდა, მისთვის მიმებაძა. ძალიან მსიამოვნებდა, როცა მეც მახსენებდა ლოცვაში“. w21.03 9, 10 ¶7, 8

ხუთშაბათი, 20 იანვარი

გამაგრდი! . . რომშიც უნდა იქადაგო (საქ. 23:11).

იესომ დაარწმუნა მოციქული პავლე, რომ ის რომში აუცილებლად ჩავიდოდა. ამ დროს იერუსალიმში ზოგიერთებმა მის მოსაკლავად გეგმა შეიმუშავეს. მათი ხელიდან პავლე რომაელმა ათასისთავმა, კლავდიუს ლისიამ იხსნა, რომელმაც მათი ჩანაფიქრის შესახებ შეიტყო. კლავდიუსმა დაუყოვნებლივ გასცა ბრძანება, რომ მოციქული დაცვის თანხლებით იერუსალიმიდან კესარეაში ჩაეყვანათ. იქ ჩასვლის შემდეგ გამგებელმა ფელიქსმა ბრძანა, რომ პავლე „ჰეროდეს სასახლეში დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ ჰყოლოდათ“. ასე ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში მისი მოკვლის მსურველებს (საქ. 23:12—35). გამგებელი ფელიქსი ფესტუსმა შეცვალა. ფესტუსს, რომელსაც იუდეველების მომადლიერება უნდოდა, პავლეს ჰკითხა: „ხომ არ გირჩევნია, იერუსალიმში წახვიდე და იქ გაგასამართლო?“ მოციქული ხვდებოდა, რომ იერუსალიმში მას მოკლავდნენ. ამიტომ ფესტუსს უთხრა: „კეისართან ვასაჩივრებ!“. ფესტუსმა უპასუხა: „კეისართან ასაჩივრებ და კეისართან წახვალ“. ძალიან მალე პავლე რომში იქნებოდა, მათგან შორს, ვინც მის მოკვლას ცდილობდა (საქ. 25:6—12). w20.11 13 ¶4; 14 ¶8—10

პარასკევი, 21 იანვარი

თუნდაც გული რაიმეში მსჯავრს გვდებდეს (1 იოან. 3:20).

დროდადრო ყველას გვეუფლება დანაშაულის გრძნობა. ზოგი თავს უღირსად იმ ცოდვების გამო გრძნობს, ჭეშმარიტების გაგებამდე რომ ჩადიოდა, ზოგსაც ნათლობის შემდეგ დაშვებული შეცდომები აღელვებს (რომ. 3:23). მართალია, ყველას გვსურს, სწორად მოვიქცეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ჩვენ ყველანი ხშირად ვცდებით“ (იაკ. 3:2; რომ. 7:21—23). თუმცა ერთიცაა: დანაშაულის გრძნობა ცალსახად ცუდი არაა. თავის დადანაშაულება იმას ნიშნავს, რომ გვინდა, გამოვსწორდეთ და აღარ გავიმეოროთ შეცდომები (ებრ. 12:12, 13). თუმცა ზოგი ქრისტიანი იმდენად შთანთქა დანაშაულის გრძნობამ, რომ წარსულში ჩადენილ შეცდომებს მაშინაც კი ვერ პატიობს საკუთარ თავს, თუკი უკვე მოინანია და იეჰოვამაც აპატია ისინი. ერთი რამ ცხადია: წარსულის შეცდომებზე გადამეტებული წუხილი კარგს არაფერს გვიქადის (ფსალმ. 31:10; 38:3, 4). არ გვინდა, რომ ჩადენილი შეცდომების გამო გადამეტებულმა წუხილმა გვშთანთქას. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: სატანის წისქვილზე დავასხამთ წყალს, თუ საკუთარ თავზე ხელს ჩავიქნევთ მაშინ, როცა იეჰოვას ხელი არ ჩაუქნევია ჩვენზე (შეადარეთ 2 კორინთელების 2:5—7, 11). w20.11 27 ¶12, 13

შაბათი, 22 იანვარი

მე კი ამაოდ ვუფრთხილდებოდი გულს და ამაოდ დავიბანე უდანაშაულობის ნიშნად ხელი (ფსალმ. 73:13).

ამ ფსალმუნის დამწერ ლევიანს შეშურდა ბოროტი და ქედმაღალი ხალხის, რომელიც უზრუნველად ცხოვრობდა (ფსალმ. 73:2—9, 11—14). ერთი შეხედვით, მათ არაფერი აწუხებდათ — ჰქონდათ სიმდიდრე და დალხენილი ცხოვრება. მას იეჰოვას თვალით უნდა შეეხედა მოვლენებისთვის. შედეგად, ლევიანმა უწინდელი სიხარული დაიბრუნა და მის გულში კვლავ სიმშვიდემ დაისადგურა. მან თქვა: „[იეჰოვას] მეტი არავინ მინდა დედამიწაზე“ (ფსალმ. 73:25). მსგავსად, მოდი არასდროს შეგვშურდეს ბოროტების, რომელთაც, ერთი შეხედვით, არაფერი აკლიათ. მათი სიხარული მოჩვენებითი და წარმავალია (ეკლ. 8:12, 13). თუ შეგვშურდება მათი, შეიძლება გული გაგვიტყდეს და ჩვენს სულიერობას საფრთხე შევუქმნათ. ასე რომ, თუკი ბოროტთა „წარმატებას“ შენატრით, მიჰბაძეთ ამ ლევიანს — ყურად იღეთ მოსიყვარულე ღვთის რჩევები და იეჰოვას ნების შემსრულებლებთან გქონდეთ ურთიერთობა. თუ თქვენი სიხარულის მთავარი მიზეზი იეჰოვაა, ნამდვილად ბედნიერი იქნებით და დარჩებით „ჭეშმარიტი სიცოცხლის“ გზაზე (1 ტიმ. 6:19). w20.12 19 ¶14—16

კვირა, 23 იანვარი

როცა არ ვიცით, რაზე ვილოცოთ, სული სწვდება ჩვენს გამოუთქმელ ოხვრას და გვშუამდგომლობს (რომ. 8:26).

როცა იეჰოვას თქვენს პრობლემებზე ესაუბრებით, ნუ დაივიწყებთ მადლიერების სიტყვებსაც. მაშინაც კი, თუ პრობლემები თავზე საყრელად გაქვთ, იფიქრეთ, რამდენი კარგი რამ გაუკეთებია იეჰოვას თქვენთვის. თუ ზოგჯერ სათანადო სიტყვებს ვერ პოულობთ მძიმე განცდების გამოსახატავად, გახსოვდეთ, იეჰოვა მაინც შეისმენს თქვენს სათხოვარს, თუნდაც მხოლოდ ამის თქმა მოახერხოთ: „ღმერთო, დამეხმარე!“ (2 მატ. 18:31). იხელმძღვანელეთ იეჰოვას ბრძნული პრინციპებით და არა საკუთარი გულის კარნახით. ესაია წინასწარმეტყველის დროს იუდაში მცხოვრები ხალხი ასურელების მუქარამ შეაშინა. ასურელების უღელქვეშ რომ არ აღმოჩენილიყვნენ, დახმარებისთვის წარმართ ეგვიპტელებს მიმართეს (ეს. 30:1, 2). იეჰოვა აფრთხილებდა მათ, რომ ასეთი მცდარი კურსი უბედურებას დაატეხდა თავს (ეს. 30:7, 12, 13). ესაიას მეშვეობით იეჰოვამ თავის ხალხს აუხსნა, რა შემთხვევაში იქნებოდნენ დაცული. მან თქვა: „თქვენი ძალა მშვიდად ყოფნასა და მინდობაში იქნება“ (ეს. 30:15ბ). w21.01 3, 4 ¶8, 9

ორშაბათი, 24 იანვარი

გავიგონე ბეჭედდასმულთა . . . რიცხვი, 144 000 (გამოცხ. 7:4).

ქრისტეს ცხებული ძმები ერთგულებისთვის ჯილდოდ ზეცაში მეფობასა და მღვდლობას მიიღებენ (გამოცხ. 20:6). ღვთის ზეციური ოჯახი დიდად გაიხარებს, როცა 144 000 ცხებული ქრისტიანი ზეციურ ჯილდოს მიიღებს. მას შემდეგ, რაც 144 000 მეფისა და მღვდლის შესახებ მოგვითხრობს, მოციქული იოანე ხედავს კიდევ ერთ შთამბეჭდავ ხილვას, კერძოდ, არმაგედონგადატანილ „უამრავ ხალხს“. პირველი ჯგუფისგან განსხვავებით, მეორე ჯგუფი გაცილებით დიდია და მისი ზუსტი რაოდენობა არ არის განსაზღვრული (გამოცხ. 7:9, 10). ისინი თეთრი გრძელი სამოსლით არიან შემოსილნი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მათ თავი დაიცვეს სატანის „უწმინდური ქვეყნიერებისგან“ და ღვთისა და ქრისტეს ერთგულები დარჩნენ (იაკ. 1:27). ისინი ხმამაღლა ამბობენ, რომ ხსნას იეჰოვასა და იესოს, „ღვთის კრავს“, უმადლიან. ხელში პალმის ტოტებიც უჭირავთ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სიხარულით ეგებებიან იესოს, იეჰოვას ცხებულ მეფეს (შეადარეთ იოანეს 12:12, 13). w21.01 15, 16 ¶6, 7

სამშაბათი, 25 იანვარი

შენი თავმდაბლობით განვდიდდები (2 სამ. 22:36).

მამაკაცს იეჰოვასა და იესოს მაგალითებზე შეუძლია ისწავლოს, როგორ გახდეს ოჯახის კარგი მეთაური. დაფიქრდით, როგორ ავლენენ იეჰოვა და იესო თავმდაბლობას. იეჰოვას სიბრძნით ვერავინ გაუტოლდება. მიუხედავად ამისა, ის მაინც ინტერესდება თავისი მსახურების აზრით (დაბ. 18:23, 24, 32). იეჰოვა სრულყოფილია, მაგრამ სრულყოფილებას ჩვენ არ გვთხოვს, პირიქით, გვეხმარება, რომ ვემსახუროთ მას (ფსალმ. 113:6, 7). ამიტომაც უწოდებს ბიბლია მას „შემწეს“ (ფსალმ. 27:9; ებრ. 13:6). მეფე დავითი აღიარებდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვას თავმდაბლობის წყალობით მიაღწია ყველაფერს. განვიხილოთ იესოს მაგალითი. მან ფეხები დაჰბანა თავის მოწაფეებს მიუხედავად იმისა, რომ მათი უფალი და მოძღვარი იყო. თავად იესომაც თქვა: „ამით მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე გააკეთოთ“ (იოან. 13:12—17). იესო უდიდეს ძალაუფლებას ფლობდა, მაგრამ სხვებისგან მომსახურებას არ ელოდა, პირიქით, მზად იყო, სხვებს მომსახურებოდა (მათ. 20:28). w21.02 3, 4 ¶8—10

ოთხშაბათი, 26 იანვარი

ჭაბუკთა დიდება მათი ძალაა (იგავ. 20:29).

ძმებო, თქვენ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ კრებისთვის. თქვენი ძალა და ენერგია კრებაში და-ძმებს ბევრ რამეში გამოადგებათ. შეიძლება ერთი სული გაქვთ, როდის დაინიშნებით მომსახურედ, მაგრამ გრძნობთ, რომ ამ საპასუხისმგებლო საქმისათვის სხვები ძალიან ახალგაზრდად და გამოუცდელად გთვლიან. თქვენი ასაკის მიუხედავად დღესვე შეგიძლიათ და-ძმების თვალში ნდობა და პატივისცემა მოიპოვოთ. ახალგაზრდა ძმებო, დარწმუნებული ვართ, რომ თქვენც გაქვთ ისეთი უნარები, რომლებსაც და-ძმების სასიკეთოდ გამოიყენებთ. მაგალითად, შეგიძლიათ ხანდაზმულებს ასწავლოთ, როგორ გამოიყენონ პლანშეტები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები პირადი შესწავლისა თუ კრების შეხვედრებისთვის. თქვენი უნარი, რომ კარგად ერკვევით ელექტრონულ მოწყობილობებში, დიდად წაადგებათ ხანში შესულ და-ძმებს კრებაში. თქვენი საქმეებით თქვენს ზეციერ მამას გაუხარებთ გულს. w21.03 2 ¶1, 3; 7 ¶18

ხუთშაბათი, 27 იანვარი

თითოეული თავის სატარებელს ატარებს (გალ. 6:5).

მაშინაც კი, თუ ცოლი ქმარზე განათლებულია, მაინც ქმრის პასუხისმგებლობაში შედის თეოკრატიული საქმიანობის გაძღოლა ოჯახში, მათ შორის ოჯახური თაყვანისცემის ჩატარება (ეფეს. 6:4). მართალია, ოჯახის სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვა ქმრის მოვალეობაა, მაგრამ რწმენის გაძლიერებაზე ქალმა თავადაც უნდა იზრუნოს. ამიტომ მან დრო უნდა გამოყოს პირადი შესწავლისა და ფიქრისთვის. ეს მას ღვთისადმი სიყვარულსა და პატივისცემას გაუძლიერებს, რაც, თავის მხრივ, ქმრის მორჩილებას გაუადვილებს. ცოლები, რომლებიც ქმრებს იეჰოვას სიყვარულით ემორჩილებიან, უფრო მეტ სიხარულსა და კმაყოფილებას გრძნობენ, ვიდრე ისინი, ვინც არ ითვალისწინებენ მეთაურობის პრინციპს. ქმრის მორჩილი ცოლები კარგ მაგალითს აძლევენ ახალგაზრდებს. ამასთანავე, თბილ და სასიამოვნო გარემოს ქმნიან არა მარტო ოჯახში, არამედ კრებაშიც (ტიტ. 2:3—5). დღეს იეჰოვას თაყვანისმცემელთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ (ფსალმ. 68:11). w21.02 13 ¶21—23

პარასკევი, 28 იანვარი

დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ (იაკ. 4:8).

პავლე მოციქული გაბედულებისა და მოთმინების უბადლო მაგალითს გვაძლევს. მართალია, ზოგჯერ თავს უსუსურად გრძნობდა, მაგრამ ყველაფერს გაუძლო, რადგან იეჰოვასგან ბოძებულ ძალაზე იყო დაიმედებული (2 კორ. 12:8—10; ფილ. 4:13). ძალასა და გამბედაობას ჩვენც მოვიკრებთ, თუ გვეყოფა თავმდაბლობა, ვაღიაროთ, რომ იეჰოვას დახმარების გარეშე ბევრს ვერაფერს შევძლებთ (იაკ. 4:10). გახსოვდეთ, რომ განსაცდელები იეჰოვასგან მოვლენილი სასჯელი არ არის. მოწაფე იაკობი გვარწმუნებს: „განსაცდელის დროს ნურავინ იტყვის, ღმერთი მცდისო; შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის“ (იაკ. 1:13). თუ ამ სიტყვებში ეჭვი არ შეგვეპარება, უფრო დავუახლოვდებით ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას. იეჰოვა „ცვალებად ჩრდილს არ ჰგავს“ (იაკ. 1:17). ამიტომ, როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანებს ედგა მხარში განსაცდელების დროს, ჩვენც ასევე დაგვიდგება მხარში. მთელი გულით სთხოვეთ იეჰოვას, მოგცეთ სიბრძნე, რწმენა და გამბედაობა. თქვენი ლოცვები უპასუხოდ არ დარჩება. w21.02 31 ¶19—21

შაბათი, 29 იანვარი

რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცს ლესავს (იგავ. 27:17).

ბიბლიის შემსწავლელს გაამხნევებს, თუ კრების შეხვედრებზე ყურადღებას გამოიჩენთ მის მიმართ (ფილ. 2:4). კარგი იქნება, თუ შეაქებთ იმ სასიკეთო ცვლილებებისთვის, რომლებსაც ახდენს. მაგალითად, შეგიძლიათ ჰკითხოთ ბიბლიის შესწავლის, ოჯახის ან სამუშაოს შესახებ, ოღონდ ისე, რომ ზედმეტად პირადულ კითხვებში არ გადახვიდეთ. ასეთმა საუბრებმა შეიძლება უფრო დაგაახლოვოთ ერთმანეთთან. თუ დაუმეგობრდებით შემსწავლელს, ამით ხელს შეუწყობთ მას სულიერ ზრდასა და ნათლობაში. ბიბლიის შემსწავლელს სულიერი ზრდა დაეხმარება, კრებაში თავისი ადგილი დაინახოს. ამაში ხელს შევუწყობთ, თუ მის მიმართ სტუმართმოყვარეობას გამოვიჩენთ (ებრ. 13:2). როცა ბიბლიის შემსწავლელი მაუწყებელი გახდება, შეგიძლიათ მას მსახურება დაუგეგმოთ. ბრაზილიელი მაუწყებელი დიეგო ამბობს: „ბევრმა დამიგეგმა მსახურება. ეს საუკეთესო საშუალებაა და-ძმების ახლოს გასაცნობად. თანაქრისტიანებიც უკეთ გავიცანი და იეჰოვასა და იესოსაც უფრო დავუახლოვდი“. w21.03 12 ¶15, 16

კვირა, 30 იანვარი

ნურავის გადაუხდით სამაგიეროს (რომ. 12:17).

იესომ თავის მიმდევრებს მტრების სიყვარულისკენ მოუწოდა (მათ. 5:44, 45). ვერ ვიტყვით, რომ ამ მითითების გათვალისწინება ადვილია, თუმცა ღვთის წმინდა სულის დახმარებით შესაძლებელია. წმინდა სულის ნაყოფი მოიცავს ისეთ თვისებებს, როგორიცაა: სიყვარული, მოთმინება, სიკეთე, რბილი ხასიათი და თავშეკავება (გალ. 5:22, 23). თავის მხრივ ეს თვისებები სიძულვილის ატანის ძალას გვაძლევს. ბევრმა მოწინააღმდეგემ შეიცვალა უარყოფითი დამოკიდებულება, რადგან მათი მორწმუნე ქმრები, ცოლები, შვილები თუ სხვები ამ ღვთისმოსაწონ თვისებებს ავლენდნენ. ბევრი მათგანი ჩვენი და-ძმაც კი გახდა. ასე რომ, თუ გიჭირთ მათი შეყვარება, ვისაც თქვენი მრწამსის გამო სძულხართ, ილოცეთ წმინდა სულისთვის (ლუკ. 11:13). ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ღვთის მორჩილება ყოველთვის საუკეთესო შედეგებს მოგიტანთ (იგავ. 3:5—7). სიყვარული სიძულვილზე გაცილებით ძლიერია. მას ადამიანის გულის მოგებაც შეუძლია და იეჰოვას გახარებაც. ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა დამოკიდებულება რომც არ შეიცვალონ, ჩვენ მაინც ბედნიერები ვიქნებით. w21.03 23 ¶13; 24 ¶15, 17

ორშაბათი, 31 იანვარი

ძლიერი და ურიცხვი ხალხი მოვიდა ჩემს მიწაზე (იოელ. 1:6).

წინასწარმეტყველი იოელი სამხედრო თავდასხმაზე საუბრობს (იოელ. 2:1, 8, 11). იეჰოვამ თქვა, რომ ურჩი ისრაელების დასასჯელად „დიდ ჯარს“ ანუ ბაბილონელ ჯარისკაცებს გამოიყენებდა (იოელ. 2:25). ამ ჯარს მართებულად შეიძლება ეწოდოს „ჩრდილოელი“, რადგან ბაბილონელები სწორედ ჩრდილოეთიდან დაესხმებოდნენ თავს ისრაელს (იოელ. 2:20). ბაბილონელების ჯარი კარგად ორგანიზებულ კალიების გუნდს არის შედარებული. მათზე იოელი ამბობს: „[მეომრებივით] აგრძელებენ სვლას . . . ქალაქში იჭრებიან, . . სახლებზე ადიან, ქურდებივით სარკმლებიდან მიძვრებიან“ (იოელ. 2:8, 9). გონებაში გააცოცხლეთ ეს სურათი. წარმოიდგინეთ, რომ ყველგან ბაბილონელთა ჯარისკაცები არიან, რომელთაც ვერავინ დაემალება; მათ მახვილს თავს ვერავინ დააღწევს! კალიების მსგავსად ბაბილონელები (ქალდეველები) ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმში შეიჭრნენ. ბიბლია გვატყობინებს, რომ „არ შეჰბრალებია მას [ქალდეველთა მეფეს] არც ჭაბუკი, არც ქალწული, არც მოხუცებული და არც ღრმად მოხუცებული“ (2 მატ. 36:17). w20.04 5 ¶11, 12

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება