საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es22 გვ. 17-26
  • თებერვალი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თებერვალი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2022
  • ქვესათაურები
  • სამშაბათი, 1 თებერვალი
  • ოთხშაბათი, 2 თებერვალი
  • ხუთშაბათი, 3 თებერვალი
  • პარასკევი, 4 თებერვალი
  • შაბათი, 5 თებერვალი
  • კვირა, 6 თებერვალი
  • ორშაბათი, 7 თებერვალი
  • სამშაბათი, 8 თებერვალი
  • ოთხშაბათი, 9 თებერვალი
  • ხუთშაბათი, 10 თებერვალი
  • პარასკევი, 11 თებერვალი
  • შაბათი, 12 თებერვალი
  • კვირა, 13 თებერვალი
  • ორშაბათი, 14 თებერვალი
  • სამშაბათი, 15 თებერვალი
  • ოთხშაბათი, 16 თებერვალი
  • ხუთშაბათი, 17 თებერვალი
  • პარასკევი, 18 თებერვალი
  • შაბათი, 19 თებერვალი
  • კვირა, 20 თებერვალი
  • ორშაბათი, 21 თებერვალი
  • სამშაბათი, 22 თებერვალი
  • ოთხშაბათი, 23 თებერვალი
  • ხუთშაბათი, 24 თებერვალი
  • პარასკევი, 25 თებერვალი
  • შაბათი, 26 თებერვალი
  • კვირა, 27 თებერვალი
  • ორშაბათი, 28 თებერვალი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2022
es22 გვ. 17-26

თებერვალი

სამშაბათი, 1 თებერვალი

იყავით თავმდაბლები და სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად ჩათვალეთ (ფილ. 2:3).

უკეთ გაიცანით და-ძმები. გამოელაპარაკეთ თანაქრისტიანებს კრების შეხვედრის დაწყებამდე ან დამთავრების შემდეგ, დაუგეგმეთ მსახურება ან თუ შესაძლებელია, სადილად დაპატიჟეთ. თუ ასე მოიქცევით, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ის და, რომელიც უკარება ჩანს, სინამდვილეში მორცხვია; ძმა, რომელზეც ფიქრობდით, რომ ფული უყვარს, სინამდვილეში სტუმართმოყვარეა; ან და, რომელსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, კრებაზე ხშირად იმიტომ აგვიანებს, რომ ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობას ხვდება (იობ. 6:29). ცხადია, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ „სხვის საქმეში ჩარევა“ არ გამოგვივიდეს, თუმცა კარგი იქნება, თუ უკეთ გავიცნობთ და-ძმებს და გავიგებთ, რამ განაპირობა მათი ხასიათისა თუ პიროვნული თვისებების ჩამოყალიბება (1 ტიმ. 5:13). ახლოს გაიცანით ის თანაქრისტიანი, რომლის საქციელიც გაღიზიანებთ. ეს დაგეხმარებათ, უკეთ გაუგოთ მას. მართალია, თანაქრისტიანების გაცნობა ჩვენი მხრიდან ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ, როცა ვითვალისწინებთ ბიბლიურ რჩევას და გულისკარს ფართოდ ვაღებთ, იეჰოვას ვბაძავთ, რომელსაც „ყველანაირი ადამიანი“ უყვარს (1 ტიმ. 2:3, 4; 2 კორ. 6:11—13). w20.04 16, 17 ¶10—12

ოთხშაბათი, 2 თებერვალი

იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავს სწირავს მეგობრებისთვის (იოან. 15:13).

სიკვდილის წინა ღამეს იესომ თავის მოწაფეებს ერთმანეთის სიყვარულისკენ მოუწოდა. იესომ იცოდა, რომ სწორედ თავგანწირული სიყვარული შეანარჩუნებინებდა მათ ერთიანობას და აატანინებდა ქვეყნიერების სიძულვილს. ამას ადასტურებს თესალონიკის კრების მაგალითიც. დაარსების დღიდან ეს კრება დიდ დევნას შეხვდა. მიუხედავად ამისა, ამ კრების და-ძმები ერთგულებისა და სიყვარულის მაგალითად იქცნენ (1 თეს. 1:3, 6, 7). პავლემ მოუწოდა მათ, რომ ერთმანეთის მიმართ კიდევ უფრო გაეღრმავებინათ სიყვარული (1 თეს. 4:9, 10). სიყვარულით ისინი შეძლებდნენ გულდამძიმებულთა ნუგეშისცემას და სუსტების მხარდაჭერას (1 თეს. 5:14). როგორც ჩანს, მათ გაითვალისწინეს პავლეს მითითება, რადგან ერთი წლის შემდეგ მიწერილ მეორე წერილში პავლემ უთხრა მათ: „უფრო და უფრო ძლიერდება თქვენი . . . სიყვარული ერთმანეთის მიმართ“ (2 თეს. 1:3—5). გასაჭირი და დევნა მათ სიყვარულმა აატანინა. w21.03 22 ¶11

ხუთშაბათი, 3 თებერვალი

მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე სარბიელი (ებრ. 12:1).

თუ გვსურს, მარადიული სიცოცხლის ჯილდო მივიღოთ, ქრისტიანული ცხოვრების გზიდან არ უნდა გადავუხვიოთ (საქ. 20:24; 1 პეტ. 2:21). თუმცა სატანასა და მის გავლენაში მყოფ ადამიანებს სურთ, შევწყვიტოთ ქრისტიანულ გზაზე რბოლა და ძველ ცხოვრებას დავუბრუნდეთ (1 პეტ. 4:4). ისინი დაგვცინიან იმის გამო, რომ ბიბლიური ნორმებით ვცხოვრობთ. ამასთანავე, ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ მათ მიერ არჩეული გზა უკეთესია, რადგან ნამდვილი თავისუფლება მოაქვს. თუმცა მათი განაცხადი სიმართლისგან ძალიან შორს არის (2 პეტ. 2:19). მნიშვნელოვანია, სწორი გზა ავირჩიოთ და არჩეულ კურსს ბოლომდე მივყვეთ. სატანას სურს, სიცოცხლემდე მიმყვანი ვიწრო გზით სიარული შეგვაწყვეტინოს და უმრავლესობის მსგავსად ფართო გზაზე დაგვაყენოს. ამ გზაზე სიარული ბევრისთვის მარტივი და მიმზიდველია, თუმცა მას ადამიანები „დაღუპვამდე მიჰყავს“ (მათ. 7:13, 14). სწორი გზიდან რომ არ გადავუხვიოთ, აუცილებელია, მივენდოთ იეჰოვას და მოვუსმინოთ მას. w20.04 26 ¶1; 27 ¶5, 7

პარასკევი, 4 თებერვალი

მოგიწოდებთ, რომ აღავლინოთ ვედრება, ლოცვა [და] სათხოვარი, . . რათა კვლავაც წყნარად და მშვიდად ვიცხოვროთ ღვთისადმი სრული ერთგულებით (1 ტიმ. 2:1, 2).

ბოლო წლებში რუსეთი და მისი მოკავშირეებიც შევიდნენ „მშვენების ქვეყანაში“ (დან. 11:41). 2017 წელს ამჟამინდელმა ჩრდილოეთის მეფემ, რუსეთმა, აკრძალა ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა და ზოგიერთი იეჰოვას მოწმე დააპატიმრა. რუსეთის ხელისუფლებამ აგრეთვე აკრძალა ჩვენი პუბლიკაციები, მათ შორის ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. უფრო მეტიც, მან ფილიალის შენობებისა და ჩვენი დარბაზების კონფისკაცია მოახდინა. ასეთი ქმედებების შემდეგ, 2018 წელს ხელმძღვანელი საბჭო იმ დასკვნამდე მივიდა, რომ რუსეთი და მისი მოკავშირეები ჩრდილოეთის მეფეს განასახიერებენ. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას ხალხს სასტიკად დევნიან, ისინი ხელისუფლების შეცვლის ან დამხობის მიზნით არანაირ ქმედებას არ მიმართავენ. პირიქით, ბიბლიურ რჩევას მიჰყვებიან და ლოცულობენ „ყველასთვის, ვისაც მაღალი მდგომარეობა უკავია“, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, რომლებიც იეჰოვას ხალხის რწმენის თავისუფლებაზე აისახება. w20.05 14 ¶9

შაბათი, 5 თებერვალი

ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლი (1 ტიმ. 4:16).

მშობლებო, ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად თქვენმა შვილებმა პირადი ურთიერთობა უნდა განივითარონ ღმერთთან და თავად დარწმუნდნენ ბიბლიური სწავლებების უტყუარობაში. შვილებს ღვთის შესახებ ჭეშმარიტება რომ ასწავლოთ, თავად უნდა გიყვარდეთ ბიბლიის კვლევა. თქვენ დრო უნდა გამოუყოთ ნასწავლზე ფიქრს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეაყვარებთ შვილებს ბიბლიის კვლევას. როგორც ბიბლიის შემსწავლელებს, ისე შვილებსაც უნდა ასწავლოთ ბიბლიის საკვლევი საშუალებების გამოყენება. ასე შეაყვარებთ შვილებს იეჰოვას და ნდობას ჩაუნერგავთ „ერთგული და გონიერი მონის“ მიმართ, რომლის მეშვეობითაც ღმერთი სულიერ საზრდოს გვაწვდის (მათ. 24:45—47). ძირითად ბიბლიურ სწავლებებთან ერთად შვილებს, ასაკისა და უნარის გათვალისწინებით, ღრმა სულიერი საკითხებიც აუხსენით, რითაც მათ რწმენის გაძლიერებაში დაეხმარებით (1 კორ. 2:10). w20.07 11 ¶10, 12, 13

კვირა, 6 თებერვალი

იეჰოვას სძულს მზაკვარი კაცი, მართლებთან კი მეგობრობს (იგავ. 3:32).

დღეს მილიონობით არასრულყოფილ ადამიანს აქვს ღმერთთან ახლო ურთიერთობა. ღმერთთან დამეგობრების საშუალებას იესოს გამოსასყიდისადმი რწმენის გამოვლენა გვაძლევს. სწორედ გამოსასყიდის საფუძველზე გვეძლევა შესაძლებლობა, თავი მივუძღვნათ იეჰოვას და მოვინათლოთ. ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმით ღვთისადმი მიძღვნილ და მონათლულ მილიონობით ქრისტიანს ვუერთდებით, რომლებიც სამყაროში უდიდეს პიროვნებასთან ახლო ურთიერთობით ტკბებიან. რით ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ იეჰოვასთან მეგობრობას? აბრაამმა და იობმა ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში უერთგულეს ღმერთს. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანია ვემსახურებით იეჰოვას, ჩვენც ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ ერთგულება ამ დრომოჭმულ ქვეყნიერებაში. დანიელის მსგავსად იეჰოვასთან მეგობრობა ჩვენთვის სიცოცხლეზე ძვირფასი უნდა იყოს (დან. 6:7, 10, 16, 22). ღვთის დახმარებით ნებისმიერ განსაცდელს ავიტანთ და შევძლებთ ახლო ურთიერთობა შევინარჩუნოთ მასთან (ფილ. 4:13). w20.05 27 ¶5, 6

ორშაბათი, 7 თებერვალი

გაუყოფელი გული მომეცი (ფსალმ. 86:11).

ერთხელ ბანზე მყოფმა მეფე დავითმა მობანავე ქალი შენიშნა, რომელიც სხვა კაცის ცოლი იყო. მან კარგად იცოდა იეჰოვას კანონი: „არ ისურვო შენი მოძმის ცოლი“ (გამ. 20:17). მაგრამ, როგორც ჩანს, მან თვალი არ მოაშორა მობანავე ქალს. შეიძლება ითქვას, რომ დავითის გული ორად გაიყო, მას ვნება აღეძრა ბათ-შებას მიმართ, თუმცა, მეორე მხრივ, არ სურდა, რომ იეჰოვასთვის გული ეტკენინებინა. მართალია, დავითს უყვარდა იეჰოვა და ღვთისმოშიში ადამიანი იყო, მაგრამ ხორციელ სურვილებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და არაერთი სერიოზული ცოდვა ჩაიდინა. დავითმა შეურაცხყო ღვთის სახელი და უდიდესი ზიანი მიაყენა უდანაშაულო ადამიანებს, მათ შორის საკუთარი ოჯახის წევრებს (2 სამ. 11:1—5, 14—17; 12:7—12). იეჰოვამ დასაჯა დავითი. თუმცა დროთა განმავლობაში დავითმა აღადგინა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა (2 სამ. 12:13; ფსალმ. 51:2—4, 17). მას კარგად ახსოვდა, რამხელა ტკივილი და უბედურება მოუტანა მისმა საქციელმა სხვებს, როცა ვერ შეძლო გაუყოფელი გულის შენარჩუნება. შეუსრულა იეჰოვამ დავითს სათხოვარი? დიახ, რადგან მოგვიანებით ღვთის სიტყვაში დავითზე ვკითხულობთ, რომ ის „მთელი გულით . . . იყო იეჰოვასთან, თავის ღმერთთან“ (1 მეფ. 11:4; 15:3). w20.06 11 ¶12, 13

სამშაბათი, 8 თებერვალი

სიყვარულის თასმებით ვიზიდავდი მათ (ოს. 11:4).

ბიბლია თავისი ხალხისადმი იეჰოვას სიყვარულს თასმას ანუ თოკს ადარებს. რა გაგებით ჰგავს იეჰოვას სიყვარული თოკს? დავფიქრდეთ ასეთ მაგალითზე: წარმოიდგინეთ, რომ აღელვებულ ზღვაში იხრჩობით და ამ დროს ვიღაც მაშველ რგოლს გიგდებთ. ცხადია, მადლიერი დარჩებით, რადგან მისი დახმარებით არ ჩაიძირებით. მაგრამ მხოლოდ მაშველი რგოლის ამარა ბევრს ვერაფერს გახდებით. თუ ნავზე არ ახვედით, გაყინულ წყალში დიდხანს ვერ გაძლებთ. ვინმემ ნავიდან თოკი უნდა გადმოგიგდოთ და თავისკენ მიგიზიდოთ. როგორც დღევანდელ მუხლში ჩაწერილი სიტყვებიდან ჩანს, იეჰოვა იზიდავდა გზასაცდენილ ისრაელებს. მას დღესაც იგივე განწყობა აქვს მათ მიმართ, ვინც შეწყვიტა მისადმი მსახურება და ახლა პრობლემებსა თუ საწუხარში „იძირება“. მას სურს, დაარწმუნოს ისინი სიყვარულში და თავისკენ მიიზიდოს. შესაძლოა სწორედ ჩვენ აღმოვჩნდეთ ის, ვისი მეშვეობითაც იეჰოვა მათ სიყვარულს აგრძნობინებს. არააქტიური მაუწყებლები იეჰოვასა და ჩვენს სიყვარულში უნდა დავარწმუნოთ. w20.06 27 ¶12, 13

ოთხშაბათი, 9 თებერვალი

ბედნიერია ის, ვინც განსაცდელს უძლებს (იაკ. 1:12).

მოწაფე სტეფანეს ჩაქოლვის შემდეგ ბევრი ქრისტიანი იერუსალიმიდან გაიქცა და იუდეასა და სამარიას შეაფარა თავი. ისინი კვიპროსსა და ანტიოქიაშიც კი ჩავიდნენ (საქ. 7:58—8:1; 11:19). წარმოიდგინეთ, რამდენი რამის ატანა მოუწევდათ მათ იქ. მიუხედავად ამისა, ისინი ყველგან გულმოდგინედ ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას, რის შედეგადაც მთელს რომის იმპერიაში არაერთი კრება ჩამოყალიბდა (1 პეტ. 1:1). მაგრამ რას წარმოიდგენდნენ, რომ წინ უფრო დიდი განსაცდელები ელოდათ. მაგალითად, დაახლოებით ახ. წ. 50 წელს რომის იმპერატორ კლავდიუსის ბრძანებით ყველა იუდეველი რომიდან გააძევეს. გაქრისტიანებული იუდეველები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი და საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყვნენ (საქ. 18:1—3). დაახლოებით ახ. წ. 61 წელს მოციქული პავლე წერდა, რომ ზოგი ქრისტიანი სახალხოდ შეურაცხყვეს, საპყრობილეში ჩააგდეს და ქონება ჩამოართვეს (ებრ. 10:32—34). ამ ყველაფერთან ერთად, სხვების მსგავსად ქრისტიანებსაც უწევდათ ავადმყოფობისა და სიღარიბის ატანა (რომ. 15:26; ფილ. 2:25—27). w21.02 26, 27 ¶2—4

ხუთშაბათი, 10 თებერვალი

თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა (გამოცხ. 12:12).

ვერც სატანა და ვერც მის გავლენაში მყოფნი ვერ გადაიყვანენ ჭეშმარიტების გზიდან იმ ქრისტიანებს, რომლებიც თავიანთი რწმენის განმტკიცებისთვის ბევრს შრომობენ (2 იოან. 8, 9). ჩვენ არ გვაკვირვებს ის ფაქტი, რომ ქვეყნიერებას ვძულვართ (1 იოან. 3:13). მოციქულმა იოანემაც ხომ შეგვახსენა, რომ „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოან. 5:19). აღსასრულის მოახლოებასთან ერთად სატანა სულ უფრო მძვინვარდება. ის თავდასხმის ფარულ მეთოდებს არ სჯერდება. მაგალითად, უზნეობას მიმზიდველად წარმოგვიჩენს და განდგომილთა სიცრუეს გვახვევს თავს. ზოგჯერ პირდაპირ იერიშზე გადადის. რაკი იცის, რომ დრო ეწურება, გამალებით ცდილობს სამქადაგებლო საქმიანობის შეჩერებასა და ჩვენი რწმენის შერყევას. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ჩვენი საქმიანობა ზოგან შეზღუდული ან აკრძალულია. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნებში და-ძმები მოთმინებით იტანენ ყველაფერს. მათი მაგალითი გვარწმუნებს, რომ სატანამ რაც არ უნდა სცადოს, გამარჯვება მაინც ჩვენ დაგვრჩება. w20.07 24 ¶12, 13

პარასკევი, 11 თებერვალი

ღვთისგან ბოძებული ძღვენი [არის] მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მეშვეობით (რომ. 6:23).

იეჰოვას სურდა, რომ ადამიანებს მარადიული სიცოცხლით გაეხარათ მშვენიერ პლანეტაზე, რომელიც მათთვის შექმნა. მაგრამ, როცა ადამი და ევა მოსიყვარულე მამას დაუპირისპირდნენ, დედამიწაზე ცოდვამ და სიკვდილმა დაისადგურა (რომ. 5:12). როგორ მოიქცა იეჰოვა? მან მაშინვე დასახა კაცობრიობის ხსნის გეგმა (დაბ. 3:15). იეჰოვა მზად იყო, გაეღო გამოსასყიდი, რომელიც ადამისა და ევას შთამომავლობას ცოდვისა და სიკვდილისგან თავის დახსნის საშუალებას მისცემდა. ამგვარად თითოეული ადამიანი შეძლებდა, რომ ღვთისმსახურება და მარადიული სიცოცხლე აერჩია (იოან. 3:16; 1 კორ. 15:21, 22). ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ღმერთი თავის ძესთან ერთად მილიონობით გარდაცვლილს ერთბაშად არ აღადგენს. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? დედამიწის მოსახლეობის უეცარი ზრდა, დიდი ალბათობით, ქაოსს გამოიწვევს. იეჰოვა კი არაორგანიზებულად და ქაოსურად არაფერს აკეთებს. მან კარგად იცის, რომ მშვიდობიანი გარემო წესრიგის გარეშე ვერ იარსებებს (1 კორ. 14:33). w20.08 14 ¶3; 15 ¶5

შაბათი, 12 თებერვალი

ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლი (1 ტიმ. 4:16).

შემსწავლელი უნდა მიხვდეს, რა არის ბიბლიის შესწავლის მიზანი, კერძოდ ის, რომ იეჰოვას მოწმე გახდეს. მონდომებული ბიბლიის შემსწავლელი ეტაპობრივად მივა ნათლობამდე. მან ჯერ უნდა გაიცნოს და შეიყვაროს იეჰოვა, რომ რწმენა გამოავლინოს მისადმი (იოან. 3:16; 17:3). ის თანდათანობით უნდა დაუახლოვდეს იეჰოვას და კრებას (ებრ. 10:24, 25; იაკ. 4:8). უნდა მიატოვოს ცუდი ჩვევები და მოინანიოს ცოდვები (საქ. 3:19). ამასთანავე, მზად უნდა იყოს, რომ თავისი რწმენის შესახებ სხვებსაც ესაუბროს (2 კორ. 4:13). ამის შემდეგ მან თავი უნდა მიუძღვნას იეჰოვას და მიძღვნის ნიშნად მოინათლოს (1 პეტ. 3:21; 4:2). ეს ყველასთვის ნამდვილად სასიხარულო დღე იქნება! მისი სულიერი წინსვლის შემხედვარე, ნუ დაიშურებთ ქების სიტყვებს და წაახალისეთ, კვლავაც განაგრძოს წინსვლა. w20.10 17, 18 ¶12, 13

კვირა, 13 თებერვალი

ფეხმა რომ თქვას, რაკი ხელი არ ვარ, სხეულს არ ვეკუთვნიო, განა ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა ასეა?! (1 კორ. 12:15).

თუ საკუთარ თავს კრებაში სხვებს შევადარებთ, შეიძლება გაგვიჭირდეს ჩვენი თავის სწორად შეფასება. კრებაში ზოგი დახელოვნებული მასწავლებელია, კარგი ორგანიზატორია ან კარგად გამოსდის სხვების გამხნევება. შესაძლოა ფიქრობთ, რომ თქვენ ამ სფეროებში მოიკოჭლებთ. ეს თქვენს თავმდაბლობასა და მოკრძალებულობაზე მეტყველებს (ფილ. 2:3). თუმცა, თუ არ იფრთხილებთ და მუდმივად თავს მათ შეადარებთ, ვინც რაიმე უნარით გამოირჩევა, უღირსობის გრძნობა დაგეუფლებათ. შეიძლება ისიც კი იფიქროთ, რომ კრებას საერთოდ ვერაფერში ადგებით. იეჰოვამ პირველი საუკუნის ქრისტიანებს წმინდა სულით სასწაულებრივი ძღვენი უბოძა, თუმცა ყველას ერთნაირი ძღვენი არ მიუღია (1 კორ. 12:4—11). თითოეული ქრისტიანი ძვირფასი იყო იეჰოვასთვის. ფაქტია, დღეს ჩვენ არა გვაქვს წმინდა სულის სასწაულებრივი ძღვენი, მაგრამ ერთი რამ დღემდე უცვლელია: ჩვენი განსხვავებული უნარის მიუხედავად, ყველანი ძვირფასები ვართ იეჰოვასთვის. w20.08 23 ¶13—15

ორშაბათი, 14 თებერვალი

იეჰოვაა ჩემ გვერდით, არ შემეშინდება (ფსალმ. 118:6).

როცა ლოცვაში სთხოვთ იეჰოვას გაბედულებას, ის შეისმენს თქვენს სათხოვარს და არასდროს მიგატოვებთ (საქ. 4:29, 31). იეჰოვა ყოველთვის მხარში ამოგიდგებათ. დაფიქრდით იმაზე, თქვენ როგორ დაგეხმარათ ის პრობლემებთან გამკლავებაში და ცხოვრების წესის შეცვლაში. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ის, ვინც წითელ ზღვაში გაატარა თავისი ხალხი, თქვენც დაგეხმარებათ ქრისტეს მოწაფედ გახდომაში (გამ. 14:13). ისეთივე რწმენა შეინარჩუნეთ, როგორიც ფსალმუნმომღერალს ჰქონდა, რომელმაც დღევანდელ მუხლში მოცემული სიტყვები თქვა. იეჰოვა ახალ მაუწყებლებსაც ეხმარება გაბედულების მოკრებაში. დავფიქრდეთ ტომოიოს მაგალითზე. როცა ის პირველად გავიდა კარდაკარ მსახურებაში, პირველივე მობინადრემ დაუყვირა: „რა გამიწყალეთ გული ამ იეჰოვას მოწმეებმა!“ და კარი ცხვირწინ მიუჯახუნა. ტომოიო არ დამფრთხალა და თავის პარტნიორს უთხრა: „გაიგე, რა გვითხრა? სიტყვაც არ მქონდა ნათქვამი, მაშინვე მიცნო, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი. რა კარგია, არა!“. ტომოიო დღეს პიონერად მსახურობს. w20.09 6 ¶13, 14

სამშაბათი, 15 თებერვალი

კარგად და სწორად იქცეოდა ასა იეჰოვას, თავისი ღვთის, თვალში (2 მატ. 14:2).

ასამ ხალხს უთხრა, რომ იეჰოვა მათ მშვიდობას აძლევდა ყოველი მხრიდან (2 მატ. 14:6, 7). თუმცა მას კარგად ესმოდა, რომ ქვეყანაში არსებულ მშვიდობას არ უნდა მოედუნებინა. ის ქალაქების, გალავნების, კოშკების და კარიბჭეების მშენებლობას შეუდგა. მეფემ ხალხს ასე მიმართა: „ჩვენია ეს მიწა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხალხს შეეძლო ისე გადაადგილებულიყო და ისე ეშენებინა ღვთისგან ბოძებულ ამ მიწაზე, რომ მტრების შიში არ ჰქონოდა. მან მოუწოდა ხალხს, გონივრულად გამოეყენებინათ ეს მშვიდობიანი დრო. ასამ მშვიდობიანი პერიოდი ჯარის გასაძლიერებლადაც გამოიყენა, მაგრამ არა იმიტომ, რომ არ ენდობოდა იეჰოვას (2 მატ. 14:8). ასას კარგად ესმოდა, რომ მას, როგორც მეფეს, ხალხი შესაძლო თავდასხმისთვის უნდა მოემზადებინა. მან იცოდა, რომ იუდას სამეფოში მშვიდობა დიდხანს არ გასტანდა. ის ამაში ნამდვილად არ ცდებოდა. w20.09 15 ¶4, 5

ოთხშაბათი, 16 თებერვალი

არ გადახვიდეთ დაწერილს (1 კორ. 4:6).

უხუცესმა, რომელსაც და-ძმების კეთილდღეობა აღელვებს, შეიძლება მათ დასაცავად წესები დაადგინოს. უხუცესებისა და ოჯახისთავების უფლებამოსილებას შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს. მაგალითად, იეჰოვამ უხუცესებს გასამართლების უფლებამოსილება მიანიჭა და იმის უფლებაც მისცა, რომ მოუნანიებელი შემცოდველები კრებიდან გარიცხონ (1 კორ. 5:11—13). მეორე მხრივ, იეჰოვამ გარკვეული უფლებამოსილება, რომელიც ოჯახისთავებს მიანიჭა, უხუცესებისთვის არ მიუნიჭებია. მაგალითად, ოჯახისთავებს აქვთ უფლება, ოჯახის წევრებს წესები დაუდგინონ და მოსთხოვონ კიდეც მათი დაცვა (რომ. 7:2). მამას შეუძლია შვილებს სახლში დაბრუნების დრო დაუდგინოს, ხოლო თუ შვილები მის მიერ დადგენილ წესს დაარღვევენ, უფლება აქვს, ამისთვის დასაჯოს კიდეც (ეფეს. 6:1). ცხადია, მოსიყვარულე ოჯახისთავი ცოლსაც შეუთანხმებს, რა წესებს დაადგენს ოჯახში. ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ „ერთი ხორცი“ არიან (მათ. 19:6). w21.02 16—18 ¶10—13

ხუთშაბათი, 17 თებერვალი

[სიბრძნე] მარჯანზე ძვირფასია; რაც კი რამ სანუკვარია, მას ვერ შეედრება (იგავ. 3:15).

ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაა ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტება ძვირფასი ის არის, რომ იეჰოვა მას მხოლოდ „მარადიული სიცოცხლის მისაღებად . . . განწყობილ“ თავმდაბალ ადამიანებს უმჟღავნებს (საქ. 13:48). თავმდაბალი ადამიანები აღიარებენ, რომ იეჰოვა „ერთგულ და გონიერ მონას“ იყენებს ჭეშმარიტების გასაცხადებლად (მათ. 11:25; 24:45). ჩვენი ძალებით ვერ შევძლებდით ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებას, არადა ამ ჭეშმარიტებაზე ძვირფასი არაფერია (იგავ. 3:13). ჩვენ გვაქვს პატივი, რომ იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ სხვებსაც ვასწავლოთ ჭეშმარიტება (მათ. 24:14). ეს კიდევ ერთი რამ არის, რაც იეჰოვამ მოგვანდო. ცნობა, რომელსაც ვქადაგებთ, ფასდაუდებელია, რადგან ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, შეუერთდნენ იეჰოვას სულიერ ოჯახს და მიიღონ მარადიული სიცოცხლე (1 ტიმ. 4:16). ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ბევრს ვაკეთებთ თუ ცოტას, ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანეს საქმეს ვუჭერთ მხარს (1 ტიმ. 2:3, 4). განა არ უნდა დავაფასოთ, რომ ღმერთმა მასთან თანამშრომლობის პატივი დაგვდო?! (1 კორ. 3:9). w20.09 26, 27 ¶4, 5

პარასკევი, 18 თებერვალი

იქ ძმებს შევხვდით, რომლებიც შეგვეხვეწნენ, . . დავრჩენილიყავით მათთან (საქ. 28:14).

რომისკენ მიმავალ მოციქულ პავლეს იეჰოვამ არაერთხელ აღმოუჩინა დახმარება თანაქრისტიანების მეშვეობით. მაგალითად, პავლეს რომში ერთგული თანამსახურები, არისტარქე და ლუკა, გაჰყვნენ. მის გვერდით რომ ყოფილიყვნენ, მათ სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს. თანაც, როგორც ჩანს, პავლესგან განსხვავებით იესო მათ არ დაჰპირებია, რომ რომში უსაფრთხოდ ჩააღწევდნენ. მხოლოდ მოგვიანებით, ამ სახიფათო მოგზაურობის დროს შეიტყვეს, რომ რომში უვნებლად ჩავიდოდნენ. როცა საპორტო ქალაქ სიდონს მიადგნენ, იულიუსმა პავლეს „მეგობრებთან წასვლის ნება დართო, რომ ეზრუნათ მასზე“ (საქ. 27:1—3). მოგვიანებით ქალაქ პუტეოლში პავლე და მისი თანამსახურები ძმებს შეხვდნენ, რომლებიც შეეხვეწნენ, შვიდი დღე დარჩენილიყვნენ მათთან. როცა პავლესა და მისი თანამსახურების მიმართ ეს თანაქრისტიანები სტუმართმოყვარეობას იჩენდნენ, თავის მხრივ, ალბათ, პავლეც უყვებოდა და-ძმებს გამამხნევებელ შემთხვევებს, რაც მათ დიდ სიხარულს მიანიჭებდა (შეადარეთ საქმეების 15:2, 3). w20.11 15, 16 ¶15—17

შაბათი, 19 თებერვალი

ღვთისადმი ერთგულება . . . სიცოცხლეს მოასწავებს ჩვენთვის ახლაც და მომავალშიც (1 ტიმ. 4:8).

მშობლებო, სიტყვითა თუ საქმით დაანახვეთ თქვენს შვილებს, რა ძლიერ გიყვართ იეჰოვა. ფაქტია, იმაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ თქვენი შვილებისთვის, ვიდრე იმას, რომ შეაყვაროთ იეჰოვა. აგრეთვე უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შვილები მიაჩვიოთ შესწავლას, ლოცვას, კრების შეხვედრებზე დასწრებასა და მსახურებას (1 ტიმ. 6:6). ამასთან ერთად, ცხადია, თქვენი შვილების ფიზიკურ მოთხოვნილებებზეც უნდა იზრუნოთ (1 ტიმ. 5:8). მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენს შვილებს ნივთები ან ფული კი არა, იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა გადაარჩენს და დაამკვიდრებინებს ახალ ქვეყნიერებას (ეზეკ. 7:19). გვიხარია, რომ ბევრი ქრისტიანი მშობელი სწორ არჩევანს აკეთებს და სულიერ მიზნებს უსახავს შვილებს. ასეთ ოჯახებში აღზრდილ ბავშვებს კარგი უნარ-ჩვევები მოჰყვებათ და ბავშვობა ბედნიერად ახსენდებათ (იგავ. 10:22). w20.10 28, 29 ¶10, 11

კვირა, 20 თებერვალი

ნუ დამართებ თავს ამას! (მათ. 16:22).

მოციქული პეტრე ზოგჯერ ისეთ რამეს ამბობდა და აკეთებდა, რასაც მოგვიანებით ნანობდა. მაგალითად, როცა იესომ მოციქულებს უთხრა, რომ წამება და სიკვდილი ელოდა, პეტრემ უსაყვედურა მას და დღევანდელ მუხლში ჩაწერილი სიტყვები უთხრა (მათ. 16:21—23). იესომ შეუსწორა მას აზროვნება. სხვა დროს, როცა ბრბომ იესოს შეპყრობა დააპირა, პეტრემ დაუფიქრებლად იშიშვლა მახვილი და მღვდელმთავრის მონას ყური ჩამოათალა (იოან. 18:10, 11). იესომ კვლავ მიუთითა მას არასწორ საქციელზე. ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარ თავში ზედმეტად დაჯერებულმა პეტრემ იესოს უთხრა, რომ სხვა მოციქულებს რომც მიეტოვებინათ იგი, თავად არასდროს მიატოვებდა მას (მათ. 26:33). მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, მის თავდაჯერებულობას კაცთმოშიშებამ სძლია და მან სამჯერ უარყო თავისი მოძღვარი. მაშინ სულდამწუხრებული პეტრე „გარეთ გავიდა და მწარედ ატირდა“ (მათ. 26:69—75). გულგატეხილ პეტრეს, ალბათ, აეჭვებდა, საერთოდ აპატიებდა თუ არა მას იესო. თუმცა პეტრეს გულგატეხილობის გამო ხელი არ ჩაუქნევია. შეცდომის დაშვების შემდეგ მან კვლავ განაგრძო სხვა მოციქულებთან ერთად მსახურება (იოან. 21:1—3; საქ. 1:15, 16). w20.12 20 ¶17, 18

ორშაბათი, 21 თებერვალი

თქვენც, ქმრებო, მიღებული ცოდნის თანახმად განაგრძეთ ცოლებთან ცხოვრება. პატივი ეცით მათ, როგორც შედარებით სუსტ ჭურჭელს (1 პეტ. 3:7).

ოჯახის უფროსს შეუძლია თავმდაბლობა მრავალმხრივ გამოავლინოს. მაგალითად, მას არარეალური მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს ცოლ-შვილის მიმართ. ის მზად უნდა იყოს, მოუსმინოს ოჯახის წევრებს და გაითვალისწინოს მათი აზრი მაშინაც კი, თუ ისინი განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამენ. გარდა ამისა, თავმდაბალი ქმარი არ უნდა თაკილობდეს საოჯახო საქმეებში მონაწილეობას, თუნდაც ეს საზოგადოებაში ქალის საქმედ ითვლებოდეს. ასე მოქცევა ყოველთვის ადვილი არ არის. რატომ? ერთი და, რეიჩელი, ამბობს: „ჩემს მშობლიურ მხარეში, თუ ქმარი ცოლს ეხმარება ჭურჭლის დარეცხვაში ან სახლის დალაგებაში, მეზობლები და ნათესავები კაცად არ თვლიან, რადგან მათი აზრით, ასეთი კაცი ცოლს ვერ დაიმორჩილებს“. თუ თქვენს კულტურაშიც მსგავსი შეხედულებაა გავრცელებული, გახსოვდეთ, რომ იესომ ფეხები დაჰბანა თავის მოციქულებს მიუხედავად იმისა, რომ ეს მონის საქმედ ითვლებოდა. კარგ ოჯახისთავს ის კი არ აღელვებს, თუ როგორი გამოჩნდება სხვების თვალში, არამედ ის, თუ როგორ აგრძნობინოს ცოლ-შვილს თავი კარგად. w21.02 2 ¶3; 4 ¶11

სამშაბათი, 22 თებერვალი

ერთ რამეს გეტყვით: ვივიწყებ იმას, რაც უკან დარჩა, და ვისწრაფვი იმისკენ, რაც წინ არის, ვისწრაფვი მიზნისკენ (ფილ. 3:13, 14).

მართალია, სასიამოვნო მოგონებები ღვთის საჩუქარია, მაგრამ რაოდენ ტკბილიც არ უნდა იყოს წარსულის მოგონებები, უნდა გვახსოვდეს, რომ უკეთესი მომავალი გველის. შესაძლოა გულს გვტკენდნენ, მაგრამ თუკი ვპატიობთ, შევძლებთ მთელი ყურადღების იეჰოვას მსახურებაზე გადატანას. თუ გამუდმებით თავს დავიდანაშაულებთ, ღვთისადმი სიხარულით მსახურებას ვეღარ შევძლებთ. ამიტომ პავლე მოციქულის მსგავსად, უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვამ გვაპატია წარსულში ჩადენილი შეცდომები (1 ტიმ. 1:12—15). ჩვენ მარადიულად ცხოვრების იმედი გვაქვს. ღვთის ახალ ქვეყნიერებაში არ შეგვაწუხებს წარსულის შავბნელი მოგონებები. იმ დროის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „წინათ მომხდარი აღარავის გაახსენდება“ (ეს. 65:17). იფიქრეთ ამაზეც: შეიძლება წლებია, იეჰოვას ვემსახურებით და ამასობაში ასაკიც მოგვემატა, მაგრამ ახალ ქვეყნიერებაში ყველანი გავახალგაზრდავდებით (იობ. 33:25). ამიტომ წარსულით კი ნუ იცხოვრებთ, მზერა მომავლისკენ მიმართეთ! w20.11 24 ¶4; 29 ¶18, 19

ოთხშაბათი, 23 თებერვალი

დავინახე უამრავი ხალხი . . . ხმამაღლა ამბობდნენ: „ხსნას ჩვენს ღმერთს . . . და კრავს ვუმადლით!“ (გამოცხ. 7:9, 10).

რა გველის მომავალში? „დიდი გასაჭირის“ დროს იეჰოვა საოცარი სახით გვიხსნის. ის მხსნელად მოგვევლინება, როცა „დედამიწის მეფეები“ გაანადგურებენ „დიდ ბაბილონს“, ცრუ რელიგიურ სამყაროს (გამოცხ. 17:16—18; 18:2, 4). იეჰოვა მაშინაც დაგვიხსნის, როცა სატანის ქვეყნიერებას საბოლოოდ მოუღებს ბოლოს არმაგედონის ომში (გამოცხ. 16:14, 16). თუ იეჰოვასთან ახლოს ვიქნებით, სატანა გამოუსწორებელ ზიანს ვერ მოგვაყენებს. ის თავად არის განწირული სამუდამო განადგურებისთვის (რომ. 16:20). ასე რომ, შეიმოსეთ „სრული საჭურვლით“ და ნურასდროს მოიშორებთ მას! მარტო ნუ ჩაებმებით ბრძოლაში. მხარი დაუჭირეთ და-ძმებს და მიჰყევით იეჰოვას ხელმძღვანელობას. თუ ასე მოიქცევით, გჯეროდეთ, რომ თქვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა განგამტკიცებთ და დაგიფარავთ (ეს. 41:10). w21.03 30 ¶16, 17

ხუთშაბათი, 24 თებერვალი

თქვენი ძალა მშვიდად ყოფნასა და მინდობაში იქნება (ეს. 30:15).

საიდან გამოჩნდება, რომ ვენდობით იეჰოვას? ეს იქიდან ჩანს, მივყვებით თუ არა იეჰოვას ხელმძღვანელობას. ბიბლიაში მრავალი მაგალითია, რომელიც გვაჩვენებს მშვიდად ყოფნისა და იეჰოვაზე მინდობის აუცილებლობას. ამ მაგალითების განხილვისას ყურადღება მიაქციეთ, რა დაეხმარა ღვთის მსახურებს, სიმშვიდე შეენარჩუნებინათ სასტიკი წინააღმდეგობის დროს. მაგალითად, როდესაც მოციქულებს ებრაელთა უზენაესმა სასამართლომ ქადაგება აუკრძალა, ისინი არ შეშინებულან. მათ გაბედულად განაცხადეს: „ჩვენ ღმერთს უნდა დავემორჩილოთ როგორც მმართველს და არა ადამიანებს“ (საქ. 5:29). ისინი არც ცემას შეუშინებია, რადგან სჯეროდათ, რომ იეჰოვა მხარში ედგა და იწონებდა მათ საქციელს. ამიტომ სასიხარულო ცნობის ქადაგება არ შეუწყვეტიათ (საქ. 5:40—42). მოწაფე სტეფანეც ისეთი საოცარი სიმშვიდით შეხვდა სიკვდილს, რომ „სახე ანგელოზის სახეს მიუგავდა“ (საქ. 6:12—15). მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ იეჰოვა იწონებდა მის სიმტკიცეს. w21.01 4 ¶10, 11

პარასკევი, 25 თებერვალი

[მათ] გრძელი სამოსელი გაირეცხეს და კრავის სისხლით გაათეთრეს (გამოცხ. 7:14).

ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სუფთა სინდისი აქვთ და იეჰოვა მართლებად მიიჩნევს (ეს. 1:18). ისინი მიძღვნილი და მონათლული ქრისტიანები არიან, რომლებსაც სწამთ, რომ იესოს მსხვერპლს მათი ხსნა შეუძლია და ახლო ურთიერთობა აქვთ იეჰოვასთან (იოან. 3:36; 1 პეტ. 3:21). ამიტომაც მიეცათ ნება, ღვთის ტახტის წინაშე დამდგარიყვნენ და „დღე და ღამე“ ემსახურათ მისი სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოებში (გამოცხ. 7:15). დღეს მათ უდიდესი წვლილი შეაქვთ სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში, რადგან ღვთის სამეფოს მათ ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი უკავია (მათ. 6:33; 24:14; 28:19, 20). „დიდი გასაჭირიდან“ მოსულ „უამრავ ხალხს“ ეჭვი არ შეეპარება იმაში, რომ ღმერთი კვლავაც განაგრძობს მათზე მზრუნველობას, რადგან „ტახტზე მჯდომი თავის კარავს გაუშლის მათ“ და საბოლოოდ შესრულდება ის დანაპირები, რომლის შესრულებასაც „სხვა ცხვარი“ ამდენი ხანია მოელის. ღმერთი „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან“ (გამოცხ. 21:3, 4). w21.01 16 ¶9, 10

შაბათი, 26 თებერვალი

გადმოვღვრი ჩემს სულს ყველანაირ ადამიანზე; თქვენი ვაჟები და ასულები აწინასწარმეტყველდებიან (საქ. 2:17).

ყველას გვახარებს ის ფაქტი, რომ იეჰოვას ოჯახს მივეკუთვნებით. ჩვენ ვემორჩილებით იეჰოვას მიერ დადგენილ მეთაურობის პრინციპს. ბიბლიიდან ჩანს, რომ იეჰოვა ქალებსაც ისევე აფასებს, როგორც კაცებს. პირველ საუკუნეში იეჰოვამ წმინდა სული მამაკაცებსაც უბოძა და ქალებსაც, რამაც მათ ზებუნებრივი შესაძლებლობები მისცა, მათ შორის უცხო ენებზე ლაპარაკის უნარი (საქ. 2:1—4, 15—18). როგორც კაცებს, ისე ქალებს წმინდა სულით ეძლევათ იმედი, რომ ქრისტესთან ერთად იმეფებენ (გალ. 3:26—29). დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის ჯილდო ქალებსაც ელით და მამაკაცებსაც (გამოცხ. 7:9, 10, 13—15). სასიხარულო ცნობის ქადაგებისა და სწავლების საქმე ორივე სქესის წარმომადგენლებს აქვთ მინდობილი (მათ. 28:19, 20). წიგნ „საქმეებიდან“ ვიგებთ, როგორ დაეხმარა ჭეშმარიტების უკეთ გაგებაში ერთი და, პრისკილა, თავის ქმართან, აკვილასთან, ერთად განათლებულ კაცს, აპოლოსს (საქ. 18:24—26). w21.02 14 ¶1; 15 ¶4

კვირა, 27 თებერვალი

იზრუნეთ საკუთარ თავზეც და მთელ სამწყსოზეც, . . რათა მწყემსოთ ღვთის კრება (საქ. 20:28).

უხუცესებს სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრიათ, რომ მაუწყებლებს მსახურების გაუმჯობესებაში დაეხმარონ, რაშიც ბიბლიის შესწავლების ხარისხის გაუმჯობესებაც იგულისხმება. თუ მაუწყებელს თქვენი თანდასწრებით ბიბლიის შესწავლის ჩატარება ეუხერხულება, საკუთარ თავზე აიღეთ ინიციატივა. უხუცესებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ იმ მაუწყებლების გასამხნევებლად და წასახალისებლად, რომლებიც შესწავლებს ატარებენ (1 თეს. 5:11). მაშინაც კი, თუ ბიბლიის შესწავლა არ გვაქვს, შეგვიძლია ხელი შევუწყოთ შემსწავლელების სულიერ ზრდას. თუ შესწავლის დროს ბევრს არ ვისაუბრებთ, კარგად მომზადებულ და გააზრებულ კომენტარებს გავაკეთებთ, ამით შესწავლის ჩამტარებელს დიდ დახმარებას გავუწევთ. შეგვიძლია დავუმეგობრდეთ იმ ბიბლიის შემსწავლელებს, რომლებიც კრების შეხვედრებს ესწრებიან და კარგი მაგალითი მივცეთ. უხუცესებსაც შეუძლიათ მათი გამხნევება, თუ დროს დაუთმობენ. უხუცესები მათაც წაახალისებენ, ვინც შესწავლებს ატარებს, თუ დაეხმარებიან შესწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში და შეაქებენ. ყველას გვახარებს, რომ ვეხმარებით ადამიანებს, შეიყვარონ ჩვენი ზეციერი მამა იეჰოვა და ემსახურონ მას. w21.03 13 ¶18, 19

ორშაბათი, 28 თებერვალი

იეჰოვას მეგობრები მისი მოშიშები არიან (ფსალმ. 25:14).

დავითი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე და სანდო ყმაწვილი იყო. მაგალითად, ის გულმოდგინედ ზრუნავდა მამამისის ცხვარზე, რაც იმ დროს საკმაოდ სახიფათო საქმე იყო. ერთხელ მან თავისი საქმიანობა ასეთი სიტყვებით აღუწერა მეფე საულს: „შენი მსახური თავისი მამის ფარის მწყემსია. ლომი ან დათვი რომ დაეცემოდა ფარას და ცხვარს გაიტაცებდა, მე დავედევნებოდი, დავანარცხებდი და პირიდან ვტაცებდი ცხვარს“ (1 სამ. 17:34, 35). დავითი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის დავალებას. ახალგაზრდა ძმებო, თქვენც შეგიძლიათ მიჰბაძოთ დავითს და გულმოდგინედ შეასრულოთ თქვენზე მონდობილი ნებისმიერი დავალება. დავითს ყმაწვილკაცობიდანვე ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან. ეს ურთიერთობა გაცილებით ფასეული იყო, ვიდრე მისი გაბედულება და მუსიკალური ნიჭი. დავითისთვის იეჰოვა მხოლოდ ღმერთი კი არა, მეგობარიც იყო. ასე რომ, ახალგაზრდა ძმებო, უფრო მეტად დაუახლოვდით თქვენს ზეციერ მამას, რადგან ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ. w21.03 3 ¶4, 5

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება