საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es22 გვ. 26-36
  • მარტი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მარტი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2022
  • ქვესათაურები
  • სამშაბათი, 1 მარტი
  • ოთხშაბათი, 2 მარტი
  • ხუთშაბათი, 3 მარტი
  • პარასკევი, 4 მარტი
  • შაბათი, 5 მარტი
  • კვირა, 6 მარტი
  • ორშაბათი, 7 მარტი
  • სამშაბათი, 8 მარტი
  • ოთხშაბათი, 9 მარტი
  • ხუთშაბათი, 10 მარტი
  • პარასკევი, 11 მარტი
  • შაბათი, 12 მარტი
  • კვირა, 13 მარტი
  • ორშაბათი, 14 მარტი
  • სამშაბათი, 15 მარტი
  • ოთხშაბათი, 16 მარტი
  • ხუთშაბათი, 17 მარტი
  • პარასკევი, 18 მარტი
  • შაბათი, 19 მარტი
  • კვირა, 20 მარტი
  • ორშაბათი, 21 მარტი
  • სამშაბათი, 22 მარტი
  • ოთხშაბათი, 23 მარტი
  • ხუთშაბათი, 24 მარტი
  • პარასკევი, 25 მარტი
  • შაბათი, 26 მარტი
  • კვირა, 27 მარტი
  • ორშაბათი, 28 მარტი
  • სამშაბათი, 29 მარტი
  • ოთხშაბათი, 30 მარტი
  • ხუთშაბათი, 31 მარტი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2022
es22 გვ. 26-36

მარტი

სამშაბათი, 1 მარტი

ბედნიერნი ხართ, თუ ხალხს სძულხართ (ლუკ. 6:22).

ფაქტია, არც სხვების მხრიდან სიძულვილი გვსიამოვნებს და არც იმას ვცდილობთ, თავი წამებულად წარმოვაჩინოთ. მაშ, რატომ ვართ ბედნიერები, როცა ვძულვართ? ამის სამი მიზეზი გვაქვს. პირველი, როცა სიძულვილს ვიტანთ ღვთის მოწონებას ვიმსახურებთ (1 პეტ. 4:13, 14). მეორე, ჩვენი რწმენა უფრო ძლიერდება და მტკიცდება (1 პეტ. 1:7). მესამე, ჩვენ ველით ფასდაუდებელ ჯილდოს — მარადიულ სიცოცხლეს (რომ. 2:6, 7). იესოს აღდგომიდან მალევე მოციქულებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს ის ბედნიერება, რაზეც იესო საუბრობდა. მართალია, სცემეს და ქადაგება აუკრძალეს, მაგრამ მათ მაინც უხაროდათ. რატომ? რადგან „[იესოს] სახელის გულისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ“ (საქ. 5:40—42). უფლისადმი მათი სიყვარული უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მტრების შიში. თავიანთი სიყვარულის ნიშნად ისინი დაუღალავად ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას. დღესაც მრავალი და-ძმა სირთულეების მიუხედავად ერთგულად აგრძელებს მსახურებას. მათ იციან, რომ იეჰოვა არ დაუვიწყებს იმ შრომასა და სიყვარულს, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეს. w21.03 25 ¶18, 19

ოთხშაბათი, 2 მარტი

მარადიულობაც კი ჩადო ადამიანთა გულებში (ეკლ. 3:11).

ცხებულ ქრისტიანებს ზეციური იმედი დაბადებიდან არ დაჰყოლიათ. ეს იმედი მათ იეჰოვამ მოგვიანებით ჩაუსახა. ისინი ფიქრობენ თავიანთ იმედზე, ლოცულობენ მასზე და მოუთმენლად ელიან ზეციურ ჯილდოს. ამ ეტაპზე მათ არ იციან, როგორი იქნება მათი სულიერი სხეულები (ფილ. 3:20, 21; 1 იოან. 3:2). მიუხედავად ამისა, ისინი მოუთმენლად ელიან იმ დროს, როდესაც თავიანთ ადგილს დაიკავებენ ზეციერ სამეფოში. „სხვა ცხვარი“ მოუთმენლად ელის დედამიწაზე მარადიულ ცხოვრებას. მათ ერთი სული აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი პლანეტის სამოთხედ გადაქცევაში. ისინი მოუთმენლად ელიან იმ დროს, როცა აიშენებენ სახლებს, გააშენებენ ბაღებს და თავიანთ შვილებთან ერთად სრულყოფილი ჯანმრთელობით გაიხარებენ (ეს. 65:21—23). მათ საშუალება მიეცემათ, მოიარონ დედამიწის ყოველი კუთხე-კუნჭული, ნახონ მთები, ტყეები, ოკეანეები და უკეთ გაეცნონ იეჰოვას მრავალფეროვან შემოქმედებას. და რაც მთავარია, ისინი კიდევ უფრო დაუახლოვდებიან იეჰოვას, რაც გაამყარებს მათ მეგობრობას. w21.01 18, 19 ¶17, 18

ხუთშაბათი, 3 მარტი

გადაწვა ღვთის ტაძარი . . . და გაანადგურა ყოველივე ძვირფასი (2 მატ. 36:19).

ბაბილონელების მიერ აოხრებულ მიწაზე ხალხი იტყოდა: „აი გაპარტახებული მიწა, სადაც არც კაცი და არც პირუტყვი არ ჭაჭანებს, ქალდეველებს ჩაუვარდაო ის ხელში“ (იერ. 32:43). იოელის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველებიდან დაახლოებით 200 წლის შემდეგ იეჰოვამ იერემიას მეშვეობით ამ თავდასხმაზე სხვა დეტალებიც გაგვიმჟღავნა. მან თქვა, რომ ბაბილონელები მთელ მიწაზე მოძებნიდნენ და ხელში ჩაიგდებდნენ იმ ისრაელებს, რომლებიც ბოროტებას სჩადიოდნენ. „მოვაყვანინებ ბევრ მეთევზეს, — ამბობს იეჰოვა, — და ითევზავებენ მათზე; მერე მოვაყვანინებ ბევრ მონადირეს და ინადირებენ მათზე ყველა მთაზე, გორაზე და კლდის ნაპრალებში . . . მათი დანაშაულისა და ცოდვის გამო მივუზღავ მათ სრულად“ (იერ. 16:16, 18). მოუნანიებელი ისრაელები ვერსად გაექცეოდნენ ბაბილონელთა ჯარისკაცებს. ისინი ვერც ოკეანეში დაემალებოდნენ მათ და ვერც ტყეს შეაფარებდნენ თავს! w20.04 5 ¶12, 13

პარასკევი, 4 მარტი

[ლოტი] აყოვნებდა (დაბ. 19:16).

გადამწყვეტ მომენტში ლოტი აჭიანურებდა იეჰოვას მითითებების მიყოლას. ერთი შეხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ მან არაფრად ჩააგდო ღვთის გაფრთხილება და არ დაემორჩილა მას. თუმცა ღმერთმა ხელი არ ჩაიქნია ლოტზე. „იეჰოვას გულმოწყალების გამო“ ანგელოზებმა ხელი ჩასჭიდეს ლოტსა და მისი ოჯახის წევრებს და ქალაქიდან გაიყვანეს (დაბ. 19:15, 16). როგორც ჩანს, იეჰოვას ჰქონდა საფუძველი, რომ ლოტის მიმართ თანაგრძნობა გამოევლინა. ლოტი შესაძლოა იმიტომ ითრევდა ფეხს, რომ ქალაქის გარეთ მცხოვრები ხალხისა ეშინოდა. არსებობდა სხვა საფრთხეც. მან შეიძლება იცოდა, რომ სოდომთან ახლოს ველზე „ფისით სავსე ორმოები“ იყო, რომლებშიც ორი მეფე ჩავარდა (დაბ. 14:8—12). როგორც ოჯახისთავი, ლოტი, ალბათ, წუხდა თავისი მეუღლისა და ქალიშვილების უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, ის მდიდარი იყო და, სავარაუდოდ, სოდომში საკმაოდ კარგი სახლი ექნებოდა (დაბ. 13:5, 6). ცხადია, არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი არ ამართლებს ლოტის დაუმორჩილებლობას, მაგრამ დაშვებული შეცდომის მიუხედავად იეჰოვამ ის „მართალ კაცად“ ჩათვალა (2 პეტ. 2:7, 8). w20.04 18 ¶13, 14

შაბათი, 5 მარტი

დილის ნამივით გყავს სიწმინდით მოსილი ახალგაზრდები (ფსალმ. 110:3).

ახალგაზრდებო, მოთმინება და დროა საჭირო, რომ მან, ვისაც დღემდე ბავშვი ჰგონიხარ, ზრდასრულ ადამიანად ჩაგთვალოს. თუმცა დარწმუნებული იყავი, რომ იეჰოვა მხოლოდ გარეგნობით არ გაფასებს. მან იცის, ვინ ხარ და რა შეგიძლია (1 სამ. 16:7). უფრო მეტად დაუახლოვდი ღმერთს. მაგალითად, დავითი ამას შემოქმედებაზე დაკვირვებით ახერხებდა. შემოქმედების მიღმა ის იეჰოვასა და მის თვისებებს ხედავდა (ფსალმ. 8:3, 4; 139:14; რომ. 1:20). დავითის მსგავსად, იეჰოვას ძალაზე იყავი დაიმედებული. მაგალითად, თუ სკოლაში კლასელები შენი რწმენის გამო დაგცინიან, ამ სირთულის გადასალახავად იეჰოვას სთხოვე ძალა. გამოიყენე ის რჩევები, რომლებსაც ღმერთი ბიბლიის, პუბლიკაციებისა და სხვადასხვა ვიდეოს მეშვეობით გაძლევს. ყოველ ჯერზე, როცა დაინახავ, როგორ გეხმარება იეჰოვა, მისადმი ნდობა გაგიძლიერდება. უფრო მეტიც, როცა სხვები დაინახავენ, რომ ენდობი იეჰოვას, ისინიც ნდობით განეწყობიან შენ მიმართ. w21.03 4 ¶7

კვირა, 6 მარტი

მართალთა ლოცვა სიამოვნებს [იეჰოვას] (იგავ. 15:8).

ჩვეულებრივ, ახლო მეგობრებს სიამოვნებთ თავიანთი ფიქრებისა და გრძნობების ერთმანეთისთვის გაზიარება. იმავეს თქმა შეიძლება იეჰოვასთან ჩვენს მეგობრობაზეც. ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გველაპარაკება და თავის ფიქრებსა და გრძნობებს გვიმჟღავნებს. ჩვენც შეგვიძლია ლოცვაში ვესაუბროთ მას და გავანდოთ გულისნადები. მოსიყვარულე მეგობრის მსგავსად იეჰოვა არა მხოლოდ გვისმენს, არამედ გვპასუხობს კიდეც ლოცვებზე. ზოგჯერ პასუხს მალევე ვიღებთ, ზოგ შემთხვევაში კი საჭიროა, განვაგრძოთ კონკრეტულ საკითხზე ლოცვა. როგორც არ უნდა იყოს, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა შესაფერის დროს საუკეთესო სახით გვიპასუხებს. ცხადია, ღმერთი ყოველთვის ისე არ გვპასუხობს, როგორც ამას ჩვენ მოველით. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში მან შეიძლება პრობლემა არ აგვარიდოს, მაგრამ სიბრძნე და მოთმინების ძალა მოგვცეს (1 კორ. 10:13). რით ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ ლოცვის შესაძლებლობას? ამის ერთ-ერთი საშუალებაა, გავითვალისწინოთ იეჰოვას რჩევა და განუწყვეტლივ ვილოცოთ (1 თეს. 5:17). w20.05 27, 28 ¶7, 8

ორშაბათი, 7 მარტი

ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება (მათ. 24:13).

გრძელ დისტანციაზე მორბენალს მთელი ყურადღება გზაზე გადააქვს, რომ არ წაბორძიკდეს. თუ მორბენალი დაეცემა, უნდა წამოდგეს და სირბილი განაგრძოს. ყურადღება ხელისშემშლელ ფაქტორზე კი არ უნდა გადაიტანოს, არამედ ფინიშის ხაზზე და ჯილდოზე, რომლის მოპოვებისკენაც ისწრაფვის. ქრისტიანული ცხოვრების გზაზე შეიძლება არაერთხელ წავბორძიკდეთ. მაგალითად, დროდადრო სიტყვითა თუ საქმით ვცდებით ან შესაძლოა თანაქრისტიანის საქციელმა გვატკინოს გული. ეს გასაკვირი არც არის. ვინაიდან ყველანი არასრულყოფილები ვართ და სიცოცხლის ვიწრო გზაზე გავრბივართ, შეიძლება ერთმანეთს „დავეჯახოთ“ და ერთმანეთს „ჩივილის მიზეზი“ მივცეთ (კოლ. 3:13). თუმცა ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება დაბრკოლებებზე გავამახვილოთ, უმჯობესია, მზერა ჯილდოზე გადავიტანოთ და რბოლა განვაგრძოთ. თუ გავნაწყენდებით და რბოლას შევწყვეტთ, ვერც ფინიშის ხაზს გადავკვეთთ და ვერც ჯილდოს მივიღებთ. გარდა ამისა, შესაძლოა სხვებსაც შევუშალოთ ხელი სიცოცხლისკენ მიმავალ ვიწრო გზაზე რბოლაში. w20.04 26 ¶1; 28 ¶8, 9

სამშაბათი, 8 მარტი

ეს სამეფო . . . დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს (დან. 2:44).

წინასწარმეტყველმა დანიელმა მოიხსენია მთავრობები, რომლებიც დროის სხვადასხვა მონაკვეთში ღვთის ხალხს დაუპირისპირდებოდნენ. ისინი უზარმაზარი მეტალის ქანდაკების სხვადასხვა ნაწილით არიან წარმოდგენილი. ამ ქანდაკების თიხანარევი რკინის ტერფებით წარმოდგენილია ბოლო ადამიანური მმართველობა. ტერფები ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიას განასახიერებს. წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, რომ ის კვლავ მსოფლიო იმპერია იქნება, როცა ღვთის სამეფო ყველა ადამიანურ მთავრობას ბოლოს მოუღებს. მოციქული იოანეც მოიხსენიებს მსოფლიო იმპერიებს, რომლებიც იმ ქვეყნებზე მმართველობდნენ, სადაც ღვთის ხალხი ცხოვრობდა. იოანეს ხილვაში ეს მთავრობები შვიდთავიანი მხეცით არის წარმოდგენილი. მხეცის მეშვიდე თავი ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიას განასახიერებს. ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან მეშვიდე თავი მხეცის უკანასკნელი თავია. ის კვლავ მსოფლიო არენაზე იქნება, როდესაც ქრისტე ზეციერ ლაშქართან ერთად მას და ყველა სხვა მთავრობას გაანადგურებს (გამოცხ. 13:1, 2; 17:13, 14). w20.05 14 ¶11, 12

ოთხშაბათი, 9 მარტი

ღმერთი სიყვარულია (1 იოან. 4:8).

ეს ერთი შეხედვით მარტივი სიტყვები ფუნდამენტურ ჭეშმარიტებას შეგვახსენებს. გარდა იმისა, რომ ღმერთი სიცოცხლის წყაროა, ის სიყვარულის წყაროცაა. იეჰოვას ვუყვარვართ. მისი სიყვარული გვაბედნიერებს, თავს დაცულად გვაგრძნობინებს და შინაგან კმაყოფილებას გვგვრის. სიყვარულის გამოვლენა ქრისტიანებისთვის არჩევანის საკითხი არ არის; ეს მათი ვალდებულებაა (მათ. 22:37—40). როცა იეჰოვას ახლოს ვეცნობით, პირველი მცნების დაცვა გვიადვილდება. იეჰოვა ხომ სრულყოფილია. ის ზრუნავს ჩვენზე და კეთილად გვეპყრობა. მაგრამ მეორე მცნების დაცვა ყოველთვის ადვილი არ არის. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენი და-ძმები, რომლებიც პირველ რიგში შეგვიძლია მოყვასის კატეგორიას მივაკუთვნოთ, შორს არიან სრულყოფილებისგან. ზოგჯერ შეიძლება მათმა უსიყვარულო დამოკიდებულებამ გვატკინოს გული. იეჰოვამ იცის, რომ ეს გარდაუვალია, ამიტომ ბიბლიის ზოგ დამწერს, მათ შორის მოციქულ იოანეს, შთაგონებით დააწერინა, რატომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და როგორ გამოვხატოთ ეს გრძნობა (1 იოან. 3:11, 12). w21.01 8 ¶1, 2

ხუთშაბათი, 10 მარტი

სატანამ არ გვაჯობოს (2 კორ. 2:11).

არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი წელია, ვემსახურებით იეჰოვას, თითოეული უნდა დავფიქრდეთ: ვუწევ წინააღმდეგობას სატანის ცდუნებებს, რათა გაუყოფელი გული შევინარჩუნო? მაგალითად, როგორ მოიქცევით, თუ ტელევიზორში ან ინტერნეტში ისეთ კადრებს წააწყდებით, რომლებიც უზნეო სურვილებს აღძრავს? ამ დროს შეიძლება დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ ეს ფილმი ან გამოსახულება პორნოგრაფია არ არის. მაგრამ დაფიქრდით, ხომ არ ცდილობს სატანა, ასეთი სახით ბზარი გაუჩინოს იეჰოვასთან თქვენს ურთიერთობას? უზნეო გამოსახულება შეიძლება პატარა რკინის სოლს შევადაროთ, რომელსაც დიდი მორების გასაპობად იყენებენ. თავიდან სოლი პატარა ბზარს უჩენს მორს, შემდეგ კი, როცა ღრმად ჩაასობენ, მორი შუაზე იხლიჩება. უზნეობის ამსახველი კადრები შეიძლება სოლის ბასრ პირს შევადაროთ. იმან, რაც ერთი შეხედვით უწყინარი ჩანს, შეიძლება ჩვენს გულზე იმოქმედოს, სერიოზული ცოდვა ჩაგვადენინოს და ერთგულება დაგვაკარგვინოს. ამიტომ ყველაფერი გააკეთეთ, რომ ღვთისთვის მიუღებელმა ფიქრებმა თუ სურვილებმა თქვენს გულში არ შეაღწიოს! შეინარჩუნეთ „მთლიანი გული“ და არ დაკარგოთ ღვთისადმი შიში! w20.06 11, 12 ¶14, 15

პარასკევი, 11 მარტი

მათი სისუსტეები უნდა ვიტვირთოთ, ვისაც სუსტი რწმენა აქვს (რომ. 15:1).

არააქტიურებს გამუდმებით სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. იესოს იგავში მოხსენიებული გზასაცდენილი შვილის მსგავსად, არც მათთვის იქნება ადვილი ემოციური ჭრილობების მოშუშება (ლუკ. 15:17—24). სატანის ქვეყნიერებაში ყოფნა მათაც დააჩნევდა თავის კვალს და სულიერად მოასუსტებდა. ამიტომაც სჭირდებათ არააქტიურებს დახმარება, რომ იეჰოვას მიმართ რწმენა დაიბრუნონ. იგავში დაკარგულ ცხვარზე იესო აღწერს, როგორ იქცევა მწყემსი. მან დიდი დრო და ძალისხმევა მოახმარა ცხვრის პოვნას, თუმცა მხოლოდ ამას არ დასჯერდა, ისევ თავად შეისვა ცხვარი მხრებზე და ფარაში დააბრუნა, რადგან მიხვდა, რომ ცხვარს საამისოდ ძალა არ ეყოფოდა (ლუკ. 15:4, 5). შეიძლება დიდი დრო და ენერგია დაგვჭირდეს არააქტიურთა დასახმარებლად, რათა გადალახონ ის პრობლემა, რაც ხელს უშლით იეჰოვასთან დაბრუნებაში. თუმცა ღვთის სულის, ბიბლიისა და ორგანიზაციის მიერ მოწოდებული პუბლიკაციების მეშვეობით, შეგვიძლია მათ სულიერად მოძლიერებაში დავეხმაროთ. ხელიდან ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას, თუ არააქტიურისთვის ბიბლიის შესწავლის ჩატარებას გთხოვენ. w20.06 28 ¶14, 15

შაბათი, 12 მარტი

ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, თუკი ერთმანეთი გეყვარებათ (იოან. 13:35).

თითოეულ ქრისტიანს ისეთი სიყვარულის გამოვლენა გვმართებს, რომელიც ჭეშმარიტ ქრისტიანებს გამოარჩევს. თუმცა სიყვარულთან ერთად „საფუძვლიანი ცოდნაცა და სრული გამჭრიახობაც“ გვჭირდება (ფილ. 1:9). წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვილად გაგვიტაცებს „სწავლების ყოველი ქარი, ადამიანთა მზაკვრობითა და ცბიერებით გამიზნული სიცრუე“, მათ შორის განდგომილთა სიცრუე (ეფეს. 4:14). ახ. წ. პირველ საუკუნეში, როცა მრავალმა მოწაფემ მიატოვა იესო, მოციქულმა პეტრემ თავისი ღრმა რწმენა ამ სიტყვებით გამოხატა: „შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები“ (იოან. 6:67, 68). მიუხედავად იმისა, რომ პეტრე იმ დროს ბოლომდე ვერ სწვდებოდა იესოს სიტყვების მნიშვნელობას, მაინც მისი ერთგული დარჩა, რადგან სჯეროდა, რომ ქრისტე ღვთისგან იყო მოვლენილი. თქვენც შეგიძლიათ განიმტკიცოთ რწმენა ბიბლიური სწავლებების მიმართ. ეს დაგეხმარებათ, გაუძლოთ ნებისმიერ გამოცდას და სხვებსაც გაუძლიეროთ რწმენა (2 იოან. 1, 2). w20.07 8 ¶2; 13 ¶18

კვირა, 13 მარტი

შვილებო, გვიყვარდეს არა სიტყვითა და ენით, არამედ საქმით, გულწრფელად (1 იოან. 3:18).

და-ძმებს ჭეშმარიტების გზაზე დარჩენაში ვეხმარებით, როცა მათ მიმართ თანაგრძნობას ვავლენთ (1 იოან. 3:10, 11, 16, 17). ერთმანეთი მხოლოდ ლხინში კი არა, ჭირშიც უნდა გვიყვარდეს. მაგალითად, შეიძლება იცით, რომ რომელიმე თანაქრისტიანს ახლობელი დაეღუპა და ნუგეში ან სხვა სახის დახმარება სჭირდება. ან შესაძლოა შეიტყვეთ იმ და-ძმების შესახებ, რომლებიც სტიქიამ დააზარალა და ახლა დარბაზები თუ მათი სახლები შესაკეთებელია. თანაქრისტიანების მიმართ ჩვენი სიყვარული და თანაგრძნობა მხოლოდ სიტყვებში კი არა, უფრო მეტად ჩვენს საქმეებში უნდა ვლინდებოდეს. ჩვენ მოსიყვარულე ზეციერ მამას ვბაძავთ, როცა ერთმანეთის მიმართ სიყვარულს ვავლენთ (1 იოან. 4:7, 8). სიყვარული იმასაც ნიშნავს, რომ ვაპატიოთ ერთმანეთს. მაგალითად, თუ ვინმე გვაწყენინებს, სიყვარული გვიბიძგებს, ვაპატიოთ და დავივიწყოთ მომხდარი (კოლ. 3:13). w20.07 24 ¶14, 15

ორშაბათი, 14 მარტი

იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც (საქ. 24:15).

ინდივიდუალურად ვასწავლით მკვდრეთით აღდგენილებს, ისე როგორც დღეს ვატარებთ ბიბლიის შესწავლებს? თუ კრებების მეშვეობით ისწავლიან ჭეშმარიტებას, რათა თავადაც შეძლონ მათი სწავლება, ვინც მოგვიანებით აღდგება მკვდრეთით? ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვართ, რომ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის ბოლოს „დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება“ (ეს. 11:9). ამ პერიოდში ბევრი და იმავდროულად სასიამოვნო საქმე გვექნება გასაკეთებელი! ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს, დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს მოუწევს ცვლილებების მოხდენა, რათა იეჰოვას მოსაწონები გახდნენ. ამის ცოდნა დაეხმარება ღვთის ხალხს, უფრო მეტად გაუგონ მკვდრეთით აღდგენილებს, სანამ ბოლომდე დაძლევენ ცოდვილ მიდრეკილებებს და იეჰოვას ნორმების თანახმად დაიწყებენ ცხოვრებას (1 პეტ. 3:8). აღდგენილებზე უდავოდ დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს იმის დანახვა, რომ იეჰოვას თავმდაბალი ხალხი კვლავაც იღვწის ხსნისთვის (ფილ. 2:12). w20.08 16 ¶6, 7

სამშაბათი, 15 მარტი

თითოეული თავის საქმეებს დაუკვირდეს; ეს მოუტანს მას სიხარულს და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარება (გალ. 6:4).

თუ გავითვალისწინებთ პავლე მოციქულის ღვთივშთაგონებულ რჩევას და საკუთარ თავს დავაკვირდებით, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენც გვაქვს განსაკუთრებული ნიჭი და უნარი. მაგალითად, შეიძლება უხუცესი კარგი ორატორი არ არის, მაგრამ მოწაფეების მომზადების საქმე კარგად გამოსდის. შეიძლება ის სხვა უხუცესებთან შედარებით ორგანიზატორული ნიჭით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ მზრუნველი მწყემსია, რომელთანაც და-ძმებს უადვილდებათ რჩევისთვის მისვლა. ან შეიძლება ეს უხუცესი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა (ებრ. 13:2, 16). თუ სათანადოდ ვაფასებთ ჩვენს უნარებსა და შესაძლებლობებს, კმაყოფილებას მოგვანიჭებს ის, რასაც კრებისთვის ვაკეთებთ. ასეთ შემთხვევაში, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათი შეგვშურდეს, ვისაც განსხვავებული უნარი ან ნიჭი აქვს. რა როლსაც არ უნდა ვასრულებდეთ კრებაში, გვინდა, ყველამ გავაუმჯობესოთ მსახურების ხარისხი და დავხვეწოთ ჩვენი უნარები. w20.08 24 ¶16—18

ოთხშაბათი, 16 მარტი

დავინახე უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო (გამოცხ. 7:9).

ისტორიული მოხსენება სათაურით „უამრავი ხალხი“ ჯოზეფ რუტერფორდმა 1935 წელს ვაშინგტონში გამართულ კონგრესზე წარმოთქვა. მან მოხსენებაში ახსნა გამოცხადების 7:9-ში მოხსენიებული „უამრავი ხალხის“ ვინაობა. მანამდე ფიქრობდნენ, რომ ეს ჯგუფი მეორეხარისხოვან ზეციერ კლასს წარმოადგენდა, რომელიც ნაკლებ ერთგულებას იჩენდა ღვთისადმი. ძმა რუტერფორდმა სხვადასხვა ბიბლიური მუხლის საფუძველზე ახსნა, რომ „უამრავი ხალხი“ ზეციერი ცხოვრებისთვის კი არ იყო არჩეული, არამედ ქრისტეს მიერ მოხსენიებულ „სხვა ცხვარს“ მიეკუთვნებოდა. ეს ხალხი გადაურჩებოდა „დიდ გასაჭირს“ და მარადიულად იცხოვრებდა დედამიწაზე (გამოცხ. 7:14). იესომ თქვა: „მე სხვა ცხვარიც მყავს, არა ამ ფარეხისა, ისინიც უნდა მოვიყვანო. ისინი მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი“ (იოან. 10:16). „სხვა ცხვარს“ განეკუთვნებიან ის ერთგული იეჰოვას მოწმეები, რომელთაც დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლის იმედი აქვთ (მათ. 25:31—33, 46). w21.01 14 ¶1, 2

ხუთშაბათი, 17 მარტი

ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო, ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება (მათ. 10:22).

ნებისყოფა გვჭირდება, რომ მოთმინებით მივიყვანოთ სამქადაგებლო საქმე ბოლომდე (მათ. 28:19, 20). ნებისყოფა თანდაყოლილი უნარი არ არის. ჩვენ მიდრეკილნი ვართ, რომ იოლი გზები გამოვნახოთ მიზნის მისაღწევად. ნებისყოფის განსავითარებლად თვითდისციპლინა გვჭირდება. ამიტომ თავი უნდა მივაჩვიოთ იმის კეთებას, რაც რთული გვეჩვენება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვაც გვეხმარება თავისი წმინდა სულით (გალ. 5:22, 23). მართალია, პავლე მოციქულს ნებისყოფა არ აკლდა, მაგრამ, როგორც თავად აღიარა, ასე ვთქვათ, სცემდა საკუთარ სხეულს, რომ სწორად მოქცეულიყო (1 კორ. 9:25—27). ის სხვებსაც მოუწოდებდა, ნებისყოფა გამოევლინათ და ყველაფერი „წესისა და რიგისამებრ“ გაეკეთებინათ (1 კორ. 14:40). ნებისყოფა საიმისოდაც გვჭირდება, რომ არ ჩამოვრჩეთ სულიერ განრიგს და რეგულარული მონაწილეობა მივიღოთ სამქადაგებლო საქმიანობაში (საქ. 2:46). w20.09 6, 7 ¶15—17

პარასკევი, 18 მარტი

სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს ყველა ხალხს (მარ. 13:10).

დღეს ბევრ ქვეყანაში იეჰოვას მსახურები დაუბრკოლებლად ქადაგებენ. თუ თქვენს ქვეყანაშიც ასეთი მდგომარეობაა, დაფიქრდით, როგორ იყენებთ ამ თავისუფლებას. ამ ბოლო დღეებში იეჰოვას ორგანიზაცია ხელმძღვანელობას უწევს ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეს, რომლის მსგავსიც ისტორიას არ ახსოვს. დღეს იეჰოვას ხალხს ამ საქმეში მონაწილეობისთვის უამრავი საშუალება ეძლევა. სარგებლობთ თქვენს ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი მდგომარეობით? (2 ტიმ. 4:2). დაფიქრდით, ხომ არ გაძლევთ არსებული ვითარება თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი დრო გამოყოთ ქადაგებისთვის, მაგალითად პიონერად მსახურებისთვის? ახლა იმის დრო ნამდვილად არ არის, რომ ფულის შოვნასა და ქონების დაგროვებას გადავყვეთ, რადგან ამ ყველაფერს „დიდ გასაჭირში“ ჩალის ფასი ექნება (იგავ. 11:4; მათ. 6:31—33; 1 იოან. 2:15—17). ბევრი მაუწყებელი უცხო ენას იმ მიზნით სწავლობს, რომ სხვებს იეჰოვას შესახებ უქადაგოს. ამაში მათ დიდ დახმარებას უწევს ჩვენი ორგანიზაციის მიერ 1 000-ზე მეტ ენაზე გამოცემული ბიბლიაზე დაფუძნებული მასალა. w20.09 16 ¶9—11

შაბათი, 19 მარტი

კვლავაც ღირსეულად იბრძოლე (1 ტიმ. 1:18).

კარგი მეომარი ერთგულია. ის თავს არ ზოგავს ბრძოლაში მისთვის, ვინც უყვარს ან იმისთვის, რასაც აფასებს. პავლემ მოუწოდა ტიმოთეს, რომ ღვთისადმი ერთგულებისკენ ესწრაფა (1 ტიმ. 4:7). რაც უფრო მეტად გვეყვარება იეჰოვა და ვუერთგულებთ მას, მით უფრო გაგვიძლიერდება იმის სურვილი, რომ გავუფრთხილდეთ ჭეშმარიტებას (1 ტიმ. 4:8—10; 6:6). კარგ მეომარს თვითდისციპლინაც სჭირდება, რომ ღირსეულად შეასრულოს თავისი მოვალეობა. ტიმოთე კარგ სულიერ ფორმაში იყო, რადგან ითვალისწინებდა პავლეს ღვთივშთაგონებულ რჩევას, არ აჰყოლოდა მაცდურ სურვილებს, განევითარებინა ღვთისმოსაწონი თვისებები და თანამორწმუნეებთან ჰქონოდა ურთიერთობა (2 ტიმ. 2:22). ამ რჩევებს ტიმოთე თვითდისციპლინის გარეშე ვერ გაითვალისწინებდა. ჩვენს ხორციელ სურვილებზე გასამარჯვებლად ჩვენც გვჭირდება ეს თვისება (რომ. 7:21—25). გარდა ამისა, თვითდისციპლინის გარეშე ვერ მოვიშორებთ ძველ პიროვნებას და ახლით ვერ შევიმოსებით (ეფეს. 4:22, 24). მაგალითად, დამღლელი დღის ბოლოს კრების შეხვედრაზე წასვლა შეიძლება დიდი ძალისხმევის ფასად დაგვიჯდეს (ებრ. 10:24, 25). w20.09 28 ¶9—11

კვირა, 20 მარტი

მტკიცედ განვიზრახე, შენს წესებს დავემორჩილო მთელი სიცოცხლე, სამარის კარამდე (ფსალმ. 119:112).

მოთმინება გვჭირდება, სანამ შემსწავლელი თავს მიუძღვნის იეჰოვას და მოინათლება. მაგრამ ამავე დროს, იმაშიც უნდა დავრწმუნდეთ, რომ მას გულწრფელად სურს, ემსახუროს იეჰოვას. ატყობთ შემსწავლელს, რომ ცდილობს, მიჰყვეს იესოს მითითებებს თუ უბრალოდ ჩვენთან საუბარი სიამოვნებს? დროდადრო დაფიქრდით, რა მიგანიშნებთ, რომ თქვენი შემსწავლელი სულიერად იზრდება. მაგალითად, ჩანს მისი სიტყვებიდან, რომ უყვარს იეჰოვა? მიმართავს ის იეჰოვას ლოცვით? (ფსალმ. 116:1, 2). უყვარს ბიბლიის კითხვა? (ფსალმ. 119:97). რეგულარულად ესწრება კრების შეხვედრებს? (ფსალმ. 22:22). ცდილობს, ნასწავლის შესაბამისად მოახდინოს ცვლილებები ცხოვრებაში? ესაუბრება ნასწავლის შესახებ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს? (ფსალმ. 9:1). რაც მთავარია, სურს თუ არა გახდეს იეჰოვას მოწმე? (ფსალმ. 40:8). თუ შემსწავლელი რომელიმე ამ კუთხით არ ვითარდება, ტაქტიანად შეეცადეთ მიზეზის გარკვევას და შემდეგ გულახდილად, თუმცა თბილად ესაუბრეთ ამის შესახებ. w20.10 18 ¶14, 15

ორშაბათი, 21 მარტი

ჩემი გამომგზავნელი ჩემთან არის. მას არ მივუტოვებივარ, რადგან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს (იოან. 8:29).

მართალია, იესოს ზეციერი მამა და მისი მიწიერი მშობლები გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, როცა საქმე იესოს მომავალს ეხებოდა, მაგრამ ზრდასრულ იესოს თავად უნდა გაეკეთებინა არჩევანი (გალ. 6:5). ჩვენს მსგავსად მასაც ნების თავისუფლება ჰქონდა და შეეძლო საკუთარ ნება-სურვილს აჰყოლოდა, მაგრამ იესომ იეჰოვას ნების შესრულება არჩია. მას შემდეგ, რაც იესომ გაიაზრა, რა როლი ეკისრა იეჰოვას განზრახვაში, გადაწყვიტა, დაჰყოლოდა მამის ნებას (იოან. 6:38). მან იცოდა, რომ ბევრი შეიძულებდა და ამ აზრთან შეგუება მისთვის, ალბათ, ადვილი არ იქნებოდა. მიუხედავად ამისა, იეჰოვას მორჩილება არჩია. მას შემდეგ, რაც ახ. წ. 29 წელს მოინათლა, იესო მთლიანად ღვთის ნების შესრულებაზე გადაერთო (ებრ. 10:5—7). წამების ძელზე სიკვდილის პირას მყოფსაც კი მამის ნების შესრულება აფიქრებდა (იოან. 19:30). w20.10 29 ¶12; 30 ¶15

სამშაბათი, 22 მარტი

არასდროს დაგტოვებ და არ მიგატოვებ (ებრ. 13:5).

ალბათ, თქვენს კრებაშიც არიან ისეთი და-ძმები, რომელთაც ჯანმრთელობის ან სხვა სახის პრობლემები ცხოვრებას ურთულებს. შესაძლოა ზოგმა ახლობელიც კი დაკარგა. თუ ვიცით, ვის რა უჭირს, შეგვიძლია იეჰოვას ვთხოვოთ, რომ მათ მიმართ სიყვარულისა და მზრუნველობის გამოვლენაში დაგვეხმაროს. შეიძლება სწორედ ჩვენი სიტყვები და საქმეები აღმოჩნდეს ის, რაც მათ იმ მომენტში სჭირდებათ (1 პეტ. 4:10). გვამხნევებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ჩვენ გვერდით არის. ის მხარს გვიჭერს იესოსა და ანგელოზების მეშვეობით. როცა საქმე მის განზრახვას ეხება, იეჰოვა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც იყენებს თავისი ხალხის დასახმარებლად. ბევრ ჩვენგანს საკუთარ თავზე არაერთხელ გამოგვიცდია, როგორ აღძრავს ის წმინდა სულით თავის მსახურებს ჩვენ დასახმარებლად. მოციქულ პავლეს მსგავსად ჩვენც შეგვიძლია სრული დამაჯერებლობით ვთქვათ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?!“ (ებრ. 13:6). w20.11 17 ¶19, 20

ოთხშაბათი, 23 მარტი

თქვენი ძალა მშვიდად ყოფნასა და მინდობაში იქნება (ეს. 30:15).

მოციქულები აშკარად ხედავდნენ, რომ იეჰოვა მათ გვერდით იყო. იეჰოვას ძალით ისინი სასწაულებს ახდენენ (საქ. 5:12—16; 6:8). მართალია, ჩვენს შემთხვევაში ასე არაა, მაგრამ თავისი სიტყვის მეშვეობით იეჰოვა გვარწმუნებს, რომ, როცა სიმართლისთვის ვიტანჯებით, ის ხარობს ჩვენით და თავის სულს გვაძლევს (1 პეტ. 3:14; 4:14). იმაზე ფიქრის ნაცვლად, მომავალში როგორ შევხვდებით სასტიკ დევნას, აჯობებს იეჰოვასადმი ნდობა გავიძლიეროთ და გვჯეროდეს, რომ მას შესწევს ჩვენი გაძლიერებისა და დახსნის ძალა. ჩვენ უნდა გვჯეროდეს იესოს დაპირების: „მე მოგცემთ სიბრძნეს და მე გათქმევინებთ იმას, რაც უნდა თქვათ; მაშინ თქვენი მოწინააღმდეგეები ერთადაც კი ვერ აღგიდგებიან წინ და ვერ შეგედავებიან“. იესომ იმაშიც დაგვარწმუნა, რომ მოთმინებით გადავირჩენთ თავს (ლუკ. 21:12—19). გვახსოვდეს, რომ იეჰოვას თავისი ერთგული მსახურების შესახებ უმცირესი დეტალიც კი ახსოვს. ასე რომ, რომც დაიხოცონ, შეუძლია მათი მკვდრეთით აღდგენა. w21.01 4 ¶12

ხუთშაბათი, 24 მარტი

მეც მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც (საქ. 24:15).

პავლე არ იყო პირველი, ვისაც მკვდრეთით აღდგომის იმედი გააჩნდა. ამის იმედი იობსაც ჰქონდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი გაიხსენებდა მას და სიცოცხლეს დაუბრუნებდა (იობ. 14:7—10, 12—15). მკვდრეთით აღდგომა ერთ-ერთი ბიბლიური მოძღვრებაა, რომელიც ქრისტიანული მრწამსის საძირკველს ქმნის (ებრ. 6:1, 2). მოციქული პავლე მკვდრეთით აღდგომის შესახებ 1 კორინთელების მე-15 თავში მსჯელობს. მისი სიტყვები უდავოდ გაამხნევებდა პირველი საუკუნის ქრისტიანებს. ამ სიტყვებს შესწევს ძალა, ჩვენც გაგვამხნეოს და განგვიმტკიცოს მკვდრეთით აღდგომის იმედი. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენა გვიმტკიცებს იმედს, რომ კვლავ ვიხილავთ ჩვენს საყვარელ მიცვალებულებს. „სასიხარულო ცნობა“, რომელიც პავლემ აუწყა კორინთელებს, სწორედ ამ იმედს შეიცავდა (1 კორ. 15:1, 2). პავლემ აღნიშნა, რომ თუკი ქრისტიანს არ სწამდა მკვდრეთით აღდგომის, მისი რწმენა ფუჭი იყო (1 კორ. 15:17). w20.12 2 ¶2—4

პარასკევი, 25 მარტი

გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი, . . გარეთ გავიდა და მწარედ ატირდა (მათ. 26:75).

რა დაეხმარა მოციქულ პეტრეს, დაეძლია გულგატეხილობა? პეტრეს ემახსოვრებოდა იესოს სიტყვები: „მე ვილოცე შენთვის, რომ რწმენა არ დაკარგო“. იეჰოვამაც შეისმინა იესოს ლოცვა. მოგვიანებით იესო პირადად ეჩვენა პეტრეს, როგორც ჩანს, გამხნევების მიზნით (ლუკ. 22:32; 24:33, 34; 1 კორ. 15:5). ცოტა ხანში იგი მთელი ღამე წარუმატებელი თევზაობით გაწბილებულ მოციქულებსაც ეჩვენა. მათ შორის იყო პეტრეც, რომელსაც იესომ მისთვის სიყვარულის დამტკიცების შესაძლებლობა მისცა. მან აპატია თავის ძვირფას მეგობარს და მეტი საქმე მიანდო (იოან. 21:15—17). ამ შემთხვევიდან თვალნათლივ გამოჩნდა, თუ რაოდენ გულმოწყალეა იესო, რომელიც მამას სრულყოფილად ჰბაძავს ამ თვისების გამოვლენაში. ამიტომ, როცა შეცდომებს ვუშვებთ, ზედმეტად არ უნდა განვსაჯოთ საკუთარი თავი და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი მდგომარეობა უიმედოა. არ დაგვავიწყდეს, რომ სატანის მიზანიც ესაა. უნდა შევეცადოთ, რომ როგორც საკუთარ თავს, ისე მწყენინებლებს, თანამგრძნობი და მოსიყვარულე ზეციერი მამის თვალით ვუყუროთ (ფსალმ. 103:13, 14). w20.12 20, 21 ¶17—19

შაბათი, 26 მარტი

იმედიანად ვიქნები (ფსალმ. 27:3).

როგორც ვიცით, ღვთის მსახურთაგან ყველამ ვერ შეინარჩუნა სიმშვიდე და იეჰოვასადმი ნდობა. მათი მაგალითების განხილვა დაგვეხმარება, რომ იგივე შეცდომები არ დავუშვათ. თავიდან ასა იეჰოვას ენდობოდა განსაცდელების დროს, მოგვიანებით კი თავისი ჭკუით ცდილობდა პრობლემების გადაჭრას ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვასთვის მიემართა დახმარებისთვის (2 მატ. 16:1—3, 12). ერთი შეხედვით ასას გეგმა, სირიელები მოკავშირეობაზე დაეყოლიებინა, სტრატეგიულად გამართლებული ჩანდა. მაგრამ მისი წარმატება ხანმოკლე აღმოჩნდა. წინასწარმეტყველის პირით იეჰოვამ ასეთი რამ შეუთვალა ასას: „სირიის მეფის ნაცვლად იეჰოვას, შენს ღმერთს რომ მინდობოდი, ახლა სირიის მეფის ჯარი დამარცხებული გეყოლებოდა“ (2 მატ. 16:7). სიფრთხილე გვმართებს, რომ ზედმეტად თავდაჯერებულები არ გავხდეთ და ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვას სიტყვას მივმართოთ ხელმძღვანელობისთვის, საკუთარი ჭკუით არ დავიწყოთ პრობლემების მოგვარება. მაშინაც კი, როცა დრო არ ითმენს და გადაწყვეტილება სწრაფად გვაქვს მისაღები, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და მივენდოთ იეჰოვას. ის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება. w21.01 6 ¶13—15

კვირა, 27 მარტი

აღარ მოშივდებათ (გამოცხ. 7:16).

დღესდღეობით ზოგან იეჰოვას ხალხს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის, სამოქალაქო არეულობის ან ომის გამო შიმშილი უწევს. ზოგიც რწმენის გამოა დაპატიმრებული. მიუხედავად ამისა, „უამრავ ხალხს“ ახარებს იმის ცოდნა, რომ მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნიერების განადგურებას გადაურჩება, ყოველთვის უხვად ექნება ფიზიკური თუ სულიერი საკვები. სატანის ქვეყნიერების განადგურების დროს „უამრავი ხალხი“ დაცული იქნება ღვთის რისხვისგან, რომელიც პაპანაქებასავით დაწვავს ერებს. იესო „დიდ გასაჭირში“ გადარჩენილებს „[მარადიული] სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვება“ (გამოცხ. 7:17). წარმოიდგინეთ, რა საუცხოო მომავალი ელის წინ „უამრავ ხალხს“. იმ მილიარდობით ადამიანისგან განსხვავებით, ვისაც კი ოდესმე დედამიწაზე უცხოვრია, მხოლოდ მათ აქვთ უნიკალური შანსი, არასდროს გამოსცადონ სიკვდილი (იოან. 11:26). „სხვა ცხვარი“ იეჰოვასა და იესოს ემადლიერება მომავლის საუცხოო იმედისთვის. w21.01 16, 17 ¶11, 12

ორშაბათი, 28 მარტი

ერთგულია უფალი, ის განგამტკიცებთ და დაგიფარავთ ბოროტისგან (2 თეს. 3:3).

სიკვდილის წინა ღამეს იესომ კარგად იცოდა, რა სირთულეებს შეხვდებოდნენ მისი მოწაფეები, ამიტომ თავისი მეგობრების სიყვარულით აღძრულმა მამას სთხოვა, ბოროტისგან დაეცვა ისინი (იოან. 17:14, 15). მან ისიც იცოდა, რომ მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდებოდა, სატანა ეშმაკი დაუპირისპირდებოდა ყველას, ვინც იეჰოვას მსახურებას მოისურვებდა. ასე რომ, იეჰოვას ხალხს ნამდვილად დასჭირდებოდა მფარველობა. დღეს იეჰოვას მფარველობა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. იმ დღიდან, რაც ზეციდან გადმოაგდეს, სატანა დიდად არის განრისხებული (გამოცხ. 12:12). ამიტომ ცდილობს, ზოგი იმაში დაარწმუნოს, რომ ჩვენი დევნა მათ ღვთის მსახურებაში ჩაეთვლებათ (იოან. 16:2). ზოგს ღმერთი საერთოდ არ სწამს, მაგრამ იმიტომ გვდევნის, რომ მათ სტანდარტებში არ ვჯდებით. რა მიზეზითაც არ უნდა გვდევნიდნენ, შიშის საფუძველი არ გვაქვს. ამის თქმის საფუძველს დღევანდელ მუხლში ჩაწერილი სიტყვები გვაძლევს. w21.03 26 ¶1, 3

სამშაბათი, 29 მარტი

[ვერაფერი] ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოშია! (რომ. 8:39).

იეჰოვა ყველაფერს სიყვარულით აკეთებს. ის სიყვარულით ზრუნავს ჩვენს მოთხოვნილებებზე. იეჰოვამ სიყვარულით გაიღო გამოსასყიდი ჩვენთვის. იესოსაც ისე ძლიერ ვუყვარვართ, რომ სიცოცხლეც კი არ დაინანა ჩვენთვის (იოან. 3:16; 15:13). იეჰოვასა და იესოს ერთგულთა მიმართ სიყვარულს ვერაფერი გაუნელებს (იოან. 13:1; რომ. 8:35). მსგავსად, ოჯახისთავის ყველა ქმედებასაც სიყვარული უნდა ედოს საფუძვლად. ამის მიზეზს მოციქული იოანე გვიხსნის: „ვისაც არ უყვარს თავისი ძმა [ან ოჯახი], რომელსაც ხედავს, ვერ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს“ (1 იოან. 4:11, 20). მოსიყვარულე ოჯახისთავი, რომელიც იეჰოვასა და იესოს ჰბაძავს, ზრუნავს თავისი ოჯახის სულიერ, ემოციურ თუ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე (1 ტიმ. 5:8). ის ზრუნავს შვილების აღზრდასა და დარიგებაზე. ცდილობს, ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომლებიც იეჰოვასაც განადიდებს და ოჯახის კეთილდღეობასაც მოემსახურება. w21.02 5 ¶12, 13

ოთხშაბათი, 30 მარტი

იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში (ფსალმ. 55:22).

მოსიყვარულე ზეციერმა მამამ იცის, რა გავლენას ახდენს ადამიანზე წარსულის ტრავმები და უარყოფითი ფიქრები. თუმცა ღმერთს არც კარგის დანახვა უჭირს ჩვენს გულში. ის ისეთ თვისებებსაც ხედავს ჩვენში, რომელთაც თავად ვერ ვამჩნევთ (1 იოან. 3:19, 20). ადამიანს შეიძლება მაშინაც გაუტყდეს გული, თუკი ძვალსა და რბილში გამჯდარი ჩვევა კვლავ ახსენებს თავს. ბუნებრივია, თუკი ასეთ დროს ჩადენილი ცოდვის გამო სინდისი დაგვქენჯნის (2 კორ. 7:10). თუმცა უკიდურესობაში არ უნდა გადავვარდეთ და არ უნდა ვიფიქროთ: „ჩემგან არაფერი გამოვა. მე იეჰოვა ვერასდროს მაპატიებს“. ასეთი აზროვნება არასწორია და შეიძლება ღვთის მსახურებაზეც აგვაღებინოს ხელი. კარგი იქნება, თუკი იეჰოვასთან მოვაგვარებთ საქმეებს, ლოცვით მივმართავთ მას და პატიებას ვთხოვთ (ეს. 1:18). იეჰოვაც გვაპატიებს, როცა დაინახავს, რომ გულწრფელად ვინანიებთ. ჩვენ უხუცესებისგანაც უნდა ვითხოვოთ დახმარება. ისინი დიდსულოვნად მოგვიდგებიან და დაგვეხმარებიან სულიერ გაჯანსაღებაში (იაკ. 5:14, 15). w20.12 23 ¶5, 6

ხუთშაბათი, 31 მარტი

[მოეპყარი] უფროსი ასაკის ქალს — როგორც დედას, და ახალგაზრდა ქალს — როგორც დას (1 ტიმ. 5:2).

იესო ღირსეულად და პატივისცემით ეპყრობოდა ქალებს. ის არ იზიარებდა ფარისევლების შეხედულებას, რომლებიც ზემოდან დაჰყურებდნენ ქალებს და საჯაროდ მათთან საუბარს ერიდებოდნენ, რომ არაფერი ვთქვათ მათთან წმინდა წერილებიდან მსჯელობაზე. იესო კი ქალებთანაც ისევე სიამოვნებით მსჯელობდა ღრმა სულიერ საკითხებზე, როგორც მამაკაცებთან (ლუკ. 10:38, 39, 42). როცა იესო ქადაგების მიზნით მოგზაურობდა, მას თან ქალებიც დაჰყვებოდნენ (ლუკ. 8:1—3). მან სწორედ ქალებს მიანიჭა იმის პატივი, რომ მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ მოციქულებისთვის ეუწყებინათ (იოან. 20:16—18). მოციქულმა პავლემ ტიმოთეს ურჩია, რომ პატივი ეცა ქალებისთვის. იგი აღიარებდა, რომ პირველად ტიმოთე დედამ და ბებიამ აზიარეს წმინდა წერილებს (2 ტიმ. 1:5; 3:14, 15). რომაელებისთვის მიწერილ წერილში პავლე სახელებით მოიხსენიებს დებს და მოკითხვებს უთვლის მათ. პავლე არათუ ამჩნევდა მათ მიერ გაწეულ შრომას, არამედ მადლიერებას გამოხატავდა მათი ქრისტიანული ღვაწლისთვის (რომ. 16:1—4, 6, 12; ფილ. 4:3). w21.02 15 ¶5, 6

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება