აპრილი
პარასკევი, 1 აპრილი
ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა (რომ. 15:4).
სერიოზულ პრობლემასთან ხომ არ გიწევთ ჭიდილი? მაგალითად, შეიძლება კრებაში ვინმემ ძალიან გატკინათ გული (იაკ. 3:2); ან თანამშრომლები თუ კლასელები დაგცინიან რწმენის გამო (1 პეტ. 4:3, 4). შეიძლება ოჯახის წევრები გიშლიან ხელს კრებაზე დასწრებასა თუ ქადაგებაში (მათ. 10:35, 36). თუ პრობლემა თქვენთვის რთული ასატანია, შეიძლება იმ დასკვნამდეც კი მიხვიდეთ, რომ იეჰოვას მსახურების შეწყვეტა საუკეთესო გამოსავალია. მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ რა სირთულესაც არ უნდა შეხვდეთ, იეჰოვა მოგცემთ სიბრძნესა და მოთმინების ძალას. თავის სიტყვაში იეჰოვამ დაწვრილებით აღგვიწერა, როგორ გაუმკლავდნენ თავისი არასრულყოფილი მსახურები სხვადასხვა განსაცდელს. და ეს იმიტომ, რომ მათ მაგალითებზე ჩვენც რაღაც გვესწავლა. სწორედ ამ აზრზე ამახვილებს ყურადღებას მოციქული პავლე. ამ ისტორიების კითხვა გვანუგეშებს და გვაიმედებს. მაგრამ პრაქტიკული ღირებულების დასანახად მხოლოდ წაკითხვა არ კმარა. ღვთის სიტყვას ჩვენი აზროვნების ფორმირების საშუალება უნდა მივცეთ და წაკითხული გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ. w21.03 14 ¶1, 2
შაბათი, 2 აპრილი
გახედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად! (იოან. 4:35).
თვლით, რომ ის ადამიანები, ვისაც უქადაგებთ, მოსამკელად გამზადებულ მწიფე თავთავებს ჰგვანან? თუ ასეა, მაშინ ეს სამ მხარეზე აისახება: პირველი, გადაუდებლად იქადაგებთ და დროს ფუჭად არ დაკარგავთ, რადგან აცნობიერებთ, რომ მკის საქმე დიდხანს არ გასტანს. მეორე, სამქადაგებლო საქმეში მთელი გულით მონაწილეობა დიდ სიხარულს მოგანიჭებთ. ბიბლიაში წერია, რომ „მკის დროს ხარობენ“ (ეს. 9:3). და მესამე, ადამიანებს ქრისტეს მომავალ მოწაფეებად ჩათვლით და შეეცდებით, ბიბლიური ცნობა მათთვის საინტერესო სახით გადასცეთ. ზოგი მოწაფისგან განსხვავებით იესოს ხელი არ ჩაუქნევია სამარიელებზე და არ უფიქრია, რომ ისინი არასოდეს გახდებოდნენ მისი მიმდევრები. ის სამარიელებში მომავალ მოწაფეებს ხედავდა. იესოს მსგავსად ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები მომავალ და-ძმებად უნდა მივიჩნიოთ. ამ მხრივ მოციქულმა პავლემ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. პავლე ითვალისწინებდა მათ მრწამსსა და ინტერესებს ვისაც უქადაგებდა, და ცდილობდა, მათში მომავალი თანამორწმუნეები დაენახა. w20.04 8, 9 ¶3, 4
კვირა, 3 აპრილი
იეჰოვას თვალთაგან სამარე და ხრწნის ადგილი დაფარული არაა, ადამიანთა გულები ხომ — მით უმეტეს! (იგავ. 15:11).
ნაცვლად იმისა, რომ გააკრიტიკოთ თანაქრისტიანები, ყველანაირად ეცადეთ, გაუგოთ მათ. მხოლოდ იეჰოვას შეუძლია ბოლომდე გაგვიგოს. ამიტომ სთხოვეთ მას, დაგეხმაროთ, სხვებს მისი თვალით უყუროთ და ისწავლოთ, როგორ გახდეთ უფრო თანამგრძნობი. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ზოგი თანაქრისტიანი იმსახურებს ჩვენს თანაგრძნობას, ზოგი კი — არა. ყველას აქვს ისეთი პრობლემები, როგორიც იონას, ელიას, აგარსა და ლოტს ჰქონდათ, ამიტომ თანაგრძნობას თითოეული მათგანი იმსახურებს. ისიც ფაქტია, რომ ზოგჯერ თანაქრისტიანები თავად უქმნიან პრობლემებს საკუთარ თავს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ხანდახან ჩვენს შემთხვევაშიც ასეა. ამიტომ გონივრული იქნება, თუ იეჰოვას ვთხოვთ დახმარებას, რომ უფრო თანამგრძნობები გავხდეთ ერთმანეთის მიმართ (1 პეტ. 3:8). როცა ვემორჩილებით ღმერთს, ჩვენს დიდ და მრავალფეროვან მსოფლიო ოჯახში ერთობას ვუწყობთ ხელს. ასე რომ, ეცადეთ, ყოველთვის მოუსმინოთ ერთმანეთს, უკეთ გაიცნოთ და-ძმები და თანაგრძნობა გამოავლინოთ მათ მიმართ. w20.04 18, 19 ¶15—17
ორშაბათი, 4 აპრილი
ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ზუსტად მიჰყვეთ მის ნაკვალევს (1 პეტ. 2:21).
იესო იყო იმის სრულყოფილი მაგალითი, თუ რას ნიშნავს იეჰოვას მორჩილება. ასე რომ, თუ გვინდა, ჩვენც იეჰოვას დავემორჩილოთ, ზედმიწევნით უნდა მივყვეთ იესოს მაგალითს (იოან. 8:29). ჭეშმარიტების გზას რომ არ ავცდეთ, ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, რომ იეჰოვა ჭეშმარიტების ღმერთია, და ის, რასაც თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით გვეუბნება, სიმართლეა. არც იმაში უნდა გვეპარებოდეს ეჭვი, რომ იესო აღთქმული მესიაა. დღეს ბევრს არ სჯერა, რომ იესო ღვთის სამეფოს მეფეა. იოანე აფრთხილებდა ქრისტიანებს, რომ ბევრი მატყუარა შეცდომაში შეიყვანდა მათ, ვისაც კარგად არ ესმოდა იეჰოვასა და იესოს შესახებ ჭეშმარიტება (2 იოან. 7—11). იოანე წერდა: „ვინ არის ცრუ, თუ არა ის, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე?“ (1 იოან. 2:22). თუ გვინდა, რომ არ მოვტყუვდეთ, უნდა გამოვიკვლიოთ ღვთის სიტყვა. მხოლოდ ასე გავეცნობით იეჰოვასა და იესოს (იოან. 17:3). და მხოლოდ მაშინ დავრწმუნდებით, რომ ჭეშმარიტების გზაზე ვართ. w20.07 21 ¶4, 5
სამშაბათი, 5 აპრილი
გადაწყვეტილი გვქონდეს, რომ ძმას არ დავუდოთ დაბრკოლების ლოდი (რომ. 14:13).
თანაქრისტიანებს „დაბრკოლების ლოდად“ რომ არ ვექცეთ, არ უნდა ვაიძულოთ ისინი, ყველაფერში ჩვენი შეხედულებები გაიზიარონ (რომ. 14:19—21; 1 კორ. 8:9, 13). როგორც წესი, მორბენლები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და ცდილობენ, ნებისმიერ ფასად მოიპოვონ ჯილდო. შესაძლოა სხვებს ხელიც კი ჰკრან, რათა წინ გაიჭრან. მათგან განსხვავებით ქრისტიანები ერთმანეთს არ ეჯიბრებიან (გალ. 5:26; 6:4). ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ, გადაკვეთონ ფინიშის ხაზი და სიცოცხლის ჯილდო მოიპოვონ. ამიტომაც ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ღვთივშთაგონებული რჩევა და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი არ ვიზრუნოთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც (ფილ. 2:4). რბოლის მონაწილეებს იეჰოვა სარბიელის ბოლომდე გარბენის შემთხვევაში ჯილდოს ჰპირდება — მარადიულ სიცოცხლეს ზეცაში თუ სამოთხეში, დედამიწაზე. w20.04 28 ¶10; 29 ¶12
ოთხშაბათი, 6 აპრილი
ამათ დიდი გასაჭირი გამოიარეს (გამოცხ. 7:14).
მილიონობით ღვთის მსახური, კაცი თუ ქალი, დაიმკვიდრებს ახალ ქვეყნიერებას. ისინი სიკვდილზე მორიგ გამარჯვებას იხილავენ, როცა მილიარდობით ადამიანი მკვდრეთით აღდგება. წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარული დაეუფლებათ ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის მხილველთ! (საქ. 24:15). კიდევ ერთი დიდებული გამარჯვება ის იქნება, როცა ღვთის ერთგული ადამიანები სიკვდილის მონობას ერთხელ და სამუდამოდ დააღწევენ თავს და უსასრულო სიცოცხლით გაიხარებენ! დღეს მცხოვრებ ქრისტიანებს დიდად ამხნევებს ის სიტყვები, რომლებიც პავლემ კორინთელებს მკვდრეთით აღდგომის შესახებ მისწერა. ნამდვილად ბევრი მიზეზი გვაქვს საიმისოდ, რომ პავლეს მოწოდებისამებრ ვიმოქმედოთ და ბევრი ვიშრომოთ უფლისთვის (1 კორ. 15:58). თუ ერთგულად და მუხლჩაუხრელად შევასრულებთ დავალებულ საქმეს, ჩვენც გავიხარებთ იმ ბედნიერი მომავლით, რომლის ბოლომდე წარმოდგენაც დღეს არ შეგვიძლია. აი, მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდებით, რომ უფლისთვის ფუჭად არ გვიშრომია! w20.12 13 ¶16, 17
ხუთშაბათი, 7 აპრილი
მათი ლაშქრები . . . ცხენზე ამხედრებულისა და მისი ლაშქრის წინააღმდეგ საომრად [შეიკრიბნენ] (გამოცხ. 19:19).
თუ გადავხედავთ ეზეკიელის 38:10—23-ს, დანიელის 2:43—45-ს, 11:44—12:1-სა და გამოცხადების 16:13—16, 21-ს, დავინახავთ, რომ ამ წინასწარმეტყველებებში ერთსა და იმავე დროსა და მოვლენებზეა საუბარი. აქედან გამომდინარე, რა შეიძლება მოხდეს მომავალში? დიდი გასაჭირის დაწყებიდან გარკვეული დროის შემდეგ „მთელი მსოფლიოს მეფეები“ ერთა კოალიციას შექმნიან (გამოცხ. 16:13, 14). ეს იქნება კოალიცია, რომელსაც ბიბლია უწოდებს „გოგს . . . მაგოგის მიწიდან“ (ეზეკ. 38:2). ისინი საბოლოო იერიშს მიიტანენ ღვთის ხალხზე და მათ განადგურებას შეეცდებიან. მოციქულ იოანეს წინასწარმეტყველებაში, რომელიც დროის ამავე მონაკვეთს ეხება, საუბარია დიდ და „ძლიერ სეტყვაზე“, რომელიც ღვთის მტრებზე წვიმასავით წამოვიდოდა. ძლიერი სეტყვა განასახიერებს ღვთის განაჩენს, რომელსაც იეჰოვას ხალხი გააცხადებს. როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო გაილაშქრებს გოგი ღვთის ხალხზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაანადგუროს ისინი (გამოცხ. 16:21). w20.05 15 ¶13, 14
პარასკევი, 8 აპრილი
თუ თქვენ, ცოდვილები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს! (ლუკ. 11:13).
წმინდა სული ღვთისგან ბოძებული ძღვენია, რომელსაც უნდა ვაფასებდეთ. მადლიერება გაგვიღრმავდება, თუ ვიფიქრებთ, რამდენი რამ კეთდება წმინდა სულის მეშვეობით. სანამ ზეცად ამაღლდებოდა, იესომ მოწაფეებს უთხრა: „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები . . . დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). წმინდა სულის ძალით გახდა შესაძლებელი, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები დაახლოებით რვა მილიონ-ნახევარი ადამიანი იეჰოვას თაყვანისმცემლობაში გაერთიანებულიყო. გარდა ამისა, დღეს სულიერ სამოთხეში ვართ, რადგან ღვთის წმინდა სული გვეხმარება, განვივითაროთ ისეთი თვისებები, როგორიცაა სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი და თავშეკავება. ამ თვისებების ერთობლიობას ბიბლია „სულის ნაყოფს“ უწოდებს (გალ. 5:22, 23). წმინდა სული მართლაც ფასდაუდებელი ძღვენია! w20.05 28 ¶10; 29 ¶13
შაბათი, 9 აპრილი
ერთმა ადამიანმა მოიტანა სიკვდილი, ასევე ერთი ადამიანის მეშვეობით იქნება მკვდრეთით აღდგომა (1 კორ. 15:21).
არაერთი მიზეზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვდრეთით აღდგენილების ცნობა მათ ახლობლებს არ გაუჭირდებათ. საიდან ვაკეთებთ ასეთ დასკვნას? თუ წარსულში მომხდარი მკვდრეთით აღდგომის შემთხვევებით ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ, აღდგენილებს ისეთივე გარეგნობა, მეტყველება და აზროვნება ექნებათ, როგორიც სიკვდილამდე ჰქონდათ. ალბათ გახსოვთ, რომ იესომ სიკვდილი ძილს შეადარა, მკვდრეთით აღდგომა კი — გამოღვიძებას (მათ. 9:18, 24; იოან. 11:11—13). ჩვეულებრივ, გამოღვიძებულ ადამიანს ისეთივე გარეგნობა, აზროვნება და მეტყველება აქვს, როგორიც დაძინებამდე ჰქონდა. მაგალითად, ვიმსჯელოთ ლაზარეს აღდგომაზე. ის ოთხი დღის მკვდარი იყო და მისი სხეული უკვე იხრწნებოდა. მიუხედავად ამისა, როცა ის იესომ აღადგინა, მართას და მარიამს არ გასჭირვებიათ მისი ცნობა და ეჭვგარეშეა, თავად ლაზარემაც იცნო თავისი დები (იოან. 11:38—44; 12:1, 2). w20.08 14 ¶3; 16 ¶8
კვირა, 10 აპრილი
ხსნას ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომს, და კრავს ვუმადლით! (გამოცხ. 7:10).
ღვთის თვალში ცხებულებიც და „სხვა ცხვარიც“ ერთნაირად ფასობენ. მას ორივე ჯგუფი განურჩევლად უყვარს. ეს გასაკვირი არც არის, რადგან თავისი ძის სიცოცხლე ცხებულებისთვისაც გაიღო და „სხვა ცხვრისთვისაც“. ამ ორ ჯგუფს შორის სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ მათ განსხვავებული იმედი აქვთ. ორივე ჯგუფს მართებს ღვთისა და ქრისტესადმი ერთგულება (ფსალმ. 31:23). გარდა ამისა, იეჰოვა ყველას საჭიროების მიხედვით აძლევს წმინდა სულს, განურჩევლად იმისა, ცხებულია თუ „სხვა ცხვარი“. იეჰოვამ ყველა თავის ერთგულ მსახურს მომავლის არაჩვეულებრივი იმედი უბოძა (იერ. 29:11). ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო ყველას გვაძლევს იმის შესანიშნავ შესაძლებლობას, რომ ხოტბა შევასხათ ღმერთსა და ქრისტეს იმ ყველაფრისთვის, რაც მათ ჩვენი უსასრულო სიცოცხლისთვის გააკეთეს. ფაქტია, გახსენების საღამო ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. w21.01 18 ¶16; 19 ¶19
ორშაბათი, 11 აპრილი
ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად (1 კორ. 11:25).
უმეტესობას, ვინც გახსენების საღამოს ესწრება, დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვს. მაშ, რატომ ესწრებიან ისინი უფლის გახსენების საღამოს? იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ვესწრებით ხოლმე მეგობრის ქორწილს. ქორწილში მისვლით ჩვენ სიყვარულსა და მხარდაჭერას ვუცხადებთ ახალდაქორწინებულ წყვილს. მსგავსად ამისა, „სხვა ცხვარი“ გახსენების საღამოზე დასწრებით სიყვარულსა და მხარდაჭერას უცხადებს ქრისტესა და მის ცხებულებს. გახსენების საღამოზე დასწრებით „სხვა ცხვარი“ მადლიერებასაც გამოხატავს მსხვერპლისთვის, რომელიც მას საშუალებას აძლევს, დედამიწაზე მარადიულად იცხოვროს. გახსენების საღამოზე დასწრების კიდევ ერთი მიზეზი ის მითითებაა, რომელიც იესომ თავის მიმდევრებს მისცა. როცა იესომ ეს საღამო დააფუძნა, თავის ერთგულ მოციქულებს უთხრა: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (1 კორ. 11:23—26). ასე რომ, „სხვა ცხვარი“ მანამ გააგრძელებს უფლის გახსენების საღამოს აღნიშვნას, სანამ ცხებულები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან დედამიწაზე. w21.01 17, 18 ¶13, 14
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 9 ნისანი) (იოანე 12:12—19; მარკოზი 11:1—11)
სამშაბათი, 12 აპრილი
ღმერთმა სიყვარული იმით დაგვიმტკიცა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა ქვეყნიერებაში, რათა მისი მეშვეობით მიგვეღო სიცოცხლე (1 იოან. 4:9).
სიყვარული ნამდვილი რომ იყოს, საქმეები უნდა ახლდეს თან (შეადარეთ იაკობის 2:17, 26). მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ იეჰოვას ვუყვარვართ და ამ სიყვარულს ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვებით გამოხატავს (1 იოან. 4:19; ფსალმ. 25:10; რომ. 8:38, 39). თუმცა იეჰოვა თავის სიყვარულს საქმეებითაც გვიმტკიცებს. იეჰოვამ არ დაინანა თავისი საყვარელი ძე, რომ ჩვენთვის დატანჯულიყო და მომკვდარიყო (იოან. 3:16). განა გვაქვს იმის საფუძველი, რომ იოტისოდენა ეჭვი შევიტანოთ მის სიყვარულში?! იეჰოვასა და იესოს სიყვარულს მორჩილებით ვუმტკიცებთ (იოან. 14:15; 1 იოან. 5:3). იესოს ერთ-ერთი მთავარი მცნება ერთმანეთის სიყვარულისკენ მოგვიწოდებს (იოან. 13:34, 35). და-ძმების მიმართ სიყვარული მხოლოდ სიტყვიერად კი არ უნდა გამოვხატოთ, არამედ ჩვენი ქმედებებითაც (1 იოან. 3:18). w21.01 9 ¶6; 10 ¶8
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 10 ნისანი) (იოანე 12:20—50)
ოთხშაბათი, 13 აპრილი
მეგობრები გიწოდეთ (იოან. 15:15).
წმინდა სულით ცხებულ ქრისტიანებს იმედი აქვთ, რომ მარადიულად იესოსთან იქნებიან და ღვთის სამეფოში მასთან ერთად იმმართველებენ. ისინი იხილავენ იესოს, შესაძლებლობა ექნებათ, ესაუბრონ მას და მის გვერდით იყვნენ (იოან. 14:2, 3). იესოს სიყვარულსა და მზრუნველობას საკუთარ თავზე გამოსცდის ყველა, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვს. მართალია, ისინი ვერ დაინახავენ იესოს, მაგრამ მასთან მეგობრობის განმტკიცების საშუალება ექნებათ. ამასთანავე, დატკბებიან მარადიული სიცოცხლით, რისი შესაძლებლობაც მათ იეჰოვამ და იესომ მისცეს (ეს. 9:6, 7). უამრავ კურთხევას ვიღებთ, როცა ვეხმაურებით იესოს მოწვევას და ვუმეგობრდებით მას. მაგალითად, ჩვენ დღესვე ვგრძნობთ მის სიყვარულსა და მხარდაჭერას და გვაქვს მარადიულად ცხოვრების იმედი. რაც ყველაზე მთავარია, იესოსთან მეგობრობით ზეციერ მამას, იეჰოვასაც ვუახლოვდებით, რასაც ნამდვილად ვერაფერი შეედრება. რა დიდი პატივია, რომ შეგვიძლია იესოს მეგობრებად ვიწოდებოდეთ! w20.04 25 ¶15, 16
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 11 ნისანი) (ლუკა 21:1—36)
ხუთშაბათი, 14 აპრილი
გაცოცხლდება ყველა ქრისტეს წყალობით (1 კორ. 15:22).
მოციქულმა პავლემ თავისი წერილი კორინთელ ცხებულ ქრისტიანებს მისწერა, რომლებიც ზეცაში საცხოვრებლად აღდგებოდნენ. პავლემ მათ უთხრა: „ღმერთმა ქრისტე იესოსთან გაგაერთიანათ და ამგვარად განგწმინდათ, წმინდებად აგირჩიათ“. შემდეგ მან ისინიც მოიხსენია, „ვინც განისვენეს ქრისტესთან ერთობაში“ (1 კორ. 1:2; 15:18; 2 კორ. 5:17). პავლემ საკუთარ თავსა და თანაქრისტიანებზე თავის ერთ-ერთ წერილში ისიც თქვა, რომ თუკი მსგავსი სიკვდილი აერთიანებდათ ქრისტესთან, მაშინ მსგავსი აღდგომაც გააერთიანებდათ (რომ. 6:3—5). ქრისტე აღდგა როგორც სულიერი ქმნილება და ზეცად ამაღლდა. იმავეს თქმა შეიძლება ყველაზე, „ვინც ქრისტესთან ერთობაშია“ ანუ ყველა სულით ცხებულ ქრისტიანზე. პავლემ დაწერა, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე იყო „პირველი ნაყოფი განსვენებულთა შორის“ (1 კორ. 15:20). იესო იყო პირველი, რომელიც ღმერთმა აღადგინა როგორც სულიერი ქმნილება და მარადიული სიცოცხლე უბოძა. w20.12 5, 6 ¶15, 16
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 12 ნისანი) (მათე 26:1—5, 14—16; ლუკა 22:1—6)
ᲒᲐᲮᲡᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲦᲐᲛᲝ
მზის ჩასვლის შემდეგ
პარასკევი, 15 აპრილი
მუდამ უფალთან ვიქნებით (1 თეს. 4:17).
დღეს ცხებული ქრისტიანები სიკვდილისთანავე იღებენ ზეციური ცხოვრების ჯილდოს. ეს კარგად ჩანს პავლე მოციქულის სიტყვებიდან, რომლებიც 1 კორინთელების 15:51, 52-შია ჩაწერილი. ქრისტეს სულით ცხებული ძმები მკვდრეთით აღდგომისას დიდად ხარობენ. ბიბლიიდან ვიგებთ, თუ რა საქმეს შეასრულებენ ისინი ზეცაში, ვინც „თვალის დახამხამებაში“ შეიცვლებიან. იესო მათზე ამბობს: „მძლეველსა და ჩემი გზებით მავალს მივცემ ისეთ ძალაუფლებას ხალხებზე, როგორიც მე მივიღე მამაჩემისგან; დამწყემსავს ის ხალხს რკინის კვერთხით და ისინი თიხის ჭურჭელივით დაიმსხვრევიან“ (გამოცხ. 2:26, 27). w20.12 12 ¶14, 15
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 13 ნისანი) (მათე 26:17—19; მარკოზი 14:12—16; ლუკა 22:7—13) (მზის ჩასვლის შემდეგ მომხდარი მოვლენები: 14 ნისანი) (იოანე 13:1—5; 14:1—3)
შაბათი, 16 აპრილი
მკვდრეთით აღდგა ქრისტე (1 კორ. 15:20).
პავლეს მიერ იესოს „პირველ ნაყოფად“ მოხსენიება იმაზე მოწმობდა, რომ მოგვიანებით მას სხვებიც შეუერთდებოდნენ ზეცაში საცხოვრებლად (1 კორ. 15:18). ამგვარად, მათ ქრისტესთან მსგავსი აღდგომაც გააერთიანებდა. როდესაც პავლემ ეს წერილი მისწერა კორინთელებს, მათი მკვდრეთით აღდგომა, ვინც „ქრისტესთან ერთობაში“ იყვნენ, ჯერ არ იყო დაწყებული. პავლემ თქვა, რომ ეს მომავალში მოხდებოდა: „თითოეული თავისი წესისა და რიგის მიხედვით იღებს სიცოცხლეს: ჯერ ქრისტე, პირველი ნაყოფი, შემდეგ კი ქრისტესნი — როცა ის მოსული იქნება“ (1 კორ. 15:23; 1 თეს. 4:15, 16). მართალია, ჩვენ ვცხოვრობთ პერიოდში, როცა ქრისტე უკვე „მოსულია“, მაგრამ მოციქულებსა და სულით ცხებულ სხვა ქრისტიანებს მის „მოსვლამდე“ ლოდინი მოუწევდათ; მათ მხოლოდ ამის შემდეგ გააერთიანებდათ იესოსთან მსგავსი აღდგომა და მიიღებდნენ ზეციურ ჯილდოს (რომ. 6:5). w20.12 5 ¶12; 6 ¶16, 17
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 14 ნისანი) (იოანე 19:1—42)
კვირა, 17 აპრილი
რაც იმარხება, ხრწნადია, ხოლო, რაც აღდგება — უხრწნელი (1 კორ. 15:42).
ამ მუხლში მოციქული პავლე საუბრობს მათზე, ვინც ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგებოდნენ სულიერი სხეულით (1 კორ. 15:43, 44). როცა იესო დედამიწაზე ცხოვრობდა, მას ხორციელი სხეული ჰქონდა, მაგრამ, როცა მკვდრეთით აღდგა, იგი „მაცოცხლებელ სულად“ იქცა და ზეცას დაუბრუნდა. იესოს მსგავსად, სულით ცხებული ქრისტიანებიც სიკვდილის შემდეგ სულიერ სხეულს მიიღებენ. პავლემ თქვა: „როგორც მტვრისგან შექმნილის ანარეკლი ვართ, ისევე ვიქნებით ზეციერის ანარეკლი“ (1 კორ. 15:45—49). უნდა გვახსოვდეს, რომ იესო ხორციელი სხეულით არ აღმდგარა. სწორედ ამას გაუსვა პავლემ ხაზი, როცა თქვა: „ხორციელი სხეული ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს“ (1 კორ. 15:50). მოციქულები და სხვა სულით ცხებული ქრისტიანები ზეცაში საცხოვრებლად ხრწნადი, ხორციელი სხეულით ვერ აღდგებოდნენ. w20.12 10, 11 ¶10—12
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 15 ნისანი) (მათე 27:62—66) (მზის ჩასვლის შემდეგ მომხდარი მოვლენები: 16 ნისანი) (იოანე 20:1)
ორშაბათი, 18 აპრილი
სიკვდილო, სად არის შენი გამარჯვება?! სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი?! (1 კორ. 15:55).
პირველ საუკუნეში იესოს ზოგმა მოწაფემ ღვთის შთაგონებით ზეციური ცხოვრების იმედზე ისაუბრა. მოციქულმა იოანემ დაწერა: „ახლა ჩვენ ღვთის შვილები ვართ, მაგრამ ჯერ არ ვიცით, როგორები ვიქნებით. თუმცა ვიცით, რომ მისი გამოცხადებისას მისი მსგავსნი ვიქნებით“ (1 იოან. 3:2). ამ მუხლის საფუძველზე ვასკვნით, რომ ცხებულმა ქრისტიანებმა არ იციან, თუ როგორი ცხოვრება ელით მას შემდეგ, რაც სულიერი სხეულებით აღდგებიან ზეცაში საცხოვრებლად. თუმცა მათ ერთი რამ კარგად იციან: ზეციური ჯილდოს მიღების შემდეგ ისინი იხილავენ იეჰოვას. ზეციური აღდგომის შესახებ ბიბლია ზოგიერთ დეტალს გვიმჟღავნებს. მაგალითად, ცხებულები ზეცაში იქნებიან იესოსთან, როცა იგი ყველა მთავრობას, ხელისუფლებას, ძალაუფლებას და უკანასკნელ მტერსაც, სიკვდილსაც, მოუღებს ბოლოს. ათასწლიანი მმართველობის ბოლოს იესო მამას დაუმორჩილებს ყოველივეს და თავის თანამმართველებთან ერთად თავადაც მამას დაემორჩილება (1 კორ. 15:24—28). ეს მართლაც დიდებული მოვლენა იქნება! w20.12 8 ¶2
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 16 ნისანი) (იოანე 20:2—18)
სამშაბათი, 19 აპრილი
მეც მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც (საქ. 24:15).
ერთგულ ქრისტიანებსაც, რომელთაც ქრისტესთან ერთად ზეცაში ცხოვრების იმედი არ გააჩნიათ, აქვთ აღდგომის იმედი. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მოციქულ პავლესა თუ ზეციერი ცხოვრებისთვის სხვა მოწოდებულთ წილი ექნებოდათ „პირველ აღდგომაში“ (გამოცხ. 20:6). რაზე მოასწავებს ეს სიტყვები? ეს სიტყვები იმას მოასწავებს, რომ მეორე აღდგომაც იქნება. იობსაც ამ აღდგომის იმედი ჰქონდა (იობ. 14:15). როდესაც იესო „ყველა მთავრობას, ხელისუფლებასა და ძალაუფლებას მოუღებს ბოლოს“, სულით ცხებული ქრისტიანები ამ დროს უკვე ზეცაში იქნებიან მასთან. იგი უკანასკნელ მტერსაც, სიკვდილსაც, მოუღებს ბოლოს. ერთი რამ ფაქტია: ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილნი სიკვდილის მონობისგან გათავისუფლდებიან (1 კორ. 15:23—26). მიწიერი ცხოვრების მოიმედეთ იმედს უნერგავს მოციქული პავლეს სიტყვები, რომლებიც დღევანდელ მუხლშია ჩაწერილი. ცხადია, უმართლო ვერ მიიღებს ზეციური ცხოვრების ჯილდოს, რაც გვახვედრებს, რომ ეს სიტყვები მიწიერ აღდგომაზე მიუთითებს. w20.12 6, 7 ¶18, 19
ოთხშაბათი, 20 აპრილი
[ქრისტემ] შემიყვარა და თავი გასწირა ჩემთვის (გალ. 2:20).
ზოგჯერ შეიძლება ვიკითხოთ: როგორ უნდა დავრწმუნდე, რომ იეჰოვას ჩემზე ხელი არ ჩაუქნევია? თუკი ადამიანი ასეთ კითხვას სვამს, ის გარკვეულწილად აღიარებს, რომ ღმერთს შეუძლია მისი პატიება. ათწლეულების წინ „საგუშაგო კოშკში“ ასეთი რამ ეწერა: „შეიძლება ერთი და იგივე შეცდომა ბევრჯერ დავუშვათ და ამან მიგვახვედროს, რომ ესა თუ ის მავნე ჩვევა ძვალსა და რბილში გვქონია გამჯდარი . . . ნუ დაასკვნით, რომ მიუტევებელი ცოდვა ჩაიდინეთ, რადგან სატანასაც ეს უნდა, რომ გაფიქრებინოთ. შეცდომის გამო წუხილი იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერი დაკარგული არაა. რამდენჯერაც არ უნდა შესცოდოთ, თავმდაბლად მიმართეთ ღმერთს, სთხოვეთ პატიება, შველა და სუფთა სინდისი“. სანამ იესოს მიმდევარი გახდებოდა, მოციქულ პავლეს არაერთი სერიოზული ცოდვა ჰქონდა ჩადენილი. პავლეს ახსოვდა წარსულში ჩადენილი შეცდომები (1 ტიმ. 1:12—15). თუმცა იგი ქრისტეს გამოსასყიდს პირადად მისდამი გამოვლენილ წყალობად თვლიდა. ამგვარად, პავლე მოციქული გამუდმებით თავს კი არ იდანაშაულებდა წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო, არამედ ყველაფერს აკეთებდა, რომ საუკეთესო გაეღო იეჰოვასთვის. w20.11 27 ¶14; 29 ¶17
ხუთშაბათი, 21 აპრილი
თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უხვად და დაუყვედრებლად აძლევს, და მიეცემა (იაკ. 1:5).
სატანა არაერთ მეთოდს იყენებს, რომ ცოდვა ჩაგვადენინოს. ასეთ დროს ადვილია, თავი მოიტყუოთ და იფიქროთ, რომ ეს საქციელი იმდენად სერიოზული ცოდვა არ არის, რომ ამის გამო კრებიდან გაირიცხოთ. თუმცა ასეთი აზროვნება არასწორია. უკეთესი იქნება, თუ დაფიქრდებით შემდეგ კითხვებზე: ხომ არ ცდილობს სატანა ამ საცდურით, იეჰოვასთან ჩემს ურთიერთობას ბზარი გაუჩინოს? ხომ არ შეურაცხვყოფ ღვთის სახელს, თუ არასწორ სურვილებს გასაქანს მივცემ? დამაახლოებს ეს საქციელი იეჰოვასთან თუ პირიქით, დამაშორებს მას? ლოცვაში სიბრძნე სთხოვეთ იეჰოვას, რათა გულწრფელად უპასუხოთ ამ კითხვებს. ასე მოქცევა სულიერად დაგიცავთ. ამასთანავე, დაგეხმარებათ, იესოს მსგავსად თქვენც შეეწინააღმდეგოთ ცდუნებას და თქვათ: „გამშორდი, სატანა!“ (მათ. 4:10). გახსოვდეთ, თუ „მთლიანი გული“ არ გექნებათ, ღვთის მოწონებას ვერ დაიმსახურებთ. w20.06 12, 13 ¶16, 17
პარასკევი, 22 აპრილი
ვეუბნები თითოეულ თქვენგანს: იმაზე მეტი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი, ვიდრე სინამდვილეში ხართ, არამედ საღად იაზროვნეთ (რომ. 12:3).
ჩვენ თავმდაბლად ვემორჩილებით იეჰოვას ნორმებს, რადგან გვესმის, რომ მან ყოველთვის კარგად იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო (ეფეს. 4:22—24). თავმდაბლობა გვიბიძგებს, იეჰოვას ნება ჩვენს სურვილებზე წინ დავაყენოთ და სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად ჩავთვალოთ. ეს კი იეჰოვასთან და თანამორწმუნეებთან კარგი ურთიერთობის საწინდარია (ფილ. 2:3). თუ არ ვიფრთხილებთ, შეიძლება ჩვენს გარშემო მცხოვრებ ამაყ და ეგოისტ ადამიანებს დავემსგავსოთ. როგორც ჩანს, ამ საშიშროების წინაშე იყვნენ პირველი საუკუნის რომაელი ქრისტიანებიც, რომლებსაც მოციქულმა პავლემ მისწერა: „ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ ისე იფიქრეთ, რომ საღი აზროვნება გქონდეთ“. პავლეს ესმოდა, რომ გარკვეულწილად ყველა უნდა ვფიქრობდეთ საკუთარ თავზე. თუმცა თავმდაბლობა გვეხმარება, ზომიერება არ დავკარგოთ ამ საკითხში და დიდი წარმოდგენა არ შევიქმნათ საკუთარ თავზე. w20.07 2 ¶1, 2
შაბათი, 23 აპრილი
მშვიდობა იყო ქვეყანაში. ომი არ ჰქონია მას ამ წლების განმავლობაში (2 მატ. 14:6).
მეფე ასას მმართველობის დროს მშვიდობიანი პერიოდი მაშინ დასრულდა, როცა ეთიოპთა მილიონიანი ჯარი იუდას სამეფოს მიადგა. მათ მეთაურს, ზერახს ეგონა, რომ იუდას ჯარს მარტივად დაამარცხებდა. მისგან განსხვავებით, ასა თავისი მეომრების სიმრავლეზე კი არა, თავის ღმერთზე, იეჰოვაზე იყო დაიმედებული. ეს მისი ლოცვიდანაც გამოჩნდა: „დაგვეხმარე, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რადგან შენზე ვართ მონდობილნი და შენი სახელით გამოვედით ამ მრავალრიცხოვანი ჯარის წინააღმდეგ!“ (2 მატ. 14:11). მიუხედავად იმისა, რომ ეთიოპთა ჯარი რიცხობრივად თითქმის ორჯერ აღემატებოდა ისრაელების ჯარს, ასა დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას შესწევდა ძალა თავისი ხალხის სახსნელად. იეჰოვამ ასა არ დააღალატა და ეთიოპთა ჯარს სამარცხვინო მარცხი აგემა (2 მატ. 14:8—13). შეიძლება ზუსტად არ ვიცით, რას გვიმზადებს მომავალი, მაგრამ ის კი ვიცით, რომ მშვიდობიანი პერიოდი, რომელიც ახლა გვიდგას, დიდხანს არ გასტანს. იესომაც ხომ იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში მის მოწაფეებს ყველა შეიძულებდა მისი სახელის გამო (მათ. 24:9). w20.09 17, 18 ¶14—16
კვირა, 24 აპრილი
სიამოვნებას მანიჭებს . . . შეურაცხყოფა (2 კორ. 12:10).
შეურაცხყოფა არავის სიამოვნებს. მაგრამ, თუ ზედმეტად განვიცდით მოწინააღმდეგეების მხრიდან შეურაცხყოფას, შეიძლება გული გაგვიტყდეს (იგავ. 24:10). მაშ, როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს შეურაცხყოფაზე? ჩვენც შეგვიძლია გავიზიაროთ მოციქული პავლეს დამოკიდებულება, რომელსაც სიამოვნებას ანიჭებდა შეურაცხყოფა. რატომ შეგვიძლია ამის თქმა? შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა იმაზე მიანიშნებს, რომ ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეები ვართ (1 პეტ. 4:14). იესომ თქვა, რომ მის მიმდევრებს დევნას დაუწყებდნენ (იოან. 15:18—20). ეს ასეც მოხდა პირველ საუკუნეში. ბერძნული კულტურის გავლენის გამო საზოგადოებაში ქრისტიანები გაუნათლებელ და დაბალი დონის ადამიანებად მიიჩნეოდნენ. მათ იუდეველებიც „უსწავლელ და უბრალო ადამიანებად“ თვლიდნენ, ისევე როგორც პეტრე და იოანე მოციქულებს (საქ. 4:13). ქრისტიანები სუსტები ჩანდნენ, რადგან არც პოლიტიკურ და არც სამხედრო ძალაუფლებას არ ფლობდნენ და საზოგადოებისგან გარიყულნი იყვნენ. პირველი საუკუნის ქრისტიანები ვერ შეაჩერა მოწინააღმდეგეების უარყოფითმა შეხედულებამ. w20.07 14, 15 ¶3, 4
ორშაბათი, 25 აპრილი
საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან სიყვარული ღვთისგანაა. ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს (1 იოან. 4:7).
მოციქული იოანე სიყვარულით ზრუნავდა და-ძმების სულიერ კეთილდღეობაზე, რაც კარგად აისახა მის სამ ღვთივშთაგონებულ წერილში. რაოდენ გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ ქრისტესთან ერთად იოანესავით მზრუნველი და მოსიყვარულე მამაკაცები და ქალები იმმართველებენ (1 იოან. 2:27). მოდი გულთან ახლოს მივიტანოთ მისი რჩევები. ყველაფერში დავემორჩილოთ იეჰოვას და ასე დავრჩეთ ჭეშმარიტების გზაზე. ვიკვლიოთ ღვთის სიტყვა და ვენდოთ მასში ჩაწერილს. რწმენა გავიძლიეროთ იესოს მიმართ. უკუვაგდოთ ადამიანური შეხედულებები და განდგომილთა სწავლებები. ვიფრთხილოთ, რომ ორმაგი სტანდარტებით არ ვიცხოვროთ და არ ავყვეთ ცოდვილ სურვილებს. ვიხელმძღვანელოთ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმებით. მზად ვიყოთ პატიებისთვის, დახმარების ხელი გავუწოდოთ სხვადასხვა განსაცდელში მყოფ და-ძმებს და ასე დავეხმაროთ მათ ძლიერი რწმენის შენარჩუნებაში. ამგვარად ვერანაირი დაბრკოლება ვერ გადაგვიყვანს ჭეშმარიტების გზიდან. w20.07 24, 25 ¶15—17
სამშაბათი, 26 აპრილი
ღმერთმა საკუთარი ნებისამებრ განალაგა სხეულის ნაწილები (1 კორ. 12:18).
იეჰოვამ სიყვარულიდან გამომდინარე ყველა თავის ერთგულ მსახურს მიუჩინა კრებაში თავისი ადგილი. მართალია, ყველას სხვადასხვა როლი გვაკისრია, მაგრამ ყველანი ძვირფასები ვართ და ერთმანეთს ვსაჭიროებთ. როგორც პავლე მოციქულის სიტყვებიდან ჩანს, იეჰოვას მსახურები ვერ ვეტყვით ერთმანეთს: „არ მჭირდებიო“ (1 კორ. 12:21). კრებაში მშვიდობიან გარემოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შევუწყობთ ხელს, თუ დავაფასებთ ერთმანეთს და ვითანამშრომლებთ (ეფეს. 4:16). როცა კრებაში ერთსულოვნება სუფევს, კრება ძლიერდება და მტკიცდება სიყვარულში. კრებაში უხუცესები იეჰოვას წმინდა სულით არიან დანიშნული. თითოეულს სხვადასხვა ნიჭი და უნარი აქვს (1 კორ. 12:17). ზოგი უხუცესი შედარებით ახალბედა და გამოუცდელია. ზოგსაც ასაკი და ჯანმრთელობა ზღუდავს. როგორც არ უნდა იყოს, ერთმა უხუცესმა მეორეს თავი ისე არ უნდა აგრძნობინოს, თითქოს ეუბნება: „არ მჭირდებიო“. თითოეულმა მათგანმა რომაელების 12:10-ში ჩაწერილი რჩევით უნდა იხელმძღვანელოს. w20.08 26 ¶1, 2; 27 ¶4
ოთხშაბათი, 27 აპრილი
ცვალებადია ეს ქვეყნიერება (1 კორ. 7:31).
იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მიწიერი ნაწილის მეშვეობით სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე მიგვიძღვის. უდავოდ, ჩვენ მზადყოფნით მივყვებით ბიბლიაზე დაფუძნებულ ხელმძღვანელობას, რომელიც ბიბლიური მოძღვრებების განახლებულ ახსნასა თუ ზნეობრივ საკითხებს ეხება. მაგრამ როგორ ვრეაგირებთ, როცა საქმე ორგანიზაციულ ცვლილებებზე მიდგება, მაგალითად, როცა საქმე დარბაზების გაყიდვას ეხება? სიხარულს იმ შემთხვევაში შევინარჩუნებთ, თუ გვემახსოვრება, რომ ჩვენ იეჰოვასთვის ვშრომობთ და რომ მის ხელშია ამ ორგანიზაციის მართვის სადავეები (კოლ. 3:23, 24). ჩვენთვის კარგი მაგალითია მეფე დავითი, რომელსაც ტაძრის მშენებლობისთვის არ დაუშურებია სახსრები. მან თქვა: „ვინ ვარ მე და ვინ არის ჩემი ხალხი, რომ ამდენის გაღება შევძელით?! ყველაფერი შენგანაა და შენგანვე ბოძებული მოგეცით“ (1 მატ. 29:14). როცა იეჰოვასთვის შესაწირავს ვიღებთ, მას, რეალურად, იმას ვუბრუნებთ, რაც თავად მოგვცა. მიუხედავად ამისა, იეჰოვა დიდად აფასებს დროს, ენერგიასა და სახსრებს, რომელსაც მისი საქმის შესრულებას ვახმართ (2 კორ. 9:7). w20.11 22, 23 ¶14—16
ხუთშაბათი, 28 აპრილი
ვინც ღრუბლებს შესცქერის, ვერ მოიმკის (ეკლ. 11:4).
ჩვენს წარმატებას იმით არ ვსაზღვრავთ, თუ რამდენ ადამიანს დავეხმარეთ ქრისტეს მოწაფედ გახდომაში (ლუკ. 8:11—15). იეჰოვა წარმატებად იმას გვითვლის, თუ ვაგრძელებთ სასიხარულო ცნობის ქადაგებას და მოწაფეების მომზადებას, რადგან ასე ვემორჩილებით მას და მის ძეს (მარ. 13:10; საქ. 5:28, 29). ჩვენ, როგორც „ადამიანთა მებადურებს“, ქადაგებისთვის დამატებით სტიმულს ის გვაძლევს, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრული სწრაფად ახლოვდება. ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმისთვის ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. ნუ დააყოვნებთ და იდეალურ დროს ნუ დაელოდებით, რომ ამ უაღრესად მნიშვნელოვან საქმეში ჩაებათ. გაიძლიერეთ ქადაგების სურვილი, გაიღრმავეთ ბიბლიური ცოდნა, შეიძინეთ გაბედულება და გამოიმუშავეთ ნებისყოფა. თქვენც შეუერთდით რვა მილიონზე მეტ „მებადურს“ და თავად გამოცადეთ იეჰოვასგან მომდინარე სიხარული (ნეემ. 8:10; ლუკ. 5:10). მიზნად დაისახეთ, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ქადაგების საქმეში, ვიდრე ეს საქმე არ დასრულდება. w20.09 7 ¶18—20
პარასკევი, 29 აპრილი
გაუფრთხილდი იმას, რაც მოგენდო (1 ტიმ. 6:20).
ჩვენ არ უნდა ავყვეთ მეტის შეძენის დაუოკებელ სურვილს, რადგან ეს ყურადღებას სხვა რამეზე გადაგვატანინებს. „სიმდიდრის მაცდუნებელ ძალას“ შეუძლია გაგვინელოს იეჰოვასადმი სიყვარული, დაგვიკარგოს ღვთის სიტყვისადმი მადლიერება და ჩაგვიკლას ქადაგების სურვილი (მათ. 13:22). თუ გვსურს, იეჰოვასგან მონდობილს გავუფრთხილდეთ, მყისიერი რეაგირება უნდა მოვახდინოთ საფრთხეზე. მაგალითად, როგორ მოვიქცევით, როდესაც უზნეობის კადრებს, ძალადობის სცენებს ან განდგომილთა მასალას გადავეყრებით ინტერნეტში, სატელევიზიო გადაცემებსა თუ ფილმებში? თუ წინასწარ მოვემზადებით მოსალოდნელი საფრთხისთვის, სწრაფად დავაღწევთ თავს ჩვენი სულიერი მდგომარეობისთვის საზიანო სიტუაციებს და იეჰოვას თვალში სუფთა სინდისს შევინარჩუნებთ (ფსალმ. 101:3; 1 ტიმ. 4:12). ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ იმ საგანძურს, რომელიც იეჰოვამ მოგვანდო — ძვირფას ბიბლიურ ჭეშმარიტებას და სხვებისთვის მისი სწავლების პატივს. შედეგად გვექნება სუფთა სინდისი, აზრიანი ცხოვრება და სიხარული, რომელიც სხვებისთვის იეჰოვას გაცნობას მოაქვს. w20.09 30 ¶16—19
შაბათი, 30 აპრილი
შენი თვალით დაინახავ შენს დიდებულ მოძღვარს (ეს. 30:20).
თუ მონათლული ხართ, გამოდის, რომ საჯაროდ დაადასტურეთ იეჰოვასადმი რწმენა და გამოხატეთ მის ორგანიზაციასთან ერთად მსახურების სურვილი. იეჰოვას ყოველ საქმეში ჩანს მისი პიროვნული თვისებები, განზრახვები და მორალური პრინციპები. შესაბამისად, ეს ყველაფერი იმაზეც აისახება, თუ როგორ უწევს ის ხელმძღვანელობას თავის ორგანიზაციას. ამაში სამი რამ გვარწმუნებს. პირველი, „ღმერთი მიუკერძოებელია“ (საქ. 10:34). სიყვარულმა აღძრა იეჰოვა, რომ თავისი ძე გამოსასყიდად გაეღო განურჩევლად ყველასთვის (1 ტიმ. 2:6; იოან. 3:16). ის თავისი ხალხის მეშვეობით აცხადებს სასიხარულო ცნობას, რათა ქრისტეს მსხვერპლმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოუტანოს სიკეთე. მეორე, იეჰოვა წესრიგისა და მშვიდობის მოყვარული ღმერთია (1 კორ. 14:33, 40). შესაბამისად, მის თაყვანისმცემლებს წესრიგისა და მშვიდობის სიყვარული მოეთხოვებათ. მესამე, იეჰოვა „დიდებული მოძღვარია“ (ეს. 30:21). ამიტომ მის ორგანიზაციაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიბლიის სწავლებას, როგორც კრებაში, ისე საჯაროდ მსახურების დროს. w20.10 20 ¶1—3