საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es22 გვ. 47-57
  • მაისი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მაისი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2022
  • ქვესათაურები
  • კვირა, 1 მაისი
  • ორშაბათი, 2 მაისი
  • სამშაბათი, 3 მაისი
  • ოთხშაბათი, 4 მაისი
  • ხუთშაბათი, 5 მაისი
  • პარასკევი, 6 მაისი
  • შაბათი, 7 მაისი
  • კვირა, 8 მაისი
  • ორშაბათი, 9 მაისი
  • სამშაბათი, 10 მაისი
  • ოთხშაბათი, 11 მაისი
  • ხუთშაბათი, 12 მაისი
  • პარასკევი, 13 მაისი
  • შაბათი, 14 მაისი
  • კვირა, 15 მაისი
  • ორშაბათი, 16 მაისი
  • სამშაბათი, 17 მაისი
  • ოთხშაბათი, 18 მაისი
  • ხუთშაბათი, 19 მაისი
  • პარასკევი, 20 მაისი
  • შაბათი, 21 მაისი
  • კვირა, 22 მაისი
  • ორშაბათი, 23 მაისი
  • სამშაბათი, 24 მაისი
  • ოთხშაბათი, 25 მაისი
  • ხუთშაბათი, 26 მაისი
  • პარასკევი, 27 მაისი
  • შაბათი, 28 მაისი
  • კვირა, 29 მაისი
  • ორშაბათი, 30 მაისი
  • სამშაბათი, 31 მაისი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2022
es22 გვ. 47-57

მაისი

კვირა, 1 მაისი

ის კვლავაც უჯერებდა მათ (ლუკ. 2:51).

იესო ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა არჩევანი გააკეთა. მართალია, მას მშობლებზე მეტი ესმოდა, მაგრამ არ უფიქრია, რომ ამის გამო მათ არ უნდა დამორჩილებოდა. ეჭვგარეშეა, იესო, როგორც უფროსი შვილი, სერიოზულად ეკიდებოდა თავის პასუხისმგებლობას და ბევრს შრომობდა, რომ მამობილისგან ხელობა ესწავლა და მომავალში ოჯახს მხარში ამოსდგომოდა. სავარაუდოდ, მშობლები იესოს მის სასწაულებრივ დაბადებაზეც მოუყვებოდნენ და იმაზეც, რა თქვეს ღვთის მაცნეებმა მის შესახებ (ლუკ. 2:8—19, 25—38). იესო მოსმენილს არ დასჯერდა და თავადაც იკვლევდა წმინდა წერილებს. საიდან ჩანს ეს? ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა იერუსალიმში მასწავლებლები გააოცა „იმით, თუ როგორ პასუხობდა და რამდენი რამ ესმოდა“ (ლუკ. 2:46, 47). 12 წლის ასაკში იესოს უკვე კარგად ჰქონდა გამოკვლეული ღვთის სიტყვა და ეჭვი არ ეპარებოდა, რომ იეჰოვა მისი მამა იყო (ლუკ. 2:42, 43, 49). w20.10 29, 30 ¶13, 14

ორშაბათი, 2 მაისი

ქრისტე აღდგა მკვდრეთით (1 კორ. 15:12).

იესოს მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენა ქრისტიანული მრწამსის ქვაკუთხედია. მოციქული პავლე თავისი მსჯელობის დასაწყისში სამ მნიშვნელოვან აზრს შეეხო: 1) „ქრისტე, . . ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა“, 2) „დაკრძალულ იქნა“ და 3) „წმინდა წერილების თანახმად, მესამე დღეს აღდგა“ (1 კორ. 15:3, 4). რა მხრივაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეს სამი აზრი? როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა, მესია „აღარ [იქნებოდა] ცოცხალთა შორის“, მას ბოროტებთან გაუმზადებდნენ სამარხს და მრავალთა ცოდვას იტვირთავდა. სწორედ ამას მოემსახურა იესოს გამოსასყიდი (ეს. 53:8, 9, 12; მათ. 20:28; რომ. 5:8). ის ფაქტი, რომ იესო მოკვდა, დაიკრძალა და მკვდრეთით აღდგა, სწორედ ისე, როგორც ეს ნაწინასწარმეტყველები იყო, გვიმტკიცებს იმედს, რომ თავს დავაღწევთ ცოდვასა და სიკვდილს და კვლავ ვიხილავთ ჩვენს საყვარელ მიცვალებულებს. w20.12 2, 3 ¶4—6; 5 ¶11

სამშაბათი, 3 მაისი

თუ ვინმეს აქვს ხორცზე დაიმედების საფუძველი, პირველ რიგში, მე მაქვს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ხორცზე დაიმედების საფუძველი აქვს, მე მით უმეტეს (ფილ. 3:4).

მოციქული პავლე იუდეველთა სინაგოგებში ხშირად ქადაგებდა. მაგალითად, თესალონიკეში ყოფნის დროს ის „სინაგოგაში შევიდა და სამ შაბათს . . . [იუდეველებთან] ერთად მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე“ (საქ. 17:1, 2). პავლე სინაგოგაში თავისუფლად გრძნობდა თავს, რადგან იუდაური ტრადიციებით იყო აღზრდილი (საქ. 26:4, 5). ის დამაჯერებლად უქადაგებდა იუდეველებს, რადგან კარგად ესმოდა მათი (ფილ. 3:5). დევნის გამო პავლეს ჯერ თესალონიკედან, მოგვიანებით კი ბერეადან მოუწია გაქცევა. მან თავი ათენს შეაფარა, სადაც კვლავ დაიწყო ქადაგება „სინაგოგაში იუდეველებთან და ღვთის თაყვანისმცემელ უცხოტომელებთან“ (საქ. 17:17). მოედანზე ქადაგებისას პავლეს სხვა კატეგორიის ხალხთან უწევდა საუბარი. მსმენელთა შორის იყვნენ ფილოსოფოსები და უცხოტომელები, რომლებიც პავლეს მიერ გადაცემულ ცნობას „ახალ სწავლებად“ მიიჩნევდნენ. მათ პავლეს უთხრეს: „ჩვენს ყურებს უცნაურ რამეს ასმენინებ“ (საქ. 17:18—20). w20.04 9 ¶5, 6

ოთხშაბათი, 4 მაისი

მინდა ვაკეთო, რაც სწორია, მაგრამ თან მდევს ცუდი (რომ. 7:21).

ზედმეტად ნუ განსჯით საკუთარ თავს, თუკი რაიმე სისუსტეს ებრძვით. ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობა, მისი ძის გამოსასყიდი რომ არა, ვერცერთი ჩავითვლებოდით მართლად ღვთის თვალში! (ეფეს. 1:7; 1 იოან. 4:10). გამხნევებისთვის სულიერი ოჯახის წევრებს მიმართეთ! ისინი ყოველთვის მოგისმენენ და არ დაიშურებენ თბილ სიტყვებს გასამხნევებლად (იგავ. 12:25; 1 თეს. 5:14). ნიგერიაში მცხოვრები ერთი და, სახელად ჯოი, რომელიც ებრძოდა გულგატეხილობას, თავის გრძნობებს გვიზიარებს: „სად ვიქნებოდი ქრისტიანული საძმოს გარეშე?! ჩემი სულიერი და-ძმების მეშვეობით იეჰოვა პასუხობს ჩემს ლოცვებს. მათგან ისიც ვისწავლე, თავად როგორ ვანუგეშო სულდამწუხრებულები“. თუმცა არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ჩვენი და-ძმები ყოველთვის თავად ვერ მიხვდებიან, რომ გამხნევება გვჭირდება. ზოგჯერ ჩვენ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯი და დახმარება ვითხოვოთ მოწიფული ქრისტიანებისგან. w20.12 23, 24 ¶7, 8

ხუთშაბათი, 5 მაისი

მეგობრები გიწოდეთ (იოან. 15:15).

ვინმესთან დამეგობრება თუ გსურთ, მნიშვნელოვანია, მასთან ურთიერთობისთვის დრო გამოყოთ. სხვადასხვა თემაზე საუბარი და აზრებისა თუ გრძნობების გაზიარება ერთმანეთთან უფრო დაგაახლოებთ. მაგრამ რისი თქმა შეგვიძლია იესოსთან დამეგობრებაზე? მასთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში შესაძლოა არაერთმა ფაქტორმა შეგვიშალოს ხელი. ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ის არის, რომ იესო არასოდეს გვინახავს. მოციქულების დროს მცხოვრებ ბევრ ქრისტიანსაც არ უნახავს იესო. მიუხედავად ამისა, მოციქულმა პეტრემ დაწერა: „თუმცა არასოდეს გინახავთ იგი, მაინც გიყვართ. ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ“ (1 პეტ. 1:8). აქედან გამომდინარე, იესოსთან ახლო ურთიერთობის განვითარება იმ შემთხვევაშიც შესაძლებელია, თუ ის არასოდეს გვინახავს. კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ისაა, რომ იესოსთან საუბრის შესაძლებლობა არ გვაქვს. ლოცვის დროს ყოველთვის იეჰოვას ველაპარაკებით. მართალია, იესოს სახელით ვლოცულობთ, მაგრამ პირადად მას არ ვესაუბრებით. ცხადია, არც იესოს სურს, რომ მას მივმართოთ ლოცვით, რადგან ლოცვა თაყვანისმცემლობის ნაწილია, თაყვანისცემას კი მხოლოდ იეჰოვა იმსახურებს (მათ. 4:10). მიუხედავად იმისა, რომ იესოსთან საუბრის შესაძლებლობა არა გვაქვს, მაინც შეგვიძლია მისადმი სიყვარული გამოვხატოთ. w20.04 20 ¶1—3

პარასკევი, 6 მაისი

[ღმერთი] გაგამხნევებთ, განგამტკიცებთ (1 პეტ. 5:10).

ძველ საბერძნეთში შეჯიბრის დროს მორბენლებს არაერთი სირთულის გადალახვა უწევდათ. მაგალითად, დაღლილობისა თუ ტკივილის მიუხედავად მათ უნდა გაეგრძელებინათ რბოლა. ისინი მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაზე და საკუთარ ძალაზე იყვნენ დაიმედებულნი. მორბენლების მსგავსად ჩვენც გავდივართ მომზადებას, რათა ვიცოდეთ, როგორ ვირბინოთ ქრისტიანულ სარბიელზე. თუმცა მათთან შედარებით ის უპირატესობა გვაქვს, რომ შეგვიძლია იეჰოვას უსაზღვრო ძალაზე ვიყოთ დაიმედებული. თუ მივენდობით ღმერთს, ის გვპირდება, რომ არა მხოლოდ მოგვამზადებს, არამედ გაგვაძლიერებს კიდეც. მოციქულ პავლეს არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. გარდა იმისა, რომ დევნასა და შეურაცხყოფას ხვდებოდა, დროდადრო ის თავს სუსტად გრძნობდა. ერთხელ მან თავისი პრობლემა „სხეულში ეკალსაც“ კი შეადარა (2 კორ. 12:7). ნაცვლად იმისა, რომ სირთულეების გამო ფარ-ხმალი დაეყარა, პავლე თავის მდგომარეობას იეჰოვაზე მინდობის შესაძლებლობად მიიჩნევდა (2 კორ. 12:9, 10). ვინაიდან ასეთი განწყობა ჰქონდა, იეჰოვა განსაცდელების დროს ყოველთვის მხარში ედგა მას. w20.04 29 ¶13, 14

შაბათი, 7 მაისი

ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ . . . არ მიიზიდა (იოან. 6:44).

იეჰოვასთან და მისი ორგანიზაციის ზეციერ ნაწილთან თანამშრომლობა კიდევ ერთი უხილავი ძღვენია, რომელსაც ძალიან ვაფასებთ (2 კორ. 6:1). მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მაშინ გვეძლევა, როცა მოწაფეების მომზადების საქმეში ვმონაწილეობთ. პავლემ საკუთარ თავზე და თანამსახურებზე ასეთი რამ თქვა: „ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ“ (1 კორ. 3:9). რის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ იესოსთანაც ვთანამშრომლობთ? გავიხსენოთ, რა უთხრა მან თავის მიმდევრებს, როცა მოწაფეების მომზადების საქმე დაავალა. იესომ თქვა: „მე . . . თქვენთან ვარ“ (მათ. 28:19, 20). რას ვიტყოდით ანგელოზებზე? რაოდენ მადლიერები ვართ, რომ ანგელოზები გვხელმძღვანელობენ, რათა „მარადიული სასიხარულო ცნობა“ ვახაროთ „დედამიწის მკვიდრთ“ (გამოცხ. 14:6). რა შედეგებს ვაღწევთ ზეციური მხარდაჭერის დახმარებით? როცა სამეფოს თესლს ვთესავთ, ზოგი თესლი კარგ ნიადაგზე ხვდება და იზრდება (მათ. 13:18, 23). ვინ ზრდის ჭეშმარიტების თესლს ადამიანის გულში და ვისი მეშვეობით გამოაქვს ნაყოფი? ამ კითხვას დღევანდელ მუხლში ჩაწერილი იესოს სიტყვები პასუხობს. w20.05 30 ¶14, 15

კვირა, 8 მაისი

ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე (რომ. 12:2).

დღეს მილიონობით ოჯახი ინგრევა. ერთ ჭერქვეშაც კი ოჯახის წევრები შეიძლება ერთმანეთისგან გაუცხოვდნენ. «დედებს, მამებსა და შვილებს ერთმანეთისთვის აღარ სცალიათ, სამაგიეროდ, კომპიუტერისთვის, პლანშეტისთვის, სმარტფონისა და ვიდეოთამაშებისთვის ყოველთვის პოულობენ დროს. მართალია, ერთ ოჯახში ცხოვრობენ, მაგრამ ერთმანეთს წესიერად არც კი იცნობენ», — ამბობს ერთი მრჩეველი ოჯახურ საკითხებში. ჩვენ არ უნდა მივცეთ ამ უსიყვარულო ქვეყნიერებას იმის საშუალება, რომ თავის ყაიდაზე მოგვაქციოს. გვინდა, რომ არა მხოლოდ ოჯახის წევრების მიმართ გამოვავლინოთ სათუთი გრძნობები, არამედ თანამორწმუნეების მიმართაც (რომ. 12:10). რა იგულისხმება სათუთ გრძნობებში? „სათუთ გრძნობებად“ ნათარგმნ ფრაზაში, ძირითადად, იგულისხმება ის სითბო და სიახლოვე, რომელიც მოსიყვარულე ოჯახის წევრებს აქვთ ერთმანეთისადმი. სწორედ ასეთი გულითადი სიყვარული უნდა განვივითაროთ სულიერი ოჯახის წევრების, ჩვენი და-ძმების მიმართ. ეს ჩვენს ერთიანობას უწყობს ხელს, რის გარეშეც წმინდა თაყვანისმცემლობა წარმოუდგენელია (მიქ. 2:12). w21.01 20 ¶1, 2

ორშაბათი, 9 მაისი

გაუყოფელი გული მომეცი, რომ მეშინოდეს შენი სახელის (ფსალმ. 86:11).

ერთ მუშტად შეკრულ სპორტულ გუნდს უფრო მეტი შანსი აქვს, რომ გამარჯვება მოიპოვოს. შეიძლება ითქვას, რომ თქვენი გული წარმატებულ გუნდს დაემსგავსება, თუ ყველანაირად ეცდებით, თქვენი ფიქრები, სურვილები და გრძნობები ღვთის ნორმებს შეუსაბამოთ. გახსოვდეთ, სატანა ყოველთვის ეცდება, თქვენს გულს „ბზარი გაუჩინოს“ და იეჰოვასთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. მას სურს, ისეთი სურვილები გაგიჩინოთ, რომლებიც იეჰოვას ნორმებს ეწინააღმდეგება. მნიშვნელოვანია, მთლიანი გული გქონდეთ, რათა იეჰოვას ემსახუროთ (მათ. 22:36—38). შეინარჩუნეთ გაუყოფელი გული და არ მისცეთ სატანას მასზე მოქმედების საშუალება! დავითის მსგავსად სთხოვეთ იეჰოვას: „მთლიანი გული მომეცი, რომ მეშინოდეს შენი სახელის“. ყველაფერი გააკეთეთ, რომ ლოცვის თანახმად მოიქცეთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი თუ პატარა გადაწყვეტილებებით ცხადყვეთ, რომ ღვთის სახელის მიმართ მოწიწებით ხართ გამსჭვალული. ამგვარად, როგორც იეჰოვას მოწმე, პატივს მიაგებთ ღვთის სახელს (იგავ. 27:11). ასე რომ, წინასწარმეტყველი მიქას მსგავსად თითოეული შევძლებთ თამამად ვთქვათ: „ჩვენ იეჰოვას, ჩვენი ღვთის სახელით ვივლით მარადიულად, სამარადისოდ“ (მიქ. 4:5). w20.06 13 ¶17, 18

სამშაბათი, 10 მაისი

გამოვა იგი, დიდად განრისხებული, რათა მოსპოს და გაანადგუროს მრავალი (დან. 11:44).

ღვთის ხალხზე ჩრდილოეთის მეფისა და სხვა მთავრობების თავდასხმა იეჰოვას ძალიან განარისხებს, რის შემდეგაც ის არმაგედონის ომს დაიწყებს (გამოცხ. 16:14, 16). სწორედ იმ დროს მოეღება ბოლო ჩრდილოეთის მეფესა და ერთა კოალიციაში შემავალ სხვა მთავრობებსაც, რომლებიც გოგს განასახიერებენ. მათ „არავინ ეყოლებათ მშველელი“ (დან. 11:45). მომდევნო მუხლი უფრო ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, როგორ მოეღება ბოლო ჩრდილოეთის მეფესა და სხვა მთავრობებს და როგორ იხსნის იეჰოვა თავის ხალხს (დან. 12:1). ამ მუხლში მოხსენიებული მიქაელი გამეფებული იესო ქრისტეა. 1914 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ღვთის სამეფო ზეცაში დამყარდა, იესო ღვთის „ხალხის ძეების გულისთვის დგას“. ახლო მომავალში ის „აღსდგება“, ანუ ღვთის მტრებს არმაგედონის ომში გაანადგურებს. ეს ომი იქნება კულმინაცია დანიელის მიერ მოხსენიებული „გასაჭირისა“, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს (გამოცხ. 6:2; 7:14). w20.05 15, 16 ¶15—17

ოთხშაბათი, 11 მაისი

ჩაიყვანეს იოსები ეგვიპტეში (დაბ. 39:1).

იოსები ვერც მონის და ვერც პატიმრის სტატუსით ვერაფერს იღონებდა თავისი მდგომარეობის გამოსასწორებლად. როგორ შეინარჩუნა მან დადებითი განწყობა? იგი იმაზე არ ფიქრობდა, თუ რისი გაკეთება არ შეეძლო; პირიქით, მუყაითად და ხალისით ასრულებდა დავალებულ საქმეს. იოსებს არასდროს დავიწყებია, რომ მის ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი იეჰოვას ეკუთვნოდა. იეჰოვაც, თავის მხრივ, ყველა საქმეში ხელს უმართავდა (დაბ. 39:21—23). იოსების მსგავსად, დღევანდელ ბოროტ ქვეყნიერებაში ჩვენც ვხვდებით უსამართლობას. გარდა ამისა, ზოგჯერ თანაქრისტიანებიც გვტკენენ გულს. მაგრამ, თუ იეჰოვას მტკიცე კლდედ და თავშესაფრად გავიხდით, გული არ გაგვიტყდება და მის მსახურებას არ შევწყვეტთ (ფსალმ. 62:6, 7; 1 პეტ. 5:10). აღსანიშნავია ისიც, რომ იოსები, სულ რაღაც, 17 წლის იყო, როცა ღმერთმა მას სიზმრები უჩვენა. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა თავის ახალგაზრდა მსახურებს ენდობა. დღესდღეობით ღვთის ორგანიზაციაში ბევრი იოსებისნაირი ახალგაზრდა გვყავს. მათაც მტკიცედ სწამთ იეჰოვასი. ზოგ მათგანს ღვთისადმი ერთგულება თავისუფლების შეზღუდვის ფასადაც კი უჯდება! (ფსალმ. 110:3). w20.12 16 ¶3; 17 ¶5, 7

ხუთშაბათი, 12 მაისი

მოუხმეს მოციქულებს, სცემეს, უბრძანეს, რომ აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით (საქ. 5:40).

მოციქულები, პეტრე და იოანე, დიდ პატივად მიიჩნევდნენ, რომ მათ ქრისტეს მიმდევრობისთვის და მის შესახებ ქადაგებისთვის დევნიდნენ (საქ. 4:18—21; 5:27—29, 41, 42). მოწაფეებს სასირცხვილო არაფერი ჰქონდათ. საბოლოო ჯამში, ამ თავმდაბალმა ქრისტიანებმა გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანეს კაცთა მოდგმას, ვიდრე მათმა მოწინააღმდეგეებმა. მაგალითად, მათ მიერ ღვთივშთაგონებით დაწერილი წერილები დღემდე ამხნევებს და იმედს აძლევს მილიონობით ადამიანს, ხოლო სამეფო, რომელზეც ისინი ქადაგებდნენ, დღეს უკვე ზეცაში მმართველობს და მალე მთელ კაცობრიობაზე იმმართველებს (მათ. 24:14). ქრისტიანების მდევნელი ძლევამოსილი იმპერია კარგა ხანია ისტორიას ჩაჰბარდა. პირველი საუკუნის ერთგული ქრისტიანები დღეს ზეცაში მეფობენ, მათი მოწინააღმდეგეები კი დიდი ხანია დასამარდნენ. თუ ისინი ოდესმე მკვდრეთით აღდგებიან, იმ სამეფოს ქვეშევრდომობა მოუწევთ, რომელზეც ოდესღაც მათ მიერ მოძულებული ქრისტიანები ქადაგებდნენ (გამოცხ. 5:10). w20.07 15 ¶4

პარასკევი, 13 მაისი

[აბრაამი] ელოდა მყარსაძირკვლიან ქალაქს, რომლის შემოქმედი და მშენებელიც ღმერთია (ებრ. 11:10).

აბრაამს იმდენად სჯეროდა ღვთის დაპირებების, რომ თითქოს ხედავდა ცხებულს, მესიას, რომელიც ღვთის სამეფოს მეფე გახდებოდა. ამიტომაც უთხრა იესომ თავის თანამედროვე იუდეველებს: „მამათქვენ აბრაამს ახარებდა იმის იმედი, რომ ჩემს დღეს იხილავდა. იხილა კიდეც და გაიხარა“ (იოან. 8:56). აშკარაა, აბრაამმა იცოდა, რომ მისი შთამომავლები იეჰოვას მიერ დაფუძნებულ სამეფოში იმმართველებდნენ; ამიტომ ის მზად იყო, მოთმინებით დალოდებოდა იეჰოვას დანაპირების შესრულებას. საიდან ჩანს, რომ აბრაამი ელოდა ქალაქს, სამეფოს, რომლის მშენებელიც ღმერთია? ის არცერთი მიწიერი სამეფოს ქვეშევრდომი არ გამხდარა. აბრაამი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა, შესაბამისად არსად დაფუძნებულა და არც რომელიმე მეფის მხარდამჭერი ყოფილა. მას არც საკუთარი სამეფოს დაარსება უცდია. ის იეჰოვას ემორჩილებოდა და მისი დანაპირების შესრულებას ელოდა. ამგვარად აბრაამმა დაამტკიცა, რომ უდიდესი რწმენა ჰქონდა იეჰოვას მიმართ. w20.08 3 ¶4, 5

შაბათი, 14 მაისი

ვინც მოკვდა, ცოდვისგან გათავისუფლდა (რომ. 6:7).

იეჰოვა გვპირდება, რომ ქრისტეს მმართველობის დროს „არცერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ეს. 33:24). ყველა აღდგენილი ჯანმრთელი იქნება, თუმცა მაშინვე არ გასრულყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ცნობა შეიძლება ახლობლებს გაუჭირდეთ. როგორც ჩანს, მთელი კაცობრიობა ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში თანდათანობით გასრულყოფილდება. ათასი წლის ბოლოს კი იესო სამეფოს მამას გადასცემს. იმ დროისთვის ღვთის სამეფოს სრულად ექნება შესრულებული თავისი მისია, რაშიც კაცობრიობის გასრულყოფილებაც იგულისხმება (1 კორ. 15:24—28; გამოცხ. 20:1—3). წარმოიდგინეთ, რა გრძნობა დაგეუფლებათ, როცა კვლავ შეხვდებით საყვარელ ადამიანებს. როგორ გამოხატავთ ამ სიხარულს — ცრემლებით, სიცილით თუ იეჰოვას განმადიდებელი სიმღერებით? როგორც არ უნდა იყოს, ერთი რამ ცხადია, გული უდიდესი სიყვარულით აგვევსება ჩვენი მზრუნველი მამისა და მისი უანგარო ძისადმი, რომელთა წყალობითაც მკვდრეთით აღდგომა გახდა შესაძლებელი. w20.08 16, 17 ¶9, 10

კვირა, 15 მაისი

ყველას თავისი ძღვენი აქვს: ზოგს ეს და ზოგს ის (1 კორ. 7:7).

მოციქულმა პავლემ ქრისტიანები დააფიქრა იმაზე, ხომ არ ღირდა იეჰოვას მსახურებისთვის დაუქორწინებლები დარჩენილიყვნენ (1 კორ. 7:8, 9). ის არ თვლიდა, რომ დაუქორწინებელი ქრისტიანები სხვებს რაიმეთი ჩამოუვარდებოდნენ. პავლემ სწორედ ახალგაზრდა დაუქორწინებელი ძმა, ტიმოთე, აირჩია საპასუხისმგებლო საქმის შესასრულებლად (ფილ. 2:19—22). აშკარაა, ყოვლად უსაფუძვლო იქნება, თუ ვინმე რომელიმე ძმის კომპეტენციას მხოლოდ იმით შეაფასებს, დაოჯახებულია თუ არა (1 კორ. 7:32—35, 38). არც იესო და არც პავლე არ თვლიდნენ, რომ ქრისტიანისთვის დაქორწინება ან დაუქორწინებლობა სავალდებულოა. ასე რომ, ჩვენ რა შეხედულება უნდა გვქონდეს ამ საკითხზე? 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“ ნათლად იყო აღნიშნული: „ქორწინებასაც და დაუქორწინებლობასაც ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ ძღვენი, საჩუქარი იეჰოვასგან . . . იეჰოვა არ ფიქრობს, რომ ის, ვინც ამ მდგომარეობაშია [ანუ დაუქორწინებელია], დამცირებული ან უბედურია“. აქედან გამომდინარე, პატივი უნდა ვცეთ დაუქორწინებელ და-ძმებს კრებაში. w20.08 28 ¶8, 9

ორშაბათი, 16 მაისი

მამის გარდა არავინ იცის, როდის დადგება ის დღე და საათი (მათ. 24:36).

ზოგ ქვეყანაში ხალხი დიდ ინტერესს იჩენს სასიხარულო ცნობის მიმართ. ზოგი ისეთ ენთუზიაზმს ავლენს, თითქოს მთელი ცხოვრება ამ ცნობის მოსმენას ელოდა. თუმცა არის ქვეყნები, სადაც ხალხს ნაკლებად აინტერესებს ღმერთი ან ბიბლია. რა სიტუაციაც არ უნდა იყოს ამ მხრივ თქვენს ქვეყანაში, ერთი რამ ცხადია, იეჰოვას სურს, მანამ გავაგრძელოთ ქადაგება, სანამ ის არ ჩათვლის ამ საქმეს დასრულებულად. იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს სამქადაგებლო საქმიანობა დასრულდება და მოვა აღსასრული (მათ. 24:14). იესომ იწინასწარმეტყველა, რა მოვლენები განვითარდებოდა ბოლო დღეებში და როგორები იქნებოდნენ ადამიანები. მან იცოდა, რომ ეს ყველაფერი მის მოწაფეებს ხელს შეუშლიდა, ქადაგებაზე ყოფილიყვნენ ორიენტირებული. ამიტომაც მოუწოდა მათ სიფხიზლისკენ (მათ. 24:42). ნოეს დროს მცხოვრებ ხალხს ბევრი რამ უშლიდა ხელს, ყურად ეღო ნოეს გაფრთხილება. დღესაც მსგავს ხელის შემშლელ ფაქტორებს ვხვდებით (მათ. 24:37—39; 2 პეტ. 2:5). ამიტომაც გვინდა, მთელი ყურადღება იეჰოვასგან მონდობილ საქმეზე გადავიტანოთ. w20.09 8 ¶1, 2, 4

სამშაბათი, 17 მაისი

ყველა, ვისაც სურს, ქრისტეს მოწაფე იყოს და ღმერთს უერთგულოს, დევნილი იქნება (2 ტიმ. 3:12).

სატანა დიდად არის განრისხებული, ამიტომ თავს მოვიტყუებთ, თუ ვიფიქრებთ, რომ მის რისხვას გადავურჩებით (გამოცხ. 12:12). უახლოეს მომავალში ყველას რწმენა გამოიცდება. მალე კაცობრიობას თავს დაატყდება „დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაბამიდან დღემდე“ (მათ. 24:21). მაშინ შეიძლება ჩვენი საქმიანობა აიკრძალოს და ოჯახის წევრებიც კი მტრებად გვექცნენ (მათ. 10:35, 36). გვეყოფა ასასავით იმის რწმენა, რომ მივენდოთ იეჰოვას და მისი მფარველობის იმედი გვქონდეს? (2 მატ. 14:11). იეჰოვა დღესვე გვიძლიერებს რწმენას, რომ მომავალ მოვლენებს მზადყოფნით შევხვდეთ. ის ხელმძღვანელობს „ერთგულ და გონიერ მონას“, რომ დროულად მოგვაწოდოს მრავალფეროვანი სულიერი საზრდო, რომელიც რწმენის განმტკიცებისთვის გვჭირდება (მათ. 24:45). თუმცა ჩვენი მხრივ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ იეჰოვასადმი ურყევი რწმენა განვივითაროთ (ებრ. 10:38, 39). w20.09 18 ¶16—18

ოთხშაბათი, 18 მაისი

მეფის გული იეჰოვას ხელში წყლის ნაკადივითაა; საითაც უნდა, იქით მიუშვებს (იგავ. 21:1).

როცა საქმე იეჰოვას განზრახვებს ეხება, მას შეუძლია წმინდა სულის მეშვეობით უფლებამოსილ პირებს ის გააკეთებინოს, რაც მას სურს. ზოგჯერ არხები იმიტომ გაჰყავთ, რომ წყლის დინებას სასურველი მიმართულება მისცენ. მსგავსად, იეჰოვასაც შეუძლია თავისი წმინდა სულით ის მიმართულება მისცეს მმართველთა ფიქრებს, რაც მისი განზრახვის შესასრულებლადაა საჭირო. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლები ღვთის ხალხის სასარგებლოდ იღებენ გადაწყვეტილებებს (შეადარეთ ეზრას 7:21, 25, 26). ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ? უნდა ვილოცოთ „მეფეებისთვის და ყველასთვის, ვისაც მაღალი მდგომარეობა უკავია“, რადგან მათ ხელეწიფებათ იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებასა და მსახურებაზე ახდენს გავლენას (1 ტიმ. 2:1, 2; ნეემ. 1:11). პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, მხურვალედ უნდა ვილოცოთ პატიმრობაში მყოფი და-ძმებისთვის (საქ. 12:5; ებრ. 13:3). w20.11 15 ¶13, 14

ხუთშაბათი, 19 მაისი

წადით ყველა ერის ხალხთან, ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი [და] მონათლეთ (მათ. 28:19).

ალბათ, ძალიან გახარებთ, როცა თქვენი ბიბლიის შემსწავლელი ინათლება (1 თეს. 2:19, 20). ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, ახალმონათლულები ცოცხალი „საშუამავლო წერილები“ არიან მთელი კრებისთვის და არა მხოლოდ მათი მასწავლებლებისთვის (2 კორ. 3:1—3). ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ყოველ თვე დაახლოებით 10 000 000 ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ. ყოველ წელს 280 000-ზე მეტი ადამიანი ინათლებოდა და იესო ქრისტეს მოწაფე ხდებოდა. რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ მილიონობით ბიბლიის შემსწავლელს სულიერ ზრდასა და მონათვლაში დავეხმაროთ? სანამ იეჰოვა მოთმინებით აძლევს ადამიანებს დროს და საშუალებას, გახდნენ ქრისტეს მოწაფეები, გვინდა, შეძლებისდაგვარად ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მათ სულიერად სწრაფად წაიწიონ წინ და მოინათლონ. გახსოვდეთ, რომ დრო არ ითმენს! (1 კორ. 7:29ა; 1 პეტ. 4:7). w20.10 6 ¶1, 2

პარასკევი, 20 მაისი

ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლების მიმართ კი წყალობას იჩენს (იაკ. 4:6).

მეფე საული არ დაემორჩილა იეჰოვას. როდესაც წინასწარმეტყველმა სამუელმა ჩადენილი საქციელის გამო მეფე ამხილა, იმის ნაცვლად, რომ ეღიარებინა შეცდომა, მან საკუთარი თავის მართლება დაიწყო, გააუბრალოვა დანაშაული და სხვებს გადააბრალა (1 სამ. 15:13—24). თუმცა ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა (1 სამ. 13:10—14). სამწუხაროდ, საულს გული გაუკადნიერდა. მან არ შეიცვალა აზროვნება, რის გამოც იეჰოვამ ჯერ შეაგონა, ბოლოს კი უარყო. თუ არ გვინდა, საულის ბედი გავიზიაროთ, საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვები: როდესაც ღვთის სიტყვაში რჩევას ვხვდები, ხომ არ ვიწყებ საკუთარი თავის გამართლებას? ხომ არ ვაუბრალოებ ჩადენილ საქციელს? სხვებს ხომ არ ვაბრალებ საკუთარ დანაშაულს? თუ ზემოთ მოცემული კითხვებიდან რომელიმეზე პასუხი დადებითია, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა შევიცვალოთ აზროვნება და დამოკიდებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება იმდენად გავამპარტავნდეთ, რომ იეჰოვამ აღარ მოინდომოს ჩვენთან მეგობრობა. w20.11 20 ¶4, 5

შაბათი, 21 მაისი

გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში, სანამ დაგდგომია დამამწუხრებელი დღეები და წლები, როცა იტყვი, სიცოცხლე აღარ მიხარიაო (ეკლ. 12:1).

თუ ახალგაზრდა ხარ, აირჩიე, ვის ემსახურები. კარგად გაიცანი იეჰოვა, გაიგე, რა განზრახვა აქვს მას და შენ როგორ შეგიძლია ღვთის ნების შესრულება (რომ. 12:2). მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, რომ ემსახურო იეჰოვას (იეს. 24:15). თუ ბიბლიის კითხვისა და შესწავლის კარგი განრიგი გექნება, იეჰოვასადმი სიყვარულსაც გაიღრმავებ და რწმენასაც გაიძლიერებ. ღვთის ნების შესრულება მთავარ პრიორიტეტად აქციე. სატანის ქვეყნიერება გარწმუნებს, რომ შენი ნიჭისა თუ უნარის საშენოდ გამოყენება ბედნიერებას მოგიტანს. სინამდვილეში, მათ, ვინც მეტის მოხვეჭას მიუძღვნეს ცხოვრება, „მრავალი ტკივილი მიაყენეს საკუთარ თავს“ (1 ტიმ. 6:9, 10). მათგან განსხვავებით, თუ იეჰოვას მოუსმენ და მისი ნების შესრულებას მთავარ პრიორიტეტად აქცევ, წარმატებული იქნები და ბრძნულად იმოქმედებ (იეს. 1:8). w20.10 30, 31 ¶17, 18

კვირა, 22 მაისი

უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი (ლუკ. 4:43).

ცნობა, რომელსაც იესო ქადაგებდა, მთელ კაცობრიობას უსახავდა იმედს. მან ქადაგების საქმე თავის მიმდევრებს გადააბარა, რათა სასიხარულო ცნობა „დედამიწის კიდით კიდემდე“ ეუწყებინათ (საქ. 1:8). ცხადია, ისინი ამ საქმეს საკუთარი ძალით თავს ვერ გაართმევდნენ. მათ იესოს მიერ აღთქმული „დამხმარე“ ანუ წმინდა სული დასჭირდებოდათ (იოან. 14:26; ზაქ. 4:6). იესოს მიმდევრებმა წმინდა სული ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მიიღეს. ამ სულის დახმარებით ისინი მაშინვე შეუდგნენ ქადაგებას და ძალიან მალე მორწმუნეთა რიგებს ათასობით ადამიანი შეუერთდა (საქ. 2:41; 4:4). როცა წინააღმდეგობას შეხვდნენ, მოწაფეები კი არ შეშინდნენ, არამედ იეჰოვას მიმართეს ლოცვით: „ძალა მიეცი შენს მონებს, რომ შენი სიტყვა გაბედულად ილაპარაკონ“. ისინი წმინდა სულით აღივსნენ და განაგრძეს „ღვთის სიტყვის გაბედულად ქადაგება“ (საქ. 4:18—20, 29, 31). w20.10 21 ¶4, 5

ორშაბათი, 23 მაისი

ქრისტე, წმინდა წერილების თანახმად, ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა . . . [და] აღდგა (1 კორ. 15:3, 4).

რა გვარწმუნებს იმაში, რომ იეჰოვამ მკვდრეთით აღადგინა იესო? იესოს მკვდრეთით აღდგომას უამრავი მოწმე ჰყავდა (1 კორ. 15:5—7). პირველი თვითმხილველი, რომელიც პავლე მოციქულმა მოიხსენია, მოციქული პეტრე (კეფა) იყო. ის, რომ პეტრემ მკვდრეთით აღმდგარი იესო იხილა, სხვა მოწაფეებმაც დაადასტურეს (ლუკ. 24:33, 34). პავლემ ისიც აღნიშნა, რომ მკვდრეთით აღმდგარი იესო თორმეტივე მოციქულმა ნახა, შემდეგ კი ის 500-ზე მეტმა მოწაფემ ერთდროულად იხილა. როგორც მათეს 28:16—20-დან ვიგებთ, ეს შესაძლოა მაშინ მოხდა, როცა მოწაფეები ერთად იყვნენ შეკრებილნი გალილეაში. იესო იაკობს, სავარაუდოდ, თავის ნახევარძმასაც, ეჩვენა, რომელსაც მის სიცოცხლეში არ სწამდა იგი (იოან. 7:5). მაგრამ მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღმდგარი იესო იხილა, იაკობი დარწმუნდა, რომ ის მესია იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ახ. წ. 55 წელს, როცა პავლემ კორინთელებს ეს წერილი მისწერა, იესოს მკვდრეთით აღდგომის ბევრი თვითმხილველი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ასე რომ, თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ამაში, შეეძლო უშუალოდ მათთან გადაემოწმებინა ეს ფაქტი. w20.12 3 ¶5, 7, 8

სამშაბათი, 24 მაისი

იეჰოვა მხარში ამოუდგება მას ავადმყოფობის დროს (ფსალმ. 41:3).

დადებითი განწყობის შენარჩუნება შეიძლება გაგვიძნელდეს, თუკი თავს შეუძლოდ ვგრძნობთ ან ქრონიკული დაავადება გვაწუხებს. დახმარებისთვის იეჰოვას მიმართეთ. მართალია, ის სასწაულებრივად არ გვკურნავს, მაგრამ გვანუგეშებს და გვაძლევს ძალას პრობლემასთან გასამკლავებლად (ფსალმ. 94:19). მაგალითად, იეჰოვამ შესაძლოა აღძრას თანაქრისტიანები, მოგვეშველონ სახლის საქმეში. ზოგმაც შეიძლება ილოცოს ჩვენთან ერთად. ღმერთმა შეიძლება მანუგეშებელი აზრებიც გაგვახსენოს თავისი სიტყვიდან, მაგალითად, ის თუ როგორი იქნება ცხოვრება ახალ ქვეყნიერებაში, როცა სრულყოფილი ჯანმრთელობა გვექნება და აღარავინ გახდება ავად (რომ. 15:4). შესაძლოა ვფიქრობდეთ, რომ იმდენს ვეღარ ვაკეთებეთ მსახურებაში, რამდენსაც უწინ. ერთი და, სახელად ლორელი, 37 წლის განმავლობაში „რკინის ფილტვის“ სახელით ცნობილ აპარატზე იყო მიმაგრებული. პარალელურად, ლორელი ებრძოდა სიმსივნეს, ჰქონდა კანის ქრონიკული დაავადებები და გაიკეთა რამდენიმე ოპერაცია. მაგრამ მას არ განელებია ქადაგების სურვილი. ის ქადაგებდა ექთნებთან და სანიტრებთან, რომლებიც სახლში აკითხავდნენ. ლორელი 17 ადამიანს დაეხმარა ღვთის გაცნობაში. w20.12 24 ¶9; 25 ¶12

ოთხშაბათი, 25 მაისი

იეჰოვაა ჩემ გვერდით, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?! (ფსალმ. 118:6).

დაახლოებით ახ. წ. 56 წელს მოციქული პავლე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გახელებულმა ბრბომ ის იერუსალიმის ტაძრიდან გამოათრია და მოკვლა დაუპირა. მომდევნო დღეს სასტიკად ნაცემი მოციქული სინედრიონის წინაშე წარადგინეს (საქ. 21:30—32; 22:30; 23:6—10). იმ მომენტში, ალბათ, პავლეს აფიქრებდა, კიდევ რამდენ ხანს გაუძლებდა ასეთ მოპყრობას. როგორ დაეხმარა იეჰოვა პავლეს? პატიმრობის მეორე ღამეს მას უფალი იესო გამოეცხადა და უთხრა: „გამაგრდი! როგორც იერუსალიმში ქადაგებდი გულმოდგინედ ჩემ შესახებ, რომშიც ისევე უნდა იქადაგო“ (საქ. 23:11). რა დროული იქნებოდა პავლესთვის იესოსგან ამ სიტყვების მოსმენა. უფალმა შეაქო ის იერუსალიმში გულმოდგინე ქადაგებისთვის და დაჰპირდა, რომ უსაფრთხოდ ჩააღწევდა რომში, სადაც კვლავ გააგრძელებდა ქადაგებას. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, პავლემ, ალბათ, ისე იგრძნო თავი, როგორც ბავშვი გრძნობს თავს მამის მკლავებში. w20.11 12 ¶1, 3; 13 ¶4

ხუთშაბათი, 26 მაისი

ეს სანდო და მტკიცე იმედი ღუზასავით არის ჩვენთვის (ებრ. 6:19).

ღვთისგან ბოძებული იმედი ჩვენთვის ღუზასავითაა, რომელიც რთულ სიტუაციებში ემოციურ წონასწორობას გვინარჩუნებს. როცა უარყოფითი ფიქრები მოგეძალებათ, გაიხსენეთ, რა საუცხოო მომავალს გვპირდება იეჰოვა (ეს. 65:17). გონებაში გააცოცხლეთ მშვიდობიანი ახალი ქვეყნიერება, სადაც დარდისა და წუხილის არანაირი მიზეზი არ იარსებებს (მიქ. 4:4). იმედის განმტკიცებაში ისიც დაგეხმარებათ, თუ საუცხოო მომავალზე სხვებსაც ესაუბრებით. ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რომ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში მიიღოთ მონაწილეობა. ეს დაგეხმარებათ, რომ „ბოლომდე ურყევი იყოს თქვენი იმედი“ (ებრ. 6:11). რაც უფრო ვუახლოვდებით ამ ქვეყნიერების აღსასრულს, პრობლემებიც მოიმატებს, რამაც შეიძლება საფიქრალი და სადარდებელი გაგვიჩინოს. სირთულეებს მშვიდად შევხვდებით, რასაც საკუთარი ძალით კი არა, იეჰოვაზე მინდობით შევძლებთ. მოდი ჩვენი საქმეებით ვაჩვენოთ, რომ გვწამს იეჰოვას დანაპირების: „თქვენი ძალა მშვიდად ყოფნასა და მინდობაში იქნება“ (ეს. 30:15). w21.01 7 ¶17, 18

პარასკევი, 27 მაისი

იეჰოვა გულმოწყალე და თანამგრძნობია (ფსალმ. 103:8).

ფსალმუნის 103:8 იეჰოვას სიყვარულს კიდევ ერთ მიმზიდველ თვისებასთან, გულმოწყალებასთან, აკავშირებს (გამ. 34:6). იეჰოვას გულმოწყალება იქიდან ჩანს, რომ გვპატიობს ცოდვებს (ფსალმ. 51:1). როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, გულმოწყალება მიმტევებლობაზე მეტია. ეს ის გრძნობაა, რომელიც გასაჭირში მყოფი ადამიანის დასახმარებლად გვიბიძგებს. თვით დედასაც არა აქვს ისეთი ძლიერი გრძნობები თავისი შვილის მიმართ, როგორიც იეჰოვას აქვს ჩვენ მიმართ (ეს. 49:15). სწორედ გულმოწყალება უბიძგებს მას, რომ დაგვეხმაროს გაჭირვების ჟამს (ფსალმ. 37:39; 1 კორ. 10:13). გულმოწყალებას მაშინ ვავლენთ და-ძმების მიმართ, როცა ვპატიობთ შეცდომებს და გულში არ ვიტოვებთ წყენას (ეფეს. 4:32). თუმცა ჩვენი გულმოწყალება ყველაზე მეტად მაშინ ჩანს, როცა მხარში ვუდგავართ თანაქრისტიანებს გაჭირვების დროს. ამგვარად, იეჰოვას ვბაძავთ, რომელიც გულითადი სიყვარულის ეტალონია (ეფეს. 5:1). w21.01 21 ¶5

შაბათი, 28 მაისი

[ქრისტემ] მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ზუსტად მიჰყვეთ მის ნაკვალევს (1 პეტ. 2:21).

ოჯახისთავი უკიდურესობაში არ უნდა გადავარდეს. მაგალითად, მან იმდენი დრო არ უნდა მოახმაროს სამსახურს, რომ სათანადოდ ვეღარ იზრუნოს ოჯახის სულიერ თუ ემოციურ მოთხოვნილებებზე და რჩევა-დარიგებები ვერ მისცეს. იეჰოვა გვასწავლის და აღმზრდელობით ზომებს მიმართავს ისევ და ისევ ჩვენ სასიკეთოდ (ებრ. 12:7—9). მამის მსგავსად, იესოც სიყვარულით ასწავლის თავის მიმდევრებს (იოან. 15:14, 15). ის თავს არ იკავებს რჩევის მიცემისგან, თუმცა ამას უხეშად არ აკეთებს (მათ. 20:24—28). მას ესმის, რომ არასრულყოფილები ვართ და შეცდომებს ხშირად ვუშვებთ (მათ. 26:41). ოჯახისთავი, რომელიც ჰბაძავს იეჰოვასა და იესოს, მხედველობაში იღებს ოჯახის წევრების სისუსტეებს. ის ცოლ-შვილს უხეშად არ ექცევა (კოლ. 3:19). ის ითვალისწინებს გალატელების 6:1-ში ჩაწერილ ბიბლიურ პრინციპს და ცდილობს, ოჯახის წევრებს რბილად მიუდგეს და გამოასწოროს, რადგან იცის, რომ თვითონაც აქვს სისუსტეები. იესოს მსგავსად, მას ესმის, რომ სხვების სწავლების საუკეთესო საშუალება კარგი მაგალითის მიცემაა w21.02 6, 7 ¶16—18

კვირა, 29 მაისი

ყოველმა სულდგმულმა ადიდოს იაჰი (ფსალმ. 150:6).

გამოსასყიდის მეშვეობით იეჰოვამ არამარტო ისინი გამოისყიდა, ვინც ქრისტიანულ კრებას მიეკუთვნება, არამედ ისინიც, ვინც იესოსადმი რწმენას მომავალში გამოავლენს (მარ. 10:45; საქ. 20:28; 1 კორ. 15:21, 22). რაკი იესომ სიცოცხლე გაიღო გამოსასყიდად, ლოგიკურია, რომ იეჰოვამ ის დანიშნა კრების თავად. როგორც თავს, იესოს აქვს უფლებამოსილება, დაადგინოს წესები და მოსთხოვოს კიდეც მათი დაცვა როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე ოჯახებსა და მთელ კრებას (გალ. 6:2). თუმცა იესო მხოლოდ წესების დადგენით არ შემოიფარგლება. ის კვებავს და ზრუნვას არ აკლებს მთელ კრებას (ეფეს. 5:29). თუ დები მიჰყვებიან ქრისტეს მიერ დანიშნული ძმების ხელმძღვანელობას, ამით აჩვენებენ, რომ პატივს მიაგებენ ქრისტეს. როცა ძმები ღირსეულად და პატივისცემით ეპყრობიან დებს, აჩვენებენ, რომ კარგად ესმით მეთაურობის პრინციპის არსი. კრებაში მშვიდობიანი ატმოსფეროა, როცა ყველას კარგად ესმის და აფასებს მეთაურობის პრინციპს. რაც ყველაზე მთავარია, ამით განვადიდებთ ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას, იეჰოვას. w21.02 18, 19 ¶14—17

ორშაბათი, 30 მაისი

დაეკითხა დავითი იეჰოვას (1 სამ. 30:8).

როცა დავითი თავის ხალხთან ერთად საბრძოლველად იყო წასული, მტრები თავს დაესხნენ მათ ოჯახებს და ტყვედ წაასხეს. დავითს, როგორც გამოცდილ მეომარს, შეიძლება ეფიქრა, რომ ტყვეების გათავისუფლების კარგ გეგმას შეიმუშავებდა. მაგრამ ის საკუთარ გამოცდილებას კი არ დაენდო, იეჰოვას დაეკითხა: „დავედევნო მოთარეშეთა რაზმს?“. იეჰოვამ მოუწონა დავითს ჩანაფიქრი და ხელი მოუმართა (1 სამ. 30:7—10). რა ვსწავლობთ ამ ეპიზოდიდან? გადაწყვეტილების მიღებამდე ითხოვე რჩევა. თუ ახალგაზრდა ხარ, შეგიძლია დაელაპარაკო მშობლებს. კარგ რჩევას გამოცდილი უხუცესებიც მოგცემენ. შენც შეგიძლია ენდო ამ მამაკაცებს, რადგან თავად იეჰოვამ გამოუცხადა ნდობა. კრებაში ისინი არიან „ძღვენი ადამიანთა სახით“ (ეფეს. 4:8). მათი რწმენის მაგალითის მიბაძვა და მათი გონივრული რჩევების გათვალისწინება ბევრ რამეში წაგადგება. w21.03 4, 5 ¶10, 11

სამშაბათი, 31 მაისი

[ვერაფერი] ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს (რომ. 8:38, 39).

თუ ნასწავლს არ გამოვიყენებთ, იმ კაცს დავემსგავსებით, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. ის ბევრს გაისარჯა, მაგრამ სულ ტყუილად. მისმა აშენებულმა სახლმა ამოვარდნილ ქარსა და წამოსულ ნიაღვარს ვერ გაუძლო და ერთიანად დაინგრა (მათ. 7:24—27). მსგავსად ამისა, თუ არ ვიყენებთ ნასწავლს, შრომა წყალში გვეყრება, რადგან განსაცდელების ან დევნის დროს ჩვენი რწმენა საკმარისად მტკიცე არ აღმოჩნდება. მეორე მხრივ, როცა ნასწავლს ვიყენებთ, უკეთეს გადაწყვეტილებებს ვიღებთ, შინაგან სიმშვიდეს ვგრძნობთ და რწმენა გვიძლიერდება (ეს. 48:17, 18). განსაცდელების დროს ერთგულება რომ შევინარჩუნოთ, ლოცვა და ღვთის სიტყვის კვლევის კარგი ჩვევა დაგვეხმარება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე მთავარი იეჰოვას განდიდებაა. გვჯეროდეს, რომ იეჰოვა არასდროს მიგვატოვებს და ვერაფერი გაუნელებს ჩვენდამი სიყვარულს (ებრ. 13:5, 6). w21.03 15 ¶6; 18 ¶20

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება