ივნისი
ოთხშაბათი, 1 ივნისი
გადავწყვიტეთ, თქვენთვის გადმოგვეცა არა მხოლოდ ღვთის სასიხარულო ცნობა, არამედ თავიც არ დაგვეზოგა თქვენთვის (1 თეს. 2:8).
მასწავლებელი გულწრფელ ინტერესს უნდა იჩენდეს შემსწავლელის მიმართ და მომავალ სულიერ დად ან ძმად უნდა თვლიდეს. მისთვის ადვილი არ იქნება ქვეყნიურ მეგობრებთან ურთიერთობის გაწყვეტა და ცხოვრების ისე შეცვლა, რომ იეჰოვას მსახურება შეძლოს. კარგი მასწავლებლები ცდილობენ, რომ შემსწავლელს მალევე გააცნონ კრებაში ის და-ძმები, რომლებიც დადებით გავლენას მოახდენენ მასზე. ისინი ბიბლიის შემსწავლელს დაეხმარებიან, დაუმეგობრდეს იეჰოვას და სირთულეების დროს ემოციურადაც დაუჭერენ მხარს. ჩვენ გვინდა, რომ შემსწავლელმა თავი კარგად იგრძნოს თბილ და მოსიყვარულე საძმოში. ეს მას გაუადვილებს, ურთიერთობა გაწყვიტოს იმ ადამიანებთან, რომლებიც ხელს შეუშლიან იეჰოვასთან დაახლოებაში (იგავ. 13:20). ასე რომ, თუ ძველი მეგობრები ხელს ჰკრავენ, მას ეცოდინება, რომ სანდო მეგობრები ეგულება იეჰოვას ორგანიზაციაში (მარ. 10:29, 30; 1 პეტ. 4:4). w20.10 17 ¶10, 11
ხუთშაბათი, 2 ივნისი
მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული (მათ. 28:18).
იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა რომ გვქონდეს, აუცილებელია, იესოს მეგობრები ვიყოთ. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? დავფიქრდეთ ორ მიზეზზე. პირველი, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მამას უყვარხართ, რადგან მე შემიყვარეთ“ (იოან. 16:27). მან აგრეთვე თქვა: „მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოან. 14:6). როგორც შენობაში შესასვლელად არის კარის გაღება საჭირო, ისე იეჰოვასთან მეგობრობისთვის არის აუცილებელი იესოსთან ახლო ურთიერთობის განვითარება. იესომაც მსგავსი შედარება მოიყვანა, როცა საკუთარ თავზე თქვა: „მე კარი ვარ ცხვრისთვის“ (იოან. 10:7). მეორე მიზეზი ის არის, რომ იესო სრულყოფილად ირეკლავდა მამის თვისებებს. მან მოწაფეებს უთხრა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოან. 14:9). ასე რომ, იეჰოვას უკეთ გასაცნობად მნიშვნელოვანია, მეტი გავიგოთ იესოს ცხოვრებაზე. რაც მეტი გვეცოდინება მის შესახებ, მით უფრო გაგვიძლიერდება მისადმი სიყვარული. თავის მხრივ, იესოსთან დაახლოება ზეციერი მამისადმი სიყვარულს გაგვიღრმავებს. w20.04 21, 22 ¶5, 6
პარასკევი, 3 ივნისი
სიამოვნებას მანიჭებს სისუსტეები, . . რადგან, როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი (2 კორ. 12:10).
ზოგი ქრისტიანი საწოლს ან ეტლს არის მიჯაჭვული. ზოგსაც მუხლი აღარ ერჩის ან მხედველობა დაუქვეითდა. თუ თქვენც ებრძვით ჯანმრთელობის პრობლემას, ალბათ გაფიქრებთ, შეძლებთ კი მათ მხარდამხარ ირბინოთ, ვინც ახალგაზრდა და ჯანმრთელია? ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ შეძლებთ! ბევრი ხანდაზმული თუ დაუძლურებული ადამიანი მონაწილეობს სიცოცხლისთვის რბოლაში, თუმცა ისინი საკუთარ ძალაზე არ არიან დაიმედებული. ზოგჯერ ეს და-ძმები კრების შეხვედრებს ტელეფონით უსმენენ ან ვიდეოჩანაწერებს უყურებენ, რითაც იეჰოვა მათ ძალას მატებს. ისინი მონაწილეობენ მოწაფეების მომზადების საქმეში და უქადაგებენ ექიმებს, ექთნებსა თუ ნათესავებს. არასდროს მისცეთ გულგატეხილობას საშუალება, გაფიქრებინოთ, რომ ფიზიკური უძლურების გამო სიცოცხლისთვის რბოლას ვეღარ გააგრძელებთ. იეჰოვას ყველაფერი ახსოვს, რასაც წლების განმავლობაში მისთვის აკეთებდით და თქვენ მიერ გამოვლენილი რწმენის გამო ძალიან უყვარხართ. დარწმუნებული იყავით, რომ ახლა, როცა ყველაზე მეტად გჭირდებათ მისი დახმარება, ის არ მიგატოვებთ, პირიქით, უფრო დაგიახლოვდებათ (ფსალმ. 9:10). w20.04 29 ¶16, 17
შაბათი, 4 ივნისი
ყველაფერს სასიხარულო ცნობისთვის ვაკეთებ, რათა სხვებიც ვაზიარო მას (1 კორ. 9:23).
რა საკითხებზე შეგიძლიათ საუბრის წამოწყება მორწმუნე ადამიანთან? ეცადეთ, ისეთი საკითხი წამოჭრათ, რაშიც, დიდი ალბათობით, დაგეთანხმებათ. მაგალითად, შესაძლოა მას ერთი ღმერთი სწამს, იესო ქრისტეს კაცობრიობის მხსნელად მიიჩნევს ან სჯერა, რომ მალე ბოროტებას ბოლო მოეღება. ყურადღება ისეთ საკითხებზე გაამახვილეთ, რაშიც საერთო რელიგიური შეხედულებები გაქვთ და შეეცადეთ, ბიბლიური ცნობა მათთვის საინტერესო სახით გადასცეთ. გახსოვდეთ, რომ ადამიანებს შეიძლება ყველაფერი არ სწამდეთ, რასაც მათი რელიგია ასწავლის. ამიტომ, მაშინაც კი, თუ გაიგებთ, რომელ რელიგიას მიეკუთვნება ესა თუ ის ადამიანი, შეეცადეთ გაიგოთ, რა სწამს პირადად მას. ერთი მისიონერი ამბობს, რომ ზოგს სწამს სამების, მაგრამ არ სჯერა, რომ მამა, ძე და წმინდა სული ერთი ღმერთია. ის დასძენს: „ამის ცოდნა მათთან საერთო ენის გამონახვას მიადვილებს“. ასე რომ, შეეცადეთ, გაიგოთ, სინამდვილეში რა სწამთ ადამიანებს. შედეგად, პავლე მოციქულის მსგავსად თქვენც შეძლებთ, „ყველასთვის ყველაფერი“ გახდეთ (1 კორ. 9:19—22). w20.04 10 ¶9, 10
კვირა, 5 ივნისი
მაშინ გადარჩება შენი ხალხი — ყველა, ვინც წიგნში იქნება ჩაწერილი (დან. 12:1).
მომავალს იმედის თვალით ვუყურებთ, რადგან დანიელისა და იოანეს წინასწარმეტყველებები გვარწმუნებს, რომ დიდ გასაჭირს გადაურჩება ყველა, ვინც იეჰოვასა და იესოს ერთგულად ემსახურება. დანიელი ამბობს, რომ გადარჩენილთა სახელები „წიგნშია“ ჩაწერილი. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სახელიც ჩაიწეროს ამ „წიგნში“? ჩვენი ცხოვრებით უნდა ცხადვყოთ, რომ ღვთის კრავის, იესოს მიმართ რწმენას ვავლენთ (იოან. 1:29). ღვთისადმი თავის მიძღვნის ნიშნად უნდა მოვინათლოთ (1 პეტ. 3:21). გარდა ამისა, ადამიანებს იეჰოვას გაცნობაში უნდა დავეხმაროთ, რითაც მხარს დავუჭერთ ღვთის სამეფოს. სწორედ ახლაა დრო, განვიმტკიცოთ იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი ნდობა და მხარი დავუჭიროთ ღვთის სამეფოს. თუ ასე მოვიქცევით, აუცილებლად გადავურჩებით აღსასრულს, როცა ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეებს. w20.05 16 ¶18, 19
ორშაბათი, 6 ივნისი
იეჰოვა, მარადიულია შენი სახელი (ფსალმ. 135:13).
ადამმა და ევამ არა მხოლოდ ღვთის სახელი იცოდნენ, არამედ ისიც, თუ როგორი ღმერთი იყო იეჰოვა. ისინი ღმერთს შემოქმედად მიიჩნევდნენ, რომელმაც მათ სიცოცხლე აჩუქა, სამოთხეში დაასახლა და სრულყოფილი ოჯახი უბოძა (დაბ. 1:26—28; 2:18). მაგრამ ფიქრობდნენ ადამი და ევა იმ ყველაფერზე, რაც იეჰოვამ მათთვის გააკეთა? ცდილობდნენ, გაეღრმავებინათ სიყვარული და მადლიერება მის მიმართ? ამ კითხვებზე პასუხი მაშინ გახდა ცხადი, როცა სატანამ ისინი გამოცდის წინაშე დააყენა. გველის მეშვეობით სატანამ ევას ჰკითხა: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო?“ (დაბ. 2:16, 17; 3:1). ამ მზაკვრული კითხვით სატანა შეეცადა, რომ ევას ღმერთზე უარყოფითად დაეწყო ფიქრი. სინამდვილეში ღმერთმა მათ ყველა ხიდან ჭამის უფლება მისცა, გარდა ერთისა (დაბ. 2:9). სატანამ ღმერთი ძუნწ პიროვნებად წარმოაჩინა, რაც ევას ისეთ შთაბეჭდილებას შეუქმნიდა, რომ ღმერთი მას რაღაც კარგს უმალავდა. w20.06 3, 4 ¶8, 9
სამშაბათი, 7 ივნისი
მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს (კოლ. 3:13).
ზოგიერთ ქრისტიანს თანამორწმუნემ ატკინა გული. მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ დროდადრო ერთმანეთის მიმართ შეიძლება სამართლიანად გაგვიჩნდეს „ჩივილის მიზეზი“. არ არის გამორიცხული, რომ კრებაში ვინმე უსამართლოდაც კი მოგვექცეს. თუ არ ვიფრთხილებთ, შეიძლება წყენა გულში ჩავიდოთ და ამან საბოლოოდ იქამდე მიგვიყვანოს, რომ იეჰოვას ხალხს ჩამოვშორდეთ. ერთი სამხრეთამერიკელი ძმა პაბლო თანამორწმუნემ ქრისტიანისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენაში დაადანაშაულა, რის გამოც პაბლომ კრებაში პასუხისმგებლობები დაკარგა. როგორ იმოქმედა ამან მასზე? ის ამბობს: „ამან ისე გამამწარა, რომ დროთა განმავლობაში კრებას ზურგი ვაქციე“. წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო სინდისის ქენჯნამ შეიძლება მოსვენება დაუკარგოს ადამიანს და თავი ღვთის სიყვარულის ღირსად აღარ მიიჩნიოს. მონანიებისა და მის მიმართ გამოვლენილი წყალობის შემდეგაც კი შეიძლება იფიქროს, რომ ღვთის ხალხს შორის ყოფნას არ იმსახურებს. თანაუგრძნობთ იმ და-ძმებს, რომლებიც ცხოვრებაში მსგავს პრობლემებს ხვდებიან? w20.06 19 ¶6, 7
ოთხშაბათი, 8 ივნისი
წინდახედული ხედავს საფრთხეს და იმალება (იგავ. 22:3).
ჩვენ უნდა შეგვეძლოს პოტენციური საფრთხის შემცველი სიტუაციების ამოცნობა, რათა თავი ავარიდოთ მათ (ებრ. 5:14). გონიერება უნდა გამოვიჩინოთ, როცა საქმე დასვენებასა და გართობას ეხება. ტელეშოუები, სერიალები და ფილმები უზნეობას უწევს პროპაგანდას. რაკი გვესმის, რომ უზნეობის ჩამდენი ღმერთსაც შეურაცხყოფს და საკუთარ თავსაც აზიანებს, ვერიდებით ისეთ გართობას, რომელსაც შეუძლია თანდათანობით გაგვინელოს იეჰოვასადმი სიყვარული (ეფეს. 5:5, 6). გამჭრიახობა გვმართებს, რომ განდგომილების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის მიღმა საფრთხე დავინახოთ, რადგან ცდილობენ, იეჰოვას ორგანიზაციისადმი ნდობა დაგვიკარგონ (1 ტიმ. 4:1, 7; 2 ტიმ. 2:16). ამ დეზინფორმაციას შეუძლია რწმენა შეგვირყიოს. ასეთ ინფორმაციას ისინი ავრცელებენ, „ვისაც გახრწნილი აქვს გონება [და] ვეღარ სწვდება ჭეშმარიტებას“. ამიტომ ნუ წამოვეგებით მათ ანკესზე. ისინი კამათის სურვილით არიან შეპყრობილი და სიტყვებს ეკიდებიან (1 ტიმ. 6:4, 5). მათ სურთ, თავიანთი სიცრუე დაგვაჯერონ და ჩვენი ძმების მიმართ უნდობლობა გაგვიჩინონ. w20.09 29 ¶13, 15
ხუთშაბათი, 9 ივნისი
თითოეულმა ის კი არ აკეთოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო (1 კორ. 10:24).
ცოლ-ქმარი ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით უნდა ეპყრობოდეს (ეფეს. 5:33). ბიბლია მოგვიწოდებს, მთელი ყურადღება გაცემაზე გადავიტანოთ და არა მიღებაზე (საქ. 20:35). რა დაეხმარება ცოლ-ქმარს სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენაში? თავმდაბლობა ბევრ ქრისტიან ცოლ-ქმარს ეხმარება ოჯახური სიმყუდროვის შენარჩუნებაში. მაგალითად, ერთი ოჯახისთავი, სტივენი, გვირჩევს: „თუ ერთი გუნდივით იქნებით, პრობლემებსაც ერთად შეეჭიდებით. იმას კი არ იტყვით, ჩემთვის რა აჯობებს, არამედ იმას, ჩვენთვის რა აჯობებს“. სტივენის აზრს მისი მეუღლე სტეფანიც იზიარებს: „ვის ესიამოვნება იმ ადამიანთან ცხოვრება, ვინც მუდმივად უპირისპირდება. როცა უთანხმოება მოგვდის, ვცდილობთ მიზეზის დადგენას. შემდეგ ვლოცულობთ, ვიკვლევთ კონკრეტულ საკითხს და ერთად ვმსჯელობთ. ვცდილობთ, პრობლემას ვებრძოლოთ და არა ერთმანეთს“. ოჯახის კეთილდღეობას ნამდვილად წაადგება, თუ ცოლ-ქმარი მხოლოდ საკუთარ თავზე არ იფიქრებს. w20.07 3, 4 ¶5, 6
პარასკევი, 10 ივნისი
ბევრ ჩემს თანატოლზე თავგამოდებული იუდეველი ვიყავი (გალ. 1:14).
მსახურებაში საკუთარ უნარსა თუ შესაძლებლობებს არ უნდა დავეყრდნოთ. მოციქულ პავლეს კარგი განათლება ჰქონდა მიღებული, რადგან ის იუდეველთა ერთ-ერთი ყველაზე პატივდებული წინამძღოლის, გამალიელის, მოსწავლე იყო (საქ. 5:34; 22:3). თავად პავლეც გავლენიან ფიგურად ითვლებოდა იუდეველთა შორის (საქ. 26:4). თუმცა პავლე საკუთარ თავზე არ იყო დაიმედებული. პავლეს არც კი დანანებია იმ ყველაფრის დათმობა, რაც მას ქვეყნიერების თვალში წონას მატებდა (ფილ. 3:8). ქრისტეს მიმდევრობისთვის მას დიდი მსხვერპლის გაღება მოუწია. ის მოძმე იუდეველებმაც კი შეიძულეს (საქ. 23:12—14). არც თანამოქალაქე რომაელებმა დაინდეს, რადგან სცემეს და დააპატიმრეს კიდეც (საქ. 16:19—24, 37). პავლე მტკივნეულად განიცდიდა იმასაც, რომ ბევრი რამ ისე არ გამოსდიოდა, როგორც თავად სურდა (რომ. 7:21—25). მაგრამ არც მოწინააღმდეგეებისა და არც საკუთარი შეცდომების გამო მას ხელი არ აუღია ქრისტეს მიმდევრობაზე. პირიქით, მას სიამოვნებას ანიჭებდა სისუსტეები, რადგან ამ დროს ნათლად ხედავდა, როგორ აძლიერებდა ღმერთი (2 კორ. 4:7; 12:10). w20.07 16 ¶7, 8
შაბათი, 11 ივნისი
ვისაც მე ვწამვარ, ისიც იმავეს გააკეთებს, რასაც მე ვაკეთებ, და მეტსაც გააკეთებს (იოან. 14:12).
დღეს სამეფოს შესახებ ქადაგება უაღრესად მნიშვნელოვანია. როგორც იესომ იწინასწარმეტყველა, ეს საქმე მისი სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდებოდა და დიდ მასშტაბებს მიაღწევდა. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესომ ზოგიერთ მოწაფეს სასწაულებრივად დააჭერინა თევზი და დაანახვა, რომ „ადამიანთა მებადურობა“ ნებისმიერ სხვა საქმეს აღემატებოდა (იოან. 21:15—17). ზეცად ამაღლებამდე იესომ მოწაფეებს უთხრა, რომ მის მიერ წამოწყებული სამქადაგებლო საქმიანობა ისრაელის საზღვრებს გასცდებოდა (საქ. 1:6—8). წლების შემდეგ იესომ იოანე მოციქულს ხილვაში აჩვენა, რა მოხდებოდა „უფლის დღეს“. იოანემ იხილა, რომ ანგელოზის ხელმძღვანელობით „მარადიული სასიხარულო ცნობა“ ექადაგებოდა დედამიწის მკვიდრებს, ყოველ ერს, ტომს, ენასა და ხალხს (გამოცხ. 1:10; 14:6). აშკარაა, რომ იეჰოვას ნებაა, მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობაში მივიღოთ მონაწილეობა, სანამ ჯერ კიდევ არის ამის დრო. w20.09 9 ¶5
კვირა, 12 ივნისი
რწმენით აბრაამი, როცა ღმერთმა გამოსცადა, ისაკს სწირავდა (ებრ. 11:17).
აბრაამს სირთულეები შეექმნა ოჯახში. მისი საყვარელი ცოლი, სარა, უშვილო იყო. ისინი წლების განმავლობაში ამაოდ ელოდნენ შთამომავალს. ბოლოს სარამ თავისი მოახლე აგარი მიჰგვარა ქმარს, რომ მათთვის შვილი გაეჩინა. როცა აგარი ისმაელზე დაორსულდა, თავის ქალბატონს ზემოდან დაუწყო ყურება. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ აგარი სარას გამო იძულებული გახდა, სახლიდან გაქცეულიყო (დაბ. 16:1—6). ბოლოს და ბოლოს სარა დაორსულდა და ვაჟი გააჩინა, რომელსაც აბრაამმა ისაკი დაარქვა. მას ორივე ვაჟი უყვარდა. მაგრამ, ვინაიდან ისმაელი ცუდად ეპყრობოდა ისაკს, აბრაამი იძულებული გახდა, ისმაელი დედასთან ერთად სახლიდან გაეშვა (დაბ. 21:9—14). მოგვიანებით იეჰოვამ სთხოვა აბრაამს, მისთვის ისაკი შეეწირა მსხვერპლად (დაბ. 22:1, 2; ებრ. 11:17—19). ორივე შემთხვევაში აბრაამი მიენდო იეჰოვას იმ იმედით, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი მისი ვაჟების სასიკეთოდ დამთავრდებოდა. w20.08 4 ¶9, 10
ორშაბათი, 13 ივნისი
შეიმოსეთ ახალი პიროვნებით, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად, ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით! (ეფეს. 4:24).
ძველი პიროვნების მოშორება და ღვთის სამართლიანი მოთხოვნების თანახმად ცხოვრება მკვდრეთით აღდგენილებს დიდ სიხარულს მიანიჭებთ. ვინც ასეთ ცვლილებებს მოახდენს, სამოთხეში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემა. მათ კი, ვინც ამას არ მოისურვებს, ღმერთი არ მისცემს სამოთხეში ცხოვრებისა და იქ შექმნილი მშვიდობიანი გარემოს დარღვევის უფლებას (ეს. 65:20; იოან. 5:28, 29). ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ყველა ღვთის მსახური დარწმუნდება იგავების 10:22-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებაში: „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს და თან არ სდევს ტკივილი“. იეჰოვას წმინდა სულის დახმარებით ღვთის ხალხი უკეთ გამოავლენს ქრისტესთვის დამახასიათებელ თვისებებს და თანდათან გასრულყოფილდება (იოან. 13:15—17; ეფეს. 4:23). ყოველი ახალი დღე მათ ახალი ძალით აავსებს და უკეთეს ადამიანებად აქცევს. წინ ნამდვილად ბედნიერი დრო გველის! (იობ. 33:25). w20.08 17 ¶11, 12
სამშაბათი, 14 ივნისი
მიზნად დაისახეთ , . . სხვის საქმეში არ ჩაერიოთ (1 თეს. 4:11).
უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგმა ქრისტიანმა თავად გადაწყვიტა, არ შეექმნა ოჯახი. ზოგიც იმიტომ არ ქორწინდება, რომ შესაფერისი ადამიანი ვერ იპოვა ცხოვრების თანამგზავრად. ზოგიც ქვრივია. ნებისმიერ შემთხვევაში, განა სწორი იქნება, თუ ასეთებს ვკითხავთ, რატომ არ ქორწინდებიან? ან რამდენად კორექტული იქნება, თუ შევეცდებით, მაჭანკლის როლი მოვირგოთ? თუ ჩვენთვის არაფერი უთხოვია, როგორ იგრძნობს თავს დაუქორწინებელი და ან ძმა, თუ მის პირად ცხოვრებაში ჩავერევით? (1 ტიმ. 5:13). დაუქორწინებელი და-ძმები მადლიერები დაგრჩებიან, თუ მათ თავიანთი კარგი თვისებების გამო დააფასებთ და არა ოჯახური სტატუსის მიხედვით. ისინი კი არ უნდა შევიბრალოთ, არამედ ერთგულებისთვის უნდა დავაფასოთ. შედეგად, ასეთ და-ძმებს თავს ისე არ ვაგრძნობინებთ, თითქოს ვეუბნებით: „არ მჭირდებიო“ (1 კორ. 12:21). პირიქით, დავარწმუნებთ მათ, რომ პატივს ვცემთ და კრებისთვის ძვირფასებად მივიჩნევთ. w20.08 29 ¶10, 14
ოთხშაბათი, 15 ივნისი
[ქრისტე] ეჩვენა 500-ზე მეტ ძმას ერთდროულად (1 კორ. 15:6).
მკვდრეთით აღმდგარი იესო მოციქულ პავლესაც ეჩვენა (1 კორ. 15:8). პავლე (სავლე) დამასკოში მიდიოდა, როცა მას იესოს ხმა ჩაესმა და მისი ზეციური დიდება იხილა (საქ. 9:3—5). ეს შემთხვევაც მოწმობს იმაზე, რომ იესოს მკვდრეთით აღდგომა არაა გამოგონილი ამბავი (საქ. 26:12—15). პავლეს მოწმობა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ის ერთ დროს ქრისტიანების მდევნელი იყო. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ იესო ნამდვილად აღდგა მკვდრეთით, იგი ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ სხვებიც დაერწმუნებინა ამაში. სწორედ ამ რწმენის დამსახურება იყო, რომ პავლე უშიშრად ქადაგებდა მკვდრეთით აღმდგარი იესოს შესახებ და არ აშინებდა არც გაჯოხვა, არც პატიმრობა და არც ხომალდის მსხვრევა (1 კორ. 15:9—11; 2 კორ. 11:23—27). პავლეს იესოს მკვდრეთით აღდგომის იმდენად მტკიცედ სწამდა, რომ სიკვდილსაც არ უშინდებოდა. განა ამდენი თვითმხილველის მოწმობა არაა თქვენთვის იმის სარწმუნო მტკიცებულება, რომ იესო ნამდვილად აღდგა?! ნუთუ არ განგიმტკიცდათ რწმენა, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედი რეალურია?! w20.12 3 ¶8—10
ხუთშაბათი, 16 ივნისი
თუ მოძებნით [იეჰოვას], გაპოვნინებთ თავს (2 მატ. 15:2).
კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით: ყოველთვის ვესწრები კრების შეხვედრებს? იეჰოვას ორგანიზაციის მიერ მომზადებული შეხვედრები და და-ძმებთან ურთიერთობა ჩვენს სულიერ გამოცოცხლებას ემსახურება (მათ. 11:28). ამაზეც დაფიქრდით: სისტემატურად იკვლევთ ბიბლიას? მაგალითად, ყოველ კვირა ატარებთ ოჯახთან ერთად თაყვანისცემას? თუ მარტო ცხოვრობთ, ყოველკვირეულად გამოყოფთ დროს ბიბლიის კვლევისთვის? მაქსიმალურად ცდილობთ, მონაწილეობა მიიღოთ მოწაფეების მომზადების საქმეში? რატომ ღირს ამ კითხვებზე დაფიქრება? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვამ კარგად იცის ჩვენი აზრები და გულის ზრახვები. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გულსა და გონებაში (1 მატ. 28:9). თუ მივხვდებით, რომ რაღაც გვაქვს შესაცვლელი, იქნება ეს ჩვენი მიზნები, დამოკიდებულებები თუ აზროვნება, იეჰოვას უნდა ვთხოვოთ დახმარება. სწორედ ახლაა იმის დრო, რომ რწმენის გამოცდებისთვის მოვემზადოთ. w20.09 19 ¶19, 20
პარასკევი, 17 ივნისი
ვინც მთელ თავის ქონებას არ დათმობს, ჩემი მოწაფე ვერ იქნება (ლუკ. 14:33).
ერთხელ იესომ მაგალითის მეშვეობით ახსნა, რისი გაკეთება მოუწევს ნებისმიერს, ვისაც მისი მოწაფეობა სურს. მან მოიყვანა კოშკის აშენების მსურველისა და იმ მეფის მაგალითი, რომელიც საომრად აპირებს წასვლას. როგორც იესომ თქვა, მშენებელი უნდა დაჯდეს და გამოთვალოს ხარჯები, შეძლებს თუ არა კოშკის მშენებლობის დასრულებას, ხოლო მეფემ წინასწარ უნდა განსაზღვროს, შეძლებს თუ არა თავისი ჯარით მტრის დამარცხებას (ლუკ. 14:27—32). იესო იმას გულისხმობდა, რომ მისი მოწაფეობის მსურველს კარგად უნდა გაეაზრებინა, რასთან იყო დაკავშირებული ქრისტეს მიმდევრობა. ამის გაანალიზებაში შემსწავლელს იმ შემთხვევაში დავეხმარებით, თუ მასთან შესწავლებს ყოველკვირეულად ჩავატარებთ. მასწავლებელი ყოველი შესწავლისთვის კარგად უნდა მოემზადოს. დაფიქრდით, შემსწავლელის მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორ გადასცეთ მასალა მარტივად და გასაგებად, რათა შემსწავლელს გაუადვილდეს ნასწავლის გაგება და გათვალისწინება (ნეემ. 8:8; იგავ. 15:28ა). w20.10 7 ¶5; 8 ¶7
შაბათი, 18 ივნისი
წადით, . . ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი . . . [და] ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც ჩემგან ისწავლეთ (მათ. 28:19, 20).
იესოს მითითებები ნათელი და გასაგებია, რომლებიც ხალხს უნდა ვასწავლოთ. თუმცა მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ერთი მნიშვნელოვანი მხარე. იესოს არ უთქვამს, ასწავლეთ ყველაფერი, რაც ჩემგან ისწავლეთო. მან თქვა: „ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც ჩემგან ისწავლეთ“. იესოს ეს კონკრეტული მითითება რომ გავითვალისწინოთ, ბიბლიის შემსწავლელს არა მხოლოდ თეორია უნდა ვასწავლოთ, არამედ ნასწავლის გამოყენებაშიც უნდა დავეხმაროთ (საქ. 8:31). იესოსგან ნასწავლის ანუ მისი მცნებების დაცვა მათ შესრულებას ნიშნავს. როცა ვინმეს ბიბლიას ვასწავლით, სინამდვილეში მას ღვთის მოთხოვნებს ვაცნობთ. თუმცა ამაზე მეტი მოგვეთხოვება. ბიბლიის შემსწავლელს ისიც უნდა ავუხსნათ, როგორ გამოიყენოს ნასწავლი ყოველდღიურ ცხოვრებაში (იოან. 14:15; 1 იოან. 2:3). ჩვენი მაგალითით უნდა დავანახვოთ შემსწავლელს, როგორ გამოიყენოს ბიბლიური პრინციპები სკოლაში, სამსახურში ან გართობისა და დასვენების დროს. როცა შემსწავლელის თანდასწრებით ვლოცულობთ, შეგვიძლია იეჰოვას ლოცვაში წმინდა სული ვთხოვოთ, რომ მას უხელმძღვანელოს (იოან. 16:13). w20.11 2, 3 ¶3—5
კვირა, 19 ივნისი
„არც ჯარითა და არც ძალით, არამედ ჩემი სულით“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა (ზაქ. 4:6).
იესოს მოწაფეები სხვადასხვა სირთულეს ხვდებოდნენ. მაგალითად, ბევრ მათგანს ხელი არ მიუწვდებოდა წმინდა წერილების ასლებზე. ჩვენგან განსხვავებით მათ არც შესწავლაში დამხმარე საშუალებები ჰქონდათ. ამ ყველაფერს კი ისიც ემატებოდა, რომ მათ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხთან უნდა ექადაგათ. ხელის შემშლელი ფაქტორების მიუხედავად, ამ გულანთებულმა მოწაფეებმა ერთი შეხედვით შეუძლებელი რამ შეძლეს — დაახლოებით 30 წელში სასიხარულო ცნობა უქადაგეს „ყველა ხალხს ცისქვეშეთში“ (კოლ. 1:6, 23). იეჰოვა დღესაც ხელმძღვანელობს და აძლიერებს თავის ხალხს. ის, ძირითადად, ამას თავის სულით შთაგონებული სიტყვის მეშვეობით აკეთებს. ბიბლიამ შემოგვინახა ცნობები იესოს მსახურებისა და იმ დავალების შესახებ, რომელიც მან თავის მიმდევრებს მისცა (მათ. 28:19, 20). იეჰოვამ, მიუკერძოებელმა ღმერთმა, იწინასწარმეტყველა, რომ სასიხარულო ცნობა ექადაგებოდა „ყოველ ერს, ტომს, ენასა და ხალხს“ (გამოცხ. 14:6, 7). მას სურს, რომ სამეფოს ცნობა ყველას ყურს მისწვდეს. w20.10 21 ¶6—8
ორშაბათი, 20 ივნისი
თავმდაბალთა მხსნელი ხარ, ამპარტავნებს კი არ სწყალობ (2 სამ. 22:28).
მეფე დავითს უყვარდა „იეჰოვას კანონი“ (ფსალმ. 1:1—3). მან იცოდა, რომ იეჰოვა იხსნის თავმდაბლებს, ამპარტავნებს კი ეწინააღმდეგება. იგი ცდილობდა, მიჰყოლოდა ღვთის კანონს და შეეცვალა აზროვნება. მან დაწერა: „ხოტბას შევასხამ იეჰოვას, რომელმაც რჩევა მომცა, ღამითაც კი შემაგონებენ ჩემი ფიქრები“ (ფსალმ. 16:7). თუ თავმდაბლები ვიქნებით, ღვთის სიტყვის მეშვეობით შევიცვლით აზროვნებას, რომ არასწორმა ფიქრებმა უგუნურ საქციელამდე არ მიგვიყვანოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაგვესმება საჭირო დროს ღვთის სიტყვები, „ეს არის გზა, იარეთ მასზე“, რაც დაგვეხმარება, დავრჩეთ სწორ გზაზე (ეს. 30:21). თუ ყოველთვის მოვუსმენთ იეჰოვას, ეს მრავალმხრივ წაგვადგება (ეს. 48:17). ამგვარად, ერთი მხრივ, თავიდან ავირიდებთ იმ უხერხულობას, რაც მაშინ გვეუფლება, როცა რჩევას გვაძლევენ, მეორე მხრივ კი, უფრო დავუახლოვდებით იეჰოვას, რადგან გავაცნობიერებთ, რომ იგი მოსიყვარულე მამაა, რომელიც გვაძლევს რჩევებს (ებრ. 12:7). w20.11 20 ¶6, 7
სამშაბათი, 21 ივნისი
როცა მკვდრეთით აღდგომის შესახებ მოისმინეს, ზოგს ეს სიცილად არ ეყო (საქ. 17:32).
როგორც ჩანს, ზოგ კორინთელსაც მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდა (1 კორ. 15:12). ზოგი კი შესაძლოა იმას ფიქრობდა, რომ მოძღვრებას მკვდრეთით აღდგომის შესახებ სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. კერძოდ, მათ მიაჩნდათ, რომ „მკვდრები“ იყვნენ, როცა ცოდვებს სჩადიოდნენ და „გაცოცხლდნენ“, როცა ქრისტეს მიმდევრები გახდნენ. რა მიზეზითაც არ უნდა უარეყოთ მკვდრეთით აღდგომის იმედი, ერთი რამ ცხადია: ამ იმედის გარეშე მათი რწმენა ფუჭი იყო. თუკი ღმერთს არ ჰყავდა იესო აღდგენილი, ეს იმას ნიშნავდა, რომ არც გამოსასყიდი იყო გადახდილი და ყველანი ისევ ცოდვილები იყვნენ. ამგვარად, მკვდრეთით აღდგომის იმედის გარეშე დარჩენილნი სრულიად უიმედო მდგომარეობაში იყვნენ (1 კორ. 15:13—19; ებრ. 9:12, 14). მოციქული პავლე პირადად დარწმუნდა იმაში, რომ „ქრისტე აღდგა მკვდრეთით“. ეს მკვდრეთით აღდგომა განსხვავდებოდა მანამდე მომხდარი მკვდრეთით აღდგომის შემთხვევებისგან, რადგან ყველა, ვინც იესოს აღდგომამდე აღდგა დედამიწაზე, ისევ დაიხოცა. პავლემ თქვა, რომ იესო იყო „პირველი ნაყოფი განსვენებულთა შორის“. იესო იყო დედამიწაზე მცხოვრებთაგან პირველი, რომელიც აღდგა როგორც სულიერი ქმნილება და ზეცად ამაღლდა (1 კორ. 15:20; საქ. 26:23; 1 პეტ. 3:18, 22). w20.12 5 ¶11, 12
ოთხშაბათი, 22 ივნისი
იქაურებს მოციქულებისა და უხუცესების მიერ იერუსალიმში მიღებულ დადგენილებებს გადასცემდნენ (საქ. 16:4).
პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭოს ერთსულოვნებამ დიდად შეუწყო ხელი ღვთის ხალხს შორის წესრიგისა და მშვიდობის არსებობას (საქ. 2:42). მაგალითად, როცა ახ. წ. 49 წელს წინადაცვეთის საკითხი წამოიჭრა, ხელმძღვანელმა საბჭომ ეს საკითხი წმინდა სულის ხელმძღვანელობით განიხილა. ფაქტია, თუ კრებაში აზრთა სხვადასხვაობა იქნებოდა, ეს სამქადაგებლო საქმეს შეაფერხებდა. მართალია, მოციქულები და უხუცესები, რომლებიც ხელმძღვანელ საბჭოში შედიოდნენ, ებრაელები იყვნენ, მაგრამ მათ გადაწყვეტილება თავიანთი ტრადიციული შეხედულებების ან წინადაცვეთის მომხრეთა გავლენით არ მიუღიათ. სწორ დასკვნამდე მისვლაში მათ ღვთის სიტყვა და წმინდა სულის ხელმძღვანელობა დაეხმარა (საქ. 15:1, 2, 5—20, 28). შედეგად, იეჰოვამ აკურთხა მათი გადაწყვეტილება და კრებაში მშვიდობამ და ერთობამ დაისადგურა. ამ ყველაფერმა კი სამქადაგებლო საქმის წინსვლას შეუწყო ხელი (საქ. 15:30, 31; 16:5). იეჰოვას ორგანიზაცია იღვწის, რომ ღვთის ხალხს შორის მშვიდობა და წესრიგი იყოს. w20.10 22, 23 ¶11, 12
ხუთშაბათი, 23 ივნისი
ჩემი ვაჟი სოლომონი, ღვთის რჩეულია (1 მატ. 29:1).
ასაკის, ჯანმრთელობისა თუ სხვა ფაქტორების გამო შესაძლოა ღვთის ორგანიზაციაში ვერ მივიღოთ ის დავალება ან პასუხისმგებლობა, რომელსაც ვესწრაფოდით. ასეთ დროს დაგვეხმარება მეფე დავითის მაგალითზე დაფიქრება. მართალია, მან შეიტყო, რომ ღმერთს ვერ აუშენებდა ტაძარს, რომლის აშენებაც გულით ეწადა, მაგრამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მას, ვინც ამ საქმისთვის ღმერთმა აირჩია. მეფე დავითმა ტაძრის ასაშენებლად გულუხვი შესაწირავი გაიღო. მან მართლაც მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვა (2 სამ. 7:12, 13; 1 მატ. 29:3—5). საფრანგეთში მცხოვრებ ერთ ძმას, სახელად უგს, შერყეული ჯანმრთელობის გამო უხუცესობაზე უარის თქმა მოუწია. იგი იმდენად დაუძლურდა, რომ სახლში მარტივ საქმესაც კი ვეღარ ასრულებდა. უგი ამბობს: „თავდაპირველად გული გამიტყდა და უღირსობის გრძნობა დამეუფლა. მაგრამ დროთა განმავლობაში გავაცნობიერე, რომ უნდა შევგუებოდი ახალ მდგომარეობას, რისი წყალობითაც შევძელი, რომ პრობლემების მიუხედავად, სიხარული შემენარჩუნებინა. გედეონისა და მისი 300 მეომრისა არ იყოს, რომლებიც დაქანცულნი იყვნენ, გადავწყვიტე, რომ არც მე შემეწყვიტა ბრძოლა“ (მსაჯ. 8:4). w20.12 25 ¶14, 15
პარასკევი, 24 ივნისი
გვიყვარდეს ერთმანეთი (1 იოან. 4:7).
იოანეს სახარებაში გაცილებით მეტჯერ მოიხსენიება სიტყვა „სიყვარული“, ვიდრე სხვა სამ სახარებაში ერთად აღებული. მისი ღვთივშთაგონებული სიტყვებიდან აშკარად ვხედავთ, რომ ქრისტიანის თითოეული ქმედება სიყვარულით უნდა იყოს ნაკარნახევი (1 იოან. 4:10, 11). თუმცა თავად იოანესაც დრო დასჭირდა, ეს რომ გაეთავისებინა. ახალგაზრდობაში იოანეს ხანდახან უჭირდა სიყვარულის გამოვლენა. ალბათ გახსოვთ ის ეპიზოდი, როცა იესო და მისი მოწაფეები იერუსალიმში სამარიის გავლით მიდიოდნენ. სამარიის ერთ-ერთ სოფელში მათ მიმართ სტუმართმოყვარეობა არ გამოიჩინეს. იოანემ იესოს სთხოვა, რომ ციდან ცეცხლი მოეხმო და გაენადგურებინა იმ სოფლის მკვიდრნი (ლუკ. 9:52—56). ერთ შემთხვევაში იოანემ და მისმა ძმამ იაკობმა, როგორც ჩანს, დედა დაიყოლიეს იესოსთვის იმის სათხოვნელად, რომ მათთვის გამორჩეული ადგილები მიეცა ღვთის სამეფოში. როცა ეს სხვა მოციქულებმა გაიგეს, გული მოუვიდათ ამ ორ ძმაზე, მაგრამ დაშვებული შეცდომების მიუხედავად, იესოს უყვარდა იოანე (მათ. 20:20, 21, 24; იოან. 21:7). w21.01 8, 9 ¶3, 4
შაბათი, 25 ივნისი
არც ქრისტე ფიქრობდა საკუთარ სიამოვნებაზე (რომ. 15:3).
იეჰოვა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც სხვების კეთილდღეობას ემსახურება. მაგალითად, მან ცოცხალი არსებების შექმნა იმიტომ მოიწადინა, რომ სურდა, სხვებსაც გაეხარათ სიცოცხლით. მას ვერავინ აიძულებდა, რომ საკუთარი შვილი გაეღო მსხვერპლად ჩვენი ცოდვებისთვის. ასეთი არჩევანი მან საკუთარი ნებით გააკეთა ჩვენ საკეთილდღეოდ. იესოც ყოველთვის სხვების სასიკეთოდ იღებდა გადაწყვეტილებებს. მაგალითად, ერთხელ იესომ დასვენების დრო ხალხის სწავლებას დაუთმო, მიუხედავად იმისა, რომ გადაღლილი იყო (მარ. 6:31—34). კარგი ოჯახის მეთაური აცნობიერებს, რომ ყოველთვის ადვილი არ არის ოჯახში გონივრული გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ ამ საკითხს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. ის ცდილობს, თვითნებურად და იმპულსურად კი არ მიიღოს გადაწყვეტილებები, არამედ იეჰოვას სიბრძნით იხელმძღვანელოს (იგავ. 2:6, 7). ამგვარად აჩვენებს, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე კი არ ფიქრობს, არამედ სხვებზეც (ფილ. 2:4). თუ მამაკაცი ცდილობს, იეჰოვასა და იესოს მაგალითს მიჰბაძოს, ის კარგად გაუწევს ოჯახს მეთაურობას. w21.02 7 ¶19—21
კვირა, 26 ივნისი
კარგად და სწორად იქცეოდა ასა იეჰოვას, თავისი ღვთის, თვალში (2 მატ. 14:2).
ახალგაზრდა მეფე ასა თავმდაბალი და გაბედული იყო. როცა ის მამამისის, აბიას, შემდეგ ავიდა ტახტზე, კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ გაილაშქრა. „მან მოუწოდა იუდას, რომ ეძებნათ იეჰოვა, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, და დაეცვათ მისი კანონები და მცნებები“ (2 მატ. 14:1—7). როცა ეთიოპი ზერახი მილიონიანი ჯარით იუდაში შეიჭრა, ასა ბრძნულად მოიქცა და დახმარებისთვის იეჰოვას მიმართა: „იეჰოვა, შენ ძლიერის დახმარებაც ძალგიძს და უძლურისაც. დაგვეხმარე, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რადგან შენზე ვართ მონდობილნი“. ამ სიტყვებით ასამ უდიდესი ნდობა გამოხატა იეჰოვას მიმართ, რომ ის მასაც იხსნიდა და მის ხალხსაც. ასა მიენდო თავის ზეციერ მამას და იეჰოვამაც დაამარცხა ეთიოპები (2 მატ. 14:8—12). მილიონიან ჯართან დაპირისპირება ასასთვის უდიდესი განსაცდელი იყო, რასაც წარმატებით გაართვა თავი. w21.03 5 ¶12, 13
ორშაბათი, 27 ივნისი
სათუთი გრძნობები გქონდეთ ერთმანეთის მიმართ (რომ. 12:10).
ბიბლიამ შემოგვინახა ორი არასრულყოფილი ადამიანის გულითადი მეგობრობისა და სიყვარულის ბრწყინვალე მაგალითი. როგორც ბიბლია გვამცნობს, „საკუთარი თავივით შეუყვარდა იონათანს დავითი. ისინი ძმებივით გახდნენ“ (1 სამ. 18:1). იეჰოვას გადაწყვეტილების თანახმად, საულის შემდეგ დავითი უნდა გამეფებულიყო, მაგრამ საულს დავითის მიმართ შური გაუჩნდა და არაერთხელ სცადა მისი მოკვლა. თუმცა საულის ვაჟს, იონათანს, ამ საკითხში მამის მხარე არ დაუკავებია. იონათანმა და დავითმა სამუდამო მეგობრობა და მხარდაჭერა აღუთქვეს ერთმანეთს (1 სამ. 20:42). თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენი რამ ეღობებოდა წინ დავითისა და იონათანის მეგობრობას, მით უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს ჩვენზე მათი გულითადი მეგობრობის ისტორია. მაგალითად, იონათანი დავითზე სულ მცირე 30 წლით უფროსი იყო, თუმცა არ უფიქრია, რომ თავი არ უნდა გაეყადრებინა ამ გამოუცდელი ჭაბუკისთვის. პირიქით, ის დავითს დიდი პატივისცემით ეპყრობოდა. w21.01 21, 22 ¶6, 7
სამშაბათი, 28 ივნისი
ჩემო ძმებო, ნებისმიერ განსაცდელს სიხარულით შეხვდით (იაკ. 1:2).
იესო დაჰპირდა თავის მიმდევრებს, რომ ნამდვილ ბედნიერებას გამოსცდიდნენ. თუმცა ისინი მოსალოდნელი განსაცდელის შესახებაც გააფრთხილა (მათ. 10:22, 23; ლუკ. 6:20—23). ეჭვი არ გვეპარება, რომ იესოს მიმდევრობა სიხარულს განიჭებთ. მაგრამ, რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ფიქრობთ, რომ შეიძლება ოჯახის წევრებისგან ან მთავრობისგან წინააღმდეგობას შეხვდეთ ან თანამშრომლებმა თუ თანაკლასელებმა ღვთისთვის მიუღებელ საქმეებში თქვენი აყოლიება სცადონ? ბუნებრივია, ასეთი ფიქრები ჩვენში უსიამოვნო გრძნობებს იწვევს. ჩვეულებრივ, დევნა არავისთვის ასოცირდება სიხარულთან, თუმცა ბიბლია მოგვიწოდებს, რომ დევნის დროსაც არ დავკარგოთ სიხარული. მაგალითად, მოწაფე იაკობი წერს, რომ განსაცდელების გამო სასოწარკვეთილებას კი არ უნდა მივეცეთ, არამედ მათ სიხარულით უნდა შევხვდეთ (იაკ. 1:2, 12). იესომაც თქვა, რომ დევნის დროს ბედნიერები უნდა ვიყოთ (მათ. 5:11). იაკობმა ქრისტიანებს ღვთის შთაგონებით ურჩია, როგორ შეენარჩუნებინათ სიხარული განსაცდელების დროსაც კი. w21.02 26 ¶1, 2; 27 ¶5
ოთხშაბათი, 29 ივნისი
ყურს ნუ ათხოვებ წმინდის შემბღალავ უშინაარსო საუბრებს (1 ტიმ. 6:20).
ტიმოთეს დროს ზოგმა ქრისტიანმა ვერ დააფასა ღმერთთან თანამშრომლობის პატივი. სწორედ მათ შორის იყვნენ დემასი, ფიგელე, ჰერმოგენე, ჰიმენეოსი, ალექსანდრე და ფილეტე (1 ტიმ. 1:19, 20; 2 ტიმ. 1:15; 2:16—18; 4:10). ალბათ, ყველა ზემოხსენებული მამაკაცი ერთ დროს სულიერად ძლიერი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში მათ თვალში გაუფასურდა ის, რაც ნამდვილად ფასეული იყო. როგორ ცდილობს სატანა, ჩვენს თვალში ფასი დაუკარგოს იმ საგანძურს, რაც იეჰოვამ მოგვანდო? მოდი ვიმსჯელოთ სატანის მეთოდებზე. ის გასართობი საშუალებებისა და მასმედიის მეშვეობით ცდილობს, ქვეყნიური ფასეულობები, აზროვნება და ქცევები ჩამოგვიყალიბოს და თანდათანობით ჩამოგვაშოროს ჭეშმარიტებას. საზოგადოებრივი აზრის ან დევნის შიში სატანის ხელში კიდევ ერთი იარაღია, რომ ქადაგება შეგვაწყვეტინოს. ის იმასაც ცდილობს, რომ განდგომილთა „ეგრეთ წოდებული ცოდნით“ შეცდომაში შეგვიყვანოს და ჭეშმარიტების გზას აგვაცდინოს. თუ არ ვიფრთხილებთ, შეიძლება ნელ-ნელა ჩამოვშორდეთ ჭეშმარიტებას (1 ტიმ. 6:21). w20.09 27 ¶6—8
ხუთშაბათი, 30 ივნისი
მომისმენს იეჰოვა, როცა წყალობას ვთხოვ; შეისმენს იეჰოვა ჩემს ლოცვას (ფსალმ. 6:9).
იმედი ხომ არ გაგიცრუათ მეგობარმა ან ოჯახის წევრმა? თუ ასეა, მაშინ მეფე დავითის ისტორიის განხილვა დაგეხმარებათ (2 სამ. 15:5—14, 31; 18:6—14). ამ ბიბლიური მონაკვეთის წაკითხვამდე, უთხარით იეჰოვას, როგორ გატკინათ გული სხვისმა საქციელმა (ფსალმ. 6:6—8). წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა დავითი ამ ყოველივეს შემდეგ. მას საყვარელმა შვილმა და სანდო მეგობარმა უღალატეს. მათ არათუ უღალატეს და გული ატკინეს, მოკვლაც კი დაუპირეს. ამის გამო დავითს შესაძლოა სხვა მეგობრების მიმართაც დაჰკარგვოდა ნდობა და ეფიქრა, რომ ისინიც აბესალომს მიემხრნენ. მას შეეძლო მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ეფიქრა და მარტო მოენდომებინა ქვეყნიდან გაქცევა ან უბრალოდ ხელი ჩაექნია ყველაფერზე. მან დახმარებისთვის იეჰოვას მიმართა ლოცვით და მეგობრებსაც სთხოვა შველა. დავითმა დაუყოვნებლივ იმოქმედა მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად. მას არც იეჰოვასა და მეგობრების მიმართ დაუკარგავს ნდობა. w21.03 15 ¶7, 8; 17 ¶10, 11