ივლისი
პარასკევი, 1 ივლისი
მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული (მათ. 28:18).
იეჰოვამ ჩვენს ლოცვებს რომ უპასუხოს, აუცილებელია, იესოსთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს. ამაში გაცილებით მეტი იგულისხმება, ვიდრე ლოცვის დროს იმის თქმა, რომ „იესოს სახელით“ მივმართავთ ღმერთს. უნდა გვესმოდეს, როგორ გვპასუხობს იეჰოვა ლოცვებზე და რა როლი აკისრია ამაში იესოს. მან მოციქულებს უთხრა: „რაც არ უნდა ითხოვოთ ჩემი სახელით, გავაკეთებ“ (იოან. 14:13). მართალია, მხოლოდ იეჰოვა ისმენს და პასუხობს ჩვენს ლოცვებს, მაგრამ მან იესოს მისცა ძალაუფლება, რომ თავისი გადაწყვეტილებები სისრულეში მოიყვანოს. სანამ იეჰოვა სათხოვარს შეგვისრულებს, ის გვაკვირდება, რამდენად ვითვალისწინებთ ქრისტეს რჩევას. მაგალითად, იესომ თქვა: „თუ თქვენ პატიობთ სხვებს მათ შეცოდებებს, თქვენც გაპატიებთ თქვენი ზეციერი მამა, ხოლო თუ თქვენ არ პატიობთ სხვებს მათ შეცოდებებს, არც თქვენ გაპატიებთ თქვენსას ზეციერი მამა“ (მათ. 6:14, 15). როგორც დავინახეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე ვეპყრობოდეთ სხვებს, როგორც იეჰოვა და იესო გვეპყრობიან! w20.04 22 ¶6
შაბათი, 2 ივლისი
ჩვენ სასიხარულო ცნობას გაუწყებთ, რათა ზურგი აქციოთ ამ ამაოებას და თაყვანი სცეთ ცოცხალ ღმერთს (საქ. 14:15).
საუბრის დროს პავლე მოციქული ცდილობდა, გაეთვალისწინებინა მსმენელის ინტერესები. მაგალითად, ლისტრაში მცხოვრებმა ხალხმა ცოტა რამ თუ იცოდა წმინდა წერილების შესახებ. ამიტომ პავლე მათ ნაცნობ საკითხებზე ესაუბრა. მან მოიხსენია „მოსავლიანი დროები“ და თქვა, რომ ადამიანები სიცოცხლით ტკბობის უნარით ვართ შექმნილნი. პავლე მსმენელისთვის ადვილად გასაგებ სიტყვებსა და მაგალითებს იყენებდა. წვდომის უნარი დაგეხმარებათ, გაიგოთ, რა აინტერესებთ თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს და საუბარი მათთვის საინტერესო საკითხზე წამოიწყოთ. როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, რა აინტერესებს ადამიანს? მნიშვნელოვანია, დაკვირვებულები ვიყოთ. მაგალითად, შეიძლება ის ბაღს უვლიდეს, წიგნს კითხულობდეს, ავტომანქანას აკეთებდეს ან სხვა რამით იყოს დაკავებული. ასეთ დროს ხომ არ აჯობებდა, საუბარი იმ თემაზე წამოგეწყოთ, რა საქმითაც ის არის დაკავებული? (იოან. 4:7). შესაძლოა ჩაცმულობამაც კი მიგანიშნოთ ადამიანის ეროვნებაზე, მის საქმიანობაზე ან საყვარელ სპორტულ გუნდზე. w20.04 11 ¶11, 12
კვირა, 3 ივლისი
ყველა თქვენი საწუხარი [ღმერთს] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე (1 პეტ. 5:7).
მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო ზოგი და-ძმა სხვების გარემოცვაში ძალიან იძაბება და თავს უხერხულად გრძნობს. მათ უჭირთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა, თუმცა მაინც ესწრებიან კრების შეხვედრებსა და კონგრესებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადამიანებისთვის რთულია უცნობებთან დალაპარაკება, ისინი მაინც მონაწილეობენ სამქადაგებლო მსახურებაში. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, გახსოვდეთ, რომ მსგავს პრობლემებს სხვა და-ძმებიც ებრძვიან. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ იეჰოვას სიამოვნებს თქვენ მიერ მთელი გულით გაღებული მსხვერპლი. ის ფაქტი, რომ კვლავაც აგრძელებთ რბოლას, იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა საჭირო ძალას გაძლევთ (ფილ. 4:6, 7). თუ ფიზიკური ან ემოციური პრობლემების მიუხედავად არ წყვეტთ იეჰოვასადმი მსახურებას, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მას გულს უხარებთ. შეიძლება ბევრ ჩვენგანს ჯანმრთელობის პრობლემები გვაქვს, მაგრამ რბოლას მაინც ვაგრძელებთ (2 კორ. 4:16). იეჰოვას დახმარებით შევძლებთ ბოლომდე გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე სარბიელი. w20.04 31 ¶20, 21
ორშაბათი, 4 ივლისი
მისი უხილავი თვისებები . . . შექმნილის მეშვეობით შეიცნობა (რომ. 1:20).
როდესაც ვფიქრობთ, რა საოცრად არის შექმნილი ჩვენი პლანეტა, დედამიწა, აშკარად ვხედავთ, რაოდენ ბრძენი ღმერთია იეჰოვა (ებრ. 3:4). დედამიწა იმით არის უნიკალური, რომ მასზე სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა პირობაა შექმნილი. დედამიწა შეიძლება თვალუწვდენელ ოკეანეში მოტივტივე ნავს შევადაროთ. თუმცა ადამიანის მიერ შექმნილ ნავსა და დედამიწას შორის ძალიან დიდი სხვაობაა. მაგალითად, დაფიქრდით, რამდენ ხანს იცოცხლებდნენ ნავზე მყოფი ადამიანები, თუ მათ თავად მოუწევდათ ჟანგბადის, საკვებისა და წყლის მომარაგება და ნავიდან ნარჩენების გადაყრის საშუალებაც არ ექნებოდათ? ცხადია, ისინი დიდხანს ვერ იცოცხლებდნენ. ამის საპირისპიროდ, დედამიწა სიცოცხლეს უნარჩუნებს მილიარდობით ცოცხალ ორგანიზმს. ის წარმოქმნის ჟანგბადს, საკვებსა და სასმელად ვარგის წყალს, რომელთა მარაგიც არასდროს იწურება. მიუხედავად იმისა, რომ უსარგებლო ნარჩენები დედამიწაზე რჩება, ის კვლავაც ლამაზი და საცხოვრებლად ვარგისი პლანეტაა. ეს იმით არის განპირობებული, რომ იეჰოვამ დედამიწა ნარჩენების გადამუშავების უნარით შექმნა. w20.05 20 ¶3, 4
სამშაბათი, 5 ივლისი
არა, არ მოკვდებით (დაბ. 3:4).
სატანამ მატყუარა გამოიყვანა იეჰოვა. ამგვარად იგი ეშმაკი ანუ ცილისმწამებელი გახდა. ევა მწარედ მოტყუვდა, როცა მას დაუჯერა (1 ტიმ. 2:14). ის სატანას უფრო ენდო, ვიდრე იეჰოვას, რამაც ყველაზე უგუნურ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. ევა ეურჩა იეჰოვას, როცა აკრძალული ხის ნაყოფი შეჭამა. მოგვიანებით ნაყოფი თავის ქმარსაც მისცა და მანაც შეჭამა (დაბ. 3:6). დაფიქრდით, რისი თქმა შეეძლო ევას სატანისთვის. მას შეეძლო ეთქვა: „არ ვიცი, შენ ვინ ხარ. მე კარგად ვიცნობ ჩემს ზეციერ მამას, იეჰოვას, მიყვარს და ვენდობი მას. ყველაფერი, რაც მე და ჩემს ქმარს გაგვაჩნია, მან მოგვცა. როგორ ბედავ მასზე ასე ლაპარაკს? მოშორდი აქედან!“. როგორ ესიამოვნებოდა იეჰოვას საყვარელი შვილისგან ამ სიტყვების გაგონება! (იგავ. 27:11). მაგრამ იეჰოვასადმი ევას სიყვარული ძლიერი არ აღმოჩნდა. იმავეს თქმა შეიძლება ადამზეც. ამიტომაც არ დაიცვეს ღვთის რეპუტაცია, როცა სატანამ ცილი დასწამა იეჰოვას და შეურაცხყო მისი სახელი. w20.06 4 ¶10, 11
ოთხშაბათი, 6 ივლისი
ქალთა დიდი ლაშქარი აცხადებს სასიხარულო ცნობას (ფსალმ. 68:11).
ჩვენი დები ქებას იმსახურებენ იმ ყველაფრისთვის, რასაც იეჰოვასთვის აკეთებენ. ისინი მონაწილეობას იღებენ თეოკრატიული შენობების მშენებლობასა თუ მოვლა-პატრონობაში, მსახურობენ უცხოენოვან ჯგუფებში და მოხალისეებად ბეთელში. გარდა ამისა, ეხმარებიან სტიქიით დაზარალებულ და-ძმებს, თარგმნიან ბიბლიურ ლიტერატურას და მსახურობენ პიონერებად და მისიონერებად. გარდა ამისა, ცოლები მხარში უდგანან ქმრებს, რათა მათ თავი გაართვან სხვადასხვა პასუხისმგებლობას კრებასა თუ ორგანიზაციაში. რომ არა ცოლების მხარდაჭერა, ეს პასუხისმგებელი ძმები ბოლომდე ვერ დაიხარჯებოდნენ საძმოსთვის, როგორც „ძღვენი ადამიანთა სახით“ (ეფეს. 4:8). გონიერ უხუცესებს ესმით, რომ დები შეადგენენ გულმოდგინე „ქალთა დიდ ლაშქარს“, რომელშიც ბევრი კარგი მქადაგებელია. უხუცესებს ისიც ესმით, რომ ერთგულ მოწიფულ დებს შეუძლიათ ახალგაზრდა დებს პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმარონ (ტიტ. 2:3—5). ასე რომ, ჩვენი დები ნამდვილად იმსახურებენ დაფასებას! w20.09 23, 24 ¶13, 14
ხუთშაბათი, 7 ივლისი
არ სურს ჩემს ზეციერ მამას, რომ ამ მცირეთაგან თუნდაც ერთი დაიღუპოს (მათ. 18:14).
იეჰოვა არ ივიწყებს თავის მსახურებს, რომლებიც ერთ დროს ერთგულად ემსახურებოდნენ მას, შემდეგ კი კრებას ჩამოშორდნენ. ის არც მათ კარგ საქმეებს ივიწყებს (ებრ. 6:10). წინასწარმეტყველმა ესაიამ თვალსაჩინო მაგალითის მეშვეობით დაგვანახვა, როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის ხალხზე. მან თქვა: „მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას. თავისი მკლავით შეაგროვებს ბატკნებს და უბით ატარებს მათ. მაწოვარ ცხვრებს მზრუნველობით გაუძღვება“ (ეს. 40:11). რას გრძნობს „დიდებული მწყემსი“, იეჰოვა, როცა მისი ერთ-ერთი ცხვარი ფარას შორდება? იეჰოვას გრძნობები კარგად გამოჩნდა მოწაფეებისთვის ნათქვამ იესოს სიტყვებში: „როგორ ფიქრობთ, კაცს ასი ცხვარი რომ ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნას, არ მიატოვებს მთაში ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა იმ ერთი გზააბნეულის საძებრად? და თუ იპოვა, ჭეშმარიტებას გეუბნებით, მას უფრო მეტად შეხარის, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტს, რომლებსაც გზა არ აბნევიათ“ (მათ. 18:12, 13). w20.06 19, 20 ¶8, 9
პარასკევი, 8 ივლისი
თუ ვინმე ზედამხედველად მსახურებისკენ ისწრაფვის, კარგი საქმე ნდომებია (1 ტიმ. 3:1).
ნებისმიერი სახის მსახურება ჩვენთვის დიდი პატივია (ფსალმ. 27:4; 84:10). შესაქებია ის ძმა, რომელსაც იეჰოვასთვის მეტის კეთების სურვილი აქვს. თუმცა, თუ ის რაიმე პასუხისმგებლობას იღებს, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ უნდა შეიქმნას (ლუკ. 17:7—10). მას სხვების თავმდაბლად მომსახურების სურვილი უნდა ამოძრავებდეს (2 კორ. 12:15). ბიბლია მოგვითხრობს ისეთი ადამიანების შესახებ, რომლებიც საკუთარ ამბიციებს იყვნენ აყოლილნი. მაგალითად, გაკადნიერებულმა დიოტრეფემ კრებაში პირველობა მოიწადინა (3 იოან. 9). გადიდგულებულმა უზიამ ისეთი საქმის კეთება მოინდომა, რაც მის უფლებამოსილებაში არ შედიოდა (2 მატ. 26:16—21). გამეფების სურვილით შეპყრობილი აბესალომი ვერაგულად შეეცადა ხალხის გულის მოგებას (2 სამ. 15:2—6). ამ ბიბლიური მაგალითებიდან აშკარად ჩანს, რომ იეჰოვასთვის მიუღებელია დიდებას დახარბებული ადამიანი (იგავ. 25:27). ადრე თუ გვიან სიამაყე და ამბიცია ნებისმიერს დაღუპავს (იგავ. 16:18). w20.07 4 ¶7, 8
შაბათი, 9 ივლისი
თითოეული თავის სატარებელს ატარებს (გალ. 6:5).
ზოგი ქრისტიანი ოჯახთან ერთად სხვა ქვეყანაში გადადის, რათა თავი დააღწიოს რთულ მდგომარეობას ან სამსახური იშოვოს. ასეთ შემთხვევაში მათ შვილებს, სავარაუდოდ, მოუწევთ იმ სკოლაში სიარული, სადაც სწავლა სახელმწიფო ენაზე მიმდინარეობს. ადგილობრივი ენის სწავლა მშობლებსაც მოუწევთ, სამსახური რომ იშოვონ. როგორ უნდა მოიქცეს ოჯახი, თუ იმ ქვეყანაში კრება ან ჯგუფი შეხვედრებს მათ მშობლიურ ენაზე ატარებს? რომელ კრებას უნდა დაესწროს ოჯახი — იმას, რომელიც ადგილობრივ ენაზე ტარდება თუ მათ მშობლიურ ენაზე? ოჯახისთავმა უნდა გადაწყვიტოს, რომელ ენაზე დაესწრება კრებას ოჯახთან ერთად. ვინაიდან ეს პირადი არჩევანის საკითხია, მან უნდა გადაწყვიტოს, რა აჯობებს მისი ოჯახისთვის. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ოჯახისთავის გადაწყვეტილებას. რა არჩევანიც არ უნდა გააკეთოს მან, ჩვენ მზად ვართ, გულთბილად მივიღოთ ის და მისი ოჯახი კრებაში (რომ. 15:7). w20.08 30 ¶17, 18
კვირა, 10 ივლისი
ღმერთმა . . . ქვეყნიერების თვალში სუსტები ამოირჩია (1 კორ. 1:27).
თუ გვსურს, იეჰოვამ გაგვაძლიეროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ფიზიკურ ძალას, განათლებას, წარმომავლობას თუ ფინანსურ მდგომარეობას ღვთის თვალში მნიშვნელობა არა აქვს. იეჰოვა ადამიანებს თავისი საქმის გასაკეთებლად ამ კრიტერიუმებით არ ირჩევს. სინამდვილეში ღვთის ხალხს შორის ბევრი არ არის „ხორციელად ბრძენი“, ძლიერი და დიდგვაროვანი (1 კორ. 1:26). ამიტომ ნუ ჩათვლით, რომ ზემოთ აღნიშნული არახელსაყრელი გარემოებებიდან რომელიმე ხელს შეგიშლით ღვთის მსახურებაში. პირიქით, ეს იმის შესაძლებლობად მიიჩნიეთ, რომ იეჰოვას ძალა საკუთარ თავზე გამოსცადოთ. მაგალითად, თუ გაშინებთ მათთან საუბარი, ვინც თქვენი მრწამსის გამო გაკრიტიკებთ, სთხოვეთ იეჰოვას, რომ გაბედულად საუბრის ძალა მოგცეთ (ეფეს. 6:19, 20). თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა გაქვთ, სთხოვეთ იეჰოვას ძალა, რომ მაქსიმალურად აქტიური იყოთ მის მსახურებაში. ყოველ ჯერზე, როცა იეჰოვას ხელს იგრძნობთ თქვენს ცხოვრებაში, რწმენა განგიმტკიცდებათ და ძალა შეგემატებათ. w20.07 16 ¶9
ორშაბათი, 11 ივლისი
უპირველესად, ეძებეთ სამეფო (მათ. 6:33).
თუ გვინდა, რომ სამეფო უმთავრესი იყოს ჩვენს ცხოვრებაში, აბრაამივით მზად უნდა ვიყოთ ღვთისთვის მოსაწონი მსხვერპლის გასაღებად (მარ. 10:28—30; ებრ. 11:8—10). მზად იყავით ცხოვრებისეული სირთულეებისთვის. ისინიც კი, ვინც მთელ ცხოვრებას იეჰოვას უძღვნიან, პრობლემებისგან დაცული არ არიან (იაკ. 1:2; 1 პეტ. 5:9). დღეს გაცილებით მეტი მიზეზი გვაქვს, ვიფიქროთ მომავალზე. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები აშკარად იმაზე მოწმობს, რომ ამ ქვეყნიერების ბოლო დღეების მიწურულს ვცხოვრობთ. მრავალ სასიხარულო მოვლენათა შორის, რომელიც წინ გველის, ჩვენი საყვარელი ახლობლების მკვდრეთით აღდგომა იქნება. მაშინ დაჯილდოვდება აბრაამის რწმენა და მოთმინება და ოჯახთან ერთად ის დედამიწაზე ცხოვრებით გაიხარებს. სად იქნებით თქვენ ამ დროს? თუ აბრაამივით უკან არ დაიხევთ, რომ ღვთის სამეფოსთვის გაიღოთ მსხვერპლი, სირთულეების მიუხედავად არ დაკარგოთ რწმენა და მოთმინებით დაელოდოთ იეჰოვას, მაშინ თქვენც სიხარულით შეეგებებით მათ (მიქ. 7:7). w20.08 5, 6 ¶13, 14; 7 ¶17
სამშაბათი, 12 ივლისი
სიკვდილამდე მიერთგულე და სიცოცხლის გვირგვინს გიბოძებ (გამოცხ. 2:10).
მტრებმა სიცოცხლესაც რომ გამოგვასალმონ, დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა სიცოცხლეს დაგვიბრუნებს. გვჯერა, რომ, რა მეთოდსაც არ უნდა მიმართონ მტრებმა, იეჰოვას ვერ ჩამოგვაშორებენ (რომ. 8:35—39). მკვდრეთით აღდგომის იმედი იეჰოვას უდიდეს სიბრძნეზე მეტყველებს. ამ იმედის მეშვეობით ის სატანის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ იარაღს ძალას უკარგავს, ჩვენ კი უშიშარ გულს გვაძლევს. თუ იეჰოვას მტრები მოკვლით დაგვემუქრებიან, გვეყოფა იმის რწმენა, რომ იეჰოვას ვანდოთ სიცოცხლე? დღეს როგორ უნდა მივხვდეთ, იმ მომენტში როგორ მოვიქცევით? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად დავფიქრდეთ: ჩანს ჩემი ყოველდღიური, თუნდაც უმნიშვნელო გადაწყვეტილებებიდან, რომ ვენდობი იეჰოვას? (ლუკ. 16:10). ჩანს ჩემი ცხოვრებიდან, რომ პირველ ადგილზე ვაყენებ სამეფოს ინტერესებს და მჯერა, რომ იეჰოვა იზრუნებს ჩემს საჭიროებებზე? (მათ. 6:31—33). თუ ამ კითხვებს დადებითად ვუპასუხებთ, გამოდის, რომ მზად ვართ ნებისმიერი განსაცდელის გადასალახავად (იგავ. 3:5, 6). w20.08 17, 18 ¶15, 16
ოთხშაბათი, 13 ივლისი
ყველანაირად ეცადე, რომ ღვთისთვის მოსაწონი მსახური იყო, რომელიც სამარცხვინოს არაფერს აკეთებს და სწორად ასწავლის ღვთის სიტყვას (2 ტიმ. 2:15).
ჩვენ გვინდა, რომ მარჯვედ ვიყენებდეთ ღვთის სიტყვას. ამაში ჩვენი შეხვედრები დაგვეხმარება. თუმცა სხვებსაც რომ დავანახვოთ ბიბლიური ჭეშმარიტების ფასი, თავად უნდა გვქონდეს ჩვევაში ბიბლიის კვლევა. ღვთის სიტყვა რწმენის განმტკიცებაში გვეხმარება, რასაც მხოლოდ ბიბლიის კითხვით ვერ შევძლებთ. ამისათვის საჭიროა, ვიფიქროთ წაკითხულზე და პუბლიკაციების მეშვეობით გავიღრმაოთ ცოდნა, რათა სწორად გვესმოდეს წმინდა წერილები და შეგვეძლოს მათი ახსნა (1 ტიმ. 4:13—15). ასეთ შემთხვევაში მზად ვიქნებით, რომ სხვებსაც ვასწავლოთ ღვთის სიტყვა. სწავლებაში მხოლოდ ბიბლიური მუხლის ამოკითხვა არ იგულისხმება. ჩვენ უნდა შეგვეძლოს მსმენელისთვის მუხლის ახსნა და იმის ჩვენება, თუ როგორ ეხება მას. თუ რეგულარულად ვიკვლევთ ბიბლიას, უკეთესად შევძლებთ სხვებისთვის ღვთის შთაგონებული სიტყვის სწავლებას (2 ტიმ. 3:16, 17). w20.09 28 ¶12
ხუთშაბათი, 14 ივლისი
რომ არ დაიღალოთ და არ დაკარგოთ მხნეობა, იფიქრეთ [იესოზე] (ებრ. 12:3).
სამქადაგებლო საქმეზე მთელ ყურადღებას იმ შემთხვევაში გადავიტანთ, თუ დავფიქრდებით, რამდენ რამეს აკეთებს იეჰოვა ჩვენთვის. მაგალითად, ის ზრუნავს, რომ უხვი სულიერი საზრდო გვქონდეს ბეჭდური, ელექტრონული, აუდიო-ვიდეო მასალისა თუ ინტერნეტმაუწყებლობის სახით. უბრალოდ დაფიქრდით: ჩვენს ვებგვერდზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია 1 000-ზე მეტ ენაზე (მათ. 24:45—47). იესოს მაგალითიც დაგვეხმარება, რომ მთელი ყურადღება სამქადაგებლო საქმეზე გადავიტანოთ. მას ხელი ვერაფერმა შეუშალა, რომ ჭეშმარიტების შესახებ დაემოწმებინა (იოან. 18:37). ის არ ცდუნდა, როცა სატანამ „მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება“ შესთავაზა და არც მაშინ აჰყოლია ცდუნებას, როცა ხალხმა გამეფება დაუპირა (მათ. 4:8, 9; იოან. 6:15). იესო ვერც სიმდიდრის მაცდურმა ძალამ მოხიბლა და ვერც წინააღმდეგობამ შეაშინა (ლუკ. 9:58; იოან. 8:59). თუ გვინდა, რწმენის გამოცდების დროს მიზანს არ ავცდეთ, უნდა გვახსოვდეს პავლე მოციქულის რჩევა, რომელიც დღევანდელ მუხლშია ჩაწერილი. w20.09 9, 10 ¶6, 7
პარასკევი, 15 ივლისი
მომბაძეთ მე, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს (1 კორ. 11:1).
რა სასიამოვნოა, რომ კრებაში ბევრი გულმოდგინე და დაუზარელი და გვყავს. ისინი მონაწილეობას იღებენ კრების შეხვედრებში, ქადაგებენ, ზრუნავენ დარბაზის მოვლა-პატრონობაზე და ყურადღებას ავლენენ თანაქრისტიანების მიმართ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისინი სხვადასხვა სირთულესაც ხვდებიან ცხოვრებაში. მაგალითად, ზოგს მოხუც მშობლებზე უწევს ზრუნვა, ზოგი ოჯახის მხრიდან ხვდება წინააღმდეგობას, ზოგიც მარტო ზრდის შვილებს და ორმაგი ტვირთი აწევს, როგორც მშობელს. რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი ჩვენს დებს? იმიტომ, რომ ხშირად ქვეყნიერებაში სათანადო პატივისცემას არ ავლენენ ქალების მიმართ. ბიბლია კი, პირიქით, მოგვიწოდებს, მხარში ამოვუდგეთ მათ. მაგალითად, მოციქული პავლე სთხოვდა რომაელ ქრისტიანებს, რომ გულთბილად მიეღოთ და ფებე და ყველაფერში დახმარებოდნენ, რაშიც დასჭირდებოდა (რომ. 16:1, 2). მოციქული პავლე ისეთ გარემოში აღიზარდა, სადაც ქალებს არაფრად აგდებდნენ. მაგრამ გაქრისტიანების შემდეგ ის ქრისტეს ჰბაძავდა და ქალებს ღირსეულად და პატივისცემით ეპყრობოდა. w20.09 20 ¶1, 2
შაბათი, 16 ივლისი
ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი . . . [და] ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც ჩემგან ისწავლეთ (მათ. 28:19, 20).
იმისათვის, რომ ბიბლიის შემსწავლელს სასიხარულო ცნობის ქადაგების სურვილი გაუჩნდეს, შეგვიძლია შემდეგი კითხვები დავუსვათ: „როგორ შეცვალა უკეთესობისკენ შენი ცხოვრება სასიხარულო ცნობამ? შენი აზრით, სხვებსაც სჭირდებათ ამ ცნობის მოსმენა? რა შეგიძლია გააკეთო მათ დასახმარებლად?“ (იგავ. 3:27; მათ. 9:37, 38). ჩვენ ვიცით, რომ იესოს მითითების თანახმად სხვებს უნდა ვასწავლოთ ყველაფრის დაცვა, რაც მან მცნებად დაგვიდო. ამაში შედის ორი უდიდესი მცნება: გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი. ორივე მცნება მჭიდროდ არის დაკავშირებული ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმესთან (მათ. 22:37—39). სწორედ სიყვარული არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ვქადაგებთ. მართალია, ზოგიერთ ბიბლიის შემსწავლელს აშინებს ქადაგებაში მონაწილეობაზე ფიქრი, მაგრამ გვინდა, დავარწმუნოთ ისინი, რომ იეჰოვას დახმარებით თანდათანობით დაძლევენ კაცთმოშიშებას (ფსალმ. 18:1—3; იგავ. 29:25). w20.11 3 ¶6—8
კვირა, 17 ივლისი
არ შეგვიწყვეტია თქვენთვის ლოცვა (კოლ. 1:9).
როცა ბიბლიის შესწავლისთვის ემზადებით, ილოცეთ შემსწავლელზე. შეიძლება ისიც ითხოვოთ ლოცვაში, რომ, როგორც მასწავლებელმა კარგად გაართვათ თავი ამ საქმეს და ჩასწვდეთ შემსწავლელის გულს. თქვენი მთავარი ამოცანა ისაა, რომ შემსწავლელი ნათლობამდე მიიყვანოთ. მან პირადი ურთიერთობა უნდა განივითაროს იეჰოვასთან. რა დაეხმარება ამაში? ის უნდა მიეჩვიოს იეჰოვას მოსმენას და მასთან საუბარს. ბიბლიის ყოველდღიური კითხვა ღვთის მოსმენის საშუალებაა (იეს. 1:8; ფსალმ. 1:1—3). ბიბლიის შემსწავლელი ყოველდღიურად უნდა ესაუბროს იეჰოვას. შესწავლის დაწყების და დასრულების დროს გულითადი ლოცვა წარმოთქვით და ლოცვაში შემსწავლელიც მოიხსენიეთ. თქვენი ლოცვების მოსმენა დაეხმარება მას, ისწავლოს გულითადი ლოცვა და იესოს სახელით იეჰოვა ღმერთის მოხმობა (მათ. 6:9; იოან. 15:16). წარმოიდგინეთ, როგორ დაეხმარება ბიბლიის ყოველდღიური კითხვა (იეჰოვას მოსმენა) და ლოცვა (იეჰოვასთან საუბარი) თქვენს შემსწავლელს ღმერთთან დაახლოებაში (იაკ. 4:8). w20.10 8 ¶8; 9 ¶10, 11
ორშაბათი, 18 ივლისი
[შეინარჩუნეთ] ღვთის სულით ბოძებული ერთიანობა (ეფეს. 4:3).
პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, დღესაც იეჰოვას ორგანიზაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კრებაში წესრიგისა და მშვიდობის არსებობას (საქ. 16:4, 5). თვალსაჩინოებისთვის: თუ „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას სხვა კრებაში დაესწრებით, თუნდაც სხვა ქვეყანაში, თქვენთვის უცხო ნამდვილად არ იქნება, როგორ ჩატარდება შესწავლა და რა სტატია განიხილება. ეს თავის მხრივ შინაურულად და თავისუფლად გაგრძნობინებთ თავს. ასეთი ერთსულოვნება მხოლოდ წმინდა სულის მეშვეობით მიიღწევა (სოფ. 3:9). თქვენგან რა მოითხოვება? დაფიქრდით: „ხელს ვუწყობ კრებაში მშვიდობასა და ერთობას? ვემორჩილები მათ, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია? შეუძლიათ და-ძმებს ჩემი იმედი ჰქონდეთ, მით უმეტეს, თუ პასუხისმგებლობა მაკისრია კრებაში? მიყვარს საქმის დროულად კეთება და მზად ვარ სხვების დასახმარებლად?“ (იაკ. 3:17). თუ ფიქრობთ, რომ ამ სფეროებში გაუმჯობესება გჭირდებათ, სთხოვეთ ღმერთს წმინდა სული. რაც უფრო მეტად დაჰყვებით წმინდა სულის მოქმედებას და პიროვნულად დაიხვეწებით, მით უფრო შეგიყვარებენ და დაგაფასებენ და-ძმები. w20.10 23 ¶12, 13
სამშაბათი, 19 ივლისი
იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი (იაკ. 1:22).
ღვთის სიტყვა ჩვენთვის სარკესავითაა (იაკ. 1:23—25). თითოეული ჩვენგანი ყოველ დილით სახლიდან გასვლამდე საკუთარ გარეგნობას სარკეში ვამოწმებთ. ამის წყალობით შეგვიძლია, შესწორება შევიტანოთ ჩვენს გარეგნობაში მანამ, სანამ სხვები მოგვცემენ შენიშვნას. მსგავსად ამისა, თუკი ბიბლიას ყოველდღე წავიკითხავთ, დავინახავთ, რა მხრივ გვმართებს აზროვნებისა და დამოკიდებულების შეცვლა. ბევრისთვის პრაქტიკული აღმოჩნდა ყოველდღიური მუხლის დილით, სახლიდან გასვლამდე, წაკითხვა. შედეგად, მათ შეუძლიათ იფიქრონ წაკითხულზე და მთელი დღის მანძილზე გაითვალისწინონ ღვთის სიტყვიდან მიღებული რჩევები. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურ გრაფიკში გამოყოფილი გვქონდეს დრო ღვთის სიტყვის კითხვისა და მასზე დაფიქრებისთვის. შეიძლება ეს რჩევა ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ სწორედ მისი გათვალისწინება დაგვეხმარება, დავრჩეთ სიცოცხლისკენ მიმავალ ვიწრო გზაზე. ღვთის სიტყვა რენტგენივითაა და ჩვენს შინაგან სამყაროს აშუქებს. თავმდაბლობაა საჭირო იმ რჩევების მისაღებად, რომელთაც ბიბლია ან ხელმძღვანელი ძმები გვაძლევენ. w20.11 18 ¶3; 20 ¶8
ოთხშაბათი, 20 ივლისი
კრებები რწმენაში მტკიცდებოდა და დღითი დღე რიცხობრივად იზრდებოდა (საქ. 16:5).
მართალია, პირველ საუკუნეში ქრისტიანებს ხშირად დევნიდნენ, მაგრამ მათ შიგადაშიგ მშვიდობიანი პერიოდიც ჰქონდათ. როგორ იყენებდნენ ისინი ამ შესაძლებლობას? ეს ერთგული მამაკაცები და ქალები არ მოდუნებულან და გულანთებულები ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას. წიგნ „საქმეებიდან“ ვიგებთ, რომ ისინი ღვთისმოშიშებით განაგრძობდნენ სასიხარულო ცნობის ქადაგებას, რის შედეგადაც კრება „რიცხობრივად იზრდებოდა“. აშკარაა, იეჰოვამ აკურთხა მათი გულმოდგინება (საქ. 9:26—31). პირველი საუკუნის ქრისტიანები სასიხარულო ცნობის ქადაგების ყველა შესაძლებლობას იყენებდნენ. მაგალითად, როცა პავლემ გააცნობიერა, რომ მსახურებისთვის ფართოდ გაეხსნა კარი, ის ეფესოში დარჩა და ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმე გააგრძელა (1 კორ. 16:8, 9). მოწაფეები მთელი შემართებით აცხადებდნენ „სასიხარულო ცნობას, იეჰოვას სიტყვას“ (საქ. 15:30—35). როგორც დღევანდელი მუხლიდან ვიგებთ, შედეგად კრებები მტკიცდებოდა და რიცხობრივად იზრდებოდა. w20.09 16 ¶6—8
ხუთშაბათი, 21 ივლისი
ერთმა ადამიანმა მოიტანა სიკვდილი (1 კორ. 15:21).
ადამმა ჩადენილი ცოდვის შედეგად უბედურება დაიტეხა თავს და თავისი შთამომავლებიც გააუბედურა. ჩვენ დღემდე ვიწვნევთ მისი ურჩობის სავალალო შედეგებს. რისი თქმა შეიძლება ქრისტეზე? მოციქული პავლე დასძენს, რომ „ერთი ადამიანის [იესოს] მეშვეობით იქნება მკვდრეთით აღდგომა; როგორც ადამის გამო კვდება ყველა, ისე გაცოცხლდება ყველა ქრისტეს წყალობით“ (1 კორ. 15:22). რას გულისხმობდა პავლე სიტყვებში „ადამის გამო კვდება ყველა“? პავლეს მხედველობაში ჰყავდა ადამის შთამომავლები, რომლებმაც მისგან მემკვიდრეობით მიიღეს არასრულყოფილება, ცოდვა და სიკვდილი (რომ. 5:12). ადამი არ გაცოცხლდება; ქრისტეს გამოსასყიდი მის ცოდვას ვერ გადაფარავს, რადგან ის სრულყოფილი მამაკაცი იყო, რომელმაც განზრახ შესცოდა. ადამის ბედს გაიზიარებენ ისინიც, ვისაც „კაცის ძე“ „თხებად“ ჩათვლის და ერთხელ და სამუდამოდ გაანადგურებს (მათ. 25:31—33, 46; ებრ. 5:9). w20.12 5 ¶13, 14
პარასკევი, 22 ივლისი
იეჰოვა . . . ამჩნევს თავმდაბლებს (ფსალმ. 138:6).
თუ რაიმე პასუხისმგებლობას არ მოგვანდობენ, დავფიქრდეთ ერთგული ანგელოზების მაგალითზე. ერთხელ იეჰოვამ ჰკითხა ანგელოზებს, ვინ შეძლებდა ბოროტი მეფე ახაბის ბრძოლის ველზე გატყუებას. ანგელოზებმა სხვადასხვა ხერხი შესთავაზეს. ღმერთმა ერთ-ერთი ანგელოზის აზრი მოიწონა და იმაშიც დაარწმუნა, რომ თავის მიზანს მიაღწევდა (1 მეფ. 22:19—22). ხომ არ გაუტყდათ გული სხვა ანგელოზებს და ხომ არ იფიქრეს, რომ სულ ტყუილად გაისარჯნენ? ბიბლიაში მსგავსი არაფერი წერია. ანგელოზები თავმდაბლები არიან და მათი მთავარი მიზანი იეჰოვას განდიდებაა (მსაჯ. 13:16—18; გამოცხ. 19:10). გახსოვდეთ, რომ დიდი პატივია, იწოდებოდეთ ღვთის სახელით და აუწყებდეთ მისი სამეფოს შესახებ. იეჰოვა მხოლოდ პასუხისმგებლობით ან დავალებით როდი გაფასებთ! იეჰოვასა და და-ძმების თვალში ნამდვილ ფასს მოკრძალება და თავმდაბლობა გძენთ. ამიტომ ყოველთვის სთხოვეთ იეჰოვას, დაგეხმაროთ, იყოთ თავმდაბალი და მოკრძალებული. გამუდმებით იფიქრეთ ბიბლიაში ჩაწერილ იმ ღვთის მსახურთა მაგალითებზე, რომლებიც ამ თვისებებს ავლენდნენ. თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე მოემსახურეთ და-ძმებს და ეს სიხარულით აკეთეთ (1 პეტ. 5:5). w20.12 26 ¶16, 17
შაბათი, 23 ივლისი
დაიფარეთ ხსნის მუზარადი და აიღეთ სულის მახვილი ანუ ღვთის სიტყვა (ეფეს. 6:17).
ხსნის მუზარადი იეჰოვასგან ბოძებულ იმედს განასახიერებს, იმედს, რომ ის დააჯილდოებს თავისი ნების შემსრულებლებს და სიკვდილისგანაც კი იხსნის (1 თეს. 5:8; 1 ტიმ. 4:10; ტიტ. 1:1, 2). იმედი იცავს ჩვენს გონებას. ის გვეხმარება, რომ ყურადღება ღვთის დანაპირებზე გადავიტანოთ და პრობლემებს სწორი კუთხით შევხედოთ. მუზარადს მაშინ ვატარებთ, როცა ვცდილობთ, ჩვენი აზროვნება ღვთის აზროვნებას შევუსაბამოთ. მაგალითად, იმედი წარმავალ სიმდიდრეზე კი არა, ღმერთზე დავამყაროთ (ფსალმ. 26:2; 104:34; 1 ტიმ. 6:17). სულის მახვილი ღვთის სიტყვა ბიბლიაა. მას შეუძლია გამოააშკარაოს სიცრუე და ხალხი ცრუ სწავლებებისა და მავნე ჩვევების ტყვეობიდან გაათავისუფლოს (2 კორ. 10:4, 5; 2 ტიმ. 3:16, 17; ებრ. 4:12). ამ მახვილის სწორად გამოყენებას მაშინ ვსწავლობთ, როცა პირად შესწავლას ვიტარებთ და ღვთის ორგანიზაციისგან დასწავლებას ვიღებთ (2 ტიმ. 2:15). w21.03 27 ¶4; 29 ¶10, 11
კვირა, 24 ივლისი
კუნძულ პატმოსზე აღმოვჩნდი ღვთისა და იესოს შესახებ ქადაგების გამო (გამოცხ. 1:9).
მოციქულ იოანეს პატიმრობის დროსაც არ შეუწყვეტია იესოზე ქადაგება, რითაც აჩვენა, რომ აღელვებდა სხვების კეთილდღეობა. მაგალითად, მან წერილობით აღწერა ნანახი ხილვები, შემდეგ კრებებს დაუგზავნა და მათაც გაუმჟღავნა ის, რაც მალე უნდა მომხდარიყო (გამოცხ. 1:1). სავარაუდოდ, გათავისუფლების შემდეგ დაწერა სახარება, რომელშიც აღგვიწერა იესოს ცხოვრება და მსახურება. და-ძმების გასამხნევებლად და განსამტკიცებლად მან სამი წერილიც დაწერა. ჩვენც შეგვიძლია მივბაძოთ იოანეს, ამ თავდაუზოგავ ღვთის მსახურს და ჩვენ მიერ არჩეული ცხოვრების გზით ვაჩვენოთ, რომ გვიყვარს ხალხი. სატანის ქვეყნიერება ისეა მოწყობილი, რომ გვიბიძგებს, მთელი დრო და ენერგია ფულის შოვნასა და სახელის მოხვეჭას მოვახმაროთ. ამის საპირისპიროდ მთელ მსოფლიოში ღვთის მსახურები თავს არ ზოგავენ, რომ სასიხარულო ცნობა იქადაგონ და სხვებს იეჰოვასთან დაახლოებაში დაეხმარონ. w21.01 10 ¶9, 10
ორშაბათი, 25 ივლისი
საკუთარი თავივით შეუყვარდა იონათანს დავითი (1 სამ. 18:1).
იონათანს ადვილად შეიძლებოდა დავითისადმი შური გასჩენოდა. როგორც მეფე საულის ვაჟს, იონათანს, სამართლიანად შეეძლო პრეტენზია განეცხადებინა სამეფო ტახტზე (1 სამ. 20:31). ვინაიდან იონათანი თავმდაბალი და ღვთისმოშიში კაცი იყო, ის მთელი გულით უჭერდა მხარს იეჰოვას არჩევანს. მართალია, დავითის მხარდაჭერისთვის მამის რისხვა დაიტეხა თავს, მაგრამ მაინც თავისი მეგობრის ერთგული დარჩა (1 სამ. 20:32—34). რადგან იონათანს გულითადი სიყვარული ამოძრავებდა, ის დავითს მეტოქედ არ მიიჩნევდა. იონათანი გამოცდილი მშვილდოსანი და მამაცი მებრძოლი იყო. „არწივზე სწრაფნი“ და „ლომზე ძლიერნი“ — ასეთი ეპითეტებით ამკობდნენ იონათანსა და საულს (2 სამ. 1:22, 23). იონათანს შეეძლო ეტრაბახა თავისი საგმირო საქმეებით, თუმცა ის არც თავს ამეტებდა დავითს და არც მისი შურდა. პირიქით, ყოველთვის მოხიბლული იყო დავითის გაბედულებითა და რწმენით. ის კი არა, მას შემდეგ, რაც დავითმა გოლიათი დაამარცხა, იონათანმა ის საკუთარი თავივით შეიყვარა. w21.01 21 ¶6; 22 ¶8, 9
სამშაბათი, 26 ივლისი
ქალის თავი კაცია (1 კორ. 11:3).
ყველა ქრისტიანი სრულყოფილ მეთაურს, იესო ქრისტეს, ემორჩილება. მაგრამ, როცა ქრისტიანი ქალი ქორწინდება, მისი მეთაური არასრულყოფილი კაცი ხდება. სწორედ ამ დროს იჩენს თავს სირთულეები. ამიტომ ოჯახის შექმნამდე ქალი უნდა დაფიქრდეს ასეთ კითხვებზე: რა მეტყველებს იმაზე, რომ ეს ძმა კარგი ოჯახისთავი იქნება? მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის ცხოვრებაში სულიერ საქმეებს? თუ ასე არ არის, რა მაძლევს იმის გარანტიას, რომ დაქორწინების შემდეგ სულიერად მოაზროვნე ოჯახისთავი გახდება? კარგი იქნება, ქრისტიანი ქალი ამაზეც დაფიქრდეს: მაქვს ისეთი თვისებები, რომლებიც ოჯახის ბედნიერებას შეუწყობს ხელს? ვარ მომთმენი და ხელგაშლილი? მაქვს ახლო ურთიერთობა იეჰოვასთან? (ეკლ. 4:9, 12). ის, თუ რამდენად ბედნიერი იქნებით გათხოვების შემდეგ, ნაწილობრივ დაქორწინებამდე მიღებულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ნამდვილად შესაქებია ის მილიონობით ქრისტიანი ქალი, რომლებიც ქმრის მორჩილების შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ. w21.02 8 ¶1, 2
ოთხშაბათი, 27 ივლისი
ჩამოდი მაკედონიაში და დაგვეხმარე (საქ. 16:9).
ბოლო წლებში ბევრმა მაუწყებელმა მსახურების გასაფართოებლად უცხო ენის შესწავლა დაიწყო და უცხოენოვან კრებაში განაგრძო მსახურება, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. ამ და-ძმებმა ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ მხარი დაეჭირათ სამეფოს ინტერესებისთვის. მართალია, მათ შეიძლება წლები მოანდომონ ახალი ენის შესწავლას, მაგრამ ისინი კრებას მაინც ბევრ რამეში ადგებიან. მათი ქრისტიანული თვისებები და გამოცდილება კრების განმტკიცებას და სტაბილურობას უწყობს ხელს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ თავდაუზოგავ და-ძმებს! უხუცესთა საბჭომ იმ შემთხვევაშიც უნდა გაუწიოს რეკომენდაცია ძმას მომსახურედ ან უხუცესად მსახურებისთვის, თუ ის გამართულად ვერ საუბრობს იმ ენაზე, რომელ ენაზეც კრება ტარდება. უხუცესებმა ძმა იმის მიხედვით უნდა შეაფასონ, აკმაყოფილებს თუ არა უხუცესობისთვის ან მომსახურეობისთვის საჭირო ბიბლიურ მოთხოვნებს და არა იმის მიხედვით, რამდენად გამართულად ლაპარაკობს იმ კრების ენაზე, რომელშიც მსახურობს (1 ტიმ. 3:1—10, 12, 13; ტიტ. 1:5—9). w20.08 30 ¶15, 16
ხუთშაბათი, 28 ივლისი
ჩემო ძმებო, ნებისმიერ განსაცდელს სიხარულით შეხვდით (იაკ. 1:2).
ბევრი ფიქრობს, რომ ბედნიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ კარგი ჯანმრთელობა, ბევრი ფული და მშვიდი ოჯახური გარემო ექნება. მაგრამ სიხარული, რომელზეც იაკობი საუბრობდა, ღვთის სულის ნაყოფში შედის და გარემო ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული (გალ. 5:22). ქრისტიანს სიხარულს, ანუ შინაგან ბედნიერებას იმის ცოდნა ანიჭებს, რომ იეჰოვას მოსაწონად ცხოვრობს და იესოს ჰბაძავს (ლუკ. 6:22, 23; კოლ. 1:10, 11). ჩვენი სიხარული შეგვიძლია ფარანში ანთებულ ცეცხლს შევადაროთ. როგორც უამინდობა ვერ აქრობს ცეცხლს ფარანში, ისე ცხოვრებისეული ქარტეხილები ვერაფერს აკლებს ჩვენს სიხარულს. ჩვენში სიხარულს ვერ ანელებს ჯანმრთელობის თუ ფინანსური პრობლემები. სიხარულს ვერც დაცინვა და ვერც ოჯახის წევრებისგან თუ სხვებისგან წინააღმდეგობა გვართმევს. პირიქით, წინააღმდეგობა უფრო აძლიერებს ჩვენში ამ გრძნობას. ყოველი განსაცდელი, რომელსაც ჩვენი რწმენის გამო ვხვდებით, კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს, რომ ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები ვართ (მათ. 10:22; 24:9; იოან. 15:20). ამიტომაც დაწერა იაკობმა დღევანდელი მუხლის სიტყვები. w21.02 28 ¶6
პარასკევი, 29 ივლისი
ტკბილი სიტყვა [კაცს] გულს უხალისებს (იგავ. 12:25).
შეეცადეთ, დაიმახსოვროთ ის ბიბლიური მუხლები, საიდანაც კარგად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება და იეჰოვაზე მინდობა. მუხლები ადვილად დაგამახსოვრდებათ, თუ ხმამაღლა წაიკითხავთ ან ამოიწერთ და ხშირად გადახედავთ. იეჰოვამ იესო ნავეს ძეს უთხრა, რომ ყოველდღიურად დაბალი ხმით ეკითხა ღვთის კანონი, რათა ბრძნულად ემოქმედა. ღვთის კანონის კითხვა მას შიშს დააძლევინებდა და გამბედაობას შემატებდა, რათა ხალხისთვის კარგი წინამძღოლობა გაეწია (იეს. 1:8, 9). ღვთის სიტყვაში მოცემული მრავალი აზრი სულის სიმშვიდეს მოგგვრით იმ სიტუაციებშიც კი, როცა ადამიანს ჩვეულებრივ შიში და მღელვარება იპყრობს (ფსალმ. 27:1—3; იგავ. 3:25, 26). კრების შეხვედრებზე წარმოთქმული მოხსენებებიდან თუ და-ძმების კომენტარებიდან ბევრ რამეს ვსწავლობთ. თანაქრისტიანებთან გამამხნევებელი საუბრები დადებითად მოქმედებს ჩვენზე (ებრ. 10:24, 25). დიდ შვებას ვგრძნობთ, როცა ჩვენს საწუხარსა თუ გრძნობებს სანდო მეგობარს ვუზიარებთ. w21.01 6 ¶15, 16
შაბათი, 30 ივლისი
სამაგალითო იყავი ერთგულთათვის (1 ტიმ. 4:12).
ნათლობის დროს უკვე აჩვენე, რომ ძლიერი რწმენა გაქვს და ენდობი იეჰოვას. ამიტომაც მან სიხარულით მიგიღო თავის დიდ ოჯახში. მთავარია, ღვთისადმი ნდობა ბოლომდე შეინარჩუნო. როცა საქმე ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ეხება, შეიძლება იეჰოვაზე მინდობა არ გაგიჭირდეს. მაგრამ ჩანს შენს ყველა გადაწყვეტილებაში, რომ ენდობი მას? მაგალითად, როგორ იქცევი მაშინ, როცა საქმე ეხება გართობას, სამუშაოს ან სხვა ცხოვრებისეულ მიზნებს. მხოლოდ საკუთარ ჭკუაზე ნუ იქნები დაიმედებული. დაფიქრდი, რომელი ბიბლიური პრინციპები მიესადაგება შენს სიტუაციას და შესაბამისად იმოქმედე (იგავ. 3:5, 6). თუ ასე მოიქცევი, იეჰოვასაც გაუხარებ გულს და კრებაში და-ძმების პატივისცემასაც მოიპოვებ. როგორც ყველა ადამიანი, შენც არასრულყოფილი ხარ და შეცდომებისგან არ ხარ დაზღვეული. თუმცა ამან ხელი არ უნდა შეგიშალოს იმაში, რომ სრულად დაიხარჯო იეჰოვასთვის. w21.03 6 ¶14, 15
კვირა, 31 ივლისი
თავი დავაღწიე ლომის ხახას (2 ტიმ. 4:17).
რწმენის გამო ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობას ხომ არ ხვდებით? ან ისეთ ქვეყანაში ხომ არ ცხოვრობთ, სადაც იეჰოვას ხალხის საქმიანობა შეზღუდული ან აკრძალულია? თუ ასეა, მაშინ გაგამხნევებთ ტიმოთესთვის მიწერილი მეორე წერილი, რომელიც პავლემ ციხეში დაწერა (2 ტიმ. 1:12—16; 4:6—11, 17—22). სანამ ამ ბიბლიურ მონაკვეთებს წაიკითხავთ, იეჰოვას გაანდეთ თქვენი პრობლემა და განცდები. კონკრეტულად უთხარით, რას გრძნობთ. შემდეგ სთხოვეთ ამ მუხლებში, რომლებიც პავლეს განსაცდელებს აღგვიწერს, დაგანახვოთ თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო პრინციპები. იეჰოვას გაფრთხილებული ჰყავდა პავლე, რომ როგორც ქრისტიანს დევნის ატანა მოუწევდა (საქ. 21:11—13). როგორ ეხმარებოდა მას იეჰოვა? ის ისმენდა პავლეს ლოცვებს და ძალას მატებდა (2 ტიმ. 4:17). მოციქული დარწმუნებული იყო, რომ მოიპოვებდა ჯილდოს, რომლისთვისაც ასე ირჯებოდა. იეჰოვამ სხვა ქრისტიანებიც აღძრა პავლეს დასახმარებლად. w21.03 17, 18 ¶14, 15, 19