აგვისტო
ორშაბათი, 1 აგვისტო
უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ (იოან. 15:5).
იესოს გამოსასყიდი მხოლოდ მათ კეთილდღეობას მოემსახურება, ვისაც მასთან ახლო ურთიერთობა აქვს. იესომ თქვა, რომ მეგობრებისთვის თავის სულს გასწირავდა (იოან. 15:13). მარადიული სიცოცხლის მისაღებად ქრისტემდე მცხოვრებმა ღვთის ერთგულმა მსახურებმაც უნდა მიიღონ ცოდნა იესოს შესახებ და შეიყვარონ ის. მათ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესოსთან ახლო ურთიერთობა უნდა განავითარონ (იოან. 17:3; საქ. 24:15; ებრ. 11:8—12, 24—26, 31). დიდ სიხარულს გვანიჭებს იესოს მხარდამხარ შრომა — სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება და სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლება. დედამიწაზე ყოფნისას იესო თავად ასწავლიდა ადამიანებს, ზეცაში დაბრუნების შემდეგ კი ის კრების თავი გახდა და ქადაგებისა და სწავლების საქმეს ხელმძღვანელობს. იესო ხედავს და აფასებს, როცა მაქსიმალურად ვცდილობთ, სხვებს იეჰოვასა და მის გაცნობაში დავეხმაროთ. თუმცა ფაქტია, ამ საქმის შესრულება მხოლოდ იეჰოვასა და მისი ძის დახმარებით შეგვიძლია (იოან. 15:4). w20.04 22 ¶7, 8
სამშაბათი, 2 აგვისტო
ეს ორი მეფე . . . ერთ მაგიდას მიუსხდებიან და ერთმანეთს ტყუილებს ეტყვიან (დან. 11:27).
წოდებები „ჩრდილოეთის მეფე“ და „სამხრეთის მეფე“ თავდაპირველად იმ მმართველებზე მიუთითებდა, რომლებიც ძველი ისრაელის ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდებარე ტერიტორიებზე მმართველობდნენ (დან. 10:14). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე ღვთის ხალხი ისრაელი ერი იყო. თუმცა მას შემდეგ იეჰოვამ აშკარად ცხადყო, რომ თავის ხალხად იესოს ერთგული მოწაფეები აირჩია. აქედან გამომდინარე, დანიელის მე-11 თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველების დიდი ნაწილი არა ისრაელ ერს, არამედ ქრისტეს მიმდევრებს ეხებათ (საქ. 2:1—4; რომ. 9:6—8; გალ. 6:15, 16). დროის სხვადასხვა მონაკვეთში ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეების როლს სხვადასხვა სახელმწიფო თუ მმართველი ასრულებდა. თუმცა ყველა მათგანს რამდენიმე საერთო დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდა. პირველი, ისინი იმ ქვეყნებზე მმართველობდნენ, სადაც ღვთის ხალხი ცხოვრობდა ან დევნიდნენ მათ. მეორე, ღვთის ხალხისადმი მათი დამოკიდებულებიდან ჩანდა, რომ სძულდათ ჭეშმარიტი ღმერთი, იეჰოვა. და მესამე, ეს ორი მეფე ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს უპირისპირდებოდა. w20.05 3 ¶3, 4
ოთხშაბათი, 3 აგვისტო
მე ვიქცევი იმად, რადაც მოვისურვებ (გამ. 3:14).
იეჰოვას შეუძლია იქცეს იმად, რადაც საჭიროა თავისი ნების შესასრულებლად. იეჰოვას თავისი არასრულყოფილი მსახურებიც შეუძლია აქციოს იმად, რადაც საჭიროა თავისი განზრახვის შესასრულებლად (ეს. 64:8). ამგვარად ასრულებს იეჰოვა თავის ნებას. მას ვერაფერი შეუშლის ხელს თავისი განზრახვის შესრულებაში (ეს. 46:10, 11). როცა ვფიქრობთ, რას აკეთებს იეჰოვა და ჩვენ რისი გაკეთების ძალას გვაძლევს, მადლიერება გვიღრმავდება მის მიმართ. მაგალითად, როდესაც ღვთის საოცარ შემოქმედებაზე ვფიქრობთ, მოწიწების გრძნობა გვეუფლება (ფსალმ. 8:3, 4). იმაზე ფიქრი, თუ რად გვაქცია იეჰოვამ თავისი ნების შესასრულებლად, მისადმი პატივისცემას ერთიორად გვიღრმავებს. ღვთის სახელი იეჰოვა ნამდვილად მოწიწების მომგვრელია. ის სრულ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ როგორია ჩვენი ზეციერი მამა, რა გაუკეთებია წარსულში და რას გააკეთებს მომავალში (ფსალმ. 89:7, 8). w20.06 9, 10 ¶6, 7
ხუთშაბათი, 4 აგვისტო
ღმერთი . . . აძლევს ყველას სიცოცხლეს [და] სუნთქვას (საქ. 17:24, 25).
ჟანგბადი სიცოცხლისთვის აუცილებელი აირია, რომელიც ყველა ცოცხალ ქმნილებას სჭირდება. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ცოცხალი ორგანიზმები ყოველწლიურად ას მილიარდ ტონა ჟანგბადს შთანთქავენ და ნახშირორჟანგს გამოყოფენ. მიუხედავად ამისა, ცოცხალი ორგანიზმები ჟანგბადის მარაგს ვერ ამოწურავენ და არც ატმოსფერო გაივსება „დაბინძურებული“ აირით, ნახშირორჟანგით. როგორ არის ეს შესაძლებელი? იეჰოვას მიერ შექმნილი ორგანიზმები, იქნება ეს პატარა წყალმცენარეები თუ დიდი ხეები, ნახშირორჟანგს შთანთქავენ და ჟანგბადს გამოყოფენ. სწორედ ჟანგბადის წრებრუნვას შეგვიძლია დავუკავშიროთ დღევანდელ მუხლში ჩაწერილი სიტყვები. როგორ შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი ულამაზესი პლანეტისთვის და ყველაფრისთვის, რითაც იეჰოვამ უზრუნველგვყო? (ფსალმ. 115:16). ამის ერთ-ერთი საშუალებაა, ვიფიქროთ იმ ყოველივეზე, რაც იეჰოვამ ჩვენთვის გააკეთა. ეს აღგვძრავს, ყოველდღე გადავუხადოთ მას მადლობა გამოვლენილი სიკეთისთვის. მადლიერებას იმითაც გამოვხატავთ, თუ მაქსიმალურად ვეცდებით, გავუფრთხილდეთ გარემოს და დავიცვათ სისუფთავე. w20.05 22 ¶5, 7
პარასკევი, 5 აგვისტო
განვწმენდ ჩემს დიდებულ სახელს, რომელიც ხალხების თვალში შებღალეთ (ეზეკ. 36:23).
საკამათო საკითხის გადაჭრისას იეჰოვამ სიბრძნე, მოთმინება და სამართლიანობა გამოავლინა. მან არაერთგზის დაამტკიცა, რომ ყოვლისშემძლეა. თუმცა მის ყველა მოქმედებას საფუძვლად სიყვარული უდევს (1 იოან. 4:8). იეჰოვა დღესაც ყველაფერს აკეთებს, რომ განწმინდოს თავისი სახელი. სატანა დღემდე ცილს სწამებს ღმერთს და შეურაცხყოფს მის სახელს. მისი მიზანია, დაუმალოს ადამიანებს, რომ იეჰოვა ძლევამოსილი, სამართლიანი, ბრძენი და მოსიყვარულე ღმერთია. მაგალითად, ცდილობს, დაარწმუნოს ადამიანები, რომ შემოქმედი არ არსებობს. ხოლო ვისაც მისი არსებობის სწამს, სატანა არწმუნებს, რომ ღვთის ნორმები უსამართლო და შემზღუდველია. ის იეჰოვას უმოწყალო და სასტიკ ღმერთადაც კი წარმოაჩენს, რომელიც ადამიანებს ცეცხლოვან ჯოჯოხეთში აწამებს. ვინც ამ სიცრუეს იჯერებს, აღარ აქვს სურვილი, მხარი დაუჭიროს იეჰოვას სამართლიან მმართველობას. სანამ სატანა საბოლოოდ განადგურდება, ის ყველანაირად ეცდება, თქვენც ჩამოგაშოროთ იეჰოვას. მიაღწევს ის წარმატებას? w20.06 5 ¶13—15
შაბათი, 6 აგვისტო
ასეთი პიროვნებისთვის აღარ არსებობს არც ბერძენი და არც იუდეველი, არც წინადაცვეთილი და არც წინადაუცვეთელი, არც უცხოელი, არც სკვითი, არც მონა და არც თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ის არის ყოველივეში (კოლ. 3:11).
მრავალ კრებაში არიან ისეთი და-ძმები, რომლებიც უცხო ენას სწავლობენ და ამიტომ აზრის თავისუფლად გამოხატვა უჭირთ. ნაცვლად იმისა, რომ მათ ენობრივ შეცდომებზე გავაკეთოთ აქცენტი, აჯობებს, იეჰოვასადმი მათ სიყვარულსა და მსახურების სურვილზე გავამახვილოთ ყურადღება. თუ თანაქრისტიანებში კარგ თვისებებს დავაფასებთ, მეტი სიყვარულითა და პატივისცემით განვეწყობით მათ მიმართ. თავს ისე არ ვაგრძნობინებთ, თითქოს არ გვჭირდებიან ისინი, რადგან ჩვენს ენაზე გამართულად ვერ მეტყველებენ (1 კორ. 12:21). იეჰოვამ ყველას დიდი პატივი დაგვდო და კრებაში ჩვენ-ჩვენი ადგილი მოგვიჩინა. ქალი თუ კაცი, დაქორწინებული თუ დაუქორწინებელი, ახალგაზრდა თუ ხანში შესული, ენის კარგი მცოდნე თუ არმცოდნე, ყველანი ძვირფასი ვართ როგორც იეჰოვასთვის, ისე ერთმანეთისთვის (რომ. 12:4, 5; კოლ. 3:10). მოდი ყოველთვის დავაფასოთ ჩვენი და სხვების ადგილი ქრისტიანულ კრებაში. w20.08 31 ¶20—22
კვირა, 7 აგვისტო
ზოგიერთები მიემხრნენ მას და ირწმუნეს (საქ. 17:34).
მიუხედავად იმისა, რომ ათენში კერპთაყვანისმცემლობა, სექსუალური უზნეობა და წარმართული ფილოსოფიური შეხედულებები ღრმად იყო ფესვგადგმული, პავლე მოციქულს ხელი არ ჩაუქნევია ათენელებზე და არ უფიქრია, რომ ისინი არასდროს მიიღებდნენ ჭეშმარიტებას. მას ქადაგება მაშინაც არ შეუწყვეტია, როცა ათენელების მხრიდან შეურაცხყოფის ატანა უწევდა. პავლეს კარგად ახსოვდა, ხომ ერთ დროს თავადაც „ღვთისმგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი“ იყო, თუმცა მოგვიანებით ქრისტიანი გახდა (1 ტიმ. 1:13). პავლე ათენელებში მომავალ თანამორწმუნეებს ხედავდა და ამით იესოს ჰბაძავდა, რომელმაც მასში მომავალი მოწაფე დაინახა. ფაქტია, მისი მოლოდინი არ გამტყუნებულა (საქ. 9:13—15). პირველ საუკუნეში ყველანაირი ადამიანი ეხმაურებოდა სასიხარულო ცნობას. პავლემ საბერძნეთის ქალაქ კორინთში მცხოვრებ ქრისტიანებზე თქვა, რომ ერთ დროს ზოგი მათგანი ბოროტმოქმედი იყო, ზოგი კი ამაზრზენ უზნეობას სჩადიოდა. შემდეგ კი დასძინა: „მაგრამ განიბანეთ [და] განიწმინდეთ“ (1 კორ. 6:9—11). თქვენ რომ პავლეს ადგილას ყოფილიყავით, დაინახავდით ასეთ ადამიანებში მომავალ თანაქრისტიანებს? w20.04 12 ¶15, 16
ორშაბათი, 8 აგვისტო
აღარ შემიძლია! ნუღარ მაცოცხლებ (1 მეფ. 19:4).
უხუცესებმა არ უნდა განსაჯონ ისინი, ვისაც კითხვები უჩნდება, ღირს თუ არა იეჰოვასადმი მსახურება. გაკიცხვის ნაცვლად ისინი უნდა შეეცადონ იმის დანახვას, რა შეიძლება იდგეს მათი სიტყვებისა თუ საქციელის მიღმა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ უხუცესები ბიბლიის მეშვეობით მათთვის საჭირო სულიერი დახმარების აღმოჩენას. როცა წინასწარმეტყველი ელია დედოფალ იზებელს გაურბოდა, ეგონა, რომ მის მსახურებას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა და სიკვდილიც კი ინატრა (1 მეფ. 19:1—3, 10). იეჰოვამ არ უსაყვედურა ელიას. პირიქით, დაარწმუნა, რომ მარტო არ იყო და შეეძლო მისი დახმარების იმედი ჰქონოდა. ღმერთმა ელია იმაშიც დაარწმუნა, რომ მომავალში კიდევ არაერთ დავალებას მისცემდა. იეჰოვამ ყურადღებით მოუსმინა ელიას, როცა მან თავისი საწუხარი გაანდო და ახალი დავალებებიც მისცა (1 მეფ. 19:11—16, 18). რას ვსწავლობთ? ყველას, განსაკუთრებით უხუცესებს მართებთ, რომ იეჰოვას მსახურებს კეთილად მოეპყრონ. უხუცესებმა ყურადღებით უნდა მოუსმინონ იმ თანაქრისტიანს, რომელიც მათ გულს უშლის — გულისწყრომას გამოხატავს ან ამბობს, რომ იეჰოვა ჩადენილ ცოდვას არასდროს აპატიებს. ისინი ყველანაირად უნდა ეცადონ, დაარწმუნონ თანაქრისტიანი, რომ იეჰოვასთვის ის კვლავაც ძვირფასია. w20.06 22 ¶13, 14
სამშაბათი, 9 აგვისტო
ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები (იგავ. 17:17).
იეჰოვას სურს, რომ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობით გავიხაროთ (ფსალმ. 133:1). მეგობრები იესოსაც ჰყავდა (იოან. 15:15). ნამდვილი მეგობრობის ფასზე ბიბლიაც ამახვილებს ყურადღებას (იგავ. 18:24). იმასაც გვირჩევს, რომ არ გავერიყოთ სხვებს (იგავ. 18:1). ბევრს ჰგონია, რომ სოციალური ქსელი კარგი საშუალებაა მეგობრების შესაძენად და მარტოობისგან თავის დასაღწევად. თუმცა სიფრთხილე გვმართებს ამ საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობისას. როგორც გამოკვლევები ცხადყოფს, ის ადამიანები, რომლებიც დიდ დროს უთმობენ სოციალურ ქსელში პოსტების თვალიერებას, მარტოობისა და დეპრესიისკენ არიან მიდრეკილნი. ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ისაა, რომ ხშირად ადამიანები სოციალურ ქსელებში მათი ცხოვრების ღირსშესანიშნავი მოვლენების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებენ. ჩვეულებრივ, ეს არის მათი, მათი მეგობრებისა თუ მონახულებული ადგილების რჩეული ფოტოები. ზოგს, ვინც ამ სურათებს ათვალიერებს, ისეთი წარმოდგენა ექმნება, რომ ნანახის ფონზე მისი ცხოვრება უინტერესო და მოსაწყენია. w20.07 5, 6 ¶12, 13
ოთხშაბათი, 10 აგვისტო
ამ საკითხის განსახილველად მოციქულები და უხუცესები შეიკრიბნენ (საქ. 15:6).
1988 წლის 1-ლი ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „უხუცესები უნდა აცნობიერებდნენ, რომ წმინდა სულის მეშვეობით ქრისტეს შეუძლია საბჭოს ნებისმიერ უხუცესს გაახსენოს ის ბიბლიური პრინციპი, რომელიც კონკრეტულ სიტუაციას მიესადაგება ან სწორი გადაწყვეტილების მისაღებად გამოდგება (საქ. 15:7—15). წმინდა სული კრების ყველა უხუცესს უწევს ხელმძღვანელობას და არა გამორჩეულად რომელიმეს“. უხუცესი, რომელიც პატივს სცემს სხვა უხუცესებს, არ ცდილობს, ყოველთვის თვითონ იყოს საუბრის ინიციატორი უხუცესთა საბჭოს შეხვედრაზე. არც იმას ცდილობს, სულ თვითონ ილაპარაკოს და არც იმას იჩემებს, რომ ყოველთვის მართალია. ის მოკრძალებულად და თავმდაბლად გამოთქვამს თავის მოსაზრებას და ყურადღებით უსმენს სხვებს. რაც მთავარია, ბიბლიური პრინციპების საფუძველზე მსჯელობს და მზად არის, მიჰყვეს „ერთგული და გონიერი მონის“ ხელმძღვანელობას (მათ. 24:45—47). თუ უხუცესები თბილად და პატივისცემით იმსჯელებენ, მაშინ ღვთის წმინდა სული მათთან იქნება და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება (იაკ. 3:17, 18). w20.08 27 ¶5, 6
ხუთშაბათი, 11 აგვისტო
სძლიე ბოროტებას სიკეთით (რომ. 12:21).
მოციქული პავლეს მტრები მასზე გაცილებით ძლევამოსილნი იყვნენ. ის არაერთხელ სცემეს და დააპატიმრეს. პავლეს ისინი უპირისპირდებოდნენ, ვისაც წესით მეგობრობა უნდა გაეწია მისთვის. მოწინააღმდეგეთაგან ზოგიერთი მისი თანამორწმუნეც კი იყო (2 კორ. 12:11; ფილ. 3:18). მაგრამ პავლემ, ასე ვთქვათ, ყველაზე გაიმარჯვა. როგორ? წინააღმდეგობის გამო მას არ შეუწყვეტია ქადაგება; მაშინაც ერთგული იყო და-ძმების, როცა იმედს უცრუებდნენ, და რაც მთავარია, სიცოცხლის ბოლომდე ღვთის ერთგული დარჩა (2 ტიმ. 4:8). მრავალ სირთულეს იეჰოვაზე მინდობილმა გაართვა თავი და არა საკუთარ ძალაზე დაიმედებულმა.თქვენც გიწევთ დევნისა და შეურაცხყოფის ატანა? თქვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ღვთის სიტყვა ჩაუბეჭდოთ გულსა და გონებაში მათ, ვისაც მოსმენის სურვილი აქვს. ამას იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ ბიბლიის მეშვეობით გასცემთ პასუხს დასმულ კითხვებს, თუ პატივისცემით და კეთილად მოეპყრობით მათ, ვინც უსამართლოდ გეპყრობათ, და თუ ყველას სიკეთეს გაუკეთებთ, მათ შორის თქვენს მტრებს (მათ. 5:44; 1 პეტ. 3:15—17). w20.07 17, 18 ¶14, 15
პარასკევი, 12 აგვისტო
შენი თავმდაბლობით განვდიდდები (2 სამ. 22:36).
ნამდვილად შეგვიძლია იმის თქმა, რომ იეჰოვა თავმდაბალია? რა თქმა უნდა. ამაზე დღევანდელ მუხლში ჩაწერილი მეფე დავითის სიტყვებიც მეტყველებს (ფსალმ. 18:35). როცა ამ სიტყვებს წერდა, შესაძლოა დავითს ის დღე ახსენდებოდა, როცა წინასწარმეტყველი სამუელი მათ ოჯახს ესტუმრა, ისრაელის მომავალი მეფე რომ ეცხო. დავითი რვა ძმას შორის უმცროსი იყო, თუმცა იეჰოვამ სწორედ ის აირჩია მეფედ საულის ნაცვლად (1 სამ. 16:1, 10—13). ეჭვგარეშეა, დავითი იზიარებდა იმ აზრს, რაც იეჰოვას შესახებ ერთ-ერთ ფსალმუნში ეწერა: „დაბლა იხრება და დაჰყურებს ცასა და მიწას; საწყალს მტვრიდან აყენებს, ღარიბს . . . ამაღლებს, რომ დასვას იგი წარჩინებულებთან“ (ფსალმ. 113:6—8). იეჰოვას თავმდაბლობაზე მოწმობს ის, თუ როგორ ეპყრობა ცოდვილ ადამიანებს, რომლებიც მას ეთაყვანებიან. იეჰოვა არა მხოლოდ იწონებს ჩვენს თაყვანისცემას, არამედ მეგობრებადაც მიგვიჩნევს (ფსალმ. 25:14). ისევ და ისევ იეჰოვას დამსახურებაა ის, რომ მასთან მეგობრობა შეგვიძლია, რადგან მან თავისი ძე გაიღო მსხვერპლად ჩვენი ცოდვების მისატევებლად. ეს უდავოდ მეტყველებს მის უდიდეს გულმოწყალებასა და თანაგრძნობაზე. w20.08 8 ¶1—3
შაბათი, 13 აგვისტო
იეჰოვას . . . არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს (2 პეტ. 3:9).
იეჰოვას განსაზღვრული აქვს კონკრეტული დღე და საათი, თუ როდის მოუღებს ბოლოს ბოროტ ქვეყნიერებას (მათ. 24:36). ის არასდროს დაკარგავს მოთმინებას და დროზე ადრე არ იმოქმედებს. მას ერთი სული აქვს, აღადგინოს მკვდრები, მაგრამ მოთმინებით იცდის, სანამ ამისთვის სათანადო დრო არ დადგება (იობ. 14:14, 15; იოან. 5:28). არაერთი მიზეზი გვაქვს, დავაფასოთ იეჰოვას მოთმინება. ერთი წუთით დაფიქრდით: იეჰოვას მოთმინება ბევრ ადამიანს, მათ შორის ჩვენ, მონანიების საშუალებას გვაძლევს. იეჰოვას სურს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეცეს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა. ასე რომ, დავაფასოთ იეჰოვას მოთმინება. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ გულმოდგინედ მოვძებნით მარადიული სიცოცხლისთვის განწყობილებს და დავეხმარებით, შეიყვარონ და ემსახურონ იეჰოვას (საქ. 13:48). მაშინ იეჰოვას მოთმინება მათ კეთილდღეობასაც მოემსახურება. w20.08 18 ¶17
კვირა, 14 აგვისტო
მაუწყე შენი გზები, იეჰოვა, მასწავლე შენი ბილიკებით სიარული! (ფსალმ. 25:4).
შესწავლის დროს ბიბლიის შემსწავლელმა მხოლოდ ცოდნა კი არ უნდა მიიღოს, არამედ ნასწავლი გულამდე უნდა მიიტანოს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ გულთან არის დაკავშირებული ჩვენი სურვილები, ემოციები და გრძნობები, ანუ ის, რაც მოქმედებისკენ გვიბიძგებს. მართალია, ხალხს მოსწონდა იესოს ლოგიკური მსჯელობა, მაგრამ მისი მიმდევრები იმიტომ ხდებოდნენ, რომ მოსმენილი მათ გულს სწვდებოდა (ლუკ. 24:15, 27, 32). ბიბლიის შემსწავლელისთვის იეჰოვა რეალური პიროვნება უნდა გახდეს, რომელსაც თავის მამად, ღმერთად და მეგობრად ჩათვლის (ფსალმ. 25:5). ბიბლიის შესწავლის დროს შემსწავლელს დაანახვეთ იეჰოვას პიროვნება (გამ. 34:5, 6; 1 პეტ. 5:6, 7). რა თემასაც არ უნდა განიხილავდეთ, ყურადღება გაუმახვილეთ, როგორი ღმერთია იეჰოვა და რა შესანიშნავი თვისებები აქვს. მაგალითად დაეხმარეთ, დაინახოს, რომ იეჰოვა მოსიყვარულე, კეთილი და თანამგრძნობი ღმერთია. იესომ თქვა, რომ პირველი და უდიდესი მცნებაა „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი“ (მათ. 22:37, 38). შეეცადეთ, შემსწავლელს თანდათანობით შეაყვაროთ იეჰოვა. w20.10 10 ¶12
ორშაბათი, 15 აგვისტო
იესოს მართაც უყვარდა, მისი დაც და ლაზარეც (იოან. 11:5).
იესო ღირსეულად ეპყრობოდა განურჩევლად ყველა ქალს (იოან. 4:27). ის დიდ პატივს სცემდა ქალებს, რომლებიც მისი ზეციერი მამის ნებას ასრულებდნენ. აღსანიშნავია, რომ იესომ თავის სულიერ ოჯახს კაცებთან ერთად ქალებიც მიაკუთვნა (მათ. 12:50). იესო მათ ნამდვილ მეგობრობას უწევდა. ის მეგობრობდა მართასთან და მარიამთან, რომლებიც, სავარაუდოდ, დაუქორწინებლები იყვნენ (ლუკ. 10:38—42). იესო ისე ეპყრობოდა მათ, რომ ორივენი მის გვერდით თავს თავისუფლად გრძნობდნენ. მაგალითად, მარიამს არ ეუხერხულებოდა მის ფერხთით ჯდომა და მისი მოსმენა. არც მართას მორიდებია, იესოსთან გამოეთქვა თავისი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მარიამმა საქმე მას შეატოვა. ამ შინაურულ გარემოში იესომ ორივე დას მნიშვნელოვანი გაკვეთილი ასწავლა. იესო სხვა დროსაც იჩენდა ამ დების მიმართ მზრუნველობას, როცა მათ ოჯახს სტუმრობდა ხოლმე (იოან. 12:1—3). ამიტომ რა გასაკვირია, რომ თავიანთი ძმის, ლაზარეს ავადმყოფობის დროს მართამ და მარიამმა დახმარებისთვის მაშინვე იესოს მიმართეს (იოან. 11:3). w20.09 20 ¶3; 21 ¶6
სამშაბათი, 16 აგვისტო
[მათ] ეგონათ, რომ ღვთის სამეფო მყისვე დამყარდებოდა (ლუკ. 19:11).
იესოს მოწაფეებს ეგონათ, რომ „სამეფო მყისვე დამყარდებოდა“ და გათავისუფლდებოდნენ რომაელთა ჩაგვრისგან. ჩვენც მოუთმენლად ველით, როდის აღმოფხვრის ღვთის სამეფო ბოროტებას და დაამყარებს სამართლიან ახალ ქვეყნიერებას (2 პეტ. 3:13). თუმცა მოთმინება არ უნდა დავკარგოთ და უნდა დაველოდოთ იეჰოვას დანიშნული დროის დადგომას. მან საკმარისი დრო მისცა ნოეს იმისთვის, რომ კიდობანი აეშენებინა და როგორც „სიმართლის მქადაგებელს“, გამაფრთხილებელი ცნობა გაეცხადებინა (2 პეტ. 2:5; 1 პეტ. 3:20). ის მოთმინებით უსმენდა აბრაამს, რომელმაც რამდენჯერმე დააყენა ეჭვქვეშ მისი გადაწყვეტილება, გაენადგურებინა სოდომისა და გომორის ბოროტი მოსახლეობა (დაბ. 18:20—33). საუკუნეების განმავლობაში იეჰოვა უდიდეს მოთმინებას იჩენდა ორგული ისრაელის მიმართ (ნეემ. 9:30, 31). იეჰოვა დღესაც ავლენს მოთმინებას და მონანიების დროს აძლევს მათ, ვისაც თავისკენ იზიდავს (2 პეტ. 3:9; იოან. 6:44; 1 ტიმ. 2:3, 4). იეჰოვას მაგალითი სტიმულს გვაძლევს, რომ მოთმინებით განვაგრძოთ ქადაგებისა და სწავლების საქმე. w20.09 10 ¶8, 9
ოთხშაბათი, 17 აგვისტო
იქნება მკვდრეთით აღდგომა (საქ. 24:15).
როცა იეჰოვა მკვდრებს აღადგენს, მათ ისეთივე მეხსიერებასა და თვისებებს დაუბრუნებს, როგორიც სიკვდილამდე ჰქონდათ. რაზე მეტყველებს ეს? იეჰოვას იმდენად უყვარხართ, რომ ყველაფერი ახსოვს თქვენ შესახებ — თქვენი ფიქრები, გრძნობები, სიტყვები და საქმეები. ასე რომ, როცა იეჰოვა აღადგენს ადამიანს, მარტივად შეძლებს მას ისეთივე მეხსიერება, ხასიათი და თვისებები დაუბრუნოს, როგორიც მანამდე ჰქონდა. მეფე დავითმა კარგად იცოდა, რამდენად არის დაინტერესებული იეჰოვა თითოეული ჩვენგანით (ფსალმ. 139:1—4). რაში დაგვეხმარება იმის ცოდნა, რომ იეჰოვა კარგად გვიცნობს? თუ ყოველთვის გვეხსომება ის, თუ რამდენად კარგად გვიცნობს იეჰოვა, წუხილს არ მივეცემით. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? იეჰოვას თითოეული ჩვენგანის ბედი აღელვებს. ის აფასებს ჩვენში იმ თვისებებს, რომლებიც ინდივიდუალობას გვძენს; იცის, რა ცხოვრება გამოვიარეთ და რამ შეუწყო ხელი ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებას. ამის ცოდნა ნამდვილად მანუგეშებელია! ნუ იფიქრებთ, რომ მარტო ხართ. ყოველ დღე და ყოველ წუთს იეჰოვა თქვენ გვერდითაა და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში დაგეხმაროთ (2 მატ. 16:9). w20.08 17 ¶13, 14
ხუთშაბათი, 18 აგვისტო
გამჭრიახობას მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო (ფსალმ. 32:8).
იეჰოვა სიხარულით ასწავლის თავის ხალხს. მას სურს, გავიცნოთ ის, შევიყვაროთ და მარადიულად ვიცხოვროთ. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა სულიერი განათლების გარეშე (იოან. 17:3). იეჰოვამ პირველი საუკუნის კრება გამოიყენა თავისი ხალხის დასამოძღვრად (კოლ. 1:9, 10). იესოს დაპირებულმა წმინდა სულმა ანუ „დამხმარემ“ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ამ საქმეში (იოან. 14:16). წმინდა სულის დახმარებით მოწაფეებმა უფრო ღრმად ჩაიხედეს ღვთის სიტყვაში და გაიხსენეს იესოს სიტყვები თუ საქმეები, რომლებიც მოგვიანებით სახარებებში ჩაიწერა. მიღებულმა ცოდნამ პირველ ქრისტიანებს რწმენასთან ერთად ღვთისადმი, მისი ძისადმი და ერთმანეთისადმი სიყვარული გაუძლიერა. წინასწარმეტყველების თანახმად, „უკანასკნელ დღეებში“ ყველა ერის ხალხი იეჰოვას სიმბოლური მთისკენ წავიდოდა, რათა მისი გზები ესწავლათ (ეს. 2:2, 3). ეს წინასწარმეტყველება დღეს ჩვენ თვალწინ სრულდება. w20.10 24 ¶14, 15
პარასკევი, 19 აგვისტო
გონიერი ბრძნული რჩევით იხელმძღვანელებს (იგავ. 1:5).
რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი და უგულებელვყოთ მეგობრის მოცემული გონივრული რჩევა? სიამაყემ! როგორც წესი, ამაყი ადამიანები ჭეშმარიტებას ყურს არ ათხოვებენ; მათ ყურის მაამებელთა მოსმენა ურჩევნიათ (2 ტიმ. 4:3, 4). ისინი ფიქრობენ, რომ მათი აზრი სხვებისაზე მნიშვნელოვანია, რადგან სხვებზე მაღლა აყენებენ საკუთარ თავს. მაგრამ მოციქულმა პავლემ ასეთი გაფრთხილება მოგვცა: „თუკი ვინმეს თავი რამე ჰგონია, არადა, არაფერს წარმოადგენს, თავს იტყუებს“ (გალ. 6:3). მეფე სოლომონმაც კარგად გაუსვა ხაზი ამ აზრს. მან დაწერა: „ღარიბი, მაგრამ ბრძენი ყმაწვილი სჯობია მოხუცებულ, მაგრამ უგუნურ მეფეს, რომელიც გაფრთხილებას აღარაფრად აგდებს“ (ეკლ. 4:13). გაიხსენეთ, როგორ მოიქცა მოციქული პეტრე, როცა ის მოციქულმა პავლემ საჯაროდ გაკიცხა (გალ. 2:11—14). პეტრე შესაძლოა გაენაწყენებინა პავლეს მიერ პირდაპირ და საჯაროდ მიცემულ რჩევას. მაგრამ მას ეყო გამჭრიახობა და მიიღო პავლეს რჩევა ისე, რომ გულში წყენა არ ჩაუდია. უფრო მეტიც, მან პავლე მოგვიანებით „საყვარელ ძმად“ მოიხსენია (2 პეტ. 3:15). w20.11 21 ¶9, 11, 12
შაბათი, 20 აგვისტო
ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი . . . [და] ასწავლეთ მათ (მათ. 28:19, 20).
რა დაეხმარება ბიბლიის შემსწავლელს სულიერ ზრდაში? კრების შეხვედრებზე დასწრება. კრებაზე ნასწავლი გაუღრმავებს ცოდნას, გაუძლიერებს რწმენას და უფრო მეტად შეაყვარებს ღმერთს (საქ. 15:30—32). მაუწყებელმა შეიძლება შემსწავლელს გაუზიაროს თავისი გამოცდილება, როგორ დაეხმარა იეჰოვასადმი სიყვარულის გაღრმავება ღვთის მცნებების დაცვაში (2 კორ. 7:1; ფილ. 4:13). როცა ბიბლიის შემსწავლელი სხვადასხვა მაუწყებელს გაიცნობს, მათი მაგალითით ის უკეთესად დაინახავს, რას ნიშნავს იესოს მცნებების დაცვა, განსაკუთრებით ღვთისა და მოყვასის სიყვარული (იოან. 13:35; 1 ტიმ. 4:12). ბიბლიის შემსწავლელს იმ მაუწყებლების გამოცდილებაც შეიძლება დაეხმაროს, რომლებიც მისნაირ სირთულეებს შეხვდნენ. მათი მაგალითი იმაშიც დაარწმუნებს, რომ თვითონაც შეუძლია მოახდინოს საჭირო ცვლილებები და იესოს მოწაფე გახდეს (კან. 30:11). ასე რომ, კრებაში ყველას შეაქვს თავისი წვლილი ბიბლიის შემსწავლელის სულიერ ზრდაში (მათ. 5:16). w20.11 5 ¶10—12
კვირა, 21 აგვისტო
მიბრძოლია მხეცებთან ეფესოში (1 კორ. 15:32).
შესაძლოა მოციქულ პავლეს მართლა მოუხდა ეფესოში არენაზე მხეცებთან შებმა (2 კორ. 1:8; 4:10; 11:23). ან შესაძლოა მან იგულისხმა მტრულად განწყობილი იუდეველები თუ სხვები, რომლებიც გამხეცებულნი უპირისპირდებოდნენ მას (საქ. 19:26—34; 1 კორ. 16:9). რაზეც არ უნდა მიგვანიშნებდეს პავლე, ფაქტია, რომ მან არაერთი განსაცდელი გამოიარა და ყველაფრის მიუხედავად, მაინც იმედის თვალით უყურებდა მომავალს (1 კორ. 15:30, 31; 2 კორ. 4:16—18). ჩვენც მძიმე დროში გვიწევს ცხოვრება. ბევრი ჩვენგანი გამხდარა უკანონობის მსხვერპლი. ზოგი ჩვენი და-ძმა ისეთ რეგიონში ცხოვრობს, სადაც ომი მძვინვარებს, რის გამოც ყოველდღე თვალებში ჩაჰყურებს სიკვდილს. ზოგიც ისეთ ქვეყანაში მსახურობს, სადაც სამქადაგებლო საქმე შეზღუდული ან აკრძალულია, რის გამოც ყოველდღე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მათი თავისუფლება და სიცოცხლე. მიუხედავად ყველაფრისა, ეს და-ძმები ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას, რითაც შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ. მათ ერთ რამეში არ ეპარებათ ეჭვი — რომც მოკვდნენ, იეჰოვა უკეთესი მომავლისთვის აღადგენს! w20.12 9 ¶3, 4
ორშაბათი, 22 აგვისტო
ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი ღვთის ნაკვეთი ხართ, რომელსაც ის ამუშავებს, ღვთის შენობა (1 კორ. 3:9).
გიგრძნიათ თავი გულგატეხილად იმის გამო, რომ სამქადაგებლო უბანზე მობინადრეები არ გხვდებიან ან არ გისმენენ? რა დაგეხმარებათ, არ დაკარგოთ სიხარული და უფრო მეტიც, მსახურებამ მეტი სიხარული მოგანიჭოთ? აუცილებელია, რომ სწორი დამოკიდებულება გქონდეთ მსახურებისადმი. რა იგულისხმება ამაში? მთელი ყურადღება ღვთის სახელისა და მისი სამეფოს შესახებ ქადაგებაზე გადაიტანეთ. იესომ თქვა, რომ სიცოცხლისკენ მიმავალ გზას ცოტა თუ დაადგებოდა (მათ. 7:13, 14). მსახურებისას პატივი გვაქვს, ვითანამშრომლოთ იეჰოვასთან, იესოსა და ანგელოზებთან (მათ. 28:19, 20; გამოცხ. 14:6, 7). ღირსეულებს სწორედ იეჰოვა მიიზიდავს თავისკენ (იოან. 6:44). მაშინაც კი, თუ ვინმე პირველ ჯერზე არ ისმენს სასიხარულო ცნობას, შეიძლება სხვა დროს მოისმინოს. „გულგატეხილობა სატანის არსენალში მართლაც მძლავრი იარაღია“, ამბობს ერთი და, დებორა. მაგრამ სატანის ვერცერთი იარაღი ვერ გაუტოლდება იეჰოვას ძალას. w20.12 26 ¶18, 19; 27 ¶21
სამშაბათი, 23 აგვისტო
გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან სიყვარული ღვთისგანაა (1 იოან. 4:7).
ბევრ ქრისტიანს სრულ განაკვეთზე უწევს მუშაობა, რათა საკუთარი თავიც ირჩინოს და ოჯახიც არჩინოს. მიუხედავად ამისა, ეს ერთგული ქრისტიანები ღვთის ორგანიზაციას მრავალმხრივ უჭერენ მხარს. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება, ზოგიც თეოკრატიულ სამშენებლო პროექტებში მონაწილეობს. თუმცა მსოფლიო სამქადაგებლო საქმისთვის შესაწირავის გაღება ყველას შეუძლია. ამისკენ თითოეულს ღვთისა და მოყვასის სიყვარული უბიძგებს. როცა ყოველკვირეულად ვესწრებით კრების შეხვედრებს და ვმონაწილეობთ მათში, ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს და-ძმები. დაღლილობის მიუხედავად შეხვედრებს არ ვაცდენთ. რომც განვიცდიდეთ, მაინც ვცდილობთ კომენტარების გაკეთებას. მართალია, ყველას ჩვენ-ჩვენი პრობლემები გვაქვს, მაგრამ კრების დაწყებამდე თუ დამთავრების შემდეგ ვცდილობთ, გავამხნეოთ ერთმანეთი (ებრ. 10:24, 25). დიახ, ნამდვილად ვაფასებთ იმ ყველაფერს, რასაც ჩვენი და-ძმები აკეთებენ! w21.01 10 ¶11
ოთხშაბათი, 24 აგვისტო
ნუ გავხდებით პატივმოყვარენი (გალ. 5:26).
ამაყი ადამიანი სხვებისთვის ვერ იმეტებს ქების სიტყვებს და ურჩევნია, მას აქებდნენ. ის სხვებს ადარებს თავს და ცდილობს, მათ თავი გადაამეტოს. ნაცვლად იმისა, რომ სხვას ესა თუ ის საქმე ასწავლოს და მიანდოს, თვლის, რომ საქმე მის გარეშე არ გაკეთდება. ამაყი ადამიანი, როგორც წესი, ამბიციური და შურიანია. თუ საკუთარ თავში სიამაყის ნიშნებს აღმოვაჩენთ, გულმხურვალედ ვთხოვოთ იეჰოვას, დაგვეხმაროს გონების განახლებაში, რათა ეს უარყოფითი თვისება ჩვენი ბუნების ნაწილი არ გახდეს (რომ. 12:2). რაოდენ მადლიერნი ვართ, რომ იეჰოვას სახით შეუდარებელი მაგალითი გვყავს! (ფსალმ. 18:35). მისი თავმდაბლობა კარგად ჩანს იქიდან, თუ როგორ ეპყრობა თავის მსახურებს. ამიტომ გვინდა, მივბაძოთ მას. გარდა ამისა, გვსურს, ვისწავლოთ იმ მოკრძალებული ადამიანებისგან, რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ ღმერთს. მოდი ყოველთვის მივაგოთ იეჰოვას დამსახურებული პატივი და დიდება (გამოცხ. 4:11). w20.08 13 ¶19, 20
ხუთშაბათი, 25 აგვისტო
[დაქორწინებულებს] მეტი საზრუნავი ექნებათ (1 კორ. 7:28).
ქორწინება ღვთისგან ბოძებული უნაკლო ძღვენია, თუმცა ჩვენ, ადამიანებს, ბევრი ნაკლი გვაქვს (1 იოან. 1:8). ამიტომაც აფრთხილებს ღვთის სიტყვა დაქორწინებულებს, რომ სირთულეებს შეხვდებიან. როგორც ბიბლია ამბობს, მათ „მეტი საზრუნავი ექნებათ“. იეჰოვა მოელის ქრისტიანი ქმრებისგან, რომ ისინი იზრუნებენ თავიანთი ოჯახის სულიერ, ემოციურ და ფიზიკურ მოთხოვნილებებზე (1 ტიმ. 5:8). თუმცა ქრისტიან ცოლებსაც მართებთ, რომ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ყოველდღიურად დაუთმონ დრო ღვთის სიტყვის კითხვას, ფიქრს და გულითად ლოცვებს. ეს შეიძლება ადვილი არ იყოს, რადგან, როგორც წესი, გათხოვილ ქალებს ბევრი საქმე აქვთ. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, მათ დრო გამოყონ სულიერისთვის, რადგან იეჰოვას სურს, თითოეულმა ჩვენგანმა ახლო ურთიერთობა განვივითაროთ და შევინარჩუნოთ მასთან (საქ. 17:27). გასაგებია, რომ ქალს არასრულყოფილი ქმრის მორჩილება შეიძლება დიდ ძალისხმევად დაუჯდეს. თუმცა ცოლს ქმრის მორჩილება გაუადვილდება, თუ გაითავისებს, რატომ დაადგინა იეჰოვამ ოჯახში მეთაურობის პრინციპი. w21.02 9 ¶3, 6, 7
პარასკევი, 26 აგვისტო
გამონაცადი რწმენა მოთმინებას გამოგიმუშავებთ (იაკ. 1:3).
განსაცდელები ლითონის გამოწრთობის პროცესს შეიძლება შევადაროთ. როცა გავარვარებულ ლითონს სწრაფად აციებენ, ლითონი უფრო მტკიცდება. განსაცდელებიც ასევე ამტკიცებს ჩვენს რწმენას. ამიტომაც მოუწოდებდა იაკობი ქრისტიანებს: „მოთმინებას კი დაასრულებინეთ თავისი საქმე, რათა იყოთ სრულყოფილნი და ყოველმხრივ ბრალდაუდებელნი“ (იაკ. 1:4). როცა ვხედავთ, როგორ გვიძლიერებს რწმენას განსაცდელები, მზად ვართ, ნებისმიერ სირთულეს სიხარულით შევხვდეთ. თავის წერილში იაკობი იმასაც აღნიშნავს, თუ რამ შეიძლება დაგვაკარგვინოს სიხარული. ერთ-ერთი შეიძლება ის იყოს, რომ არ ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ. სირთულეების დროს იეჰოვას უნდა ვთხოვოთ, მიგვაღებინოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მასაც გაუხარებს გულს, და-ძმებსაც წაადგება და ერთგულებასაც შეგვანარჩუნებინებს (იერ. 10:23). სიბრძნე გვჭირდება, რომ სწორად ვიმოქმედოთ და სათანადო პასუხი გავცეთ მოწინააღმდეგეებს. თუ არ გვეცოდინება, როგორ მოვიქცეთ, თავი შეიძლება უმწეოდ ვიგრძნოთ და მალევე დავკარგოთ სიხარული. w21.02 28 ¶7—9
შაბათი, 27 აგვისტო
მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი (1 პეტ. 1:22).
იეჰოვა თავად გვაძლევს ამის შესანიშნავ მაგალითს. მას მთელი გულით ვუყვარვართ და ეს სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ, თუ ერთგულებას შევინარჩუნებთ, მის სიყვარულს წინ ვერაფერი დაუდგება (რომ. 8:38, 39). ბერძნულ ტექსტში 1 პეტრეს 1:22-ში სიყვარულთან მიმართებით გამოყენებულია სიტყვა, რომელიც „დაძაბვას“ ან „დაჭიმვას“ გულისხმობს. ხანდახან ჩვენც გვჭირდება „დაძაბვა“ ანუ ძალისხმევა, რომ თანაქრისტიანების მიმართ გულითადი სიყვარული გამოვავლინოთ. როცა გულს გვტკენენ, უნდა გავითვალისწინოთ ბიბლიაში ჩაწერილი რჩევა: „სიყვარულით [მოუთმინეთ] ერთმანეთს და ყველაფერი [გააკეთეთ], რომ ურთიერთშორის მშვიდობა გქონდეთ და ამგვარად [შეინარჩუნეთ] ღვთის სულით ბოძებული ერთიანობა“ (ეფეს. 4:1—3). ჩვენ გვერდი უნდა ავუაროთ თანამორწმუნეების შეცდომებს და ყველანაირად ვეცადოთ, რომ და-ძმებს იეჰოვას თვალით ვუყუროთ (1 სამ. 16:7; ფსალმ. 130:3). ყოველთვის ადვილი არ არის და-ძმების მიმართ გულითადი სიყვარულის გამოვლენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ ნაკლოვანებებს ვხედავთ. როგორც ჩანს, პირველ საუკუნეშიც ზოგი ქრისტიანი მსგავსი პრობლემის წინაშე იდგა, მაგალითად, ევოდია და სინტიქე. პავლე მოციქულმა მათ მოუწოდა, რომ ერთი აზრი ჰქონოდათ უფალში (ფილ. 4:2, 3). w21.01 22, 23 ¶10, 11
კვირა, 28 აგვისტო
თქვენ გწერთ, ყმაწვილკაცებო, რადგან მტკიცენი ხართ და ღვთის სიტყვისამებრ იქცევით; თქვენ სძლიეთ ბოროტს (1 იოან. 2:14).
ახალგაზრდა ძმებო, კრებაში და-ძმები ძალიან აფასებენ, რომ მათ გვერდით ერთსულოვნად ემსახურებით იეჰოვას (სოფ. 3:9). მათ ახარებთ, რომ დაკისრებულ საქმეს მთელი მონდომებითა და შემართებით ასრულებთ. თქვენ უკვე მოიპოვეთ კარგი სახელი და-ძმების თვალში. ახალგაზრდა ძმებო, არასდროს დაგავიწყდეთ, როგორ უყვარხართ და გენდობათ იეჰოვა. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ბოლო დღეებში მრავალი ახალგაზრდა მზადყოფნას გამოიჩენდა, რომ იეჰოვასთვის ემსახურა (ფსალმ. 110:1—3). მას არც შენს სიყვარულში ეპარება ეჭვი და არც იმაში, რომ მისთვის საუკეთესოს გაღება გსურს. შეეცადე, მომთმენი იყო, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. თუ რამე შეგეშლება, მოუსმინე რჩევას და გაითვალისწინე. ჩათვალე, რომ ამ რჩევას იეჰოვა გაძლევს (ებრ. 12:6). გულმოდგინედ შეასრულე ნებისმიერი საქმე, რასაც კრებაში დაგავალებენ. და რაც ყველაზე მთავარია, შენი საქმეებით ზეციერ მამას, იეჰოვას გაუხარე გული (იგავ. 27:11). w21.03 7 ¶17, 18
ორშაბათი, 29 აგვისტო
თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდება, ძალა გამოგეცლება (იგავ. 24:10).
გული შეიძლება ბევრი რამის გამო გაგვიტყდეს. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს არასრულყოფილების გამო ჩადენილი შეცდომები, ადამიანური სისუსტეები თუ შერყეული ჯანმრთელობა. გული შეიძლება გაგვიტეხოს იმანაც, რომ იეჰოვას ორგანიზაციაში ვერ მივიღოთ ის პასუხისმგებლობა ან დავალება, რომელსაც ვესწრაფოდით, ან ისეთ სამქადაგებლო უბანზე ქადაგებამ, სადაც გულგრილობა სუფევს. არასრულყოფილების გამო ჩადენილმა შეცდომებმა და ადამიანურმა სისუსტეებმა შეიძლება არასწორი აზრი შეგვიქმნას საკუთარ თავზე და ისიც კი გვაფიქრებინოს, რომ ჩვენი შეცდომების გამო ვერასდროს დავიმკვიდრებთ ღვთის ახალ ქვეყნიერებას. ასეთი თვალსაზრისით მხოლოდ ვავნებთ საკუთარ თავს. იესოს გარდა დედამიწაზე უცოდველ კაცს არ უცხოვრია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყველამ შესცოდა“ (რომ. 3:23). თუმცა ბიბლიის ავტორი ღმერთი ჩასაფრებული არაა, რომ შეცდომაში გამოგვიჭიროს და არც სრულყოფილებას მოელის ჩვენგან. ამასთანავე, ის მოსიყვარულე და სულგრძელი მამაა, რომელსაც ჩვენი დახმარება სურს. ის ხედავს, რის ფასად გვიჯდება საკუთარ სისუსტეებთან ბრძოლა. იგი იმასაც ამჩნევს, რამდენად გვიძნელდება საკუთარ თავზე შექმნილი არასწორი აზრის დაძლევა და მზადაა დასახმარებლად (რომ. 7:18, 19). w20.12 22 ¶1—3
სამშაბათი, 30 აგვისტო
ბოლოს, ძმებო, კვლავაც იხარეთ, გამოსწორდით (2 კორ. 13:11).
ყველა გზას ვადგავართ. ჩვენი საბოლოო „დანიშნულების ადგილი“ ახალი ქვეყნიერებაა, სადაც იეჰოვა სიყვარულით იმმართველებს ჩვენზე. ჩვენ ყოველდღე ვცდილობთ, დავრჩეთ გზაზე, რომელსაც სიცოცხლემდე მივყავართ. მაგრამ, როგორც იესომ თქვა, ეს გზა ვიწროა და მასზე სიარული ყოველთვის ადვილი არაა (მათ. 7:13, 14). ვინაიდან არასრულყოფილები ვართ, შეიძლება ადვილად გადავუხვიოთ ამ გზიდან (გალ. 6:1). სიცოცხლისკენ მიმავალ ვიწრო გზაზე რომ დავრჩეთ, მზად უნდა ვიყოთ ცხოვრებაში ცვლილებების მოსახდენად. მოციქული პავლე მოგვიწოდებს, რომ გამოვსწორდეთ. საკუთარი ფიქრებისა და გრძნობების გამოკვლევა ადვილი ნამდვილად არაა. ვინაიდან ჩვენი გული ვერაგია, ყოველთვის ადვილი როდია იმის განსაზღვრა, თუ რისკენ გვეწევა ის (იერ. 17:9). შეიძლება თავი მოვიტყუოთ „მცდარი აზროვნებით“ (იაკ. 1:22). ამიტომ გვმართებს, ღვთის სიტყვით შევამოწმოთ საკუთარი თავი. ბიბლია ააშკარავებს ჩვენს შინაგან პიროვნებას, „გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრ. 4:12, 13). w20.11 18 ¶1—3
ოთხშაბათი, 31 აგვისტო
პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით (რომ. 12:10).
თავმდაბალ და მოკრძალებულ ადამიანს სიხარულის მეტი მიზეზი აქვს. როცა ადამიანს გაცნობიერებული აქვს თავისი შესაძლებლობების ზღვარი, მადლიერი და ბედნიერია, თუ მას ვინმე დახმარების ხელს უწვდის. მაგალითად, გავიხსენოთ იესოს მიერ განკურნებული ათი კეთროვანი. მათგან მხოლოდ ერთი დაბრუნდა იესოსთან მადლობის სათქმელად, რადგან კარგად ესმოდა, რომ ამ საშინელი დაავადებისგან თავისით ვერასდროს განიკურნებოდა. ეს თავმდაბალი და მოკრძალებული ადამიანი მადლიერი იყო მისთვის გაწეული უდიდესი დახმარებისთვის, რამაც ის ღვთის განდიდებისკენ აღძრა (ლუკ. 17:11—19). თავმდაბალი და მოკრძალებული ადამიანი ადვილად პოულობს საერთო ენას სხვებთან და მათთან მეგობრობა უადვილდება, რადგან არ უჭირს ადამიანების ნდობა და მათი კარგი თვისებების აღიარება. მას ახარებს სხვისი წარმატება, ქების სიტყვებს არ იშურებს და არ უჭირს პატივისცემის გამოხატვა. w20.08 12 ¶17, 18