საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es22 გვ. 88-97
  • სექტემბერი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სექტემბერი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2022
  • ქვესათაურები
  • ხუთშაბათი, 1 სექტემბერი
  • პარასკევი, 2 სექტემბერი
  • შაბათი, 3 სექტემბერი
  • კვირა, 4 სექტემბერი
  • ორშაბათი, 5 სექტემბერი
  • სამშაბათი, 6 სექტემბერი
  • ოთხშაბათი, 7 სექტემბერი
  • ხუთშაბათი, 8 სექტემბერი
  • პარასკევი, 9 სექტემბერი
  • შაბათი, 10 სექტემბერი
  • კვირა, 11 სექტემბერი
  • ორშაბათი, 12 სექტემბერი
  • სამშაბათი, 13 სექტემბერი
  • ოთხშაბათი, 14 სექტემბერი
  • ხუთშაბათი, 15 სექტემბერი
  • პარასკევი, 16 სექტემბერი
  • შაბათი, 17 სექტემბერი
  • კვირა, 18 სექტემბერი
  • ორშაბათი, 19 სექტემბერი
  • სამშაბათი, 20 სექტემბერი
  • ოთხშაბათი, 21 სექტემბერი
  • ხუთშაბათი, 22 სექტემბერი
  • პარასკევი, 23 სექტემბერი
  • შაბათი, 24 სექტემბერი
  • კვირა, 25 სექტემბერი
  • ორშაბათი, 26 სექტემბერი
  • სამშაბათი, 27 სექტემბერი
  • ოთხშაბათი, 28 სექტემბერი
  • ხუთშაბათი, 29 სექტემბერი
  • პარასკევი, 30 სექტემბერი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2022
es22 გვ. 88-97

სექტემბერი

ხუთშაბათი, 1 სექტემბერი

ამის შემდეგ გადმოვღვრი ჩემს სულს ყველანაირ ადამიანზე (იოელ. 2:28).

პეტრემ იოელის წინასწარმეტყველება ოდნავ შეცვლილი სახით წარმოთქვა (საქ. 2:16, 17). იოელის წინასწარმეტყველური სიტყვების ციტირება პეტრემ განსხვავებულად დაიწყო. მან ფრაზა „ამის შემდეგ“ ჩაანაცვლა სიტყვებით „ბოლო დღეებში“, რომელიც კონტექსტის მიხედვით მიუთითებდა იმ დროის მოახლოებაზე, როცა იერუსალიმი და მისი ტაძარი სრულად განადგურდებოდა. სწორედ მაშინ გადმოვიდოდა ღვთის სული „ყველანაირ ხორციელზე“. აქედან გამომდინარე, იოელის წინასწარმეტყველების ამ ნაწილის შესრულებამდე საკმაოდ დიდი დრო უნდა გასულიყო. პირველ საუკუნეში ქრისტიანებზე წმინდა სულის გადმოსვლის შემდეგ სამქადაგებლო საქმემ დიდ მასშტაბებს მიაღწია. სწორედ იმ პერიოდში, ახ. წ. 61 წელს მისწერა მოციქულმა პავლემ კოლოსელებს წერილი. მას სრული საფუძველი ჰქონდა, ეთქვა, რომ სასიხარულო ცნობა ექადაგა „ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლ. 1:23). „ყველა ქმნილებაში“ პავლე გულისხმობდა მაშინდელი მსოფლიოს იმ ნაწილს, სადაც მან და სხვა ქრისტიანებმა იმოგზაურეს. იეჰოვას წმინდა სულის დახმარებით დღეს სამქადაგებლო საქმე „დედამიწის კიდით-კიდემდე“ მიმდინარეობს და არნახულ მასშტაბებს აღწევს (საქ. 13:47) w20.04 6, 7 ¶15, 16

პარასკევი, 2 სექტემბერი

მე თავად მოვძებნი ჩემს ცხვარს და თავადვე ვიზრუნებ მათზე (ეზეკ. 34:11).

იეჰოვას თითოეული თავისი ცხვარი უყვარს, მათ შორის გზააბნეულიც (მათ. 18:12—14). მან პირობა დადო, რომ მოძებნიდა დაკარგულ ცხვარს და სულიერად გამოაჯანმრთელებდა; აგრეთვე აღნიშნა, რა ნაბიჯებს გადადგამდა თავისი ცხვრის სახსნელად. იეჰოვა იმავეს გააკეთებდა, რასაც ებრაელი მწყემსი (ეზეკ. 34:12—16). თავდაპირველად მწყემსი მოძებნიდა ცხვარს, რაც მისი მხრიდან დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვდა. ხოლო როცა იპოვიდა მას, ფარაში დააბრუნებდა. ის სიყვარულით იზრუნებდა შიმშილისგან დასუსტებულ ცხვარზე და გამოკვებავდა მას, ხოლო თუ ჭრილობა ექნებოდა, შეუხვევდა და ხელში აყვანილს ატარებდა. უხუცესებმა, როგორც „ღვთის სამწყსოს“ მწყემსებმა, მსგავსი დახმარება უნდა აღმოუჩინონ მათ, ვინც კრებას ჩამოშორდა (1 პეტ. 5:2, 3). ისინი ეძებენ დაკარგულ ცხვარს, ეხმარებიან, რომ ფარას დაუბრუნდნენ და სიყვარულით უწევენ საჭირო სულიერ დახმარებას. w20.06 20 ¶10

შაბათი, 3 სექტემბერი

როგორ გადათეთრებულან [ყანები] მოსამკელად! (იოან. 4:35).

რას გულისხმობდა იესო, როცა თქვა, რომ ყანები მზად იყო მოსამკელად? იმას ხომ არა, რომ უმრავლესობა მისი მიმდევარი გახდებოდა? სრულებითაც არა. როგორც წმინდა წერილებში იყო ნაწინასწარმეტყველები, ბევრი არ გამოავლენდა მესიისადმი რწმენას (იოან. 12:37, 38). ზებუნებრივი უნარის წყალობით იესოს შეეძლო, გაეგო, რა ჰქონდათ ადამიანებს გულში (მათ. 9:4). მართალია, ის ძირითად დროს იმ ადამიანებს უთმობდა, ვინც რწმენას ავლენდა, მაგრამ ყველას გულმოდგინედ უქადაგებდა. ვინაიდან ჩვენ გულების წაკითხვა არ შეგვიძლია, უფრო მეტად გვმართებს, წინასწარ შექმნილი აზრი არ გვქონდეს ამა თუ იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ან კონკრეტული ადამიანის მიმართ. პირიქით, უნდა შევეცადოთ, მათში მომავალი თანამორწმუნეები დავინახოთ. გაიხსენეთ, რა უთხრა იესომ მოწაფეებს. ყანები გადათეთრებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად არის მოსამკელად. ადამიანები შეიძლება შეიცვალონ და ქრისტეს მოწაფეები გახდნენ. იეჰოვა მათ საუნჯეს უწოდებს და თავის მომავალ მსახურებად მიიჩნევს (ანგ. 2:7). თუ ადამიანების მიმართ ისეთივე დამოკიდებულება გვექნება, როგორიც იეჰოვასა და იესოს აქვთ, შევეცდებით, მათ შესახებ მეტი გავიგოთ, გავითვალისწინოთ მათი ინტერესები და მომავალ და-ძმებად მივიჩნიოთ. w20.04 13 ¶18, 19

კვირა, 4 სექტემბერი

მეგობრები გიწოდეთ, რადგან რაც მამაჩემისგან მომისმენია, ყველაფერი გამცნეთ (იოან. 15:15).

როგორც ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, იეჰოვას რომ ვასიამოვნოთ, აუცილებელია, გვიყვარდეს იესო. ერთ-ერთი, რაც იესოსთან დამეგობრებაში დაგვეხმარება, მისი უკეთ გაცნობაა. ამაში მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებების წაკითხვა დაგეხმარებათ. ამ ბიბლიურ მონაკვეთებზე ფიქრი იესოსადმი სიყვარულსა და პატივისცემას გვიღრმავებს, რადგან ვხედავთ, როგორ ეპყრობოდა ის ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი იყო, მოწაფეებს მონებივით არ ეპყრობოდა. პირიქით, ის თავის ფიქრებსა და გრძნობებს უზიარებდა მათ. იესოს გულთან ახლოს მიჰქონდა მათი ტკივილი და ტიროდა კიდეც მათთან ერთად (იოან. 11:32—36). მისი მოწინააღმდეგეებიც კი ხედავდნენ, რომ ის მეგობრობდა ყველასთან, ვინც დადებითად ეხმაურებოდა სასიხარულო ცნობას (მათ. 11:19). თუ სხვებს ისე მოვეპყრობით, როგორც იესო ეპყრობოდა მოწაფეებს, მათთან უფრო კარგი ურთიერთობა გვექნება, კმაყოფილებასა და სიხარულს ვიგრძნობთ და ქრისტეს მიმართ მადლიერების გრძნობაც გაგვიღრმავდება. w20.04 22 ¶9, 10

ორშაბათი, 5 სექტემბერი

სამხრეთის მეფეც მოემზადება საბრძოლველად და უდიდეს და უძლიერეს ჯარს დარაზმავს (დან. 11:25).

ბრიტანეთი 1870 წლისთვის მსოფლიოს უდიდესი იმპერია იყო, რომელსაც უძლიერესი სამხედრო ძალა ჰყავდა. ეს იმპერია წარმოდგენილია პატარა რქით, რომელმაც სძლია სამ რქას — საფრანგეთს, ესპანეთსა და ნიდერლანდს (დან. 7:7, 8). პირველი მსოფლიო ომის დროს სამხრეთის მეფის როლს ბრიტანეთი ასრულებდა. იმავე პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატები წამყვან ეკონომიკურ ძალად იქცა და ბრიტანეთის მჭიდრო მოკავშირე გახდა. პირველი მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა ძლიერი სამხედრო ალიანსი შექმნეს. ბრიტანეთი და მისი ყოფილი კოლონია ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიად იქცა. როგორც დანიელმა იწინასწარმეტყველა, ამ მეფეს „უდიდესი და უძლიერესი ჯარი“ ეყოლებოდა. ბოლო დღეებში ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია სამხრეთის მეფის როლს ასრულებს. w20.05 4 ¶7, 8

სამშაბათი, 6 სექტემბერი

მდინარეები სათავეებს უბრუნდებიან (ეკლ. 1:7).

წყალი დედამიწაზე თხევად მდგომარეობაში იმიტომ არსებობს, რომ ჩვენი პლანეტა მზიდან სათანადო მანძილითაა დაშორებული. დედამიწა მზესთან სულ ოდნავ ახლოსაც რომ ყოფილიყო, წყალი აორთქლდებოდა, ტემპერატურა საგრძნობლად აიწევდა და ჩვენი პლანეტა ხრიოკ ადგილს დაემსგავსებოდა. ხოლო თუ ის მზისგან ცოტათი შორს იქნებოდა, წყალი გაიყინებოდა და ჩვენი პლანეტა დიდ ყინულის „ბურთად“ იქცეოდა. ვინაიდან იეჰოვამ დედამიწას იდეალური ადგილი შეურჩია, წყლის წრებრუნვა სიცოცხლის არსებობას უზრუნველყოფს. მზე მიწის ზედაპირს აცხუნებს და დედამიწაზე არსებულ წყლებს აორთქლებს, აორთქლებული წყალი კი ღრუბლებად გარდაიქმნება. ყოველ წელს მზე იმ რაოდენობის წყალს აორთქლებს, რაც დაახლოებით 80 კილომეტრის სიგრძის, სიგანისა და სიღრმის რეზერვუარში დაეტეოდა. წყალი ატმოსფეროში დაახლოებით ათი დღის განმავლობაში ჩერდება, შემდეგ კი წვიმის ან თოვლის სახით გვიბრუნდება. საბოლოოდ წყალი კვლავ ოკეანეებსა და ზღვებში ჩაედინება და ეს წრებრუნვა არასდროს წყდება. ეს მეტად საჭირო და სიცოცხლისთვის აუცილებელი კანონზომიერება იეჰოვას სიბრძნესა და ძალაზე მეტყველებს (იობ. 36:27, 28). w20.05 22 ¶6

ოთხშაბათი, 7 სექტემბერი

როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ (საქ. 1:8).

იესო მოგვიწოდებს, არ შევწყვიტოთ წმინდა სულისთვის ლოცვა (ლუკ. 11:9, 13). იეჰოვა ამ სულის მეშვეობით გვაძლევს „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორ. 4:7). წმიდა სულის დახმარებით ღმერთი ნებისმიერ განსაცდელს აგვატანინებს. წმინდა სული ამა თუ იმ უნარის განვითარებაშიც გვეხმარება, რათა თეოკრატიული დავალებები უკეთ შევასრულოთ. კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი წარმატება, რასაც ღვთისმსახურებაში ვაღწევთ, წმინდა სულის დახმარების შედეგია. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ წმინდა სულის ძღვენს, თუკი ვთხოვთ ღმერთს, დაგვანახვოს, ხომ არ შემოგვეპარა არასწორი ფიქრები და სურვილები (ფსალმ. 139:23, 24). თუ ამაზე ვლოცულობთ, იეჰოვა თავისი წმინდა სულის მეშვეობით დაგვანახვებს ჩვენს არასწორ აზროვნებასა თუ ცოდვილ მიდრეკილებებს. ღმერთს წმინდა სული უნდა ვთხოვოთ, რათა არასწორი სურვილებისა და ფიქრების მოსაშორებლად ძალა მოგვცეს. ასე ვაჩვენებთ, რომ გადაწყვეტილი გვაქვს, ისეთი რამ არ ჩავიდინოთ, რის გამოც იეჰოვა წმინდა სულს წაგვართმევდა (ეფეს. 4:30). w20.05 28, 29 ¶10—12

ხუთშაბათი, 8 სექტემბერი

ვამცნე მათ შენი სახელი (იოან. 17:26).

როცა ღვთის სახელის განწმენდაში შეგვაქვს წვლილი, იესოს მაგალითს მივყვებით. იესო არა მხოლოდ მამის სახელს უცხადებდა ადამიანებს, არამედ იმასაც ასწავლიდა, თუ როგორი ღმერთია იეჰოვა. მაგალითად, ფარისევლები იეჰოვას მკაცრ, მომთხოვნ, ცივ და უმოწყალო ღმერთად წარმოაჩენდნენ. მათგან განსხვავებით იესო ცდილობდა, ხალხისთვის დაენახვებინა, რომ ზეციერი მამა გულისხმიერი, მომთმენი, მოსიყვარულე და მიმტევებელია. გარდა ამისა, იესო სრულყოფილად ირეკლავდა მამის თვისებებს და ამითაც აჩვენებდა, სინამდვილეში როგორი ღმერთია იეჰოვა (იოან. 14:9). იესოს მსგავსად ჩვენც შეგვიძლია დავანახვოთ ადამიანებს, როგორი მოსიყვარულე და კეთილი ღმერთია იეჰოვა. როცა ასე ვიქცევით, იეჰოვას შესახებ ნათქვამ ცრუ ბრალდებებს ვაბათილებთ. ვცდილობთ, დავეხმაროთ ხალხს, იეჰოვა წმინდა ღმერთად მიიჩნიონ და ამგვარად ჩვენი წვლილი შეგვაქვს მისი სახელის განწმენდაში. ჩვენ სიტყვითა და საქმით ვანახვებთ სხვებს, სინამდვილეში როგორი ღმერთია იეჰოვა. მისი სახელის განწმენდაში მაშინაც ვმონაწილეობთ, როცა ადამიანებს მასზე შექმნილი არასწორი შეხედულებებისგან გათავისუფლებაში ვეხმარებით. w20.06 6 ¶17, 18

პარასკევი, 9 სექტემბერი

ნუ გავხდებით პატივმოყვარენი, ნურც შევეჯიბრებით ერთმანეთს და ნურც შეგვშურდება (გალ. 5:26).

სოციალურ ქსელს თავისი დადებითი მხარეც აქვს. მაგალითად, ის საშუალებას გვაძლევს, ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ვიურთიერთოთ. თუმცა, ალბათ შეგინიშნავთ, რომ ზოგი სოციალურ ქსელში ისეთ მასალას აქვეყნებს, რაც აშკარად საკუთარი თავის წარმოჩენაზეა გათვლილი. თითქოსდა გეუბნებიან, შემომხედეო. ზოგიც საკუთარ თუ სხვების ფოტოებს აგდებულ და უხამს კომენტარებს უკეთებს. ასეთი ქმედება აშკარად უპირისპირდება თავმდაბლობისა და ძმათმოყვარეობის სულს, რომელსაც ქრისტიანები უნდა ავლენდნენ (1 პეტ. 3:8). თუ სოციალური ქსელით სარგებლობთ, დაფიქრდით: ისეთ შთაბეჭდილებას ხომ არ დატოვებს თქვენი კომენტარები, გამოქვეყნებული ფოტოები თუ ვიდეოები, რომ ტრაბახობთ? შურის გრძნობას ხომ არ გაუღვიძებს სხვებს? ქრისტიანები არ ცდილობენ, რომ სხვებს თავი დიდ ვინმედ მოაჩვენონ. ისინი ითვალისწინებენ დღევანდელ მუხლში მოცემულ რჩევას. თავმდაბლობა გვეხმარება, არ დავემსგავსოთ ქვეყნიერებაში მცხოვრებ ქედმაღალ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ (1 იოან. 2:16). w20.07 6 ¶14, 15

შაბათი, 10 სექტემბერი

წინათ ღვთისმგმობელი, მდევნელი და კადნიერი ვიყავი. მიუხედავად ამისა, შეწყალებულ ვიქენი, რადგან უმეცრებისა და ურწმუნოების გამო ვიქცეოდი ასე (1 ტიმ. 1:13).

ვიდრე მოციქული პავლე ქრისტიანი გახდებოდა, იესოს მიმდევართა შეურაცხმყოფელი და მდევნელი იყო (საქ. 7:58). პავლეს, რომელსაც იმ დროს სავლეს სახელით იცნობდნენ, თავად იესომ შეაწყვეტინა ქრისტიანული კრების დევნა. მას იესოს ხმა მოესმა ზეციდან და თვალის ჩინი წაერთვა. მხედველობა რომ დაებრუნებინა, პავლე იძულებული გახდა, მათთვის ეთხოვა დახმარება, ვისაც ადრე დევნიდა. მას ეყო თავმდაბლობა და დახმარებაზე ხელი არ უკრა ქრისტეს ერთ-ერთ მოწაფეს, ანანიას, რომელმაც თვალი აუხილა (საქ. 9:3—9, 17, 18). მოგვიანებით პავლე თავად გახდა ქრისტიანული კრების ერთ-ერთი ბურჯი, მაგრამ მას არასდროს დავიწყებია, რაც იესომ დამასკოს გზაზე ასწავლა. პავლე ბოლომდე თავმდაბალი დარჩა და უარი არასდროს უთქვამს იმ და-ძმებისთვის, რომლებიც მზად იყვნენ მის დასახმარებლად. მეტიც, მათ თავისი „დამხმარენი და გამაძლიერებელნი“ უწოდა (კოლ. 4:10, 11). w20.07 18, 19 ¶16, 17

კვირა, 11 სექტემბერი

მამათქვენმა თქვენთვის მოისურვა სამეფოს მოცემა (ლუკ. 12:32).

იეჰოვა ყოვლისშემძლეა, თუმცა სხვებსაც აღჭურავს ძალაუფლებით. ამას მოწმობს ის, რომ თავის სამეფოში მეფობა იესოს მიანდო და გარკვეული ძალაუფლება 144 000 ადამიანსაც მიანიჭა, რომლებიც იესოსთან ერთად იმმართველებენ. ფაქტია, თავად იეჰოვამ მოამზადა იესო მეფობისთვის და მღვდელმთავრობისთვის (ებრ. 5:8, 9). ამასთანავე, ის იესოს თანამმართველებსაც ამზადებს თავიანთი დავალების შესასრულებლად, თუმცა მათ ყველა ფეხის ნაბიჯს არ უკონტროლებს. იეჰოვა ენდობა მათ და სჯერა, რომ ღირსეულად გაართმევენ თავს დაკისრებულ დავალებას (გამოცხ. 5:10). თუ ჩვენი ზეციერი მამა, რომელიც არავის დახმარებას არ საჭიროებს, სხვებს ანიჭებს ძალაუფლებას, მით უმეტეს ჩვენ გვმართებს ასე მოქცევა. მაგალითად, ოჯახისთავებს და უხუცესებს შეუძლიათ მიჰბაძონ იეჰოვას მაგალითს და სხვებსაც მიანდონ სხვადასხვა საქმე, თანაც ისე, რომ ყველა ფეხის ნაბიჯი არ უკონტროლონ. ამგვარად არა მხოლოდ საქმე შესრულდება, არამედ სხვები საქმის კეთებას ისწავლიან და თვითრწმენა შეემატებათ (ეს. 41:10). w20.08 9 ¶5, 6

ორშაბათი, 12 სექტემბერი

კაცის ძე დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად მოვიდა (ლუკ. 19:10).

იეჰოვას სურს, ისეთივე დამოკიდებულება გვქონდეს დაკარგული ცხვრების მიმართ, როგორიც მის ძეს ჰქონდა. იესოს ესმოდა, რომ იეჰოვას თვალში თითოეული ცხვარი ძალიან ძვირფასია, ამიტომ ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა „ისრაელის სახლის დაკარგული ცხვრები“ იეჰოვასთან დაებრუნებინა (მათ. 15:24). როგორც კარგი მწყემსი, ის ყველაფერს აკეთებდა, რომ იეჰოვას ფარას არცერთი ცხვარი არ ჩამოშორებოდა (იოან. 6:39). პავლემ ეფესოს კრების უხუცესებს მოუწოდა, რომ იესოსთვის მიებაძათ. მოციქულმა მათ უთხრა: «ყველაფერში გიჩვენეთ, რომ ასეთი შრომით უნდა დაეხმაროთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“» (საქ. 20:17, 35). როგორც ამ სიტყვებიდან ჩანს, უხუცესებს იეჰოვას ხალხზე ზრუნვის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ესპანეთში მცხოვრები ერთი უხუცესი, სახელად სალვადორი, ამბობს: „როცა ვფიქრობ, რამდენად ძვირფასია იეჰოვასთვის თითოეული მისი დაკარგული ცხვარი, სურვილი მიჩნდება, ყველაფერი გავაკეთო მათ დასახმარებლად. ჩემგან იეჰოვა მოელის, რომ ვიზრუნებ მათზე“. w20.06 23 ¶15, 16

სამშაბათი, 13 სექტემბერი

წინანდელი ყველაფერი მოისპო (გამოცხ. 21:4).

იეჰოვა მოთმინებას გამოავლენს და ათასი წლის დასრულებამდე არ მოგვთხოვს სრულყოფილებას. ის თვალს დახუჭავს ჩვენს შეცდომებზე. ასე რომ, ჩვენც გვმართებს სხვებში კარგი დავინახოთ და მოთმინებით მოვეკიდოთ მათ სისუსტეებს. იესო და ანგელოზები ხარობდნენ, როცა დედამიწა შეიქმნა. მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებენ ისინი, როცა დედამიწა ღვთის მოყვარული სრულყოფილი ადამიანებით აივსება. მათთან ერთად გაიხარებენ დედამიწიდან ზეცაში აყვანილი ქრისტეს თანამმართველები, როცა დაინახავენ, რამდენი კურთხევა მოუტანა კაცობრიობას მათმა მმართველობამ (გამოცხ. 4:4, 9—11; 5:9, 10). მაშინ მწუხარების ცრემლებს სიხარულის ცრემლები შეცვლის, ხოლო ავადმყოფობა, მწუხარება და სიკვდილი სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება. სანამ ეს დრო დადგება, მიჰბაძეთ მოსიყვარულე, ბრძენ და მომთმენ ზეციერ მამას. თუ ასე მოიქცევით, ვერანაირი სირთულე ვერ დაგაკარგვინებთ სიხარულს (იაკ. 1:2—4). გულს მადლიერებით გვივსებს იეჰოვას დანაპირები, რომ „იქნება მკვდრეთით აღდგომა“ (საქ. 24:15). w20.08 19 ¶18, 19

ოთხშაბათი, 14 სექტემბერი

იქადაგებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში (მათ. 24:14).

ბიბლია უძვირფასესი საჩუქარია ღვთისგან. ჩვენმა ზეციერმა მამამ თავისი სიტყვა მოგვცა, რადგან მას ძალიან ვუყვარვართ. ბიბლიის მეშვეობით იეჰოვა უმნიშვნელოვანეს კითხვებზე გვპასუხობს, მაგალითად, როგორ გავჩნდით ამქვეყნად? რა არის სიცოცხლის აზრი? და რა გველის მომავალში? იეჰოვას სურს, ყველა ამ კითხვაზე გვქონდეს პასუხი, ამიტომ ის საუკუნეების განმავლობაში აღძრავდა ადამიანებს, ბიბლია სხვადასხვა ენაზე ეთარგმნათ. დღეს ღვთის სიტყვა მთლიანად თუ ნაწილობრივ 3 000-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი! ბიბლია ყველაზე გავრცელებული და ყველაზე მეტ ენაზე ნათარგმნი წიგნია. თუ ყოველდღე ვკითხულობთ ბიბლიას, ვფიქრობთ მის პრაქტიკულ ღირებულებაზე და ყველანაირად ვცდილობთ ნასწავლის გამოყენებას, ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ მას. გარდა ამისა, ღვთის სიტყვისადმი მადლიერებას გამოვხატავთ, თუ მაქსიმალურად ვცდილობთ, ბიბლიური ცნობა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გადავცეთ (ფსალმ. 1:1—3; მათ. 28:19, 20). w20.05 24, 25 ¶15, 16

ხუთშაბათი, 15 სექტემბერი

იეჰოვას სიტყვის გამო მთელი დღე შეურაცხმყოფენ და მასხრად მიგდებენ (იერ. 20:8).

წინასწარმეტყველ იერემიას რთულ ტერიტორიაზე უწევდა მსახურება. ერთხელ მან ისე ცუდად იგრძნო თავი, რომ ლამის მსახურებაზე აიცრუა გული. როგორ დაუბრუნდა მას ღვთის მსახურების სურვილი? იერემია ამბობს: „[იეჰოვას სიტყვა] ძვლებში დამწყვდეული ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, დავიღალე მისი დაოკებით“ (იერ. 20:9). თუკი ღვთის სიტყვით ვასაზრდოებთ გულსა და გონებას, არც ჩვენ შევწყვეტთ ქადაგებას. ეს კიდევ ერთი მიზეზია საიმისოდ, რომ ყოველდღე ვიკვლიოთ ბიბლია და ვიფიქროთ წაკითხულზე. შედეგად, მეტ სიხარულს მოგანიჭებთ მსახურება და შეიძლება მეტმა ადამიანმაც მოგისმინოთ (იერ. 15:16). ამგვარად, თუ გული გაგიტყდებათ, საშველად იეჰოვას მიმართეთ. იგი დაგეხმარებათ, არ დაბრკოლდეთ ჩადენილი შეცდომების გამო და დაძლიოთ ადამიანური სისუსტეები. ის მაშინაც ამოგიდგებათ მხარში, თუკი ჯანმრთელობა შეგერყევათ. ღმერთი დაგეხმარებათ, გაწონასწორებული დამოკიდებულება გქონდეთ პასუხისმგებლობების მიმართ. მისი დახმარებით მსახურებაში დადებით განწყობასაც შეინარჩუნებთ. ასე რომ, ყოველთვის გული გადაუშალეთ ზეციერ მამას. ღვთის წყალობით თქვენ შეძლებთ გულგატეხილობის დაძლევას! w20.12 27 ¶20, 21

პარასკევი, 16 სექტემბერი

თბილად შეაგონე . . . უფროსი ასაკის ქალს — როგორც დედას, და ახალგაზრდა ქალს — როგორც დას, მთელი სიწმინდით (1 ტიმ. 5:1, 2).

ზოგიერთი დისთვის თანაქრისტიანებთან ურთიერთობის ძირითადი საშუალება ქრისტიანული შეხვედრებია. ამიტომ ხელიდან არ უნდა გავუშვათ შესაძლებლობა, რომ გულთბილად შევხვდეთ, გამოველაპარაკოთ და ყურადღება გამოვიჩინოთ მათ მიმართ. იესოს მსგავსად ჩვენც შეგვიძლია დრო გამოვნახოთ დებთან საურთიერთოდ (ლუკ. 10:38—42). მაგალითად, როცა სტუმრების დაპატიჟებას ვაპირებთ ან სადმე გასართობად მივდივართ, კარგი იქნება, თუ დებსაც არ დავივიწყებთ. ასეთ დროს საკუთარ სიტყვებსაც უნდა დავუკვირდეთ, რომ ჩვენი საუბარი გამამხნევებელი იყოს და არა გულის გამტეხი (რომ. 1:11, 12). უპირველესად უხუცესებმა უნდა გაითავისონ იესოს აზროვნება. იესოს კარგად ესმოდა, რომ დაუქორწინებლობას შეიძლება თავისი სირთულეები ახლდეს თან, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ დაქორწინება და შვილების ყოლა სულაც არ არის მუდმივი ბედნიერების საწინდარი (ლუკ. 11:27, 28). სინამდვილეში ხანგრძლივი ბედნიერება იმაზეა დამოკიდებული, აყენებს თუ არა ადამიანი იეჰოვას მსახურებას პირველ ადგილზე (მათ. 19:12). განსაკუთრებით უხუცესებს მართებთ, რომ კრებაში ქრისტიან ქალებს დებივით და დედებივით მოეპყრონ. უხუცესები კარგს იზამენ, თუ კრების შეხვედრის დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ გამოელაპარაკებიან დებს. w20.09 21, 22 ¶7—9

შაბათი, 17 სექტემბერი

მიწათმოქმედი ელოდება სასურველ ნაყოფს . . . თქვენც მოითმინეთ (იაკ. 5:7, 8).

ისრაელში თესვა შემოდგომაზე საადრეო წვიმების დასრულებისთანავე იწყებოდა, ხოლო მოსავალს გაზაფხულზე საგვიანო წვიმების შემდეგ იღებდნენ (მარ. 4:28). გონიერებას გამოვიჩენთ, თუ მივბაძავთ მიწათმოქმედს მოთმინებაში. თუმცა ეს არც ისე ადვილია. როგორც წესი, ადამიანს სურს, რომ თავისი შრომის შედეგი მალევე მიიღოს. მოდი ისევ მიწათმოქმედის მაგალითზე დავფიქრდეთ. რამხელა შრომა და მოთმინება სჭირდება მას, რომ მოსავალი აიღოს. მან უნდა დაბაროს, დარგოს, გამარგლოს და მორწყოს. მოწაფეების მომზადების საქმეც ძალისხმევასა და მოთმინებას მოითხოვს. მოთმინება დაგვეხმარება, გული არ გავიტეხოთ, თუ მსახურებაში არავინ გვისმენს და კვლავაც გავაგრძელოთ მათი ძებნა, ვინც განწყობილია მოსასმენად. მოთმინება მაშინაც გვჭირდება, თუ ვინმე ეხმაურება ბიბლიურ ცნობას, რადგან ჩვენ ვერ დავაჩქარებთ შემსწავლელის სულიერ ზრდას. ზოგჯერ თვით იესოს მოწაფეებიც ვერ წვდებოდნენ მისი სწავლების მნიშვნელობას (იოან. 14:9). გვახსოვდეს, რომ ჩვენ კი ვრგავთ და ვრწყავთ, მაგრამ საბოლოოდ ღმერთი ზრდის (1 კორ. 3:6). w20.09 11 ¶10, 11

კვირა, 18 სექტემბერი

მთელი გულით შევასხამ ხოტბას იეჰოვას კრებულში მართალთა შორის (ფსალმ. 111:1).

ყველას გვსურს, რომ ჩვენი შემსწავლელი მოინათლოს. ამაში მას დიდ დახმარებას გაუწევს კრების შეხვედრებზე დასწრება. ხშირ შემთხვევაში სულიერად სწრაფად მიიწევენ წინ ის ბიბლიის შემსწავლელები, რომლებიც მალევე იწყებენ კრების შეხვედრებზე დასწრებას. ზოგი მაუწყებელი თავის შემსწავლელს უხსნის, რომ კრების შეხვედრებზე ისეთი საკითხები განიხილება, რომლებიც ბიბლიის შესწავლის პროგრამაში არ შედის. შემსწავლელთან ერთად წაიკითხეთ ებრაელების 10:24, 25 და დაანახვეთ, რა მხრივ წაადგება კრების შეხვედრებზე დასწრება. ენთუზიაზმით მოუყევით ის, რაც ბოლო შეხვედრაზე ისწავლეთ. ეს უფრო გაუღვიძებს მას დასწრების სურვილს, ვიდრე მხოლოდ კრებაზე დაპატიჟება. რასაც ამ შეხვედრაზე ნახავს და მოისმენს, სრულიად განსხვავებული იქნება იმისგან, რაც სხვა რომელიმე რელიგიურ შეხვედრაზე უნახავს ან მოუსმენია (1 კორ. 14:24, 25). კრებაზე ისეთ და-ძმებს გაიცნობს, რომლებიც დიდ წვლილს შეიტანენ მის სულიერ წინსვლასა და მონათვლაში. w20.10 10, 11 ¶14, 15

ორშაბათი, 19 სექტემბერი

ვინ არის [ღვთის მსგავსი] მოძღვარი?! (იობ. 36:22).

წმინდა სული დაგვეხმარება, რომ ღვთის სიტყვიდან ნასწავლი ცხოვრებაში გამოვიყენოთ. თქვენც ითხოვეთ ფსალმუნმომღერალივით: „შენი გზით სიარული მასწავლე, იეჰოვა. ვივლი შენი ჭეშმარიტებით. გაუყოფელი გული მომეცი, რომ მეშინოდეს შენი სახელის“ (ფსალმ. 86:11). კვლავაც ისაზრდოეთ იმ სულიერი საკვებით, რომელსაც იეჰოვა თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით გვაწვდის. ცხადია, თქვენი მიზანი მხოლოდ ცოდნის შეძენა კი არ უნდა იყოს, არამედ მოსმენილის გულამდე მიტანა და გათავისება. ამაში იეჰოვას სული დაგეხმარებათ. თქვენი მიზანი და-ძმების გამხნევებაც უნდა იყოს, რადგან ისინი ჩვენი სულიერი ოჯახის წევრები არიან (ებრ. 10:24, 25). სთხოვეთ იეჰოვას წმინდა სული, რომ კრებაზე თავისუფლად შეძლოთ თქვენი აზრების გამოხატვა კომენტარებში და მაქსიმალურად ხარისხიანად წარმოადგინოთ თქვენი დავალებები. ასეთი სახით დაუმტკიცებთ იეჰოვას და მის ძეს, რომ გიყვართ მათი ძვირფასი „ცხვარი“ (იოან. 21:15—17). მოუსმინეთ დიდებულ მოძღვარს და ისარგებლეთ ყველა იმ საშუალებით, რასაც ის ჩვენი სულიერი ზრდისთვის იყენებს. w20.10 24, 25 ¶15—17

სამშაბათი, 20 სექტემბერი

მოწაფეებმა მიატოვეს ის და გაიქცნენ (მარ. 14:50).

როგორ მოეპყრო იესო თავის მოციქულებს, რომლებსაც დროებით სისუსტემ სძლია? მკვდრეთით აღდგომიდან მალევე იესო გამოეცხადა ზოგიერთ თავის მოწაფეს და უთხრა: „ნუ გეშინიათ! წადით და უთხარით ჩემს ძმებს, რომ [მკვდრეთით აღვდექი]“ (მათ. 28:10ა). მას ხელი არ ჩაუქნევია თავის მოციქულებზე. მიუხედავად იმისა, რომ მიატოვეს, იესომ მათ მაინც თავისი ძმები უწოდა. იეჰოვას მსგავსად მანაც გულმოწყალება და მიმტევებლობა გამოავლინა (2 მეფ. 13:23). ჩვენც გვაღელვებს მათი მდგომარეობა, ვინც შეწყვიტა მსახურება, რადგან ჩვენი და-ძმები არიან და ძალიან გვიყვარს ისინი. კარგად გვახსოვს მათი შრომა, რომელსაც სიყვარულით ეწეოდნენ იეჰოვასთვის — ზოგი ათწლეულებიც კი (ებრ. 6:10). ჩვენ ძალიან გვენატრება ეს და-ძმები! (ლუკ. 15:4—7). შეგვიძლია არააქტიური მაუწყებლები, რომლებიც კრების შეხვედრებს არ ესწრებიან, კრებაზე დასწრებისკენ წავახალისოთ. თუ გამოგვეხმაურებიან და მოვლენ, ცხადია, მათი დანახვა ჩვენც ისევე გაგვახარებს, როგორც იესო გაახარა დათქმულ შეხვედრაზე მოწაფეების დანახვამ. w20.11 6 ¶14—17

ოთხშაბათი, 21 სექტემბერი

არ გადახვიდეთ დაწერილს (1 კორ. 4:6).

იაკობი და იოანე იესოსთან დედის თანხლებით მივიდნენ და მას ისეთი რამ სთხოვეს, რაც მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდებოდა. იესომ ყოყმანის გარეშე მიუგო, რომ მხოლოდ ზეციერი მამა წყვეტდა, ვინ დაჯდებოდა სამეფოში ღვთის ძის მარჯვნივ ან მარცხნივ (მათ. 20:20—23). აშკარაა, იესოს კარგად ესმოდა, რისი უფლებამოსილება ჰქონდა და რისი — არა. ის მოკრძალებული იყო და მამის სიტყვას არასდროს გადადიოდა (იოან. 12:49). რას გვასწავლის იესოს მაგალითი? იესოს ვბაძავთ, როცა ვითვალისწინებთ დღევანდელ მუხლში ჩაწერილ რჩევას. ასე რომ, როცა რჩევისთვის მოგვმართავენ, ვცდილობთ, სხვებს საკუთარი აზრები არ მოვახვიოთ თავს და დაუფიქრებლად არ მივცეთ რჩევა. ნაცვლად ამისა, რჩევას ბიბლიასა და ბიბლიურ პუბლიკაციებზე ვაფუძნებთ, რადგან ვხვდებით, რომ ბევრი რამ არ გვესმის. ჩვენ მოკრძალებულად ვაღიარებთ, რომ მხოლოდ ყოვლისშემძლეს შეუძლია მოგვცეს საუკეთესო რჩევა (გამოცხ. 15:3, 4). w20.08 11, 12 ¶14, 15

ხუთშაბათი, 22 სექტემბერი

ნურც მეტისმეტად მართალი იქნები და ნურც მეტისმეტად ბრძენად წარმოაჩენ თავს. რატომ უნდა გაინადგურო თავი?! (ეკლ. 7:16).

თუკი გადაწყვეტ, რომ მეგობარს რჩევა მისცე, რა უნდა გაითვალისწინო? პირველ რიგში, უნდა ჰკითხო საკუთარ თავს: „მეტისმეტად მართალი“ ხომ არ ვარ? „მეტისმეტად მართალი“ ადამიანი ხშირ შემთხვევაში ზედმეტად მკაცრია და იეჰოვას ნორმებით კი არა, საკუთარი სიმართლით განსჯის სხვებს. თუკი გამოიკვლევ საკუთარ მოტივებს და მაინც გადაწყვეტ, რომ რჩევა მისცე მეგობარს, ნათლად დასახე პრობლემა და გამოიყენე კითხვები, რომელთა დახმარებითაც მიახვედრებ მას, თუ რა შეცდომა დაუშვა. რჩევა ბიბლიაზე დააფუძნე და ნურც ის დაგავიწყდება, რომ შენი მეგობარი იეჰოვას წინაშეა ანგარიშვალდებული და არა შენ წინაშე (რომ. 14:10). იხელმძღვანელე ღვთის სიტყვიდან მომდინარე სიბრძნით და რჩევის მიცემისას იესოსავით თანამგრძნობი იყავი (იგავ. 3:5; მათ. 12:20). რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ყოველთვის გვახსოვდეს, რომ იეჰოვაც ისე მოგვექცევა, როგორც ჩვენ ვექცევით სხვებს (იაკ. 2:13). w20.11 21 ¶13

პარასკევი, 23 სექტემბერი

ნუღარ განსჯით იმის მიხედვით, რასაც თვალი ხედავს, სამართლიანად განსაჯეთ! (იოან. 7:24).

მოგეწონებოდათ, თუ ვინმე კანის ფერის ან გარეგნობის მიხედვით შეგაფასებდათ? ალბათ, არა. როგორი მანუგეშებელია, რომ იეჰოვა იმით არ გვაფასებს, რაც გარეგნულად ჩანს. მაგალითად, როცა წინასწარმეტყველმა სამუელმა იესეს ვაჟები ნახა, ისინი ადამიანური გადასახედიდან შეაფასა. იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა მისთვის, რომ იესეს ერთ-ერთი ვაჟი ისრაელის მეფე უნდა გამხდარიყო. მაგრამ ვინ იქნებოდა ის? როცა სამუელმა იესეს უფროსი ვაჟი, ელიაბი დაინახა, თქვა: „ნამდვილად ეს არის იეჰოვას ცხებული“. ელიაბი კარგი გარეგნობით გამოირჩეოდა, ამიტომაც იფიქრა სამუელმა, რომ სწორედ ის იქნებოდა ღვთის რჩეული მეფე. მაგრამ «იეჰოვამ სამუელს უთხრა: „ნუ უყურებ მის გარეგნობასა და სიმაღლეს, რადგან უარვყავი იგი“». რას ვსწავლობთ აქედან? ამას თავად იეჰოვასგან ვიგებთ: „ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს, იეჰოვა კი გულს ხედავს“ (1 სამ. 16:1, 6, 7). კარგი იქნება, თუ შევეცდებით, და-ძმებს იეჰოვას თვალით ვუყუროთ. w20.04 14 ¶1; 15 ¶3

შაბათი, 24 სექტემბერი

გახედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად! (იოან. 4:35).

გალილეისკენ მიმავალმა იესომ გზად პურის ყანებთან ჩაიარა და აბიბინებული ჯეჯილი შენიშნა (იოან. 4:3—6). მოსავლის აღებამდე დაახლოებით ოთხი თვე იყო დარჩენილი. ამიტომ იესოს შემდეგი სიტყვები, ალბათ, უცნაურად ჟღერდა: „ასწიეთ თავი და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად“ (იოან. 4:35, 36). რა იგულისხმა მან? როგორც ჩანს, იესო პირდაპირი გაგებით მოსავლის აღებაზე კი არ საუბრობდა, არამედ სულიერ მკაზე. განვიხილოთ, რა მოხდა ცოტა ხნით ადრე, სანამ ის ამ სიტყვებს იტყოდა. მიუხედავად იმისა, რომ იუდეველები სამარიელებთან ურთიერთობას თავს არიდებდნენ, იესომ უქადაგა სამარიელ ქალს და მანაც მოუსმინა. გადათეთრებულ ყანებზე საუბრისას იესოს ის სამარიელები ჰყავდა მხედველობაში, რომლებმაც მასზე სწორედ ამ ქალისგან გაიგეს. მათ გადაწყვიტეს, იესოსთან შესახვედრად წასულიყვნენ, რათა მეტი გაეგოთ მისგან (იოან. 4:9, 39—42). ამ ბიბლიური მონაკვეთის შესახებ ერთი ბიბლეისტი ამბობს: „ხალხი იმდენად მოწადინებული იყო, რომ შეიძლება ითქვას, მოსამკელად გამზადებულ მარცვლეულს ჰგავდა“. w20.04 8 ¶1, 2

კვირა, 25 სექტემბერი

ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ (ებრ. 10:24).

კრების შეხვედრებზე დასწრება, ასე ვთქვათ, საბრძოლო უნარებს გვიუმჯობესებს და მსახურებისთვის აღგვჭურავს. მაგალითად, ვსწავლობთ, უფრო ეფექტიანად როგორ გამოვიყენოთ „სწავლებაში დამხმარე საშუალებები“. ამიტომ კარგად მოემზადეთ კრების შეხვედრებისთვის, ყურადღებით მოუსმინეთ პროგრამას და გამოიყენეთ ნასწავლი. ასე შეძლებთ, გახდეთ „ქრისტე იესოს ღირსეული მეომარი“ (2 ტიმ. 2:3). ჩვენ უთვალავი ძლევამოსილი ანგელოზიც გვიჭერს მხარს. კარგად ვიცით, რამხელა ძალა აქვს თუნდაც ერთ ანგელოზს, ამიტომ ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამხელა ძალა ექნება ანგელოზთა დასს (ეს. 37:36). იეჰოვას ლაშქარს ვერცერთი ადამიანი თუ დემონი ვერ გაუმკლავდება. თუ იეჰოვა ჩვენ გვერდითაა, მტრების სიმრავლეს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს; გამარჯვება მაინც ჩვენ დაგვრჩება (მსაჯ. 6:16). ყოველთვის გახსოვდეთ ეს, როცა თქვენი თანამშრომლების, თანაკლასელების ან ნათესავების სიტყვები თუ საქციელი გულს გიტეხთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ მარტო არ გიწევთ ბრძოლა. რაკი იეჰოვას ხელმძღვანელობას მიჰყვებით, ის მხარს გიჭერთ. w21.03 29 ¶13, 14

ორშაბათი, 26 სექტემბერი

თუ მკვდრები არ აღდგებიან, მაშ, „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“ (1 კორ. 15:32).

მოციქულმა პავლემ, სავარაუდოდ, ესაიას 22:13 მოიშველია, სადაც ისრაელების დამოკიდებულებაა აღწერილი. ღვთის ხალხი, იმის მაგივრად, რომ ღმერთს დაახლოებოდა, მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობდა. მათ დამოკიდებულებას კარგად გამოხატავს დღეს ფართოდ გავრცელებული ფრაზა: „ამ ცხოვრებაში ერთხელ მოდიხარ“. მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენა რომ არ შეგვისუსტდეს, უნდა ვიფრთხილოთ საურთიერთო წრის შერჩევისას. კორინთელი ქრისტიანები უნდა მორიდებოდნენ მათთან ურთიერთობას, ვისაც არ სწამდა მკვდრეთით აღდგომის. ეს გაკვეთილია ჩვენთვისაც: ჩვენც უნდა მოვერიდოთ მათთან ახლო ურთიერთობას, ვინც მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს. ასეთებთან ურთიერთობამ შეიძლება იმოქმედოს ჩვენს შეხედულებებსა და ჩვევებზე, რაც საბოლოოდ ღვთისთვის მიუღებელ ცხოვრების წესამდე და ცოდვამდე მიგვიყვანს. ამიტომაც ურჩია მოციქულმა პავლემ კორინთელებს: „გონს მოდით და ის აკეთეთ, რაც სწორია, და ნუღარ სცოდავთ“ (1 კორ. 15:33, 34). w20.12 9 ¶3, 5, 6

სამშაბათი, 27 სექტემბერი

ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი — კაცი, ქრისტეს თავი კი — ღმერთი (1 კორ. 11:3).

ეს მუხლი აღგვიწერს იმ სტრუქტურას, რომელიც იეჰოვამ თავისი მოაზროვნე ქმნილებებისთვის შექმნა. მეთაურობის პრინციპი უმთავრესად ორ ფაქტორს ეფუძნება — ძალაუფლებასა და ანგარიშვალდებულებას. იეჰოვას იმიტომ ეწოდება თავი, რომ ის განუსაზღვრელ ძალაუფლებას ფლობს თავის ყველა ზეციერ თუ მიწიერ ქმნილებაზე, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე (რომ. 14:10; ეფეს. 3:14, 15). მართალია, იეჰოვამ ქრისტიანული კრების თავად იესო დანიშნა, მაგრამ ის ანგარიშვალდებულია იეჰოვას წინაშე, თუ როგორ მოეპყრობა კრებას (1 კორ. 15:27). იეჰოვამ გარკვეული ძალაუფლება კაცსაც უბოძა ცოლსა და შვილებზე. მაშ, როგორ უნდა გახდეს კაცი კარგი ოჯახისთავი? პირველ რიგში, უნდა ესმოდეს, რას მოითხოვს მისგან იეჰოვა. მას აგრეთვე გათავისებული უნდა ჰქონდეს, რატომ დაადგინა ღმერთმა მეთაურობის პრინციპი და როგორ შეუძლია მიჰბაძოს ამ მხრივ იეჰოვასა და იესოს. რატომ უნდა ესმოდეს მამაკაცს კარგად ეს საკითხი? იეჰოვამ კაცს ოჯახში გარკვეული ძალაუფლება მიანიჭა და, შესაბამისად, მოელის, რომ ის ამ ძალაუფლებას სწორად გამოიყენებს (ლუკ. 12:48ბ). w21.02 2 ¶1—3

ოთხშაბათი, 28 სექტემბერი

მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, შენ სასიკეთოდ გასწავლი (ეს. 48:17).

კარგი იქნება, თუ მივბაძავთ იეჰოვას და ზოგიერთ რაღაცას დავივიწყებთ. მართალია, იეჰოვას სრულყოფილი მეხსიერება აქვს, მაგრამ, როცა ჩადენილ საქციელს ვნანობთ, გვპატიობს და ივიწყებს ჩვენს შეცდომებს (ფსალმ. 25:7; 130:3, 4). მას სურს, რომ ჩვენც ანალოგიურად მოვიქცეთ და ვაპატიოთ მათ, ვინც გული გვატკინა (მათ. 6:14; ლუკ. 17:3, 4). მადლიერებას გამოვავლენთ იეჰოვას მიმართ, თუ ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს მის განსადიდებლად გამოვიყენებთ. ზოგიერთი თავის ჭკუასა და გონებას ეგოისტური მიზნებისთვის იყენებს და თავად უდგენს საკუთარ თავს, რა არის სწორი და რა — არასწორი. თუმცა ჩვენ გვესმის, რომ იეჰოვა შემოქმედია და მას ჩვენზე გაცილებით უკეთ შეუძლია განსაზღვროს, როგორი ფასეულობებით უნდა ვიცხოვროთ (რომ. 12:1, 2). როცა იეჰოვას ნორმებს არ უგულებელვყოფთ, უფრო მშვიდად ვცხოვრობთ (ეს. 48:18). დღეს უკვე სრულად ვაცნობიერებთ, რომ შემოქმედისთვის პატივის მიგება და მის მოსაწონად მოქცევა ყველაზე მნიშვნელოვანია (იგავ. 27:11). w20.05 23, 24 ¶13, 14

ხუთშაბათი, 29 სექტემბერი

სათუთი გრძნობები გქონდეთ ერთმანეთის მიმართ (რომ. 12:10).

როგორ განვივითაროთ და-ძმების მიმართ გულითადი სიყვარული? რაც უფრო ახლოს გაიცნობთ თანამორწმუნეებს, მით უფრო მეტად გაუგებთ მათ და გაგიადვილდებათ მათ მიმართ გულითადი სიყვარულის გამოვლენა. ამგვარად, ასაკი თუ განსხვავებული კულტურა ხელს ვერ შეგიშლით მეგობრების შეძენაში. ამაზე ხომ დავითისა და იონათანის მეგობრობაც მოწმობს. დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ისინი კარგი მეგობრები იყვნენ. შეიძლება თქვენს კრებაშიც არიან თქვენზე უმცროსი ან უფროსი ასაკის და-ძმები, რომლებიც კარგ მეგობრობას გაგიწევენ. თუ მხოლოდ თანატოლებთან მეგობრობით არ შემოიფარგლებით, ამით აჩვენებთ, რომ გიყვართ „მთელი საძმო“ (1 პეტ. 2:17). რაკი ერთმანეთი გულითადად უნდა გვიყვარდეს, ნიშნავს ეს იმას, რომ კრებაში ყველა ჩვენი ახლო მეგობარი იქნება? რა თქმა უნდა, არა. ეს არარეალური იქნებოდა. არაფერია ცუდი იმაში, თუ უფრო მეტად მათ დავუახლოვდებით, ვისთანაც საერთო ინტერესები გვაქვს. მართალია, იესომ ყველა მოციქულს მეგობრები უწოდა, მაგრამ მას გამორჩეულად იოანე უყვარდა (იოან. 13:23; 15:15; 20:2). თუმცა მის მიმართ მიკერძოებას არ იჩენდა (მარ. 10:35—40). w21.01 23 ¶12, 13

პარასკევი, 30 სექტემბერი

ყველაფერში გეტყობათ, რომ სხვებზე მეტად გეშინიათ ღვთაებების (საქ. 17:22).

ათენში უცხოტომელებთან ქადაგებისას მოციქულ პავლეს იგივე მიდგომა არ გამოუყენებია, რაც სინაგოგაში შეკრებილ იუდეველებთან. იგი გარშემო ყველაფერს აკვირდებოდა და მხედველობიდან არ გამორჩენია მათი რელიგიური წეს-ჩვეულებები (საქ. 17:23). ის ცდილობდა, დაენახა, რა საერთო შეიძლებოდა ჰქონოდა მათ თაყვანისმცემლობას წმინდა წერილებთან. პავლე მზად იყო, შეეცვალა მიდგომა. მან ათენელებს უთხრა, რომ იმ „უცნობი ღმერთის“ შესახებ სურდა საუბარი, რომელსაც ისინი ეთაყვანებოდნენ. მართალია, უცხოტომელებმა წმინდა წერილებიდან ბევრი არაფერი იცოდნენ, მაგრამ პავლეს არ უფიქრია, რომ ისინი არასოდეს გახდებოდნენ ქრისტიანები. მის თვალში ეს უცხოტომელები მოსამკელად გამზადებული თავთავებივით იყვნენ, ამიტომ სასიხარულო ცნობა მათთვის მისაღები რომ ყოფილიყო, მიდგომა შეცვალა. პავლეს მსგავსად იყავით დაკვირვებული. შეეცადეთ, ყურადღება მიაქციოთ იმ დეტალებს, რომლებიც თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების მრწამსზე მიგანიშნებთ. მაგალითად, დააკვირდით, როგორ გამოიყურება მობინადრის სახლი ან ეზო. ხომ არ მიგანიშნებთ მისი სახელი, ჩაცმულობა, გარეგნობა ან თუნდაც, საუბრის სტილი, რომელ რელიგიას მიეკუთვნება? w20.04 9, 10 ¶7, 8

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება