ოქტომბერი
შაბათი, 1 ოქტომბერი
„ვინ შეიცნო იეჰოვას გონება, რომ ასწავლოს მას?!“ თუმცა ჩვენ ქრისტეს გონება გვაქვს (1 კორ. 2:16).
რაც უფრო უკეთ გავიცნობთ იესოს და ავირეკლავთ მის აზროვნებას, მით უფრო განვამტკიცებთ მასთან მეგობრობას. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს? მას საკუთარ თავზე მეტად სხვების კეთილდღეობა აფიქრებდა (მათ. 20:28; რომ. 15:1—3). ასეთი დამოკიდებულება აღძრავდა მას, თავგანწირვის სული გამოევლინა და ეპატიებინა სხვებისთვის. იესო ადვილად არ ღიზიანდებოდა, როცა ხალხი მასზე უარყოფითად საუბრობდა (იოან. 1:46, 47). გარდა ამისა, წარსულში ჩადენილი შეცდომების გამო ის ხაზს არ უსვამდა ადამიანებს (1 ტიმ. 1:12—14). მან თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:35). დავფიქრდეთ: ვბაძავთ იესოს და ყველაფერს ვაკეთებთ და-ძმებთან მშვიდობიანი ურთიერთობის შესანარჩუნებლად? w20.04 24 ¶11
კვირა, 2 ოქტომბერი
განწმენდენ ჩემს სახელს (ეს. 29:23).
ნაცვლად იმისა, რომ იმ უამრავ ადამიანს შეუერთდეთ, ვინც ცილს სწამებს ღმერთს და შეურაცხყოფს მის სახელს, შეგიძლიათ იეჰოვას დაუჭიროთ მხარი და სხვებსაც გააგებინოთ, რომ ის წმინდა, სამართლიანი, კარგი და მოსიყვარულე ღმერთია. თქვენი ცხოვრებით აჩვენეთ, რომ იეჰოვას უზენაეს მმართველად მიიჩნევთ. სხვებსაც დაეხმარეთ იმის გაგებაში, რომ იეჰოვას მმართველობა სამართლიანია და მხოლოდ მას შესწევს ძალა, ყველა თავის ქმნილებას მშვიდობა და ბედნიერება მოუტანოს (ფსალმ. 37:9, 37; 146:5, 6, 10). როცა სხვებს ჭეშმარიტებას ვასწავლით, ხშირად ყურადღებას ღვთის უზენაესობაზე ვუმახვილებთ, რომ იეჰოვას სამართლიანი უფლება აქვს, მართოს მთელი სამყარო. მართალია, სხვებს ღვთის კანონებს ვასწავლით, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ მათ ზეციერი მამა შევაყვაროთ, რათა მას უერთგულონ. ამიტომ კარგი იქნება, თუ ხშირად გავამახვილებთ ყურადღებას იეჰოვას მიმზიდველ თვისებებზე და დავანახვებთ სხვებს, როგორი პიროვნება დგას ამ სახელის მიღმა (ეს. 63:7). ამგვარად დავეხმარებით ადამიანებს, სიყვარულიდან გამომდინარე დაემორჩილონ იეჰოვას და ბოლომდე უერთგულონ მას. w20.06 6 ¶16; 7 ¶19
ორშაბათი, 3 ოქტომბერი
ვინ მისცა კაცს ბაგე . . . განა მე არა, იეჰოვამ?! (გამ. 4:11).
ადამიანის ტვინი საოცრადაა შექმნილი. ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოში ყოფნის დროს არშობილი ბავშვის ტვინი წინასწარ გაწერილი „გეგმის“ მიხედვით ვითარდება და ყოველ წუთს ათასობით ახალი ტვინის უჯრედი წარმოიქმნება. როგორც მეცნიერები ამბობენ, ზრდასრული ადამიანის ტვინი, რომელიც დაახლოებით 1.5 კგ-ს იწონის, დაახლოებით 100 მილიარდი ნერვული უჯრედისგან ანუ ნეირონისგან შედგება. ადამიანის ტვინის ერთ-ერთი უნიკალური შესაძლებლობა მეტყველების უნარს უკავშირდება. უბრალოდ დაფიქრდით, რა პროცესები მიმდინარეობს, როცა ლაპარაკობთ. თითოეული სიტყვის წარმოთქმის დროს ტვინი პასუხისმგებელია ასამდე კუნთის მოძრაობაზე, რომლებიც განლაგებულია ენის, ხორხის, ტუჩების, ყბისა და გულმკერდის არეში. სიტყვები გარკვევით რომ წარმოთქვათ, კუნთებმა განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა იმოძრაონ. 2019 წელს გამოქვეყნებულ ერთ ნაშრომში ნათქვამი იყო, რომ ახალშობილებს თანდაყოლილი უნარი აქვთ, გაარჩიონ და რეაგირება მოახდინონ თითოეულ სიტყვაზე. ეს ნაშრომი მხარს უჭერს მეცნიერების მოსაზრებას, რომ ადამიანს დაბადებიდან შეუძლია ენების გარჩევა და ათვისება. მეტყველების უნარი ნამდვილად იეჰოვასგან ბოძებული ძღვენია. w20.05 22, 23 ¶8, 9
სამშაბათი, 4 ოქტომბერი
[აბრაამი] ელოდა მყარსაძირკვლიან ქალაქს, რომლის შემოქმედი და მშენებელიც ღმერთია (ებრ. 11:10).
აბრაამმა უყოყმანოდ დატოვა კეთილმოწყობილი ქალაქი ური, რადგან ელოდა „ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს“ (ებრ. 11:8—10, 16). „ქალაქი“, რომელსაც აბრაამი ელოდა, ღვთის სამეფოა. ამ სამეფოს მეფე იესო ქრისტეა, რომელსაც 144 000 ცხებული ქრისტიანი ჰყავს თანამმართველად. პავლემ ამ სამეფოს „ცოცხალი ღვთის ქალაქი — ზეციერი იერუსალიმი“ უწოდა (ებრ. 12:22; გამოცხ. 5:8—10; 14:1). იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა, სწორედ ამ სამეფოსთვის ელოცათ, რათა ღვთის ნება შესრულებულიყო როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე (მათ. 6:10). იცოდა აბრაამმა დეტალები ამ სამეფოს შესახებ? არა, რადგან საუკუნეების განმავლობაში ეს ყველაფერი „წმინდა საიდუმლოდ“ ითვლებოდა (ეფეს. 1:8—10; კოლ. 1:26, 27). თუმცა ის კი იცოდა, რომ ზოგიერთი მისი შთამომავალი მეფე გახდებოდა. ეს თავად იეჰოვამ აღუთქვა (დაბ. 17:1, 2, 6). w20.08 2, 3 ¶2—4
ოთხშაბათი, 5 ოქტომბერი
კვლავაც იარეთ . . . [უფალთან] ერთობაში, ღრმად გაიდგით ფესვი, მის საძირკველზე დაფუძნდით და განიმტკიცეთ რწმენა (კოლ. 2:6, 7).
ჩვენ უნდა უარვყოთ განდგომილთა სწავლებები. ქრისტიანული კრების დაარსებიდან ეშმაკმა არაერთხელ სცადა, მატყუარების მეშვეობით ღვთის ერთგული მსახურებისთვის ეჭვები აღეძრა. ამიტომ სიმართლის სიცრუისგან გარჩევა უნდა შეგვეძლოს. ჩვენი მოწინააღმდეგეები ინტერნეტისა თუ სოციალური ქსელების საშუალებით ცდილობენ, იეჰოვასადმი ნდობა შეგვირყიონ და თანამორწმუნეების მიმართ სიყვარული გაგვინელონ. ნუ დაივიწყებთ, რომ ამ პროპაგანდის უკან სატანა დგას. ამიტომ თავი დაიცავით მისი სიცრუისგან! (1 იოან. 4:1, 6; გამოცხ. 12:9). სატანის მახეში რომ არ გავებათ, ნდობა უნდა გავიღრმაოთ იესოს მიმართ და კარგად გვესმოდეს, რა როლი აკისრია მას ღვთის განზრახვის შესრულებაში. გარდა ამისა, უნდა ვენდობოდეთ „ერთგულ და გონიერ მონას“, რომელსაც იეჰოვამ თავისი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა დაავალა (მათ. 24:45—47). ნდობა ღვთის სიტყვის სისტემატური კვლევით გაგვიღრმავდება. მაშინ ჩვენი რწმენა მიწაში მყარად ფესვგადგმულ ხეს დაემსგავსება. მოციქულმა პავლემ სწორედ ეს შედარება მოიყვანა, როცა დღევანდელი მუხლის სიტყვები დაწერა. w20.07 23, 24 ¶11, 12
ხუთშაბათი, 6 ოქტომბერი
ადამიანი გარეგნობას ხედავს, იეჰოვა კი — გულს (1 სამ. 16:7).
არასრულყოფილების გამო მიდრეკილები ვართ, ადამიანებზე იმის მიხედვით შევიქმნათ წარმოდგენა, რასაც თვალი ხედავს (იოან. 7:24). თუმცა, თუ მხოლოდ თვალით ნანახს დავეყრდნობით, ბევრს ვერაფერს გავიგებთ სხვებზე. მაგალითად, კვალიფიციური და გამოცდილი ექიმიც კი ვერ შეძლებს, ერთი შეხედვით სწორად შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა. მან ყურადღებით უნდა მოუსმინოს პაციენტს, დეტალურად გაეცნოს მის სამედიცინო ისტორიას, გაიგოს მისი ემოციური მდგომარეობა და რა სიმპტომები აღენიშნება. შეიძლება ექიმმა რენტგენის გადაღებაც კი მოითხოვოს, რათა სრული სურათი შეიქმნას პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან არასწორი დიაგნოზი დასვას. მსგავსად, ბოლომდე ვერ გავუგებთ და-ძმებს, თუ მხოლოდ თვალით ნანახით შევაფასებთ მათ. უნდა ვეცადოთ, იმის მიღმა გავიხედოთ, რაც ერთი შეხედვით ჩანს, ანუ დავინახოთ ადამიანის შინაგანი პიროვნება. ცხადია, გულთამხილავები არა ვართ, თუმცა მაინც შეგვიძლია მივბაძოთ ჩვენს ზეციერ მამას. ის უსმენს თავის თითოეულ მსახურს, მხედველობაში იღებს მათ წარსულს, ამჟამინდელ მდგომარეობასა თუ სხვა ფაქტორებს და თანაგრძნობას ავლენს მათ მიმართ. w20.04 14, 15 ¶1—3
პარასკევი, 7 ოქტომბერი
საღად იაზროვნეთ (რომ. 12:3).
სიამაყე ადამიანს „საღი აზროვნების“ უნარს აკარგვინებს, ამიტომ გვინდა, თავმდაბლობა განვივითაროთ. ჩვეულებრივ, ამაყ ადამიანს საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს და მასთან საერთო ენის გამონახვა ჭირს. ის სიტყვითა თუ საქმით საკუთარ თავსაც აყენებს ზიანს და სხვებსაც. თუ აზროვნებას არ შეიცვლის, სატანა ადვილად შეძლებს, დაუბრმავოს და გაურყვნას გონება (2 კორ. 4:4; 11:3). თავმდაბალი ადამიანი ამ მხრივ დაცულია, რადგან საღად აზროვნებს. მას გადაჭარბებული წარმოდგენა არა აქვს საკუთარ თავზე და არ უჭირს იმის აღიარება, რომ შეიძლება სხვები ბევრ რამეში სჯობდნენ (ფილ. 2:3). მას კარგად ესმის, რომ „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებისადმი კი წყალობას ავლენს“ (1 პეტ. 5:5). ცხადია, არცერთ საღად მოაზროვნე ადამიანს არ მოუნდება, რომ იეჰოვა მისი მოწინააღმდეგე გახდეს. თუ გვინდა, რომ თავმდაბლები ვიყოთ, უნდა ვიხელმძღვანელოთ ბიბლიური პრინციპით: „გაიხადეთ ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ და შეიმოსეთ ახალი პიროვნებით“. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიფიქროთ იესოს მაგალითზე და ვეცადოთ, ერთგულად მივყვეთ მის ნაკვალევს (კოლ. 3:9, 10; 1 პეტ. 2:21). w20.07 7 ¶16, 17
შაბათი, 8 ოქტომბერი
სხეული ერთია, მაგრამ მრავალი ნაწილი აქვს (1 კორ. 12:12).
ჩვენთვის უდიდესი პატივია იეჰოვას ორგანიზაციაში ყოფნა! ჩვენ სულიერ სამოთხეში მშვიდობისმოყვარე და ბედნიერი ხალხის მხარდამხარ ვემსახურებით ღმერთს. თქვენ თუ ხედავთ თქვენს ადგილს კრებაში? მოციქული პავლე კრებას ადამიანის სხეულს ადარებს, ხოლო კრებაში თითოეულს — სხეულის ნაწილებს (რომ. 12:4—8; 1 კორ. 12:12—27; ეფეს. 4:16). ერთ-ერთი, რასაც სხეულის მაგალითზე ვსწავლობთ, ის არის, რომ ყველანი მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ ქრისტიანულ კრებაში. პავლე თავის მაგალითს ასეთი სიტყვებით იწყებს: „ერთ სხეულში სხეულის ბევრი ნაწილი გვაქვს, მაგრამ ყველა ნაწილს ერთი დანიშნულება არა აქვს. თუმცა ბევრნი ვართ, ჩვენც ერთი სხეული ვართ ქრისტესთან ერთობაში, ცალ-ცალკე კი სხეულის ნაწილები ვართ და ერთმანეთს ვეკუთვნით“ (რომ. 12:4, 5). რისი თქმა სურდა ამით მოციქულს? მართალია, კრებაში ყველას სხვადასხვა როლი გვაკისრია, მაგრამ თითოეული ჩვენგანი ღირებულ საქმეს ვასრულებთ. w20.08 20 ¶1, 2; 21 ¶4
კვირა, 9 ოქტომბერი
იეჰოვამ ჰკითხა: „როგორ გაიტყუებ?“ (1 მეფ. 22:21).
მშობლებო, როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ იეჰოვას თავმდაბლობაში? სთხოვეთ თქვენს შვილებს, გამოთქვან თავიანთი აზრი, როგორ შეიძლება ამა თუ იმ საქმის შესრულება. და თუ არაფერი დაშავდება, გაითვალისწინეთ მათი შეხედულება. იეჰოვა მოთმინების მაგალითსაც გვაძლევს. ის მოთმინებას ავლენდა თავისი მსახურების მიმართ მაშინაც კი, როცა ისინი ეჭვქვეშ აყენებდნენ მის გადაწყვეტილებებს. ღმერთმა ყურადღებით მოუსმინა აბრაამს, როცა ის არ დაეთანხმა მის გადაწყვეტილებას სოდომისა და გომორას განადგურების შესახებ (დაბ. 18:22—33). აგრეთვე გავიხსენოთ აბრაამის მეუღლის, სარას, შემთხვევა. იეჰოვას დაპირების მოსმენაზე მას გაეცინა, რადგან წარმოუდგენლად მიაჩნდა მის ასაკში შვილის გაჩენა. თუმცა ამის გამო იეჰოვა არც განაწყენებულა და არც გაბრაზებულა (დაბ. 18:10—14). პირიქით, იეჰოვამ სარას მიმართ პატივისცემა გამოავლინა. მშობლებო და უხუცესებო, რისი სწავლა შეგიძლიათ იეჰოვას მაგალითიდან? დაფიქრდით, როგორი რეაქცია გაქვთ, როცა თქვენი შვილები ან კრებაში და-ძმები არ ეთანხმებიან თქვენს გადაწყვეტილებებს? მაშინვე იწყებთ იმის მტკიცებას, რომ ისინი ცდებიან თუ ითვალისწინებთ მათ აზრს? თუ ცდილობთ, იეჰოვას მიჰბაძოთ, ეს დადებითად აისახება ოჯახის წევრებსა და თანაქრისტიანებზე. w20.08 10 ¶7—9
ორშაბათი, 10 ოქტომბერი
როცა სუსტი ხარ, მაშინ შეიგრძნობ სრულად ჩემს ძალას (2 კორ. 12:9).
როცა იეჰოვას მოწმეები გავიცანით, ვაცნობიერებდით, რომ სულიერად ჩვილები ვიყავით და ბევრი რამ გვქონდა სასწავლი, ამიტომ უარს არ ვამბობდით დახმარებაზე (1 კორ. 3:1, 2). დღემდე მოგვყვება ასეთი განწყობა? თუ იეჰოვას წლებია ვემსახურებით და გამოცდილებაც დაგვიგროვდა, შეიძლება ისეთი მზაობა აღარ გვქონდეს, მით უმეტეს, თუ დახმარების ხელს ის გვიწვდის, ვინც ჩვენთან შედარებით ახალბედაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად იეჰოვა და-ძმების მეშვეობით გვაძლიერებს (რომ. 1:11, 12). თუ გვინდა, იეჰოვამ ძალა შეგვმატოს, და-ძმებს დახმარებაზე ხელი არ უნდა ვუკრათ. წარმატება ფიზიკურ ძალაზე, განათლებაზე, სიმდიდრესა და სოციალურ სტატუსზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ თავმდაბლობასა და იეჰოვასადმი ნდობაზე. მოდი ყველანი 1) მივენდოთ იეჰოვას, 2) ვისწავლოთ ბიბლიური მაგალითებიდან და 3) ხელი არ ვუკრათ თანამორწმუნეებს დახმარებაზე. ამგვარად, რაოდენ სუსტიც არ უნდა გვეგონოს საკუთარი თავი, იეჰოვა გაგვაძლიერებს! w20.07 14 ¶2; 19 ¶18, 19
სამშაბათი, 11 ოქტომბერი
გვსურს, რომ თითოეული თქვენგანი ასეთივე გულმოდგინებას იჩენდეს, რათა . . . არ გაზარმაცდეთ, არამედ მიჰბაძოთ მათ, ვინც რწმენითა და მოთმინებით იღებს დანაპირებს (ებრ. 6:11, 12).
მოთმინების გამოვლენა შეიძლება მაშინაც გაგვიჭირდეს, როცა ნათესავებს ბიბლიურ თემებზე ვესაუბრებით. ასეთ დროს დიდ დახმარებას გაგვიწევს ეკლესიასტეს 3:7-ში ჩაწერილი პრინციპის გათვალისწინება: „[არის] დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“. ჩვენი კარგი საქციელით, ასე ვთქვათ, უსიტყვოდ ვუქადაგებთ მათ, თუმცა იმისთვისაც მზად ვართ, რომ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ ჭეშმარიტებაზე სასაუბროდ (1 პეტ. 3:1, 2). მართალია, გულმოდგინედ უნდა ვიქადაგოთ, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოთმინებით მოვეპყროთ ყველას, მათ შორის ოჯახის წევრებს. მოთმინებას როგორც ბიბლიური, ისე თანამედროვე მაგალითებიდან ვსწავლობთ. აბაკუმი მოუთმენლად ელოდა დროს, როცა წერტილი დაესმებოდა ბოროტებას, თუმცა მის სიტყვებში „ჩემს სადარაჯოზე ვიდგები“, მოთმინებისთვის მზადყოფნაც გამოსჭვიოდა (აბაკ. 2:1). პავლე მოციქულს დიდი სურვილი ჰქონდა, დაესრულებინა მსახურება, მაგრამ ის მოთმინებით აგრძელებდა „სასიხარულო ცნობის საგულდაგულოდ ქადაგებას“ (საქ. 20:24). w20.09 11, 12 ¶12—14
ოთხშაბათი, 12 ოქტომბერი
[იესოს] აზრადაც არ მოსვლია, რომ მიეტაცებინა ის, რაც მას არ ეკუთვნოდა, ანუ ღვთისთვის გაეტოლებინა თავი (ფილ. 2:6).
მართალია, იესო ძალაუფლებით მხოლოდ იეჰოვას თუ ჩამოუვარდება, მაგრამ მას საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ შეუქმნია. იესოს მსგავსად, ღვთის თავმდაბალი მსახურები ხელს უწყობენ ძმურ სიყვარულს, რითაც ღვთის ხალხი გამოირჩევა (ლუკ. 9:48; იოან. 13:35). როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფიქრობთ, რომ კრებაში რაღაც არის გამოსასწორებელი და ამას სათანადო ყურადღება არ ექცევა? ჯობს, კრიტიკულ სულს მოერიდოთ და თავმდაბლად დაუჭიროთ მხარი მათ, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია (ებრ. 13:17). სიტუაციის გაანალიზებაში შემდეგ კითხვებზე დაფიქრება დაგეხმარებათ: იმდენად საგანგაშოა ვითარება, რომ დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს? უფრო მეტი დრო ხომ არ სჭირდება პრობლემის მოგვარებას? შედის კი ჩემს კომპეტენციაში ამ პრობლემის გამოსწორება? სინამდვილეში რას ვცდილობ — კრების ერთიანობას შევუწყო ხელი თუ საკუთარი თავი წარმოვაჩინო? იეჰოვა ჩვენს თავმდაბლობას უფრო აფასებს, ვიდრე უნარს, და მისთვის კრების ერთობა უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველაფრის დახვეწილად შესრულება. ასე რომ, თქვენი მხრიდან ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ იეჰოვას თავმდაბლად ემსახუროთ. ამგვარად კრების ერთობას შეუწყობთ ხელს (ეფეს. 4:2, 3). w20.07 4, 5 ¶9—11
ხუთშაბათი, 13 ოქტომბერი
მაშინ იესომ უთხრა: „ნუ გეშინიათ! წადით . . . ჩემს ძმებთან“ (მათ. 28:10).
იესო აფასებდა იმ ღვთისმოშიშ ქალებს, რომლებიც „არ იშურებდნენ სახსრებს“ მის დასახმარებლად (ლუკ. 8:1—3). მან ისინი ღრმა სულიერ საკითხებშიც ჩაახედა. მაგალითად, გაუმხილა, რომ მოკვდებოდა და მკვდრეთით აღდგებოდა (ლუკ. 24:5—8). მოციქულების მსგავსად იესომ ეს ქალებიც შეამზადა მომავალი მოვლენებისთვის; ისინი საკუთარი თვალით იხილავდნენ იესოს ტანჯვასა და სიკვდილს (მარ. 9:30—32; 10:32—34). აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროს, როცა მოციქულებმა მიატოვეს იესო და გაიქცნენ, მის მოწაფე ქალებს არ მიუტოვებიათ ის ძელზე წამების დროს (მათ. 26:56; მარ. 15:40, 41). იესოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ პირველად ღვთისმოშიშმა ქალებმა გაიგეს. იესომ სწორედ მათი პირით შეატყობინა მოციქულებს ეს ამბავი (მათ. 28:5, 9, 10). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როცა მოწაფეებზე წმინდა სული გადმოვიდა, როგორც ჩანს, მათ შორის ქალებიც იყვნენ. იმ დღეს ყველამ უცხო ენებზე საუბრის ძღვენი მიიღო „ღვთის დიდებული საქმეების“ გასაცხადებლად (საქ. 1:14; 2:2—4, 11). w20.09 23 ¶11, 12
პარასკევი, 14 ოქტომბერი
ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლი (1 ტიმ. 4:16).
მოწაფეების მომზადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმეა. ამას ადასტურებს იესოს მითითება, რომელიც ჩაწერილია მათეს 28:19, 20-ში: „წადით . . . ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ . . . [და] მონათლეთ“. რა როლი ენიჭება ნათლობას? ეს აუცილებელი წინაპირობაა გადარჩენისთვის. ნათლობის მსურველს უნდა სწამდეს, რომ ხსნა მხოლოდ იესოს მსხვერპლმა და მისმა მკვდრეთით აღდგომამ გახადა შესაძლებელი. ამიტომ სწერდა მოციქული პეტრე თანაქრისტიანებს: „ნათლობაც . . . თქვენს ხსნას ემსახურება ქრისტეს აღდგომის მეშვეობით“ (1 პეტ. 3:21). ასე რომ, როცა ადამიანი ინათლება, ის ხსნის გზას ადგება. მოწაფეების მოსამზადებლად „სწავლების ხელოვნებაა საჭირო“ (2 ტიმ. 4:1, 2). ამის თქმის საფუძველს იესოს შემდეგი სიტყვები გვაძლევს: „წადით . . . ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ . . . [და] ასწავლეთ“. პავლე მოციქულმა ამ საქმის დიდ მნიშვნელობას შემდეგი სიტყვებით გაუსვა ხაზი: „შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც“. w20.10 14 ¶1, 2
შაბათი, 15 ოქტომბერი
ამიერიდან ადამიანებს დაიჭერ (ლუკა 5:10).
პეტრემ „ადამიანთა მებადურობა“ შეიყვარა და იეჰოვას დახმარებით წარმატებით ართმევდა თავს ამ საქმეს (საქ. 2:14, 41). ქადაგებისკენ უმთავრესად იეჰოვას სიყვარული აღგვძრავს. იეჰოვასადმი სიყვარული დაგვეხმარება, რომ ამ საქმისთვის თავი შეუფერებლად არ მივიჩნიოთ. როცა იესომ პეტრეს „ადამიანთა მებადურობა“ შესთავაზა, უთხრა: „ნუ გეშინია“ (ლუკ. 5:8—11). პეტრეს იესოს მოწაფედ გახდომის არ შეშინებია, ის იმან განაცვიფრა, თუ როგორ დააჭერინა იესომ სასწაულებრივად ამდენი თევზი; ის უბრალოდ იესოსთან თანამშრომლობის ღირსად არ მიიჩნევდა თავს. პეტრეს მსგავსად შეიძლება თქვენც გაფიქრებთ, რამდენად შეძლებთ, ღირსეულად გაართვათ თავი იმ პასუხისმგებლობას, რასაც ქრისტეს მოწაფეობა გაკისრებთ. თუ ასეა, გაიღრმავეთ იეჰოვასადმი, იესოსა და მოყვასისადმი სიყვარული. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაგიჩნდებათ სურვილი, გამოეხმაუროთ იესოს მითითებას და გახდეთ „ადამიანთა მებადური“ (მათ. 22:37, 39; იოან. 14:15). w20.09 3 ¶4, 5
კვირა, 16 ოქტომბერი
ამიტომ წადით, . . ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი . . . [და] ასწავლეთ მათ (მათ. 28:19, 20).
გვინდა, რომ ჩვენი დრო, ენერგია და სახსრები „მარადიული სიცოცხლის მისაღებად“ განწყობილი ადამიანების მოსაძებნად გამოვიყენოთ (საქ. 13:48). ასე მივბაძავთ იესოს, რომელმაც თქვა: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ შევასრულო ჩემი გამოგზავნილის ნება და დავასრულო მისი საქმე“ (იოან. 4:34; 17:4). ჩვენი სურვილიც ეს არის. გვინდა, რომ დავალებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ (იოან. 20:21). გაგვიხარდება, თუ ამ საქმეში სხვებიც, მათ შორის, არააქტიურებიც შემოგვიერთდებიან (მათ. 24:13). ფაქტია, იესოს მიერ დავალებული საქმის შესრულება ადვილი არ არის. თუმცა ამ საქმის შესრულება მარტო არ გვიწევს, რადგან იესო დაგვპირდა, რომ ჩვენ გვერდით იქნებოდა. მოწაფეების მომზადების საქმეში „ქრისტესთან ერთობაში“ ვმონაწილეობთ, როგორც „ღვთის თანამშრომელნი“ (1 კორ. 3:9; 2 კორ. 2:17). ამიტომ გვჯერა, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენთვის დიდი პატივია და ამავე დროს სასიხარულოც, რომ ვასრულებთ იესოს დავალებას და სხვებსაც ვეხმარებით, შემოგვიერთდნენ ამ საქმეში (ფილ. 4:13). w20.11 7 ¶19, 20
ორშაბათი, 17 ოქტომბერი
ემატებოდა იესოს სიბრძნე, იზრდებოდა და უფრო მეტ კეთილგანწყობას იხვეჭდა ღვთისა და ადამიანთა თვალში (ლუკ. 2:52).
ხშირ შემთხვევაში მშობლების არჩევანი დიდ გავლენას ახდენს შვილების მომავალზე. მათმა მცდარმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება შვილებს ცხოვრება გაურთულოს. მეორე მხრივ, მშობლების ბრძნული გადაწყვეტილებები შვილებს შესაძლებლობას აძლევს, ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება ჰქონდეთ. თუმცა სწორი არჩევანის გაკეთება თავად შვილებსაც მოუწევთ. თუ ისინი მოსიყვარულე ზეციერი მამის, იეჰოვას მსახურებას აირჩევენ, ეს მათ ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება (ფსალმ. 73:28). იესოს მშობლებს სურდათ, შვილები იეჰოვას მსახურებად აღეზარდათ, რაც მათი გადაწყვეტილებებიდანაც კარგად გამოჩნდა (ლუკ. 2:40, 41, 52). იესომაც, თავის მხრივ, სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და ღირსეულად შეასრულა თავისი როლი ღვთის განზრახვაში (მათ. 4:1—10). იესო კეთილი, ერთგული და გაბედული კაცი დადგა, ისეთი, როგორსაც ნებისმიერი ღვთისმოშიში მშობელი ინატრებდა. w20.10 26 ¶1, 2
სამშაბათი, 18 ოქტომბერი
შენი თვალები წინ იყურებოდეს (იგავ. 4:25).
წარმოიდგინეთ სამი პირობითი სიტუაცია. 1) ასაკოვანი და იხსენებს წარსულის ტკბილ მოგონებებს. მართალია, ახალგაზრდული ჯანი აღარ მოსდევს, მაგრამ კვლავ ბოლომდე იხარჯება იეჰოვას მსახურებაში (1 კორ. 15:58). ის ყოველდღე ფიქრობს იმ დროზე, როცა საყვარელ ადამიანებთან ერთად გაიხარებს ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებით. 2) ერთ დას თანაქრისტიანმა გული ატკინა, მაგრამ იგი ცდილობს, წყენა გულში არ ჩაიდოს (კოლ. 3:13). 3) ძმას გააზრებული აქვს წარსულში ჩადენილი შეცდომები, თუმცა გადაწყვეტილი აქვს, რომ მეტად აღარ გაიმეოროს იგივე შეცდომები და იეჰოვას უერთგულოს (ფსალმ. 51:10). რა აქვთ საერთო ზემოთ მოხსენიებულ სამივე ქრისტიანს? მართალია, არცერთ მათგანს წარსული არ დავიწყებია, მაგრამ ისინი არ ცხოვრობენ წარსულით. პირიქით, მათი მზერა მომავლისკენაა მიმართული. რატომაა ეს ასე მნიშვნელოვანი? ადამიანი, რომელიც უკან იყურება, სიარულისას სისწორეს ვეღარ იცავს. თუკი გამუდმებით წარსულზე ვიფიქრებთ, ასე იქნება ჩვენს შემთხვევაშიც — იეჰოვას მსახურებაში ხელი შეგვეშლება (ლუკ. 9:62). w20.11 24 ¶1—3
ოთხშაბათი, 19 ოქტომბერი
გოლიათმა . . . სასაცილოდ აიგდო [დავითი] (1 სამ. 17:42).
ძლევამოსილი გოლიათისთვის დავითი უსუსური ჩანდა, თავად ხომ გაცილებით დიდი, კარგად აღჭურვილი და ბრძოლაში გაწვრთნილი მეომარი იყო. მასთან შედარებით დავითი ერთი გამოუცდელი ბიჭი იყო, რომელსაც წესიერი საბრძოლო იარაღიც კი არ ჰქონდა. თუმცა დავითი იეჰოვას ძალაზე იყო დაიმედებული და გოლიათის დამარცხება არ გასჭირვებია (1 სამ. 17:41—45, 50). დავითს კიდევ ერთ სირთულესთან მოუწია გამკლავება, რაც მას, სავარაუდოდ, თავს უსუსურად აგრძნობინებდა. ის ერთგულად ემსახურებოდა საულს, იეჰოვას მიერ ცხებულ ისრაელის მეფეს. თავიდან საული კარგი თვალით უყურებდა დავითს, თუმცა მოგვიანებით გაამაყდა და დავითის მიმართ შური გაუჩნდა. ამის გამო ის ავიწროებდა დავითს და მოსაკლავადაც კი დასდევდა (1 სამ. 18:6—9, 29; 19:9—11). უსამართლო მოპყრობის მიუხედავად, დავითს პატივისცემა არ დაუკარგავს ცხებული მეფის მიმართ (1 სამ. 24:6). იგი იეჰოვას ენდობოდა იმაში დარწმუნებული, რომ განსაცდელთან გასამკლავებლად საჭირო ძალას მისცემდა (ფსალმ. 18:1, ეპიგრაფი). w20.07 17 ¶11—13
ხუთშაბათი, 20 ოქტომბერი
უკანასკნელ დროს სამხრეთის მეფე და ჩრდილოეთის მეფე ერთმანეთს შეებმებიან (დან. 11:40).
ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეებთან დაკავშირებული წინასწარმეტყველების დიდი ნაწილი უკვე შესრულდა, ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ დარჩენილი ნაწილიც აუცილებლად შესრულდება. დანიელის მე-11 თავში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას სწორად რომ ჩავწვდეთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. ამ წინასწარმეტყველებაში საუბარია მხოლოდ იმ მმართველებსა თუ მთავრობებზე, რომლებიც ღვთის ხალხს დევნიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის მსახურები დედამიწის მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილს წარმოადგენენ, ისინი ხშირად ხდებიან დევნის ობიექტი. რით შეიძლება აიხსნას ეს? სატანისა და მისი ქვეყნიერების მთავარი მიზანია, ბოლო მოუღოს ყველას, ვინც იეჰოვასა და იესოს ემსახურება (დაბ. 3:15; გამოცხ. 11:7; 12:17). გასათვალისწინებელია ისიც, რომ დანიელის წიგნში ჩაწერილი წინასწარმეტყველების ახსნა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სხვა ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს. ამიტომ მისი მნიშვნელობა სწორად რომ გავიგოთ, ის წმინდა წერილების სხვა მონაკვეთებს უნდა შევადაროთ. w20.05 2 ¶1, 2
პარასკევი, 21 ოქტომბერი
როგორ აღდგებიან მკვდრები? როგორი სხეული ექნებათ? (1 კორ. 15:35).
დღეს უამრავი შეხედულება არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ. მაგრამ რა არის ბიბლიის თვალსაზრისი? ადამიანის სიკვდილის შემდეგ მისი სხეული იხრწნება. მაგრამ ღმერთს, რომელმაც არაფრისგან შექმნა სამყარო, შეუძლია აღადგინოს მიცვალებული და შესაფერისი სხეულიც უბოძოს (დაბ. 1:1; 2:7). მოციქულმა პავლემ მაგალითის საფუძველზე დაგვანახვა, რომ არაა აუცილებელი, ღმერთმა მკვდარს ისეთივე სხეული დაუბრუნოს, როგორიც მას სიცოცხლეში ჰქონდა. დაფიქრდით მარცვლის მაგალითზე. მარცვალი, რომელიც მიწაში ხვდება, ღივდება და აღმოცენდება. აღმონაცენი არაფრით ჰგავს მიწაში ჩათესილ ერთი ბეწო მარცვალს. მოციქულმა პავლემ ეს შედარება იმის საჩვენებლად გამოიყენა, რომ ჩვენს შემოქმედს შეუძლია მკვდარს ისეთი სხეული მისცეს, როგორიც თავად ნებავს. პავლემ აგრეთვე თქვა, რომ „არის ზეციერი სხეული და არის მიწიერი სხეული“. რას გულისხმობდა იგი? ჩვენ, ვინც დედამიწაზე ვმკვიდრობთ, ფიზიკური სხეული გვაქვს, ხოლო ზეცაში მკვიდრთ, მაგალითად, ანგელოზებს — სულიერი (1 კორ. 15:36—41). w20.12 9, 10 ¶7—9
შაბათი, 22 ოქტომბერი
როდემდე უნდა ვდარდობდე, როდემდე უნდა ვიყო გულდამწუხრებული? (ფსალმ. 13:2).
ვის არ უნდა მშვიდი და უშფოთველი ცხოვრება?! ფაქტია, დარდი და წუხილი არავის სიამოვნებს. მაგრამ, გვინდა თუ არ გვინდა, საწუხარს ყოველთვის ვერ გავექცევით. მეფე დავითის მსგავსად შესაძლოა ჩვენც გაგვიჩნდეს დღევანდელ მუხლში მოცემული კითხვა. ფაქტია, ყოველთვის არ შეგვიძლია შევცვალოთ ის გარემოებები, რომლებიც ჩვენს წუხილს იწვევს. მაგალითად, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ მზარდ ფასებს საკვებზე, ჩასაცმელზე თუ გადასახადებზე. ჩვენ ვერც იმ თანამშრომლებისა თუ თანაკლასელების აზროვნებას გავაკონტროლებთ, რომლებიც უპატიოსნო და უზნეო საქციელში ჩვენს აყოლიებას ცდილობენ. ვერც კრიმინალს აღმოვფხვრით ჩვენ ირგვლივ. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ცხოვრება გვიწევს ისეთ მსოფლიოში, სადაც ადამიანების უმეტესობას საერთოდ არ აინტერესებს ბიბლიური პრინციპები. სატანამ, ამ ქვეყნიერების ღმერთმა, კარგად იცის, რა ადვილად შეიძლება დაუკარგოს „ქვეყნიერების საზრუნავმა“ ადამიანს ღვთის მსახურების ხალისი (მათ. 13:22; 1 იოან. 5:19). ამიტომაც არ გვიკვირს, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე სტრესულ სიტუაციებს ვაწყდებით. w21.01 2 ¶1, 3
კვირა, 23 ოქტომბერი
ვისაც თავისი ძმა სძულს, მკვლელია; თქვენ კი იცით, რომ ვერცერთი მკვლელი ვერ მიიღებს მარადიულ სიცოცხლეს (1 იოან. 3:15).
მოციქული იოანე მოგვიწოდებს, რომ სიძულვილი არ ჩავიდოთ გულში და-ძმების მიმართ. თუ ამ რჩევას ყურად არ ვიღებთ, სატანას ჩვენზე ზემოქმედების საშუალებას მივცემთ (1 იოან. 2:11). ასე დაემართათ ზოგიერთებს ახ. წ. პირველი საუკუნის მიწურულს. სატანა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ღვთის ხალხს შორის სიძულვილი ჩაეთესა და განხეთქილება ჩამოეგდო. იმ დროისთვის, როცა იოანემ თავისი წერილები დაწერა, კრებაში შემოპარული იყვნენ ისეთები, რომლებსაც სატანური აზროვნება ჰქონდათ. მაგალითად, დიოტრეფე ცდილობდა, ერთ-ერთ კრებაში განხეთქილება ჩამოეგდო (3 იოან. 9, 10). ის ხელმძღვანელი საბჭოს მიერ გამოგზავნილ ძმებს უპატივცემულოდ ეპყრობოდა. იმდენად გაკადნიერდა, რომ კრებიდანაც კი აძევებდა მათ, ვინც ცდილობდა, სტუმართმოყვარულად დახვედროდა ამ ძმებს. სატანა დღესაც იმავე სტრატეგიას მიმართავს: „დაყავი და იბატონე“. ნუ მივცემთ მას იმის საშუალებას, რომ ჩვენ შორის განხეთქილება ჩამოაგდოს. w21.01 11 ¶14
ორშაბათი, 24 ოქტომბერი
როცა წინასწარმეტყველებას დაასრულებენ, . . მხეცი შეებრძოლება მათ, სძლევს და დახოცავს (გამოცხ. 11:7).
პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიისა და ბრიტანეთის მთავრობები დევნიდნენ ღვთის მსახურებს, რადგან ისინი უარს ამბობდნენ ომში მონაწილეობაზე. მათ არც შეერთებული შტატები ჩამორჩა და დააპატიმრა ის ძმები, რომლებიც სამქადაგებლო საქმეს ხელმძღვანელობდნენ. ამით შესრულდა გამოცხადების 11:7—10-ში ჩაწერილი სიტყვები, რომ ღვთის ხალხი დევნის ობიექტი გახდებოდა. შემდგომშიც, 1933 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით II მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთის მეფე დაუნდობლად ექცეოდა იეჰოვას ხალხს. ჰიტლერმა და მისმა მომხრეებმა ღვთის ხალხის საქმიანობა აკრძალეს. მათ ასობით იეჰოვას მოწმე სიცოცხლეს გამოასალმეს და ათასობით მათგანი საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს. ჩრდილოეთის მეფემ აკრძალა სამქადაგებლო საქმე, რითაც შებღალა „საწმინდარი“ და შეწყვიტა „მუდმივი მსხვერპლი“ (დან. 11:30ბ, 31ა). ჰიტლერმა დაიფიცა კიდეც, რომ გერმანიაში ღვთის ხალხის სახსენებელს მოსპობდა. w20.05 6 ¶12, 13
სამშაბათი, 25 ოქტომბერი
ძმური სიყვარული და სათუთი გრძნობები გქონდეთ ერთმანეთის მიმართ. პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით (რომ. 12:10).
თუ გულითადად გვეყვარება და-ძმები, არ ვეცდებით, რომ მათ თავი გადავამეტოთ. იონათანს არ შურდა დავითის და არც სამეფო ტახტში ეცილებოდა მას (1 სამ. 20:42). იონათანი თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითოა. ნუ შეგშურდებათ და-ძმების მათი უნარისა თუ ნიჭის გამო, არამედ „იყავით თავმდაბლები და სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად ჩათვალეთ“ (ფილ. 2:3). გახსოვდეთ, თითოეულ ჩვენგანს ღირსეული წვლილი შეგვაქვს კრების კეთილდღეობაში. თუ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ გვექნება, უფრო ადვილად შევამჩნევთ და-ძმების კარგ თვისებებს და შევძლებთ მათგან ბევრი რამ ვისწავლოთ (1 კორ. 12:21—25). თუ სათუთ გრძნობებს გამოვავლენთ ერთმანეთის მიმართ, შევინარჩუნებთ ერთობას ღვთის ხალხს შორის და დავამტკიცებთ, რომ იესო ქრისტეს მოწაფეები ვართ, რაც თავის მხრივ გულწრფელ ადამიანებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისკენ იზიდავს. რაც ყველაზე მთავარია, განვადიდებთ იეჰოვას, „თანამგრძნობ მამასა და ყოველმხრივ ნუგეშისმცემელ ღმერთს“ (2 კორ. 1:3). w21.01 24 ¶14; 25 ¶16
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი
თქვენ ქვეყნიერების ნაწილი არ ხართ, . . ამიტომ სძულხართ მას (იოან. 15:19).
დღეს იეჰოვას მოწმეებს უპატივცემულოდ გვექცევიან და დაგვცინიან, რადგან გაუნათლებელ და სუსტ ადამიანებად მიგვიჩნევენ. ამის მიზეზი ის არის, რომ არ ვიზიარებთ ქვეყნიერებაში გავრცელებულ შეხედულებებს. ჩვენ ვცდილობთ, თავმდაბლები, თვინიერები და მორჩილები ვიყოთ. ქვეყნიერებაში კი პირიქით, ამაყი, ამბიციური და მეამბოხე ადამიანები ფასობენ. გარდა ამისა, ჩვენ არ ვერევით პოლიტიკაში და არცერთი ქვეყნის სამხედრო ძალებში არ ვმსახურობთ. ჩვენ არ ვჯდებით ქვეყნიერების სტანდარტებში, ამიტომაც საზოგადოებისთვის ბევრს არაფერს წარმოვადგენთ (რომ. 12:2). მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიერება არაფრად გვაგდებს, იეჰოვა ჩვენი მეშვეობით გასაოცარ საქმეებს აკეთებს. მაგალითად, ყველაზე მასშტაბურ სამქადაგებლო საქმეს ახორციელებს. ჟურნალები, რომლებსაც ჩვენ გამოვცემთ, ყველაზე მეტ ენაზე და ყველაზე დიდი ტირაჟით არის ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ჩვენ მილიონობით ადამიანს ვეხმარებით ბიბლიის მეშვეობით ცხოვრების გაუმჯობესებაში. თუმცა კარგად გვესმის, რომ ამ ყველაფრის უკან მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვა დგას. w20.07 15 ¶5, 6
ხუთშაბათი, 27 ოქტომბერი
იმას ვაკეთებ, რაც მამამ დამიდო მცნებად (იოან. 14:31).
იესო იეჰოვას ემორჩილება, მაგრამ არა იმიტომ, რომ თავად არ ყოფნის ცოდნა ან უნარი. მხოლოდ გამორჩეული ინტელექტის მქონე ადამიანს შეეძლო ისე მარტივად და გასაგებად ესწავლებინა, როგორც ამას იესო აკეთებდა (იოან. 7:45, 46). იეჰოვა იმდენად აფასებდა იესოს უნარსა და შესაძლებლობებს, რომ სამყაროს შექმნის დროს გვერდში დაიყენა (იგავ. 8:30; ებრ. 1:2—4). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იეჰოვამ მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მას მიანდო (მათ. 28:18). მიუხედავად იმისა, რომ იესოს უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს, ის ხელმძღვანელობისთვის ისევ იეჰოვას მიმართავს, რადგან უყვარს მამა. ქმრებს უნდა ახსოვდეთ, რომ იეჰოვა ცოლს იმიტომ არ სთხოვს ქმრის მორჩილებას, რომ ქალს კაცზე დაბლა მდგომად მიიჩნევს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ იეჰოვამ იესოს თანამმართველებად კაცებთან ერთად ქალებიც აირჩია (გალ. 3:26—29). იეჰოვა ენდობა იესოს, ამიტომაც აღჭურა ის ძალაუფლებით. მსგავსად, გონიერი ქმარიც გარკვეულ უფლებამოსილებას ანიჭებს ცოლს. w21.02 11 ¶13, 14
პარასკევი, 28 ოქტომბერი
ბედნიერებად ვთვლით მათ, ვინც მოითმინა (იაკ. 5:11).
ღვთის სიტყვა სარკესავითაა, რომელიც გვეხმარება, დავინახოთ და გამოვასწოროთ ჩვენი ნაკლოვანებები (იაკ. 1:23—25). მაგალითად, ღვთის სიტყვის კვლევის დროს შეიძლება მივხვდეთ, რომ ემოციების მოთოკვა უნდა ვისწავლოთ. იეჰოვას დახმარებით გამოვიმუშავებთ რბილ ხასიათს, რაც დაგვეხმარება სხვებს უფრო ლმობიერად მოვეპყროთ და მშვიდად შევხვდეთ დაბრკოლებებს, უფრო საღად ვიაზროვნოთ და უკეთესი გადაწყვეტილებები მივიღოთ (იაკ. 3:13). ასე რომ, უაღრესად მნიშვნელოვანია ბიბლიის ღრმა კვლევა. ზოგჯერ ჭკუას საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ, თუმცა აჯობებს სხვების კარგი თუ ცუდი მაგალითებით ვიხელმძღვანელოთ. ამიტომაც გვირჩევს იაკობი, რომ დავუკვირდეთ აბრაამის, რახაბის, იობისა და ელიას მაგალითებს (იაკ. 2:21—26; 5:10, 11, 17, 18). ღვთის ეს ერთგული მსახურები ისე გაუმკლავდნენ სირთულეებს, რომ სიხარული არ დაუკარგავთ. მათი მაგალითები გვარწმუნებს, რომ იეჰოვას დახმარებით ჩვენც შევძლებთ ამას. w21.02 29, 30 ¶12, 13
შაბათი, 29 ოქტომბერი
რჩევის გარეშე გეგმები ჩაიშლება; ბრძოლის წარმართვას ბრძნული რჩევა სჭირდება (იგავ. 20:18).
ბიბლიის შესწავლის დროს უშუალოდ მასწავლებელია პასუხისმგებელი, რომ შემსწავლელს განსახილველი საკითხი კარგად აუხსნას. თუ ბიბლიის შესწავლაზე დაგპატიჟებენ, გახსოვდეთ, რომ თქვენ დამხმარის როლს ასრულებთ (ეკლ. 4:9, 10). რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ კარგი პარტნიორობა გასწიოთ? მოემზადეთ ბიბლიის შესწავლისთვის. ვიდრე შესწავლაზე წახვალთ, ჯერ მასწავლებლისგან გაიგეთ ცოტა რამ შემსწავლელზე. ამასთანავე ჰკითხეთ, რა თემას განიხილავთ შესწავლის დროს, რაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი, რისი თქმა ან გაკეთება ღირს ან არ ღირს შესწავლის დროს და რამ შეიძლება წაახალისოს ბიბლიის შემსწავლელი სულიერი წინსვლისკენ. ფაქტია, მასწავლებელი კონფიდენციალურ ინფორმაციას არ გაგიზიარებთ შემსწავლელზე, თუმცა რასაც გეტყვით, ეს შეიძლება პრაქტიკული აღმოჩნდეს თქვენთვის. ჯოი, რომელიც მისიონერად მსახურობს, ამბობს: „ამ ყველაფრის ცოდნა ეხმარება ჩემს პარტნიორს, რომ დაინტერესდეს ბიბლიის შემსწავლელით და თავისი წვლილი შეიტანოს შესწავლაში“. w21.03 9 ¶5, 6
კვირა, 30 ოქტომბერი
თუ ქვეყნიერებას სძულხართ, იცით, რომ თქვენამდე მე შემიძულა (იოან. 15:18).
ზოგჯერ ჩვენდამი სიძულვილს ის იწვევს, რომ ღვთის ზნეობრივი ნორმებით ვცხოვრობთ. ღვთის ნორმები რადიკალურად განსხვავდება ზნედაცემული ქვეყნიერების ნორმებისგან. მაგალითად, დღეს ბევრი იწონებს ისეთ ამაზრზენ უზნეობას, რომლის გამოც ღმერთმა სოდომი და გომორა გაანადგურა (იუდ. 7). ვინაიდან ამ საკითხში მტკიცე პოზიცია გვიკავია, ბევრი დაგვცინის და შეუწყნარებლად მიგვიჩნევს (1 პეტ. 4:3, 4). რა აგვატანინებს სხვების სიძულვილსა და შეურაცხყოფას? იმის მტკიცე რწმენა, რომ იეჰოვა დაგვეხმარება. ის ფარივით დაგვიცავს „ბოროტის ცეცხლმოკიდებული ისრებისგან“ (ეფეს. 6:16). თუმცა რწმენასთან ერთად სიყვარულიც გვჭირდება, რადგან სიყვარული „არ ღიზიანდება“ და „ყველაფერს იტანს“ (1 კორ. 13:4—7, 13). იეჰოვას, თანაქრისტიანებისა და მტრების სიყვარული დაგვეხმარება, ავიტანოთ სიძულვილი. w21.03 20, 21 ¶3, 4
ორშაბათი, 31 ოქტომბერი
ადვილად ნუ განაწყენდები, რადგან განაწყენება სულელთა უბეში ბუდობს (ეკლ. 7:9).
და-ძმების მიმართ სიყვარულს მაშინაც გამოვხატავთ, როცა ადვილად არ ვნაწყენდებით მათ ნათქვამზე. გავიხსენოთ, რა მოხდა იესოს დედამიწაზე მსახურების დროს. იესომ მოწაფეებს უთხრა, რომ სიცოცხლის მისაღებად მისი ხორცი უნდა ეჭამათ და მისი სისხლი დაელიათ (იოან. 6:53—57). ამის გაგონებამ ბევრი მისი მოწაფე ისე აღაშფოთა, რომ მიატოვეს ის, მაგრამ იესოს ნამდვილი მეგობრები ასე არ მოქცეულან. მართალია, უფლის ნათქვამი ვერც მათ გაიგეს და ისინიც გაოცებული დარჩნენ, მაგრამ მაინც მის გვერდით არჩიეს ყოფნა. იესოს ერთგულ მეგობრებს არ ჩაუთვლიათ, რომ მათი მოძღვარი სიცრუეს ლაპარაკობდა და ამის გამო არ გაბრაზებულან. მათ სჯეროდათ მისი და იცოდნენ, რომ რასაც ის ამბობდა, სიმართლე იყო (იოან. 6:60, 66—69). კარგი იქნება, თუ ჩვენი მეგობრების ყველა სიტყვაზე არ გავნაწყენდებით. აჯობებს, საშუალება მივცეთ, თავად აგვიხსნან, რასაც გულისხმობდნენ თავიანთ ნათქვამში (იგავ. 18:13). w21.01 11 ¶13