ნოემბერი
სამშაბათი, 1 ნოემბერი
მოსმენამდე პასუხის გაცემა უგუნურებაა და თავის დამცირება (იგავ. 18:13).
ჩვენი გადასახედიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ იონა არასაიმედო და ურჩი ადამიანი იყო. მან იეჰოვასგან დავალება მიიღო, რომ ნინევეში ჩასულიყო და ხალხისთვის გამოტანილი განაჩენი გაეცხადებინა. ნაცვლად იმისა, რომ დამორჩილებოდა იეჰოვას, ის იმ ხომალდზე ავიდა, რომელიც სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა. შეიძლება ითქვას, რომ იონა „გაექცა იეჰოვას“ (იონ. 1:1—3). მისცემდით მას კიდევ ერთ შანსს, რომ დავალებული საქმე შეესრულებინა? ალბათ, არა. თუმცა იეჰოვამ ჩათვალა, რომ იონა კიდევ ერთ შანსს იმსახურებდა (იონ. 3:1, 2). იონას ლოცვიდან გამოჩნდა, სინამდვილეში როგორი ადამიანი იყო ის (იონ. 2:1, 2, 9). ეჭვგარეშეა, იონა ხშირად მიმართავდა ღმერთს ლოცვით, თუმცა ლოცვა, რომელიც თევზის მუცელში წარმოთქვა, გვეხმარება, მის მიმართ მეტი პატივისცემით განვეწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ იონამ თავი აარიდა იეჰოვას დავალების შესრულებას, მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ის თავმდაბალი და მადლიერი ადამიანი იყო. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, იეჰოვას დამორჩილებოდა. როგორც ჩანს, იეჰოვამ ერთი შეცდომის გამო ხაზი არ გადაუსვა იონას, უპასუხა მის ლოცვას და კვლავაც წინასწარმეტყველებდა მისი მეშვეობით. მსგავსად, ძალიან მნიშვნელოვანია, რჩევის მიცემამდე უხუცესებმა მოუსმინონ თანაქრისტიანს! w20.04 15 ¶4—6
ოთხშაბათი, 2 ნოემბერი
პავლე . . . მათთან ერთად მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე. ის უხსნიდა და წერილებიდან უმტკიცებდა (საქ. 17:2, 3).
პირველი საუკუნის ქრისტიანებმა ირწმუნეს ნაქადაგები. მათ სჯეროდათ, რომ ღვთის სიტყვის გაგებაში წმინდა სული დაეხმარებოდათ. გამოკვლევის შედეგად ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს სწავლებები წმინდა წერილებს ეფუძნებოდა (საქ. 17:11, 12; ებრ. 5:14). მათ რწმენას მხოლოდ ემოციები და გრძნობები არ ედო საფუძვლად, არც იეჰოვას ემსახურებოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ თანამორწმუნეებთან ყოფნა სიამოვნებდათ. მათი რწმენა „ღვთის შესახებ საფუძვლიან ცოდნას“ ემყარებოდა (კოლ. 1:9, 10). ბიბლიური ჭეშმარიტება არასდროს იცვლება (ფსალმ. 119:160). ეს ასეა მაშინაც, როცა ვინმე გულს გვტკენს, სერიოზულ ცოდვას სჩადის ან განსაცდელი გვატყდება თავს. ამიტომაც კარგად უნდა გვესმოდეს ბიბლიური სწავლებები და ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს მათ უტყუარობაში. როგორც ღუზა ეხმარება ხომალდს ძლიერი ქარიშხლის დროს წონასწორობის შენარჩუნებაში, ისე ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული მტკიცე რწმენა დაგვეხმარება განსაცდელების დროს სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში. w20.07 9 ¶6, 7
ხუთშაბათი, 3 ნოემბერი
მან გვიბრძანა, საგულდაგულოდ გვექადაგა ხალხისთვის (საქ. 10:42).
იესო მიიჩნევს, რომ ცხებული ძმების მხარდაჭერა მისი მხარდაჭერაა (მათ. 25:34—40). ცხებულებს უმთავრესად იმით ვუჭერთ მხარს, რომ აქტიურად ვმონაწილეობთ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში, რომლის შესრულებაც იესომ დაგვავალა (მათ. 28:19, 20). დღეს მსოფლიო სამქადაგებლო საქმეს ქრისტეს ძმები „სხვა ცხვრის“ დახმარებით ახორციელებენ (იოან. 10:16). თუ „სხვა ცხვარს“ მიეკუთვნებით, სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობით მხოლოდ ცხებულებს კი არა, თავად იესოსაც დაუმტკიცებთ სიყვარულს. იეჰოვასა და იესოს მაშინაც ვუახლოვდებით, როცა შესაწირავებით მხარს ვუჭერთ საქმეს, რომელსაც ისინი ხელმძღვანელობენ (ლუკ. 16:9). მაგალითად, შეგვიძლია შესაწირავი გავიღოთ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის. ჩვენ მიერ გაღებული თანხა შეიძლება მოხმარდეს სტიქიით დაზარალებულთა დახმარებას. აგრეთვე შეგვიძლია შესაწირავი გავიღოთ კრების საჭიროებისთვის ან გაჭირვებულ და-ძმებს დავეხმაროთ (იგავ. 19:17). w20.04 24 ¶12, 13
პარასკევი, 4 ნოემბერი
იგი არად ჩააგდებს თავისი მამა-პაპის ღმერთს . . . თუმცა ის დიდებას ციხესიმაგრეთა ღმერთს მიაგებს (დან. 11:37, 38).
წინასწარმეტყველების თანახმად, ჩრდილოეთის მეფე არ მიაქცევდა „ყურადღებას თავისი მამების ღმერთს“. რას ნიშნავს ეს? რელიგიების განადგურების მიზნით საბჭოთა კავშირი შეეცადა, ტრადიციული რელიგიებისთვის ძირი გამოეთხარა. ამ მიზნის მისაღწევად საბჭოთა მთავრობამ 1918 წელს განკარგულება გასცა, რომლის საფუძველზეც სკოლებში ათეიზმის სწავლება დაიწყეს. მაგრამ როგორ განადიდებდა ჩრდილოეთის მეფე „სიმაგრის ღმერთს“? საბჭოთა კავშირმა ჯარის გასაძლიერებლად უზარმაზარი თანხები გაიღო და ძალაუფლების გასამყარებლად ათასობით ბირთვული იარაღი შექმნა. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეებმა იმდენად მძლავრი იარაღები შექმნეს, რომ შეუძლიათ მილიარდობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირონ. თუმცა ერთ საკითხში ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. მათ ფეხზე წამოაყენეს „გამაპარტახებელი სისაძაგლე“, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია წარმოადგენს (დან. 11:31). w20.05 6, 7 ¶16, 17
შაბათი, 5 ნოემბერი
შენი ძმა . . . დაკარგული იყო და გამოჩნდა (ლუკ. 15:32).
ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არააქტიურების ძებნაში? კრებაში ამის გაკეთება ყველას შეუძლია — უხუცესებს, პიონერებს, ნებისმიერ მაუწყებელსა თუ არააქტიურის ოჯახის წევრებს. გყავთ ვინმე მეგობრებს ან ნათესავებს შორის, ვინც კრებას ჩამოშორდა? ხომ არ შეხვედრიხართ არააქტიურ მაუწყებელს კარდაკარ ან სტენდით ქადაგების დროს? შეგიძლიათ ასეთებს შესთავაზოთ, რომ სიამოვნებით გადასცემთ მათ საკონტაქტო ინფორმაციას ადგილობრივი კრების უხუცესებს, თუ ამის სურვილი ექნებათ. ერთ-ერთი უხუცესი, სახელად ტომასი ამბობს: „ჯერ და-ძმებს ვეკითხები, ამჟამად სად ცხოვრობენ კრების არააქტიური მაუწყებლები. ან ხომ არ ახსენდებათ, ვინ აღარ დადის კრებაზე. როცა არააქტიურ და-ძმებს ვინახულებ, ვეკითხები ხოლმე თავიანთი შვილებისა და ნათესავების შესახებ. ზოგჯერ საუბარში ირკვევა, რომ ადრე მათი შვილებიც დადიოდნენ კრებაზე ან მაუწყებლებიც კი იყვნენ. ასე რომ, მათ შვილებსაც შეიძლება დავეხმაროთ იეჰოვასთან დაბრუნებაში“. w20.06 24 ¶1; 25 ¶6, 7
კვირა, 6 ნოემბერი
ყოველთვის მემახსოვრება იაჰის საქმეები, არასდროს დავივიწყებ გასაოცარ საქმეებს, უწინ რომ მოიმოქმედე (ფსალმ. 77:11).
სხვა ყველა ქმნილებისგან განსხვავებით მხოლოდ ადამიანებს აქვთ უნარი, გააანალიზონ წარსული და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ჩამოიყალიბონ ზნეობრივი ფასეულობები. სწორედ ამის წყალობით შეგვიძლია შევიცვალოთ აზროვნება თუ ცხოვრების წესი და უკეთესი ადამიანები გავხდეთ (1 კორ. 6:9—11; კოლ. 3:9, 10). ჩვენ გვაქვს უნარი, გავწაფოთ სინდისი, რათა კარგისა და ცუდის გარჩევა შევძლოთ (ებრ. 5:14). აგრეთვე შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ გამოვავლინოთ ისეთი თვისებები, როგორიცაა სიყვარული, თანაგრძნობა და გულმოწყალება და სამართლიანობაზე იეჰოვას თვალსაზრისი ავირეკლოთ. რით ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ იეჰოვასგან ბოძებულ მახსოვრობის უნარს? კარგი იქნება, თუ ყოველთვის გვემახსოვრება, როგორ გვეხმარებოდა და გვანუგეშებდა იეჰოვა. ეს ნდობას გაგვიღრმავებს ზეციერი მამის მიმართ და ეჭვი არ შეგვეპარება, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს (ფსალმ. 77:12; 78:4, 7). მახსოვრობის უნარს იმითაც დავაფასებთ, თუ არ დავივიწყებთ სხვების სიკეთეს და მადლიერი ვიქნებით ამისთვის. მეცნიერების თქმით, მადლიერი ადამიანები უფრო ბედნიერები არიან. w20.05 23 ¶12, 13
ორშაბათი, 7 ნოემბერი
[გქონდეთ] შიში თქვენი ღვთის დიდებული და მოწიწების მომგვრელი სახელისადმი, იეჰოვასადმი (კან. 28:58).
დავფიქრდეთ, რას გრძნობდა მოსე, როცა გამოქვაბულში მყოფმა ღვთის დიდება იხილა. „საკვლევ ცნობარში“ აღნიშნულია, რომ „ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენა, რომლის მსგავსიც იესო ქრისტეს დედამიწაზე მოსვლამდე არავის ეხილა“. როგორც ჩანს, მოსემ შემდეგი სიტყვები ანგელოზისგან მოისმინა: „იეჰოვა, იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია, რისხვაში ნელი, უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში; ათასებისთვის ინახავს სიკეთეს, პატიობს დანაშაულს, შეცოდებასა და ცოდვას“ (გამ. 33:17—23; 34:5—7). როცა მოსე დღევანდელ მუხლში მოცემულ სიტყვებს ამბობდა და ღვთის სახელს, იეჰოვას ახსენებდა, ალბათ, ეს შემთხვევა ამოუტივტივდებოდა გონებაში. კარგი იქნება დავფიქრდეთ, როგორი პიროვნება დგას ამ სახელის მიღმა. ის ხომ ძლიერი, ბრძენი, სამართლიანი და მოსიყვარულეა. ამ და სხვა თვისებებზე ფიქრი ღვთისადმი მოწიწებითა და ღრმა პატივისცემით განგვაწყობს (ფსალმ. 77:11—15). w20.06 8, 9 ¶3, 4
სამშაბათი, 8 ნოემბერი
კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაც იწამე (2 ტიმ. 3:14).
იესოს სიტყვების თანახმად, მის მიმდევრებს სხვებისგან სიყვარული გამოარჩევდათ (იოან. 13:34, 35). თუმცა რწმენის განსამტკიცებლად მხოლოდ ეს არ კმარა. ჩვენს რწმენას მხოლოდ ღვთის ხალხს შორის არსებული ქრისტიანული სიყვარული არ უნდა ედოს საფუძვლად. რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ რომ, თუ ჩვენს რწმენას მხოლოდ ამ სიყვარულზე დავაფუძნებთ, ადვილად დავკარგავთ მას. მაგალითად, თუ გავიგებთ, რომ თანაქრისტიანმა, მით უმეტეს, თუ ის უხუცესი ან პიონერია, სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, შეიძლება ჩამოვშორდეთ იეჰოვას. რწმენა იმანაც შეიძლება დაგვინგრიოს, თუ თანაქრისტიანი გულს გვატკენს ან განდგომილი გახდება და იმის მტკიცებას დაიწყებს, რომ შეცდომაში ვართ შეყვანილი. რას ვასკვნით აქედან? თუ ჩვენს რწმენას მხოლოდ სხვების საქციელი უდევს საფუძვლად და არა იეჰოვასთან ჩვენი პირადი ურთიერთობა, ის მყარი ვერ იქნება. თქვენი რწმენის „ასაშენებლად“ მხოლოდ მყიფე მასალა — გრძნობები და ემოციები — კი არ უნდა გამოიყენოთ, არამედ მყარი მასალაც — უტყუარი ფაქტები და ძლიერი ლოგიკა. თავად უნდა დარწმუნდეთ, რომ, რასაც ბიბლია იეჰოვას შესახებ გვასწავლის, ჭეშმარიტებაა (რომ. 12:2). w20.07 8 ¶2, 3
ოთხშაბათი, 9 ნოემბერი
მხარში ამოუდგეთ მათ, ვისაც დახმარება სჭირდება (საქ. 20:35).
მრავალი შემთხვევა ცხადყოფს, რომ ანგელოზები მხარს გვიჭერენ იმ არააქტიურთა ძებნაში, რომელთაც იეჰოვასთან დაბრუნება სურთ (გამოცხ. 14:6). მაგალითად, ეკვადორელი ძმა სილვიო კრებაში დასაბრუნებლად იეჰოვას დახმარებას მთელი გულით სთხოვდა. ერთხელ, როცა ის ჯერ კიდევ ლოცულობდა, ორმა უხუცესმა მის კარზე ზარი დარეკა. მათ ძალიან გაუხარდათ, რომ სილვიოს დახმარების შესაძლებლობა მიეცათ. უდიდეს სიხარულს გვანიჭებს, როცა სულიერად მოსუსტებულებს იეჰოვასთან დაბრუნებაში ვეხმარებით. ერთი პიონერი, სახელად სალვადორი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს არააქტიურებს, ამბობს: „ზოგჯერ სიხარულის ცრემლებს ძლივს ვიკავებ. ძალიან მსიამოვნებს იმის დანახვა, თუ როგორ ეხმარება იეჰოვა თავის ძვირფას ცხვარს, თავი დააღწიოს სატანის ქვეყნიერებას. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ამ საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო“. თუ თქვენც მათ შორის ხართ, ვინც ჩამოშორდა ღვთის ხალხს, გჯეროდეთ, რომ იეჰოვას კვლავაც უყვარხართ და სურს, დაუბრუნდეთ. w20.06 29 ¶16—18
ხუთშაბათი, 10 ნოემბერი
დაინახავ შენს დიდებულ მოძღვარს (ეს. 30:20).
იეჰოვა, როგორც „დიდებული მოძღვარი“, თავის სიტყვაში ჩაწერილი მაგალითებით გვასწავლის (ეს. 30:21). ამ მაგალითებიდან ვსწავლობთ, როგორ გამოვავლინოთ ღვთისმოსაწონი თვისებები. აგრეთვე ვხედავთ, რა სავალალო შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ თვისებების უგულებელყოფამ (ფსალმ. 37:37; 1 კორ. 10:11). განვიხილოთ მეფე საულის მაგალითი. თავიდან ის მოკრძალებული ახალგაზრდა იყო. მან კარგად იცოდა თავისი შესაძლებლობების ზღვარი და ფიქრობდა, რომ დიდი პასუხისმგებლობის ასაღებად მზად არ იყო (1 სამ. 9:21; 10:20—22). თუმცა გამეფებიდან მალევე ის გაკადნიერდა და იმის კეთება დაიწყო, რისი უფლებაც არ ჰქონდა. ერთხელ წინასწარმეტყველი სამუელის მოლოდინში საულმა მოთმინება დაკარგა და დასაწვავი შესაწირავი აღავლინა, რისი უფლებაც არ ჰქონდა. შედეგად, არა მარტო იეჰოვას კეთილგანწყობა დაკარგა, არამედ მეფობაც (1 სამ. 13:8—14). გონიერებას გამოვავლენთ, თუ ყურად ვიღებთ ამ გამაფრთხილებელ მაგალითს და არ გავკადნიერდებით. w20.08 10 ¶10, 11
პარასკევი, 11 ნოემბერი
პატივი [ეცით] მათ, . . ვინც გხელმძღვანელობთ უფლის საქმეში (1 თეს. 5:12).
ვიცით, რომ ქრისტეს მეშვეობით იეჰოვამ კრებას უბოძა „ძღვენი ადამიანთა სახით“ (ეფეს. 4:8). ამ ძღვენში იგულისხმებიან ხელმძღვანელი საბჭოს წევრები, მათი დამხმარეები, ფილიალის კომიტეტის წევრები, სარაიონო ზედამხედველები, თეოკრატიული სკოლების მასწავლებლები, კრების უხუცესები და მომსახურეები. ყველა ეს ძმა წმინდა სულით არის დანიშნული, რათა იეჰოვას ძვირფას ცხვარზე იზრუნონ და კრების განმტკიცებას შეუწყონ ხელი (1 პეტ. 5:2, 3). წმინდა სულით დანიშნული ძმები სხვადასხვა პასუხისმგებლობას ასრულებენ. როგორც სხეულის სხვადასხვა ნაწილი, მაგალითად, ხელ-ფეხი დიდ სამსახურს უწევს მთელ სხეულს, ისე წმინდა სულით დანიშნული ძმებიც ბევრს შრომობენ მთელი კრების კეთილდღეობისთვის. თუმცა ამას თავის წარმოსაჩენად არ აკეთებენ. პირიქით, ცდილობენ, აღაშენონ და განამტკიცონ და-ძმები (1 თეს. 2:6—8). მადლიერები ვართ იეჰოვასი ამ სულიერად მოაზროვნე და უანგარო ძმებისთვის. w20.08 21 ¶5, 6
შაბათი, 12 ნოემბერი
წადით . . . და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ (მათ. 28:19, 20).
ერთ-ერთი მიზეზი, რაც ქადაგებისკენ აღგვძრავს ისაა, რომ ადამიანები „გასაცოდავებულ და დაფანტულ“ ცხვრებს ჰგვანან და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების მოსმენა (მათ. 9:36). იეჰოვას სურს, რომ ყველანაირმა ადამიანმა მიიღოს ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა და გადარჩეს (1 ტიმ. 2:4). როცა ვხვდებით, რომ სამქადაგებლო საქმიანობას ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, სურვილი გვიჩნდება, მონაწილეობა მივიღოთ ამ საქმეში (რომ. 10:13—15; 1 ტიმ. 4:16). ჩვენ სათანადოდ უნდა ვიყოთ აღჭურვილი ჩვენი საქმის შესასრულებლად და ვიცოდეთ ამ აღჭურვილობის გამოყენება. იესომ ნათლად აუხსნა მოწაფეებს, როგორ ექადაგათ სასიხარულო ცნობა, რა უნდა წაეღოთ თან, სად უნდა ექადაგათ და რა უნდა ელაპარაკათ (მათ. 10:5—7; ლუკ. 10:1—11). იეჰოვას ორგანიზაცია გვთავაზობს „სწავლებაში დამხმარე საშუალებებს“, რომლებიც ამ საქმისთვის არის ზედგამოჭრილი, და მათ გამოყენებასაც გვასწავლის. სწავლის შედეგად თვითრწმენა გვემატება და საქმესაც უკეთ ვართმევთ თავს (2 ტიმ. 2:15). w20.09 4 ¶6, 7, 10
კვირა, 13 ნოემბერი
ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტების გზით დადიან (3 იოან. 4).
წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებდა მოციქულ იოანეს იმის გაგება, რომ ისინი, ვისაც ჭეშმარიტების გაგებაში დაეხმარა, კვლავაც ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას. ეს და-ძმები ბევრ პრობლემას შეხვდნენ, იოანე კი თავდაუზოგავად ცდილობდა, ამ ერთგული ქრისტიანებისთვის, რომლებსაც სულიერ შვილებად თვლიდა, რწმენა განემტკიცებინა. ჩვენც გვახარებს, როცა ჩვენი ხორციელი თუ სულიერი შვილები თავს უძღვნიან იეჰოვას და ერთგულად ემსახურებიან მას (3 იოან. 3). დაახლოებით ახ. წ. 98 წელს იოანემ ღვთის წმინდა სულით სამი წერილი დაწერა. ამ წერილებით მას სურდა, წაეხალისებინა ერთგული ქრისტიანები, იესოს მიმართ რწმენა არ დაეკარგათ და კვლავაც ჭეშმარიტების გზით ევლოთ. იოანე ძალიან წუხდა იმ უარყოფითი გავლენის გამო, რომელსაც ცრუ მასწავლებლები ახდენდნენ კრებებზე (1 იოან. 2:18, 19, 26). ამ განდგომილებს იმის პრეტენზია ჰქონდათ, რომ ღმერთს იცნობდნენ, თუმცა იეჰოვას მცნებებს არ იცავდნენ. w20.07 20 ¶1—3
ორშაბათი, 14 ნოემბერი
ირწმუნეთ ღმერთი და მირწმუნეთ მე! (იოან. 14:1).
ჩვენ გვჯერა იმის, რასაც ვქადაგებთ, და გვინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიაროთ ის. ამასთანავე, ეჭვი არ გვეპარება ღვთის სიტყვაში ჩაწერილი დაპირებების უტყუარობაში (ფსალმ. 119:42; ეს. 40:8). ჩვენ თვალწინ მრავალი ბიბლიური წინასწარმეტყველება სრულდება. იმასაც ვხედავთ, როგორ იცვლება უკეთესობისკენ მათი ცხოვრება, ვინც ბიბლიურ რჩევებს ითვალისწინებს. ეს ყველაფერი კი გვიძლიერებს იმის რწმენას, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მოსმენა ხალხს ჰაერივით სჭირდება. გარდა ამისა, ჩვენ გვწამს იეჰოვასი, რომლის ცნობასაც ვქადაგებთ, და იესოსი, რომელიც მან ზეციერი სამეფოს მეფედ დანიშნა. რა მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ, იეჰოვა ყოველთვის ჩვენი თავშესაფარი და ძალა იქნება (ფსალმ. 46:1—3). ჩვენ ისიც გვჯერა, რომ იესო იეჰოვასგან მინიჭებული ძალითა და ძალაუფლებით ზეციდან ხელმძღვანელობს სამქადაგებლო საქმეს (მათ. 28:18—20). რწმენა გულდაჯერებულობას გვმატებს, რომ იეჰოვა აკურთხებს ჩვენს მცდელობას. w20.09 12 ¶15—17
სამშაბათი, 15 ნოემბერი
მან ხომ სიკეთე გამიკეთა . . . მან ის გააკეთა, რაც შეეძლო (მარ. 14:6, 8).
ზოგჯერ შეიძლება ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ დას საკუთარი ინტერესების დასაცავად დახმარება დასჭირდეს (ეს. 1:17). მაგალითად, ქვრივ ან განქორწინებულ დას შეიძლება იმ სფეროებში სჭირდება მხარში დგომა, რაზეც მანამდე მისი ქმარი ზრუნავდა. ხანდაზმულ დას შეიძლება ექიმთან შუამდგომლობაში დაეხმაროს ვინმე. პიონერ დას, რომელიც თეოკრატიულ პროექტებში მონაწილეობს, მაგრამ აკრიტიკებენ, რომ სხვა პიონერებივით დიდ დროს ვეღარ უთმობს ქადაგებას, შეიძლება სიტყვა შეაწიოს ვინმემ. დავფიქრდეთ იესოს მაგალითზე. იესო ყოველთვის მზად იყო, გამოსარჩლებოდა თავის სულიერ დებს, როცა მათ აკრიტიკებდნენ. მაგალითად, ის გამოექომაგა მარიამს, რომელსაც მართამ უსაყვედურა (ლუკ. 10:38—42). მან მარიამი მაშინაც დაიცვა, როცა ქალს არ მოუწონეს საქციელი და გააკრიტიკეს (მარკ. 14:3—9). იესომ იცოდა, რა მოტივი ამოძრავებდა მარიამს, ამიტომ შეაქო ის. იესომ ისიც კი იწინასწარმეტყველა, რომ სადაც სასიხარულო ცნობას იქადაგებდნენ, ამ ქალის სიკეთესაც გაიხსენებდნენ. w20.09 24 ¶15, 16
ოთხშაბათი, 16 ნოემბერი
როგორც ზედამხედველებმა, მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო, ოღონდ არა იძულებით, არამედ ხალისით (1 პეტ. 5:2).
კარგმა მწყემსმა იცოდა, რომ ცხვარი შეიძლება ნებისმიერ დროს დაკარგულიყო. თუ ცხვარი ფარას ჩამოშორდებოდა, მწყემსი მას უხეშად არ მოექცეოდა. ახლა ვისაუბროთ, როგორ დაეხმარა იეჰოვა წარსულში თავის გზააბნეულ მსახურებს. წინასწარმეტყველმა იონამ თავი აარიდა იეჰოვასგან მიცემული დავალების შესრულებას, თუმცა იეჰოვას ხელი არ ჩაუქნევია მასზე. კარგი მწყემსის მსგავსად ღმერთმა გადაარჩინა ის და დავალების შესასრულებლად ძალაც შემატა (იონ. 2:7; 3:1, 2). მოგვიანებით, ღმერთმა მას აყიროს მაგალითით დაანახვა, რამდენად ღირებულია თითოეული ადამიანის სიცოცხლე (იონ. 4:10, 11). რას ვსწავლობთ აქედან? უხუცესებმა ხელი არ უნდა ჩაიქნიონ მასზე, ვინც არააქტიური გახდა. მათ უნდა გაარკვიონ, რის გამო ჩამოშორდა ის ფარას. ხოლო, როცა არააქტიური კრებას დაუბრუნდება, უხუცესებმა მის მიმართ კვლავაც სიყვარული და მზრუნველობა უნდა გამოავლინონ. w20.06 20, 21 ¶10—12
ხუთშაბათი, 17 ნოემბერი
მცირეოდენ დახმარებას მიიღებენ (დან. 11:34).
მას შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, ღვთის ხალხს გარკვეული თავისუფლება მიეცა, რომელსაც დანიელის წიგნი „მცირეოდენ დახმარებას“ უწოდებს. იეჰოვას მოწმეებმა თავისუფლად დაიწყეს ქადაგება, რის შედეგადაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მაუწყებელთა რიცხვმა ასობით ათასს მიაღწია. დროთა განმავლობაში ნათელი გახდა, რომ რუსეთი და მისი მოკავშირეები ჩრდილოეთის მეფეს წარმოადგენენ. იმისათვის, რომ რომელიმე ხელისუფლება ჩრდილოეთის ან სამხრეთის მეფედ მივიჩნიოთ, ის სამ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს: 1) მან იერიში უნდა მიიტანოს ღვთის ხალხზე 2) მისი ქმედებებიდან უნდა ჩანდეს, რომ სძულს იეჰოვა და მისი ხალხი და 3) უნდა უპირისპირდებოდეს მოწინააღმდეგე მეფეს. რუსეთმა და მისმა მოკავშირეებმა იერიში მიიტანეს ღვთის ხალხზე — აკრძალეს სამქადაგებლო საქმიანობა და დევნიან ასობით ათას იეჰოვას მოწმეს. მათი ქმედებები იმაზე მოწმობს, რომ სძულთ იეჰოვა და მისი ხალხი. ისინი უპირისპირდებიან სამხრეთის მეფეს, ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიას. w20.05 12, 13 ¶3, 4
პარასკევი, 18 ნოემბერი
ყოველთვის დაუკვირდი, . . რას და როგორ ასწავლი (1 ტიმ. 4:16).
ვინაიდან ჩვენ შემთხვევაში სწავლება მოწაფეების მომზადებასთან არის დაკავშირებული, გვინდა, ამ საქმეს მთელი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. ჩვენ მილიონობით ადამიანს ვასწავლით ბიბლიურ ჭეშმარიტებას. ჩვენ გვსიამოვნებს ადამიანებთან ბიბლიურ თემებზე საუბარი. ამიტომ შეიძლება ბევრი ლაპარაკის ცდუნება გაგვიჩნდეს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას ვატარებთ, კრების ბიბლიის შესწავლას თუ ბიბლიის შესწავლას, ბევრი არ უნდა ვილაპარაკოთ. მასწავლებელი იმ შემთხვევაში გამოიყენებს ბიბლიას დახელოვნებულად, თუ არ ეცდება, ბევრი ილაპარაკოს და ერთიანად ახსნას ყველაფერი კონკრეტული მუხლისა თუ საკითხის შესახებ (იოან. 16:12). გაიხსენეთ, დღევანდელთან შედარებით რამდენად მწირი იყო თქვენი ბიბლიური ცოდნა, როცა ახალმონათლული იყავით. ალბათ, მაშინ მხოლოდ ძირითადი ბიბლიური სწავლებები იცოდით (ებრ. 6:1). წლები დაგჭირდათ იმ ცოდნის შესაძენად, რაც დღეს გაქვთ. ამიტომ ნუ ეცდებით, ბიბლიის შემსწავლელს ერთბაშად ასწავლოთ ყველაფერი. w20.10 14, 15 ¶2—4
შაბათი, 19 ნოემბერი
ეს ხომ დურგალია, მარიამის ვაჟი?! (მარ. 6:3).
იეჰოვამ იესოს საუკეთესო მშობლები შეურჩია (მათ. 1:18—23; ლუკ. 1:26—38). ბიბლიაში ჩაწერილი მარიამის გულწრფელი სიტყვებიდან აშკარად ჩანს იეჰოვასა და მისი სიტყვისადმი უდიდესი სიყვარული (ლუკ. 1:46—55). რაც შეეხება იოსებს, მისი ღვთისმოშიშება კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა დაემორჩილა იეჰოვას მითითებას (მათ. 1:24). აღსანიშნავია, რომ იეჰოვას იესოსთვის მდიდარი მშობლები არ აურჩევია. ისინი რომ ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, ის შესაწირავიც მეტყველებს, რომელიც იოსებმა და მარიამმა იესოს დაბადების შემდეგ გაიღეს (ლუკ. 2:24). მათ მოკრძალებული შემოსავლით მოუწევდათ თავის გატანა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოჯახს სულ მცირე შვიდი შვილი ჰყავდა (მათ. 13:55, 56). მართალია, იეჰოვა ზოგი საფრთხისგან იცავდა იესოს, მაგრამ ყველა სირთულე არ აურიდებია მისთვის (მათ. 2:13—15). მაგალითად, იესოსთვის ადვილი არ იქნებოდა იმ ნათესავებთან ურთიერთობა, რომლებსაც არ სწამდათ მისი და არ აღიარებდნენ მესიად (მარ. 3:21; იოან. 7:5). გარდა ამისა, შესაძლოა მას მამობილიც ნაადრევად გამოეცალა ხელიდან. w20.10 26, 27 ¶4—6
კვირა, 20 ნოემბერი
არასდროს დაგტოვებ და არ მიგატოვებ (ებრ. 13:5).
გიგრძნიათ თავი მარტო, თითქოს პრობლემების დროს არავინ გიდგათ გვერდში? მსგავსი რამ ბევრს გამოუცდია, მათ შორის ღვთის ერთგულ მსახურებსაც კი (1 მეფ. 19:14). თუ ასეთი ფიქრები თქვენც მოგეძალებათ, გაიხსენეთ იეჰოვას დაპირება: „არასდროს დაგტოვებ და არ მიგატოვებ“. ამიტომ სრული დამაჯერებლობით შეგვიძლია ვთქვათ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება“ (ებრ. 13:5, 6). მოციქულმა პავლემ ეს სიტყვები იუდეაში მცხოვრებ თანამორწმუნეებს დაახლოებით ახ. წ. 61 წელს მისწერა. ეს სიტყვები მოგვაგონებს 118-ე ფსალმუნის მე-5—7 მუხლებში ჩაწერილ სიტყვებს. ფსალმუნმომღერლის მსგავსად პავლემაც საკუთარ თავზე გამოცადა, რომ იეჰოვა მისი შემწე იყო. მაგალითად, დაახლოებით ახ. წ. 58 წელს, სანამ პავლე ებრაელებს წერილს მისწერდა, მას ზღვით სახიფათო მოგზაურობა მოუწია (საქ. 27:4, 15, 20). მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში და მანამდეც, იეჰოვამ არაერთხელ დაარწმუნა პავლე, რომ მისი შემწე იყო. w20.11 12 ¶1, 2
ორშაბათი, 21 ნოემბერი
ნუ იტყვი, წარსული ახლანდელს სჯობიაო (ეკლ. 7:10).
რატომ არ არის გონივრული გამუდმებით იმაზე ფიქრი, რომ წარსული აწმყოს სჯობდა? როცა ნოსტალგია შემოგვაწვება და რაიმე გვენატრება, როგორც წესი, წარსულიდან მხოლოდ კარგი გვახსენდება. ეს კარგად ჩანს ისრაელების შემთხვევიდან. ეგვიპტის დატოვების შემდეგ მათ მალე დაავიწყდათ, რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ეგვიპტეში და ისღა ახსოვდათ, რას ჭამდნენ იქ. ისინი ამბობდნენ: „რა დრო იყო, ეგვიპტეში მუქთად რომ ვჭამდით თევზს, კიტრს, საზამთროს, პრასს, ხახვსა და ნიორს!“ (რიცხ. 11:5). მართლა „მუქთად“ ჰქონდათ ისრაელებს ეს ყოველივე? რასაკვირველია, არა! მათ ლუკმაპურის შოვნა მონური შრომის ფასად უჯდებოდათ (გამ. 1:13, 14; 3:6—9). თუმცა მათ დაავიწყდათ წარსულის მძიმე ყოფა და მხოლოდ კარგს მისტიროდნენ. ისრაელები იმაზე კი არ ფიქრობდნენ, რასაც იეჰოვა მათთვის აკეთებდა, არამედ იმას შენატროდნენ, რაც წარსულში დარჩა. იეჰოვა არ იწონებდა მათ ასეთ დამოკიდებულებას (რიცხ. 11:10). w20.11 25 ¶5, 6
სამშაბათი, 22 ნოემბერი
იეჰოვა ახლოს არის გულგატეხილებთან, ის იხსნის სულდამწუხრებულებს (ფსალმ. 34:18).
ზოგჯერ შესაძლოა გვეფიქრებოდეს იმაზე, რომ ჩვენი ცხოვრება ხანმოკლე და გასაჭირით სავსეა (იობ. 14:1). ამიტომ, თუკი ხანდახან გულგატეხილობა დაგვეუფლება, გასაკვირი არაა. მსგავსი გრძნობები არც ძველ დროში მცხოვრები ღვთის მსახურებისთვის იყო უცხო. ზოგი მათგანი სიკვდილსაც კი ნატრობდა (1 მეფ. 19:2—4; იობ. 3:1—3, 11; 7:15, 16). მაგრამ ღმერთი, რომელზეც ისინი იყვნენ მინდობილი, ყოველთვის ანუგეშებდა და აძლიერებდა მათ. მათი შემთხვევები ჩვენ სანუგეშებლად და სასწავლებლად ჩაიწერა ბიბლიაში (რომ. 15:4). დავფიქრდეთ იოსებზე. თვალსა და ხელს შუა მამის საყვარელი შვილი წარმართი ეგვიპტელი მოხელის მონად იქცა! (დაბ. 37:3, 4, 21—28; 39:1). მოგვიანებით ფოტიფარის ცოლმა მას გაუპატიურების მცდელობაში დასდო ბრალი. ფოტიფარმა იოსები შებორკა და საპყრობილეში ჩააგდო საქმის გამოუძიებლად (დაბ. 39:14—20; ფსალმ. 105:17, 18). იოსებს ნამდვილად ჰქონდა გულგატეხილობის მიზეზი! w20.12 16, 17 ¶1—4
ოთხშაბათი, 23 ნოემბერი
განიწმინდოს შენი სახელი (მათ. 6:9).
როგორც იესომ თქვა, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რის შესახებაც უნდა ვილოცოთ. როგორ უნდა გავიგოთ იესოს სიტყვები? განწმენდა ნიშნავს რაიმეს გასპეტაკებას ან გასუფთავებას. შეიძლება ზოგმა იკითხოს: განა ისედაც წმინდა და სპეტაკი არ არის ღვთის სახელი?! ამ კითხვას პასუხი რომ გავცეთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რა დატვირთვა აქვს ზოგადად სახელს. სახელი გაცილებით მეტია, ვიდრე ასოთა კომბინაცია ან ბგერათა ერთობლიობა. ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ბიბლია: „კარგი სახელი დიდ სიმდიდრეს სჯობია“ (იგავ. 22:1; ეკლ. 7:1). რატომ ენიჭება სახელს ასეთი მნიშვნელობა? იმიტომ, რომ მასში რეპუტაციაც მოიაზრება, ანუ სხვების შეხედულება მასზე, ვინც ამ სახელს ატარებს. ასე რომ, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, როგორ იწერება ან გამოითქმის სახელი, არამედ ის, თუ რას ეუბნება ეს სახელი სხვებს. როცა ვინმე იეჰოვას შესახებ სიცრუეს ლაპარაკობს, მას რეპუტაციას ულახავს და ამგვარად შეურაცხყოფს მის სახელს. w20.06 3 ¶5—7
ხუთშაბათი, 24 ნოემბერი
დიდად შეძრწუნებული ვარ; მიპასუხე, იეჰოვა, როდემდე უნდა ვიყო ასე?! (ფსალმ. 6:3).
მრავალმა საფიქრალმა შეიძლება მოსვენება დაგვიკარგოს. მაგალითად, შეიძლება იმაზე დავიწყოთ დარდი, გვექნება თუ არა საკმარისი სახსრები პირადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. შესაძლოა იმაზეც ვწუხდეთ, რომ, თუ ჯანმრთელობის პრობლემები შეგვექმნება, ვეღარ ვიმუშავებთ ან საერთოდ დავკარგავთ სამსახურს. შეიძლება ისიც გვაფიქრებს, ცდუნების წინაშე შევინარჩუნებთ თუ არა ღვთისადმი ერთგულებას. შეიძლება იმ თავდასხმის გამოც ვდარდობთ, რომელსაც სატანა განახორციელებს უახლოეს მომავალში ღვთის ხალხზე, და ისიც გვაფიქრებს, არასწორად ხომ არ ვიქცევით, როცა ასეთ რამეებზე ვწუხვართ. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ნუღარ წუხხართ“ (მათ. 6:25). ნიშნავს ეს იმას, რომ საერთოდ არაფერზე არ უნდა ვიწუხოთ? რა თქმა უნდა, არა. ალბათ გახსოვთ, რომ წუხილმა ძველად მცხოვრებ იეჰოვას ზოგიერთ მსახურსაც დაუკარგა მოსვენება, მაგრამ ამის გამო იეჰოვას მათთვის ზურგი არ შეუქცევია (1 მეფ. 19:4). სინამდვილეში იესო ამ სიტყვებით გვანუგეშებს და იმისკენ მოგვიწოდებს, რომ ყოფით საკითხებზე ზედმეტად არ ვინერვიულოთ, რაც ხელს შეგვიშლის ღვთის მსახურებაში. w21.01 3 ¶4, 5
პარასკევი, 25 ნოემბერი
ქალის თავი კაცია (1 კორ. 11:3).
ქმარი ანგარიშვალდებულია იეჰოვასა და იესოს წინაშე, თუ როგორ მოეპყრობა თავის ოჯახს (1 პეტ. 3:7). იეჰოვას, როგორც უდიდესი ოჯახის მამას, სრული უფლება აქვს, თავის შვილებს დაუდგინოს ქცევის წესები და მოსთხოვოს კიდეც ამ წესების დაცვა (ეს. 33:22). იესოსაც, როგორც ქრისტიანული კრების თავს, სრული უფლება აქვს, დაგვიდგინოს წესები და მოგვთხოვოს მათი მორჩილება (გალ. 6:2; კოლ. 1:18—20). იეჰოვასა და იესოს მსგავსად, ქრისტიან ოჯახისთავსაც აქვს იმის უფლებამოსილება, რომ ოჯახის სასარგებლოდ დაადგინოს წესები და მიიღოს გადაწყვეტილებები (რომ. 7:2; ეფეს. 6:4). თუმცა მისი ძალაუფლება შეუზღუდავი არ არის. მაგალითად, მის მიერ დადგენილ წესებს საფუძვლად ბიბლიური პრინციპები უნდა ედოს (იგავ. 3:5, 6). ოჯახის უფროსს უნდა ახსოვდეს, რომ ღვთისგან მინიჭებული ძალაუფლება მხოლოდ თავისი ოჯახის წევრებზე ვრცელდება და არა სხვებზე (რომ. 14:4). გარდა ამისა, როცა ზრდასრული შვილები ტოვებენ ოჯახს, მათ აღარ მოეთხოვებათ, დაემორჩილონ მამის ძალაუფლებას, თუმცა პატივი უნდა სცენ მას (მათ. 19:5). w21.02 2, 3 ¶3—5
შაბათი, 26 ნოემბერი
თავისიანებზე . . . ზრუნავს (1 ტიმ. 5:8).
ოჯახისთავი თავის სიყვარულს იმით ამტკიცებს, რომ ცოლ-შვილზე მატერიალურად ზრუნავს. თუმცა მას მხედველობიდან არ უნდა გამორჩეს ის, რომ ოჯახის სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვა გაცილებით მნიშვნელოვანია (მათ. 5:3). წამების ძელზე მომაკვდავ იესოს მარიამის კეთილდღეობა აღელვებდა. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ტკივილს განიცდიდა, მაინც მოახერხა და დედაზე ზრუნვა მოციქულ იოანეს მიანდო (იოან. 19:26, 27). დღესაც ოჯახისთავებს შეიძლება არაერთი პასუხისმგებლობა ჰქონდეთ დაკისრებული. ოჯახის მეთაურმა სამსახურში პირნათლად უნდა შეასრულოს თავისი სამუშაო, რომ იეჰოვას სახელი განადიდოს (ეფეს. 6:5, 6; ტიტ. 2:9, 10). მას შეიძლება კრებაშიც ჰქონდეს პასუხისმგებლობები. მაგალითად, და-ძმებზე ზრუნვა და სამქადაგებლო საქმიანობის გაძღოლა. გარდა ამისა, რეგულარულად უნდა ჩაატაროს ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო. ცოლ-შვილი ძალიან დაუფასებს მას იმ ძალისხმევას, რომელსაც მათ ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვას ახმარს (ეფეს. 5:28, 29; 6:4). w21.01 12 ¶15, 17
კვირა, 27 ნოემბერი
[კარგი ცოლი] თვალყურს ადევნებს თავისი ოჯახის საქმიანობას (იგავ. 31:27).
ღვთის სიტყვა აღგვიწერს გამრჯე ცოლს, რომელიც კარგად ართმევს თავს საოჯახო საქმეებს და სავაჭრო გარიგებებს აწარმოებს (იგავ. 31:15, 16, 18). ის ოჯახში მონასავით არ არის, რომელსაც აზრს არავინ ეკითხება. პირიქით, თავისი ქმარი ენდობა და ყურს უგდებს მის აზრს (იგავ. 31:11, 26). როცა მამაკაცი ცოლს ღირსეულად ეპყრობა, ცოლი სიამოვნებით ემორჩილება მას. მართალია, იესომ ბევრი დიდებული საქმე მოიმოქმედა, მაგრამ ის თავს დამცირებულად არ გრძნობს იმის გამო, რომ იეჰოვას ემორჩილება (1 კორ. 15:28; ფილ. 2:5, 6). მსგავსადვე, ქალი, რომელიც იესოს მაგალითს ჰბაძავს, თავს დამცირებულად არ გრძნობს, როცა ქმარს ემორჩილება. მეუღლის მხარდაჭერისკენ ქალს არა მხოლოდ ქმრის სიყვარული, არამედ უპირველესად იეჰოვასადმი ღრმა სიყვარული და პატივისცემა უბიძგებს. თუმცა ქრისტიანი ქალი მხარს არ აუბამს ქმარს, თუ ის ბიბლიური კანონებისა და პრინციპების დარღვევისკენ უბიძგებს. w21.02 11 ¶14, 15; 12 ¶19
ორშაბათი, 28 ნოემბერი
გასაჭირი მოთმინებას წარმოშობს (რომ. 5:3).
ღვთის სიყვარული ოდითგანვე აძლევდა იეჰოვას მსახურებს დევნის ატანის ძალას. მაგალითად, როცა ებრაელთა უზენაესმა სასამართლომ მოციქულებს ქადაგება აუკრძალა, სწორედ სიყვარულმა აღძრა ისინი ღმერთს დამორჩილებოდნენ, „როგორც მმართველს და არა ადამიანებს“ (საქ. 5:29; 1 იოან. 5:3). დღესაც ეს ურყევი სიყვარული აძლიერებს ჩვენს საძმოს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მათ ძლევამოსილი და სასტიკი მთავრობები ეწინააღმდეგებიან. ქვეყნიერების სიძულვილი გულს კი არ გვიტეხს, პირიქით, სიხარულის მიზეზს გვაძლევს (საქ. 5:41; რომ. 5:4, 5). ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოცდა შეიძლება ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობა იყოს. როცა ჭეშმარიტებისადმი ჩვენს ინტერესს ხედავენ, შეიძლება მათ ჩათვალონ, რომ შეცდომაში ვართ შეყვანილი. არ არის გამორიცხული, ზოგმა ახლობელმა ისიც იფიქროს, რომ ჭკუაზე შევიშალეთ (შეადარეთ მარკოზის 3:21). მათ შეიძლება სასტიკი წინააღმდეგობაც კი გაგვიწიონ. მათმა უარყოფითმა დამოკიდებულებამ არ უნდა გაგვაკვირვოს, რადგან იესომ გაგვაფრთხილა: „კაცს თავისი ოჯახის წევრები ექცევიან მტრებად“ (მათ. 10:36). w21.03 21 ¶6, 7
სამშაბათი, 29 ნოემბერი
თითოეული მზად იყოს მოსასმენად და ნუ იჩქარებს რამის თქმას (იაკ. 1:19).
თუ ბიბლიის შესწავლაზე გეპატიჟებიან, ყურადღებით მოუსმინეთ მასწავლებლისა და შემსწავლელის დიალოგს. ეს დაგეხმარებათ, რომ საჭირო დროს ჩაერთოთ მსჯელობაში. ამავე დროს კარგად დაფიქრდით, სანამ რაიმეს იტყვით. მაგალითად, ბევრს ნუ ილაპარაკებთ, ნუ ჩაეჭრებით მასწავლებელს მსჯელობაში და ნუ შემოიტანთ ახალ თემას. მოკლე კომენტარებით, სათანადო მაგალითებითა და კითხვებით განსახილველ მასალას მეტ ნათელს მოჰფენთ. შეიძლება ყოველთვის არ მოგეცეთ იმის საშუალება, რომ აქტიურად ჩაებათ შესწავლაში, მაგრამ ის მაინც შეგიძლიათ, რომ შეაქოთ შემსწავლელი და მისით დაინტერესდეთ. ეს მის სულიერ ზრდას შეუწყობს ხელს. თუ საჭიროდ ჩათვლით, მოკლედ მოუყევით ბიბლიის შემსწავლელს, როგორ გაიგეთ ჭეშმარიტება, როგორ გადალახეთ დაბრკოლებები და როგორ იგრძენით იეჰოვას მხარდაჭერა (ფსალმ. 78:4, 7). თქვენი მონაყოლი შეიძლება ზედგამოჭრილი აღმოჩნდეს მისთვის. ამან შეიძლება რწმენა გაუძლიეროს და ნათლობისკენ წაახალისოს. w21.03 10 ¶9, 10
ოთხშაბათი, 30 ნოემბერი
წადით ყველა ერის ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი (მათ. 28:19).
ვისი დამსახურებაა წარმატება, რომელსაც მსახურებაში ვაღწევთ? ამ კითხვაზე პასუხს გვცემს კორინთის კრებისთვის მიწერილი პავლეს სიტყვები: „მე დავრგე, აპოლოსმა მორწყო, მაგრამ ღმერთმა გაზარდა. ასე რომ, არც დამრგველია რამე, არც მომრწყველი, არამედ ღმერთი, რომელიც ზრდის“ (1 კორ. 3:6, 7). პავლეს მსგავსად მსახურებაში მიღწეული ნებისმიერი წარმატებისთვის პატივი იეჰოვას უნდა მივაგოთ. როგორ გამოვხატოთ მადლიერება იმისთვის, რომ გვაქვს პატივი, ვითანამშრომლოთ იეჰოვასთან, იესოსთან და ანგელოზებთან? (2 კორ. 6:1). ამის ერთ-ერთი საშუალებაა, ვეძებოთ შესაძლებლობები, სასიხარულო ცნობა სხვებს გავუზიაროთ. ჩვენ არა მხოლოდ უნდა დავთესოთ ჭეშმარიტების თესლი, არამედ უნდა მოვრწყათ კიდეც. როცა ვინმე ინტერესს ავლენს, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, განმეორებით მოვინახულოთ, რომ ბიბლიის შესწავლა დაიწყოს. უდიდეს სიხარულს გვანიჭებს იმის დანახვა, როგორ იზრდება სულიერად შემსწავლელი და როგორ გარდაქმნის იეჰოვა მის გულსა და გონებას. w20.05 30 ¶14, 16—18