დეკემბერი
ხუთშაბათი, 1 დეკემბერი
ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, ქარი რომ აიტაცებს და აქეთ-იქით დააქროლებს (იაკ. 1:6).
ზოგჯერ შეიძლება ბიბლიაში ჩაწერილი ამა თუ იმ აზრის გაგება გაგვიჭირდეს ან იეჰოვამ ისე არ გვიპასუხოს ლოცვაზე, როგორც მოველოდით. ამის გამო კი შეიძლება ეჭვები გაგვიჩნდეს. თუ ეჭვებს არ გავიქარწყლებთ, რწმენა შეგვისუსტდება და იეჰოვასთან ურთიერთობა გაგვიფუჭდება (იაკ. 1:7, 8). ბოლოს შეიძლება იქამდეც მივიდეთ, რომ მომავლის იმედი დავკარგოთ. მოციქულმა პავლემ მომავლის იმედი ღუზას შეადარა (ებრ. 6:19). ღუზა გემს შტორმის დროს ერთ ადგილას აჩერებს და იცავს, რომ დინებამ არ წაიღოს და კლდეს არ შეახეთქოს. თუმცა ღუზა თავის ფუნქციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეასრულებს, თუ ის ჯაჭვი, რომლითაც გემზეა მიბმული, არ გაწყდება. როგორც ჟანგს შეუძლია ღუზის ჯაჭვი შეჭამოს, ისე ეჭვებმა შეიძლება ძირი გამოუთხაროს ჩვენს რწმენას. თუ ადამიანს ეჭვები ტანჯავს, წინააღმდეგობის დროს ადვილად დაკარგავს იმის რწმენას, რომ იეჰოვა თავისი დაპირებების შემსრულებელია. რწმენის დაკარგვა იმედის დაკარგვის ტოლფასია. საეჭვოა, ასეთმა ადამიანმა რაიმე სიხარული იგრძნოს. w21.02 30 ¶14, 15
პარასკევი, 2 დეკემბერი
აბრაამი ერწმუნა იეჰოვას (იაკ. 2:23).
აბრაამი 70 წელს იქნებოდა გადაცილებული, როცა ოჯახთან ერთად ური დატოვა (დაბ. 11:31—12:4). ის კარვებში დაახლოებით ასი წელი ცხოვრობდა და ქანაანის მიწაზე მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა. აბრაამი 175 წლისა გარდაიცვალა (დაბ. 25:7). ის ვერ მოესწრო იმის ხილვას, თუ როგორ შეასრულა იეჰოვამ დაპირება და როგორ დაიმკვიდრეს მისმა შთამომავლებმა მიწა, რომელზეც ერთ დროს თავად დააბიჯებდა. აბრაამი ვერც „ქალაქის“, ღვთის სამეფოს, დაარსებას მოესწრო. თუმცა მასზე ნათქვამია, რომ „მოხუცი და კმაყოფილი“ მოკვდა (დაბ. 25:8). ყველაფრის მიუხედავად, აბრაამს რწმენა არ შერყევია და იეჰოვას მოლოდინში სიხარული არ დაუკარგავს. რამ მისცა მას მოთმინების ძალა? მთელი ცხოვრების მანძილზე ის გრძნობდა იეჰოვას მფარველობას და მეგობრულ დამოკიდებულებას (დაბ. 15:1; ეს. 41:8; იაკ. 2:22). აბრაამის მსგავსად ჩვენც ველოდებით ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს (ებრ. 11:10). განსხვავება ისაა, რომ ეს „ქალაქი“ უკვე აშენებულია. ღვთის სამეფო 1914 წელს დამყარდა და სრული ძალაუფლება მოიპოვა ზეცაში (გამოცხ. 12:7—10). ჩვენ ახლა იმას ველოდებით, როდის მოიპოვებს ის სრულ ძალაუფლებას დედამიწაზე. w20.08 4, 5 ¶11, 12
შაბათი, 3 დეკემბერი
კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია, გამჭრიახი კაცი ამოხაპავს მას (იგავ. 20:5).
სხვებს რომ ყურადღებით მოვუსმინოთ, თავმდაბლობა და მოთმინება გვჭირდება. ასე მოქცევა, სულ მცირე, სამი მიზეზის გამო ღირს. პირველი, თუ ყურადღებით მოვუსმენთ სხვებს, ნაკლები ალბათობაა, რომ მათ შესახებ ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთოთ. მეორე, უკეთ შევძლებთ, თანავუგრძნოთ და-ძმებს, თუ გავიგებთ, რას გრძნობენ ისინი და რა დგას მათი ამა თუ იმ საქციელის მიღმა. მესამე, როდესაც თანაქრისტიანს საუბრის საშუალებას ვაძლევთ, ამით ვეხმარებით, თავად მივიდეს სწორ დასკვნამდე. ხანდახან ჩვენც გვიჭირს საკუთარ გრძნობებში გარკვევა, სანამ ვინმეს გულს არ გადავუშლით. ზოგიერთ და-ძმას შესაძლოა თავისი წარსულის, კულტურისა თუ ხასიათის გამო უჭირს საკუთარ გრძნობებზე საუბარი. დროა საჭირო, რომ და-ძმებმა თავი თავისუფლად იგრძნონ ჩვენთან და გულწრფელად შეძლონ თავიანთ გრძნობებზე საუბარი. თუ მივბაძავთ იეჰოვას და მოთმინებას გამოვავლენთ, მათ ნდობას დავიმსახურებთ. როდესაც ისინი მზად იქნებიან, გულწრფელად ისაუბრონ საკუთარ გრძნობებზე, ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ. w20.04 15, 16 ¶6, 7
კვირა, 4 დეკემბერი
ამიერიდან ადამიანებს დაიჭერ (ლუკ. 5:10).
თევზი, ძირითადად, იქ ბინადრობს, სადაც მისთვის ხელსაყრელი გარემოა და საკვებიც მოიპოვება. თევზაობისთვის მნიშვნელობა დროის სწორად შერჩევასაც ენიჭება. ამასთან დაკავშირებით მოვიყვანოთ ერთი რეალური შემთხვევა. წყნარი ოკეანის კუნძულზე ერთი მისიონერი ადგილობრივმა ძმამ სათევზაოდ დაპატიჟა. როცა მისიონერმა უთხრა, ხვალ დილით 9 საათზე შეგხვდებიო, ძმამ უპასუხა: „შენ, როგორც ჩანს, ვერ მიხვდი. სათევზაოდ მაშინ უნდა წავიდეთ, როცა თევზი მოდის და არა მაშინ, როცა ჩვენ გვაწყობს“. პირველ საუკუნეში „ადამიანთა მებადურებიც“ ხელსაყრელ დროსა და ადგილს არჩევდნენ „თევზჭერისთვის“. მაგალითად, იესოს მიმდევრები ქადაგებდნენ ტაძარში, სინაგოგებში, კარდაკარ და მოედნებზე (საქ. 5:42; 17:17; 18:4). ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რა კატეგორიის ხალხი ცხოვრობს ჩვენს სამქადაგებლო ტერიტორიაზე. უნდა მოვერგოთ სიტუაციას და ისეთ დროს და ადგილას ვიქადაგოთ, როცა ხალხთან შეხვედრისა და მათთან საუბრის ალბათობა დიდია (1 კორ. 9:19—23). w20.09 4 ¶8, 9
ორშაბათი, 5 დეკემბერი
ჩვენ ჭეშმარიტება უნდა ვილაპარაკოთ და ყოველმხრივ გავიზარდოთ სიყვარულით, რათა დავემსგავსოთ ქრისტეს, რომელიც არის თავი (ეფეს. 4:15).
იესოსთან მეგობრობა რომ განვამტკიცოთ, მხარი უნდა დავუჭიროთ ორგანიზაციაში მიღებულ გადაწყვეტილებებს. კრების თავს, იესოს უფრო ვუახლოვდებით, როცა ვთანამშრომლობთ ძმებთან, რომლებსაც ჩვენზე ზრუნვის პასუხისმგებლობა აკისრიათ (ეფეს. 4:16). მაგალითად, ბოლო დროს გადაწყდა, რომ ჩვენი დარბაზები სრული დატვირთვით გამოგვეყენებინა. ეს რომ შესაძლებელი გამხდარიყო, ზოგი კრება გაერთიანდა. შედეგად, შეწირული თანხები მნიშვნელოვნად დაიზოგა. ამ სიახლეების გამო ზოგიერთ მაუწყებელს ცვლილებებთან შეგუება მოუწია. ეს ერთგული ქრისტიანები შესაძლოა წლების განმავლობაში ერთ კრებაში მსახურობდნენ და და-ძმებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. ახლა კი მათ სხვა კრებაში მოუწიათ მსახურების გაგრძელება. ეჭვგარეშეა, იესოს ახარებს იმის დანახვა, რომ ამ ერთგულმა მსახურებმა მხარი დაუჭირეს ორგანიზაციის გადაწყვეტილებას. w20.04 24 ¶14
სამშაბათი, 6 დეკემბერი
სამხრეთის მეფე და ჩრდილოეთის მეფე ერთმანეთს შეებმებიან (დან. 11:40).
ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეები პირველობის მოსაპოვებლად კვლავაც ერთმანეთს უპირისპირდებიან. მაგალითად, II მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირმა და მისმა მოკავშირეებმა ევროპის დიდ ნაწილზე მოიპოვეს გავლენა. ჩრდილოეთის მეფის ქმედებებმა იძულებული გახადა სამხრეთის მეფე, შეექმნა საერთაშორისო სამხედრო ალიანსი, რომელიც ნატოს სახელით გახდა ცნობილი. ამ ორმა მეფემ უძლიერესი ჯარების შესაქმნელად დიდი რესურსი გაიღო. ჩრდილოეთის მეფე არაპირდაპირი ომებითაც ებრძოდა სამხრეთის მეფეს — მხარს უჭერდა მისი მტრების მიერ ორგანიზებულ აჯანყებებს აფრიკაში, აზიასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ბოლო წლებში აშკარად ჩანს, რომ რუსეთი და მისი მოკავშირეები სულ უფრო მეტ გავლენას იხვეჭენ. ისინი სამხრეთის მეფის წინააღმდეგ კიბერ-შეტევებსაც ახორციელებენ. ეს ორი მეფე ერთმანეთს მავნე კომპიუტერული პროგრამების გამოყენებაში ადანაშაულებს, რომლებიც იმ მიზნით შეიქმნა, რომ სახელმწიფო ეკონომიკასა და პოლიტიკურ სისტემას ზიანი მიაყენოს. როგორც დანიელმა იწინასწარმეტყველა, ჩრდილოეთის მეფე კვლავ აგრძელებს ღვთის ხალხზე თავდასხმას (დან. 11:41). w20.05 13 ¶5, 6
ოთხშაბათი, 7 დეკემბერი
მე თავად მოვძებნი ჩემს ცხვარს და თავადვე ვიზრუნებ მათზე (ეზეკ. 34:11).
„განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს?!“ ეს კითხვა დაუსვა იეჰოვამ წინასწარმეტყველ ესაიას დროს მცხოვრებ ხალხს. შემდეგ კი დაარწმუნა ისინი: „მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ“ (ეს. 49:15). ბიბლიაში იშვიათად შეხვდებით ისეთ მონაკვეთს, სადაც იეჰოვა საკუთარ თავს დედას ადარებს. თუმცა ამ შემთხვევაში იეჰოვამ ჩვილის მიმართ დედის განსაკუთრებული სიყვარული იმის საჩვენებლად მოიყვანა, თუ რა ძლიერ უყვარს თავისი მსახურები. ალბათ, ბევრი დედა დაეთანხმება ერთი დის, ჟასმინის სიტყვებს: „როცა დედა საკუთარ ჩვილს ძუძუს აწოვებს, მათ შორის განსაკუთრებული სიახლოვე ჩნდება, რომელიც არასოდეს ქრება“. იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება, როცა ვინმე კრების შეხვედრებზე დასწრებასა და ქადაგებას წყვეტს. ძალიან გვიხარია, რომ ბევრი არააქტიური და-ძმა კრებას უბრუნდება. იეჰოვას სურს, რომ ისინი კვლავ ჩაებან მის მსახურებაში; იმავეს თქმა შეიძლება ჩვენზეც (1 პეტ. 2:25). w20.06 18 ¶1—3
ხუთშაბათი, 8 დეკემბერი
მზერა . . . უხილავს [მიაპყარით], ვინაიდან ხილული დროებითია, უხილავი კი — მარადიული (2 კორ. 4:18).
ღვთისგან ბოძებული ყველაზე ძვირფასი ძღვენი უხილავია. მთაზე ქადაგებისას იესომ იქ შეკრებილ ხალხს მოუწოდა, განძი ზეცაში მოეგროვებინათ, რადგან ასეთი განძი ყოველგვარ სიმდიდრეს აღემატება. შემდეგ კი დასძინა: „სადაც შენი განძია, იქ იქნება შენი გულიც“ (მათ. 6:19—21). როგორც წესი, ჩვენი გული იმისკენ ისწრაფვის, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებთ. როცა იესო განძის ზეცაში მოგროვებაზე საუბრობდა, ღვთის წინაშე კარგი სახელის შექმნას გულისხმობდა. ასეთ განძს არანაირი საფრთხე არ დაემუქრება. მოციქული პავლე მოგვიწოდებს, მზერა უხილავს მივაპყროთ (2 კორ. 4:17, 18). ამ მუხლებში მოხსენიებულ სიტყვა „უხილავში“ ის კურთხევებიც მოიაზრება, რომლებსაც ახალ ქვეყნიერებაში მივიღებთ. გამოვხატავთ მადლიერებას თითოეული ამ ძღვნისთვის? w20.05 26 ¶1, 2
პარასკევი, 9 დეკემბერი
წვიმასავით წამოვა ჩემი დარიგება (კან. 32:2).
რასაც მოსე ისრაელებს ასწავლიდა, გამომაცოცხლებელი და გამამხნევებელი იქნებოდა, როგორიც შხაპუნა წვიმაა მცენარეებისთვის. დაფიქრდით: როგორ გადასცემთ ხალხს ღვთის სიტყვას? არის ის სხვებისთვის გამომაცოცხლებელი? როცა კარდაკარ ან სახალხოდ ვქადაგებთ, შეგვიძლია ხალხს ბიბლიიდან ვაჩვენოთ, რომ ღმერთს იეჰოვა ჰქვია. აგრეთვე შეგვიძლია მსახურებაში გამოვიყენოთ ის ბიბლიური ლიტერატურა, ვიდეოები თუ ვებგვერდზე განთავსებული მასალა, რომლებიც პატივს მიაგებს იეჰოვას. სამსახურში, სკოლაში ან მოგზაურობისას შეიძლება სხვებთან ჩვენს მოსიყვარულე ღმერთზე და მის თვისებებზე საუბრის საშუალება მოგვეცეს. როცა ხალხს ვესაუბრებით, რა განზრახვა აქვს მოსიყვარულე ღმერთს დედამიწასა და კაცობრიობასთან დაკავშირებით, შეიძლება ისინი ცხოვრებაში პირველად დაფიქრდნენ, რამდენად უყვარს იეჰოვა ღმერთს ადამიანები. ზეციერი მამის შესახებ ჭეშმარიტების გაცხადებით ჩვენი წვლილი შეგვაქვს მისი სახელის განწმენდაში. ვცდილობთ, ადამიანებს დავანახვოთ, რომ სინამდვილეში ბევრი რამ, რასაც იეჰოვას შესახებ ამბობენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ხალხს ბიბლიურ ცნობას გადავცემთ, რაც დიდად გამომაცოცხლებელია (ეს. 65:13, 14). w20.06 10 ¶8, 9
შაბათი, 10 დეკემბერი
დამიბრუნდით და მეც დაგიბრუნდებით (მალ. 3:7).
რა თვისებები გვჭირდება, რომ არააქტიურებს იეჰოვასთან დაბრუნებაში დავეხმაროთ? ვნახოთ, რისი სწავლა შეგვიძლია იესოს იგავიდან გზასაცდენილ შვილზე (ლუკ. 15:17—24). როგორც იგავიდან ვიგებთ, ბოლოს შვილი გონს მოეგო და შინ დაბრუნება გადაწყვიტა. მამა სირბილით გამოეგება მას და გულში ჩაიკრა, რითაც თავის სიყვარულში დაარწმუნა. შვილს სინდისი ქენჯნიდა და თავს უღირსად თვლიდა, რომ კვლავ შვილის სტატუსით დაბრუნებოდა ოჯახს. მამა თანაგრძნობით განიმსჭვალა შვილის მიმართ, რომელმაც გულწრფელად გამოხატა თავისი გულისტკივილი. მან გულთბილად მიიღო ის, როგორც ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამის ნიშნად მან ნადიმი გამართა და საუკეთესო ტანსაცმლით შემოსა შინ დაბრუნებული შვილი. იეჰოვა ამ იგავში აღწერილ მამას ჰგავს. მას კვლავაც უყვარს თავისი შვილები, რომლებიც კრებას ჩამოშორდნენ და სურს, დაუბრუნდნენ მას. თუ იეჰოვას მივბაძავთ, ასეთ და-ძმებს დაბრუნებაში დავეხმარებით. ამისთვის კი მოთმინება, თანაგრძნობა და სიყვარული გვჭირდება. w20.06 25, 26 ¶8, 9
კვირა, 11 დეკემბერი
თუ ჩემი სიტყვისამებრ იქცევით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ (იოან. 8:31, 32).
იესომ თქვა, რომ ზოგი ჭეშმარიტებას სიხარულით მიიღებდა, თუმცა, როგორც კი პრობლემებს შეხვდებოდა, რწმენა შეუსუსტდებოდა (მათ. 13:3—6, 20, 21). შესაძლოა ისინი ვერ აცნობიერებდნენ, რომ იესოს მიმდევრობას თან სდევდა სირთულეები და გასაჭირი (მათ. 16:24). ან შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ქრისტიანული გზა ია-ვარდით იქნებოდა მოფენილი, ანუ მხოლოდ კურთხევებს მიიღებდნენ და არანაირ დაბრკოლებას არ შეხვდებოდნენ. მაგრამ ამ არასრულყოფილ ქვეყნიერებაში სირთულეები ხომ გარდაუვალია. მდგომარეობა იცვლება, რამაც შეიძლება სიხარული დროებით წაგვართვას (ფსალმ. 6:6; ეკლ. 9:11). ჩვენი და-ძმების უმეტესობა დარწმუნებულია თავისი მრწამსის ჭეშმარიტებაში. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? მათ რწმენას ბზარი არ უჩნდება მაშინაც კი, თუ თანამორწმუნე გულს სტკენს ან ქრისტიანისთვის შეუფერებლად იქცევა (ფსალმ. 119:165). განსაცდელები მათ რწმენას კი არ ასუსტებს, არამედ აძლიერებს (იაკ. 1:2—4). ჩვენ სწორედ ასეთი რწმენა უნდა განვივითაროთ. w20.07 8 ¶1; 9 ¶4, 5
ორშაბათი, 12 დეკემბერი
თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს (იაკ. 1:5).
ვიდრე ბიბლიის კითხვას შეუდგებით, იეჰოვას სთხოვეთ დახმარება, რომ კითხვის დროს პრაქტიკული მხარეები დაგანახვოთ. მაგალითად, თუ პრობლემის გადასაჭრელად რჩევა გჭირდებათ, იეჰოვას სთხოვეთ, რომ თქვენი სიტუაციისთვის შესაფერისი პრინციპი გაპოვნინოთ (ფილ. 4:6, 7). იეჰოვამ საოცარი წარმოსახვის უნარით დაგვაჯილდოვა. ბიბლიის კითხვის დროს შეეცადეთ, მათ ადგილას წარმოიდგინოთ თავი, ვის შესახებაც კითხულობთ. მოუხმეთ წარმოსახვის უნარს, რომ უკეთ გაიგოთ, რას გრძნობდნენ ისინი. ამასთანავე, იფიქრეთ. ამ შემთხვევაში ფიქრი გულისხმობს წაკითხულზე გუნებაში მსჯელობას და საკუთარ თავთან დაკავშირებას. ეს კი თავის მხრივ გვეხმარება, აზრები ერთმანეთს დავუკავშიროთ და უფრო ღრმად ჩავწვდეთ საკითხს. ბიბლიის კითხვა ფიქრის გარეშე იგივეა, რაც ასაწყობი სურათის ცალკეული დეტალის ყურება. ფიქრი გვეხმარება, სრული სურათი დავინახოთ. w21.03 15 ¶3—5
სამშაბათი, 13 დეკემბერი
დღედაღამ გიხსენიებ გულმხურვალე ლოცვებში, რისთვისაც ვემადლიერები ღმერთს (2 ტიმ. 1:3).
პავლეს შეიძლებოდა ეფიქრა, წარსულში რომ სხვანაირად მოქცეულიყო, ციხეში არ აღმოჩნდებოდა. მას სრული საფუძველი ჰქონდა, გული მოსვლოდა იმ ძმებზე, რომლებმაც აზიაში ზურგი აქციეს და სხვების მიმართაც უნდობლობა გასჩენოდა. მაგრამ პავლე ასე არ მოქცეულა. გარდაუვალი სიკვდილის მოლოდინში მას მხედველობიდან არ გამორჩენია ყველაზე მთავარი — იეჰოვას განდიდება. ის სხვების გამხნევებაზეც ფიქრობდა. პავლე ხშირად ლოცულობდა, რითაც ცხადყოფდა, რომ ენდობოდა იეჰოვას. მას გამუდმებით ის აზრი კი არ უტრიალებდა თავში, როგორ მიატოვეს სხვებმა, პირიქით, ძალიან მადლიერი იყო იმ ერთგული და-ძმების, რომლებიც პრაქტიკულ დახმარებას უწევდნენ. გარდა ამისა, პავლე იკვლევდა ღვთის სიტყვას (2 ტიმ. 3:16, 17; 4:13). რაც მთავარია, მას იოტისოდენა ეჭვიც არ შეჰპარვია იეჰოვასა და იესოს სიყვარულში. w21.03 18 ¶17, 18
ოთხშაბათი, 14 დეკემბერი
სარეველას აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, იგივე მოხდება ქვეყნიერების ბოლოს (მათ. 13:40).
მეორე საუკუნეში ბევრი ცრუ მასწავლებელი გამოჩნდა, რომლებმაც ქრისტიანულ კრებაში წარმართული სწავლებები დაამკვიდრეს და ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტება მიჩქმალეს. იმ დროიდან მოყოლებული მე-19 საუკუნის ბოლომდე ღვთის ხალხი, როგორც ორგანიზებული ჯგუფი, დედამიწაზე აღარ არსებობდა. ცრუ ქრისტიანები სარეველასავით გამრავლდნენ, რის გამოც რთული გახდა იმის გაგება, თუ ვინ იყვნენ ნამდვილი ქრისტიანები (მათ. 13:36—43). აქედან გამომდინარე, მეორე საუკუნიდან მე-19 საუკუნის ბოლომდე არსებული მთავრობები თუ მმართველები ვერ იქნებოდნენ დანიელის მე-11 თავში მოხსენიებული ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეები, რადგან იმ პერიოდში არ არსებობდა ღვთის მსახურთა ორგანიზებული ჯგუფი, რომელზეც ისინი იერიშს მიიტანდნენ. თუმცა მე-19 საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეები კვლავ ასპარეზზე გამოჩნდნენ. w20.05 3 ¶5
ხუთშაბათი, 15 დეკემბერი
ურიცხვი ხალხი მოვიდა ჩემს მიწაზე (იოელ. 1:6).
იოელი წინასწარმეტყველებს, რომ ისრაელის მიწას კალიები შეესეოდნენ და გაანადგურებდნენ, ყველაფერს გააჩანაგებდნენ, რაც გზად შეხვდებოდათ (იოელ. 1:4). წლების განმავლობაში ამ წინასწარმეტყველებას იეჰოვას ხალხს ვუკავშირებდით და მივიჩნევდით, რომ კალიების გუნდის მსგავსად მათ სამქადაგებლო საქმიანობას ვერაფერი შეაჩერებდა. ვფიქრობდით, რომ ეს საქმიანობა საგონებელში აგდებდა „მიწას“ ანუ რელიგიური წინამძღოლების გავლენაში მოქცეულ საზოგადოებას. თუმცა, თუ კონტექსტსაც გავითვალისწინებთ, დავინახავთ, რომ ეს წინასწარმეტყველება სხვაგვარად უნდა აიხსნას. ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს იეჰოვა კალიების გუნდზე: „მოგაშორებთ ჩრდილოელს [კალიებს] და განვდევნი მას“ (იოელ. 2:20). თუ ეს კალიები იეჰოვას მოწმეებს განასახიერებენ, რომლებიც იესოს მითითების თანახმად ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეს ასრულებენ, რატომღა იტყოდა იეჰოვა, რომ განდევნიდა მათ? (ეზეკ. 33:7—9; მათ. 28:19, 20). ცხადია, იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს კი არა, მათ მტრებს განდევნის. w20.04 3 ¶3—5
პარასკევი, 16 დეკემბერი
თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს (იაკ. 1:5).
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ იეჰოვა მაშინვე არ უპასუხებს ჩვენს ლოცვას? იაკობი გვირჩევს, რომ გამუდმებით ვთხოვოთ ღმერთს სიბრძნე. არ უნდა ვიფიქროთ, რომ დაჟინებული ლოცვით ღმერთს თავს მოვაბეზრებთ ან ის რამეს დაგვაყვედრებს. თუ განსაცდელების დროს სიბრძნეს ვთხოვთ, ჩვენი ზეციერი მამა არ დაგვიკავებს და უხვად მოგვცემს მას (ფსალმ. 25:12, 13). ის ხედავს ჩვენს პრობლემებს, თანაგვიგრძნობს და დიდი სურვილი აქვს, დაგვეხმაროს. ამის ცოდნა სიხარულს გვმატებს. როგორ გვაძლევს იეჰოვა სიბრძნეს? თავისი სიტყვის მეშვეობით (იგავ. 2:6). ამიტომ უნდა ვიკვლიოთ ღვთის სიტყვა და ბიბლიური პუბლიკაციები. ჩვენი მიზანი უბრალოდ ცოდნის გამდიდრება არ უნდა იყოს. გვინდა, შეძენილი ღვთიური სიბრძნის თანახმად ვიმოქმედოთ. სწორედ ამას გვირჩევს იაკობი: „იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი“ (იაკ. 1:22). როცა ღვთიურ რჩევებს ვიყენებთ, მშვიდობიანი, კეთილგონიერი და გულმოწყალე ვხდებით (იაკ. 3:17). ეს თვისებები დაგვეხმარება, სიხარულით ავიტანოთ ნებისმიერი გასაჭირი. w21.02 29 ¶10, 11
შაბათი, 17 დეკემბერი
როცა თითოეული ნაწილი სათანადოდ მოქმედებს, სხეული იზრდება (ეფეს. 4:16).
უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ბიბლიის შემსწავლელი სულიერად წინ წაიწევს და მოინათლება, თუ მას ამაში მთელი კრება დაეხმარება. კრების რიცხობრივ ზრდაში თითოეულ მაუწყებელს შეაქვს თავისი წვლილი. ერთი პიონერი და ამბობს: „ამბობენ, ბავშვის აღზრდას მთელი სოფელი სჭირდებაო. იმავეს ვიტყოდი მოწაფეების მომზადებაზეც. შეიძლება ითქვას, რომ ერთი მოწაფის მომზადებას მთელი კრება სჭირდება“. მაგალითად, ბავშვის აღზრდაში ჩართული არიან როგორც ოჯახის წევრები, ისე ოჯახის მეგობრები თუ მასწავლებლები. ეს პროცესი მოიცავს ბავშვის წახალისებას და მისთვის სხვადასხვა ფასეულობის ჩანერგვას. მსგავსად ამისა, თითოეულ მაუწყებელს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ბიბლიის შემსწავლელის სულიერ ზრდასა და ნათლობაში, იქნება ეს რჩევის სახით, გამამხნევებელი სიტყვებითა თუ კარგი პირადი მაგალითით (იგავ. 15:22). რატომ უნდა დაიხმაროს ბიბლიის მასწავლებელმა სხვა მაუწყებლები შესწავლაში? იმიტომ რომ, ეს ხელს შეუწყობს შემსწავლელის სულიერ ზრდას. w21.03 8 ¶1—3
კვირა, 18 დეკემბერი
თუ ვამბობთ, რომ ცოდვილები არა ვართ, თავს ვიტყუებთ (1 იოან. 1:8).
თითოეული ქრისტიანი, დიდი თუ პატარა, ფრთხილად უნდა იყოს, რომ ორმაგი სტანდარტით არ დაიწყოს ცხოვრება. მოციქულმა იოანემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეუძლებელია ჭეშმარიტების გზაზეც ვიდგეთ და იმავდროულად უზნეო ცხოვრებას ვეწეოდეთ (1 იოან. 1:6). თუ გვინდა, რომ იეჰოვას კეთილგანწყობა არასდროს დავკარგოთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მის თვალს არაფერი გამოეპარება. როგორც ასეთი, ფარული ცოდვა არ არსებობს, რადგან ღმერთი ჩვენს ყოველ ქმედებას ხედავს (ებრ. 4:13). ჩვენ არ უნდა გავიზიაროთ ქვეყნიერების შეხედულება ცოდვაზე. პირველ საუკუნეში განდგომილები ირწმუნებოდნენ, რომ მაშინაც კი, თუ ადამიანი შეგნებულად სცოდავდა, ღმერთთან ურთიერთობა არ უფუჭდებოდა. ფაქტია, დღესაც ბევრი ფიქრობს ასე. ისინიც კი, ვისაც თავი მორწმუნედ მოაქვს, არ იზიარებენ ღვთის შეხედულებას ცოდვაზე, განსაკუთრებით, როცა საქმე სქესობრივ ცხოვრებას ეხება. იმას, რასაც ღმერთი ცოდვად თვლის, ისინი პირადი არჩევანის საკითხად და არატრადიციული ცხოვრების წესად მიიჩნევენ. w20.07 22 ¶7, 8
ორშაბათი, 19 დეკემბერი
გვიყვარდეს . . . საქმით, გულწრფელად (1 იოან. 3:18).
თქვენც ექომაგებით სულიერ დებს, როცა ამის საჭიროებას ხედავთ? წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია. ერთი და, რომელიც რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ცხოვრობს, ხშირად იგვიანებს კრების შეხვედრებზე და დამთავრებისთანავე სახლში გარბის. გარდა ამისა, შვილებიც იშვიათად დაჰყავს შეხვედრებზე. ამის შემხედვარე ზოგიერთი მაუწყებელი მის გაკრიტიკებას იწყებს და ამბობს, რომ მან მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს მეუღლესთან. სინამდვილეში ეს და ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. დროის ფაქტორი და შვილების წაყვანა-არწაყვანის საკითხი მხოლოდ მისი გადასაწყვეტი არ არის. თუ შეაქებთ მას და სხვებს დადებითი კუთხით დაანახვებთ ამ სიტუაციას, ხელს შეუწყობთ იმას, რომ მის შესახებ კრიტიკული საუბარი აღარ გაგრძელდეს. უხუცესებს ესმით, რომ იეჰოვას მხედველობიდან არ გამორჩება ის, თუ როგორ მოეპყრობიან დებს (იაკ. 1:27). ამიტომ უხუცესები იესოს მსგავსად გონიერებას ავლენენ და სწორხაზოვნად კი არ მიჰყვებიან წესებს, არამედ სიტუაციიდან გამომდინარე გამონაკლისსაც უშვებენ (მათ. 15:22—28). დები იეჰოვასა და ორგანიზაციის მზრუნველობას გრძნობენ, როცა უხუცესები ინიციატივას იჩენენ მათ დასახმარებლად. w20.09 24, 25 ¶17—19
სამშაბათი, 20 დეკემბერი
[ღმერთი] ამცნობს მეფე ნაბუქოდონოსორს, რა უნდა მოხდეს (დან. 2:28).
წინასწარმეტყველი დანიელი თავმდაბალი იყო. ის ყოველთვის იეჰოვას სთხოვდა ხელმძღვანელობას. მაგალითად, როცა იეჰოვას დახმარებით ნაბუქოდონოსორს სიზმარი აუხსნა, დანიელმა ეს საკუთარ თავს არ მიაწერა. პირიქით, მან მოკრძალებულად აღიარა, რომ ქება-დიდება მხოლოდ იეჰოვას ეკუთვნოდა (დან. 2:26—28). რას ვსწავლობთ აქედან? თუ კარგი ორატორული ნიჭით გამოვირჩევით ან წარმატებას ვაღწევთ მსახურებაში, რის გამოც ხშირად გვაქებენ, გვახსოვდეს, რომ დიდება იეჰოვას უნდა მივაგოთ. მოკრძალება გვჭირდება, ვაღიაროთ, რომ იეჰოვას დახმარების გარეშე ვერაფერს მივაღწევდით (ფილ. 4:13). როცა ასე ვიქცევით, გამოდის, რომ იესოსაც ვბაძავთ. იესო ყოველთვის იეჰოვაზე იყო მინდობილი (იოან. 5:19, 30). მას არასდროს უცდია, ზეციერ მამას შესცილებოდა ძალაუფლებაში. ფილიპელების 2:6-ში ვკითხულობთ, რომ იესოს „ფიქრადაც არ მოსვლია მიტაცება, ანუ ღვთის თანასწორად ყოფნა“. იესომ, როგორც მორჩილმა შვილმა, კარგად იცოდა თავისი უფლებამოსილების ზღვარი და დიდ პატივს სცემდა მამის ძალაუფლებას. w20.08 11 ¶12, 13
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი
თქვენც ისე ირბინეთ, რომ მოიპოვოთ ის (1 კორ. 9:24).
ზოგს, ვინც სიცოცხლისთვის რბოლაში მონაწილეობს, ისეთი პრობლემები აქვს, რომლებიც სხვებისთვის შეუმჩნეველია. თუ ჯანმრთელობის ან სხვა სირთულის გამო იეჰოვასთვის იმდენს ვეღარ აკეთებთ, რამდენიც გულით გწადიათ და ფიქრობთ, რომ ვერავინ გიგებთ, შეიძლება მეფიბოშეთის მაგალითმა გაგამხნეოთ (2 სამ. 4:4). გარდა იმისა, რომ მეფიბოშეთს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ამას ისიც დაემატა, რომ მეფე დავითი მას უსამართლოდ მოექცა. მაგრამ ის არ გაბოროტებულა, პირიქით, მადლიერი იყო ყველაფრისთვის, რაც გააჩნდა. მას არც ის სიკეთე დავიწყებია, რაც მეფე დავითმა წარსულში გაუკეთა (2 სამ. 9:6—10). მეფიბოშეთი მიხვდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო დავითის არასწორი საქციელის მიზეზი. მას გულში ბოღმა არ ჩაუდია და არც იეჰოვა დაუდანაშაულებია, რომ დავითი ასე მოექცა. მეფიბოშეთს უმთავრესად ის აფიქრებდა, რომ იეჰოვას ცხებული მეფისთვის მხარი დაეჭირა (2 სამ. 16:1—4; 19:24—30). იეჰოვამ იზრუნა, რომ მეფიბოშეთის მაგალითი ბიბლიაში ჩვენ სასწავლებლად ჩაწერილიყო (რომ. 15:4). w20.04 26 ¶3; 30 ¶18, 19
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი
ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ (1 კორ. 3:9).
კრებაში ზოგი შეიძლება მისიონერად, სპეციალურ პიონერად ან პიონერად მსახურობდეს. ისინი სრული დროით მონაწილეობენ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში. ხშირ შემთხვევაში სრული დროით მსახურებს არც ბევრი ფული აქვთ და არც ქონება, თუმცა იეჰოვასგან კურთხევები არ აკლიათ (მარ. 10:29, 30). ჩვენ გვიყვარს ეს ძვირფასი და-ძმები და გვიხარია, რომ კრებაში მათ მხარდამხარ ვმსახურობთ. მხოლოდ პასუხისმგებელი ძმები და სრული დროით მსახურები ასრულებენ კრებაში მნიშვნელოვან როლს? რა თქმა უნდა, არა. სასიხარულო ცნობის თითოეული მქადაგებელი ძვირფასია ღვთისთვისაც და კრებისთვისაც (რომ. 10:15; 1 კორ. 3:6—8). კრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი უფალ იესო ქრისტეს მოწაფეების მომზადებაა (მათ. 28:19, 20; 1 ტიმ. 2:4). კრებაში ყველა, მონათლული თუ მოუნათლავი მაუწყებელი, ცდილობს, რომ ამ საქმიანობას მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭიროს (მათ. 24:14). w20.08 21 ¶7, 8
პარასკევი, 23 დეკემბერი
ყოველდღე თქვენთან ვიქნები ქვეყნიერების აღსასრულამდე (მათ. 28:20).
როგორც დღევანდელი მუხლიდან ვიგებთ, სირთულეების დროს იესო მხარს გვიჭერს. იესოს ეს სიტყვები ძალებს გვმატებს, რადგან ცხოვრებაში ყველას უდგება რთული პერიოდი. მაგალითად, ზოგიერთს ახლობლის სიკვდილის გამო არაერთი დღე, შეიძლება წლებიც კი მოუწიოს ამ ტკივილით ცხოვრება. ზოგი ასაკით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვის. ზოგიც დეპრესიაშია და უარყოფით გრძნობებს ვერ ერევა. თუმცა ნებისმიერ ვითარებაში შეგვიძლია მოვიკრიბოთ ძალები, რადგან ვიცით, რომ იესო ყოველდღე, მათ შორის ყველაზე მძიმე წუთებშიც კი ჩვენთანაა (მათ. 11:28—30). ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ანგელოზებს ჩვენ დასახმარებლად იყენებს (ებრ. 1:7, 14). ანგელოზები მხარს გვიჭერენ და გვხელმძღვანელობენ, როცა სასიხარულო ცნობას ვუქადაგებთ „ყოველი ერის, ტომისა და ენის ხალხს“ (მათ. 24:13, 14; გამოცხ. 14:6). w20.11 13, 14 ¶6, 7
შაბათი, 24 დეკემბერი
კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია, გამჭრიახი კაცი ამოხაპავს მას (იგავ. 20:5).
ბიბლიის შემსწავლელი კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ ჩვენს აზრებს კი არ ვახვევთ თავს, არამედ ღვთის შთაგონებულ სიტყვას ვასწავლით (1 თეს. 2:13). როგორ მივაღწიოთ ამას? მიეცით შემსწავლელს საშუალება, რომ თავადაც იაქტიუროს მსჯელობის დროს. ყოველთვის თქვენ ნუ ახსნით ბიბლიურ მუხლებს; თავადაც ამსჯელეთ ბიბლიურ მუხლებზე. დაანახვეთ, როგორ ეხება მას ესა თუ ის ბიბლიური მონაკვეთი. დაუსვით ისეთი კითხვები, რომ გაიგოთ, რას ფიქრობს განსახილველ მუხლზე (ლუკ. 10:25—28). მაგალითად, ჰკითხეთ: „იეჰოვას რომელი თვისება დაინახე ამ მუხლიდან? როგორ გამოგადგება ნასწავლი? შენ რას ფიქრობ ამ საკითხზე?“. მთავარი ის კი არ არის, რა ცოდნას ფლობს შემსწავლელი, არამედ ის, რამდენად აფასებს და იყენებს ნასწავლს. სწავლების დროს ბიბლიით იხელმძღვანელეთ. თავმდაბლობა გჭირდებათ, რომ სწავლების უნარი გაიუმჯობესოთ. w20.10 15 ¶5, 6
კვირა, 25 დეკემბერი
დილით თესე თესლი და საღამომდე ნუ დაასვენებ ხელს (ეკლ. 11:6).
დარწმუნებული ვართ, რომ სამეფოს შესახებ ქადაგება დანიშნულ დროს დასრულდება. გავიხსენოთ, რა მოხდა ნოეს დროს. იეჰოვამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავად უწყის, როდის რა მოიმოქმედოს. მან წარღვნამდე დაახლოებით 120 წლით ადრე იწინასწარმეტყველა, რომ დედამიწა წყლით დაიფარებოდა. იეჰოვამ ამ მოვლენამდე ათწლეულებით ადრე დაავალა ნოეს კიდობნის აშენება. ნოე წარღვნის დაწყებამდე შესაძლოა 40-50 წელი აშენებდა კიდობანს. მიუხედავად იმისა, რომ ნოეს ხალხი არ უსმენდა, ის აგრძელებდა გამაფრთხილებელი ცნობის გაცხადებას, ვიდრე იეჰოვას მითითებით კიდობანში შესვლის დრო არ დადგა. ამის შემდეგ ზუსტად დანიშნულ დროს „იეჰოვამ დაკეტა კარი“ (დაბ. 6:3; 7:1, 2, 16). მალე იეჰოვა დაასრულებს სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობას; ის „დაუკეტავს კარს“ სატანის ქვეყნიერებას და სამართლიან ახალ ქვეყნიერებას დაამყარებს. მანამდე ნოესა და სხვა ღვთის ერთგული მსახურების მსგავსად „არ დავასვენოთ ხელი“. მოდი ქადაგებაზე ვიყოთ ორიენტირებული, არ დავკარგოთ მოთმინება და შევინარჩუნოთ ძლიერი რწმენა იეჰოვასა და მისი დაპირებების მიმართ. w20.09 13 ¶18, 19
ორშაბათი, 26 დეკემბერი
ყველაფერი წესისა და რიგისამებრ ხდებოდეს (1 კორ. 14:40).
თუ ოჯახში ყველას როლი განსაზღვრული არ იქნებოდა, სრული უწესრიგობა დაისადგურებდა და, შესაბამისად, ბედნიერიც არავინ იქნებოდა. მაგალითად, არავის ეცოდინებოდა, ვის უნდა აეღო პასუხისმგებლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე და ვინ ითავებდა ამ გადაწყვეტილების განხორციელებას. თუ ღვთის მიერ დადგენილი მეთაურობის პრინციპი ნამდვილად კარგია, მაშ, რატომ ეუფლება ბევრ ქალს ისეთი გრძნობა, რომ დაჩაგრულები არიან? ეს იმიტომ, რომ მრავალი მამაკაცი არაფრად აგდებს ოჯახებისთვის დადგენილ იეჰოვას ნორმებს. მათ საქციელს ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი კულტურა და ტრადიციები განაპირობებს. ზოგჯერ კი მათ საქციელს ეგოიზმი უდევს საფუძვლად. მაგალითად, ზოგი ქმარი იმიტომ მბრძანებლობს ცოლზე, რომ საკუთარი ღირსების გრძნობა აიმაღლოს ან სხვებს დაუმტკიცოს, რომ ნამდვილი მამაკაცია. შეიძლება ის ფიქრობს, რომ ცოლს თავს ვერ შეაყვარებს, ამიტომ ცდილობს, დააშინოს და ასე დაიმორჩილოს. ასეთი აზროვნება და საქციელი ქალისთვის ღირსების შემლახველია და აშკარად ეწინააღმდეგება იეჰოვას ნებას (ეფეს. 5:25, 28). w21.02 3 ¶6, 7
სამშაბათი, 27 დეკემბერი
ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე (1 პეტ. 5:7).
გულმხურვალე ლოცვები ბევრ ქრისტიანს უმსუბუქებს საწუხარს. ლოცვაზე პასუხად ჩვენ მივიღებთ „ღვთის მშვიდობას, რომელიც ნებისმიერ [ადამიანურ] აზრს აღემატება“ (ფილ. 4:6, 7). იეჰოვა თავისი უძლიერესი ძალით, წმინდა სულით, მოგვგვრის სიმშვიდეს (გალ. 5:22). ლოცვის დროს გულღიად ესაუბრეთ ღმერთს. კონკრეტულად უთხარით, რა გაწუხებთ და რას გრძნობთ. თუ პრობლემა მოგვარებადია, სთხოვეთ მას სიბრძნე და ძალა, რომ დაგეხმაროთ მის გადაჭრაში. თუ პრობლემის მოგვარება თქვენს ძალებს აღემატება, სთხოვეთ იეჰოვას, დაგეხმაროთ, რომ ზედმეტად არ ინერვიულოთ. როცა კონკრეტულად ვლოცულობთ ჩვენს საწუხარზე, უკეთ ვხედავთ, როგორ გვპასუხობს იეჰოვა ლოცვაზე. ნუ შეწყვეტთ ლოცვას, თუ მაშინვე არ მიიღებთ პასუხს. იეჰოვას სურს, რომ ჩვენს საწუხარზე არა მხოლოდ კონკრეტულად ვილოცოთ, არამედ დაჟინებითაც (ლუკ. 11:8—10). w21.01 3 ¶6, 7
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი
იესომ უთხრა: „ყველა ვერ იცხოვრებს ამ სიტყვების თანახმად, არამედ მხოლოდ ის, ვისაც ძღვენი აქვს ბოძებული“ (მათ. 19:11).
კრებაში მრავლად გვყავს როგორც ოჯახები, ისე დაუქორწინებელი და-ძმები. რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს დაუქორწინებელთა მიმართ? როგორ უყურებდა იესო დაუქორწინებლობას? დედამიწაზე ყოფნისას იესო არ დაოჯახებულა. ის მთელ დროსა და ყურადღებას თავისი დავალების შესრულებას უთმობდა. მას არცერთი ქრისტიანისთვის არ წაუყენებია მოთხოვნად დაქორწინება ან დაუქორწინებლობა. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ზოგი ქრისტიანი დაუქორწინებლობას აირჩევდა (მათ. 19:12). იესო პატივს სცემდა დაუქორწინებლებს და არ თვლიდა, რომ ისინი რაღაცით დაჩაგრულები და არასრულფასოვნები იყვნენ. იესოს მსგავსად პავლემაც ისე გალია თავისი ქრისტიანული ცხოვრების გზა, რომ ცოლი არ მოუყვანია. თუმცა მას არასდროს უთქვამს, რომ ქრისტიანი ოჯახის შექმნით რაიმეს დააშავებდა. მას კარგად ესმოდა, რომ ეს ყველას პირადი გადასაწყვეტი იყო. w20.08 28 ¶7, 8
ხუთშაბათი, 29 დეკემბერი
ღმერთი სიყვარულია (1 იოან. 4:16).
მოციქულმა იოანემ ხანგრძლივი და საინტერესო ცხოვრების გზა განვლო. ის ბევრ განსაცდელს შეხვდა, რასაც შეეძლო მისი რწმენა შეესუსტებინა, მაგრამ ყოველთვის გულმოდგინედ ცდილობდა, დაეცვა იესოს მცნებები, მათ შორის ის, რომ ჰყვარებოდა თავისი თანამორწმუნეები. ამიტომ იოანეს ეჭვი არ ეპარებოდა იეჰოვასა და იესოს სიყვარულში და იმაში, რომ მათი დახმარებით ნებისმიერ განსაცდელს გაუმკლავდებოდა (იოან. 14:15—17; 15:10). ვერც სატანამ და ვერც მისმა ქვეყნიერებამ ვერ გაუნელა იოანეს სიყვარული, რომელსაც ის სიტყვითა თუ საქმით გამოხატავდა და-ძმების მიმართ. იოანეს მსგავსად ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყნიერებაში, რომელსაც სიძულვილის მთესველი, სატანა მართავს (1 იოან. 3:1, 10). მართალია, ის ყველანაირად ცდილობს, რომ სიყვარული გაგვინელოს და-ძმების მიმართ, მაგრამ ვერაფერს გახდება, თუ ჩვენ არ მივცემთ მას ამის საშუალებას. მოდი მიზნად დავისახოთ, რომ და-ძმების მიმართ სიტყვითა თუ საქმით ყოველთვის გამოვხატოთ სიყვარული. ამგვარად ვიგრძნობთ დიდ სიხარულსა და ბედნიერებას, რომელიც იეჰოვას ოჯახში ყოფნას მოაქვს (1 იოან. 4:7). w21.01 13 ¶18, 19
პარასკევი, 30 დეკემბერი
ღმერთი . . . მოთმინების ძალას გვაძლევს (რომ. 15:5).
სატანის ქვეყნიერებაში ცხოვრება არათუ რთული, ზოგჯერ აუტანელიც კია (2 ტიმ. 3:1). მაგრამ ამის გამო შიში და წუხილი არ ღირს, რადგან იეჰოვამ იცის, რისი ატანა გვიწევს. ის გვპირდება, რომ, თუ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, თავის ძლიერ მარჯვენას ჩაგვჭიდებს (ეს. 41:10, 13). სრული დამაჯერებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წმინდა წერილებიდან მივიღებთ ძალას, რომელიც ნებისმიერ სირთულეს გადაგვალახვინებს. ბიბლიური სიუჟეტების უკეთ წარმოსახვაში დაგეხმარებათ ჩვენი ფილმები, ბიბლიის მხატვრული კითხვა და რუბრიკა „მიჰბაძეთ მათ რწმენას“. სანამ უყურებთ, მოუსმენთ ან წაიკითხავთ ამ საგულდაგულოდ გამოკვლეულ ინფორმაციას, სთხოვეთ იეჰოვას, თქვენთვის პრაქტიკული მხარეები დაგანახვოთ. შეეცადეთ, მის ადგილას წარმოიდგინოთ თავი, ვის ისტორიასაც კითხულობთ. დაფიქრდით, რა გადახდათ თავს ამ ღვთისმოშიშ ადამიანებს და გაიგეთ, როგორ დაეხმარა მათ იეჰოვა სირთულეების გადალახვაში. შემდეგ მიღებული ინფორმაცია თქვენს სიტუაციას მიუსადაგეთ. მადლიერი იყავით იეჰოვასი იმისთვის, რაც აქამდე თქვენთვის გაუკეთებია. მადლიერებას იმით გამოხატავთ, თუ ეცდებით, გაამხნეოთ სხვები და მხარში ამოუდგეთ. w21.03 19 ¶22, 23
შაბათი, 31 დეკემბერი
შვილები მემკვიდრეობაა იეჰოვასგან (ფსალმ. 127:3).
თუ დაქორწინებული ხართ და შვილების ყოლას გეგმავთ, დაფიქრდით: ხართ თავმდაბალი და სულიერად მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც იეჰოვა ძვირფას ძღვენს, ბავშვის აღზრდას, მიანდობდა? (ფსალმ. 127:4). თუ უკვე გყავთ შვილები, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რას ვაკეთებ იმისათვის, რომ ჩემმა შვილებმა შრომის ფასი იცოდნენ?“ (ეკლ. 3:12, 13). „ყველანაირად ვცდილობ, რომ ჩემს შვილებს ფიზიკური და მორალური ზიანი არ მიადგეს?“ (იგავ. 22:3). ისიც ფაქტია, რომ შვილებს ყველა საფრთხისგან ვერ დაიცავთ. მაგრამ, თუ სიყვარულითა და მოთმინებით ასწავლით ბიბლიური რჩევებით ხელმძღვანელობას, ცხოვრებისეულ სირთულეებთან შესახვედრად შეამზადებთ (იგავ. 2:1—6). მაგალითად, თუ ოჯახის წევრმა ზურგი აქცია იეჰოვას, ბიბლიის მეშვეობით დაანახვეთ თქვენს შვილს, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას ერთგულება (ფსალმ. 31:23). ან თუ ახლობელი დაგეღუპათ, ღვთის სიტყვით ანუგეშეთ თქვენი შვილი, რომ წუხილმა არ მოიცვას და სიმშვიდე არ დაკარგოს (2 კორ. 1:3, 4; 2 ტიმ. 3:16). w20.10 27 ¶7