იანვარი
კვირა, 1 იანვარი
ბრმა მეგზურები არიან (მათ. 15:14).
იესო დაუფარავად ამხელდა რელიგიური წინამძღოლების თვალთმაქცობას. მაგალითად, ამხილა ფარისევლები, რომლებსაც ხელების დაბანის რიტუალი უფრო აღელვებდათ, ვიდრე მშობლებზე ზრუნვა (მათ. 15:1—11). რელიგიური წინამძღოლების უარყოფითი რეაქციის მიუხედავად, იესო კვლავაც სიმართლის მქადაგებელი დარჩა. იესო გმობდა ცრურელიგიურ შეხედულებებსაც. მას არ უთქვამს, რომ ყველა რელიგიური შეხედულება მისაღებია ღვთისთვის. პირიქით, მან თქვა, რომ ბევრი დაადგებოდა ფართო გზას, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს და მხოლოდ ცოტა აირჩევდა სიცოცხლემდე მიმყვან ვიწრო გზას (მათ. 7:13, 14). იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ბევრი მოირგებდა ღვთისმოსავის ნიღაბს. ამიტომაც გააფრთხილა თავისი მიმდევრები: „უფრთხილდით ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენთან ცხვრის სამოსლით მოდიან, შიგნიდან კი დამშეული მგლებივით არიან. მათ თავიანთი ნაყოფით იცნობთ“ (მათ. 7:15—20). w21.05 9 ¶7, 8
ორშაბათი, 2 იანვარი
მეტად აღარ დაღონებულა (1 სამ. 1:18).
ხანა ლევიანი ელკანას ცოლი იყო. ელკანას სხვა ცოლიც ჰყავდა, ფენინა, მაგრამ მას ხანა უფრო უყვარდა მიუხედავად იმისა, რომ „ფენინას ჰყავდა შვილები, ხანა კი უშვილო იყო“. ფენინა ბოროტად სარგებლობდა ამ სიტუაციით და „მისთვის გულის მოსაკლავად მწარედ დასცინოდა“. გულმოკლული ხანა „ტიროდა და აღარაფერს ჭამდა“. ბიბლია არაფერს გვეუბნება იმაზე, რომ ხანამ შურისძიება სცადა. მან გული გადაუშალა იეჰოვას იმაში დარწმუნებულმა, რომ ადრე თუ გვიან ის მის მდგომარეობას გამოასწორებდა (1 სამ. 1:2, 6, 7, 10). რას ვსწავლობთ ხანას მაგალითიდან? თუ ვინმე ცდილობს, თავი გადაგამეტოთ, ნუ შეეცდებით, რომ საპირისპირო დაუმტკიცოთ. ნუ წამოეგებით პროვოკაციას. „ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“, ნაცვლად ამისა, ეცადეთ, მასთან მშვიდობა შეინარჩუნოთ (რომ. 12:17—21). მისი მხრიდან ამას დადებითი რეაქციაც რომ არ მოჰყვეს, შინაგან სიმშვიდეს მაინც შეინარჩუნებთ. w21.07 17 ¶13, 14
სამშაბათი, 3 იანვარი
იფხიზლეთ და ერიდეთ ყოველგვარ სიხარბეს (ლუკ. 12:15).
იუდა ისკარიოტელი სიხარბემ სულმდაბალ მოღალატედ აქცია. თუმცა ის თავიდან ცუდი ადამიანი არ ყოფილა, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ იესომ ერთ-ერთ მოციქულად აირჩია (ლუკ. 6:13, 16). იუდა, როგორც ჩანს, უნარიანი და სანდო ადამიანი იყო, რადგან შესაწირავებისთვის განკუთვნილი ყულაბა მას ებარა. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ იუდამ ყულაბიდან თანხის მოპარვა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ჰქონდა მოსმენილი, როგორ აფრთხილებდა იესო ხალხს სიხარბის შესახებ (მარ. 7:22, 23; ლუკ. 11:39). იუდას სიხარბე ერთმა სიტუაციამ გამოააშკარავა, რომელიც იესოს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შეიქმნა. იესო და მისი მოწაფეები, მათ შორის მარიამი და მისი და მართა, სიმონ კეთროვნის სახლში იყვნენ სტუმრად. ყველანი სუფრასთან იყვნენ, როდესაც მარიამი ადგა და იესოს თავზე უძვირფასესი ნელსაცხებელი დაასხა, რაზეც იუდა და სხვა მოწაფეები ძალიან აღშფოთდნენ. მათი აზრით, ამ ნელსაცხებლის საფასური შეეძლოთ უფრო გონივრულად გამოეყენებინათ მსახურებაში. თუმცა იუდას სულ სხვა მოტივი ალაპარაკებდა. როგორც აღვნიშნეთ, ის ქურდი იყო და ყულაბიდან ფულს იპარავდა. (იოან. 12:2—6; მათ. 26:6—16; ლუკ. 22:3—6). w21.06 18 ¶12, 13
ოთხშაბათი, 4 იანვარი
საწყალი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ მოკვდავი სხეულისგან? (რომ. 7:24).
ზოგჯერ ისეთი შეგრძნება ხომ არ გიჩნდებათ, რომ თავს ვეღარ ართმევთ თქვენზე დაკისრებულ მრავალ პასუხისმგებლობას? თუ ასეა, მაშინ ადვილად გაუგებთ პავლეს, რომელიც მხოლოდ ერთ კრებაზე კი არა, „ყველა კრებაზე“ წუხდა (2 კორ. 11:23—28). თუ ქრონიკული ავადმყოფობა გიკარგავთ ხალისს, გაიხსენეთ, რომ პავლეს მუდმივად აწუხებდა „ეკალი სხეულში“, რაც შეიძლება ავადმყოფობა ყოფილიყო. მას მთელი გულით სურდა ამ „ეკლის“ სხეულიდან მოშორება (2 კორ. 12:7—10). თუ საკუთარი სისუსტეების გამო გული გიტყდებათ, გახსოვდეთ, რომ პავლესაც ზოგჯერ მსგავსი გრძნობა ეუფლებოდა. მან საკუთარ თავს „საწყალი ადამიანი“ უწოდა, რადგან გამუდმებით უწევდა ცოდვილ მიდრეკილებებთან ბრძოლა (რომ. 7:21—24). მრავალი განსაცდელისა თუ გულის გამტეხი სიტუაციის მიუხედავად, პავლეს იეჰოვას მსახურება არ შეუწყვეტია. რამ მისცა მას ამის ძალა? მართალია, ის კარგად ხედავდა თავის ნაკლოვანებებს, მაგრამ ეჭვი არასდროს შეჰპარვია იესოს გამოსასყიდის მხსნელ ძალაში. w21.04 22 ¶7, 8
ხუთშაბათი, 5 იანვარი
კაცის ძე იმისთვის [მოვიდა], რომ . . . სიცოცხლე გასწიროს მრავალთა გამოსასყიდად (მარ. 10:45).
როცა სრულყოფილმა კაცმა, ადამმა, შესცოდა, არა მხოლოდ თავად დაკარგა მარადიული სიცოცხლე, არამედ თავის შთამომავლებსაც წაართვა ამის შესაძლებლობა. ადამის საქციელს არანაირი გამართლება არ ჰქონდა, რადგან მან შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი, რასაც ვერ ვიტყვით მის შთამომავლებზე, რომელთაც არანაირი ბრალი არ მიუძღოდათ ადამის ცოდვაში (რომ. 5:12, 14). როგორ უნდა დაეღწიათ თავი მის შთამომავლებს იმ სასიკვდილო მსჯავრისგან, რომელიც მათმა წინაპარმა სრულიად სამართლიანად დაიმსახურა? ადამის შეცოდების შემდეგ იეჰოვამ თანდათანობით გაამჟღავნა, როგორ იხსნიდა ადამის მილიონობით შთამომავალს ცოდვისა და სიკვდილის წყევლისგან (დაბ. 3:15). გამოსასყიდი საშუალებას გვაძლევს, ჩვენი არასრულყოფილების მიუხედავად დავუმეგობრდეთ იეჰოვას. მისი მეშვეობით „ეშმაკის საქმეები“ ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა (1 იოან. 3:8). გამოსასყიდის წყალობით შესრულდება იეჰოვას თავდაპირველი განზრახვა და დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. w21.04 14 ¶1; 19 ¶17
პარასკევი, 6 იანვარი
მოინათლეთ იესო ქრისტეს სახელით (საქ. 2:38).
იერუსალიმში თავი მოუყრია სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ქალსა და მამაკაცს. უეცრად გასაოცარი რამ ხდება. ზოგ ებრაელს სასწაულებრივად ეძლევა უნარი, რომ ჩამოსულ სტუმრებს თავ-თავიანთ ენაზე გამოელაპარაკოს. თუმცა უფრო გასაოცარი ის არის, რასაც ეს ებრაელები და მოციქული პეტრე ამბობენ. ხალხი იგებს, რომ ხსნას მხოლოდ იესო ქრისტესადმი რწმენით მოიპოვებენ. ამის მოსმენა მათზე იმხელა შთაბეჭდილებას ახდენს, რომ კითხვას სვამენ: „როგორ მოვიქცეთ?“. ამაზე პეტრე პასუხობს: „მოინათლეთ იესო ქრისტეს სახელით“ (საქ. 2:37, 38). ამის შემდეგ განსაკუთრებული რამ ხდება. იმ დღეს დაახლოებით 3 000 ადამიანი ინათლება და ქრისტეს მოწაფე ხდება. მოწაფეების მომზადების საქმემ, რომელიც იესომ თავის მოწაფეებს დაავალა, სწორედ მაშინ მიიღო მასშტაბური სახე, რაც დღემდე, 21-ე საუკუნეშიც, გრძელდება. w21.06 2 ¶1, 2
შაბათი, 7 იანვარი
მე დავრგე, აპოლოსმა მორწყო, მაგრამ ღმერთმა გაზარდა. ასე რომ, არც დამრგველია რამე, არც მომრწყველი, არამედ ღმერთი, რომელიც ზრდის (1 კორ. 3:6, 7).
შეიძლება ჩვენს სამქადაგებლო უბნებზე გულგრილობას ვხვდებით. ბევრს არ აინტერესებს სასიხარულო ცნობა და მეტიც, ზოგჯერ წინააღმდეგობასაც გვიწევს. რა დაგვეხმარება ასეთ დროს დადებითი განწყობის შენარჩუნებაში? გახსოვდეთ, ვინაიდან არასტაბილურ მსოფლიოში ვცხოვრობთ, ადამიანებს შეიძლება ნებისმიერ დროს შეეცვალოთ მდგომარეობა, შესაბამისად მას, ვისაც ერთ დროს გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა, შეიძლება სულიერი მოთხოვნილებები გაუჩნდეს (მათ. 5:3). თუ ადრე ვინმე უარს გვეუბნებოდა ბიბლიურ პუბლიკაციებზე, ახლა უარს არ ამბობს ბიბლიის შესწავლის დაწყებაზე. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სამკლის ბატონი იეჰოვაა (მათ. 9:38). ის მოელის ჩვენგან, რომ დავრგავთ და მოვრწყავთ, მაგრამ ზრდაზე თავად არის პასუხისმგებელი. შეიძლება ამჟამად ბიბლიის შესწავლა არ გვაქვს, მაგრამ გვამხნევებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა შედეგებისთვის კი არა, მცდელობისთვის გვაჯილდოებს! w21.07 6 ¶14
კვირა, 8 იანვარი
შვილები მემკვიდრეობაა იეჰოვასგან (ფსალმ. 127:3).
იეჰოვამ ადამიანებს შვილების ყოლის უნარი მისცა და პასუხისმგებლობა დააკისრა, რომ მათთვის ღვთის სიყვარული და მისი მსახურების სურვილი ჩაენერგათ. მართალია, იეჰოვამ ანგელოზები მრავალი არაჩვეულებრივი უნარით აღჭურვა, მაგრამ მათთვის შვილების ყოლის უნარი არ მიუცია. ასე რომ, მშობლებო, დააფასეთ ეს ძვირფასი ძღვენი — შვილების ყოლისა და მათი აღზრდის პატივი. იეჰოვამ მშობლებს უდიდესი ნდობა გამოუცხადა, როცა შვილების მის მოსაწონად აღზრდისა და დარიგების პასუხისმგებლობა მიანდო (ეფეს. 6:4; კან. 6:5—7). ამ საპასუხისმგებლო საქმეს მშობლებმა თავი კარგად რომ გაართვან, ღვთის ორგანიზაცია დიდ დახმარებას უწევს მათ ბიბლიური პუბლიკაციების, ვიდეოების, სიმღერებისა და ონლაინსტატიების მეშვეობით. აშკარაა, რომ იეჰოვასაც და იესოსაც უყვართ ბავშვები (ლუკ. 18:15—17). იეჰოვა ხარობს, როცა მშობლები მას ენდობიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთ ძვირფას შვილებზე იზრუნონ. ასეთი მშობლები საშუალებას აძლევენ შვილებს, რომ იეჰოვას ოჯახის წევრები გახდნენ მარადიულად. w21.08 5 ¶9
ორშაბათი, 9 იანვარი
რწმენა . . . უხილავი სინამდვილის აშკარა მტკიცებულებაა (ებრ. 11:1).
ზოგი ფიქრობს, რომ რწმენას მტკიცებულებები არ სჭირდება, მაგრამ ბიბლიაში ნამდვილი რწმენა სულ სხვაგვარად არის განმარტებული. უხილავი სინამდვილის რწმენა, ანუ იეჰოვას, იესოსა და ზეციერი სამეფოს არსებობის რწმენა, აშკარა მტკიცებულებებს ემყარება (ებრ. 11:3). ერთი ბიოქიმიკოსი, რომელიც იეჰოვას მოწმე გახდა, ასეთ რამეს ამბობს: „ჩვენი რწმენა არც ბრმაა და არც მეცნიერულ ფაქტებს უარყოფს“. იბადება კითხვა: თუ შემოქმედის არსებობას ფაქტები ადასტურებს, მაშ, რატომ არ სწამს ბევრს, რომ სიცოცხლეს ღმერთმა მისცა დასაბამი? იმიტომ, რომ მათ არც უცდიათ ამ საკითხში გარკვევა. ამ მხრივ საინტერესოა ერთ-ერთი იეჰოვას მოწმის, რობერტის გამოცდილება. ის გვიყვება: „სკოლაში არასდროს განიხილებოდა შემოქმედის არსებობის თემა, ამიტომ დავასკვენი, რომ სიცოცხლე თავისით გაჩნდა. 22 წლის ვიყავი, როცა იეჰოვას მოწმეებს შევხვდი. მათ ლოგიკური და დამაჯერებელი არგუმენტები მომიყვანეს ბიბლიიდან იმის დასანახვებლად, რომ ყველაფერი ღმერთმა შექმნა“. w21.08 15 ¶4, 5
სამშაბათი, 10 იანვარი
იგემეთ და ნახავთ, რაოდენ კარგია იეჰოვა! (ფსალმ. 34:8).
იეჰოვას სიკარგეზე შეგვიძლია წარმოდგენა ბიბლიის მეშვეობით შევიქმნათ ან მათი მონათხრობიდან, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა იეჰოვას კურთხევა, მაგრამ იეჰოვას სიკარგეს სრულად იმ შემთხვევაში შევიგრძნობთ, თუ ამას თავად „ვიგემებთ“. დავუშვათ, გვინდა, სრული დროით მსახურების რომელიმე ფორმა მოვსინჯოთ, მაგრამ ამავე დროს ვხვდებით, რომ ამ მიზნის მისაღწევად ცხოვრების გამარტივება მოგვიწევს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ იესოს დაპირებისამებრ, თუ სამეფოს პირველ ადგილზე დავაყენებთ, იეჰოვა სხვა დანარჩენზე იზრუნებს, მაგრამ ამ სიტყვების ჭეშმარიტება შეიძლება საკუთარ თავზე არასდროს გამოგვიცდია (მათ. 6:33). თუ იესოს რჩევისამებრ მთელ ყურადღებას მსახურებაზე გადავიტანთ და შევამცირებთ ხარჯებსა და სამუშაო საათებს, მაშინ თავად გამოვცდით, როგორ იზრუნებს იეჰოვა ჩვენს მოთხოვნილებებზე ანუ, ასე ვთქვათ, თავად ვიგემებთ, რაოდენ კარგია იგი. w21.08 26 ¶2
ოთხშაბათი, 11 იანვარი
ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი მოძღვრება (2 ტიმ. 4:3).
ბევრი სასულიერო პირი სიამოვნებით იღებს თავის მრევლში გამოჩენილ, მდიდარ და განათლებულ ადამიანებს მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობის ზნეობა და ცხოვრების წესი ძალიან შორს დგას ღვთის ნორმებისგან. ამავე დროს ეს სასულიერო პირები დაუფარავ ზიზღს გამოხატავენ იეჰოვას მოწმეების მიმართ, რომლებიც მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობენ, მაგრამ საზოგადოებაში გამორჩეული ადგილი არ უკავიათ. როგორც პავლე ამბობდა, ღმერთმა ქვეყნიერების თვალში დამცირებულნი ამოირჩია (1 კორ. 1:26—29). თუმცაღა იეჰოვასთვის ყველა თავისი ერთგული მსახური ძვირფასია. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყნიურმა აზროვნებამ შეცდომაში არ შეგვიყვანოს? (მათ. 11:25, 26). ნუ გაიზიარებთ ქვეყნიერების შეხედულებას ღვთის ხალხზე. იცოდეთ, რომ იეჰოვა მხოლოდ თავმდაბალ ადამიანებს ასრულებინებს თავის ნებას (ფსალმ. 138:6). დაფიქრდით, რამდენი რამ გააკეთა მან მათი მეშვეობით, ვისაც ქვეყნიერება არც ჭკვიან და არც განათლებულ ადამიანებად არ მიიჩნევს. w21.05 8 ¶1; 9 ¶5, 6
ხუთშაბათი, 12 იანვარი
[თქვენ] გამომიგზავნეთ, რაც მჭირდებოდა (ფილ. 4:16).
პავლე მოციქული მადლიერი იყო იმ და-ძმების, რომლებიც მას დახმარების ხელს უწვდიდნენ. ის არასდროს თაკილობდა და-ძმებისგან დახმარების მიღებას (ფილ. 2:19—22). ხანდაზმულებო, თქვენ მრავალმხრივ შეგიძლიათ მადლიერება გამოხატოთ კრებაში ახალგაზრდების მიმართ. უარს ნუ ეტყვით, თუ ისინი ტრანსპორტით მომსახურებას, საყიდლებზე წასვლას ან სხვა სახის დახმარებას შემოგთავაზებენ. და-ძმებისგან ასეთი ინიციატივა იეჰოვას სიყვარულის გამოხატულებად ჩათვალეთ. შეიძლება ამან თანაქრისტიანებთან უფრო დაგაახლოვოთ. ყოველთვის დაინტერესდით თქვენი ახალგაზრდა თანამსახურების სულიერი ზრდით და უთხარით მათ, როგორ გახარებთ იმის დანახვა, რომ ისინი კრებისთვის ბევრს ირჯებიან. გაუზიარეთ მათ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება. ამით აჩვენებთ, რომ მადლიერი ხართ იეჰოვასი, რომელმაც ქრისტიანული კრებისკენ ამდენი ახალგაზრდა მიიზიდა (კოლ. 3:15; იოან. 6:44; 1 თეს. 5:18). w21.09 12 ¶12, 13
პარასკევი, 13 იანვარი
[ღვთის] თანაგრძნობის წყალობით ცისკარი მოგვევლინა მაღლიდან (ლუკ. 1:78).
იეჰოვას ვუყვარვართ, მაგრამ ჩვენ ზოგჯერ გვიჭირს ერთმანეთის შეყვარება და სიყვარულის გამოხატვა. ზოგჯერ ამას ჩვენი აღზრდა და წარმომავლობა განაპირობებს. გარდა ამისა, ყველანი შეცდომებს ვუშვებთ და შეიძლება გული ვატკინოთ სხვებს. მიუხედავად ამისა, თითოეულს შეგვიძლია სულიერ ოჯახში სიყვარულის გაღრმავებას შევუწყოთ ხელი. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ მივბაძავთ ზეციერ მამას და სიყვარულს გამოვხატავთ და-ძმების მიმართ (ეფეს. 5:1, 2; 1 იოან. 4:19). თანამგრძნობი ადამიანი ყველანაირად ცდილობს სხვების დახმარებასა და ნუგეშისცემას. იესო თანაგრძნობით იმიტომ ეპყრობოდა ადამიანებს, რომ იეჰოვას ჰბაძავდა, რომელსაც აღელვებს მათი მდგომარეობა (იოან. 5:19). ხალხის დანახვაზე იესოს „გული ეწვოდა . . . რადგან უმწყემსო ცხვრებივით გასაცოდავებულნი და დაფანტულნი იყვნენ“ (მათ. 9:36). იესოს თანაგრძნობა ცარიელი ემოცია არ ყოფილა. ეს მას კონკრეტული ქმედებისკენ აღძრავდა; ის კურნავდა ავადმყოფებს და მძიმედ მშრომელთ და ტვირთმძიმეთ დახმარების ხელს უწვდიდა (მათ. 11:28—30; 14:14). w21.09 22 ¶10, 11
შაბათი, 14 იანვარი
[ღმერთი] გულმოწყალებას იჩენდა, პატიობდა დანაშაულს და არ ანადგურებდა მათ (ფსალმ. 78:38).
იეჰოვას გულმოწყალება სიყვარულით არის ნაკარნახევი. მოციქული პავლე წერდა, რომ ღმერთი „დიდად მოწყალეა“. როგორც კონტექსტიდან ვიგებთ, პავლე მოციქული ღვთის გულმოწყალებაზე იმიტომ საუბრობს, რომ მან წყალობა გამოიჩინა თავისი არასრულყოფილი მსახურების მიმართ და ზეციერი იმედი უბოძა (ეფეს. 2:4—7). მაგრამ იეჰოვას წყალობა მხოლოდ ცხებულ ქრისტიანებზე არ ვრცელდება. როგორც ფსალმუნმომღერალი დავითი წერდა, „იეჰოვა არავის აკლებს სიკეთეს, მისი წყალობა ყველა მის საქმეში ვლინდება“ (ფსალმ. 145:9). ვინაიდან იეჰოვას უყვარს ადამიანები, ის ყოველთვის ავლენს გულმოწყალებას, როცა ამის საფუძველს ხედავს. იესოზე უკეთ არავინ იცის, როგორი გულმოწყალე ღმერთია იეჰოვა. კაცობრიობის შექმნიდან ათასობით წლის მანძილზე იესო ზეცაში მამის გვერდით იყო (იგავ. 8:30, 31). ის კარგად ხედავდა, რა დიდ გულმოწყალებას იჩენდა იეჰოვა თავისი ცოდვილი მსახურების მიმართ (ფსალმ. 78:37—42). დედამიწაზე მსახურების დროს იესო ხშირად ამახვილებდა ყურადღებას მამის ამ ძვირფას თვისებაზე. w21.10 8, 9 ¶4, 5
კვირა, 15 იანვარი
მამა, განადიდე შენი სახელი! (იოან. 12:28).
ლოცვის პასუხად ზეციდან იეჰოვას ხმა გაისმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ!“. დედამიწაზე მსახურების დროს იესო ყოველთვის განადიდებდა მამის სახელს (იოან. 17:26). ამიტომ ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანებიც დიდ პატივად უნდა მიიჩნევდნენ ღვთის სახელის ხსენებას და მისი სახელის სხვებისთვის გაცხადებას. პირველ საუკუნეში ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებიდან მალევე, იეჰოვა ღმერთმა მოხედა უცხოტომელებს და „გამოარჩია მათგან ხალხი, რომ მისი სახელი ეტარებინათ“ (საქ. 15:14). ეს ქრისტიანები სიამაყით იყენებდნენ ღვთის სახელს და სხვებსაც ამცნობდნენ მის შესახებ. ისინი ხშირად მოიხსენიებდნენ ღვთის სახელს მსახურებაშიც და თავიანთ წერილებშიც. მათ დაამტკიცეს, რომ მხოლოდ ისინი იყვნენ ღვთის სახელის გამცხადებლები (საქ. 2:14, 21). დღეს შეგვიძლია იეჰოვას მოწმეებსაც ვუწოდოთ ხალხი, რომელიც ღვთის სახელს ატარებს. w21.10 20, 21 ¶8—10
ორშაბათი, 16 იანვარი
ბრძენი . . . ჩაუკვირდება იეჰოვას ურყევ სიყვარულს (ფსალმ. 107:43).
ღვთის ურყევი სიყვარული მარადიულია. ფსალმუნის 136:1-ში ნათქვამია: „მადლობა შესწირეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი; მარადიული და ურყევია მისი სიყვარული“. ამ ფსალმუნის ყოველი მუხლის ბოლოს მეორდება ფრაზა „მარადიული და ურყევია მისი სიყვარული“. ეს ფსალმუნი იმ მრავალ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც იეჰოვას მარადიული და ურყევი სიყვარული ვლინდება. ამ ფრაზის მრავალჯერ გამეორება იმაშიც გვარწმუნებს, რომ ღვთის სიყვარული თავისი ხალხის მიმართ სტაბილური და უცვლელია. გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა თავის მსახურებზე ადვილად არ აიცრუებს გულს. შეიძლება ითქვას, რომ მას ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა აქვს მათ მიმართ და არასდროს ტოვებს გასაჭირში. რახან ვიცით, როგორია იეჰოვას დამოკიდებულება ჩვენ მიმართ, სიხარულს და ძალას არ ვკარგავთ გაჭირვების დროს და სიცოცხლის გზაზე სიარულს ვაგრძელებთ (ფსალმ. 31:7). w21.11 4 ¶9, 10
სამშაბათი, 17 იანვარი
ნუ დამწუხრდებით! ირწმუნეთ ღმერთი და მირწმუნეთ მე! (იოან. 14:1).
ხომ არ გაშინებთ ისეთ მოვლენებზე ფიქრი, როგორებიცაა: ცრუ რელიგიის განადგურება, გოგის თავდასხმა ან არმაგედონი? გიფიქრიათ იმაზე, შეძლებთ თუ არა ერთგულების შენარჩუნებას ამ შიშის მომგვრელი მოვლენების დროს? თუ გონებაში ასეთი ფიქრები გიტრიალებთ, დღევანდელ მუხლში მოყვანილი იესოს სიტყვები დიდ დახმარებას გაგიწევთ. მან თავის მოწაფეებს ასეთი რამ უთხრა: „ნუ დამწუხრდებით! ირწმუნეთ ღმერთი და მირწმუნეთ მე!“. ძლიერი რწმენა დაგვეხმარება, მომავალს მშვიდად და გაბედულად შევხვდეთ. ის, თუ დღეს როგორ ვხვდებით რწმენის გამოცდებს, წარმოდგენას შეგვიქმნის, მომავალში როგორ შევხვდებით მსგავს განსაცდელებს. ეს იმის დანახვაშიც დაგვეხმარება, თუ რა სფეროებში გვჭირდება რწმენის გაძლიერება. ყოველი გადალახული განსაცდელი უფრო მეტად გაგვიძლიერებს რწმენას, რაც, თავის მხრივ, მომავალი სირთულეების გადალახვაშიც დაგვეხმარება. w21.11 20 ¶1, 2
ოთხშაბათი, 18 იანვარი
როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი (2 კორ. 12:10).
მოციქულმა პავლემ მოუწოდა ტიმოთეს და ზოგადად ყველა ქრისტიანს, სრულად დახარჯულიყვნენ ღვთის მსახურებაში (2 ტიმ. 4:5). თუმცა ათასგვარი პრობლემის ფონზე ეს ადვილი არ არის, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი საქმიანობა შეზღუდული ან აკრძალულია. იეჰოვას ხალხი სხვა მრავალ პრობლემასაც ხვდება, რამაც შეიძლება მათ გული გაუტეხოს. მაგალითად, ბევრი დღე და ღამეს ასწორებს, რომ ოჯახის ელემენტარული მოთხოვნილებები მაინც დააკმაყოფილოს. მათ შეიძლება სურთ, მეტი იმსახურონ, მაგრამ კვირის ბოლოს ამისთვის ძალა აღარ ყოფნით. ზოგის შემთხვევაში სერიოზული დაბრკოლება ასაკი ან ქრონიკული ავადმყოფობაა, რის გამოც ზოგი შეიძლება სახლიდანაც კი ვერ ახერხებს გასვლას. ზოგსაც უღირსობის გრძნობა ტანჯავს. რა სახის პრობლემასაც არ უნდა ვხვდებოდეთ ცხოვრებაში, იეჰოვას შეუძლია ძალა მოგვცეს, რომ არსებულ სიტუაციაში მაქსიმუმი გავაკეთოთ მის მსახურებაში. w21.05 20 ¶1—3
ხუთშაბათი, 19 იანვარი
არ შებღალო შენი ღვთის სახელი (ლევ. 19:12).
ზოგჯერ სხვები ცდილობენ, ისეთ საქმეებში აგვიყოლიონ, რაც ხელს შეგვიშლიდა იეჰოვას მსახურებაში. ასეთი სიტუაციები არჩევანის წინაშე გვაყენებს. რა დაგვეხმარება, ამ დროს სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ? ამ მხრივ საინტერესო პრინციპი წერია ლევიანების 19:19-ში: „არ ჩაიცვათ ორი სხვადასხვა ძაფით ნაქსოვი ტანსაცმელი“. ამ კანონის დაცვა ისრაელებს მეზობელი ერებისგან გამოარჩევდა. ვინაიდან მოსეს კანონს აღარ ვექვემდებარებით, ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს სხვადასხვა ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმლის ჩაცმა. მაგრამ ჩვენ არ გვინდა, დავემსგავსოთ იმ ადამიანებს, რომელთა ცხოვრების წესი თუ შეხედულებები ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს. ცხადია, გვიყვარს ნათესავებიც და ზოგადად მოყვასიც, მაგრამ, როცა საქმე ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს ეხება, გვინდა, რომ როგორც იეჰოვას ხალხი, მათგან განვსხვავდებოდეთ, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სიწმინდის შესანარჩუნებლად (2 კორ. 6:14—16; 1 პეტ. 4:3, 4). w21.12 5 ¶14; 6 ¶16
პარასკევი, 20 იანვარი
ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს კაცი (მათ. 7:14).
სიცოცხლის გზის პოვნა სავსებით შესაძლებელია. იესომ თქვა: „თუ ჩემი სიტყვისამებრ იქცევით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოან. 8:31, 32). შესაქები ხართ, რომ უმრავლესობას კი არ აჰყევით, ჭეშმარიტებას დაუწყეთ ძებნა. თქვენ გულმოდგინედ გამოიკვლიეთ ღვთის სიტყვა, გაიგეთ, რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან და რას გვასწავლის იესო. გაიგეთ ისიც, რომ ღმერთი არ იწონებს ცრურელიგიურ სწავლებებსა და დღესასწაულებს, რომლებსაც წარმართული დასაბამი აქვს. მიხვდით იმასაც, რომ იეჰოვას მოსაწონად ცხოვრება და ცვლილებების მოხდენა ადვილი სულაც არ ყოფილა (მათ. 10:34—36). შეიძლება გაგიჭირდათ, მაგრამ ზეციერი მამის სიყვარულით მაინც შეძელით ეს. თქვენი არჩევანით მას ნამდვილად გაუხარეთ გული (იგავ. 27:11). w21.12 22 ¶3; 23 ¶5
შაბათი, 21 იანვარი
მომისმინე, შვილო, ყურად იღე ჩემი სიტყვები (იგავ. 4:10).
ჩვენთვის მოსე სამაგალითოა. სერიოზული შეცდომის დაშვების შემდეგ მან თავმდაბლურად მიიღო იეჰოვასგან გაკიცხვაც და სასჯელიც. მას აღთქმულ მიწაზე შესვლის ნება აღარ მიეცა, რადგან განრისხებულმა იეჰოვას არ მიაგო პატივი (რიცხ. 20:1—13). როცა მოსემ გადაწყვეტილების შეცვლა ითხოვა, იეჰოვამ მიუგო: „ამაზე აღარ დამელაპარაკო!“ (კან. 3:23—27). მოსე არ განაწყენებულა და დაჰყვა ღვთის ნებას. ამიტომ იეჰოვამ ის ისრაელის წინამძღოლად დატოვა (კან. 4:1). მოსე იმის კარგ მაგალითს გვაძლევს, თუ როგორ უნდა გამოვეხმაუროთ რჩევა-დარიგებას. მას არ გაუპროტესტებია იეჰოვას გადაწყვეტილება და ერთგულად გააგრძელა მისი მსახურება მიუხედავად იმისა, რომ ოცნებას ვეღარ აისრულებდა. ჩვენთვისვე იქნება სასიკეთო, თუ ღვთის ამ ერთგულ მსახურს მივბაძავთ (იგავ. 4:11—13). ამას ჩვენი მრავალი და-ძმის გამოცდილებაც ადასტურებს. w22.02 11 ¶9, 10
კვირა, 22 იანვარი
იესო აცრემლდა (იოან. 11:35).
ახ. წ. 32 წლის ზამთარი იდგა, როცა იესოს ახლო მეგობარი ლაზარე ავად გახდა და მოკვდა (იოან. 11:3, 14). იესო არა მხოლოდ ლაზარესთან, არამედ მის ორ დასთან, მარიამთან და მართასთანაც მეგობრობდა. წარმოიდგინეთ, შეხვედრისას რა გრძნობით ეტყოდა მართა ამ სიტყვებს: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა“ (იოან. 11:21, 32, 33). ფაქტია, იესოზე ძმის სიკვდილით დამწუხრებული მარიამისა და მართას დანახვამაც ძალიან იმოქმედა. თუ თქვენც გამოგეცალათ ხელიდან საყვარელი ადამიანი, იცოდეთ, რომ იეჰოვას ესმის თქვენი. იესო მამის განსახიერებაა (ებრ. 1:3). ამიტომ, როცა ატირდა, იეჰოვას გრძნობებიც გამოხატა (იოან. 14:9). თუ თქვენც დაკარგეთ ახლობელი, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა არა მარტო ხედავს, რას განიცდით, არამედ თანაგიგრძნობთ კიდეც. მას ძალიან სურს, დაგიამოთ ტკივილი (ფსალმ. 34:18; 147:3). w22.01 15 ¶5—7
ორშაბათი, 23 იანვარი
რწმენა მოსმენის შედეგია (რომ. 10:17).
თქვენ აუცილებლად იგრძნობთ იმ სასიკეთო შედეგებს, რომლებიც იეჰოვასთან საუბარს, მის მოსმენასა და მასზე ფიქრს მოაქვს. პირველი, უფრო გონივრულ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. ბიბლიაში წერია, რომ „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება“ (იგავ. 13:20). მეორე, უკეთ შეძლებთ, რომ ასწავლოთ სხვებს. ბიბლიის შესწავლის ჩატარების დროს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, დავეხმაროთ შემსწავლელს, დაუახლოვდეს იეჰოვას. რაც მეტად ვიურთიერთებთ ჩვენს ზეციერ მამასთან, მით უფრო გაგვიღრმავდება მისადმი სიყვარული და უკეთ შევძლებთ, შემსწავლელებსაც შევაყვაროთ ის. ეს კარგად ჩანს იესოს მაგალითზეც. ის იმხელა სითბოთი და სიყვარულით საუბრობდა ზეციერ მამაზე, რომ თავის ერთგულ მიმდევრებსაც ჩაუნერგა იეჰოვას სიყვარული (იოან. 17:25, 26). მესამე, რწმენა განგიმტკიცდებათ. ყოველ ჯერზე, როცა ღმერთს ხელმძღვანელობას, ნუგეშსა და დახმარებას სთხოვთ და მისგან პასუხს იღებთ, რწმენა გიმტკიცდებათ (1 იოან. 5:15). w22.01 30 ¶15—17
სამშაბათი, 24 იანვარი
მოიშორეთ ძველი პიროვნება და მისი საქმეები (კოლ. 3:9).
იეჰოვას ძალიან ვუყვარვართ და სურს, რომ გავიხაროთ ცხოვრებით. ამიტომაც მოგვიწოდებს, მოვიშოროთ არასწორი აზროვნება და სურვილები (ეს. 48:17, 18). მან კარგად იცის, რომ არასწორ სურვილებს აყოლილი ადამიანი საკუთარ თავსაც აყენებს ზიანს და გარშემომყოფებსაც. ამის დანახვა იეჰოვას გულს სტკენს. მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა შეიძლება თავიდან დაგვცინონ იმის გამო, რომ „ძველი პიროვნების“ მოშორებას ვცდილობთ (1 პეტ. 4:3, 4). მათ შეიძლება გვითხრან, რომ ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც თავად სურს, და არავის არ აქვს უფლება, უკარნახოს სხვას, როგორ მოიქცეს. მაგრამ, განა შეიძლება ითქვას, რომ ისინი, ვინც იეჰოვას ნორმებს უგულებელყოფს, სრული თავისუფლებით სარგებლობენ?! ისინი ხომ სატანისა და მისი ქვეყნიერების ნაკარნახევი ნორმებით ცხოვრობენ! (რომ. 12:1, 2). ყველანი არჩევანის წინაშე ვდგავართ: ან შევინარჩუნებთ „ძველი პიროვნებისთვის“ დამახასიათებელ თვისებებს, რომლებიც ცოდვამ და სატანის ქვეყნიერებამ ჩამოაყალიბეს ჩვენში, ან იეჰოვას მივცემთ ჩვენი შეცვლისა და გარდაქმნის საშუალებას (ეს. 64:8). w22.03 3 ¶6, 7
ოთხშაბათი, 25 იანვარი
ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი, ნებისმიერ ორლესულ მახვილზე ბასრი . . . და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს (ებრ. 4:12).
ღვთის სიტყვაზე ფიქრი გვეხმარება, რომ ჩვენი სიტუაცია სწორი კუთხით შევაფასოთ. მოდი ვნახოთ, როგორ დაეხმარა ბიბლია ერთ დაქვრივებულ დას. ერთმა უხუცესმა მას იობის წიგნის წაკითხვა ურჩია. თავიდან, როცა ამ წიგნის კითხვა დაიწყო, ეს და იობის არასწორმა მსჯელობამ გააღიზიანა. გონებაში თითქოსდა კიცხავდა იობს უარყოფითი აზროვნებისთვის. მაგრამ მოგვიანებით გააცნობიერა, რომ თვითონაც დიდად არ განსხვავდებოდა იობისგან. ეს მას დაეხმარა, შეხედულება შეეცვალა და მეუღლის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს გამკლავებოდა. იეჰოვა ჩვენი და-ძმების მეშვეობითაც გვაძლიერებს. პავლე თავის წერილში და-ძმებთან შეხვედრის და ურთიერთგამხნევების დიდ სურვილს გამოთქვამდა (რომ. 1:11, 12). w21.05 22 ¶10, 11; 24 ¶12
ხუთშაბათი, 26 იანვარი
შვიდი დღე იზეიმეთ ეს დღესასწაული იეჰოვას, თქვენი ღვთის, განსადიდებლად იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს (კან. 16:15).
ძველად ისრაელებს ასეთი მითითება მიეცათ: „ყოველი მამაკაცი წელიწადში სამჯერ წარდგეს იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე იმ ადგილზე, რომელსაც ის ამოირჩევს“ (კან. 16:16). ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ სახლ-კარსა და ყანებს ვერავინ დაიცავდა. მაგრამ იეჰოვა დაჰპირდა მათ: „არავინ დაეპატრონება თქვენს მიწას იმ დროს, როცა იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე წარსადგომად წახვალთ“ (გამ. 34:24). იეჰოვას მფარველობაში დარწმუნებული ებრაელები ყოველ წელიწადს ესწრებოდნენ დღესასწაულებს. ეს მრავალმხრივ იყო მათთვის სასიკეთო. ერთი ის, რომ ისინი მეტს იგებდნენ ღვთის კანონზე და უკეთ სწვდებოდნენ მას. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა ეძლეოდათ, ეფიქრათ ღვთის სიკეთეზე და თანამორწმუნეებთან ურთიერთობით გაეხარათ. იმავეს თქმა შეიძლება ჩვენზეც, როცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კრების შეხვედრებს დავესწროთ. მეტიც, იეჰოვას ძალიან ახარებს იმის დანახვა, რომ კრებაზე მომზადებულები მივდივართ და მოკლე, შინაარსიან კომენტარებს ვაკეთებთ. w22.03 21 ¶9
პარასკევი, 27 იანვარი
[იესოს] მათი დახმარებაც შეუძლია, ვინც ახლა იცდება (ებრ. 2:18).
იეჰოვამ იესო მღვდელმთავრობისთვის მოამზადა. იესომ საკუთარ თავზე გამოსცადა, რამდენად რთულია ღვთის მორჩილება უმძიმესი განსაცდელის დროს. ის იმდენად დიდი წნეხის ქვეშ იყო, რომ „ძლიერი ღაღადითა და ცრემლებით“ შესთხოვდა ღმერთს შველას. იესომ იმხელა ემოციური ტკივილი გამოიარა, რომ კარგად ესმის მათი, „ვინც ახლა იცდება“ და შეუძლია მათი დახმარება. როგორ ვემადლიერებით იეჰოვას ამ გულმოწყალე მღვდელმთავრისთვის, რომელსაც შეუძლია „გაგვიგოს, თუ რა სისუსტეს ვებრძვით“! (ებრ. 2:17; 4:14—16; 5:7—10). რატომ დაუშვა იეჰოვამ თავისი ძის სასტიკი ტანჯვა? ამით პასუხი გაეცა უმნიშვნელოვანეს კითხვას, კერძოდ იმას, შეძლებდა თუ არა ადამიანი უმძიმესი განსაცდელების დროს ერთგულების შენარჩუნებას. სატანა ირწმუნება, რომ ამას ვერცერთი ადამიანი ვერ შეძლებს. მისი მტკიცებით ადამიანები ღმერთს გამორჩენის მიზნით ემსახურებიან და ვერ უერთგულებენ იეჰოვას (იობ. 1:9—11; 2:4, 5). იესომ გაამართლა მამის მოლოდინი და სატანის სიცრუე გამოააშკარავა. w21.04 16, 17 ¶7, 8
შაბათი, 28 იანვარი
ამიტომ წადით ყველა ერის ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც ჩემგან ისწავლეთ (მათ. 28:19, 20).
მონათვლამდე შემსწავლელი ბიბლიიდან ნასწავლს ცხოვრებაში უნდა იყენებდეს. როცა ის ნასწავლს იყენებს, ემსგავსება იესოს იგავში მოხსენიებულ „გონიერ კაცს“, რომელმაც კლდოვან ადგილზე მყარი საძირკველი ჩაყარა სახლისთვის (მათ. 7:24, 25; ლუკ. 6:47, 48). ახლა განვიხილოთ სამი რჩევა, რომელთა მეშვეობითაც ბიბლიის შემსწავლელს დავეხმარებით ნასწავლის გამოყენებაში. დაეხმარეთ ცხოვრების წესის შეცვლაში (მარკ. 10:17—22). იესომ იცოდა, რომ ამ მდიდარ კაცს გაუძნელდებოდა მთელი ქონების დათმობა (მარ. 10:23). მიუხედავად ამისა, მაინც მოუწოდა, რომ ეს ძირეული ცვლილება მოეხდინა თავის ცხოვრებაში, რადგან სიყვარულით განიმსჭვალა მის მიმართ. ზოგჯერ შეიძლება თავს ვიკავებთ, რომ შემსწავლელი ნასწავლის გამოყენებისკენ წავახალისოთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ის ჯერ მზად არ არის ცვლილებებისთვის (კოლ. 3:9, 10). მაგრამ, რაც უფრო მალე დაელაპარაკებით საჭირო ცვლილებებზე, მით უფრო მალე დაინახავთ შედეგს. თანაც ასეთი საუბრებით აჩვენებთ, რომ გულწრფელად ზრუნავთ მასზე (ფსალმ. 141:5; იგავ. 27:17). w21.06 2, 3 ¶3, 5
კვირა, 29 იანვარი
[ქრისტემ] მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ზუსტად მიჰყვეთ მის ნაკვალევს (1 პეტ. 2:21).
პეტრე ხაზს უსვამს იმას, რომ იესომ ტანჯვის მოთმინებით ატანის მაგალითი დაგვიტოვა. თუმცა იესო სხვა მხრივაც არის ჩვენთვის სამაგალითო (1 პეტ. 2:18—25). მისი განვლილი ცხოვრება — ყველაფერი, რაც უთქვამს და გაუკეთებია — სანიმუშოა ჩვენთვის. რამდენად რეალურია არასრულყოფილი ადამიანებისთვის იესოს ნაკვალევის მიყოლა? პეტრეს სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს შესაძლებელია. ის მოგვიწოდებს, რომ ზუსტად მივყვეთ იესოს ნაკვალევს და არა — სრულყოფილად. თუ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ყველანაირად ვცდილობთ, ზუსტად მივყვეთ მის ნაკვალევს, გამოდის, რომ ვითვალისწინებთ იოანე მოციქულის სიტყვებს და ისე ვცხოვრობთ, როგორც იესო ცხოვრობდა (1 იოან. 2:6). იესოს ნაკვალევის მიყოლა იეჰოვასთან გვაახლოებს. რის საფუძველზე შეგვიძლია ამის თქმა? იესომ იმის უბადლო მაგალითი დაგვიტოვა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ღვთის მოსაწონად (იოან. 8:29). ასე რომ, თუ იესოს კვალდაკვალ მივყვებით, იეჰოვას გულს გავუხარებთ. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ზეციერი მამა დაგვიახლოვდება, თუ მასთან დასამეგობრებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ (იაკ. 4:8). w21.04 3 ¶4—6
ორშაბათი, 30 იანვარი
იეჰოვა ხარობს თავისი ხალხით (ფსალმ. 149:4).
იეჰოვა ხედავს ჩვენს კარგ თვისებებს, იცის ჩვენი უნარი და შესაძლებლობები და გვეხმარება, დავუახლოვდეთ მას. თუ მისი ერთგულები ვიქნებით, ჩვენი მეგობრობა მარადიულად გასტანს (იოან. 6:44). თუ ეჭვი არ გვეპარება იეჰოვას სიყვარულსა და მხარდაჭერაში, ვერანაირი სირთულე ვერ შეგვიშლის ხელს მისადმი გულმოდგინედ მსახურებაში. მაგრამ, თუ ეჭვი გვეპარება იეჰოვას სიყვარულსა და მზრუნველობაში, გული გაგვიტყდება და „ძალა გამოგვეცლება“ (იგავ. 24:10). ამ შემთხვევაში კი სატანისთვის ადვილი სამიზნე აღმოვჩნდებით (ეფეს. 6:16). ზოგი ერთგული ქრისტიანი ეჭვებმა სულიერად დაასუსტა. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ეჭვი გეპარებათ ღვთის სიყვარულში? დაუყოვნებლივ იმოქმედეთ და იეჰოვას სთხოვეთ, მოგაშოროთ ისეთი ფიქრები, რომლებიც სულს გიფორიაქებთ, და მოგცეთ ღვთის მშვიდობა, „რომელიც დაიცავს თქვენს გულსა და გონებას“ (ფსალმ. 139:23; ფილ. 4:6, 7). ისიც გახსოვდეთ, რომ ასეთი ფიქრები სხვა ერთგულ და-ძმებსაც უჩნდებათ. w21.04 20 ¶1; 21 ¶4—6
სამშაბათი, 31 იანვარი
ღმერთი . . . სურვილსაც აღგიძრავთ და მოქმედების ძალასაც გაძლევთ (ფილ. 2:13).
როგორ გახდით იეჰოვას მოწმე? შესაძლოა სასიხარულო ცნობა მშობლებისგან, თანამშრომლისგან ან კლასელისგან გაიგეთ; ან შეიძლება იეჰოვას მოწმეებმა კარდაკარ ქადაგების დროს მოგაკითხეს სახლში (მარ. 13:10). შემდეგ ბიბლიის შესწავლა დაიწყეთ, რასაც თქვენმა მასწავლებელმა დიდი დრო და ენერგია მოახმარა. შესწავლის პროცესში სიყვარული გაგიჩნდათ იეჰოვას მიმართ და გაიგეთ, რომ მასაც უყვარხართ. იეჰოვამ მიგიზიდათ ჭეშმარიტებისკენ და ახლა, როგორც იესო ქრისტეს მოწაფეს, გაქვთ მარადიული სიცოცხლის იმედი (იოან. 6:44). ეჭვგარეშეა, მადლიერი ხართ იეჰოვასი, რომელმაც თავისი ერთი-ერთი მსახური აღძრა, თქვენთვის ჭეშმარიტება ესწავლებინა და თქვენც მოგცათ მისი მსახურების უფლება. რაკი ჩვენ გავიგეთ ჭეშმარიტება, სხვებსაც უნდა დავეხმაროთ, დაადგნენ სიცოცხლის გზას. w21.07 2 ¶1, 2