თებერვალი
ოთხშაბათი, 1 თებერვალი
იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას უხმობს (ფსალმ. 145:18).
იეჰოვას გულწრფელად აღელვებს თავისი თაყვანისმცემლების კეთილდღეობა. ის ახლოს არის ჩვენთან და იცის, როდის რა გვიჭირს (ფსალმ. 145:18, 19). გავიხსენოთ, რამხელა ყურადღება გამოიჩინა იეჰოვამ თავისი წინასწარმეტყველის, ელიას მიმართ. ამ ერთგულ წინასწარმეტყველს ისრაელის ისტორიის რთულ პერიოდში მოუწია მსახურება. ღვთის მტრები, რომლებიც დიდ ძალაუფლებას ფლობდნენ, სასტიკად დევნიდნენ ღვთის თაყვანისმცემლებს; მათი მთავარი სამიზნე ელია წინასწარმეტყველი გახდა (1 მეფ. 19:1, 2). ელიას, ალბათ, ისიც უმძიმებდა გულს, რომ ეგონა, ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი ღვთის მსახური იყო (1 მეფ. 19:10). მაგრამ იეჰოვას ელია უყურადღებოდ არ დაუტოვებია და დაუყოვნებლივ მიიღო ზომები. მან ანგელოზის მეშვეობით დაარწმუნა წინასწარმეტყველი, რომ მარტო არ იყო და ისრაელში კვლავაც მრავლად იყვნენ ღვთის ერთგული ადამიანები (1 მეფ. 19:5, 18). იესომ თბილად აუხსნა თავის მოწაფეებს, რომ ისინი დიდ სულიერ ოჯახს შეიძენდნენ (მარ. 10:29, 30). იეჰოვა კი, ამ დიდი სულიერი ოჯახისთავი, გვპირდება, რომ მისი მსახურების მსურველთ მხარში ამოგვიდგება (ფსალმ. 9:10). w21.06 8, 9 ¶3, 4
ხუთშაბათი, 2 თებერვალი
ვინც ღვთისგან არის, ისმენს ღვთის სიტყვებს (იოან. 8:47).
ბევრი იმიტომ ბრკოლდება, რომ ჩვენ ბიბლიით ვააშკარავებთ მათი რელიგიური შეხედულებების სიმცდარეს. სამღვდელოება თავის მრევლს ასწავლის, რომ ღმერთი ბოროტებს ჯოჯოხეთში ტანჯავს. ისინი მსგავსი ცრუსწავლებების მეშვეობით ცდილობენ ხალხზე გავლენის შენარჩუნებას. იეჰოვას მსახურები კი, რომლებიც სიყვარულის ღმერთს ემსახურებიან, ააშკარავებენ მათ სიცრუეს. სასულიერო პირები სულის უკვდავებასაც ასწავლიან. ჩვენ კი ვასწავლით, რომ ეს წარმართული მოძღვრება შორს დგას სიმართლისგან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი დაეკარგებოდა მკვდრეთით აღდგომას. სხვა ბევრი რელიგიური მიმდინარეობისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვწამს ბედისწერის. ჩვენ ვასწავლით, რომ ადამიანი ნების თავისუფლებით არის შექმნილი და თავად შეუძლია გადაწყვიტოს, ემსახურება თუ არა ღმერთს. როგორ რეაგირებენ ამაზე რელიგიური წინამძღოლები? ხშირ შემთხვევაში მათ მწვავე რეაქცია აქვთ. თუ ჭეშმარიტება გვიყვარს, ვირწმუნებთ და დავემორჩილებით „ღვთის სიტყვებს“ (იოან. 8:45, 46). სატანა ეშმაკისგან განსხვავებით, ჩვენ ჩვენი მრწამსის ერთგულნი დავრჩებით და არ განვუდგებით ჭეშმარიტებას (იოან. 8:44). ღმერთი თავისი ხალხისგან მოითხოვს, იესოს მსგავსად „ბოროტება შეიზიზღონ“ და „სიკეთე შეიყვარონ“ (რომ. 12:9; ებრ. 1:9). w21.05 10 ¶10, 11
პარასკევი, 3 თებერვალი
წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაგეცლებათ (იაკ. 4:7).
თუ მიხვდებით, რომ სიამაყე ან სიხარბე შემოგეპარათ, ნუ დანებდებით. მოციქული პავლე გვარწმუნებს, რომ ეშმაკის მახიდან თავის დაღწევა შესაძლებელია (2 ტიმ. 2:26). ყოველთვის გახსოვდეთ, რომ იეჰოვა სატანაზე გაცილებით ძლიერია. ეშმაკის ნებისმიერ მახეს დავაღწევთ თავს, თუ იეჰოვას დახმარებაზე ხელს არ ვუკრავთ. რა თქმა უნდა, უმჯობესია, საერთოდ არ გავებათ ეშმაკის მახეში, ვიდრე იქიდან თავის დაღწევა მოგვიწიოს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ იეჰოვას დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებით. ყოველდღე უნდა ვთხოვდეთ იეჰოვას, დაგვანახვოს, ეს მანკიერი თვისებები ხომ არ შემოგვეპარა (ფსალმ. 139:23, 24). დაე ნურასდროს მივცემთ გასაქანს ამ თვისებებს! ათასობით წელია, რაც სატანა წარმატებით ნადირობს. თუმცა მას დიდი დღე არ უწერია და მალე განადგურდება (გამოცხ. 20:1—3, 10). მოუთმენლად ველით ამ დროს. მანამდე კი ვიფრთხილოთ, რომ არ გავებათ მის მახეებში. გასაქანი არ მივცეთ სიამაყესა და სიხარბეს და გვახსოვდეს, რომ, თუ წინააღმდეგობას გავუწევთ ეშმაკს, ის გაგვეცლება. w21.06 19 ¶15—17
შაბათი, 4 თებერვალი
ევედრეთ სამკლის ბატონს, რომ მომკელები გამოგზავნოს თავის სამკალში (მათ. 9:38).
იეჰოვას ახარებს, როცა ადამიანი ეხმაურება ბიბლიურ ჭეშმარიტებას და სხვებსაც უზიარებს მას (იგავ. 23:15, 16). წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულს ანიჭებს ღმერთს იმის დანახვა, როგორ ირჯება თავისი ხალხი მოწაფეების მომზადების საქმეში! მაგალითად, პანდემიის მიუხედავად 2020 სამსახურებრივი წლის განმავლობაში 7 705 765 ბიბლიის შესწავლა ტარდებოდა, რის შედეგადაც 241 994 ადამიანმა თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა. თავის მხრივ, ეს ახალმონათლული მოწაფეებიც ატარებენ ბიბლიის შესწავლებს და სხვებს ეხმარებიან, ქრისტეს მოწაფეები გახდნენ (ლუკ. 6:40). ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვას გულს ვუხარებთ, როცა ვმონაწილეობთ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში. მოწაფეების მომზადება შრომატევადი საქმეა, მაგრამ იეჰოვას დახმარებით შევძლებთ, რომ ახლებს ჩვენი ზეციერი მამა შევაყვაროთ. კარგი იქნება, თუ მიზნად დაისახავთ, სულ მცირე, ერთი ბიბლიის შესწავლა დაიწყოთ. შეიძლება შედეგებმა გაგვაოცოს კიდეც, თუ ხელიდან არ გავუშვებთ შესაძლებლობას და სხვებს ბიბლიის შესწავლას შევთავაზებთ. w21.07 6, 7 ¶14—16
კვირა, 5 თებერვალი
რაკი ძვირფასია ჩემთვის ჩემი ღვთის ტაძარი, ჩემი საგანძურიდანაც ვიღებ ოქრო-ვერცხლს, იმის გარდა, რაც ღვთის ამ წმინდა ტაძრისთვის მოვამზადე (1 მატ. 29:3).
მეფე დავითმა დიდძალი შესაწირავი გაიღო თავისი ქონებიდან ტაძრის მშენებლობისთვის (1 მატ. 22:11—16). თუ ფიზიკური უძლურების გამო თეოკრატიულ სამშენებლო პროექტებში ვეღარ მონაწილეობთ, თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე შეგიძლიათ შესაწირავები გაიღოთ და ასე დაუჭიროთ მხარი ამ საქმეს. ახალგაზრდებს დიდ დახმარებას გაუწევთ, თუ ჩვენს გამოცდილებას გაუზიარებთ. გულუხვობის საკითხში პავლე მოციქულიც სამაგალითოა. მან ტიმოთე მისიონერულ მოგზაურობაში წაიყვანა და ამ ახალგაზრდა კაცს ქადაგებისა და სწავლების გამოცდილება გაუზიარა (საქ. 16:1—3). ამის წყალობით ტიმოთე სასიხარულო ცნობის კარგი მქადაგებელი და მასწავლებელი დადგა (1 კორ. 4:17). თავის მხრივ, ტიმოთე პავლესგან ნასწავლს სხვებსაც უზიარებდა. w21.09 12 ¶14, 15
ორშაბათი, 6 თებერვალი
შურის თვალით უყურებთ და ედავებით ერთმანეთს?! (1 კორ. 3:3).
რა შეგვიძლია ვისწავლოთ მოწაფე აპოლოსისა და მოციქული პავლეს მაგალითებიდან? ორივენი ბრწყინვალედ ერკვეოდნენ წმინდა წერილებში. ორივე ცნობილი და გავლენიანი მასწავლებელი იყო. ბევრი მოაქციეს ქრისტიანობაზე, მაგრამ ერთმანეთს კონკურენტებად არ აღიქვამდნენ (საქ. 18:24). აპოლოსი უკვე აღარ იმყოფებოდა კორინთში, როცა მოციქული პავლე სთხოვდა იქ დაბრუნებას (1 კორ. 16:12). ის თავის ნიჭსა და უნარს სხვების სასიკეთოდ იყენებდა, კერძოდ, სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად და და-ძმების გასამხნევებლად. ეჭვი არ გვეპარება, რომ აპოლოსი თავმდაბალი ადამიანი იყო. მაგალითად, მას ღირსების გრძნობა არ შელახვია, როცა აკვილამ და პრისკილამ „უფრო ზუსტად აუხსნეს ღვთის გზა“ (საქ. 18:24—28). მოციქულმა პავლემ იცოდა, რამდენ კარგ საქმეს აკეთებდა აპოლოსი, მაგრამ მასში მეტოქეს არ ხედავდა. პავლეს თავმდაბლობა, მოკრძალება და გონიერება კარგად გამოჩნდა კორინთის კრებისთვის მიცემული რჩევიდან (1 კორ. 3:4—6). w21.07 18 ¶15—17
სამშაბათი, 7 თებერვალი
გამართლდება მრავალი (რომ. 5:19).
რაკი ადამი და ევა შეგნებულად ეურჩნენ ღმერთს, მის ოჯახში აღარ დაედგომებოდათ. მაგრამ რა ეშველებოდათ მათ შთამომავლებს? იეჰოვამ სიყვარულით იზრუნა იმაზე, რომ ღირსეულები კვლავ მიეღო თავის ოჯახში. ეს კი იმით გახდა შესაძლებელი, რომ მან თავისი მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, გაიღო მსხვერპლად (იოან. 3:16). სწორედ იესოს გამოსასყიდის საფუძველზე იშვილა იეჰოვამ 144 000 ერთგული ადამიანი (რომ. 8:15—17; გამოცხ. 14:1). გარდა ამისა, მილიონობით ადამიანს, რომლებიც ბოლომდე უერთგულებენ იეჰოვას, ათასწლიანი მმართველობის დასასრულს, საბოლოო გამოცდის შემდეგ, ღმერთი თავისი ოჯახის სრულუფლებიან წევრებად მიიღებს (ფსალმ. 25:14; რომ. 8:20, 21). ამ იმედის საფუძველზე ჩვენ დღესვე შეგვიძლია იეჰოვას, ჩვენს შემოქმედს, მამა ვუწოდოთ (მათ. 6:9). მკვდრეთით აღდგენილებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, რომ გაიცნონ იეჰოვა და გაიგონ, რას მოელის ღმერთი მათგან. ის, ვინც მის მორჩილებას აირჩევს, საბოლოოდ მისი ოჯახის წევრი გახდება. w21.08 5 ¶10, 11
ოთხშაბათი, 8 თებერვალი
დაინახოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია (ფილ. 1:10).
პავლე მოციქული თავის დავალებას ათწლეულების მანძილზე უმნიშვნელოვანეს საქმედ მიიჩნევდა. პავლე თავდაუზოგავად ქადაგებდა „საჯაროდ და კარდაკარ“ (საქ. 20:20). ის ნებისმიერ დროს მზად იყო საქადაგებლად და არცერთ შესაძლებლობას არ უშვებდა ხელიდან. მაგალითად, როცა ათენში თანამსახურებს ელოდებოდა, იქაურ წარჩინებულებს უქადაგა სასიხარულო ცნობა, რასაც კარგი შედეგი მოჰყვა (საქ. 17:16, 17, 34). პავლე შინაპატიმრობის დროსაც კი ქადაგებდა ყველასთან, ვისაც ხვდებოდა (ფილ. 1:13, 14; საქ. 28:16—24). პავლე დროს ფუჭად არასდროს კარგავდა. ის იწვევდა სხვებს, რომ მასთან ერთად ემსახურათ. მაგალითად, მას პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს მარკოზი ახლდა თან, მეორე მოგზაურობის დროს კი — ტიმოთე (საქ. 12:25; 16:1—4). ეჭვგარეშეა, პავლე ასწავლიდა ამ ძმებს, როგორ გაეწიათ ორგანიზება კრების საქმიანობისთვის, როგორ გაემხნევებინათ და-ძმები და როგორ გამხდარიყვნენ კარგი მასწავლებლები (1 კორ. 4:17). w22.03 27 ¶5, 6
ხუთშაბათი, 9 თებერვალი
ღმერთი . . . არცერთი ჩვენგანისგან არ არის შორს (საქ. 17:27).
ზოგი ამბობს, რომ მხოლოდ იმის სჯერა, რასაც ხედავს და ამიტომ არ სწამს შემოქმედის არსებობის. არადა, სინამდვილეში, ბევრი ისეთი რამის სჯერათ, რაც არასდროს უნახავთ, მაგალითად, მიზიდულობის ძალის, და ეს იმიტომ, რომ მის არსებობას ფაქტები ადასტურებს. ბიბლიაში მოხსენიებული რწმენაც „უხილავი სინამდვილის“ დაჯერებას გულისხმობს, ოღონდ ფაქტების საფუძველზე (ებრ. 11:1). დრო და ძალისხმევაა საჭირო ამ ფაქტების გამოსაკვლევად, რისთვისაც ბევრი თავს არ იწუხებს. თუ ადამიანი ამ საკითხს არ გამოიკვლევს, შეიძლება ადვილად დაასკვნას, რომ ღმერთი არ არსებობს. მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე ზოგმა მეცნიერმა ირწმუნა, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა. ზოგმა მხოლოდ იმიტომ გამორიცხა შემოქმედის არსებობა, რომ ამის შესახებ უნივერსიტეტში არაფერი უსწავლებიათ. მიუხედავად ამისა, მრავალმა მეცნიერმა გაიცნო და შეიყვარა იეჰოვა. ჩვენც უნდა განვიმტკიცოთ რწმენა შემოქმედის მიმართ იმისდა მიუხედავად, რა განათლება გვაქვს მიღებული. w21.08 14 ¶1; 15, 16 ¶6, 7
პარასკევი, 10 თებერვალი
იეჰოვა არავის აკლებს სიკეთეს, მისი წყალობა ყველა მის საქმეში ვლინდება (ფსალმ. 145:9).
იესომ გულში ჩამწვდომი იგავის მეშვეობით დაგვანახვა, რამდენად გულმოწყალე ღმერთია იეჰოვა. იგავის თანახმად უმცროსი ვაჟი სახლიდან წავიდა, „თავაშვებულ ცხოვრებას მიჰყო ხელი და რაც ჰქონდა, ყველაფერი გაფლანგა“ (ლუკ. 15:13). მოგვიანებით მან ინანა, რომ უზნეო ცხოვრებას ეწეოდა, თავი დაიმდაბლა და სახლში დაბრუნდა. როგორ შეხვდა მას მამა? იგავში ნათქვამია: „მამამ შვილს შორიდანვე მოჰკრა თვალი და გული დაეწვა; გაიქცა, გულში ჩაიკრა და დაკოცნა“. მამამ კი არ გაკიცხა შვილი, არამედ გულმოწყალება გამოიჩინა მის მიმართ, აპატია და კვლავ მიიღო თავის ოჯახში. მართალია, შვილმა სერიოზული ცოდვები ჩაიდინა, მაგრამ მისმა გულწრფელმა მონანიებამ მამა პატიებისკენ აღძრა. იგავში მოხსენიებული გულმოწყალე მამა იეჰოვას განასახიერებს. ამ იგავის მეშვეობით იესომ დაგვანახვა, რამხელა მზაობა აქვს იეჰოვას, აპატიოს გულწრფელად მომნანიებელ შემცოდველებს (ლუკ. 15:17—24). w21.10 8 ¶4; 9 ¶6
შაბათი, 11 თებერვალი
როგორ მოხედა ღმერთმა პირველად უცხოტომელებს და როგორ გამოარჩია მათგან ხალხი, რომ მისი სახელი ეტარებინათ (საქ. 15:14).
დღეს ბევრი რელიგიური წინამძღოლი უკან არაფერზე იხევს, ოღონდ ხალხს დაუმალოს ის ფაქტი, რომ ღმერთს სახელი აქვს. მათ ბიბლიის თარგმანებიდან ამოიღეს ის და ზოგან რელიგიური მსახურების დროსაც აკრძალეს მისი გამოყენება. ფაქტია, ვერავინ უარყოფს იმას, რომ მხოლოდ იეჰოვას მოწმეები მიაგებენ ღვთის სახელს ღირსეულ პატივს. ჩვენსავით არცერთი რელიგიური მიმდინარეობა არ ცდილობს, ღვთის სახელი ყველასთვის ცნობილი გახადოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავამართლოთ ჩვენი სახელი (ეს. 43:10—12). ჩვენ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ 240 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გამოვეცით. ამ თარგმანში ღვთის სახელი ყველა იმ ადგილას არის აღდგენილი, საიდანაც ის ბიბლიის მთარგმნელებმა ამოიღეს. გარდა ამისა, ჩვენ 1000-ზე მეტ ენაზე გამოვცემთ ბიბლიურ პუბლიკაციებს, რომლებიც ღვთის სახელს განადიდებს. w21.10 20, 21 ¶9, 10
კვირა, 12 თებერვალი
თუ . . . გაღარიბდება შენი ძმა, გულს ნუ გაიქვავებ და ნუ იქნები ხელმოჭერილი (კან. 15:7).
იეჰოვას ვცემთ თაყვანს, როცა გაჭირვებულ თანაქრისტიანებს ვეხმარებით. იეჰოვა დაჰპირდა ისრაელებს, რომ გულუხვად გადაუხდიდა ღარიბთათვის გაწეული დახმარებისთვის (კან. 15:10). როცა გაჭირვებულ თანამორწმუნეებს ვეხმარებით, იეჰოვა ამას მისთვის მირთმეულ ძღვნად მიიჩნევს (იგავ. 19:17). მაგალითად, დაპატიმრებულმა პავლე მოციქულმა ფილიპელი ქრისტიანების მიერ მისთვის გაგზავნილ ძღვენს, „ღვთისთვის სასიამოვნო და მოსაწონი მსხვერპლი“ უწოდა (ფილ. 4:18). შეგიძლიათ თქვენც გაუწოდოთ ვინმეს კრებაში დახმარების ხელი? იეჰოვას ძალიან უხარია, როცა ხედავს, რომ ჩვენს დროს, ენერგიას, უნარსა თუ სახსრებს გაჭირვებული თანაქრისტიანების დასახმარებლად ვიყენებთ. ის ამასაც თაყვანისცემად მიიჩნევს (იაკ. 1:27). იეჰოვას თაყვანისცემა დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა ეს ტვირთი არ არის ჩვენთვის (1 იოან. 5:3). ამის მიზეზი ისაა, რომ იეჰოვას მსახურებისკენ სიყვარული აღგვძრავს. w22.03 24 ¶14, 15
ორშაბათი, 13 თებერვალი
[ღმერთს] მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც (მათ. 5:45).
და-ძმების მიმართ თანაგრძნობას ვერ გამოვავლენთ, თუ არ გვეცოდინება, რა გასაჭირს ხვდებიან ისინი. მაგალითად, რომელიმე დას შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს, მაგრამ არასდროს წუწუნებს თავის მდგომარეობაზე. თუმცა მადლიერი იქნება, თუ ვინმე პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს. ამიტომ კარგი იქნება, თუ ვინმე დაეხმარება სადილის მომზადებასა და სახლის დალაგებაში. ან თუ რომელიმე ძმამ სამუშაო დაკარგა, ჩვენ მიერ ანონიმურად ნაჩუქარი მცირეოდენი თანხა შეიძლება მას სამუშაოს პოვნამდე თავის გატანაში დაეხმაროს. ნუ დაველოდებით იმას, როდის გვთხოვენ და-ძმები დახმარებას. იეჰოვას მსგავსად საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ ინიციატივა. მას ყოველდღე ამოჰყავს მზე ისე, რომ ამის თხოვნა არც გვიწევს. მზე ყველასთვის განურჩევლად ამოდის, მადლიერთათვისაც და უმადურთათვისაც. განა ის ფაქტი, რომ იეჰოვა ყოველივე აუცილებლით უზრუნველგვყოფს, მის სიყვარულზე არ მეტყველებს?! ჩვენ ძალიან გვიყვარს იეჰოვა თავისი უდიდესი სიკეთისა და გულუხვობისთვის. w21.09 22, 23 ¶12, 13
სამშაბათი, 14 თებერვალი
იეჰოვა, რაოდენ კარგი და მიმტევებელი ხარ; სიყვარულს არ იშურებ მისთვის, ვინც გიხმობს (ფსალმ. 86:5).
ურყევი სიყვარული იეჰოვას მიმტევებლობისკენ აღძრავს. როცა ის ხედავს, რომ ადამიანი ინანიებს ცოდვას და გამოსწორებას ცდილობს, ურყევი სიყვარული აღძრავს, რომ აპატიოს. იეჰოვას შესახებ ფსალმუნმომღერალი დავითი წერდა: „ჩვენი ცოდვებისამებრ არ მოგვკითხა და არც დანაშაულისთვის მოგვიზღა საკადრისი“ (ფსალმ. 103:8—11). დავითმა საკუთარი მწარე გამოცდილებით დაინახა, რა მძიმე ტვირთია სინდისის ქენჯნა, მაგრამ იმაშიც დარწმუნდა, რომ იეჰოვა მიმტევებელია. ფსალმუნში, რომელიც დღევანდელ მუხლად არის აღებული, დავითმა ახსნა, რატომ არის ის მიმტევებელი. როგორც მან აღნიშნა, იეჰოვა მიმტევებელია, რადგან ურყევი სიყვარული აქვს მათ მიმართ, ვინც მას უხმობს. თუ შემცოდველს სინდისი ქენჯნის, ეს ბუნებრივიცაა და სწორიც, რადგან სინანული უბიძგებს, სათანადო ნაბიჯები გადადგას გამოსასწორებლად. w21.11 5 ¶11, 12
ოთხშაბათი, 15 თებერვალი
ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი (მათ. 6:9).
იეჰოვა უფრთხილდება თავის სახელს და სურს, რომ სხვებიც პატივისცემით მოეკიდონ მას (ეს. 42:8). მაგრამ უკვე ექვს ათასწლეულზე მეტია, რაც მის სახელს შეურაცხყოფენ (ფსალმ. 74:10, 18, 23). ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ეშმაკმა (ნიშნავს „ცილისმწამებელს“) ღმერთს იმაში დასდო ბრალი, რომ ადამსა და ევას ისეთ რამეს უმალავდა, რაც მათ ძალიან სჭირდებოდათ (დაბ. 3:1—5). იქიდან მოყოლებული ღმერთს ბრალს სდებენ, რომ ადამიანებს რაღაც კარგს უმალავს. იესოს ძალიან აწუხებდა ის ფაქტი, რომ მამის რეპუტაციას ბღალავდნენ. იეჰოვა ცისა და დედამიწის სრულუფლებიანი და საუკეთესო მმართველია (გამოცხ. 4:11). სატანა შეეცადა, შეცდომაში შეეყვანა ანგელოზები და ადამიანები, და დაერწმუნებინა ისინი, რომ ღმერთს არა აქვს მმართველობის უფლება. მალე ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდებოდა. ყველა გაიგებს, რომ იეჰოვაა საუკეთესო მმართველი და მხოლოდ მის სამეფოს შეუძლია ნამდვილი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარება დედამიწაზე. w21.07 9 ¶5, 6
ხუთშაბათი, 16 თებერვალი
გავიხარებ იეჰოვათი და ვიმხიარულებ ჩემი ღმერთითა და მხსნელით! (აბაკ. 3:18).
ყველა ოჯახისთავს სურს, რომ ცოლ-შვილი საკვებით, ტანსაცმლითა და თავშესაფრით უზრუნველყოს. უსახსრობა ნამდვილად რთული ასატანია. თუ თქვენც ასეთ მდგომარეობაში ხართ, შეეცადეთ, ეს არასახარბიელო გარემოება რწმენის განსამტკიცებლად გამოიყენოთ. წაიკითხეთ მათეს 6:25—34 და დაფიქრდით ამ სიტყვების მნიშვნელობაზე. გაეცანით იმ შემთხვევებს, საიდანაც ჩანს, როგორ ზრუნავს იეჰოვა მათზე, ვინც აქტიურად არის ჩართული თეოკრატიულ საქმეში (1 კორ. 15:58). ეს გაგიძლიერებთ რწმენას, რომ იეჰოვა, ზეციერი მამა, თქვენზეც იზრუნებს მსგავს სიტუაციებში. მან იცის, რა გჭირდებათ და ისიც იცის, როგორ აღმოგიჩინოთ დახმარება. როცა საკუთარი თვალით ხედავთ, როგორ გიდგათ იეჰოვა მხარში, რწმენა გიმტკიცდებათ. ეს კი იმაში დაგეხმარებათ, რომ მომავალში უფრო რთულ განსაცდელებს გაუმკლავდეთ. w21.11 20 ¶3; 21 ¶6
პარასკევი, 17 თებერვალი
თუ ვინმე მაინც შესცოდავს, გვყავს შუამავალი მამასთან, მართალი იესო ქრისტე (1 იოან. 2:1).
ბევრი ქრისტიანი შეხვდა დევნასა და მრავალ გასაჭირს. მიუხედავად ამისა, მათ ქადაგება არ შეუწყვეტიათ და სიცოცხლის ბოლომდე ითმენდნენ, რადგან რწმენას გამოსასყიდზე ფიქრი უძლიერებდათ. ამის მაგალითია მოციქული იოანე. ის, სავარაუდოდ, 60 წელზე მეტხანს ქადაგებდა ერთგულად ქრისტესა და მის გამოსასყიდზე. ას წელს მიტანებული იოანე კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს იმ მიზეზით, რომ საფრთხეს უქმნიდა რომის იმპერიას. რაში დასდეს მას ბრალი? იმაში, რომ „ღვთისა და იესოს შესახებ“ ქადაგებდა (გამოცხ. 1:9). იოანე რწმენისა და მოთმინების ბრწყინვალე მაგალითია. იოანეს მიერ დაწერილ ბიბლიის წიგნებში კარგად ჩანს ის დიდი სიყვარული და მადლიერება, რომელსაც იესოსა და მისი გამოსასყიდის მიმართ გრძნობდა. იოანეს 100-ზე მეტჯერ აქვს ნახსენები გამოსასყიდი და ის კურთხევები, რაც მას მოაქვს (1 იოან. 2:2). აშკარაა, რომ ის ძალიან აფასებდა გამოსასყიდს. w21.04 17 ¶9, 10
შაბათი, 18 თებერვალი
არ დასწყევლო ყრუ და უსინათლოს წინ არაფერი დაუდო (ლევ. 19:14).
იეჰოვა მოელის თავისი ხალხისგან, რომ თანაგრძნობას გამოავლენენ მათ მიმართ, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. მაგალითად, ისრაელებს არ უნდა დაეწყევლათ ყრუ. ამაში, როგორც ჩანს, იგულისხმებოდა მუქარის შემცველი ან შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართვა. წარმოიდგინეთ, რა უმოწყალო საქციელია ეს მის მიმართ, ვისაც არ ესმის და, შესაბამისად, თავის დაცვაც არ შეუძლია. გარდა ამისა, როგორც ლევიანების 19:14-დან ვიგებთ, ისრაელებს უსინათლოსთვის წინ არაფერი უნდა დაედოთ, ფეხი რომ არ წამოეკრა. ერთ ნაშრომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ ნათქვამია: „ძველად ახლო აღმოსავლეთში [ასეთ ადამიანებს] უსამართლოდ ექცეოდნენ და აბუჩად იგდებდნენ“. ზოგ გულქვა ადამიანს შეიძლება ბრმისთვის ფეხწამოსაკრავი დაედო, რათა მისთვის ზიანი მიეყენებინა ან დაეცინა. რა სისასტიკეა! ეს კანონი ისრაელებს იმის დანახვაში ეხმარებოდა, რომ თანაგრძნობით უნდა მოპყრობოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. w21.12 8, 9 ¶3, 4
კვირა, 19 თებერვალი
ძალიან შეეშინდა იაკობს, აფორიაქდა (დაბ. 32:7).
იაკობს ეგონა, რომ თავისი ძმა ისევ დაბოღმილი იყო მასზე, ამიტომ მან მხურვალედ ილოცა და დახმარება იეჰოვას სთხოვა. შემდეგ გულუხვი ძღვენი გაუგზავნა ესავს (დაბ. 32:9—15). ბოლოს, როცა ამდენი წლის უნახავი ძმები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ, იაკობმა პირველი ნაბიჯი გადადგა მასთან შესარიგებლად. ის ესავის წინაშე ერთხელ ან ორჯერ კი არა, შვიდჯერ დაემხო. იაკობის თავმდაბლობამ და ძმისადმი გამოვლენილმა პატივისცემამ გაამართლა და მათ შორის მშვიდობა აღდგა (დაბ. 33:3, 4). ჩვენ რას გვასწავლის ის, თუ როგორ მოემზადა იაკობი ძმასთან შესახვედრად და როგორ მოიქცა უშუალოდ შეხვედრის დროს? მან ჯერ გულმხურვალედ ილოცა, შემდეგ კი შესაბამისი ნაბიჯები გადადგა, რომ ძმასთან შეხვედრის დროს ზედმეტი დაძაბულობა აერიდებინა თავიდან. მას ესავთან არ დაუწყია იმის გარკვევა, ვინ იყო მტყუანი და ვინ — მართალი. მისი მთავარი მიზანი ძმასთან შერიგება იყო. ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იაკობს? (მათ. 5:23, 24). w21.12 25 ¶11, 12
ორშაბათი, 20 თებერვალი
ღმერთი ჩვენს გულზე დიდია და მან ყველაფერი იცის (1 იოან. 3:20).
ზოგს უჭირს იმის დაჯერება, რომ იესოს მსხვერპლს შეუძლია მისი ცოდვების გადაფარვა და უღირსობის გრძნობით შეპყრობილი ფიქრობს, რომ ასეთ მსხვერპლს არ იმსახურებს. რატომ შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს ასეთი აზრი? ზოგჯერ ჩვენი გული გვატყუებს და გვაჯერებს, რომ არაფრის ღირსი არა ვართ, მათ შორის, არც სიყვარულის ( 1 იოან. 3:19). ასეთ დროს უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, რომ „ღმერთი ჩვენს გულზე დიდია“. ზეციერ მამას ძალიან ვუყვარვართ და დიდსულოვნად გვპატიობს. თუ შევეცდებით, მისი თვალით შევხედოთ საკუთარ თავს, მაშინ ჩვენს გულში ადგილი აღარ დარჩება უარყოფითი გრძნობებისთვის. იეჰოვას თვალით იმ შემთხვევაში შევხედავთ საკუთარ თავს, თუ ვიკვლევთ მის სიტყვას, ხშირად ვლოცულობთ და ახლო ურთიერთობა გვაქვს მის ერთგულ მსახურებთან. რატომ არის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი? უფრო ნათლად დაინახავთ იეჰოვას არაჩვეულებრივ თვისებებს. ასე უფრო მეტად დარწმუნდებით, რომ იეჰოვას სათუთი გრძნობები აქვს თქვენდამი. თუ ყოველდღიურად იფიქრებთ ღვთის სიტყვის ამა თუ იმ მონაკვეთზე, სწორი აზროვნება ჩამოგიყალიბდებათ და მოიშორებთ არასწორ ფიქრებსა და სურვილებს (2 ტიმ. 3:16). w21.04 23, 24 ¶12, 13
სამშაბათი, 21 თებერვალი
შევღაღადებ ღმერთს . . . და ისიც ყურს მომაპყრობს (ფსალმ. 77:1).
ძლიერი რწმენისთვის მხოლოდ ცოდნის მიღება არ კმარა. უნდა ვიფიქროთ ნასწავლზე. განვიხილოთ 77-ე ფსალმუნის დამწერის მაგალითი. ის ძლიერ იყო დამწუხრებული, რადგან ფიქრობდა, რომ იეჰოვა მას და მის თანამემამულეებს მოწყალე თვალით აღარ უყურებდა. მშფოთვარე ფიქრების გამო მას ძილიც კი გაუკრთა (მე-2—8 მუხლები). რა გააკეთა ასეთ განცდებში მყოფმა? მან უთხრა იეჰოვას: „ვიფიქრებ ყველა შენს საქმეზე და ჩავუკვირდები შენს ნამოქმედარს“ (მე-12 მუხლი). ცხადია, ფსალმუნმომღერალმა კარგად იცოდა, რა ჰქონდა იეჰოვას წარსულში გაკეთებული თავისი ხალხისთვის, თუმცა მაინც შეფიქრიანებული იყო: „ნუთუ დაივიწყა ღმერთმა წყალობის ქმნა ანდა განრისხდა და აღარ იჩენს გულმოწყალებას?!“ (მე-9 მუხლი). ის დაფიქრდა იეჰოვას საქმეებზე და იმაზე, თუ როგორ ავლენდა წყალობასა და თანაგრძნობას თავისი ხალხის მიმართ (მე-11 მუხლი). შედეგად იმ დასკვნამდე მივიდა, რომ იეჰოვა არ მიატოვებდა თავის ხალხს (მე-15 მუხლი). w22.01 30, 31 ¶17, 18
ოთხშაბათი, 22 თებერვალი
მისთვის ისინი ცოცხლები არიან (ლუკ. 20:38).
რას გრძნობს იეჰოვა იმ ერთგული მსახურების მიმართ, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან? მას ძალიან ენატრება ისინი (იობ. 14:15). წარმოიდგინეთ, როგორ ენატრება მას თავისი მეგობარი აბრაამი ან მოსე, რომელსაც პირისპირ ელაპარაკებოდა (იაკ. 2:23; გამ. 33:11). ის ელოდება იმ დროს, როდესაც დავითი და სხვა ფსალმუნმომღერლები კვლავ მიუძღვნიან მას განმადიდებელ სიმღერებს (ფსალმ. 104:33). მართალია, ეს ერთგული მსახურები დიდი ხანია ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ იეჰოვას ისინი არ დავიწყებია (ეს. 49:15). მას ყოველი წვრილმანი ახსოვს მათ შესახებ. როდესაც იეჰოვა მათ სიცოცხლეს დაუბრუნებს, ისინი კვლავ გააგრძელებენ მის თაყვანისცემას და იეჰოვაც კვლავ შეისმენს მათ გულწრფელ ლოცვებსს. თუ სიკვდილმა თქვენც გამოგაცალათ ხელიდან ახლობელი ადამიანი, ამაზე ფიქრი გაგამხნევებთ და განუგეშებთ. იეჰოვამ იცოდა, რომ მას შემდეგ, რაც პირველი ადამიანები ედემის ბაღში ეურჩნენ, დედამიწაზე ყველაფერი უარესობისკენ შეიცვლებოდა, სანამ თავად არ გამოასწორებდა ყველაფერს. იეჰოვას სძულს მსოფლიოში გამეფებული ბოროტება, უსამართლობა და ძალადობა. w21.07 10 ¶11; 12 ¶12
ხუთშაბათი, 23 თებერვალი
გვიყვარდეს არა სიტყვით, . . არამედ საქმით, გულწრფელად (1 იოან. 3:18).
გიყვარდეთ და-ძმები. თუ გამოსასყიდს ვაფასებთ, მაშინ და-ძმებიც უნდა გვიყვარდეს, რადგან იესომ სიცოცხლე მხოლოდ ჩვენთვის კი არა, მათთვისაც გაიღო. რაკი სიცოცხლე არ დაინანა მათთვის, ფაქტია, რომ ძალიან უყვარს ისინი (1 იოან. 3:16—18). და-ძმებისადმი სიყვარული ჩვენი საქმეებიდან ჩანს (ეფეს. 4:29, 31—5:2). მაგალითად, როცა ვეხმარებით მათ ავადმყოფობის, განსაცდელების ან სტიქიური უბედურების დროს. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ თანაქრისტიანი გულს გვტკენს? გიჭირთ პატიება? (ლევ. 19:18). თუ ასეა, ეს რჩევა გამოგადგებათ: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს მაშინაც კი, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლ. 3:13). ყოველ ჯერზე, როცა და-ძმებს ვპატიობთ, ჩვენს ზეციერ მამას ვუმტკიცებთ, რომ ნამდვილად ვაფასებთ გამოსასყიდს. w21.04 18 ¶12, 13
პარასკევი, 24 თებერვალი
იმ ძღვნით ემსახურეთ ერთმანეთს, რა ძღვენიც მიიღეთ (1 პეტ. 4:10).
შეიძლება თავს არ ვზოგავთ იეჰოვას მსახურებაში და ბევრსაც ვეხმარებით სულიერ წინსვლასა და ნათლობაში. მაგრამ იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ნებისმიერ წარმატებას მხოლოდ იეჰოვას წყალობით ვაღწევთ. მოციქული პავლესა და მოწაფე აპოლოსის მაგალითი ჩვენთვის სხვა მხრივაც არის საყურადღებო. რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვფლობთ, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვეძლევა იმისა, რომ მშვიდობას შევუწყოთ ხელი. სასიხარულოა იმის დანახვა, როგორ უწყობენ პასუხისმგებელი ძმები ხელს კრებაში მშვიდობასა და ერთობას, როცა თავიანთ რჩევებს ღვთის სიტყვაზე აფუძნებენ და მთელი ყურადღება ჩვენს მისაბაძ მაგალითზე, იესო ქრისტეზე, გადააქვთ და არა საკუთარ თავზე (1 კორ. 4:6, 7). ყველას გვაქვს ღვთისგან ბოძებული ესა თუ ის ნიჭი და უნარი. შეიძლება ვფიქრობთ, რომ ბევრს ვერაფერს ვაკეთებთ, მაგრამ გვახსოვდეს, რომ მშვიდობისკენ გადადგმული ერთი პატარა ნაბიჯიც კი რაღაცით იმ აგურს ჰგავს, რომლითაც საბოლოოდ სახლი შენდება. მოდი ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენში პატივმოყვარეობის ნატამალიც არ დარჩეს და მიზნად დავისახოთ, რომ კრებაში მშვიდობასა და ერთობას შევუწყოთ ხელი (ეფეს. 4:3). w21.07 19 ¶18, 19
შაბათი, 25 თებერვალი
აღდგება შენი ძმა! (იოან. 11:23).
შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ერთ დღესაც თქვენც შეხვდებით გარდაცვლილ ახლობლებს. ის ფაქტი, რომ მგლოვიარე მეგობრების დანახვამ იესო ააცრემლა, იმაზე მოწმობს, რომ მას ერთი სული აქვს, აღადგინოს მკვდრები (იოან. 11:35). თქვენ შეგიძლიათ მგლოვიარეთა ნუგეშისცემა. იესომ მხოლოდ ცრემლებით კი არ თანაუგრძნო მართასა და მარიამს, არამედ მოუსმინა და გაამხნევა კიდეც (იოან. 11:25—27). ჩვენც შეგვიძლია ასე ამოვუდგეთ მხარში მგლოვიარეებს. ავსტრალიაში მცხოვრები ერთი უხუცესი, დენი, ამბობს: „ცოლის გარდაცვალების შემდეგ ძალიან მჭირდებოდა სხვების დახმარება. რამდენიმე ოჯახი დღე-ღამის განმავლობაში მზად იყო, ნებისმიერ დროს მოესმინა ჩემთვის. მათთან თავისუფლად გამოვხატავდი ჩემს გულისტკივილს და ვტიროდი კიდეც. ისინი სხვა მხრივაც მეხმარებოდნენ: მანქანას მირეცხავდნენ, საყიდლებზე მეგზავნებოდნენ და საჭმელს მიმზადებდნენ, როცა ამის თავი არ მქონდა. ხშირად ჩემთან ერთად ლოცულობდნენ კიდეც. ისინი ჩემთვის ნამდვილი მეგობრები და გასაჭირისთვის დაბადებული ძმები იყვნენ“ (იგავ. 17:17). w22.01 16 ¶8, 9
კვირა, 26 თებერვალი
სასიცოცხლო შეგონების მომსმენი ბრძენთა შორის მკვიდრობს (იგავ. 15:31).
იეჰოვას ყოველთვის საუკეთესო სურს ჩვენთვის (იგავ. 4:20—22). იგი თავის სიყვარულს მაშინ გვიმტკიცებს, როცა რჩევას თავისი სიტყვის, ბიბლიური პუბლიკაციებისა თუ მოწიფული ქრისტიანის მეშვეობით გვაძლევს. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, იეჰოვა ამას ყოველთვის ჩვენ სასიკეთოდ აკეთებს (ებრ. 12:9, 10). ყურადღება თავად რჩევაზე უნდა გავამახვილოთ და არა იმაზე, თუ რა ფორმით მოგცეს. ზოგჯერ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მთლად კორექტულად ვერ მოგვცეს რჩევა. ცხადია, რჩევის მიმცემი ყველანაირად უნდა შეეცადოს, რომ მისი ნათქვამი ადვილი მისაღები იყოს (გალ. 6:1). მაშინაც კი, თუ არ მოგვწონს, როგორ მოგვცეს რჩევა, აჯობებს, მის შინაარსობრივ მხარეზე გავამახვილოთ ყურადღება. ასეთ დროს უნდა დავფიქრდეთ, რაც გვირჩიეს, იქნებ სულაც არ იყო ურიგო. რჩევის მომცემის გაკრიტიკებას აჯობებს, იმაზე ვიფიქროთ, როგორ წაგვადგება მისი ნათქვამის გათვალისწინება. ჩვენი მხრიდან სიბრძნის მაჩვენებელი იქნება, თუ შევეცდებით, ყველა რჩევაში საჩვენოდ დავინახოთ რამე. w22.02 12 ¶13, 14
ორშაბათი, 27 თებერვალი
იეჰოვას რჩევა სანდოა, დააბრძენებს გამოუცდელს (ფსალმ. 19:7).
იეჰოვამ იცის, რომ არასწორი აზროვნებისა და თვისებების მოსაშორებლად დრო და ძალისხმევა გვჭირდება (ფსალმ. 103:13, 14). იეჰოვა თავისი სიტყვის, წმინდა სულისა და ორგანიზაციის მეშვეობით გვაძლევს სიბრძნეს და ძალას, რაც ასეთი ცვლილებების მოსახდენად გვჭირდება. ბიბლიის მეშვეობით გამოიკვლიეთ საკუთარი თავი. ღვთის სიტყვა სარკესავითაა, რომელიც გვეხმარება, დავუკვირდეთ ჩვენს ფიქრებს, საუბარსა და საქციელს (იაკ. 1:22—25). რაც მთავარია, იეჰოვა ყოველთვის მზად არის თქვენ დასახმარებლად. მან კარგად იცის, რა გაქვთ გულში, ამიტომ საუკეთესოდ შეუძლია თქვენი დახმარება (იგავ. 14:10; 15:11). ასე რომ, კარგს იზამთ, თუ ლოცვასა და ბიბლიის კითხვას ყოველდღიურ ჩვევად გაიხდით. დარწმუნდით, რომ იეჰოვას ნორმებით ცხოვრება საუკეთესო არჩევანია. ყველაფერი, რასაც იეჰოვა მოითხოვს ჩვენგან, ჩვენსავე კეთილდღეობას ემსახურება. იეჰოვას ნორმების თანახმად ცხოვრება ადამიანს ღირსების გრძნობასა და ცხოვრების აზრს სძენს და ბედნიერს ხდის (ფსალმ. 19:8—11). w22.03 4 ¶8—10
სამშაბათი, 28 თებერვალი
დააკვირდით მის მიწაყრილებს, დაათვალიერეთ მისი გამაგრებული კოშკები, რათა მომავალ თაობებს უამბოთ მასზე! (ფსალმ. 48:13).
იეჰოვას ვცემთ თაყვანს, როცა თეოკრატიული შენობების მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაში ვმონაწილეობთ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ კარვისა და მისთვის განკუთვნილი ნივთების დამზადება წმინდა მსახურება იყო (გამ. 36:1, 4). ჩვენი დარბაზებისა თუ სხვა თეოკრატიული შენობების მშენებლობას იეჰოვა დღესაც წმინდა მსახურებად მიიჩნევს. ზოგი და-ძმა ბევრ დროს უთმობს ამ საქმეს. ეჭვგარეშეა, ყველანი ვაფასებთ სამეფო საქმის მხარდასაჭერად გაწეულ მათ შრომას. გარდა ამისა, ეს და-ძმები სამქადაგებლო საქმეშიც მონაწილეობენ. შეიძლება ზოგმა მათგანმა პიონერად მსახურებაც კი მოინდომოს. თუ ეს მძიმედ მშრომელი და-ძმები აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, უხუცესები მხარს დაუჭერენ სამშენებლო საქმეს, თუ მათ პიონერებად დანიშნავენ. იმის მიუხედავად, გვაქვს თუ არა სამშენებლო გამოცდილება, ყველას შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ თეოკრატიული შენობების დასუფთავებასა და მოვლა-პატრონობაში. w22.03 22 ¶11, 12