მარტი
ოთხშაბათი, 1 მარტი
რაც კი ჩემს უმცირეს ძმათაგან ერთ-ერთს გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ! (მათ. 25:40).
მათეს 25:31—36-ში ჩაწერილ იგავში მოხსენიებული „ცხვრები“ არიან ბოლო დღეებში მცხოვრები მართალი ადამიანები, რომლებსაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ. ისინი „სხვა ცხვარს“ მიეკუთვნებიან, ერთგულად უდგანან მხარში დედამიწაზე დარჩენილ ქრისტეს ცხებულ ძმებს და ეხმარებიან მსოფლიო მასშტაბით ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში (მათ. 24:14; 28:19, 20). ყოველწლიურად გახსენების საღამოს წინა პერიოდში „სხვა ცხვარი“ ქრისტეს ძმებთან ერთად მონაწილეობს მსოფლიო კამპანიაში, რომლის მიზანიც გახსენების საღამოზე ხალხის მოწვევაა. ისინი ორგანიზებას უწევენ ამ საღამოს ჩატარებას ყველა კრებაში. „სხვა ცხვარი“ ყველაფერში სიხარულით უჭერს მხარს ქრისტეს ძმებს, რადგან ქრისტე პირადად მისთვის გაკეთებულ სიკეთედ თვლის ყველაფერს, რასაც ისინი მისი ცხებული ძმებისთვის აკეთებენ (მათ. 25:37—40). w22.01 22 ¶11, 12
ხუთშაბათი, 2 მარტი
ვინც მე მიხილა, მამაც იხილა (იოან. 14:9).
ჩვენ უნდა ვეცადოთ, ისეთივე თვისებები განვივითაროთ, როგორიც იესოს აქვს, და მასავით მოვეპყროთ სხვებს. მაგალითად, გავიხსენოთ, როგორი სიბრალული გამოხატა კეთროვნის მიმართ, როგორ თანაუგრძნო ავადმყოფობით გატანჯულ ქალსა და შვილმკვდარ დედას. თუ იესოს მივბაძავთ, ფაქტობრივად, იეჰოვასაც მივბაძავთ (მარ. 1:40, 41; 5:25—34; იოან. 11:33—35). რაც უფრო მეტად ვივითარებთ იეჰოვას მოსაწონ თვისებებს, მით უფრო ვიმტკიცებთ მასთან მეგობრობას. იესოს ნაკვალევის მიყოლა გვეხმარება, არ მოვექცეთ ბოროტი ქვეყნიერების გავლენაში. დედამიწაზე ცხოვრების ბოლო ღამეს იესომ ასეთი სიტყვები თქვა: „მე ვძლიე ქვეყნიერებას!“ (იოან. 16:33). ეს იმას ნიშნავდა, რომ ქვეყნიერებამ გავლენა ვერ მოახდინა ვერც მის აზროვნებაზე და ვერც მის მიზნებსა თუ საქციელზე. იესოს არასდროს დავიწყებია დედამიწაზე მოსვლის მთავარი მიზანი, კერძოდ ის, რომ განეწმინდა ღვთის სახელი. რისი თქმა შეიძლება ჩვენზე? ამ ქვეყნიერებაში ბევრმა რამემ შეიძლება მოგვაცდინოს იეჰოვას მსახურებას, მაგრამ, თუ იესოს მსგავსად მთელ ყურადღებას იეჰოვას ნების შესრულებაზე გადავიტანთ, ჩვენც ვძლევთ ქვეყნიერებას (1 იოან. 5:5). w21.04 3, 4 ¶7, 8
პარასკევი, 3 მარტი
[ვერაფერი] ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს (რომ. 8:39).
მოციქული პავლესთვის ცნობილი იყო იესოს დაპირება, რომ „ყველას, ვისაც [იესო] სწამს, მარადიული სიცოცხლე“ ექნება (იოან. 3:15; რომ. 6:23). პავლეს ნამდვილად სწამდა, რომ გამოსასყიდს ხსნის ძალა აქვს. ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა მზად არის, აპატიოს მას, ვინც მთელი გულით ინანიებს წარსულში ჩადენილ, თუნდაც მძიმე, ცოდვებს (ფსალმ. 86:5). პავლეს მსახურების გაგრძელებაში იმის ცოდნაც დაეხმარა, რომ იეჰოვას ძალიან უყვარდა ის. ამ სიყვარულში ის არწმუნებდა, რომ იეჰოვამ თავისი ძე მისთვისაც გაიღო მსხვერპლად. მან თავისი რწმენა გალატელების 2:20-ში ჩაწერილი სიტყვებით გამოხატა: „ღვთის ძემ . . . შემიყვარა და თავი გასწირა ჩემთვის“. პავლეს არასწორი წარმოდგენა არ შეუქმნია ღვთის სიყვარულზე და ასე არ უფიქრია: „ვიცი, რომ იეჰოვას უყვარს ჩემი და-ძმები, მაგრამ ის მე ვერასოდეს შემიყვარებს“. პავლემ რომაელებს შეახსენა: „ქრისტე მაშინ მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომ. 5:8). ფაქტია, ღმერთს თითოეული თავისი მსახური უყვარს! პავლეს ეჭვი არ ეპარებოდა ღვთის უსაზღვრო სიყვარულში. მან კარგად იცოდა, როგორი მოთმინებითა და გულმოწყალებით ეპყრობოდა იეჰოვა ისრაელს. w21.04 22 ¶8—10
შაბათი, 4 მარტი
ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს (1 იოან. 5:3).
ბიბლიის შემსწავლელს შეაყვარეთ იეჰოვა. ყველანაირად ეცადეთ, რომ მას იეჰოვას თვისებებზე გაუმახვილოთ ყურადღება. დაანახვეთ, რომ ის ბედნიერი ღმერთია, რომელიც მხარში უდგას თავის მოყვარულთ (1 ტიმ. 1:11; ებრ. 11:6). აუხსენით, რომ ბიბლიური რჩევები მისთვისვეა სასიკეთო, რაც ღვთის უდიდეს სიყვარულზე მეტყველებს (ეს. 48:17, 18). რაც უფრო მეტად შეიყვარებს იეჰოვას, მით უფრო მეტი სტიმული მიეცემა ცვლილებების მოსახდენად. ბიბლიის შემსწავლელი მონათვლისთვის მზად რომ იყოს, გარკვეულ დათმობაზე უნდა წავიდეს. ზოგ შემსწავლელს მოუწევს მატერიალურ წარმატებაზე უარის თქმა. ზოგს შეიძლება ისეთ მეგობრებთან განშორება მოუწიოს, რომლებსაც არ უყვართ იეჰოვა, ზოგს კი იეჰოვას მოწმეების მიმართ უარყოფითად განწყობილმა ოჯახის წევრებმა აქციონ ზურგი. იესო თავის მიმდევრებს დაჰპირდა, რომ გაღებული მსხვერპლი დაუფასდებოდათ. ისინი დიდ, მოსიყვარულე სულიერ ოჯახს შეიძენდნენ (მარ. 10:29, 30). w21.06 4 ¶8, 9
კვირა, 5 მარტი
გახედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად! (იოან. 4:35).
მოციქულმა პავლემ მოწაფეების მომზადება მოსავლის მოყვანას შეადარა, რითაც იმაზე მიანიშნა, რომ მხოლოდ დარგვა ან თესლის ჩათესვა არ კმარა. მან შეახსენა კორინთელებს: „მე დავრგე, აპოლოსმა მორწყო, . . თქვენ ღვთის ნაკვეთი ხართ, რომელსაც ის ამუშავებს“ (1 კორ. 3:6—9). როგორც „ღვთის ნაკვეთში“ მომუშავენი, ჩვენ არა მხოლოდ „ვრგავთ“ ან „ვთესავთ“, არამედ „ვრწყავთ“ კიდეც და თვალყურს ვადევნებთ ზრდის პროცესს. ამასთან ერთად, იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ზრდა მხოლოდ და მხოლოდ ღმერთზეა დამოკიდებული. ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ შეგვიძლია ადამიანებს ვუქადაგოთ და ვასწავლოთ ბიბლიური ჭეშმარიტება. ეს საქმე შინაგან კმაყოფილებასა და სიხარულს გვანიჭებს. მოციქული პავლე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მოწაფეების მომზადების საქმეში, თავის გრძნობებს ასეთი სიტყვებით გადმოსცემს: „ვინ იქნება ჩვენი იმედი, სიხარული და საამაყო გვირგვინი, როცა ჩვენი უფალი იესო მოვა? განა თქვენ არა?! დიახ, თქვენ ხართ ჩვენი დიდება და სიხარული!“ (1 თეს. 2:19, 20; საქ. 17:1—4). w21.07 3 ¶5; 7 ¶17
ორშაბათი, 6 მარტი
არ დაამციროთ არცერთი ამ მცირეთაგანი (მათ. 18:10).
იეჰოვამ თითოეული ჩვენგანი თავისკენ მიიზიდა (იოან. 6:44). იცით, ეს რას ნიშნავს? მილიარდობით ადამიანს შორის იეჰოვამ თქვენ ამოგირჩიათ, რადგან სწორედ თქვენ აღმოგაჩნდათ ისეთი გული, რომელსაც მისი შეყვარება შეეძლო (1 მატ. 28:9). იეჰოვა კარგად გიცნობთ, ესმის თქვენი და უყვარხართ. განა გულს სიხარულით არ გივსებთ ამის ცოდნა?! იეჰოვასთვის თითოეული თავისი მსახური ძვირფასია. ეს კარგად ჩანს იესოს იგავიდან, რომელშიც იეჰოვა მწყემსთან არის შედარებული. როგორ მოიქცევა მწყემსი, თუ მისი 100 ცხვრიდან ერთს გზა აებნევა? ის „დატოვებს მთაში 99-ს და . . . წავა იმ ერთი გზააბნეულის საძებრად“. როცა მწყემსი დაკარგულ ცხვარს იპოვის, კი არ გაუჯავრდება, არამედ გაიხარებს. რისი თქმა უნდოდა ამით იესოს? იეჰოვასთვის თითოეული თავისი ცხვარი ძვირფასია. იესომ თქვა: „ასევე არ სურს ჩემს ზეციერ მამას, რომ ამ მცირეთაგან თუნდაც ერთი დაიღუპოს“ (მათ. 18:12—14). w21.06 20 ¶1, 2
სამშაბათი, 7 მარტი
დაუახლოვდით ღმერთს (იაკ. 4:8).
იმ უდიდეს სიყვარულზე ფიქრი, რომელიც იეჰოვამ ჩვენდამი გამოავლინა, გვიღრმავებს ღვთისადმი სიყვარულს და უფრო მეტად გვაახლოებს მასთან (რომ. 8:38, 39). უფრო მეტად გვიჩნდება იესოს მიბაძვის სურვილი (1 პეტ. 2:21). გახსენების საღამოს წინა პერიოდში ჩვენ ვკითხულობთ იმ ბიბლიურ მონაკვეთებს, რომლებიც მოგვითხრობს დედამიწაზე იესოს ცხოვრების უკანასკნელ კვირაში მომხდარ მოვლენებზე, მათ შორის მის სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომაზე. გახსენების საღამოზე წარმოთქმული მოხსენება შეგვახსენებს, თუ რამხელა სიყვარული გამოავლინა იესომ ჩვენდამი (ეფეს. 5:2; 1 იოან. 3:16). როცა ვკითხულობთ და ღრმად ვფიქრობთ იესოს თავგანწირვის მაგალითზე, მეტი სტიმული გვეძლევა, ისე ვიცხოვროთ, „როგორც ის ცხოვრობდა“ (1 იოან. 2:6). უფრო მეტად ვართ მოწადინებული, რომ ყოველთვის ღვთის სიყვარულის ღირსად ჩავითვალოთ (იუდ. 20, 21). ღვთის სიყვარულის ღირსად მაშინ ჩავითვლებით, თუ ყველანაირად ვეცდებით, დავემორჩილოთ მას, განვწმინდოთ მისი სახელი და გული გავუხაროთ (იგავ. 27:11; მათ. 6:9; 1 იოან. 5:3). გახსენების საღამოზე დასწრება სტიმულს გვაძლევს, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით დავუმტკიცოთ იეჰოვას, რომ გვსურს, მარადიულად მისი სიყვარულის ღირსი ვიყოთ. w22.01 23 ¶17; 25 ¶18, 19
ოთხშაბათი, 8 მარტი
აირჩიეთ, ვის ემსახურებით (იეს. 24:15).
იეჰოვამ ნების თავისუფლება გვიბოძა. ჩვენ თავად შეგვიძლია ავირჩიოთ ცხოვრების კურსი. ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს გულს უხარებს, როცა ნებაყოფლობით ვირჩევთ მის მსახურებას (ფსალმ. 84:11; იგავ. 27:11). ნების თავისუფლება იმის საშუალებასაც გვაძლევს, რომ სხვა სფეროებშიც გავაკეთოთ სწორი არჩევანი. როცა საქმე არჩევანზე მიდგებოდა, იესო სხვის ინტერესებს ყოველთვის საკუთარზე წინ აყენებდა. ერთხელ მან და მისმა მოციქულებმა დაღლილობის გამო მყუდრო ადგილს დაუწყეს ძებნა. მაგრამ დასვენება არ დასცალდათ, რადგან ბევრმა შეიტყო მათი ადგილსამყოფელის შესახებ. ხალხს ერთი სული ჰქონდა, მოესმინა იესოს ქადაგებისთვის. მათ დანახვაზე იესო არ გაღიზიანებულა, პირიქით, სიბრალულით აღძრულმა ბევრი რამ ასწავლა მათ (მარ. 6:30—34). როცა იესოს მსგავსად ჩვენს დროსა და ენერგიას არ ვიშურებთ სხვების დასახმარებლად, დიდებას მივაგებთ ჩვენს ზეციერ მამას (მათ. 5:14—16). w21.08 3 ¶7, 8
ხუთშაბათი, 9 მარტი
თითოეული თავის საქმეებს დაუკვირდეს; ეს მოუტანს მას სიხარულს და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარება (გალ. 6:4).
იეჰოვას უყვარს მრავალფეროვნება. ყველაფერი, რაც მან შექმნა, მათ შორის კაცობრიობა, სწორედ ამაზე მეტყველებს. ყველა ადამიანი განსხვავებულია, ამიტომ იეჰოვა არ ადარებს მათ ერთმანეთს. ის ჩვენს გულს ხედავს და იცის, სინამდვილეში როგორები ვართ (1 სამ. 16:7). ის მხედველობაში იღებს ჩვენს ძლიერ და სუსტ მხარეებს და ითვალისწინებს, როგორ გარემოში აღვიზარდეთ. იეჰოვა იმაზე მეტს არ გვთხოვს, ვიდრე შეგვიძლია. ჩვენც მისი თვალით უნდა შევაფასოთ საკუთარი თავი. ამგვარად საღ აზრს შევინარჩუნებთ და საკუთარ თავზე გაწონასწორებული შეხედულება გვექნება (რომ. 12:3). ცხადია, ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია იმ და-ძმებისგან, რომლებიც კარგი მქადაგებლები არიან (ებრ. 13:7). მათზე დაკვირვებით მივხვდებით, როგორ დავიხვეწოთ ამ საქმეში (ფილ. 3:17). ერთია, სხვის კარგ მაგალითს მიჰბაძო, მაგრამ სულ სხვაა, საკუთარი თავი სხვისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეაფასო. w21.07 20 ¶1, 2
პარასკევი, 10 მარტი
ზეცად აღაპყარით თვალები და შეხედეთ. ვინ შექმნა ეს ყველაფერი? (ეს. 40:26).
მეტი გაიგეთ შემოქმედების შესახებ. შემოქმედისადმი რწმენას ცხოველებზე, მცენარეებზე და ვარსკვლავებზე დაკვირვება განგიმტკიცებთ (ფსალმ. 19:1). რაც უფრო მეტს გაიგებთ ჩვენი სამყაროს შესახებ, მით უფრო მეტად დარწმუნდებით, რომ იეჰოვა შემოქმედია. როცა ვცდილობთ, შემოქმედებაზე მეტი გავიგოთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რას გვიმჟღავნებს ის შემოქმედის შესახებ (რომ. 1:20). მაგალითად, გარდა იმისა, რომ მზე სიცოცხლისთვის აუცილებელი სითბოთი უზრუნველგვყოფს, ის გამოყოფს საზიანო ენერგიასაც ულტრაიისფერი გამოსხივების სახით, რომლისგანაც დედამიწის დამცავი ფარი გვიცავს. ამ დამცავ ფარს წარმოადგენს ოზონის შრე, რომელიც ფილტრავს საზიანო რადიაციას. რაც უფრო ძლიერდება ულტრაიისფერი გამოსხივება, მით უფრო სქელდება ოზონის შრე. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მიღმა მოსიყვარულე და გონიერი შემოქმედი არ იდგეს?! w21.08 17 ¶9, 10
შაბათი, 11 მარტი
ვისაც ღმერთი უყვარს, თავისი ძმაც უნდა უყვარდეს (1 იოან. 4:21).
მას შემდეგ, რაც ადამიანი მოინათლება, კვლავაც გვმართებს მის მიმართ სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენა (1 იოან. 4:20). როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? მაგალითად, ეჭვი არ შევიტანოთ მასში და ცუდი მოტივები არ მივაწეროთ; პირიქით, ღირსეულად უნდა მოვეპყროთ და ჩვენზე აღმატებულად ჩავთვალოთ (რომ. 12:10; ფილ. 2:3). სინამდვილეში, გულმოწყალება და სიკეთე გამოიჩინეთ ყველას მიმართ. თუ გვინდა, რომ იეჰოვამ შვილებად ჩაგვთვალოს, მის სიტყვაში ჩაწერილის თანახმად უნდა ვიცხოვროთ. მაგალითად, იესომ გვასწავლა, რომ გულმოწყალება და სიკეთე გამოვიჩინოთ ყველას, მათ შორის მტრების მიმართ (ლუკ. 6:32—36). ფაქტია, ასე მოქცევა ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ იესოსავით ვიაზროვნებთ და ვიმოქმედებთ. თუ ყველანაირად ვეცდებით, დავემორჩილოთ იეჰოვას და მივბაძოთ იესოს, ამით ვაჩვენებთ, რომ გვსურს, იეჰოვას ოჯახის წევრები გავხდეთ. w21.08 6 ¶14, 15
კვირა, 12 მარტი
[ნახეთ] თუ არ გაგიხსნათ ცათა კარიბჭენი და უხვად არ გადმოვცალო თქვენზე კურთხევები (მალ. 3:10)
ისწავლეთ იეჰოვაზე მინდობა. ის გვპირდება, რომ კურთხევებს არ მოგვაკლებს, თუ მას მივენდობით და თავს არ დავზოგავთ მისთვის. ბიბლიამ მრავლად შემოგვინახა იმ ადამიანთა მაგალითები, რომლებსაც თავი არ დაუზოგავთ იეჰოვასთვის. ხშირ შემთხვევაში ისინი თავად დგამდნენ პირველ ნაბიჯს, რომ ღვთისგან კურთხევები მიეღოთ. მაგალითად, აბრაამმა დატოვა თავისი სახლი და წავიდა, „თუმცა არ იცოდა, სად მიდიოდა“; მხოლოდ ამის შემდეგ აკურთხა ის იეჰოვამ (ებრ. 11:8). იაკობმა მხოლოდ მაშინ მიიღო იეჰოვასგან განსაკუთრებული კურთხევა, როცა ანგელოზს დაეჭიდა (დაბ. 32:24—30). აღთქმული მიწის ზღურბლზე მყოფმა ისრაელებმა მხოლოდ მაშინ შეძლეს აღელვებული მდინარე იორდანის გადაკვეთა, როცა მღვდლებმა ფეხი ჩადგეს მდინარეში (იეს. 3:14—16). ჩვენ ბევრ რამეს ვსწავლობთ თანამედროვე ღვთის მსახურებისგანაც, რომლებიც მიენდნენ იეჰოვას და გააფართოეს მსახურება. w21.08 29, 30 ¶12—14
ორშაბათი, 13 მარტი
ნუ იტყვი, წარსული ახლანდელს სჯობიაო (ეკლ. 7:10).
ხანდაზმულო და-ძმებო, მართალია, წარსულში დიდი გამოცდილება შეიძინეთ, მაგრამ იმასაც აცნობიერებთ, რომ სიახლეებსაც უნდა აუწყოთ ფეხი. თუნდაც დიდი ხნის მონათლულები არ იყოთ, მაინც შეგიძლიათ სხვებს რაღაც ასწავლოთ. ახალგაზრდები ძალიან დააფასებენ, თუ მათ თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებთ. არ დაინანოთ თქვენი „გამოცდილების საგანძურიდან“ გაცემა და იეჰოვაც უხვად გაკურთხებთ ამისთვის (ლუკ. 6:38). ასე რომ, ძვირფასო ხანდაზმულებო, დაუახლოვდით ახალგაზრდებს და გაამხნევეთ ერთმანეთი (რომ. 1:12). თქვენს მსგავსად ახალგაზრდებსაც აქვთ გამორჩეული ძლიერი მხარეები. მაგალითად, თქვენ გაქვთ სიბრძნე და გამოცდილება, რომელიც დრომ შეგძინათ, ახალგაზრდებს კი — ძალა და ენერგია. როცა ახალგაზრდები და ხანდაზმულები მხარდამხარ შრომობენ, ჩვენს ზეციერ მამასაც განადიდებენ და კრების კეთილდღეობასაც ხელს უწყობენ. w21.09 8 ¶3; 13 ¶17, 18
სამშაბათი, 14 მარტი
ჩვენ ძელზე გაკრული ქრისტეს შესახებ ვქადაგებთ, რაც იუდეველებისთვის დაბრკოლებაა (1 კორ. 1:23).
რატომ დააბრკოლა ბევრი იუდეველი იესოს ძელზე გაკვრამ? ის ძელზე გააკრეს, როგორც ბოროტმოქმედი და ცოდვილი, ამიტომ მათი აზრით, იესო მესია ვერ იქნებოდა (კან. 21:22, 23). იმ იუდეველებს, რომლებიც იესოს გამო დაბრკოლდნენ, მხედველობიდან გამორჩათ, რომ ის უდანაშაულო იყო და ცრუ ბრალდების საფუძველზე უსამართლოდ დასაჯეს. იესოს სასამართლო სხვა არაფერი იყო, თუ არა ცინიზმის ზეიმი. სახელდახელოდ მოწვეულ იუდეველთა უზენაეს სასამართლოზე საქმის მოსმენა ყოველგვარი წესის დარღვევით წარიმართა (ლუკ. 22:54; იოან. 18:24). ნაცვლად იმისა, რომ მიუკერძოებლად მოესმინათ იესოს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და ობიექტურად შეეფასებინათ სამხილები, თავად მოსამართლეები ეძებდნენ ცრუმოწმეებს, რომ იესო სიკვდილით დაესაჯათ (მათ. 26:59; მარ. 14:55—64). იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უსამართლო მოსამართლეებმა რომაელი ჯარისკაცები მოისყიდეს, რომლებიც მის სამარხს იცავდნენ. მათ „ბლომად ვერცხლი მისცეს“, რათა ცრუ ხმები დაერხიათ იესოს სამარხიდან გაუჩინარების შესახებ (მათ. 28:11—15). w21.05 11 ¶12, 13
ოთხშაბათი, 15 მარტი
მამის გარდა არავინ იცის, როდის დადგება ის დღე და საათი — არც ანგელოზებმა ზეცაში და არც ძემ (მათ. 24:36).
იეჰოვას შეეძლო ნებისმიერ დროს გაენადგურებინა ბოროტი ქვეყნიერება, მაგრამ მისი მოთმინება ჩვენთვისვეა სასიკეთო. ადამისა და ევას ყველა შთამომავალი არასრულყოფილი ანუ ნაკლოვანი იბადება. მაგრამ იეჰოვას მაინც უყვარს ისინი, ზრუნავს მათზე და ჰპირდება, რომ გაანადგურებს ამ ბოროტ ქვეყნიერებას (1 იოან. 4:19). მან დანიშნა კონკრეტული დღე, როცა ადამიანების ტანჯვას ბოლოს მოუღებს. ნუთუ იეჰოვას სიყვარული იმისკენ არ აღგვძრავს, რომ მასთან ერთად ჩვენც იქამდე მოვითმინოთ, სანამ საჭირო იქნება?! იეჰოვამ მოთმინების უბადლო მაგალითი მოგვცა. მოთმინების გამოვლენაში იესოც ჰბაძავდა მამას. დედამიწაზე ყოფნის დროს მან ჩვენი გულისთვის აიტანა შეურაცხყოფა, დაცინვა და წამების წელზე ტანჯვა (ებრ. 12:2, 3). ეჭვგარეშეა, იესოს ამ ყველაფრის ატანის ძალა იეჰოვას მოთმინების მაგალითმა მისცა. ეს ჩვენც მოგვცემს მოთმინების ძალას. w21.07 12, 13 ¶15—17
ხუთშაბათი, 16 მარტი
გულმოწყალენი იყავით, როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე (ლუკ. 6:36).
ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ ზეციერი მამის გულმოწყალებას (ფსალმ. 103:10—14). იესო თავისი არასრულყოფილი მიმდევრების მიმართ ყოველთვის ავლენდა გულმოწყალებასა და მიმტევებლობას. მან მზადყოფნით გაიღო თავისი სიცოცხლე ჩვენი ცოდვებისთვის (1 იოან. 2:1, 2). ჩვენს სულიერ ოჯახში სიყვარულის განმტკიცებას ვუწყობთ ხელს, თუ მთელი გულით ვპატიობთ ერთმანეთს (ეფეს. 4:32). ფაქტია, პატიება ყოველთვის ადვილი არ არის, ამიტომ მიზანმიმართული ძალისხმევაა საჭირო. ერთ დას სტატია „მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ დაეხმარა, რომ უფრო მიმტევებელი გამხდარიყო. ის ამბობს: „როგორც სტატიაში იყო ნათქვამი, სხვების პატიება სულაც არ ნიშნავს, რომ ვიწონებთ მათ არასწორ საქციელს ან ვამცირებთ მათი მოქმედებით გამოწვეულ ზიანს. პირიქით, პატიება ნიშნავს, რომ წყენა გულში არ ჩავიტოვოთ და შინაგანი სიმშვიდე შევინარჩუნოთ“. როცა და-ძმებს მთელი გულით ვპატიობთ, ვაჩვენებთ, რომ გვიყვარს ისინი და ვბაძავთ ჩვენს მამას, იეჰოვას. w21.09 23, 24 ¶15, 16
პარასკევი, 17 მარტი
[ღვთის] თაყვანისმცემლები მას . . . ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს (იოან. 4:24).
იესოს უყვარდა ჭეშმარიტება ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ. ეს კარგად ჩანდა მისი ცხოვრებიდან და მსახურებიდან (იოან. 18:37). იესოს ერთგულ მიმდევრებსაც უყვარდათ ჭეშმარიტება (იოან. 4:23). პეტრე მოციქულმა ქრისტიანობას „ჭეშმარიტების გზაც“ კი უწოდა (2 პეტ. 2:2). სწორედ ჭეშმარიტების დიდმა სიყვარულმა ათქმევინა უარი პირველ ქრისტიანებს ისეთ რელიგიურ შეხედულებებზე, ტრადიციებსა თუ პირად მოსაზრებებზე, რომლებიც უპირისპირდებოდა ამ ჭეშმარიტებას (კოლ. 2:8). დღესაც ნამდვილი ქრისტიანები ცდილობენ, „ჭეშმარიტების გზით“ იარონ და თავიანთი მოძღვრებები თუ ცხოვრების წესი მთლიანად ღვთის სიტყვას შეუსაბამონ (3 იოან. 3, 4). დღეს ღვთის ხალხს არა აქვს პრეტენზია იმაზე, რომ სრულყოფილად ესმის ჭეშმარიტება. არ არის გამორიცხული, რომ მათ რაიმე შეცდომა დაუშვან, როცა საქმე ორგანიზაციულ საკითხს ან რაიმე მოძღვრების ახსნას ეხება. როცა რაიმე საკითხს ნათელი ეფინება, ისინი მზად არიან, მოახდინონ სათანადო ცვლილებები. w21.10 21, 22 ¶11, 12
შაბათი, 18 მარტი
იეჰოვას მოიმედე მისი სიყვარულით არის გარემოცული (ფსალმ. 32:10).
როგორც ძველად ქალაქებს იცავდა გალავანი, ისე დღეს იეჰოვას ურყევი სიყვარული გვიცავს იმ საფრთხეებისგან, რომლებმაც შეიძლება ბზარი გაუჩინოს ჩვენს ერთგულებას. გარდა ამისა, ეს სიყვარული იეჰოვას ჩვენთან დაახლოებისკენ აღძრავს (იერ. 31:3). ფსალმუნმომღერალმა დავითმა სხვა შედარებაც მოიყვანა იმის საჩვენებლად, თუ როგორ იცავს ღმერთი თავის ხალხს. ის წერდა: „შენ ხარ, ღმერთო, ჩემი თავშესაფარი; ღმერთი, რომელიც სიკეთეს [ურყევ სიყვარულს, სქ.] არ მიკავებს“. იეჰოვაზე მან ასეთი სიტყვებიც თქვა: „ის არ იშურებს [ურყევ სიყვარულს, სქ.] და ისაა ჩემი ციხესიმაგრე, ჩემი თავშესაფარი და მხსნელი, ჩემი ფარი, რომელსაც თავს ვაფარებ“ (ფსალმ. 59:17; 144:2). რატომ ადარებს დავითი იეჰოვას ურყევ სიყვარულს თავშესაფარს და ციხესიმაგრეს? სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, თუ მას ვემსახურებით, იეჰოვა ყოველთვის დაგვიცავს, რომ საფრთხე არ შეექმნას მასთან ჩვენს ურთიერთობას. w21.11 6 ¶14, 15
კვირა, 19 მარტი
ვიფიქრებ ყველა შენს საქმეზე (ფსალმ. 77:12).
იესო და მოწაფეები ნავით მიცურავდნენ, როცა მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა. იესომ ეს შემთხვევა მათთვის იმის დასანახვებლად გამოიყენა, რომ რწმენის გაძლიერება სჭირდებოდათ (მათ. 8:23—26). ზღვა ბობოქრობდა, ნავი წყლით ივსებოდა, იესოს კი ამ დროს მშვიდად ეძინა. როცა შეშინებულმა მოწაფეებმა გააღვიძეს ის და შველა სთხოვეს, მან რბილად უსაყვედურა მათ: „რამ შეგაშინათ, მცირე რწმენისანო?!“. თქვენც ხომ არ ებრძვით ცხოვრებისეულ ქარტეხილს? შეიძლება სტიქიური უბედურება დაგატყდათ თავს ან ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნათ, რის გამოც გულგატეხილი ხართ და არ იცით, როგორ მოიქცეთ. დროდადრო შეიძლება დარდი მოგეძალოთ, მაგრამ ამის გამო ნუ დაკარგავთ იეჰოვასადმი ნდობას. გულწრფელი ლოცვებით დაუახლოვდით მას. გაიხსენეთ, როგორ დაგეხმარათ ის წარსულში და ასე გაიძლიერეთ რწმენა (ფსალმ. 77:11). გჯეროდეთ, რომ ის არ მიგატოვებთ არც ახლა და არც მომავალში. w21.11 22, 23 ¶7, 10
ორშაბათი, 20 მარტი
არ იქურდო (ლევ. 19:11).
ვინმეს შეიძლება ეფიქრა: „ვინაიდან სხვისას არაფერს ვითვისებ, ესე იგი, ამ მცნებას ვიცავ“. თუმცა მას შეიძლება სხვა მხრივ დაერღვია ეს მცნება. მაგალითად, თუ ვაჭარი ყიდვა-გაყიდვის დროს მატყუარა სასწორსა და საწონებს გამოიყენებდა, ეს ქურდობის ტოლფასი იქნებოდა. ლევიანების 19:13 ქურდობას უპატიოსნობასთან აკავშირებს. იქ ნათქვამია: „არაფერი გამოსძალო მოძმეს“. ასე რომ, ვინც თაღლითობს, შეიძლება ითქვას, რომ ქურდი და მძარცველია. მერვე მცნებაში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ღვთისთვის ქურდობა მიუღებელია. მაგრამ ლევიანებში ჩაწერილი მითითებები გვეხმარება იმის დანახვაში, თუ რას მოიცავს ეს მცნება. აქედან ვხედავთ, როგორი იყო იეჰოვას თვალსაზრისი ქურდობასა და უპატიოსნო საქციელზე, რაც ჩვენთვისაც საყურადღებოა. დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: „ლევიანების 19:11—13-ში ჩაწერილიდან გამომდინარე, რამის შეცვლა ხომ არ მჭირდება? მაგალითად, რამდენად პატიოსანი ვარ საქმიან ურთიერთობაში და რამდენად კეთილსინდისიერად ვასრულებ დავალებულ საქმეს?“ w21.12 9, 10 ¶6—8
სამშაბათი, 21 მარტი
როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს (კოლ. 3:13).
პირად ლოცვებში უთხარით იეჰოვას, რა შეცდომები დაუშვით იმ დღეს და პატიება სთხოვეთ. თუმცა, თუ საქმე სერიოზულ ცოდვას ეხება, უხუცესების დახმარება დაგჭირდებათ. ისინი მოგისმენენ და სიყვარულით მოგცემენ რჩევებს ღვთის სიტყვიდან. ისინი ილოცებენ თქვენთვის და იეჰოვას სთხოვენ, რომ იესოს მსხვერპლის საფუძველზე სულიერად განიკურნოთ (იაკ. 5:14—16). ამ მხრივ გამოსასყიდზე ფიქრიც დაგეხმარებათ. მართალია, იესომ უდიდესი ტანჯვა გამოიარა და ამაზე ფიქრი შეიძლება მტკივნეულ ემოციებს იწვევდეს თქვენში, თუმცა რაც უფრო მეტს იფიქრებთ მის მიერ გაღებულ მსხვერპლზე, მით უფრო შეგიყვარდებათ ის და მისი ზეციერი მამა. ყოველწლიურად გახსენების საღამოზე დასწრება და ამ ღონისძიებაზე სხვების მოწვევა, გაგვიღრმავებს მადლიერებას გამოსასყიდისთვის. იეჰოვამ პატივი გვარგუნა, მისი ძის შესახებ სხვებისთვის გაგვეცხადებინა, რასაც ძალიან ვაფასებთ! w21.04 18, 19 ¶13—16
ოთხშაბათი, 22 მარტი
ბევრ რამეს ასწავლიდა მათ (მარ. 6:34).
ერთხელ იესო მთაზე ავიდა და ღამე ლოცვაში გაატარა. მთიდან ჩამოსულს დიდძალი ხალხი დახვდა. იესო ძალიან დაღლილი იქნებოდა, მაგრამ, როცა ამდენი გაჭირვებული და ავადმყოფი დაინახა, გული დაეწვა მათ გამო. მან არა მარტო განკურნა ხალხი, არამედ თავისი ერთ-ერთი დაუვიწყარი ქადაგება წარმოთქვა (ლუკ. 6:12—20). იესო არასდროს იშურებდა დროს სხვებისთვის. უეჭველია, იესოს ძალიან დაამწუხრებდა იმის გაგება, რომ მის მეგობარს, იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთეს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „როცა ეს ამბავი გაიგო, იესომ ნავით უკაცრიელ ადგილს მიაშურა, რათა განმარტოებულიყო“ (მათ. 14:10—13). მაგრამ უკაცრიელ ადგილას მისულ იესოს უამრავი ხალხი დახვდა (მარ. 6:31—33). მათ დანახვაზე გული დაეწვა, რადგან დაინახა, როგორ იყო ეს ხალხი სულიერს მოწყურებული. ამიტომ ღვთის სამეფოზე დაუწყო ლაპარაკი (ლუკ. 9:10, 11). w22.02 21 ¶4, 6
ხუთშაბათი, 23 მარტი
მშვიდობიანად იყავით ყველასთან (რომ. 12:18).
როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, თუ ვინმეს გული ვატკინეთ? დახმარებისთვის იეჰოვას უნდა მივმართოთ, რომ თანაქრისტიანთან უთანხმოება მოგვაგვარებინოს. გარდა ამისა, საკუთარი მოტივებიც უნდა გავაანალიზოთ. ამაში შემდეგ კითხვებზე დაფიქრება დაგვეხმარება: „მზად ვარ, ჩემს სიამაყეს გადავაბიჯო, მოვიბოდიშო და თანაქრისტიანთან მშვიდობა აღვადგინო? რას იგრძნობენ იეჰოვა და იესო, თუ პირველ ნაბიჯს მე გადავდგამ თანაქრისტიანთან შესარიგებლად?“. ამ კითხვებზე პასუხი სტიმულს მოგვცემს, მოვუსმინოთ იესოს და გვეყოს თავმდაბლობა, რომ თანაქრისტიანს შევურიგდეთ. როცა თანაქრისტიანთან უთანხმოების მოგვარებას ვცდილობთ, ამ დროს ჩვენი მხრიდან თავმდაბლობის გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია (ეფეს. 4:2, 3). ჩვენი მიზანი განაწყენებული დის ან ძმის შემორიგება უნდა იყოს. გახსოვდეთ, რომ თანაქრისტიანთან მშვიდობიანი ურთიერთობის აღდგენა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე იმის გარკვევა, ვინ არის მართალი (1 კორ. 6:7). w21.12 25, 26 ¶13—16
პარასკევი, 24 მარტი
ქალაქს უყურებდა და ტიროდა (ლუკ. 19:41).
იესო ძალიან განიცდიდა ხალხის გამო, რადგან იცოდა, რომ მისი თანამემამულეების უმეტესობა არ მიიღებდა სამეფოს შესახებ ცნობას. შედეგად, იერუსალიმი განადგურდებოდა, ხოლო ცოცხლად დარჩენილ იუდეველებს ტყვედ წაასხამდნენ (ლუკ. 21:20—24). იესოს მოლოდინი გამართლდა და ხალხის უმრავლესობამ უარყო იგი. როგორ ეხმაურება მთლიანობაში ხალხი სასიხარულო ცნობას იქ, სადაც თქვენ ქადაგებთ? თუ თქვენს ტერიტორიაზეც თითო-ოროლა ეხმაურება სასიხარულო ცნობას, მაშინ რისი სწავლა შეგიძლიათ ამ შემთხვევიდან? იეჰოვას ადარდებს ხალხის მომავალი. იესოს ცრემლები მიგვანიშნებს, როგორ აღელვებს იეჰოვას ადამიანების მდგომარეობა. მას „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტ. 3:9). თუ მოყვასი გვიყვარს, თავს არ დავზოგავთ, რომ სხვებს სასიხარულო ცნობა გადავცეთ (მათ. 22:39). w22.01 16 ¶10—12
შაბათი, 25 მარტი
არ გცილდები; მარჯვენა გაქვს ჩაჭიდებული ჩემთვის (ფსალმ. 63:8).
თქვენ განგიმტკიცდებათ რწმენა, თუ იფიქრებთ, რაც იეჰოვას თავისი ხალხისთვის და პირადად თქვენთვის გაუკეთებია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იეჰოვასადმი სიყვარული გაგიძლიერდებათ. სწორედ სიყვარული გვაძლევს ძალას, რომ დავემორჩილოთ იეჰოვას, მისი გულისთვის მსხვერპლზე წავიდეთ და ავიტანოთ განსაცდელები (მათ. 22:37—39; 1 კორ. 13:4, 7; 1 იოან. 5:3). განა რა უნდა იყოს იეჰოვასთან სიახლოვესა და მეგობრობაზე უფრო ძვირფასი?! (ფსალმ. 63:1—7). გახსოვდეთ, რომ როცა ლოცულობთ, იკვლევთ ღვთის სიტყვას და ფიქრობთ, ფაქტობრივად, ღმერთს სცემთ თაყვანს. იესოს მსგავსად მშვიდი გარემო შეარჩიეთ იეჰოვასთან საურთიერთოდ. მინიმუმამდე დაიყვანეთ მომცდენი ფაქტორები. სთხოვეთ იეჰოვას, გონების მოკრებაში დაგეხმაროთ, როცა სულიერი საქმეებით ხართ დაკავებული. თუ დროს დღესვე გონივრულად გამოიყენებთ, იეჰოვა ახალ ქვეყნიერებაში მარადიული სიცოცხლით დაგაჯილდოებთ (მარ. 4:24). w22.01 31 ¶18—20
კვირა, 26 მარტი
ბოროტება შეიზიზღეთ (რომ. 12:9).
ჩვეულებრივ, რაზეც ვფიქრობთ, იმას ვაკეთებთ კიდეც. ამიტომაც მოგვიწოდა იესომ, გასაქანი არ მივცეთ ისეთ ფიქრებს, რომლებმაც შეიძლება ცოდვა ჩაგვადენინოს (მათ. 5:21, 22, 28, 29). თუ გვინდა, გული გავუხაროთ ჩვენს ზეციერ მამას, მაშინვე უნდა ამოვიგდოთ თავიდან ცუდი ფიქრები. იესომ თქვა: „პირიდან ის გამოდის, რაც გულშია“ (მათ. 15:18). ხშირ შემთხვევაში ჩვენი საუბრიდან ჩანს, როგორები ვართ. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ: ყოველთვის სიმართლეს ვამბობ, თუნდაც ამის გამო პრობლემები შემექმნას? თუ დაქორწინებული ვარ, ვუკვირდები ჩემს სიტყვებს, რომ სხვასთან არშიყი არ გამომივიდეს? ყველანაირად ვერიდები უხამს საუბარს? მშვიდად ვპასუხობ მას, ვინც ჩემ გაღიზიანებას ცდილობს? ამ კითხვებზე დაფიქრება ნამდვილად ღირს. „ძველი პიროვნების“ მოშორება გაგვიადვილდება, თუ მოვიშლით ტყუილების თქმას და გადავეჩვევით უხამსი და სალანძღავი სიტყვების გამოყენებას. w22.03 5 ¶12—14
ორშაბათი, 27 მარტი
ვინც რჩევას ეძებს, ბრძენია (იგავ. 13:10).
ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ვითხოვოთ რჩევა. როგორც წესი, ვინც ასე იქცევა, უფრო სწრაფად მიიწევს სულიერად წინ. ასე რომ, თავად ითხოვეთ რჩევა. როდის შეგვიძლია ვითხოვოთ რჩევა? მოვიყვანოთ სამი პირობითი სიტუაცია: 1) და გამოცდილ მაუწყებელს სთხოვს, მასთან ერთად ჩაატაროს ბიბლიის შესწავლა და ურჩიოს, რა მხრივ გააუმჯობესოს სწავლის მეთოდი; 2) გასათხოვარი და ტანსაცმლის ყიდვამდე აზრს მოწიფულ დას ეკითხება; 3) ძმას პირველად მისცეს საჯარო მოხსენება მოსამზადებლად. ის გამოცდილ მომხსენებელს სთხოვს, ყურადღებით მოუსმინოს მის მოხსენებას და პრაქტიკული რჩევები მისცეს. კარგი იქნება, თუ ის ძმებიც, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, სხვა გამოცდილ მომხსენებლებს ჰკითხავენ რჩევას და გაითვალისწინებენ (იგავ. 19:20). w22.02 13 ¶15—17
სამშაბათი, 28 მარტი
მარტო არ ვარ, ჩემთან არის მამა, რომელმაც გამომგზავნა (იოან. 8:16).
იეჰოვას ვუყვარვართ და ზრუნავს ჩვენზე, როგორც თავის დროზე განკაცებულ იესოზე ზრუნავდა (იოან. 5:20). იეჰოვა აძლევდა მას ყველაფერს, რაც მისი სულიერი, ემოციური თუ ფიზიკური კეთილდღეობისთვის იყო საჭირო. იეჰოვამ სიყვარულიც აგრძნობინა თავის ძეს და დაანახვა, რომ კმაყოფილი იყოთ მისით (მათ. 3:16, 17). იესოს ყოველთვის თავისი ზეციერი, მოსიყვარულე მამის იმედი ჰქონდა, ამიტომ თავს მარტო არასდროს გრძნობდა. იესოს მსგავსად ჩვენც არაერთხელ გამოგვიცდია იეჰოვას სიყვარული საკუთარ თავზე. მაგალითად, იეჰოვამ თავისკენ მიგვიზიდა და დიდი მოსიყვარულე სულიერი ოჯახი გვიბოძა, რომ თავი ბედნიერად ვიგრძნოთ და ჩვენი ემოციური მოთხოვნილებებიც დავიკმაყოფილოთ (იოან. 6:44). იეჰოვა მუდმივად გვაწვდის გამომაცოცხლებელ სულიერ საზრდოს და ჩვენს ყოველდღიურ საჭიროებებზეც ზრუნავს (მათ. 6:31, 32). როცა იეჰოვას სიყვარულზე ვფიქრობთ, უფრო გვიყვარდება ის. w21.09 22 ¶8, 9
ოთხშაბათი, 29 მარტი
მოიშორეთ ძველი პიროვნება და მისი საქმეები (კოლ. 3:9).
როგორი იყო თქვენი ცხოვრება, ვიდრე ბიბლიის შესწავლას დაიწყებდით იეჰოვას მოწმეებთან? შეიძლება დღეს ამის გახსენებაც კი არ გინდათ. ჩვენი შეხედულებები და პიროვნული თვისებები ქვეყნიერებაში არსებული ნორმებით იყო ჩამოყალიბებული. ამიტომ „უიმედოდ და უღმერთოდ . . . [ვიყავით] ქვეყნიერებაში“ (ეფეს. 2:12). მაგრამ ბიბლიის შესწავლის დროს გაიგეთ, რომ გყავთ ზეციერი მამა, რომელსაც ძალიან უყვარხართ. ისიც გაიგეთ, რომ ვერ ასიამოვნებთ იეჰოვას და მისი დიდი ოჯახის წევრი ვერ გახდებით, თუ ძირეულ ცვლილებებს არ მოახდენთ ცხოვრების სტილსა თუ აზროვნებაში. თქვენ გააცნობიერეთ, რომ მისი მაღალზნეობრივი ნორმებით უნდა იცხოვროთ (ეფეს. 5:3—5). ჩვენს შემოქმედსა და ზეციერ მამას, იეჰოვას, უფლება აქვს, ქცევის ნორმები დაუდგინოს მათ, ვისაც სურს, მის დიდ ოჯახს შეუერთდეს. ამიტომ ის მოელის, რომ ნათლობამდე მოვიშორებთ „ძველ პიროვნებასა და მის საქმეებს“. w22.03 2 ¶1—3
ხუთშაბათი, 30 მარტი
მე სხვა ცხვარიც მყავს (იოან. 10:16).
ქორწილში მიწვეული სტუმრების მსგავსად, რომლებიც ნეფე-პატარძლის სიხარულს იზიარებენ, მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებიც სიხარულით ადევნებენ თვალს ამ საღამოს მსვლელობას. ამ შეხვედრაზე „სხვა ცხვარიც“ უღრმავდება თავის იმედს. ისინი დიდი ინტერესით უსმენენ გახსენების საღამოზე წარმოთქმულ მოხსენებას, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რასაც ქრისტე თავის 144 000 თანამმართველთან ერთად ღვთის ერთგულთა სასიკეთოდ გააკეთებს ათასწლიანი მმართველობის დროს. იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით ეს ზეციერი მმართველები დედამიწას სამოთხედ გადააქცევენ და ადამიანებს სრულყოფილებას დაუბრუნებენ. გახსენების საღამოზე დამსწრე მილიონობით ადამიანს საშუალება ეძლევა, წარმოიდგინოს, როგორ შესრულდება ბიბლიაში ჩაწერილი ამაღელვებელი წინასწარმეტყველებები, მაგალითად, ესაიას 35:5, 6; 65:21—23 და გამოცხადების 21:3, 4. როცა საკუთარ თავს საყვარელ ადამიანებთან ერთად ახალ ქვეყნიერებაში წარმოისახავენ, უფრო უმტკიცდებათ მომავლის იმედი და იმის სურვილი, რომ არასდროს შეწყვიტონ იეჰოვას მსახურება (მათ. 24:13; გალ. 6:9). w22.01 21 ¶5—7
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (მზის ჩასვლის შემდეგ მომხდარი მოვლენები: 9 ნისანი) (მათე 26:6—13)
პარასკევი, 31 მარტი
კაცის ძე [მოვიდა] იმისთვის, რომ . . . სიცოცხლე გასწიროს მრავალთა გამოსასყიდად (მარ. 10:45).
რა არის გამოსასყიდი? როგორც ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან ვიგებთ, ეს არის საფასური, რომელიც იესომ ადამის ცოდვის გადასაფარად გადაიხადა (1 კორ. 15:22). რატომ გვჭირდებოდა გამოსასყიდი? იეჰოვას სამართალი, რომელიც კანონში იყო ჩამოყალიბებული, მოითხოვდა სიცოცხლის სანაცვლოდ სიცოცხლის გაღებას (გამ. 21:23, 24). ადამმა სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე დაკარგა. შესაბამისად, ღვთის სამართალი რომ არ დარღვეულიყო, იესოს სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე უნდა გაეღო (რომ. 5:17). ამგვარად ის გახდებოდა „მარადიული მამა“ ყველასთვის, ვინც ირწმუნებდა, რომ მის მსხვერპლს ხსნის ძალა აქვს (ეს. 9:6; რომ. 3:23, 24). ზეციერი მამისა და ადამიანების სიყვარულმა აღძრა იესო, რომ საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაეღო (იოან. 14:31; 15:13). ამ სიყვარულის წყალობით უერთგულა მამას ბოლომდე და შეასრულა მამის ნება. ამან შესაძლებელი გახადა იმის განხორციელება, რაც იეჰოვას კაცობრიობისთვის და დედამიწისთვის ოდითგანვე ჰქონდა ჩაფიქრებული. w21.04 14 ¶2, 3
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 9 ნისანი) (მათე 21:1—11, 14—17)