საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es23 გვ. 37-46
  • აპრილი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აპრილი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2023
  • ქვესათაურები
  • შაბათი, 1 აპრილი
  • კვირა, 2 აპრილი
  • ორშაბათი, 3 აპრილი
  • ᲒᲐᲮᲡᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲦᲐᲛᲝ
    მზის ჩასვლის შემდეგ
    სამშაბათი, 4 აპრილი
  • ოთხშაბათი, 5 აპრილი
  • ხუთშაბათი, 6 აპრილი
  • პარასკევი, 7 აპრილი
  • შაბათი, 8 აპრილი
  • კვირა, 9 აპრილი
  • ორშაბათი, 10 აპრილი
  • სამშაბათი, 11 აპრილი
  • ოთხშაბათი, 12 აპრილი
  • ხუთშაბათი, 13 აპრილი
  • პარასკევი, 14 აპრილი
  • შაბათი, 15 აპრილი
  • კვირა, 16 აპრილი
  • ორშაბათი, 17 აპრილი
  • სამშაბათი, 18 აპრილი
  • ოთხშაბათი, 19 აპრილი
  • ხუთშაბათი, 20 აპრილი
  • პარასკევი, 21 აპრილი
  • შაბათი, 22 აპრილი
  • კვირა, 23 აპრილი
  • ორშაბათი, 24 აპრილი
  • სამშაბათი, 25 აპრილი
  • ოთხშაბათი, 26 აპრილი
  • ხუთშაბათი, 27 აპრილი
  • პარასკევი, 28 აპრილი
  • შაბათი, 29 აპრილი
  • კვირა, 30 აპრილი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2023
es23 გვ. 37-46

აპრილი

შაბათი, 1 აპრილი

ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა (იოან. 3:16).

იესომ უდიდესი სიყვარული გამოავლინა ჩვენ მიმართ, რადგან ნებაყოფლობით გაიღო სიცოცხლე (იოან. 15:13). ჩვენ ვერასდროს გადავუხდით იეჰოვას და იესოს ამ უდიდესი სიყვარულისთვის, მაგრამ ის კი შეგვიძლია, რომ მადლიერება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით ვაჩვენოთ (კოლ. 3:15). ცხებულებისთვის გამოსასყიდი უძვირფასესი ძღვენია, რადგან სწორედ მისი წყალობით ეძლევათ ზეცაში ცხოვრების იმედი (მათ. 20:28). რახან მათ ირწმუნეს, რომ ქრისტეს მსხვერპლს გამოსყიდვის ძალა აქვს, იეჰოვამ ისინი მართლებად ჩათვალა და შვილებად მიიღო (რომ. 5:1; 8:15—17, 23). გამოსასყიდს „სხვა ცხვარიც“ აფასებს. მათაც სწამთ, რომ ქრისტეს სისხლს მათი ხსნა შეუძლია. ამიტომ ღვთის თვალში მართლებად ითვლებიან, მისი მსახურების შესაძლებლობა ეძლევათ და „დიდ გასაჭირში“ გადარჩენის იმედი აქვთ (გამოცხ. 7:13—15). ცხებულებიცა და „სხვა ცხვარიც“ თავიანთი მადლიერების ნიშნად ყოველწლიურად ესწრებიან გახსენების საღამოს. w22.01 23 ¶14, 15

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 10 ნისანი) (მათე 21:18, 19; 21:12, 13; იოანე 12:20—50)

კვირა, 2 აპრილი

ქრისტემ გამოგვისყიდა (გალ. 3:13).

იესოსთვის მტანჯველი სიკვდილი ყველაზე რთული განსაცდელი არ ყოფილა. მისთვის უფრო რთული ასატანი ის ბრალდება იყო, რის გამოც სიკვდილით დასაჯეს, რადგან ძალიან უყვარდა იეჰოვა. ის უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს მკრეხელობაში, ანუ ღვთის გმობასა და მისი სახელის შეურაცხყოფაში (მათ. 26:64—66). იესოს მოსვენებას უკარგავდა იმაზე ფიქრი, რომ ღვთისმგმობლის სტატუსით მოკლავდნენ და იმედი ჰქონდა, რომ მამამისი არ დაუშვებდა მის ასეთ დამცირებას (მათ. 26:38, 39, 42). იესო ძელზე იმიტომ უნდა დაეკიდებინათ, რომ იუდეველები კანონის წყევლისგან გაეთავისუფლებინა (გალ. 3:10). მათ პირობა ჰქონდათ დადებული, რომ დაიცავდნენ ღვთის კანონს, მაგრამ გატეხეს ეს პირობა. ამ ყველაფერს ის წყევლაც ემატებოდა, რომელიც ადამის შეცოდების გამო ეწიათ (რომ. 5:12). ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონის თანახმად, სასიკვდილო ცოდვის ჩამდენი სიკვდილით უნდა დასჯილიყო. სასჯელის აღსრულების შემდეგ ზოგჯერ დამნაშავის სხეულს ძელზე ჰკიდებდნენ (კან. 21:22, 23; 27:26). ვინაიდან იესო ძელზე დაჰკიდეს, მან საკუთარ თავზე აიღო ისრაელების წყევლა და ერს, რომელმაც ის უარყო, თავისი მსხვერპლით წყევლისგან გათავისუფლებისა და კურთხევების მიღების შესაძლებლობა მისცა. w21.04 16 ¶5, 6

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 11 ნისანი) (მათე 21:33—41; 22:15—22; 23:1—12; 24:1—3)

ორშაბათი, 3 აპრილი

სიცოცხლეს ვწირავ (იოან. 10:17).

მოდი წარმოვიდგინოთ, როგორი იყო იესოს დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელი წუთები. ის არ გაუძალიანდა რომაელ ჯარისკაცებს, რომლებმაც შეიპყრეს და უმოწყალოდ სცემეს (მათ. 26:52—54; იოან. 18:3; 19:1). ჯერ იყო და ისეთი მათრახით გაშოლტეს, რომლითაც სხეული ნაფლეთებად უქციეს, შემდეგ კი დასისხლიანებული ზურგით მძიმე ძელი ატარებინეს. მოგვიანებით გზად შემხვედრ ერთ კაცს აჰკიდეს ეს ძელი და იმ ადგილამდე მიატანინეს, სადაც იესო სიკვდილით უნდა დაესაჯათ (მათ. 27:32). როცა იესო დანიშნულების ადგილას მიიყვანეს, ჯალათებმა ის ხელ-ფეხით ძელზე მიალურსმეს. ლურსმნით მიყენებულ ჭრილობებზე მთელი სხეულის სიმძიმით დაწოლამ კიდევ უფრო აუტანელი გახადა მისი ტკივილი. ამის შემხედვარე მის მეგობრებს გული უკვდებოდათ, დედამისი ცხარე ცრემლით მოთქვამდა, იუდეველი მმართველები კი დასცინოდნენ მას (ლუკ. 23:32—38; იოან. 19:25). წუთი წუთს მისდევდა, მაგრამ მის ტანჯვას ბოლო არ უჩანდა. სხეულის სიმძიმე გულსა და ფილტვებს აწვებოდა და სუნთქვას უძნელებდა. მამის წინაშე ვალმოხდილმა სიკვდილამდე უკანასკნელად მიმართა მას. შემდეგ თავი დახარა და სული განუტევა (მარ. 15:37; ლუკ. 23:46; იოან. 10:18; 19:30). ეს იყო ნელი, მტანჯველი და დამამცირებელი სიკვდილი. w21.04 16 ¶4

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 12 ნისანი) (მათე 26:1—5, 14—16; ლუკა 22:1—6)

ᲒᲐᲮᲡᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲦᲐᲛᲝ
მზის ჩასვლის შემდეგ
სამშაბათი, 4 აპრილი

ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად (ლუკ. 22:19).

იესო თავის 11 ერთგულ მოციქულს ორ შეთანხმებაზე ესაუბრა: ახალ შეთანხმებაზე და შეთანხმებაზე სამეფოსთვის (ლუკ. 22:20, 28—30). ამ ორმა შეთანხმებამ ერთგულ მოციქულებსა და ღვთის სხვა ერთგულ მსახურებს, რომელთა რაოდენობაც განსაზღვრულია, ზეცაში მეფეებად და მღვდლებად მსახურების შესაძლებლობა მისცა (გამოცხ. 5:10; 14:1). გახსენების საღამოზე მხოლოდ დედამიწაზე დარჩენილი ცხებულები იღებენ პურსა და ღვინოს, რადგან ეს ორი შეთანხმება მხოლოდ მათთანაა დადებული. იეჰოვამ მათ საოცარი იმედი მისცა. ისინი ზეცაში უხრწნელობასა და უკვდავებას მიიღებენ და განდიდებულ იესო ქრისტესთან და ზეციერი ცხოვრებისთვის აღმდგარ სხვა ცხებულებთან ერთად იმსახურებენ თავად იეჰოვას წინაშე (1 კორ. 15:51—53; 1 იოან. 3:2). ცხებულებს კარგად ესმით, რომ ზეციერი ცხოვრებისთვის არიან მოწოდებულნი, მაგრამ ისიც ესმით, რომ ჯილდოს მისაღებად სიცოცხლის ბოლომდე ერთგულები უნდა დარჩნენ (2 ტიმ. 4:7, 8). w22.01 21 ¶4, 5

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 13 ნისანი) (მათე 26:17—19; ლუკა 22:7—13) (მზის ჩასვლის შემდეგ მომხდარი მოვლენები: 14 ნისანი) (მათე 26:20—56)

ოთხშაბათი, 5 აპრილი

ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში (ლუკ. 23:43).

იესოს გვერდით ორი ყაჩაღი იყო ძელზე გაკრული (ლუკ. 23:40, 41). ერთ-ერთმა მათგანმა იესოს ასეთი სიტყვებით მიმართა: „გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“ (ლუკ. 23:42). იეჰოვას გულმოწყალებაში დარწმუნებულმა იესომ ამ მომაკვდავ დამნაშავეს იმედი ჩაუსახა (ფსალმ. 103:8). იესო მამის ზუსტი ანარეკლია (ებრ. 1:3). იეჰოვა მზად არის, გვაპატიოს და გულმოწყალება გამოიჩინოს ჩვენ მიმართ, თუ წარსულში ჩადენილ ცოდვებს გულწრფელად ვინანიებთ და გვწამს, რომ იესოს დაღვრილ სისხლს შეუძლია ცოდვებისგან განგვწმინდოს (1 იოან. 1:7). ზოგი ვერაფრით იჯერებს, რომ იეჰოვა ოდესმე აპატიებს წარსულში ჩადენილ ცოდვებს. თუ ეს გრძნობა თქვენთვისაც ნაცნობია, დაფიქრდით შემდეგზე: სიკვდილის წინ იესომ გულმოწყალება გამოავლინა იმ დამნაშავის მიმართ, რომლის სიტყვებშიც რწმენის მარცვალი ჩანდა. მაშ, რამდენად უფრო დიდ გულმოწყალებას გამოავლენს იეჰოვა თავისი ერთგული თაყვანისმცემლების მიმართ (ფსალმ. 51:1; 1 იოან. 2:1, 2). w21.04 9 ¶5, 6

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 14 ნისანი) (მათე 27:1, 2, 27—37)

ხუთშაბათი, 6 აპრილი

იესომ. . . თქვა: „აღსრულდა!“ (იოან. 19:30).

სიკვდილამდე იესომ ყველაფერი აღასრულა, რასაც იეჰოვა მისგან მოელოდა. მან მრავალი რამ აღასრულა იმით, რომ სიკვდილამდე ერთგულება შეინარჩუნა. 1) მან დაამტკიცა, რომ სატანა მატყუარაა. იესომ ცხადყო, რომ სრულყოფილ ადამიანს შეუძლია სრულყოფილი ერთგულება შეინარჩუნოს იმისდა მიუხედავად, თუ რა დაბრკოლებებს შეუქმნის მას სატანა. 2) იესომ სიცოცხლე გაიღო ადამიანთა გამოსასყიდად. მისმა მსხვერპლმა არასრულყოფილ ადამიანებს საშუალება მისცა, ღვთის თვალში მართლებად ჩაითვალონ და მარადიულად იცხოვრონ. 3) იესომ ცხადყო, რომ იეჰოვა სამართლიანად იმსახურებს უზენაესი ხელისუფლის წოდებას, და განწმინდა მამის შებღალული სახელი. ყოველი დღე იმის დამტკიცების შესაძლებლობად ჩათვალე, რომ მარადიული სიცოცხლის ღირსი ხარ“. მოდი ისე ვიცხოვროთ, თითქოს ყოველი დღე ჩვენი ერთგულების დამტკიცების ბოლო შანსს გვაძლევს. ასეთ შემთხვევაში სიკვდილიც რომ მოგვიწიოს, სუფთა სინდისით ვიტყვით: „იეჰოვა, ყველაფერი გავაკეთე, რომ შენი ერთგული დავრჩენილიყავი. დავამტკიცე, რომ სატანა მატყუარაა, განვწმინდე შენი სახელი და შენს უზენაესობას დავუჭირე მხარი“. w21.04 12 ¶13, 14

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 15 ნისანი) (მათე 27:62—66) (მზის ჩასვლის შემდეგ მომხდარი მოვლენები: 16 ნისანი) (მათე 28:2—4)

პარასკევი, 7 აპრილი

ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე. მას უსმინეთ! (მათ. 17:5).

იესო ცრუ ბრალდების საფუძველზე დამნაშავედ ცნეს, შეურაცხყვეს, სასტიკად აწამეს, ბოლოს კი ძელზე მიალურსმეს. ხელ-ფეხში ლურსმნებგაყრილ იესოს ყოველი ამოსუნთქვა, ყოველი სიტყვა უდიდეს ტკივილს აყენებს. მაგრამ ის ვერ დადუმდება, რადგან მნიშვნელოვანი რამ აქვს სათქმელი. იესოს უკანასკნელი სიტყვები ნამდვილად ბევრ რამეს გვასწავლის. შეგვახსენებს, რომ უნდა მივუტევოთ სხვებს და გვჯეროდეს, რომ იეჰოვაც გვაპატიებს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გვყავს დიდი მოსიყვარულე სულიერი ოჯახი, რომელიც მზად არის, საჭირო დროს დაგვეხმაროს, მთავარია, დახმარება ვითხოვოთ. ვიცით, რომ იეჰოვა ნებისმიერ განსაცდელს გადაგვატანინებს. გვინდა, ყოველი დღე ისე გავლიოთ, თითქოს ჩვენი ერთგულების დამტკიცების ბოლო შანსი გვეძლევა. თუნდაც ამის გამო სიკვდილი მოგვიწიოს, დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა აღგვადგენს. w21.04 8 ¶1; 13 ¶17

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 16 ნისანი) (მათე 28:1, 5—15)

შაბათი, 8 აპრილი

მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს (იოან. 17:3).

იესოს ნაკვალევის მიყოლა მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას გვაძლევს. როცა მდიდარმა ახალგაზრდა მმართველმა იესოს ჰკითხა, თუ რა უნდა გაეკეთებინა მარადიული სიცოცხლის მისაღებად, მან მიუგო: „მოდი და გამომყევი!“ (მათ. 19:16—21). იმ იუდეველებს კი, რომლებიც მას ქრისტედ არ აღიარებდნენ, უთხრა: „ჩემი ცხვრები . . . მომყვებიან. მე მათ მარადიულ სიცოცხლეს ვუბოძებ“ (იოან. 10:24—29). იესოსადმი რწმენა იმას ნიშნავს, რომ მისი სწავლებების თანახმად ვცხოვრობდეთ და მის მაგალითს ვბაძავდეთ. სწორედ ეს დაგვეხმარება, დავრჩეთ მარადიული სიცოცხლის გზაზე (მათ. 7:14). იესოს ნაკვალევს ვერ გავყვებით, თუ მას კარგად არ გავიცნობთ. სიტყვა „გეცნობოდნენ“ ხანგრძლივ პროცესზე მიანიშნებს. თუ იესოს გაცნობა გვინდა, უფრო მეტი უნდა გავიგოთ მასზე, მაგალითად, როგორი თვისებები, აზროვნება და ფასეულობები აქვს. იმისდა მიუხედავად, თუ რამდენი ხანია ვიცით ჭეშმარიტება, არასდროს უნდა შევწყვიტოთ იეჰოვასა და იესოს გაცნობა. w21.04 4 ¶9, 10

კვირა, 9 აპრილი

წინათ ღვთისმგმობელი, მდევნელი და კადნიერი ვიყავი (1 ტიმ. 1:13).

მოციქულ პავლეს, როგორც ჩანს, მოსვენებას უკარგავდა წარსულზე ფიქრი. შესაძლოა სწორედ ამიტომ უწოდა თავის თავს ცოდვილთა შორის პირველი (1 ტიმ. 1:15). ჭეშმარიტების გაგებამდე ის გაშმაგებული დევნიდა ქრისტიანებს არაერთ ქალაქში, ზოგიერთს საპყრობილეში ყრიდა და ზოგიერთის სიკვდილით დასჯასაც ემხრობოდა (საქ. 26:10, 11). წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობდა პავლე თავს, თუ გაქრისტიანების შემდეგ შეხვდებოდა ახალგაზრდა ქრისტიანს, რომლის მშობლებიც თავის დროზე მისი ხელშეწყობით გამოასალმეს სიცოცხლეს. მან მოინანია ჩადენილი შეცდომები, თუმცა იმასაც აცნობიერებდა, რომ წარსულს ვეღარ შეცვლიდა. პავლემ ირწმუნა, რომ ქრისტე მისთვის მოკვდა. ამიტომ სრული დამაჯერებლობით წერდა: „ღვთის წყალობით ვარ ის, ვინც ვარ“ (1 კორ. 15:3, 10). რით არის ეს შენთვის საყურადღებო? გჯეროდეს, რომ ქრისტე შენთვის მოკვდა და საშუალება მოგცა, იეჰოვასთან თბილი, ახლო ურთიერთობა განგევითარებინა (საქ. 3:19). იეჰოვასთვის მთავარია, რას ვაკეთებთ ახლა და რას გავაკეთებთ მომავალში და არა ის, რა შეცდომები დავუშვით წარსულში (ეს. 1:18). w21.04 23 ¶11

ორშაბათი, 10 აპრილი

შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები, რომ გაიგოთ, ღვთისგან არის თუ არა, რადგან ქვეყნიერებაში მრავალი ცრუწინასწარმეტყველი გამოჩნდა (1 იოან. 4:1).

მართალია, პირველ საუკუნეში ბევრი ებრაელი არაფრით არ ელოდა მესიის სიკვდილს, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რაც მესიის შესახებ იყო ნაწინასწარმეტყველები: „სიკვდილს გადასცა თავისი სიცოცხლე და შემცოდველად ჩაითვალა. მან მრავალთა ცოდვა იტვირთა და შემცოდველებს უშუამდგომლა“ (ეს. 53:12). ასე რომ, იუდეველები არ უნდა დაებრკოლებინა იმ ფაქტს, რომ იესო ისე მოკლეს, როგორც ერთ-ერთი ცოდვილი. ჩვენც რომ არ დავბრკოლდეთ, უნდა გადავამოწმოთ ფაქტები. მთაზე ქადაგების დროს იესომ მსმენელები გააფრთხილა, რომ მისი მიმდევრობისთვის მათ „ყოველგვარ ბოროტებას“ დააბრალებდნენ (მათ. 5:11). ამ სიცრუის თავიდათავი სატანაა. სწორედ მისი ხელი ურევია იმ ცილისმწამებლურ ბრალდებებში, რომლებსაც მოწინააღმდეგეები უყენებენ ჭეშმარიტების მოყვარულთ (გამოცხ. 12:9, 10). ნუ დავიჯერებთ ასეთ სიცრუეს და ნუ ავყვებით ამ დეზინფორმაციას, რომ არ შევშინდეთ და რწმენა არ შეგვერყეს. w21.05 11 ¶14; 12 ¶16

სამშაბათი, 11 აპრილი

ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ (მათ. 10:31).

დაეხმარეთ ბიბლიის შემსწავლელს, რომ იეჰოვასადმი ნდობა განივითაროს. იესომ დაარწმუნა თავისი მოწაფეები, რომ იეჰოვა აუცილებლად დაეხმარებოდა მათ, რადგან უყვარდა ისინი (მათ. 10:19, 20, 29, 30). თქვენი შემსწავლელიც დაარწმუნეთ, რომ იეჰოვა მასაც დაეხმარება. იეჰოვასადმი ნდობას განუვითარებთ, თუ მასთან ერთად ლოცვის დროს მოიხსენიებთ მის მიზნებს. პოლონეთში მცხოვრები ფრანციშეკი ამბობს: „ჩემი მასწავლებელი ხშირად ახსენებდა ლოცვის დროს ჩემს მიზნებს. რაკი ვხედავდი, რომ იეჰოვა პასუხობდა მის ლოცვებს, მეც მალევე მივეჩვიე ლოცვას. იეჰოვას დახმარება მაშინ ვიგრძენი, როცა ჩემს ახალ სამსახურში დღეების გამოთავისუფლება ვითხოვე, კრების შეხვედრებს და კონგრესს რომ დავსწრებოდი“. იეჰოვა დიდ მზრუნველობას იჩენს ბიბლიის შემსწავლელების მიმართ. მან კარგად იცის, რამდენს ირჯებიან თავისი მსახურები, რომ ხალხს მასთან დაახლოებაში დაეხმარონ, და ამას ძალიან აფასებს (ეს. 52:7). თუნდაც ამჟამად არ გქონდეთ ბიბლიის შესწავლა, შეგიძლიათ ითანამშრომლოთ სხვა მაუწყებლებთან და ამგვარად თქვენი წვლილი შეიტანოთ ბიბლიის შემსწავლელების სულიერ ზრდასა და ნათლობაში. w21.06 7 ¶17, 18

ოთხშაბათი, 12 აპრილი

იეჰოვას კანონი ანიჭებს სიამოვნებას და კითხულობს მას დღედაღამ (ფსალმ. 1:2).

თუ ღვთის სიტყვას აფასებთ, მაშინ სისტემატურად წაიკითხავთ მას. კონკრეტული დრო გამოუყავით ბიბლიის კითხვასა და შესწავლას და ნუ იფიქრებთ, რომ ამისთვის დრო თავისით გამოგიჩნდებათ. თუ ბიბლიის კვლევის გეგმას ზედმიწევნით მიჰყვებით, ძლიერ რწმენას შეინარჩუნებთ. მათგან განსხვავებით, ვინც დღეს ბრძენებად და ჭკვიანებად ითვლებიან, ჩვენ გვაქვს მტკიცე რწმენა და ამ რწმენას საფუძვლად ღვთის სიტყვა უდევს (მათ. 11:25, 26). სწორედ ღვთის სიტყვის გულმოდგინე კვლევის შედეგად გავიგეთ, რატომ უარესდება დედამიწაზე მდგომარეობა და როგორ შეცვლის იეჰოვა ყველაფერს უკეთესობისკენ. მოდი მიზნად დავისახოთ, გავიძლიეროთ რწმენა და ყველანაირად ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ შემოქმედის მიმართ რწმენის განვითარებაში (1 ტიმ. 2:3, 4). მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა დედამიწაზე მცხოვრები ხალხიც გაიმეორებს გამოცხადების 4:11-ში ჩაწერილ სიტყვებს: „იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, შენ გეკუთვნის დიდება . . . რადგან ყველაფერი შენ შექმენი!“. w21.08 19 ¶18—20

ხუთშაბათი, 13 აპრილი

ძმური სიყვარული და სათუთი გრძნობები გქონდეთ ერთმანეთის მიმართ (რომ. 12:10).

ჩვეულებრივ, კრებაში ვინმესთვის რჩევის მიცემა უხუცესებს ევალებათ. ისინი უნდა ეცადონ, რომ მათი რჩევა პრაქტიკულიც იყოს და წამახალისებელიც (იგავ. 27:9). უხუცესებს უყვართ და-ძმები. ამიტომაც აძლევენ რჩევებს მათ, ვინც მცდარ ნაბიჯს დგამს (გალ. 6:1). მაგრამ, სანამ უხუცესი რამის თქმას გადაწყვეტს, კარგი იქნება, თუ დაფიქრდება სიყვარულის იმ მხარეებზე, რომლებიც პავლემ მოიხსენია: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია . . . ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს“ (1 კორ. 13:4, 7). ამ მუხლებზე დაფიქრება დაეხმარება უხუცესს, სწორი მოტივითა და განწყობით მისცეს რჩევა თანაქრისტიანს. თუ ადამიანი გრძნობს, რომ უხუცესს გულწრფელად აღელვებს მისი მდგომარეობა, დიდი ალბათობით მიიღებს მის რჩევას. w22.02 14 ¶3; 15 ¶5

პარასკევი, 14 აპრილი

ისინი ეურჩნენ და დაამწუხრეს მისი წმინდა სული (ეს. 63:10).

იეჰოვამ სულიერი ქმნილებები და ადამიანები სრულყოფილად, უნაკლოდ შექმნა. მაგრამ ერთმა ურჩმა ანგელოზმა, სატანამ (ნიშნავს „მოწინააღმდეგეს“), სრულყოფილი ადამიანები, ადამი და ევა, იეჰოვას წინააღმდეგ აამხედრა. სატანას სხვა ადამიანები და ანგელოზებიც შეუერთდნენ (იუდ. 6). წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობდა იეჰოვა თავს, როცა თავისმა შვილებმა უღალატეს. მან მოთმინებით აიტანა ეს ყველაფერი და დღემდე ითმენს, სანამ თავის დროზე ბოლოს არ მოუღებს ყველა მოწინააღმდეგეს. ეს შვებას მოჰგვრის ერთგულებს, რომლებსაც მასთან ერთად უწევთ ამ ქვეყნიერებაში არსებული ბოროტების მოთმენა. სატანამ მართალი კაცი იობიც დაადანაშაულა და მასთან ერთად იეჰოვას სხვა ერთგული მსახურებიც, რომ ღმერთს ანგარებით ემსახურებოდნენ (იობ. 1:8—11; 2:3—5). ის თავისას არ იშლის და დღემდე აგრძელებს კაცთა მოდგმის ცილისწამებას (გამოცხ. 12:10). ჩვენ სატანის ბრალდებებს ვაბათილებთ, როცა იეჰოვას სიყვარულით მოთმინებით ვიტანთ განსაცდელებს. w21.07 9 ¶7, 8

შაბათი, 15 აპრილი

ნუღარ აკეთებთ ცუდს ჩემ თვალწინ, ზურგი აქციეთ ბოროტებას! (ეს. 1:16).

პავლე მოციქულმა ფიგურალური ენით თქვა, რომ „ძველი პიროვნება“ ძელზე უნდა გავაკრათ, რითაც დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის შეცვლა (რომ. 6:6). იესო მზად იყო, ძელზე მომკვდარიყო, რომ იეჰოვას ნება შეესრულებინა. ჩვენც მზად უნდა ვიყოთ, „ძელზე მივალურსმოთ“ იეჰოვასთვის საძულველი მიდრეკილებები და ჩვევები. მხოლოდ ამ შემთხვევაში გვექნება სუფთა სინდისი და მარადიული სიცოცხლის იმედი (იოან. 17:3; 1 პეტ. 3:21). იეჰოვა თავის ნორმებს ჩვენ არ მოგვარგებს, ჩვენ უნდა შევიცვალოთ და მის ნორმებს მოვერგოთ (ეს. 1:17, 18; 55:9). ხორციელ სურვილებთან ბრძოლა ნათლობის შემდეგაც მოგიწევთ. სთხოვეთ იეჰოვას, რომ წმინდა სულით დაგეხმაროთ და საკუთარ თავზე ნუ იქნებით დაიმედებული (გალ. 5:22; ფილ. 4:6). ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ „ძველი პიროვნების“ მოსაშორებლად და არ უნდა დავუშვათ, რომ კვლავ წამოყოს თავი ძველმა ჩვევებმა. w22.03 6 ¶15—17

კვირა, 16 აპრილი

[იეჰოვა] ამოგიდგება მხარში (ფსალმ. 55:22).

იეჰოვა გვპირდება, რომ არ მოგვაკლდება საკვები, ჩასაცმელი და თავშესაფარი, თუ მისი სამეფო და სამართლიანი ნორმები უმთავრესი იქნება ჩვენს ცხოვრებაში (მათ. 6:33). არ უნდა გვეგონოს, რომ მატერიალური კეთილდღეობა ჩვენი უსაფრთხოებისა და ბედნიერების გარანტი იქნება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სულის სიმშვიდეს მხოლოდ იეჰოვას ნების შესრულება მოგვგვრის (ფილ. 4:6, 7). ბევრი რამის ყიდვაც რომ შეგვეძლოს, უნდა დავფიქრდეთ, რა დრო და ენერგია დასჭირდება ამ ყველაფერზე ზრუნვას. ალბათ, იმაზეც ღირს დაფიქრება, ზედმეტად ხომ არ გავხდით დამოკიდებული ჩვენს ქონებაზე? იეჰოვა თავისი ოჯახის წევრებისგან მოელის, რომ აქტიურად იქნებიან ჩაბმული მის მსახურებაში. ამიტომ არ ღირს, ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ. არ გვინდა, იმ ახალგაზრდას დავემსგავსოთ, რომელმაც იეჰოვას მსახურების და მის შვილად გახდომის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა და ეს იმიტომ, რომ მისთვის ქონება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო (მარ. 10:17—22). w21.08 6 ¶17

ორშაბათი, 17 აპრილი

მზად იყავით, რომ პასუხი გასცეთ (1 პეტ. 3:15).

ღვთის სიტყვის კვლევისას დაინახავთ იეჰოვას თვისებებს, რომლებიც მის შემოქმედებაში აირეკლება. როცა ამ თვისებებზე ვფიქრობთ, ვრწმუნდებით, რომ იეჰოვა რეალური პიროვნებაა და არა ვინმეს წარმოსახვის ნაყოფი (გამ. 34:6, 7; ფსალმ. 145:8, 9). რაც უფრო მეტად გაეცნობით მას, მით უფრო მეტად გაგიღრმავდებათ ღვთის რწმენა და სიყვარული და უფრო დაუახლოვდებით მას. სხვებსაც ესაუბრეთ ღვთისადმი თქვენი რწმენის შესახებ. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ვინმე ეჭვქვეშ აყენებს ღვთის არსებობას და ზუსტად არ იცით, რა უპასუხოთ? შეეცადეთ, ამ საკითხზე ვრცელი ინფორმაცია ჩვენს პუბლიკაციებში მოიძიოთ, შემდეგ იქ მოცემული არგუმენტების საფუძველზე იმსჯელოთ ამ ადამიანთან. გარდა ამისა, დახმარება შეგიძლიათ გამოცდილ მაუწყებლებსაც სთხოვოთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ადამიანი არ გაიზიარებს ბიბლიურ თვალსაზრისს, შრომა წყალში არ ჩაგეყრებათ, რადგან, სხვა თუ არაფერი, ცოდნას მაინც გაიღრმავებთ. w21.08 18 ¶14, 15

სამშაბათი, 18 აპრილი

თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, გიყვებოდით ყველაფერს (საქ. 20:20).

იეჰოვას რომ გული გავუხაროთ, არ არის აუცილებელი, ყველანაირ სიამოვნებაზე უარი ვთქვათ (ეკლ. 5:19, 20). მაგრამ, თუ იეჰოვას მსახურებაში მეტის კეთებისგან თავს იმიტომ ვიკავებთ, რომ მსხვერპლის გაღება არ გვინდა, შეიძლება იესოს იგავში მოხსენიებულ მამაკაცს დავემსგავსოთ, რომელმაც ისეთი კომფორტული ცხოვრება მოიწყო, რომ ღმერთისთვის ადგილი აღარ დარჩა (ლუკ. 12:16—21). როდესაც სირთულეებს ვხვდებით, უნდა ვილოცოთ და კარგად დავფიქრდეთ, რა სამოქმედო გეგმა უნდა შევიმუშაოთ (იგავ. 3:21). აშკარად ვხედავთ, რომ იეჰოვა კურთხევებს არ გვაკლებს. თუ ამას ვაფასებთ, თავს არ დავზოგავთ მის განსადიდებლად (ებრ. 13:15). ეს იმასაც ნიშნავს, რომ მსახურებაში მეტი გავაკეთოთ, რითაც საშუალებას მივცემთ ღმერთს, უფრო მეტად გვაკურთხოს. ყოველდღე ვეცადოთ, რომ ვიგემოთ და ვნახოთ, „რაოდენ კარგია იეჰოვა“ (ფსალმ. 34:8). მაშინ იესოს მსგავსად ჩვენც ვიტყვით: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ შევასრულო ჩემი გამომგზავნელის ნება და დავასრულო მისი საქმე“ (იოან. 4:34). w21.08 30, 31 ¶16—19

ოთხშაბათი, 19 აპრილი

სიამაყე წინ უძღვის დაცემას, ამპარტავნობა — წაბორძიკებას (იგავ. 16:18).

სატანას სურს, რომ ჩვენში სიამაყემ გაიდგას ფესვი, რადგან ასე მას დავემსგავსებით და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობასაც დავკარგავთ. სწორედ ამიტომ გვაფრთხილებს მოციქული პავლე, რომ არ გავყოყოჩდეთ და „ეშმაკისთვის გამოტანილი განაჩენი“ არ დავიტეხოთ თავს (1 ტიმ. 3:6, 7). არ აქვს მნიშვნელობა, ახალბედა ვართ თუ მრავალი წელია იეჰოვას ვემსახურებით, ამ საფრთხისგან არცერთი ჩვენგანი არ ვართ დაზღვეული. ამაყი ადამიანი ეგოისტიცაა. სატანას სურს, რომ ჩვენი პირადი კეთილდღეობა სხვისაზე მაღლა დავაყენოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაიმე სირთულეს ვხვდებით. მაგალითად, ოდესმე ცილისწამების ან უსამართლობის მსხვერპლი ხომ არ გამხდარხართ? სატანას ძალიან ესიამოვნება, თუ ამაში იეჰოვას ან მის ორგანიზაციას დავადანაშაულებთ. მას სურს, ასეთ სიტუაციებში საკუთარი ჭკუით ვიმოქმედოთ და არ მივყვეთ იეჰოვას სიტყვაში ჩაწერილ ხელმძღვანელობას (ეკლ. 7:16, 20). w21.06 15 ¶4, 5

ხუთშაბათი, 20 აპრილი

„ამ მიწის მკვიდრნო, გამაგრდით“, — ამბობს იეჰოვა, — „და იშრომეთ! მე თქვენთანა ვარ“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა (ანგ. 2:4).

წინასწარმეტყველმა ანგიამ მნიშვნელოვანი დავალება მიიღო იეჰოვასგან. როგორც ჩანს, ანგია იმ გადასახლებულთა შორის იყო, რომლებიც ძვ. წ. 537 წელს ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნდნენ. სამშობლოში დაბრუნებული ღვთის ერთგული მსახურები მალევე შეუდგნენ საქმეს და იეჰოვას ტაძრის საძირკველი ჩაყარეს (ეზრ. 3:8, 10). მაგრამ სამწუხაროდ, მათ ეს შემართება დიდხანს არ გაჰყოლიათ. წინააღმდეგობის გამო მათ გული გაუტყდათ და თავი ანებეს მშენებლობას (ეზრ. 4:4; ანგ. 1:1, 2). ამიტომ ძვ. წ. 520 წელს იეჰოვა ანგიას მეშვეობით შეეცადა, ხალხში თავდაპირველი ენთუზიაზმი გაეღვიძებინა, რათა ტაძრის მშენებლობის საქმე ბოლომდე მიეყვანათ (ეზრ. 6:14, 15). ანგიას ცნობას ხალხისთვის რწმენა და მხნეობა უნდა შეემატებინა. ფრაზას „ლაშქართა ღმერთი“ ხალხი უნდა გაემხნევებინა. მათი წარმატება იეჰოვაზე, ანგელოზთა ძლევამოსილი ლაშქრის მეთაურის, ნდობაზე იყო დამოკიდებული. w21.09 15 ¶4, 5

პარასკევი, 21 აპრილი

ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, თუკი ერთმანეთი გეყვარებათ (იოან. 13:35).

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეებს ნამდვილი სიყვარული აერთიანებთ. სხვა ორგანიზაციებისგან ის განგვასხვავებს, რომ ჩვენმა საძმომ გადალახა ეროვნული, რასობრივი თუ სოციალური ბარიერები. ასეთი ძმური სიყვარული განსაკუთრებით კარგად იგრძნობა ჩვენს დიდ თუ პატარა შეხვედრებზე. ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რის გამოც გვჯერა, რომ იეჰოვას მის მოსაწონად ვემსახურებით (იოან. 13:34). წმინდა წერილები მოგვიწოდებს: „მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი“ (1 პეტ. 4:8). ასეთი სიყვარული გვეხმარება, რომ ვაპატიოთ ერთმანეთს და თვალი დავხუჭოთ ერთმანეთის ნაკლოვანებებზე. ჩვენ ვცდილობთ, გულუხვები და სტუმართმოყვარეები ვიყოთ იმ თანაქრისტიანების მიმართაც კი, ვინც გული გვატკინა (კოლ. 3:12—14). სწორედ ასეთი სიყვარული უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანების ამოსაცნობი ნიშანი. w21.10 22 ¶13, 14

შაბათი, 22 აპრილი

ვისაც უყვარს შვილი, მთელი გულით არიგებს მას (იგავ. 13:24).

გარიცხვა მოუნანიებელ შემცოდველს შეიძლება ცხოვრების კურსის შეცვლაში დაეხმაროს. ბევრი, ვინც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა და ვის მიმართაც უხუცესებმა ეს გადამჭრელი ზომები მიიღეს, გონს მოეგო, შეიცვალა ცხოვრების წესი და დაუბრუნდა მზრუნველ ზეციერ მამას (ებრ. 12:5, 6). თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი. მწყემსი ფარაში ამჩნევს ავადმყოფ ცხვარს. მან იცის, რომ ამ დაავადების გამო ცხვარი დროებით ფარისგან უნდა განაცალკეოს და ასე უმკურნალოს. ზოგადად ცხვარს უყვარს ფარაში ყოფნა. ამიტომ განცალკევებული ცხვარი შეიძლება მოუსვენრობამ შეიპყროს. ნიშნავს ეს იმას, რომ მწყემსი მას უმოწყალოდ და მკაცრად მოექცა? რა თქმა უნდა, არა. მწყემსმა იცის, რომ თუ ეს ცხვარი ფარაში გაერევა, მთელ ფარას დაასნეულებს. ასე რომ, ავადმყოფი ცხვრის იზოლაცია მთელ ფარას იცავს. w21.10 10 ¶9, 10

კვირა, 23 აპრილი

თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას (მათ. 5:16).

ძალიან გვახარებს, რომ ასეთი მოსიყვარულე საერთაშორისო ოჯახის წევრები ვართ. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოგვიერთდეს იეჰოვას თაყვანისცემაში. ამიტომ სიფრთხილე გვმართებს, რომ ნებით თუ უნებლიეთ რეპუტაცია არ შევულახოთ იეჰოვას ან მის ხალხს. ჩვენი კარგი საქციელი ადამიანებს სასიხარულო ცნობის მოსასმენად უნდა განაწყობდეს. ზოგჯერ გვამცირებენ და გვდევნიან იმის გამო, რომ ჩვენს ზეციერ მამას ვემორჩილებით. როგორ მოვიქცეთ, თუ გვაშინებს სხვებთან საკუთარ მრწამსზე საუბარი? ამ დროს შეგვიძლია იეჰოვასა და მისი ძის დახმარების იმედი გვქონდეს. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ არ ეწუხათ, რა ეთქვათ და როგორ ეთქვათ. მიზეზი თავადვე აუხსნა. „მაშინ გაგიმჟღავნდებათ, რაც უნდა თქვათ. მხოლოდ თქვენით კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენი მეშვეობით“ (მათ. 10:19, 20). w21.09 24 ¶17, 18

ორშაბათი, 24 აპრილი

ვეტყვი იეჰოვას: „შენ ხარ ჩემი თავშესაფარი და ციხესიმაგრე“ (ფსალმ. 91:2).

მსგავსი შედარება მოსემაც გამოიყენა (ფსალმ. 90:1, სქ.). სიცოცხლის ბოლოს მან ერთ საინტერესო დეტალზე გაამახვილა ყურადღება: „უხსოვარი დროიდანაა ღმერთი შენი თავშესაფარი, მისი მარადიული მკლავები შენ ქვემოთაა“ (კან. 33:27). რას გვეუბნება იეჰოვას შესახებ ფრაზა „მისი მარადიული მკლავები შენ ქვემოთაა“? თუ იეჰოვას ჩვენს თავშესაფრად მივიჩნევთ, თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობთ. თუმცა ზოგჯერ შეიძლება გულგატეხილობა დაგვეუფლოს და მასთან გამკლავება გაგვიჭირდეს. როგორ დაგვეხმარება ამ დროს იეჰოვა? (ფსალმ. 136:23). ჩვენ ვიგრძნობთ „მისი მარადიული მკლავების“ ძალას, როცა ხელს მოგვაშველებს და ფეხზე წამოგვაყენებს (ფსალმ. 28:9; 94:18). შეგვიძლია ყოველთვის იეჰოვას მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. ეს კი ორ რამეს შეგვახსენებს: პირველი, სადაც არ უნდა ვიყოთ, იეჰოვა ყველგან ჩვენი თავშესაფარი იქნება და მეორე, ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას ძალიან აღელვებს ჩვენი მდგომარეობა. w21.11 6 ¶15, 16

სამშაბათი, 25 აპრილი

განსაცდელების გამო ცოტა ხნით დამწუხრება მოგიწევთ (1 პეტ. 1:6).

იესომ იცოდა, რომ უსამართლობა მოწაფეების რწმენას გამოცდიდა. უსამართლობის ატანაში რომ დახმარებოდა, ის მათ მოუყვა ერთ იგავს, რომელიც ლუკას სახარებაშია ჩაწერილი. იგავი მოგვითხრობს ქვრივზე, რომელიც დაჟინებით ითხოვდა უსამართლო მოსამართლისგან სამართლის გაჩენას. ქვრივი დარწმუნებული იყო, რომ დაჟინებული თხოვნით ადრე თუ გვიან მიზანს მიაღწევდა. ბოლოს მოსამართლემ შეისმინა მისი თხოვნა. რას გვასწავლის ეს იგავი? უსამართლო მოსამართლისგან განსხვავებით, იეჰოვა სამართლიანია. იესომ ეს იგავი ასე შეაჯამა: „განა ღმერთი არ გაუჩენს სამართალს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ შეღაღადებენ?“ (ლუკ. 18:1—8). შემდეგ იესომ დასძინა: „როცა მოვა კაცის ძე, პოვებს კი ამგვარ რწმენას დედამიწაზე?“ როცა უსამართლობას ვხვდებით, მოთმინებითა და დაჟინებულობით უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენც ძლიერი რწმენა გვაქვს. ასეთი რწმენა იმის გულდაჯერებულობას შეგვმატებს, რომ იეჰოვა ადრე თუ გვიან ჩვენ სასარგებლოდ იმოქმედებს. გარდა ამისა, უნდა გვწამდეს, რომ ლოცვას დიდი ძალა აქვს. w21.11 23 ¶12; 24 ¶14

ოთხშაბათი, 26 აპრილი

როგორ შეინარჩუნოს ახალგაზრდამ სიწმინდე? იფხიზლოს და შენი სიტყვის თანახმად იცხოვროს (ფსალმ. 119:9).

ახალგაზრდებო, ზოგჯერ ხომ არ ფიქრობთ, რომ იეჰოვას კანონები ზედმეტად გზღუდავთ? სატანასაც სწორედ ეს უნდა, რომ გაფიქრებინოთ. მას სურს, მიმზიდველად წარმოგიჩინოთ მათი ცხოვრება, ვინც ფართო გზაზე დადის და დაგაჯეროთ, რომ ისინი თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ. მას აგრეთვე სურს, გაფიქრებინოთ, რომ ცხოვრებაში ბევრ სიამოვნებას იკლებთ და თქვენი კლასელები ან ის ადამიანები, ვის შესახებაც ინტერნეტით ან სოციალური ქსელით იგებთ, უფრო ბედნიერები არიან. სატანა ცდილობს, ისეთი შთაბეჭდილება შეგიქმნათ, თითქოს ღვთის პრინციპები გზღუდავთ და ცხოვრებით ტკბობის საშუალებას არ გაძლევთ. გახსოვდეთ: სატანას უნდა, ისე ატაროს ხალხი თავის გზაზე, რომ ვერც კი მიხვდნენ, ბოლოს სადამდე მივლენ (მათ. 7:13, 14). იეჰოვა კი, პირიქით, ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა მომავალი ელით სიცოცხლის გზაზე მავალთ (ფსალმ. 37:29; ეს. 35:5, 6; 65:21—23). w21.12 23 ¶6, 7

ხუთშაბათი, 27 აპრილი

თქვენც ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ გულით არ აპატიებთ თქვენს ძმას (მათ. 18:35).

გვესმის, რომ მიმტევებლები უნდა ვიყოთ; ეს ყველაზე სწორი პოზიციაა ჩვენი მხრიდან. მაგრამ ასე მოქცევა ყოველთვის ადვილი არ არის. როგორც ჩანს, ზოგჯერ მოციქული პეტრესთვისაც არ იყო ეს ადვილი (მათ. 18:21, 22). რა გაგვიადვილებს პატიებას? პირველ რიგში, იმაზე ფიქრი, თუ რამდენი რამ გვაპატია იეჰოვამ (მათ. 18:32, 33). მართალია, არცერთი ჩვენგანი არ ვიმსახურებთ ამას, მაგრამ იეჰოვა მაინც მთელი გულით გვპატიობს (ფსალმ. 103:8—10). გარდა ამისა, როგორც ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს: „ჩვენ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი“. ასე რომ, პატიება არჩევანის საკითხი არ არის, ეს ჩვენი ქრისტიანული ვალდებულებაა (1 იოან. 4:11). დაფიქრდით იმაზეც, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს პატიებას. ამით მწყენინებელსაც დავეხმარებით, კრების ერთიანობასაც შევუწყობთ ხელს, იეჰოვასთან ურთიერთობასაც გავუფრთხილდებით და წყენის მძიმე ტვირთსაც მოვიშორებთ (2 კორ. 2:7; კოლ. 3:14). სთხოვეთ დახმარება იეჰოვას, მას, ვინც ჩვენგან მიმტევებლობას მოელის. არ მისცეთ სატანას უფლება, უთანხმოება ჩამოაგდოს თქვენ შორის და მშვიდობა დაგირღვიოთ თანაქრისტიანებთან (ეფეს. 4:26, 27). სატანის მახეს რომ ავარიდოთ თავი, იეჰოვას დახმარება გვჭირდება. w21.06 22 ¶11; 23 ¶14

პარასკევი, 28 აპრილი

შენ გახდები ისრაელის მეფე (1 სამ. 23:17).

დავითის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, რადგან ისრაელის ძლევამოსილ მეფეს, საულს, მისი მოკვლა ჰქონდა განზრახული. როცა დავითს საკვები გამოელია, ქალაქ ნობში მივიდა და ახიმელექ მღვდელს, სულ რაღაც, ხუთი პური სთხოვა (1 სამ. 21:1, 3). მოგვიანებით მან და მისმა მხლებლებმა გამოქვაბულს შეაფარეს თავი (1 სამ. 22:1). რატომ გაუხდა დავითს გასაქცევად საქმე? საული შურით იყო აღვსილი, რადგან დავითი ხალხში დიდი მოწონებით სარგებლობდა და ბრძოლაში მრავალი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. საულმა იცოდა, რომ იეჰოვამ ისრაელის მომავალ მეფედ დავითი აირჩია (1 სამ. 23:16, 17). მაგრამ ის ჯერ კიდევ ისრაელის მეფე იყო, რომელსაც დიდი ლაშქარი და მრავალი მხარდამჭერი ჰყავდა. ამიტომ დავითს ისღა დარჩენოდა, გაქცევით ეშველა თავისთვის. ნუთუ საულს მართლა ეგონა, რომ ხელს შეუშლიდა ღვთის განზრახვის განხორციელებას?! (ეს. 55:11). ბიბლია ამაზე არაფერს ამბობს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: მან თავი მეტად სახიფათო მდგომარეობაში ჩაიგდო, რადგან ყველა, ვინც ღვთის წინააღმდეგ წავა, მარცხისთვისაა განწირული. w22.01 2 ¶1, 2

შაბათი, 29 აპრილი

ნიკოდემე . . . ღამით იესოსთან მივიდა (იოან. 3:1, 2).

იესო თავს არ ზოგავდა მსახურებაში. ადამიანების სიყვარულით აღძრული ის ხელიდან არ უშვებდა ქადაგების შესაძლებლობას (ლუკ. 19:47, 48). გარდა ამისა, იესოს გული შესტკიოდა თავის მსმენელზე. ზოგჯერ იმდენი ხალხი იყრიდა თავს მის მოსასმენად, რომ იესო და მოწაფეები საჭმელადაც ვერ იცლიდნენ (მარ. 3:20). იესო მზად იყო, გვიან ღამითაც კი ესაუბრა ხალხთან, თუ ეს მათთვის უფრო მოსახერხებელი იყო. მართალია, იესოს მსმენელების უმეტესობა მისი მიმდევარი არ გამხდარა, მაგრამ მან ყველას საგულდაგულოდ უქადაგა და მისცა სასიხარულო ცნობის მოსმენის შესაძლებლობა. იესოს მსგავსად, არც ჩვენ გვინდა, ვინმეს სასიხარულო ცნობის მოსმენის შესაძლებლობა წავართვათ (საქ. 10:42). კარგს ვიზამთ, თუ მხოლოდ ჩვენთვის მოსახერხებელი გრაფიკით კი არ ვიმსახურებთ, არამედ მაშინ გავალთ მსახურებაში, როცა უფრო მეტ ადამიანთან ქადაგების შესაძლებლობა მოგვეცემა. თუ ასე მივუდგებით მსახურების საქმეს, იეჰოვას გულს გავუხარებთ. w22.01 17 ¶13, 14

კვირა, 30 აპრილი

კაცი კაცზე ყოველთვის მძლავრობდა მისდა საზიანოდ (ეკლ. 8:9).

ბევრს უჭირს, ენდოს უფლებამოსილ პირებს, რადგან ხედავენ, რომ მდიდარ და გავლენიან ხალხს ყველანაირად ეწყობა ხელი, მაშინ როცა გაჭირვებულთა უფლებები ილახება. გარდა ამისა, ბევრმა რელიგიურმა წინამძღოლმაც გაიტეხა სახელი და ხალხს ნდობა დაუკარგა ღვთის მიმართ. ამიტომ, როცა ვინმე ბიბლიის შესწავლას იწყებს, შეიძლება დიდი ძალისხმევა დაგვჭირდეს, რომ მან იეჰოვასა და ხელმძღვანელი ძმების მიმართ ნდობა განივითაროს. ფაქტია, მხოლოდ ბიბლიის შემსწავლელებს არ სჭირდებათ იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის მიმართ ნდობის განმტკიცება. ჩვენც, ვინც უკვე დიდი ხანია ჭეშმარიტება ვიცით, არასდროს უნდა შევიტანოთ ეჭვი იეჰოვას სამართლიანობაში. თუმცა გარკვეულ სიტუაციებში შეიძლება ჩვენი ნდობა გამოიცადოს. w22.02 2 ¶1, 2

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება