საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es23 გვ. 47-57
  • მაისი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მაისი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2023
  • ქვესათაურები
  • ორშაბათი, 1 მაისი
  • სამშაბათი, 2 მაისი
  • ოთხშაბათი, 3 მაისი
  • ხუთშაბათი, 4 მაისი
  • პარასკევი, 5 მაისი
  • შაბათი, 6 მაისი
  • კვირა, 7 მაისი
  • ორშაბათი, 8 მაისი
  • სამშაბათი, 9 მაისი
  • ოთხშაბათი, 10 მაისი
  • ხუთშაბათი, 11 მაისი
  • პარასკევი, 12 მაისი
  • შაბათი, 13 მაისი
  • კვირა, 14 მაისი
  • ორშაბათი, 15 მაისი
  • სამშაბათი, 16 მაისი
  • ოთხშაბათი, 17 მაისი
  • ხუთშაბათი, 18 მაისი
  • პარასკევი, 19 მაისი
  • შაბათი, 20 მაისი
  • კვირა, 21 მაისი
  • ორშაბათი, 22 მაისი
  • სამშაბათი, 23 მაისი
  • ოთხშაბათი, 24 მაისი
  • ხუთშაბათი, 25 მაისი
  • პარასკევი, 26 მაისი
  • შაბათი, 27 მაისი
  • კვირა, 28 მაისი
  • ორშაბათი, 29 მაისი
  • სამშაბათი, 30 მაისი
  • ოთხშაბათი, 31 მაისი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2023
es23 გვ. 47-57

მაისი

ორშაბათი, 1 მაისი

იფიქრეთ მასზე, ვინც . . . მოითმინა (ებრ. 12:3).

იესოს გაცნობა რომ შეგვძლებოდა, იეჰოვამ სიყვარულით იზრუნა, რომ მის შესახებ ინფორმაცია ოთხ სახარებაში შემონახულიყო. სახარებები გვაწვდის ისტორიულ ცნობებს იესოს ცხოვრებასა და მსახურებაზე. ბიბლიის ამ ოთხი წიგნიდან ვიგებთ, რას ამბობდა, რას აკეთებდა და რას გრძნობდა იესო. სახარებები გვეხმარება, ვიფიქროთ მის მაგალითზე. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ სახარებებიდან ვხედავთ იესოს ნაკვალევს. ასე რომ, მათი გამოკვლევა უკეთ გაგვაცნობს ღვთის ძეს, რაც, თავის მხრივ, დაგვეხმარება, ზუსტად მივყვეთ მის ნაკვალევს. იესოს უკეთ გასაცნობად მხოლოდ სახარებების გადაკითხვა არ კმარა. დრო უნდა გამოვყოთ, რომ გულდასმით შევისწავლოთ ეს ბიბლიური მონაკვეთები და ჩავუღრმავდეთ (შეადარეთ იესო ნავეს ძის 1:8, სქოლიო). გააცოცხლეთ სახარებებში ჩაწერილი ისტორიები. წარმოიდგინეთ, რომ ეს მოვლენები თქვენ თვალწინ ვითარდება. ამაში იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის მიერ გამოცემული საკვლევი საშუალებები დაგეხმარებათ. w21.04 5 ¶11—13

სამშაბათი, 2 მაისი

ჩვენ ძელზე გაკრული ქრისტეს შესახებ ვქადაგებთ, რაც იუდეველებისთვის დაბრკოლებაა (1 კორ. 1:23).

დედამიწაზე იესოს მოსვლამდე საუკუნეებით ადრე იეჰოვას თავის სიტყვაში ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ მესიას ოცდაათ ვერცხლად გაყიდდნენ, ეს გამყიდველი კი მისი უახლოესი მეგობარი იქნებოდა (ზაქ. 11:12, 13; ფსალმ. 41:9). ზაქარიას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა: „დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი“ (ზაქ. 13:7). თუმცა წრფელი გულის ადამიანებს ეს მოვლენები კი არ დააბრკოლებდა, არამედ რწმენას გაუძლიერებდა, რადგან ისინი საკუთარი თვალით დაინახავდნენ, როგორ სრულდებოდა მესიაზე წარმოთქმული წინასწარმეტყველებები იესოზე. რა აბრკოლებს დღეს ხალხს? ზოგიერთმა იეჰოვას მოწმემ, რომელსაც ბევრი იცნობდა, დატოვა ორგანიზაცია და განდგომილი გახდა. ახლა ისინი სხვების გადაბირებასაც ცდილობენ. ამ მიზნით ისინი უარყოფით ინფორმაციას, ტყუილ-მართალსა და აშკარა სიცრუეს ავრცელებენ იეჰოვას მოწმეებზე მასმედიისა და ინტერნეტის მეშვეობით. თუმცა წრფელი გულის ადამიანებს ეს არ აბრკოლებთ, რადგან ხვდებიან, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველებების თანახმად ეს ასეც უნდა მომხდარიყო (მათ. 24:24; 2 პეტ. 2:18—22). w21.05 11 ¶12; 12, 13 ¶18, 19

ოთხშაბათი, 3 მაისი

მართალთა ბილიკი კი დილის სინათლესავითაა, რომელიც შუადღის დადგომამდე უფრო და უფრო კაშკაშა ხდება (იგავ. 4:18).

ბიბლიის თანახმად, ღვთის შესახებ ცოდნა თანდათანობით გაღრმავდებოდა (კოლ. 1:9, 10). იეჰოვა ეტაპობრივად უმჟღავნებს ჭეშმარიტებას თავის ხალხს, ამიტომ მოთმინებით ლოდინი გვმართებს, სანამ ყველაფერს ნათელი მოეფინება. როცა ხელმძღვანელი საბჭო ხვდება, რომ ესა თუ ის საკითხი განსხვავებულ ახსნა-განმარტებას მოითხოვს, დაუყოვნებლივ ახდენს ცვლილებებს. მაშინ როცა ბევრი ქრისტიანული მიმდინარეობა მრევლის გულის მოსაგებად ან ქვეყნიური ტენდენციებისთვის ფეხის ასაწყობად ახდენს ცვლილებებს, იეჰოვას ორგანიზაციაში ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვასთან დაახლოებასა და იესოს მიერ დატოვებული ნიმუშის მიყოლას ემსახურება (იაკ. 4:4). ორგანიზაციაში მომხდარ ცვლილებებს თანამედროვე და პოპულარული ტენდენციები კი არ განაპირობებს, არამედ ღვთის სიტყვის უფრო საფუძვლიანი კვლევა. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი ჭეშმარიტების სიყვარულია (1 თეს. 2:3, 4). w21.10 22 ¶12

ხუთშაბათი, 4 მაისი

ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ (1 პეტ. 5:7).

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თავს მარტოდ გრძნობთ? შეეცადეთ, დაინახოთ, როგორ გიდგათ იეჰოვა მხარში (ფსალმ. 55:22). თუ ასე მოიქცევით, მიხვდებით, რომ მარტო არ ხართ. იმაზეც დაფიქრდით, როგორ ეხმარება იეჰოვა თავის მსახურებს პრობლემების დროს (1 პეტ. 5:9, 10). ერთი ძმა, ჰიროში, რომელიც წლებია ერთადერთი იეჰოვას მოწმეა თავის ოჯახში, ამბობს: „იმის ცოდნა, რომ და-ძმები სხვადასხვა პრობლემის მიუხედავად მაქსიმალურად იხარჯებიან იეჰოვასთვის, ჩემნაირებისთვის, ვისაც ოჯახის წევრები არ ჰყავს იეჰოვას მოწმეები, ძალიან გამამხნევებელია“. ამასთანავე, შეინარჩუნეთ კარგი სულიერი განრიგი. ამაში ისიც შედის, რომ თქვენი გრძნობების შესახებ გულახდილად ესაუბროთ იეჰოვას (1 პეტ. 5:7). მნიშვნელოვანია, რეგულარულად იკითხოთ ღვთის სიტყვა და იფიქროთ იმ მონაკვეთებზე, საიდანაც თქვენდამი იეჰოვას სიყვარული ჩანს. ზოგი ქრისტიანი ცდილობს, დაიმახსოვროს ისეთი მანუგეშებელი ბიბლიური მუხლები, როგორებიცაა ფსალმუნის 27:10 და ესაიას 41:10. ზოგ ქრისტიანს მარტოობის გრძნობის დაძლევაში კრებაზე განსახილველი პუბლიკაციებისა და ბიბლიის აუდიოჩანაწერების მოსმენა ეხმარება. w21.06 9, 10 ¶5—8

პარასკევი, 5 მაისი

არ შეგეშინდება მოულოდნელად დატეხილი საშინელებისა (იგავ. 3:25).

თქვენც ხომ არ გლოვობთ საყვარელ ადამიანს? თუ ასეა, კარგს იზამთ, თუ ბიბლიაში წაიკითხავთ მკვდრეთით აღდგომის შემთხვევებს და ასე გაიძლიერებთ აღდგომის რწმენას. ოჯახის წევრის გარიცხვას ხომ არ განიცდით? იკვლიეთ ბიბლია და დარწმუნდებით, რომ იეჰოვას აღმზრდელობით ზომებს ყოველთვის კარგი შედეგი მოაქვს. ნებისმიერი პრობლემა თქვენი რწმენის განსამტკიცებლად გამოიყენეთ. გული გადაუშალეთ იეჰოვას. საკუთარ ნაჭუჭში კი ნუ ჩაიკეტებით, და-ძმებთან იქონიეთ ახლო ურთიერთობა (იგავ. 18:1). ისეთი საქმეებით დაკავდით, რომლებიც ტკივილის მოთმინებით ატანაში დაგეხმარებათ, თუნდაც ეს ზოგჯერ ცრემლების ფასად დაგიჯდეთ (ფსალმ. 126:5, 6). არ ჩამორჩეთ სულიერ განრიგს, დაესწარით კრების შეხვედრებს, იმსახურეთ და გამოიკვლიეთ ბიბლია. ყოველთვის გონებაში გქონდეთ ის კურთხევები, რომლებსაც იეჰოვა გიმზადებთ. როცა დაინახავთ, როგორ გეხმარებათ დღეს იეჰოვა, რწმენა კიდევ უფრო გაგიძლიერდებათ. w21.11 23 ¶11; 24 ¶17

შაბათი, 6 მაისი

ასევე არ სურს ჩემს ზეციერ მამას, რომ ამ მცირეთაგან თუნდაც ერთი დაიღუპოს (მათ. 18:14).

რა გაგებით არიან იესოს მოწაფეები „მცირეთაგანი“? დღეს ქვეყნიერება მდიდარ, წარმატებულ და ძალაუფლების მქონე ადამიანებს აფასებს. იესოს მოწაფეები კი ქვეყნიერების თვალში არაფრით გამორჩეულნი და უმნიშვნელონი არიან, მაგრამ იეჰოვა მათზე ასე ნამდვილად არ ფიქრობს (1 კორ. 1:26—29). რატომ ჩამოაგდო იესომ სიტყვა „ამ მცირეთაგანზე“? ამის მიზეზი ის კითხვა იყო, რომელიც მოწაფეებს დაებადათ: „ვინ იქნება ყველაზე დიდი ზეციერ სამეფოში?“ (მათ. 18:1). იმ დროს იუდეველთა შორის მდგომარეობასა და სტატუსს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ერთმა მეცნიერმა სწორად აღნიშნა: „ხალხი მხოლოდ იმისთვის ცხოვრობდა, რომ საზოგადოებაში სახელი, დიდება, აღიარება და პატივისცემა მოეპოვებინა“. იესოს კარგად ესმოდა, რომ თავისი მოწაფეებისთვის ადვილი არ იქნებოდა, პირველობისკენ სწრაფვის ტენდენცია აღმოეფხვრათ საკუთარ თავში, რადგან ასეთი აზროვნება მყარად იყო ფესვგადგმული იმდროინდელ საზოგადოებაში. w21.06 20 ¶2; 21 ¶6, 8; 22 ¶9

კვირა, 7 მაისი

ზეთი და საკმეველიც ახალისებს გულს და გულწრფელი რჩევის მომცემი კარგი მეგობარიც (იგავ. 27:9).

ამ მხრივ მოციქული პავლე სამაგალითო უხუცესი იყო. მან უკან არ დაიხია და თესალონიკელ ქრისტიანებს საჭირო რჩევები მისცა. მათთვის მიწერილ წერილებში პავლემ თავიდან შეაქო ისინი სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის და მოთმინებისთვის. მან აღნიშნა, რომ კარგად იცოდა, როგორ უძლებდნენ დევნასა და გასაჭირს და ისიც უთხრა, რომ სამაგალითონი იყვნენ სხვა ქრისტიანებისთვის (1 თეს. 1:3, 8, 9; 2 თეს. 1:4). ეჭვგარეშეა, მათ ძალიან ესიამოვნებოდათ ამ თბილი სიტყვების მოსმენა. აშკარა იყო, რომ პავლეს ძალიან უყვარდა თანაქრისტიანები. ამიტომაც შეძლო თავის ორივე წერილში თესალონიკელი ქრისტიანებისთვის სასარგებლო რჩევების მიცემა (1 თეს. 4:1, 3—5, 11; 2 თეს. 3:11, 12). w22.02 15 ¶6

ორშაბათი, 8 მაისი

მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი (გამოცხ. 21:4).

სატანა ცრუ რელიგიური წინამძღოლების მეშვეობითაც სდებს იეჰოვას ბრალს და მას სისასტიკესა და კაცობრიობის ტანჯვაში ადანაშაულებს. როცა ბავშვი კვდება, ზოგი იმასაც კი ამბობს, რომ ღმერთმა წაიყვანა ზეცაში, რადგან კიდევ ერთი ანგელოზი სჭირდებოდა. რამხელა შეურაცხყოფაა ეს ღვთისთვის! მაგრამ ჩვენ არ ვიჯერებთ ასეთ სიცრუეს, რადგან კარგად ვიცით, რომ ის მოსიყვარულე მამაა. როდესაც სერიოზულ დაავადებას ვებრძვით ან საყვარელი ადამიანი გვიკვდება, ამაში ღმერთს არასოდეს ვადანაშაულებთ. არათუ ვადანაშაულებთ, პირიქით, გვჯერა, რომ იეჰოვა ერთ დღესაც ყველა პრობლემას მოაგვარებს. ყველას, ვინც მოისურვებს, გავაგებინებთ, როგორი მოსიყვარულე ღმერთია იეჰოვა. ამგვარად, მას საშუალებას მივცემთ, რომ პასუხი გასცეს თავის დამცინავს (იგავ. 27:11). იეჰოვა თანამგრძნობი ღმერთია. ის ძალიან განიცდის, როდესაც ხედავს, როგორ ვიტანჯებით დევნის, ავადმყოფობისა და ჩვენი ცოდვილი ბუნების გამო (ფს. 22:23, 24). იეჰოვამ კარგად იცის, რა ტკივილსაც განვიცდით. მას სურს, ამ ყველაფერს ბოლო მოუღოს და ის ასეც მოიქცევა (შეადარეთ გამოსვლის 3:7, 8; ესაიას 63:9). w21.07 9, 10 ¶9, 10

სამშაბათი, 9 მაისი

დიდებისა და სიდიადის გვირგვინი დაადგი (ფსალმ. 8:5).

მორჩილი ადამიანებისთვის უდიდესი პატივი იქნება ის, რომ მალე საშუალება მიეცემათ, მარადიულად უყვარდეთ იეჰოვა და ემსახურონ მას. იესო აღმოფხვრის ყველა იმ პრობლემას, რომელიც ადამისა და ევას ღვთის ოჯახიდან გაძევებას მოჰყვა. იეჰოვა მილიონობით გარდაცვლილს აღადგენს და მისცემს მათ შესაძლებლობას, რომ სრულყოფილი ჯანმრთელობით სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე მარადიულად გაიხარონ (ლუკ. 23:42, 43). როცა დედამიწაზე მცხოვრები იეჰოვას თაყვანისმცემლები გასრულყოფილდებიან, თითოეული აირეკლავს ღვთის დიდებასა და სიდიადეს, რომლის შესახებაც დავითი წერდა. ყველას, ვინც „უამრავ ხალხს“ მიეკუთვნებით, წინ შესანიშნავი მომავალი გელით (გამოცხ. 7:9). ღმერთს უყვარხართ და სურს, რომ მისი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეთ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ გული გაუხაროთ მას. მუდამ გულსა და გონებაში გქონდეთ ღვთის დანაპირები. უდიდეს პატივად მიიჩნიეთ ზეციერი მამის მსახურება და დააფასეთ მისი მარადიულად განდიდების შესაძლებლობა. w21.08 7 ¶18, 19

ოთხშაბათი, 10 მაისი

თავის დროზე მოვიმკით, თუ არ დავიღლებით (გალ. 6:9).

წინასწარმეტყველი იერემია ათეულობით წლის განმავლობაში წინააღმდეგობასა და გულგრილობას ხვდებოდა ქადაგების დროს. მას იმდენად გაუტეხა გული მოწინააღმდეგეების მხრიდან შეურაცხყოფამ და მასხრად აგდებამ, რომ ლამის უარი თქვა თავის დავალებაზე (იერ. 20:8, 9). რა დაეხმარა მას უარყოფითი ფიქრების მოშორებასა და მსახურებაში სიხარულის შენარჩუნებაში? მან ყურადღება ორ მთავარ ფაქტორზე გადაიტანა. პირველი, მის მიერ გაცხადებული ღვთის ცნობა მომავლის იმედს უსახავდა მსმენელებს (იერ. 29:11). მეორე, იეჰოვამ სწორედ ის აირჩია, რომ მისი სახელით ექადაგა (იერ. 15:16). დღეს ჩვენც გადავცემთ მანუგეშებელ ცნობას უიმედო ადამიანებს და ჩვენც ღვთის სახელით ვიწოდებით, როგორც მისი მოწმეები. როცა ამ ფაქტორებზე ვამახვილებთ ყურადღებას, სიხარულს ვინარჩუნებთ ხალხის გამოხმაურების მიუხედავად. ამიტომ გულს ნუ გაიტეხთ და ხელს ნუ ჩაიქნევთ, თუ შედეგს ისე სწრაფად ვერ დაინახავთ, როგორც მოელოდით. მოწაფეების მომზადების საქმე მოთმინებას მოითხოვს (იაკ. 5:7, 8). w21.10 27 ¶12, 13

ხუთშაბათი, 11 მაისი

მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს, და ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში (ებრ. 12:1).

იეჰოვას დიდი ხნის მსახურებსაც მართებთ, რომ იზრუნონ რწმენის გაძლიერებასა და შენარჩუნებაზე. თუ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ, შეიძლება რწმენა შეგვისუსტდეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რწმენა არის მტკიცებულებების საფუძველზე უხილავი სინამდვილის დაჯერება. როგორც წესი, რასაც ვერ ვხედავთ, ადვილად გვრჩება მხედველობიდან. ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ ამბობს პავლე, რომ ურწმუნოება არის „ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“. მაშ, როგორ შევინარჩუნოთ ძლიერი რწმენა? (2 თეს. 1:3). რაც შეიძლება ხშირად სთხოვეთ იეჰოვას წმინდა სული. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ვინაიდან რწმენა სულის ნაყოფის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, შეუძლებელია შემოქმედის მიმართ რწმენის გაძლიერება და შენარჩუნება წმინდა სულის დახმარების გარეშე (გალ. 5:22, 23). თუ გამუდმებით სთხოვთ იეჰოვას წმინდა სულს, ის აუცილებლად შეისმენს თქვენს ლოცვას (ლუკ. 11:13). მოციქულების მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია ვთხოვოთ ღმერთს, რომ რწმენა გაგვიძლიეროს (ლუკ. 17:5). გარდა ამისა, რეგულარულად უნდა ვიკვლიოთ ღვთის სიტყვა (ფსალმ. 1:2, 3). w21.08 18, 19 ¶16—18

პარასკევი, 12 მაისი

ჭაღარა სილამაზის გვირგვინია (იგავ. 16:31).

ხანში შესულ და-ძმებს იეჰოვას ორგანიზაციაში ბევრი რამის კეთება შეუძლიათ. შეიძლება ძველებურად ჯანი არ ერჩით, მაგრამ წლების მანძილზე დიდი გამოცდილება დააგროვეს. იეჰოვას ისინი მრავალმხრივ ადგებიან. მაგალითად, ბიბლიაში არაერთი ღვთის მსახურის ისტორიას ვკითხულობთ, რომლებიც ხანდაზმულობის მიუხედავად აქტიურად ემსახურებოდნენ იეჰოვას. მაგალითად, მოსე დაახლოებით 80 წლის იყო, როცა წინასწარმეტყველი და ისრაელი ერის წინამძღოლი გახდა. დანიელი 90 წელს იყო გადაცილებული, მაგრამ იეჰოვას წინასწარმეტყველად მსახურობდა. მოციქული იოანეც 90 წელზე მეტი ხნის იყო, როცა ღვთივშთაგონებით წიგნი „გამოცხადება“ დაწერა. „მართალი და ღვთისმოშიში კაცის“, სიმონის შესახებ ბიბლიიდან ბევრს ვერაფერს ვიგებთ, მაგრამ იეჰოვას ის შეუმჩნეველი არ დარჩენია. ღმერთმა მას პატივი დასდო, რომ ჩვილი იესო ენახა და წინასწარმეტყველება წარმოეთქვა მასზე და დედამისზე (ლუკ. 2:22, 25—35). w21.09 3, 4 ¶5—7

შაბათი, 13 მაისი

იეჰოვა, არც გავდიდგულებულვარ . . . არც დიდ რამეს ვესწრაფვი (ფსალმ. 131:1).

მშობლებს სიფრთხილე მართებთ, რომ ერთი შვილი მეორეს არ შეადარონ ან შესაძლებლობებზე მეტი არ მოსთხოვონ. უადგილო შედარებამ და გადაჭარბებულმა მოთხოვნებმა შეიძლება შვილები გააღიზიანოს (ეფეს. 6:4). ერთი და, სახელად საჩიკო, ამბობს: „დედაჩემი მთხოვდა, რომ მაღალ ნიშნებზე მესწავლა, რათა ჩემს მასწავლებლებსა და მამაჩემს, რომელიც ჩვენს რწმენას არ იზიარებდა, კარგი წარმოდგენა შექმნოდათ იეჰოვას მოწმეებზე. ის მთხოვდა, რომ უმაღლესი შეფასება მიმეღო გამოცდებზე, რაც თითქმის შეუძლებელი იყო. მართალია, სკოლა კარგა ხნის წინ დავამთავრე, მაგრამ დღემდე მეპარება ეჭვი იმაში, საუკეთესოს ვაკეთებ თუ არა იეჰოვასთვის“. მეფე დავითი ამბობს: „არც დიდ რამეს ვესწრაფვი და არც მიუწვდომელს ვეპოტინები“ (ფსალმ. 131:2). მას თავმდაბლობა და მოკრძალება დაეხმარა, ამბიციებს არ აჰყოლოდა და კმაყოფილი ყოფილიყო იმით, რაც ჰქონდა. რას ასწავლის ეს მშობლებს? თავმდაბლობა და მოკრძალება მშობლებს დაეხმარებათ, ზედმეტად მომთხოვნები არ იყვნენ საკუთარი თავისა თუ შვილების მიმართ. მშობელი ბავშვს უნდა დაეხმაროს, სწორად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები და შესაბამისი მიზნები დაისახოს. w21.07 21, 22 ¶5, 6

კვირა, 14 მაისი

თითოეული თავის სატარებელს ატარებს (გალ. 6:5).

უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვამ ყველას ნების თავისუფლება გვიბოძა. ეს იმას ნიშნავს, რომ თავად შეგვიძლია ავირჩიოთ, დავემორჩილებით თუ არა მას. ზოგ ახალგაზრდას შეიძლება სულაც არ ჰქონია სახარბიელო სულიერი გარემო ოჯახში, მაგრამ იეჰოვას ერთგულად ემსახურება. ზოგ შემთხვევაში კი მშობლები არაფერს აკლებდნენ შვილებს, რომ ბიბლიური პრინციპებით აღეზარდათ, მაგრამ როგორც კი წამოიზარდნენ, ზურგი აქციეს იეჰოვას. საბოლოო ჯამში, ყველა თავად წყვეტს, ემსახურება თუ არა ღმერთს (იეს. 24:15). ასე რომ, მშობლებო, შვილების არასწორი არჩევანის გამო თავს ნუ დაიდანაშაულებთ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ მშობელი ტოვებს ქრისტიანულ კრებას და ოჯახსაც კი (ფსალმ. 27:10). ამას განსაკუთრებით მძაფრად ბავშვები განიცდიან, რომელთათვისაც მშობელი სამაგალითო იყო. ახალგაზრდებო, თუ თქვენც მსგავს სიტუაციაში ხართ, დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვასაც კარგად ესმის თქვენი. მის მსგავსად და-ძმებსაც უყვარხართ და აფასებენ თქვენს ერთგულებას. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ თქვენ არ აგებთ პასუხს თქვენი მშობლის გადაწყვეტილებებზე. w21.09 27 ¶5—7

ორშაბათი, 15 მაისი

იეჰოვა იმის აღზრდაზე ზრუნავს, ვინც უყვარს (ებრ. 12:6).

გარიცხული ქრისტიანი რაღაცით შეიძლება ამ ავადმყოფ ცხვარს შევადაროთ, რომელმაც შეიძლება მთელი ფარა დაასნეულოს. ოღონდ ამ შემთხვევაში სულიერ ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე (იაკ. 5:14). სულიერი ავადმყოფობა ზოგი ფიზიკური ავადმყოფობის მსგავსად ადვილად გადამდებია. ამიტომ შიგადაშიგ საჭირო ხდება სულიერად დასნეულებული ქრისტიანის იზოლირება კრებიდან. ამ სადამსჯელო ღონისძიებით იეჰოვა სიყვარულს გამოხატავს თავისი ერთგული სამწყსოს მიმართ. გარდა ამისა, ეს შემცოდველს შეიძლება დანაშაულის გაცნობიერებასა და მონანიებაში დაეხმაროს. გარიცხულს შეუძლია დაესწროს კრების შეხვედრებს, სადაც ის სულიერად გამოიკვებება და მომჯობინდება. გარდა ამისა, მას შეუძლია მიიღოს პირადი ლიტერატურა და უყუროს JW მაუწყებლობას®. თუ უხუცესები მასში შენიშნავენ სასიკეთო ცვლილებებს, შიგადაშიგ მას სათანადო რჩევებსა და მითითებებს მისცემენ, რათა საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს სულიერად და კვლავაც დაუბრუნდეს კრებას, როგორც ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე. w21.10 10 ¶9, 11

სამშაბათი, 16 მაისი

ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ დაიმკვიდრებს ზეციერ სამეფოს (მათ. 7:21).

ჩვენ ვბაძავთ პირველი საუკუნის ქრისტიანებს. მაგალითად, ჩვენი ორგანიზაციული სტრუქტურა იმ სტრუქტურის ანალოგია, რომელიც მოციქულებმა დააწესეს პირველ საუკუნეში. ჩვენ გვყავს მიმომსვლელი ზედამხედველები, უხუცესები და მომსახურეები (ფილ. 1:1; ტიტ. 1:5). ჩვენი შეხედულება სექსსა და ქორწინებაზე, სისხლის სიწმინდესა და კრებიდან მოუნანიებელი შემცოდველის გარიცხვაზე ზუსტად ასახავს პირველი საუკუნის ქრისტიანთა შეხედულებას (საქ. 15:28, 29; 1 კორ. 5:11—13; 6:9, 10; ებრ. 13:4). ბიბლიაში არაორაზროვნად არის ნათქვამი, რომ მხოლოდ „ერთია რწმენა“, რომელსაც ღმერთი იწონებს (ეფეს. 4:4—6). რამხელა პატივი გვხვდა წილად, რომ ღვთის ხალხს მივეკუთვნებით და ვიცით ჭეშმარიტება იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ. დაე ნურასდროს შეგვეპარება ეჭვი იმაში, რომ ჭეშმარიტების გზას ვადგავართ! w21.10 22, 23 ¶15—17

ოთხშაბათი, 17 მაისი

გადით, დადექით და იხილეთ, როგორ გიხსნით იეჰოვა! (2 მატ. 20:17).

მეფე იეჰოშაფატი ერთხელ დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. ამონელების, მოაბელებისა და სეირის მთიან მხარეში მცხოვრები ხალხის დიდი ჯარი მისი, მისი ოჯახისა და ხალხის წინააღმდეგ გამოვიდა (2 მატ. 20:1, 2). როგორ მოიქცა იეჰოშაფატი? მან მტერთან გასამკლავებლად ძალა იეჰოვას სთხოვა. 2 მატიანის 20:5—12-ში ჩაწერილი იეჰოშაფატის თავმდაბლური ლოცვიდან კარგად გამოჩნდა, როგორ ენდობოდა ის თავის ზეციერ მოსიყვარულე მამას. იეჰოვამ ლევიანი იახაზიელის მეშვეობით იეჰოშაფატს დღევანდელ მუხლში ჩაწერილი სიტყვები უთხრა. იეჰოშაფატი ბოლომდე მიენდო თავის ღმერთს და მისი სიტყვისამებრ იმოქმედა. როცა ის მტერთან შესახვედრად გავიდა, მან წინა რიგებში გამოცდილი მეომრების ნაცვლად შეუიარაღებელი მგალობლები დააყენა. იეჰოვამ იმედი არ გაუცრუა იეჰოშაფატს და მტერზე გამარჯვება მოაპოვებინა (2 მატ. 20:18—23). w21.11 15, 16 ¶6, 7

ხუთშაბათი, 18 მაისი

იეჰოვას ურყევი სიყვარულის გამო არ გვეღება ბოლო; ულევია მისი წყალობა (გოდ. 3:22).

ნებისმიერი განსაცდელის დროს შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა მხარს დაგვიჭერს და ერთგულების შენარჩუნებაში დაგვეხმარება (2 კორ. 4:7—9). ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა ჩვენდამი ურყევ სიყვარულს მარადიულად გამოავლენს. ამაში ფსალმუნმომღერალიც გვარწმუნებს: „იეჰოვა თვალყურს ადევნებს თავის მოშიშებს, მათ, ვინც მისგან სიკეთეს [ურყევ სიყვარულს, სქ.] მოელის“ (ფსალმ. 33:18—22). ვიდრე მისი მსახურები გავხდებოდით, იეჰოვას ჩვენც ვუყვარდით, როგორც ყველა ადამიანი. მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი მსახურები გავხდით, იეჰოვამ ურყევი სიყვარულით შეგვიყვარა. სწორედ ეს სიყვარული აღძრავს მას „გულში ჩაგვიკრას“, რაც თავს უსაფრთხოდ გვაგრძნობინებს. ის ყოველთვის ჩვენთან იქნება და რასაც დაგვპირდა, შეგვისრულებს. მას ჩვენთვის საუკეთესო სურს (ფსალმ. 46:1, 2, 7). ასე რომ, რა განსაცდელსაც არ უნდა შევხვდეთ, ის ძალას მოგვცემს ერთგულების შესანარჩუნებლად. w21.11 7 ¶17, 18

პარასკევი, 19 მაისი

მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს (კოლ. 3:13).

შეიძლება ვინმე თანამშრომელზე, თანაკლასელზე, ნათესავზე ან ოჯახის წევრზე დაბოღმილა და ბოღმა წლების მანძილზეც კი ვერ ამოუგდია გულიდან. ამის თვალსაჩინო მაგალითია იოსების ისტორია. ათმა ნახევარძმამ მასზე ბოღმა ჩაიდო გულში, რამაც საბოლოოდ ისინი დაუნდობელი საქციელის ჩადენამდე მიიყვანა (დაბ. 37:2—8, 25—28). მაგრამ იოსები მათ სრულიად განსხვავებულად მოექცა. მაგალითად, წლების შემდეგ, როცა ძალაუფლება მიიღო, მას თავისუფლად შეეძლო, შური ეძია თავის ნახევარძმებზე, მაგრამ ის ასე არ მოქცეულა. პირიქით, გულმოწყალება გამოიჩინა მათ მიმართ, რადგან მათზე არ დაბოღმილა. მან, ფაქტობრივად, ის რჩევა გაითვალისწინა, რომელიც მოგვიანებით ლევიანების 19:18-ში ჩაიწერა (დაბ. 50:19—21). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გულში ბოღმის ჩადებისა და შურისძიების ნაცვლად, იოსებმა აპატია თავის ძმებს, რითაც ქრისტიანებს კარგი მაგალითი მოგვცა. სხვების პატიების აუცილებლობას იესომაც გაუსვა ხაზი (მათ. 6:9, 12). პავლე მოციქულმაც მსგავსი რჩევა მისცა ქრისტიანებს: „შურს ნუ იძიებთ, საყვარელნო“ (რომ. 12:19). w21.12 11 ¶13, 14

შაბათი, 20 მაისი

გულის წადილს უსრულებს თავის მოშიშთ, ისმენს მათ ღაღადს, შველას რომ სთხოვენ, და იხსნის მათ (ფსალმ. 145:19).

ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს ღამით იესო გეთსემანეს ბაღში მივიდა, რომ მამისთვის გული გადაეშალა (ლუკ. 22:39—44). სწორედ მაშინ აღუვლინა მამას „ღაღადითა და ცრემლებით“ ვედრება (ებრ. 5:7). რაზე ლოცულობდა იესო სიკვდილის წინა ღამეს? ის ძალას სთხოვდა იეჰოვას, რომ ბოლომდე ერთგულად შეესრულებინა მისი ნება. იეჰოვამ შეისმინა თავისი ძის ვედრება და ანგელოზი გაუგზავნა გასამხნევებლად. იესოს კარგად ესმოდა, რომ ღვთის სახელის განწმენდის უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრა. რატომ შეისმინა იეჰოვამ იესოს ვედრება? იმიტომ, რომ იესოს ყველაზე მეტად ის აფიქრებდა, რომ მამის ერთგული დარჩენილიყო და მისი სახელი განეწმინდა. თუ ჩვენი მთავარი საფიქრალიც ეს არის, მაშინ იეჰოვა უპასუხოდ არ დატოვებს ჩვენს ლოცვებს (ფსალმ. 145:18). w22.01 18 ¶15—17

კვირა, 21 მაისი

ამიტომ წადით ყველა ერის ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი; მონათლეთ [და] ასწავლეთ მათ (მათ. 28:19, 20).

ბევრს პოლიტიკის მიმართ ჩვენი ნეიტრალური პოზიცია აბრკოლებს. მათი აზრით, ჩვენ არჩევნებში უნდა ვმონაწილეობდეთ. მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, იეჰოვა როგორ უყურებს ამ საკითხს. ღვთის თვალში ის, ვინც ადამიანურ ხელისუფლებას უჭერს მხარს, ავტომატურად მისი უარმყოფელი ხდება (1 სამ. 8:4—7). ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენ ქველმოქმედებით უნდა ვიყოთ დაკავებული და ვაშენებდეთ სკოლებსა და საავადმყოფოებს. ბევრს ის აბრკოლებს, რომ სამქადაგებლო საქმეზე ვართ ორიენტირებული და არა სოციალური პრობლემების მოგვარებაზე. რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავბრკოლდეთ? (მათ. 7:21—23). ჩვენ ძირითადი ყურადღება იესოს დავალებულ საქმეზე უნდა გადავიტანოთ. პოლიტიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარება ჩვენი საქმე არ არის. მართალია, გვიყვარს ხალხი და გვაღელვებს მათი მდგომარეობა, მაგრამ გვესმის, რომ, თუ გვინდა, მოყვასს სიკეთე გავუკეთოთ, ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ უნდა ვუქადაგოთ და იეჰოვასთან დამეგობრებაში დავეხმაროთ. w21.05 7 ¶19, 20

ორშაბათი, 22 მაისი

იცოდე, რომ ბოლო დღეებში მძიმე და ძნელად ასატანი დრო დადგება (2 ტიმ. 3:1).

მართალია, ბევრი სახელმწიფო მმართველი თავს ღვთის მსახურად აცხადებს, მაგრამ სინამდვილეში არ სურს თავისი ძალაუფლებისა თუ უფლებამოსილების დათმობა. იესოს დროს მცხოვრები მმართველების მსგავსად, დღესაც სახელმწიფო ლიდერები უპირისპირდებიან იეჰოვას ცხებულ მეფეს, რაც იმაში გამოიხატება, რომ იერიში მიაქვთ მის ერთგულ მიმდევრებზე (საქ. 4:25—28). როგორ რეაგირებს ამაზე იეჰოვა? ფსალმუნის 2:10—12-ში ნათქვამია: „ახლა კი, მეფეებო, გონს მოეგეთ, ყურად იღეთ შეგონება, დედამიწის მოსამართლეებო! შიშით ემსახურეთ იეჰოვას, გიხაროდეთ და თრთოდეთ! პატივი მიაგეთ ძეს, რომ არ განრისხდეს ღმერთი და არ მოისპოთ თქვენი გზიდან, რადგან უეცრად განრისხდება იგი; ბედნიერია ყველა, ვინც მას აფარებს თავს“. იეჰოვა თავისი სიკეთიდან გამომდინარე კიდევ ერთ შანსს აძლევს თავის მოწინააღმდეგეებს. მათ შეუძლიათ, აზრი შეიცვალონ და აღიარონ იეჰოვას სამეფო, რისთვისაც მცირე დროღა რჩებათ (ეს. 61:2). უკვე აღარ არის იმის დრო, რომ მათ სამომავლოდ გადადონ იეჰოვას გაცნობა და სწორი არჩევანის გაკეთება. w21.09 15, 16 ¶8, 9

სამშაბათი, 23 მაისი

თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ (1 ტიმ. 6:8).

მოციქული პავლე იმას გულისხმობდა, რომ ბევრი გვაქვს თუ ცოტა, დავკმაყოფილდეთ ამით (ფილ. 4:12). ყველაზე ძვირფასი, რაც კი გაგვაჩნია, იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობაა (აბაკ. 3:17, 18). გავიხსენოთ, რა უთხრა მოსემ ისრაელებს მას შემდეგ, რაც 40 წელი უდაბნოში დაჰყვეს: „გაკურთხათ იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა . . . ეს 40 წელი თქვენთან იყო იეჰოვა, თქვენი ღმერთი, და არაფერი მოგკლებიათ“ (კან. 2:7). ამ 40 წლის განმავლობაში იეჰოვა ისრაელებს მანანით კვებავდა. ის ტანსაცმელიც კი, რომელიც ეგვიპტის დატოვების დროს ეცვათ, არ გასცვეთიათ (კან. 8:3, 4). იეჰოვას გულს გავუხარებთ, თუ ვისწავლით, ვიყოთ კმაყოფილი იმით, რაც გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ვაფასებდეთ ყველაფერს, რასაც ის გვაძლევს, თუნდაც მცირედს, კურთხევად მივიჩნევდეთ და მადლიერებას გამოვხატავდეთ. w22.01 5 ¶10, 11

ოთხშაბათი, 24 მაისი

მთელი გულით მიენდე იეჰოვას და საკუთარ გონებას ნუ დაენდობი (იგავ. 3:5).

ოჯახისთავებო, თქვენი ოჯახის კეთილდღეობა თქვენს პასუხისმგებლობაში შედის, ალბათ, ყველაფერს აკეთებთ, რომ დაიცვათ თქვენი ოჯახი და იზრუნოთ მასზე. როცა პრობლემებს შეხვდებით, შეიძლება იფიქროთ, რომ მათ თავადაც გაუმკლავდებით. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავზე იყოთ დაიმედებული, აჯობებს, პირად ლოცვაში იეჰოვას სთხოვოთ დახმარება. გარდა ამისა, შეგიძლიათ მეუღლის თანდასწრებითაც გადაუშალოთ გული იეჰოვას. ღვთის ხელმძღვანელობა რომ დაინახოთ, გამოიკვლიეთ ბიბლია და პუბლიკაციები. შემდეგ კი იქ ჩაწერილი რჩევის თანახმად იმოქმედეთ. გაითვალისწინეთ, რომ ყველა არ მოგიწონებთ ღვთის სიტყვის კვლევის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს. ისინი, როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ ფული და ყველაფერი, რისი შოვნაც ფულით შეიძლება, ოჯახის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. ასეთ დროს გაიხსენეთ მეფე იეჰოშაფატის მაგალითი (2 მატ. 20:1—30). ის ენდობოდა იეჰოვას და ეს საქმეებითაც დაამტკიცა. იეჰოვამ არ მიატოვა ეს ერთგული კაცი. ის არც თქვენ მიგატოვებთ (ფსალმ. 37:28; ებრ. 13:5). w21.11 15 ¶6; 16 ¶8

ხუთშაბათი, 25 მაისი

[ღმერთი] უსამართლოდ არასოდეს მოქმედებს (კან. 32:4).

ჩვენ, ღვთის ანარეკლად შექმნილ ადამიანებს, სამართლიანობის გრძნობა გვაქვს (დაბ. 1:26). მაგრამ ცოდვილი ბუნების გამო შეიძლება სამართლიანად ვერ განვსაჯოთ მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ ყველა ფაქტი ვიცით. გავიხსენოთ, როგორ გაუნაწყენდა იონა იეჰოვას ნინეველების შეწყალების გამო (იონ. 3:10—4:1). შედეგმა აჩვენა, ვინ იყო მართალი. ნინევეში 120 000-ზე მეტმა ადამიანმა მოინანია და გადარჩა. აშკარა იყო, რომ სამართლიანობაში იონა მოიკოჭლებდა და არა — იეჰოვა. იეჰოვა ვალდებული არ არის, აგვიხსნას, რატომ იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. ზოგჯერ ის თავის მსახურებს საშუალებას აძლევდა, აზრი გამოეხატათ იმის თაობაზე, რაც მას ჩაფიქრებული ან უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა (დაბ. 18:25; იონ. 4:2, 3). ზოგჯერ ის ხსნიდა კიდეც თავისი ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიზეზს (იონ. 4:10, 11). თუმცა იეჰოვა სულაც არ არის ვალდებული, ანგარიში ჩაგვაბაროს თავისი ქმედებებისთვის (ეს. 40:13, 14; 55:9). w22.02 3, 4 ¶5, 6

პარასკევი, 26 მაისი

თქვენ შორის უდიდესი უმცირესი იყოს, და ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია, მსახური იყოს (ლუკ. 22:26).

თუ სხვებს საკუთარ თავზე აღმატებულად ჩავთვლით, მაშინ „უმცირესივით“ მოვიქცევით (ფილ. 2:3). რაც უფრო მეტად გავითავისებთ ამ აზროვნებას, მით უფრო ნაკლებია იმის ალბათობა, რომ სხვებს დავაბრკოლებთ. ყველა დას ან ძმას აქვს თავისი ძლიერი მხარე, რითაც შეიძლება გვჯობდეს. ეს ადვილი შესამჩნევია, როცა მათ დადებით თვისებებზე ვამახვილებთ ყურადღებას. გვინდა, გულთან ახლოს მივიტანოთ პავლე მოციქულის რჩევა, რომელიც მან კორინთელებს მისცა: „ვისი დამსახურებაა, სხვისგან რომ განსხვავდები?! რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია?! და, თუ მიიღე, მაშ, რატომ იკვეხნი, თითქოსდა შენით გქონდეს?!“ (1 კორ. 4:7). აქედან გამომდინარე, არ უნდა ავყვეთ იმის ცდუნებას, რომ ზედმეტი ყურადღება მივიქციოთ ან თავი სხვებზე აღმატებულად ჩავთვალოთ. მაგალითად, თუ ძმა კარგ მოხსენებებს კითხულობს ან დას კარგად გამოსდის ბიბლიის შესწავლების დაწყება, ამისთვის მათ მთელი დიდება იეჰოვას უნდა მიაგონ. w21.06 22 ¶9, 10

შაბათი, 27 მაისი

თესე თესლი და . . . ნუ დაასვენებ ხელს (ეკლ. 11:6).

ბევრი მაუწყებლისთვის სულ უფრო და უფრო რთული ხდება ხალხის სახლში პოვნა. ზოგ მაუწყებელს ისეთი სამქადაგებლო ტერიტორია აქვს, სადაც ბევრი დაცული შენობაა. ზოგ შენობაში დაცვის თანამშრომელი მობინადრის ნებართვის გარეშე უცხო პირებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს. ზოგ მაუწყებელს ცოტა თუ ხვდება სახლში ან ისეთ ტერიტორიაზე უწევს ქადაგება, სადაც თითო-ოროლა ადამიანი ცხოვრობს. მათ დიდი მანძილის გავლა უწევთ, თუნდაც ერთი მოსახლე რომ ნახონ და ისიც შეიძლება სახლში არ დახვდეს. თუ ასეთ სირთულეებს ხვდებით, გულს ნუ გაიტეხთ. მოსინჯეთ სხვადასხვა დროს ქადაგება. თუ ისეთ დროს შევარჩევთ ქადაგებისთვის, როცა, სავარაუდოდ, ხალხი სახლშია, შედარებით მეტ ადამიანთან მოგვეცემა ქადაგების საშუალება. ადრე თუ გვიან, ხომ ყველა მაინც სახლში ბრუნდება?! ბევრი და-ძმისთვის უფრო მოსახერხებელია ნაშუადღევს ან საღამოობით ქადაგება, რადგან ამ დროს მეტი ადამიანი ხვდებათ სახლში. თანაც ამ პერიოდში მობინადრეებს შეიძლება არსად ეჩქარებოდეთ და საუბრის განწყობაც უფრო მეტად ჰქონდეთ. w21.05 15 ¶5, 7

კვირა, 28 მაისი

ტყუილუბრალოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მოგონილ წესებს მცნებად უდებენ ხალხს (მარ. 7:7).

ბევრს არ მოსწონს, რომ იეჰოვას მოწმეები მათთან ერთად არ აღნიშნავენ არაბიბლიურ დღესასწაულებს, მაგალითად, დაბადების დღეებსა თუ შობა-ახალ წელს. ზოგს ის აღიზიანებს, რომ იეჰოვას მოწმეები არ ზეიმობენ ეროვნულ დღესასწაულებს და არ მონაწილეობენ დაკრძალვის არაბიბლიურ ტრადიციებში. მათ, ვინც ამის გამო ბრკოლდება, გულწრფელად სჯერათ, რომ ღმერთს მის მოსაწონად სცემენ თაყვანს. თუმცა მხედველობიდან რჩებათ ის ფაქტი, რომ ღმერთს ვერ ასიამოვნებენ, თუ ქვეყნიურ ტრადიციებს ბიბლიურ სწავლებებზე წინ დააყენებენ (მარ. 7:8, 9). რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავბრკოლდეთ? მთელი გულით უნდა შევიყვაროთ იეჰოვას კანონები და პრინციპები (ფსალმ. 119:97, 113, 163—165). თუ გვიყვარს იეჰოვა, უარს ვიტყვით მისთვის მიუღებელ ტრადიციებზე და არ დავუშვებთ, რომ ჩვენსა და იეჰოვას შორის რაიმე ჩადგეს. w21.05 6 ¶15, 16

ორშაბათი, 29 მაისი

ყოველთვის იფხიზლე, გაუძელი გასაჭირს, შეასრულე მახარობლის საქმე (2 ტიმ. 4:5).

როგორ გავითვალისწინოთ მოციქული პავლეს ეს რჩევა? რწმენა უნდა გავიძლიეროთ, რაშიც დაგვეხმარება ბიბლიის რეგულარული კვლევა, ხშირი ლოცვა და იეჰოვას მიერ დავალებულ საქმეებში აქტიური მონაწილეობა (2 ტიმ. 4:4). თუ რწმენა გვექნება, იეჰოვას მოწმეებზე გავრცელებული უარყოფითი ინფორმაცია არ შეგვაძრწუნებს (ეს. 28:16). იეჰოვას, ღვთის სიტყვისა და და-ძმების სიყვარული დაგვეხმარება, არ დავბრკოლდეთ მათ გამო, ვინც რწმენას განუდგა. პირველ საუკუნეში ბევრი დაბრკოლდა და უარყო იესო. თუმცა ბევრმა ირწმუნა ის, მათ შორის სინედრიონის, სულ მცირე, ერთმა წევრმა და ბევრმა მღვდელმა (საქ. 6:7; მათ. 27:57—60; მარ. 15:43). დღესაც მილიონობით ადამიანს არაფერი უქმნის დაბრკოლებას და ეს იმიტომ, რომ მათ იციან და უყვართ ბიბლიური ჭეშმარიტება. მათზე სრულდება ბიბლიაში ჩაწერილი შემდეგი სიტყვები: „მშვიდობა არ მოაკლდებათ შენი კანონის მოყვარულებს, ვერაფერი დააბრკოლებს მათ“ (ფსალმ. 119:165). w21.05 13 ¶20, 21

სამშაბათი, 30 მაისი

როცა სუსტი ხარ, მაშინ შეიგრძნობ სრულად ჩემს ძალას (2 კორ. 12:9).

მოციქულ პავლეს კარგად ესმოდა, რომ ყველაფერს, რასაც აკეთებდა, მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვას წყალობით აკეთებდა. იეჰოვამ თავისი წმინდა სულით შეაძლებინა პავლეს, ბოლომდე დახარჯულიყო მის მსახურებაში დევნის, პატიმრობისა თუ სხვა სირთულეების მიუხედავად. ტიმოთეს, პავლეს ახალგაზრდა თანამსახურსაც, სჭირდებოდა ღვთიური ძალა მსახურებისთვის. ის თან ახლდა პავლეს მისიონერული მოგზაურობების დროს. გარდა ამისა, პავლე მას სხვადასხვა კრების გასამხნევებლადაც გზავნიდა (1 კორ. 4:17). ტიმოთე, როგორც ჩანს, ამ საქმისთვის თავს შეუფერებლად თვლიდა. ალბათ, ამიტომაც ამხნევებდა პავლე მას შემდეგი სიტყვებით: „არავინ დაგიწყოს ზემოდან ყურება შენი ახალგაზრდობის გამო“ (1 ტიმ. 4:12). პავლესი არ იყოს, ტიმოთესაც ჰქონდა თავისი „ეკალი“ სხეულში, რადგან ხშირად ავადმყოფობდა (1 ტიმ. 5:23). ამ ყველაფრის მიუხედავად, ტიმოთემ კარგად იცოდა, რომ იეჰოვას წმინდა სული მისცემდა ძალას სასიხარულო ცნობის ქადაგებისა და და-ძმების მომსახურებისთვის (2 ტიმ. 1:7). w21.05 21, 22 ¶6, 7

ოთხშაბათი, 31 მაისი

კარგად უნდა ზრუნავდე შენს ცხვარზე (იგავ. 27:23).

იაკობის 1:19-ში ჩაწერილი პრინციპი უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც რჩევის მიცემას აპირებს. იაკობი წერდა: „თითოეული მზად იყოს მოსასმენად და ნუ იჩქარებს რამის თქმას ან გაბრაზებას“. შეიძლება უხუცესს ჰგონია, რომ ყველა დეტალი იცის. მაგრამ კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებს იგავების 18:13-ში ჩაწერილ პრინციპს: „მოსმენამდე პასუხის გაცემა უგუნურებაა და თავის დამცირება“. უმჯობესია, თუ უხუცესი დეტალებს იმასთან გაარკვევს, ვისთვისაც რჩევის მიცემას აპირებს და ჰკითხავს მას: „რამე ხომ არ გიჭირს? რით შემიძლია დაგეხმარო?“. უხუცესი იმ შემთხვევაში შეძლებს და-ძმების გამხნევებას და დახმარებას, თუ კარგადაა გარკვეული მათ მდგომარეობაში. რჩევამ მიზანს რომ მიაღწიოს, არ კმარა, მხოლოდ რამდენიმე მუხლი წავიკითხოთ და პატარა ახსნა-განმარტება მოვაყოლოთ. უხუცესებმა უნდა აგრძნობინონ და-ძმებს, რომ გულწრფელად ზრუნავენ მათზე და მათი დახმარება სურთ. w22.02 17 ¶14, 15

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება