ივნისი
ხუთშაბათი, 1 ივნისი
მივიდა ერთი ღარიბი ქვრივი და ორი ლეპტა ჩააგდო (მარ. 12:42).
როგორც ჩანს, ამ ქვრივს მძიმე ცხოვრება აქვს და თავის გატანას ძლივს ახერხებს. ის მიდის ერთ-ერთ ფულის ჩასაყრელთან და უჩუმრად აგდებს მასში ორ პატარა მონეტას. ეს მონეტები იმდენად მცირე ზომისაა, რომ მათი ჩაყრის ხმა შეიძლება არც კი ისმის. იესო ხვდება, რომ ეს ორი მონეტა ორი ლეპტაა, რასაც იმ დროს უმცირესი ღირებულება ჰქონდა. ამ თანხით ერთ ბეღურასაც ვერ იყიდდი, არადა მაშინ ბეღურა საჭმელად ვარგის უიაფეს ფრინველად ითვლებოდა. ღარიბი ქვრივი იესოზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. იესო თავის მოწაფეებს უხმობს და ეუბნება: „ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო“. შემდეგ უხსნის, რას გულისხმობს: „ყველამ [განსაკუთრებით მდიდრებმა] ის გაიღო, რაც ზედმეტი ჰქონდა, ის კი სიდუხჭირეში ცხოვრობს, მაგრამ ყველაფერი ჩაყარა, რაც თავის სარჩენად გააჩნდა“ (მარ. 12:43, 44). ამ ღვთისმოშიშმა ქვრივმა უკანასკნელი თანხა იმ იმედით გაიღო, რომ იეჰოვა იზრუნებდა მასზე (ფსალმ. 26:3). w21.04 6 ¶17, 18
პარასკევი, 2 ივნისი
თქვენი სწავლებით აავსეთ იერუსალიმი (საქ. 5:28).
დედამიწაზე მსახურების დროს იესოს ხალისი და შემართება არ დაუკარგავს. მას სურდა, რომ თავის მოწაფეებსაც ასეთივე განწყობა ჰქონოდათ (იოან. 4:35, 36). როცა იესო მათ გვერდით იყო, მოწაფეები ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ სამქადაგებლო საქმეში (ლუკ. 10:1, 5—11, 17). თუმცა მისი დაპატიმრებისა და სიკვდილის შემდეგ მათ მცირე ხნით დაკარგეს ქადაგების ხალისი (იოან. 16:32). აღდგომის შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს მოუწოდა, რომ ძირითადი ყურადღება ქადაგებაზე გადაეტანათ. მისი ზეცად ამაღლების შემდეგ მოწაფეები ისეთი შემართებით ასრულებდნენ დავალებულ საქმეს, რომ მათი მოწინააღმდეგეები დღევანდელ მუხლში მოცემული სიტყვებით გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას. პირველ საუკუნეში სამქადაგებლო საქმეს იესო ხელმძღვანელობდა და იეჰოვამაც აკურთხა ეს საქმე. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დაახლოებით 3 000 მოწაფე მოინათლა (საქ. 2:41). იმ დღიდან მოყოლებული მოწაფეების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა (საქ. 6:7). თუმცა იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში სამქადაგებლო საქმე კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწევდა (იოან. 14:12; საქ. 1:8). w21.05 14 ¶1, 2
შაბათი, 3 ივნისი
ბედნიერია ის, ვინც დამაბრკოლებელს არაფერს ხედავს ჩემში (მათ. 11:6).
გახსოვთ, როდის გააცნობიერეთ პირველად, რომ ჭეშმარიტება იპოვეთ? ალბათ გეგონათ, რომ სხვებიც სიხარულით გამოეხმაურებოდნენ ბიბლიურ ცნობას. დარწმუნებული იყავით, რომ ბიბლია მათ ცხოვრებასაც აზრს შესძენდა და მომავლის არაჩვეულებრივ იმედს ჩაუსახავდა (ფსალმ. 119:105). ამიტომ შეიძლება მთელი მონდომებით უზიარებდით ჭეშმარიტებას მეგობრებსა და ნათესავებს, მაგრამ, თქვენდა გასაკვირად, ამან ბევრში საპირისპირო რეაქცია გამოიწვია. სასიხარულო ცნობაზე ხალხის უარყოფითი რეაქცია არ უნდა გვაკვირვებდეს. პირველ საუკუნეში ბევრმა უარყო იესო მიუხედავად იმისა, რომ ის სასწაულებს ახდენდა, რაც ღვთის მხარდაჭერის აშკარა მტკიცებულება იყო. მაგალითად, იესომ აღადგინა ლაზარე. ეს ისეთი სასწაული იყო, რომელსაც მოწინააღმდეგეებიც კი ვერ უარყოფდნენ. მიუხედავად ამისა, იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა იესო მესიად არ აღიარეს. არათუ არ აღიარეს, მას და ლაზარეს მოკვლაც კი დაუპირეს (იოან. 11:47, 48, 53; 12:9—11). w21.05 2 ¶1, 2
კვირა, 4 ივნისი
ნუ მოვიშლით ერთად შეკრებას. . , პირიქით, გავამხნეოთ ერთმანეთი (ებრ. 10:25).
ეცადეთ, არ გაგიცდეთ კრების შეხვედრები. კრებაზე მოსმენილი გაგამხნევებთ; გარდა ამისა, და-ძმებსაც უკეთ გაიცნობთ. დაუმეგობრდით კრებაში მათ, ვისგანაც ბევრს ისწავლით, თუნდაც თქვენზე უფროს ან განსხვავებული წარმომავლობის და-ძმებს. ბიბლიაში წერია, რომ „სიბრძნე მოხუცებს აქვთ“ (იობ. 12:12). თუმცა უფროსი ასაკის ადამიანებსაც შეუძლიათ ისწავლონ ახალგაზრდებისგან. მაგალითად, დავითი იონათანზე ბევრად ახალგაზრდა იყო, მაგრამ ასაკობრივი სხვაობა მათ მეგობრობას ხელს არ უშლიდა (1 სამ. 18:1). დავითი და იონათანი ერთმანეთს მხარში ედგნენ იეჰოვას მსახურებაში, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი სირთულის გადალახვა მოუწიათ (1 სამ. 23:16—18). „და-ძმები შეიძლება ჩვენთვის სულიერი მშობლები და დედმამიშვილები გახდნენ. იეჰოვას შეუძლია მათი მეშვეობით მხარში დაგვიდგეს გასაჭირში“, — ამბობს ირინა, რომლის ოჯახის წევრებიც მის რწმენას არ იზიარებენ. მეგობრები სიამოვნებით ამოგიდგებიან მხარში და გაგამხნევებენ, მთავარია უთხრათ, რაში დაგეხმარონ. w21.06 10, 11 ¶9—11
ორშაბათი, 5 ივნისი
თქვენც ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ გულით არ აპატიებთ თქვენს ძმას (მათ. 18:35).
იესომ მოიყვანა იგავი მეფისა და მონის შესახებ. მეფემ მონას დიდი ვალი აპატია, რომლის გადახდასაც ვერასდროს შეძლებდა. მოგვიანებით ამ მონამ სხვა მონას გაცილებით მცირე ვალი არ აპატია. მაშინ მეფემ ეს უმოწყალო მონა საპყრობილეში ჩააგდო. უმოწყალო მონამ არა მხოლოდ საკუთარ თავს ავნო, არამედ მისმა საქციელმა სხვებზეც უარყოფითად იმოქმედა. ჯერ ერთი, ის უგულოდ და უმოწყალოდ მოექცა სხვა მონას და „საპყრობილეში ჩააგდებინა, რომ იქ ყოფილიყო, სანამ ვალს არ გადაუხდიდა“. მეორეც, ეს ფაქტი არც სხვა მონებს დარჩენიათ შეუმჩნეველი. როცა მათ „დაინახეს, რაც მოხდა, ძალიან შეწუხდნენ“ (მათ. 18:30, 31). რეალურ ცხოვრებაშიც ასეა — ჩვენი საქციელი გავლენას ახდენს სხვებზე. რა შეიძლება მოხდეს, თუ ვინმე გვაწყენინებს და არ ვაპატიებთ? გარდა იმისა, რომ ეს ჩვენი მხრიდან უმოწყალო საქციელი იქნება, შეიძლება მწყენინებელს თავი ავარიდოთ და გულგრილად მოვეპყროთ. ამასთანავე, კრებაში სხვებსაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდებთ, რადგან ისინიც შეამჩნევენ ჩვენ შორის დაძაბულ ურთიერთობას. w21.06 22 ¶11, 12
სამშაბათი, 6 ივნისი
დედამიწის მომსპობნი მოსპო (გამოცხ. 11:18).
სატანას სიამოვნებს ღვთის მსგავსად შექმნილი ადამიანების ზნეობრივი დეგრადაცია. როცა ნოეს დროს ღმერთმა დაინახა, როგორ „გამრავლდა დედამიწაზე ბოროტება“, „დამწუხრდა . . . თავისი შექმნილი ადამიანების გამო და გული ეტკინა“ (დაბ. 6:5, 6, 11). შეიცვალა მას შემდეგ რამე უკეთესობისკენ? ფაქტია, არა. სატანას სიამოვნებს იმის დანახვა, თუ როგორ ეფლობიან ადამიანები ზნეობრივი გახრწნილების ჭაობში, მაგალითად, რა გარყვნილებას სჩადიან საპირისპირო თუ ერთი სქესის ადამიანები (ეფეს. 4:18, 19). ის განსაკუთრებით მაშინ გაიხარებს, თუ ღვთის ერთგულ ადამიანს ცოდვას ჩაადენინებს. დღეს სატანის გავლენაში მყოფი ადამიანები არა მხოლოდ ერთმანეთს აყენებენ ზიანს, არამედ ფლორასა და ფაუნასაც ანადგურებენ, რომლებზედაც ზრუნვა ღმერთმა მათ მიანდო (ეკლ. 8:9; დაბ. 1:28). რა არის ამის შედეგი? ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, ადამიანების ზემოქმედების შედეგად მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შეიძლება მილიონზე მეტი სახეობა გადაშენდეს. w21.07 12 ¶13, 14
ოთხშაბათი, 7 ივნისი
[იეჰოვა] მრავლის მიმტევებელია (ეს. 55:7).
ღვთის ზოგიერთ მსახურს წარსულში ჩადენილი შეცდომების გამო დანაშაულის გრძნობა არ ასვენებს. მათ ჰგონიათ, რომ იეჰოვა არასდროს აპატიებთ, თუნდაც მთელი გულით მოინანიონ. ასეთი გრძნობების დაძლევაში მათ იმის ცოდნა დაეხმარებათ, თუ რაოდენ ურყევია იეჰოვას სიყვარული მათდამი. ამიტომ შეუძლიათ სუფთა სინდისითა და სიხარულით ემსახურონ იეჰოვას. და ეს იმიტომ, რომ „მისი ძის, იესოს, სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გვწმენდს“ (1 იოან. 1:7). როცა გული გიტყდებათ თქვენი სისუსტეების გამო, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა მზადაა, გაპატიოთ, თუ მთელი გულით მოინანიებთ. საინტერესოა, როგორ დაუკავშირა ფსალმუნმომღერალმა დავითმა ურყევი სიყვარული პატიებას. ის წერდა: „როგორც ზეცაა დედამიწაზე განუზომლად მაღლა, ისე განუზომლად დიდია მისი სიყვარული მის მოშიშთათვის; როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან, ისე დაგვაშორა მან ჩვენი ცოდვები“ (ფსალმ. 103:11, 12). w21.11 5, 6 ¶12, 13
ხუთშაბათი, 8 ივნისი
ფეხზე დგებიან მისი ვაჟები და ეუბნებიან, ბედნიერი ხარო, დგება მისი ქმარი და აქებს მას (იგავ. 31:28).
ქრისტიანი ქმარი პატივს უნდა სცემდეს ცოლს (1 პეტ. 3:7). პატივისცემას იმით გამოხატავს, თუ ცოლს თავს დაფასებულად აგრძნობინებს. მას უნდა ესმოდეს ცოლის შესაძლებლობების ზღვარი, ზედმეტი არ უნდა მოსთხოვოს და არც სხვა ქალებს უნდა შეადაროს. როგორ იგრძნობს ცოლი თავს, თუ ქმარი სხვა ქალს შეადარებს? ერთ დას, როზას, რომლის მეუღლეც არ არის იეჰოვას მოწმე, არაერთხელ გამოუცდია, რას ნიშნავს ეს. მეუღლის გულსაკლავი სიტყვების გამო როზას დაბალი თვითშეფასება ჩამოუყალიბდა. ის ამბობს: „გამუდმებით მჭირდება იმის შეხსენება, რომ იეჰოვასთვის ძვირფასი ვარ“. ქრისტიანი ქმრები პატივისცემით ეპყრობიან მეუღლეებს. მათ ესმით, რომ ასე მოქცევა ერთმანეთთანაც დააახლოებთ და იეჰოვასთანაც. ცოლისადმი პატივისცემა იმაში გამოიხატება, თუ ქმარი სიყვარულში არწმუნებს ცოლს და პირადად თუ სხვებთან აქებს მას. w21.07 22 ¶7, 8
პარასკევი, 9 ივნისი
მოთმინებით დაველოდები ჩემი ხსნის ღმერთს (მიქ. 7:7).
ალბათ, განწყობა გაგიფუჭდებათ, თუკი ამანათს, რომელშიც თქვენთვის ძალიან საჭირო ნივთი დევს, აგვიანდება. მაგრამ, თუ გაიგებდით, რომ ამანათს საპატიო მიზეზების გამო აგვიანდება, ეს დიდი ალბათობით, მოთმინებით ლოდინს გაგიადვილებდათ. ერთ-ერთი პრინციპი, რომელიც მოთმინებაზე ამახვილებს ყურადღებას, ჩაწერილია იგავების 13:11-ში. იქ ვკითხულობთ: „ერთბაშად მოპოვებული სიმდიდრე განიავდება, ხოლო ვინც ნელ-ნელა აგროვებს, უფრო და უფრო მეტი სიმდიდრე ექნება“. რა პრინციპს ვხედავთ ამ მუხლიდან? საქმის მოთმინებით და ნაბიჯ-ნაბიჯ კეთება სიბრძნის მაჩვენებელია. იგავების 4:18-ში ნათქვამია, რომ „მართალთა ბილიკი დილის სინათლესავითაა, რომელიც შუადღის დადგომამდე უფრო და უფრო კაშკაშა ხდება“. ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვა თავის განზრახვებს თანდათანობით ჰფენს ნათელს. თუმცა ეს პრინციპი ქრისტიანის სულიერ წინსვლასაც შეგვიძლია მივუსადაგოთ. სულიერი ზრდა ერთბაშად არ ხდება. ამისთვის დროა საჭირო. w21.08 8 ¶1, 3, 4
შაბათი, 10 ივნისი
მე წავალ! მე გამგზავნე! (ეს. 6:8).
აღსასრულამდე ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი (მათ. 24:14; ლუკ. 10:2; 1 პეტ. 5:2). ამიტომ გვინდა, იეჰოვას საქმისთვის თავი არ დავზოგოთ. მრავალი ცდილობს მსახურების სხვადასხვა სფეროში მონაწილეობას. ზოგი მიზნად ისახავს პიონერობას, ბეთელში მსახურებას ან თეოკრატიული შენობების მშენებლობაში მონაწილეობას. მრავალი ძმა ცდილობს, მომსახურე ან უხუცესი გახდეს (1 ტიმ. 3:1, 8). წარმოიდგინეთ, როგორ სიამოვნებს იეჰოვას, როცა თავის ხალხში ასეთ მზადყოფნას ხედავს (ფსალმ. 110:3). გული ხომ არ გწყდებათ იმის გამო, რომ ჯერაც ვერ მიაღწიეთ დასახულ სულიერ მიზანს? თუ ასეა, თქვენი გულისტკივილი იეჰოვას გაუზიარეთ (ფსალმ. 37:5—7). გარდა ამისა, მოწიფულ და-ძმებსაც ჰკითხეთ, როგორ დაიხვეწოთ მსახურებაში და შეეცადეთ, გაითვალისწინოთ მათი რჩევა. ეს შეიძლება დაგეხმაროთ დამატებითი პასუხისმგებლობის მიღებაში ან დასახული მიზნის მიღწევაში. w21.08 20 ¶1; 21 ¶4
კვირა, 11 ივნისი
იეჰოვა . . . არ მიატოვებს თავის ერთგულებს (ფსალმ. 37:28).
წინასწარმეტყველი ანა, მიუხედავად იმისა, რომ 84 წლის იყო, „არ შორდებოდა ტაძარს“. იეჰოვამ აკურთხა ის ერთგული მსახურებისთვის და მისცა საშუალება, ჩვილი იესო ენახა (ლუკ. 2:36—38). ჩვენს დროშიც არიან ხანში შესული ქრისტიანები, რომლებიც ახალგაზრდებს კარგ მაგალითს აძლევენ. მათგან ბევრს ვისწავლით, თუ დროს გამოვყოფთ და მოვაყოლებთ, რა სიხარული პოვეს იეჰოვას მსახურებაში. ჩვენი ასაკოვანი და-ძმები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იეჰოვას ორგანიზაციაში. მათ საკუთარი თვალით არაერთხელ ნახეს, როგორ აკურთხა იეჰოვამ თავისი ორგანიზაცია და თავად ისინი. მათ ბევრი რამ საკუთარ შეცდომებზეც ისწავლეს. დაეწაფეთ იმ „სიბრძნის წყაროს“, რომელსაც ეს ხანდაზმული ქრისტიანები ფლობენ (იგავ. 18:4). თუ დროს გამოვყოფთ მათ უკეთ გასაცნობად, რწმენას განვიმტკიცებთ. w21.09 3 ¶4; 4 ¶7, 8; 5 ¶11, 13
ორშაბათი, 12 ივნისი
მცირე ათასად გადაიქცევა და პატარა — ძლიერ ხალხად (ეს. 60:22).
იეჰოვას მსახურები, ესაიას სიტყვებით თუ ვიტყვით, „ხალხთა რძეს“ სვამენ (ეს. 60:5, 16). მამაკაცები და ქალები, რომლებმაც ჭეშმარიტება შეისწავლეს, თავიანთ ნიჭსა და უნარს სამეფოს საქმეს ახმარენ. შედეგად, სასიხარულო ცნობა 240 ქვეყანაში გაისმის, ხოლო ბიბლიური პუბლიკაციები 1000-ზე მეტ ენაზე გამოიცემა. ამ ბოლო დღეებში შეძვრის პროცესი ხალხს არჩევანის წინაშე აყენებს: მათ ან ღვთის სამეფოს უნდა დაუჭირონ მხარი, ან ადამიანურ მთავრობებს გამოუცხადონ ნდობა. ამ არჩევანის გაკეთება უკლებლივ ყველას მოუწევს. მართალია, იეჰოვას ხალხი თავიანთი ქვეყნის მთავრობის დადგენილ კანონებს ემორჩილება, მაგრამ პოლიტიკურ საკითხებში აბსოლუტურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს (რომ. 13:1—7). მათ ესმით, რომ კაცობრიობის პრობლემებს მხოლოდ ღვთის სამეფო გადაჭრის, რომელიც ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის (იოან. 18:36, 37). w21.09 17, 18 ¶13, 14
სამშაბათი, 13 ივნისი
გული გადმოუღვარეთ მას (ფსალმ. 62:8).
როცა თქვენი ოჯახის წევრი ტოვებს იეჰოვას, მნიშვნელოვანია, კვლავ იზრუნოთ თქვენს სულიერ მდგომარეობაზე. ეს აუცილებელია თქვენთვისაც და თქვენი ოჯახის წევრებისთვისაც. ბიბლიის კითხვა, მასზე ფიქრი და კრების შეხვედრებზე დასწრება იეჰოვასთან ურთიერთობის განმტკიცებაში დაგეხმარებათ. ჯოანა, რომლის მამა და და ჩამოშორდნენ იეჰოვას, ამბობს: „სიმშვიდე მეუფლება, როცა ბიბლიაში აბიგაილის, ესთერის, იობის, იოსებისა და იესოს ისტორიებს ვკითხულობ. მათი მაგალითები მეხმარება, დადებითზე ვიფიქრო და დარდი გავიქარვო“. ილოცეთ, როცა დარდი მოგეძალებათ. ევედრეთ მოსიყვარულე ღმერთს, რომ თქვენს სიტუაციას მისი თვალით შეგახედოთ, მოგცეთ გამჭრიახობა და გასწავლოთ „გზა, რომლითაც უნდა იაროთ“ (ფსალმ. 32:6—8). როცა თქვენს გულისტკივილს იეჰოვას უყვებით, შეიძლება განგიახლდეთ ჭრილობა, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ მას ესმის, რასაც განიცდით. მას სურს, გულისნადები გაუზიაროთ (გამ. 34:6; ფსალმ. 62:7). w21.09 27, 28 ¶9, 10
ოთხშაბათი, 14 ივნისი
ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე. მას უსმინეთ! (მათ. 17:5).
ახ. წ. 32 წელს, პასექის შემდეგ, მოციქულები პეტრე, იაკობი და იოანე უჩვეულო ხილვის მოწმენი გახდნენ. ისინი მაღალ მთაზე იყვნენ, სავარაუდოდ, ხერმონის მთაზე, როცა იესომ მათ წინაშე ფერი იცვალა: „სახე მზესავით გაუბრწყინდა და სამოსი აუელვარდა“ (მათ. 17:1—4). მოციქულებმა ასეთი მითითება მოისმინეს: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე. მას უსმინეთ!“. სამივე მოციქულმა თავიანთი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ უსმენდა იესოს. გვინდა, ჩვენც ასე მოვიქცეთ. მადლიერნი ვართ, რომ იეჰოვა კრების თავის, იესო ქრისტეს მეშვეობით სიყვარულით გვხელმძღვანელობს (ეფეს. 5:23). დაე ჩვენც მოციქულ პეტრეს, იაკობისა და იოანეს მსგავსად მოვუსმინოთ მას. თუ ასე მოვიქცევით, დღესაც და მომავალშიც უხვი კურთხევებით გავიხარებთ. w21.12 22 ¶1; 27 ¶19
ხუთშაბათი, 15 ივნისი
სამართლიანად დაგსჯი (იერ. 30:11).
კორინთის კრებაში ერთი ქრისტიანი უზნეობას სჩადიოდა მამამისის ცოლთან. პავლეს მითითებისამებრ მათ კრებიდან უნდა გაერიცხათ შემცოდველი. როგორც ჩანს, ამ კაცის საქციელმა სხვებზეც უარყოფითად იმოქმედა კრებაში, რადგან ზოგიერთები შემწყნარებლურად ეკიდებოდნენ ამ აღმაშფოთებელ საქციელს (1 კორ. 5:1, 2, 13). მოგვიანებით პავლემ შეიტყო, რომ ეს კაცი გამოსწორდა. შემცოდველმა გულწრფელად მოინანია თავისი საქციელი. პავლემ ასეთი მითითება მისცა უხუცესებს: „ახლა მთელი გულით უნდა აპატიოთ მას და ანუგეშოთ“. პავლემ ამის მიზეზიც ახსნა: „რათა დარდმა არ შთანთქას“. პავლე სიბრალულით განეწყო ამ მომნანიებელი ქრისტიანის მიმართ. მას არ სურდა, რომ ეს კაცი ისე შთაენთქა დარდს, რომ საკუთარ თავზე ხელი ჩაექნია და კრებაში დაბრუნების სურვილი დაეკარგა (2 კორ. 2:5—8, 11). იეჰოვას მსგავსად უხუცესები ცდილობენ, სიყვარული და გულმოწყალება გამოიჩინონ. საჭიროების შემთხვევაში ისინი გადამჭრელ ზომებს მიმართავენ, მაგრამ არც გულმოწყალებას ივიწყებენ, როცა ამის საფუძველს ხედავენ. მათ ახსოვთ, რომ გულმოწყალება ზედმეტ შემწყნარებლობას არ ნიშნავს. w21.10 11 ¶12—15
პარასკევი, 16 ივნისი
არ იძიო შური შენს მოძმეზე და არც ბოღმა ჩაიდო გულში მის მიმართ (ლევ. 19:18).
წყენა რაღაცით ჭრილობას ჰგავს. ზოგი ჭრილობა მსუბუქია, ზოგი კი — უფრო სერიოზული. მაგალითად, საკვების მომზადების დროს თითი, ალბათ, ყველას გაგვჭრია. მართალია, ეს მტკივნეულია, მაგრამ ასეთი ჭრილობები ერთი ან ორი დღის შემდეგ აღარც კი გვახსენდება. ასევეა წყენაც. უმნიშვნელო წყენა მალევე გვავიწყდება. თუ მეგობარი სიტყვით ან საქმით უნებურად გულს გვტკენს, არ გვიჭირს მისი პატიება. თუმცა მოდი ახლა ასეთ რამეზე დავფიქრდეთ. როგორ ვიქცევით, როცა საქმე ღრმა ჭრილობას ეხება? როგორც წესი, ექიმს მივმართავთ, რომელიც ნაკერს გვადებს და ჭრილობას გვიხვევს. მაგრამ, თუ გამუდმებით მოვიხსნით სახვევს და ხელით შევეხებით ჭრილობას, არა მხოლოდ ტკივილს მივაყენებთ საკუთარ თავს, არამედ მოშუშების პროცესსაც შევაფერხებთ. ასევე შეიძლება დაემართოს ადამიანს, თუ ის გამუდმებით იფიქრებს თავის გულისტკივილზე. ვინც ბოღმას გულში იტოვებს, ისევ და ისევ საკუთარ თავს ვნებს. რამხელა ტკივილს აირიდებს ადამიანი თავიდან, თუ გაითვალისწინებს დღევანდელ მუხლში ჩაწერილ რჩევას. w21.12 12 ¶15
შაბათი, 17 ივნისი
რატომ განსჯი შენს ძმას?! (რომ. 14:10).
დავუშვათ, უხუცესს აფიქრებს, რამდენად მისაღებია რომელიმე თანაქრისტიანის ჩაცმულობის სტილი. სანამ რამეს ეტყვის, ის უნდა დაფიქრდეს, აქვს თუ არა ბიბლიური საფუძველი რჩევის მისაცემად. სიტუაციის ობიექტურად შეფასებისთვის კარგი იქნება, თუ რომელიმე უხუცესის ან მოწიფული მაუწყებლის აზრსაც გაიგებს. მათ შეუძლიათ ერთად იმსჯელონ იმაზე, რაც პავლემ ამ საკითხზე დაწერა (1 ტიმ. 2:9, 10). პავლემ ზოგადი პრინციპები მოიხსენია. კერძოდ ის, რომ ქრისტიანის ჩაცმულობა უნდა იყოს მოკრძალებული, წესიერი და გონივრულად შერჩეული. მას არ დაუკონკრეტებია, რა უნდა ჩაიცვას ქრისტიანმა და რა — არა. პავლეს ესმოდა, რომ თითოეულ ქრისტიანს შეუძლია ინდივიდუალური სტილი ჰქონდეს, რომელიც ბიბლიურ პრინციპებს არ არღვევს. რჩევის მიცემამდე უხუცესები უნდა დაფიქრდნენ, ირღვევა თუ არა პავლეს მიერ ჩამოყალიბებული პრინციპები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ორმა მოწიფულმა ქრისტიანმა შეიძლება სრულიად განსხვავებული, მაგრამ, ამავე დროს, მისაღები არჩევანი გააკეთოს. ამიტომ თანაქრისტიანებს პირადი შეხედულებები არ უნდა მოვახვიოთ თავს. w22.02 16 ¶9, 10
კვირა, 18 ივნისი
[ურყევი] სიყვარული და გულმოწყალება გამოიჩინეთ ერთმანეთისადმი (ზაქ. 7:9).
ჩვენ არაერთი მიზეზი გვაქვს, რომ ერთმანეთისადმი ურყევი სიყვარული გამოვავლინოთ. ზოგიერთ ამ მიზეზს ღვთის შთაგონებით დაწერილი „იგავები“ გვიხსნის: „[ურყევი, სქ.] სიყვარული ნუ გაგინელდება და ერთგულებას ზურგს ნუ შეაქცევ . . . რომ მოიპოვო წყალობა და გამჭრიახი კაცის სახელი ღვთისა და ადამიანის თვალში“; „[ურყევი სიყვარულის მქონე, სქ.] კაცი თავის თავს რგებს“; „ვინც სიმართლისა და [ურყევი, სქ.] სიყვარულისკენ ისწრაფვის, სიცოცხლეს . . . პოვებს“ (იგავ. 3:3, 4; 11:17; 21:21). ეს იგავები ასახელებს სამ მიზეზს, თუ რატომ უნდა გამოვავლინოთ ურყევი სიყვარული. პირველი, მოწონებას დავიმსახურებთ ღვთის თვალში. მეორე, საკუთარ თავს ვარგებთ. მაგალითად, თანაქრისტიანებთან მტკიცე მეგობრობას ჩავუყრით საფუძველს. და მესამე, თუ ურყევ სიყვარულს გამოვავლენთ, მომავალში მარადიულ სიცოცხლეს და სხვა უამრავ კურთხევას მივიღებთ. ასე რომ, ნამდვილად არაერთი მიზეზი გვაქვს, ყურად ვიღოთ იეჰოვას შემდეგი რჩევა: „[ურყევი, სქ.] სიყვარული და გულმოწყალება გამოიჩინეთ ერთმანეთისადმი“. w21.11 8 ¶1, 2
ორშაბათი, 19 ივნისი
რწმენა გაგვიძლიერე (ლუკ. 17:5).
გულს ნუ გაიტეხთ, თუ ამჟამინდელმა თუ გადატანილმა განსაცდელებმა დაგანახვათ, რომ რწმენა გაკლიათ. ჩათვალეთ, რომ ეს რწმენის გაძლიერების შანსს გაძლევთ. მხურვალედ ილოცეთ, განსაკუთრებით, როცა დიდ განსაცდელს ხვდებით. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ იეჰოვა ოჯახისა და თანამორწმუნეების მეშვეობით იზრუნებს თქვენზე. თუ დღეს იეჰოვას საშუალებას აძლევთ, განსაცდელები აგატანინოთ, ეჭვი არ შეგეპარებათ, რომ ის მომავალშიც გადაგალახვინებთ ნებისმიერ დაბრკოლებას. მართალია, იესომ დაანახვა თავის მოწაფეებს, თუ რა მხრივ აკლდათ რწმენა, მაგრამ ის დარწმუნებული იყო, რომ მომავალში ისინი ნებისმიერ განსაცდელს იეჰოვას დახმარებით გადალახავდნენ (იოან. 14:1; 16:33). იესოს არც იმაში ეპარებოდა ეჭვი, რომ ძლიერი რწმენა „უამრავ ხალხსაც“ გადაატანინებდა „დიდ გასაჭირს“ (გამოცხ. 7:9, 14). მათ შორის თქვენც იქნებით, თუ იეჰოვას დახმარებით ყველა შესაძლებლობას გამოიყენებთ რწმენის გასაძლიერებლად (ებრ. 10:39). w21.11 25 ¶18, 19
სამშაბათი, 20 ივნისი
იეჰოვას ანგელოზია დაბანაკებული მის მოშიშთა გარშემო (ფსალმ. 34:7).
ჩვენ არ მოველით, რომ იეჰოვა სასწაულებრივად დაგვიცავს ყველაფრისგან, თუმცა ის კი ვიცით, რომ თუ მას მივენდობით, ვერაფერი მოგვაყენებს გამოუსწორებელ ზიანს. უახლოეს მომავალში იეჰოვასადმი ჩვენი ნდობა გამოიცდება. როცა „გოგი მაგოგის მიწიდან“ ანუ ერთა კოალიცია ღვთის ხალხზე იერიშს მიიტანს, შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნას, რომ ყველას გაგვანადგურებს. მტრის თვალში უმწეო და დაუცველი ცხვრებივით გამოვჩნდებით. ამ დროს დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვას შეუძლია ჩვენი გადარჩენა და ამას გააკეთებს კიდეც (ეზეკ. 38:10—12). ჩვენ არც იარაღი გვექნება და არც საბრძოლველად ვიქნებით დარაზმულები. მტერი იფიქრებს, რომ ერთი ხელის მოსმით გაგვანადგურებს. ისინი ვერ დაინახავენ იმას, რასაც ჩვენ რწმენის თვალით დავინახავთ — ჩვენ დასაცავად დაბანაკებულ ანგელოზთა დიდ ლაშქარს. და არც გვიკვირს, რომ ვერ დაინახავენ, რადგან ამის დანახვას რწმენა სჭირდება! ისინი სახტად დარჩებიან, როცა ზეციერი ლაშქარი ჩვენ დასაცავად გამოემართება (გამოცხ. 19:11, 14, 15). w22.01 6 ¶12, 13
ოთხშაბათი, 21 ივნისი
გიყვარდეთ მთელი საძმო (1 პეტ. 2:17).
რაკი ჩვენი და-ძმები იეჰოვასთვის ძვირფასნი არიან, ისინი ჩვენთვისაც ძვირფასნი უნდა იყვნენ. გვინდა, რომ სიყვარულით მოვეპყროთ და გავუფრთხილდეთ მათ გრძნობებს. თუ ვინმეს ვაწყენინებთ, არ გავაუბრალოოთ ჩვენი საქციელი და არ ჩავთვალოთ, რომ ის ზედმეტად მგრძნობიარეა და თავად უნდა მოერიოს წყენას. რა შეიძლება გახდეს ზოგჯერ წყენის მიზეზი? ზოგი ისეთ გარემოში გაიზარდა, რომ ძალიან დაბალი თვითშეფასება აქვს. ზოგიც კრებაში ახალბედაა და ვერ ხვდება, როგორ უნდა რეაგირებდეს სხვების სისუსტეებზე. ასეა თუ ისე, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მშვიდობას შევუწყოთ ხელი. მეორე მხრივ, თუ ქრისტიანი ერთთავად ვინმეზეა განაწყენებული, უნდა ეცადოს, რომ ზედმეტად მგრძნობიარე არ იყოს ყველაფერზე. ასე თავადაც შეინარჩუნებს სიმშვიდეს და სხვებთანაც კარგ ურთიერთობას შეუწყობს ხელს. w21.06 21 ¶7
ხუთშაბათი, 22 ივნისი
იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას უხმობს, ყველასთან, ვინც წრფელი გულით უხმობს (ფსალმ. 145:18).
იესოს ესმის, რასაც გრძნობთ. როცა გულგატეხილები ვართ, ძალიან გვჭირდება ისეთი მეგობარი, რომელსაც შეუძლია გაგვიგოს, რადგან თავადაც გამოუცდია მსგავსი რამ. იესო სწორედ ასეთი მეგობარია. მან კარგად იცის, რას ნიშნავს, როცა ძალაგამოცლილი ხარ და სხვების დახმარება გჭირდება. მას ესმის, თუ რა სისუსტეს ვებრძვით და მზად არის, საჭირო დროს დახმარება აღმოგვიჩინოს (ებრ. 4:15, 16). როგორც იესოს არ უთქვამს ანგელოზისგან დახმარების მიღებაზე უარი, ისე ჩვენ არ უნდა ვთქვათ უარი იმ დახმარებაზე, რომელსაც იეჰოვა გვიწევს პუბლიკაციების, ვიდეოების, მოხსენებების, უხუცესებისა თუ სხვა მოწიფული და-ძმების მეშვეობით (ლუკ. 22:39—44). გარდა ამისა, თუ იეჰოვას ლოცვით ვთხოვთ დახმარებას, ის გაგვაძლიერებს და მოგვცემს თავის მშვიდობას, „რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (ფილ. 4:6, 7). w22.01 18, 19 ¶17—19
პარასკევი, 23 ივნისი
მოციქულებისა და უხუცესების მიერ . . . მიღებულ დადგენილებებს გადასცემდნენ (საქ. 16:4).
იეჰოვა ყოველთვის სამართლიანად მოქმედებს. თუმცა ზოგჯერ შეიძლება გაგვიჭირდეს იმ ადამიანების ნდობა, რომლებსაც იეჰოვა გარკვეულ ძალაუფლებას ანიჭებს. შეიძლება დავეჭვდეთ, ეს ძმები იეჰოვას ხელმძღვანელობას მიჰყვებიან თუ საკუთარი ინიციატივით მოქმედებენ. ერთი რამ ცხადია, ვერ ვიტყვით, რომ ვენდობით იეჰოვას, თუ არ ვენდობით მათ, ვისაც ის ენდობა და გარკვეულ ძალაუფლებას აძლევს. დღესდღეობით თავისი ორგანიზაციის მიწიერ ნაწილს იეჰოვა „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით ხელმძღვანელობს (მათ. 24:45). პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭოს მსგავსად, „ერთგული მონა“ ზრუნავს ღვთის ხალხზე და უხუცესებს კრებებში მითითებებს აძლევს. თავის მხრივ უხუცესები ცდილობენ, რომ თავ-თავიანთ კრებებში მიჰყვნენ ამ მითითებებს. იეჰოვასადმი ნდობას იმით ვაჩვენებთ, თუ ვემორჩილებით ღვთის ორგანიზაციისგან და უხუცესებისგან მიღებულ მითითებებს. w22.02 4 ¶7, 8
შაბათი, 24 ივნისი
ნუ მოვიშლით სიკეთის კეთებას (გალ. 6:9).
გვახარებს და გვეამაყება, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ. ჩვენ ღვთის სახელს ვატარებთ და ქადაგებითა და მოწაფეების მომზადების საქმით ვამართლებთ ჩვენს სახელს. ძალიან გვახარებს, რომ „მარადიული სიცოცხლის მისაღებად“ განწყობილ ადამიანებს ვეხმარებით, ღვთის მსახურები გახდნენ (საქ. 13:48). ამიტომ არ გვიკვირს, რატომ გაიხარა იესომ „დიდად . . . წმინდა სულით“, როცა წარმატებული მსახურების შემდეგ მოწაფეები მასთან დაბრუნდნენ (ლუკ. 10:1, 17, 21). მოციქულმა პავლემ ტიმოთეს ურჩია: „ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლი“. მიზეზიც იქვე აუხსნა: „ყოველთვის ასე მოიქეცი და შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც“ (1 ტიმ. 4:16). ქადაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმეა. როგორც ღვთის სამეფოს მოქალაქეები, ჩვენ ყოველთვის უნდა დავუკვირდეთ საკუთარ თავს. გვინდა, რომ ჩვენი ცხოვრების წესით განვადიდოთ იეჰოვა და სასიხარულო ცნობის ღირსად მოვიქცეთ (ფილ. 1:27). როცა მსახურებისთვის ვემზადებით და იეჰოვას ვთხოვთ, ამ საქმეში ხელი მოგვიმართოს, ვაჩვენებთ, რომ ყოველთვის ვუკვირდებით, რას და როგორ ვასწავლით. w21.10 24 ¶1, 2
კვირა, 25 ივნისი
შეიმოსეთ ახალი პიროვნებით (კოლ. 3:10).
ის, ვინც „ახალი პიროვნებით“ იმოსება, მაქსიმალურად ცდილობს, მიჰბაძოს იეჰოვას. ასეთი ადამიანი წმინდა სულის დახმარებით იცვლის აზროვნებასა და საქციელს და „სულის ნაყოფს“ ივითარებს. ასეთ ადამიანს უყვარს იეჰოვა და მისი მსახურები (მათ. 22:36—39). ის განსაცდელების დროსაც არ კარგავს სიხარულს (იაკ. 1:2—4); მშვიდობისმყოფელია (მათ. 5:9); ლმობიერი და მომთმენია სხვების მიმართ (კოლ. 3:13). მას უყვარს სიკეთის კეთება (ლუკ. 6:35). ის თავის რწმენას საქმეებით ამტკიცებს, სიმშვიდეს ინარჩუნებს, როცა მის გაღიზიანებას ცდილობენ და ცდუნებას არ ჰყვება (იაკ. 2:18; 1 კორ. 9:25, 27; ტიტ. 3:2). „ახალი პიროვნებით“ რომ შევიმოსოთ, ის თვისებები უნდა განვივითაროთ, რომლებზეც საუბარია გალატელების 5:22, 23-სა თუ სხვა ბიბლიურ მუხლებში. w22.03 8, 9 ¶3, 4
ორშაბათი, 26 ივნისი
მომბაძეთ მე (1 კორ. 11:1).
უხუცესები, რომლებიც პავლეს ჰბაძავენ, მხოლოდ კარდაკარ კი არ ქადაგებენ, არამედ ყოველთვის მზად არიან, სხვებს სასიხარულო ცნობა გაუზიარონ (ეფეს. 6:14, 15). პავლეს მსგავსად, უხუცესებს შეუძლიათ და-ძმებთან, მათ შორის მომსახურეებთან, მსახურებაში ითანამშრომლონ და ეს დრო მათ მოსამზადებლად გამოიყენონ (1 პეტ. 5:1, 2). უხუცესები ისე არ უნდა დაკავდნენ, რომ დრო აღარ დარჩეთ მსახურებისთვის (მათ. 28:19, 20). ისინი გაწონასწორებულები უნდა იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ შეიძლება უარის თქმა მოუწიოთ ზოგიერთი დავალების შესრულებაზე. ყველაფრის კარგად აწონ-დაწონისა და ლოცვის შემდეგ შეიძლება ამჯობინონ, უარი თქვან ახალ დავალებაზე, რომ უფრო მნიშვნელოვანი არ გამორჩეთ. მაგალითად, ოჯახური თაყვანისცემა არ გაუცდეთ, მსახურებაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ და შვილებსაც დაეხმარონ, დაიხვეწონ ქადაგების საქმეში. მათ შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ იეჰოვას მოეწონება, თუ ისინი გაწონასწორებული იქნებიან. w22.03 27 ¶4, 7; 28 ¶8
სამშაბათი, 27 ივნისი
ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია (მათ. 10:28).
შეიძლება იეჰოვას მოწმედ გახდომა თქვენთვისაც გარკვეულ შიშთან იყო დაკავშირებული. ალბათ, ფიქრობდით, რომ კარდაკარ ვერასდროს იქადაგებდით. ან შესაძლოა ოჯახის წევრებისა და მეგობრების მოსალოდნელი რეაქცია გაშინებდათ. თუ ასეა, მაშინ ადვილად გაუგებთ თქვენს ბიბლიის შემსწავლელს. იესომაც თქვა, რომ ზოგს ასეთი შიში დაეუფლებოდა. მიუხედავად ამისა, მან თავის მიმდევრებს მოუწოდა, რომ შიშის გამო უარი არ ეთქვათ ღვთის მსახურებაზე (მათ. 10:16, 17, 27). მიაჩვიეთ ბიბლიის შემსწავლელი თავისი რწმენის შესახებ საუბარს. მოწაფეები ალბათ ღელავდნენ, როცა იესომ საქადაგებლად გაგზავნა, მაგრამ მან ისინი წინასწარ მოამზადა და აუხსნა, სად და რაზე უნდა ელაპარაკათ (მათ. 10:5—7). რას გვასწავლის ეს ჩვენ? დაანახვეთ შემსწავლელს, სად შეუძლია ქადაგება. მაგალითად, ჰკითხეთ, მის ნაცნობებს შორის ხომ არ არის ისეთი, ვისაც ანუგეშებს რომელიმე ბიბლიური სწავლება. შემდეგ აჩვენეთ, მარტივად როგორ შეუძლია აუხსნას სხვებს ეს საკითხი. w21.06 6 ¶15, 16
ოთხშაბათი, 28 ივნისი
შევძრავ ხალხებს და მოვა ხალხთა საუნჯე (ანგ. 2:7).
„რამდენიმე წუთში მაღაზიები და ძველი შენობები ერთიმეორის მიყოლებით ხუხულასავით დაინგრა“. „სრული პანიკა იყო . . . როგორც ბევრმა თქვა, ის ორიოდე წუთი გაგრძელდა, მაგრამ ჩემთვის ეს მთელი საუკუნე იყო“. ასე აღწერეს 2015 წელს ნეპალში მომხდარი მიწისძვრა თვითმხილველებმა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ სრულიად სხვა სახის „ძვრების“ მომსწრენი ვართ, რაც ყველა ერს ეხება. ანგიამ იწინასწარმეტყველა: «აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ცოტაც და კიდევ ერთხელ შევძრავ ცასა და დედამიწას“» (ანგ. 2:6). „შეძვრაში“, რომელზეც ანგია საუბრობს, პირდაპირი გაგებით მიწისძვრა არ იგულისხმება, რომელიც მხოლოდ ნგრევას იწვევს. ის აღწერს ისეთ მოვლენას, რომელსაც კარგი შედეგები მოჰყვება. ეს თავად იეჰოვას სიტყვებიდან ჩანს: „შევძრავ ხალხებს და მოვა ხალხთა საუნჯე ამ ტაძარში; დიდებით ავავსებ მას“. w21.09 14 ¶1—3
ხუთშაბათი, 29 ივნისი
თქვენ განსაცდელში გვერდიდან არ მომცილებიხართ (ლუკ. 22:28).
მეგობრობა წარმოუდგენელია ხშირი და გულწრფელი საუბრების გარეშე. იმავეს თქმა შეიძლება იეჰოვასთან მეგობრობაზეც. როცა მას ჩვენს გრძნობებს, ფიქრებსა და წუხილს ვუზიარებთ ლოცვაში, ვაჩვენებთ, რომ ნდობას ვუცხადებთ მას და ეჭვი არ გვეპარება მის სიყვარულში (ფსალმ. 94:17—19; 1 იოან. 5:14, 15). იმეგობრეთ იეჰოვას ერთგულ მსახურებთან. ისინი ღვთისგან ბოძებული ძღვენი არიან (იაკ. 1:17). ის ფაქტი, რომ გვყავს სულიერი ოჯახი, რომელიც ჭირსა თუ ლხინში გვერდში გვიდგას, იეჰოვას მზრუნველობაზე მეტყველებს (იგავ. 17:17). კოლოსელებისთვის მიწერილ წერილში მოციქულმა პავლემ მოიხსენია ზოგიერთი ქრისტიანი, რომლებიც მას მხარში ედგნენ და თქვა, რომ ისინი მისთვის ნუგეში იყვნენ (კოლ. 4:10, 11). თვით ქრისტე იესოსაც სჭირდებოდა ზეციერი თუ მიწიერი მეგობრების მხარდაჭერა, რისთვისაც ის ძალიან მადლიერი იყო (ლუკ. 22:43). სანდო მეგობრისთვის გულის გადაშლა სისუსტის მაჩვენებელი სულაც არ არის; ეს გვიცავს კიდეც. w21.04 24, 25 ¶14—16
პარასკევი, 30 ივნისი
[სიყვარული] ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს (1 კორ. 13:7).
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თანაქრისტიანის თქვენდამი დამოკიდებულება ძალიან გაწუხებთ? ყველანაირად ეცადეთ, რომ მასთან მშვიდობიანი ურთიერთობა შეინარჩუნოთ. ლოცვაში გული გადაუშალეთ იეჰოვას. სთხოვეთ, დაეხმაროს მწყენინებელს, და თქვენც დაგანახვოთ მასში კარგი თვისებები, რომელთა გამოც ის იეჰოვამ შეიყვარა (ლუკ. 6:28). მაგრამ, თუ გრძნობთ, რომ მომხდარს ვერ ივიწყებთ, წინასწარ დაფიქრდით, როგორ დაელაპარაკოთ მას ამ თემაზე. მაინცდამაინც იმას ნუ იფიქრებთ, რომ თანაქრისტიანმა შეგნებულად გატკინათ გული (მათ. 5:23, 24). მასთან საუბრის დროს მის გულწრფელობაში ნუ დაეჭვდებით. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მას არ სურს მშვიდობის აღდგენა? ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ ბიბლიური პრინციპის თანახმად მოუთმენთ მას. ნუ გადაუსვამთ ხაზს თანაქრისტიანს! (კოლ. 3:13). რაც მთავარია, წყენას გულში ნუ ჩაიდებთ და ნუ გაიფუჭებთ იეჰოვასთან ურთიერთობას. ნურაფერს მისცემთ საშუალებას, რომ დაგაბრკოლოთ. ასე დაამტკიცებთ, რომ იეჰოვას სიყვარული თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია (ფსალმ. 119:165). w21.06 24 ¶15