ივლისი
შაბათი, 1 ივლისი
ვინც ამგვარად გამოიწრთობა, მშვიდობასა და სიმართლეს იმკის (ებრ. 12:11).
გარიცხვა იეჰოვას მიერ დადგენილი აღმზრდელობითი ზომაა. ის ყველას, მათ შორის თავად გარიცხულის კეთილდღეობას ემსახურება. თუ ამ გადაწყვეტილებას ვინმე აკრიტიკებს, გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება ის საკითხს ცალმხრივად აფასებდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენთვის ამ საქმის ყველა დეტალი არ არის ცნობილი. ასე რომ, აჯობებს, ვენდოთ უხუცესებს და ეჭვქვეშ არ დავაყენოთ სამართლებრივი კომიტეტის მიერ ბიბლიური პრინციპებით მიღებული გადაწყვეტილება (2 მატ. 19:6). თუ მხარს დაუჭერთ უხუცესების გადაწყვეტილებას, შეიძლება გარიცხულ ოჯახის წევრს იეჰოვასთან დაბრუნებაში დაეხმაროთ. „ყველაზე რთული ის იყო, რომ ჩვენს ვაჟთან ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტა მოგვიწია, — გულახდილად ამბობს ელიზაბეთი. — იეჰოვასთან დაბრუნების შემდეგ მან აღიარა, რომ იმსახურებდა გარიცხვას. მოგვიანებით ჩემმა ვაჟმა მადლიერებით აღნიშნა, რომ ეს მისთვის კარგი გაკვეთილი იყო“. w21.09 28, 29 ¶11, 12
კვირა, 2 ივლისი
მან გაჭირვებული ქვრივიც დაინახა, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო (ლუკ. 21:2).
ფაქტია, ამ ქვრივ ქალს იეჰოვასთვის უფრო მეტის გაღების სურვილი ექნებოდა, თუმცა მან ის გაიღო, რაც შეეძლო. ეს მისი მხრიდან საუკეთესო შესაწირავი იყო. იესომ იცოდა, რომ ამ ქალის შესაწირავი ძალიან ძვირფასი იყო მისი ზეციერი მამისთვის. რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან? იეჰოვა აფასებს, როცა საუკეთესოს ვიღებთ მისთვის, ანუ როცა მას მთელი სულითა და გულით ვემსახურებით (მათ. 22:37; კოლ. 3:23). მას ახარებს, როცა ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ. ეს პრინციპი ეხება იმ დროსა და ენერგიას, რასაც ღვთის თაყვანისცემას ვახმართ, რაშიც ჩვენი მსახურება და კრების შეხვედრებზე დასწრებაც შედის. რას გვასწავლის ქვრივის მაგალითი? დაფიქრდით, ვის შეიძლება დასჭირდეს იმაში დარწმუნება, რომ იეჰოვა აფასებს მათ ძალისხმევას. ეს შეიძლება იყოს ასაკოვანი და, რომელსაც სინდისი ქენჯნის ან თავს გამოუსადეგრად გრძნობს, რადგან ჯანმრთელობის გამო ძველებურად ვეღარ მსახურობს. w21.04 6, 7 ¶17, 19, 20
ორშაბათი, 3 ივლისი
ბედნიერია ის, ვინც განსაცდელს იტანს, რადგან იეჰოვას მოწონებას დაიმსახურებს და სიცოცხლის გვირგვინს მიიღებს (იაკ. 1:12).
იეჰოვამ იცის, როდის იქნება ბოროტი ქვეყნიერების განადგურებისთვის საუკეთესო დრო. მისი მოთმინების წყალობით იკრიბება „უამრავი ხალხი“, რომელთა რიცხვიც მილიონებს აღწევს. ეს ხალხი თაყვანს სცემს და განადიდებს მას. ისინი იეჰოვას მოთმინებას უნდა უმადლოდნენ, რომ მოევლინენ ამ ქვეყანას და საშუალება მიეცათ, გაეცნოთ, შეეყვარებინათ და თავი მიეძღვნათ მისთვის. იეჰოვას მოთმინება განსაკუთრებით მაშინ დაფასდება, როცა ის ბოლომდე მოთმენისთვის მილიონობით ადამიანს დააჯილდოებს. ყველა იმ უბედურების მიუხედავად, რაც სატანამ დაატეხა კაცობრიობას, იეჰოვა მაინც ბედნიერი ღმერთია (1 ტიმ. 1:11). ჩვენც გვმართებს, დადებითი განწყობა შევინარჩუნოთ და მოთმინებით დაველოდოთ დროს, როცა იეჰოვა განწმენდს თავის სახელს, დაამტკიცებს თავის უზენაესობას, ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ბოროტებას და ყველა ჩვენს პრობლემას მოაგვარებს. მოდი ბოლომდე მოვითმინოთ და თავი ვინუგეშოთ იმით, რომ ჩვენი ზეციერი მამა ბევრ რამეს ითმენს. w21.07 13 ¶18, 19
სამშაბათი, 4 ივლისი
ნაზარეთიდან კარგს რას უნდა ელოდო?! (იოან. 1:46).
ბევრმა არ ირწმუნა იესო პირველ საუკუნეში. ისინი მასში ერთ უბრალო დურგლის შვილს ხედავდნენ. გარდა ამისა, იესო ნაზარეთიდან, ერთი უმნიშვნელო ქალაქიდან იყო. ნათანაელსაც კი, რომელიც მოგვიანებით იესოს მოწაფე გახდა, თავდაპირველად ასეთი რეაქცია ჰქონდა: „ნაზარეთიდან კარგს რას უნდა ელოდო?!“. შესაძლოა მას გაახსენდა მიქას 5:2-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება მესიის შესახებ, რომ ის ბეთლემში დაიბადებოდა და არა ნაზარეთში. როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა, იესოს მტრები არ დაინტერესდებოდნენ მესიის წარმოშობით (ეს. 53:8). თუ ისინი ყველა ფაქტს გამოიკვლევდნენ, გაიგებდნენ, რომ იესო ბეთლემში დაიბადა და ის მეფე დავითის შთამომავალი იყო (ლუკ. 2:4—7). ასე რომ, იესოს დაბადების ადგილი ზუსტად დაემთხვა მიქას 5:2-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას. მაშ, რამ დააბრკოლა ისინი? მათ ფაქტები კი არ გადაამოწმეს, ნაჩქარევად გააკეთეს დასკვნები. w21.05 2, 3 ¶4—6
ოთხშაბათი, 5 ივლისი
[მართლისგან] შეგონება ზეთივით იქნება ჩემი თავისთვის (ფსალმ. 141:5).
ბიბლიიდან ღვთის იმ მსახურების შესახებ ვიგებთ, რომლებმაც ყურად იღეს რჩევა და ამისთვის დაჯილდოვდნენ კიდეც. ამის მაგალითია იობი. მართალია, ღვთის მოშიში იყო, მაგრამ არა უშეცდომო. ძლიერი წნეხის გამო იობმა სწორად ვერ შეაფასა საკუთარი მდგომარეობა, რაც მის სიტყვებშიც გამოჩნდა. ამიტომ მას საკმაოდ პირდაპირი რჩევა მისცა ელიჰუმ და თვით იეჰოვამაც. იობმა თავმდაბლურად მიიღო რჩევები და აღიარა: „ვლაპარაკობდი, თუმცა არაფერი გამეგებოდა . . . ამიტომ უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები და მტვერსა და ნაცარში ვინანიებ“ (იობ. 42:3—6, 12—17). იობის თავმდაბლობა იქიდან გამოჩნდა, რომ მასზე გაცილებით ახალგაზრდა ელიჰუსგან რჩევის მიღება არ იუკადრისა (იობ. 32:6, 7). თავმდაბლობა დაგვეხმარება, მაშინაც გავითვალისწინოთ რჩევა, როცა ის უადგილო გვგონია, ან რჩევის მომცემი ჩვენზე ახალგაზრდაა. განა შეიძლება ვინმეს ჰქონდეს იმის პრეტენზია, რომ სრულყოფილად ავლენს სულის ნაყოფს და არ სჭირდება მსახურების ამა თუ იმ სფეროში გაუმჯობესება?! w22.02 11 ¶8; 12 ¶12
ხუთშაბათი, 6 ივლისი
ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, თუკი ერთმანეთი გეყვარებათ (იოან. 13:35).
კრებაში ყველას ვალია, ხელი შეუწყოს თბილ და მშვიდობიან გარემოს, რათა არავინ იგრძნოს თავი მარტოსულად. ჩვენს სიტყვებსა თუ საქმეებს დიდი ძალა აქვს. როგორ შეგიძლიათ სიყვარული აგრძნობინოთ მათ, ვისი ოჯახის წევრებიც იეჰოვას მოწმეები არ არიან? მეგობრობისკენ თქვენ გადადგით პირველი ნაბიჯი. გულთბილად შეხვდით მათ, ვინც კრებაში ახალია (რომ. 15:7). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლოთ. გვინდა, რომ დროთა განმავლობაში მათ დავუმეგობრდეთ კიდეც. ასე რომ, იყავით თავაზიანები და გულწრფელად დაინტერესდით მათით, ვინც კრებაში ახალია. მოერიდეთ უხერხული კითხვების დასმას, თუმცა შეეცადეთ, გაიგოთ, რა პრობლემებთან უწევთ გამკლავება. ზოგს უჭირს სხვებისთვის გულის გადაშლა, ამიტომ ძალას ნუ დაატანთ, რომ თქვენს კითხვებს უპასუხოს. შეეცადეთ, ისეთი კითხვები დაუსვათ, რომლებზედაც პასუხის გაცემა არ გაუჭირდება და შემდეგ გულისყურით მოუსმინეთ. მაგალითად, შეგიძლიათ ჰკითხოთ, როგორ გაიგო ჭეშმარიტება. w21.06 11 ¶13, 14
პარასკევი, 7 ივლისი
ისინი მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი (იოან. 10:16).
ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმას, რომ ვემსახურებით იეჰოვას, როგორც „ერთი სამწყსო“, რომელსაც „ერთი მწყემსი“ ჰყავს. წიგნში „ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას“, 165-ე გვერდზე ნათქვამია: „ამ საძმოს ერთობაში ყველამ უნდა შეიტანოს წვლილი, მათ შორის შენც“. ასე რომ, უნდა ვეცადოთ, „და-ძმებს იეჰოვას თვალით ვუყუროთ“. იეჰოვა თითოეულ თავის მსახურს აფასებს. თქვენც ასეთი თვალსაზრისი გაქვთ თანაქრისტიანებზე? იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩება, რასაც „ერთი ამ მცირეთაგანისთვის“ აკეთებთ (მათ. 10:42). ჩვენ გვიყვარს თანაქრისტიანები, ამიტომ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ „ძმას არ დავუდოთ დაბრკოლების ლოდი ან ფეხწამოსაკრავი“ (რომ. 14:13). და-ძმებს ჩვენზე აღმატებულად ვთვლით და მზად ვართ, მთელი გულით ვაპატიოთ მათ. ყველანაირად ვეცადოთ, რომ არავის გამო არ დავბრკოლდეთ და „იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება“ (რომ. 14:19). w21.06 24 ¶16, 17
შაბათი, 8 ივლისი
ღმერთი . . . ზრდის (1 კორ. 3:7).
როცა ვუღრმავდებით და ცხოვრებაში ვიყენებთ იმ რჩევებს, რომლებსაც ღმერთი თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით გვაძლევს, უფრო და უფრო მეტად ვბაძავთ იესოს. ამასთანავე, ღმერთსაც უკეთესად ვეცნობით. იესომ მაგალითის მეშვეობით ახსნა, თანდათანობით როგორ იზრდება სამეფოს თესლი გულწრფელი ადამიანების გულში. მან თქვა: „თესლი აღმოცენდება და იზრდება, [მთესველმა] კი არ იცის, როგორ. მიწას თავისით გამოაქვს ნაყოფი: ჯერ ჯეჯილი, მერე თავთავი, ბოლოს კი საღი მარცვალი“ (მარ. 4:27, 28). რისი თქმა სურდა იესოს ამით? იმის, რომ როგორც მცენარე იზრდება თანდათანობით, ისე ის ადამიანი იზრდება თანდათანობით სულიერად, რომლის გულშიც სამეფოს თესლი ითესება. მაგალითად, როცა ბიბლიის შემსწავლელი უახლოვდება იეჰოვას, ჩვენც ვამჩნევთ მასში ბევრ სასიკეთო ცვლილებას (ეფეს. 4:22—24). მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩათესილის ზრდაზე იეჰოვაა პასუხისმგებელი. w21.08 8, 9 ¶4, 5
კვირა, 9 ივლისი
ჯობია, იმით იხარო, რასაც ხედავ, ვიდრე ის მოისურვო, რასაც ვერ მიიღებ (ეკლ. 6:9).
როგორი ხედვაა საჭირო სიხარულის შესანარჩუნებლად? თუ ადამიანი იმით ხარობს, „რასაც ხედავს“, მაშასადამე კმაყოფილია იმით, რაც მოცემულ სიტუაციაში აქვს. მაგრამ მეორე მხრივ, თუ ადამიანს ის სურს, რასაც ვერ მიიღებს, ვერასდროს იქნება კმაყოფილი. რას გვასწავლის ეს ჩვენ? თუ გვინდა, სიხარული ვიგრძნოთ, ორიენტირებული უნდა ვიყოთ იმაზე, რაც გვაქვს და რისი მიღწევაც რეალურად შეგვიძლია. რამდენად რეალურია, ყოველთვის კმაყოფილი ვიყოთ იმით, რაც გვაქვს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, როგორც წესი, ადამიანი მუდმივად ეძებს ახალ-ახალ გამოწვევებს ცხოვრებაში? შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს სავსებით რეალურია. ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ დავჯერდეთ იმას, რაც გვაქვს, არამედ ვიხაროთ კიდეც ამით. რა დაგვეხმარება ამაში? პასუხს იესოს იგავი გაგვცემს ტალანტებზე, რომელიც ჩაწერილია მათეს 25:14—30-ში. ეს იგავი დაგვანახვებს, როგორ ვპოვოთ სიხარული მოცემულ სიტუაციაში და როგორ გავიორკეცოთ ეს გრძნობა. w21.08 21 ¶5, 6
ორშაბათი, 10 ივლისი
მაღალ და წმინდა ადგილას ვმკვიდრობ, მაგრამ ჩაგრულებთან და თავმდაბლებთანაც ვარ (ეს. 57:15).
იეჰოვა სათუთად ზრუნავს ჩაგრულებსა და თავმდაბლებზე. არა მხოლოდ უხუცესებს, არამედ ყველას შეგვიძლია გავამხნეოთ და-ძმები. ერთ-ერთი საშუალება, მათდამი გულწრფელი ინტერესის გამოვლენაა. იეჰოვას სურს, რომ მათ ჩვენი მეშვეობით აგრძნობინოს სიყვარული (იგავ. 19:17). და-ძმებს იმითაც დავეხმარებით, თუ თავმდაბლები ვიქნებით და არ ვეცდებით ჩვენი უნარისა და ნიჭის აფიშირებას. არ გვინდა, რომ ზედმეტი ყურადღება მივიქციოთ და ამით ვინმეს შური აღვუძრათ. პირიქით, გვინდა, ჩვენი ცოდნა და უნარი სხვების წასახალისებლად გამოვიყენოთ (1 პეტ. 4:10, 11). ის, თუ როგორ ეპყრობოდა იესო თავის მოწაფეებს, ჩვენც ბევრ რამეს გვასწავლის. იესო ქრისტე, ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი, „რბილი და თავმდაბალი“ იყო (მათ. 11:28—30). სწავლების დროს ის იყენებდა უბრალო ენასა და თვალსაჩინო მაგალითებს, რაც თავმდაბალი ადამიანების გულს სწვდებოდა (ლუკ. 10:21). w21.07 23 ¶11, 12
სამშაბათი, 11 ივლისი
ჰკითხეთ . . . მოხუცებს, და ისინი გიპასუხებენ (კან. 32:7).
თქვენ თავზე აიღეთ ინიციატივა და გამოელაპარაკეთ ხანდაზმულ და-ძმებს. ზოგს შეიძლება მხედველობა დაუქვეითდა, სიარული უჭირს და ნელა და ხმადაბლა ლაპარაკობს, მაგრამ გული არ დაჰბერებია და „კარგი სახელი“ შეიძინა იეჰოვას წინაშე (ეკლ. 7:1). გახსოვდეთ, რატომ აფასებს მათ იეჰოვა და პატივისცემით მოეპყარით. მიჰბაძეთ ელისეს, რომელიც ელიას თხოვნის მიუხედავად ბოლომდე მის გვერდით იყო და სამჯერ გაუმეორა: „არ მიგატოვებ!“ (2 მეფ. 2:2, 4, 6). დაუსვით კითხვები და ასე გამოხატეთ მათდამი გულწრფელი ინტერესი (იგავ. 1:5; 20:5; 1 ტიმ. 5:1, 2). შეგიძლიათ ჰკითხოთ: „რამ დაგარწმუნა, რომ ჭეშმარიტება იპოვე? რა მოხდა ისეთი შენს ცხოვრებაში, რამაც უფრო დაგაახლოვა იეჰოვასთან? შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა არის იეჰოვას მსახურებაში სიხარულის შენარჩუნების საიდუმლო?“ (1 ტიმ. 6:6—8). შემდეგ ყურადღებით მოუსმინეთ. w21.09 5 ¶14; 7 ¶15
ოთხშაბათი, 12 ივლისი
ღმერთი თავისი ნებისამებრ მოქმედებს თქვენში; ის სურვილსაც აღგიძრავთ და მოქმედების ძალასაც გაძლევთ (ფილ. 2:13).
როცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების დავალება პირნათლად შევასრულოთ, ღმერთს სიყვარულს ვუმტკიცებთ (1 იოან. 5:3). დაფიქრდით: იეჰოვას სიყვარულმა იმის ძალა მოგცათ, რომ კარდაკარ გექადაგათ. ალბათ, თავიდან თქვენთვის ადვილი არ იყო ამ დავალების შესრულება. შეიძლება ძალიან ნერვიულობდით კიდეც, როცა პირველ კარზე დააკაკუნეთ. მაგრამ, რაკი გესმოდათ, რომ ეს იესოს დავალება იყო, უარი არ გითქვამთ მის შესრულებაზე. ალბათ, დროთა განმავლობაში ქადაგება უფრო გაგიადვილდათ. მაგრამ რას იტყვით ბიბლიის შესწავლის ჩატარებაზე? შეიძლება ეს თქვენში გარკვეულ დაძაბულობასა და მღელვარებას იწვევს. თუმცა, თუ იეჰოვას სთხოვთ, დაგაძლევინოთ მღელვარება და ბიბლიის შესწავლის დასაწყებად გამბედაობა მოგცეთ, ის აუცილებლად შეისმენს თქვენს სათხოვარს. w21.07 3 ¶7
ხუთშაბათი, 13 ივლისი
ის ყველას აიძულებს . . . რომ ნიშანი დაიდონ მარჯვენა ხელზე ან შუბლზე (გამოცხ. 13:16).
ძველად მონებს დაღს ანუ ნიშანს ასვამდნენ იმის ამოსაცნობად, თუ ვინ იყო მისი ბატონი. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი რამ მოხდება ჩვენს დროშიც. ხალხს იმის მოლოდინი ექნება, რომ ყველა, ასე ვთქვათ, შუბლსა და ხელზე დაიდებს ნიშანს, ანუ სიტყვითა და საქმით აჩვენებს, რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს. ჩვენ როგორ მოვიქცევით: დავიდებთ სიმბოლურ ნიშანს და მხარს დავუჭერთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას? ვინც უარს იტყვის ამ ნიშნის დადებაზე, ცხოვრებას გაირთულებს და თავს საფრთხეში ჩაიგდებს. წიგნში „გამოცხადება“ ასეთ განაცხადს ვკითხულობთ: „ვერავინ შეძლოს ყიდვა-გაყიდვა იმათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი“ (გამოცხ. 13:17). მაგრამ ღვთის ხალხს კარგად ესმის, როგორ გაუსწორდება ღმერთი მათ, ვინც გამოცხადების 14:9, 10-ში მოხსენიებულ ნიშანს დაიდებს. ღვთის მსახურები ნიშნის დადების ნაცვლად, ასე ვთქვათ, ხელზე დაიწერენ: „იეჰოვას ვეკუთვნიო“ (ეს. 44:5). ახლაა დრო, რომ განვიმტკიცოთ იეჰოვასადმი ერთგულება. თუ ასე მოვიქცევით, ის სიხარულით გვაღიარებს თავის საკუთრებად! w21.09 18 ¶15, 16
პარასკევი, 14 ივლისი
რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცს ლესავს (იგავ. 27:17).
ღვთის საქმის შესრულებაში ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია გამოცდილ მაუწყებლებზე დაკვირვებით. პავლე ტიმოთეს ასწავლიდა, როგორ ექადაგა და ესწავლებინა. ამასთანავე, მოუწოდებდა, რომ ნასწავლი სხვებისთვისაც გაეზიარებინა (1 კორ. 4:17). ტიმოთეს მსგავსად ჩვენც შეგვიძლია კრებაში გამოცდილი მაუწყებლებისგან ბევრი რამ ვისწავლოთ. გარდა ამისა, იეჰოვას უნდა ვთხოვოთ დახმარება. სთხოვეთ იეჰოვას, წმინდა სულით გიხელმძღვანელოთ მსახურებაში. მისი დახმარების გარეშე ვერცერთი ჩვენგანი ვერ შევძლებთ ღვთის საქმის შესრულებას (ფსალმ. 127:1; ლუკ. 11:13). ლოცვაში კონკრეტულად უთხარით ღმერთს, რაში გჭირდებათ დახმარება. მაგალითად, სთხოვეთ მას, ისეთი ადამიანი შეგახვედროთ მსახურებაში, რომელიც მოსასმენად იქნება განწყობილი. აგრეთვე დრო უნდა გამოვყოთ პირადი შესწავლისთვის. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „გარდაიქმენით, რათა ჩასწვდეთ ღვთის ნებას, რომელიც კარგი, მოსაწონი და სრულყოფილია“ (რომ. 12:2). რაც უფრო მეტად ვიქნებით დარწმუნებული, რომ ჭეშმარიტება ვიცით ღვთის შესახებ, მით უფრო დამაჯერებლად ვისაუბრებთ ადამიანებთან მსახურების დროს. w21.05 18 ¶14—16
შაბათი, 15 ივლისი
ფუჭად არ შრომობთ მისთვის (1 კორ. 15:58).
დიდი მცდელობისა თუ გულმოდგინე ლოცვის მიუხედავად, შეიძლება თქვენი ბიბლიის შემსწავლელი სულიერად წინ ვერ მიიწევს, რის გამოც მასთან შესწავლის შეწყვეტა გიწევთ. შეიძლება ჯერ ვერავის დაეხმარეთ, ნათლობამდე რომ მისულიყო. უნდა დაიდანაშაულოთ თავი ამ ყველაფრის გამო და უნდა იფიქროთ, რომ იეჰოვამ ხელი არ მოგიმართათ მსახურებაში? ყურადღება მიაქციეთ, რით ზომავს იგი მსახურებაში ჩვენს წარმატებას? იეჰოვა ჩვენს ძალისხმევასა და მოთმინებას აფასებს. ის ჩვენს საქმეს წარმატებულად თვლის, თუ გულმოდგინედ და სიყვარულით ვაკეთებთ, იმისდა მიუხედავად, როგორ ეხმაურებიან ამას სხვები. პავლე წერდა: „ღმერთი უსამართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ, რადგან ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმინდებს“ (ებრ. 6:10). იეჰოვას ყოველთვის ემახსოვრება ჩვენი შრომა და სიყვარული, თუნდაც ჩვენმა მსახურებამ კონკრეტული შედეგი არ მოიტანოს. ჩვენზეც მართლდება დღევანდელ მუხლში ჩაწერილი პავლეს სიტყვები. w21.10 25 ¶4—6
კვირა, 16 ივლისი
ყველა, ვისაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა, ჩემთან მოსულს კი არასოდეს გავაძევებ (იოან. 6:37).
იესო სიყვარულსა და სიკეთეს მოწაფეებთან ურთიერთობის დროს ავლენდა. მას კარგად ესმოდა, რომ მათ განსხვავებული შესაძლებლობები და მდგომარეობა ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, ისინი ყველა საქმეს თავს ერთნაირად ვერ გაართმევდნენ და ვერც მსახურებაში მიაღწევდნენ ერთნაირ შედეგს. მაგრამ იესო თითოეულის შრომას აფასებდა, რადგან ისინი ამაში მთელ გულს დებდნენ. იესოს მოყვანილი იგავიდანაც კარგად ჩანს, რომ ის ითვალისწინებს ადამიანის უნარსა და შესაძლებლობებს. ამ იგავში ბატონი მონებს მათი „უნარისდა მიხედვით“ აძლევს სხვადასხვა დავალებას. მართალია, ორი გულმოდგინე მონიდან ერთმა მეორეზე მეტი მოგება ნახა, მაგრამ ბატონმა ორივე ერთნაირად შეაქო: „ყოჩაღ, კარგი და ერთგული მონა ხარ!“ (მათ. 25:14—23). იესო ჩვენც სიყვარულითა და სიკეთით გვეპყრობა. ის ითვალისწინებს ჩვენს განსხვავებულ შესაძლებლობებსა და მდგომარეობას. ის ძალიან აფასებს, როცა მსახურებაში ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებთ. ჩვენც იესოს მსგავსად უნდა მოვეპყროთ სხვებს. w21.07 23 ¶12—14
ორშაბათი, 17 ივლისი
არაფერს დავუშავებ ჩემს ბატონს (1 სამ. 24:10).
მეფე დავითი ყოველთვის ვერ იჩენდა გულმოწყალებას. მაგალითად, როცა ერთი უვარგისი კაცი, ნაბალი, უკმეხად დაელაპარაკა მის ხალხს და უარი უთხრა საკვების მიცემაზე, გაცეცხლებულმა დავითმა გადაწყვიტა, ნაბალი და მის სახლეულობაში ყველა მამაკაცი გაეჟლიტა. რომ არა ნაბალის გონიერი ცოლის, აბიგაილის, სწრაფი რეაგირება, დავითი სისხლში გაისვრიდა ხელს (1 სამ. 25:9—22, 32—35). ცხელ გულზე დავითმა ნაბალსა და მის სახლეულობაში ყველა მამაკაცს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მოგვიანებით კი მზად იყო, სიკვდილით დაესაჯა ნათანის იგავში აღწერილი მდიდარი კაცი. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, შეიძლება დაგვებადოს კითხვა: როგორ გახდა ერთ დროს გულთბილი კაცი ასეთი მკაცრი მოსამართლე? მაგრამ გავიხსენოთ, რა მოვლენები უძღოდა ამას წინ. როცა ნათანი დაელაპარაკა დავითს, მას უკვე სინდისი შებღალული ჰქონდა. სხვების მკაცრად განსჯა სულიერი სისუსტის ნიშანია. w21.10 12 ¶17, 18; 12 ¶20
სამშაბათი, 18 ივლისი
იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე (1 პეტ. 1:16).
როგორც დღევანდელი მუხლის სიტყვებიდან ჩანს, ჩვენ გვაქვს იმის უნარი, რომ მივბაძოთ იეჰოვას, სიწმინდის ეტალონს. არათუ გვაქვს ამის უნარი, არამედ ვალდებული ვართ, მივბაძოთ კიდეც. თუმცა ჩვენი ცოდვილი ბუნების გამო ზოგჯერ ეს არარეალური გვეჩვენება. არც პეტრე მოციქული ყოფილა შეუცდომელი, მაგრამ თავისი მაგალითით გვიჩვენა, რომ ჩვენც შეგვიძლია ვიყოთ წმინდები. ჩვეულებრივ, წმინდა ადამიანად წარმოესახებათ რელიგიური სამოსლით შემოსილი სახედაღვრემილი და ღვთისმოსავი გამომეტყველების მქონე ადამიანი. თუმცა ეს სულაც არ არის წმინდა ადამიანის სათანადო დახასიათება. იეჰოვა წმინდაა, მაგრამ მას „ბედნიერი ღმერთი“ ეწოდება (1 ტიმ. 1:11). მის მსახურებსაც ბედნიერები ეწოდებათ (ფსალმ. 144:15). იესო გმობდა მათ, ვინც გამორჩეული სამოსლითა და სხვის თვალში სიმართლის კეთებით იქცევდა ყურადღებას (მათ. 6:1; მარ. 12:38). ჩვენ, ქრისტიანებს, სიწმინდეზე შეხედულებას ბიბლია გვიყალიბებს. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მოსიყვარულე და წმინდა ღმერთი არასდროს მოგვთხოვს ისეთ რამეს, რაც ჩვენს ძალებს აღემატება. w21.12 2 ¶1, 3
ოთხშაბათი, 19 ივლისი
გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით (მარ. 12:30).
იეჰოვასგან ბოძებულ მრავალ ძღვენთაგან მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა ერთ-ერთი გამორჩეული ძღვენია. ჩვენ იეჰოვას სიყვარულს იმით ვუმტკიცებთ, რომ ვიცავთ მის მცნებებს (1 იოან. 5:3). იესომ, ფაქტობრივად, მამის სათქმელი გვითხრა, როცა მოწაფეების მომზადება და მათი მონათვლა დაგვავალა (მათ. 28:19). მან აგრეთვე ერთმანეთის სიყვარული დაგვიდო მცნებად (იოან. 13:35). იეჰოვა სიხარულით მიიღებს მორჩილ ადამიანებს თავის თაყვანისმცემლებისგან შემდგარ მსოფლიო ოჯახში (ფსალმ. 15:1, 2). გამოხატეთ სიყვარული ერთმანეთის მიმართ. სიყვარული იეჰოვას გამორჩეული თვისებაა (1 იოან. 4:8). იეჰოვამ ჯერ კიდევ მაშინ შეგვიყვარა, როცა ჩვენ არც კი ვიცნობდით მას (1 იოან. 4:9, 10). ღმერთს ვბაძავთ, როცა სხვების მიმართ სიყვარულს გამოვხატავთ (ეფეს. 5:1). სიყვარულის გამოვლენის საუკეთესო საშუალება სხვებისთვის იეჰოვა ღმერთის გაცნობაა, რისთვისაც მცირეოდენი დროა დარჩენილი (მათ. 9:36—38). ასე დავეხმარებით ხალხს, რომ მომავალში იეჰოვას ოჯახის წევრები გახდნენ. w21.08 6 ¶13, 14
ხუთშაბათი, 20 ივლისი
იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს (იოან. 15:13).
იესოს ძალიან უყვარდა მამა, ამიტომ მზად იყო, მსხვერპლი გაეღო მისთვის და ადამიანებისთვისაც (იოან. 14:31). დედამიწაზე მისი ცხოვრება თვალნათლივ გვიჩვენებს, როგორ უყვარდა მას ადამიანები. ის მოსიყვარულე და თანამგრძნობი იყო მაშინაც კი, როცა ვინმე ეწინააღმდეგებოდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე, რითაც სიყვარულს აჩვენებდა, ის იყო, რომ ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ ასწავლიდა (ლუკ. 4:43, 44). იესომ უდიდესი სიყვარული გამოავლინა ღვთისა და ადამიანების მიმართ, როცა ნებაყოფლობით გაწირა თავი და ცოდვილთა ხელით მტანჯველი სიკვდილით მოკვდა. ამგვარად მან მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მოგვცა. ჩვენი ზეციერი მამის სიყვარულმა აღგვძრა, რომ თავი მიგვეძღვნა მისთვის და მოვნათლულიყავით. იესოს მსგავსად, ღვთისადმი სიყვარული ადამიანებისადმი ჩვენი დამოკიდებულებით უნდა ვაჩვენოთ. მოციქული იოანე წერდა: „ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, ვერ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს“ (1 იოან. 4:20). w22.03 10 ¶8, 9
პარასკევი, 21 ივლისი
მაშ, კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იცხოვროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა; გონივრულად გამოიყენეთ დრო (ეფეს. 5:15, 16).
მართალია, გვსიამოვნებს იეჰოვასთან დასაახლოებლად დროის გამოყოფა, მაგრამ ამის გაკეთება ყოველთვის არაა ადვილი. გადატვირთული გრაფიკის გამო ზოგჯერ რთულია, დრო დავუთმოთ სულიერ საქმეებს. სამუშაოს, ოჯახსა თუ სხვადასხვა აუცილებელ საქმეს შეიძლება იმდენი დრო მიაქვს, რომ გვგონია, ლოცვისთვის, ბიბლიის შესწავლისა და ფიქრისთვის დრო აღარ გვრჩება. დროის დეფიციტი შეიძლება სხვა საქმეებმაც განაპირობოს. ზოგიერთი საქმის კეთებაში თავისთავად ცუდი არაფერია, მაგრამ, თუ არ ვიფრთხილებთ, შეიძლება ის დრო წაგვართვას, რომელიც შეგვეძლო იეჰოვასთან დასაახლოებლად გამოგვეყენებინა. მაგალითად, დასვენება და განტვირთვა დროდადრო ყველას გვჭირდება, მაგრამ ამან შეიძლება იმდენი დრო წაიღოს, რომ სულიერი საქმეებისთვის ვეღარ მოვიცალოთ. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ გართობამ უფრო მნიშვნელოვანი არ ჩაანაცვლოს (იგავ. 25:27; 1 ტიმ. 4:8). w22.01 26 ¶2, 3
შაბათი, 22 ივლისი
არ განასხვაო ხიზანი მკვიდრისგან. საკუთარი თავივით შეიყვარე იგი (ლევ. 19:34).
როცა იეჰოვამ უთხრა ისრაელებს, რომ მოძმე ჰყვარებოდათ, მას არ უგულისხმია, რომ მხოლოდ თავიანთი რასის ან ეროვნების ადამიანის მიმართ გამოევლინათ სიყვარული. ისრაელებს მათ შორის მცხოვრები უცხოელებიც უნდა ჰყვარებოდათ. სწორედ ამაზე მახვილდება ყურადღება ლევიანების 19:33, 34-ში. მათ არ უნდა განესხვავებინათ ხიზანი მკვიდრისგან და საკუთარი თავივით უნდა ჰყვარებოდათ. მაგალითად, ისრაელებს მოსავლის აღების დროს დაცვენილი ღარიბებისა და ხიზნებისთვის უნდა დაეტოვებინათ (ლევ. 19:9, 10). ეს პრინციპი, რომელიც უცხოების სიყვარულს ითვალისწინებდა, დღესაც ეხება ქრისტიანებს (ლუკ. 10:30—37). მილიონობით ადამიანი იცვლის საცხოვრებელს და სხვა ქვეყანაში გადადის. შეიძლება თქვენს ქვეყანაშიც ცხოვრობენ იმიგრანტები. კარგი იქნება, თუ მათ ღირსეულად და პატივისცემით მოეპყრობით. w21.12 12 ¶16
კვირა, 23 ივლისი
იეჰოვას მაძიებლებს არაფერი მოაკლდებათ (ფსალმ. 34:10).
რაც მეტად მივენდობით იეჰოვას დღეს, მით მეტად დავრწმუნდებით, რომ ის მომავალშიც გამოგვიწვდის დახმარების ხელს. რწმენაა საჭირო, რომ მივენდოთ იეჰოვას და დამსაქმებელს ვთხოვოთ, გაგვათავისუფლოს კონგრესზე დასასწრებად ან ისეთ სამუშაო განრიგზე დაგვთანხმდეს, რომ შევძლოთ ყველა შეხვედრაზე დასწრება და მსახურებისთვის უფრო მეტი დროის დათმობა. წარმოიდგინეთ, რომ დამსაქმებელმა უარი გითხრათ, რის გამოც სამსახურიდან წამოსვლა მოგიწიათ. გჯერათ, რომ იეჰოვა ასეთ დროსაც არ მიგატოვებთ და იზრუნებს თქვენს ფიზიკურ მოთხოვნილებებზე? (ებრ. 13:5). ბევრმა სრული დროით მსახურმა საკუთარ თავზე გამოსცადა იეჰოვას დახმარება მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. დიახ, იეჰოვა ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას! რაკი იეჰოვა ჩვენ მხარესაა, მომავალმა არ უნდა შეგვაშინოს. თუ ღვთის ნების შესრულებას ყოველთვის პირველ ადგილზე დავაყენებთ, ის არასდროს მიგვატოვებს. w22.01 7 ¶16, 17
ორშაბათი, 24 ივლისი
ადამიანის სახელით კი არა, ღვთის სახელით ასამართლებთ (2 მატ. 19:6).
როდის შეიძლება გამოიცადოს უხუცესებისადმი ჩვენი ნდობა? როცა გარიცხული ჩვენი ახლობელია, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მათ ყველა გარემოება არ მიიღეს მხედველობაში და არც იეჰოვას თვალით შეაფასეს სიტუაცია. რა დაგვეხმარება, ამ დროს მხარი დავუჭიროთ ძმების გადაწყვეტილებას? უნდა გვახსოვდეს, რომ გარიცხვა იეჰოვას დაწესებული ზომაა, რომელიც შემცოდველისა და კრების კეთილდღეობას ემსახურება. თუ მოუნანიებელი შემცოდველი არ გაირიცხება, ეს მთელი კრებისთვის საზიანო იქნება (გალ. 5:9). გარდა ამისა, ასეთ შემთხვევაში შემცოდველმა შეიძლება ვერც ცოდვის სერიოზულობა გააცნობიეროს და ვერც გამოსწორებისა და იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენის აუცილებლობა დაინახოს (ეკლ. 8:11). ეჭვი არ შეგვეპაროს, რომ უხუცესები მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ საკითხს. w22.02 6 ¶13, 14
სამშაბათი, 25 ივლისი
გადატეხილ ლერწამს არ მოტეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს (მათ. 12:20).
უხუცესს განსაკუთრებით მაშინ მართებს მოთმინება და გულისხმიერება, როცა ის, ვისაც ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევას აძლევს, ყურს არ უგდებს მას. მან უნდა იფრთხილოს, რომ ასეთ სიტუაციებში არ გაღიზიანდეს. უხუცესს შეუძლია სთხოვოს იეჰოვას, დაეხმაროს ამ თანაქრისტიანს, დაინახოს რჩევის ფასი და გამოიყენოს. შეიძლება მას მეტი დრო სჭირდება იმისთვის, რომ უხუცესის ნათქვამი გაიაზროს. თუ უხუცესი მოთმინებით და გულისხმიერებით აძლევს და-ძმებს რჩევას, მეტია იმის ალბათობა, რომ მის ნათქვამს ყურს ათხოვებენ. და რაც მთავარია, რასაც მათ ურჩევს, ყოველთვის ღვთის სიტყვაზე უნდა დააფუძნოს. გახსოვდეთ, რჩევა იმ შემთხვევაში მიაღწევს მიზანს, თუ ის მოქმედებისკენაც აღძრავს და გულსაც გაახალისებს (იგავ. 27:9). w22.02 18 ¶17; 19 ¶19
ოთხშაბათი, 26 ივლისი
ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს (იგავ. 13:12).
როცა განსაცდელთან ან სისუსტესთან გასამკლავებლად იეჰოვას ძალას ვთხოვთ, შეიძლება ისეთი გრძნობა გაგვიჩნდეს, რომ ის აგვიანებს ჩვენს ლოცვაზე პასუხს. რატომ არ პასუხობს მაშინვე იეჰოვა ყველა ჩვენს ლოცვას? მისთვის ჩვენი გულწრფელი ლოცვები რწმენის მაჩვენებელია (ებრ. 11:6). იეჰოვას იმის დანახვაც სურს, ვცდილობთ თუ არა, ჩვენი ლოცვისა და მისი ნების შესაბამისად ვიმოქმედოთ (1 იოან. 3:22). აქედან გამომდინარე, მოთმინება გვჭირდება, რომ ლოცვის თანახმად ვიმოქმედოთ და დავძლიოთ არასწორი ჩვევები თუ სისუსტეები. იესომაც მიგვანიშნა იმაზე, რომ შეიძლება ჩვენს ლოცვებზე პასუხი სწრაფად ვერ მივიღოთ, როცა თქვა: „ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ, რადგან ვინც ითხოვს, იღებს, ვინც ეძებს, პოულობს, და ვინც აკაკუნებს, გაეღება“ (მათ. 7:7, 8). w21.08 8 ¶1; 10 ¶9, 10
ხუთშაბათი, 27 ივლისი
როგორ მიყვარს შენი კანონი! მასზე ვფიქრობ მთელი დღე (ფსალმ. 119:97).
თუ გვინდა, რომ შემოქმედის მიმართ რწმენა განიმტკიცოთ, ღვთის სიტყვის კვლევა უნდა განაგრძოთ (იეს. 1:8). დაუკვირდით, როგორ შესრულდა მასში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები და რა ჰარმონიულად ერწყმის ბიბლიის სხვადასხვა მონაკვეთი ერთმანეთს. ასეთი კვლევა უფრო მეტად განგიმტკიცებთ რწმენას მოსიყვარულე, ბრძენი შემოქმედისა და მის მიერ შთაგონებული წიგნის მიმართ (2 ტიმ. 3:14; 2 პეტ. 1:21). ღვთის სიტყვის გამოკვლევა დაგანახვებთ, რამდენად პრაქტიკულია მასში ჩაწერილი ინფორმაცია. მაგალითად, ბიბლია ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გვაფრთხილებდა, რომ ფულის სიყვარული საზიანოა და მრავალ ტკივილს აყენებს ადამიანს (1 ტიმ. 6:9, 10; იგავ. 28:20; მათ. 6:24). აქედან გამომდინარე, აშკარად ვხედავთ, როგორი ბრძნულია ბიბლიური რჩევა, რომელიც გვაფრთხილებს ფულის სიყვარულის საზიანო შედეგებზე. კიდევ რომელი პრაქტიკული ბიბლიური პრინციპი გახსენდებათ? რაც უფრო მეტად დავინახავთ ბიბლიური რჩევების პრაქტიკულობას, მით უფრო მეტ ნდობას გამოვუცხადებთ ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედის ბრძნულ რჩევებს, რომლებსაც დრო ვერაფერს აკლებს (იაკ. 1:5). შედეგად, ჩვენი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვლება (ეს. 48:17, 18). w21.08 17, 18 ¶12, 13
პარასკევი, 28 ივლისი
ღმერთი უსამართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ (ებრ. 6:10).
მართალია, ასაკი გემატებათ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ იეჰოვას ახსოვს ყველაფერი, რაც მისთვის გაგიკეთებიათ. დღემდე გულმოდგინედ მონაწილეობთ სამქადაგებლო საქმეში. შეიძლება არაერთი და ზოგჯერ გულის გამტეხი განსაცდელი გამოიარეთ ცხოვრებაში. არ ღალატობდით ბიბლიურ პრინციპებს, ერთგულად ასრულებდით თქვენზე დაკისრებულ მრავალ პასუხისმგებლობას და სხვებს თქვენს გამოცდილებას უზიარებდით. თავს არ ზოგავდით, რომ იეჰოვას ორგანიზაციაში განხორციელებული ცვლილებებისთვის ფეხი აგეწყოთ. მხარს უჭერდით და ამხნევებდით სრული დროით მსახურებს. იეჰოვას ძალიან უყვარხართ თქვენი ერთგულებისთვის და გარწმუნებთ, რომ არ მიგატოვებთ (ფსალმ. 37:28). ის გპირდებათ: „მე იგივე ვარ თქვენს სიბერემდე; გაჭაღარავებამდე მე გატარებთ“ (ეს. 46:4). ამიტომ, ნუ იფიქრებთ, რომ ასაკის გამო იეჰოვას და და-ძმებს ვეღარაფერში გამოადგებით. w21.09 3 ¶4
შაბათი, 29 ივლისი
იეჰოვა . . . იწყალებს თავის მოშიშებს (ფსალმ. 103:13).
იეჰოვას გულმოწყალებისკენ უსაზღვრო სიბრძნეც უბიძგებს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ღვთიური სიბრძნე . . . სავსეა გულმოწყალებითა და კარგი ნაყოფით“ (იაკ. 3:17). როგორც მოსიყვარულე მშობელმა, იეჰოვამ იცის, რომ გულმოწყალება თავისივე შვილების კეთილდღეობას ემსახურება (ეს. 49:15). ღვთიური გულმოწყალება ჩვენ, არასრულყოფილ ადამიანებს, მომავლის იმედს გვისახავს. თავისი უბადლო სიბრძნიდან გამომდინარე, იეჰოვა მზად არის, გულმოწყალება გამოავლინოს, როცა ამის საფუძველს ხედავს. თუმცა ამავე დროს ის უადგილოდ არ იჩენს გულმოწყალებას. სიბრძნიდან გამომდინარე იეჰოვას გულმოწყალება არასდროს გადასდის ზედმეტ შემწყნარებლობაში. დავუშვათ, ქრისტიანმა შეგნებულად დაიწყო უზნეო ცხოვრება. ჩვენ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მის მიმართ? „აღარ იქონიოთ ურთიერთობა მასთან“, — წერდა პავლე ღვთივშთაგონებით (1 კორ. 5:11). მოუნანიებელი შემცოდველები კრებიდან ირიცხებიან. ეს გადამწყვეტი ზომა კრებასაც იცავს და იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმების დაცვასაც ემსახურება. w21.10 9, 10 ¶7, 8
კვირა, 30 ივლისი
ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს (2 კორ. 9:7).
იეჰოვას ვცემთ თაყვანს, როცა შესაწირავს ვიღებთ სამეფოს საქმისთვის. ებრაელები იეჰოვას წინაშე ხელცარიელები არ უნდა წარმდგარიყვნენ (კან. 16:16). ყველას ის უნდა მიეტანა ძღვნად, რისი საშუალებაც ჰქონდა. ასე გამოხატავდნენ ისინი მადლიერებას ყველაფრისთვის, რასაც იეჰოვა მათი სულიერი კეთილდღეობისთვის აკეთებდა. ჩვენს შემთხვევაში რა არის იეჰოვასადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება? შესაწირავები, რომლებიც შეგვიძლია ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე გავიღოთ კრების საჭიროებისა თუ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის. აი, რა თქვა ამის შესახებ პავლე მოციქულმა: „ღმერთი განსაკუთრებით იწონებს მზადყოფნით გაღებულ ძღვენს; ის ჩვენგან იმის გაღებას ელის, რაც გვაქვს და არა იმის, რაც არ გვაქვს“ (2 კორ. 8:4, 12). იეჰოვა ძალიან აფასებს მთელი გულით გაღებულ ჩვენს შესაწირავს მიუხედავად იმისა, ბევრს ვიღებთ, თუ ცოტას (მარ. 12:42—44). w22.03 24 ¶13
ორშაბათი, 31 ივლისი
ანუგეშეთ გულდამძიმებულნი, მხარი დაუჭირეთ სუსტებს და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ (1 თეს. 5:14).
ცხადია, უხუცესები ყველა სირთულეს ვერ აარიდებენ და-ძმებს. თუმცა იეჰოვა მოელის, რომ ისინი შეძლებისდაგვარად ყველაფერს გააკეთებენ მისი სამწყსოს დასაცავად და გასამხნევებლად. როგორ შეუძლიათ ისედაც ბევრი საქმით დატვირთულ უხუცესებს, დრო გამონახონ თანაქრისტიანების დასახმარებლად? მათ მოციქული პავლეს მაგალითი დაეხმარება. პავლე ყოველთვის ცდილობდა და-ძმების გამხნევებასა და შექებას. უხუცესებსაც მართებთ, მიჰბაძონ მას და სათუთად მოეპყრონ ღვთის ხალხს (1 თეს. 2:7). მოციქული არწმუნებდა თანაქრისტიანებს იეჰოვასა თუ თავის სიყვარულში (2 კორ. 2:4; ეფეს. 2:4, 5). ის მათ მეგობრებად მიიჩნევდა და მათთვის დროის დათმობა არ ენანებოდა. პავლე ენდობოდა და-ძმებს, რაც იქიდან ჩანს, რომ ღიად საუბრობდა მათთან თავის სისუსტეებსა და საწუხარზე (2 კორ. 7:5; 1 ტიმ. 1:15). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის საკუთარი პრობლემებით იყო მოცული. პავლეს ყოველთვის და-ძმების კეთილდღეობა აღელვებდა. w22.03 28 ¶9, 10