აგვისტო
სამშაბათი, 1 აგვისტო
მამა, აპატიე (ლუკ. 23:34).
როგორც ჩანს, იესო იმ რომაელ ჯარისკაცებს გულისხმობდა, რომლებმაც ხელ-ფეხში ლურსმნები ჩააჭედეს. ასეთი უსამართლო მოპყრობის მიუხედავად, იესო არ გამწარებულა და არ გაბოროტებულა (1 პეტ. 2:23). იესოს მსგავსად ჩვენც მზად უნდა ვიყოთ პატიებისთვის (კოლ. 3:13). მაგალითად, ზოგი გვეწინააღმდეგება, რადგან ვერ იგებს, რატომ გვაქვს განსხვავებული რელიგიური შეხედულებები და რატომ ავირჩიეთ ასეთი ცხოვრების წესი. მათ შორის შეიძლება ჩვენი ნათესავებიც იყვნენ. ზოგი მათგანი ცილს გვწამებს, გვამცირებს სხვების წინაშე, გვიხევს ლიტერატურას და ფიზიკური შეურაცხყოფითაც კი გვემუქრება. თუმცა ნაცვლად იმისა, რომ მათზე დავიბოღმოთ, შეგვიძლია იეჰოვას ვთხოვოთ, თვალები აუხილოს მათ და დაანახვოს ჭეშმარიტება (მათ. 5:44, 45). შეიძლება გაგვიჭირდეს პატიება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათი მხრიდან დიდ უსამართლობას ვხვდებით. მაგრამ, თუ გულში ბოღმასა და წყენას ჩავიდებთ, ეს ჩვენვე გვავნებს (ფსალმ. 37:8). როცა სხვებს ვპატიობთ, მომხდარს არ ვაძლევთ საშუალებას, გაგვაბოროტოს (ეფეს. 4:31, 32). w21.04 8, 9 ¶3, 4
ოთხშაბათი, 2 აგვისტო
რამდენჯერ ეურჩნენ . . . და გული ატკინეს მას! (ფსალმ. 78:40).
თუ თქვენმა ოჯახის წევრმა დატოვა იეჰოვა, კარგად გეცოდინებათ, რა მტკივნეულია ეს. წარმოიდგინეთ, როგორ ეტკინებოდა იეჰოვას გული, როცა ზეციერმა ოჯახის წევრებმა მას ზურგი აქციეს (იუდ. 6); ან როგორ დაამწუხრებდა იმის დანახვა, რომ თავისი რჩეული ერი, ისრაელი, არაერთხელ ეურჩა მას (ფსალმ. 78:41). ცხადია, ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას მაშინაც სტკივა გული, როცა ჩვენი ოჯახის წევრი ტოვებს მას. იეჰოვას კარგად ესმის, რას განიცდით. ის აუცილებლად განუგეშებთ და მხარს დაგიჭერთ. როცა შვილი იეჰოვას ტოვებს, მშობლებს ხშირად ისეთი შეგრძნება უჩნდებათ, რომ საკმარისი ძალისხმევა არ მოახმარეს შვილების იეჰოვას მოსაწონად აღზრდას. ერთი ძმა ამბობს: „თავს ვიდანაშაულებდი და ღამით კოშმარები მესიზმრებოდა“. ერთი და, რომელიც მსგავს განსაცდელს შეხვდა, თავის გულისტკივილს გვიზიარებს: „ვფიქრობდი, კარგი დედა ვერ გამოვდექი და ჩემს შვილს ჭეშმარიტება სათანადოდ ვერ შევაყვარე-მეთქი“. w21.09 26 ¶1, 2, 4
ხუთშაბათი, 3 აგვისტო
[მათ] შეატყვეს, რომ უსწავლელი და უბრალო ადამიანები იყვნენ (საქ. 4:13).
ზოგის აზრით, იეჰოვას მოწმეებს ბიბლიის სწავლების უფლება არა აქვთ, რადგან არ მიუღიათ თეოლოგიური განათლება რომელიმე სასულიერო სასწავლებელში. მაგრამ მათ უნდა გადაამოწმონ ფაქტები. სწორედ ასეთი პოზიცია ჰქონდა სახარების დამწერ ლუკასაც. მან „ყველაფერი თავიდან ბოლომდე“ გამოიკვლია. მას სურდა, თავისი მკითხველი იმის უტყუარობაში დაერწმუნებინა, რაც იესოს შესახებ ჰქონდათ გაგონილი (ლუკ. 1:1—4). ძველ ბერეაში მცხოვრები ებრაელებიც ლუკას მსგავსად მოიქცნენ. როცა იესოს შესახებ სასიხარულო ცნობა მოისმინეს, მოსმენილის უტყუარობა ებრაულ წერილებში გადაამოწმეს (საქ. 17:11). მათაც უნდა გამოიკვლიონ ფაქტები. მაგალითად, ბიბლიაში გადაამოწმონ ის, რასაც იეჰოვას მოწმეები ასწავლიან. გარდა ამისა, მათ თანამედროვე ისტორიასაც უნდა გაეცნონ; თუ იეჰოვას მოწმეებზე მოსმენილ ინფორმაციას გადაამოწმებენ, არც მათზე გავრცელებულ ჭორებს აჰყვებიან და არც წინასწარ შექმნილი აზრის გავლენაში მოექცევიან. w21.05 3 ¶7, 8
პარასკევი, 4 აგვისტო
თქვენც ფართოდ გახსენით გულისკარი! (2 კორ. 6:13).
თქვენს კრებაშიც ხომ არ გეგულებათ ისეთი და ან ძმა, რომელსაც განსაკუთრებით ესიამოვნება თქვენი სტუმართმოყვარეობა? არის მომენტები, როცა თანაქრისტიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა. მაგალითად, მაშინ, როცა მათი ოჯახის წევრები ამა თუ იმ რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავენ ან როცა მათი ახლობლის გარდაცვალების წლისთავი ახლოვდება. როცა დროს ვუთმობთ ასეთ და-ძმებს, ვაჩვენებთ, რომ გულწრფელად ვზრუნავთ მათზე (ფილ. 2:20). ქრისტიანმა ბევრი რამის გამო შეიძლება იგრძნოს თავი მარტოსულად. არასდროს დაგავიწყდეთ, რომ იეჰოვას კარგად ესმის, რასაც გრძნობთ. ის, ძირითადად, თანაქრისტიანების მეშვეობით ზრუნავს ჩვენზე (მათ. 12:48—50). ჩვენი მხრიდან მადლიერებას გამოვხატავთ, თუ ყველაფერს გავაკეთებთ და-ძმების მხარდასაჭერად. შეიძლება ზოგჯერ მარტოობის გრძნობა დაგვეუფლოს, მაგრამ ნურასოდეს დაგვავიწყდება, რომ მარტო არა ვართ, რადგან იეჰოვაა ჩვენ გვერდით! w21.06 13 ¶18—20
შაბათი, 5 აგვისტო
კვლავაც კარგად მოიქეცით ქვეყნიერებაში, რათა, ბოროტმოქმედებაში რომ გდებენ ბრალს, თქვენი კარგი საქმეების შემხედვარეებმა განადიდონ ღმერთი (1 პეტ. 2:12).
იესო დადებით განწყობას ინარჩუნებდა და ქადაგებას აგრძელებდა მიუხედავად იმისა, რომ ზოგი გულგრილად იყო განწყობილი მისი ცნობის მიმართ. ამის მიზეზი ის იყო, რომ მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რამდენად სჭირდებოდა ხალხს ჭეშმარიტება. ამიტომ სურდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიეცა სამეფოს შესახებ ცნობის მოსმენის საშუალება. მან ისიც იცოდა, რომ ზოგი, ვინც თავიდან გულგრილობას იჩენდა, საბოლოოდ შეიცვლიდა დამოკიდებულებას. ასე მოხდა მისი ოჯახის წევრების შემთხვევაშიც. ის სამწელიწად-ნახევარი მსახურობდა, მაგრამ მისი არცერთი ძმა არ გამხდარა ქრისტიანი (იოან. 7:5). ისინი მხოლოდ იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გაქრისტიანდნენ (საქ. 1:14). ჩვენ წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ, საბოლოო ჯამში, ვინ გამოეხმაურება ბიბლიურ ჭეშმარიტებას. ზოგს უფრო მეტი დრო სჭირდება, ბიბლიური თემებით რომ დაინტერესდეს. მათაც კი, ვინც არ გვისმენს, მაგრამ ჩვენს კარგ საქმეებსა და დადებით განწყობას ხედავს, შეიძლება, ადრე თუ გვიან, განადიდონ ღმერთი. w21.05 18 ¶17, 18
კვირა, 6 აგვისტო
იარეთ და იქადაგეთ, მოახლოვდა-თქო ზეციერი სამეფო (მათ. 10:7).
დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ თავის მიმდევრებს ორი რამ დაავალა. მათ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგათ სამეფოს შესახებ. მან არა მარტო დაავალა მოწაფეებს ეს საქმე, არამედ ასწავლა კიდეც, როგორ შეესრულებინათ ის (ლუკ. 8:1). მაგალითად, წინასწარ აუხსნა, როგორ უნდა შეხვედროდნენ ხალხის დადებით ან უარყოფით გამოხმაურებას სასიხარულო ცნობის მიმართ (ლუკ. 9:2—5). იესომ იწინასწარმეტყველა კიდეც, რა მასშტაბებს მიაღწევდა სამქადაგებლო საქმე, როცა მოწაფეებს უთხრა, რომ „მთელ მსოფლიოში ყველა ხალხს“ აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას (მათ. 24:14; საქ. 1:8). გარდა ამისა, მათ იესოს მომავალი მოწაფეებისთვის უნდა ესწავლებინათ ყველაფრის დაცვა, რაც მისგან ისწავლეს. იესოს სიტყვების თანახმად ეს უმნიშვნელოვანესი საქმე „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ უნდა გაგრძელებულიყო (მათ. 28:18—20). მოგვიანებით, ხილვაში, რომელიც იესომ იოანეს ანახა, კარგად გამოჩნდა, რომ იესოს ყველა მიმდევრის ვალდებულებაა, სხვებს იეჰოვას გაცნობაში დაეხმაროს (გამოცხ. 22:17). w21.07 2, 3 ¶3, 4
ორშაბათი, 7 აგვისტო
ნუ გავხდებით პატივმოყვარენი, ნურც შევეჯიბრებით ერთმანეთს და ნურც შეგვშურდება (გალ. 5:26).
მსოფლიოში ადამიანები, რომლებსაც ეგოისტური მოტივები ამოძრავებთ, ცდილობენ, სხვებს აჯობონ და მათზე უკეთესად წარმოაჩინონ თავი. მაგალითად, ზოგიერთი ბიზნესმენი უკან არაფერზე დაიხევს, რომ თავის კონკურენტებს აჯობოს. თამაშის მოგების მიზნით სპორტსმენმა შეიძლება განზრახ დააზიანოს თავისი მეტოქე. პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოსახვედრად სტუდენტმა შეიძლება მისაღებ გამოცდაზე სხვადასხვა ხრიკს მიმართოს. ჩვენ, ქრისტიანებმა, კარგად ვიცით, რომ მსგავსი ქმედებები არასწორია, რადგან ბიბლია „ხორცის საქმეებს“ მიაკუთვნებს (გალ. 5:19—21). თუმცა ზოგი იეჰოვას მსახური შეიძლება კრებაში თანაქრისტიანებს თავს ამეტებდეს ისე, რომ ვერც აცნობიერებდეს ამას. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რადგან მეტოქეობამ შეიძლება კრების ერთიანობას დიდი საფრთხე შეუქმნას. კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით ძველ დროში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მამაკაცებსა და ქალებზე, რომლებიც სხვებს თავს არ ამეტებდნენ. w21.07 14 ¶1, 2
სამშაბათი, 8 აგვისტო
ბედნიერია, ვინც ყურადღებას აქცევს საწყალს; იეჰოვა იხსნის მას უბედურების ჟამს (ფსალმ. 41:1).
ურყევი სიყვარული აღგვძრავს, დახმარების ხელი გავუწოდოთ გულდამძიმებულებს. მრავალი თანამგრძნობი და-ძმა არ ტოვებს გასაჭირში გულგატეხილ და სასოწარკვეთილ თანამორწმუნეებს. სიყვარული აღძრავს მათ, რომ რითაც შეუძლიათ, ყველანაირად მხარში ამოუდგნენ ასეთ და-ძმებს (იგავ. 12:25; 24:10). ამგვარად ისინი ითვალისწინებენ პავლე მოციქულის რჩევას: „ანუგეშეთ გულდამძიმებულნი, მხარი დაუჭირეთ სუსტებს და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ“ (1 თეს. 5:14). ხშირ შემთხვევაში საუკეთესო საშუალება გულგატეხილი და-ძმების დასახმარებლად, მათი ყურადღებით მოსმენა და სიყვარულში დარწმუნებაა. იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩება, როგორ ცდილობთ, ყურადღება გამოიჩინოთ მისი ძვირფასი ცხვრის მიმართ. ებრაელების 6:10-ში ვკითხულობთ: „ღმერთი უსამართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი . . . სიყვარული“. w21.11 10 ¶11, 12
ოთხშაბათი, 9 აგვისტო
იგემეთ და ნახავთ, რაოდენ კარგია იეჰოვა! ბედნიერია კაცი, რომელიც თავს აფარებს მას (ფსალმ. 34:8).
როგორ მოვემზადოთ მომავლისთვის? უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გვაქვს, და ყველაზე დიდ სიხარულს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა უნდა გვანიჭებდეს. რაც უფრო კარგად გავიცნობთ ჩვენს ღმერთს, მით უფრო მეტად დავრწმუნდებით, რომ მას შესწევს ძალა, დაგვიცვას „გოგის“ თავდასხმის დროს. დღევანდელი მუხლის სიტყვებიდან ვხედავთ, რატომ ჰქონდა დავითს იეჰოვას დახმარების იმედი — იეჰოვას არასდროს გაუმტყუნებია მისთვის ნდობა. ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო დავითი, როცა შიშის მომგვრელ ფილისტიმელ მეომარს, გოლიათს, დაუპირისპირდა და ასეთი სიტყვებით მიმართა: „დღეს ჩამიგდებს ხელში შენს თავს იეჰოვა“ (1 სამ. 17:46). მოგვიანებით, როცა დავითი მეფის კარზე მსახურობდა, საულმა არაერთხელ სცადა მისი მოკვლა, მაგრამ იეჰოვა იყო მასთან (1 სამ. 18:12). ვინაიდან იეჰოვა არაერთხელ დაეხმარა დავითს, მან იცოდა, რომ ის არც ახლა მიატოვებდა. w22.01 6 ¶14, 15
ხუთშაბათი, 10 აგვისტო
ყიჟინებდნენ ღვთის ძეები (იობ. 38:7).
იეჰოვა ნაჩქარევად არაფერს აკეთებს; ის ყველაფრისთვის სათანადო დროს გამოყოფს, რითაც საკუთარ სახელსაც განადიდებს და სხვებისთვისაც სიკეთე მოაქვს. მაგალითად ამაზე მოწმობს ის, თუ როგორ მოამზადა დედამიწა ეტაპობრივად ადამიანთა საცხოვრებლად. ბიბლია მოიხსენიებს იმას, თუ როგორ დაუწესა ღმერთმა მას საზღვრები, „ჩაუყარა საძირკველი“ და „დაუდო ქვაკუთხედი“ (იობ. 38:5, 6). ღმერთმა დრო იმისთვისაც გამოყო, რომ თავისი შემოქმედების ნაყოფი შეეფასებინა (დაბ. 1:10, 12). წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდნენ ანგელოზები, როცა უყურებდნენ, როგორ აძლევდა იეჰოვა თავის შემოქმედებას საბოლოო სახეს. ეს მათთვის ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა იქნებოდა. ამიტომაც არ გვიკვირს, რატომ ამბობს ბიბლია მათზე, რომ ამის შემხედვარე სიხარულით ყიჟინებდნენ. მართალია, იეჰოვამ შემოქმედებით საქმიანობას ათასობით წელი მოანდომა, მაგრამ ბოლოს, როცა თვალი მოავლო გულდასმით შექმნილ სამყაროს, თქვა, რომ „ყოველივე ძალიან კარგი იყო“ (დაბ. 1:31). w21.08 9 ¶6, 7
პარასკევი, 11 აგვისტო
ყოჩაღ, კარგი და ერთგული მონა ხარ! (მათ. 25:23).
იესოს იგავში მოთხრობილია ერთი კაცის შესახებ, რომელიც სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე თავისთან იბარებს მონებს და თითოეულს განსხვავებული რაოდენობის ტალანტებს აძლევს, რათა ბრუნვაში გაუშვან და დამატებითი თანხა მოიგონ. ბატონმა მათი უნარისდა მიხედვით ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს — ორი, მესამეს კი — ერთი. პირველმა ორმა მონამ საგულდაგულოდ დაიწყო მიბარებული თანხის სწორად განკარგვა, მესამე მონამ კი ეს თანხა ბრუნვაში არ გაუშვა, რის გამოც ბატონმა ის დაითხოვა. პირველი და მეორე მონა მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დავალებას და თავდაუზოგავად იშრომეს ბატონისთვის. შედეგად, მათ გააორმაგეს მიბარებული ორი ტალანტი. მონებს შრომა და გულმოდგინება დაუფასდათ. ბატონმა არა მარტო გაიხარა მათი შედეგით, არამედ უფრო მეტი მიანდო. w21.08 21 ¶7; 22 ¶9, 10
შაბათი, 12 აგვისტო
კიდევ ერთხელ შევძრავ ცასა და დედამიწას (ანგ. 2:6).
იეჰოვა უდიდეს სულგრძელობას იჩენს ამ ბოლო დღეებში, „რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს“ (2 პეტ. 3:9). ის ყველას აძლევს შესაძლებლობას, მოინანიოს. თუმცა მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ვინც არ გამოიყენებს ამ შანსს, იგივე დაემართება, რაც მოსეს დროს მცხოვრებ ფარაონს, რომელსაც იეჰოვამ უთხრა: „ახლავე აღვმართავდი ხელს და მომაკვდინებელ სენს შეგყრიდით შენც და შენს ხალხსაც და აღიგვებოდით მიწის პირიდან, მაგრამ იმიტომ დაგტოვე ცოცხალი, რომ გაჩვენო ჩემი ძალა და მთელ დედამიწას ეუწყოს ჩემი სახელი“ (გამ. 9:15, 16). საბოლოოდ ყველა ერი გაიგებს, რომ იეჰოვაა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი (ეზეკ. 38:23). დღევანდელ მუხლში მოხსენიებული შეძვრა სამუდამო განადგურებას მოასწავებს მათთვის, ვინც ფარაონის მსგავსად არ აღიარებს იეჰოვას უზენაეს მმართველობას. w21.09 18, 19 ¶17, 18
კვირა, 13 აგვისტო
მოხარულებთან იხარეთ, მოტირალებთან იტირეთ (რომ. 12:15).
ალბათ, ძალიან განიცდით, თუ თქვენი საყვარელი ადამიანი კრებიდან გაირიცხა. როგორ მოიქცევით, თუ რომელიმე თანაქრისტიანი ისეთ რამეს გეტყვით, რაც კიდევ უფრო ცუდად გაგრძნობინებთ თავს? ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ სხვები ყოველთვის კორექტულად გვეტყვიან სათქმელს (იაკ. 3:2). ყველანი არასრულყოფილები ვართ, ამიტომ რა გასაკვირია, თუ ზოგი სათანადო სიტყვებს ვერ გამონახავს სათქმელად ან უნებურად გულს გვატკენს. გაიხსენეთ პავლე მოციქულის სიტყვები: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს მაშინაც კი, თუ . . . ჩივილის მიზეზი გაქვთ“ (კოლ. 3:13). მხარში ამოუდექით გარიცხულის ოჯახის წევრებს. მათ განსაკუთრებით ახლა სჭირდებათ თქვენგან სიყვარული და ნუგეშისცემა (ებრ. 10:24, 25). სამწუხაროდ, ზოგი თანაქრისტიანი თავს შორს იჭერს მათგან, ვისი ოჯახის წევრიც გაირიცხა. ნურასდროს მოიქცევით ასე! შექება და გამხნევება განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს სჭირდებათ, რომელთა მშობლებმაც ზურგი აქციეს იეჰოვას. w21.09 29 ¶13, 14; 30 ¶16
ორშაბათი, 14 აგვისტო
ბრძენი მოისმენს და მეტს ისწავლის (იგავ. 1:5).
როცა ხანდაზმულებთან ვსაუბრობთ, მათაც ვამხნევებთ და ჩვენც ვმხნევდებით (რომ. 1:12). მათთან საუბარი უფრო მეტად დაგვარწმუნებს იმაში, რომ იეჰოვა ზრუნვას არ აკლებს თავის ერთგულ მსახურებს, ხანში შესული და-ძმები კი თავს დაფასებულად იგრძნობენ. ისინი სიამოვნებით მოგიყვებიან, როგორ გრძნობდნენ იეჰოვას მზრუნველ ხელს წლების განმავლობაში. მართალია, გარეგნული სილამაზე წლებს თან მიაქვს, მაგრამ იეჰოვას ერთგულნი წლებთან ერთად სულიერად უფრო ლამაზდებიან (1 თეს. 1:2, 3). რა არის ამის მიზეზი? წლების განმავლობაში წმინდა სული მათ ქრისტიანული თვისებების დახვეწაში ეხმარება. თუ დავუახლოვდებით ჩვენს ხანდაზმულ და-ძმებს, პატივისცემით მოვეკიდებით და ვისწავლით მათგან, უფრო მეტად დავაფასებთ მათ. კრების სიმტკიცისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რომ უმცროსები აფასებდნენ ხანდაზმულებს, არამედ ისიც, რომ ხანდაზმულებიც აფასებდნენ წლოვანებით მათზე უმცროსებს. w21.09 7 ¶15—18
სამშაბათი, 15 აგვისტო
ნუღარ განსჯით, რომ არც თქვენ განისაჯოთ, რადგან როგორც თქვენ განსჯით სხვებს, თქვენც ისევე განისჯებით (მათ. 7:1, 2).
უნდა ვიფრთხილოთ, რომ არ მოვირგოთ მკაცრი მოსამართლის როლი და ვეცადოთ, რომ ჩვენი ღმერთივით „დიდად მოწყალე“ ვიყოთ (ეფეს. 2:4). გულმოწყალება მხოლოდ ცარიელი ემოცია არ არის. ნამდვილი გულმოწყალება საქმეებში ვლინდება. ყველანი უნდა ვცდილობდეთ, რომ ოჯახის წევრების, თანაქრისტიანებისა თუ გარეშეების მიმართ გულმოწყალება გამოვავლინოთ. ჩვენ ყველას ამის არაერთი შესაძლებლობა გვეძლევა. თქვენ გარშემო, ალბათ, არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ნუგეში სჭირდებათ. შეიძლება იცნობთ ისეთებსაც, ვინც უარს არ იტყოდა პრაქტიკულ დახმარებაზე, იქნება ეს საკვებით მომარაგება თუ სხვა რამ. ან შესაძლოა კრებაში ახლად დაბრუნებულ ქრისტიანს სჭირდება კარგი მეგობარი, რომელიც გაამხნევებს და სულიერად დაეხმარება. ბიბლიიდან მანუგეშებელი ცნობის გაზიარებაც გულმოწყალების გამოვლენის შესაძლებლობას გვაძლევს (იობ. 29:12, 13; რომ. 10:14, 15; იაკ. 1:27). თუ დაკვირვებულები ვიქნებით, გულმოწყალების გამოვლენის ბევრ შესაძლებლობას დავინახავთ. თუ ასე მოვიქცევით, გულს გავუხარებთ ჩვენს ზეციერ მამას, „დიდად მოწყალე“ ღმერთს. w21.10 12, 13 ¶20—22
ოთხშაბათი, 16 აგვისტო
იეჰოვაა ჩემი მწყემსი, არაფერი მომაკლდება (ფსალმ. 23:1).
23-ე ფსალმუნში დავითი მოიხსენიებს თავისი მწყემსისგან, იეჰოვასგან, მიღებულ კურთხევებს. მაგალითად, როგორ დაჰყავდა იეჰოვას ის სიმართლის ბილიკებით და როგორ ედგა მხარში ჭირშიც და ლხინშიც. მართალია, დავითმა იცოდა, რომ იეჰოვა აბიბინებული საძოვრებისკენ მიუძღოდა, მაგრამ ისიც კარგად ესმოდა, რომ ეს განსაცდელებისგან არ დაიცავდა. ზოგჯერ გულგატეხილობის გამო მას ისეთი გრძნობა უჩნდებოდა, თითქოს „წყვდიადით მოცულ ხევში“ დააბიჯებდა. მან ისიც იცოდა, რომ მტრები ეყოლებოდა, მაგრამ თავის მწყემსზე, იეჰოვაზე, დაიმედებულს არაფრის ეშინოდა. რა გაგებით შეიძლება ითქვას, რომ დავითს არაფერი აკლდა? მას ყველაფერი ჰქონდა, რაც იეჰოვასთან ახლო ურთიერთობისთვის სჭირდებოდა. დავითის ბედნიერება დამოკიდებული არ იყო ქონებასა და სიმდიდრეზე. ის კმაყოფილი იყო იმით, რაც იეჰოვასგან ჰქონდა. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ღმერთი აკურთხებდა და მფარველობდა. დავითის სიტყვებიდან ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია, გვქონდეს სწორი შეხედულება მატერიალურ კეთილდღეობაზე. w22.01 3, 4 ¶5—7
ხუთშაბათი, 17 აგვისტო
თითოეული თავისი შრომისამებრ მიიღებს საზღაურს (1 კორ. 3:8).
ღვთის ძველი დროის მსახურებიც ხვდებოდნენ ხალხის მხრიდან გულგრილობას. „სიმართლის მქადაგებელი“ ნოე გულგრილობას ათწლეულების განმავლობაში ხვდებოდა (2 პეტ. 2:5). შეიძლება მას ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ხალხი დადებითად გამოეხმაურებოდა მის ცნობას, მაგრამ იეჰოვას მისთვის მსგავსი არაფერი უთქვამს. როცა კიდობნის ასაგებად მითითებები მისცა, ასეთი რამ უთხრა: „შედი კიდობანში შენს ვაჟებთან, შენს ცოლთან და შენს რძლებთან ერთად“ (დაბ. 6:18). კიდობნის ზომებიდან გამომდინარე ნოე მიხვდებოდა, რომ ბევრი ადამიანი დადებითად არ გამოეხმაურებოდა მის ქადაგებას, რადგან კიდობანი მრავალ ადამიანს ვერ დაიტევდა (დაბ. 6:15). ყველასთვის კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ იმდროინდელ მოძალადე მსოფლიოში ერთმა ადამიანმაც კი არ იღო ყურად ნოეს ქადაგება (დაბ. 7:7). წარუმატებელ მქადაგებლად ჩათვალა იეჰოვამ ნოე? რასაკვირველია, არა. ღვთის თვალში ის წარმატებული მქადაგებელი იყო, რადგან ერთგულად შეასრულა მისგან მიღებული დავალება (დაბ. 6:22). w21.10 26 ¶10, 11
პარასკევი, 18 აგვისტო
როცა წავედი, არაფერი მაკლდა, იეჰოვამ კი ხელცარიელი დამაბრუნა (რუთ. 1:21).
წარმოიდგინეთ, როგორ ეტკინებოდა გული რუთს ამ სიტყვების მოსმენაზე! მან ხომ ნაომის გულისთვის ამხელა გზა გამოიარა. დღეების განმავლობაში გვერდიდან არ შორდებოდა, ანუგეშებდა და მასთან ერთად ტიროდა. და ამ ყველაფრის შემდეგ ნაომი ამბობს, იეჰოვამ ხელცარიელი დამაბრუნაო. მისი სიტყვებიდან ისე ჩანდა, თითქოს რუთს ნაომისთვის არაფერი გაუკეთებია. რა მტკივნეული იქნებოდა ამ სიტყვების მოსმენა იქ მდგომი რუთისთვის. ყველაფრის მიუხედავად, რუთმა მასთან დარჩენა არჩია (რუთ. 1:3—18). გულგატეხილმა თანაქრისტიანმა შეიძლება არ დაგვიფასოს მცდელობა და თავისი სიტყვებით გული გვატკინოს. მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ საწყენად არ მივიღოთ მისი ნათქვამი. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ის გასაჭირში და იეჰოვას ვთხოვოთ დახმარება, მის სანუგეშებლად სხვა გზა მოგვაძებნინოს (იგავ. 17:17). დავუშვათ, რომელიმე დამ არ მიიღო ჩვენი დახმარება. თუ მის მიმართ ურყევი სიყვარული გვაქვს, მცდელობას არ დავაკლებთ, რომ როგორმე დავეხმაროთ (გალ. 6:2). w21.11 11 ¶17—19
შაბათი, 19 აგვისტო
ყველაფერში წმინდები იყავით (1 პეტ. 1:15).
ბიბლიაში სიტყვები „წმინდა“ და „სიწმინდე“, ძირითადად, რელიგიურ სისუფთავესა და სისპეტაკეს უკავშირდება. ამ სიტყვებით შეიძლება აღიწერებოდეს ის, ვინც ან რაც ღვთისმსახურებისთვის არის გამოყოფილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ წმინდებად ჩავითვლებით იმ შემთხვევაში, თუ ზნეობრივად წმინდები დავრჩებით, თუ იეჰოვას მის მოსაწონად ვცემთ თაყვანს და ახლო ურთიერთობას შევინარჩუნებთ მასთან. წმინდა ღმერთთან ახლო ურთიერთობის შესაძლებლობა ჩვენში მოწიწებას იწვევს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რა დიდებულად აღწერს ბიბლია იეჰოვას სიწმინდეს. იეჰოვა ყოველმხრივ წმინდა და სპეტაკია. ამას ადასტურებს ღვთის ტახტთან მდგომი ანგელოზების, სერაფიმების სიტყვები: „წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი!“ (ეს. 6:3). w21.12 3 ¶4, 5
კვირა, 20 აგვისტო
კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იცხოვროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა; გონივრულად გამოიყენეთ დრო (ეფეს. 5:15, 16).
ახალგაზრდები ხშირად ფიქრობენ, რა მიმართულებით წავიდნენ ცხოვრებაში. ერთი მხრივ, მასწავლებლები და ოჯახის წევრები, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები, შეიძლება უბიძგებდნენ ახალგაზრდებს, უმაღლესი განათლება მიიღონ და წარმატებული კარიერა შეიქმნან. ასეთი არჩევანი, ფაქტია, მთელ მათ დროს შეიწირავს. მეორე მხრივ, მშობლები და თანაქრისტიანები შეიძლება ახალისებდნენ მათ, რომ ცხოვრება იეჰოვას მსახურებას მიუძღვნან. რა დაეხმარება ახალგაზრდა ქრისტიანს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში? კარგი იქნება, თუ ღრმად ჩაუკვირდება ეფესოელების 5:15—17-ში ჩაწერილ რჩევებს, მაგალითად, თუ დაფიქრდება, რა არის „იეჰოვას ნება“? როგორ გადაწყვეტილებას მოიწონებს ის? რომელი არჩევანი მისცემს იმის საშუალებას, რომ გონივრულად გამოიყენოს დრო? უნდა გვახსოვდეს, რომ მძიმე დროში ვცხოვრობთ და სატანის ქვეყნიერებას მალე ბოლო მოეღება. w22.01 27 ¶5
ორშაბათი, 21 აგვისტო
სინამდვილეში, მის ძმებს არ სწამდათ მისი (იოან. 7:5).
როდის გახდა იაკობი იესოს ერთგული მიმდევარი? მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო „იაკობს ეჩვენა, მერე — ყველა მოციქულს“ (1 კორ. 15:7). ეს შეხვედრა იაკობის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. როცა მოციქულები იერუსალიმში ერთ-ერთი სახლის ზედა ოთახში შეიკრიბნენ, იაკობიც მათ გვერდით იყო და დაპირებულ წმინდა სულს ელოდა (საქ. 1:13, 14). მოგვიანებით მას წილად ხვდა პატივი, პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გამხდარიყო (საქ. 15:6, 13—22; გალ. 2:9). ახ. წ. 62 წლამდე მან ცხებულ ქრისტიანებს ღვთივშთაგონებული წერილი მისწერა. ეს წერილი ჩვენთვისაც საყურადღებოა მიუხედავად იმისა, ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე (იაკ. 1:1). პირველი საუკუნის ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის, ცნობების თანახმად, იაკობი მღვდელმთავარმა ანანუსმა სიკვდილით დაასჯევინა. ის სიცოცხლის ბოლომდე ერთგული ქრისტიანი იყო. w22.01 8 ¶3; 9 ¶5
სამშაბათი, 22 აგვისტო
ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე? (მათ. 27:46).
დღევანდელი მუხლიდან ვსწავლობთ, რომ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ იეჰოვა ყველანაირი განსაცდელისგან დაგვიფარავს, რომელთაც შეიძლება რწმენის გამო შევხვდეთ. იესოს მსგავსად ჩვენც მზად უნდა ვიყოთ, ბოლომდე შევინარჩუნოთ ერთგულება, თუნდაც ამისთვის სიკვდილი მოგვიწიოს (მათ. 16:24, 25). თუმცაღა შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი არ დაუშვებს ისეთ განსაცდელს, რომლის ატანასაც ვერ შევძლებთ (1 კორ. 10:13). გარდა ამისა, იესოს მსგავსად შეიძლება ჩვენც მოგვიწიოს უსამართლოდ ტანჯვა (1 პეტ. 2:19, 20). ჩვენი მოწინააღმდეგეები იმიტომ კი არ გვიპირისპირდებიან, რომ რაღაც დავაშავეთ, არამედ იმიტომ, რომ ამ ქვეყნიერების ნაწილი არა ვართ და ჭეშმარიტების შესახებ ვქადაგებთ (იოან. 17:14; 1 პეტ. 4:15, 16). იესომ კარგად იცოდა, რატომ დაუშვა იეჰოვამ მისი ტანჯვა. თუმცა მისგან განსხვავებით ზოგჯერ ღვთის ერთგულ მსახურებს დღესაც უჩნდებათ კითხვა, თუ რატომ უშვებს იეჰოვა ამა თუ იმ განსაცდელს (აბაკ. 1:3). ჩვენს მწყალობელ და მომთმენ ღმერთს ესმის, რომ ასეთებს რწმენის ნაკლებობა კი არ ალაპარაკებთ, უბრალოდ ღვთისგან ნუგეშისცემა სჭირდებათ (2 კორ. 1:3, 4). w21.04 11 ¶9, 10
ოთხშაბათი, 23 აგვისტო
საკმეველივით მომზადდეს ჩემი ლოცვა შენ წინაშე (ფსალმ. 141:2).
იეჰოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიწონებს ჩვენს თაყვანისცემას, თუ მისი ნების თანახმად ვიცხოვრებთ, გვეყვარება ღმერთი და პატივს ვცემთ მას. ჩვენ ძალიან გვიყვარს იეჰოვა და გვესმის, რომ ის იმსახურებს თაყვანისცემას. ამიტომ გვინდა, საუკეთესო გავიღოთ მისთვის. ჩვენი თაყვანისცემის ერთ-ერთი მხარე ლოცვაა. ბიბლიაში ლოცვები საგულდაგულოდ მომზადებულ საკმეველთან არის შედარებული, რომელსაც კარავში, მოგვიანებით კი ტაძარში აკმევდნენ. იეჰოვას სიამოვნებდა საკმევლის სურნელება. მას მსგავსადვე სიამოვნებს მთელი გულით წარმოთქმული ლოცვები იმ შემთხვევაშიც კი, თუ უბრალო სიტყვებით მივმართავთ (იგავ. 15:8; კან. 33:10). იეჰოვას სიამოვნებს, როცა სიყვარულსა და მადლიერებას გამოხატავთ მისადმი. ღმერთს სურს, რომ გაუზიაროთ მას თქვენი საწუხარი, მოლოდინი თუ სურვილები. კარგი იქნება, თუ ლოცვამდე დაფიქრდებით, რის თქმას აპირებთ იეჰოვასთვის. ასეთ შემთხვევაში საუკეთესოდ მომზადებულ „საკმეველს“ აღუვლენთ ზეციერ მამას. w22.03 20 ¶2; 21 ¶7
ხუთშაბათი, 24 აგვისტო
თქვენ, გასაჭირში ჩაცვენილთ, შვებას მოგგვრით ჩვენთან ერთად, როცა უფალი იესო ზეციდან თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ გამოცხადდება (2 თეს. 1:7).
ჩვენზე არ იქნება დამოკიდებული, ვინ დაიმსახურებს ღვთის წყალობას არმაგედონში (მათ. 25:34, 41, 46). მივენდობით მაშინ იეჰოვას თუ ეჭვს შევიტანთ მის სამართლიანობაში და დავბრკოლდებით? დღესვე უნდა განვიმტკიცოთ მისადმი ნდობა, რომ მომავალშიც უპირობოდ ვენდოთ. წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობთ თავს ახალ ქვეყნიერებაში. აღარ იარსებებს არც ცრუ რელიგია, არც კომერციული სისტემა და არც პოლიტიკური წყობა. მოისპობა ყველაფერი, რაც საუკუნეების მანძილზე კაცობრიობის ჩაგვრასა და ტანჯვას იწვევდა. ჯანმრთელობის პრობლემები, სიბერე და სიკვდილი, რაც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, წარსულს ჩაჰბარდება. სატანა და დემონები ათასი წლით შებოჭილი იქნებიან. ყველა სავალალო შედეგი, რაც მათ დაატეხეს კაცობრიობას, აღმოიფხვრება (გამოცხ. 20:2, 3). მაშინ უფრო მეტად დავაფასებთ იეჰოვას სამართლიანობას და საბოლოოდ დავრწმუნდებით, რომ სწორად მოვიქეცით, როცა ვენდეთ მას. w22.02 6 ¶16, 17
პარასკევი, 25 აგვისტო
ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი (მათ. 5:9).
იესო ყოველთვის ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებდა. ის ასწავლიდა თავის მიმდევრებს, რომ თუ მოძმესთან მშვიდობას არ აღადგენდნენ, მათი თაყვანისცემა მიუღებელი იქნებოდა იეჰოვასთვის (მათ. 5:23, 24). მან არაერთხელ დააშოშმინა მოციქულები, რომლებიც იმაზე დაობდნენ, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი (ლუკ. 9:46—48; 22:24—27). მშვიდობისმყოფელები რომ ვიყოთ, უფრო მეტია საჭირო, ვიდრე კონფლიქტისთვის თავის არიდება. პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ მშვიდობის აღსადგენად და სხვებსაც მოვუწოდოთ უთანხმოებების მოგვარებისკენ (ფილ. 4:2, 3; იაკ. 3:17, 18). დავფიქრდით ასეთ კითხვებზე: მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო მშვიდობის აღსადგენად? თუ თანამორწმუნე მაწყენინებს, დავიბოღმები მასზე? მზად ვარ, არ დაველოდო სხვას და მე გადავდგა პირველი ნაბიჯი მშვიდობის აღსადგენად მაშინაც კი, თუ კონფლიქტის მიზეზი მეორე მხარეა? w22.03 10 ¶10, 11
შაბათი, 26 აგვისტო
გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას (საქ. 20:35).
ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ღვთის ხალხი, რომელსაც იესო უხელმძღვანელებდა, მზადყოფნით ემსახურებოდა იეჰოვას (ფსალმ. 110:3). ეს წინასწარმეტყველება ჩვენ თვალწინ სრულდება. ყოველწლიურად იეჰოვას ერთგული მსახურები ასობით მილიონ საათს უთმობენ სამქადაგებლო საქმეს. ისინი ამას ნებაყოფლობით და საკუთარი ხარჯებით აკეთებენ. ამასთანავე, დროს იმისთვისაც გამოყოფენ, რომ თანამორწმუნეებს ფიზიკურად, ემოციურად თუ სულიერად დაუჭირონ მხარი. პასუხისმგებელი ძმები არაერთ საათს უთმობენ შეხვედრებისთვის მომზადებასა თუ და-ძმების გამხნევებას. ამ ყველაფერს საფუძვლად იეჰოვასა და მოყვასის სიყვარული უდევს (მათ. 22:37—39). იესო სხვების საჭიროებებს ყოველთვის საკუთარზე წინ აყენებდა, რითაც შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. ჩვენც ყველანაირად ვცდილობთ, მივბაძოთ მას (რომ. 15:1—3). ეს აუცილებლად დაგვიფასდება. w22.02 20 ¶1, 2
კვირა, 27 აგვისტო
დაქირავებულ მუშას გასამრჯელო დღის ბოლომდე გადაუხადე (ლევ. 19:13).
ძველ ისრაელში, სადაც ძირითადად სოფლის მეურნეობას მისდევდნენ, დაქირავებულ მუშებს გასამრჯელოს დღის ბოლოს უხდიდნენ. თუ მათ იმ დღესვე არ გადაუხდიდნენ გასამრჯელოს, ოჯახი მშიერი დარჩებოდათ. ეს იეჰოვას სიტყვებიდანაც ჩანს: „გაჭირვებულია იგი და ამ გასამრჯელოზეა დამოკიდებული“ (კან. 24:14, 15; მათ. 20:8). დღესდღეობით ზოგს ყოველდღიურად უხდიან ხელფასს ან თვეში ერთხელ. მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ლევიანების 19:13-დან ერთი პრინციპი იკვეთება. ზოგი დამსაქმებელი ბოროტად იყენებს თავის მდგომარეობას და დასაქმებულებს იმაზე ნაკლებს უხდის, ვიდრე რეალურად ეკუთვნით. მათ იციან, რომ ეს ხალხი მიზერულ თანხაზეც თანახმაა, რადგან სხვა გამოსავალი არა აქვთ. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დამსაქმებლები დაქირავებულ მუშახელს კუთვნილ გასამრჯელოს ართმევენ. ქრისტიანი დამსაქმებელი უნდა დაფიქრდეს, რამდენად სამართლიანი და პატიოსანია ამ საკითხში. w21.12 10 ¶9, 10
ორშაბათი, 28 აგვისტო
მწყურია! (იოან. 19:28).
თუ გავითვალისწინებთ იმ სატანჯველს, რომელიც იესომ გამოიარა, მათ შორის იმ აუტანელ ტკივილს, რომელსაც ის ძელზე გაკრული განიცდიდა, რა გასაკვირია, რომ ძალიან მოსწყურებოდა კიდეც. სხვისი დახმარების გარეშე ის წყურვილს ვერ მოიკლავდა. იესო სისუსტედ არ თვლიდა დახმარების თხოვნას. ამ საკითხზე ჩვენც მსგავსი შეხედულება უნდა გვქონდეს. ზოგჯერ შეიძლება მოგვერიდოს დახმარების თხოვნა, მაგრამ გარკვეულ სიტუაციებში სხვების დახმარების გარეშე გაგვიჭირდება. ასაკის ან ჯანმრთელობის პრობლემების გამო შეიძლება მოგვიწიოს მეგობრისთვის იმის თხოვნა, რომ მაღაზიაში ან ექიმთან წაგვიყვანოს. თუ დამწუხრებული ან გულგატეხილი ვართ, შეგვიძლია უხუცესს ან სხვა მოწიფულ ქრისტიანს ვთხოვოთ, რომ მოგვისმინოს და „ტკბილი სიტყვით“ გაგვამხნეოს (იგავ. 12:25). გვახსოვდეს, რომ და-ძმებს ვუყვარვართ და მზად არიან, გასაჭირში გვერდში დაგვიდგნენ (იგავ. 17:17). მაგრამ ისინი გულთამხილავები არ არიან და შეიძლება თავისით ვერ მიხვდნენ, რა გვჭირდება, თუ ჩვენ არ ვეტყვით ამას. w21.04 11, 12 ¶11, 12
სამშაბათი, 29 აგვისტო
თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდება, ძალა გამოგეცლება (იგავ. 24:10).
ბევრი ჩვენგანისთვის რთულია ცვლილებებთან შეგუება. ზოგს, ვინც მრავალი წლის მანძილზე სპეციალური სრული დროით მსახური იყო, დავალება შეეცვალა. ზოგსაც ასაკის გამო მოუწია, შეეწყვიტა იმ საქმის კეთება, რომელიც ძალიან უყვარდა. როცა ჩვენს ცხოვრებაში ასეთი ცვლილებები ხდება, ბუნებრივია, გული გვწყდება. თუ მდგომარეობას იეჰოვას თვალით შევხედავთ, გაგვიადვილდება ცვლილებებთან შეგუება. დღეს ის დიდებულ საქმეებს ასრულებს და ჩვენ გვხვდა წილად პატივი, მისი თანამშრომელნი ვიყოთ (1 კორ. 3:9). იეჰოვას დამოკიდებულება ჩვენდამი არასდროს შეიცვლება. მას ყოველთვის უწინდებურად ვეყვარებით. თუ რაიმე ცვლილება თქვენც შეგეხოთ, ზედმეტად ნუ იფიქრებთ მიზეზებზე. იეჰოვას სთხოვეთ, ცვლილების დადებითი მხარეების დანახვაში დაგეხმაროთ (ეკლ. 7:10). შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა, რაც დაგეხმარებათ, არ დაკარგოთ სიხარული და გავაგრძელოთ ერთგულად მსახურება ცვლილებების მიუხედავად. w22.03 17 ¶11, 12
ოთხშაბათი, 30 აგვისტო
იეჰოვა . . . ათასების მიმართ იჩენს სიყვარულს (გამ. 34:6, 7).
ვის მიმართ ავლენს იეჰოვა ურყევ სიყვარულს? მართალია, ბიბლიაში მოხსენიებულია მიწათმოქმედების, დარიგების, სიბრძნის, ღვინის, ზეთის და ცოდნის სიყვარული, მაგრამ ურყევი სიყვარული მხოლოდ ადამიანებთან მიმართებით გამოიყენება (2 მატ. 26:10; იგავ. 12:1; 21:17; 29:3). საინტერესოა, ყველა ადამიანის მიმართ ავლენს იეჰოვა ურყევ სიყვარულს? ის ამ თვისებას მხოლოდ მათ მიმართ ავლენს, ვისაც ახლო ურთიერთობა აქვს მასთან. იეჰოვა თავისი მეგობრების ერთგულია და დიდებულ მომავალს ჰპირდება მათ. ასე რომ, გულს არასდროს აიცრუებს მათზე. იეჰოვამ ზოგადად მთელი კაცობრიობის მიმართ გამოავლინა სიყვარული. იესომ ეს კარგად ახსნა ნიკოდემესთან საუბრისას: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 3:1, 16; მათ. 5:44, 45). w21.11 2 ¶3; 3 ¶6, 7
ხუთშაბათი, 31 აგვისტო
მოთმინებით გადაირჩენთ თავს (ლუკ. 21:19).
ამ ქვეყნიერებაში ცხოვრება ძალიან რთულია. თანაც არავინ ვართ დაზღვეული, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ სირთულეს არ შევხვდებით (მათ. 24:21). ალბათ, ერთი სული გვაქვს, როცა ამ ყველაფერს უკან მოვიტოვებთ და დავივიწყებთ ყველანაირ გაჭირვებას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება (ეს. 65:16, 17). აშკარაა, უნდა განვაგრძოთ მუშაობა მოთმინებზე. ამის აუცილებლობას იესომაც გაუსვა ხაზი, როცა გვითხრა: „მოთმინებით გადაირჩენთ თავს“ (ლუკ. 21:19). მოთმინებას იმაზე ფიქრი გაგვიადვილებს, რომ სხვებიც მოთმინებით იტანენ ჩვენს მსგავს პრობლემებს. ვინ გვაძლევს მოთმინების უბადლო მაგალითს? იეჰოვა ღმერთი. შეიძლება ამ პასუხმა გაგაკვირვათ, მაგრამ, თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რატომ ვამბობთ ამას. ამ ქვეყნიერებას ეშმაკი მართავს. ამიტომაც არის ჩაძირული მსოფლიო პრობლემებში. იეჰოვას შესწევს ძალა, მყისიერად მოუღოს ბოლო ნებისმიერ პრობლემას, მაგრამ ის დანიშნულ დროს ელოდება (რომ. 9:22). ამ დროის დადგომას ის მოთმინებით ელის. w21.07 8 ¶2—4