სექტემბერი
პარასკევი, 1 სექტემბერი
სთხოვეს, ციური ნიშანი გვიჩვენეო (მათ. 16:1).
მართალია, რასაც იესო ასწავლიდა, გასაოცარი იყო, მაგრამ ზოგს ეს არ აკმაყოფილებდა. ისინი დაბრკოლდნენ, როცა იესომ ნიშნის ჩვენებაზე უარი თქვა (მათ. 16:4). რა იყო ნაწინასწარმეტყველები ებრაულ წერილებში? ესაიამ მესიაზე იწინასწარმეტყველა: „არ იყვირებს და ხმას არ აუწევს, ქუჩაში ვერ გაიგონებენ მის ხმას“ (ეს. 42:1, 2). იესო ისე მსახურობდა, რომ საკუთარ თავზე დიდ ყურადღებას არ იქცევდა. მას არც შთამბეჭდავი ტაძრები აუშენებია, არც გამორჩეული რელიგიური სამოსელი უტარებია და არც თავისი მიმდევრებისგან მოუთხოვია, რომ აღმატებული რელიგიური ტიტულებით მიემართათ მისთვის. როცა ასამართლებდნენ, შთაბეჭდილების მოსახდენად არც მეფე ჰეროდესთვის უჩვენებია რაიმე სასწაული (ლუკ. 23:8—11). იესო სასწაულებს კი ახდენდა, მაგრამ მისი მთავარი მიზანი სასიხარულო ცნობის ქადაგება იყო. თავის მოწაფეებს მან უთხრა: „ამისთვის ვარ მოსული“ (მარ. 1:38). w21.05 4 ¶9, 10
შაბათი, 2 სექტემბერი
მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს (იოან. 17:3).
ჩვენ ვეძებთ „მარადიული სიცოცხლის მისაღებად . . . განწყობილ“ ადამიანებს (საქ. 13:48). ქრისტეს მოწაფეები რომ გახდნენ, უნდა დავეხმაროთ მათ: 1) ჩასწვდნენ ნასწავლს, 2) ირწმუნონ და 3) ცხოვრებაში გამოიყენონ (კოლ. 2:6, 7; 1 თეს. 2:13). კრების შეხვედრებზე ყველას შეგვიძლია ბიბლიის შემსწავლელების მიმართ სიყვარული გამოვიჩინოთ და თავი შინაურულად ვაგრძნობინოთ (იოან. 13:35). მას, ვინც შესწავლას ატარებს, დიდი დრო და ენერგია დასჭირდება, რომ შემსწავლელს ძვალ-რბილში გამჯდარი შეხედულებებისა თუ ჩვევების მოშორებაში დაეხმაროს (2 კორ. 10:4, 5). შემსწავლელს შეიძლება საკმაო ხანი დასჭირდეს, რომ ცვლილებები მოახდინოს და მოინათლოს. თუმცა გაწეული შრომა აუცილებლად დაგვიფასდება. w21.07 3 ¶6
კვირა, 3 სექტემბერი
ყოველივე შეამოწმეთ, დარწმუნდით, რა არის კარგი და მას ჩაეჭიდეთ (1 თეს. 5:21).
მტკიცედ გვწამს, რომ, რასაც ვასწავლით ჭეშმარიტებაა და მხოლოდ ჩვენ ვცემთ ღმერთს თაყვანს მის მოსაწონად? პავლე მოციქული სრულად იყო დარწმუნებული რომ, რაც სწამდა, ჭეშმარიტება იყო (1 თეს 1:5). ის ამ დასკვნამდე ემოციების საფუძველზე კი არ მისულა, არამედ ღვთის სიტყვის საფუძვლიანად გამოკვლევამ მიიყვანა. მას სწამდა, რომ მთელი წმინდა წერილი ღვთისგან იყო შთაგონებული (2 ტიმ. 3:16). რა გამოიკვლია მან ღვთის სიტყვიდან? პავლემ წმინდა წერილებში იმის უდავო მტკიცებულება იპოვა, რომ იესო მესია იყო, რასაც იუდეველი რელიგიური წინამძღოლები შეგნებულად უგულებელყოფდნენ. მათ ღვთის წარმომადგენლებად მოჰქონდათ თავი, მაგრამ საქმეებით უარყოფდნენ მას (ტიტ. 1:16). მათგან განსხვავებით პავლეს თავად არ აურჩევია, რა ერწმუნა ღვთის სიტყვიდან და რა — არა. ის მზად იყო, იეჰოვას ყველა განზრახვის შესახებ ესწავლებინა და თავადაც მის თანახმად ეცხოვრა (საქ. 20:27). w21.10 18 ¶1, 2
ორშაბათი, 4 სექტემბერი
ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა (იოან. 6:44).
მართალია, ჩვენ ვქადაგებთ და ვასწავლით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი საქმის წარმატება ღვთის ხელშია (1 კორ. 3:6, 7). იეჰოვასთვის თითოეული ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია. ის საშუალებას გვაძლევს, რომ მის ძესთან ვითანამშრომლოთ და ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე ყველა ერის ხალხის შეკრებაში მივიღოთ მონაწილეობა (ანგ. 2:7). სამქადაგებლო საქმე შეგვიძლია სამაშველო საქმეს შევადაროთ. ჩვენ იმ სამაშველო გუნდის წევრებს ვგავართ, რომლებიც მაღაროში გამომწყვდეული ხალხის გათავისუფლებას ცდილობენ. შეიძლება მაშველმა გუნდმა ყველა მაღაროელი ვერ გადაარჩინოს, მაგრამ თითოეული მაშველის როლი ფასდაუდებელია. იმავეს თქმა შეიძლება მსახურებაზეც. ჩვენ არ ვიცით, კიდევ რამდენ ადამიანს დავეხმარებით, რომ თავი დააღწიოს სატანის ქვეყნიერებას, მაგრამ ის კი ვიცით, რომ იეჰოვამ შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გამოიყენოს მათ დასახმარებლად. ბოლივიაში მცხოვრები ანდრესი ამბობს: „თუ ვინმე ბიბლიის შესწავლას იწყებს და ინათლება, ეს გუნდური მუშაობის შედეგია“. დაე, ჩვენც შევინარჩუნოთ დადებითი განწყობა მსახურებაში. ამ შემთხვევაში იეჰოვა გვაკურთხებს და მსახურება დიდ სიხარულს მოგვანიჭებს. w21.05 19 ¶19, 20
სამშაბათი, 5 სექტემბერი
თავი [დააღწიეთ] ეშმაკის მახეს (2 ტიმ. 2:26).
მონადირეს ერთი რამ სურს — ცოცხლად შეიპყროს ან მოკლას თავისი სამიზნე. ის ამისთვის სხვადასხვა მახეს იყენებს, რაზეც ბიბლიაც საუბრობს (იობ. 18:8—10). როგორ ახერხებს მონადირე ცხოველის მახეში გაბმას? ის აკვირდება თავის სამიზნეს, რომ გაიგოს, რომელ ადგილებს ეტანება, რით შეიძლება მისი ხაფანგთან მიტყუება და შემდეგ შესაბამის მახეს უგებს. სატანაც ასეთი მონადირესავითაა. ის გვაკვირდება და ცდილობს, შეგვისწავლოს; მაგალითად, აკვირდება, რას ვაკეთებთ და რით ვართ დაინტერესებული. შემდეგ ცდილობს, შესაბამისი მახე დაგვიგოს და შეუმჩნევლად გაგვაბას მასში, თუმცა მის ხაფანგში რომც გავებათ, როგორც ბიბლია გვარწმუნებს, მაინც შევძლებთ მისგან თავის დაღწევას. უფრო მეტიც, ის გვასწავლის, როგორ ავირიდოთ თავიდან სატანის მახეები. სატანა მოხერხებულად იყენებს ორ მახეს — სიამაყეს და სიხარბეს. საუკუნეებია, რაც სატანა წარმატებით იყენებს ამ მახეებს. მონადირის მსგავსად ის ცდილობს, სამიზნე მახეში შეიტყუოს (ფსალმ. 91:3). მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თავი ავარიდოთ სატანის მახეებს, რადგან იეჰოვამ გაგვიმხილა, რა ტაქტიკას მიმართავს ის (2 კორ. 2:11). w21.06 14 ¶1, 2
ოთხშაბათი, 6 სექტემბერი
ჭაღარა სილამაზის გვირგვინია (იგავ. 16:31).
ჩვენი ხანდაზმული ერთგული და-ძმები ძალიან ძვირფასები არიან. ღვთის სიტყვა მათ ჭაღარას გვირგვინს ადარებს (იგავ. 20:29). თუმცა ძვირფასი ქვების მსგავსად ისინიც შეიძლება ზოგჯერ უყურადღებოდ დაგვრჩნენ. თუ სათანადოდ ვაფასებთ ხანში შესულებს, მათგან ბევრ ისეთ რამეს ვისწავლით, რაც ნებისმიერ მატერიალურ ღირებულებას აღემატება. იეჰოვასთვის ხანდაზმულები ძალიან ძვირფასნი არიან. ის კარგად იცნობს მათ და აფასებს მათ შესანიშნავ თვისებებს. იეჰოვას ახარებს, როცა ხანდაზმულები ახალგაზრდებს უზიარებენ მსახურებაში შეძენილ მრავალწლიან ცოდნასა და გამოცდილებას (იობ. 12:12; იგავ. 1:1—4). იეჰოვა მათ მოთმინებისთვისაც აფასებს (მალ. 3:16). მართალია, მათ დალხენილი ცხოვრება არ ჰქონიათ, მაგრამ ღვთისადმი რწმენა არ შერყევიათ. დღეს ისინი უფრო დიდი იმედით უყურებენ მომავალს, ვიდრე მაშინ, როცა ჭეშმარიტების შესახებ მოისმინეს. იეჰოვას ძალიან უყვარს ისინი, რადგან „სიბერეშიც კი“ არ წყვეტენ მისი სახელის გაცხადებას (ფსალმ. 92:12—15). w21.09 2 ¶2, 3
ხუთშაბათი, 7 სექტემბერი
თითოეული თავის საქმეებს დაუკვირდეს; ეს მოუტანს მას სიხარულს და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარება (გალ. 6:4).
კარგი იქნება, თუ დროდადრო გადავამოწმებთ ჩვენს მოტივებს და დავფიქრდებით: თვითშეფასებას ხომ არ მიმაღლებს იმაზე ფიქრი, რომ სხვაზე რაღაცით ვუპირატესობ? ყოველთვის იმას ხომ არ ვცდილობ, რომ თავი სხვებზე უკეთესად წარმოვაჩინო ან რომელიმე თანაქრისტიანზე უკეთესი მაინც გამოვჩნდე? თუ უბრალოდ ვცდილობ, საუკეთესო გავიღო იეჰოვასთვის? ბიბლია მოგვიწოდებს, რომ სხვებს არ შევადაროთ თავი. რატომ არის ეს რჩევა გონივრული? თუ ვიფიქრებთ, რომ თანაქრისტიანზე უკეთ გამოგვდის რაიმე საქმე, შეიძლება გავამაყდეთ. ან პირიქით, თუ ვიფიქრებთ, რომ სხვები ყველაფერში გვჯობიან, შეიძლება გული გაგვიტყდეს (რომ. 12:3). ყოველთვის უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ იეჰოვამ თავისკენ იმიტომ კი არ მიგვიზიდა, რომ გარეგნობით გამოვირჩევით, მჭევრმეტყველები ვართ ან სხვებს მოვწონვართ, არამედ იმიტომ, რომ შევიყვარეთ ის და ვუსმენთ მის ძეს (იოან. 6:44; 1 კორ. 1:26—31). w21.07 14, 15 ¶3, 4
პარასკევი, 8 სექტემბერი
შეიცვალეთ აზროვნება (ეფეს. 4:23).
აზროვნების შეცვლაში ლოცვა, ღვთის სიტყვის კითხვა და ფიქრი დაგვეხმარება. თქვენ თავს დაუკავშირეთ ნასწავლი და იეჰოვას სთხოვეთ დახმარება. მისი წმინდა სული მოგცემთ ძალას, რომ საკუთარი თავის სხვებთან შედარების ჩვევა დაძლიოთ. იეჰოვა დაგეხმარებათ, რომ შურსა და სიამაყეს გასაქანი არ მისცეთ (2 მატ. 6:29, 30). იეჰოვამ იცის, რა გვაქვს გულში. მას ისიც ესმის, რომ ბრძოლა გვიწევს ქვეყნიერების სულთან და ჩვენს სისუსტეებთან. როცა ის ხედავს, რის ფასად გვიჯდება ამ ყველაფერთან ბრძოლა, უფრო ვუყვარდებით. იეჰოვამ დედისა და შვილის მაგალითი გამოიყენა ჩვენთვის იმის დასანახვებლად, თუ რა ძლიერ ვუყვარვართ (ეს. 49:15). ნუთუ არ უნდა გვანუგეშოს იმის ცოდნამ, რომ იეჰოვას ასე ძლიერ ვუყვარვართ, რადგან ხედავს, რის ფასად გვიჯდება მისადმი მთელი გულით მსახურება?! w21.07 24, 25 ¶17—19
შაბათი, 9 სექტემბერი
მოხარულებთან იხარეთ (რომ. 12:15).
თუ ჩვენც გულმოდგინედ შევასრულებთ ნებისმიერ დავალებას იეჰოვასთვის, ჩვენი სიხარულიც გაორმაგდება. მთლიანად ჩაებით სამქადაგებლო საქმიანობაში და კრების საქმეებში (საქ. 18:5; ებრ. 10:24, 25). მოემზადეთ კრებისთვის, რომ გამამხნევებელი კომენტარები გააკეთოთ. მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ნებისმიერ დავალებას, რომელიც შუა კვირის შეხვედრაზე გეძლევათ. თუ ძმები რაიმე საქმეს მოგანდობენ, შეეცადეთ, რომ პუნქტუალური იყოთ და ხარისხიანად შეასრულოთ ყველაფერი. რაც არ უნდა დაგავალონ, ზერელედ ნუ მოეკიდებით საქმეს და ნუ იფიქრებთ, რომ ამისთვის თქვენი მოცდენა არ ღირდა. შეეცადეთ, დავალებულ საქმეში უფრო დახელოვნდეთ (იგავ. 22:29). რაც უფრო მეტ გულმოდგინებას გამოიჩენთ სულიერი საქმეებისა და თეოკრატიული დავალებების შესრულებაში, მით უფრო სწრაფად წაიწევთ სულიერად წინ და თქვენი სიხარულიც ერთიორად გაიზრდება (გალ. 6:4). გარდა ამისა, არც ის გაგიჭირდებათ, რომ გაიზიაროთ სხვების სიხარული მაშინაც კი, თუ თქვენთვის სასურველ დავალებას ისინი მიიღებენ (გალ. 5:26). w21.08 22 ¶11
კვირა, 10 სექტემბერი
ღვთიური სიბრძნე კი, პირველ ყოვლისა, წმინდაა, მერე მშვიდობიანი, კეთილგონიერი, მორჩილი, სავსეა გულმოწყალებითა და კარგი ნაყოფით, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცოა (იაკ. 3:17).
გასაქანი არ უნდა მივცეთ სიამაყეს და მზად უნდა ვიყოთ სწავლისთვის. როგორც ზოგიერთი დაავადება ამაგრებს სისხლძარღვებს და აფერხებს გულის მუშაობას, ისე სიამაყე აქვავებს ჩვენს სიმბოლურ გულს და უგრძნობს ხდის იეჰოვას მითითებების მიმართ. ფარისევლებმა გული გაიქვავეს და თვალი დახუჭეს იმ ფაქტებზე, რომლებიც ცხადად მიანიშნებდა, რომ იესო ღვთის სულით მოქმედებდა (იოან. 12:37—40). ამით მათ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს თავიანთი მომავალი (მათ. 23:13, 33). მაშასადამე, ძალიან მნიშვნელოვანია, ღვთის სიტყვასა და მის სულს ჩვენი პიროვნებისა და აზროვნების ფორმირების საშუალება მივცეთ, რაც ჩვენს გადაწყვეტილებებზეც იმოქმედებს. თავმდაბლობა დაეხმარა იაკობს, რომ იეჰოვასგან განსწავლულიყო. სწორედ თავმდაბლობის გამო გახდა ის კარგი მასწავლებელი. w22.01 10 ¶7
ორშაბათი, 11 სექტემბერი
ითხოვეთ (მათ. 7:7).
როცა გამუდმებით ვლოცულობთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ზეციერი მამა შეისმენს ჩვენს სათხოვარს (კოლ. 4:2). შეიძლება ზოგჯერ გვგონია, რომ იეჰოვა აყოვნებს ლოცვებზე პასუხს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის საჭირო დროს შეისმენს ჩვენს ლოცვებს, როგორც ამას თავად დაგვპირდა (ებრ. 4:16). ამიტომ იეჰოვა არ უნდა დავადანაშაულოთ, თუ პასუხს ისე სწრაფად ვერ ვიღებთ, როგორც ველოდით. მაგალითად, ბევრი თქვენგანი შეიძლება წლებია ლოცულობთ, რომ ღვთის სამეფომ ბოლო მოუღოს ბოროტ ქვეყნიერებას. იესომაც ხომ ამისკენ მოგვიწოდა?! (მათ. 6:10). მაგრამ რამხელა უგუნურება იქნებოდა, თუ ღვთის რწმენას მხოლოდ იმიტომ დავკარგავდით, რომ აღსასრული ჩვენი მოლოდინისამებრ არ დადგა (აბაკ. 2:3; მათ. 24:44). გონივრული იქნება, თუ დაველოდებით იეჰოვას და განვაგრძობთ რწმენით ლოცვას. აღსასრული იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს მოვა, რადგან მან უკვე დაადგინა ამისთვის „დღე და საათი“. სწორედ მაშინ მივხვდებით, რომ იეჰოვამ შესაფერისი დრო შეარჩია (მათ. 24:36; 2 პეტ. 3:15). w21.08 10 ¶10, 11
სამშაბათი, 12 სექტემბერი
იყავით თავმდაბლები და სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად ჩათვალეთ (ფილ. 2:3)
თავმდაბალ ხანდაზმულებს ესმით, რომ ასაკის გამო ძველებურად ვეღარ გაართმევენ საქმეს თავს. მაგალითად, სარაიონო ზედამხედველებს, რომლებსაც 70 წელი შეუსრულდათ, ჩვეულებრივ, ახალ დავალებას სთავაზობენ. ამასთან შეგუება შეიძლება გაუჭირდეთ, რადგან ისინი სიხარულით ემსახურებოდნენ და-ძმებს. მაგრამ ისიც კარგად ესმით, რომ უკეთესი იქნება, თუ ახლა ამ საქმეს ახალგაზრდები შეასრულებენ. ამგვარად ისინი ჰბაძავენ ლევიანებს, რომლებიც 50 წლის ასაკში წყვეტდნენ კარავში სავალდებულო მსახურებას. მათი სიხარული კონკრეტული დავალების შესრულებაზე არ იყო დამოკიდებული. ისინი გულმოდგინედ აკეთებდნენ იმას, რაც შეეძლოთ და ახალ თაობას ვალდებულებების შესრულებაში ეხმარებოდნენ (რიცხ. 8:25, 26). ყოფილი სარაიონო ზედამხედველები შეიძლება დღეს კრებებს აღარ ინახულებენ, მაგრამ დიდი კურთხევა არიან თავიანთი კრებებისთვის. w21.09 8, 9 ¶3, 4
ოთხშაბათი, 13 სექტემბერი
მამა, ზეცის წინაშეც შევცოდე და შენ წინაშეც. აღარ ვარ ღირსი, შენი ვაჟი მერქვას (ლუკ. 15:21).
ლუკას 15:11—32-ში ჩაწერილია იესოს გულში ჩამწვდომი იგავი გზასაცდენილ შვილზე. უმცროსმა ვაჟმა მამის სურვილის საწინააღმდეგოდ სახლი დატოვა და „შორეულ ქვეყანაში წავიდა“, სადაც უზნეო და თავაშვებულ ცხოვრებას მიჰყო ხელი. როცა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, სერიოზულად მხოლოდ მაშინღა დაფიქრდა თავის საქციელზე და მიხვდა, რამდენად უკეთესი იყო მამის სახლში ცხოვრება. იესოს სიტყვებით თუ ვიტყვით, ეს ახალგაზრდა კაცი გონს მოეგო. გადაწყვიტა სახლში დაბრუნებულიყო და მამისთვის პატიება ეთხოვა. მართალია, მან საკუთარი შეცდომები გააანალიზა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. მას კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგა. გზასაცდენილი შვილის გულწრფელი სინანული მისი საქციელიდანაც გამოჩნდა. ამ იგავში მხოლოდ გულისამაჩუყებელი ისტორია არ არის მოთხრობილი. მისი მორალი დაეხმარება უხუცესებს, სწორად განსაზღვრონ, რამდენად გულწრფელად ინანიებს შემცოდველი თავის დანაშაულს. w21.10 5 ¶14, 15
ხუთშაბათი, 14 სექტემბერი
შევძრავ ცასა და დედამიწას (ანგ. 2:6).
რა არ შეიძვრება ანუ რა არ განადგურდება? მოციქულმა პავლემ თქვა: „მაშ, რადგან ვხედავთ, რომ დავიმკვიდრებთ სამეფოს, რომელიც არ შეიძვრება, კვლავაც მივიღოთ ღვთის წყალობა, . . . ღმერთს მისთვის მოსაწონად ვემსახუროთ შიშითა და კრძალვით“ (ებრ. 12:28). როცა ყველაფერი უკანასკნელად შეიძვრება, მხოლოდ ღვთის სამეფო დარჩება მტკიცე და შეურყეველი (ფსალმ. 110:5, 6; დან. 2:44). დასაკარგი დრო არ არის. ხალხს მოუწევს არჩევანის გაკეთება: განადგურებისთვის განწირულ ქვეყნიერებას დაუჭიროს მხარი თუ იეჰოვას მსახურება აირჩიოს და შესაბამისი ცვლილებები მოახდინოს მარადიული სიცოცხლის მისაღებად (ებრ. 12:25). სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობით ხალხს ვეხმარებით, ამ მნიშვნელოვან საკითხში არჩევანი გააკეთონ. ყოველთვის გვახსოვდეს უფალ იესოს სიტყვები: „იქადაგებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად და მაშინ დადგება აღსასრული“ (მათ. 24:14). w21.09 19 ¶19, 20
პარასკევი, 15 სექტემბერი
არასდროს დაგტოვებ და არ მიგატოვებ (ებრ. 13:5).
უხუცესებო, თქვენ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა გაკისრიათ, რომ ანუგეშოთ ის თანამორწმუნეები, რომელთა ოჯახის წევრებმაც ზურგი აქციეს იეჰოვას (1 თეს. 5:14). გამოიჩინეთ ინიციატივა და კრების შეხვედრის დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ გამოელაპარაკეთ და გაამხნევეთ ისინი. მოინახულეთ სახლში და ილოცეთ მათთვის. მათთან ერთად იმსახურეთ და დაპატიჟეთ ოჯახურ შესწავლაზე. სულიერმა მწყემსებმა გულდამძიმებული და-ძმების მიმართ სიყვარული, თანაგრძნობა და ყურადღება უნდა გამოიჩინონ (1 თეს. 2:7, 8). იეჰოვას „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტ. 3:9). ადამიანმა სერიოზული ცოდვაც რომ ჩაიდინოს, იეჰოვასთვის მისი სიცოცხლე ძვირფასია. დაფიქრდით, რამხელა საფასური გადაიხადა იეჰოვამ, როცა თავისი საყვარელი ძე მსხვერპლად გაიღო ცოდვილთა გამოსასყიდად. მას სიყვარული უბიძგებს, რომ ასეთებს თავისთან დაბრუნებაში დაეხმაროს. იეჰოვა იმედს არ კარგავს, რომ ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ და დაუბრუნდებიან მას, ისევე როგორც იესოს იგავში მოხსენიებული გზასაცდენილი შვილი (ლუკ. 15:11—32). w21.09 30, 31 ¶17—19
შაბათი, 16 სექტემბერი
თქვენ ჩაეზიარეთ ნაშრომში (იოან. 4:38).
შესაძლოა ჯანმრთელობის გამო ძველებურად ვეღარ ახერხებთ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში მონაწილეობას. მაგრამ მაინც შეგიძლიათ გაიხაროთ იმ წვლილით, რაც მკის საქმეში შეგაქვთ. გავიხსენოთ, რა მოხდა, როცა მეფე დავითმა და მისმა ხალხმა თავიანთი ოჯახები და ქონება დაიხსნეს მოთარეშე ამალეკელებისგან. 200 კაცი მათ ბრძოლაში ვერ გაჰყვა მეტისმეტი დაღლილობის გამო, ამიტომ ბარგთან დარჩნენ. გამარჯვების შემდეგ დავითმა ბრძანა, რომ ნადავლი ყველა მებრძოლისთვის, მათ შორის ბარგთან დარჩენილებისთვისაც თანაბრად გაეყოთ (1 სამ. 30:21—25). მსგავსი პრინციპი მოქმედებს მოწაფეების მომზადების საქმეშიც. ყველა, ვინც თავს არ ზოგავს მსახურებისთვის, იზიარებს იმ სიხარულს, რომელიც ყოველი ახალი ადამიანის ჭეშმარიტების გზაზე დადგომას მოაქვს. იეჰოვა ხედავს ჩვენს გულმოდგინებასა და კარგ მოტივებს, რისთვისაც გვაჯილდოებს. ის აგრეთვე გვასწავლის, როგორ გავიხაროთ იმ წვლილით, რაც მკის საქმეში შეგვაქვს (იოან. 14:12). დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი მოიწონებს ჩვენს მსახურებას, თუ გულმოდგინებას არ დავკარგავთ ამ საქმეში. w21.10 27, 28 ¶15—17
კვირა, 17 სექტემბერი
ჭაბუკთა დიდება მათი ძალაა (იგავ. 20:29).
ასაკის მატებასთან ერთად შეიძლება იმის შიში გაგვიჩნდეს, რომ იეჰოვას ძველებურად ვეღარ გამოვადგებით. შეიძლება ჯანი აღარ გვერჩის, მაგრამ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნითა და გამოცდილებით შეგვიძლია დავეხმაროთ ახალგაზრდებს, რომ თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენონ ახალი პასუხისმგებლობების ასაღებად. ხანდაზმულებს თავმდაბლობა მართებთ, რომ დაეხმარონ ახალგაზრდებს. თავმდაბალ ადამიანს არ უჭირს სხვების უპირატესობის აღიარება (ფილ. 2:3, 4). თავმდაბლობა ხანდაზმულებს იმის დანახვაში დაეხმარება, რომ ამა თუ იმ საქმის ხარისხიანად შესრულება სხვადასხვანაირად შეიძლება, თანაც ისე, რომ ბიბლიური პრინციპები არ დაირღვეს. ამიტომ მათ არ უნდა დაიჟინონ, რომ ყველაფერი ძველებურად, მათთვის ჩვეული მეთოდით გაკეთდეს (ეკლ. 7:10). მართალია, ხანდაზმულებს შეუძლიათ დიდი გამოცდილება გაუზიარონ ახალ თაობას, მაგრამ მათ ისიც ესმით, რომ „ცვალებადია ეს ქვეყნიერება“, ამიტომ თავადაც უნდა აუწყონ ფეხი სიახლეებს (1 კორ. 7:31). w21.09 8 ¶1, 3
ორშაბათი, 18 სექტემბერი
რომელი ღმერთი შეგედრება, იეჰოვა?! ვინაა შენსავით წმინდა?! (გამ. 15:11).
იეჰოვა, როგორც ყოველმხრივ წმინდა ღმერთი, მხოლოდ იმას სთხოვდა თავის მსახურებს, რაც ზნეობრივად წმინდა იყო. ამაზე მოწმობდა მღვდელმთავრის თავსაბურავზე მიმაგრებულ ოქროს ფირფიტაზე ამოტვიფრული წარწერაც: „წმინდაა იეჰოვა“ (გამ. 28:36—38). ეს წარწერა ყველა მნახველს შეახსენებდა, რომ მხოლოდ იეჰოვაა წმინდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ხომ არ დაკარგავდა მნიშვნელობას ეს სიტყვები იმ ისრაელებისთვის, რომლებსაც არ შეეძლოთ მღვდელმთავრის პირადად ნახვა და მის თავსაბურავზე გაკეთებული წარწერის წაკითხვა? არა, რადგან კანონი მთელი ისრაელის წინაშე იკითხებოდა განურჩევლად ყველასთვის — კაცებისთვის, ქალებისთვის და ბავშვებისთვის (კან. 31:9—12). თქვენც რომ იქ ყოფილიყავით, შემდეგ სიტყვებს მოისმენდით: „მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი . . . იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე . . . წმინდები იყავით, რადგან მე, იეჰოვა, წმინდა ვარ“ (ლევ. 11:44, 45; 20:7, 26). w21.12 3 ¶6, 7
სამშაბათი, 19 სექტემბერი
ნუღარ დადარდიანდებით (ლუკ. 12:29).
ზოგი იმაზე დარდობს, რას შეჭამს, რას ჩაიცვამს და სად იცხოვრებს. და ეს იმიტომ, რომ მათ ქვეყანაში ეკონომიკური გაჭირვებაა და ოჯახის რჩენა უჭირთ. შესაძლოა ოჯახის წევრები მარჩენლის გარეშე დარჩნენ და თავი ძლივს გააქვთ. აჯობებს, საწუხარს კი არ მივეცეთ, არამედ იეჰოვას გამოვუცხადოთ ნდობა. ჩვენი მოსიყვარულე მამა იეჰოვა გვპირდება, რომ იზრუნებს ჩვენს მატერიალურ საჭიროებებზე, თუ სულიერს პირველ ადგილზე დავაყენებთ (მათ. 6:32, 33). მისი დაპირება კი არასდროს გამტყუნებულა (კან. 8:4, 15, 16; ფსალმ. 37:25). თუ ის ფრინველებზე და ყვავილებზე ზრუნავს, მით უმეტეს ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, ვიდარდოთ, რა ვჭამოთ და რა ჩავიცვათ (მათ. 6:26—30; ფილ. 4:6, 7). როგორც მშობლებს აღძრავს შვილების სიყვარული, რომ იზრუნონ მათ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე, ისე ჩვენს ზეციერ მამას აღძრავს სიყვარული, რომ იზრუნოს თავისი ხალხის საჭიროებებზე. w21.12 17 ¶4, 5; 18 ¶8
ოთხშაბათი, 20 სექტემბერი
იეჰოვა იყო იოსებთან, სიკეთეს არ აკლებდა მას (დაბ. 39:21).
გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა ვინმემ გული ძალიან გატკინათ? კარგი იქნება, თუ დაფიქრდებით იოსების მაგალითზე. მას საკუთარი ძმები მოექცნენ უსამართლოდ. მაგრამ ის უსამართლო მოპყრობას არ გაუბოროტებია. მან მთელი ყურადღება იეჰოვას მსახურებაზე გადაიტანა. იეჰოვამ კი მოთმინებისთვის ის უხვად დააჯილდოვა. დროთა განმავლობაში იოსები მოერია წყენას და ისიც დაინახა, როგორ შემოუბრუნა ღმერთმა ყველაფერი კურთხევად (დაბ. 45:5). იოსების მსგავსად იეჰოვასთან დაახლოება ნუგეშს მოგგვრით და დაგეხმარებათ, მას მიანდოთ სამართლიანობის აღდგენა (ფსალმ. 7:17; 73:28). თუ ამჟამად უსამართლობის ან სხვა მსგავსი პრობლემის გამო დიდ ტკივილს განიცდით, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა „ახლოს არის გულგატეხილებთან“ (ფსალმ. 34:18). იეჰოვას უყვარხართ იმის გამო, რომ ითმენთ და თქვენს ტვირთს მას ანდობთ (ფსალმ. 55:22). მთელი დედამიწის მოსამართლეს არაფერი გამორჩება მხედველობიდან (1 პეტ. 3:12). მზად ხართ, მოთმინებით დაელოდოთ იეჰოვას, თუ ისეთ სირთულეს შეხვდებით, რომლის მოგვარებაც თქვენს ძალას აღემატება? w21.08 11 ¶14; 12 ¶16
ხუთშაბათი, 21 სექტემბერი
ჩასწვდით, რა არის იეჰოვას ნება (ეფეს. 5:17).
გონივრული იქნება, თუ ისეთ კურსს ავირჩევთ ცხოვრებაში, რომელიც გულს გაუხარებს იეჰოვას. სწორად უნდა დავადგინოთ პრიორიტეტები. ზოგჯერ დრო გონივრულად რომ გამოვიყენოთ, არჩევანი ორ კარგ საქმეს შორის უნდა გავაკეთოთ. თვალსაჩინოებისთვის გავიხსენოთ ის შემთხვევა, როცა იესო მარიამსა და მართას ესტუმრა. იესოს სტუმრობით გახარებული მართა დიდ სამზადისს შეუდგა. ამასობაში მისი და მარიამი იესოს ფერხთით მიუჯდა და გაფაციცებით უსმენდა. მართალია, მართას კარგი სურდა, მაგრამ როგორც იესომ თქვა, „მარიამმა უკეთესი აირჩია“ (ლუკ. 10:38—42). დროთა განმავლობაში მარიამს საერთოდ აღარ გაახსენდებოდა, რით გაუმასპინძლდნენ იესოს, მაგრამ არასდროს დაავიწყდებოდა ის, რაც მისგან მოისმინა. მარიამმა ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, დრო იესოს მოსმენისთვის დაეთმო. ჩვენც უნდა დავაფასოთ ის დრო, რომელიც იეჰოვასთვის გვაქვს გამოყოფილი. w22.01 27 ¶5, 6
პარასკევი, 22 სექტემბერი
ხედავ, როგორ დაიმდაბლა ახაბმა თავი ჩემ წინაშე?! (1 მეფ. 21:29).
მართალია, ახაბმა თავი დაიმდაბლა იეჰოვას წინაშე, მაგრამ მისი შემდგომი საქმეებიდან გამოჩნდა, რომ ის გულწრფელად არ ინანიებდა ჩადენილს. მას არც კი უცდია თავის სამეფოში ბაალის კულტის ამოძირკვა და არც იეჰოვას თაყვანისმცემლობის ხელშესაწყობად გაუკეთებია რამე. ახაბის სიკვდილის შემდეგ ცხადი გახდა, თუ რას ფიქრობდა იეჰოვა მასზე. წინასწარმეტყველმა იეჰუმ თქვა, რომ ახაბი ბოროტი იყო (2 მატ. 19:1, 2). დაფიქრდით: ახაბს გულწრფელად რომ მოენანიებინა, იეჰოვას წინასწარმეტყველი მას ბოროტსა და იეჰოვას მოძულეს არ უწოდებდა. მართალია, ახაბმა გარკვეულწილად იგრძნო სინანული, მაგრამ ეს არ ყოფილა გულწრფელი მონანიება. რას გვასწავლის ახაბის მაგალითი? როცა ელიამ მის საგვარეულოს განადგურება უწინასწარმეტყველა, ახაბმა თავი დაიმდაბლა, რაც კარგის ნიშანი იყო. მაგრამ მისმა შემდგომმა გადაწყვეტილებებმა აჩვენა, რომ ის გულწრფელად არ ინანიებდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გულწრფელი მონანიება წუთიერი სინანული არ არის. w21.10 3 ¶4, 5, 7, 8
შაბათი, 23 სექტემბერი
იქადაგებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ (მათ. 24:14).
ესაია წინასწარმეტყველი იყო. როგორც ჩანს, მის ცოლსაც უწევდა წინასწარმეტყველება, რადგან ბიბლიაში მას „წინასწარმეტყველი ქალი“ ეწოდება (ეს. 8:1—4). აშკარაა, რომ ამ ცოლ-ქმარს იეჰოვას მსახურებისთვის ჰქონდა თავი მიძღვნილი. ესაიასა და მისი ცოლის მსგავსად დაქორწინებულებს შეუძლიათ თავიანთ ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი იეჰოვას მსახურებას დაუთმონ. ისინი იეჰოვასადმი ნდობას განიმტკიცებენ, თუ ერთად გამოიკვლევენ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს და კიდევ ერთხელ შეიხსენებენ მათ უტყუარობას (ტიტ. 1:2). მათ შეუძლიათ იმაზეც იფიქრონ, თავად რა წვლილი შეაქვთ ამ ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულებაში. მაგალითად, იმ სიტყვების შესრულებაში, რომელიც აღსასრულამდე მთელ მსოფლიოში სასიხარულო ცნობის ქადაგებას ეხება. რაც უფრო მეტად დარწმუნდება წყვილი ბიბლიური წინასწარმეტყველებების უტყუარობაში, მით მეტია იმის ალბათობა, რომ სრულად დაიხარჯება იეჰოვას მსახურებაში. w21.11 16 ¶9, 10
კვირა, 24 სექტემბერი
მოწაფეს უთხრა: „აი დედაშენი!“ (იოან. 19:27).
იესოს ადარდებდა დედის მდგომარეობა, რომელიც, როგორც ჩანს, იმ დროს დაქვრივებული იყო. მას უყვარდა დედამისი და, ბუნებრივია, აღელვებდა მისი მდგომარეობა. ამიტომ მის სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვა სანდო მეგობარს, იოანეს, დაავალა. იმ დღიდან მოყოლებული იოანე მარიამისთვის შვილივით გახდა და ისე ზრუნავდა მასზე, როგორც მშობელ დედაზე. იესომ უდიდესი სიყვარული გამოავლინა ამ შესანიშნავი ქალის მიმართ, რომელიც დაბადებიდან ზრუნავდა მასზე და სიკვდილის დროსაც მის გვერდით იყო. რას ვსწავლობთ იესოს სიტყვებიდან? შეიძლება ჩვენს სულიერ და-ძმებთან უფრო მეტი სიახლოვე გვქონდეს, ვიდრე ახლო ნათესავებთან. შეიძლება ნათესავებმა წინააღმდეგობა გაგვიწიონ და ზურგიც კი გვაქციონ, მაგრამ თუ იეჰოვასთან და მის ორგანიზაციასთან კავშირს არ გავწყვეტთ, როგორც იესო დაგვპირდა, იმაზე ასმაგად მეტს მივიღებთ, რაც დავკარგეთ. თანაქრისტიანები გახდებიან ჩვენთვის მოსიყვარულე შვილები, დედები და მამები (მარ. 10:29, 30). რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ფიქრობთ, რომ იმ სულიერი ოჯახის წევრები ხართ, რომელსაც რწმენა და ღვთისა და ერთმანეთის სიყვარული აერთიანებს? (კოლ. 3:14; 1 პეტ. 2:17). w21.04 9—11 ¶7, 8
ორშაბათი, 25 სექტემბერი
ნუ მოიშლით კარგის კეთებასა და გაზიარებას (ებრ. 13:16).
ურყევი სიყვარული აღგვძრავს, იმაზე მეტი გავაკეთოთ, ვიდრე მოგვეთხოვება. როგორც წარსულში, ისე დღესაც ბევრი ავლენს ურყევ სიყვარულს თანამორწმუნეების მიმართ, მათ მიმართაც კი, ვისაც პირადად არ იცნობს. მაგალითად, როცა სტიქიური უბედურება ხდება, ისინი მაშინვე გამოთქვამენ დაზარალებულთა დახმარების სურვილს. როცა კრებაში ვინმეს ფინანსურად უჭირს, და-ძმები დაუყოვნებლივ უწვდიან მას დახმარების ხელს. პირველ საუკუნეში მცხოვრები მაკედონელების მსგავსად ზოგჯერ ისინი იმაზე მეტს აკეთებენ გასაჭირში მყოფი და-ძმების დასახმარებლად, ვიდრე მოეთხოვებათ (2 კორ. 8:3). ყურადღებიანი უხუცესები ცდილობენ, შეაქონ ის და-ძმები, რომლებიც სხვებზე ზრუნავენ. უხუცესების მიერ დროულად ნათქვამი თბილი სიტყვები და-ძმებს მხნეობას მატებს, რომ კვლავაც სიკეთე აკეთონ (ეს. 32:1, 2). w21.11 11 ¶14; 12 ¶21
სამშაბათი, 26 სექტემბერი
ყური დაუგდე ბრძენს და მოისმინე მისი საუბარი (იგავ. 22:17).
დროდადრო ყველას გვჭირდება რჩევა. ზოგჯერ შეიძლება თავად ვითხოვოთ რჩევა მოწიფული ქრისტიანისგან, ზოგჯერ კი შეიძლება ჩვენი კეთილდღეობით დაინტერესებულმა ქრისტიანმა მოგვცეს რჩევა, რომ დაგვიცვას მცდარი ნაბიჯისგან (გალ. 6:1). მაგრამ, თუ სერიოზული შეცდომა დავუშვით, შეიძლება შეგვაგონონ კიდეც. რა სახითაც არ უნდა მოგვცენ რჩევა, არასდროს უნდა წავუყრუოთ, რადგან ეს ჩვენივე კეთილდღეობას მოემსახურება და შეიძლება სიკვდილისგანაც კი გვიხსნას (იგავ. 6:23). დღევანდელი მუხლი თითოეულს მოგვიწოდებს: „ყური დაუგდე ბრძენს და მოისმინე მისი საუბარი“. ყოვლისმცოდნე არავინ არის. ყოველთვის იქნებიან ჩვენზე უფრო მცოდნე და გამოცდილი ადამიანები (იგავ. 12:15). რჩევის მიღებას თავმდაბლობა და იმის გაცნობიერება სჭირდება, რომ ყველაფერი არ ვიცით. ისიც გვესმის, რომ დაუხმარებლად მიზნების მიღწევა გაგვიჭირდება. ამას მეფე სოლომონის სიტყვებიც ცხადყოფს: „სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“ (იგავ. 15:22). w22.02 8 ¶1, 2
ოთხშაბათი, 27 სექტემბერი
ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც აღიარებს და აღარ ჩაიდენს, შეწყალებული იქნება (იგავ. 28:13).
ნამდვილი მონანიება მწუხარების მხოლოდ სიტყვიერად გამოხატვას არ ნიშნავს. მასში იგულისხმება აზროვნებისა და დამოკიდებულების შეცვლა, არასწორი ცხოვრების წესის მიტოვება და კვლავ იეჰოვას ნორმების თანახმად ცხოვრება (ეზეკ. 33:14—16). შემცოდველის მთავარი საფიქრალი იეჰოვასთან გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენა უნდა იყოს. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გავიგებთ, რომ ჩვენმა ახლო მეგობარმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა? თუ მის ცოდვას დავმალავთ, ამით მას მხოლოდ ზიანს მივაყენებთ. დამალვას აზრი არა აქვს, რადგან იეჰოვა ისედაც ყველაფერს ხედავს (იგავ. 5:21, 22). მეგობარს იმ შემთხვევაში დავეხმარებით, თუ ვეტყვით, რომ უხუცესებს დაელაპარაკოს. თუ ის ამაზე უარს იტყვის, თავად უნდა ვაცნობოთ მათ ამის შესახებ. ასე ვაჩვენებთ, რომ ნამდვილად გვსურს მეგობრის დახმარება. w21.10 7 ¶19—21
ხუთშაბათი, 28 სექტემბერი
მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც (ფილ. 2:4).
ყველას შეგვიძლია, იესოს მსგავსად თავდაუზოგავები ვიყოთ. ბიბლია იესოზე ამბობს, რომ მან „მონის სახე მიიღო“ (ფილ. 2:7). კარგი მონა თუ მსახური ყველანაირად ცდილობს, რომ ასიამოვნოს თავის ბატონს. ჩვენ იეჰოვას მონები ვართ და და-ძმების მომსახურება გვევალება. ამიტომ გვინდა, უფრო მეტად დავიხარჯოთ იეჰოვასა და და-ძმებისთვის. დაფიქრდით: მზად ვარ, სხვების დასახმარებლად არ დავიშურო საკუთარი დრო და ენერგია? მზადყოფნით ვიღებ მონაწილეობას ჩვენი დარბაზების დასუფთავებასა თუ მოვლა-პატრონობაში? თუ მიხვდებით, რომ გაუმჯობესება გჭირდებათ, მაგრამ ამისთვის მოტივაცია გაკლიათ, იეჰოვას მიმართეთ ლოცვით. გულახდილად უთხარით მას ყველაფერი და სთხოვეთ, რომ სურვილიც აღგიძრათ და მოქმედების ძალაც მოგცეთ (ფილ. 2:13). w22.02 22, 23 ¶9—11
პარასკევი, 29 სექტემბერი
მე გამოგაცოცხლებთ (მათ. 11:28).
იესო კეთილად ეპყრობოდა სხვებს. ის რბილი და დამთმობი იყო (მათ. 11:29, 30). მაგალითად, ერთხელ ფინიკიელმა ქალმა შვილის განკურნება სთხოვა იესოს. თავიდან მან უარი უთხრა, მაგრამ როცა ქალის რწმენა დაინახა, შეუსრულა სათხოვარი (მათ. 15:22—28). იესო კეთილი იყო, მაგრამ არა ზედმეტად ლმობიერი. ზოგჯერ ის სიკეთეს იმით ავლენდა, რომ მტკიცე და შეუვალი იყო მეგობრების მიმართ. მაგალითად, ერთხელ იესომ სხვა მოწაფეების წინაშე გაკიცხა პეტრე, რომელმაც მოინდომა, გადაერწმუნებინა ის, რომ თავი არ გაეწირა (მარ. 8:32, 33). იესოს ეს პეტრეს დასამცირებლად არ გაუკეთებია. ამით უბრალოდ ჭკუა ასწავლა და სხვა მოწაფეებიც გააფრთხილა, რომ ზედმეტის უფლება არ მიეცათ საკუთარი თავისთვის. ფაქტია, პეტრე გარკვეულ უხერხულობას იგრძნობდა, მაგრამ ეს კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა მისთვის. სიკეთე ზოგჯერ იმაში გამოიხატება, რომ თავს არ ვიკავებთ რჩევის მიცემისგან. ასეთ დროს მიჰბაძეთ იესოს და რჩევა ღვთის სიტყვაზე დააფუძნეთ. w22.03 11 ¶12, 13
შაბათი, 30 სექტემბერი
მუდამ შევწიროთ ღმერთს მსხვერპლად ქება, ჩვენი ბაგეთა ნაყოფი, ანუ სახალხოდ ვაუწყოთ მისი სახელი (ებრ. 13:15).
ღმერთს თაყვანს ვცემთ, როცა განვადიდებთ მას (ფსალმ. 34:1). ჩვენ განვადიდებთ იეჰოვას, როცა მის საოცარ თვისებებსა და საქმეებზე ვსაუბრობთ. ამისკენ მადლიერი გული გვიბიძგებს. თუ ვფიქრობთ ყველა იმ სიკეთეზე, რასაც იეჰოვა დღემდე გვიკეთებს, მისი განდიდების მიზეზი არასდროს გამოგველევა. ქადაგება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, „შევწიროთ ღმერთს მსხვერპლად ქება, ჩვენი ბაგეთა ნაყოფი“. როგორც ლოცვამდე უნდა დავფიქრდეთ, რის თქმას ვაპირებთ იეჰოვასთვის, ასევე მსახურებაში გასვლამდე უნდა დავფიქრდეთ, რას ვეტყვით ხალხს. ჩვენ გულანთებულები ვუზიარებთ ხალხს სასიხარულო ცნობას, რადგან გვინდა, საუკეთესო მსხვერპლი შევწიროთ იეჰოვას. w22.03 21 ¶8