საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es23 გვ. 98-108
  • ოქტომბერი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ოქტომბერი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2023
  • ქვესათაურები
  • კვირა, 1 ოქტომბერი
  • ორშაბათი, 2 ოქტომბერი
  • სამშაბათი, 3 ოქტომბერი
  • ოთხშაბათი, 4 ოქტომბერი
  • ხუთშაბათი, 5 ოქტომბერი
  • პარასკევი, 6 ოქტომბერი
  • შაბათი, 7 ოქტომბერი
  • კვირა, 8 ოქტომბერი
  • ორშაბათი, 9 ოქტომბერი
  • სამშაბათი, 10 ოქტომბერი
  • ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი
  • ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი
  • პარასკევი, 13 ოქტომბერი
  • შაბათი, 14 ოქტომბერი
  • კვირა, 15 ოქტომბერი
  • ორშაბათი, 16 ოქტომბერი
  • სამშაბათი, 17 ოქტომბერი
  • ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი
  • ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი
  • პარასკევი, 20 ოქტომბერი
  • შაბათი, 21 ოქტომბერი
  • კვირა, 22 ოქტომბერი
  • ორშაბათი, 23 ოქტომბერი
  • სამშაბათი, 24 ოქტომბერი
  • ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი
  • ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი
  • პარასკევი, 27 ოქტომბერი
  • შაბათი, 28 ოქტომბერი
  • კვირა, 29 ოქტომბერი
  • ორშაბათი, 30 ოქტომბერი
  • სამშაბათი, 31 ოქტომბერი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2023
es23 გვ. 98-108

ოქტომბერი

კვირა, 1 ოქტომბერი

ბედნიერია ის, ვინც დამაბრკოლებელს არაფერს ხედავს ჩემში (მათ. 11:6).

ჩვენს მრწამსსა და სწავლებებს ღვთის სიტყვა უდევს საფუძვლად. თუმცა ზოგს სწორედ ის აბრკოლებს, რომ ჩვენი თაყვანისმცემლობა შთამბეჭდავი რიტუალებით არ გამოირჩევა; შესაბამისად ის, რასაც ჩვენ ვქადაგებთ, მათ მოლოდინს არ ამართლებს. რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავბრკოლდეთ? მოციქულმა პავლემ რომში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა: „რწმენა მოსმენის შედეგია, მოსმენა კი — ქრისტეს შესახებ ქადაგებისა“ (რომ. 10:17). ასე რომ, რწმენას წმინდა წერილების კვლევა გვიძლიერებს და არა არაბიბლიურ რიტუალებში მონაწილეობა, რაოდენ მიმზიდველიც არ უნდა იყოს ის თვალისთვის. ძლიერ რწმენას ცოდნა უნდა ედოს საფუძვლად, რადგან „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს“ (ებრ. 11:1, 6). იმის დასაჯერებლად, რომ ჭეშმარიტება ვიპოვეთ, სულაც არ გვჭირდება შთამბეჭდავი ნიშნები ციდან. ბიბლიური სწავლებების საფუძვლიანად გამოკვლევა ჭეშმარიტებაში დაგვარწმუნებს და ყოველგვარ ეჭვს გაგვიქარწყლებს. w21.05 4, 5 ¶11, 12

ორშაბათი, 2 ოქტომბერი

ყველაფერი, რაც თავს გადამხდა, სასიხარულო ცნობის გავრცელებას მოემსახურა (ფილ. 1:12).

მოციქული პავლე არაერთ დაბრკოლებას შეხვდა ცხოვრებაში. მას გაძლიერება განსაკუთრებით მაშინ სჭირდებოდა, როცა სცემეს, ჩაქოლეს და დააპატიმრეს (2 კორ. 11:23—25). პავლემ გულახდილად აღიარა, რომ შიგადაშიგ უარყოფით გრძნობებთან უწევდა ბრძოლა (რომ. 7:18, 19, 24). მას, როგორც ჩანს, ჯანმრთელობის პრობლემაც ჰქონდა, რომელსაც „სხეულში ეკალი“ უწოდა და რომლის მოშორებასაც გულმხურვალედ შესთხოვდა ღმერთს (2 კორ. 12:7, 8). იეჰოვამ ძალა მისცა პავლეს, რომ წინააღმდეგობების მიუხედავად შეესრულებინა თავისი მსახურება. რა შეძლო პავლემ იეჰოვას ძალით? მაგალითად, რომში შინაპატიმრობისას ის გაბედულად ქადაგებდა სასიხარულო ცნობას გავლენიან იუდეველებთან და შესაძლოა ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც კი (საქ. 28:17; ფილ. 4:21, 22). მან აგრეთვე უქადაგა პრეტორიული გვარდიის ჯარისკაცებს და ყველა მნახველს (საქ. 28:30, 31; ფილ. 1:13). პავლემ ღვთივშთაგონებით სწორედ იმ პერიოდში დაწერა რამდენიმე წერილი, რომლებიც დღემდე ამხნევებს ქრისტიანებს. w21.05 21 ¶4, 5

სამშაბათი, 3 ოქტომბერი

არ გადახვიდეთ დაწერილს, რომ არ გაყოყოჩდეთ და ერთი ძმა მეორეზე მაღლა არ დააყენოთ (1 კორ. 4:6).

სიამაყემ იქამდე მიიყვანა იუდას მეფე უზია, რომ არაფრად ჩააგდო რჩევა და კადნიერად მოიქცა. არადა უზია ძალიან უნარიანი მმართველი იყო. მან არაერთი გამარჯვება მოიპოვა ბრძოლაში, განახორციელა მრავალი სამშენებლო პროექტი და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სასოფლო-სამეურნეო საქმის განვითარებას; მას „ღმერთიც ხელს უმართავდა“ (2 მატ. 26:3—7, 10). თუმცა ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ, „როცა გაძლიერდა, გადიდგულდა თავისდა დასაღუპავად“. იეჰოვას მიერ დადგენილი წესისამებრ, ტაძარში საკმევლის კმევა მხოლოდ მღვდლების უფლებამოსილებაში შედიოდა. მაგრამ გაამაყებული უზია ტაძარში შევიდა საკმევლის საკმევად, რის გამოც იეჰოვა განურისხდა მას და კეთრი შეჰყარა. (2 მატ. 26:16—21). შესაძლებელია, რომ უზიას მსგავსად ჩვენც გავებათ სიამაყის მახეში და ცოდვა ჩავიდინოთ? უნდა გვახსოვდეს, რომ რა უნარსა და პასუხისმგებლობასაც არ უნდა ვფლობდეთ კრებაში, ყველაფერი იეჰოვასგან გვაქვს (1 კორ. 4:7). თუ გავამაყდებით, იეჰოვა აღარ გამოგვიყენებს თავისი საქმისთვის. w21.06 16 ¶7, 8

ოთხშაბათი, 4 ოქტომბერი

ის კი ნუ გიხარიათ, რომ ბოროტი სულები გემორჩილებიან, ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ზეცაში ჩაიწერა (ლუკ. 10:20).

იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები ყოველთვის წარმატებას ვერ მიაღწევდნენ მსახურებაში. ჩვენ არ ვიცით, მათი ქადაგების შედეგად საბოლოოდ რამდენი გახდა ქრისტიანი. მოწაფეების სიხარული მხოლოდ ხალხის მხრიდან დადებით გამოხმაურებაზე არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული. უდიდესი სიხარული მათთვის იმას უნდა მიენიჭებინა, რომ იეჰოვა აფასებდა მათ გულმოდგინე შრომას. თუ მოთმინებით გავაგრძელებთ მსახურებას, მარადიულ სიცოცხლეს მოვიპოვებთ. როცა სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების თესლს მთელი გულით ვთესავთ და ვუვლით, ჩვენ, ფაქტობრივად, სულისთვის ვთესავთ ანუ ღვთის სულს ჩვენზე მოქმედების საშუალებას ვაძლევთ. თუ ამ საქმის კეთებაში არ დავიღლებით, დარწმუნებული შეგვიძლია ვიყოთ, რომ მარადიულ სიცოცხლეს მოვიმკით იმისდა მიუხედავად, ვინმეს მივიყვანთ თუ არა ნათლობამდე (გალ. 6:7—9). w21.10 26 ¶8, 9

ხუთშაბათი, 5 ოქტომბერი

გული დაეწვა მათ გამო . . . და ბევრ რამეს ასწავლიდა მათ (მარ. 6:34).

ერთხელ მთელი დღის ქადაგების შემდეგ იესო და მისი მოწაფეები დაიღალნენ და დასვენება მოინდომეს. მაგრამ, როცა დასასვენებლად ადგილს ეძებდნენ, მათ ირგვლივ უამრავი ხალხი მოგროვდა. მათ დანახვაზე იესოს გული დაეწვა და ბევრი რამ ასწავლა. ამისკენ ის თანაგრძნობამ აღძრა. მან დაინახა ამ ხალხის გაჭირვება და უნუგეშო მდგომარეობა. ამიტომაც გაუჩნდა მათი დახმარების სურვილი. ხალხი დღესაც ასეთივე მდგომარეობაშია. ზოგი თითქოს ბედნიერი ჩანს, მაგრამ ამან არ უნდა მოგვატყუოს. სინამდვილეში ისინი უმწყემსოდ დარჩენილი, გზასაცდენილი ცხვრებივით არიან. პავლე მოციქულმა ასეთებზე თქვა, რომ უიმედოდ და უღმერთოდ იყვნენ დარჩენილები (ეფეს. 2:12). როცა ვფიქრობთ, რა სავალალო სულიერ მდგომარეობაშია ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი, სიყვარული და თანაგრძნობა აღგვძრავს მათი დახმარებისკენ. ამის საუკეთესო საშუალება კი მათთვის ბიბლიის შესწავლის შეთავაზებაა. w21.07 5 ¶8

პარასკევი, 6 ოქტომბერი

ნუ გავხდებით პატივმოყვარენი (გალ. 5:26).

პატივმოყვარე ადამიანს სიამაყე და ეგოიზმი ახასიათებს. რაც შეეხება შურიან ადამიანს, მას არა მხოლოდ ის სურს, რაც სხვებს აქვთ, არამედ სხვისი კარგიც არ ახარებს. აშკარაა, რომ შური სიძულვილის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ისეთი უარყოფითი თვისებები, როგორებიც პატივმოყვარეობა და შურია, შეგვიძლია შევადაროთ მავნებელ მწერს, რომელიც შიგნიდან აზიანებს ხის მერქანს. გარეგნულად ხეს შეიძლება არაფერი ეტყობოდეს, მაგრამ ადრე თუ გვიან ის გახმება და წაიქცევა. მსგავსად, შეიძლება ქრისტიანი რაღაც პერიოდი ემსახურებოდეს იეჰოვას, მაგრამ, თუ შურსა და პატივმოყვარეობას მისცემს გასაქანს, მისი „დაცემა“ გარდაუვალი იქნება (იგავ. 16:18). ის იეჰოვასაც ჩამოშორდება და ზიანს მიაყენებს საკუთარ თავსაც და სხვებსაც. პატივმოყვარეობას გასაქანს არ მივცემთ, თუ გავითვალისწინებთ პავლე მოციქულის რჩევას: „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ იყავით თავმდაბლები და სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად ჩათვალეთ“ (ფილ. 2:3). w21.07 15, 16 ¶6—8

შაბათი, 7 ოქტომბერი

სასიხარულო ცნობა, რომელიც გიქადაგეთ, უბრალო სიტყვები კი არ იყო, არამედ წმინდა სულითა და სრული დამაჯერებლობით გადმოცემული ძლიერი ცნობა (1 თეს. 1:5).

ზოგი ფიქრობს, რომ ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრებს ყველა კითხვაზე უნდა ჰქონდეთ პასუხი, ისეთებზეც კი, რომლებზეც ბიბლია არაფერს ამბობს. რამდენად რეალისტურია ასეთი მოლოდინი? განვიხილოთ მოციქულ პავლეს მაგალითი. მართალია, ის თანამორწმუნეებს მოუწოდებდა, ყოველივე შეემოწმებინათ, მაგრამ იმასაც აღიარებდა, რომ ბევრი რამ არ ესმოდა (1 თეს. 5:21). ის წერდა: „ნაწილობრივი ცოდნა გვაქვს“ და „ამჟამად ბუნდოვნად ვხედავთ, თითქოსდა ლითონის სარკეში ვიყურებოდეთ“ (1 კორ. 13:9, 12). თუ პავლე ვერ სწვდებოდა ყველაფერს, ჩვენ მით უმეტეს ვერ ჩავწვდებით. მაგრამ მან იცოდა ის ძირითადი, რაც ღვთის განზრახვების შესახებ უნდა სცოდნოდა. მას საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა იმის დასაჯერებლად, რომ მისი მრწამსი ჭეშმარიტება იყო. რომელია ერთ-ერთი საშუალება იმაში დასარწმუნებლად, რომ ჭეშმარიტ გზას ვადგავართ? ამაში დაგვეხმარება იმის გარკვევა, რამდენად შეესაბამება იესოს მიერ დატოვებულ ღვთისმსახურების ნიმუშს ის, რასაც დღეს იეჰოვას მოწმეები მიჰყვებიან. w21.10 18, 19 ¶2—4

კვირა, 8 ოქტომბერი

მსახურება 50 წელს გადაცილებულებმა შეწყვიტონ, აღარ იმსახურონ (რიცხ. 8:25).

ხანდაზმულებო, არა აქვს მნიშვნელობა, სრული დროით მსახურობთ თუ არა, თქვენ სხვებისთვის ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. ამას იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ შეეგუებით ახალ გარემოებებს, დაისახავთ ახალ მიზნებს და იმაზე გააკეთებთ აქცენტს, რისი კეთებაც შეგიძლიათ და არა იმაზე, რასაც ვერ აკეთებთ. მეფე დავითს მთელი გულით სურდა, იეჰოვასთვის ტაძარი აეშენებინა, მაგრამ იეჰოვამ უთხრა, რომ ამ საქმეს ახალგაზრდა სოლომონი შეასრულებდა. დავითი არ ეურჩა იეჰოვას გადაწყვეტილებას და ყველაფერი გააკეთა ტაძრის მშენებლობის მხარდასაჭერად (1 მატ. 17:4; 22:5). მას არ უფიქრია, რომ ამ საქმეს თავად უკეთესად შეასრულებდა, რადგან სოლომონი ჯერ კიდევ „ახალგაზრდა და გამოუცდელი“ იყო (1 მატ. 29:1). დავითს ესმოდა, რომ ამ სამშენებლო პროექტის წარმატებით განხორციელება იეჰოვას კურთხევაზე იყო დამოკიდებული და არა მის ასაკსა თუ გამოცდილებაზე, ვინც ამ საქმეს სათავეში ჩაუდგებოდა. დავითის მსგავსად ხანდაზმულები მაშინაც არ წყვეტენ აქტიურ მსახურებას, როცა დავალება ეცვლებათ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ იეჰოვა ხელს მოუმართავს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მათ საქმეს გადაიბარებენ. w21.09 9 ¶4; 10 ¶5, 8

ორშაბათი, 9 ოქტომბერი

ის წაუძღვება თვინიერებს, რომ სიმართლით იარონ, თავის გზას ასწავლის მათ (ფსალმ. 25:9).

სულიერი მიზნები ჩვენს ცხოვრებას მიმართულებას აძლევს და აზრს სძენს. მთავარია, მიზნები ჩვენი შესაძლებლობებისა და მდგომარეობის მიხედვით განვსაზღვროთ და არა სხვების. წინააღმდეგ შემთხვევაში იმედგაცრუებასა და გულგატეხილობას ვერ ავირიდებთ თავიდან (ლუკ. 14:28). იეჰოვას დიდი სულიერი ოჯახის თითოეული წევრი განსაკუთრებული და დასაფასებელია. იეჰოვამ იმიტომ კი არ მიგვიზიდა, რომ სხვებზე უკეთესები ვიყავით, არამედ იმიტომ, რომ ჩვენში თვინიერება და სწავლისა და გაუმჯობესების სურვილი დაინახა. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ის აფასებს თქვენს თავდაუზოგავ მსახურებას. თქვენი მოთმინება და ერთგულება იმაზე მეტყველებს, რომ „კარგი და კეთილი“ გული გაქვთ (ლუკ. 8:15). ასე რომ, კვლავაც საუკეთესო გაიღეთ იეჰოვასთვის და გაიხარეთ საკუთარი სულიერი წარმატებით! (გალ. 6:4). w21.07 24 ¶15; 25 ¶20

სამშაბათი, 10 ოქტომბერი

ვინც ცოდვილს მცდარი გზიდან მოაბრუნებს, სიკვდილისგან იხსნის მას (იაკ. 5:20).

ხშირ შემთხვევაში მოთმინებაა საჭირო, როცა სამართლიანობის აღდგენას ველით. მაგალითად, მას შემდეგ, რაც უხუცესები მომხდარის შესახებ შეიტყობენ, ისინი ღმერთს ლოცვაში სიბრძნეს შესთხოვენ, რათა სიტუაციას იეჰოვას თვალით შეხედონ (იაკ. 3:17). მათი მიზანია, შემცოდველი მცდარი გზიდან მოაბრუნონ (იაკ. 5:19, 20). ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ დაიცვან კრება და ანუგეშონ შემცოდველის მიერ დაზარალებულები (2 კორ. 1:3, 4). უხუცესები ცდილობენ, ყველა ფაქტი გაარკვიონ, რასაც შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს. გარდა ამისა, ლოცულობენ და ბიბლიური პრინციპების საფუძველზე სამართლიანად შეაგონებენ შემცოდველს (იერ. 30:11). ისინი ნაჩქარევად არ იღებენ გადაწყვეტილებას. ღვთიური პრინციპებით მიღებულ გადაწყვეტილებას მთელი კრებისთვის სიკეთე მოაქვს. w21.08 10, 11 ¶12, 13

ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი

სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ . . . შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი — ჩემი ღმერთი! (რუთ. 1:16).

ისრაელში ჩამოვარდნილი შიმშილობის გამო ნაომი და მისი ქმარი თავიანთ ორ ვაჟთან ერთად მოაბში გადავიდნენ, სადაც ნაომის ქმარი დაეღუპა. მისი შვილები დაქორწინდნენ, მაგრამ საუბედუროდ, ისინიც დაიღუპნენ (რუთ. 1:3—5). ქმარ-შვილის სიკვდილმა ნაომი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. სულგამწარებულმა ისიც კი იფიქრა, რომ იეჰოვა დაუპირისპირდა და თავისი გულისტკივილი ასე გამოხატა: „ხომ ხედავთ, იეჰოვა მსჯის!.. ყოვლისშემძლემ სიცოცხლე გამიმწარა!.. იეჰოვა დამიპირისპირდა და ყოვლისშემძლემ დამატეხა უბედურება!“ (რუთ. 1:13, 20, 21). იეჰოვას ესმის, რომ „ჩაგვრისგან ბრძენიც კი შეიძლება შეშლილივით მოიქცეს“ (ეკლ. 7:7). მან რუთი აღძრა, რომ მხარში ამოსდგომოდა ნაომის და ურყევი სიყვარული ეგრძნობინებინა მისთვის. რუთი სითბოთი და სიყვარულით დაეხმარა დედამთილს, რომ ემოციური და სულიერი წონასწორობა აღედგინა. w21.11 9 ¶9; 10 ¶10, 13

ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი

გამუდმებით სთხოვოს ღმერთს (იაკ. 1:5).

ჩვენს ახლანდელ დავალებაზე მთელი ყურადღების გადატანა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მსახურებაში ახალი მეთოდების მოსინჯვაზე აღარ ვიფიქროთ. კარგი იქნება, თუ ისეთ მიზნებს დავისახავთ, რომლებიც უკეთეს მქადაგებლებად და მასწავლებლებად გვაქცევს და და-ძმებისთვისაც უფრო გამოსადეგს გაგვხდის. ასეთ მიზნებს მაშინ მივაღწევთ, თუ საკუთარ თავზე კი არა, სხვებზე ვიქნებით ორიენტირებული (იგავ. 11:2; საქ. 20:35). რა მიზნები შეგიძლიათ დაისახოთ? სთხოვეთ იეჰოვას, თქვენი თავი სწორად შეგაფასებინოთ და რეალური მიზნების დასახვაში დაგეხმაროთ (იგავ. 16:3). ხომ არ შეგიძლიათ რომელიმე მიზნის დასახვა, მაგალითად, დამხმარე პიონერობა, ბეთელში მსახურება ან თეოკრატიული პროექტების მშენებლობაში მონაწილეობა? ან იქნებ იმის შესაძლებლობა გაქვთ, რომ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად ახალი ენა შეისწავლოთ ან უცხოენოვან ტერიტორიაზე გადახვიდეთ მსახურების გასაფართოებლად. w21.08 23 ¶14, 15

პარასკევი, 13 ოქტომბერი

მარადიული და ურყევია მისი სიყვარული (ფსალმ. 136:1).

იეჰოვა ძალიან აფასებს ურყევ სიყვარულს (ოს. 6:6). ამიტომ სურს, რომ მისი მსახურებიც გამოირჩეოდნენ ამ თვისებით, რაც წინასწარმეტყველი მიქას სიტყვებიდანაც გამოჩნდა (მიქ. 6:8, სქ.). ამიტომ კარგად უნდა გავერკვეთ, რას მოიცავს ეს თვისება. „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ დაახლოებით 230-ჯერ გვხვდება „ურყევი სიყვარული“. რა იგულისხმება ურყევ სიყვარულში? „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანში“ ის ასეა ახსნილი: „ესაა სიყვარული, რომელსაც საფუძვლად უდევს ერთგულება, ვალდებულება და ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა. როგორც წესი, ამ სიტყვით აღიწერება ღვთის სიყვარული ადამიანებისადმი, თუმცა ზოგ კონტექსტში ადამიანთა შორის არსებული სიყვარულის აღსაწერადაც გამოიყენება“. ამ თვისებას იეჰოვა სრულყოფილად ავლენს. ამიტომ არ გვიკვირს, რატომ ამბობდა მეფე დავითი აღფრთოვანებული: „იეჰოვა, ზეცას სწვდება შენი ურყევი სიყვარული . . . რაოდენ ძვირფასია, ღმერთო, შენი ურყევი სიყვარული!“ (ფსალმ. 36:5, 7). თქვენც აფასებთ იეჰოვას ამ შესანიშნავ თვისებას? w21.11 2 ¶1, 2; 3 ¶4

შაბათი, 14 ოქტომბერი

ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა“ (მათ. 6:9).

იეჰოვას დიდ ზეციერ ოჯახს მიეკუთვნება იესო, როგორც „ყველა სხვა ქმნილებაზე უწინ შობილი“, და მასთან ერთად უამრავი ანგელოზი (კოლ. 1:15; ფსალმ. 103:20). დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვთისმოშიშ ადამიანებსაც შეუძლიათ იეჰოვა მამად მიიჩნიონ. მაგალითად, თავის მოწაფეებს იესომ ასეთი რამ უთხრა: „მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან“ (იოან. 20:17). როცა თავი მივუძღვენით იეჰოვას და მოვინათლეთ, ჩვენც ამ მოსიყვარულე სულიერი ოჯახის წევრები გავხდით (მარ. 10:29, 30). იეჰოვა მოსიყვარულე მამაა. იესოს სურს, რომ იეჰოვას ჩვენც თბილ და მოსიყვარულე მშობლად მივიჩნევდეთ, რომელთანაც ნებისმიერ დროს შეგვიძლია საუბარი, და არა მკაცრ დირექტორად. მან ლოცვა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „ჩვენო ზეციერო მამა“. იესოს არ უსწავლებია ჩვენთვის, რომ იეჰოვასთვის ისეთი ტიტულებით მიგვემართა, როგორებიცაა: „ყოვლისშემძლე“, „შემოქმედი“ ან „მარადიულობის მეფე“, რაც აბსოლუტურად გამართლებული იქნებოდა (დაბ. 49:25; ეს. 40:28; 1 ტიმ. 1:17). მან გვასწავლა, რომ იეჰოვასთვის „მამა“ გვეწოდებინა, რაც თბილი და უშუალო მიმართვის ფორმაა. w21.09 20 ¶1, 3

კვირა, 15 ოქტომბერი

მიხვდა მენაშე, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი (2 მატ. 33:13).

მეფე მენაშე ჯიუტად ყურს არ უგდებდა იეჰოვას გაფრთხილებებს, რომლებსაც მისი წინასწარმეტყველები გადასცემდნენ. მაშინ იეჰოვამ იუდას წინააღმდეგ „ასურეთის მეფის ჯარის მეთაურები გამოიყვანა. შეიპყრეს მენაშე კავებით, სპილენძის ბორკილები დაადეს და ბაბილონში წაიყვანეს“. უცხო მიწაზე დატყვევებული მენაშე სერიოზულად დაფიქრდა ჩადენილ საქციელზე და „დიდად დაიმდაბლა თავი თავისი მამა-პაპის ღვთის წინაშე“. მან „წყალობა სთხოვა იეჰოვას, თავის ღმერთს, და . . . ლოცვით მიმართავდა“ მას (2 მატ. 33:10—12). იეჰოვამ უპასუხოდ არ დატოვა მისი ლოცვები, რადგან მათში გულწრფელობა დაინახა. მენაშემ იეჰოვას გული მოულბო ხვეწნით და მანაც დაუბრუნა მეფობა. იქიდან მოყოლებული მენაშე ყველანაირად ცდილობდა, თავისი მონანიების სიწრფელე საქმით დაემტკიცებინა. w21.10 4 ¶10, 11

ორშაბათი, 16 ოქტომბერი

ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას, რადგან კარგ საზღაურს მიიღებენ თავიანთი გარჯის სანაცვლოდ (ეკლ. 4:9).

პრისკილასა და აკვილას უნდა დაეტოვებინათ ნაცნობი გარემო და ყველაფერი ახლიდან დაეწყოთ. მაგალითად, უნდა მოეძებნათ ახალი საცხოვრებელი და კარვების კერვის საქმეც განეახლებინათ. კორინთში აკვილა და პრისკილა აქტიურად ჩაებნენ ადგილობრივი კრების საქმიანობაში და მოციქულ პავლესთან ერთად და-ძმებს განამტკიცებდნენ. მოგვიანებით ისინი იმ ქალაქებშიც ქადაგებდნენ, სადაც ამის საჭიროება იყო (საქ. 18:18—21; რომ. 16:3—5). მათ ნამდვილად აზრიანი და საინტერესო ცხოვრება ჰქონდათ. პრისკილასა და აკვილას მსგავსად წყვილებს დღესაც შეუძლიათ, სამეფოს საქმე პირველ ადგილზე დააყენონ. აჯობებს, თუ წყვილი საერთო მიზნებზე დაქორწინებამდე ისაუბრებს. როცა ისინი ერთობლივ გადაწყვეტილებას იღებენ და ისწრაფვიან სულიერი მიზნებისკენ, უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევათ, დაინახონ იეჰოვას ხელი თავიანთ ცხოვრებაში (ეკლ. 4:12). w21.11 17 ¶11, 12

სამშაბათი, 17 ოქტომბერი

პატივი ეცით დედას და მამას . . . მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი (ლევ. 19:3).

ცხადია, ჩვენ გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ იეჰოვას რჩევა და პატივი ვცეთ ჩვენს მშობლებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლევიანების 19:3-ში ჩაწერილს წინ უსწრებდა შემდეგი მითითება: „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე, იეჰოვა, თქვენი ღმერთი“ (ლევ. 19:2). კარგი იქნება, დავფიქრდეთ, ჩვენ რამდენად ვითვალისწინებთ იეჰოვას რჩევას, რომელიც მშობლების პატივისცემას ეხება. თუ ფიქრობთ, რომ ამ მხრივ მოიკოჭლებთ, შეგიძლიათ ახლა სცადოთ ყველაფრის გამოსწორება. ფაქტია, წარსულს ვერ შეცვლით, მაგრამ კარგს იზამთ, თუ მაქსიმალურად ეცდებით, დრო გამოუყოთ და მხარში ამოუდგეთ თქვენს მშობლებს. გარდა ამისა, შეგიძლიათ, მათ ფინანსური, სულიერი და ემოციური მხარდაჭერა აღმოუჩინოთ. თუ ასე მოიქცევით, გამოდის, რომ ითვალისწინებთ ლევიანების 19:3-ში ჩაწერილ რჩევას. w21.12 4, 5 ¶10—12

ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი

ნუღარ განსჯით (მათ. 7:1).

მეფე დავითმა არაერთი დიდი ცოდვა ჩაიდინა. მაგალითად, მან იმრუშა ბათ-შებასთან, შემდეგ კი მისი ქმარი მოაკვლევინა (2 სამ. 11:2—4, 14, 15, 24). ამით მან არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ თავის ოჯახს, მათ შორის ცოლებს, დიდი ტკივილი მიაყენა (2 სამ. 12:10, 11). სხვა შემთხვევაში დავითმა სრული ნდობა არ გამოუცხადა იეჰოვას, როცა ისრაელის ჯარის აღრიცხვა ბრძანა. რა გამოიწვია დავითის ასეთმა საქციელმა? 70 000-მდე ისრაელი ღვთისგან მოვლენილმა ჭირმა გაწყვიტა (2 სამ. 24:1—4, 10—15). იმ დროს ისრაელში რომ გეცხოვრათ, იფიქრებდით, რომ დავითი არ იმსახურებდა ღვთის წყალობას? შეიძლება, მაგრამ იეჰოვას ის ასე არ შეუფასებია. მან ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ დავითი მთლიანობაში ერთგული ადამიანი იყო და გულწრფელად ინანიებდა ჩადენილს. სწორედ ამიტომ აპატია ღმერთმა დავითს სერიოზული ცოდვები. იეჰოვას არც მის სიყვარულში ეპარებოდა ეჭვი და არც იმაში, რომ კარგის კეთება სურდა. განა არ უნდა გვიხაროდეს, რომ ღმერთი ჩვენში კარგს ეძებს?! (1 მეფ. 9:4; 1 მატ. 29:10, 17). w21.12 19 ¶11—13

ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი

კაცს მაშინვე აეხილა თვალი; გაჰყვა იესოს და ღმერთს ადიდებდა (ლუკ. 18:43).

იესო თანაგრძნობით ეკიდებოდა შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. ალბათ გახსოვთ, რა შეუთვალა მან იოანე ნათლისმცემელს: „უსინათლოები ხედავენ და კოჭლები დადიან, კეთროვნები იკურნებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები ცოცხლდებიან“. იესოს სასწაულების დანახვაზე ხალხი ღმერთს ადიდებდა (ლუკ. 7:20—22). ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, გვინდა, მსგავსი დამოკიდებულება გვქონდეს და თანაგრძნობით მოვეპყროთ უნარშეზღუდულებს. ამიტომ სიკეთით, ყურადღებითა და მოთმინებით ვეპყრობით ასეთებს. მართალია, იეჰოვას ჩვენთვის არ მოუცია სასწაულების მოხდენის ძალა, მაგრამ შეგვიძლია მათ, ვინც პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით უსინათლოა, სასიხარულო ცნობა ვაუწყოთ, რომ მალე სამოთხეში კაცობრიობის ყველა ფიზიკური თუ სულიერი პრობლემა მოგვარდება (ლუკ. 4:18). ამ სასიხარულო ცნობის მოსმენამ უკვე მრავალი აღძრა ღვთის განდიდებისკენ. w21.12 9 ¶5

პარასკევი, 20 ოქტომბერი

თქვენ გსმენიათ იობის მოთმინებაზე და იცით, ბოლოს რა გააკეთა იეჰოვამ მისთვის (იაკ. 5:11).

იაკობმა მსჯელობა წმინდა წერილებზე ააგო. მან ღვთის სიტყვის მეშვეობით დაანახვა ქრისტიანებს, რომ იეჰოვა აჯილდოებს მათ, ვინც იობის მსგავსად მისი ერთგულია. ამისთვის იაკობმა მარტივი სიტყვები და ლოგიკა გამოიყენა. ამგვარად მან ყურადღება იეჰოვაზე გადაიტანა და არა საკუთარ თავზე. გაკვეთილი ჩვენთვის: მარტივად ავხსნათ საკითხები და მსჯელობა ღვთის სიტყვაზე დავაფუძნოთ. ჩვენი მიზანი ის არ უნდა იყოს, რომ საკუთარი ცოდნით მოვხიბლოთ ვინმე, არამედ ყურადღება გავუმახვილოთ იმაზე, რამდენად ბრძენი და მზრუნველია იეჰოვა (რომ. 11:33). ამას იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ ჩვენს ნათქვამს ყოველთვის ღვთის სიტყვაზე დავაფუძნებთ. მაგალითად, იმას კი არ ვეტყვით ბიბლიის შემსწავლელს, ჩვენ როგორ მოვიქცეოდით მის ადგილზე, არამედ დავეხმარებით, თავად იმსჯელოს ბიბლიურ მაგალითებზე და დაინახოს, რას ფიქრობს იეჰოვა ამა თუ იმ საკითხზე. შედეგად, შემსწავლელი იეჰოვას სიყვარულით მოიქცევა სწორად და არა ჩვენი ხათრით. w22.01 10, 11 ¶9, 10

შაბათი, 21 ოქტომბერი

მოძმე საკუთარი თავივით გიყვარდეს (ლევ. 19:18).

იეჰოვა უფრო მეტს ითხოვს ჩვენგან, ვიდრე იმას, რომ სხვებს ზიანი არ მივაყენოთ. ამ პრინციპით ცხოვრება ყველა ქრისტიანისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი უნდა იყოს, თუ სურს, ღვთის კეთილგანწყობა მოიპოვოს. განვიხილოთ, როგორ გაუსვა იესომ ხაზი ლევიანების 19:18-ში ჩაწერილი სიტყვების მნიშვნელობას. როცა ერთმა ფარისეველმა ჰკითხა, რომელია კანონში უდიდესი მცნებაო, იესომ პასუხად მიუგო, „პირველი და უდიდესი მცნება“ ის არის, რომ „გიყვარდეს იეჰოვა მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. შემდეგ მან ლევიანების 19:18-ში ჩაწერილი მოიშველია: «მეორე ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“» (მათ. 22:35—40). ფაქტია, მოყვასისადმი სიყვარულის გამოვლენის უამრავი საშუალება არსებობს. მაგალითად, შეგვიძლია ლევიანების 19:18-ში ჩაწერილი რჩევის გათვალისწინება. აქ ვკითხულობთ: „არ იძიო შური შენს მოძმეზე და არც ბოღმა ჩაიდო გულში მის მიმართ“. w21.12 10, 11 ¶11—13

კვირა, 22 ოქტომბერი

ქარიშხალმა შეაშინა, ჩაძირვა დაიწყო, და დაიყვირა: „უფალო, მიშველე!“ (მათ. 14:30).

იესომ ხელი გაუწოდა მოციქულ პეტრეს და წყლიდან ამოიყვანა. ამ ეპიზოდში საინტერესოა ერთი დეტალი: სანამ პეტრეს მზერა იესოსკენ ჰქონდა მიმართული, ის თავისუფლად მიაბიჯებდა აღელვებულ წყალზე, მაგრამ როგორც კი ყურადღება ქარიშხალზე გადაიტანა, შიშმა და ეჭვმა სძლია და ჩაძირვა დაიწყო (მათ. 14:24—31). რას გვასწავლის პეტრეს მაგალითი? როცა პეტრე ნავიდან გადმოვიდა, მას არ უფიქრია, რომ რაღაცა გონებას გაუფანტავდა და ჩაძირვას დაიწყებდა. მას სურდა, რომ წყალდაწყალ მისულიყო თავის მოძღვართან. მაგრამ გზაში ყურადღება გაეფანტა. როგორც პეტრეს სჭირდებოდა რწმენა, წყალში რომ არ ჩაძირულიყო, ისე ჩვენც გვჭირდება რწმენა, რომ პრობლემების მორევში არ ჩავიძიროთ. თუ მხედველობის არიდან დავკარგავთ იეჰოვას და მის დაპირებებს, სულიერად ჩავიძირებით. ცხოვრებაში რა ქარტეხილიც არ უნდა დაგვატყდეს, მზერა იეჰოვასკენ უნდა გვქონდეს მიპყრობილი და არ დავკარგოთ მისი მხსნელი ძალის იმედი. w21.12 17, 18 ¶6, 7

ორშაბათი, 23 ოქტომბერი

შენი ურყევი სიყვარულის გამო მოვალ შენს სახლში (ფსალმ. 5:7).

როცა ლოცულობთ, ღვთის სიტყვას იკვლევთ და ფიქრობთ, ფაქტობრივად, ღმერთს სცემთ თაყვანს. ლოცვა ურთიერთობაა ჩვენს ზეციერ მამასთან, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ. ბიბლიის შესწავლის დროს ვიძენთ ცოდნას ყოვლადბრძენი ღვთის შესახებ (იგავ. 2:1—5). როცა ნასწავლზე ვფიქრობთ, უკეთ ვხედავთ იეჰოვას არაჩვეულებრივ თვისებებს და ვწვდებით მის დიდებულ განზრახვას, რომელიც ეხება კაცობრიობას და პირადად ჩვენ. ამაზე უკეთესს რას უნდა დავუთმოთ დრო?! რა დაგვეხმარება, რომ ეს დრო საუკეთესოდ გამოვიყენოთ? შეძლებისდაგვარად მშვიდი გარემო შეარჩიეთ. დავფიქრდეთ იესოს მაგალითზე. სანამ მსახურებას შეუდგებოდა, 40 დღე უდაბნოში გაატარა (ლუკ. 4:1, 2). მშვიდ გარემოში იესოს შეეძლო, ელოცა და ეფიქრა იმ მნიშვნელოვან დავალებაზე, რომელიც მამისგან ჰქონდა მიღებული. ამან შეამზადა იმ გამოცდებისთვის, რომლებიც წინ ელოდა. w22.01 27, 28 ¶7, 8

სამშაბათი, 24 ოქტომბერი

სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა (იგავ. 15:22).

უხუცესმა ან რომელიმე სხვა გამოცდილმა ქრისტიანმა შეიძლება ისეთ რამეზე მიგვითითოს, რასაც მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. თუ ვინმე სიყვარულით გვაძლევს ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევას, განა არ უნდა გავითვალისწინოთ?! უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაზე მეტად მაშინ გვიჭირს რჩევის მიღება, როცა ვინმე პირადად გვაძლევს. შეიძლება ამ დროს გავნაწყენდეთ კიდეც. მართალია, გვესმის, რომ უშეცდომო არავინაა, მაგრამ მაინც რთული მისაღებია, როცა შეცდომაზე პირდაპირ მიგვითითებენ (ეკლ. 7:9). ამ დროს ცდუნება გვიჩნდება, რომ თავი ვიმართლოთ, ეჭვი შევიტანოთ მრჩევლის მოტივებში და რჩევის მოცემის ფორმა დავიწუნოთ. შეიძლება გავაკრიტიკოთ და ვიფიქროთ: „რა უფლება ჰქონდა, რჩევა მოეცა, როცა თვითონაც ბევრ შეცდომას უშვებს?!“. საბოლოოდ შეიძლება უგულებელვყოთ კიდეც რჩევა და ყურის მაამებელ მრჩეველს დავუწყოთ ძებნა. w22.02 8, 9 ¶2—4

ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი

თქვენი ძალა მშვიდად ყოფნასა და მინდობაში იქნება (ეს. 30:15).

შეიძლება ახალ ქვეყნიერებაშიც აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციებში, როცა იეჰოვასადმი ჩვენი ნდობა გამოიცდება. გავიხსენოთ, რა მოხდა, როცა ისრაელებმა ეგვიპტე დატოვეს. მალევე მოენატრათ ის, რასაც იქ ჭამდნენ, და აწუწუნდნენ, ხოლო იეჰოვასგან მოვლენილ მანანას „საზიზღარი პური“ უწოდეს (რიცხ. 11:4—6; 21:5). მსგავსი რამ შეიძლება ჩვენც დაგვემართოს „დიდი გასაჭირის“ შემდეგ. ჩვენ არ ვიცით, რამდენი დრო და რამხელა შრომა დასჭირდება დედამიწის გასუფთავებასა და სამოთხედ გადაქცევას. სავარაუდოდ, საქმეც ბევრი იქნება და თავიდან შეიძლება გარკვეული დისკომფორტიც შეიქმნას. დავჯერდებით იმას, რასაც იეჰოვა მოგვცემს იმ დროს, თუ წუწუნს დავიწყებთ? ერთი რამ ცხადია: თუ დღეს ვაფასებთ იმას, რასაც იეჰოვა გვაძლევს, დიდი ალბათობით მომავალშიც დავაფასებთ. w22.02 7 ¶18, 19

ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი

ათი კაცი მოეჭიდება იუდეველის კალთას და ეტყვის: თქვენთან ერთად წამოვალთ (ზაქ. 8:23).

ზაქარიას 8:23-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებაში „იუდეველში“ დედამიწაზე დარჩენილი ცხებული ქრისტიანები იგულისხმებიან (რომ. 2:28, 29). „ყველა ენაზე მოლაპარაკე ხალხიდან ათი კაცი“ მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებს განასახიერებს. ისინი, ასე ვთქვათ, „იუდეველის კალთას“ ეჭიდებიან, ანუ ცხებულების მხარდამხარ განადიდებენ იეჰოვას. როგორც ეზეკიელის 37:15—19, 24, 25-ში იყო ნაწინასწარმეტყველები, იეჰოვამ ცხებულები და „სხვა ცხვარი“ გააერთიანა. წინასწარმეტყველება ეხება ორ ჯოხს. „იუდას ჯოხი“ ზეციერი იმედის მქონეებს განასახიერებს (ისრაელის მეფეები სწორედ იუდას ტომიდან იყვნენ), ხოლო ეფრემის ჯოხი — დედამიწაზე ცხოვრების მოიმედეებს. იეჰოვა გააერთიანებდა ამ ორ ჯგუფს და ისინი, ასე ვთქვათ, ერთ ჯოხად იქცეოდნენ, ანუ გაერთიანებულად იმსახურებდნენ თავიანთი მეფის, იესო ქრისტეს, ხელმძღვანელობით (იოან. 10:16). w22.01 22 ¶9, 10

პარასკევი, 27 ოქტომბერი

ერიდეთ სიმართლის ქმნას ხალხის თვალწინ, მათ დასანახავად (მათ. 6:1).

იესომ თქვა, რომ ზოგი ისე უმართავდა ხელს გაჭირვებულს, რომ ამის შესახებ ყველას გაეგო. მაგრამ იეჰოვას თვალში ასეთ კარგ საქმეებს ჩალის ფასი ჰქონდა (მათ. 6:2—4). კარგი ადამიანები რომ ვიყოთ, უანგაროდ უნდა ვაკეთოთ ის, რაც სწორია. ჰკითხეთ საკუთარ თავს: თუ ვიცი, რა არის სწორი, ვაკეთებ კიდეც? და თუ ვაკეთებ, რა მოტივით? ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ყოველდღე ვეცდებით „სულის ნაყოფის“ გამოვლენას. და რახან ამ „ნაყოფს“ ღვთის სული ანუ მისი მოქმედი ძალა წარმოშობს, ჩვენი მხრიდანაც მოქმედებაა საჭირო (დაბ. 1:2, სქოლიო). ამაზე მოწმობს მოწაფე იაკობის სიტყვებიც, რომელმაც დაწერა, რომ რწმენა მკვდარია საქმეების გარეშე (იაკ. 2:26). ეს ეხება „სულის ნაყოფში“ შემავალ ყველა სხვა თვისებასაც. ყოველთვის, როცა ამ თვისებებს ვავლენთ, ვაჩვენებთ, რომ ღვთის სული მოქმედებს ჩვენზე. w22.03 12 ¶14—16

შაბათი, 28 ოქტომბერი

ყველაფერში წმინდები იყავით იმ წმინდასავით, რომელმაც მოგიხმოთ (1 პეტ. 1:15).

შეიძლება სულიერ საქმეებში აქტიურად ვართ ჩაბმული და თანაქრისტიანებსაც ბევრ რამეში ვეხმარებით, მაგრამ მოციქული პეტრე ერთ განსაკუთრებულ საქმეზე გვიმახვილებს ყურადღებას. ვიდრე ყველაფერში სიწმინდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდა, მან ქრისტიანებს ურჩია: „განეწყვეთ საქმისთვის“ (1 პეტ. 1:13). რა საქმეს გულისხმობდა პეტრე? მისი სიტყვების თანახმად, ქრისტეს ცხებულ ძმებს ყველგან უნდა ეუწყებინათ მისი აღმატებულობის შესახებ, ვინც ისინი მოიხმო (1 პეტ. 2:9). დღეს ყველა ქრისტიანი დიდ პატივად მიიჩნევს ამ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობას, საქმეში, რომელსაც ყველასთვის უდიდესი სიკეთე მოაქვს. ჩვენ, როგორც წმინდა ხალხს, დიდი პატივი გვხვდა წილად, რომ რეგულარულად და გულმოდგინედ მივიღოთ მონაწილეობა ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში (მარ. 13:10). როცა მონდომებით ვცდილობთ ამის გაკეთებას, ვამტკიცებთ, რომ გვიყვარს ღმერთი და მოყვასი. გარდა ამისა, ამით ვაჩვენებთ, რომ გვინდა, ყველაფერში წმინდები ვიყოთ. w21.12 13 ¶18

კვირა, 29 ოქტომბერი

თუ თქვენ აპატიებთ ვინმეს, მეც ვაპატიებ (2 კორ. 2:10).

პავლე მოციქული ყოველთვის კარგს ხედავდა და-ძმებში. პავლეს ესმოდა, რომ შეცდომის გამო ვინმესთვის ხაზი არ უნდა გადაესვა. მას უყვარდა და-ძმები და ყურადღებას მათ კარგ თვისებებზე ამახვილებდა. თუ ვინმე მთლად სწორად არ იქცეოდა, პავლეს მაშინვე ეჭვი არ შეჰქონდა მისი მოტივებში. ის ხვდებოდა, რომ მას უბრალოდ დახმარება სჭირდებოდა. განვიხილოთ, როგორ დაეხმარა პავლე მოციქული ორ დას, რომლებიც ფილიპეს კრებაში მსახურობდნენ (ფილ. 4:1—3). როგორც ჩანს, განსხვავებული ხასიათის გამო ევოდიასა და სინტიქეს უთანხმოება მოუვიდათ და ურთიერთობა დაეძაბათ. ამ დებზე უხეშად და კრიტიკულად საუბრის ნაცვლად, პავლემ მათ კარგ თვისებებზე გაამახვილა ყურადღება. ეს დები წლების მანძილზე ერთგულად მსახურობდნენ და პავლე დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას უყვარდა ისინი. ის კარგს ხედავდა მათში და სწორედ ამიტომ შეძლო, დახმარებოდა ამ დებს უთანხმოების მოგვარებაში. დადებითი განწყობის წყალობით პავლეს მომხდარის გამო სიხარული არ დაუკარგავს და ფილიპელ ქრისტიანებთან მეგობრული ურთიერთობაც შეინარჩუნა. w22.03 30 ¶16—18

ორშაბათი, 30 ოქტომბერი

იეჰოვა ახლოს არის გულგატეხილებთან, ის იხსნის სულდამწუხრებულებს (ფსალმ. 34:18).

იეჰოვა აფორიაქებულ გულსა და გონებას გვიმშვიდებს. ეს საკუთარ თავზე გამოსცადა ერთმა დამ, ლუსმა. ის ამბობს: „მარტოობის გრძნობას ვებრძვი. ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობ, რომ იეჰოვას არ ვუყვარვარ. ასეთ დროს მაშინვე იეჰოვას ვუშლი გულს. ლოცვის დახმარებით ვერევი ნეგატიურ გრძნობებს“. ლუსის მსგავსად, ლოცვის შედეგად ჩვენც დაგვეუფლება სიმშვიდე (ფილ. 4:6, 7). გვჯეროდეს, რომ იეჰოვა და იესო გვანუგეშებენ, თუ საყვარელი ადამიანი გამოგვეცლება ხელიდან. იეჰოვასა და იესოს მსგავსად, გული უნდა შეგვტკიოდეს მათზე, ვისაც ვუქადაგებთ და ვასწავლით. გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ ჩვენს მოსიყვარულე მამას და მის ძეს კარგად ესმით, რა სისუსტეებს ვებრძვით და სურთ, დაგვეხმარონ. მთელი გულით ველით დროს, როცა იეჰოვა მოგვწმენდს „ყოველ ცრემლს თვალებიდან“ (გამოცხ. 21:4). w22.01 15 ¶7; 19 ¶19, 20

სამშაბათი, 31 ოქტომბერი

შედით ვიწრო ჭიშკრით, რადგან განიერია ჭიშკარი, რომელშიც მრავალი შედის, და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს კაცი (მათ. 7:13).

იესომ ორი სხვადასხვა ჭიშკარი და გზა მოიხსენია, რომელთაგან ერთი ფართოა, მეორე კი — ვიწრო (მათ. 7:14). მესამე გზა არ არსებობს. ამიტომ თავად უნდა გადავწყვიტოთ, რომელი გზით ვივლით. ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რადგან ამაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი და მარადიული სიცოცხლე. ფართო გზაზე ბევრი დადის, რადგან მასზე სიარული მარტივია. სამწუხაროდ, ბევრს ურჩევნია, სხვების ფეხის ხმას აჰყვეს და ამ გზით იაროს. სინამდვილეში ისინი სატანის გზაზე დადიან, რომელსაც საბოლოოდ დაღუპვამდე მიჰყავს კაცი (1 კორ. 6:9, 10; 1 იოან. 5:19). მეორე გზა ვიწროა და, როგორც იესომ თქვა, „ცოტანი პოვებენ მას“. საინტერესოა, რატომ. მომდევნო მუხლიდან ვიგებთ, რომ იესომ თავისი მიმდევრები ცრუწინასწარმეტყველების შესახებ გააფრთხილა (მათ. 7:15). w21.12 22, 23 ¶3—5

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება