საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es23 გვ. 108-118
  • ნოემბერი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ნოემბერი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2023
  • ქვესათაურები
  • ოთხშაბათი, 1 ნოემბერი
  • ხუთშაბათი, 2 ნოემბერი
  • პარასკევი, 3 ნოემბერი
  • შაბათი, 4 ნოემბერი
  • კვირა, 5 ნოემბერი
  • ორშაბათი, 6 ნოემბერი
  • სამშაბათი, 7 ნოემბერი
  • ოთხშაბათი, 8 ნოემბერი
  • ხუთშაბათი, 9 ნოემბერი
  • პარასკევი, 10 ნოემბერი
  • შაბათი, 11 ნოემბერი
  • კვირა, 12 ნოემბერი
  • ორშაბათი, 13 ნოემბერი
  • სამშაბათი, 14 ნოემბერი
  • ოთხშაბათი, 15 ნოემბერი
  • ხუთშაბათი, 16 ნოემბერი
  • პარასკევი, 17 ნოემბერი
  • შაბათი, 18 ნოემბერი
  • კვირა, 19 ნოემბერი
  • ორშაბათი, 20 ნოემბერი
  • სამშაბათი, 21 ნოემბერი
  • ოთხშაბათი, 22 ნოემბერი
  • ხუთშაბათი, 23 ნოემბერი
  • პარასკევი, 24 ნოემბერი
  • შაბათი, 25 ნოემბერი
  • კვირა, 26 ნოემბერი
  • ორშაბათი, 27 ნოემბერი
  • სამშაბათი, 28 ნოემბერი
  • ოთხშაბათი, 29 ნოემბერი
  • ხუთშაბათი, 30 ნოემბერი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2023
es23 გვ. 108-118

ნოემბერი

ოთხშაბათი, 1 ნოემბერი

ყველა იეჰოვას მიერ განისწავლება (იოან. 6:45).

იეჰოვა სხვადასხვა სახით გვეხმარება. ის გვმატებს სიმშვიდეს, როცა მსახურებაში წინააღმდეგობას ვხვდებით. მობინადრესთან საუბრის დროს შესაფერის ბიბლიურ მუხლს გაგვახსენებს ან იმის ძალას გვაძლევს, რომ გულგრილობის მიუხედავად მსახურება გავაგრძელოთ (იერ. 20:7—9). იეჰოვა მსახურებისთვისაც გვამზადებს, რითაც კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რაოდენ კარგია. შუა კვირის შეხვედრაზე ვიდეორგოლებში წარმოდგენილი საუბრის ნიმუშები გვეხმარება, მსახურებაში უფრო დავხელოვნდეთ. მართალია, თავიდან რაღაც ახლის მოსინჯვა გარკვეულ მღელვარებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ, თუ მსახურებაში რომელიმე ახალ მეთოდს გამოიყენებთ, თავად დარწმუნდებით, რა საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს ეს თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხისთვის. კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე იმისკენაც მოგვიწოდებენ, რომ მსახურების ისეთი ფორმები მოვსინჯოთ, რომლებიც აქამდე არ მოგვისინჯავს. მართალია, სიახლე ყოველთვის არის გარკვეულ მღელვარებასთან დაკავშირებული, მაგრამ, როცა ასე ვიქცევით, იეჰოვას ჩვენი კურთხევის მიზეზს ვაძლევთ. w21.08 27 ¶5, 6

ხუთშაბათი, 2 ნოემბერი

გონივრულად გამოიყენეთ დრო, რადგან მძიმე დროში ვცხოვრობთ (ეფეს. 5:16).

მოციქულმა პავლემ კორინთელებს თავის წერილში მკაცრი რჩევები მისცა, შემდეგ კი ტიტე გაგზავნა მათთან იმის გასაგებად, როგორ გამოეხმაურნენ მის წერილს. ის ძალიან გაახარა იმის გაგებამ, რომ კრებამ გაითვალისწინა მისი რჩევები (2 კორ. 7:6, 7). პავლეს მსგავსად, უხუცესებიც დროს უთმობენ თანაქრისტიანებს. ამისთვის ისინი ადრე მიდიან კრებაზე და ცდილობენ, და-ძმები გაამხნეონ. როგორც წესი, ბევრი დრო არაა საჭირო, რომ მათ რაიმე გამამხნევებელი აზრი გაუზიარონ (რომ. 1:12). უხუცესები პავლეს იმითაც ჰბაძავენ, რომ ღვთის სიტყვით განუმტკიცებენ რწმენას და-ძმებს და იეჰოვასა თუ თავიანთ სიყვარულში არწმუნებენ. ისინი ცდილობენ, ქების სიტყვები არ დაიშურონ მათთვის. ისინი უნდა შეეცადონ, რომ თავიანთი რჩევები ყოველთვის ღვთის სიტყვაზე დააფუძნონ. უხუცესებს სურთ, და-ძმებმა გაითვალისწინონ მათი ნათქვამი, ამიტომ რბილად აძლევენ კონკრეტულ რჩევებს (გალ. 6:1). w22.03 28, 29 ¶11, 12

პარასკევი, 3 ნოემბერი

ეს განძი ჩვენ თიხის ჭურჭელში გვაქვს, რათა ცხადი იყოს, რომ ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება, ღვთისგანაა (2 კორ. 4:7).

დღეს იეჰოვა თავის ხალხს აძლევს ძალას, „რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“, რათა მათ ერთგულად განაგრძონ მისი მსახურება. ერთ-ერთი საშუალება, რომელიც ძალას გვაძლევს, ლოცვაა. როგორც მოციქული პავლე მოგვიწოდებს ეფესოელების 6:18-ში, მუდამ უნდა ვილოცოთ. იეჰოვა პასუხს გაგვცემს ლოცვაზე და ძალას შეგვმატებს. ზოგჯერ შეიძლება პრობლემებისგან ისე ვიყოთ დათრგუნული, რომ არ ვიცოდეთ, რაზე ვილოცოთ. იეჰოვას სურს, რომ მაშინაც ვილოცოთ, როცა გვიჭირს აზრების მოკრება და სიტყვების პოვნა (რომ. 8:26, 27). იგი თავისი სიტყვის მეშვეობითაც გვაძლიერებს. პავლეს მსგავსად, ძალა და ნუგეში ჩვენც შეგვიძლია ღვთის სიტყვაში ვპოვოთ (რომ. 15:4). როცა ღვთის სიტყვას ვკითხულობთ და მასზე ვფიქრობთ, იეჰოვა თავისი სულით გვეხმარება, რომ ჩავწვდეთ წაკითხულს და ჩვენს ცხოვრებას მივუსადაგოთ (ებრ. 4:12). w21.05 22 ¶8—10

შაბათი, 4 ნოემბერი

ღმერთი . . . მოქმედებს თქვენში; ის სურვილსაც აღგიძრავთ და მოქმედების ძალასაც გაძლევთ (ფილ. 2:13).

მართალია, სხვებისთვის სწავლების საქმეს მთელი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, მაგრამ ხელის შემშლელმა ფაქტორებმა შეიძლება არ მოგვცეს იმის საშუალება, რომ სრულად დავიხარჯოთ ამ საქმეში. შეიძლება გარემოება გვზღუდავს. მაგალითად, ზოგ მაუწყებელს ასაკი და ჯანმრთელობა ზღუდავს. თქვენს შემთხვევაშიც ასეა? ჩვენ დავრწმუნდით, რომ ბიბლიის შესწავლების ონლაინრეჟიმში ჩატარება საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. ასე რომ, შესწავლის დაწყება და ჩატარება სახლიდანაც შესაძლებელია და საკმაოდ მოსახერხებელია. ამას სხვა უპირატესობაც აქვს. მაგალითად, ზოგს სურდა, ბიბლია შეესწავლა, მაგრამ იმ დროს არ ეცალა, როცა ჩვენ ვქადაგებდით ხოლმე. მათ შეიძლება დილით ადრე ან საღამოს საათებში ეცალათ. მაგრამ ახლა თუ შეგიძლიათ მოერგოთ მათ განრიგს? მაგალითად, ნიკოდემე იესოს ღამით ესტუმრა, რადგან ამ დროს არჩია მასთან საუბარი (იოან. 3:1, 2). w21.07 5 ¶10, 11

კვირა, 5 ნოემბერი

ეს ხალხი მიახლოვდება თავისი პირით, მხოლოდ ბაგით მადიდებენ, გულით კი შორს არიან ჩემგან (ეს. 29:13).

იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ იესოს მოწაფეები არ მარხულობდნენ. იესომ აუხსნა მათ, რომ სანამ ის ცოცხალი იყო, მის მოწაფეებს მარხვის არანაირი მიზეზი არ ჰქონდათ (მათ. 9:14—17). მიუხედავად ამისა, ფარისევლები და სხვა მოწინააღმდეგეები იესოს ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. ისინი გაცეცხლდნენ, როცა იესომ შაბათ დღეს ავადმყოფები განკურნა (მარ. 3:1—6; იოან. 9:16). თან ირწმუნებოდნენ, რომ შაბათის ერთგული დამცველები იყვნენ და თან ტაძარში ვაჭრობა ჰქონდათ გაჩაღებული. ისინი აღშფოთდნენ, როდესაც იესომ ამის გამო გაკიცხა (მათ. 21:12, 13, 15). ნაზარეთის სინაგოგაში ქადაგების დროს იესოს მსმენელები განრისხდნენ, როცა მან ისტორიული პარალელი გაავლო და ასე ამხილა მათი ეგოიზმი და ურწმუნოება (ლუკ. 4:16, 25—30). ბევრი იმიტომ დაბრკოლდა, რომ იესო არ ამართლებდა მათ მოლოდინს (მათ. 11:16—19). w21.05 5, 6 ¶13, 14

ორშაბათი, 6 ნოემბერი

ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები (2 კორ. 2:11).

იეჰოვა გვაფრთხილებს, რომ სიამაყისა და სიხარბის მახეში არ გავებათ. დავფიქრდეთ მათ მაგილითზე, ვინც ეს თვისებები გამოავლინა. როცა სიტყვა „სიხარბე“ გვესმის, პირველი, ალბათ, სატანა ეშმაკი გვახსენდება. როგორც იეჰოვას ანგელოზს, სატანას, არაერთი საპასუხისმგებლო საქმე ექნებოდა მინდობილი. მაგრამ ის ამას არ დასჯერდა. მან თაყვანისცემა მოისურვა, რაც სამართლიანად მხოლოდ იეჰოვას ეკუთვნის. სატანას სურს, დაგვიმსგავსოს და ჩვენში დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გააჩინოს. ამ მახის გამოყენება პირველად მან ევასთან მოსინჯა. იეჰოვა სიყვარულით ზრუნავდა ადამსა და ევაზე; მათ შეეძლოთ „ბაღის ყოველი ხიდან“ ეჭამათ, ერთის გარდა (დაბ. 2:16). მიუხედავად ამისა, სატანამ მოტყუებით დააჯერა ევა, რომ მაინცდამაინც აკრძალული ხის ნაყოფი უნდა ეჭამა. ნაცვლად იმისა, რომ მადლიერი ყოფილიყო იმისთვის, რაც ჰქონდა, მან მეტი მოისურვა. ყველამ კარგად ვიცით, სადამდე მიიყვანა ევა სიხარბემ. მან ცოდვა ჩაიდინა, რისთვისაც საბოლოოდ სიკვდილი დაიმსახურა (დაბ. 3:6, 19). w21.06 14 ¶2, 3; 17 ¶9

სამშაბათი, 7 ნოემბერი

ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას (დაბ. 1:28).

ადამი და ევა უნდა გამრავლებულიყვნენ და ეზრუნათ დედამიწაზე. თუ იეჰოვას დაემორჩილებოდნენ და ხელს შეუწყობდნენ მისი განზრახვის განხორციელებას, ადამი და ევა თავიანთ შთამომავლებთან ერთად სამარადისოდ იეჰოვას ოჯახის წევრებად დარჩებოდნენ. ადამსა და ევას ღირსეული ადგილი ეკავათ იეჰოვას ოჯახში. დავითი კარგად აღგვიწერს, რა ღირსებებით შეამკო ღმერთმა ადამიანი შექმნისთანავე: „[ანგელოზებზე] ოდნავ დაბლა დააყენე იგი და დიდებისა და სიდიადის გვირგვინი დაადგი“ (ფსალმ. 8:5). მართალია, ადამიანები ანგელოზებს ძალით, ინტელექტითა თუ შესაძლებლობებით ვერ უტოლდებიან, მაგრამ დიდად არ ჩამოუვარდებიან მათ, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ისინი ამ ძლიერ სულიერ ქმნილებებზე „ოდნავ დაბლა“ დგანან (ფსალმ. 103:20). სამწუხაროდ, ადამი და ევა არ გაუფრთხილდნენ თავიანთ ადგილს იეჰოვას ოჯახში. შედეგად, მათ ბევრი უბედურება დაატეხეს თავიანთ შთამომავლებს. მაგრამ იეჰოვას განზრახვა ამის გამო არ შეცვლილა. მას სურს, რომ მორჩილი ადამიანები მის შვილებად იწოდებოდნენ, თანაც მარადიულად. w21.08 2, 3 ¶2—4

ოთხშაბათი, 8 ნოემბერი

„არც ჯარითა და არც ძალით, არამედ ჩემი სულით“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა (ზაქ. 4:6).

დღეს ღვთის ბევრი მსახური ხვდება წინააღმდეგობას. ზოგი ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალული ან შეზღუდულია. ზოგჯერ ჩვენს ძმებს აპატიმრებენ და „გამგებლებთან და მეფეებთან“ მიჰყავთ, რაც ქადაგების შესაძლებლობას აძლევთ (მათ. 10:17, 18). ბევრი იეჰოვას მოწმე სხვაგვარ წინააღმდეგობას ხვდება. მართალია, მათ ქვეყანაში ჩვენი საქმიანობა აკრძალული არ არის, მაგრამ ოჯახის წევრები უწევენ დიდ წინააღმდეგობას (მათ. 10:32—36). ხშირ შემთხვევაში, როცა ოჯახის წევრები ხვდებიან, რომ მათი მცდელობა უშედეგოა, უკან იხევენ. ის კი არადა, ზოგი მათგანი თავადაც გამხდარა იეჰოვას გულმოდგინე მსახური. როცა წინააღმდეგობას ხვდებით, გამბედაობა მოიკრიბეთ და არ დანებდეთ! იეჰოვა თავისი უსაზღვრო ძალით, წმინდა სულით, გიჭერთ მხარს. ამიტომ ნურაფერს შეუშინდებით! w22.03 15 ¶8

ხუთშაბათი, 9 ნოემბერი

იეჰოვას მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება (ფსალმ. 97:10).

როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იეჰოვას სძულს „ამაყად მომზირალი თვალები, მატყუარა ენა [და] უდანაშაულო სისხლის მღვრელი ხელები“ (იგავ. 6:16, 17). გარდა ამისა, მას სძულს მოძალადე და მზაკვარი ადამიანები (ფსალმ. 5:6). იეჰოვასთვის იმდენად მიუღებელია ეს ყველაფერი, რომ ნოეს დროს მთელი ბოროტი მოდგმა მოსპო, რომელმაც ძალადობით აავსო დედამიწა (დაბ. 6:13). ამასთანავე იეჰოვამ წინასწარმეტყველ მალაქიას პირით თქვა, რომ სძულს ისინი, ვინც ვერაგულად გეგმავს მეუღლესთან გაყრას. იეჰოვასთვის მიუღებელია ასეთი ადამიანების თაყვანისცემა და პასუხს აგებინებს მათ თავიანთი საქციელისთვის (მალ. 2:13—16; ებრ. 13:4). იეჰოვას სურს, რომ შევიზიზღოთ ბოროტება (რომ. 12:9). ზიზღი ძლიერი უარყოფითი გრძნობაა, რომელიც რაღაც საძულველის მიმართ გვიჩნდება. მსგავსი გრძნობა უნდა გვეუფლებოდეს იმის გაფიქრებაზეც კი, რომ შეიძლება იეჰოვასთვის საძულველი რამ ჩავიდინოთ. w22.03 5 ¶11, 12

პარასკევი, 10 ნოემბერი

ბედნიერია ყველა, ვინც ელის მას (ეს. 30:18).

მალე ჩვენი ზეციერი მამა თავისი სამეფოს მეშვეობით უხვად გვაკურთხებს. ღმერთი თავის მომლოდინეთ დღესაც აკურთხებს და ახალ ქვეყნიერებაშიც. ახალ ქვეყნიერებაში აღარ მოგვიწევს იმ პრობლემების ატანა, რომლებიც დღეს ჩვენს წუხილს იწვევს. უსამართლობა და ტკივილი სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება (გამოცხ. 21:4). ჩვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ხანგრძლივი მოლოდინი აღარ მოგვიწევს, რადგან ყველაფერი უხვად გვექნება და არაფერი მოგვაკლდება (ფსალმ. 72:16; ეს. 54:13). ნამდვილად სასიამოვნო იქნება ასეთ გარემოში ცხოვრება. იეჰოვა დღესვე გვეხმარება, მოვიშოროთ ცუდი ჩვევები და განვივითაროთ მისთვის მოსაწონი თვისებები, რითაც ის ახალი ქვეყნიერებისთვის გვამზადებს. მთავარია, გული არ გავიტეხოთ და არ შევწყვიტოთ იეჰოვას მსახურება. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ გველის. თუმცა ვიდრე ეს დიდებული დრო დამდგარა, მოდი მზადყოფნითა და მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას, რომელიც თავისი დაპირებისამებრ იმოქმედებს. w21.08 13 ¶17—19

შაბათი, 11 ნოემბერი

ნუ მოიშლით კარგის კეთებასა და გაზიარებას, რადგან ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი (ებრ. 13:16).

პავლეს წერილის მიღებიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ იუდეველ ქრისტიანებს მოუწევდათ თავიანთი სახლ-კარის, საქმისა თუ ნათესავების დატოვება და მთებში გაქცევა (მათ. 24:16). აი, სწორედ მაშინ დასჭირდებოდათ ერთმანეთის მხარში დგომა. თუ პავლეს რჩევისამებრ მათ ნასწავლი ექნებოდათ კარგის კეთება და გაზიარება, ახალ გარემოში ეს უფრო გაუადვილდებოდათ. ზოგ და-ძმას უჭირს დახმარების თხოვნა. ამიტომ თავისუფლად აგრძნობინეთ სხვებს თავი. უეჭველია, თქვენც გყავთ კრებაში ისეთი და-ძმები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან სხვების დასახმარებლად. ისინი არასდროს გვაგრძნობინებენ თავს ისე, რომ რაღაცით შევაწუხეთ. ჩვენ ვიცით, რომ ყოველთვის შეგვიძლია მათი იმედი გვქონდეს. მათი შემხედვარე ჩვენც გვიჩნდება სურვილი, რომ მათნაირები ვიყოთ. w22.02 23, 24 ¶13—15

კვირა, 12 ნოემბერი

ყველაფერი გააკეთოთ, რომ ურთიერთშორის მშვიდობა გქონდეთ და ამგვარად შეინარჩუნოთ ღვთის სულით ბოძებული ერთიანობა (ეფეს. 4:3).

ბოლო წლებში კრებებისა და რაიონების რეორგანიზება მოხდა. თუ ჩვენც გვთხოვენ სხვა კრებაში გადასვლას, შეიძლება გაგვიჭირდეს მეგობრებისა და ოჯახის დატოვება. ვერც იმას ვიტყვით, რომ უხუცესები ასეთ გადაწყვეტილებას ღვთის კარნახით იღებენ. შეიძლება სწორედ ამ ფაქტორის გამო გაგვიძნელდეს მორჩილება, მაგრამ, რახან იეჰოვა ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლებას აძლევს ამ ძმებს, უნდა ვენდოთ მათ. რატომ ღირს, დავემორჩილოთ უხუცესების გადაწყვეტილებებს მაშინაც კი, თუ დიდად არ მოგვწონს? ამგვარად ხელს ვუწყობთ ღვთის ხალხის ერთობას. გარდა ამისა, კრებაში ჯანსაღი გარემო იქმნება, როცა უხუცესთა საბჭოს გადაწყვეტილებებს ყველა ემორჩილება (ებრ. 13:17). რაც მთავარია, მორჩილებით ნდობას ვუცხადებთ იეჰოვას, რომელმაც ამ ძმებს ჩვენზე ზრუნვა მიანდო (საქ. 20:28). w22.02 4, 5 ¶9, 10

ორშაბათი, 13 ნოემბერი

მთელი გულმოდგინებით უკითხე ხალხს, შეაგონე და ასწავლე (1 ტიმ. 4:13).

თუ მონათლული ძმა ხართ, ალბათ ცდილობთ, მომხსენებლისა და მასწავლებლისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განივითაროთ. თუ შეეცდებით, კარგი წამკითხველი, მომხსენებელი და მასწავლებელი გახდეთ, მსმენელის გულამდე მიიტანთ სათქმელს (1 ტიმ. 4:15). მიზნად დაისახეთ, რომ კარგად შეისწავლოთ და გამოიყენოთ ბროშურაში „გაიუმჯობესე კითხვისა და სწავლების უნარი“ მოცემული რჩევები. გულმოდგინედ შეისწავლეთ თითოეული გაკვეთილი, ივარჯიშეთ და ნასწავლი დავალებებით გამოსვლის დროს გამოიყენეთ. შეგიძლიათ აზრი დამხმარე მრჩეველს და სხვა უხუცესებს ჰკითხოთ, რომლებიც „სიტყვისა და სწავლების საქმეში ბევრს ირჯებიან“ (1 ტიმ. 5:17). თქვენი მიზანი მხოლოდ ის კი არ უნდა იყოს, რომ სწავლების საქმეში დაიხვეწოთ, არამედ რწმენა განუმტკიცოთ თქვენს მსმენელს და კარგი საქმეებისკენ წაახალისოთ. ამგვარად, თქვენც მეტ სიხარულს იგრძნობთ და და-ძმებიც. w21.08 24 ¶17

სამშაბათი, 14 ნოემბერი

იყავით თავმდაბლები და სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად ჩათვალეთ (ფილ. 2:3).

თუ სხვებს საკუთარ თავზე აღმატებულად ჩავთვლით, არ შევეჯიბრებით მათ, ვინც ჩვენზე უნარიანი და ნიჭიერია. პირიქით, მათი წარმატება გაგვახარებს, მით უმეტეს, თუ ისინი თავიანთ უნარს იეჰოვას განსადიდებლად იყენებენ. ამგვარად, ყველანი შევუწყობთ ხელს კრებაში მშვიდობასა და ერთობას. მოკრძალება ანუ საკუთარი შესაძლებლობების რეალურად შეფასება დაგვეხმარება, შურს ჩვენში ფესვის გადგმის საშუალება არ მივცეთ. თუ მოკრძალებული ვიქნებით, არ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ სხვებზე ნიჭიერები და უნარიანები ვართ. პირიქით, შევეცდებით, მათგან ვისწავლოთ, ვისაც რაიმე ჩვენზე უკეთ გამოსდის. მაგალითად, თუ ძმა შესანიშნავ მოხსენებებს კითხულობს, შეიძლება ვკითხოთ, როგორ ემზადება მოხსენებისთვის. თუ და კარგი მზარეულია, შეიძლება რჩევა ვკითხოთ, ჩვენ როგორ გავუმჯობესდეთ ამ სფეროში. თუ ახალგაზრდა ქრისტიანს კრებაში სხვებთან დამეგობრება უჭირს, შეუძლია რჩევა მას ჰკითხოს, ვისაც ბევრი მეგობარი ჰყავს. ამგვარად შურის თვალითაც არ შევხედავთ ვინმეს და დავიხვეწებით კიდეც. w21.07 16 ¶8, 9

ოთხშაბათი, 15 ნოემბერი

[იეჰოვა] უსამართლოდ არასოდეს მოქმედებს (კან. 32:4).

წიგნ „რიცხვებიდან“ ვიგებთ ერთი მამაკაცის შესახებ, რომელიც შაბათ დღეს შეშის შეგროვების გამო სიკვდილით დაისაჯა. წიგნ „მეორე სამუელიდან“ კი ვიგებთ, რომ საუკუნეების შემდეგ იეჰოვამ მეფე დავითს მრუშობა და მკვლელობა აპატია (რიცხ. 15:32, 35; 2 სამ. 12:9, 13). შეიძლება ვინმეს კითხვა გაუჩნდეს: რატომ აპატია იეჰოვამ დავითს ასეთი მძიმე ცოდვები, მაშინ როცა ისრაელი მამაკაცი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო შეცდომისთვის სიკვდილით დაასჯევინა? ბიბლიაში ყველა ისტორია დეტალურად არ არის მოთხრობილი. ვიცით, რომ დავითი გულწრფელად ინანიებდა ჩადენილს (ფსალმ. 51:2—4). მაგრამ შაბათის დამრღვევზე ბევრი არაფერი ვიცით. მაგალითად, ნანობდა თავის საქციელს? მანამდეც ხომ არ დაურღვევია იეჰოვას კანონი? იქნებ უკვე იყო გაფრთხილებული, მაგრამ მაინც თავისი გააკეთა? ბიბლია ამაზე არაფერს ამბობს, მაგრამ იმაში კი ვართ დარწმუნებული, რომ „იეჰოვას ყველა გზა სამართლიანია“ (ფსალმ. 145:17). w22.02 3 ¶3, 4

ხუთშაბათი, 16 ნოემბერი

მოკრძალებული ბრძენია (იგავ. 11:2).

მოკრძალებული ადამიანი საკუთარ თავს არარეალურ მოთხოვნებს არ უყენებს. ამის წყალობით, სიხარულსაც ინარჩუნებს და საქმეშიც წარმატებას აღწევს. მოკრძალებული ადამიანი რაღაცით აღმართზე მიმავალი მანქანის მძღოლს ჰგავს. მძღოლს ესმის, რომ აღმართზე რომ ავიდეს, გადაცემათა კოლოფი დაბალ სიჩქარეზე უნდა გადართოს. მართალია, ნელა მოუწევს გადაადგილება, მაგრამ წინსვლას განაგრძობს. მსგავსადვე, მოკრძალებული ადამიანი ხვდება, როდის უნდა „გადართოს დაბალ სიჩქარეზე“, რათა კვლავაც ნაყოფიერად გააგრძელოს იეჰოვას მსახურება (ფილ. 4:5). მოდი გავიხსენოთ ბარზილაის ისტორია. ის 80 წლის იყო, როცა მეფე დავითმა სამეფო კარზე მსახურება შესთავაზა. ბარზილაიმ მოკრძალებით განაცხადა უარი მეფის შემოთავაზებაზე. მას კარგად ესმოდა, რომ ასაკის გამო მეფის კარზე ბევრს ვერაფერს გააკეთებდა, ამიტომ დავითს შესთავაზა, მის ნაცვლად ახალგაზრდა ქიმჰამი წაეყვანა (2 სამ. 19:35—37). ბარზილაის მსგავსად ხანდაზმულ ძმებს ახარებთ, როცა ახალგაზრდებს აძლევენ მეტის კეთების საშუალებას. w21.09 10 ¶6, 7

პარასკევი, 17 ნოემბერი

ძეს ისე არავინ იცნობს, როგორც მამა, და არც მამას იცნობს ვინმე ისე, როგორც ძე და ის, ვისაც ძეს სურს, რომ მამის შესახებ გაუმჟღავნოს (ლუკ. 10:22).

თქვენც ხომ არ გიჭირთ, იეჰოვა მოსიყვარულე მამად აღიქვათ? შეიძლება ეს ჩვენმა მკაცრმა და ცივმა ოჯახურმა გარემომ განაპირობა. მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ძალიან კარგად ესმის ჩვენი გრძნობები. მას სურს, რომ დავუახლოვდეთ. ამიტომაც მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკ. 4:8). იეჰოვას ვუყვარვართ და გვპირდება, რომ საუკეთესო მამობას გაგვიწევს. იეჰოვასთან დაახლოებაში იესო გვეხმარება. ის იმდენად კარგად იცნობს იეჰოვას და ისე ზედმიწევნით ჰბაძავს მას, რომ თამამად შეუძლია თქვას: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოან. 14:9). უფროსი ძმის მსგავსად, იესოც გვასწავლის, როგორ დავაფასოთ და დავემორჩილოთ ჩვენს ზეციერ მამას, რას უნდა მოვერიდოთ, რომ გული არ ვატკინოთ მას და როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა. დედამიწაზე განვლილი ცხოვრებით იესომ თვალსაჩინოდ დაგვანახვა, როგორი კეთილი და მოსიყვარულეა იეჰოვა. w21.09 21 ¶4, 5

შაბათი, 18 ნოემბერი

მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო (1 პეტ. 5:2).

ჩვენ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი გვაერთიანებს. იეჰოვამ კრების სიწმინდის დაცვის პასუხისმგებლობა უხუცესებს მიანდო. როცა ქრისტიანი მძიმე ცოდვას სჩადის, იეჰოვა მოელის, რომ უხუცესები გადაწყვეტენ, დარჩება თუ არა ის კრებაში. ერთ-ერთი, რაშიც უხუცესები უნდა დარწმუნდნენ, ისაა, ნამდვილად ინანიებს თუ არ შემცოდველი ჩადენილს. შეიძლება სიტყვიერად ინანიებს, მაგრამ ჩანს მისი დამოკიდებულებიდან, რომ მისთვის მიუღებელია ის, რაც ჩაიდინა? მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, აღარ გაიმეოროს მსგავსი რამ? თუ ცოდვამდე ცუდ წრეში ტრიალმა მიიყვანა, მზად არის, ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტოს მასთან? უხუცესები ლოცულობენ და ბიბლიური პრინციპებისა და შემცოდველის დამოკიდებულების საფუძველზე აფასებენ სიტუაციას. ყველაფრის კარგად აწონ-დაწონის შემდეგ უხუცესები წყვეტენ, დარჩება შემცოდველი კრებაში თუ გაირიცხება (1 კორ. 5:11—13). w22.02 5 ¶11, 12

კვირა, 19 ნოემბერი

შეიმოსეთ ახალი პიროვნებით (კოლ. 3:10).

გინდ ახალი მონათლული ვიყოთ, გინდ დიდი ხნის, ყველას გვინდა, ისეთი ადამიანები ვიყოთ, როგორებსაც იეჰოვა იწონებს. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ გავაკონტროლებთ ჩვენს ფიქრებს, რადგან სწორედ ფიქრები გვიყალიბებს პიროვნულ თვისებებს. თუ გამუდმებით იმაზე ვფიქრობთ, რაც ჩვენს ხორცს აამებს, ეს ჩვენს საუბარსა და ქცევაშიც აისახება (ეფეს. 4:17—19). მაგრამ, თუ ვცდილობთ, ყოველთვის კარგზე ვიფიქროთ, დიდი ალბათობით, ჩვენი საუბარი და საქციელი ღვთისთვის მოსაწონი იქნება (გალ. 5:16). მართალია, ადრე თუ გვიან ცუდი ფიქრი ყველას მოგვივა თავში, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული, ავყვებით თუ არა ასეთ ფიქრებს. ნათლობამდე უნდა მოვიშალოთ ღვთისთვის საძულველი საუბარი და საქციელი, რაც „ძველი პიროვნების“ მოსაშორებლად გადადგმული პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. თუმცა უფრო მეტია საჭირო. ჩვენ უნდა შევიმოსოთ ახალი პიროვნებით. w22.03 8 ¶1, 2

ორშაბათი, 20 ნოემბერი

თქვენ ყველაფერში სუფთად წარმოაჩინეთ თავი (2 კორ. 7:11).

უხუცესებს ნამდვილად რთული პასუხისმგებლობა აკისრიათ, რადგან ადვილი არ არის იმის განსაზღვრა, გულწრფელად ინანიებს თუ არა შემცოდველი ჩადენილს. ისინი გულთამხილავები არ არიან, ამიტომ გარეგნული ფაქტორებით უწევთ იმის განსაზღვრა, შეიცვალა თუ არა შემცოდველმა დამოკიდებულება თავისი საქციელის მიმართ. უხუცესებს სჭირდებათ იმის მტკიცებულება, რომ შემცოდველმა ნამდვილად შეიცვალა აზროვნება და საქციელი და გულწრფელად ნანობს ჩადენილს. შემცოდველს შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს სათანადო ცვლილებების მოსახდენად. გარიცხულის გულწრფელი სინანული იქიდან გამოჩნდება, თუ ის რეგულარულად დაესწრება კრების შეხვედრებს და გაითვალისწინებს უხუცესების რჩევას, რომელიც ლოცვასა და ღვთის სიტყვის კვლევას ეხება. ის ყველანაირად შეეცდება, თავი აარიდოს ისეთ სიტუაციებს, რომლებიც ცდუნების წინაშე დააყენებდა. თუ ძალ-ღონეს არ დაიშურებს იეჰოვასთან ურთიერთობის აღსადგენად, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ იეჰოვა აპატიებს. გარდა ამისა, უხუცესებიც დაეხმარებიან, რომ ქრისტიანულ ოჯახს დაუბრუნდეს. w21.10 6 ¶16—18

სამშაბათი, 21 ნოემბერი

არ გაიკეთო არც ქანდაკება და არც არანაირი მსგავსება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა . . . არ სცე მათ თაყვანი (გამ. 20:4, 5).

იესოს იმდენად უყვარდა მამა, რომ არც განკაცებამდე და არც განკაცების შემდეგ მის გარდა არავისთვის უცია თაყვანი (ლუკ. 4:8). ის თავის მიმდევრებსაც იმავეს ასწავლიდა. არც იესოს და არც მის ერთგულ მოწაფეებს ღვთის თაყვანსაცემად არასდროს გამოუყენებიათ გამოსახულება. ვინაიდან იეჰოვა სულია, შეუძლებელია ადამიანმა ისეთი რამ შექმნას, რაც ოდნავ მაინც აირეკლავდა მის დიდებას (ეს. 46:5). მაგრამ რისი თქმა შეიძლება „წმინდანთა“ გამოსახულებებსა და მათზე ლოცვაზე? მეორე მცნებაში იეჰოვა პირდაპირ ამბობს იმ სიტყვებს, რაც დღევანდელ მუხლშია ჩაწერილი. ყველას, ვისაც სურს, ღმერთს ასიამოვნოს, კარგად უნდა ესმოდეს ამ სიტყვების მნიშვნელობა. ისტორიკოსები იზიარებენ იმ მოსაზრებას, რომ პირველი ქრისტიანები მხოლოდ ღმერთს სცემდნენ თაყვანს. იეჰოვას მოწმეებიც პირველი საუკუნის ქრისტიანების მაგალითს მიჰყვებიან. w21.10 19, 20 ¶5, 6

ოთხშაბათი, 22 ნოემბერი

ბანზე მყოფი კი ნუ ჩამოვა სახლიდან რაიმეს ასაღებად (მათ. 24:17).

იესომ გააფრთხილა პირველი საუკუნის ქრისტიანები, რომ როცა იერუსალიმის გარშემო დაბანაკებულ ჯარს დაინახავდნენ, მთებში გაქცეულიყვნენ (ლუკ. 21:20—24). მართალია, ასე თავს გადაირჩენდნენ, მაგრამ ყველაფრის დატოვება მოუწევდათ. წლების წინ „საგუშაგო კოშკში“ ამ ქრისტიანებზე ასეთი რამ ეწერა: „მათ დატოვეს ყანები და სახლები ისე, რომ იქიდან არაფერი წამოუღიათ. იეჰოვასგან მფარველობისა და დახმარების მიღებაში დარწმუნებულები მისადმი თაყვანისცემას პირველ ადგილზე აყენებდნენ; იმაზე წინაც კი, რაც ერთი შეხედვით ძალიან მნიშვნელოვანი ჩანდა“. იმავე „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „შეიძლება წინ მატერიალურ ქონებასთან დაკავშირებით გამოცდა გველოდებოდეს; ქონება უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თუ ხსნა, რომელსაც ღმერთი მოუტანს ყველას, ვინც მის მხარეზეა? დიახ, გაქცევასთან შეიძლება გარკვეული სირთულეები და ზარალი იყოს დაკავშირებული. ჩვენც ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“. w22.01 4 ¶7, 8

ხუთშაბათი, 23 ნოემბერი

რაოდენ ძვირფასია, ღმერთო, შენი ურყევი სიყვარული! (ფსალმ. 36:7).

ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ იეჰოვამ მოსეს გაუმჟღავნა თავისი სახელი და ისიც გაუმხილა, რა თვისებებს ფლობს. მან თქვა: „იეჰოვა გულმოწყალე, თანამგრძნობი და სულგრძელი ღმერთია, გულუხვია სიკეთესა [ურყევ სიყვარულსა, სქ.] და ჭეშმარიტებაში; ათასების მიმართ იჩენს სიყვარულს, პატიობს დანაშაულს, ურჩობასა და ცოდვას“ (გამ. 34:6, 7). ამ გულში ჩამწვდომი სიტყვებით იეჰოვამ მეტი ნათელი მოჰფინა იმას, თუ რას მოიცავს ურყევი სიყვარული. იეჰოვას შესახებ ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ურყევია მისი სიყვარული“. ამ ფრაზას ბიბლიის არაერთ მუხლში ვხვდებით (რიცხ. 14:18; ნეემ. 9:17; ფსალმ. 86:15; 103:8; იოელ. 2:13; იონ. 4:2). ყველა ამ შემთხვევაში იეჰოვას გამოვლენილ სიყვარულზეა საუბარი და არა ადამიანების მიერ გამოვლენილ სიყვარულზე. ის ფაქტი, რომ იეჰოვა ხაზს უსვამს თავის ურყევ სიყვარულს, აშკარად მიგვანიშნებს, რომ ეს თვისება მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. w21.11 2, 3 ¶3, 4

პარასკევი, 24 ნოემბერი

ნუღარ წუხხართ საკუთარ თავზე (მათ. 6:25).

დაქორწინებულებისთვის მოციქული პეტრე და მისი მეუღლე კარგ მაგალითს წარმოადგენენ. იესოსთან პირველი შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, ექვსი თვიდან ერთ წლამდე იყო გასული, როცა პეტრე სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე დადგა. ის ოჯახს მებადურობით არჩენდა. ამიტომ, როცა იესომ თავისი მიმდევრობა შესთავაზა, პეტრეს მოუწევდა, ანგარიში გაეწია ოჯახისთვის (ლუკ. 5:1—11). მან იესოს მიმდევრობა არჩია. აშკარაა, რომ პეტრეს ამ გადაწყვეტილებას მისი ცოლიც უჭერდა მხარს. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იესოს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ ის არაერთხელ ახლდა თან თავის ქმარს ქრისტიანული დავალებების შესრულებისას (1 კორ. 9:5). უდავოა, თავისი ცოლის კარგმა მაგალითმა პეტრეს იმის სითამამე შესძინა, რომ მოგვიანებით ღვთის შთაგონებით რჩევები მიეცა ქრისტიანი ქმრებისა და ცოლებისთვის (1 პეტ. 3:1—7). აშკარაა, პეტრესაც და მის მეუღლესაც სწამდათ, რომ იეჰოვა თავისი დაპირებისამებრ იზრუნებდა მათზე, თუ მისადმი მსახურებას უმთავრეს ადგილს დაუთმობდნენ (მათ. 6:31—34). w21.11 18 ¶14

შაბათი, 25 ნოემბერი

მომბაძეთ მე (1 კორ. 11:1).

პავლე მოციქულს უყვარდა და-ძმები და დაუღალავად შრომობდა მათთვის (საქ. 20:31). თანაქრისტიანებსაც ძალიან უყვარდათ ის. მაგალითად, ეფესოელი უხუცესები ატირდნენ, როცა გაიგეს, რომ პავლეს მეტად ვეღარ ნახავდნენ (საქ. 20:37). ჩვენს მძიმედ მშრომელ უხუცესებსაც ძალიან უყვართ და-ძმები და თავს არ ზოგავენ მათთვის (ფილ. 2:16, 17). თუმცა უხუცესებისთვის ყოველთვის ადვილი არაა თავიანთი დავალების შესრულება. რა დაეხმარება მათ, გაუმკლავდნენ სირთულეებს? უხუცესებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ პავლესგან (1 კორ. 11:1). ის ერთი ჩვეულებრივი კაცი იყო, რომელსაც ადამიანური სისუსტეები ჰქონდა და ზოგჯერ უჭირდა იმის კეთება, რაც სწორი იყო (რომ. 7:18—20). ამასთანავე, მას არაერთი განსაცდელი შეხვდა. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, პავლეს ფარ-ხმალი არ დაუყრია და არც სიხარული დაუკარგავს. თუ პავლეს მიჰბაძავენ, უხუცესები შეძლებენ, გაუმკლავდნენ სირთულეებს და სიხარულით გააგრძელონ თავიანთი მსახურება. w22.03 26 ¶1, 2

კვირა, 26 ნოემბერი

დაიცავით ჩემი შაბათები. მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი (ლევ. 19:3).

ლევიანების 19:3 შაბათის დაცვაზე ამახვილებს ყურადღებას. ქრისტიანები არ ექვემდებარებიან მოსეს კანონს და, შესაბამისად, ყოველკვირეული შაბათის დაცვაც არ მოეთხოვებათ. თუმცა ის, თუ როგორ იცავდნენ ისრაელები შაბათს და რა მხრივ ემსახურებოდა ეს მათ კეთილდღეობას, ჩვენც ბევრ რამეს გვასწავლის. შაბათს ხალხი ყოველდღიური საქმეებისგან ისვენებდა და ძირითადი ყურადღება სულიერზე გადაჰქონდა. ამიტომაც დადიოდა იესო თავისი მშობლიური ქალაქის სინაგოგაში ყოველ შაბათს და ღვთის სიტყვას კითხულობდა (გამ. 31:12—15; ლუკ. 4:16—18). რა დატვირთვა აქვს ჩვენთვის ლევიანების 19:3-ში ჩაწერილ იეჰოვას მითითებას: „დაიცავით ჩემი შაბათები“? ყოველდღიურად უნდა გამოვყოთ დრო სულიერისთვის. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ მხრივ რაღაც უნდა შეცვალოთ? თუ სისტემატურად დაუთმობთ დროს სულიერ საქმეებს, იეჰოვასთან ახლო, მეგობრულ ურთიერთობას განივითარებთ, რაც სიწმინდის შესანარჩუნებლად აუცილებელი წინაპირობაა. w21.12 5 ¶13

ორშაბათი, 27 ნოემბერი

მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად, რომ მოინანიონ (ლუკ. 5:32).

დედამიწაზე ყოფნის დროს იესო ყველანაირი კატეგორიის ადამიანთან ურთიერთობდა. მართალია, ზოგჯერ ის მდიდარ და გავლენიან ადამიანებთან სადილობდა, მაგრამ დროის უმეტეს ნაწილს ღარიბ და დაჩაგრულ ადამიანებთან ატარებდა. ის თანაგრძნობით ეპყრობოდა მათაც, ვისაც საზოგადოებაში ცოდვილის იარლიყი ჰქონდა მიკერებული. ამაყი ადამიანებისთვის იესოს საქციელი დაბრკოლებად იქცა. ისინი მის მოწაფეებს ეკითხებოდნენ: „რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“. იესომ მათ დღევანდელ მუხლში ჩაწერილი სიტყვებით უპასუხა (ლუკ. 5:29—31). დიდი ხნით ადრე ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ ბევრი არ მიიღებდა მესიას. წინასწარმეტყველებაში ნათქვამი იყო: „ათვალწუნებული ჰყავდათ და თავს არიდებდნენ . . . მისი სახე თითქოს დაფარული იყო ჩვენგან. ათვალწუნებული იყო და არაფრად ვაგდებდით“ (ეს. 53:3). ამ წინასწარმეტყველებიდან გამომდინარე, პირველი საუკუნის ებრაელებს არ უნდა გაჰკვირვებოდათ, რომ იესოს უარყოფდნენ. w21.05 8, 9 ¶3, 4

სამშაბათი, 28 ნოემბერი

იეჰოვა წამოაყენებს მას (იაკ. 5:15).

პირველ საუკუნეში ზოგ ქრისტიანს უჭირდა რჩევის გათვალისწინება (იაკ. 1:22). ზოგიც მიკერძოებული იყო მდიდრების მიმართ (იაკ. 2:1—3). ზოგიც ენას ვერ ლაგმავდა (იაკ. 3:8—10). ასეთი სერიოზული ნაკლოვანებების მიუხედავად იაკობს ხელი არ ჩაუქნევია თანაქრისტიანებზე. მან ტაქტიანად, მაგრამ პირდაპირ მისცა რჩევები ქრისტიანებს და სულიერად მოსუსტებულებს მოუწოდა, რომ უხუცესებისთვის ეთხოვათ დახმარება (იაკ. 5:13, 14). გაკვეთილი ჩვენთვის: გვქონდეს რეალური მოლოდინი და დადებითი დამოკიდებულება სხვების მიმართ. ბევრ შემსწავლელს უჭირს ცხოვრებაში ბიბლიური რჩევების გათვალისწინება (იაკ. 4:1—4). მათ დრო სჭირდებათ ცუდი თვისებებისა და ჩვევების მოსაშორებლად და ქრისტიანული თვისებების განსავითარებლად. ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ შემსწავლელებისთვის იმის თქმას, თუ რაში სჭირდებათ გაუმჯობესება. თუ ოპტიმისტური ხედვა გვექნება, დარწმუნებული ვიქნებით, რომ იეჰოვა მიიზიდავს თავისკენ თავმდაბლებს და მისცემს ძალას საჭირო ცვლილებების მოსახდენად (იაკ. 4:10). w22.01 11 ¶11, 12

ოთხშაბათი, 29 ნოემბერი

ვინც საწყლის ჩივილზე ყურს დაიხშობს, თავადაც დაიწყებს ჩივილს, მაგრამ არავინ მიაქცევს ყურადღებას (იგავ. 21:13).

ყველა ქრისტიანი უნდა ეცადოს, რომ იეჰოვას მსგავსად გულმოწყალე იყოს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ იეჰოვა არ შეისმენს მათ სათხოვარს, ვინც სხვების მიმართ გულმოწყალებას არ ავლენს. თუ გვსურს, იეჰოვამ ყურად იღოს ჩვენი ლოცვები, ყველანაირად შევეცდებით, რომ გული არ გავიქვაოთ სხვების მიმართ. ჩვენ, ასე ვთქვათ, ყური კი არ უნდა დავიხშოთ საწყლის ჩივილზე, არამედ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, მოვუსმინოთ გასაჭირში მყოფ ქრისტიანს. გარდა ამისა, გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ ეს ღვთივშთაგონებული რჩევა: „ვინც გულმოწყალე არ არის, გულმოწყალების გარეშე გასამართლდება“ (იაკ. 2:13). თუ თავმდაბლად ვაღიარებთ, რომ ჩვენც ვსაჭიროებთ გულმოწყალებას, სხვების მიმართაც არ გაგვიჭირდება ამ თვისების გამოვლენა. ეს თვისება განსაკუთრებით მაშინ გვჭირდება, როცა მომნანიებელი შემცოდველი უბრუნდება კრებას. ბიბლიური მაგალითები გვეხმარება, უფრო გულმოწყალეები გავხდეთ და სხვების მკაცრად განსჯას მოვერიდოთ. w21.10 12 ¶16, 17

ხუთშაბათი, 30 ნოემბერი

აქ დასხედით, მე კი წავალ და ვილოცებ (მათ. 26:36).

დედამიწაზე მსახურების დასასრულს, სიკვდილის წინა ღამეს, იესო კვლავ განმარტოვდა ფიქრისა და ლოცვისთვის, ამჯერად გეთსემანეს ბაღში. იქ მან მოციქულებს დროული რჩევა მისცა ლოცვასთან დაკავშირებით. იესო მოციქულებთან ერთად გვიან ღამით მივიდა გეთსემანეს ბაღში. მათ სთხოვა, რომ ეფხიზლათ, თავად კი მათგან მოშორებით პირქვე დაემხო და ლოცვა დაიწყო (მათ. 26:37—39). სანამ ლოცულობდა, მოციქულებს ჩაეძინათ. როცა მძინარენი ნახა, კიდევ ერთხელ სთხოვა, რომ ეფხიზლათ და განუწყვეტლივ ელოცათ (მათ. 26:40, 41). იესოს ესმოდა, რომ დაძაბული დღის შემდეგ ისინი გადაღლილები იყვნენ, ამიტომ გაგებით მოეკიდა მათ და თქვა, რომ ხორცი სუსტი იყო. იესო კიდევ ორჯერ განმარტოვდა ლოცვისთვის და ორივეჯერ მოწაფეები ჩაძინებულები დახვდა (მათ. 26:42—45). w22.01 28 ¶10, 11

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება