საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es23 გვ. 118-128
  • დეკემბერი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დეკემბერი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2023
  • ქვესათაურები
  • პარასკევი, 1 დეკემბერი
  • შაბათი, 2 დეკემბერი
  • კვირა, 3 დეკემბერი
  • ორშაბათი, 4 დეკემბერი
  • სამშაბათი, 5 დეკემბერი
  • ოთხშაბათი, 6 დეკემბერი
  • ხუთშაბათი, 7 დეკემბერი
  • პარასკევი, 8 დეკემბერი
  • შაბათი, 9 დეკემბერი
  • კვირა, 10 დეკემბერი
  • ორშაბათი, 11 დეკემბერი
  • სამშაბათი, 12 დეკემბერი
  • ოთხშაბათი, 13 დეკემბერი
  • ხუთშაბათი, 14 დეკემბერი
  • პარასკევი, 15 დეკემბერი
  • შაბათი, 16 დეკემბერი
  • კვირა, 17 დეკემბერი
  • ორშაბათი, 18 დეკემბერი
  • სამშაბათი, 19 დეკემბერი
  • ოთხშაბათი, 20 დეკემბერი
  • ხუთშაბათი, 21 დეკემბერი
  • პარასკევი, 22 დეკემბერი
  • შაბათი, 23 დეკემბერი
  • კვირა, 24 დეკემბერი
  • ორშაბათი, 25 დეკემბერი
  • სამშაბათი, 26 დეკემბერი
  • ოთხშაბათი, 27 დეკემბერი
  • ხუთშაბათი, 28 დეკემბერი
  • პარასკევი, 29 დეკემბერი
  • შაბათი, 30 დეკემბერი
  • კვირა, 31 დეკემბერი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2023
es23 გვ. 118-128

დეკემბერი

პარასკევი, 1 დეკემბერი

ისინი მოისმენენ ჩემს ხმას (იოან. 10:16).

იესომ იმის საჩვენებლად, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა თავის მიმდევრებთან, მწყემსისა და ცხვრის მაგალითი მოიყვანა (იოან. 10:14). რატომ იყო ეს მართებული შედარება? ცხვარი ცნობს და სათანადოდ რეაგირებს მწყემსის ხმაზე. ერთი მოგზაური თავად დარწმუნდა ამაში. მან ასეთი შემთხვევა გაიხსენა: „გვინდოდა, ცხვრებისთვის სურათი გადაგვეღო და ვცდილობდით, ახლოს მოგვეყვანა ისინი. მაგრამ, რადგან ჩვენს ხმას ვერ ცნობდნენ, რეაქცია არ ჰქონდათ. ამ დროს პატარა მეცხვარე ბიჭი გამოჩნდა და ცხვარს დაუძახა. მისი ხმის გაგონებაზე, ცხვრები მაშინვე გაჰყვნენ მას“. ამ მოგზაურის მონათხრობი იესოს სიტყვებს მოგვაგონებს, რომელიც მან თავის მოწაფეებზე წარმოთქვა: „ისინი მოისმენენ ჩემს ხმას“. მაგრამ როგორ უნდა მოვუსმინოთ მის ხმას, ის ხომ ზეცაშია? ჩვენი მწყემსის, იესოს, მოსმენის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება მისგან ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებაა (მათ. 7:24, 25). w21.12 16 ¶1, 2

შაბათი, 2 დეკემბერი

ყველამ შესცოდა და ვეღარ ირეკლავენ ღვთის დიდებას (რომ. 3:23).

გაქრისტიანებამდე მოციქული პავლე კადნიერი და ქრისტეს მიმდევრების სასტიკი მდევნელი იყო. მაგრამ, როცა გააცნობიერა, რომ მცდარ გზას ადგა, საკუთარ თავში ცვლილებები მოახდინა (1 ტიმ. 1:12—16). იეჰოვას დახმარებით პავლე მოსიყვარულე, თანამგრძნობი და თავმდაბალი უხუცესი გახდა. პავლეს იეჰოვას გულმოწყალების იმედი ჰქონდა (რომ. 7:21—25). ის საკუთარი თავისგან სრულყოფილებას არ მოითხოვდა, თუმცა მთელი მონდომებით ცდილობდა ქრისტიანული თვისებების დახვეწას. პავლე დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას დახმარებით თავის დავალებას შეასრულებდა (1 კორ. 9:27; ფილ. 4:13). იეჰოვა უხუცესებისგან სრულყოფილებას არ მოითხოვს. თუმცა მოელის, რომ ისინი აღიარებენ საკუთარ შეცდომებს და ეცდებიან, დახვეწონ ქრისტიანული თვისებები (ეფეს. 4:23, 24). უხუცესებმა ღვთის სიტყვით უნდა გამოიკვლიონ საკუთარი თავი და საჭირო ცვლილებები მოახდინონ. ასეთ შემთხვევაში იეჰოვა დაეხმარება მათ, კარგად გაართვან თავი თავიანთ საქმეს და ბედნიერები იყვნენ (იაკ. 1:25). w22.03 29, 30 ¶13—15

კვირა, 3 დეკემბერი

ნუღარ განსჯით (მათ. 7:1).

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვინმეს მიმართ კრიტიკულები გავხდით? უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ვალდებულება ერთმანეთის სიყვარულია (იაკ. 2:8). გულმხურვალედ უნდა ვთხოვოთ იეჰოვას ლოცვაში, რომ კრიტიკული განწყობა დაგვაძლევინოს. შემდეგ ლოცვის თანახმად ვიმოქმედოთ და ჩვენვე გადავდგათ პირველი ნაბიჯი იმ ადამიანის უკეთ გასაცნობად, ვის მიმართაც კრიტიკულები ვიყავით. მაგალითად, შეგვიძლია მსახურებაში ან სადილზე დავპატიჟოთ. რაც უფრო კარგად გავიცნობთ თანაქრისტიანს, მით უფრო გაგვიადვილდება იეჰოვასა და იესოს მიბაძვა და მასში კარგის დანახვა. ამგვარად ვაჩვენებთ, რომ ვითვალისწინებთ ჩვენი მწყემსის მითითებას: „ნუღარ განსჯით“. როგორც ცხვარი უსმენს მწყემსის ხმას, ისე იესოს მიმდევრები უსმენენ მის ხმას. მნიშვნელობა არა აქვს, „მცირე სამწყსოს“ ვეკუთვნით თუ „სხვა ცხვარს“, დაე კვლავ მოვუსმინოთ და დავემორჩილოთ ჩვენს კარგ მწყემსს (ლუკ. 12:32; იოან. 10:11, 14, 16). w21.12 19 ¶11; 21 ¶17, 18

ორშაბათი, 4 დეკემბერი

მან ყურად არ იღო უხუცესების რჩევა (1 მეფ. 12:8).

ისრაელის მეფე რობოამი ახალი გამეფებული იყო, როცა ხალხმა თხოვნით მიმართა და მამამისის, სოლომონის, მიერ დაკისრებული მძიმე უღლის შემსუბუქება სთხოვა. თავიდან რობოამი გონივრულად მოიქცა და რჩევა ისრაელის უხუცესებს ჰკითხა. მათ ურჩიეს, რომ დაჰყოლოდა ხალხის ნებას და ასე მოეპოვებინა მათი მხარდაჭერა (1 მეფ. 12:3—7). მაგრამ მეფეს ეს რჩევა ჭკუაში არ დაუჯდა, ამიტომ აზრი მასთან ბავშვობიდან შეზრდილებს ჰკითხა. მათ ურჩიეს მეფეს, ხალხისთვის უღელი დაემძიმებინა (1 მეფ. 12:9—11). არჩევანის წინაშე მდგომ რობოამს შეეძლო, იეჰოვასთვის მიემართა ლოცვით და ხელმძღვანელობა ეთხოვა. ნაცვლად ამისა, მან ტოლ-მეგობრების რჩევა გაითვალისწინა. მისი გადაწყვეტილება თავად მისთვისაც და ერისთვისაც საბედისწერო აღმოჩნდა. შეიძლება ყოველთვის არც ჩვენ მოგვეწონოს მოცემული რჩევა, მაგრამ თუ ღვთის სიტყვაზეა დაფუძნებული, აჯობებს, რომ ყურად ვიღოთ. w22.02 9 ¶6

სამშაბათი, 5 დეკემბერი

ჭაბუკთა დიდება მათი ძალაა (იგავ. 20:29).

თავმდაბალი და მოკრძალებული ადამიანი აქცენტს ახალგაზრდების გამოუცდელობაზე კი არა, მათ პოტენციალსა და უნარზე აკეთებს. ის თავისი გუნდის წევრებად აღიქვამს მათ და არა მეტოქეებად. ხანდაზმულები ახალგაზრდებს იეჰოვას კურთხევად უნდა მიიჩნევდნენ და უნდა აფასებდნენ მათ შრომას. ის ხანში შესული და-ძმები, რომელთაც ჯანი აღარ მოჰყვებათ, მადლიერები არიან ენერგიული ახალგაზრდების, რომლებიც საქმესაც კარგად უძღვებიან და კრებისთვისაც ბევრს ირჯებიან. ბიბლიაში მოხსენიებული ნაომიც, რომელმაც მადლიერებით მიიღო დახმარება ახალგაზრდა რუთისგან, კარგი მაგალითია ხანში შესული და-ძმებისთვის. თავიდან ნაომი სთხოვდა თავის რძალს, რუთს, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყო, მაგრამ, როცა რუთმა მასთან ერთად ბეთლემში წასვლა დაიჟინა, უარი აღარ უთქვამს (რუთ. 1:7, 8, 18). ეს ორივე მათგანისთვის კურთხევა აღმოჩნდა (რუთ. 4:13—16). თავმდაბლობა დაეხმარება ხანში შესულ და-ძმებს, მიჰბაძონ ნაომის. w21.09 10, 11 ¶9—11

ოთხშაბათი, 6 დეკემბერი

ღმერთი უსამართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული (ებრ. 6:10).

ჩვენმა მოსიყვარულე ზეციერმა მამამ კარგად იცის თითოეული თავისი მსახურის მდგომარეობა. შეიძლება თქვენ უფრო მეტის კეთების შესაძლებლობა გაქვთ, ვიდრე სხვებს. ან შესაძლოა ასაკის, შერყეული ჯანმრთელობისა თუ ოჯახური პასუხისმგებლობების გამო იმდენს ვერ აკეთებთ, რამდენსაც სხვები. გულს ნუ გაიტეხთ (გალ. 6:4). იეჰოვა არ დაივიწყებს თქვენს შრომას. თუ საუკეთესოს იღებთ მისთვის და თანაც სწორი მოტივით, დარწმუნებული იყავით, რომ მას გულს უხარებთ. იეჰოვა იმასაც კი ხედავს, რისი გაკეთება გწადიათ. მას სურს, რომ ბედნიერები და კმაყოფილები იყოთ იმით, რისი კეთების ძალაც შეგწევთ მისთვის. გულს გვიმშვიდებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ყოველთვის მზად არის, დაეხმაროს თავის მსახურებს სირთულეების დროს (ეს. 41:9, 10). ნამდვილად გვაქვს საფუძველი, სიხარულით ვემსახუროთ ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას, რომელსაც ყველა თავისი ქმნილებისგან ეკუთვნის დიდება და პატივი! (გამოცხ. 4:11). w22.03 24 ¶16; 25 ¶18

ხუთშაბათი, 7 დეკემბერი

ვესწრაფვი და ველტვი შენი მცნებების დაცვას (ფსალმ. 119:60).

გული არ უნდა გავიტეხოთ, თუ იდეალურად არ გამოგვდის იესოს მიბაძვა (იაკ. 3:2). ჩვენ რაღაცით მხატვრის შეგირდს ვგავართ, რომელიც მცდელობის მიუხედავად ზუსტად ვერ იმეორებს მხატვრის ნამუშევარს. მაგრამ, თუ შეგირდი სწავლობს საკუთარ შეცდომებზე და მაქსიმალურად ცდილობს, მიჰბაძოს თავის მასწავლებელს, აუცილებლად გააუმჯობესებს შედეგს. თუ ჩვენც ვიყენებთ ბიბლიიდან ნასწავლს და საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ, უკეთ გამოგვივა იესოს მიბაძვა (ფსალმ. 119:59). დღევანდელ საზოგადოებაში ეგოიზმია გაბატონებული. ჩვენ, იეჰოვას ხალხი, ვცდილობთ, ამ მხრივ არ ვგავდეთ უმრავლესობას. ჩვენთვის სამაგალითოა ის, თუ რა თავდაუზოგავად ირჯებოდა იესო სხვებისთვის. თუ ყველანაირად ვეცდებით, მივბაძოთ იესოს და თავი არ დავზოგოთ სხვებისთვის, გულს გავუხარებთ იეჰოვას და დიდ სიხარულს გამოვცდით (1 პეტ. 2:21). w22.02 24 ¶16; 25 ¶18

პარასკევი, 8 დეკემბერი

ამ წერილებში ზოგიერთი რამ ძნელად გასაგებია (2 პეტ. 3:16).

ერთ-ერთი საშუალება, რითაც იეჰოვა დღეს გვხელმძღვანელობს, მისი სიტყვა ბიბლიაა. თუ ჩავუკვირდებით იმას, რასაც იეჰოვა გვასწავლის, არ გაგვიჭირდება მისი ხელმძღვანელობის მიყოლა და ჩვენთვის დავალებული სამქადაგებლო საქმის შესრულება (1 ტიმ. 4:15, 16). იეჰოვა ხელმძღვანელობას „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობითაც გვიწევს (მათ. 24:45). ზოგჯერ შეიძლება „მონისგან“ მიღებული მითითებები ბოლომდე არ გვესმოდეს. მაგალითად, რატომ უნდა მივიღოთ გარკვეული ზომები სტიქიური უბედურებისთვის მოსამზადებლად, თუ ჩვენს ტერიტორიაზე სტიქიის ალბათობა მცირეა. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვეჩვენება, რომ მიღებული მითითებები არაგონივრულია? ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ბიბლიაში წაკითხულ შემთხვევებზე. ზოგჯერ ღვთის ხალხი ისეთ მითითებებს იღებდა, რომლებიც ადამიანური გადასახედიდან არაგონივრული ჩანდა, თუმცა საბოლოოდ მათ ხსნას ემსახურებოდა (მსაჯ. 7:7; 8:10). w22.03 18 ¶15, 16

შაბათი, 9 დეკემბერი

მამა, შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული (ლუკ. 23:46).

დღევანდელ მუხლში ჩაწერილ იესოს სიტყვებში უდიდესი ნდობა გამოსჭვიოდა. იესომ იცოდა, რომ მისი მომავალი სიცოცხლე იეჰოვაზე იყო დამოკიდებული და ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მამა მას არ დაივიწყებდა. რას ვსწავლობთ იესო სიტყვებიდან? მზად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი სიცოცხლე იეჰოვას მივანდოთ. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ მთელი გულით მივენდობით მას (იგავ. 3:5). მოვიყვანოთ ერთი იეჰოვას მოწმის, 15 წლის ჯოშუას, მაგალითი, რომელსაც სასიკვდილო დაავადება ჰქონდა. მან უარი თქვა მკურნალობის ისეთ მეთოდებზე, რომლებიც ღვთის კანონს ეწინააღმდეგება. სიკვდილამდე მან დედას ასეთი სიტყვები უთხრა: „დე, ჩემი სიცოცხლე იეჰოვას ხელშია . . . ამაში ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი. მჯერა, რომ იეჰოვა აუცილებლად აღმადგენს. მან იცის, რა მაქვს გულში, იცის, რომ ძალიან მიყვარს“. თითოეული უნდა დავფიქრდეთ: თუ რწმენის გამო ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, მივენდობით იეჰოვას იმაში დარწმუნებულები, რომ ის აუცილებლად გაგვიხსენებს? w21.04 12, 13 ¶15, 16

კვირა, 10 დეკემბერი

ვინც სხვას არწყულებს, თავადაც დარწყულდება (იგავ. 11:25).

იეჰოვას ხალხს მსახურება აძლიერებს. სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების გაზიარება გამომაცოცხლებელია და განწყობას გვიმაღლებს იმისდა მიუხედავად, გვისმენენ თუ არა. ზოგი ფიქრობს, რომ მდგომარეობიდან გამომდინარე ბევრს ვერაფერს გააკეთებს მსახურებაში. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა იმითაც კმაყოფილია, რასაც მისთვის მთელი გულით აკეთებთ. მაშინაც კი, თუ ჯანმრთელობის გამო სახლიდან გასვლას ვერ ვახერხებთ, იეჰოვა ძალიან აფასებს, როცა ჩვენში მსახურების სურვილს ხედავს. ის მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენს მომვლელებს ან სამედიცინო პერსონალს ვესაუბროთ. თუ ჩვენს ახლანდელ მდგომარეობას წარსულს შევადარებთ, შეიძლება გული გაგვიტყდეს. მაგრამ, თუ შევეცდებით იმის დანახვას, დღეს როგორ გვიდგას იეჰოვა მხარში, ძალას მოვიკრებთ, რომ ნებისმიერ სირთულეს სიხარულით შევხვდეთ. ჩვენ არ ვიცით, როდის გაიდგამს ფესვს და გაიზრდება ჩვენ მიერ ჩათესილი ჭეშმარიტების მარცვალი (ეკლ. 11:6). w21.05 24, 25 ¶14—17

ორშაბათი, 11 დეკემბერი

რატომ წაუყრუე იეჰოვას მითითებას და რატომ ჩაიდინე ბოროტება მის თვალში? (2 სამ. 12:9).

სიხარბემ დააბრმავა დავითი და დაავიწყა, რომ ყველაფერი იეჰოვასგან ჰქონდა ბოძებული. მაგალითად, სიმდიდრე, სახელი და მტრებზე მოპოვებული არაერთი გამარჯვება. არადა დავითი მანამდე მადლიერებით აღიარებდა, რომ იეჰოვას იმდენი რამ ჰქონდა მისთვის ბოძებული, რომ ვერც კი ჩამოთვლიდა (ფსალმ. 40:5). თუმცა დავითმა რაღაც მომენტში სწორი ხედვა და მადლიერების გრძნობა დაკარგა. მართალია, დავითს არაერთი ცოლი ჰყავდა, მაგრამ სხვა კაცის ცოლს დაადგა თვალი. ეს იყო ბათშება, ხეთელი ურიას ცოლი. დავითი აჰყვა ეგოისტურ სურვილებს და დაწვა ბათშებასთან; როცა ბათშება დაორსულდა, დავითი იქამდეც კი მივიდა, რომ ურია მოაკვლევინა (2 სამ. 11:2—15). ნუთუ ეგონა, რომ იეჰოვა ამას ვერ დაინახავდა?! დავითს, ერთ დროს ღვთის ერთგულ მსახურს, სიხარბემ სძლია, რაც ძვირად დაუჯდა. თუმცა, საბედნიეროდ, მან აღიარა დანაშაული და მოინანია. რაოდენ მადლიერი იქნებოდა ის, რომ იეჰოვამ კვლავ წყალობის თვალით შეხედა (2 სამ. 12:7—13). w21.06 17 ¶10

სამშაბათი, 12 დეკემბერი

იმას არ ვამბობ, რომ, თუკი . . . გამოსადეგნი ვართ, ჩვენით ვართ, არამედ ღმერთი გვხდის გამოსადეგს (2 კორ. 3:5).

ზოგჯერ ეჭვი გვეპარება საკუთარ შესაძლებლობებში. შეიძლება ვფიქრობთ, რომ მეტი ცოდნა და გამოცდილება გვჭირდება, ვინმეს რომ ბიბლიის შესწავლა ჩავუტაროთ. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, შემდეგი სამი ფაქტორი თვითრწმენას შეგმატებთ. პირველი, იეჰოვა თვლის, რომ ამ საქმეს თავს კარგად გაართმევთ. მეორე, იესო, რომელსაც მთელი ძალაუფლება აქვს მიცემული „ზეცაში თუ დედამიწაზე“, სხვების სწავლების უფლებას გაძლევთ (მათ. 28:18). და მესამე, დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა და და-ძმები მხარში ამოგიდგებიან. ყველაფერი, რასაც იესო ამბობდა, მამისგან ჰქონდა ნასწავლი. იეჰოვას იმედი თქვენც შეგიძლიათ გქონდეთ (იოან. 8:28; 12:49). გარდა ამისა, ბიბლიის შესწავლის დაწყებასა და ჩატარებაში დახმარება შეგიძლიათ სთხოვოთ თქვენი სამქადაგებლო მსახურების ჯგუფის ზედამხედველს, გამოცდილ მაუწყებელს ან პიონერს. თვითრწმენას ისიც შეგმატებთ, თუ ამ მაუწყებლებს გაჰყვებით ბიბლიის შესწავლებზე. w21.07 6 ¶12

ოთხშაბათი, 13 დეკემბერი

მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია, მცირედში ორგული კი ბევრშიც ორგულია (ლუკ. 16:10).

ვინაიდან ქვეყნიერების აღსასრული კარსაა მომდგარი, დღეს ისე, როგორც არასდროს უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა ყოველთვის სწორად და სამართლიანად მოქმედებს. შეიძლება „დიდ გასაჭირში“ ისეთი მითითებები მივიღოთ, რომლებიც, ერთი შეხედვით, უცნაური და არალოგიკურიც მოგვეჩვენოს. რა თქმა უნდა, იეჰოვა პირადად არავის დაგველაპარაკება. ის მითითებებს ხელმძღვანელი ძმების მეშვეობით მოგვცემს. მაშინ ნამდვილად არ იქნება იმის დრო, რომ გავაკრიტიკოთ ეს მითითებები ან ვიფიქროთ, მართლა იეჰოვას ხელმძღვანელობაა ეს თუ ძმებმა თვითონ გადაწყვიტეს ყველაფერი. ის, თუ როგორი რეაქცია გექნებათ მაშინ, იმაზეა დამოკიდებული, დღეს როგორ ეკიდებით თეოკრატიულ მითითებებს. თუ დღეს არ გიჭირთ ხელმძღვანელობის მიყოლა, დიდი ალბათობით არც მომავალში გაგიჭირდებათ. w22.02 6 ¶15

ხუთშაბათი, 14 დეკემბერი

თქვენოდენი რა გამიკეთებია?! (მსაჯ. 8:2).

იეჰოვას დახმარებით გედეონმა 300 კაცთან ერთად ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რასაც შეეძლო ისინი ადვილად გაეამაყებინა. ბრძოლიდან დაბრუნებულ გედეონთან ეფრემელები მივიდნენ და ნაცვლად იმისა, რომ გამარჯვებისთვის შეექოთ, ცხარე კამათი გაუმართეს იმის გამო, რომ ბრძოლაში არ გაიყოლა (მსაჯ. 8:1). გედეონმა შეახსენა მათ, რა დიდებული საქმეები მოიმოქმედეს იეჰოვას დახმარებით. ისინი მხოლოდ „მაშინღა დაშოშმინდნენ“ (მსაჯ. 8:3). გედეონმა თავმოყვარეობას გადააბიჯა, რათა ღვთის ხალხს შორის მშვიდობა შეენარჩუნებინა. როგორც ეფრემელების მაგალითიდან ვხედავთ, საკუთარი ღირსების დაცვაზე ისე არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, რომ მხედველობიდან გამოგვრჩეს იეჰოვასთვის პატივის მიგება. ოჯახისთავებსა და უხუცესებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ გედეონისგან. თუ ვინმე ჩვენმა საქციელმა გაანაწყენა, უნდა ვეცადოთ, მისი თვალით შევხედოთ სიტუაციას. შეგვიძლია შევაქოთ კიდეც ეს ადამიანი იმისთვის, რაც კარგად გამოსდის. ეს ჩვენი მხრიდან თავმდაბლობას მოითხოვს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მშვიდობის შენარჩუნება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თავმოყვარეობის დაკმაყოფილება. w21.07 16, 17 ¶10—12

პარასკევი, 15 დეკემბერი

შევქმნათ ადამიანი ჩვენ ანარეკლად (დაბ. 1:26).

იეჰოვამ თავის მსგავსებად შეგვქმნა. ჩვენც, ღვთის მსგავსად შექმნილ ადამიანებს, შეგვიძლია გამოვავლინოთ ისეთი თვისებები, როგორიცაა: სიყვარული, თანაგრძნობა, ერთგულება და სამართლიანობა (ფსალმ. 86:15; 145:17). თუ ამ თვისებებს ვივითარებთ, პატივს მივაგებთ იეჰოვას და მისადმი მადლიერებას გამოვხატავთ (1 პეტ. 1:14—16). ამგვარად, ღმერთსაც ვუხარებთ გულს და ჩვენც ბედნიერი და კმაყოფილებით სავსე ცხოვრება გვაქვს. ვინაიდან იეჰოვამ თავის მსგავსებად შეგვქმნა, იმის პოტენციალიც ჩადო ჩვენში, რომ მისი ოჯახის ღირსეული წევრები ვიყოთ. იეჰოვამ საცხოვრებლად იდეალური პირობები შეგვიქმნა. პირველი ადამიანის შექმნამდე დიდი ხნით ადრე, იეჰოვამ დედამიწა ადამიანებისთვის საცხოვრებლად მოამზადა (იობ. 38:4—6; იერ. 10:12). ვინაიდან ის მოსიყვარულე და გულუხვი ღმერთია, არაფერი დაიშურა იმისთვის, რომ ადამიანები სიცოცხლით დამტკბარიყვნენ (ფსალმ. 104:14, 15, 24). როცა იეჰოვა დააკვირდა თავის შემოქმედებას, თქვა, რომ ყველაფერი კარგი იყო (დაბ. 1:10, 12, 31). w21.08 3 ¶5, 6

შაბათი, 16 დეკემბერი

სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, სიკარგე, რწმენა, რბილი ხასიათი და თავშეკავება (გალ. 5:22, 23).

ქადაგება და მოწაფეების მომზადება თითოეული ჩვენგანის დავალებაა (მათ. 28:19, 20; რომ. 10:14). გსურთ, დაიხვეწოთ ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში? მიზნად დაისახეთ, შეისწავლოთ ბროშურა „კითხვა და სწავლება“ და გამოიყენოთ მასში მოცემული რჩევები. მიზნების დასახვისას მხედველობიდან ნუ გამოგრჩებათ ყველაზე მთავარი — ქრისტიანული თვისებების დახვეწა (კოლ. 3:12; 2 პეტ. 1:5—8). უდავოა, თითოეულ ჩვენგანს გვსურს, რომ იეჰოვასთვის უფრო მეტი ვაკეთოთ. ახალ ქვეყნიერებაში ამის უამრავი შესაძლებლობა მოგვეცემა. მანამდე კი მოდი ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ მეტი სიხარულით ვაკეთოთ ჩვენი საქმე და გასაქანი არ მივცეთ იმედგაცრუებას. რაც ყველაზე მთავარია, ამგვარად პატივს მივაგებთ და განვადიდებთ იეჰოვას, ჩვენს ბედნიერ ღმერთს (1 ტიმ. 1:11). ამიტომ მოდი გავიხაროთ იმით, რასაც იეჰოვასთვის ვაკეთებთ! w21.08 25 ¶18—20

კვირა, 17 დეკემბერი

ვისაც ღმერთთან დაახლოება სურს, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს (ებრ. 11:6).

თუ მოწმეების ოჯახში აღიზარდეთ, ალბათ, ბავშვობიდან გასწავლიდნენ იეჰოვას შესახებ. შესაბამისად, თქვენ იცით, რომ ის შემოქმედია, მას მიმზიდველი თვისებები აქვს და სურს, დედამიწა სამოთხედ გადააქციოს (დაბ. 1:1; საქ. 17:24—27). მაგრამ ბევრ ადამიანს ღვთის არსებობისაც კი არ სწამს, რომ აღარაფერი ვთქვათ ღვთის მიერ სამყაროს შექმნაზე. მათი აზრით, სიცოცხლე თავისით გაჩნდა და ევოლუციის გზით უფრო რთულ ფორმებად გარდაიქმნა. ზოგი, ვინც ამას ამტკიცებს, ერუდირებული ადამიანების კატეგორიას განეკუთვნება. ისინი იმასაც ირწმუნებიან, რომ მეცნიერება ბიბლიაში ჩაწერილს აბათილებს და ღმერთის მხოლოდ გაუნათლებელ, სუსტ და გულუბრყვილო ადამიანებს სწამთ. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანია, რაც იეჰოვას მოწმე ვართ, ჩვენ კვლავაც უნდა განვიმტკიცოთ რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ვერავინ შეგვაცდენს „ფილოსოფიითა და ფუჭი აზრებით“, რომლებიც ადამიანურ ნააზრევს ეფუძნება და ღვთის სიტყვას ეწინააღმდეგება (კოლ. 2:8). w21.08 14 ¶1—3

ორშაბათი, 18 დეკემბერი

იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, შენ გეკუთვნის დიდება, პატივი და ძლიერება! (გამოცხ. 4:11).

აბელი, ნოე, აბრაამი და იობი სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავდნენ იეჰოვას მიმართ. ეს იქიდან ჩანდა, რომ ისინი რწმენასა და მორჩილებას ავლენდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ იეჰოვას. ფაქტია, ისინი საუკეთესოს იღებდნენ მისთვის და იეჰოვაც იწონებდა მათ თაყვანისცემას. მოგვიანებით იეჰოვამ აბრაამის შთამომავლებს მოსეს მეშვეობით კანონი მისცა. ეს კანონი კონკრეტულ მითითებებს შეიცავდა იმის შესახებ, თუ როგორ თაყვანისცემას იწონებდა იეჰოვა. იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იეჰოვა აღარ მოითხოვდა მოსეს კანონის დაცვას (რომ. 10:4). ქრისტიანებს ახალი კანონის, „ქრისტეს კანონის“, შესრულება ევალებოდათ (გალ. 6:2). ამისთვის მათ უამრავი წესის დაცვა კი არ სჭირდებოდათ, არამედ იესოს მიბაძვა და მისი სწავლებების თანახმად ცხოვრება. დღესაც ქრისტიანები მაქსიმალურად ვცდილობთ, მივყვეთ ქრისტეს ნაკვალევს. ეს ჩვენთვისაც გამომაცოცხლებელია და, რაც მთავარია, იეჰოვასთვისაც მოსაწონია (მათ. 11:29). w22.03 20, 21 ¶4, 5

სამშაბათი, 19 დეკემბერი

ის . . . ხშირად დადიოდა უკაცრიელ უდაბნოში და ლოცულობდა (ლუკ. 5:16).

იეჰოვა უსმენს თავის შვილებს. იეჰოვამ იესოს არაერთი ლოცვა შეისმინა, რომელსაც ის დედამიწაზე ყოფნის დროს წარმოთქვამდა. მაგალითად, სანამ იესო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებდა და 12 მოციქულს აირჩევდა, მან ილოცა და იეჰოვამაც შეისმინა მისი თხოვნა (ლუკ. 6:12, 13). იეჰოვა მაშინაც უსმენდა თავის ძეს, როცა ის მძიმე განცდებში იყო. სანამ გასცემდნენ, იესო მხურვალედ ლოცულობდა იმ განსაცდელის გამო, რომლის ატანაც მალე მოუწევდა. იეჰოვამ არა მხოლოდ მოუსმინა თავის ძეს, არამედ ანგელოზიც გაუგზავნა გასამხნევებლად (ლუკ. 22:41—44). იეჰოვა დღესაც ისმენს თავისი მსახურების ლოცვებს და შესაბამის დროს საუკეთესო სახით პასუხობს (ფსალმ. 116:1, 2). ერთმა ინდოელმა დამ საკუთარ თავზე გამოსცადა, როგორ უპასუხა იეჰოვამ მის ლოცვას. ის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო და მხურვალედ შესთხოვდა იეჰოვას დახმარებას. ეს და ამბობს: „2019 წლის მაისის JW მაუწყებლობის® პროგრამა საწუხართან გამკლავების თემას ეხებოდა. იმ დროს სწორედ ეს მჭირდებოდა. თითქოს ჩემს ლოცვებზე პასუხი მივიღე“. w21.09 21, 22 ¶6, 7

ოთხშაბათი, 20 დეკემბერი

იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ (ლუკ. 21:21).

წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის სარჩო-საბადებლის დატოვება და სრულიად ახალ გარემოში ყველაფრის თავიდან დაწყება. მათ რწმენა სჭირდებოდათ, რომ მინდობოდნენ იეჰოვას იმაში დარწმუნებულნი, რომ ის აუცილებელს არ მოაკლებდა. ამაში მათ დაეხმარებოდათ რჩევა, რომელიც პავლემ ებრაელ ქრისტიანებს იერუსალიმის გარშემო რომაელების ჯარის დაბანაკებამდე ხუთი წლით ადრე მისწერა: «იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან ღმერთმა თქვა: „არასდროს დაგტოვებ და არ მიგატოვებ“. ამიტომ გულდაჯერებულნი ვამბობთ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?!“» (ებრ. 13:5, 6). მათ, ვინც ყურად იღო ეს რჩევა, გაუადვილდებოდათ ახალ გარემოში მოკრძალებულ პირობებთან შეგუება. ამ ქრისტიანებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ იეჰოვა მათ აუცილებელ მოთხოვნილებებზე იზრუნებდა. w22.01 4 ¶7, 9

ხუთშაბათი, 21 დეკემბერი

[იეჰოვას] წყალობა ყველა მის საქმეში ვლინდება (ფსალმ. 145:9).

როდესაც სიტყვა „გულმოწყალე“ გვესმის, გონებაში წარმოგვიდგება თბილი, თანამგრძნობი, კეთილი და ხელგაშლილი ადამიანი. შეიძლება ამან იესოს იგავიც გაგვახსენოს კეთილ სამარიელზე. ამ უცხოტომელმა კაცმა „გულმოწყალება გამოიჩინა“ ებრაელის მიმართ, რომელსაც ყაჩაღები დაესხნენ თავს და სცემეს. მის დანახვაზე სამარიელს „გული დაეწვა“ და სიყვარულით იზრუნა მასზე (ლუკ. 10:29—37). ეს იგავი ხაზს უსვამს იეჰოვას მიმზიდველ თვისებას, გულმოწყალებას, რომელსაც სიყვარული უდევს საფუძვლად. ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ ღვთის გულმოწყალებას. გულმოწყალება დამნაშავის დაუსჯელად დატოვებასაც გულისხმობს. სწორედ ასე იქცევა იეჰოვა. ის უდიდეს გულმოწყალებას ავლენს ჩვენ მიმართ. ფსალმუნმომღერალმა ამას გაუსვა ხაზი, როცა თქვა: „ჩვენი ცოდვებისამებრ არ მოგვკითხა და არც დანაშაულისთვის მოგვიზღა საკადრისი“ (ფსალმ. 103:10). თუმცა იეჰოვამ ზოგჯერ შეიძლება მკაცრადაც დასაჯოს შემცოდველი. w21.10 8 ¶1, 2

პარასკევი, 22 დეკემბერი

ჩემი სიყვარული ურყევი იქნება (ეს. 54:10).

იეჰოვა ურყევ სიყვარულს მხოლოდ თავისი ერთგული მსახურების მიმართ ავლენს. ამას მეფე დავითისა და წინასწარმეტყველ დანიელის სიტყვებიც ადასტურებს. მაგალითად, დავითმა თქვა: „შენს ურყევ სიყვარულს ნუ მოაკლებ მათ, ვინც გიცნობს“; „იეჰოვას სიყვარული ურყევია და მარადიული მის მოშიშთა მიმართ“. დანიელმა კი თქვა: „იეჰოვა, ჭეშმარიტო ღმერთო . . . ურყევი რომაა შენი სიყვარული შენს მოყვარულთა, შენი მცნებების დამცველთა მიმართ“ (ფსალმ. 36:10; 103:17; დან. 9:4). ამ ღვთივშთაგონებული სიტყვებიდან კარგად ჩანს, რომ იეჰოვა სიყვარულს ავლენს თავისი მსახურების მიმართ, რადგან ისინი იცნობენ მას, მისი შიში აქვთ, უყვართ და იცავენ მის მცნებებს. აქედან გამომდინარე, იეჰოვას ურყევი სიყვარული მხოლოდ თავის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებზე ვრცელდება. როგორც ყველა ადამიანი, ღმერთს ჩვენც ვუყვარდით, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი მსახურები გავხდით, იეჰოვამ ურყევი სიყვარულით შეგვიყვარა (ფსალმ. 104:14). w21.11 4 ¶8, 9

შაბათი, 23 დეკემბერი

იეჰოვას, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი (მათ. 4:10).

არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რას იტყვის, ჩვენ მაინც დღევანდელ მუხლში მოხსენიებული იესოს სიტყვების თანახმად მოვიქცევით. დღეს ბევრი მოხიბლულია ამა თუ იმ კონფესიის ქარიზმატული ლიდერების ქადაგებებით. ზოგს ლამის გაკერპებული ჰყავს ისინი. ხალხი აწყდება მათ ეკლესიებს, ყიდულობენ მათ გამოცემულ წიგნებს და დიდ თანხებს იღებენ მათ მხარდასაჭერად. ზოგი ბრმად იჯერებს ამ რელიგიური ლიდერების თითოეულ სიტყვას. ალბათ, იესოც კი ვერ გამოიწვევდა მათში ამხელა აღტაცებას. მათგან განსხვავებით, იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს არ ჰყავთ რელიგიური წინამძღოლები. მართალია, ისინი პატივს სცემენ ხელმძღვანელობის გამწევთ, მაგრამ კარგად ესმით იესოს ნათელი მითითება: „თქვენ ყველანი ძმები ხართ“ (მათ. 23:8—10). ჩვენ არ ვაკერპებთ ადამიანებს — არც რელიგიურ პირებს და არც პოლიტიკოსებს; და არც მათ იდეოლოგიას ვიზიარებთ. ჩვენ ნეიტრალური პოზიცია გვიკავია და ქვეყნიერებისგან განცალკევებული ვრჩებით. სწორედ ეს ფაქტორები განგვასხვავებს ეგრეთ წოდებული ქრისტიანებისგან (იოან. 18:36). w21.10 20 ¶6, 7

კვირა, 24 დეკემბერი

მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი . . . არ სცე თაყვანი სხვა ღმერთებს ჩემ გარდა (გამ. 20:2, 3).

თუ ქრისტიანს სიწმინდის შენარჩუნება სურს, არავის და არაფერს უნდა მისცეს უფლება, რომ მასსა და იეჰოვას შორის ჩადგეს. ვინაიდან ღვთის სახელს ვატარებთ, ყველანაირად უნდა მოვერიდოთ ისეთ ქმედებებს, რომლებიც შეურაცხყოფდა ან შებღალავდა ღვთის წმინდა სახელს (ლევ. 19:12; ეს. 57:15). ისრაელებს მრავალი კანონის დაცვა უწევდათ, რადგან იეჰოვას თავიანთ ღმერთად აღიარებდნენ. ლევიანების 18:4-ში წერია: „აღასრულეთ ჩემი სამართალი და დაიცავით ჩემი წესები. მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“. მე-19 თავში კი მოხსენიებულია ზოგიერთი წესი, რომლის დაცვასაც ღმერთი ისრაელისგან ითხოვდა. მაგალითად, მე-5—8, 21-ე და 22-ე მუხლებში საუბარია ცხოველურ შესაწირავებზე. ამ შესაწირავების გაღების დროს მათ უნდა დაეცვათ გარკვეული წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შებღალავდნენ იმას, რაც წმინდა იყო იეჰოვასთვის. როცა ამ მუხლებს ვკითხულობთ, სურვილი გვიჩნდება, რომ იეჰოვას მის მოსაწონად შევწიროთ ქება, როგორც ამას ებრაელების 13:15 მოგვიწოდებს. w21.12 5, 6 ¶14, 15

ორშაბათი, 25 დეკემბერი

გაიხარე შენი ახალგაზრდობის ცოლთან (იგავ. 5:18).

ახალგაზრდა წყვილებს კარგ მაგალითს აძლევენ ისინი, ვინც იეჰოვაზე მინდობა ისწავლეს. ბევრმა წყვილმა ათწლეულები გაატარა სრული დროით მსახურებაში. კარგი იქნება, თუ გაანდობთ მათ თქვენს გეგმებს და რჩევას ჰკითხავთ. ასე აჩვენებთ, რომ ენდობით იეჰოვას (იგავ. 22:17, 19). გახსოვდეთ, ქორწინება იეჰოვას საჩუქარია (მათ. 19:5, 6). მას სურს, რომ წყვილებს ამ საჩუქარმა სიხარული მოუტანოს. ამიტომ ახალგაზრდა წყვილებო, დაფიქრდით, რა კურსი გაქვთ აღებული. ყველაფერს აკეთებთ, რომ მაქსიმალურად გამოხატოთ მადლიერება იეჰოვასგან ბოძებული არაერთი ძღვნისთვის? ესაუბრეთ მას ლოცვაში. ღვთის სიტყვაში მოიძიეთ თქვენი სიტუაციისთვის შესაფერისი პრინციპები. შემდეგ კი ყურად იღეთ იეჰოვას რჩევები და თავად დარწმუნდებით, რამხელა კმაყოფილებასა და ბედნიერებას მოგანიჭებთ იეჰოვას მსახურების პირველ ადგილზე დაყენება. w21.11 19 ¶16, 18

სამშაბათი, 26 დეკემბერი

ჩვენ ყველანი ხშირად ვცდებით (იაკ. 3:2).

იაკობს დიდი წარმოდგენა არ ჰქონია საკუთარ თავზე. მართალია, იაკობი იესოს ძმა იყო და კრებაში საპასუხისმგებლო როლი ეკისრა, მაგრამ არ ფიქრობდა, რომ თანაქრისტიანებზე რაღაცით უპირატესობდა. ის მათ ასე მიმართავდა: „ჩემო საყვარელო ძმებო“ (იაკ. 1:16, 19; 2:5). არც ისე იჭერდა თავს, თითქოს არასდროს არაფერი ეშლებოდა. გაკვეთილი ჩვენთვის: გვახსოვდეს, რომ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს. არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს რაღაცით ვუპირატესობთ შემსწავლელებზე. თუ შემსწავლელს ისეთ წარმოდგენას შევუქმნით, რომ უშეცდომოები ვართ, შეიძლება დაასკვნას, რომ თავად ვერასდროს შეძლებს ღვთის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. თუ გულწრფელად ვაღიარებთ, რომ ზოგჯერ ჩვენც გვიჭირს ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრება და იმასაც ვეტყვით, როგორ გვეხმარება იეჰოვა, მოვახდინოთ ცვლილებები, შემსწავლელი მიხვდება, რომ თავადაც შეძლებს ღვთის მსახურებას. w22.01 11, 12 ¶13, 14

ოთხშაბათი, 27 დეკემბერი

ისეთივე აზროვნება გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა (ფილ. 2:5).

რაც უფრო გავითავისებთ იესოს აზროვნებას, მით უფრო დაემსგავსება ჩვენი საქციელი მისას და უკეთ შევძლებთ მის მიბაძვას (ებრ. 1:3). ზოგმა შეიძლება იფიქროს: „როგორ უნდა მივბაძო მე, არასრულყოფილმა ადამიანმა, სრულყოფილ იესოს?!“. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები: პირველი, ჩვენ იეჰოვასა და იესოს მსგავსებად ვართ შექმნილი. ასე რომ, თუ მოვინდომებთ, გარკვეულწილად შევძლებთ მის მიბაძვას (დაბ. 1:26). მეორე, წმინდა სული, სამყაროში უდიდესი ძალა, იმასაც კი შეგვაძლებინებს, რასაც ჩვენით ვერასდროს შევძლებდით. მესამე, იეჰოვა ჩვენგან არ მოელის, რომ დღესვე სრულყოფილად გამოვავლენთ „სულის ნაყოფს“. ჩვენმა მოსიყვარულე ზეციერმა მამამ ათასი წელი გამოყო მათი გასრულყოფილებისთვის, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვს (გამოცხ. 20:1—3). იეჰოვა მხოლოდ იმას გვთხოვს, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთოთ და მას მივენდოთ. w22.03 9 ¶5, 6

ხუთშაბათი, 28 დეკემბერი

ჯერ სიტყვაც არ უთქვამს ჩემს ბაგეს, რომ შენ უკვე ყველაფერი იცი, იეჰოვა! (ფსალმ. 139:4).

ლოცვა იეჰოვასთან დაახლოების ერთადერთი საშუალება არ არის. ამ მიზანს ემსახურება ღვთის სიტყვის შესწავლაც და კრების შეხვედრებზე დასწრებაც. როგორ შეგიძლიათ საუკეთესოდ გამოიყენოთ ის დრო, რომელიც პირადი შესწავლისთვის ან კრების შეხვედრებზე დასწრებისთვის გაქვთ გამოყოფილი? დაფიქრდით, რა გიფანტავთ გონებას კრების შეხვედრებზე თუ პირადი შესწავლის დროს. მობილურ ტელეფონში ან სხვა ელექტრონულ მოწყობილობაში შემოსული ზარები, იმეილები თუ ტექსტური შეტყობინებები ხომ არა?! როცა ამჩნევთ, რომ პირადი შესწავლის დროს თუ კრების შეხვედრაზე ყურადღება გეფანტებათ, სთხოვეთ იეჰოვას დახმარება. ადვილი არ იქნება, გონებიდან ამოიგდოთ საფიქრალი და სულიერ საკითხებზე ყურადღება გადაიტანოთ. თუმცა ამის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ სთხოვეთ იეჰოვას მშვიდობა, რომელიც არა მხოლოდ თქვენს გულს დაიცავს, არამედ გონებასაც (ფილ. 4:6, 7). w22.01 29, 30 ¶12—14

პარასკევი, 29 დეკემბერი

ყური დაუგდე ბრძენს და მოისმინე მისი საუბარი (იგავ. 22:17).

მეფე უზიამ მისთვის მიცემული რჩევა უგულებელყო. ის იეჰოვას ტაძარში შევიდა და საკმევლის კმევა მოინდომა, რისი უფლებაც მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ. მღვდლებმა უთხრეს მას: „უზია, შენი საქმე არ არის იეჰოვასთვის საკმევლის კმევა, ეს მღვდლების . . . საქმეა“. უზიას რომ თავი დაემდაბლებინა, ყურად ეღო რჩევა და მაშინვე დაეტოვებინა ტაძარი, იეჰოვა, ალბათ, აპატიებდა კიდეც. ნაცვლად ამისა, ის განრისხდა. როგორც ჩანს, ეგონა, რომ რახან მეფე იყო, ყველაფრის უფლება ჰქონდა. მაგრამ იეჰოვა ასე არ ფიქრობდა. გაკადნიერებულ უზიას იეჰოვამ კეთრი შეჰყარა და ის „სიკვდილამდე კეთროვანი იყო“ (2 მატ. 26:16—21). რით არის მისი მაგალითი ჩვენთვის საყურადღებო? ვინც არ უნდა ვიყოთ, თუ ბიბლიურ რჩევებს არ გავითვალისწინებთ, იეჰოვასთან ურთიერთობას გავიფუჭებთ. w22.02 9 ¶7

შაბათი, 30 დეკემბერი

ამიტომ მოინანიეთ და მობრუნდით, რათა წაიშალოს თქვენი ცოდვები, გამოგაცოცხლოთ იეჰოვამ (საქ. 3:19).

მას, ვისაც მოშორებული არა აქვს „ძველი პიროვნება“, ხორციელი აზროვნება და საქციელი ახასიათებს (კოლ. 3:9). ის შეიძლება ეგოისტი, ბრაზიანი, უმადური და ამაყი იყოს. მას შეიძლება იტაცებდეს პორნოგრაფიული მასალა და უზნეობისა თუ ძალადობის ამსახველი ფილმები. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს კარგი თვისებებიც აქვს და დროდადრო სინდისიც ქენჯნის, მაგრამ ის საკუთარ თავში იმის ძალას ვერ პოულობს, რომ შეიცვალოს აზროვნება ან საქციელი (გალ. 5:19—21; 2 ტიმ. 3:2—5). ცოდვილი ბუნების გამო ბოლომდე ვერ ამოვიგდებთ გულიდან და გონებიდან არასწორ აზრებსა და სურვილებს. ამიტომ ზოგჯერ სანანებელი გაგვიხდება ჩვენი საქციელი თუ ნათქვამი (იერ. 17:9; იაკ. 3:2). მაგრამ, თუ ვცდილობთ „ძველი პიროვნების“ მოშორებას, ხორციელი მიდრეკილებები ვეღარ გვმართავს. ჩვენ, ასე ვთქვათ, სულ სხვა ადამიანები ვხვდებით (ეს. 55:7). w22.03 3 ¶4, 5

კვირა, 31 დეკემბერი

იყავით თავმდაბლები და სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად ჩათვალეთ (ფილ. 2:3).

უხუცესებო, ეცადეთ, და-ძმების დადებით თვისებებზე გაამახვილოთ ყურადღება. არასრულყოფილების მიუხედავად ყველას გააჩნია კარგი თვისებები. თუმცა ისიც ფაქტია, რომ უხუცესები დროდადრო და-ძმებს აზროვნების გამოსწორებაში უნდა დაეხმარონ. პავლე მოციქულის მსგავსად, უხუცესებმა ამ დროს ყურადღება არ უნდა მიაქციონ მათ გამაღიზიანებელ სიტყვებსა თუ საქციელს. პირიქით, ყურადღება იეჰოვასადმი მათ სიყვარულზე, მოთმინებაზე და გაუმჯობესების პოტენციალზე უნდა გაამახვილონ. უხუცესები, რომლებიც და-ძმებში ყოველთვის კარგს ხედავენ, თბილ და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიან კრებაში. გახსოვდეთ, იეჰოვა თქვენგან სრულყოფილებას კი არა, ერთგულებას მოელის (1 კორ. 4:2). გჯეროდეთ, რომ მისთვის თქვენი მსახურებაც ძალიან ძვირფასია. ის არასდროს დაივიწყებს „თქვენს შრომასა და სიყვარულს, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ, რადგან ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმინდებს“ (ებრ. 6:10). w22.03 31 ¶19, 21

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება