იანვარი
ორშაბათი, 1 იანვარი
გიგზავნით ტიმოთეს, ჩემს საყვარელ და ერთგულ შვილს უფალში (1 კორ. 4:17).
ტიმოთე თავისი გამორჩეული ქრისტიანული თვისებების გამო გახდა იეჰოვას მოსაწონი მსახური (ფილ. 2:19—22). ეს კარგად გამოჩნდა იქიდანაც, თუ როგორ დაახასიათა მოციქულმა პავლემ ტიმოთე, რომ ის იყო თავმდაბალი, ერთგული, გულმოდგინე, სანდო და და-ძმებზე უანგაროდ მზრუნველი. ამიტომაც უყვარდა პავლეს ტიმოთე და მზად იყო, მისთვის საპასუხისმგებლო დავალებებიც მიენდო. იეჰოვასაც უფრო შევაყვარებთ თავს და და-ძმებსაც უფრო მეტად გამოვადგებით, თუ ღვთის მოსაწონ თვისებებს განვივითარებთ (ფსალმ. 25:9; 138:6). ილოცეთ და იეჰოვას სთხოვეთ, დაგანახვოთ, რომელი თვისების განვითარება გჭირდებათ. შემდეგ არჩევანი რომელიმე კონკრეტულ თვისებაზე შეაჩერეთ, მაგალითად, განივითარეთ თანამგრძნობა, ეცადეთ, გახდეთ მშვიდობისმოყვარე და მიმტევებელი. გაუმჯობესებისთვის საჭირო რჩევა შეიძლება სანდო მეგობარმაც მოგცეთ (იგავ. 27:6). w22.04 23 ¶4, 5
სამშაბათი, 2 იანვარი
თითოეული თავის საქმეებს დაუკვირდეს (გალ. 6:4).
იეჰოვას სურს, რომ სიხარულს ვგრძნობდეთ. ამაზე ისიც მოწმობს, რომ ამ თვისებას წმინდა სული წარმოშობს (გალ. 5:22). ვინაიდან გაცემას უფრო მეტი სიხარული მოაქვს, ვიდრე მიღებას, დიდ სიხარულს განვიცდით, როცა აქტიურად ვმონაწილეობთ მსახურებაში და და-ძმებს ყველანაირად მხარში ვუდგავართ (საქ. 20:35). დღევანდელი დღის მუხლში ჩაწერილი პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რა დაგვეხმარება სიხარულის შენარჩუნებაში. პირველი, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე საუკეთესო უნდა გავიღოთ იეჰოვასთვის. თუ ამას ვაკეთებთ, ნამდვილად გვაქვს სიხარულის მიზეზი (მათ. 22:36—38). მეორე, საკუთარი თავი სხვებს არ უნდა შევადაროთ. იეჰოვას მადლიერი უნდა ვიყოთ იმისთვის, რისი კეთების საშუალებასაც ჩვენი ჯანმრთელობა, ცოდნა თუ უნარი გვაძლევს. მეორე მხრივ, თუ ვინმეს მსახურებაში რაღაც ჩვენზე უკეთ გამოსდის, უნდა გვიხაროდეს, რომ ის თავის ნიჭსა და უნარს იეჰოვას განსადიდებლად იყენებს. w22.04 10 ¶1, 2
ოთხშაბათი, 3 იანვარი
ახლოვდება თქვენი ხსნა (ლუკ. 21:28).
ცრუ რელიგიის განადგურება ყველასთვის მოულოდნელი იქნება (გამოცხ. 18:8—10). ფაქტია, „დიდი ბაბილონის“ განადგურება შეძრავს მთელ მსოფლიოს და შეიძლება არაერთი სირთულეც გამოიწვიოს, მაგრამ ღვთის ხალხს ამ დროს, სულ მცირე, ორი მიზეზი ექნება სიხარულისთვის. ერთი ის, რომ სამუდამოდ მოისპობა იეჰოვას მრავალსაუკუნოვანი მტერი. და მეორე, ამას მალევე მოჰყვება სატანის ქვეყნიერების აღსასრული და ღვთის ხალხის ხსნა. დანიელმა იწინასწარმეტყველა, რომ „უკანასკნელ დროში“ „ცოდნა გამრავლდებოდა“ და ეს ასეც ხდება! ჩვენ ჩავწვდით „უკანასკნელ დროსთან“ დაკავშირებულ წინასწარმეტყველებებს (დან. 12:4, 9, 10). ამ წინასწარმეტყველებების სიზუსტე მოწიწებას გვინერგავს იეჰოვასა და მისი სიტყვის მიმართ (ეს. 46:10; 55:11). ამიტომ კვლავაც გულმოდგინედ იკვლიეთ ღვთის სიტყვა და განიმტკიცეთ რწმენა. გარდა ამისა, სხვებსაც დაეხმარეთ ღმერთთან დაახლოებაში. იეჰოვა დაიცავს მასზე სრულად მინდობილთ და „მშვიდობით ამყოფებს“ (ეს. 26:3). w22.07 6, 7 ¶16, 17
ხუთშაბათი, 4 იანვარი
შეკრიბეს ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად „არმაგედონი“ ჰქვია (გამოცხ. 16:16).
როგორც „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, ზეცაში ღვთის სამეფო დამყარდა და სატანა ზეციდან იქნა გადმოგდებული (გამოცხ. 12:1—9). ზეცამ დაისვენა სატანისგან, სამაგიეროდ დედამიწაზე ღვთის ხალხს დაუდგა მძიმე დრო, რადგან სატანამ მთელი თავისი რისხვა ღვთის მსახურებისკენ მიმართა (გამოცხ. 12:12, 15, 17). რა დაგვეხმარება, მტკიცედ შევხვდეთ სატანის თავდასხმებს? (გამოცხ. 13:10). იმის ცოდნა, თუ რა სასიხარულო მოვლენები გველის მომავალში, რომლებზეც „გამოცხადებიდან“ შევიტყობთ. ამ მოვლენებს შორისაა ღვთის მტრების განადგურებაც. „გამოცხადების“ პირველივე მუხლიდან ვიგებთ, რომ მასში მოცემული ინფორმაცია „ნიშნებით“ ანუ სიმბოლური ენით არის გადმოცემული (გამოცხ. 1:1). w22.05 8 ¶1—3
პარასკევი, 5 იანვარი
უკანასკნელ დღეებში გამოგიყვან ჩემი მიწის წინააღმდეგ, რათა გამიცნონ ხალხებმა, როცა, გოგ, შენით განვიწმინდები მათ თვალწინ (ეზეკ. 38:16).
ღვთის ხალხის მტკიცე პოზიცია იეჰოვას მოწინააღმდეგეებს განარისხებს. შედეგად ერები ერთობლივად გაილაშქრებენ ღვთის ხალხის წინააღმდეგ მთელ დედამიწაზე. ეს გალაშქრება ბიბლიაში წინასწარმეტყველურად არის აღწერილი, როგორც „გოგის“ თავდასხმა (ეზეკ. 38:14, 15). რა რეაქცია ექნება იეჰოვას ამ თავდასხმაზე? ის თავადვე გვცემს პასუხს: „რისხვით ავენთები“ (ეზეკ. 38:18, 21—23). როგორც გამოცხადების მე-19 თავიდან ვიგებთ, იეჰოვა თავის ძეს გამოგზავნის თავისი ხალხის დასაცავად და მტრების გასანადგურებლად. იესოს ამ გალაშქრებაში შეუერთდება ზეციერი ლაშქარი — ერთგული ანგელოზები და 144 000 თანამმართველი (გამოცხ. 17:14; 19:11—15). რით დასრულდება ეს ბრძოლა? იეჰოვას ყველა მოწინააღმდეგის — ადამიანისა თუ ორგანიზაციის — სრული განადგურებით (გამოცხ. 19:19—21). w22.05 17 ¶9, 10
შაბათი, 6 იანვარი
მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის (დაბ. 3:15).
ადამისა და ევას შეცოდებიდან მალევე იეჰოვამ უმნიშვნელოვანესი წინასწარმეტყველება წარმოთქვა, რომელიც იმედს ჩაუსახავდა მათ შთამომავლებს. ეს წინასწარმეტყველება დაბადების 3:15-შია ჩაწერილი: მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის, შენს შთამომავალსა და მის შთამომავალს შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ! მართალია, ეს წინასწარმეტყველება ბიბლიის პირველ წიგნშია ჩაწერილი, მაგრამ აზრობრივად ყველა სხვა წიგნიც მას უკავშირდება. როგორც ასაკინძი ზამბარა აერთიანებს ფურცლებს, ისე დაბადების 3:15 აერთიანებს ბიბლიის ყველა წიგნს. მასში მთელი ბიბლიის დედააზრია გადმოცემული, კერძოდ ის, რომ ღმერთი გამოგზავნიდა მხსნელს, რომელიც მოსპობდა ეშმაკსა და მის ბოროტ მიმდევრებს. როცა ეს მოხდება, ღვთის ყველა მოყვარული შვებით ამოისუნთქებს. ბიბლიის შესწავლა დაგვეხმარება დავინახოთ როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება და რა სარგებელი მოაქვს პირადად ჩვენთვის. w22.07 14 ¶1—3
კვირა, 7 იანვარი
სიბრძნეს იეჰოვა იძლევა (იგავ. 2:6).
სთხოვეთ იეჰოვას სიბრძნე, რომ შვილებს მის შეყვარებაში დაეხმაროთ (იაკ. 1:5). იეჰოვაზე უკეთეს რჩევას ვერავინ მოგცემთ, სულ მცირე, ორი მიზეზის გამო. ერთი ის, რომ იეჰოვა ყველაზე გამოცდილი მშობელია (ფსალმ. 36:9); მეორეც, მისი ბრძნული რჩევები ყოველთვის ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება (ეს. 48:17). თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით იეჰოვა უხვად გვაწვდის სულიერ საზრდოს, რაც დაეხმარება მშობლებს, შვილებს იეჰოვა შეაყვარონ (მათ. 24:45). მაგალითად, წლების მანძილზე ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ იბეჭდებოდა სტატიათა სერიები „რჩევები ოჯახებს“. ეს სტატიები ამჟამად ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული. ჩვენს ვებგვერდზე აგრეთვე განთავსებულია მრავალი ვიდეოინტერვიუ თუ სხვა ვიდეოები, რომლებიც მშობლებს შვილების აღზრდაში დაეხმარება (იგავ. 2:4, 5). w22.05 27 ¶4, 5
ორშაბათი, 8 იანვარი
დანაშაულს რომ აკვირდებოდე, იაჰ, ვინ გამართლდებოდა?! (ფსალმ. 130:3).
იეჰოვას მიმტევებლობაში ვერავინ შეედრება. პირველი, ის ყოველთვის მზადაა, გვაპატიოს. მეორე, ის კარგად გვიცნობს და ყველაფერი იცის ჩვენ შესახებ; ამიტომ ყველაზე კარგად ის დაინახავს, რამდენად გულწრფელია ჩვენი სინანული. და მესამე, როცა იეჰოვა გვპატიობს, ის, ასე ვთქვათ, ჩვენთან ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან იწყებს. ამის წყალობით სუფთა სინდისი გვაქვს და ვგრძნობთ მის კეთილგანწყობილებას. ცხადია, სანამ არასრულყოფილები ვართ, ცოდვას ვერ ავერიდებით. თუმცა ამ მხრივ ძალიან მანუგეშებელი აზრია მოყვანილი „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“, სტატიაში „მონანიება“: „ვინაიდან იეჰოვა გულმოწყალეა და ითვალისწინებს თავისი მსახურების სისუსტეებს, თანდაყოლილი არასრულყოფილებით ჩადენილი შეცდომების გამო მათ მუდმივად არ უნდა ქენჯნიდეთ სინდისი (ფსალმ. 103:8—14; 130:3). თუ ისინი კეთილსინდისიერად დადიან ღვთის გზაზე, მათ არა აქვთ სიხარულის დაკარგვის მიზეზი (ფილ. 4:4—6; 1 იოან. 3:19—22). w22.06 7 ¶18, 19
სამშაბათი, 9 იანვარი
წაგიყვანენ მეფეებთან და გამგებლებთან ჩემი სახელის გამო (ლუკ. 21:12).
ხელისუფლების მხრიდან დევნის შიში სატანის ერთადერთი იარაღი არ არის. ზოგს ფიზიკური შეურაცხყოფა ისე არ აშინებს, როგორც ოჯახის წევრების რეაქცია მის ახალშეძენილ რწმენაზე. ბუნებრივია, მათ უყვართ თავიანთი ოჯახის წევრები და უნდათ, რომ მათაც გაიცნონ და შეიყვარონ იეჰოვა, მაგრამ გული სტკივათ, როცა ისინი აგდებულად ლაპარაკობენ ღმერთსა და მის თაყვანისმცემლებზე. ზოგჯერ ოჯახის წევრები იცვლიან შეხედულებას და თავადაც ეცნობიან ღმერთს. მაგრამ როგორ მოვიქცევით, თუ ოჯახის წევრები ჩვენი მრწამსის გამო ჩვენთან ყველანაირ ურთიერთობას გაწყვეტენ? ასეთ სიტუაციაში ძალებს გვმატებს სიტყვები, რომლებიც ფსალმუნის 27:10-შია ჩაწერილი. თუ დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვას ვუყვარვართ, ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობა აღარ შეგვაშინებს. ისიც ვიცით, რომ ის მოთმინებისთვის დაგვაჯილდოებს. მასზე უკეთ ვერავინ იზრუნებს ჩვენს ფიზიკურ, ემოციურ თუ სულიერ მოთხოვნილებებზე. w22.06 16, 17 ¶11—13
ოთხშაბათი, 10 იანვარი
ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ზუსტად მიჰყვეთ მის ნაკვალევს (1 პეტ. 2:21).
დედამიწაზე მსახურების დროს იესოს რაში აღარ დასდეს ბრალი. მას ჭამა-სმას გადაყოლილი, ეშმაკის მოციქული, შაბათის დამრღვევი და ღვთის მგმობელიც კი უწოდეს (მათ. 11:19; 26:65; ლუკ. 11:15; იოან. 9:16). ყველაფრის მიუხედავად იესო შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფით არ პასუხობდა. იესოს მსგავსად არც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ უკმეხად მათ, ვინც უხეშად გვექცევა (1 პეტ. 2:22, 23). ცხადია, ამის გაკეთება ადვილი არ არის (იაკ. 3:2). რა დაგვეხმარება თავშეკავებაში? როცა მობინადრე უხეშად გპასუხობთ, ეცადეთ, გაუგოთ მას. აი, რას ამბობს ერთი ძმა, სახელად სემი: „ვცდილობ ჩემს თავს შევახსენო, რომ ამ ადამიანს ჭეშმარიტების მოსმენა სჭირდება და რომ მას შეუძლია, უკეთესობისკენ შეიცვალოს“. ზოგჯერ მობინადრის გაღიზიანების მიზეზი ის არის, რომ უბრალოდ ცუდ დროს მივედით. თუ მსახურებაში გაღიზიანებულ ადამიანს შევხვდებით, შეგვიძლია გულში მოკლედ ვილოცოთ და ვთხოვოთ იეჰოვას, დაგვეხმაროს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და უხეშად და უტაქტოდ არ ვუპასუხოთ. w22.04 6 ¶8, 9
ხუთშაბათი, 11 იანვარი
დაუახლოვდით ღმერთს (იაკ. 4:8).
მშობლებო, თუ გსურთ, დაეხმაროთ შვილებს იეჰოვასთან დაახლოებაში, ამის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება მათთან ბიბლიის შესწავლის ჩატარებაა (2 ტიმ. 3:14—17). თუმცა ბიბლიაში იეჰოვას გასაცნობად კიდევ ერთ საშუალებაზეა საუბარი. „იგავებში“, როგორც ჩანს, მამა შვილს ახსენებს, რომ არასდროს დაივიწყოს ღვთის თვისებები, რომლებიც მის ქმნილებებში ჩანს (იგავ. 3:19—21). ალბათ გსიამოვნებთ შვილებთან ბუნებაში დროის სასიამოვნოდ გატარება. ხელიდან ნუ გაუშვებთ ამ შემთხვევებს, რომ შვილებს დაანახვოთ ქმნილებებსა და იეჰოვას თვისებებს შორის კავშირი (რომ. 1:20). ყურადღება მიაქციეთ, როგორ ასწავლიდა იესო თავის მოწაფეებს ქმნილებების მაგალითზე. ერთხელ მათ უთხრა, დაკვირვებოდნენ ყორნებსა და შროშნებს (ლუკ. 12:24, 27—30). იესოს ამ მაგალითებით სურდა ესწავლებინა თავისი მოწაფეებისთვის, თუ როგორი გულუხვი და კეთილია ზეციერი მამა. როგორც ყორნებზე და შროშნებზე ზრუნავს იეჰოვა, ისევე ზრუნავს თავის ერთგულ მსახურებზე, რომ არ აკლდეთ საკვები და ჩასაცმელი. w23.03 20, 21 ¶1—4
პარასკევი, 12 იანვარი
რაც არ უნდა ითხოვოთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამაჩემი ძის მეშვეობით (იოან. 14:13).
იეჰოვას ვემადლიერებით, რომ შეგვიძლია მისი ძის სახელით მივმართოთ მას ლოცვით. იეჰოვა სწორედ ამ დროს გვისმენს და გვპასუხობს და თავისი ძის მეშვეობით გვისრულებს სათხოვარს. იეჰოვა ცოდვებს იესოს მსხვერპლის საფუძველზე გვპატიობს (რომ. 5:1). ბიბლიაში იესოს მღვდელმთავარი ეწოდება, „რომელიც დიადი ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში“ (ებრ. 8:1). იესოს აგრეთვე ეწოდება „შუამავალი მამასთან“ (1 იოან. 2:1). მადლიერი ვართ იეჰოვასი, რომ დაგვიყენა მღვდელმთავარი, რომელსაც ესმის, „რა სისუსტეებს ვებრძვით და გვშუამავლობს“ (რომ. 8:34; ებრ. 4:15). რომ არა იესოს მსხვერპლი, ვერასდროს შევძლებდით ღმერთთან ლოცვით დაახლოებას. იეჰოვას ვერასდროს გადავუხდით სამაგიეროს იმ ფასდაუდებელი ძღვნისთვის, რომელიც თავისი ძის სახით გაიღო ჩვენთვის! w22.07 23 ¶10—12
შაბათი, 13 იანვარი
სანდო კაცი [საიდუმლოს] ინახავს (იგავ. 11:13).
სანდო ადამიანი ყოველთვის ასრულებს პირობას და სიმართლეს ამბობს (ფსალმ. 15:4). ამიტომ ის სხვების ნდობით სარგებლობს. გვინდა, რომ და-ძმები ჩვენც ასეთ ადამიანად გვთვლიდნენ. ნდობა თავისით არ მოდის, მას დამსახურება სჭირდება. ის რაღაცით ფულს ჰგავს: ძნელად იშოვება, მაგრამ ადვილად იკარგება. იეჰოვა ყოველმხრივ იმსახურებს ჩვენს ნდობას. „ყველა მისი საქმე საიმედოა“ (ფსალმ. 33:4). ღმერთს სურს, რომ ვბაძავდეთ მას (ეფეს. 5:1). მადლიერი ვართ იეჰოვასი, რომ იმ ხალხს შორის ვართ, რომელსაც სიყვარული და ნდობა აერთიანებს. ყველას მოგვეთხოვება, რომ და-ძმების ნდობა მოვიპოვოთ. კრებაში ურთიერთნდობას შევუწყობთ ხელს, თუ სიყვარულს, თავმდაბლობას, გამჭრიახობას, გულწრფელობასა და თავშეკავებას გამოვავლენთ. გვახსოვდეს, რომ ნდობას შენარჩუნება სჭირდება. დაე კვლავ მივბაძოთ ჩვენს ღმერთს იეჰოვას და დავამტკიცოთ, რომ ნდობას ვიმსახურებთ! w22.09 8 ¶1, 2; 13 ¶17
კვირა, 14 იანვარი
იეჰოვა თვალყურს ადევნებს (ფსალმ. 33:18).
მიუხედავად იმისა, რომ გარშემო უამრავი სულიერი და-ძმა გვყავს, შეიძლება ზოგჯერ თავი მარტოდ ვიგრძნოთ. ზოგი, ვინც დათრგუნული და გულდამძიმებულია, საკუთარ გრძნობებთან მარტო რჩება. იეჰოვას ნამდვილად არ სურს, რომ ასეთი გრძნობები დაგვეუფლოს. გავიხსენოთ ღვთის ერთგული წინასწარმეტყველის, ელიას მაგალითი. თავისი აზრის გამოთქმის საშუალება რომ მიეცა, იეჰოვამ ორჯერ ჰკითხა ელიას, აქ რას აკეთებო (1 მეფ. 19:9, 13). იეჰოვა ყოველ ჯერზე ყურადღებით უსმენდა, როცა ის თავის საწუხარს უზიარებდა. მან დაარწმუნა ელია, რომ მის გვერდით იყო და დიდ ძალას ფლობდა. იმაშიც დაარწმუნა, რომ მის გარდა ისრაელში სხვა მრავალი ღვთისმოშიში ადამიანიც იყო (1 მეფ. 19:11, 12, 18). ფაქტია, ელია დიდ შვებას იგრძნობდა მას შემდეგ, რაც თავის ღმერთს გული გადაუშალა და მისი პასუხიც მოისმინა. ელიამ ღვთისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი დავალებაც მიიღო. მას ხაზაელი უნდა ეცხო სირიის მეფედ, იეჰუ — ისრაელის მეფედ, ელისე კი — წინასწარმეტყველად (1 მეფ. 19:15, 16). ამ დავალებებით იეჰოვამ ელიას ყურადღება დადებითზე გადაატანინა. გარდა ამისა, მან ელისეს სახით ელიას კარგი დამხმარე და მეგობარი გამოუჩინა. w22.08 8 ¶3; 9 ¶5
ორშაბათი, 15 იანვარი
გაამხნევეთ და აღაშენეთ ერთმანეთი (1 თეს. 5:11).
მიგიღიათ ოდესმე მონაწილეობა დარბაზების მშენებლობასა თუ გარემონტებაში? ალბათ, გახსოვთ თქვენი პირველი შეხვედრა ამ ახალ დარბაზში. შესაძლოა იმდენად მადლიერი იყავით იეჰოვასი, რომ სიმღერის დროს სიხარულისგან ცრემლებიც კი მოგადგათ. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ კარგად ნაშენები დარბაზებით განვადიდებთ იეჰოვას. მაგრამ უფრო მეტად მაშინ განვადიდებთ მას, როცა სხვა სახის მშენებლობაში ვიღებთ მონაწილეობას. ამ შემთხვევაში პირდაპირი გაგებით ნაგებობის მშენებლობას კი არ ვგულისხმობთ, არამედ იმ ადამიანების აღშენებას, რომლებიც ასეთ შენობებში სცემენ იეჰოვას თაყვანს. სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში მოციქულ პავლესაც, როცა დღევანდელ მუხლში ჩაწერილი სიტყვები წარმოთქვა. დღევანდელი დღის მუხლიდან ვხედავთ, რომ პავლეს, როგორც თანამგრძნობ ადამიანს, ძალიან კარგად გამოსდიოდა თანამორწმუნეების აღშენება. შეგვიძლია მივბაძოთ მას და ჩვენც აღვაშენოთ და-ძმები (1 კორ. 11:1). w22.08 20 ¶1, 2
სამშაბათი, 16 იანვარი
იეჰოვას ღირსად იცხოვრეთ (კოლ. 1:10).
ქრისტიანი, რომელსაც სურს, ღვთის თვალში მართალი იყოს, საქმიანი ურთიერთობის დროს პატიოსნად უნდა მოიქცეს. მართალი ადამიანი სამართლიანობის მოყვარულიცაა და ვერ ეგუება უსამართლობას. მას სურს, ყოველმხრივ ასიამოვნოს იეჰოვას, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ითვალისწინებს ღვთის აზრს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა სიმართლის ეტალონია. სწორედ ამიტომ ეწოდება მას „სიმართლის სამყოფელი“ (იერ. 50:7). ვინაიდან იეჰოვა შემოქმედია, მხოლოდ მას აქვს უფლება, დაადგინოს, რა არის სწორი და რა არასწორი. ჩვენ ხშირად გვიჭირს სწორისა და არასწორის გარჩევა, მაგრამ იეჰოვაზე ეს შეზღუდვა არ ვრცელდება (იგავ. 14:12; ეს. 55:8, 9). თუმცა ჩვენ, ღვთის მსგავსებად შექმნილ ადამიანებს, შეგვიძლია ღვთის სამართლიანი ნორმებით ცხოვრება (დაბ. 1:27). არათუ შეგვიძლია, არამედ გვსიამოვნებს კიდეც. და ეს იმიტომ, რომ გვიყვარს ჩვენი ზეციერი მამა და გვინდა, მას მივბაძოთ (ეფეს. 5:1). w22.08 27 ¶5, 6
ოთხშაბათი, 17 იანვარი
ჩასწვდით, რა არის იეჰოვას ნება (ეფეს. 5:17).
როცა დადარდიანებული ან გულგატეხილი ვართ, ბუნებრივია, გვიჩნდება სურვილი, გული გადავაყოლოთ რამეს. თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, ისეთი რამ არ გავაკეთოთ, რაც იეჰოვასთვის მიუღებელია (ეფეს. 5:10—12, 15, 16). ფილიპელებისთვის მიწერილ წერილში მოციქული პავლე მოუწოდებდა ქრისტიანებს, იმაზე ეფიქრათ, რაც მართალი, წმინდა, სიყვარულის ღირსი და ზნეობრივი იყო (ფილ. 4:8). მართალია, პავლე აქ გართობაზე არ საუბრობდა, მაგრამ ეს პრინციპი შეგვიძლია გართობასაც მივუსადაგოთ. ამიტომ დაფიქრდით: რასაც უსმენთ, კითხულობთ, უყურებთ ან თამაშობთ, არის მართალი, წმინდა, სიყვარულის ღირსი და ზნეობრივი? ეს დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, რა არის ღვთისთვის მისაღები და რა — არა. ჩვენი სურვილიც ხომ ის არის, რომ ცხოვრება იეჰოვას მაღალზნეობრივ ნორმებს შევუსაბამოთ და სუფთა სინდისი შევინარჩუნოთ (ფსალმ. 119:1—3). w22.10 9 ¶11, 12
ხუთშაბათი, 18 იანვარი
იცნობდა მას (იოან. 2:25).
თავიანთ სიცოცხლეში „უმართლოები“ საშინელ საქმეებს სჩადიოდნენ, ამიტომ მათ უნდა ისწავლონ იეჰოვას სამართლიანი ნორმებით ცხოვრება. სწორედ ამ მიზნით ღვთის სამეფო არნახულ საგანმანათლებლო საქმიანობას წამოიწყებს. ვინ ასწავლის „უმართლოებს“? „უამრავი ხალხი“ და მკვდრეთით აღმდგარი „მართლები“. „უმართლოთა“ სახელები მხოლოდ მაშინ ჩაიწერება „სიცოცხლის წიგნში“, თუ ისინი დაუახლოვდებიან იეჰოვას და თავს მიუძღვნიან მას. მათ სულიერ წინსვლას გულდასმით დააკვირდებიან იესო ქრისტე და მისი თანამმართველები (გამოცხ. 20:4). ვინც ყურად არ იღებს ნასწავლს და არ შეიცვლება, ასი წლისაც რომ იყოს, განადგურდება (ეს. 65:20). იეჰოვა და იესო გულებს ხედავენ, ამიტომ არავის მისცემენ უფლებას, რომ რამე დააშავოს ან ვინმეს ზიანი მიაყენოს ახალ ქვეყნიერებაში (ეს. 11:9; 60:18; 65:25). w22.09 17 ¶11, 12
პარასკევი, 19 იანვარი
ყველა დაემორჩილოს ხელისუფლებას (რომ. 13:1).
ამ მუხლში მოხსენიებულ „ხელისუფლებაში“ იგულისხმებიან მმართველები, რომლებსაც გარკვეული ძალაუფლება აქვთ ხალხზე. ქრისტიანები ემორჩილებიან მათ. ხელისუფლებები ხელს უწყობენ საზოგადოებრივ წესრიგს, კანონის აღსრულებას და ზოგჯერ იეჰოვას მოწმეებსაც იცავენ (გამოცხ. 12:16). ამიტომ ჩვენ მათ იმას ვაძლევთ, რაც ეკუთვნით — გადასახადებს, ხარკს, შიშს და პატივს (რომ. 13:7). თუმცა, რომ არა იეჰოვა, მათ არავითარი ძალაუფლება არ ექნებოდათ. იესომაც ამას გაუსვა ხაზი, როდესაც რომაელ გამგებელთან, პონტიუს პილატესთან, მიიყვანეს. როდესაც პილატემ იესოს უთხრა, რომ მის ხელში იყო მისი სიცოცხლე, ქრისტემ უპასუხა: „ჩემზე არავითარი უფლებამოსილება არ გექნებოდა, ზევიდან რომ არ გქონდეს მოცემული“ (იოან. 19:11). პილატეს მსგავსად, დღეს არსებული ყველა მმართველისა თუ პოლიტიკოსის ძალაუფლება შეზღუდულია. w22.10 14 ¶6
შაბათი, 20 იანვარი
აღარ იქნება ბოროტი (ფსალმ. 37:10).
მეფე დავითი ღვთივშთაგონებით წერდა იმის შესახებ, თუ როგორი იქნებოდა ცხოვრება, როცა ტახტზე ბრძენი და ერთგული მეფე ავიდოდა (ფსალმ. 37:10, 11, 29). ხშირად სხვებს მომავალ სამოთხეზე საუბრისას ფსალმუნის 37:11-ს ვუკითხავთ და ეს მართებულიცაა, რადგან მთაზე ქადაგებისას იესომ ამ მუხლის ციტირება მოახდინა და ასე დაანახვა მსმენელს, რომ ეს სიტყვები მომავალში შესრულდებოდა (მათ. 5:5). თუმცა დავითის სიტყვები იმაზეც მიანიშნებდა, თუ როგორი ცხოვრება იქნებოდა სოლომონის მეფობის დროს. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, მისი მმართველობის პერიოდში ღვთის ხალხი არნახული მშვიდობითა და კეთილდღეობით ხარობდა თავიანთ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინებოდა. ღმერთი დაჰპირდა თავის ერს: „თუ დაიცავთ ჩემს წესებს. . . მშვიდობიანად გაცხოვრებთ იმ მიწაზე, მშვიდად დაიძინებთ და არავის შიში არ გექნებათ“ (ლევ. 20:24; 26:3, 6). ეს დაპირებები სოლომონის მმართველობის დროს შესრულდა (1 მატ. 22:9; 29:26—28). ასე რომ, ფსალმუნის 37:10, 11, 29-ში ჩაწერილი სიტყვები ძველადაც შესრულდა და მომავალშიც შესრულდება. w22.12 10 ¶8
კვირა, 21 იანვარი
ბედნიერად იწოდება ის, ვინც მაგრად ეჭიდება [სიბრძნეს] (იგავ. 3:18).
ჩვენ, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანები, უნდა მივყვეთ მითითებებს. ბიბლია ასეთ გონივრულ რჩევას გვაძლევს: „ბრძოლის წარმართვას ბრძნული რჩევა სჭირდება; მრჩეველთა სიმრავლეს ხსნა მოაქვს“ (იგავ. 24:6). როგორ გვეხმარება ამ პრინციპის გათვალისწინება, რომ წარმატებას მივაღწიოთ ქადაგების საქმეში? ნაცვლად იმისა, რომ ქადაგების ჩვენებური მეთოდები გამოვიყენოთ, ჩვენ მივყვებით ორგანიზაციისგან მიღებულ მითითებებს. კრების შეხვედრებზე ბრძნულ რჩევებს ვიღებთ, სადაც ბევრ რამეს ვსწავლობთ გამოცდილი მომხსენებლებისგან და სხვა და-ძმებისგან, რომლებიც დავალებებით გამოდიან. გარდა ამისა, იეჰოვას ორგანიზაცია გამოსცემს პუბლიკაციებს და ამზადებს ვიდეორგოლებს, რომლებიც ხალხს ბიბლიის უკეთ გაგებაში ეხმარება. უზომოდ მადლიერნი ვართ, რომ იეჰოვა თავისი სიტყვის მეშვეობით ბრძნულ რჩევებს გვაძლევს! რომ არა ეს რჩევები, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება?! მოდი, ყოველთვის ვიხელმძღვანელოთ ღვთიური სიბრძნით (იგავ. 3:13—17). w22.10 23 ¶18, 19
ორშაბათი, 22 იანვარი
რა ტკბილია ჩემი სასისთვის შენი სიტყვა, თაფლზე მეტად ეტკბობა იგი ჩემს პირს! (ფსალმ. 119:103).
ფიზიკური საკვები რომ შეგვერგოს, უნდა დავღეჭოთ და მოვინელოთ. სულიერი საზრდოც რომ „შეგვერგოს“, ღვთის სიტყვა უნდა ვიკვლიოთ და გავაანალიზოთ. ღმერთს სურს, რომ გავითავისოთ ღვთის სიტყვა. ამაში ლოცვა, ღვთის სიტყვის კითხვა და მასზე ფიქრი დაგვეხმარება. თავიდან უნდა ვილოცოთ, რომ სწორი განწყობა გვქონდეს წასაკითხად. შემდეგ ბიბლიიდან რომელიმე მონაკვეთი უნდა წავიკითხოთ და გავაანალიზოთ. რაც უფრო მეტს ვფიქრობთ ღვთის სიტყვაზე და ვაანალიზებთ, მით უფრო შევისისხლხორცებთ მას. კიდევ რატომ არის მნიშვნელოვანი ბიბლიის კითხვა და მასზე ფიქრი? ეს გვაძლევს ძალას, რომ ღვთის სამეფოს შესახებ ვიქადაგოთ, მომავალში კი იმის ძალას მოგვცემს, რომ ღვთის მწარე განაჩენი გამოვუცხადოთ ხალხს. გარდა ამისა, ღვთის მიმზიდველ თვისებებზე ფიქრი მასთან ურთიერთობას განგვიმტკიცებს. w22.11 6, 7 ¶16, 17
სამშაბათი, 23 იანვარი
ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, თუკი ერთმანეთი გეყვარებათ (იოან. 13:35).
როცა იესომ თქვა, ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენო, გარეშეები იგულისხმა. სწორედ ეს უანგარო სიყვარული მიახვედრებდა ყველას, თუ ვინ იყვნენ ქრისტეს ნამდვილი მოწაფეები. ქრისტიანულ კრებაში არსებული სიყვარული მართლაც განსაკუთრებულია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვას მოწმეები შეუცდომელნი არიან (1 იოან. 1:8). რაც უფრო მეტად ვეცნობით ერთმანეთს კრებაში, უფრო მეტად ვამჩნევთ ხოლმე ერთმანეთის ნაკლოვანებებსაც (რომ. 3:23). სამწუხაროდ, ზოგისთვის ეს დამაბრკოლებელი აღმოჩნდა. თავად იესო როგორ ავლენდა სიყვარულს მოციქულების მიმართ? დღეს რას ნიშნავს ქრისტესნაირი სიყვარულის გამოვლენა? ჩვენც, მოწმეებსაც გვმართებს ამ კითხვებზე დაფიქრება. ეს დაგვეხმარება, უფრო მეტად გამოვავლინოთ სიყვარული განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთმანეთის ნაკლოვანებებს ვაწყდებით (ეფეს. 5:2). w23.03 26, 27 ¶2—4
ოთხშაბათი, 24 იანვარი
ერთგულს ერთგულებით უპასუხებ (ფსალმ. 18:25).
რაც უფრო ვუახლოვდებით ამ ქვეყნიერების აღსასრულს, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ კრებაში სირთულეებს შევხვდებით. სირთულეებმა შეიძლება იეჰოვასადმი ჩვენი ერთგულება გამოსცადოს. ამიტომაც გვჭირდება საღად აზროვნების უნარი. თუ თანაქრისტიანი უსამართლოდ მოგექცევათ, გულში ბოღმას ნუ ჩაიდებთ. თუ აღმზრდელობითი ზომები შეგეხებათ, გადააბიჯეთ უხერხულობას, გაითვალისწინეთ რჩევები და შესაბამისი ცვლილებები მოახდინეთ. თუ იეჰოვას ორგანიზაციაში მომხდარი ცვლილებები თქვენც შეგეხებათ, ფეხი აუწყვეთ მათ და მიჰყევით ახალ მითითებებს. გამოავლინეთ ნდობა იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის მიმართ მაშინაც კი, როცა თქვენი ერთგულება იცდება. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, განსაჯეთ ცივი გონებით და ყველაფერს იეჰოვას თვალით შეხედეთ. ღმერთს ლოცვაში დახმარება სთხოვეთ და ნუ გაემიჯნებით თანაქრისტიანებს. თუ ასე მოიქცევით, სატანა ვერაფრით ვერ ჩამოგაშორებთ იეჰოვასა და მის ორგანიზაციას (იაკ. 4:7). w22.11 24, 25 ¶14—16
ხუთშაბათი, 25 იანვარი
გიყვარდეთ მთელი საძმო (1 პეტ. 2:17).
უხუცესები და-ძმებს ეხმარებიან, მოემზადონ საგანგებო სიტუაციებისთვის. ისინი ზრუნავენ, რომ კრებაში ყველამ იცოდეს, როგორ დაიცვას თავი საგანგებო სიტუაციის დროს და როგორ დაუკავშირდეს უხუცესებს. თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ? თუ სტიქიური უბედურება თქვენ მახლობლად მოხდება, გაარკვიეთ უხუცესებთან, როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ თანაქრისტიანებს. მაგალითად, შეგიძლიათ შეიფაროთ უთავშესაფროდ დარჩენილი და-ძმები ან მოხალისეები, რომლებიც დაზარალებულთა დასახმარებლად ჩამოვიდნენ; შეგიძლიათ ისინი საკვებითა თუ სხვა ნივთებით მოამარაგოთ. თუ სტიქია თქვენგან შორს მოხდება, ილოცეთ დაზარალებულებისთვის (2 კორ. 1:8—11). შეგიძლიათ მატერიალურად დაეხმაროთ და-ძმებს და გაიღოთ ნებაყოფლობითი შესაწირავი (2 კორ. 8:2—5). თუ მოხალისეობა გსურთ, რომ უშუალოდ დაეხმაროთ და-ძმებს, თქვენი სურვილის შესახებ უხუცესებს დაელაპარაკეთ. თუ მოხალისედ მიგიწვევენ, სავარაუდოდ, წინასწარ გაივლით მომზადებას, რათა დავალებულ საქმეს კარგად გაართვათ თავი. w22.12 24 ¶8; 25 ¶11, 12
პარასკევი, 26 იანვარი
არ გქონიათ ცდუნება, გარდა ადამიანისთვის ჩვეული ცდუნებისა (1 კორ. 10:13).
პავლე მოციქულმა ეს სიტყვები კორინთში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა, როგორც კაცებს, ისე ქალებს. წარსულში მათგან ზოგი მრუში, ჰომოსექსუალი და ლოთი იყო (1 კორ. 6:9—11). როგორ გგონიათ, ნათლობის შემდეგ უმართებულო სურვილებს ისინი აღარ შეუწუხებია? მართალია, ისინი ცხებული ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ ცოდვილი ბუნების გამო დროდადრო მაინც მოუწევდათ ბრძოლა ხორციელ სურვილებთან. ამის ცოდნა ჩვენც გვამხნევებს, რადგან პირველები არ ვართ, ვისაც ასეთი სურვილები გასჩენია. სხვებმა შეძლეს მათთან გამკლავება და ამას თქვენც შეძლებთ, თუ წინ აღუდგებით „მტკიცე რწმენით“. გახსოვდეთ, „მსგავს სატანჯველს თქვენი საძმოც ხვდება ქვეყნიერებაში“ (1 პეტ. 5:9). w23.01 12 ¶15
შაბათი, 27 იანვარი
ქვეყნიერებაში გასაჭირს შეხვდებით, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე ქვეყნიერებას! (იოან. 16:33).
იესომ იეჰოვას სთხოვა, დაეცვა თავისი მიმდევრები (იოან. 17:11). ამაზე ფიქრი გაბედულებას გვმატებს, რადგან ვიცით, რომ იეჰოვა ყველა ჩვენს მტერზე ძლიერია (1 იოან. 4:4). მის თვალს არაფერი გამოეპარება. ამიტომ გვჯერა, რომ თუ მივენდობით, ნებისმიერ შიშს დავძლევთ. ზოგჯერ სკოლაში ან სამსახურში ხომ არ მოგრიდებიათ იმის თქმა, რომ იეჰოვას მოწმე ხართ? თავს ხომ არ იკავებთ მაუწყებლობისგან ან ნათლობისგან იმის შიშით, თუ რას იტყვიან სხვები თქვენზე? შიშისა თუ მორიდების გამო უარს ნუ იტყვით იმის კეთებაზე, რაც სწორია. მხურვალედ სთხოვეთ იეჰოვას, გამბედაობა მოგცეთ. ძალებს და გამბედაობას მოიკრებთ, როცა დაინახავთ, როგორ გპასუხობთ ის (ეს. 41:10, 13). w23.01 29 ¶12; 30 ¶14
კვირა, 28 იანვარი
არ წაგიკითხავთ? (მათ. 12:3).
ერთხელ ფარისევლებმა იესოს მოწაფეები შაბათის დარღვევაში დაადანაშაულეს და ამის გამო იესოს დავა დაუწყეს. მათთვის იმის დასანახვებლად, რომ სწორად ვერ აღიქვამდნენ წმინდა წერილებს, იესომ ფარისევლებს ასეთი კითხვა დაუსვა: „არ წაგიკითხავთ“? (მათ. 12:1—7). შემდეგ იესომ მათ ორი მაგალითი მოუყვანა წმინდა წერილებიდან და ოსია წინასწარმეტყველის სიტყვებიც დაიმოწმა იმის საჩვენებლად, რომ მათ არ ესმოდათ შაბათის კანონის არსი და გულმოწყალებას არ იჩენდნენ. რატომ ვერ მოახდინა ღვთის სიტყვამ სათანადო გავლენა მათზე? იმიტომ რომ, ისინი კრიტიკულები და ამაყები იყვნენ. არასწორი დამოკიდებულების გამო ისინი ვერ სწვდებოდნენ წაკითხულის არსს (მათ. 23:23; იოან. 5:39, 40). მათეს 19:4—6-დან ვიგებთ, რომ იესო ფარისევლებს მსგავს კითხვას უსვამს. მათ არაერთხელ ექნებოდათ წაკითხული ადამიანის შექმნის ისტორია, მაგრამ სწორი დასკვნა ვერ გამოიტანეს და ვერ მიხვდნენ, როგორ უყურებდა იეჰოვა ქორწინებას. ეს შემთხვევა გვასწავლის, რომ ბიბლია სწორი განწყობით უნდა ვიკითხოთ. ფარისევლებივით არ უნდა გვეგონოს, რომ არაფრის სწავლა არ გვჭირდება. w23.02 12 ¶12, 13
ორშაბათი, 29 იანვარი
ჭკუა დაგიფარავს (იგავ. 2:11).
იეჰოვას კანონი მოიცავდა მითითებებს, რომლებიც ხალხს იცავდა უბედური შემთხვევებისგან როგორც სახლში, ისე სამუშაოზე (გამ. 21:28, 29; კან. 22:8). თუ უბედური შემთხვევის დროს ვინმეს ვინმე შემოაკვდებოდა, დამნაშავეს პასუხი უნდა ეგო (კან. 19:4, 5). კანონით ისიც ისჯებოდა, ვინც შემთხვევით სიცოცხლეს მოუსწრაფებდა მუცლად მყოფ ბავშვს (გამ. 21:22, 23). წმინდა წერილებიდან აშკარად ჩანს, რომ იეჰოვა დიდ ყურადღებას აქცევს იმას, ვზრუნავთ თუ არა უსაფრთხოებაზე. თუ ვუფრთხილდებით ღვთისგან ნაბოძებ სიცოცხლეს, უსაფრთხოების წესებს დავიცავთ როგორც სახლში, ისე სამუშაოზე. მაგალითად, ბასრ ნივთებს, ქიმიკატებს ან წამლებს ისე გადავყრით ნაგავში, რომ არავინ დავაზიანოთ. გარდა ამისა, ასეთ ნივთებს ბავშვებისთვის ადვილად ხელმისაწვდომ ადგილზე არ დავდებთ. სიფრთხილეს მაშინაც გამოვიჩენთ, როცა ცეცხლს ვანთებთ, წყალს ვადუღებთ ან სამუშაო იარაღებს ვიყენებთ, რათა ჩვენი უყურადღებობით ვინმეს საფრთხე არ შევუქმნათ. არც საჭესთან დავჯდებით, თუ გაბრუებულები ვართ მედიკამენტების, ალკოჰოლის ან უძილობის გამო. არც მობილურ ტელეფონს დავიჭერთ ხელში, როცა მანქანას ვმართავთ. w23.02 21, 22 ¶7—9
სამშაბათი, 30 იანვარი
დაინახავ შენს დიდებულ მოძღვარს (ეს. 30:20).
იეჰოვა მომთმენი, კეთილი და გულისხმიერი მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეებში კარგს ეძებს (ფსალმ. 130:3). ის არასდროს გვთხოვს იმაზე მეტს, რაც შეგვიძლია. ჩვენი საოცარი ტვინიც ხომ მან გვიბოძა (ფსალმ. 139:14). ამიტომაც სურს, რომ მარადიულად ვსწავლობდეთ და ეს პროცესი სიამოვნებას გვანიჭებდეს. ასე რომ, კარგი იქნება, თუ დღესვე შევიყვარებთ ბიბლიურ ჭეშმარიტებას (1 პეტ. 2:2). დაისახეთ რეალური მიზნები და რეგულარულად იკითხეთ და იკვლიეთ ბიბლია (იეს. 1:8). იეჰოვა დაგეხმარებათ, შეიყვაროთ კითხვა და სწავლა. თუმცა მხოლოდ ცოდნა არ კმარა. ცოდნა იმისთვის გვჭირდება, რომ გავიცნოთ იეჰოვა, შევიყვაროთ და განვიმტკიცოთ რწმენა (1 კორ. 8:1—3). სწავლის პროცესში სთხოვეთ იეჰოვას, რომ რწმენა გაგიძლიეროთ (ლუკ. 17:5). ის უპასუხოდ არ დატოვებს ასეთ ლოცვებს. w23.03 10 ¶11, 13
ოთხშაბათი, 31 იანვარი
გონივრულად გამოიყენეთ დრო (კოლ. 4:5).
იესოს მოწაფეები გულხელდაკრეფილები არ უნდა დალოდებოდნენ იერუსალიმისა და ტაძრის განადგურებას. იესოს მათთვის დავალებული ჰქონდა, რომ სასიხარულო ცნობა ექადაგათ „იერუსალიმში, მთელ იუდეაში, სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:6—8). ეს ნამდვილად არ იყო პატარა საქმე. მოწაფეებმაც გონივრულად გამოიყენეს დრო და თავი მიუძღვნეს ამ საქმის შესრულებას. საკუთარ თავს რომ დავუკვირდეთ, უნდა დავფიქრდეთ, როგორ ვიყენებთ დროს. ყველა ჩვენგანზე „დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლ. 9:11). ასე რომ, არაფრისგან ვართ დაზღვეული. თუ იეჰოვას ნებას ვასრულებთ და მასთან მეგობრობას ვიმტკიცებთ, გამოდის, რომ დროს გონივრულად ვიყენებთ (იოან. 14:21). როგორც პავლემაც მოგვიწოდა, უნდა ვიყოთ მტკიცენი, ურყევნი და ყოველთვის ბევრი ვიშრომოთ უფლისთვის (1 კორ. 15:58). ასეთ შემთხვევაში სანანებელი არაფერი გვექნება, გინდ ამ ქვეყნიერების აღსასრული დადგეს, გინდ ჩვენ გამოვეთხოვოთ სიცოცხლეს (მათ. 24:13; რომ. 14:8). w23.02 18 ¶12—14