მარტი
პარასკევი, 1 მარტი
რატომ იკვეხნი? (1 კორ. 4:7).
პეტრე თავის პირველ წერილში მოუწოდებდა თანაქრისტიანებს, თავ-თავიანთი ძღვენი ერთმანეთის სასიკეთოდ გამოეყენებინათ: „თქვენ, როგორც ღვთის მრავალმხრივ გამოვლენილი წყალობის კარგი მმართველები, იმ ძღვნით ემსახურეთ ერთმანეთს, რა ძღვენიც მიიღეთ“ (1 პეტ. 4:10). თუ რაიმე ნიჭი და უნარი გვაქვს, უნდა გამოვიყენოთ, და იმის არ უნდა შეგვეშინდეს, რომ ვინმეს შეშურდება ან გული გაუტყდება. კარგია, თუ ვიყენებთ ძღვენს, რომელიც გვაქვს, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ თავის ქებას არ მივეჩვიოთ (1 კორ. 4:6). გვახსოვდეს, ნებისმიერი ნიჭი თუ უნარი, რაც გაგვაჩნია, ღვთისგან ბოძებული ძღვენია. ამიტომ ეს ძღვენი კრების განსამტკიცებლად უნდა გამოვიყენოთ და არა თავის წარმოსაჩენად (ფილ. 2:3). თუ ჩვენს ნიჭსა და უნარს ღვთის საქმეში ვიყენებთ, უნდა გვიხაროდეს. თუმცა არა იმიტომ, რომ ვიღაცას ვაჯობეთ ან სხვაზე უკეთესი გამოვჩნდით, არამედ იმიტომ, რომ იეჰოვა განვადიდეთ. w22.04 11, 12 ¶7—9
შაბათი, 2 მარტი
თვალები ამიხილე, რათა დავინახო, რაოდენ გასაოცარია შენი კანონები (ფსალმ. 119:18).
იესო ძალიან აფასებდა წმინდა წერილებს. მისი გრძნობები წინასწარმეტყველურად იყო აღწერილი ფსალმუნის 40:8-ში: „შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო, და ჩემშია შენი კანონი“. ამიტომ იესო ბედნიერიც იყო და ღვთის მსახურებაშიც ხელი ემართებოდა. თუ ჩვენც მასავით დავაფასებთ ღვთის სიტყვას, ბედნიერები ვიქნებით და ყველაფერში, რასაც გავაკეთებთ, ხელი მოგვემართება (ფსალმ. 1:1—3). მოდი მივბაძოთ იესოს მაგალითს, გავითვალისწინოთ მისი ნათქვამი და უფრო ხარისხიანად ვიკითხოთ ღვთის სიტყვა. თუ ვილოცებთ, აუჩქარებლად წავიკითხავთ, დავსვამთ კითხვებს და მოკლე ჩანაწერებს გავაკეთებთ, უკეთ ჩავწვდებით წაკითხულს. გამჭრიახობას გამოვავლენთ, თუ წაკითხულს გავაანალიზებთ და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების დახმარებით გამოვიკვლევთ. ღვთის სიტყვას ჩვენი ფორმირების საშუალებას მივცემთ, თუ სწორი განწყობით წავიკითხავთ. თუ ამ რჩევებს გავითვალისწინებთ, გულდასმით წავიკითხავთ ბიბლიას და უფრო მეტად დავუახლოვდებით იეჰოვას (ფსალმ. 119:17; იაკ. 4:8). w23.02 13 ¶15, 16
კვირა, 3 მარტი
მუყაითის გეგმები უსათუოდ შესრულდება (იგავ. 21:5).
დაისახეთ კონკრეტული მიზანი. შემდეგ კი შესაბამისი ნაბიჯები გადადგით მათ მისაღწევად. რა შეიძლება იყოს ეს? მაგალითად, თუ გსურთ, უკეთესი მასწავლებელი გახდეთ, გამოიკვლიეთ ბროშურა „გაიუმჯობესე კითხვისა და სწავლების უნარი“. როცა შუა კვირის შეხვედრაზე დავალებას მოგცემენ, რომელიმე გამოცდილ ძმას სთხოვეთ, რომ წინასწარ მოისმინოს თქვენი დავალება და შესაბამისი რჩევები მოგცეთ. გახსოვდეთ, მხოლოდ უნარიანობა არ კმარა. ეცადეთ, რომ სანდო და გულმოდგინე ადამიანის რეპუტაცია შეიძინოთ (2 კორ. 8:22). როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გინდათ ისეთ რამეში დაიხვეწოთ, რაც ბუნებრივად კარგად არ გამოგდით? ადვილად არ დანებდეთ. ბიბლია არაფერს ამბობს იმაზე, გახდა თუ არა ტიმოთე დიდი ორატორი ან გამორჩეული მასწავლებელი. მაგრამ ფაქტია, თუ ტიმოთემ პავლეს რჩევა გაითვალისწინა, უკეთესად გაართმევდა თავს თავის პასუხისმგებლობებს (2 ტიმ. 3:10). w22.04 24, 25 ¶8—11
ორშაბათი, 4 მარტი
ვიხილე ზღვიდან ამომავალი ათრქიანი და შვიდთავიანი მხეცი (გამოცხ. 13:1).
რას განასახიერებს „შვიდთავიანი მხეცი“? ეს მხეცი გარეგნულად ჯიქს ჰგავს, ფეხები დათვისას მიუგავს, პირი კი — ლომისას და თავზე ათი რქა აქვს. ის გარეგნობით მოგვაგონებს დანიელის მე-7 თავში აღწერილ მხეცებს. განსხვავებაა ისაა, რომ ეს მხეცი აერთიანებს დანიელის ხილვაში ნანახი მხეცების გარეგნულ თავისებურებებს. როგორც იოანე ამბობს, მას მიეცა „ძალაუფლება ყოველ ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე“ (გამოცხ. 13:7). აქედან გამომდინარე, ეს მხეცი რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას კი არა, დღემდე არსებულ ყველა პოლიტიკურ სისტემას განასახიერებს (ეკლ. 8:9). ამაზე ისიც მოწმობს, რომ რიცხვი „ათი“ ბიბლიაში ხშირ შემთხვევაში სისრულეს აღნიშნავს. w22.05 9 ¶6
სამშაბათი, 5 მარტი
მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი (გამოცხ. 21:4).
ეს კურთხევები პირველ რიგში შეეხებათ არმაგედონგადატანილ „უამრავ ხალხს“ და მათ, ვინც ახალ ქვეყნიერებაში დაიბადება. გამოცხადების მე-20 თავიდან ვიგებთ, რომ მკვდრებიც აღდგებიან (გამოცხ. 20:11—13). აღდგომა შეეხება, როგორც „მართლებს“ ანუ ღვთის ერთგულ მსახურებს, ისე „უმართლოებს“ ანუ მათ, ვისაც სიცოცხლეში იეჰოვას გაცნობის შესაძლებლობა არ ჰქონია (საქ. 24:15; იოან. 5:28, 29). ეს იმას არ ნიშნავს, რომ ათასწლიანი მმართველობის დროს ყველა აღდგება. ვინც სიკვდილამდე შეგნებულად თქვა უარი იეჰოვას მსახურებაზე, აღდგომას არ დაექვემდებარება. მათ ჰქონდათ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, მაგრამ არ გამოიყენეს, ამიტომ ისინი სამოთხეში ცხოვრებას არ იმსახურებენ (მათ. 25:46; 2 თეს. 1:9; გამოცხ. 17:8; 20:15). w22.05 18 ¶16, 17
ოთხშაბათი, 6 მარტი
ვისთან წავიდეთ?! შენ გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები! (იოან. 6:68).
იესომ „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით თავისი მიმდევრები ერთ ორგანიზაციაში გააერთიანა, რომ ღვთისთვის ეცათ თაყვანი (მათ. 24:45). როცა ამ ორგანიზაციაზე ფიქრობთ, შესაძლოა გახსენდებათ იესოსთვის ნათქვამი პეტრე მოციქულის სიტყვები, რომელიც დღევანდელი დღის მუხლშია ჩაწერილი. დავფიქრდეთ, სად ვიქნებოდით, რომ არა იეჰოვას ორგანიზაცია. იესო ამ ორგანიზაციის მეშვეობით გვკვებავს და გვასწავლის მსახურებას. მეტიც, ის გვეხმარება ღვთისთვის მოსაწონი „ახალი პიროვნებით“ შემოსვაში (ეფეს. 4:24). განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში ჩანს, როგორ გვხელმძღვანელობს იესო. კოვიდ-19 პანდემიის დროს ეს კიდევ ერთხელ დავინახეთ თვალსაჩინოდ. იმ დროს, როცა მსოფლიოში ბევრმა არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, ჩვენმა წინამძღოლმა იესომ იზრუნა, რომ ნათელი მითითებები მიგვეღო უსაფრთხოების დასაცავად. w22.07 12 ¶13, 14
ხუთშაბათი, 7 მარტი
დაინახეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია (ფილ. 1:10).
იეჰოვამ მითითება მისცა ისრაელებს, რომ მის შესახებ მუდამ ესწავლებინათ შვილებისთვის (კან. 6:6, 7). იმ დროს მშობლებს ხშირად ეძლეოდათ შესაძლებლობა, რომ დღის განმავლობაში ესაუბრათ შვილებთან და იეჰოვა შეეყვარებინათ. მაგალითად, ბიჭები მამებთან დიდ დროს ატარებდნენ ყანაში ხვნა-თესვის ან მოსავლის აღების დროს. გოგონები კი მთელი დღე დედასთან იყვნენ და მას კერვაში, ქსოვაში თუ სხვა საოჯახო საქმეებში ეხმარებოდნენ. დღის განმავლობაში მშობლებსა და შვილებს შეეძლოთ მრავალ მნიშვნელოვან თემაზე ესაუბრათ. მაგალითად, იეჰოვას სიკეთეზე და იმაზე, როგორ ზრუნავდა ის მათ ოჯახზე. ზოგან მშობლები და შვილები ერთმანეთს მთელი დღე ვერც კი ხედავენ. მშობლები შეიძლება სამუშაოზე იყვნენ, შვილები კი — სკოლაში. ამიტომ მშობლები ყველანაირად უნდა ეცადონ, რომ შვილებთან სასაუბროდ დრო გამონახონ (ეფეს. 5:15, 16). w22.05 28 ¶10, 11
პარასკევი, 8 მარტი
ნუთუ არ იცით, რომ უმართლოები ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ?! (1 კორ. 6:9).
სერიოზული ცოდვის ჩამდენი უხეშად არღვევს ღვთის კანონს. მან ლოცვით უნდა სთხოვოს პატიება იეჰოვას და დახმარებისთვის უხუცესებს მიმართოს (ფსალმ. 32:5; იაკ. 5:14). რა როლი აკისრიათ უხუცესებს? მხოლოდ იეჰოვაა უფლებამოსილი, რომ იესოს მსხვერპლის საფუძველზე გააბათილოს ვინმეს ცოდვა. თუმცა მან უხუცესებს იმის პასუხისმგებლობა მიანდო, რომ ღვთის სიტყვიდან გამომდინარე განსაზღვრონ, უნდა დარჩეს თუ არა შემცოდველი კრებაში (1 კორ. 5:12). უხუცესები უნდა დაფიქრდნენ შემდეგ კითხვებზე: იყო თუ არა ცოდვა განზრახ ჩადენილი? ცდილობდა შემცოდველი ცოდვის დამალვას? არაერთგზის ჩაიდინა ეს ცოდვა? რაც ყველაზე მთავარია, მეტყველებს რამე მის გულწრფელ სინანულზე? მიანიშნებს რამე იმაზე, რომ იეჰოვამ აპატია მას? (საქ. 3:19). w22.06 9 ¶4
შაბათი, 9 მარტი
გიყვარდეთ სიმართლე (ზაქ. 8:19).
იესომ ბედნიერი უწოდა მას, ვინც სიმართლეს ესწრაფვის (მათ. 5:6). სიმართლისკენ სწრაფვა იმას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს ძლიერი სურვილი, აკეთოს ის, რაც ღვთის თვალში სწორი და მართებულია. ეჭვიც არ გვეპარება, რომ გიყვართ სიმართლე და ჭეშმარიტება, სიცრუე და ყოველგვარი უმსგავსობა კი გძულთ (ფსალმ. 119:128, 163). სიცრუის მოყვარე ადამიანი ამ ქვეყნიერების მმართველს, სატანას, ემსგავსება (იოან. 8:44; 12:31). სატანის ერთ-ერთი მიზანი ის არის, რომ შებღალოს ღვთის წმინდა სახელი. ედემის ბაღიდან მოყოლებული ის სიცრუეს ავრცელებს ღვთის შესახებ. ის ამტკიცებს, რომ იეჰოვა ეგოისტი და არაკეთილსინდისიერი მმართველია და ადამიანებს არ აძლევს იმას, რაც სრული ბედნიერებისთვის სჭირდებათ (დაბ. 3:1, 4, 5). სატანა თავისი ტყუილებით დღემდე უწამლავს ხალხს გონებას. თუ ადამიანს არ უყვარს სიმართლე, სატანა მას ყველანაირ უხამსობასა და ბოროტებას ჩაადენინებს (რომ. 1:25—31). w23.03 2 ¶3
კვირა, 10 მარტი
მარადიული და ურყევია [იეჰოვას] სიყვარული (ფსალმ. 100:5).
სისუსტეებთან ბრძოლისას შეიძლება ჩავარდნებიც გქონდეთ. შეიძლება ნათლობა შორეულ მიზნად მოგეჩვენოთ და ამის გამო გული გაგიტყდეთ. რა დაგეხმარებათ, რომ არ შეწყვიტოთ წინსვლა? იეჰოვას სიყვარული. ყველაზე მთავარი, რასაც დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ის არის, რომ ღმერთი შეიყვაროთ (იგავ. 3:3—6). ღვთისადმი ძლიერი სიყვარული დაგეხმარებათ, თავი გაართვათ სირთულეებს. ბიბლიაში ხშირად არის ნახსენები იეჰოვას ურყევი სიყვარული, რომელიც მას თავისი მსახურების მიმართ აქვს. ასეთი სიყვარული იეჰოვას უბიძგებს, უერთგულოს თავის მსახურებს და ადვილად არ აიცრუოს გული მათზე. ჩვენ ღმერთმა თავის მსგავსებად შეგვქმნა (დაბ. 1:26). ამიტომ ჩვენც გვაქვს უნარი, გამოვხატოთ ასეთი სიყვარული. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? იყავით მადლიერი (1 თეს. 5:18). ყოველდღე დაფიქრდით იმაზე, როგორ გაგრძნობინათ იეჰოვამ თავისი სიყვარული. ლოცვაში კონკრეტულად მოიხსენიეთ ის, რისთვისაც მას ემადლიერებით. ყველაფერში, რასაც იეჰოვა თქვენთვის აკეთებს, შეეცადეთ, პირადად თქვენდამი გამოვლენილი მზრუნველობა და სიყვარული დაინახოთ. w23.03 12 ¶17—19
ორშაბათი, 11 მარტი
[იესომ] იცოდა ადამიანის ბუნება (იოან. 2:25).
იესო 12-ვე მოციქულს მოთმინებითა და სიყვარულით მიუდგა. რას გვასწავლის ეს ჩვენ? ერთია, რა შეეშალა სხვას, მაგრამ მეორე — ჩვენ როგორ ვრეაგირებთ სხვის შეცდომაზე. თუ თანამორწმუნე გაგვანაწყენებს, დავფიქრდეთ: რატომ ვრეაგირებ ასე მწვავედ? ეს ისევ ჩემს სისუსტეზე ხომ არ მეტყველებს? რამე ხომ არ უჭირს ამ ადამიანს? თუნდაც სამართლიანად ვიყო განაწყენებული, შემიძლია უანგარო სიყვარულით გადავფარო მისი შეცდომა? როცა სიყვარულით ვეპყრობით სხვებს, ვამტკიცებთ, რომ ნამდვილად იესოს მოწაფეები ვართ. იესოს მაგალითი იმასაც გვასწავლის, რომ უნდა გავუგოთ თანაქრისტიანებს (იგავ. 20:5). მართალია, იესოსავით სხვისი გულის წაკითხვა არ შეგვიძლია, მაგრამ ის მაინც შეგვიძლია, რომ მკაცრად არ განვსაჯოთ სხვები (ეფეს. 4:1, 2; 1 პეტ. 3:8). ამაში კი და-ძმების უკეთ გაცნობა დაგვეხმარება. w23.03 30 ¶14—16
სამშაბათი, 12 მარტი
ის მკვდრების კი არა, ცოცხლების ღმერთია (ლუკ. 20:38).
თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგვჭირდება, სატანამ შეიძლება ამით ისარგებლოს, რათა ჩვენი პოზიცია დაგვათმობინოს. ექიმები ან ოჯახის წევრები შეიძლება ეცადონ, სისხლის გადასხმაზე დაგვიყოლიონ, რაც ღვთის კანონის დარღვევა იქნება. ან შეიძლება მკურნალობის ისეთი მეთოდი შემოგვთავაზონ, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს. მართალია, სიკვდილი არავის გვსურს, მაგრამ კარგად გვესმის, რომ რომც დავიღუპოთ, იეჰოვას მაინც ვეყვარებით (რომ. 8:37—39). იეჰოვა თავის მეგობრებს სიკვდილის შემდეგაც არ ივიწყებს; ისინი თითქოს ცოცხლები არიან მისთვის (ლუკ. 20:37). მას ერთი სული აქვს, რომ სიცოცხლე დაუბრუნოს მათ (იობ. 14:15). იეჰოვამ უდიდესი საფასური გაიღო ჩვენი მარადიული სიცოცხლისთვის (იოან. 3:16). ეჭვი არ გვეპარება იეჰოვას სიყვარულსა და მზრუნველობაში. ამიტომ, როცა ავად ვართ ან ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ზურგს კი არ ვაქცევთ იეჰოვას, პირიქით, შევთხოვთ, რომ გვანუგეშოს, სიბრძნე მოგვცეს და ძალა შეგვმატოს (ფსალმ. 41:3). w22.06 18 ¶16, 17
ოთხშაბათი, 13 მარტი
სიბრძნე ქუჩაში გაიძახის (იგავ. 1:20).
ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა; უწმინდესის შესახებ ცოდნა გონიერებას იძლევა“ (იგავ. 9:10). მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე „უწმინდესის შესახებ ცოდნით“ უნდა ვიხელმძღვანელოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ იეჰოვას თვალსაზრისი უნდა გავითვალისწინოთ კონკრეტულ საკითხზე. ამისთვის კი საჭიროა, მივმართოთ ბიბლიასა და ბიბლიურ პუბლიკაციებს. ეს ნამდვილად ბრძნული საქციელი იქნება (იგავ. 2:5—7). მხოლოდ იეჰოვას შეუძლია გვაზიაროს ჭეშმარიტ სიბრძნეს (რომ. 16:27). ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის შემოქმედია და ყველაფერი იცის თავისი ქმნილებების შესახებ (ფსალმ. 104:24). მეორე, ყველაფერში, რასაც ის აკეთებს, სიბრძნე ჩანს (რომ. 11:33). და მესამე, იეჰოვას ბრძნული რჩევები ყოველთვის ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება (იგავ. 2:10—12). თუ ამას ვაცნობიერებთ, შევეცდებით, ნებისმიერ სიტუაციაში ღვთიური სიბრძნით ვიხელმძღვანელოთ. w22.10 19 ¶3, 4
ხუთშაბათი, 14 მარტი
ატყდა ზეცაში ომი. მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ დრაკონს. იბრძოდნენ დრაკონიც და მისი ანგელოზებიც, მაგრამ ვერ სძლიეს და აღარც ადგილი დარჩა მათთვის ზეცაში (გამოცხ. 12:7, 8).
ახალგამეფებულმა იესომ ომი წამოიწყო ეშმაკთან და მის დემონებთან. ეშმაკი ბრძოლაში დამარცხდა, რის შემდეგაც ის დემონებთან ერთად დედამიწაზე გადმოაგდეს. ახლა კი განრისხებული მთელ თავის რისხვას კაცთა მოდგმაზე ანთხევს. ამიტომაც დაუდგა კაცობრიობას ვაების ჟამი (გამოცხ. 12:9—12). რაში გვარწმუნებს ეს წინასწარმეტყველებები? მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და საზოგადოების ზნეობრივი დეგრადაცია იმაზე მიუთითებს, რომ იესო უკვე მეფობს. ამიტომ აღარ გვაკვირვებს ადამიანებში ეგოიზმი და სიძულვილი, რადგან ვხვდებით, რომ ამით სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ღვთის სამეფო მმართველობს (ფსალმ. 37:1). არმაგედონის მოახლოებასთან ერთად სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება (მარ. 13:8; 2 ტიმ. 3:13). მადლობელი ვართ იეჰოვასი, რომ უმეცრებაში არ დაგვტოვა და გაგვიმხილა, რატომ ხდება ეს ყველაფერი ჩვენს ირგვლივ. w22.07 3, 4 ¶7, 8
პარასკევი, 15 მარტი
მართალი კაცის ვედრებას დიდი ძალა აქვს (იაკ. 5:16).
შეგვიძლია იეჰოვას ვთხოვოთ, რომ ჩვენს თანამორწმუნეებს ავადმყოფობის, სტიქიური უბედურების, ომის, დევნის თუ სხვა განსაცდელის ატანაში დაეხმაროს. კარგი იქნება, თუ იმ და-ძმებისთვისაც ვილოცებთ, რომლებიც თავდაუზოგავად ეხმარებიან დაზარალებულებს. შესაძლოა იცნობთ კიდეც ისეთ თანაქრისტიანს, რომელიც განსაცდელის წინაშე დგას. კარგი იქნება, თუ სახელით მოიხსენიებთ მას თქვენს ლოცვებში. როცა იეჰოვას ვთხოვთ ასეთი და-ძმების დახმარებას, ნამდვილ ძმურ სიყვარულს ვავლენთ. ძმები, რომლებსაც კრებაში ხელმძღვანელობა აკისრიათ, ძალიან აფასებენ იმას, რომ მათთვის ვლოცულობთ. ისინი ხედავენ კიდეც ჩვენი ლოცვის შედეგებს. მოციქულ პავლესაც ესმოდა ასეთი ლოცვების ფასი. ის წერდა: „ჩემთვისაც ილოცეთ, რომ, როცა ბაგეს გავხსნი, საჭირო სიტყვები წარმოვთქვა და თამამად გავაცხადო სასიხარულო ცნობის წმინდა საიდუმლო“ (ეფეს. 6:19). დღესაც კრებაში უამრავი მძიმედ მშრომელი ძმა გვყავს. ჩვენი მხრიდან სიყვარულის მაჩვენებელი იქნება, თუ იეჰოვას ვთხოვთ, რომ აკურთხოს მათი შრომა. w22.07 23, 24 ¶14—16
შაბათი, 16 მარტი
მუზარადად ხსნის იმედი გვქონდეს (1 თეს. 5:8).
მუზარადი ჯარისკაცის თავს იცავს დარტყმებისგან. ჩვენ სულიერ ბრძოლაში ვართ ჩართული, ამიტომ ერთგვარი მუზარადი გვჭირდება, რომ სატანის „დარტყმებისგან“ დავიცვათ ჩვენი გონება. ეშმაკი სხვადასხვა მაცდუნებელი იდეით ცდილობს ჩვენი გონების გახრწნას. როგორც მუზარადი იცავს მეომრის თავს, ისე იმედი იცავს ჩვენს გონებას, რომ ღვთის ერთგულები დავრჩეთ. თუ ჩვენი იმედი გაუფერულდა და ხორციელი აზროვნება მოგვეძალა, მარადიული სიცოცხლის მოლოდინი შეიძლება უკანა პლანზე გადავიდეს. სწორედ ასე დაემართა ზოგიერთ ქრისტიანს ძველ კორინთში. მათ აღარ სწამდათ ღვთის ერთ-ერთი მთავარი დაპირების, კერძოდ იმის, რომ მკვდრები აღდგებიან (1 კორ. 15:12). როგორც პავლემ აღნიშნა, ის, ვისაც მომავლის იმედი არა აქვს, მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს (1 კორ. 15:32). ეს მართლაც ასეა. ვისაც არ სწამს ღვთის დაპირებების, საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობს. ნამდვილად არ გვინდა, მათ დავემსგავსოთ. w22.10 25, 26 ¶8, 9
კვირა, 17 მარტი
განუწყვეტლივ ილოცეთ (1 თეს. 5:17).
იეჰოვა მოგვიწოდებს, რომ ლოცვით მივმართოთ მას. მან კარგად იცის, რასაც განვიცდით და გვარწმუნებს, რომ ნებისმიერ დროს მოგვისმენს. ის სიამოვნებით ისმენს თავისი მსახურების ლოცვას (იგავ. 15:8). რაზე შეგიძლიათ ილოცოთ, როცა თავს მარტოდ გრძნობთ? გული გადმოუღვარეთ იეჰოვას (ფსალმ. 62:8). ესაუბრეთ იეჰოვას თქვენს საწუხარსა და გრძნობებზე და სთხოვეთ, ამ გრძნობებთან გამკლავებაში დაგეხმაროთ. შეგიძლიათ სიბრძნეც სთხოვოთ იეჰოვას, რომ ტაქტიანად გათქმევინოთ სათქმელი (ლუკ. 21:14, 15). თუ გულგატეხილი ხართ, იეჰოვას სთხოვეთ, რომ დაგეხმაროთ, მოწიფულ ქრისტიანს გაანდოთ თქვენი საწუხარი. იეჰოვას ისიც შეგიძლიათ სთხოვოთ, რომ ის ადამიანი, რომელსაც გულს უშლით, გაგებით მოეკიდოს თქვენს ნათქვამს. დააკვირდით, როგორ გიპასუხებთ ლოცვებზე. ნურც და-ძმებს ეტყვით უარს დახმარებაზე. თუ ასე მოიქცევით, თავს ნაკლებად იგრძნობთ მარტოდ. w22.08 10 ¶6
ორშაბათი, 18 მარტი
ესენი კეისრის დადგენილებებს ეწინააღმდეგებიან (საქ. 17:7).
თესალონიკეში ახლად ჩამოყალიბებული კრება სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდა. გახელებულმა ბრბომ რამდენიმე ადგილობრივი ძმა წაათრია ქალაქის გამგებლებთან (საქ. 17:6). ადვილი წარმოსადგენია, რა დღეში ჩაცვივდებოდნენ ახალმოქცეული ქრისტიანები. პავლეს არ უნდოდა, რომ მათ ამის გამო იეჰოვას მსახურების ხალისი დაეკარგათ. მან იზრუნა, რომ ეს ახალჩამოყალიბებული კრება უყურადღებოდ არ დარჩენილიყო. მოგვიანებით პავლემ თესალონიკელებს მისწერა: „გამოვგზავნეთ ჩვენი ძმა ტიმოთე. . . რომ განემტკიცებინეთ და ენუგეშებინეთ, რათა გაგძლიერებოდათ რწმენა და არ შეგრყეოდათ ის ამ განსაცდელების გამო“ (1 თეს. 3:2, 3). ტიმოთე იმის მოწმე გახდა, როგორ განამტკიცა პავლემ ლისტრელი და-ძმები. საკუთარი გამოცდილებით მას შეეძლო დაერწმუნებინა თესალონიკელი და-ძმები, რომ იეჰოვა მათაც ამოუდგებოდა მხარში (საქ. 14:8, 19—22; ებრ. 12:2). w22.08 21 ¶4
სამშაბათი, 19 მარტი
მისი მეშვეობით ვიღებთ სიცოცხლეს (1 იოან. 4:9).
მე-19 საუკუნის მიწურულს ბიბლიის მკვლევართა ჯგუფმა ჩარლზ ტეიზ რასელის თაოსნობით საღვთო წერილების სიღრმისეული გამოკვლევა დაიწყო. მათ სურდათ, გაეგოთ, სინამდვილეში რა მნიშვნელობა ჰქონდა იესოს მსხვერპლს და როგორ უნდა გაეხსენებინათ მისი სიკვდილი. ის, რაც ამ მკვლევრებმა თავის დროზე გამოიკვლიეს, დღესაც გვადგება. ჩვენც გავიგეთ, სინამდვილეში რა მნიშვნელობა აქვს იესოს მსხვერპლს და რას ემსახურება ის (1 იოან. 2:1, 2). ისიც გავიგეთ, რომ ბიბლია ორგვარი იმედის შესახებ საუბრობს: შედარებით მცირე ჯგუფი ზეცაში უკვდავებას მიიღებს, უმეტესობა კი დედამიწაზე მარადიულად იცოცხლებს. რაც უფრო მეტად ვიაზრებთ, რა ძლიერ ვუყვარვართ იეჰოვას და რამხელა სიკეთე მოაქვს იესოს გაღებულ მსხვერპლს, მით უფრო ვუახლოვდებით ჩვენს ზეციერ მამას (1 პეტ. 3:18). ჩვენი წინამორბედების მსგავსად, ჩვენც მთელი გულით ვეპატიჟებით ხალხს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად იმ წესისამებრ, რომელიც თავად ქრისტემ დაგვიტოვა. w23.01 21 ¶6, 7
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (მზის ჩასვლის შემდეგ მომხდარი მოვლენები: 9 ნისანი) (მარკოზი 14:3—9)
ოთხშაბათი, 20 მარტი
ის ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა საკუთარი თავისთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ მისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა (2 კორ. 5:15).
იესო ხალხს იმ კურთხევებზე ესაუბრებოდა, რომლებსაც ღვთის სამეფო მოუტანს კაცობრიობას. ჩვენ მადლიერები ვართ ამ ძღვნისთვის, რადგან ის შესაძლებლობას გვაძლევს, ახლო ურთიერთობა გვქონდეს იეჰოვასთან და იესო ქრისტესთან. მეტიც, იესოსადმი რწმენა მარადიული სიცოცხლის და ჩვენი გარდაცვლილი ახლობლების ნახვის იმედს გვაძლევს (იოან. 5:28, 29; რომ. 6:23). ჩვენ არაფრით დაგვიმსახურებია ეს კურთხევები და ვერც ვერასდროს გადავუხდით იეჰოვასა და იესოს იმ ყველაფრისთვის, რაც მათ ჩვენთვის გააკეთეს (რომ. 5:8, 20, 21). თუმცა ის მაინც შეგვიძლია, რომ მათდამი ჩვენი მადლიერება საქმით დავამტკიცოთ. შეგვიძლია დრო, ენერგია და სახსრები სამეფოს საქმის მხარდასაჭერად გამოვიყენოთ. ამის ერთ-ერთი საშუალებაა, მონაწილეობა მივიღოთ თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი შენობების მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაში. w23.01 26 ¶3; 28 ¶5
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 9 ნისანი) (მარკოზი 11:1—11)
ხუთშაბათი, 21 მარტი
დავინახე . . . კრავი . . . მასთან ერთად იყო 144 000 (გამოცხ. 14:1).
ღვთის სამეფოს მმართველები მთელ დედამიწაზე მილიარდობით ადამიანზე იზრუნებენ. იესოს მსგავსად, 144 000 ცხებული ქრისტიანი მეფეც იქნება და მღვდელიც (გამოცხ. 5:10). მოსეს კანონის თანახმად, როგორც ხალხის ჯანმრთელობაზე, ისე მათ სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვა, უმთავრესად მღვდლების პასუხისმგებლობაში შედიოდა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსეს კანონი „მომავალ კურთხევათა ჩრდილი“ იყო, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იესოს თანამმართველები ჩვენს ფიზიკურ მოთხოვნილებებზეც იზრუნებენ და ღმერთთან დაახლოებაშიც დაგვეხმარებიან (ებრ. 10:1). ჩვენ არ ვიცით, რა სახით მივიღებთ მათგან მითითებებს. ამას დრო გამოაჩენს. ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა სამოთხეში მცხოვრებთ საჭირო ხელმძღვანელობას გაუწევს (გამოცხ. 21:3, 4). w22.12 11 ¶11—13
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 10 ნისანი) (მარკოზი 11:12—19)
პარასკევი, 22 მარტი
უფლის სიკვდილი აუწყეთ მის მოსვლამდე (1 კორ. 11:26).
გვინდა ყველამ, ვინც პირველად დაესწრება ამ შეხვედრას, გაიგოს, თუ რა გააკეთეს იეჰოვამ და იესომ კაცობრიობისთვის (იოან. 3:16). ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ნანახი და მოსმენილი მათ გაუჩენს იეჰოვას გაცნობისა და მსახურების სურვილს. ამ შეხვედრაზე არააქტიურებსაც ვეპატიჟებით, რათა შეიხსენონ, რომ იეჰოვასთვის კვლავაც ძვირფასები არიან. ბევრი ეხმაურება ჩვენს მოწვევას, რაც ძალიან გვახარებს. ამ შეხვედრაზე მათ შეიძლება გაახსენდეთ ის დრო, როცა სიხარულით ემსახურებოდნენ იეჰოვას (ფსალმ. 103:1—4). გინდ გამოგვეხმაურონ, გინდ არა, ჩვენ კვლავაც მოვიწვევთ ხალხს, რადგან ვიცით, იეჰოვასთვის მთავარი ისაა, რომ ამ შეხვედრამ თითოეული დამსწრის შემთხვევაში თავის მიზანს მიაღწიოს (ლუკ. 15:7; 1 ტიმ. 2:3, 4). w23.01 20 ¶1; 22, 23 ¶9—11
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 11 ნისანი) (მარკოზი 11:20—12:27, 41—44)
შაბათი, 23 მარტი
იეჰოვა თვალყურს ადევნებს თავის მოშიშებს (ფსალმ. 33:18).
სიკვდილის წინა ღამეს იესო შეევედრა ზეციერ მამას, რომ ბოროტისგან დაეცვა თავისი მიმდევრები (იოან. 17:15, 20). იეჰოვა ყოველთვის მფარველობდა და ზრუნავდა თავის ხალხზე. მაგრამ იესოს კარგად ესმოდა, რომ თავისი მიმდევრები სატანის თავდასხმის მთავარი სამიზნეები გახდებოდნენ. ამიტომ განსაკუთრებით დასჭირდებოდათ იეჰოვას მფარველობა. სატანის ქვეყნიერება დღეს ჭეშმარიტ ქრისტიანებზე დიდ ზეწოლას ახდენს. ამან შეიძლება გული გაგვიტეხოს ან გამოსცადოს იეჰოვასადმი ჩვენი ერთგულება. მაგრამ შიშის მიზეზი ნამდვილად არ გვაქვს. იეჰოვა თვალყურს გვადევნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგად იცის, რა გვიჭირს და მზად არის ჩვენს დასახმარებლად (ფს. 33:18—20). w22.08 8 ¶1, 2
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 12 ნისანი) (მარკოზი 14:1, 2, 10, 11; მათე 26:1—5, 14—16)
ᲒᲐᲮᲡᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲦᲐᲛᲝ
მზის ჩასვლის შემდეგ
კვირა, 24 მარტი
ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად (ლუკ. 22:19).
ყოველ წელს გახსენების საღამოს პერიოდში მადლიერების ნიშნად უფრო მეტს ვლოცულობთ და ვფიქრობთ იესოს სიკვდილის მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიწვიოთ ამ განსაკუთრებულ საღამოზე. ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ შეხვედრაზე დასასწრებად ხელი არაფერმა შეგვიშალოს. გახსენების საღამოზე ვიგებთ, რატომ სჭირდება კაცობრიობას გამოსასყიდი და როგორ შეუძლია ერთი ადამიანის სიკვდილს მრავალთა ცოდვების გამოსყიდვა. იმასაც ვიგებთ, რას განასახიერებს პური და ღვინო და ვინ უნდა მიიღოს ეს სიმბოლოები (ლუკ. 22:19, 20). მოხსენებაში იმ არაჩვეულებრივ მომავალზეც მახვილდება ყურადღება, რომელიც დედამიწაზე ცხოვრების მოიმედეთ ელით (ეს. 35:5, 6; 65:17, 21—23). თითოეულს კარგად უნდა გვესმოდეს, რამდენად ძვირფასი საჩუქარია გამოსასყიდი. w23.01 20 ¶2; 21 ¶4
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 13 ნისანი) (მარკოზი 14:12—16; მათე 26:17—19) (მზის ჩასვლის შემდეგ მომხდარი მოვლენები: 14 ნისანი) (მარკოზი 14:17—72)
ორშაბათი, 25 მარტი
ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს . . . მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს (იოან. 3:16).
როცა იეჰოვამ ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად თავისი ძე გაიღო მსხვერპლად, ამით მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მოგვცა (მათ. 20:28). მოციქულმა პავლემ თქვა: „როგორც ერთმა ადამიანმა მოიტანა სიკვდილი, ასევე ერთი ადამიანის მეშვეობით იქნება მკვდრეთით აღდგომა; როგორც ადამის გამო კვდება ყველა, ისე გაცოცხლდება ყველა ქრისტეს წყალობით“ (1 კორ. 15:21, 22). იესო თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, ღვთის სამეფოს მოსვლასა და მისი ნების შესრულებაზე ელოცათ (მათ. 6:9, 10). ღვთის ნება იმასაც გულისხმობს, რომ დედამიწაზე ადამიანებმა მარადიულად იცხოვრონ. ამ მიზნის მისაღწევად იეჰოვამ თავის ძეს მესიანური სამეფოს მეფობა უბოძა. გარდა ამისა, დედამიწიდან 144 000 ადამიანი აირჩია, რომ იესოსთან ერთად განახორციელონ მისი ეს განზრახვა (გამოცხ. 5:9, 10). w22.12 5 ¶11, 12
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 14 ნისანი) (მარკოზი 15:1—47)
სამშაბათი, 26 მარტი
ჩვენი აღმძვრელი ის სიყვარულია, რომელიც ქრისტეს აქვს . . . ის ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა საკუთარი თავისთვის აღარ იცოცხლონ (2 კორ. 5:14, 15).
ალბათ ყველას გვენატრება ჩვენი ახლობელი, რომელიც სიკვდილმა წაგვართვა. თავიდან მტკივნეულად გვახსენდება მისი სიცოცხლის ბოლო დღეები, მით უმეტეს თუ ის სიკვდილამდე იტანჯებოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება ეს ტკივილი გარკვეულწილად სასიამოვნო მოგონებებმა გადაფაროს. მაგალითად იმის გახსენებამ, რა გაუკეთებია ან უსწავლებია ამ ადამიანს ჩვენთვის, როგორ გავუმხნევებივართ და გავუხალისებივართ. ფაქტია, ჩვენც განვიცდით, როცა ვკითხულობთ, როგორ აწამეს და მოკლეს იესო, მით უმეტეს გახსენების საღამოს პერიოდში, როცა უფრო მეტს ვფიქრობთ მის მიერ გაღებულ მსხვერპლზე (1 კორ. 11:24, 25). მაგრამ ამავე დროს გვსიამოვნებს იმაზე ფიქრი, რასაც იესო დედამიწაზე ყოფნის დროს ამბობდა და აკეთებდა. ჩვენთვის იმის ცოდნაც გამამხნევებელია, თუ რას აკეთებს ის ახლა და რას გააკეთებს ჩვენთვის მომავალში. w23.01 26 ¶1, 2
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 15 ნისანი) (მათე 27:62—66) (მზის ჩასვლის შემდეგ მომხდარი მოვლენები: 16 ნისანი) (მარკოზი 16:1)
ოთხშაბათი, 27 მარტი
უპირველესად, ეძებეთ სამეფო (მათ. 6:33).
მოწაფეები ძალიან დაამწუხრა იესოს სიკვდილმა. მათ ძვირფასი მეგობარი დაკარგეს, რის გამოც გული გაუტყდათ და იმედიც გადაეწურათ (ლუკ. 24:17—21). თუმცა მოგვიანებით მკვდრეთით აღმდგარი იესო ეჩვენა მათ და აუხსნა, როგორ შესრულდა მასზე ბიბლიური წინასწარმეტყველებები. იესომ მათ მნიშვნელოვანი საქმეც მიანდო (ლუკ. 24:26, 27, 45—48). როცა ის ზეცად ამაღლდა, მოწაფეები უკვე დამწუხრებულები კი არა, გახარებულები იყვნენ. ისინი გააბედნიერა იმის ცოდნამ, რომ მათი მოძღვარი ცოცხალი იყო და მათ ახალი დავალების შესრულებაში დაეხმარებოდა. ასე რომ, გახარებულები დაუღალავად განადიდებდნენ იეჰოვას (ლუკ. 24:52, 53; საქ. 5:42). იესოს მოწაფეებს რომ მივბაძოთ, ღვთის სამეფო ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ. ღვთის მსახურება რომ არ შევწყვიტოთ, შეუპოვრობა გვჭირდება. მაგრამ, თუ სამეფოს ინტერესებს ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენებთ, იეჰოვა აუცილებლად გვაკურთხებს, თანაც უხვად (იგავ. 10:22). w23.01 30, 31 ¶15, 16
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 16 ნისანი) (მარკოზი 16:2—8)
ხუთშაბათი, 28 მარტი
მტვრადვე იქცევი! (დაბ. 3:19).
ცხადია, არავის გვინდა, რომ ადამისა და ევას შეცდომა გავიმეოროთ. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ გავიღრმავებთ ცოდნას იეჰოვას შესახებ, დავაფასებთ მის თვისებებს და ვეცდებით გავიგოთ, რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე. შესაბამისად უფრო მეტად შევიყვარებთ მას. ასე მოხდა აბრაამის შემთხვევაში. მას უყვარდა იეჰოვა. ამიტომ მაშინაც კი, როცა ბოლომდე არ ესმოდა, რატომ იღებდა იეჰოვა ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, არ ეწინააღმდეგებოდა, უბრალოდ ცდილობდა, უკეთ გაცნობოდა მას. მაგალითად, როცა გაიგო, რომ იეჰოვა სოდომსა და გომორას განადგურებას უპირებდა, თავიდან საგონებელში ჩავარდა და ვერ იჯერებდა, რომ „მთელი დედამიწის მოსამართლე“ მართლებს ბოროტებთან ერთად გაანადგურებდა. ამიტომ თავისი გულისტკივილი თავმდაბლურად გამოხატა იეჰოვასთან. იეჰოვამაც მოთმინებით მოუსმინა და უპასუხა. საბოლოოდ აბრაამი მიხვდა, რომ იეჰოვა გულებს იკვლევს და უდანაშაულოს დამნაშავესთან ერთად არ დასჯის (დაბ. 18:20—32). w22.08 28 ¶9, 10
პარასკევი, 29 მარტი
სანდო კაცი [საიდუმლოს] ინახავს (იგავ. 11:13).
ძვ. წ. 455 წელს იერუსალიმის გალავნის აღდგენის შემდეგ გამგებელი ნეემია სანდო კაცებს ეძებდა, რომლებსაც ქალაქს ჩააბარებდა. ნეემიას მიერ შერჩეულთა შორის იყო ციხესიმაგრის მთავარი ხანანია, რომელსაც ბიბლია შემდეგნაირად აღწერს: „ის ყველაზე სანდო კაცი იყო და ბევრ სხვაზე მეტად ეშინოდა ღვთისა“ (ნეემ. 7:2). რახან ხანანია ღვთისმოყვარე და ღვთისმოშიში კაცი იყო, მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის დავალებას. ღვთისადმი სიყვარული და შიში ჩვენც დაგვეხმარება, კეთილსინდისიერად ვემსახუროთ მას. ამ მხრივ აღსანიშნავია ტიქიკეც, მოციქულ პავლეს თანამსახური. პავლე ენდობოდა ტიქიკეს და მას „უფლის ერთგული მსახური“ უწოდა (ეფეს. 6:21, 22). პავლეს იმედი ჰქონდა, რომ ტიქიკე არა მარტო წერილებს ჩაუტანდა ეფესოელ და კოლოსელ ძმებს, არამედ გაამხნევებდა და ანუგეშებდა კიდეც მათ. ტიქიკესავით ერთგული და სანდო ძმები დღესაც გვყავს კრებაში, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებზე (კოლ. 4:7—9). w22.09 9, 10 ¶5, 6
შაბათი, 30 მარტი
სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს (1 პეტ. 4:8).
იოსები 13 წლის განმავლობაში არაერთ სერიოზულ განსაცდელს შეხვდა. ასეთ სიტუაციაში მას ადვილად შეიძლებოდა შეჰპაროდა ეჭვი იეჰოვას სიყვარულში და ეფიქრა, რომ ღმერთმა გასაჭირში მიატოვა. მაგრამ იოსები ასე არ მოქცეულა. მან სიმშვიდე შეინარჩუნა და არ დაკარგა საღად აზროვნების უნარი. იოსებს არ გამოუყენებია ძმებზე შურისძიების შესაძლებლობა და სიყვარულით აპატია მათ (დაბ. 45:4, 5). ასე იმიტომ მოიქცა, რომ საღად შეაფასა მოვლენები. მხოლოდ იმაზე კი არ ფიქრობდა, რისი გადატანა მოუწია, არამედ ხედავდა სრულ სურათს და თავის ადგილს იეჰოვას განზრახვაში (დაბ. 50:19—21). რას გვასწავლის ეს ჩვენ? თუ უსამართლოდ მოგვექცნენ, ნუ გავუნაწყენდებით იეჰოვას და ნუ ვიფიქრებთ, რომ მან მიგვატოვა. ჯობია იმაზე ვიფიქროთ, როგორ გვეხმარება ის უსამართლობის ატანაში. ვეცადოთ, ვიყოთ მიმტევებლები და სიყვარულით გადავფაროთ სხვების შეცდომები. w22.11 21 ¶4
კვირა, 31 მარტი
მათ . . . დაემორჩილება ყველა მმართველობა (დან. 7:27).
წინასწარმეტყველმა დანიელმა ხილვებში ცხადად ნახა, თუ რამდენად აღემატება იეჰოვას ძალაუფლება ნებისმიერ ადამიანურ ძალაუფლებას. თავდაპირველად დანიელმა იხილა ოთხი უზარმაზარი მხეცი, რომლებითაც წარმოდგენილი იყვნენ ძველი მსოფლიო იმპერიები: ბაბილონი, მიდია-სპარსეთი, საბერძნეთი და რომი, აგრეთვე თანამედროვე ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია (დან. 7:1—3, 17). ამ ხილვაში იეჰოვა ზეციერ სასამართლო ტახტზე იჯდა (დან. 7:9, 10). ღმერთი ართმევს ძალაუფლებას ქვეყნიურ მმართველებს და გადასცემს უფრო ღირსეულთ და ძლევამოსილთ. როგორც ამ ხილვიდან ვიგებთ, ესენი არიან „კაცის ძის მსგავსი“, იესო ქრისტე, და „უზენაესის წმინდები“ ანუ 144 000, რომლებიც „მარადიულად, სამარადისოდ იმეფებენ“ (დან. 7:13, 14, 18). ცხადია, მხოლოდ იეჰოვაა უზენაესი მმართველი. ის მოვლენები, რომლებიც დანიელმა იხილა, ეთანხმება მანამდე ნათქვამ მის სიტყვებს: „ზეციერი ღმერთი. . . ამხობს და აღაზევებს მეფეებს“ (დან. 2:19—21). w22.10 14, 15 ¶9—11