მაისი
ოთხშაბათი, 1 მაისი
ამის შემდეგ . . . დავინახე უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან (გამოცხ. 7:9).
იოანე ხილვაში ხედავს „უამრავ ხალხს“. 144 000-გან განსხვავებით მათი „დათვლა არავის შეეძლო“. იოანე დამატებით ინფორმაციას გვაწვდის მათ შესახებ: „ამათ დიდი გასაჭირი გამოიარეს, გრძელი სამოსელი გაირეცხეს და კრავის სისხლით გაათეთრეს“ (გამოცხ. 7:14). „დიდი გასაჭირის“ შემდეგ „უამრავი ხალხი“ დედამიწაზე იცხოვრებს და ღვთის კურთხევებით გაიხარებს (ფსალმ. 37:9—11, 27—29; იგავ. 2:21, 22; გამოცხ. 7:16, 17). ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, დარწმუნებული ვართ, რომ საკუთარი თვალით ვიხილავთ გამოცხადების მე-7 თავში ჩაწერილის შესრულებას. ღვთის მსახურებს მართლაც განუმეორებელი დრო გველის! მაშინ განსაკუთრებით დავაფასებთ იმას, რომ იეჰოვას დავუჭირეთ მხარი. w22.05 16 ¶6, 7
ხუთშაბათი, 2 მაისი
სიბრძნეს იეჰოვა იძლევა (იგავ. 2:6).
ყველა ჩვენგანი დამდგარა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე და თუ ამ დროს სიბრძნისთვის გვილოცია, სწორად მოვქცეულვართ (იაკ. 1:5). სოლომონი წერდა: „სიბრძნე უმთავრესია“ (იგავ. 4:7). ამ სიტყვებში ის ღვთიურ სიბრძნეს გულისხმობდა და არა ზოგადად სიბრძნეს. დღეს თუ გვადგება ღვთიური სიბრძნე ყოველდღიურ სირთულეებთან გასამკლავებლად? სიბრძნით გამორჩეული ორი ადამიანის რჩევების გათვალისწინება ერთ-ერთი საშუალებაა, რაც დაბრძენებაში დაგვეხმარება. დაფიქრდით სოლომონზე, რომელზეც ბიბლია ამბობს: „უხვად მისცა ღმერთმა სოლომონს სიბრძნე და გამჭრიახობა“ (1 მეფ. 4:29). იესოზეც დაფიქრდით, რომელიც უბადლო სიბრძნეს ფლობდა (მათ. 12:42). მის შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო: „მასზე დაივანებს იეჰოვას სული, სიბრძნისა და გონიერების სული“ (ეს. 11:2). w22.05 20 ¶1, 2
პარასკევი, 3 მაისი
მინდა, ვუამბო შენი ძალის შესახებ მომავალ თაობას (ფსალმ. 71:18).
რა ასაკისაც არ უნდა ვიყოთ, ყველას შეგვიძლია დავისახოთ სულიერი მიზნები. მაგალითად, 75 წლის დას, ბევერლის, ჯანმრთელობის გამო სიარული უჭირს, მაგრამ მას ძალიან უნდოდა აქტიური მონაწილეობა მიეღო გახსენების საღამოს კამპანიაში. ამ მიზნის მისაღწევად მან კონკრეტული გეგმა შეადგინა. საბოლოო ჯამში, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი დარჩა, რადგან შეძლო მიზნის მიღწევა. მისმა მაგალითმა სხვებსაც მისცა მეტის კეთების სტიმული. მართალია, ასაკოვან და-ძმებს მდგომარეობა ზღუდავს, მაგრამ იეჰოვა ძალიან აფასებს იმას, რასაც მისთვის აკეთებენ (ფსალმ. 71:17). დაისახეთ რეალური მიზნები. გამოიმუშავეთ ღვთისმოსაწონი თვისებები. შეიძინეთ საჭირო უნარ-ჩვევები, რომ იეჰოვასთვის და მისი ორგანიზაციისთვის მეტის გაკეთება შეძლოთ. იფიქრეთ იმაზე, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ უფრო მეტად ამოუდგეთ მხარში და-ძმებს. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვას დახმარებით ყველასთვის ცხადი იქნება თქვენი წარმატება (1 ტიმ. 4:15). w22.04 27 ¶18, 19
შაბათი, 4 მაისი
ჩვილობიდანვე იცი წმინდა წერილები (2 ტიმ. 3:15).
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენმა შვილმა თქვენი მცდელობის მიუხედავად უარი თქვა იეჰოვას მსახურებაზე? ნუ იფიქრებთ, რომ კარგი მშობელი ვერ გამოდექით. იეჰოვამ ყველას, მათ შორის თქვენს შვილს, ნების თავისუფლება უბოძა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა თავად წყვეტს, ემსახურება თუ არა ღმერთს. ნუ დაკარგავთ მისი დაბრუნების იმედს. გახსოვდეთ იგავი გზასაცდენილ შვილზე (ლუკ. 15:11—19, 22—24). ამ იგავის მთავარი გმირი ძალიან დაშორდა სიმართლის გზას, მაგრამ ბოლოს გონს მოეგო და სწორ გზას დაუბრუნდა. მშობლებო, თქვენ უდიდესი პატივი გხვდათ წილად, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლების ახალი თაობა აღზარდოთ (ფსალმ. 78:4—6). ეს ნამდვილად არ არის იოლი საქმე; ამიტომ გვინდა, მთელი გულით შეგაქოთ თქვენი დაუღალავი შრომისთვის! ყველანაირად ეცადეთ, რომ შვილებს იეჰოვა შეაყვაროთ, მის მოსაწონად აღზარდოთ და დაარიგოთ და დარწმუნებული იყავით, რომ ზეციერი მამა გაიხარებს თქვენით! (ეფეს. 6:4). w22.05 30, 31 ¶16—18
კვირა, 5 მაისი
მთელი სხეული ჰარმონიულადაა შერწყმული (ეფეს. 4:16).
თუ გვინდა, რომ კრებაში მშვიდობასა და ერთიანობას შევუწყოთ ხელი, ჩვენი მხრიდან ყველამ საუკეთესო უნდა გავიღოთ. პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში ყველას სხვადასხვა ძღვენი და დავალება ჰქონდა, მაგრამ ეს არ გამხდარა მეტოქეობისა და განხეთქილების მიზეზი (1 კორ. 12:4, 7—11). პავლე მოუწოდებდა თანაქრისტიანებს, რომ ყველას თავისი წვლილი შეეტანა „ქრისტეს სხეულის“ აღშენებაში. ის წერდა: „როცა თითოეული ნაწილი სათანადოდ მოქმედებს, სხეული იზრდება და მტკიცდება სიყვარულში“ (ეფეს. 4:1—3, 11, 12). ვინც ითვალისწინებდა ამ რჩევას, კრებაში მშვიდობასა და ერთობას უწყობდა ხელს. დღესაც მსგავს მშვიდობასა და ერთობას ვხედავთ კრებებში. მოდი მოვერიდოთ საკუთარი თავის სხვასთან შედარებას; დავაკვირდეთ იესოს მაგალითს და მივბაძოთ მას. გახსოვდეთ, იეჰოვა „უსამართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა“ (ებრ. 6:10). ეჭვი ნუ შეგეპარებათ, რომ იეჰოვა ძალიან აფასებს თქვენს გულმოდგინებას. w22.04 14 ¶15, 16
ორშაბათი, 6 მაისი
ქრისტე იესო ქვეყნიერებაში ცოდვილთა სახსნელად მოვიდა (1 ტიმ. 1:15).
რამხელა შვებაა იმის ცოდნა, რომ ჩვენი გადასაწყვეტი არაა, იმსახურებს თუ არა შემცოდველი იეჰოვასგან პატიებას. მაგრამ ჩვენც გვიწევს გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როცა ვინმე ჩვენ წინააღმდეგ სჩადის ცოდვას. მან შეიძლება მოიბოდიშოს და პატიება გვთხოვოს, ან შეიძლება არც კი. ამ დროს ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ვაპატიებთ, ანუ გულიდან ამოვიღებთ წყენასა და ბრაზს. ფაქტია, ეს იოლი არ არის და შეიძლება დიდი დროც დასჭირდეს, მით უმეტეს, თუ ძალიან გვატკინეს გული. 1994 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“ ასეთი რამ ეწერა: „როცა მიუტევებ მწყენინებელს, ეს არ ნიშნავს, რომ შენ თვალს ხუჭავ ცოდვაზე. ქრისტიანისთვის ეს ნიშნავს მთელი გულით მიანდო საქმე იეჰოვას. ის არის მთელი სამყაროს სამართლიანი მსაჯული და სამართალს სათანადო დროს განახორციელებს“. w22.06 9 ¶6, 7
სამშაბათი, 7 მაისი
იეჰოვაზე დაამყარე იმედი! (ფსალმ. 27:14).
იეჰოვა დაგვპირდა, რომ ჩვენს დროში „უამრავი ხალხი“ ყველა ერიდან, ტომიდან და ენიდან გაერთიანებულად სცემდა მას თაყვანს. ეს ასეც მოხდა (გამოცხ. 7:9, 10). ეს ჯგუფი აერთიანებს სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანს, თუმცა ამ მრავალფეროვნების მიუხედავად ისინი ერთ მშვიდობიან საერთაშორისო საძმოს ქმნიან (ფსალმ. 133:1; იოან. 10:16). ისინი ყოველთვის მზად არიან, უკეთესი მომავლის შესახებ ესაუბრონ სხვებს (მათ. 28:19, 20; გამოცხ. 14:6, 7; 22:17). ყველასთვის, ვინც ამ ჯგუფს მიეკუთვნება, ნათელი მომავლის იმედი ძალიან ძვირფასია. სატანას სურს, რომ იმედი დავკარგოთ. მისი მიზანია, დაგვაჯეროს, რომ იეჰოვა თავისი დაპირებების შესრულებას არ აპირებს. თუ იმედს დავკარგავთ, მხნეობაც წაგვერთმევა და შეიძლება იეჰოვასაც კი ვაქციოთ ზურგი. w22.06 20, 21 ¶2, 3
ოთხშაბათი, 8 მაისი
ეს სანდო და მტკიცე იმედი ღუზასავით არის ჩვენთვის (ებრ. 6:19).
რთულ სიტუაციებში ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს, რადგან ვიცით, რომ „ქარიშხალი“ ადრე თუ გვიან ჩადგება. ქარტეხილები რომ გარდაუვალი იქნებოდა, ამის შესახებ იესომაც გაგვაფრთხილა (იოან. 15:20). ასე რომ, მომავლის იმედი გვეხმარება, რომ ჩვენი ქრისტიანული გეზიდან არ გადავუხვიოთ. იმედმა იესოს ძალა მისცა, სასტიკ სიკვდილს მედგრად შეხვედროდა. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოციქულმა პეტრემ „ფსალმუნებიდან“ მოიყვანა ციტატა, რომელიც კარგად აღწერდა იესოს განწყობას: „იმედიანად ვარ, რადგან არ დამტოვებ სამარეში და არ გაიმეტებ შენს ერთგულს გასახრწნელად. . . დიდად გავიხარებ შენ წინაშე, რადგან შენ ამავსებ სიხარულით“ (საქ. 2:25—28; ფსალმ. 16:8—11). იესოს მტკიცედ სწამდა, რომ იეჰოვა მას მკვდრეთით აღადგენდა და ზეცაში მამასთან შეხვედრით გაიხარებდა (ებრ. 12:2, 3). w22.10 25 ¶4, 5
ხუთშაბათი, 9 მაისი
ჩვენ ყველანი ხშირად ვცდებით (იაკ. 3:2).
ერთხელ ორმა მოციქულმა, იაკობმა და იოანემ, დედის პირით იესოს სთხოვეს, მათთვის სამეფოში საპატიო ადგილები ებოძებინა (მათ. 20:20, 21). აშკარაა, რომ იაკობისა და იოანეს პრობლემა სიამაყე და ამბიცია იყო (იგავ. 16:18). ამ შემთხვევაში მხოლოდ იაკობი და იოანე არ მოქცეულან უღირსად. მათეს 20:24-ში ვკითხულობთ: „ეს რომ დანარჩენმა ათმა გაიგო, გული მოუვიდათ ამ ორ ძმაზე“. ადვილი წარმოსადგენია, რა გაცხარებული საუბარი შედგებოდა მათ შორის. როგორი რეაქცია ჰქონდა იესოს? ის არ გამწარებულა და არ უთქვამს, რომ მათ ნაცვლად უფრო თავმდაბალ და მოსიყვარულე ადამიანებს აირჩევდა მოციქულებად. იესოს ეჭვი არ ეპარებოდა მათ სიალალეში (მათ. 20:25—28). ის სიყვარულით ეპყრობოდა მოციქულებს. w23.03 28, 29 ¶10—13
პარასკევი, 10 მაისი
შვილო, ბრძნულად მოიქეცი და გული გამიხარე, რათა პასუხი გავცე ჩემს დამცინავს (იგავ. 27:11).
შენ უკვე ბევრი რამ გააკეთე, რომ აქამდე მოსულიყავი. შესაძლოა არაერთი წელი გულმოდგინედ სწავლობდი ბიბლიას. ამან დაგარწმუნა, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა. მეტიც, გაიცანი და შეიყვარე ბიბლიის ავტორი. ღვთის სიყვარულმა აღგძრა, თავი მიგეძღვნა მისთვის და მონათლულიყავი, რისთვისაც შესაქები ხარ. ალბათ, ნათლობამდე უკვე არაერთხელ გამოიცადა შენი რწმენა, თუმცა დროის სვლასთან ერთად ახალ-ახალ გამოცდებსაც შეხვდები. სატანა შეეცდება გაგინელოს იეჰოვასადმი სიყვარული და ჩამოგაშოროს მას (ეფეს. 4:14). რა უნდა გააკეთო, რომ ეს არ მოხდეს? რა დაგეხმარება, რომ უერთგულო იეჰოვას და შენს აღთქმას? უნდა განაგრძო სულიერი ზრდა ანუ ქრისტიანული მოწიფულობისკენ სწრაფვა (ებრ. 6:1). w22.08 2 ¶1, 2
შაბათი, 11 მაისი
პატივი ეცი მამას და დედას, როგორც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, გიბრძანა, რათა ხელი მოგემართოს დადღეგრძელი იყო (კან. 5:16).
ოჯახის თითოეულ წევრს უნდა ესმოდეს, რომ არის საკითხები, რომლებიც ოჯახის გარეთ არ უნდა გაიტანონ. მაგალითად, შეიძლება ცოლს ისეთი ჩვევა აქვს, რაზეც ქმარს ეცინება. მაგრამ ქმარი ამ თემაზე საჯაროდ არ იხუმრებს და ცოლს უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდებს. ცოლის სიყვარულით ის არ გააკეთებს ისეთ რამეს, რაც გულს ატკენს მას (ეფეს. 5:33). გარდა ამისა, მშობლებსაც უნდა ესმოდეთ, რომ მოზარდი შვილების ღირსებას უნდა გაუფრთხილდნენ. მათ სახალხოდ არ უნდა ილაპარაკონ შვილების შეცდომებზე და თავი დამცირებულად არ უნდა აგრძნობინონ (კოლ. 3:21). შვილებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ოჯახური ამბები გარეთ არ უნდა გაიტანონ და ოჯახის წევრები უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩააგდონ. ოჯახი მტკიცე და შეკრულია, თუ მისმა თითოეულმა წევრმა იცის, რაზე ილაპარაკოს სხვებთან და რაზე არა. w22.09 10 ¶9
კვირა, 12 მაისი
დაფიქრდი, იობ! აბა ჩაუკვირდი (იობ. 37:14).
იეჰოვა ესაუბრა იობს და შეახსენა, რა განუზომელ სიბრძნეს ფლობს და როგორ ზრუნავს თავის ქმნილებებზე. მან ცხოველთა სამყაროდან არაერთი მაგალითი მოუყვანა იობს (იობ. 38:1, 2; 39:9, 13, 19, 27; 40:15; 41:1, 2). იეჰოვამ ახალგაზრდა ელიჰუს მეშვეობითაც გაამხნევა და ანუგეშა თავისი ტანჯული მსახური. ელიჰუმ დაარწმუნა იობი, რომ ღმერთი ყოველთვის აჯილდოებს თავის მსახურებს მოთმინებისთვის. იეჰოვამ ელიჰუს მეშვეობით რჩევაც მისცა იობს. ამ რჩევის მიზანი ის იყო, რომ იობს სრული სურათი დაენახა და სწორად შეეფასებინა თავისი მდგომარეობა სამყაროს შემოქმედის წინაშე. იეჰოვამ იობს დავალებაც მისცა. მას უნდა ელოცა თავისი სამი მეგობრისთვის, რომლებმაც შესცოდეს ღმერთს (იობ. 42:8—10). ჩვენ როგორ გვიჭერს იეჰოვა მხარს განსაცდელების დროს? მართალია, იეჰოვა დღეს პირისპირ არ გველაპარაკება, როგორც იობს, მაგრამ ამას თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით აკეთებს (რომ. 15:4). w22.08 11 ¶10, 11
ორშაბათი, 13 მაისი
თუ შენი ძმა დაბრკოლდება, ჯობს არ ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და სხვაც არაფერი გააკეთო (რომ. 14:21).
რომის კრებაში იყვნენ როგორც იუდეველი, ისე არაიუდეველი ქრისტიანები. მოსეს კანონის გაუქმებასთან ერთად გაუქმდა ამა თუ იმ საკვებთან დაკავშირებული შეზღუდვებიც (მარ. 7:19). ამიტომ ზოგი იუდეველი ქრისტიანისთვის ყველანაირი საკვები მისაღები იყო, ზოგს კი სინდისი არ რთავდა ყველაფრის ჭამის ნებას. ამის გამო კრებაში განხეთქილება ჩამოვარდა. ამიტომ პავლე მოციქულმა ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მშვიდობის შენარჩუნება. ამგვარად მან დაანახვა თანამორწმუნეებს, რამდენად საზიანო იყო დავა და კამათი როგორც ცალკეული ქრისტიანისთვის, ისე მთელი კრებისთვის (რომ. 14:19, 20). ის თავადაც მზად იყო, ცვლილებები მოეხდინა საკუთარ თავში, რომ სხვები არ დაებრკოლებინა (1 კორ. 9:19—22). მსგავსად, ჩვენც მშვიდობას შევინარჩუნებთ და აღვაშენებთ და-ძმებს, თუ პირადი გემოვნების საკითხებს დავის საგნად არ ვაქცევთ. w22.08 22 ¶7
სამშაბათი, 14 მაისი
იეჰოვას . . . მართალი უყვარს (იგავ. 15:9).
სიმართლისკენ სწრაფვას ძალისხმევა სჭირდება ისევე, როგორც იეჰოვას მსახურებაში ნებისმიერი სხვა მიზნის მიღწევას. იეჰოვა მოთმინებით გვეხმარება, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ განვაგრძოთ წინსვლა (ფსალმ. 84:5, 7). იეჰოვა გვარწმუნებს, რომ სწორად მოქცევა ტვირთი არ არის (1 იოან. 5:3). ტვირთი კი არა, პირიქით, ჩვენთვის დამცავია. ასეთი დაცვა კი ყოველდღე გვჭირდება. ალბათ გახსოვთ, როგორ აღწერა პავლე მოციქულმა სულიერი საჭურველი (ეფეს. 6:14—18). ამ საჭურველში გულის დამცავ ფუნქციას „სიმართლის ჯავშანი“ ასრულებს, რომელიც იეჰოვას სამართლიან ნორმებს განასახიერებს. როგორც ჯავშანი იცავს მეომრის გულს, ისე „სიმართლის ჯავშანი“ იცავს ჩვენს სიმბოლურ გულს ანუ ჩვენს შინაგან პიროვნებას. ასე რომ, ნურასდროს დარჩებით „სიმართლის ჯავშნის“ გარეშე (იგავ. 4:23). w22.08 29 ¶13, 14
ოთხშაბათი, 15 მაისი
ჩვენი ღვთის სიტყვა მარადიულად რჩება (ეს. 40:8).
საუკუნეების მანძილზე მრავალი ღვთისმოშიში ადამიანი ხელმძღვანელობდა ღვთის სიტყვაში ჩაწერილი სანდო რჩევებით. როგორ გახდა ეს შესაძლებელი? იეჰოვამ იზრუნა, რომ ამ ხელნაწერების ასლები გაკეთებულიყო. მართალია, გადამწერები უშეცდომოები არ იყვნენ, მაგრამ ისინი დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ თავიანთ საქმეს. ებრაული წერილების შესახებ ერთმა ბიბლეისტმა აღნიშნა: „თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი სიზუსტით არცერთი უძველესი ნაშრომის ასლები არ გაკეთებულა“. შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ ბიბლიაში მისი ავტორის, იეჰოვას აზრები ზუსტადაა გადმოცემული. „ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი“ იეჰოვასგანაა (იაკ. 1:17). ერთ-ერთი საუკეთესო ძღვენი სწორედ ბიბლიაა. საჩუქარი ყოველთვის რაღაცას გვეუბნება მის მბოძებელზე, მაგალითად, რამდენად კარგად გვიცნობს და იცის ჩვენი საჭიროებები. იმავეს თქმა შეიძლება ბიბლიაზეც. როცა მას ვიკვლევთ, ვხვდებით, რამდენად კარგად გვიცნობს იეჰოვა და ვხედავთ, რომ ზუსტად იცის, რა გვჭირდება. w23.02 2, 3 ¶3, 4
ხუთშაბათი, 16 მაისი
დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება (ეს. 11:9).
რა საოცარი დრო იქნება, როცა ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის პერიოდში დედამიწაზე მკვდრეთით აღდგომა დაიწყება! ალბათ ყველას, ვისაც საყვარელი ადამიანები გვერდით აღარ გვყავს, ერთი სული გვაქვს, როდის შევხვდებით მათ კვლავ (იობ. 14:15). იეჰოვაც მოუთმენლად ელის იმ დროს, როცა მათ აღადგენს. დღეს ჩვენთვის ალბათ რთული წარმოსადგენია, როგორ გაიხარებენ მაშინ დედამიწის მკვიდრნი. „მართლები“, რომელთა სახელებიც „სიცოცხლის წიგნშია“ ჩაწერილი, სიცოცხლის მისაღებად აღდგებიან (საქ. 24:15; იოან. 5:29). შეიძლება ბევრი ჩვენი ახლობელიც მათ შორის იყოს, ვინც არმაგედონის შემდეგ მალევე აღდგება. გარდა ამისა, ის „უმართლოები“, რომლებიც სიკვდილამდე არ იცნობდნენ იეჰოვას ან არ ემსახურებოდნენ მას, გასასამართლებლად აღდგებიან. ყველა მკვდრეთით აღმდგარს ბევრი რამის სწავლა მოუწევს (ეს. 26:9; 61:11). ამიტომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო პროგრამას წამოვიწყებთ (ეს. 11:10). w22.09 20 ¶1, 2
პარასკევი, 17 მაისი
ის არის ცოცხალი . . . ღმერთი (დან. 6:26).
იეჰოვამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ხალხის წინააღმდეგ გაერთიანებულ მეფეებზე ძლიერია. იეჰოვას დახმარებით ისრაელმა აღთქმული მიწის დიდი ნაწილი დაიპყრო (იეს. 11:4—6, 20; 12:1, 7, 24). იეჰოვას უზენაესობა მრავალჯერ დამტკიცდა. ერთხელ, როცა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა იეჰოვას განდიდების ნაცვლად საკუთარი ძლევამოსილებითა და სიდიადით დაიკვეხნა, იეჰოვამ ის ჭკუაზე შეშალა. როცა შეგნება დაუბრუნდა, ნაბუქოდონოსორმა განადიდა უზენაესი და ისიც კი აღიარა, რომ „მისი სამეფო მარადიულია“ და მას „ვერავინ შეაკავებს“ (დან. 4:30, 33—35). ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „ბედნიერია ერი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა, ხალხი, რომელიც მან თავის საკუთრებად ამოირჩია“ (ფსალმ. 33:12). ვინ იმსახურებს ჩვენს ერთგულებას, თუ არა ასეთი ძლევამოსილი ღმერთი?! w22.10 15, 16 ¶13—15
შაბათი, 18 მაისი
შენი სიტყვის არსი ჭეშმარიტებაა (ფსალმ. 119:160).
შესრულებული ბიბლიური წინასწარმეტყველებები იმის რწმენას გვიმტკიცებს, რომ ღვთის დაპირებები მომავალში აუცილებლად შესრულდება. კარგად გვესმის ფსალმუნმომღერლის, რომელიც ლოცვაში ღმერთს ეუბნებოდა: „მოუთმენლად ველი, როდის მიხსნი, რადგან შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული“ (ფსალმ. 119:81). იეჰოვამ თავისი სიტყვის, ბიბლიის, წყალობით მომავლის უტყუარი იმედი მოგვცა (იერ. 29:11). ჩვენ ადამიანებზე კი არა, ღმერთზე ვამყარებთ იმედს. ასე რომ, მოდი გულდასმით ვიკვლიოთ ბიბლიური წინასწარმეტყველებები და განვიმტკიცოთ ღვთის სიტყვისადმი ნდობა. კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა ვენდოთ ბიბლიას, ის სასიკეთო შედეგებია, რაც მასში ჩაწერილის გამოყენებას მოაქვს (ფსალმ. 119:66, 138). მაგალითად, ბიბლიამ ბევრი ოჯახი გადაარჩინა დანგრევას და მეუღლეები ერთმანეთს დააახლოვა. შესაბამისად, მათი შვილები მოსიყვარულე და მშვიდ გარემოში იზრდებიან (ეფეს. 5:22—29). w23.01 5 ¶12, 13
კვირა, 19 მაისი
იხარეთ იმედით (რომ. 12:12).
დაფიქრდით, როგორ შეგისრულათ იეჰოვამ თავის სიტყვაში ჩაწერილი დაპირებები. მაგალითად, როგორც იესომ თქვა, მამა ყოველივე აუცილებლით უზრუნველგვყოფდა (მათ. 6:32, 33). იესომ იმაშიც დაგვარწმუნა, რომ იეჰოვა წმინდა სულს არ დაუკავებდა მას, ვინც სთხოვდა (ლუკ. 11:13). იგი პირნათლად ასრულებს ამ დაპირებებს. შეიძლება გაგახსენდეთ, კიდევ რა მხრივ შეგისრულათ იეჰოვამ თავისი დაპირებები. მაგალითად, როგორ გაპატიათ, განუგეშათ და სულიერად გამოგკვებათ (მათ. 6:14; 24:45; 2 კორ. 1:3). როცა ფიქრობთ იმაზე, რაც იეჰოვამ უკვე გააკეთა თქვენთვის, უფრო იმედიანად უყურებთ მისი დაპირებების შესრულებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენზეც სრულდება ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „ბედნიერია ის,.. ვინც იმედს თავის ღმერთ იეჰოვაზე ამყარებს, [მასზე], ვინც ყოველთვის ერთგულია“ (ფსალმ. 146:5, 6). w22.10 27 ¶15; 28 ¶17
ორშაბათი, 20 მაისი
შენზე კი იეჰოვა გამოანათებს (ეს. 60:2).
წინასწარმეტყველება წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის შესახებ ჩვენს დროშიც სრულდება. 1919 წლიდან მოყოლებული მილიონობით ადამიანი გათავისუფლდა „დიდი ბაბილონის“ ანუ ცრურელიგიური სამყაროს ტყვეობიდან. მათ აღთქმულ მიწაზე გაცილებით უკეთეს ადგილას შეაბიჯეს. ისინი სულიერ სამოთხეში დამკვიდრდნენ (ეს. 51:3; 66:8) 1919 წლიდან ცხებულები სულიერი სამოთხით ტკბებიან. დროის სვლასთან ერთად მათ დედამიწაზე ცხოვრების მოიმედე „სხვა ცხვარიც“ შეუერთდა. ისინი ერთად ხარობენ სულიერ სამოთხეში იეჰოვასგან ბოძებული კურთხევებით (იოან. 10:16; ეს. 25:6; 65:13). დღეს სულიერი სამოთხე მთელ დედამიწაზეა. ასე რომ, არა აქვს მნიშვნელობა, სად ვცხოვრობთ, ჩვენ სულიერ სამოთხეში ვრჩებით მანამ, სანამ აქტიურად ვუჭერთ მხარს იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობას. w22.11 11, 12 ¶12—15
სამშაბათი, 21 მაისი
განა მარადიული არა ხარ, იეჰოვა?! ჩემო ღმერთო, ჩემო წმინდავ, შენ არ კვდები (აბაკ. 1:12).
შეიძლება გიჭირთ იმის აღქმა, რომ იეჰოვა ყოველთვის არსებობდა (ეს. 40:28). ეს არცაა გასაკვირი. ბიბლიაც ამბობს, რომ „ჩაუწვდომელია მის წელთა რიცხვი“ (იობ. 36:26). ბევრი რამ არსებობს ამ სამყაროში, რაც ბოლომდე არ გვესმის, მაგალითად, სინათლის ფენომენი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სინათლე არ არსებობს. მსგავსადვე, შეიძლება ბოლომდე ვერასდროს ჩავწვდეთ იმ ფაქტს, რომ იეჰოვა ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს. თუმცა ამით არაფერი არ იცვლება და ფაქტი ფაქტად რჩება (რომ. 11:33—36). ღმერთი ფიზიკური სამყაროს და ნებისმიერი სინათლის წყაროს შექმნამდე არსებობდა. ის იქამდე არსებობდა, ვიდრე ცას გადაჭიმავდა (იერ. 51:15). w22.12 2, 3 ¶3, 4
ოთხშაბათი, 22 მაისი
საკმეველივით მომზადდეს ჩემი ლოცვა შენ წინაშე (ფსალმ. 141:2).
ზოგჯერ შეიძლება სხვების თანდასწრებით ლოცვა მოგვიწიოს. მაგალითად, ბიბლიის შესწავლაზე დამ შეიძლება დამხმარეს, რომელიც კარგად არ იცნობს შემსწავლელს, სთხოვოს, რომ ბოლოს ილოცოს. ასეთ შემთხვევაში მას გაუადვილდება, შემსწავლელის საჭიროებებს მოარგოს ლოცვა. ზოგჯერ ძმას შეიძლება სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე ან კრების შეხვედრაზე ლოცვის წარმოთქმა მოუწიოს. ამ დროს უნდა გაითვალისწინოს შეხვედრის მიზანი. ძმებმა საჯარო ლოცვა არ უნდა გამოიყენონ და-ძმებისთვის რჩევის მისაცემად ან განცხადების გასაკეთებლად. ჩვეულებრივ კრების შეხვედრებზე ხუთი წუთია განკუთვნილი სიმღერისა და ლოცვისთვის. ამიტომ ძმა, რომელიც ილოცებს, უნდა მოერიდოს მრავალსიტყვაობას, განსაკუთრებით პირველი ლოცვის დროს (მათ. 6:7). w22.07 24 ¶17, 18
ხუთშაბათი, 23 მაისი
გაიგონებთ ომების ხმებს და მოისმენთ ცნობებს ომების შესახებ. ნუ შეშინდებით, რადგან ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული (მათ. 24:6).
იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში იქნებოდა ეპიდემიები „ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“ (ლუკ. 21:11). რატომ გვამშვიდებს ამის ცოდნა? იმიტომ, რომ ვიცით, ყველაფერი ისე ხდება, როგორც იესომ იწინასწარმეტყველა. ამიტომ გვინდა, ისიც გავითვალისწინოთ, რაც იესომ ბოლო დღეებში მცხოვრებთ გვირჩია: „ნუ შეშინდებით“. ფაქტია, რომ ეპიდემია გვირღვევს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ ხელი ავიღოთ პირად შესწავლაზე და კრების შეხვედრებზე. პუბლიკაციებში მოთხრობილი თუ ვიდეორგოლებში ნაჩვენები ჩვენი და-ძმების ისტორიებიდან ვიგებთ, რომ მსგავს სიტუაციებში ისინი არ კარგავენ მხნეობას და კვლავ შემართებით ემსახურებიან იეჰოვას. w22.12 17 ¶4, 6
პარასკევი, 24 მაისი
ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს (ეკლ. 9:11).
იაკობს შვილებიდან გამორჩეულად იოსები უყვარდა (დაბ. 37:3, 4). უფროს ძმებს შეშურდათ მისი და მოიძულეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთ დღესაც იოსები მიდიანელ ვაჭრებს მიჰყიდეს. ვაჭრებმა ის ძალიან შორს, ეგვიპტეში წაიყვანეს და ფოტიფარს, ფარაონის მცველთა უფროსს, მიჰყიდეს. იოსებისთვის ყველაფერი უეცრად შეიცვალა — მამის საყვარელი შვილი წარმართი ეგვიპტელის მონა გახდა (დაბ. 39:1). ცხოვრებაში, ადრე თუ გვიან, ყველანი ვხვდებით „ადამიანისთვის ჩვეულ“ სირთულეებს (1 კორ. 10:13). შეიძლება პრობლემები ქრისტეს მოწაფეობის გამოც შეგვექმნას და დაცინვას, წინააღმდეგობასა და დევნას შევხვდეთ (2 ტიმ. 3:12). რა სირთულის წინაშეც არ უნდა აღმოჩნდეთ, დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა ხელს მოგიმართავთ. w23.01 14, 15 ¶3, 4
შაბათი, 25 მაისი
სადაც შეშა არ არის, იქ ცეცხლი ქრება (იგავ. 26:20).
ზოგჯერ შეიძლება საჭიროდ ჩავთვალოთ იმ თანაქრისტიანთან საუბარი, რომელმაც გვაწყენინა. თუმცა მანამდე ღირს შემდეგ კითხვებზე დაფიქრება: ბოლომდე ვარ მომხდარში გარკვეული? იქნებ არც უნდოდა ჩემი წყენინება? მე არასდროს მომსვლია მსგავსი შეცდომა? მასთან საუბრით ცეცხლზე ნავთს ხომ არ დავასხამ? (იგავ. 18:13; ეკლ. 7:20—22.) თუ ყველაფერს წინასწარ ავწონ-დავწონით, შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდეთ, რომ აჯობებს, სიყვარულით გადავფაროთ ეს შეცდომა. ინდივიდუალურადაც დავამტკიცებთ ამას, თუ ჩვენი უანგარო სიყვარულით გადავფარავთ და-ძმების შეცდომებს. ამგვარად სხვებიც დაინახავენ, რომელია ჭეშმარიტი რელიგია და შეიძლება სურვილიც გაუჩნდეთ, ემსახურონ იეჰოვას. ასე რომ, ყოველთვის ვაჩვენოთ ჩვენი სიყვარულით, რომ ქრისტეს ნამდვილი მოწაფეები ვართ. w23.03 31 ¶18, 19
კვირა, 26 მაისი
ღმერთი სიყვარულია (1 იოან. 4:8).
ბიბლია თავისი ავტორის უდიდეს თვისებაზე, სიყვარულზე, მეტყველებს. იეჰოვას ვუყვარვართ და ამიტომ არ გვტვირთავს არასაჭირო დეტალებით (იოან. 21:25). ბიბლიის კითხვისას იმასაც ვხვდებით, რომ იეჰოვა გვაფასებს როგორც მოაზროვნე ქმნილებებს. ბიბლია წესების კრებული არაა, რომ ჩვენი ყოველი ფეხის ნაბიჯი გააკონტროლოს. ის გაჯერებულია რეალური შემთხვევებით, ამაღელვებელი წინასწარმეტყველებებითა და პრაქტიკული რჩევებით, რომლებიც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. ამგვარად ეს წიგნი მკითხველს აყვარებს მის ავტორს და სურვილს უჩენს, რომ მთელი გულით დაემორჩილოს. ბიბლიაში მრავლად ვხვდებით ცხოვრებისეულ ისტორიებსა და ადამიანურ გრძნობებს. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ იეჰოვასთვის სულერთი არ არის, რას განვიცდით და ვგრძნობთ. ჩვენ ადვილად შეგვიძლია ბიბლიური პერსონაჟების ადგილას წარმოვიდგინოთ თავი, რადგან მათაც ჩვენნაირი გრძნობები ჰქონდათ (იაკ. 5:17). და რაც მთავარია, როცა ვიგებთ, როგორ ეპყრობოდა იეჰოვა ჩვენნაირ ადამიანებს, უკეთ ვხვდებით, „როგორი თანამგრძნობი და როგორი გულმოწყალეა!“ (იაკ. 5:11). w23.02 6 ¶13—15
ორშაბათი, 27 მაისი
იფხიზლეთ და გეღვიძოთ! (1 პეტ. 5:8).
ბიბლიის ბოლო წიგნში ასეთ სიტყვებს ვხვდებით: „იესო ქრისტეს გამოცხადება, რომელიც მან ღვთისგან მიიღო, რათა თავისი მონებისთვის გაემჟღავნებინა ის, რაც მალე უნდა მოხდეს“ (გამოცხ. 1:1). ამიტომ სავსებით ბუნებრივია, რომ გვაინტერესებს მსოფლიო მოვლენები და მათი კავშირი ბიბლიურ წინასწარმეტყველებებთან. შესაბამისად, ამ თემებზე ერთმანეთთან საუბრის სურვილიც გვიჩნდება. როცა ბიბლიურ წინასწარმეტყველებებზე ვმსჯელობთ, უნდა მოვერიდოთ საკუთარი ვარაუდების გამოთქმას, რათა კრების ერთობას საფრთხე არ შევუქმნათ. მაგალითად, როცა ვიგებთ, როგორ საუბრობენ მსოფლიო ლიდერები ამა თუ იმ კონფლიქტის მოგვარებაზე და მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, არ გვინდა, ეს ყველაფერი ავტომატურად 1 თესალონიკელების 5:3-ის შესრულებას დავუკავშიროთ. აჯობებს, იეჰოვას ორგანიზაციისგან მიღებული უახლესი ინფორმაციით ვიხელმძღვანელოთ. ამგვარად მსგავს საკითხებზე სხვებთან მსჯელობისას ხელს ვუწყობთ კრების ერთსულოვნებას (1 კორ. 1:10; 4:6). w23.02 16 ¶4, 5
სამშაბათი, 28 მაისი
ჭეშმარიტების, თავმდაბლობისა და სიმართლის გულისთვის ამხედრდი და შენი მარჯვენა შიშის მომგვრელ საქმეებს მოიმოქმედებს (ფსალმ. 45:4).
რატომ უნდა გვიყვარდეს იესო ქრისტე? იესო ჭეშმარიტების, თავმდაბლობისა და სიმართლის მხარეს დგას. როგორც იოანეს 18:37-დან ჩანს, დედამიწაზე ყოფნის დროს ის ჭეშმარიტების გაბედული ქომაგი იყო. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჭეშმარიტებისა და სიმართლის ყველა მოყვარულს უყვარს იესო ქრისტე. მაგრამ რაში გამოჩნდა მისი თავმდაბლობა? იესომ თავისი მაგალითით გვიჩვენა ნამდვილი თავმდაბლობა. მას თავის განდიდება არასდროს უცდია და ყოველთვის მამაზე გადაჰქონდა ყურადღება (მარ. 10:17, 18; იოან. 5:19). თქვენზე როგორ მოქმედებს მისი თავმდაბლობის მაგალითი? ალბათ იესოს თავმდაბლობა უფრო მეტად გაყვარებთ მას და სურვილს გიჩენთ, რომ მიჰბაძოთ. თავად იესო რატომ არის თავმდაბალი? იმიტომ, რომ უყვარს და ჰბაძავს თავმდაბალ მამას (ფსალმ. 18:35; ებრ. 1:3). როგორ შეიძლება არ გვიყვარდეს იესო, რომელიც მამის სრულყოფილი განსახიერებაა?! w23.03 3, 4 ¶6, 7
ოთხშაბათი, 29 მაისი
იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც (საქ. 24:15).
ბიბლია ორი კატეგორიის ადამიანებზე საუბრობს, რომლებიც მარადიული სიცოცხლის მიღების შესაძლებლობით აღდგებიან. ესენი არიან „მართლები“ და „უმართლოები“. „მართლები“ არიან ისინი, ვინც სიცოცხლეში ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას. „უმართლოები“ კი ისინი არიან, ვინც არ ემსახურებოდნენ მას. რახან ორივე კატეგორია აღდგება, ნიშნავს ეს იმას, რომ მათი სახელები უკვე წერია „სიცოცხლის წიგნში“? სანამ დაიხოცებოდნენ, „მართალთა“ სახელები უკვე ჩაწერილი იყო „სიცოცხლის წიგნში“. ამოიშალა სიკვდილის შემდეგ მათი სახელები ამ წიგნიდან? არა, რადგან ისინი კვლავაც ცოცხლობენ იეჰოვას მეხსიერებაში. იეჰოვა „მკვდრების კი არა, ცოცხლების ღმერთია, რადგან მისთვის ისინი ცოცხლები არიან“ (ლუკ. 20:38). ასე რომ, მათი სახელები „სიცოცხლის წიგნში“ აღდგომის შემდეგაც იქნება ჩაწერილი, ოღონდ, ასე ვთქვათ, ფანქრით (ლუკ. 14:14). w22.09 16 ¶9, 10
ხუთშაბათი, 30 მაისი
იეჰოვა ღმერთმა ადამიანი ედემის ბაღში დაასახლა, რათა მას დაემუშავებინა ის და ეზრუნა მასზე (დაბ. 2:15).
იეჰოვას სურდა, რომ პირველ ადამიანს გაეხარა მისი ქმნილებებით. ღმერთმა ადამი სამოთხეში დაასახლა, რათა გულდასმით დაეთვალიერებინა ის, დაემუშავებინა და გაეფართოებინა (დაბ. 2:8, 9). ადამი, ალბათ, აღფრთოვანებული აკვირდებოდა თესლის გაღივებას და ყვავილის გაფურჩქვნას. რამხელა სიამოვნებას მიანიჭებდა მას ედემის ბაღზე ზრუნვა! იეჰოვას დავალებით ადამს ცხოველებისთვის სახელებიც უნდა შეერჩია (დაბ. 2:19, 20). ღმერთს შეეძლო ეს თავად გაეკეთებინა, თუმცა ეს საქმე ადამს მიანდო. ეჭვგარეშეა, სანამ ადამი ცხოველებს სახელებს შეურჩევდა, ყურადღებით აკვირდებოდა მათ თავისებურებებსა და ქცევებს. ადამისთვის ამ საქმის შესრულება ძალიან სახალისო იქნებოდა. ქმნილებებზე დაკვირვება მას უკეთ დაანახვებდა ზეციერი მამის სიბრძნეს, ოსტატობას და შემოქმედებით უნარს. w23.03 15 ¶3
პარასკევი, 31 მაისი
ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება (დან. 2:44).
ვინაიდან ინგლის-ამერიკა წარმოდგენილია ქანდაკების ტერფებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ის იქნება ბოლო იმპერია, რომელსაც სხვა იმპერია არ შეცვლის (დან. 2:31—33). არმაგედონში ღვთის სამეფო როგორც ამ, ისე სხვა ადამიანურ ხელისუფლებებს ერთხელ და სამუდამოდ მოუღებს ბოლოს (გამოცხ. 16:13, 14, 16; 19:19, 20). რაში გვარწმუნებს ეს წინასწარმეტყველება? დანიელის წინასწარმეტყველება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ უკანასკნელ დროში გვიწევს ცხოვრება. 2 500 წელზე მეტი ხნის წინათ დანიელმა იწინასწარმეტყველა, რომ ბაბილონის შემდეგ კიდევ ოთხი იმპერია გამოჩნდებოდა, რომლებიც დიდ გავლენას მოახდენდნენ ღვთის ხალხზე. როგორც გამოჩნდა, ამ იმპერიებიდან ბოლო ინგლის-ამერიკაა. გვანუგეშებს და იმედს გვისახავს იმის ცოდნა, რომ მალე ღვთის სამეფო მოსპობს ადამიანური მმართველობის ყოველგვარ კვალს და თავად უხელმძღვანელებს დედამიწას. w22.07 4 ¶9; 5 ¶11, 12