საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es24 გვ. 57-67
  • ივნისი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ივნისი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2024
  • ქვესათაურები
  • შაბათი, 1 ივნისი
  • კვირა, 2 ივნისი
  • ორშაბათი, 3 ივნისი
  • სამშაბათი, 4 ივნისი
  • ოთხშაბათი, 5 ივნისი
  • ხუთშაბათი, 6 ივნისი
  • პარასკევი, 7 ივნისი
  • შაბათი, 8 ივნისი
  • კვირა, 9 ივნისი
  • ორშაბათი, 10 ივნისი
  • სამშაბათი, 11 ივნისი
  • ოთხშაბათი, 12 ივნისი
  • ხუთშაბათი, 13 ივნისი
  • პარასკევი, 14 ივნისი
  • შაბათი, 15 ივნისი
  • კვირა, 16 ივნისი
  • ორშაბათი, 17 ივნისი
  • სამშაბათი, 18 ივნისი
  • ოთხშაბათი, 19 ივნისი
  • ხუთშაბათი, 20 ივნისი
  • პარასკევი, 21 ივნისი
  • შაბათი, 22 ივნისი
  • კვირა, 23 ივნისი
  • ორშაბათი, 24 ივნისი
  • სამშაბათი, 25 ივნისი
  • ოთხშაბათი, 26 ივნისი
  • ხუთშაბათი, 27 ივნისი
  • პარასკევი, 28 ივნისი
  • შაბათი, 29 ივნისი
  • კვირა, 30 ივნისი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2024
es24 გვ. 57-67

ივნისი

შაბათი, 1 ივნისი

სხეული მტვრითა და მატლებით მაქვს დაფარული. მთელი კანი დამიწყლულდა და დამიჩირქდა (იობ. 7:5).

იობი ღვთისმოშიში იყო და ძალიან უყვარდა იეჰოვა. ჰყავდა დიდი შეკრული ოჯახი და სიმდიდრეც არ აკლდა (იობ. 1:1—5). მაგრამ ერთ დღეში თითქმის ყველაფერი დაკარგა — ჯერ ქონება, მერე კი — საყვარელი შვილები (იობ. 1:13—17). წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ ის და მისი მეუღლე, როცა ათივე შვილი დაკარგეს. სასოწარკვეთილმა იობმა ტანსაცმელი შემოიხია და პირქვე დაემხო (იობ. 1:18—20). სატანა ამას არ დასჯერდა და იობისთვის ღირსება რომ შეელახა, საშინელი სენი შეჰყარა (იობ. 2:6—8). ერთ დროს იობი პატივდებული კაცი იყო. ხალხი მას ეკითხებოდა ჭკუას (იობ. 31:18). ახლა კი ყველამ ზურგი აქცია. არც ძმები ეკარებოდნენ, არც მეგობრები და არც თავისი მონები (იობ. 19:13, 14, 16). w22.06 21 ¶5, 6

კვირა, 2 ივნისი

ყოველმხრივ გავიზარდოთ სიყვარულით (ეფეს. 4:15).

ნათლობის შემდეგ ყველას გვმართებს, გავითვალისწინოთ ეფესოელი ქრისტიანებისთვის მიცემული პავლეს რჩევა, კერძოდ ის, რომ „ზრდადასრულებული“ გამხდარიყვნენ (ეფეს. 4:13). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პავლე ეუბნებოდა მათ, რომ გაეგრძელებინათ სულიერი ზრდა. ფაქტია, შენ უკვე გიყვარს იეჰოვა, მაგრამ ყოველთვის შეგიძლია გაიღრმაო ეს სიყვარული. რა დაგეხმარება ამაში? ერთ-ერთი საშუალება პავლემ ფილიპელების 1:9-ში მოიხსენია. როგორც ამ მუხლიდან ჩანს, პავლე ლოცულობდა, რომ ფილიპელ ქრისტიანებს უფრო და უფრო გაეღრმავებინათ სიყვარული ცოდნასთან და გამჭრიახობასთან ერთად. ცოდნა და გამჭრიახობა ჩვენც დაგვეხმარება, რომ უფრო მეტად შევიყვაროთ იეჰოვა. რაც მეტად გავეცნობით იეჰოვას, მით მეტად შევიყვარებთ მას და დავაფასებთ მის თვისებებსა და იმას, რას და როგორ აკეთებს. უფრო მეტად შევეცდებით, ვასიამოვნოთ მას და გული არ ვატკინოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩავწვდეთ, რა არის ღვთის ნება და როგორ შევასრულოთ ის. w22.08 2, 3 ¶3, 4

ორშაბათი, 3 ივნისი

იესო ქრისტეს გამოცხადება, რომელიც მან ღვთისგან მიიღო, რათა თავისი მონებისთვის გაემჟღავნებინა ის, რაც მალე უნდა მოხდეს (გამოცხ. 1:1).

ამ წიგნში ჩაწერილი სიტყვები ღვთის მსახურებს ეხებათ. ვინაიდან ღვთის მსახურები ვართ, გამოდის, რომ ამ შესანიშნავ წიგნში მოცემული წინასწარმეტყველებების შესრულებაში ჩვენც ვმონაწილეობთ. ხანდაზმული მოციქული იოანე გვამცნობს, როდის უნდა შესრულებულიყო ეს წინასწარმეტყველებები. მან თქვა: „შთაგონებით უფლის დღეში აღმოვჩნდი“ (გამოცხ. 1:10). იოანემ ეს სიტყვები დაახლოებით ახ. წ. 96 წელს დაწერა, როცა „უფლის დღე“ ჯერ კიდევ შორს იყო (მათ. 25:14, 19; ლუკ. 19:12). ბიბლიური წინასწარმეტყველებებიდან ვიგებთ, რომ ეს დღე 1914 წელს დაიწყო, როცა იესო ზეცაში გამეფდა. ამ წლიდან მოყოლებული სრულდება „გამოცხადებაში“ ჩაწერილი ის წინასწარმეტყველებები, რომლებიც ღვთის ხალხს ეხება. „უფლის დღე“ დღემდე გრძელდება და ჩვენ სწორედ ამ განსაკუთრებულ დროში ვცხოვრობთ (გამოცხ. 1:3). w22.05 2 ¶2, 3

სამშაბათი, 4 ივნისი

შეიპყრეს მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი (გამოცხ. 19:20).

მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი ცოცხლად ჩაყარეს ცეცხლისა და გოგირდის ტბაში. გამოდის, რომ ამ მხეცებს ჯერაც ექნებათ პოლიტიკური ძალაუფლება, როცა ღმერთი მათ საბოლოოდ გაანადგურებს. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ქრისტიანებმა ღმერთსა და მის სამეფოს უნდა ვუერთგულოთ (იოან. 18:36). უნდა შევინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა მივემხროთ. ზოგჯერ ამის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან მთავრობები მოითხოვენ, რომ სიტყვითა და საქმით მხარი დავუჭიროთ მათ. ვინც დაჰყვება მათ ნებას, მხეცის ნიშანს მიიღებს (გამოცხ. 13:16, 17). ასეთები კი ღვთის გულისწყრომას დაიმსახურებენ და დაკარგავენ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას (გამოცხ. 14:9, 10; 20:4). ეს კი შეგვახსენებს, რომ რა წნეხსაც არ უნდა შევხვდეთ, მნიშვნელოვანია, არ დავთმოთ ჩვენი ნეიტრალური პოზიცია. w22.05 10, 11 ¶12, 13

ოთხშაბათი, 5 ივნისი

გინახავს თავისი საქმის მცოდნე კაცი? მეფეთა წინაშე წარდგება იგი და არა უბრალო ხალხის წინაშე! (იგავ. 22:29).

ერთ-ერთი მიზანი, რაც შეგიძლიათ დაისახოთ, საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაა. თუ დავხვეწავთ უნარ-ჩვევებს, უფრო მეტი დავალების შესრულებას შევძლებთ. წარმოიდგინეთ, რამდენი მუშახელია საჭირო თეოკრატიული შენობების ასაშენებლად. ბევრმა მშენებლობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გამოცდილ და-ძმებზე დაკვირვებით შეიძინა. დღეს ძმებიც და დებიც ჩვენი შენობების მოვლა-პატრონობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს იძენენ. იეჰოვა, „მარადიულობის მეფე“ და იესო ქრისტე, „მეფეთა მეფე“, ამ მარჯვე და-ძმების მეშვეობით მრავალ გასაოცარ საქმეს ახორციელებენ (1 ტიმ. 1:17; 6:15). გვინდა, რომ ჩვენი შრომითა და უნარით იეჰოვა განვადიდოთ და არა საკუთარი თავი (იოან. 8:54). w22.04 24 ¶7; 25 ¶11

ხუთშაბათი, 6 ივნისი

ფული იცავს კაცს (ეკლ. 7:12).

სოლომონი ზღაპრულ სიმდიდრეს ფლობდა და დიდ ფუფუნებაში ცხოვრობდა (1 მეფ. 10:7, 14, 15). იესოს კი, პირიქით, ბევრი არაფერი ებადა და მუდმივი საცხოვრებელიც კი არ ჰქონდა (მათ. 8:20). მიუხედავად ამისა, ორივეს გაწონასწორებული შეხედულება ჰქონდა ქონებაზე, რადგან მათი სიბრძნე ერთი წყაროდან, იეჰოვასგან, მომდინარეობდა. სოლომონს ესმოდა, რომ ფულით შეგვიძლია შევიძინოთ აუცილებელი ნივთები და სურვილებიც მეტ-ნაკლებად დავიკმაყოფილოთ. თუმცა მას ისიც კარგად ესმოდა, რომ ფული ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის ცხოვრებაში. ის წერდა: „კარგი სახელი დიდძალ სიმდიდრეს სჯობია“ (იგავ. 22:1). სოლომონი იმასაც ხედავდა, რომ ფულის მოყვარულ ადამიანებს ქონება ვერ აბედნიერებდა (ეკლ. 5:10, 12). ამიტომაც მოგვცა ბრძნული რჩევა, რომ იმედი ფულზე არ დავამყაროთ, რადგან ყველაფერი ერთ დღეში შეიძლება დავკარგოთ (იგავ. 23:4, 5). w22.05 21 ¶4, 5

პარასკევი, 7 ივნისი

იეჰოვა მოთმინებით იცდის, რომ წყალობა გიყოთ და წამოიმართება, რომ შეგიბრალოთ, რადგან იეჰოვა სამართლიანი ღმერთია. ბედნიერია ყველა, ვინც ელის მას (ეს. 30:18).

როცა ვფიქრობთ, რით გვაკურთხა იეჰოვამ, მასთან ურთიერთობა უფრო გვიმტკიცდება. რაც უფრო მეტს ვიფიქრებთ მომავალ კურთხევებზე, მით უფრო განგვიმტკიცდება იმედი, რომ იეჰოვას მარადიულად ვემსახურებით. ეს იმაშიც დაგვეხმარება, რომ დღესვე სიხარულით ვემსახუროთ იეჰოვას. იეჰოვა ჩვენ დასაცავად წამოიმართება, როცა ბოლოს მოუღებს ბოროტ ქვეყნიერებას. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა, სამართლიანი ღმერთი, სატანის ქვეყნიერების განადგურებისთვის დანიშნულ დროს ერთი დღითაც არ გადააცილებს (ეს. 25:9). ჩვენ მოთმინებით ველით ხსნის დღეს. მანამდე კი გვინდა, ხელიდან არ გავუშვათ შესაძლებლობა, რომ ვილოცოთ, შევისწავლოთ და გამოვიყენოთ ღვთის სიტყვა და ვიფიქროთ ახლანდელ თუ მომავალ კურთხევებზე. თუ ასე მოვიქცევით, იეჰოვა დაგვეხმარება, რომ სიხარულით გავაგრძელოთ მისი მსახურება. w22.11 13 ¶18, 19

შაბათი, 8 ივნისი

დედაშენის რჩევას ნუ წაუყრუებ (იგავ. 1:8).

ბიბლიაში არ არის აღწერილი ტიმოთეს ნათლობა. და მაინც, რთული წარმოსადგენი არაა, რას იგრძნობდა იმ დღეს დედამისი ევნიკე (იგავ. 23:25). ევნიკემ წარმატებით გაართვა თავი თავის მისიას და ტიმოთეს იეჰოვასა და იესოს სიყვარული ჩაუნერგა. ტიმოთე რელიგიურად დაყოფილ ოჯახში იზრდებოდა. მამამისი ბერძენი იყო, დედა და ბებია კი — იუდეველები (საქ. 16:1). სავარაუდოდ, ტიმოთე მოზარდი იყო, როცა ევნიკე და ლოისი გაქრისტიანდნენ. თუმცა მამამისს პოზიცია არ შეუცვლია. როგორ მოიქცეოდა ტიმოთე? დღესაც ქრისტიან დედებს სიყვარული აღძრავთ, შვილები იეჰოვასთან დააახლოვონ. ამისთვის გაწეულ მათ შრომას იეჰოვა ძალიან აფასებს (იგავ. 1:8, 9). იეჰოვას დახმარებით უკვე ბევრმა დედამ შეძლო შვილების ჭეშმარიტების გზაზე დაყენება. w22.04 16 ¶1—3

კვირა, 9 ივნისი

ღმერთი გულში ჩაუდებს მათ, რომ განახორციელონ მისი განზრახვა (გამოცხ. 17:17).

მალე იეჰოვა პოლიტიკურ ძალებს „გულში ჩაუდებს“ იმას, რომ „განახორციელონ მისი განზრახვა“. რაში მდგომარეობს ეს განზრახვა? „ათი მეფით“ წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები თავს დაესხმიან ცრურელიგიურ ორგანიზაციებს და ბოლოს მოუღებენ (გამოცხ. 17:1, 2, 12, 16). რა მიანიშნებს იმაზე, რომ „დიდი ბაბილონის“ აღსასრული ახლოსაა? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, გავიხსენოთ ძველი ქალაქი ბაბილონი. ეს ქალაქი ნაწილობრივ მდინარე ევფრატის წყლით იყო დაცული. ბიბლიაში მოხსენიებული „დიდი ბაბილონიც“ „წყლებით“ ანუ მრავალმილიონიანი მხარდამჭერით არის დაცული (გამოცხ. 17:15). მაგრამ „გამოცხადებიდან“ იმასაც ვიგებთ, რომ ეს „წყლები“ უნდა დამშრალიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ცრურელიგიური სამყარო მრავალ მხარდამჭერს დაკარგავდა (გამოცხ. 16:12). დღეს ასეც ხდება. ბევრს აუცრუვდა გული რელიგიაზე და სხვაგან დაიწყო პასუხების ძიება. w22.07 5, 6 ¶14, 15

ორშაბათი, 10 ივნისი

ვინც გულმოწყალე არ არის, გულმოწყალების გარეშე გასამართლდება. გულმოწყალება იმარჯვებს გასამართლებაზე (იაკ. 2:13).

მიმტევებლობით ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ იეჰოვას გულმოწყალებას. ერთ-ერთ იგავში იესომ იეჰოვა შეადარა ბატონს, რომელმაც ძალიან დიდი ვალი აპატია თავის მონას, რომელსაც მისი გადახდა არ შეეძლო. თუმცა ამ მონამ სხვა მონას გაცილებით მცირე ვალი არ აპატია (მათ. 18:23—35). რისი თქმა სურდა იესოს ამ იგავით? თუ ნამდვილად ვაფასებთ გულმოწყალებას, რომელსაც იეჰოვა იჩენს ჩვენ მიმართ, მზად ვიქნებით, რომ სხვებსაც ვაპატიოთ (ფსალმ. 103:9). წლების წინ ერთ-ერთ „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „რამდენჯერაც არ უნდა მივუტევოთ მოყვასს, ჩვენი გულმოწყალება მაინც ვერ გაუტოლდება ღვთის გულმოწყალებასა და მიმტევებლობას, რომელსაც ჩვენდამი ქრისტეს მეშვეობით ავლენს“. ვინც სხვების მიმართ გულმოწყალებას ავლენს, თავადაც შეწყალებული იქნება. იეჰოვა პატიობს მათ, ვინც სხვებს პატიობს (მათ. 5:7). ამაზე იესომაც გაამახვილა ყურადღება ლოცვაში, რომელიც მოწაფეებს ასწავლა (მათ. 6:14, 15). w22.06 10 ¶8, 9

სამშაბათი, 11 ივნისი

შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ერი (დაბ. 22:18).

იესო ადამიანად მოევლინა დედამიწას და საკუთარი ცხოვრებით შესანიშნავად დაგვანახვა ღვთის პიროვნება (იოან. 14:9). მან გაგვაცნო და შეგვაყვარა იეჰოვა ღმერთი. გარდა ამისა, ის დღემდე ხელმძღვანელობს და მოძღვრავს ქრისტიანულ კრებას. მან გვასწავლა, როგორ ვიცხოვროთ ღვთისმოსაწონად. მართალია, მოკლეს, მაგრამ ესეც ჩვენს კეთილდღეობას მოემსახურა. იესომ აღდგომის შემდეგ ღმერთს წარუდგინა თავისი სისხლის საფასური. იეჰოვამაც მიიღო ეს სრულყოფილი მსხვერპლი, რომელიც „ყოველგვარი ცოდვისგან გვწმენდს“ (1 იოან. 1:7). იესო ახლა უკვე დიდებული, უკვდავი მეფეა რომელიც მალე სატანას თავს გაუჭეჭყავს (დაბ. 3:15). კაცობრიობა მართლაც შვებით ამოისუნთქებს, როცა სატანას ბოლო მოეღება. მანამდე კი მოდი არ დავნებდეთ და მივენდოთ ჩვენს სიტყვის შემსრულებელ ღმერთს, რადგან მალე ის კურთხევებით აავსებს „დედამიწის ყველა ერს“. w22.07 18 ¶13; 19 ¶19

ოთხშაბათი, 12 ივნისი

სატანჯველს ვერ გავექცევით (1 თეს. 3:3).

როცა მიზნებს ვისახავთ, მზად უნდა ვიყოთ ცვლილებებისთვის და ეს იმიტომ, რომ მოვლენების განვითარება ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ამაზე მოწმობს პავლეს შემთხვევაც, რომელმაც თესალონიკეში ქრისტიანული კრება დააარსა, მაგრამ მოწინააღმდეგეების გამო, პავლე იძულებული გახდა, ქალაქი დაეტოვებინა (საქ. 17:1—5, 10). ის რომ ქალაქში დარჩენილიყო, იქაურ ძმებს საფრთხეს შეუქმნიდა. მაგრამ პავლეს გული არ გაუტეხია. ის შეეგუა ცვლილებებს და და-ძმების დასახმარებლად სხვა გზები გამონახა. მოგვიანებით მან ტიმოთე გაგზავნა თესალონიკეში ახალმოქცეული ქრისტიანების გასამხნევებლად (1 თეს. 3:1, 2). ეს ძალიან გაახარებდა თესალონიკელებს. რაც პავლეს თესალონიკეში შეემთხვა, ჩვენთვისაც ყურადსაღებია. შეიძლება ჩვენც გვინდა მსახურების ამა თუ იმ სფეროში მონაწილეობა, მაგრამ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ეს ვერ შევძლოთ (ეკლ. 9:11). თუ თქვენ შემთხვევაშიც ასეა, მაშინ სხვა სულიერი მიზანი დაისახეთ. w22.04 25, 26 ¶14, 15

ხუთშაბათი, 13 ივნისი

ბედნიერია ის, ვინც განსაცდელს იტანს (იაკ. 1:12).

იეჰოვა მომავლის იმედს გვაძლევს და ასე გვანუგეშებს. რომელმა ბიბლიურმა აზრებმა შეიძლება გვანუგეშოს განსაცდელის დროს? მაგალითად, იეჰოვა გვარწმუნებს, რომ ვერაფერი, მათ შორის ვერანაირი განსაცდელი, „ვერ ჩამოგვაშორებს [მის] სიყვარულს“ (რომ. 8:38, 39). გარდა ამისა, ის გვარწმუნებს, რომ ახლოს „არის ყველასთან, ვინც მას უხმობს“ (ფსალმ. 145:18). იეჰოვა იმასაც გვეუბნება, რომ თუ მას მივენდობით, ნებისმიერ განსაცდელს გავუძლებთ და თანაც ისე, რომ სიხარულს არ დავკარგავთ (1 კორ. 10:13; იაკ. 1:2). ღვთის სიტყვა იმასაც შეგვახსენებს, რომ ჩვენი განსაცდელები დროებითი და ხანმოკლეა მარადიული სიცოცხლის ფონზე, რომელსაც ღმერთი გვპირდება (2 კორ. 4:16—18). იეჰოვა იმის უტყუარ იმედს გვაძლევს, რომ ბოლოს მოუღებს სატანა ეშმაკს, რომელიც ყოველგვარი უბედურების თავიდათავია, და მასთან ერთად ყველა მის მიმბაძველს (ფსალმ. 37:10). კარგი იქნება, თუ დაიმახსოვრებთ იმ ბიბლიურ მუხლებს, რომლებიც განსაცდელის დროს განუგეშებთ. w22.08 11 ¶11

პარასკევი, 14 ივნისი

ამაზე იფიქრეთ (ფილ. 4:8).

ხომ არ გიფიქრიათ, რომ ყოველთვის ვერ შეძლებთ იეჰოვას სამართლიანი ნორმებით ცხოვრებას? იეჰოვა გვპირდება, რომ ჩვენი სიმართლე შეიძლება „ზღვის ტალღებივით“ იყოს (ეს. 48:18). წარმოიდგინეთ, რომ ზღვის ნაპირზე დგახართ და გაჰყურებთ, როგორ მოგორავს თქვენკენ უწყვეტ ნაკადად ტალღები. ალბათ თავში აზრადაც არ მოგივათ, რომ ეს პროცესი ერთ დღესაც შეიძლება შეჩერდეს, რადგან კარგად გესმით, რომ ასე არის და ასე იქნება. ჩვენი სიმართლეც ზღვის ტალღებს დაემსგავსება, თუ გადაწყვეტილების მიღებამდე იეჰოვას თვალსაზრისს გავიგებთ, შემდეგ კი ვიმოქმედებთ. რამდენად რთული გადაწყვეტილების წინაშეც არ უნდა იდგეთ, ზეციერი მამა ყოველთვის მხარში ამოგიდგებათ და დაგეხმარებათ, რომ დღიდან დღემდე მისი სამართლიანი ნორმების თანახმად იცხოვროთ (ეს. 40:29—31). w22.08 30 ¶15—17

შაბათი, 15 ივნისი

როგორც კი გავა 1 000 წელი, სატანა გათავისუფლდება საპყრობილიდან (გამოცხ. 20:7).

სატანა ათასი წლის განმავლობაში შებოჭილი იქნება და ვერავის შეიყვანს შეცდომაში. თუმცა ათასი წლის ბოლოს მას გაათავისუფლებენ და შეეცდება, სრულყოფილი ადამიანები შეაცდინოს. ეს იქნება საბოლოო გამოცდა, როცა ყველას მიეცემა შესაძლებლობა, ცხადყოს, პატივს სცემს თუ არა ღვთის სახელს და მხარს უჭერს თუ არა მის უზენაესობას (გამოცხ. 20:8—10). თითოეული ადამიანის არჩევანზე იქნება დამოკიდებული, საბოლოოდ ჩაიწერება თუ არა მათი სახელები სიცოცხლის წიგნში. ზოგი ადამისა და ევას მსგავსად მოიქცევა და ზურგს შეაქცევს იეჰოვას მმართველობას. თუმცა მათი რიცხვი ბიბლიაში არ არის დაკონკრეტებული. რა ელით მათ? გამოცხადების 20:15-ში წერია: „ცეცხლის ტბაში ისინიც ჩაყარეს, ვინც სიცოცხლის წიგნში არ იყვნენ ჩაწერილნი“. ასე რომ, ურჩები სამუდამოდ განადგურდებიან. თუმცა სრულყოფილი ადამიანების უმეტესობა საბოლოო გამოცდის დროს უერთგულებს იეჰოვას. w22.09 23, 24 ¶15, 16

კვირა, 16 ივნისი

წინადაიცვითეთ, როგორც ამას მოსეს კანონი მოითხოვს, თორემ ვერ გადარჩებით (საქ. 15:1).

პირველ საუკუნეში ზოგი ქრისტიანი ირწმუნებოდა, რომ ახალმოქცეულ არაიუდეველ ქრისტიანებს უნდა წინადაეცვითათ, რათა ებრაელთა გულისწყრომა არ დაემსახურებინათ (გალ. 6:12). პავლე მოციქულს განსხვავებული აზრი ჰქონდა ამ საკითხზე, მაგრამ სხვებისთვის თავისი აზრის მოხვევის ნაცვლად მან ეს საკითხი იერუსალიმში მოციქულებსა და უხუცესებს წარუდგინა განსახილველად (საქ. 15:2). ამგვარი მიდგომის წყალობით ქრისტიანებმა სიხარულიც შეინარჩუნეს და მშვიდობაც (საქ. 15:30, 31). თუ საქმე სერიოზულ დავამდე მივა, მშვიდობას შევუწყობთ ხელს, თუ მათ მივმართავთ დახმარებისთვის, ვისაც იეჰოვამ კრებაზე ზრუნვა მიანდო. შეგვიძლია ჩვენს პუბლიკაციებში მოცემული რჩევებით და ორგანიზაციისგან მიღებული მითითებებით ვიხელმძღვანელოთ, რომლებიც ბიბლიაზეა დაფუძნებული. თუ ამ მითითებებს მივყვებით და ჩვენსას არ დავიჟინებთ, კრებაში მშვიდობას შევუწყობთ ხელს. w22.08 22 ¶8, 9

ორშაბათი, 17 ივნისი

ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები (იგავ. 17:17).

ადრე თუ გვიან ყველას გვიჩნდება იმის სურვილი, რომ გული გადავუშალოთ ახლო მეგობარს. ზოგს შეიძლება უჭირს ამის გაკეთება, რადგან არ არის მიჩვეული სხვებთან პირად საკითხებზე საუბარს. თუ ასეთმა ადამიანმა გული გადაგვიშალა, უდიდეს დარტყმას მივაყენებთ, თუ მის ნდობას არ გავამართლებთ და მის ნათქვამს გავამხელთ. ჩვენც ხომ ვაფასებთ იმ ადამიანს, ვინც იცის სხვისი საიდუმლოს შენახვა. უხუცესები, რომლებსაც შეუძლიათ საიდუმლოს შენახვა, და-ძმებისთვის არიან „როგორც თავშესაფარი ქარში და საფარი ქარიშხალში“ (ეს. 32:2). ვიცით, რომ როცა მათ რაიმეს ვუმხელთ, ჩვენი ნათქვამი მათთანვე დარჩება. მეორე მხრივ, არც ჩვენ ვცდილობთ, რომ მათ რაიმე კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაცია ვათქმევინოთ. ამას არც უხუცესების ცოლები ცდილობენ, რისთვისაც ვემადლიერებით მათ. ის, რომ უხუცესის ცოლი არ ფლობს კონფიდენციალურ ინფორმაციას, მისთვისაც სასიკეთოა და და-ძმებისთვისაც. w22.09 11 ¶10, 11

სამშაბათი, 18 ივნისი

მე ვარ ღმერთი! განვდიდდები ხალხებში (ფსალმ. 46:10).

იეჰოვა აუცილებლად დაიხსნის თავის ერთგულ მსახურებს „დიდ გასაჭირში“ (მათ. 24:21; დან. 12:1). ეს მოხდება მაშინ, როცა „გოგი მაგოგის მიწიდან“ ანუ ერთა კოალიცია მასშტაბურ თავდასხმას წამოიწყებს ღვთის ერთგულ მსახურებზე. თუნდაც ამ კოალიციაში გაეროს 193-ვე წევრი ქვეყანა იყოს გაერთიანებული, ისინი ვერაფერს გახდებიან უზენაესი ღვთისა და მისი ზეციერი ლაშქრის წინააღმდეგ. იეჰოვა ამბობს: „განვდიდდები და განვიწმინდები მრავალი ერის თვალწინ; გამიცნობენ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“ (ეზეკ. 38:14—16, 23). „გოგის“ თავდასხმის შემდეგ იეჰოვა საბოლოო ბრძოლას წამოიწყებს არმაგედონში „მთელი მსოფლიოს მეფეებთან“ (გამოცხ. 16:14, 16; 19:19—21). ბრძოლის დროს იეჰოვა დაიცავს თავის ერთგულებს და ისინი „დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (იგავ. 2:21; ფსალმ. 31:23). w22.10 16, 17 ¶16, 17

ოთხშაბათი, 19 ივნისი

[ღმერთს] სურს, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს (1 ტიმ. 2:4).

ჩვენ არ გვაქვს იმის უნარი, რომ შევაფასოთ ჩვენი და-ძმების მოტივები, რადგან „გულის ზრახვებს იეჰოვა ამოწმებს“ (იგავ. 16:2). ის ადამიანებს წარმოშობისა და კულტურის მიხედვით არ ასხვავებს. მას ყველა უყვარს და ამიტომ მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ფართოდ გავხსნათ გულისკარი (2 კორ. 6:13). ამიტომ გვინდა, კი არ განვსაჯოთ ჩვენი სულიერი ოჯახის წევრები, არამედ შევიყვაროთ. არც ისინი უნდა განვსაჯოთ, ვინც ჩვენს სულიერ ოჯახს არ მიეკუთვნება. მაგალითად, ჩვენ ხაზი არ უნდა გადავუსვათ ჩვენს ახლობლებს და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი არასდროს გამოეხმაურებიან ჭეშმარიტებას. ეს იმაზე იმეტყველებდა, რომ მეტისმეტად მართალი გვგონია თავი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვა დღემდე „ყველგან ყველას მოუწოდებს მონანიებისკენ“ (საქ. 17:30). გვახსოვდეს, რომ ის, ვისაც თავი მეტისმეტად მართალი ჰგონია, იეჰოვას თვალში არაფრით განსხვავდება უმართლოსგან. იეჰოვას სამართლიანი ნორმების სიყვარული ჩვენვე მოგვანიჭებს ბედნიერებას. გარდა ამისა, ჩვენი მაგალითი სხვებსაც გაუჩენს იეჰოვასთან დაახლოებისა და ჩვენთან დამეგობრების სურვილს. w22.08 31 ¶20—22

ხუთშაბათი, 20 ივნისი

იმას მაინც გაიგებენ, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის (ეზეკ. 2:5).

ღმერთმა ჩვენ ქადაგების საქმე დაგვავალა. მაგრამ კარგად გვესმის, რომ ამ საქმის შესრულებისას წინააღმდეგობას შევხვდებით, რაც დროის სვლასთან ერთად შეიძლება უფრო ინტენსიური გახდეს (დან. 11:44; 2 ტიმ. 3:12; გამოცხ. 16:21). მაგრამ ჩვენ ამ საქმეში იეჰოვას დახმარების იმედი გვაქვს. რატომ? ღმერთი ყოველთვის ეხმარებოდა თავის ერთგულ მსახურებს თუნდაც ძალიან რთული დავალების შესრულებაში. დავფიქრდეთ წინასწარმეტყველ ეზეკიელის მაგალითზე, რომელიც ბაბილონში გადასახლებულ ებრაელებთან ქადაგებდა. როგორ ხალხთან უწევდა ეზეკიელს ქადაგება? იეჰოვამ ეს ხალხი დაახასიათა, როგორც „უტიფარი“, „ჯიუტი“ და „ურჩი“. ისინი ნარ-ეკალივით იკაწრებოდნენ და მორიელივით იჩხვლიტებოდნენ. ამიტომაც უთხრა იეჰოვამ ეზეკიელს არაერთხელ, რომ არ შეშინებოდა (ეზეკ. 2:3—6). ეზეკიელმა დავალებული საქმე პირნათლად შეასრულა, რადგან: 1) იეჰოვას მიერ იყო გაგზავნილი, 2) წმინდა სული აძლიერებდა, 3) ღვთის სიტყვით საზრდოობდა. w22.11 2 ¶1, 2

პარასკევი, 21 ივნისი

რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები! (დაბ. 2:17).

დედამიწაზე შექმნილი ცოცხალი არსებებიდან იეჰოვამ მხოლოდ ადამიანს უბოძა მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა. ჩვენში სიცოცხლის დაუოკებელი სურვილი დევს. ბიბლიაში ტყუილად არ არის ნათქვამი, რომ ღმერთმა „მარადიულობა ჩადო ადამიანთა გულებში“ (ეკლ. 3:11). ამიტომაც არაა გასაკვირი, რატომ აღვიქვამთ სიკვდილს მტრად (1 კორ. 15:26). თუ ვინმეს სერიოზული დაავადება აღმოაჩნდება, გულხელდაკრეფილი არ დაჯდება და სიკვდილს არ დაელოდება. ის ექიმთან წავა და საჭირო მკურნალობასაც ჩაიტარებს. როგორც წესი, ყველა ცდილობს, გაიხანგრძლივოს სიცოცხლე. გარდა ამისა, თუ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი კვდება, არა აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდაა თუ ხანდაზმული, ამას ძალიან განვიცდით, თანაც წლების მანძილზე (იოან. 11:32, 33). ნუთუ ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედი ჩვენში ჩადებდა უსასრულო სიცოცხლის სურვილსა და რესურსს, ჩვენთვის მარადიული სიცოცხლე რომ არ ნდომებოდა?! w22.12 3 ¶5; 4 ¶7

შაბათი, 22 ივნისი

მსგავს სატანჯველს თქვენი საძმოც ხვდება ქვეყნიერებაში (1 პეტ. 5:9).

დღეს ისეთ რთულ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება, რომ ბევრ ჩვენს და-ძმას შეიძლება ავადმყოფობასთან, წუხილთან ან მარტოობის გრძნობასთან უწევს გამკლავება. არ გაწყვიტოთ კონტაქტი თანამორწმუნეებთან. ეპიდემიის დროს ფიზიკური დისტანციის დაცვა მოგვეთხოვება, რაც და-ძმებთან ჩვენს ურთიერთობაზეც აისახება. ასეთ დროს თავს შეიძლება იოანე მოციქულივით ვგრძნობთ, რომელსაც თავისი მეგობრის, გაიუსის პირისპირ ნახვა სურდა (3 იოან. 13, 14). რახან ეს ვერ შეძლო, ადგა და წერილი მისწერა. თუ თქვენც არ შეგიძლიათ და-ძმების პირადად ნახვა, სხვა გზა გამონახეთ მათთან დასაკავშირებლად. თუ არ გაწყვეტთ თანაქრისტიანებთან კონტაქტს, თავს უფრო დაცულად და მშვიდად იგრძნობთ. თუ ძალიან დათრგუნული ხართ, შეეხმიანეთ უხუცესებს და საშუალება მიეცით, რომ გაგამხნეონ (ეს. 32:1, 2). w22.12 17, 18 ¶6, 7

კვირა, 23 ივნისი

წაიყვანა [ბატონმა] იოსები და საპყრობილეში ჩააგდო, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ (დაბ. 39:20).

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ გარკვეული დროის მანძილზე იოსებს ფეხებზე ხუნდები ედო და რკინის საკვრელები — კისერზე (ფსალმ. 105:17, 18). იოსების მდგომარეობა ისევ უეცრად უარესობისკენ შეიცვალა. ერთ დროს ბატონის სანდო და დაფასებული მონა საწყალ პატიმრად იქცა. გქონიათ ისეთი სიტუაცია, როცა გულმხურვალედ ლოცულობდით, მაგრამ მდგომარეობა ცუდიდან უარესობისკენ შეიცვალა? ეს არც გვიკვირს, რადგან იეჰოვა არ გვარიდებს ყოველგვარ განსაცდელს ამ ქვეყნიერებაში, რომელსაც სატანა მართავს (1 იოან. 5:19). მაგრამ ერთ რამეში შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ — იეჰოვა ხედავს ჩვენს მდგომარეობას და ზრუნავს ჩვენზე (მათ. 10:29—31; 1 პეტ. 5:6, 7). გარდა ამისა, ის გვარწმუნებს: „არასდროს დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (ებრ. 13:5). მდგომარეობა გამოუვალიც რომ გვეჩვენებოდეს, იეჰოვა აუცილებლად მოგვცემს მოთმინების ძალას. w23.01 16 ¶7, 8

ორშაბათი, 24 ივნისი

ჩვენი ღმერთი . . . მრავლის მიმტევებელია (ეს. 55:7).

წმინდა წერილებიდან ვიგებთ, რომ ღმერთი მაშინაც არ გვტოვებს, როცა შეცდომებს ვუშვებთ. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელებმა არაერთხელ შესცოდეს ღმერთს, ყოველ ჯერზე, როცა მთელი გულით ინანიებდნენ, იეჰოვა პატიობდა მათ. თავისი ხალხისადმი დამოკიდებულება იეჰოვას არც ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების შემდეგ შეუცვლია. ღვთის შთაგონებით პავლემ თანაქრისტიანებს მოუწოდა, რომ ეპატიებინათ სერიოზული ცოდვის ჩამდენისთვის, რომელმაც მოინანია, და ენუგეშებინათ (2 კორ. 2:6, 7; 1 კორ. 5:1—5). ეს იმას ნიშნავს, რომ იეჰოვა ზურგს არ აქცევდა თავის მსახურებს დაშვებული შეცდომების გამო. პირიქით, სიყვარულით უწვდიდა მათ დახმარების ხელს, რომ გამოსწორებულიყვნენ და მას დაბრუნებოდნენ. დღეს ის იმავეს ჰპირდება ყველა მომნანიებელ შემცოდველს (იაკ. 4:8—10). ბიბლია ღვთის სიბრძნეზე, სამართლიანობასა და სიყვარულზე მეტყველებს და იმაშიც გვარწმუნებს, რომ იეჰოვას სურს, გავეცნოთ და დავუმეგობრდეთ მას. w23.02 7 ¶16, 17

სამშაბათი, 25 ივნისი

სწორად იქცევით, რომ უკვირდებით მას (2 პეტ. 1:19).

ბუნებრივია, რომ ქრისტიანებს გვაინტერესებს, როგორ მეტყველებს მსოფლიო მოვლენები ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულებაზე. იესომ დაასახელა მთელი რიგი მოვლენები, რომლებიც მიგვანიშნებდა, რომ სატანის ქვეყნიერების აღსასრული კარსაა მომდგარი (მათ. 24:3—14). პეტრე მოციქული მოგვიწოდებდა, დავკვირვებოდით წინასწარმეტყველებების შესრულებას, რაც რწმენას განგვიმტკიცებდა (2 პეტ. 1:20, 21). მოციქული პეტრე გვეხმარება იმის დანახვაში, თუ რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი, როცა ბიბლიურ წინასწარმეტყველებებზე ვმსჯელობთ. ის ამბობს, რომ ქრისტიანები მოუთმენლად ელიან „იმ დროს, როცა დადგება იეჰოვას დღე“ (2 პეტ. 3:11—13). რატომ? მოუთმენლად ლოდინის მიზანი ის კი არ არის, რომ არმაგედონის მოსვლის „დღე და საათი“ გავარკვიოთ, არამედ ის, რომ ამ დღის დადგომამდე სიწმინდე დავიცვათ და ღვთისმოსაწონად მოვიქცეთ (მათ. 24:36; ლუკ. 12:40). ჩვენი საქციელი უნდა შეესაბამებოდეს ღვთის ნორმებს და რასაც იეჰოვასთვის ვაკეთებთ, ყველაფერი მისდამი სიყვარულით უნდა იყოს ნაკარნახევი. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ დავუკვირდებით საკუთარ თავს. w23.02 16 ¶4, 6

ოთხშაბათი, 26 ივნისი

სხვა ცხვარიც მყავს . . . ისინიც უნდა მოვიყვანო (იოან. 10:16).

სამოთხის დასამკვიდრებლად „სხვა ცხვარი“ გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. საჭიროა მადლიერებას გამოვხატავდეთ იესოს მიმართ. მისადმი ჩვენი დამოკიდებულება იქიდან ჩანს, თუ როგორ ვეპყრობით ქრისტეს ძმებს. როგორც იესომ თქვა, ის სწორედ ამის საფუძველზე გაგვასამართლებს (მათ. 25:31—40). ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, როცა მთელი გულმოდგინებით ვმონაწილეობთ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში (მათ. 28:18—20). ჩვენ დღესვე შეგვიძლია მოვემზადოთ სამოთხეში ცხოვრებისთვის და გავხდეთ ღვთისმოსაწონი ადამიანები. მაგალითად, ყველაფერში პატიოსნები და ზომიერები ვიყოთ; ვუერთგულოთ იეჰოვას, ჩვენს მეუღლეს და თანაქრისტიანებს. თუ უკვე ახლა, ამ ბოროტ ქვეყნიერებაში მაქსიმალურად ვეცდებით, ღვთის ნორმებით ვიცხოვროთ, ამის გაკეთება ახალ ქვეყნიერებაში არ გაგვიჭირდება. გარდა ამისა, შეგვიძლია შევიძინოთ ისეთი უნარები თუ თვისებები, რომლებიც სამოთხეშიც გამოგვადგება. w22.12 11, 12 ¶14—16

ხუთშაბათი, 27 ივნისი

ვისაც მე ვუყვარვარ, მას მამაჩემიც შეიყვარებს (იოან. 14:21).

ძალიან გაგვიმართლა, რომ იესო ჩვენი მეფეა, რადგან მასზე უკეთეს მეფეს ვერც ვინატრებდით. თავად იეჰოვამ მოამზადა და გაამეფა ის (ეს. 50:4, 5). ამასთანავე იესო თავგანწირულიცაა (იოან. 13:1). ამიტომ ის იმსახურებს ჩვენს სიყვარულს. ისინი, ვისაც ნამდვილად უყვართ იესო, თავიანთ სიყვარულს მისი მცნებების დაცვით ამტკიცებენ, იესო კი მათ მეგობრებად მიიჩნევს (იოან. 14:15; 15:14, 15). რამხელა პატივი გვხვდა წილად, რომ ღვთის ძის მეგობრებად ვიწოდებოდეთ! ის თავმდაბალია და მამას სრულყოფილად ჰბაძავს. იესო დედამიწაზე მსახურებისას აპურებდა მშივრებს, ანუგეშებდა გულგატეხილებს და კურნავდა ავადმყოფებს (მათ. 14:14—21). დღეს ის წინამძღოლობს ქრისტიანულ კრებას (მათ. 23:10). მომავალში კი, როგორც ღვთის სამეფოს მეფე, უფრო გრანდიოზულ გეგმებს განახორციელებს. ამ ყველაფერზე ფიქრი გვაყვარებს მას და მისი მიბაძვის სურვილს აღგვიძრავს. ერთ-ერთი კი, რითაც შეგვიძლია იესოს მივბაძოთ, იეჰოვასთვის თავის მიძღვნა და ნათლობაა. w23.03 4 ¶8, 10

პარასკევი, 28 ივნისი

ზეცად აღაპყარით თვალები და შეხედეთ. ვინ შექმნა ეს ყველაფერი? (ეს. 40:26).

მხოლოდ ზეცა კი არა, დედამიწა და ზღვაც სავსეა იეჰოვას ქმნილებებით, რომლებიც ბევრ რამეს გვიმჟღავნებს მასზე (ფსალმ. 104:24, 25). ღმერთმა ჩვენც გასაოცრად შეგვქმნა და იმის უნარიც გვიბოძა, რომ დავტკბეთ გარე სამყაროთი. ამაში კი 5 გრძნობა — მხედველობა, სმენა, გემო, ყნოსვა და შეხება — გვეხმარება. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უნდა დავაკვირდეთ ქმნილებებს, ისაა, რომ ისინი ღვთის პიროვნებას გვაცნობს (რომ. 1:20). მაგალითად, მიმოიხედეთ ირგვლივ და დააკვირდით, რა საოცრადაა ყველაფერი შექმნილი. ეს ყოველივე ხომ იეჰოვას სიბრძნეზე მეტყველებს?! ჯერ მარტო საკვების მრავალფეროვნება რად ღირს. ცხადზე ცხადია, რა ძლიერ ვუყვარვართ იეჰოვას. ქმნილებებზე დაკვირვება უკეთ გვაცნობს შემოქმედს და სურვილს გვიჩენს, დავუახლოვდეთ მას. w23.03 16 ¶4, 5

შაბათი, 29 ივნისი

შენი სიტყვის არსი ჭეშმარიტებაა (ფსალმ. 119:160).

მსოფლიო მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. ამიტომ კიდევ უფრო რთული გახდება ღვთის სიტყვისადმი ნდობის შენარჩუნება. ქვეყნიერება უფრო მეტად შეეცდება, დაგვაეჭვოს, რამდენად სანდოა ბიბლია და არის თუ არა „ერთგული და გონიერი მონა“ ჩვენთვის ხელმძღვანელობის გასაწევად იეჰოვასგან დანიშნული. თუ ეჭვი არ გვეპარება ღვთის სიტყვის სანდოობაში, მსგავსი თავდასხმები რწმენას ვერ შეგვირყევს. ჩვენ ისეთივე განწყობა გვექნება, როგორიც ფსალმუნმომღერალს ჰქონდა, რომელიც იეჰოვას ასეთი სიტყვებით მიმართავდა: „მტკიცედ განვიზრახე, შენს წესებს დავემორჩილო მთელი სიცოცხლე, სამარის კარამდე“ (ფსალმ. 119:112). ფსალმუნმომღერლის მსგავსად არც ჩვენ შევრცხვებით, თუ ხალხს ჭეშმარიტებას ვასწავლით და მოსმენილის გამოყენებაში დავეხმარებით (ფსალმ. 119:46). ასეთ შემთხვევაში „მოთმინებითა და სიხარულით“ ავიტანთ ყველაფერს, მათ შორის დევნას (კოლ. 1:11; ფსალმ. 119:143, 157). ჭეშმარიტება აზრს სძენს ჩვენს ცხოვრებას და გვეხმარება, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და სწორად წარვმართოთ ჩვენი ნაბიჯები. ჭეშმარიტების ცოდნა იმედს გვისახავს, რომ მომავალში ღვთის სამეფო უკეთესობისკენ შეცვლის ყველაფერს. w23.01 7 ¶16, 17

კვირა, 30 ივნისი

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი! (იოან. 13:34).

სიკვდილის წინა ღამეს იესო დიდხანს ლოცულობდა თავისი მოწაფეებისთვის და მამას სთხოვდა, რომ ბოროტისგან დაეცვა ისინი (იოან. 17:15). მართალია, თავად უდიდესი განსაცდელის პირისპირ იდგა, მაგრამ იმდენად უყვარდა თავისი მოციქულები, რომ ამ დროსაც კი მათი მდგომარეობა აღელვებდა. გვინდა, რომ იესოს მსგავსად მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვიფიქროთ. ამიტომ ლოცვებში ხშირად ჩვენს და-ძმებს მოვიხსენიებთ. ამგვარად ვითვალისწინებთ იესოს მითითებას, გვიყვარდეს თანამორწმუნეები და, ამასთანავე, ვაჩვენებთ იეჰოვას, რამდენად გვიყვარს ისინი. და-ძმებისთვის ლოცვა დროის ფუჭად ხარჯვა არაა, რადგან როგორც ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, „მართალი კაცის ვედრებას დიდი ძალა აქვს“ (იაკ. 5:16). ჩვენს თანამორწმუნეებს უამრავი განსაცდელის ატანა უწევთ, ამიტომ უნდა ვილოცოთ მათთვის. w22.07 23, 24 ¶13—15

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება