ივლისი
ორშაბათი, 1 ივლისი
სამაგალითო იყავი ერთგულთათვის საუბარში (1 ტიმ. 4:12).
მეტყველების უნარი მოსიყვარულე ღვთისგან ნაბოძები საჩუქარია. სამწუხაროდ, ღვთის ქმნილებებმა მეტყველების უნარი ბოროტად გამოიყენეს. სატანამ მოატყუა ევა, რამაც საბოლოოდ ის ცოდვამდე მიიყვანა და ადამიანებს სრულყოფილება დააკარგვინა (დაბ. 3:1—4). ადამმაც ბოროტად გამოიყენა მეტყველების უნარი, როცა ევა და თვით იეჰოვაც კი დაადანაშაულა თავის შეცდომაში (დაბ. 3:12). კაენმა იცრუა, როცა იეჰოვას დაუმალა, რომ თავისი ძმა აბელი მოკლა (დაბ. 4:9). დღეს იშვიათად თუ ნახავთ ისეთ ფილმს, სადაც უწმაწური ლექსიკა არ არის გამოყენებული. უწმაწურ სიტყვებსა და უხამს საუბარს სასწავლებლებსა და სამსახურებშიც მოისმენთ. თუ ფრთხილად არ ვიქნებით, ყური ისე შეიძლება მიეჩვიოს უხამს სიტყვებს, რომ ჩვენც გადმოვიღოთ ქვეყნიერებაში გავრცელებული საუბრის სტილი. ჩვენ გვინდა, გული გავუხაროთ იეჰოვას. ამისათვის კი უფრო მეტია საჭირო, ვიდრე მხოლოდ ის, რომ უწმაწურ საუბარს ვერიდოთ. გვინდა, რომ მეტყველების უნარი ღვთის განსადიდებლად გამოვიყენოთ. w22.04 4 ¶1—3
სამშაბათი, 2 ივლისი
ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც (მათ. 6:24).
იესოს გაწონასწორებული შეხედულება ჰქონდა ამ საკითხზე. მაგალითად, როცა საშუალება ეძლეოდა, კარგ საჭმელ-სასმელს მიირთმევდა (ლუკ. 19:2, 6, 7). მისი პირველი სასწაულიც ის იყო, რომ წყალი საუკეთესო ღვინოდ აქცია (იოან. 2:10, 11). ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ მას მდიდრული სამოსელი ეცვა (იოან. 19:23, 24). მაგრამ იესოსთვის ნივთები და ქონება არასდროს გამხდარა უმთავრესი. მან დაგვარწმუნა, რომ თუ სამეფოს პირველ ადგილზე დავაყენებთ, იეჰოვა იზრუნებს ჩვენს საჭიროებებზე (მათ. 6:31—33). ბევრმა გამოსცადა, რამდენად ბრძნულია ფულთან დაკავშირებით ბიბლიური რჩევის გათვალისწინება. მოვიყვანოთ ერთი დაუქორწინებელი ძმის, დანიელის, მაგალითი. აი, რას ამბობს ის: „მოზარდობაში გადავწყვიტე, რომ სულიერი მიზნები პირველ ადგილზე დამეყენებინა“. დანიელი უბრალოდ ცხოვრობდა, რამაც საშუალება მისცა, თავისი ნიჭი და უნარი სხვადასხვა თეოკრატიულ საქმეში გამოეყენებინა. ის ამბობს: „ვერანაირი ფულით ვერ ვიყიდდი იმ სიხარულს, რომელიც იეჰოვამ მომანიჭა“. w22.05 21, 22 ¶6, 7
ოთხშაბათი, 3 ივლისი
[იეჰოვამ] სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგიხმოთ (1 პეტ. 2:9).
ჭეშმარიტების სიყვარულს იმით ვაჩვენებთ, თუ ვიკვლევთ ბიბლიას და მასზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანია ვიცით ჭეშმარიტება, ყოველთვის შეიძლება რაღაცის სწავლა. სწავლას და კვლევას შრომა სჭირდება, მაგრამ ეს ნამდვილად ღირს ძალისხმევად. ცხადია, ყველას არ უყვარს კითხვა და კვლევა. და მაინც, იეჰოვა მოგვიწოდებს, არ შევწყვიტოთ ძიება, რომ უკეთ ჩავწვდეთ ჭეშმარიტებას (იგავ. 2:4—6). მონდომება ნამდვილად დაგვიფასდება. მაგალითად, ერთი ძმა კორი ცდილობს, ბიბლიის კითხვის დროს ერთი მუხლი მაინც გამოიკვლიოს საფუძვლიანად. ის ამბობს: „ვკითხულობ ყველა სქოლიოსა და მარგინალურ მუხლს და დამატებით მასალასაც ვიძიებ. ამ მეთოდით ბევრი რამ ვისწავლე“. რა მიდგომასაც არ უნდა ვიყენებდეთ, თუ დროსა და ძალისხმევას არ ვიშურებთ, ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ ჭეშმარიტებას (ფსალმ. 1:1—3). w22.08 17 ¶13; 18 ¶15, 16
ხუთშაბათი, 4 ივლისი
მაშინ მე მის გვერდით ვიყავი როგორც ოსტატი . . . მუდამ ვხარობდი მის წინაშე (იგავ. 8:30).
დედამიწაზე ყოფნის დროს, იესო ქმნილებების მაგალითით ცდილობდა, თავისი მოწაფეებისთვის უკეთ გაეცნო მამის თვისებები. განვიხილოთ ამის ერთ-ერთი მაგალითი. იეჰოვა განურჩევლად ყველას მიმართ ავლენს სიყვარულს. მთაზე ქადაგებისას იესომ მოწაფეებს ყურადღება გაუმახვილა მზეზე და წვიმაზე, რაშიც ბევრი განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავდა. არადა მზისა და წვიმის გარეშე სიცოცხლე ვერ იარსებებდა. იეჰოვას შეეძლო მზის სინათლე და წვიმა უმადური ადამიანებისთვის არ ეღირსებინა. თუმცა მას მზე ყველასთვის ამოჰყავს და წვიმასაც ყველას უგზავნის (მათ. 5:43—45). ამით იესოს თავისი მოწაფეებისთვის უნდოდა ესწავლებინა, რომ სიყვარული ყველას მიმართ გამოევლინათ. როცა მშვენიერი დაისით ან შხაპუნა წვიმით ვტკბებით, გვახსოვდეს იეჰოვას მიუკერძოებელი სიყვარული. იეჰოვას მაგალითი აღგვძრავს, მივბაძოთ მას და განურჩევლად ყველას ვუქადაგოთ. w23.03 17 ¶9, 10
პარასკევი, 5 ივლისი
გავოგნდი (გამოცხ. 17:6).
რამ გააოგნა მოციქული იოანე? ის ხედავს ქალს, რომელიც ალისფერ მხეცზე ზის. ეს არის „დიდი მეძავი“, რომელსაც „დიდი ბაბილონიც“ ეწოდება. ის გარყვნილებას სჩადის „დედამიწის მეფეებთან“ (გამოცხ. 17:1—5). რას განასახიერებს „დიდი ბაბილონი“? ეს „ქალი“ ვერ იქნება რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის სიმბოლო, რადგან მასზე ნათქვამია, რომ გარყვნილებას სჩადის პოლიტიკურ ლიდერებთან (გამოცხ. 18:9). არათუ გარყვნილებას სჩადის, არამედ მათ გაკონტროლებასაც ცდილობს, რაც იქიდან ჩანს, რომ მხეცს ზურგზე აზის. ის ვერც სატანის ქვეყნიერების კომერციული სისტემის სიმბოლო იქნება. „გამოცხადებაში“ ეს სისტემა „დედამიწის დიდვაჭრებად“ არის მოხსენიებული (გამოცხ. 18:11, 15, 16). ძველი ბაბილონი ცრუ რელიგიური რწმენა-წარმოდგენების კერა იყო. აქედან გამომდინარე, „დიდი ბაბილონი“ ყველა ცრუ რელიგიას უნდა აერთიანებდეს. ფაქტობრივად, ის ცრურელიგიური სამყაროს სიმბოლოა (გამოცხ. 17:5, 18). w22.05 11 ¶14—16
შაბათი, 6 ივლისი
თქვენი მტერი, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს (1 პეტ. 5:8).
ბუნებრივია, დედებს დროდადრო აფიქრებთ, აირჩევენ თუ არა მათი შვილები იეჰოვას მსახურებას. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მათ კარგად ესმით, რამხელა ზეწოლას ახდენს სატანის ქვეყნიერება მათ შვილებზე. ზოგჯერ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ზოგი დედა მარტო ან რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ზრდის შვილებს. სირთულეების წინაშე მხოლოდ რელიგიურად დაყოფილი ოჯახები არ დგანან. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ორივე მშობელი იეჰოვას ემსახურება, შეიძლება ადვილი არ იყოს, შვილები ღვთის მსახურებისკენ წაახალისონ. ზედმეტად არ ინერვიულოთ, რადგან იეჰოვა დაგეხმარებათ. რჩევა ჰკითხეთ სხვა მშობლებსაც, თუ როგორ იყენებენ სწავლებაში დამხმარე საშუალებებს ოჯახური თაყვანისცემის დროს (იგავ. 11:14). ლოცვაში სთხოვეთ იეჰოვას, დაგეხმაროთ, შვილებთან საერთო ენა გამონახოთ და გაიგოთ, რა აქვთ გულში (იგავ. 20:5). w22.04 17 ¶4, 7; 18 ¶9
კვირა, 7 ივლისი
განუწყვეტლივ ვლოცულობ, რომ სიყვარული უფრო და უფრო გაგიღრმავდეთ ცოდნასთან და გამჭრიახობასთან ერთად (ფილ. 1:9).
იეჰოვასადმი სიყვარულის გაღრმავებაში მისი ძის უკეთ გაცნობაც დაგვეხმარება, რომელიც მამის განსახიერება იყო (ებრ. 1:3). იესოს კი ყველაზე კარგად ოთხი სახარება გვაცნობს. ასე რომ, თუ გინდა, ბიბლიის ყოველდღიურად კითხვას მიეჩვიო, სახარებებით დაიწყე. კითხვის დროს განსაკუთრებით იესოს თვისებებს დააკვირდი. მასთან ურთიერთობა არავის უჭირდა. ის ბავშვებსაც სითბოთი და სიყვარულით ეპყრობოდა (მარ. 10:13—16). არც მოწაფეები იძაბებოდნენ მის გვერდით და თავისუფლად გამოხატავდნენ თავიანთ აზრს (მათ. 16:22). იესომ თავისი მაგალითით დაგვანახვა, როგორია ზეციერი მამა. არც იეჰოვა გვიკეტავს მასთან მისასვლელ გზას და ყოველთვის მზად არის ჩვენი ლოცვების მოსასმენად. ლოცვაში შეგვიძლია თავისუფლად გადავუშალოთ მას გული და არ გვქონდეს იმის შიში, რომ ბრალს დაგვდებს. მას ვუყვარვართ და ზრუნავს ჩვენზე (1 პეტ. 5:7). w22.08 3 ¶4, 5
ორშაბათი, 8 ივლისი
იეჰოვა, რაოდენ კარგი და მიმტევებელი ხარ (ფსალმ. 86:5).
გვაოცებს ის ფაქტი, რომ იეჰოვამ, ჩვენმა შემოქმედმა ყველა წვრილმანი იცის დედამიწაზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის შესახებ (ფსალმ. 139:15—17). მისთვის ცნობილია, რა ცოდვილი მიდრეკილებები გადმოგვეცა მემკვიდრეობით მშობლებისგან. მეტიც, მან კარგად იცის, რამ ჩამოგვაყალიბა ისეთებად, როგორებიც ვართ. რახან იეჰოვა ასე კარგად გვიცნობს, ამიტომაც ავლენს ჩვენდამი გულმოწყალებას (ფსალმ. 78:39; 103:13, 14). იეჰოვამ ისიც კარგად იცის, რომ ყველანი ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობაში პირველი ადამიანის, ადამის, დაუმორჩილებლობის გამო აღმოვჩნდით (რომ. 5:12). ჩვენით ვერასდროს დავაღწევდით თავს ამ ტყვეობას და ვერც სხვას დავეხმარებოდით ამაში (ფსალმ. 49:7—9). მაგრამ რახან ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს ძალიან სურდა ჩვენი პატიება, გულმოწყალება გამოავლინა და დაგვიხსნა ამ ტყვეობიდან. როგორც იოანეს 3:16-დან ვიგებთ, იეჰოვამ გამოგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე, რომ ჩვენთვის მომკვდარიყო (მათ. 20:28; რომ. 5:19). w22.06 3 ¶5, 6
სამშაბათი, 9 ივლისი
კეთილი კაცი თავის თავს რგებს (იგავ. 11:17).
ვინც სხვების მიმართ გულმოწყალებას ავლენს, თავადაც შეწყალებული იქნება. ეს კარგად ჩანს იეჰოვას ერთგული მსახურის, იობის შემთხვევიდან. ელიფაზმა, ბილდადმა და ცოფარმა თავიანთი მწარე სიტყვებით ძალიან ატკინეს იობს გული. მაგრამ იეჰოვამ იობს ურჩია, რომ ელოცა მათთვის. ის ასეც მოიქცა, რისთვისაც იეჰოვამ აკურთხა (იობ. 42:8—10). წყენის გულში ჩატოვება ისევ ჩვენ გვაყენებს ზიანს. იეჰოვას არ უნდა, რომ გული ბოღმით დავიმძიმოთ (ეფეს. 4:31, 32). ამიტომაც მოგვიწოდებს: „მოეშვი რისხვას და ნუღარ ბრაზობ“ (ფსალმ. 37:8). ეს რჩევა ნამდვილად გონივრულია, რადგან გულისწყრომა უარყოფითად აისახება ჩვენს ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე (იგავ. 14:30). გულში წყენის ჩატოვება შხამის დალევას ჰგავს. ფაქტია, თუ შხამს ვსვამთ, ჩვენ მოვიწამლებით და არა ვინმე სხვა. ასე რომ, როცა ვპატიობთ და წყენას ვივიწყებთ, საკუთარ თავს ვრგებთ, რადგან შინაგანი სიმშვიდე გვეუფლება და იეჰოვასაც მეტი ხალისით ვემსახურებით. w22.06 10 ¶9, 10
ოთხშაბათი, 10 ივლისი
შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის ჯავშნით, მუზარადად კი ხსნის იმედი გვქონდეს (1 თეს. 5:8).
მომავლის იმედი მუზარადივით იცავს ჩვენს გონებას და გვეხმარება, მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის არ ვიცხოვროთ, რაც იეჰოვასთან ურთიერთობას გაგვიფუჭებდა (1 კორ. 15:33, 34). იმედის მუზარადი დაგვეხმარება, თავიდან მოვიშოროთ ისეთი აზრი, თითქოს იეჰოვას ვერ ვასიამოვნებთ. გაიხსენეთ, რა უთხრა იობს ვაინუგეშისმცემელმა ელიფაზმა: „რომელი მოკვდავი კაცია სუფთა?!. არ ენდობა ღმერთი თავის წმინდებს და ზეცაც კი არაა სუფთა მის თვალში“ (იობ. 15:14, 15). ეს ხომ აშკარა ტყუილია! ვისგან მოდის მსგავსი შეხედულებები თუ არა ეშმაკისგან?! მან კარგად იცის, რომ თუ ასეთ ფიქრებს ავყვებით, იმედს დავკარგავთ. ამიტომ აჯობებს, არ წამოვეგოთ სატანის ანკესს. არასდროს დავეჭვდეთ იმაში, რომ იეჰოვას სურს, მარადიულად ვიცხოვროთ და დაგვეხმარება კიდეც ამ მიზნის მიღწევაში (1 ტიმ. 2:3, 4). w22.10 25, 26 ¶8—10
ხუთშაბათი, 11 ივლისი
სიტყვითაც კი არ შეუცოდავს იობს (იობ. 2:10).
სატანა ცდილობდა, ისეთი შთაბეჭდილება შექმნოდა იობს, რომ ყველა უბედურება იეჰოვამ დაატეხა. მაგალითად, სატანის მიერ მოვლენილმა ძლიერმა ქარმა ჩამოაქცია სახლი, სადაც იობის შვილები ნადიმობდნენ (იობ. 1:18, 19). მან აგრეთვე ცეცხლი მოავლინა ციდან და იობის მთელი ფარა მსახურებთან ერთად გაანადგურა (იობ. 1:16). აშკარა იყო, რომ ქარიცა და ცეცხლიც ზებუნებრივი ძალით იყო მოვლენილი. ამიტომ იობმა დაასკვნა, რომ ღმერთი სჯიდა. მიუხედავად ამისა, იობს აუგად არაფერი უთქვამს მასზე. იობმა ჩათვალა, რომ თუ წლების მანძილზე კარგს იღებდა ღვთისგან, მზად უნდა ყოფილიყო ცუდის მისაღებადაც. მან ასეთი სიტყვები თქვა: „კვლავაც იდიდოს იეჰოვას სახელმა!“ (იობ. 1:20, 21). w22.06 21 ¶7
პარასკევი, 12 ივლისი
ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო, ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება (მარ. 13:13).
მსგავსი გაფრთხილება, რომელიც იესომ თავის მიმდევრებს მისცა, იოანეს 17:14 მუხლშია ჩაწერილი. განსაკუთრებით ბოლო ასი წელია, უფრო თვალნათლივ ვხედავთ ამ მტრობას. 1914 წელს გამეფებიდან მალევე იესომ ზეციდან გადმოაგდო სატანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დედამიწის ფარგლებს ვერ სცდება და ელოდება თავის განადგურებას (გამოცხ. 12:9, 12). მაგრამ ის გულხელდაკრეფილი კი არ ზის, გამწარებული და გააფთრებული მთელ რისხვას ღვთის ხალხზე ანთხევს (გამოცხ. 12:13, 17). ამიტომაც ხვდება ღვთის ხალხი სულ უფრო მეტად ქვეყნიერებისგან სიძულვილს. მაგრამ გვჯერა, რომ სატანა და მისი მიმდევრები ვერაფერს გახდებიან ჩვენ წინააღმდეგ. როგორც მოციქული პავლეც ამბობდა: „თუ ღმერთი ჩვენ მხარესაა, ვინ რას გახდება ჩვენ წინააღმდეგ?!“ (რომ. 8:31). შეგვიძლია ბოლომდე დარწმუნებული ვიყოთ იეჰოვაში! w22.07 18 ¶14, 15
შაბათი, 13 ივლისი
იქადაგებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად (მათ. 24:14).
იესოს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ აღსასრულამდე მქადაგებლები საკმარისად იქნებოდნენ და ამგვარად შესრულდებოდა „ფსალმუნებში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველება: „შენი ხალხი მზადყოფნით გამოვა შენი ჯარის გალაშქრების დღეს“ (ფსალმ. 110:3). თუ თქვენც მონაწილეობთ ქადაგების საქმეში, გამოდის, რომ მხარს უჭერთ იესოსა და „ერთგულ მონას“ და ასრულებთ ამ წინასწარმეტყველებას. საქმე წინ მიიწევს, მაგრამ დროდადრო დაბრკოლებებიც ჩნდება. ერთ-ერთი დაბრკოლება წინააღმდეგობაა. განდგომილები, რელიგიური წინამძღოლები და პოლიტიკოსები ხალხს არასწორ წარმოდგენას უქმნიან ჩვენს საქმიანობაზე. ამიტომ ჩვენი ნათესავები, ახლობლები და თანამშრომლები, რომლებიც ყურს უგდებენ ასეთ პროპაგანდას, შეიძლება შეეცადონ, უარი გვათქმევინონ იეჰოვას მსახურებასა და ქადაგებაზე. ზოგ ქვეყანაში წინააღმდეგობა უფრო აგრესიულ სახეს იღებს. ჩვენს და-ძმებს აშინებენ, თავს ესხმიან და აპატიმრებენ კიდეც. w22.07 8 ¶1; 9 ¶5, 6
კვირა, 14 ივლისი
ღვთის სამეფოს დასამკვიდრებლად მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევს (საქ. 14:22).
იეჰოვას სურს, რომ რეგულარულად ვიკითხოთ მისი სიტყვა და გავაანალიზოთ წაკითხული. როცა ნასწავლს ცხოვრებაში ვიყენებთ, რწმენა გვიძლიერდება და ზეციერ მამასაც უფრო ვუახლოვდებით, რაც განსაცდელებს გვატანინებს. ამასთანავე იეჰოვა წმინდა სულითაც გვაძლევს ძალას, „რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“, რომ გავუძლოთ ნებისმიერ სირთულეს (2 კორ. 4:7—10). იეჰოვას დახმარებით „ერთგული და გონიერი მონა“ უხვად გვიმზადებს სტატიებს, ვიდეოებსა თუ მუსიკალურ მასალას, რომ რწმენა განვიმტკიცოთ და სულიერი სიფხიზლე შევინარჩუნოთ (მათ. 24:45). იეჰოვა გვასწავლის სიყვარულს, რომ გაჭირვების დროს ერთმანეთი ვანუგეშოთ (2 კორ. 1:3, 4; 1 თეს. 4:9). ჩვენი და-ძმები გაჭირვების დროს მხარში გვიდგანან, რომ ღვთის ერთგულები დავრჩეთ. w22.08 12 ¶12—14
ორშაბათი, 15 ივლისი
ყველაფერი გააკეთეთ, რომ ურთიერთშორის მშვიდობა გქონდეთ და ამგვარად შეინარჩუნოთ ღვთის სულით ბოძებული ერთიანობა (ეფეს. 4:3).
თუ და-ძმების კარგ თვისებებზე გავამახვილებთ ყურადღებას, შევძლებთ, რომ უფრო დავაახლოოთ ისინი ერთმანეთს, რაც კრებას აღაშენებს და სიყვარულს გააღვივებს. ზოგჯერ შეიძლება მოწიფულ ქრისტიანებს შორისაც ჩამოვარდეს უთანხმოება. ასე მოუვიდათ პავლე მოციქულსა და მის უახლოეს მეგობარ ბარნაბას. ისინი ვერ შეთანხმდნენ იმაზე, წაეყვანათ თუ არა მარკოზი მეორე მისიონერულ მოგზაურობაში. საქმე იქამდე მივიდა, რომ „ორივენი გაცეცხლდნენ და ერთმანეთს დასცილდნენ“ (საქ. 15:37—39). მაგრამ პავლემ, ბარნაბამ და მარკოზმა ჩატეხილი ხიდი გაამთელეს. მოგვიანებით პავლე დიდი სითბოთი საუბრობდა ბარნაბასა და მარკოზზე (1 კორ. 9:6; კოლ. 4:10). ჩვენც უნდა მოვაგვაროთ ნებისმიერი უთანხმოება და და-ძმების დადებით თვისებებზე გავამახვილოთ ყურადღება. ამგვარად მშვიდობასა და ერთიანობას შევუწყობთ ხელს. w22.08 23 ¶10, 11
სამშაბათი, 16 ივლისი
ნუღარ განსჯით, რომ არც თქვენ განისაჯოთ (მათ. 7:1).
ერთი მხრივ, უნდა ვეცადოთ, იეჰოვას სამართლიანი ნორმებით ვიცხოვროთ, მეორე მხრივ, არ უნდა გავხდეთ საკუთარ სიმართლეში ზედმეტად დარწმუნებულები და არ უნდა განვსაჯოთ სხვები. გვახსოვს, რომ იეჰოვაა „მთელი დედამიწის მოსამართლე“ და ჩვენთვის არავის მოუცია იმის უფლებამოსილება, რომ სხვები ჩვენი კრიტერიუმით განვსაჯოთ (დაბ. 18:25). გავიხსენოთ იოსების მაგალითი. ის ღვთის თვალში მართალი კაცი იყო. მას ისინიც კი არ განუსჯია, ვინც ბოროტად მოექცა. მაგალითად, ის საკუთარმა ძმებმა მონად გაყიდეს, მამამისი კი დაარწმუნეს, რომ მკვდარი იყო. წლების შემდეგ, როცა იოსები ძლიერი მმართველი გახდა, ის კვლავ შეხვდა თავის ძმებს. მას კარგი შანსი მიეცა, რომ მკაცრად განესაჯა ძმები და მათზე შური ეძია. მის ძმებსაც სწორედ ამის ეშინოდათ მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი დანაშაული. მაგრამ იოსებმა ასეთი სიტყვებით დაამშვიდა ისინი: „ნუ გეშინიათ! ღმერთი ხომ არა ვარ?!“ (დაბ. 37:18—20, 27, 28, 31—35; 50:15—21). იოსებმა თავმდაბლურად აღიარა, რომ მხოლოდ ღმერთი იყო მათი განმსჯელი. w22.08 30 ¶18, 19
ოთხშაბათი, 17 ივლისი
ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვისაც ეკუთვნის, როცა დახმარების გაწევა შეგიძლია (იგავ. 3:27).
გიფიქრიათ იმაზე, რომ შეიძლება თქვენ გახდეთ ვინმეს ლოცვაზე პასუხი? არ აქვს მნიშვნელობა უხუცესი ხართ, მომსახურე, პიონერი თუ ზოგადად მაუწყებელი, არც თქვენს ასაკს და სქესს აქვს მნიშვნელობა — ყველას შეგვიძლია დახმარების ხელი გავუწოდოთ გაჭირვებაში მყოფ თანაქრისტიანებს. როცა იეჰოვას თავისი რომელიმე მსახური შესთხოვს დახმარებას, ის უხუცესებს და სხვა ერთგულ მსახურებს იყენებს მის დასახმარებლად და სანუგეშებლად (კოლ. 4:11). რამხელა ბედნიერებაა, რომ იეჰოვას შეუძლია ამ კუთხით გამოგვიყენოს! ამის საშუალება უფრო მეტად ეპიდემიების, სტიქიური უბედურებებისა თუ დევნების დროს გვეძლევა. შეიძლება ძალიან გვინდა სხვების დახმარება, მაგრამ ჩვენივე ოჯახის წევრი გვყავდეს დასახმარებელი. როგორც არ უნდა იყოს, იეჰოვა ხედავს ჩვენს სურვილს და გვიფასებს, რასაც შეძლებისდაგვარად ვაკეთებთ და-ძმებისთვის (იგავ. 19:17). w22.12 22 ¶1, 2
ხუთშაბათი, 18 ივლისი
ჩემი მცნება ის არის, რომ ისე გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ (იოან. 15:12).
სიყვარული ნდობის საწინდარია. როგორც იესომ თქვა, ორი უდიდესი მცნება ისაა, რომ გვიყვარდეს ღმერთი და გვიყვარდეს მოყვასი (მათ. 22:37—39). რახან გვიყვარს იეჰოვა, გვინდა, რომ მივბაძოთ მას და ჩვენც სანდოები ვიყოთ. ჩვენ და-ძმებიც გვიყვარს, ამიტომ ვცდილობთ, მათ პირად საკითხებზე სხვებთან არ ვისაუბროთ. არ გვინდა, ჩვენს და-ძმებზე ისეთი ინფორმაცია გავამხილოთ, რაც მათ ზიანს მიაყენებს, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს ან გულს ატკენს. ნდობის მოპოვებაში თავმდაბლობაც გვეხმარება. თავმდაბალი ქრისტიანი არ ცდილობს, სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით ყოველთვის პირველმა გააცხადოს ახალი ამბავი (ფილ. 2:3). ის თავს არ წარმოაჩენს და სხვებს არ მიანიშნებს, რომ კონფიდენციალურ ინფორმაციას ფლობს. გარდა ამისა, თავმდაბალი ადამიანი არ ცდილობს, სხვებს მოახვიოს თავს პირადი შეხედულებები ისეთ საკითხებზე, რომლებიც არც ბიბლიაში განიხილება და არც პუბლიკაციებში. w22.09 12 ¶12, 13
პარასკევი, 19 ივლისი
გამრავლდება ჭეშმარიტი ცოდნა (დან. 12:4).
ანგელოზმა დანიელს უთხრა, რომ ღვთის ხალხი უკეთ გაიგებდა დანიელის წინასწარმეტყველებაში ჩაწერილს და დასძინა: „ვერცერთი ბოროტი ვერ ჩასწვდება ამ სიტყვებს“ (დან. 12:10). დღესვე უნდა დავამტკიცოთ, რომ ბოროტებისგან შორს ვდგავართ (მალ. 3:16—18). იეჰოვა უკვე კრებს ხალხს, რომელთაც თავის საკუთრებად თვლის. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ ამ ხალხს შორის ვიყოთ. დღეს მართლაც საოცარ დროში ვცხოვრობთ! თუმცა უფრო საოცარი დრო წინ გველოდება. მალე ვიხილავთ, როგორ მოეღება ბოლო ყოველგვარ ბოროტებას. მას შემდეგ იმის მოწმენი გავხდებით, როგორ შესრულდება დანიელისთვის მიცემული იეჰოვას დაპირება: „დღეების ბოლოს აღდგები და მიიღებ შენს წილს“ (დან. 12:13). ალბათ მოუთმენლად ელით იმ დროს, როცა დანიელს და თქვენს საყვარელ გარდაცვლილ ახლობლებს სიცოცხლე დაუბრუნდებათ. მაშ, ყველაფერი გააკეთეთ, რომ უერთგულოთ იეჰოვას. ამ შემთხვევაში იეჰოვა არასდროს ამოშლის თქვენს სახელს „სიცოცხლის წიგნიდან“. w22.09 24 ¶17; 25 ¶19, 20
შაბათი, 20 ივლისი
მე გგზავნი (ეზეკ. 2:3).
ეჭვგარეშეა, ეს სიტყვები ეზეკიელს ძალას შემატებდა. მას გაახსენდებოდა, რომ იეჰოვამ მსგავსი სიტყვები მოსესა და ესაიასაც უთხრა, როდესაც წინასწარმეტყველებად აირჩია (გამ. 3:10; ეს. 6:8). ეზეკიელს ისიც ეცოდინებოდა, თუ როგორ დაეხმარა იეჰოვა ორივეს სირთულეების გადალახვაში. ასე რომ, როცა იეჰოვამ ეზეკიელს ორჯერ გაუმეორა, რომ გზავნიდა, ეს მის მხარდაჭერაში დაარწმუნებდა. ეზეკიელი თავის წიგნში არაერთხელ იმეორებს შემდეგ სიტყვებს: „იეჰოვას სიტყვა მეუწყა“ (ეზეკ. 3:16). ასე რომ, წინასწარმეტყველი სრულად იყო დარწმუნებული, რომ იეჰოვამ გაგზავნა. ის მღვდლის ოჯახში გაიზარდა, ამიტომ მამისგანაც ექნებოდა გაგონილი, თუ როგორ არწმუნებდა ღმერთი თავის წინასწარმეტყველებს მხარდაჭერაში. მაგალითად, ისაკს, იაკობსა და იერემიას იეჰოვა ასეთი სიტყვებით ამხნევებდა: „შენთანა ვარ“ (დაბ. 26:24; 28:15; იერ. 1:8). w22.11 2 ¶3
კვირა, 21 ივლისი
მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ (იოან. 17:3).
მიუხედავად იმისა, რომ ადამისა და ევას ცოდვის გამო ჩვენ სიკვდილის შვილები გავხდით, იეჰოვას თავის განზრახვაზე უარი არ უთქვამს (ეს. 55:11). მას კვლავაც სურს, რომ ღვთის მორჩილმა ადამიანებმა მარადიულად იცოცხლონ. დავფიქრდეთ, რა თქვა იეჰოვამ და რა გააკეთა თავისი განზრახვის შესასრულებლად. ღმერთი გვპირდება, რომ აღადგენს გარდაცვლილებს და მათ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას მისცემს (საქ. 24:15; ტიტ. 1:1, 2). ღვთის ერთგული მსახური იობი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას ერთი სული აქვს, აღადგინოს გარდაცვლილები (იობ. 14:14, 15). წინასწარმეტყველმა დანიელმაც იცოდა, რომ ადამიანებს ჰქონდათ მკვდრეთით აღდგომისა და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა (ფსალმ. 37:29; დან. 12:2, 13). იესოს დროს მცხოვრებ ებრაელებსაც სწამდათ, რომ იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს „მარადიულ სიცოცხლეს“ მისცემდა (ლუკ. 10:25; 18:18). ამაზე იესომაც არაერთხელ გაამახვილა ყურადღება და თავადვე გახდა ამის მაგალითი, როცა ზეციერმა მამამ აღადგინა მკვდრეთით (მათ. 19:29; 22:31, 32; ლუკ. 18:30; იოან. 11:25). w22.12 4, 5 ¶8, 9
ორშაბათი, 22 ივლისი
შენზე ვარ მონდობილი, იეჰოვა (ფსალმ. 31:14).
იეჰოვას სურს, რომ მას დავუახლოვდეთ (იაკ. 4:8). ის მზადაა, ჩვენი ღმერთი, მამა და მეგობარი გახდეს. იეჰოვა პასუხობს ჩვენს ლოცვებს და სირთულეების დროს გვერდში გვიდგას. თავისი ორგანიზაციის მეშვეობით ის გვასწავლის და გვიცავს. ლოცვა, ღვთის სიტყვის კითხვა და მასზე ფიქრი გვაახლოებს იეჰოვასთან. ამ დროს მისადმი სიყვარული და მადლიერება გვიღრმავდება. უფრო მეტად გვიჩნდება იმის სურვილი, რომ დავემორჩილოთ მას და განვადიდოთ, რასაც სამართლიანად იმსახურებს კიდეც (გამოცხ. 4:11). რაც უფრო კარგად გავიცნობთ იეჰოვას, მით უფრო მივენდობით მას და მის ორგანიზაციას, რომლის მეშვეობითაც გვხელმძღვანელობს. ეშმაკი ცდილობს, თანდათანობით შეგვირყიოს ნდობა იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი. მაგრამ სატანა ვერაფერს გახდება, თუ ძლიერი რწმენა და იეჰოვასადმი ურყევი ნდობა გვექნება (ფსალმ. 31:13, 14). w22.11 14 ¶1—3
სამშაბათი, 23 ივლისი
სხვა ღმერთის მსახურებასა და თაყვანისცემას სიკვდილი არჩიეს (დან. 3:28).
საუკუნეების მანძილზე ჭეშმარიტი ქრისტიანები მზად იყვნენ, დაეთმოთ თავიანთი თავისუფლება და სიცოცხლეც კი, რადგან უყვარდათ იეჰოვა და მას უზენაეს მმართველად აღიარებდნენ. ჭეშმარიტ ქრისტიანებს დღესაც მსგავსი განწყობა აქვთ. ისინი ჰგვანან სამ ახალგაზრდა ებრაელს, რომლებმაც უერთგულეს უზენაესს და დახსნილნი იქნენ გავარვარებული ღუმლიდან. ერთგულება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან „იეჰოვა თითოეულს თავისი სიმართლისა და ერთგულებისამებრ მიუზღავს“ (1 სამ. 26:23). გარდა ამისა, „მართალი თავისი ერთგულებით იცოცხლებს“ (აბაკ. 2:4). ნამდვილად ღირს, იეჰოვას ვუერთგულოთ. ამ შემთხვევაში ჩვენზეც შესრულდება ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „სიხარულით შესძახონ შენმა ერთგულებმა“ (ფსალმ. 132:9). w22.10 17 ¶18, 19
ოთხშაბათი, 24 ივლისი
მისი უხილავი თვისებები . . . შექმნილის მეშვეობით შეიცნობა (რომ. 1:20).
იობს, ალბათ, არასდროს დაავიწყდებოდა ის საუბარი, რომელიც მასსა და ღმერთს შორის შედგა. თავის სიბრძნესა და მზრუნველობაში რომ დაერწმუნებინა, იეჰოვამ მას სხვადასხვა ქმნილების მაგალითი მოუყვანა. მან შეახსენა იობს, როგორ ზრუნავს ცხოველებზე, რითაც დაარწმუნა, რომ მასზეც იზრუნებდა (იობ. 38:39—41; 39:1, 5, 13—16). ამ მაგალითებმა იობს უფრო ნათელი წარმოდგენა შეუქმნა ღვთის თვისებებზე. ქმნილებებზე დაკვირვება ჩვენც ბევრ რამეს გვიმხელს შემოქმედზე. თუმცა ამის გაკეთება შეიძლება ყოველთვის არ გამოგვივიდეს, განსაკუთრებით, თუ დიდ ქალაქში ვცხოვრობთ. თუნდაც ბუნების წიაღში ვცხოვრობდეთ, შეიძლება დრო არ გვრჩებოდეს გარემოზე დასაკვირვებლად. მაგრამ ქმნილებებზე დაკვირვება ნამდვილად ღირს ძალისხმევად. w23.03 15 ¶1, 2
ხუთშაბათი, 25 ივლისი
წინდახედული ხედავს საფრთხეს და იმალება (იგავ. 22:3).
იესომ თავისი მიმდევრები გააფრთხილა, რომ აღსასრულამდე „დიდი მიწისძვრები“ თუ სხვა სტიქიური უბედურებები მოხდებოდა (ლუკ. 21:11). მან „უკანონობის გამრავლებაც“ იწინასწარმეტყველა. ამაზე მოწმობს გახშირებული დამნაშავეობა, ძალადობა და ტერორისტული თავდასხმები (მათ. 24:12). იესოს არ უთქვამს, რომ მსგავსი მოვლენები ღვთის მსახურებს არ შეეხებოდათ. სამწუხაროდ, სტიქიურმა უბედურებებმა იეჰოვას ბევრი მსახურიც დააზარალა (ეს. 57:1; 2 კორ. 11:25). ღმერთმა შეიძლება სასწაულებრივად არ დაგვიცვას ყველანაირი უბედურებისგან, მაგრამ მხარში ამოგვიდგება და შინაგან სიმშვიდეს მოგვცემს. საგანგებო სიტუაციებისთვის წინასწარ მომზადება სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. თუ წინასწარ ვემზადებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რწმენა გვაკლია. პირიქით, ეს ჩვენი რწმენის მაჩვენებელია, რადგან ამგვარად ვითვალისწინებთ ბიბლიურ რჩევას. w22.12 18 ¶9, 10
პარასკევი, 26 ივლისი
ღმერთმა აქ . . . ჩამომიყვანა, რომ არ დახოცილიყავით (დაბ. 45:5).
იოსების საპყრობილეში ყოფნის დროს იეჰოვამ ფარაონს ორი სიზმარი ახილვინა. როცა ფარაონმა გაიგო, რომ იოსებს სიზმრების ახსნის უნარი ჰქონდა, ის თავისთან მოაყვანინა. იეჰოვას დახმარებით იოსებმა მას სიზმრებიც აუხსნა და გონივრული რჩევაც მისცა, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფარაონზე. მან დაინახა, რომ იოსებს ღმერთი უმართავდა ხელს, ამიტომ თავის სამეფოში საკვების გამნაწილებლად დანიშნა (დაბ. 41:38, 41—44). მოგვიანებით დიდი შიმშილობა ჩამოვარდა არა მარტო ეგვიპტეში, არამედ ქანაანშიც, სადაც იოსების ოჯახი ცხოვრობდა. თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე იოსებს უკვე შეეძლო, შიმშილისგან ეხსნა თავისი ოჯახი და, შესაბამისად, მესიამდე მიმყვანი შთამომავლობითი ხაზი გადაერჩინა. აშკარაა, ამ ყველაფრის უკან იეჰოვა იდგა და სწორედ ის უმართავდა იოსებს ხელს. ძმების მიერ გაწირულ იოსებს ყველაფერი სასიკეთოდ შემოუბრუნდა, რაც საბოლოოდ იეჰოვას განზრახვის განხორციელებას მოემსახურა. w23.01 17 ¶11, 12
შაბათი, 27 ივლისი
დაუკვირდით საკუთარ თავს (ლუკ. 21:34).
ვინც საკუთარ თავს უკვირდება, მაშინვე ამჩნევს ნებისმიერ საფრთხეს და თავს არიდებს, რომ იეჰოვასთან ურთიერთობა არ გაუფუჭდეს. ეს ეხმარება, რომ კვლავაც ღვთის სიყვარულის ღირსად ჩაითვალოს (იგავ. 22:3; იუდ. 20, 21). მოციქული პავლეც იმისკენ მოუწოდებდა თანაქრისტიანებს, რომ დაკვირვებოდნენ საკუთარ თავს. აი რას სწერდა ის ეფესოელ ქრისტიანებს: „კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იცხოვროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა“ (ეფეს. 5:15, 16). სატანა სულ იმას ცდილობს, რომ იეჰოვასთან გაგვიფუჭოს ურთიერთობა; ამიტომაც მოგვიწოდებს ბიბლია, რომ ჩავწვდეთ, რა არის იეჰოვას ნება, რათა თავი დავიცვათ სატანის ხრიკებისგან (ეფეს. 5:17). თუ ჩავწვდით, რა არის იეჰოვას ნება, სწორი გადაწყვეტილებების მიღება არ გაგვიჭირდება. ამაში კი ღვთის სიტყვის რეგულარული კვლევა და წაკითხულის გაანალიზება დაგვეხმარება. რაც უფრო მეტად ჩავწვდებით იეჰოვას ნებას და განვივითარებთ „ქრისტეს გონებას“, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ ბრძნულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ მაშინაც კი, როცა კონკრეტული მითითებები არ გვაქვს (1 კორ. 2:14—16). w23.02 16, 17 ¶7—9
კვირა, 28 ივლისი
შეიცვალეთ აზროვნება და გარდაიქმენით, რათა ჩასწვდეთ ღვთის ნებას, რომელიც კარგი, მოსაწონი და სრულყოფილია (რომ. 12:2).
რამდენად ხშირად ალაგებთ სახლს? თუ ახალ სახლში მოგიწიათ გადასვლა, ალბათ საგულდაგულოდ დაალაგეთ ყველაფერი. მაგრამ რა მოხდებოდა, თუ ამის შემდეგ საერთოდ არ იზრუნებდით სისუფთავეზე? ყველაფერს ჭუჭყი და მტვერი დაედებოდა. სახლში წესრიგი და სისუფთავე რომ იყოს, მუდმივად უნდა დაალაგოთ. მსგავსი ძალისხმევაა საჭირო, როცა საქმე ჩვენს აზროვნებასა და შინაგან პიროვნებას ეხება. ნათლობამდე ყველანაირად ვეცადეთ, საჭირო ცვლილებები მოგვეხდინა, რათა განვწმენდილიყავით „ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს სხეულსა და გონებას“ (2 კორ. 7:1). მაგრამ ნათლობის შემდეგაც გვჭირდება პავლე მოციქულის რჩევის გათვალისწინება: „შეიცვალეთ აზროვნება“, რათა, ასე ვთქვათ, ამ ქვეყნიერების მტვერი და ჭუჭყი არ მოედოს ჩვენს გონებას (ეფეს. 4:23). ამას კი მუდმივი შრომა სჭირდება, ასე რომ, ღვთის თვალში სუფთები რომ ვიყოთ, მუდმივად უნდა შევამოწმოთ ჩვენი აზროვნება, შინაგანი პიროვნება და სურვილები. w23.01 8 ¶1, 2
ორშაბათი, 29 ივლისი
დაინახა, რომ ღვთის სული იესოზე მტრედის სახით ეშვებოდა (მათ. 3:16).
წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნო მოსასმენი იქნებოდა იესოს ქადაგება. ის ხშირად ციტირებდა წმინდა წერილებს. მას შემდეგ, რაც მოინათლა და ღვთისგან წმინდა სული მიიღო, როგორც ჩანს, იესოს გაახსენდა თავისი ცხოვრება განკაცებამდე. ნათლობის შემდეგ წარმოთქმული მისი პირველი სიტყვები და სიკვდილამდე წარმოთქმული ბოლო სიტყვებიც წმინდა წერილებიდან მოყვანილი ციტატები იყო (კან. 8:3; ფსალმ. 31:5; ლუკ. 4:4; 23:46). ზოგადად, მთელი მსახურების განმავლობაში იესო საჯაროდ კითხულობდა წმინდა წერილებს, ციტირებდა და განმარტავდა მათ (მათ. 5:17, 18, 21, 22, 27, 28; ლუკ. 4:16—20). მსახურების დაწყებამდე წლებით ადრე იესო ხშირად კითხულობდა და ისმენდა ღვთის სიტყვას. მარიამი და იოსები, ალბათ, დღის განმავლობაში არაერთხელ ახსენებდნენ წმინდა წერილებს (კან. 6:6, 7). იესო ყოველ შაბათს ოჯახთან ერთად დადიოდა სინაგოგაში (ლუკ. 4:16). ის, ალბათ, გულისყურით ისმენდა, როგორ იკითხებოდა ღვთის კანონი. w23.02 8 ¶1, 2
სამშაბათი, 30 ივლისი
გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი (მარ. 12:30).
ყველა მიზეზს ალბათ ვერ ჩამოვთვლით, რის გამოც გვიყვარს იეჰოვა. ის სიცოცხლის წყაროა და „ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი“ მისგანაა (ფსალმ. 36:9; იაკ. 1:17). თუ რამ გვახარებს ამ ცხოვრებაში, ყველაფერი მოსიყვარულე და გულუხვი ღმერთისგან გვაქვს. გამოსასყიდი იეჰოვასგან ბოძებული უძვირფასესი საჩუქარია. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იეჰოვასა და იესოს ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ, რასაც იესომაც არაერთხელ გაუსვა ხაზი (იოან. 10:17; 14:31). ერთად გატარებულმა მილიარდობით წელმა ისინი ძალიან დააახლოვა (იგავ. 8:22, 23, 30). წარმოიდგინეთ, რა განცდა დაეუფლებოდა თავისი ძის ტანჯვისა და სიკვდილის შემყურე მამას. მაგრამ ადამიანების სიყვარულის გამო ის მზად იყო, მსხვერპლად გაეღო თავისი საყვარელი ძე და ჩვენთვის მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მოეცა (იოან. 3:16; გალ. 2:20). ამაზე მეტი რა უნდა გაეკეთებინა იეჰოვას, რომ შეგვყვარებოდა ის! w23.03 4, 5 ¶11—13
ოთხშაბათი, 31 ივლისი
კვლავ იმას ჩაეჭიდეთ, რაც გაქვთ (გამოცხ. 2:25).
ზურგი უნდა ვაქციოთ განდგომილთა მოძღვრებებს. იესომ პერგამონელი ქრისტიანები იმისთვის გაკიცხა, რომ სექტანტურ სწავლებებს იზიარებდნენ, ხოლო თიატირის კრებაში შეაქო ისინი, ვინც არ ეცნობოდა „სატანის სიღრმეებს“ და ჭეშმარიტებას იყო ჩაჭიდებული (გამოცხ. 2:14—16, 24—26). იმ ქრისტიანებს, რომლებიც აჰყვნენ ცრუ სწავლებებს, უნდა მოენანიებინათ. რა მხრივ არის ეს ჩვენთვის საყურადღებო? ჩვენ ზურგი უნდა ვაქციოთ იმ სწავლებებს, რომლებიც ღვთის სიტყვას ეწინააღმდეგება. განდგომილებს შეიძლება ღვთისმოშიშებად მოჰქონდეთ თავი, მაგრამ მათი „საქმეები ღვთისმოშიშებაზე არ მეტყველებს“ (2 ტიმ. 3:5). თუ ღვთის სიტყვას გულმოდგინედ ვიკვლევთ, უფრო ადვილად ამოვიცნობთ და უგულებელვყოფთ ცრუ სწავლებებს (2 ტიმ. 3:14—17; იუდ. 3, 4). დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვას მისთვის მოსაწონი სახით ვცემთ თაყვანს. თუ ვხედავთ, რომ ღვთისადმი ჩვენს თაყვანისმცემლობას რაღაცით ვბღალავთ, მაშინვე უნდა მივიღოთ სათანადო ზომები (გამოცხ. 2:5, 16; 3:3, 16). w22.05 4 ¶9; 5 ¶11