ოქტომბერი
სამშაბათი, 1 ოქტომბერი
კრებულში მოგიძღვნი ქებას (ფსალმ. 22:22).
ჩვენი სიმღერითა და კარგად მომზადებული კომენტარებით ყველას შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ კრების შეხვედრა სათანადოდ ჩატარდეს. ზოგ ჩვენგანს უჭირს სახალხოდ მღერა თუ კომენტარის გაკეთება. თუ თქვენ შემთხვევაშიც ასეა, ალბათ, დაგაინტერესებთ, როგორ გადალახა ზოგმა ამის შიში. ზოგს ამაში მთელი გულით მღერა დაეხმარა. ჩვენ გვსურს, განვადიდოთ იეჰოვა; სწორედ ამიტომ ვმღერით კრების შეხვედრებზე. სიმღერისთვისაც ისე მოემზადეთ, როგორც კრების შეხვედრის სხვა პუნქტებისთვის. შეეცადეთ, დაინახოთ, როგორ უკავშირდება სიმღერის ტექსტი კრებაში განსახილველ მასალას. გარდა ამისა, ყურადღება სიტყვებზე გავამახვილეთ და არა იმაზე, რამდენად კარგად გამოგდით სიმღერა. ზოგისთვის კომენტარების გაკეთება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რა დაგეხმარებათ? გახსოვდეთ, არაფერი დაშავდება, თუ მოკლე, მარტივ და კონკრეტულ კომენტარს გააკეთებთ. იეჰოვა ძალიან აფასებს, როცა კომენტარებით განვადიდებთ კრების შეხვედრაზე. w22.04 7, 8 ¶12—15
ოთხშაბათი, 2 ოქტომბერი
იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება (ებრ. 13:6).
სიტყვა, რომელიც „შემწედ“ ითარგმნა, მიუთითებს მასზე, ვინც მიიჩქარის იმ ადამიანისკენ, რომელიც შველას ითხოვს. წარმოიდგინეთ, როგორ მიიჩქარის იეჰოვა გაჭირვებაში მყოფის დასახმარებლად. ეს სიტყვა ნამდვილად კარგად აღწერს, თუ როგორ სწადია ღმერთს ჩვენი დახმარება. იეჰოვას შეწევნით ნებისმიერ სირთულეს სიხარულით გადავლახავთ! რა საშუალებებით გვეხმარება იეჰოვა? ამ კითხვაზე პასუხს ესაიას წიგნი გაგვცემს, რადგან მასში ჩაწერილი ბევრი წინასწარმეტყველება იეჰოვას თანამედროვე მსახურებზეც სრულდება. გარდა ამისა, ესაია ჩვენთვის გასაგები ენით აღგვიწერს იეჰოვას. ამაზე მოწმობს ესაიას 30-ე თავი. ამ თავში იგი ცოცხალი ენით აღგვიწერს, თუ როგორ ეხმარება იეჰოვა თავის ხალხს: 1) გულისყურით უსმენს და პასუხობს მათ ლოცვებს, 2) ხელმძღვანელობს და 3) აკურთხებს, როგორც ახლა, ისე მომავალში. w22.11 8 ¶2, 3
ხუთშაბათი, 3 ოქტომბერი
ნუ შეგაშინებს ის სატანჯველი, რისი ატანაც მოგიწევს . . . სიკვდილამდე მიერთგულე და სიცოცხლის გვირგვინს გიბოძებ (გამოცხ. 2:10).
იესომ სმირნისა და ფილადელფიის კრებებს მოუწოდა, არ შეშინებოდათ დევნის, რადგან მათი ერთგულება დაჯილდოვდებოდა (გამოცხ. 3:10). ჩვენც მზად უნდა ვიყოთ განსაცდელებთან შესახვედრად და მათ ასატანად (მათ. 24:9, 13; 2 კორ. 12:10). როგორც „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, ღვთის ხალხი ჩვენს დროში ანუ „უფლის დღეს“ დევნას შეხვდებოდა (გამოცხ. 1:10). გამოცხადების მე-12 თავიდან ვიგებთ, რომ ზეციერ სამეფოში იესოს გამეფებისთანავე ომი ატყდა. მიქაელი ანუ განდიდებული იესო ქრისტე და მისი ლაშქარი შეებრძოლნენ სატანასა და მის დემონებს (გამოცხ. 12:7, 8). ამ ბრძოლაში ღვთის მტრები დამარცხდნენ და ისინი დედამიწაზე იქნენ გადმოყრილი, რამაც კაცობრიობას ენით აუწერელი ტკივილი მოუტანა (გამოცხ. 12:9, 12). w22.05 5 ¶12, 13
პარასკევი, 4 ოქტომბერი
იეჰოვა არ იწყნარებს უსამართლობას (2 მატ. 19:7).
იეჰოვა ყოველთვის ყველაფერს სამართლიანად და მიუკერძოებლად განსჯის. ის გარეგნობის, სიმდიდრის, სტატუსის, უნარისა თუ ნიჭის საფუძველზე არ განსაზღვრავს, აპატიოს თუ არა ვინმეს (1 სამ. 16:7; იაკ. 2:1—4). იეჰოვას ვერავინ ვერ მოისყიდის და ვერც დააძალებს რამეს. მის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოახდენს გაღიზიანება ან მეტისმეტი ლმობიერება (გამ. 34:7). ეჭვგარეშეა, იეჰოვა საუკეთესო მოსამართლეა, რადგან ყველაფერი იცის ჩვენ შესახებ და ბოლომდე სწვდება სიტუაციას (კან. 32:4). ებრაული წერილებიდან კარგად ჩანს, რომ იეჰოვას მიმტევებლობა შეუდარებელია. როგორც ერთ წყაროშია ნათქვამი, ებრაულ წერილებში ვხვდებით სიტყვას, რომელიც „მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მიერ ცოდვილის შენდობის აღსანიშნავად გამოიყენება. ეს სიტყვა არასდროს გამოიყენება ადამიანების მიერ გამოვლენილი მიმტევებლობის კონტექსტში“. მხოლოდ იეჰოვას შეუძლია მომნანიებელი შემცოდველის ცოდვები სრულად გააბათილოს. w22.06 4 ¶10, 11
შაბათი, 5 ოქტომბერი
ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს, და ის სიბერეშიც კი არ გადავა ამ გზიდან (იგავ. 22:6).
თუ მარტოხელა დედა ხართ ან რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ზრდით შვილებს, გახსოვდეთ, რომ თქვენი ერთგულებით სხვებსაც ამხნევებთ და აძლიერებთ. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ერთი შეხედვით თქვენი მაგალითი გავლენას არ ახდენს შვილებზე? გახსოვდეთ, რომ შვილების აღსაზრდელად დრო და მოთმინებაა საჭირო. როცა თესლს რგავთ, შეიძლება დროდადრო მაინც შეგეპაროთ ეჭვი, აღმოცენდება და მოისხამს თუ არა ნაყოფს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენზე არ არის დამოკიდებული, მიიღებთ თუ არა ნაყოფს, მაინც აგრძელებთ მცენარის მორწყვას, რომ საუკეთესო პირობები შეუქმნათ ზრდისთვის (მარ. 4:26—29). მსგავსად, შეიძლება დროდადრო ეჭვი გაგიჩნდეთ, რამდენად გამოგდით შვილების გულში იეჰოვას სიყვარულის ჩანერგვა. ფაქტია, თქვენზე არაა დამოკიდებული, რა არჩევანს გააკეთებენ ისინი, მაგრამ თუ მათ აღსაზრდელად არაფერს დაიშურებთ, სულიერი ზრდისთვის კარგ პირობებს შეუქმნით. w22.04 19, 20 ¶16, 17
კვირა, 6 ოქტომბერი
სიამაყე წინ უძღვის დაცემას, ამპარტავნობა — წაბორძიკებას (იგავ. 16:18).
სანამ იეჰოვას ერთგული იყო, სოლომონს გაწონასწორებული შეხედულება ჰქონდა საკუთარ თავზე. ახალგაზრდობაში მოკრძალებული იყო და ხვდებოდა, რომ ბევრი რამ არ იცოდა, ამიტომ იეჰოვას სთხოვა ხელმძღვანელობა (1 მეფ. 3:7—9). ახალგამეფებულ სოლომონს კარგად ესმოდა, რამდენად საშიში იყო სიამაყე. სამწუხაროდ, მოგვიანებით სოლომონმა თვითონვე არ გაითვალისწინა ეს რჩევა. ის გაამაყდა და უგულებელყო ღვთის კანონები. მაგალითად, ერთ-ერთი კანონი ებრაელ მეფეებს უკრძალავდა ბევრი ცოლის მოყვანას, რომ სწორი გზიდან არ გადაეხვიათ (კან. 17:17). სოლომონი კი ადგა და 700 ცოლი და 300 ხარჭა მოიყვანა (1 მეფ. 11:1—3). შესაძლოა ფიქრობდა, რომ ეს მასზე არ იმოქმედებდა. მაგრამ ფაქტია, ის დაშორდა იეჰოვას და საკუთარ თავზე იწვნია ურჩობის შედეგები (1 მეფ. 11:9—13). w22.05 23 ¶12
ორშაბათი, 7 ოქტომბერი
ჩემი მართალი მსახური რწმენით იცოცხლებს და, თუ უკან დაიხევს, არ მოვიწონებ მას (ებრ. 10:38).
დღეს ყველა ადამიანი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას. მათ ან იეჰოვა უნდა აღიარონ სამყაროს უზენაეს მმართველად, ან მის დაუძინებელ მტერს, სატანა ეშმაკს, დაუჭირონ მხარი. ნეიტრალური პოზიცია არ არსებობს. თითოეული ადამიანის მომავალი ამ არჩევანზეა დამოკიდებული (მათ. 25:31—33, 46). „დიდი გასაჭირის“ დროს ადამიანებს ან დასაღუპავად დაედებათ ნიშანი, ან გადასარჩენად (გამოცხ. 7:14; 14:9—11; ეზეკ. 9:4, 6). თუ იეჰოვას მხარე დაიკავეთ, მაშინ გონივრული გადაწყვეტილება მიგიღიათ. ალბათ, ახლა იმის სურვილი გაქვთ, რომ სხვებსაც დაეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში. იეჰოვას მმართველობის ერთგულ მხარდამჭერებს ბედნიერი მომავალი ელით. ამ საკითხების ღრმად კვლევა ღვთის მსახურების სურვილს გაგვიძლიერებს. გარდა ამისა, ნასწავლით შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს, სწორი არჩევანი გააკეთონ და ბოლომდე უერთგულონ ღმერთს. w22.05 15 ¶1, 2
სამშაბათი, 8 ოქტომბერი
ბედნიერნი ხართ, თუ . . . ყოველგვარ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო (მათ. 5:11).
ჩვენ იეჰოვას უნდა დავუგდოთ ყური და არა ჩვენს მტრებს. როცა იეჰოვა დაელაპარაკა იობს, ის გულისყურით უსმენდა. იეჰოვას სიტყვების არსი შეგვიძლია ასე შევაჯამოთ: „ყველაფერი ვიცი, რაც შეგემთხვა. როგორ ფიქრობ, ვერ შევძლებ შენი მდგომარეობის გამოსწორებას?!“. იობმა იეჰოვას თავმდაბლურად მიუგო: „ყურმოკვრით მქონდა შენზე გაგონილი, ახლა კი გხედავს ჩემი თვალი“ (იობ. 42:5). მართალია, იობი ისევ ნაცარში იჯდა სხეულდაწყლულებული, როცა ეს სიტყვები წარმოთქვა, მაგრამ იეჰოვამ მაინც შეძლო მისი დარწმუნება თავის სიყვარულში და დაანახვა, რომ მისი მოსაწონი მსახური იყო (იობ. 42:7, 8). დღესაც მტრები ზოგჯერ შეურაცხყოფას გვაყენებენ და არაფრად გვაგდებენ. ისინი ცდილობენ, ჩვენი თუ ჩვენი ორგანიზაციის რეპუტაცია შელახონ. როგორც იობის შემთხვევიდან გამოჩნდა, იეჰოვა ნდობას გვიცხადებს და სჯერა, რომ განსაცდელების დროს მისი ერთგული დავრჩებით. w22.06 24 ¶15, 16
ოთხშაბათი, 9 ოქტომბერი
კრავის ქორწილის დრო დადგა (გამოცხ. 19:7).
მართალია, „დიდი ბაბილონის“ განადგურება ზეცაში დიდ სიხარულს გამოიწვევს, მაგრამ უნდა მოხდეს კიდევ ერთი მოვლენა, რომელსაც უფრო დიდი სიხარული მოჰყვება (გამოცხ. 19:1—3). „გამოცხადება“ ამ დამაგვირგვინებელ მოვლენას აღგვიწერს, როგორც „კრავის ქორწილს“. მართალია, არმაგედონამდე 144 000 რჩეული ზეცაში იქნება, მაგრამ კრავის ქორწილი ამ დროს არ გაიმართება (გამოცხ. 21:1, 2). ეს ქორწილი არმაგედონის შემდეგ გაიმართება, როცა ღვთის ყველა მტერს ბოლო მოეღება (ფსალმ. 45:3, 4, 13—17). რა მოჰყვება კრავის ქორწინებას? როგორც ქორწინება აერთიანებს ქალ-ვაჟს, ისე ეს სიმბოლური ქორწინება გააერთიანებს მეფე იესო ქრისტესა და მის „პატარძალს“ ანუ 144 000 რჩეულს. ამ საზეიმო მოვლენით, ასე ვთქვათ, ოფიციალურად ამოქმედდება ახალი ხელისუფლება, რომელიც 1 000 წელი უხელმძღვანელებს კაცობრიობას (გამოცხ. 20:6). w22.05 17 ¶11—13
ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი
ბედნიერია ის მონა, რომელსაც დაბრუნებული ბატონი ასე მოქმედს ნახავს! (მათ. 24:46).
იესომ იწინასწარმეტყველა, რომ უკანასკნელ დროს „ერთგულ და გონიერ მონას“ დანიშნავდა სულიერი საზრდოს მოსამზადებლად (მათ. 24:45). და ეს ასეც არის. ჩვენმა ზედამხედველმა ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი აირჩია, რომ ღვთის ხალხისთვის და სულიერს მოწყურებული ადამიანებისთვის დროულად მიეცათ სულიერი საზრდო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხებული ძმები მათ რწმენაზე ბატონობენ (2 კორ. 1:24). ისინი იესო ქრისტეს აღიარებენ წინამძღოლად და მეთაურად (ეს. 55:4). 1919 წლიდან მოყოლებული „ერთგულმა და გონიერმა მონამ“ არაერთი პუბლიკაცია გამოსცა, რათა დაეკმაყოფილებინა სულიერს მოწყურებული ადამიანების მოთხოვნილებები. 1921 წელს გამოიცა წიგნი „ღვთის ქნარი“, რომელშიც ძირითადი ბიბლიური საკითხები იხსნებოდა. დროის სვლასთან ერთად ახალი სახელმძღვანელოები გამოიცემოდა. თქვენ რომელი წიგნი დაგეხმარათ ღვთის გაცნობასა და შეყვარებაში? w22.07 10 ¶9, 10
პარასკევი, 11 ოქტომბერი
მუდამ შენ წინაშე გეყოლები (ფსალმ. 41:12).
იეჰოვას გულუხვობაში ვერავინ შეედრება. რაც არ უნდა გაიღოთ მისთვის, ის ყოველთვის აქეთ უფრო მეტს მოგცემთ (მარ. 10:29, 30). ამ ბოროტ ქვეყნიერებაშიც კი ის დაგეხმარებათ, რომ საინტერესო და კმაყოფილების მომგვრელი ცხოვრება გქონდეთ. თქვენ საშუალება გაქვთ, მარადიულად ემსახუროთ მოსიყვარულე ზეციერ მამას. შესაბამისად, თქვენ შორის სიყვარული დღითი დღე გაიზრდება და საბოლოოდ, როგორც ღმერთია უსასრულო, თქვენც ასე იცოცხლებთ უსასრულოდ. მიძღვნითა და ნათლობით უძვირფასეს საჩუქარს ვუკეთებთ ზეციერ მამას. თუ რამ გვახარებს ცხოვრებაში, ყველაფერი მისგან გვაქვს ბოძებული. და მაინც, საშუალება გვაქვს, ზეცისა და მიწის მპყრობელს მივცეთ ის, რასაც მხოლოდ ჩვენ ვფლობთ — ჩვენი მზაობა და სურვილი, რომ ერთგულად ვემსახუროთ მას (იობ. 1:8; 41:11; იგავ. 27:11). ამაზე უკეთესს რას გააკეთებდით ცხოვრებაში?! w23.03 6 ¶16, 17
შაბათი, 12 ოქტომბერი
როგორ შეინარჩუნოს ახალგაზრდამ სიწმინდე? იფხიზლოს და შენი სიტყვის თანახმად იცხოვროს (ფსალმ. 119:9).
მოზარდობის წლებში სქესობრივი ლტოლვა შეიძლება მოზღვავებული გქონდეს და თანატოლებიც შეეცადონ უზნეო საქციელში შენს აყოლიებას. სატანასაც ის უნდა, რომ სურვილებს აჰყვე. რა დაგეხმარება ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებაში? (1 თეს. 4:3, 4). იეჰოვას გაანდე შენი გრძნობები და სთხოვე, ძალა მოგცეს (მათ. 6:13). გახსოვდეს, რომ იეჰოვას შენი დახმარება უნდა და არა გაკიცხვა (ფსალმ. 103:13, 14). მარტო ნუ დარჩები შენს პრობლემებთან. მოუყევი მშობლებს, რასთან გიწევს ბრძოლა. მშობლებთან ასეთ საკითხებზე საუბარი ადვილი არ არის, მაგრამ ნამდვილად ღირს ამის გაკეთება. ბიბლიის კითხვა და მასში მოცემულ პრინციპებზე დაფიქრება გაგიადვილებს იეჰოვას მოსაწონი გადაწყვეტილებების მიღებას. დაინახავ, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე წესების დადგენა არ გჭირდება, რადგან კარგად გესმის იეჰოვას თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხზე. w22.08 5 ¶10—12
კვირა, 13 ოქტომბერი
ვინც თავისიანებზე არ ზრუნავს . . . რწმენა უარყო (1 ტიმ. 5:8).
ქრისტიანი მამაკაცები სერიოზულად ეკიდებიან ოჯახის რჩენის პასუხისმგებლობას. თუ ოჯახისთავი ხართ, შეიძლება იმაზე ფიქრი გაწუხებთ, რა აჭამოთ ოჯახს და როგორ გადაიხადოთ ქირა თუ სესხი. შეიძლება ისიც გაფიქრებთ, თუ სამსახურს დაკარგავთ, ახალ სამუშაოს როგორ იშოვით. ან შეიძლება ფიქრობთ, რომ ხელმომჭირნედ ცხოვრება გაგიჭირდებათ. სატანა წარმატებით იყენებს ასეთ შიშს ადამიანების სამართავად. სატანას სურს, დაგვაჯეროს, რომ იეჰოვას არ ადარდებს ჩვენი მდგომარეობა და თუ ოჯახის რჩენა გვინდა, ისევ ჩვენი თავის იმედად უნდა ვიყოთ. თუ სატანამ ეს დაგვაჯერა, არაფერზე დავიხევთ უკან და შეიძლება ბიბლიური პრინციპებიც კი დავარღვიოთ, ოღონდ სამსახური შევინარჩუნოთ. w22.06 15 ¶5, 6
ორშაბათი, 14 ოქტომბერი
ეს სანდო და მტკიცე იმედი ღუზასავით არის ჩვენთვის (ებრ. 6:19).
ღვთის სიტყვიდან ისიც გავიგეთ, რომ იეჰოვა „გულმოწყალე, თანამგრძნობი და სულგრძელი ღმერთია, გულუხვია სიკეთესა და ჭეშმარიტებაში“ (გამ. 34:6). მას უყვარს სამართლიანობა (ეს. 61:8). ზეციერ მამას გულს სტკენს ჩვენი ტანჯვის დანახვა და მზად არის, თავის დროზე ბოლო მოუღოს ყოველგვარ სატანჯველს (იერ. 29:11). ყველანი ვნატრობთ ამ დღის დადგომას. იეჰოვა ნამდვილად იმსახურებს ჩვენს დიდ სიყვარულს ამ ყველაფრისთვის. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გვიყვარს ჭეშმარიტება, ისაა, რომ მომავლის იმედს გვისახავს. როგორც ღუზა აკავებს გემს შტორმის დროს, ისე ბიბლიური იმედი გვეხმარება, ცხოვრებისეული ქარტეხილების დროს სულიერი წონასწორობა არ დავკარგოთ. დღევანდელი დღის მუხლში პავლე ცხებული ქრისტიანების ზეციურ იმედზე საუბრობს. თუმცა ეს სიტყვები იმ ქრისტიანებსაც შეგვიძლია მივუსადაგოთ, რომლებსაც დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედი აქვთ (იოან. 3:16). ეჭვგარეშეა, მარადიული ცხოვრების იმედმა აზრიანი გახადა ჩვენი ცხოვრება. w22.08 14, 15 ¶3—5
სამშაბათი, 15 ოქტომბერი
მზე ისე ნუ ჩავა, რომ კვლავ გაბრაზებული იყოთ (ეფეს. 4:26).
სიყვარული ნდობის საწინდარია. 1 კორინთელების მე-13 თავის თანახმად, ის, რაც სიყვარულს ახასიათებს, გვეხმარება ნდობის განვითარებასა თუ მის აღდგენაში (1 კორ. 13:4—8). მაგალითად, მე-4 მუხლიდან ვიგებთ, რომ „სიყვარული სულგრძელი და კეთილია“. სწორედ სიყვარულის გამოა, რომ იეჰოვა სულგრძელობით გვეპყრობა ჩვენი შეცდომების მიუხედავად. ამიტომ ჩვენც სულგრძელობით უნდა მოვეპყროთ და-ძმებს, როცა თავიანთი სიტყვით თუ საქმით გვაღიზიანებენ ან გულს გვტკენენ. მე-5 მუხლში წერია, რომ სიყვარული „არ ღიზიანდება და წყენას გულში არ იდებს“ ანუ, „ზიანს არ ითვლის“. ამიტომ არ გვინდა, რომ და-ძმებს შეცდომები დავუთვალოთ და შემდეგ წამოვაძახოთ. ეკლესიასტეს 7:9 მოგვიწოდებს: „ადვილად ნუ განაწყენდები“. ეცადეთ და-ძმებს იეჰოვას თვალით უყუროთ. ღმერთს უყვარს ისინი და არ აკვირდება მათ შეცდომებს. არც ჩვენ უნდა დავაკვირდეთ (ფსალმ. 130:3). სხვების შეცდომებს კი არა, მათ დადებით თვისებებს უნდა დავაკვირდეთ (მათ. 7:1—5). w22.09 3, 4 ¶6, 7
ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი
გასაჭირი დადგება (დან. 12:1).
წიგნ „დანიელიდან“ ვიგებთ, რა თანმიმდევრობით განვითარდება მოვლენები უკანასკნელ დროს. მაგალითად, როგორც დანიელის 12:1-დან ჩანს, მიქაელი ანუ იესო ქრისტე ღვთის ხალხის გვერდით დგას. წინასწარმეტყველების ეს სიტყვები 1914 წლიდან სრულდება, როცა იესო ზეციერი სამეფოს მეფე გახდა. დანიელის წინასწარმეტყველებიდან იმასაც ვიგებთ, რომ „ისეთი გასაჭირი დადგება, როგორიც არ ყოფილა ერის გაჩენის დროიდან იმ დრომდე“. ეს გასაჭირი იგივე მათეს 24:21-ში მოხსენიებული „დიდი გასაჭირია“. როგორც წინასწარმეტყველებაშია ნათქვამი, იესო „აღდგება“ ანუ შეიმართება ღვთის ხალხის დასაცავად „დიდი გასაჭირის“ დასასრულს არმაგედონში. „გამოცხადებაში“ მათ „უამრავი ხალხი“ ეწოდება, რომლებმაც „დიდი გასაჭირი გამოიარეს“ (გამოცხ. 7:9, 14). w22.09 21 ¶4, 5
ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი
ვინც მე შემცოდა, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან (გამ. 32:33).
სიცოცხლის წიგნიდან შეიძლება სახელები ამოიშალოს კიდეც. იეჰოვას თითქოსდა ფანქრით აქვს ამ წიგნში სახელები ჩაწერილი (გამოცხ. 3:5). ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სახელი არ ამოიშალოს „სიცოცხლის წიგნიდან“ და საბოლოოდ, ასე ვთქვათ, მელნით ჩაიწეროს. ადამიანთა ერთ-ერთ კატეგორიას რომელთა სახელებიც ამ წიგნშია ჩაწერილი, მიეკუთვნებიან ისინი, ვინც იეჰოვამ ქრისტეს თანამმართველებად აირჩია. ეს ჩანს პავლეს სიტყვებიდან, რომლებიც მან ფილიპეში მცხოვრებ თანამსახურებს მისწერა (ფილ. 4:3). თუმცა მათ ბოლომდე უნდა შეინარჩუნონ ერთგულება, რომ მათი სახელები არ ამოიშალოს ამ სიმბოლური წიგნიდან. ცხებულების სახელები მაშინ ჩაიწერება „მელნით“ ამ წიგნში, როცა მათ საბოლოოდ დაესმებათ ბეჭედი სიკვდილამდე ან „დიდი გასაჭირის“ დაწყებამდე (გამოცხ. 7:3). w22.09 14 ¶3; 15 ¶5, 6
პარასკევი, 18 ოქტომბერი
ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და ასრულებს მას (ლუკ. 11:28).
წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც საყვარელ საჭმელს მიირთმევს, მაგრამ სხვა რაღაცაზე ფიქრობს ან ისე ჩქარობს, რომ საჭმელს გემოს ვერ ატანს. მერეღა ხვდება, რომ ჯობდა ნელა ეჭამა და ჭამის პროცესით ესიამოვნა. მსგავსად, თუ ბიბლიას გადარბენით წაიკითხავთ, ეს თქვენთვის უხალისო და უღიმღამო პროცესად იქცევა. ამიტომ ნუ იჩქარებთ ბიბლიის კითხვისას. გონებაში გააცოცხლეთ წაკითხული სიუჟეტები და გააანალიზეთ. ბიბლიის ასეთი ხარისხიანი კითხვა სიამოვნებას და ბედნიერებას მოგანიჭებთ. დღეს ჩვენ მდიდარი სულიერი „მენიუ“ გვაქვს „ერთგული და გონიერი მონის“ წყალობით, რომელიც იესომ დანიშნა დროული სულიერი საზრდოს მოსაწოდებლად (მათ. 24:45). ჩვენი სულიერი საზრდოს მთავარი „ინგრედიენტი“ ღვთის სიტყვაა (1 თეს. 2:13). w22.10 7, 8 ¶6—8
შაბათი, 19 ოქტომბერი
საკმარისად ვიწვნიეთ თავდაჯერებულთა დაცინვა (ფსალმ. 123:4).
ბიბლიამ გაგვაფრთხილა, რომ ბოლო დღეებში დამცინავები მომრავლდებოდნენ (2 პეტ. 3:3, 4). ისინი საკუთარი „უღვთო სურვილებისამებრ“ იქცევიან (იუდ. 7, 17, 18). რა გავაკეთოთ, რომ დამცინავების გზას არ დავადგეთ? ერთ-ერთი ის არის, რომ მოვერიდოთ ასეთებთან ურთიერთობას (ფსალმ. 1:1). ეს იმას ნიშნავს, რომ არც მოვუსმენთ განდგომილებს და არც მათ მასალას გავეცნობით. ჩვენ გვესმის, რომ თუ არ ვიფრთხილებთ, ადვილად შეიძლება კრიტიკული განწყობა გადმოგვედოს და ეჭვი გაგვიჩნდეს იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის მიმართ. ამ კუთხით საკუთარი თავის შესამოწმებლად კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით შემდეგ კითხვებზე: ყოველთვის კრიტიკულად ხომ არ ვხვდები ახალ მითითებებსა თუ საკითხების ახლებურ ახსნას? ხომ არ დამჩემდა პასუხისმგებელი ძმების კრიტიკა? იეჰოვა ძალიან დაგვიფასებს, თუ დროულად მოვახდენთ რეაგირებას და გასაქანს არ მივცემთ მსგავს აზროვნებას (იგავ. 3:34, 35). w22.10 20 ¶9, 10
კვირა, 20 ოქტომბერი
ისრაელები არ მოგისმენენ (ეზეკ. 3:7).
ღვთის სულმა გააძლიერა ეზეკიელი, რომ ჯიუტი და შუბლმაგარი ხალხისთვის ექადაგა. იეჰოვამ უთხრა ეზეკიელს: „მათსავით ჯიუტი და შუბლმაგარი გაგხადე. შუბლი კაჟზე მეტად, ალმასივით გაგიმაგრე. ნუ შეგეშინდება მათი და ნუ დაგცემს თავზარს მათი სახეები“ (ეზეკ. 3:8, 9). სხვა სიტყვებით, ღმერთმა ეზეკიელს უთხრა: „ნუ შეგაშინებს ამ ხალხის სიჯიუტე, მე გაგამაგრებ“. ამის შემდეგ, როგორც ეზეკიელი წერს, იეჰოვას სულმა მოიცვა და ხილვაში იქ გადაიყვანა, სადაც უნდა ექადაგა. წინასწარმეტყველს ერთი კვირა დასჭირდა, რომ ხალხისთვის გადასაცემი ცნობა გაეაზრებინა (ეზეკ. 3:14, 15). მოგვიანებით იეჰოვამ ის ველზე გაიყვანა, სადაც მასში სული შევიდა (ეზეკ. 3:23, 24). ახლა ეზეკიელი უკვე მზად იყო, რომ შესდგომოდა თავის დავალებას. w22.11 4, 5 ¶8, 9
ორშაბათი, 21 ოქტომბერი
როდემდე უნდა გთხოვდე შველას, იეჰოვა, და არ ისმენდე?! . რატომ იწყნარებ ჩაგვრას?! (აბაკ. 1:2, 3).
წინასწარმეტყველ აბაკუმს რთულ გარემოში მოუწია ცხოვრება. ერთხელ მას იმაშიც კი შეეპარა ეჭვი, აღელვებდა თუ არა იეჰოვას მისი მდგომარეობა. ამიტომ იეჰოვას ლოცვაში თავისი გრძნობები გაანდო. იეჰოვამაც უპასუხა თავისი ერთგული მსახურის ლოცვას (აბაკ. 2:2, 3). აბაკუმმა სიხარული მას შემდეგ დაიბრუნა, რაც დაფიქრდა იმაზე, თუ როგორ იხსნიდა იეჰოვა თავის ხალხს წარსულში. წინასწარმეტყველი დარწმუნდა, რომ იეჰოვას მისი მდგომარეობაც აღელვებდა და ნებისმიერი განსაცდელის დროსაც დაეხმარებოდა (აბაკ. 3:17—19). რას გვასწავლის ეს ჩვენ? სირთულეების დროს ილოცეთ და გული გადაუშალეთ იეჰოვას. გაიხსენეთ, როგორ დაგეხმარათ ის წარსულში. ეს განგიმტკიცებთ იმის რწმენას, რომ იეჰოვა ამჯერადაც მოგცემთ საჭირო ძალას. როცა დაინახავთ თქვენს ლოცვაზე პასუხს, რწმენა კიდევ უფრო განგიმტკიცდებათ. თუ მიჰყვებით სულიერ განრიგს, სირთულეები და ეჭვები ვერ ჩამოგაშორებთ იეჰოვას (1 ტიმ. 6:6—8). w22.11 15 ¶6, 7
სამშაბათი, 22 ოქტომბერი
ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში (ლუკ. 23:43).
იესოსა და მასთან ერთად ძელზე გაკრულ ორ ბოროტმოქმედს ნელი და მტანჯველი სიკვდილი ელოდათ (ლუკ. 23:32, 33). ეს ბოროტმოქმედნი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ მას (მათ. 27:44; მარ. 15:32). თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთმა დამოკიდებულება შეიცვალა და იესოს ასეთი სიტყვები უთხრა: „გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“. იესომ მას დღევანდელი დღის მუხლში ჩაწერილი სიტყვებით მიმართა (ლუკ. 23:39—43). ბოროტმოქმედს იესოს სიტყვების მოსმენაზე გონებაში ულამაზესი სამოთხე წარმოუდგებოდა. იესოს სიტყვებმა ჩვენც უნდა აღგვძრას, წარმოვიდგინოთ სამოთხე. ამის გაკეთებაში იმის გახსენება დაგვეხმარება, როგორი იყო ცხოვრება ისრაელში მეფე სოლომონის მშვიდობიანი მმართველობის დროს. უნდა გვჯეროდეს, რომ იესო, რომელიც სოლომონზე დიდია, თავის თანამმართველებთან ერთად დედამიწაზე შესანიშნავ პირობებს შექმნის (მათ. 12:42). „სხვა ცხვარი“ იმაზეც უნდა დაფიქრდეს, თუ რა მოეთხოვება, სამოთხეში მარადიული სიცოცხლით რომ გაიხაროს (იოან. 10:16). w22.12 8 ¶1; 9 ¶4
ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი
ის უსათუოდ შეგიწყალებს, როცა მოესმება შენი ღაღადი (ეს. 30:19).
ესაია გვარწმუნებს, რომ იეჰოვა გულისყურით მოგვისმენს, როცა შევღაღადებთ და მაშინვე პასუხს გასცემს ჩვენს ვედრებას. „როგორც კი გაიგონებს, გიპასუხებს“, — წერდა ესაია. ეს სიტყვები გვარწმუნებს, რომ ჩვენი ზეციერი მამა მოწადინებულია, დაეხმაროს მათ, ვინც შველას სთხოვს. ამის ცოდნა გვეხმარება, ყველაფერი სიხარულით მოვითმინოთ. იეჰოვა თითოეული ჩვენგანის ლოცვას ისმენს. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? ესაიას 30-ე თავის მე-19 მუხლამდე იეჰოვა თავის ხალხს მიმართავს და ამ დროს მრავლობით ფორმას იყენებს. მე-19 მუხლიდან კი მიმართვის მრავლობითი ფორმა მხოლობითით იცვლება, რათა თითოეულ მსახურს პირადად მიმართოს. მუხლში ასეთ სიტყვებს ვხვდებით: „აღარ იტირებ“, „უსათუოდ შეგიწყალებს“, „გიპასუხებს“. იეჰოვა, როგორც მოსიყვარულე მამა, ყველას ინდივიდუალურად გვიდგება და თითოეული ჩვენგანის ლოცვას ისმენს (ფსალმ. 116:1; ეს. 57:15). w22.11 9 ¶5, 6
ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი
იყავით გველივით ფრთხილნი და მტრედივით უწყინარნი (მათ. 10:16).
თუ წინააღმდეგობის მიუხედავად გავაგრძელებთ ქადაგებისა და სწავლების საქმეს, სიხარული და მშვიდობა არ მოგვაკლდება. პირველ საუკუნეში, როცა იუდეველმა წინამძღოლებმა მოციქულებს ქადაგება აუკრძალეს, ისინი ღმერთს დაემორჩილნენ და გააგრძელეს ქადაგება, რამაც მათ დიდი სიხარული მოჰგვარა (საქ. 5:27—29, 41, 42). რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ქადაგების დროს სიფრთხილე გვმართებს, როცა ჩვენი საქმიანობა იზღუდება. მაგრამ, თუ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, ღვთის მშვიდობას ვიგრძნობთ, რადგან გულს გავუხარებთ იეჰოვას და სხვებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ცნობას გადავცემთ. გჯეროდეთ, რომ ურთულეს სიტუაციებშიც კი შესაძლებელია მშვიდობის შენარჩუნება. ამ სიტუაციებში ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, რომელსაც მხოლოდ იეჰოვა გვაძლევს. ეპიდემიის, სტიქიური უბედურებისა თუ დევნის დროს იეჰოვას მიენდეთ. არ ჩამოშორდეთ ღვთის ორგანიზაციას. ყოველთვის თვალწინ გქონდეთ ის საოცარი დრო, რომელიც წინ გელით. ასეთ შემთხვევაში „მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება“ (ფილ. 4:9). w22.12 21 ¶17, 18
პარასკევი, 25 ოქტომბერი
შეიმოსეთ ახალი პიროვნებით (ეფეს. 4:24).
ახალი პიროვნებით შემოსვლა ძალისხმევის გარეშე არ გამოვა. ამიტომ სხვა დანარჩენთან ერთად უნდა მოვიშოროთ ყოველგვარი ბოღმა, ბრაზი და რისხვა (ეფეს. 4:31, 32). ეს შეიძლება რთული იყოს, რადგან ზოგი უარყოფითი თვისება ძვალ-რბილში გვაქვს გამჯდარი. მაგალითად, ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ზოგი „ადვილად რისხდება“ და „ფიცხია“ (იგავ. 29:22). ამიტომ მნიშვნელოვანია, ნათლობის შემდეგაც გავაგრძელოთ უარყოფით თვისებებთან ბრძოლა (რომ. 7:21—23). ლოცვაში სთხოვეთ იეჰოვას, რომ დაგეხმაროთ არასასურველი თვისების მოშორებაში. გჯეროდეთ, რომ ის შეისმენს თქვენს სათხოვარს და დაგეხმარებათ (1 იოან. 5:14, 15). ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვა რაღაც სასწაულს მოახდენს, თუმცა ძალას კი მოგცემთ, რომ არ დანებდეთ სისუსტეებს (1 პეტ. 5:10). თქვენი საქციელით დაამტკიცეთ, რომ ნამდვილად გსურთ ის, რასაც იეჰოვას სთხოვთ და ნუ ასაზრდოებთ ძველი პიროვნებისთვის დამახასიათებელ თვისებებს. ყველანაირად ეცადეთ, გონებიდან ამოიგდოთ უმართებულო სურვილები (ფილ. 4:8; კოლ. 3:2). w23.01 10 ¶7, 9, 10
შაბათი, 26 ოქტომბერი
ვისაც ღმერთი უყვარს, თავისი ძმაც უნდა უყვარდეს (1 იოან. 4:21).
სამქადაგებლო საქმიანობაში გულმოდგინედ მონაწილეობა მოყვასის მიმართ სიყვარულის დამტკიცების ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. ამიტომ ვცდილობთ, ხელიდან არ გავუშვათ ქადაგების შესაძლებლობა და არ გავარჩიოთ ხალხი რასის, ეროვნების, ფინანსური თუ სოციალური მდგომარეობის მიხედვით. ამგვარად ჩვენი წვლილი შეგვაქვს ღვთის ნების შესრულებაში, რათა „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:4). თუ გვინდა, რომ ღმერთსა და ქრისტეს სიყვარული დავუმტკიცოთ, თანაქრისტიანებიც უნდა გვიყვარდეს. ჩვენ ყურადღებას ვიჩენთ მათ მიმართ და სირთულეების დროს მარტო არ ვტოვებთ, მაგალითად, როცა საყვარელი ადამიანი ეღუპებათ, ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ ან გული უტყდებათ (2 კორ. 1:3—7; 1 თეს. 5:11, 14). ჩვენ ვლოცულობთ კიდეც მათთვის, რადგან ვიცით, რომ „მართალი კაცის ვედრებას დიდი ძალა აქვს“ (იაკ. 5:16). w23.01 28, 29 ¶7, 8
კვირა, 27 ოქტომბერი
გაამხნევეთ და აღაშენეთ ერთმანეთი (1 თეს. 5:11).
როგორც მშენებელი ხელოვნდება დროთა განმავლობაში თავის საქმეში, ისე ჩვენ შეგვიძლია დავიხვეწოთ ერთმანეთის აღშენებაში. სხვების მაგალითებით შეგვიძლია ძალა შევმატოთ იმ და-ძმებს, რომლებსაც ახლა უწევთ განსაცდელების ატანა (ებრ. 11:32—35; 12:1). ხელს შევუწყობთ მშვიდობას, თუკი თანაქრისტიანების დადებთ მხარეებზე გავამახვილებთ ყურადღებას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დაძაბულ სიტუაციებში მშვიდობის შესანარჩუნებლად და უთანხმოების გამო დარღვეული მშვიდობის აღსადგენად (ეფეს. 4:3). რწმენას განვუმტკიცებთ და-ძმებს, თუკი მათთან ბიბლიურ საკითხებზე ვიმსჯელებთ, აღმოვუჩენთ პრაქტიკულ დახმარებას და მხარში ამოვუდგებით სულიერად მოსუსტებულებს. კრების სულიერ აღშენებას დიდი სიხარული და კმაყოფილება მოაქვს. მაშინ როცა ფიზიკური შენობები დროთა განმავლობაში ნადგურდება, სულიერი მშენებლობის შედეგები მარადიულად რჩება. w22.08 22 ¶6; 25 ¶17, 18
ორშაბათი, 28 ოქტომბერი
სიბრძნეს იეჰოვა იძლევა; მისი ბაგიდან გამოდის ცოდნა და გამჭრიახობა (იგავ. 2:6).
იესოს სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ ღვთის სიტყვის გასაგებად წამკითხველს გამჭრიახობა სჭირდება (მათ. 24:15). გამჭრიახობა გვეხმარება აზრებს შორის კავშირისა და განსხვავების, აგრეთვე ტექსტში დაფარული სახით არსებული ინფორმაციის დანახვაში. იესოს სიტყვებიდან გამომდინარე, გამჭრიახობა იმისთვისაც გვჭირდება, რომ დავინახოთ, როგორ სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები. ამ თვისების გარეშე წაკითხულის ცხოვრებაში გამოყენებაც გაგვიჭირდება. იეჰოვა თავის მსახურებს გამჭრიახობას აძლევს. ასე რომ, ლოცვაში სთხოვეთ მას, რომ დაგეხმაროთ ამ თვისების განვითარებაში. თუმცა ჩვენი მხრიდანაც რაღაცის გაკეთება მოითხოვება. უნდა გავაანალიზოთ წაკითხული და დავფიქრდეთ, როგორ უკავშირდება ის ჩვენთვის ნაცნობ ინფორმაციას. გარდა ამისა, უნდა დავინახოთ ამა თუ იმ ბიბლიური მონაკვეთის პრაქტიკული ღირებულება (ებრ. 5:14). თუ კითხვისას გამჭრიახობას გამოიჩენთ, წმინდა წერილებს უკეთ ჩასწვდებით. w23.02 10 ¶7, 8
სამშაბათი, 29 ოქტომბერი
ჩვენ მისით ვარსებობთ, ვცოცხლობთ და დავდივართ (საქ. 17:28).
წარმოიდგინეთ, რომ მეგობარმა გაჩუქათ ძველი, მაგრამ ფასდაუდებელი ნახატი, ფაქტობრივად, შედევრი. ნახატი ადგილ-ადგილ გახუნებულია, ლაქებიც აქვს და ნაკაწრებიც, მაგრამ ის მაინც მილიონობით დოლარად არის შეფასებული. ამ ნახატს, ალბათ, თვალის ჩინივით გაუფრთხილდებით. შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვასგან სიცოცხლის სახით მსგავსი საჩუქარი მივიღეთ. მისთვის ჩვენი სიცოცხლე იმდენად ძვირფასია, რომ საკუთარი ძეც კი გაიღო ჩვენთვის (იოან. 3:16). იეჰოვა სიცოცხლის წყაროა (ფსალმ. 36:9). პავლე მოციქულს სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში, როცა თქვა: „მისით ვარსებობთ, ვცოცხლობთ და დავდივართ“ (საქ. 17:25, 28). ამიტომ თამამად შეგვიძლია სიცოცხლეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენი ვუწოდოთ. იეჰოვამ არა მხოლოდ სიცოცხლე გვიბოძა, არამედ ყველა პირობა შეგვიქმნა სასიცოცხლოდ (საქ. 14:15—17). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვა სასწაულებრივად გვიხანგრძლივებს სიცოცხლეს. ის მოელის, რომ შეძლებისდაგვარად ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფიზიკური თუ სულიერი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად (2 კორ. 7:1). w23.02 20 ¶1, 2
ოთხშაბათი, 30 ოქტომბერი
ჩაწერე წიგნში ყველაფერი, რასაც გეუბნები (იერ. 30:2).
ბიბლიის სახით რამხელა საჩუქარი გაგვიკეთა იეჰოვამ! მისი მეშვეობით ის გვაძლევს ბრძნულ რჩევებს ცხოვრებისეულ სირთულეებთან გასამკლავებლად და მომავლის შესანიშნავ იმედსაც გვისახავს. რაც ყველაზე მთავარია, ბიბლიის მეშვეობით იეჰოვა გვაცნობს თავს. როცა ღვთის საოცარ თვისებებს უკეთ ვეცნობით, გული სითბოთი გვევსება და სურვილი გვიჩნდება, რომ დავუახლოვდეთ და დავუმეგობრდეთ მას (ფსალმ. 25:14). იეჰოვას სურს, ვიცნობდეთ მას. ის წარსულში სიზმრების, ხილვებისა და ზოგჯერ ანგელოზების მეშვეობითაც აცნობდა თავს ადამიანებს (რიცხ. 12:6; საქ. 10:3, 4). ფაქტია, ამის შესახებ ჩვენ ვერ გავიგებდით, იეჰოვას წერილობით რომ არ შემოენახა ის ყველაფერი, რაც უნდა გვცოდნოდა. გვჯერა, რომ მან საუკეთესო მეთოდი აირჩია ჩვენთან საურთიერთოდ, რადგან „სრულყოფილია ღვთის გზა“ (ფსალმ. 18:30). w23.02 2 ¶1, 2
ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი
გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას (საქ. 20:35).
დაისახე ღირებული მიზნები. ისეთი მიზნებისკენ ისწრაფე, რომლებიც რწმენის განმტკიცებასა და ქრისტიანული თვისებების დახვეწაში დაგეხმარება (ეფეს. 3:16). მაგალითად, შეეცადე ბიბლიის კითხვასა და პირად შესწავლას რეგულარული სახე მისცე (ფსალმ. 1:2, 3). ან უფრო ხშირად და შინაარსიანად ილოცე. უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინე, როცა ირჩევ, რით გაერთო ან რაში გამოიყენო დრო (ეფეს. 5:15, 16). თუ სხვებს დაეხმარები, ესეც შენს სულიერ ზრდას მოემსახურება. მაგალითად, შეეცადე, შენს კრებაში მოხუც და დაუძლურებულ და-ძმებს დაეხმარო. გაეგზავნე მათ საყიდლებზე ან ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება ასწავლე. სიკეთე შეგიძლია სხვებსაც გაუკეთო, თუ სასიხარულო ცნობას უქადაგებ (მათ. 9:36, 37). შენს მიზნებში შეგიძლია პიონერობა, ბეთელში მსახურება ან თეოკრატიულ სამშენებლო პროექტებში მონაწილეობა ჩართო. w22.08 6 ¶16, 17