საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es24 გვ. 108-118
  • ნოემბერი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ნოემბერი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2024
  • ქვესათაურები
  • პარასკევი, 1 ნოემბერი
  • შაბათი, 2 ნოემბერი
  • კვირა, 3 ნოემბერი
  • ორშაბათი, 4 ნოემბერი
  • სამშაბათი, 5 ნოემბერი
  • ოთხშაბათი, 6 ნოემბერი
  • ხუთშაბათი, 7 ნოემბერი
  • პარასკევი, 8 ნოემბერი
  • შაბათი, 9 ნოემბერი
  • კვირა, 10 ნოემბერი
  • ორშაბათი, 11 ნოემბერი
  • სამშაბათი, 12 ნოემბერი
  • ოთხშაბათი, 13 ნოემბერი
  • ხუთშაბათი, 14 ნოემბერი
  • პარასკევი, 15 ნოემბერი
  • შაბათი, 16 ნოემბერი
  • კვირა, 17 ნოემბერი
  • ორშაბათი, 18 ნოემბერი
  • სამშაბათი, 19 ნოემბერი
  • ოთხშაბათი, 20 ნოემბერი
  • ხუთშაბათი, 21 ნოემბერი
  • პარასკევი, 22 ნოემბერი
  • შაბათი, 23 ნოემბერი
  • კვირა, 24 ნოემბერი
  • ორშაბათი, 25 ნოემბერი
  • სამშაბათი, 26 ნოემბერი
  • ოთხშაბათი, 27 ნოემბერი
  • ხუთშაბათი, 28 ნოემბერი
  • პარასკევი, 29 ნოემბერი
  • შაბათი, 30 ნოემბერი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2024
es24 გვ. 108-118

ნოემბერი

პარასკევი, 1 ნოემბერი

ცუდს ნურაფერს იტყვით, მხოლოდ კარგი თქვით (ეფეს. 4:29).

ქრისტიანის პირიდან უხამსი სიტყვები არ უნდა გამოდიოდეს. თუმცა თუ არ ვიფრთხილებთ, ზოგჯერ შეიძლება ჩვეულებრივმა საუბარმა შეურაცხმყოფელი სახე მიიღოს. მაგალითად, ვინმე ეროვნების ან კულტურის გამო შეიძლება უარყოფით კონტექსტში მოვიხსენიოთ. გარდა ამისა, გესლიან კომენტარებსაც უნდა მოვერიდოთ. ჯობია, კრიტიკას და წუწუნს მოვერიდოთ და შევაქოთ სხვები. მართალია, ისრაელებს მადლიერების არაერთი მიზეზი ჰქონდათ, მაგრამ ყოველთვის პოულობდნენ რაიმეს საწუწუნოდ. წუწუნი და უკმაყოფილება გადამდებია. ალბათ გახსოვთ, როგორ განაწყო ათმა მზვერავმა უარყოფითი საუბრით მთელი ისრაელი მოსეს წინააღმდეგ (რიცხ. 13:31—14:4). თუმცა შექებასაც დიდი ძალა აქვს და შეუძლია ადამიანი კარგისკენ წაახალისოს. ასე რომ, ყოველთვის შეეცადეთ გულწრფელად შეაქოთ სხვები. w22.04 8 ¶16, 17

შაბათი, 2 ნოემბერი

დაბადებიდან ჩემზე ზრუნავ; დედის მუცლიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი (ფსალმ. 22:10).

ძველი დროიდან მოყოლებული დღემდე იეჰოვა უამრავ ახალგაზრდას დაეხმარა მასთან დამეგობრებაში. თუ თქვენი შვილი მოინდომებს, ის მასაც დაეხმარება სულიერ ზრდაში (1 კორ. 3:6, 7). თუნდაც თქვენი შვილი სულიერად მოიკოჭლებდეს, იეჰოვა მაინც სიყვარულით ადევნებს მას თვალყურს (ფსალმ. 11:4). როგორც კი იეჰოვა მასში სასიკეთო ძვრას დაინახავს, მაშინვე დახმარების ხელს გაუწვდის (საქ. 13:48; 2 მატ. 16:9). ის დაგეხმარებათ, შვილს საჭირო დროს საჭირო სიტყვები უთხრათ (იგავ. 15:23). მან შეიძლება კრებაში რომელიმე და ან ძმა აღძრას, თქვენი შვილის მიმართ ყურადღება გამოიჩინოს. მას შემდეგაც, რაც თქვენი შვილი სრულწლოვანებას მიაღწევს, იეჰოვას შეუძლია გაახსენოს ის, რაც მისთვის გისწავლებიათ (იოან. 14:26). თუ კვლავაც გააგრძელებთ სიტყვითა თუ საქმით თქვენი შვილის სწავლებას, იეჰოვა აუცილებლად დაგაჯილდოვებთ. w22.04 21 ¶18

კვირა, 3 ნოემბერი

განრისხდა დრაკონი (გამოცხ. 12:17).

ვინაიდან სატანას ზეცისკენ გზა მოჭრილი აქვს, ის მთელ თავის რისხვას ღვთის სამეფოს წარმომადგენლებზე, დედამიწაზე დარჩენილ ცხებულებზე, ანთხევს, „რომელთაც იესოს შესახებ ქადაგების საქმე აკისრიათ“ (2 კორ. 5:20; ეფეს. 6:19, 20). 1918 წელს რვა ძმა ცრუ ბრალდებების საფუძველზე დააკავეს და ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. ისე ჩანდა, რომ ისინი, ასე ვთქვათ, დახოცეს, ანუ მათი საქმიანობა შეაჩერეს (გამოცხ. 11:3, 7—11). მაგრამ 1919 წლის დასაწყისში ცხებული ძმები ციხიდან გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ბრალდებები მოუხსნეს. ისინი მაშინვე შეუდგნენ სამეფოს შესახებ ქადაგების საქმეს. თუმცა სატანას არ შეუწყვეტია ღვთის ხალხზე თავდასხმა და დევნის „მდინარე“ მიუშვა მათზე (გამოცხ. 12:15). ამ ყველაფრის ატანას კი ნამდვილად მოთმინება და რწმენა სჭირდება ჩვენი მხრიდან (გამოცხ. 13:10). w22.05 5, 6 ¶14—16

ორშაბათი, 4 ნოემბერი

გავიგონე ბეჭედდასმულთა . . . რიცხვი, 144 000 (გამოცხ. 7:4).

იოანე ხილვაში ხედავს ორ ჯგუფს, რომლებიც მხარს უჭერენ იეჰოვას მმართველობას და ჯილდოდ მარადიულ სიცოცხლეს იღებენ. პირველ ჯგუფში შემავალთა რაოდენობა განსაზღვრულია და 144 000-ს შეადგენს. ისინი დედამიწიდან არიან აყვანილი, რომ იესოს გვერდით ზეციერ სამეფოში იმეფონ და უხელმძღვანელონ დედამიწას (გამოცხ. 5:9, 10; 14:3, 4). იოანეს ხილვაში ისინი იესოსთან ერთად დგანან ზეციერი სიონის მთაზე (გამოცხ. 14:1). მოციქულების დროიდან მოყოლებული ათასობით ადამიანი იქნა შერჩეული, რომ 144 000 რჩეულს შორის მომხვდარიყო (ლუკ. 12:32; რომ. 8:17). თუმცა როგორც იოანე იგებს, ბოლო დღეებში მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი იქნებოდა დარჩენილი დედამიწაზე (გამოცხ. 12:17). „დიდი გასაჭირის“ დროს ეს მცირე ჯგუფი აყვანილი იქნება ზეცაში, სადაც შეუერთდება დანარჩენებს, რომლებმაც დედამიწაზე ცხოვრების დროს ბოლომდე უერთგულეს ღმერთს. ისინი იესოსთან ერთად იმმართველებენ ღვთის სამეფოში (მათ. 24:31; გამოცხ. 5:9, 10). w22.05 16 ¶4, 5

სამშაბათი, 5 ნოემბერი

ყურად იღე ჩემი მცნებები! (ეს. 48:18).

იესო თავის მიმდევრებს უხსნიდა, როგორი შეხედულება უნდა ჰქონოდათ საკუთარ თავზე. მან ასეთი რამ უთხრა მათ: „თქვენს თავზე თმაც დათვლილია“ (მათ. 10:30). ეს სიტყვები გამამხნევებელია ყველასთვის, მით უმეტეს მათთვის, ვინც უარყოფითად აფასებს საკუთარ თავს. იესომ დაგვარწმუნა, რომ ზეციერი მამისთვის ჩვენ სულერთი არ ვართ და ძალიან გვაფასებს. თუ იეჰოვამ უფლება მოგვცა, თაყვანი ვცეთ მას და ახალ ქვეყნიერებაში ვიცხოვროთ, ჩვენ რატომ უნდა დავაყენოთ მისი გადაწყვეტილება ეჭვქვეშ? დაახლოებით 15 წლის წინ ერთ „საგუშაგო კოშკში“ ასეთი რჩევა იყო მოცემული: „რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვსურს იმდენად დიდი წარმოდგენა გვქონდეს საკუთარ თავზე, რომ სხვებს ზემოდან ვუყუროთ; არც ის გვინდა, მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ და არარაობად მივიჩნიოთ თავი. ჩვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ საკუთარ თავზე გაწონასწორებული თვალსაზრისი განვივითაროთ“. w22.05 24, 25 ¶14—16

ოთხშაბათი, 6 ნოემბერი

ამათზე გთხოვ . . . რათა ყველანი ერთნი იყვნენ (იოან. 17:20, 21).

რისი გაკეთება შეგვიძლია თითოეულს კრების ერთობისთვის? ერთობას შევუწყობთ ხელს, თუ მშვიდობისმყოფელები ვიქნებით (მათ. 5:9; რომ. 12:18). როცა კრებაში მშვიდობის შენარჩუნებას ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შეგვაქვს სულიერი სამოთხის გალამაზებაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ვინც სულიერ სამოთხეში მკვიდრობს, ყველა იეჰოვამ მიიზიდა (იოან. 6:44). როგორ ახარებს იეჰოვას იმის დანახვა, რომ ვიღწვით მშვიდობისა და ერთიანობისთვის მის მსახურთა შორის, რომელთაც ის საუნჯედ მიიჩნევს! (ეს. 26:3; ანგ. 2:7). რა უნდა გავაკეთოთ, რომ სრულად შევირგოთ ის, რასაც იეჰოვა თავისი მსახურებისთვის აკეთებს? უნდა ჩავუღრმავდეთ ბიბლიიდან ნასწავლს. თუ ასე მოვიქცევით, ქრისტიანულ თვისებებს განვივითარებთ, რაც, თავის მხრივ, დაგვეხმარება, რომ ძმური სიყვარული და სათუთი გრძნობები გამოვავლინოთ კრებაში (რომ. 12:10). w22.11 12, 13 ¶16—18

ხუთშაბათი, 7 ნოემბერი

ვაპატიებ მათ დანაშაულს და აღარ გავუხსენებ ცოდვას (იერ. 31:34).

როცა ვიაზრებთ, რომ იეჰოვამ გვაპატია, გამოცოცხლებას ვგრძნობთ, რადგან შინაგანი სიმშვიდე გვეუფლება და აღარც სინდისი გვაწუხებს. ასეთი გრძნობა მხოლოდ იეჰოვას მიმტევებლობის შედეგად გვეუფლება (საქ. 3:19). როცა იეჰოვა გვპატიობს, ის ისე აღადგენს ჩვენთან ურთიერთობას, რომ ბზარიც არ რჩება. თუ იეჰოვამ გვაპატია, არასდროს დაგვდებს ბრალს და არ დაგვსჯის წარსულში ჩადენილი ცოდვის გამო (ეს. 43:25). იეჰოვა, ასე ვთქვათ, ისე გვაშორებს ცოდვებს, „როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან“ (ფსალმ. 103:12). იეჰოვას მიმტევებლობაზე ფიქრი ჩვენში მადლიერებასა და კრძალვას იწვევს (ფსალმ. 130:4). ცოდვის სიმძიმეზე არ არის დამოკიდებული, აპატიებს თუ არა იეჰოვა ვინმეს. გადაწყვეტილების მიღებისას იეჰოვა იმ ცოდნას იყენებს, რომელსაც ფლობს, როგორც შემოქმედი, კანონმდებელი და მოსამართლე. w22.06 5 ¶12—14

პარასკევი, 8 ნოემბერი

ვისაც ღმერთთან დაახლოება სურს, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს (ებრ. 11:6).

იეჰოვამ შესანიშნავი იმედი უბოძა ყველა თავის მოყვარულს. მალე ის ბოლოს მოუღებს ავადმყოფობას, მწუხარებასა და სიკვდილს (გამოცხ. 21:3, 4). ღვთის დახმარებით მისი მოიმედე თვინიერი ადამიანები დედამიწას სამოთხედ გადააქცევენ (ფსალმ. 37:9—11). იეჰოვა საშუალებას მოგვცემს, რომ გაცილებით თბილი და ახლო ურთიერთობა ვიქონიოთ მასთან, ვიდრე ახლა გვაქვს. რა საუცხოო იმედია! მაგრამ, რა გვაძლევს საფუძველს, დავიჯეროთ, რომ ღვთის განზრახვები შესრულდება? იეჰოვა არასდროს არღვევს თავის პირობას, სწორედ ამიტომ ვამყარებთ იმედს მასზე (ფსალმ. 27:14). ჩვენი იმედი კი იმაში ჩანს, რომ მოთმინებითა და სიხარულით ველოდებით ღვთის განზრახვების შესრულებას (ეს. 55:10, 11). მოდი ბოლომდე ვუერთგულოთ იეჰოვას იმაში დარწმუნებულებმა, რომ ის აუცილებლად „დააჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“. w22.06 20 ¶1; 25 ¶18

შაბათი, 9 ნოემბერი

თქვენმა მამამ მანამდე იცის, რა გჭირდებათ, სანამ სთხოვთ (მათ. 6:8).

დარწმუნებული ვართ, რომ როგორც ოჯახის თავი, იეჰოვა, თავადვე უერთგულებს იმ პრინციპს, რომელიც 1 ტიმოთეს 5:8-შია მოცემული. თუ დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვას ვუყვარვართ ჩვენც და ჩვენი ოჯახიც, აღარ გვიჭირს იმის დაჯერება, რომ ის იზრუნებს ჩვენს საჭიროებებზე (მათ. 6:31—33). იეჰოვას ნამდვილად სურს, რომ აუცილებელი არ მოგვაკლოს. ამაში გვარწმუნებს ისიც, თუ როგორ შექმნა დედამიწა. იეჰოვამ მხოლოდ იმაზე კი არ იზრუნა, რომ ელემენტარული მოთხოვნილებები დაგვეკმაყოფილებინა, არამედ დედამიწა აავსო იმით, რაც სიამოვნებას მოგვანიჭებდა (დაბ. 2:9). თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ზოგჯერ მხოლოდ იმდენი გვაქვს, რომ თავის გასატანად გვყოფნის. ამ დროსაც უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა ზრუნავს იმაზე, რომ ელემენტარული მაინც გვქონდეს (მათ. 6:11). ისიც გვახსოვდეს, რომ რაც არ უნდა დავთმოთ იეჰოვასთვის, არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მოსიყვარულე ზეციერი მამა დღეს გვაძლევს და მომავალში მოგვცემს (ეს. 65:21, 22). w22.06 15 ¶7, 8

კვირა, 10 ნოემბერი

მყარი საკვები მოწიფულთათვის არის (ებრ. 5:14).

იეჰოვასა და მისი სიტყვის შესახებ მეტის გაგება მხოლოდ დაინტერესებულებს კი არა, ყველას გვჭირდება. მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ ასეთი საკვები კარგისა და ცუდის გარჩევაში დაგვეხმარებოდა. დღეს, როცა ზნეობრივი ნორმები ასეა დეგრადირებული, ჩვენთვის უფრო რთული ხდება ღვთის მოსაწონად ცხოვრება. ამიტომ ძალები რომ მოვიკრიბოთ, ჩვენი ზედამხედველის, იესოს, ხელმძღვანელობით ღვთის სიტყვაზე დაფუძნებული სულიერი საზრდო მოგვეწოდება. იესოს მსგავსად, ჩვენც ღირსეულ პატივს მივაგებთ ღვთის სახელს (იოან. 17:6, 26). 1931 წელს ჩვენ ბიბლიური სახელი „იეჰოვას მოწმეები“ გვეწოდა. ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ჩვენთვის ღვთის სახელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და გვინდა, მისი სახელით გვიცნობდნენ (ეს. 43:10—12). გარდა ამისა, ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ აღვადგინეთ ღვთის სახელი ყველგან, სადაც უნდა წერებულიყო. w22.07 11 ¶11, 12

ორშაბათი, 11 ნოემბერი

შენი სიტყვა ლამპარია ჩემი ფეხისთვის და სინათლეა ჩემი სავალისთვის (ფსალმ. 119:105).

ბიბლიური ჭეშმარიტება სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას მოიცავს. როგორც მათეს 13:44-დან ვიგებთ, იესომ ის დამალულ განძს შეადარა: „ზეციერი სამეფო მინდორში დამალულ განძს ჰგავს, რომელსაც კაცი პოულობს და ისევ მალავს, მერე კი გახარებული მიდის, თუკი რამ აბადია, ყიდის და იმ მინდორს ყიდულობს“. ეს კაცი, რომელიც განძს შემთხვევით წააწყდა, მზად იყო, დიდი მსხვერპლი გაეღო მისთვის. მან ყველაფერი გაყიდა, რაც კი რამ ებადა. და ეს იმიტომ გააკეთა, რომ ესმოდა, რამდენად ძვირფასი რამ იპოვა. ნამდვილად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ქვეყნიერება ისეთს ვერაფერს შემოგვთავაზებს, რაც ჩაანაცვლებს იმ სიხარულს, რომელიც ღვთის მსახურებას და მარადიული სიცოცხლის იმედს მოაქვს. გარდა ამისა, იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ნებისმიერ მსხვერპლად ღირს. უდიდეს სიხარულს გვანიჭებს, რომ შეგვიძლია ყოველმხრივ ვასიამოვნოთ მას (კოლ. 1:10). w22.08 15 ¶8, 9; 17 ¶12

სამშაბათი, 12 ნოემბერი

როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და როგორ შევცოდო ღმერთს?! (დაბ. 39:9).

საიდან იცოდა იოსებმა, რომ ღმერთი მრუშობას დიდ ბოროტებად მიიჩნევდა? მოსეს კანონი, რომელიც მრუშობას კრძალავდა, მხოლოდ 200 წლის შემდეგ დაიწერა (გამ. 20:14). იოსები კარგად იცნობდა იეჰოვას საიმისოდ, რომ მიმხვდარიყო, როგორ უყურებდა ის უზნეობას. მას ეცოდინებოდა, რომ იეჰოვამ თავდაპირველად ერთი კაცი და ერთი ქალი შეაუღლა. ისიც ეცოდინებოდა, როგორ დაიცვა იეჰოვამ ორჯერ მისი დიდი ბებია სარა, რომ მასზე არ ეძალადათ (დაბ. 2:24; 12:14—20; 20:2—7). ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ იოსები მიხვდა, რა იყო ღვთის თვალში სწორი და არასწორი. რაკი ღმერთი უყვარდა, მისი სამართლიანი ნორმებიც უყვარდა და იცავდა კიდეც მათ. w22.08 26 ¶1, 2

ოთხშაბათი, 13 ნოემბერი

მრავალი, ვინც მიწაშია მიძინებული, გაიღვიძებს, ერთნი — მარადიული სიცოცხლისთვის (დან. 12:2).

დანიელის წინასწარმეტყველების თანახმად, რა მოვლენების მომსწრე გახდება „უამრავი ხალხი“, რომელიც „დიდ გასაჭირს“ გადაიტანს? ადრე ვფიქრობდით, რომ აქ საუბარი იყო სიმბოლურ ანუ სულიერ აღდგომაზე, რომელიც „ბოლო დღეებში“ მოხდებოდა. მაგრამ აქ პირდაპირი გაგებით მკვდრეთით აღდგომაზეა საუბარი, რომელიც ახალ ქვეყნიერებაში მოხდება. რატომ მივედით ამ დასკვნამდე? იობის 17:16-ში სიტყვა „მიწა“ სამარის სინონიმად არის გამოყენებული. შესაბამისად, დანიელის 12:2-შიც პირდაპირი გაგებით მკვდრეთით აღდგომაზე უნდა იყოს საუბარი, რომელიც არმაგედონის შემდეგ დაიწყება. ვის ეხება მარადიული სიცოცხლისთვის აღდგომა, რომელზეც დანიელის 12:2-შია საუბარი? მათ, ვინც ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში მკვდრეთით აღდგება და გაიცნობს იეჰოვას ან კვლავაც გააგრძელებს მის გაცნობას და მას და მის ძეს დაემორჩილება. საბოლოოდ ეს ადამიანები მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ (იოან. 17:3). w22.09 21 ¶6, 7

ხუთშაბათი, 14 ნოემბერი

[სიყვარულს] ყველაფერი სწამს (1 კორ. 13:7).

ეს სიტყვები იმას არ ნიშნავს, რომ სხვებს ბრმად ვენდოთ, არამედ ნდობა გამოვუცხადოთ, როცა ამის საფუძველი გვაქვს. და-ძმებისადმი ნდობის განვითარებას დრო სჭირდება. რისი გაკეთება გვმართებს? კარგად უნდა გავიცნოთ და-ძმები. მაგალითად, გამოველაპარაკოთ ხოლმე კრების შეხვედრებზე და ერთად ვიმსახუროთ. ნაჩქარევი დასკვნები არ უნდა გავაკეთოთ მათზე და საშუალება მივცეთ, თავიანთ სანდოობაში დაგვარწმუნონ. შესაძლოა თავიდან ახალგაცნობილ თანაქრისტიანს ყველაფერს არ მოვუყვეთ, მაგრამ რაც უფრო დავუახლოვდებით, მით უფრო გაგვიადვილდება მასთან პირად საკითხებზე საუბარი (ლუკ. 16:10). მაგრამ თუ თანაქრისტიანმა არ გაგვიმართლა ნდობა, მაშინვე ხელს ნუ ჩავიქნევთ მასზე. არც ის ღირს, რომ ერთი ან ორი ადამიანის გამო ყველას გადავუსვათ ხაზი. w22.09 4 ¶7, 8

პარასკევი, 15 ნოემბერი

იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას (2 მატ. 16:9).

ერთ უხუცესს, მიკეასს წარსულში რამდენიმე უხუცესი ცუდად მოექცა. მიუხედავად ამისა, მიკეასმა საღი აზროვნება შეინარჩუნა და ყველაფერი გააკეთა, რომ თავი ხელში აეყვანა. ხშირად ლოცულობდა და იეჰოვას წმინდა სულსა და მოთმინების ძალას სთხოვდა. პუბლიკაციებში საჭირო ინფორმაციას ეძებდა. რისი სწავლა შეგვიძლია ამ შემთხვევიდან? თუ თანაქრისტიანი უსამართლოდ მოგექცათ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გასაქანი არ მისცეთ უარყოფით გრძნობებს. ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით, თუ რამ უბიძგა ადამიანს ასე მოქცეულიყო. ასე რომ, იეჰოვას ლოცვაში სთხოვეთ, დაგეხმაროთ, გაუგოთ ამ ადამიანს. ეს გაგიადვილებთ მისი დანაშაულისთვის გვერდის ავლას (იგავ. 19:11). გახსოვდეთ, რომ იეჰოვა ყველაფერს ხედავს და მოთმინების ძალას მოგცემთ (ეკლ. 5:8). w22.11 21 ¶5

შაბათი, 16 ნოემბერი

თვალთმაქცებს თავს ვარიდებ (ფსალმ. 26:4).

იმეგობრე მათთან, ვისაც იეჰოვა უყვარს. შენს სულიერ ზრდაზე გავლენას იქონიებს ის, თუ ვისთან იმეგობრებ (იგავ. 13:20). ერთი ახალგაზრდა ძმა ჯულიენი, რომელიც ამჟამად უხუცესად მსახურობს, ასეთ რამეს ამბობს: „მსახურების დროს კარგი მეგობრები გავიჩინე. მათი სიხარული მეც გადმომედო. მივხვდი, აქამდე ბევრს ვკარგავდი, მხოლოდ ჩემს ტოლებთან რომ ვმეგობრობდი“. როგორ უნდა მოიქცე, თუ მიხვდები, რომ ვისთანაც მეგობრობ კრებაში, მთლად კარგ გავლენას არ ახდენს შენზე? გაითვალისწინე ტიმოთესთვის მიცემული პავლეს რჩევა. მას თავი შორს უნდა დაეჭირა მათგან, ვისაც სულიერი ხედვა აკლდა (2 ტიმ. 2:20—22). გაუფრთხილდი იეჰოვასთან მეგობრობას, რისთვისაც ამდენი გიშრომია და არავის მისცე საშუალება, გაგიფუჭოს ზეციერ მამასთან ურთიერთობა. w22.08 5, 6 ¶13—15

კვირა, 17 ნოემბერი

ჩამოშორდი სულელ კაცს (იგავ. 14:7).

მათგან განსხვავებით, ვინც არაფრად აგდებს ღვთის რჩევებს, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, შევიყვაროთ მისი ზნეობრივი ნორმები. ეს სიყვარული კიდევ უფრო განგვიმტკიცდება, თუ დავუკვირდებით, რა შედეგები მოაქვს ღვთისადმი მორჩილებას და დაუმორჩილებლობას. დააკვირდით, რამდენ პრობლემას იქმნიან ის ადამიანები, რომლებიც არაფრად აგდებენ იეჰოვას სიბრძნეს. იმაზეც დაფიქრდით, როგორ გაგიუმჯობესდათ ცხოვრება ღვთის მორჩილების წყალობით (ფსალმ. 32:8, 10). იეჰოვა არავის აიძულებს, რომ მისი სიბრძნით იხელმძღვანელონ. ის უბრალოდ გვაფრთხილებს, რა შედეგებს მივიღებთ, თუ უგულებელვყოფთ მის სიბრძნეს (იგავ. 1:29—32). ისინი „თავიანთი გზის ნაყოფს იგემებენ“. ადრე თუ გვიან, მათი ცხოვრების წესი მრავალ სადარდებელსა თუ გულისტკივილს გაუჩენს, ბოლოს კი განადგურებას მოუტანს. მათზე კი, ვინც იეჰოვას ბრძნულ რჩევებს ითვალისწინებს, შესრულდება შემდეგი სიტყვები: „ვინც მისმენს, უსაფრთხოდ იცხოვრებს, და უბედურების შიში არ შეაწუხებს“ (იგავ. 1:33). w22.10 21 ¶11—13

ორშაბათი, 18 ნოემბერი

ბედნიერია იეჰოვას მოშიში, მისი გზით მავალი კაცი (ფსალმ. 128:1).

ღვთისმოშიშება იეჰოვასადმი კრძალვას ნიშნავს, რაც აღგვძრავს, მოვერიდოთ ყველაფერს, რაც მიუღებელია მისთვის (იგავ. 16:6). მაშასადამე, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, არ გავცდეთ ღვთის სამართლიან ნორმებს (2 კორ. 7:1). ჩვენივე ბედნიერებას შევუწყობთ ხელს, თუ იმას გავაკეთებთ, რაც იეჰოვას მოსწონს და მოვერიდებით იმას, რაც მას სძულს (ფსალმ. 37:27; 97:10; რომ. 12:9). მარტო იმის აღიარება არ კმარა, რომ იეჰოვას აქვს უფლება, დაგვიდგინოს, რა არის სწორი და რა — არასწორი. უნდა ვიცხოვროთ კიდეც ამ ნორმების თანახმად (რომ. 12:2). თუ გვჯერა, რომ იეჰოვას ნორმებით ცხოვრება საუკეთესოა, ეს საქმეებით უნდა დავამტკიცოთ (იგავ. 12:28). დავითიც აღიარებდა, რომ იეჰოვას ნორმებით ცხოვრება ყველაზე სწორი არჩევანი იყო. ამიტომაც მიმართა მან იეჰოვას ასეთი სიტყვებით: „შენ მასწავლი სიცოცხლის გზით სიარულს. დიდად ვხარობ შენ წინაშე; მარადიული ბედნიერება მოაქვს შენს მარჯვენასთან ყოფნას“ (ფსალმ. 16:11). w22.10 8 ¶9, 10

სამშაბათი, 19 ნოემბერი

ძე თავისით არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რასაც ხედავს, რომ მამა აკეთებს (იოან. 5:19).

იესო თავმდაბალი იყო და არ დაუკარგავს საკუთარ თავზე გაწონასწორებული შეხედულება. განკაცებამდე ის ზეცაში იეჰოვასთან ერთად ბევრ საოცარ საქმეს ასრულებდა. მაგალითად, „მისი მონაწილეობით შეიქმნა სხვა ყველაფერი ზეცაში და დედამიწაზე“ (კოლ. 1:16). როგორც ჩანს, ნათლობის დროს იესოს გაახსენდა ყველაფერი, რასაც მამის გვერდით აკეთებდა ზეცაში (მათ. 3:16; იოან. 17:5). მაგრამ ამის გამო ის არ გაამაყებულა. მას არასდროს არავისთვის გადაუმეტებია თავი. როგორც თავის მოწაფეებს აუხსნა, ის არ „მოსულა იმისთვის, რომ მას მოემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და სიცოცხლე გასწიროს მრავალთა გამოსასყიდად“ (მათ. 20:28). მან მოკრძალებულად აღიარა, რომ თავისით არაფერს აკეთებდა. იესო ნამდვილად თავმდაბლობის უბადლო მაგალითია! w22.05 24 ¶13

ოთხშაბათი, 20 ნოემბერი

დაუბრუნდეს იეჰოვას (ეს. 55:7).

როცა იეჰოვა წყვეტს, აპატიოს თუ არა ვინმეს დანაშაული, ერთ-ერთი ფაქტორი, რასაც მხედველობაში იღებს, ისაა, აცნობიერებს თუ არა ადამიანი ცოდვის ჩადენისას, რომ რაღაცას აშავებს. ეს კარგად ჩანს ლუკას 12:47, 48-ში ჩაწერილი იესოს სიტყვებიდან. თუ ადამიანი განზრახ სჩადის ისეთ დანაშაულს, რომელზეც კარგად იცის, რომ იეჰოვასთვის მიუღებელია, სერიოზულად სცოდავს. ასეთ ადამიანს შეიძლება იეჰოვამ არც კი აპატიოს (მარ. 3:29; იოან. 9:41). შეიძლება ჰქონდეს ასეთ დროს ადამიანს იეჰოვას გულმოწყალების იმედი? დიახ. იეჰოვა კიდევ ერთ ფაქტორს ითვალისწინებს: გულწრფელად ინანიებს თუ არა შემცოდველი. ვინც ინანიებს, იცვლის აზრს, დამოკიდებულებასა და მიზანს. ის წუხს ჩადენილის ან იმის გამო, რომ არ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. მომნანიებელი ადამიანი არა მხოლოდ ჩადენილ დანაშაულს განიცდის, არამედ იმ სულიერ მდგომარეობასაც, რომელმაც ცოდვამდე მიიყვანა. w22.06 5, 6 ¶15—17

ხუთშაბათი, 21 ნოემბერი

ყველა, ვისაც სურს, ქრისტეს მოწაფე იყოს და ღმერთს უერთგულოს, დევნილი იქნება (2 ტიმ. 3:12).

ჩვენი მტრები სიცრუესა და დეზინფორმაციას ავრცელებენ პასუხისმგებელ ძმებზე (ფსალმ. 31:13). ზოგი ძმა დააპატიმრეს და ბოროტმოქმედებაში დასდეს ბრალი. ასეთი რამ პირველ საუკუნეშიც ხდებოდა. მაგალითად, მოციქული პავლე უსამართლოდ დაადანაშაულეს და დააპატიმრეს. ზოგმა ზურგი შეაქცია პავლე მოციქულს, როცა ის რომში იყო დაპატიმრებული (2 ტიმ. 1:8, 15; 2:8, 9). წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობდა პავლე თავს ამ დროს. ის ხომ მათ გამო უამრავ სირთულეს შეხვდა და სიცოცხლეც კი ჩაიგდო საფრთხეში (საქ. 20:18—21; 2 კორ. 1:8). ნურასდროს დავემსგავსებით მათ, ვინც პავლე მიატოვა! არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სატანას მიზანში პასუხისმგებელი ძმები ჰყავს ამოღებული. ამ ხერხით ის ცდილობს, რომ ძმებს ერთგულება შეურყიოს და ჩვენ დაგვაშინოს (1 პეტ. 5:8). ბოლომდე გვერდში დაუდექით პასუხისმგებელ ძმებს (2 ტიმ. 1:16—18). w22.11 16, 17 ¶8—11

პარასკევი, 22 ნოემბერი

ღვთისა არ გეშინია? (ლუკ. 23:40).

იესოს გვერდით ბოძზე გაკრული მომნანიებელი ბოროტმოქმედი, სავარაუდოდ, ებრაელი იყო. უცხოტომელებისგან განსხვავებით ებრაელები მხოლოდ ერთ ღმერთს სცემდნენ თაყვანს (გამ. 20:2, 3; 1 კორ. 8:5, 6). იესოსთან ერთად დასჯილი ბოროტმოქმედი უცხოტომელი რომ ყოფილიყო, ეს კითხვა, ალბათ, შემდეგნაირად გაიჟღერებდა: „ღმერთებისა არ გეშინია?“. გარდა ამისა, იესო გაგზავნილი იყო არა უცხოტომელებთან, არამედ „ისრაელის დაკარგულ ცხვრებთან“ (მათ. 15:24). ღმერთმა ისრაელებს გაუცხადა, რომ მკვდრებს სიცოცხლეს დაუბრუნებდა. სავარაუდოდ, მომნანიებელმა ბოროტმოქმედმაც იცოდა ეს. როგორც მისი სიტყვებიდან გამოჩნდა, მან დაასკვნა, რომ იეჰოვა იესოს აღადგენდა, რათა ზეციერ სამეფოში ემმართველა. ამ კაცს, როგორც ჩანს, იმის იმედიც ჰქონდა, რომ ღმერთი მასაც დაუბრუნებდა სიცოცხლეს. ამ ებრაელ მამაკაცს ისიც ეცოდინებოდა, რომ იეჰოვამ ადამი და ევა სამოთხეში დაასახლა. ასე რომ, მას იესოს სიტყვების მოსმენაზე რომელიც ლუკას 24:43 ჩაწერილი, გონებაში ულამაზესი ბაღი წარმოუდგებოდა (დაბ. 2:15). w22.12 8, 9 ¶2, 3

შაბათი, 23 ნოემბერი

საერთო მიზნით გაერთიანებულნი გამუდმებით ლოცულობდნენ (საქ. 1:14).

ქადაგებას ვერ შევძლებდით, რომ არა იეჰოვას სული, რადგან სატანა გვებრძვის და ყველანაირად ცდილობს სამქადაგებლო საქმის შეჩერებას (გამოცხ. 12:17). თუ ადამიანური თვალით შევხედავთ, ამ ბრძოლაში გამარჯვების შანსი არ გვაქვს, მაგრამ ქადაგებით ჩვენ ვიმარჯვებთ სატანაზე (გამოცხ. 12:9—11). რატომ ვამბობთ ამას? როცა ვქადაგებთ, გამოდის, რომ სატანის მუქარას არ ვუშინდებით. ყოველ ჯერზე, როცა მსახურებაში გავდივართ, ეშმაკი მარცხს განიცდის. აშკარაა, ღვთის წმინდა სული გვიჭერს მხარს და იეჰოვა გვიწონებს ამ საქმეში მონაწილეობისთვის?! (მათ. 5:10—12; 1 პეტ. 4:14). ღვთის სული ისე გაგვამაგრებს, რომ მსახურებაში ნებისმიერ სირთულეს გადავლახავთ (2 კორ. 4:7—9). ჩვენი მხრივ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთის სული არ მოგვაკლდეს? გამუდმებით უნდა ვილოცოთ და გვჯეროდეს, რომ იეჰოვა შეისმენს ჩვენს ლოცვებს. w22.11 5 ¶10, 11

კვირა, 24 ნოემბერი

გევედრებით, ძმებო, შეაგონეთ ურჩები, ანუგეშეთ გულდამძიმებულნი, მხარი დაუჭირეთ სუსტებს და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ (1 თეს. 5:14).

და-ძმების სიყვარული იმას გულისხმობს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ მათთან მშვიდობიანი ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ყველანაირად ვცდილობთ, რომ იეჰოვას მიმტევებლობაში მივბაძოთ. თუ ის მზად იყო, თავისი ძე ჩვენი ცოდვებისთვის გაეწირა, განა ჩვენ არ უნდა ვიყოთ მზად, ვაპატიოთ და-ძმებს ჩვენ მიმართ ჩადენილი ცოდვები?! განა ვინმეს სურს იმ ბოროტ მონას დაემსგავსოს, რომელიც იესომ ერთ-ერთ იგავში მოიხსენია?! მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა მას უზარმაზარი ვალი აპატია, მან არ მოისურვა თავისნაირი მონისთვის შედარებით მცირე ვალის პატიება (მათ. 18:23—35). თუ კრებაში ვინმესთან უთანხმოება მოგივიდათ, ყველანაირად ეცადეთ, გახსენების საღამომდე მშვიდობა აღადგინოთ მასთან (მათ. 5:23, 24). ასეთი სახით იეჰოვასა და იესოს თქვენს სიყვარულს დაუმტკიცებთ. w23.01 29 ¶8, 9

ორშაბათი, 25 ნოემბერი

ვინც ღარიბს სწყალობს, სესხს აძლევს იეჰოვას (იგავ. 19:17).

დაუსვით და-ძმებს ტაქტიანი კითხვები და ასე გაიგეთ რა სჭირდებათ მათ (იგავ. 20:5). მაგალითად გაიგეთ, აქვთ თუ არა საჭმელი, წამლები თუ სხვა საჭირო ნივთები. უმუშევრები ხომ არ დარჩნენ, რის გამოც უჭირთ გადასახადების გადახდა? რამის გარკვევა ხომ არ სჭირდებათ მთავრობისგან დახმარების მისაღებად? იეჰოვა ჩვენგან მოელის, რომ გავამხნევებთ და დავეხმარებით სხვებს (გალ. 6:10). სიყვარულის თუნდაც ერთი პატარა ჟესტი შეიძლება გამამხნევებელი აღმოჩნდეს ავადმყოფი თანაქრისტიანისთვის. მაგალითად, ბავშვებს შეუძლიათ რამე დაუხატონ ან დაუწერონ, ახალგაზრდებს შეუძლიათ საყიდლებზე ან სხვა რამეზე გაეგზავნონ, ზოგს შეუძლია საჭმელი მოუმზადოს მას. ზოგი თანაქრისტიანი სამადლობელ წერილს უგზავნის უხუცესებს, რომლებიც პანდემიის დროს ჩვეულებრივზე მეტად არიან დატვირთულნი. რა ჯობია იმას, როცა და-ძმები ერთმანეთს ამხნევებენ და აღაშენებენ! (1 თეს. 5:11). w22.12 22 ¶2; 23 ¶5, 6

სამშაბათი, 26 ნოემბერი

ძალიან ცდებით (მარ. 12:27).

მიუხედავად იმისა, რომ სადუკეველებმა საფუძვლიანად იცოდნენ ხუთწიგნეული, მათ მხედველობიდან რჩებოდათ არაერთი მნიშვნელოვანი აზრი. მაგალითად, გავიხსენოთ, რა უპასუხა იესომ მათ, როცა მკვდრეთით აღდგომაზე დაუწყეს დავა: «ნუთუ არ წაგიკითხავთ მოსეს წიგნში, რა უთხრა ღმერთმა მას ეკლიან ბუჩქთან: „მე აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი ვარ“» (მარ. 12:18, 26). მართალია, სადუკეველებს არაერთხელ ექნებოდათ წაკითხული ეს მონაკვეთი, მაგრამ იესოს კითხვიდან გამოჩნდა, რომ ისინი ვერ ჩასწვდნენ წაკითხულის არსს და ვერ მიხვდნენ, რომ მკვდრეთით აღდგომა იქნებოდა (ლუკ. 20:38). რას გვასწავლის ეს შემთხვევა? გვინდა ყველა დეტალს მივაქციოთ ყურადღება და დავინახოთ წაკითხულის პრაქტიკული ღირებულება. ჩვენი მიზანი მხოლოდ იმის დანახვა არ უნდა იყოს, რაც ისედაც ნათელია, არამედ გვინდა იმის დანახვაც შევძლოთ, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს. w23.02 11 ¶9, 10

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ჩვენ გარშემო მოწმეთა . . . დიდი ლაშქარია (ებრ. 12:1).

დღევანდელი დღის მუხლში მოხსენიებული ყველა ადამიანი შეხვდა რწმენის გამოცდებს, მაგრამ თავიანთი ერთგულებით დაგვამახსოვრეს თავი (ებრ. 11:36—40). ტყუილუბრალოდ ითმენდნენ და იღვწოდნენ იეჰოვასთვის? არამც და არამც! მართალია, მათ სიცოცხლეში იეჰოვას ყველა დაპირება არ შესრულებულა, მაგრამ მათ იეჰოვას იმედი არ დაუკარგავთ. რაკი იცოდნენ, რომ ცხოვრება ღვთისმოსაწონად გალიეს, ეჭვი არ ეპარებოდათ იმაში, რომ ერთ დღესაც ღვთის განზრახვების შესრულებას საკუთარი თვალით იხილავდნენ (ებრ. 11:4, 5). მათი მაგალითი ჩვენც გვაძლევს სტიმულს, რომ იეჰოვას იმედი არ დავკარგოთ. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ცხოვრება ცუდიდან უარესობისკენ იცვლება (2 ტიმ. 3:13). სატანა დღემდე განსაცდელში აგდებს ღვთის ხალხს. რა განსაცდელსაც არ უნდა შევხვდეთ, დაე კვლავ მთელი გულით ვემსახუროთ იეჰოვას, რადგან ჩვენ „ცოცხალი ღვთის იმედი გვაქვს“ (1 ტიმ. 4:10). w22.06 25 ¶17, 18

ხუთშაბათი, 28 ნოემბერი

რა ხეირი, თუ მოვკვდები?! . განა შეგასხამს მტვერი ხოტბას?! (ფსალმ. 30:9).

რატომ უნდა ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე? ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ გვინდა, ძალები გვქონდეს იეჰოვას მსახურებისთვის (მარ. 12:30). ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, შეგნებულად არ დავიზიანოთ ჯანმრთელობა (რომ. 12:1). თუმცა ისიც ფაქტია, რომ ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ყოველთვის იდეალურ ჯანმრთელობას ვერ შევინარჩუნებთ. მაგრამ ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ზეციერ მამას დავუფასოთ ეს უძვირფასესი საჩუქარი. ზოგჯერ ავადმყოფობა და ასაკი ხელ-ფეხს გვიკრავს და ბევრის კეთების საშუალებას აღარ გვაძლევს. ამის გამო შეიძლება ბევრ რამეზე გული დაგვწყდეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელი ჩავიქნიოთ და აღარ ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე. მეფე დავითის მსგავსად, მაინც შეგვიძლია იეჰოვას განდიდება. თუნდაც ასაკი ან ჯანმრთელობა არ გვიწყობდეს ხელს, ღვთისთვის მაინც ძვირფასები ვართ (მათ. 10:29—31). რომც მოვკვდეთ, იეჰოვა სიცოცხლეს დაგვიბრუნებს, რადგან მას მოენატრება თავის ხელთა ქმნილება (იობ. 14:14, 15). ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ ცოცხლები ვართ, უნდა გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს და ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე. w23.02 20, 21 ¶3—5

პარასკევი, 29 ნოემბერი

წმინდა სულის გმობა არასოდეს ეპატიებათ (მარ. 3:29).

არმაგედონში გადარჩენის შემდეგაც იქნება უამრავი ხალხის სახელები ჩაწერილი „სიცოცხლის წიგნში“? დიახ (გამოცხ. 7:14). ამ ცხვრისმაგვარ ადამიანებზე იესომ თქვა, რომ „მარადიულად იცოცხლებენ“ (მათ. 25:46). მაგრამ ისინი არმაგედონის შემდეგ მაშინვე არ მიიღებენ მარადიულ სიცოცხლეს. თავისი ათასწლიანი მეფობის დროს იესო „დამწყემსავს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვება“. მათი სახელები, ვინც მორჩილად გაჰყვება იესოს და საბოლოოდ იეჰოვას ერთგულად ჩაითვლება, აღარასდროს ამოიშლება „სიცოცხლის წიგნიდან“ (გამ 7:16, 17). რაც შეეხება თხისმაგვარ ადამიანებს, ისინი არმაგედონში განადგურდებიან. იესომ ასეთებზე თქვა, რომ „სამუდამოდ განადგურდებიან“ (მათ. 25:46). ღვთივშთაგონებით მოციქულმა პავლემაც დაწერა მათზე, რომ „სასჯელად მარადიულ განადგურებას დაიტეხენ“ (2 თეს. 1:9; 2 პეტ. 2:9). w22.09 16 ¶7, 8

შაბათი, 30 ნოემბერი

ყველაფერს თავისი დრო აქვს (ეკლ. 3:1).

იეჰოვას ქმნილებეზე დაკვირვებით ბუნებაში ოჯახებს შეუძლიათ დრო სასიამოვნოდ გაატარონ და განიტვირთონ, რაც ოჯახურ კვანძებს აძლიერებს. ჩვენ ირგვლივ ბევრი ისეთი რამაა შექმნილი, რაც საშუალებას გვაძლევს, დრო სასიამოვნოდ გავატაროთ. ბევრს მოსწონს ტყეში, სოფელში, მთაში ან ზღვაზე დასვენება. ახალ ქვეყნიერებაში აღარაფერი შეგვიშლის ხელს, რომ სრულად დავტკბეთ იეჰოვას ქმნილებებით. იმ დროს არ შეგვეშინდება ცხოველების და არც მათ ექნებათ ჩვენი შიში (ეს. 11:6—9). არც დროში ვიქნებით შეზღუდული (ფსალმ. 22:26). თუმცა მშობლებო, დღესვე დაეხმარეთ შვილებს, რომ ისიამოვნონ იეჰოვას ქმნილებებით. თუ ქმნილებების მეშვეობით უკეთ გააცნობთ შემოქმედს, ისინი მეფე დავითივით მას ეტყვიან: „ვერავინ იქმს შენნაირ საქმეებს!“ (ფსალმ. 86:8). w23.03 25 ¶16, 17

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება