დეკემბერი
კვირა, 1 დეკემბერი
რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო? (საქ. 8:36).
ნამდვილად მზად იყო ეთიოპი კარისკაცი ნათლობისთვის? დაფიქრდით: ის „იერუსალიმში ღვთის თაყვანსაცემად იყო ჩასული“ (საქ. 8:27). გამოდის, რომ ის პროზელიტი იყო ანუ იუდაიზმზე იყო მოქცეული. შესაბამისად, მას უკვე ბევრი რამ ეცოდინებოდა იეჰოვას შესახებ ებრაული წერილებიდან. მაგრამ მას მეტის გაგების სურვილი ჰქონდა. ამაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ როცა ფილიპეს გზაზე შეხვდა, ის ესაიას წინასწარმეტყველებას ჩაჰკირკიტებდა (საქ. 8:28). ეთიოპი კარისკაცი ცოდნის გაღრმავებას ცდილობდა. ის ეთიოპიიდან იერუსალიმისკენ გრძელ გზას დაადგა, რომ იეჰოვასთვის თაყვანი ეცა ტაძარში. ეთიოპმა კარისკაცმა ფილიპესგან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე გაიგო, მათ შორის მესიის ვინაობაც (საქ. 8:34, 35). მოსმენილი დაეხმარა, უფრო მეტად შეეყვარებინა იეჰოვა და დაეფასებინა მისი ძე. ამიტომ მან უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, რომ იესო ქრისტეს მიმდევარი გამხდარიყო. ფილიპეც მიხვდა, რომ ეთიოპი კარისკაცი მზად იყო ამ ნაბიჯის გადასადგმელად და მონათლა. w23.03 8, 9 ¶3—6
ორშაბათი, 2 დეკემბერი
თქვენი საუბარი ყოველთვის მადლიანი იყოს (კოლ. 4:6).
თუ ტყუილის თქმა გვჩვევია, იეჰოვას ვერ ვასიამოვნებთ (იგავ. 6:16, 17). დღეს ბევრი ტყუილს უწყინარ რამედ თვლის, მაგრამ ჩვენ გვინდა ამ საკითხს იეჰოვას თვალით ვუყუროთ (ფსალმ. 15:1, 2). ცხადია, ჩვენ არა მარტო აშკარა ტყუილს ვერიდებით, არამედ იმასაც, რომ ვინმე ჩვენი სიტყვებით შეცდომაში არ შევიყვანოთ. გარდა ამისა, უნდა მოვერიდოთ ჭორაობას (იგავ. 25:23; 2 თეს. 3:11). თუ ხვდებით, რომ საუბარმა ჭორაობის სახე მიიღო, შეეცადეთ, მიმართულება შეცვალოთ და დადებით თემებზე გადაერთოთ. ბევრი ანგარიშს საერთოდ არ უწევს თავის საუბარს, ამიტომ დიდი დაკვირვება და სიფრთხილე გვმართებს, რომ ჩვენი საუბარი იეჰოვასთვის მოსაწონი იყოს. თუ მსახურებაში, კრების შეხვედრებზე და ყოველდღიურ ცხოვრებაში ვცდილობთ, ღვთის მოსაწონად გამოვიყენოთ მეტყველების უნარი, ის აუცილებლად დაგვიფასებს მცდელობას. როცა ეს უღვთო ქვეყნიერება საბოლოოდ განადგურდება, ჩვენი საუბრით იეჰოვას განდიდება უფრო გაგვიადვილდება (იუდ. 15). w22.04 9 ¶18—20
სამშაბათი, 3 დეკემბერი
ჩვენ გვიყვარს, რადგან ჯერ მან შეგვიყვარა (1 იოან. 4:19).
როცა ვფიქრობთ, როგორ ვუყვარვართ იეჰოვასა და იესოს, სურვილი გვიჩნდება, რომ ჩვენც იმავეთი ვუპასუხოთ (1 იოან. 4:10). ამასთანავე, მათდამი სიყვარული უფრო გვიღრმავდება, როცა ვაცნობიერებთ, რომ იესო პირადად ჩვენთვის მოკვდა. მოციქულ პავლესაც კარგად ესმოდა ეს. გალატელებისთვის მიწერილ წერილში მან თავისი მადლიერება ასე გამოხატა: „[ღვთის ძემ] შემიყვარა და თავი გაწირა ჩემთვის“ (გალ. 2:20). გამოსასყიდმა შესაძლებლობა მოგვცა, რომ იეჰოვას დავახლოებოდით და მისი მეგობრები გავმხდარიყავით (იოან. 6:44). რა სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ იეჰოვამ თითოეულ ჩვენგანში რაღაც კარგი დაინახა და უდიდესი მსხვერპლი გაიღო, რათა მისი მეგობრები გავმხდარიყავით. განა ამაზე ფიქრი კიდევ უფრო არ გვიღრმავებს იეჰოვასა და იესოსადმი სიყვარულს?! მაგრამ საინტერესოა, რისკენ უნდა აღგვძრას ამ სიყვარულმა. ღვთისა და იესოს სიყვარული აღგვძრავს, გვიყვარდეს მოყვასი (2 კორ. 5:14, 15; 6:1, 2). w23.01 28 ¶6, 7
ოთხშაბათი, 4 დეკემბერი
მივცემ ხალხებს სუფთა ენას (სოფ. 3:9).
ბიბლია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს იმაში, რომ ღვთის განზრახვისამებრ მისი მსახურები „ერთსულოვნად ემსახურონ მას“. იეჰოვას სიტყვაში ჩაწერილი ბევრი რამის გაგებას მხოლოდ თავმდაბალი მკითხველი თუ შეძლებს (ლუკ. 10:21). დღეს ბიბლიას ძალიან ბევრი კითხულობს. თუმცა, მხოლოდ თავმდაბლებს შეუძლიათ ჩასწვდნენ ბიბლიაში ჩაწერილს და გამოიყენონ ცხოვრებაში (2 კორ. 3:15, 16). იეჰოვას სიბრძნეს ბიბლიის ფურცლებიდან ვეცნობით. წმინდა წერილების მეშვეობით იეჰოვა არა მხოლოდ თავის ხალხს ასწავლის, როგორც ჯგუფს, არამედ თითოეულ ჩვენგანს გვმოძღვრავს და გვანუგეშებს. როცა ღვთის სიტყვას ვკითხულობთ, ვხედავთ, რომ ის პირადად ჩვენითაა დაინტერესებული (ეს. 30:21). ალბათ, არაერთხელ გქონიათ ისეთი სიტუაცია, როცა წმინდა წერილებისთვის მიგიმართავთ და სწორედ ის მუხლი წაგიკითხავთ, რომელიც თქვენს სიტუაციას მიესადაგებოდა. მსგავსი რამ მილიონებს უგრძნიათ. რა განაპირობებს იმას, რომ ბიბლიაში ჩაწერილი რჩევები თითოეული ადამიანის საჭიროებებს ერგება? ისევ და ისევ ის, რომ მისი ავტორი უბადლო სიბრძნის მფლობელია (2 ტიმ. 3:16, 17). w23.02 4, 5 ¶8—10
ხუთშაბათი, 5 დეკემბერი
იფიქრე ამ ყველაფერზე, გულმოდგინედ აკეთე ეს ყოველივე და ყველასთვის ცხადი იქნება შენი წარმატება (1 ტიმ. 4:15).
ჭეშმარიტ ქრისტიანებს ძალიან გვიყვარს იეჰოვა და გვინდა, რომ საუკეთესოდ შევასრულოთ ჩვენი მსახურება. ჩვენს შესაძლებლობებს მაქსიმალურად იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ, თუ დავისახავთ ისეთ სულიერ მიზნებს, როგორებიცაა: ქრისტიანული თვისებების განვითარება, საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა და სხვებზე ზრუნვა. რატომ უნდა დავისახოთ სულიერი მიზნები? პირველ რიგში იმიტომ, რომ გული გავუხაროთ ჩვენს ზეციერ მამას. მას ძალიან ახარებს, როცა ჩვენს ნიჭსა და უნარს მაქსიმალურად ვახმართ მის განდიდებას. გარდა ამისა, გვინდა და-ძმებისთვისაც მეტი ვაკეთოთ (1 თეს. 4:9, 10). რამდენი ხანიც არ უნდა ვემსახურებოდეთ ღმერთს, ყველას შეგვიძლია სულიერი მიზნების დასახვა. w22.04 22 ¶1, 2
პარასკევი, 6 დეკემბერი
მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ (გამოცხ. 17:16).
მალე პოლიტიკური ძალები თავს დაესხმიან ცრურელიგიურ სამყაროს, იგივე „დიდ ბაბილონს“. ამას მოჰყვება „დიდი გასაჭირი“. უბიძგებს ეს ხალხს, რომ მასობრივად შემოუერთდნენ იეჰოვას თაყვანისმცემელთა რიგებს? არა, პირიქით, როგორც გამოცხადების მე-6 თავიდან ვიგებთ, ამ კრიტიკულ დროს იმის იმედი ექნებათ, რომ მთებთან შედარებული პოლიტიკური თუ კომერციული სისტემები დაიფარავენ. ვინაიდან ისინი ღვთის სამეფოს მხარეს არ დაიკავებენ, იეჰოვა მათ თავის მოწინააღმდეგეებად ჩათვლის (ლუკ. 11:23; გამოცხ. 6:15—17). „დიდი გასაჭირის“ დროს იეჰოვას მსახურების განსხვავებულობა კიდევ უფრო თვალში საცემი გახდება. ღვთის ხალხი ერთადერთი ჯგუფი იქნება დედამიწაზე, რომელიც კვლავაც გააგრძელებს იეჰოვას მსახურებას და მხარს არ დაუჭერს „მხეცს“ (გამოცხ. 13:14—17). w22.05 16, 17 ¶8, 9
შაბათი, 7 დეკემბერი
მას მარადიული სასიხარულო ცნობა ჰქონდა, რათა ეხარებინა დედამიწის მკვიდრთათვის, ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის (გამოცხ. 14:6).
ღვთის ხალხმა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გარდა, სხვა ცნობაც უნდა გააცხადოს (მათ. 24:14). მათ მხარი უნდა დაუჭირონ გამოცხადების მე-8—10 თავებში მოხსენიებულ ანგელოზებს. ეს ანგელოზები აცხადებენ, თუ რა დაატყდებათ თავს ღვთის სამეფოს უარმყოფელებს. შესაბამისად, იეჰოვას მოწმეები ღვთის განაჩენს უცხადებენ სატანის ქვეყნიერებას. ეს ცნობა სეტყვასთან და ცეცხლთან არის შედარებული (გამოცხ. 8:7, 13). ვინაიდან აღსასრული ახლოსაა, ხალხმა უნდა გაიგოს, რა ცვლილებები უნდა მოახდინონ ცხოვრებაში, რომ იეჰოვას რისხვის დღეს გადაურჩნენ (სოფ. 2:2, 3). ბევრი ამ ცნობას უარყოფითად ხვდება, ამიტომ მის გაცხადებას გაბედულება სჭირდება. „დიდი გასაჭირის“ დროს საბოლოო განაჩენის შესახებ ცნობა უფრო მძიმე მოსასმენი გახდება ხალხისთვის (გამოცხ. 16:21). w22.05 7 ¶18, 19
კვირა, 8 დეკემბერი
გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით (მათ. 22:37).
წარმოიდგინეთ ქრისტიანი წყვილი, რომელსაც მალე შვილი ეყოლება. წლების განმავლობაში ცოლსაც და ქმარსაც შეიძლება არაერთი მოხსენება მოუსმენია ბავშვების აღზრდაზე. მაგრამ მათში განხილული პრინციპები ახლა სხვა მნიშვნელობას იძენს მათთვის; ისინი ხომ თავად გახდნენ მშობლები, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა. როცა გარემოებები გვეცვლება, შეიძლება კარგად ნაცნობ პრინციპებში სულ სხვა მხარეები დავინახოთ. სწორედ ამიტომ კითხულობენ იეჰოვას მსახურები ღვთის სიტყვას „მთელი სიცოცხლე“, როგორც ისრაელის მეფეებს ჰქონდათ ნაბრძანები, და ფიქრობენ მასზე (კან. 17:19). მშობლებო, თქვენი უმთავრესი ქრისტიანული პასუხისმგებლობა ისაა, რომ შვილებს იეჰოვა გააცნოთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შვილებს მხოლოდ ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ ღვთის შესახებ. მათ უნდა შეაყვაროთ კიდეც ღმერთი. w22.05 26 ¶2, 3
ორშაბათი, 9 დეკემბერი
შეიმოსეთ ახალი პიროვნებით (კოლ. 3:10).
მხოლოდ ჩადენილი ცოდვის ან ცოდვიანი ცხოვრების გამო წუხილი არ კმარა. მნიშვნელოვანია გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმაც. როცა იეჰოვა წყვეტს, აპატიოს თუ არა ვინმეს დანაშაული, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ღვთისკენ მობრუნებაა. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, იეჰოვამ უნდა დაინახოს, რომ ადამიანმა მიატოვა ცოდვიანი ცხოვრების გზა და მისთვის მოსაწონი ცხოვრების გზა აირჩია (ეს. 55:7). მან უნდა შეიცვალოს აზროვნება და გარდაიქმნას, რათა იეჰოვას შეხედულებები გაითავისოს (რომ. 12:2; ეფეს. 4:23). მან მტკიცედ უნდა გადაწყვიტოს, რომ არასდროს დაუბრუნდება უწინდელ ცხოვრების წესს (კოლ. 3:7—9). თუმცა იეჰოვამ რომ გვაპატიოს და ცოდვისგან განგვწმინდოს, უნდა გვწამდეს, რომ ქრისტეს მსხვერპლს გამოსყიდვის ძალა აქვს. იეჰოვა ამ მსხვერპლის საფუძველზე გვპატიობს, როცა ხედავს, რომ მთელი გულით ვცდილობთ გამოსწორებას (1 იოან. 1:7). w22.06 6 ¶16, 17
სამშაბათი, 10 დეკემბერი
ნუ შეგაშინებს ის სატანჯველი, რისი ატანაც მოგიწევს (გამოცხ. 2:10).
„კაცი კაცზე ყოველთვის მძლავრობდა მისდა საზიანოდ“ (ეკლ. 8:9). მაგალითად, უფლებამოსილი პირები ბოროტად იყენებენ ძალაუფლებას, ბოროტმოქმედები ყველანაირ ძალადობას სჩადიან, სკოლაში ბავშვები ერთმანეთს შეურაცხყოფენ და ჩაგრავენ, ზოგი ოჯახის წევრებსაც კი სასტიკად ეპყრობა. რა გასაკვირია, რომ ადამიანებს ერთმანეთის ეშინიათ! როგორ ცდილობს სატანა, სათავისოდ გამოიყენოს ეს შიში? სატანა კაცთმოშიშებას იმისთვის იყენებს, რომ გვაიძულოს, კომპრომისზე წავიდეთ და დავთმოთ იეჰოვას მსახურება. ის აღძრავს მთავრობებს, რომ აკრძალონ ჩვენი საქმიანობა და შეგვავიწროვონ (ლუკ. 21:12). სატანის ქვეყნიერებაში ბევრი დეზინფორმაციას ან აშკარა სიცრუეს ავრცელებს იეჰოვას მოწმეებზე. ვინც ამას იჯერებს, შეიძლება დაგვცინოს ან ფიზიკურად გაგვისწორდეს (მათ. 10:36). სატანის ეს ტაქტიკა ჩვენთვის სულაც არ არის უცხო და ახალი, რადგან ის პირველ საუკუნეშიც იყენებდა მსგავს მეთოდს (საქ. 5:27, 28, 40). w22.06 16 ¶10, 11
ოთხშაბათი, 11 დეკემბერი
მრავალთა სიმართლემდე მიმყვანნი ვარსკვლავებივით გაანათებენ სამარადისოდ, მარადიულად (დან. 12:3).
ვინ იქნებიან მათ შორის, ვისაც ისინი „სიმართლემდე მიიყვანენ“? მათ შორის იქნებიან მკვდრეთით აღმდგრები, არმაგედონგადატანილები და ახალ ქვეყნიერებაში დაბადებულები. ათასი წლის ბოლოს დედამიწაზე ყველა სრულყოფილი იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სრულყოფილება ავტომატურად მარადიული სიცოცხლის გარანტია არ არის. ამაზე მოწმობს ადამისა და ევას მაგალითიც. მართალია, სრულყოფილები იყვნენ, მაგრამ მარადიული სიცოცხლის მისაღებად ისინი იეჰოვას უნდა დამორჩილებოდნენ, რაც სამწუხაროდ არ გააკეთეს (რომ. 5:12). ათასი წლის ბოლოსაც დედამიწაზე ყველა ადამიანი სრულყოფილი იქნება. ნიშნავს ეს იმას, რომ ყველა დაუჭერს მხარს იეჰოვას მმართველობას? თუ ზოგი ადამისა და ევას მსგავსად უღალატებს იეჰოვას? საიდან გამოჩნდება, ვინ დარჩება ერთგული და ვინ არა? w22.09 22, 23 ¶12—14
ხუთშაბათი, 12 დეკემბერი
სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ცხებულის სამეფო გახდა! (გამოცხ. 11:15).
დღევანდელი მსოფლიოს შემხედვარე რთულია დადებითი განწყობის შენარჩუნება. ოჯახი ოჯახს აღარ ჰგავს. ადამიანები უფრო ეგოისტები და აგრესიულები ხდებიან. ზოგადად ნდობაც დაიკარგა უფლებამოსილთა მიმართ. მეორე მხრივ, ამ ყველაფრის დანახვა იმედს გვისახავს, რადგან ზედმიწევნით სრულდება ბოლო დღეებთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება (2 ტიმ. 3:1—5). ვერც ერთი გულწრფელი ადამიანი ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მსოფლიოში ბევრი რამ უარესობისკენ შეიცვალა. ამ წინასწარმეტყველების შესრულება იმაზე მიუთითებს, რომ იესო ქრისტე უკვე ღვთის სამეფოს მეფეა. ღვთის სამეფოზე სხვა ბევრი წინასწარმეტყველებაც შესრულდა. ეს წინასწარმეტყველებები რაღაცით ასაწყობი სურათის ნაწილებს ჰგავს. მათი შეერთებით სრულ სურათს ვხედავთ და ვხვდებით, რა დროში გვიწევს ცხოვრება. w22.07 2 ¶1, 2
პარასკევი, 13 დეკემბერი
სიბრძნე საქმეებით მტკიცდება (მათ. 11:19).
კოვიდ-19 პანდემიის დროს მივიღეთ მითითებები, როგორ ჩაგვეტარებინა კრებები და როგორ გვექადაგა. შეიძლება ითქვას, რომ ერთ დღეში გადავედით კრებებისა და კონგრესების ჩატარების ახალ რეჟიმზე ვიდეოკონფერენციის მეშვეობით. ჩვენ მალევე გადავერთეთ ტელეფონითა და წერილებით ქადაგებაზე. იეჰოვამ აკურთხა ჩვენი ძალისხმევა, რასაც მრავალი ფილიალის ტერიტორიაზე მაუწყებელთა რიცხობრივი ზრდა ცხადყოფს. იმ დროს და-ძმებს მსახურებაში ბევრი საინტერესო და გამამხნევებელი შემთხვევა ჰქონდათ. ზოგი შეიძლება ფიქრობდა, რომ ორგანიზაცია ზედმეტ სიფრთხილეს იჩენდა პანდემიის დროს. თუმცა დრომ აჩვენა, რომ ყველა მითითება სათანადო იყო. როცა ვხედავთ, რამხელა სიყვარულით მიუძღვის იესო თავის მიმდევრებს, მომავალი აღარ გვაშინებს, რადგან ვიცით, რომ იეჰოვა და იესო ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნებიან (ებრ. 13:5, 6). w22.07 13 ¶15, 16
შაბათი, 14 დეკემბერი
განუწყვეტლივ ილოცეთ! ყველაფრისთვის მადლიერნი იყავით! ესაა ღვთის ნება თქვენთვის, ქრისტე იესოს მიმდევრებისთვის (1 თეს. 5:17, 18).
როცა ვფიქრობთ იმ ყველაფერზე, რასაც იეჰოვა გვაძლევს, სურვილი გვიჩნდება, მას მადლობა გადავუხადოთ ლოცვაში. მაგალითად, როცა ვხედავთ ნაირფეროვან ყვავილებს, მივირთმევთ გემრიელ საკვებს და ვტკბებით მეგობრებთან ურთიერთობით, გული მადლიერებით გვევსება. ჩვენ ამ ყველაფრით ვხარობთ ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამის წყალობით (ფსალმ. 104:12—15, 24). ყველაზე მეტად კი იეჰოვას უხვი სულიერი საზრდოსა და მომავლის შესანიშნავი იმედისთვის ვემადლიერებით. რა დაგვეხმარება, რომ არ დაგვავიწყდეს იეჰოვასთვის მადლობის თქმა იმ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებს? მაგალითად, შეგვიძლია ჩამოვწეროთ, რა ვთხოვეთ იეჰოვას, პერიოდულად თვალი გადავავლოთ ამ სიას და დავფიქრდეთ, როგორ გვიპასუხა, შემდეგ კი მადლიერება გამოვხატოთ ლოცვაში (კოლ. 3:15). w22.07 22 ¶8, 9
კვირა, 15 დეკემბერი
იეჰოვას კანონი ანიჭებს სიამოვნებას და კითხულობს მას დღედაღამ (ფსალმ. 1:2).
ყველას გვესმის, რომ მხოლოდ ჭეშმარიტების ცოდნა არ კმარა. მნიშვნელოვანია, ვიცხოვროთ ჭეშმარიტების თანახმად, ანუ ნასწავლი ცხოვრებაში გამოვიყენოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებით ნამდვილად ბედნიერი (იაკ. 1:25). როგორ შევამოწმოთ, ვცხოვრობთ თუ არა ჭეშმარიტების თანახმად? ერთი ძმა გვირჩევს, გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი, რომ დავინახოთ, რაში გვჭირდება გაუმჯობესება. სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს მოციქული პავლეც: „კვლავაც განვაგრძოთ მწყობრად სვლა ერთი მიმართულებით იმის მიუხედავად, ვინ რამდენად მოწიფულია“ (ფილ. 3:16). რას მივიღებთ შედეგად, თუ ყველანაირად ვეცდებით, „ჭეშმარიტების გზით“ ვიაროთ? ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება და მეტიც, გულს გავუხარებთ იეჰოვასაც და თანამორწმუნეებსაც (იგავ. 27:11; 3 იოან. 4). მაშ, გვიყვარდეს ჭეშმარიტება და ჩვენი ცხოვრებით დავამტკიცოთ ეს! w22.08 18, 19 ¶16—18
ორშაბათი, 16 დეკემბერი
მწყემსეთ . . . ღვთის სამწყსო (1 პეტ. 5:2).
უხუცესების იეჰოვასა და იესოსადმი სიყვარული განსაკუთრებით იმაში გამოჩნდება, თუ როგორ იზრუნებენ სამწყსოზე (1 პეტ. 5:1, 2). ამაზე მოციქულ პეტრესთვის ნათქვამი იესოს სიტყვებიც მოწმობს. მას შემდეგ, რაც იესო სამჯერ უარყო, პეტრეს, ალბათ, ძალიან უნდოდა, რომ მდგომარეობა გამოესწორებინა და მისთვის სიყვარული დაემტკიცებინა. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესომ პეტრეს ჰკითხა: „სიმონ, იოანეს ძეო, გიყვარვარ?“. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პეტრე ყველაფრისთვის მზად იყო, ოღონდ კი მისთვის სიყვარული დაემტკიცებინა. იესომაც მისცა ამის შანსი და უთხრა: „დამწყემსე ჩემი ბატკნები!“ (იოან. 21:15—17). პეტრემ დაუმტკიცა იესოს სიყვარული და სიცოცხლის ბოლომდე სათუთად ზრუნავდა მის სამწყსოზე. უხუცესებო, როგორ შეგიძლიათ აჩვენოთ, რომ კარგად გესმით პეტრესთვის ნათქვამი იესოს სიტყვების მნიშვნელობა? იეჰოვასა და იესოს სიყვარულმა უნდა აღგძრათ, რომ რეგულარულად მოინახულოთ და-ძმები და გაამხნეოთ. ამასთანავე ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ დაეხმაროთ არააქტიურებს, დაუბრუნდნენ იეჰოვას (ეზეკ. 34:11, 12). w23.01 29 ¶10, 11
სამშაბათი, 17 დეკემბერი
ღმერთი ერთგულია და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომლის ატანასაც ვერ შეძლებთ (1 კორ. 10:13).
ნუ იფიქრებთ, რომ ვერავინ გაგიგებთ, რასთან გიწევთ ბრძოლა, თორემ თქვენი მდგომარეობა უიმედოდ მოგეჩვენებათ და აღარც ძალები შეგრჩებათ წინააღმდეგობის გასაწევად. ღვთის სიტყვა გარწმუნებთ, რომ ღმერთი „გამოსავალსაც გიჩვენებთ, რომ ბოლომდე მოითმინოთ“. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უმართებულო სურვილი ძლიერია, ჩვენ მაინც შეგვიძლია, წინააღმდეგობა გავუწიოთ მას. იეჰოვას დახმარებით შევძლებთ, რომ არ ავყვეთ ასეთ სურვილებს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ცოდვილი ბუნების გამო ხორციელმა სურვილებმა შეიძლება შიგადაშიგ შეგვახსენოს თავი. თუ ასე მოხდება, მიჰბაძეთ იოსებს და კი ნუ აჰყვებით, არამედ გაექეცით მათ (დაბ. 39:12). არჩევანი თქვენზეა, გახდებით თუ არა ხორციელი სურვილების მონა. w23.01 12, 13 ¶16, 17
ოთხშაბათი, 18 დეკემბერი
ღმერთი ნამდვილად მიუკერძოებელია (რომ. 2:11).
იეჰოვა სამართლიანია (კან. 32:4). სამართლიანობა მჭიდრო კავშირშია მის კიდევ ერთ თვისებასთან, მიუკერძოებლობასთან (საქ. 10:34, 35). იეჰოვას მიუკერძოებლობაზე ისიც მეტყველებს, თუ რა ენები აირჩია თავისი სიტყვის დასაწერად. იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ჭეშმარიტი ცოდნა უკანასკნელ დროს გამრავლდებოდა და ბევრი ჩასწვდებოდა მას (დან. 12:4). ამ ცოდნის გამრავლებას ხელი შეუწყო ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის თარგმნამ, გამოცემამ და გავრცელებამ. იეჰოვას ხალხმა დღემდე ბიბლია მთლიანად ან ნაწილობრივ 240-ზე მეტ ენაზე თარგმნა; ნებისმიერ მსურველს შეუძლია უსასყიდლოდ მიიღოს ამ თარგმანის ეგზემპლარი. ამის წყალობით „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ დღეს ყველა ერის ხალხი ეხმაურება (მათ. 24:14). ჩვენს სამართლიან ღმერთს ძალიან უყვარს ადამიანები და სურს, რაც შეიძლება მეტმა გაიცნოს ის ბიბლიის მეშვეობით. w23.02 5 ¶11, 12
ხუთშაბათი, 19 დეკემბერი
ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე, არამედ შეიცვალეთ აზროვნება (რომ. 12:2).
ფაქტია, ყველა ღვთის მსახურს გვიყვარს სიმართლე. მაგრამ თუ სიფხიზლეს მოვადუნებთ, ქვეყნიერებამ შეიძლება ადვილად დაგვიმახინჯოს შეხედულება სწორსა და არასწორზე (ეს. 5:20). იესოს დროინდელი რელიგიური წინამძღოლები თავს მართლებად თვლიდნენ, მაგრამ იესომ მკაცრად დაგმო ისინი, რადგან სხვებს განსჯიდნენ და სიმართლის საკუთარ ნორმებს ადგენდნენ (ეკლ. 7:16; ლუკ. 16:15). ამ რელიგიური წინამძღოლებისა არ იყოს, დღეს ბევრი საკუთარი ნორმებით განსჯის სხვებს და ჰგონია, რომ არაფერს აშავებს. ხშირად ასეთი ადამიანები თვითკმაყოფილები და სხვების მიმართ კრიტიკულები არიან და თავი სხვაზე უკეთესი ჰგონიათ. ასეთი რამ იეჰოვასთვის მიუღებელია და არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან. მარტივად რომ ვთქვათ, სიმართლე არის ის, რასაც ღმერთი სწორად და მართებულად მიიჩნევს. ბიბლია მართალს მას უწოდებს, ვინც იეჰოვას აღმატებული ნორმებით ცხოვრობს. ბიბლიაში სიმართლე პატიოსნებასთანაც ასოცირდება. w22.08 27 ¶3—5
პარასკევი, 20 დეკემბერი
მეგობრები გიწოდეთ (იოან. 15:15).
იესო ენდობოდა თავის მოწაფეებს მათი ნაკლოვანებების მიუხედავად (იოან. 15:16). მაგალითად, როცა იაკობმა და იოანემ იესოს ზეციერ სამეფოში გამორჩეული ადგილები სთხოვეს, მას არ დაუსკვნია, რომ ეს ძმები არასწორი მოტივებით ემსახურებოდნენ იეჰოვას და მოციქულობა არ ჩამოურთმევია მათთვის (მარ. 10:35—40). სიკვდილის წინა ღამეს, როცა იესო დააპატიმრეს, ყველა მოწაფემ მიატოვა ის (მათ. 26:56). მაგრამ იესოს მათდამი ნდობა არ დაუკარგავს. მართალია, კარგად ხედავდა მათ ნაკლოვანებებს, მაგრამ მაინც „ბოლომდე უყვარდა ისინი“ (იოან. 13:1). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ თავის ერთგულ 11 მოციქულს იესომ მოწაფეების მომზადებისა და თავის „ცხვარზე“ ზრუნვის საპასუხისმგებლო დავალება მიანდო (მათ. 28:19, 20; იოან. 21:15—17). მოციქულებმაც გაუმართლეს ნდობა და სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ასრულებდნენ მიღებულ დავალებას. იესოს მაგალითზე ვხედავთ, რომ უნდა ვენდოთ სხვებს მათი ნაკლოვანებების მიუხედავად. w22.09 6 ¶12
შაბათი, 21 დეკემბერი
იეჰოვაა ჩემ გვერდით, არ შემეშინდება (ფსალმ. 118:6).
თუ დარწმუნებული ვართ იეჰოვას სიყვარულსა და მხარდაჭერაში, სატანა ჩვენი დაშინებით ვერაფერს მიაღწევს. ამაზე მოწმობს 118-ე ფსალმუნის დამწერის გამოცდილება. ის ცხოვრებაში ბევრ სირთულეს შეხვდა. მას ბევრი ძლიერი მტერი ჰყავდა (მუხლები 9, 10). ზოგჯერ მას სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნიდნენ (მუხლი 13). გარდა ამისა, იეჰოვამაც მკაცრად დასაჯა (მუხლი 18). ამ ყველაფრის მიუხედავად ფსალმუნმომღერალმა ასეთი სიტყვები დაწერა: „არ შემეშინდება“. მას ეჭვი არ ეპარებოდა ზეციერი მამის სიყვარულში მიუხედავად იმისა, რომ დაისაჯა. ფსალმუნმომღერალი დარწმუნებული იყო, რომ მოსიყვარულე ღმერთი ნებისმიერ სიტუაციაში დაეხმარებოდა (ფსალმ. 118:29). დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვას ვუყვარვართ. ეს დაგვეხმარება, დავძლიოთ სამი რამის შიში, რაც ყველაზე ხშირად შეიძლება დაგვეუფლოს: 1) შიში იმისა, რომ ვერ შევძლებთ ოჯახის რჩენას, 2) კაცთმოშიშება და 3) სიკვდილის შიში. w22.06 15 ¶3, 4
კვირა, 22 დეკემბერი
ბედნიერია ის, ვინც განსაცდელს იტანს, რადგან იეჰოვას მოწონებას დაიმსახურებს და სიცოცხლის გვირგვინს მიიღებს (იაკ. 1:12).
იეჰოვას თაყვანისცემა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ. სხვა ვინ იმსახურებს ჩვენს თაყვანისცემას, თუ არა ჩვენი შემოქმედი იეჰოვა?! (გამოცხ. 4:11; 14:6, 7). ღმერთს ისე უნდა ვცეთ თაყვანი, როგორც მას სურს, ანუ „სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოან. 4:23, 24). ჩვენ უნდა მივყვეთ წმინდა სულის ხელმძღვანელობას, რათა ჩვენი თაყვანისცემა ღვთის სიტყვაში ჩაწერილ ჭეშმარიტებას შეესაბამებოდეს. თუნდაც ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სადაც ჩვენი საქმიანობა შეზღუდული ან აკრძალულია, ღვთის თაყვანისცემა ჩვენთვის უმთავრესი უნდა იყოს. დღესდღეობით 150-ზე მეტი და-ძმაა დაპატიმრებული მხოლოდ იმიტომ, რომ იეჰოვას მოწმეა. მიუხედავად ამისა, ისინი სიხარულს არ კარგავენ, რადგან ხელიდან არ უშვებენ შესაძლებლობას, რომ ილოცონ, იკითხონ ღვთის სიტყვა და სხვებსაც ესაუბრონ ღვთისა და მისი სამეფოს შესახებ. მაშინაც კი, როცა გვლანძღავენ და გვდევნიან, შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ, რადგან იეჰოვა მხარში გვიდგას და აუცილებლად დაგვაჯილდოებს (1 პეტ. 4:14). w22.10 9 ¶13
ორშაბათი, 23 დეკემბერი
სიბრძნე იცავს კაცს (ეკლ. 7:12).
წიგნ „იგავებში“ ჩაწერილ პრაქტიკულ რჩევებს დრო ვერაფერს აკლებს. ვნახოთ ამის ორი მაგალითი. პირველი, დასჯერდით იმას, რაც გაქვთ. იგავების 23:4, 5 გვირჩევს: „ნუ შეალევ ძალ-ღონეს სიმდიდრის დაგროვებას . . . არწივის ფრთებს შეისხამს და ცაში გაფრინდება“. დღეს მდიდარიცა თუ ღარიბიც ფულის შოვნას ალევს მთელ ძალ-ღონეს. ხშირად ამას მათი რეპუტაცია, ურთიერთობები და ჯანმრთელობაც კი ეწირება (იგავ. 28:20; 1 ტიმ. 6:9, 10). მეორე, ნუ ილაპარაკებთ დაუფიქრებლად. სიფრთხილე გვმართებს, რადგან სიტყვებს დიდი ძალა აქვს. იგავების 12:18-ში ნათქვამია: „დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილის ჩაცემასავითაა, ბრძენის ენა კი — მკურნალივით“. მშვიდობას შევუწყობთ ხელს, თუ ყველანაირად მოვერიდებით ჭორაობას და სხვების შეცდომებზე საუბარს (იგავ. 20:19). w22.10 21 ¶14; 22 ¶16, 17
სამშაბათი, 24 დეკემბერი
შეჭამე ეს გრაგნილი, წადი და დაელაპარაკე ისრაელებს (ეზეკ. 3:1).
ეზეკიელს ბოლომდე უნდა გაეთავისებინა ის ცნობა, რომლის გაცხადებაც მოუწევდა. ეს მას ამ ცნობის გაცხადებისკენ აღძრავდა. საინტერესოა, რომ ეს გრაგნილი ეზეკიელს თაფლივით ეტკბო (ეზეკ. 3:3). რატომ? იმიტომ, რომ იეჰოვას წინასწარმეტყველად მსახურება მისთვის სასიამოვნო იყო (ფსალმ. 19:8—11). ის მადლიერი იყო იეჰოვასი, რომ თავის წინასწარმეტყველად აირჩია. შემდეგ იეჰოვამ ასეთი რამ უთხრა ეზეკიელს: „მომისმინე და გულისყურით მოეკიდე ყველაფერს, რასაც გეუბნები“ (ეზეკ. 3:10). ეს იმას ნიშნავდა, რომ ეზეკიელს უნდა დაემახსოვრებინა გრაგნილზე დაწერილი სიტყვები და ეფიქრა მათზე, რაც მას რწმენას განუმტკიცებდა. გარდა ამისა, იმისთვისაც იქნებოდა მზად, რომ გრაგნილზე დაწერილი ცნობა ხალხისთვის გადაეცა (ეზეკ. 3:11). რახან მას ღვთის სიტყვა უკვე გულშიც ჰქონდა და ბაგეზეც, ის მზად იყო, რომ წარმატებით შეესრულებინა თავისი დავალება. w22.11 6 ¶12—14
ოთხშაბათი, 25 დეკემბერი
მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია (1 სამ. 15:22).
რა უნდა ქნათ, თუ ცვლილებები თქვენს ერთგულებას სცდის? ფეხი აუწყვეთ ორგანიზაციაში მომხდარ ცვლილებებს. უდაბნოში ყოფნის დროს კეჰათელები საპასუხისმგებლო დავალებას ასრულებდნენ. ყოველ ჯერზე, როცა ბანაკი აიშლებოდა, კეჰათელები კიდობნით ხელში წინ მიუძღოდნენ ხალხს (რიცხ. 3:29, 31; 10:33; იეს. 3:2—4). მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ისრაელი აღთქმულ მიწაზე დამკვიდრდა. კიდობნის მუდმივად გადაადგილება აღარ იყო საჭირო. შესაბამისად, კეჰათელთა დავალებები შეიცვალა (1 მატ. 6:31—33; 26:1, 24). მაგრამ ბიბლიაში ვერსად შეხვდებით იმ აზრს, რომ კეჰათელები წუწუნებდნენ ან უფრო საპატიო დავალებას ითხოვდნენ. რას გვასწავლის ეს ჩვენ? ფეხი უნდა ავუწყოთ ორგანიზაციაში მიმდინარე ცვლილებებს მაშინაც კი, თუ ეს პირადად გვეხება. ნებისმიერი დავალება სიხარულით უნდა შევასრულოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა ჩვენი დავალებების მიხედვით არ გვაფასებს. მისთვის მორჩილება ნებისმიერ დავალებაზე ძვირფასია. w22.11 23 ¶10, 11
ხუთშაბათი, 26 დეკემბერი
ბორკილების გამო არ მომერიდა (2 ტიმ. 1:16).
ონისიფორე ეძებდა პავლეს და როცა იპოვა, ყველანაირად ცდილობდა მის დახმარებას. ამგვარად მან საკუთარი სიცოცხლეც ჩაიგდო საფრთხეში. ჩვენ რას ვსწავლობთ? შიშის გამო უკან არ უნდა დავიხიოთ და დევნის დროს ძმები გასაჭირში არ უნდა მივატოვოთ; პირიქით, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ და მხარში ამოვუდგეთ (იგავ. 17:17). მათ სჭირდებათ ჩვენი სიყვარული და მხარდაჭერა. დავფიქრდეთ, როგორ ეხმარებიან რუსი და-ძმები დაპატიმრებულ თანაქრისტიანებს. როცა რომელიმე და-ძმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მათ მხარდასაჭერად ისინიც დარბაზში არიან. რას ვსწავლობთ მათგან? როცა პასუხისმგებელ ძმებს ცილს სწამებენ, აპატიმრებენ და დევნიან, ნუ შეგეშინდებათ. ილოცეთ მათთვის, იზრუნეთ მათ ოჯახებზე და ყველანაირად ეცადეთ, რომ დახმარების ხელი გაუწოდოთ (საქ. 12:5; 2 კორ. 1:10, 11). w22.11 17 ¶11, 12
პარასკევი, 27 დეკემბერი
ისინი არიან ჩემთვის ნუგეში (კოლ. 4:11).
უხუცესების მოვალეობაა, რომ თანაქრისტიანების სულიერ და ემოციურ მოთხოვნილებებზე იზრუნონ (1 პეტ. 5:2). სტიქიის დროს უხუცესებმა, პირველ რიგში, ის უნდა გაარკვიონ, აქვს თუ არა ყველა და-ძმას საკვები, ჩასაცმელი და უსაფრთხო თავშესაფარი. დაზარალებულებს სტიქიის შემდეგაც სჭირდებათ სულიერი და ემოციური მხარდაჭერა (იოან. 21:15). ჰაროლდი, რომელიც ფილიალის კომიტეტში მსახურობს და სტიქიით დაზარალებულ არაერთ და-ძმას შეხვედრია, ასეთ რამეს ამბობს: „რეაბილიტაციას დიდი დრო სჭირდება. შეიძლება ცხოვრება მეტ-ნაკლებად დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს, მაგრამ დაზარალებულები ვერ ივიწყებენ სტიქიის დროს დაღუპულ ახლობელს, დაკარგულ ოჯახურ რელიკვიას ან ბეწვზე გადარჩენის მომენტებს. ყოველ ჯერზე ეს მოგონებები ტკივილს უახლებთ. ეს რწმენის ნაკლებობა კი არა, ბუნებრივი, ადამიანური რეაქციაა“. უხუცესებს გულთან ახლოს მიაქვთ ღვთიური პრინციპი: „მოტირალებთან იტირეთ“ (რომ. 12:15). w22.12 22 ¶1; 24, 25 ¶10, 11
შაბათი, 28 დეკემბერი
იარეთ სულით და მეტად აღარ შეასრულებთ ხორცის სურვილებს (გალ. 5:16).
სისუსტეების დასაძლევად იეჰოვა უშურველად გვაძლევს თავის სულს. მაგალითად მაშინ, როცა ღვთის სიტყვას ვიკვლევთ. წმინდა სულს კრების შეხვედრებზეც ვიღებთ. ამ შეხვედრებზე ჩვენ გვერდით არიან და-ძმები, რომლებიც ჩვენ მსგავსად ცდილობენ, ასიამოვნონ ღმერთს. ეს კი ერთმანეთის გამხნევებას ემსახურება (ებრ. 10:24, 25; 13:7). როცა იეჰოვას ლოცვით მივმართავთ და გულმხურვალედ ვთხოვთ, სისუსტე დაგვაძლევინოს, ის წმინდა სულით გაგვაძლიერებს, რათა არ დავნებდეთ. მართალია, ეს ყველაფერი ავტომატურად არ გაგვიქრობს უმართებულო სურვილებს, მაგრამ იმაში მაინც დაგვეხმარება, რომ მათ არ ავყვეთ. შეიძლება კარგი სულიერი განრიგი გაქვთ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, არ ამოვარდეთ კალაპოტიდან და გააგრძელოთ უმართებულო სურვილებთან ბრძოლა. w23.01 11 ¶13, 14
კვირა, 29 დეკემბერი
არაფერს დავემონები (1 კორ. 6:12).
ბიბლია არ არის არც სამედიცინო და არც დიეტოლოგიური სახელმძღვანელო, მაგრამ წარმოდგენას გვიქმნის, რა შეხედულება აქვს იეჰოვას მსგავს საკითხებზე. მაგალითად, ბიბლიაში ნათქვამია, რომ უნდა მოვერიდოთ „იმას, რაც სხეულს აზიანებს“ (ეკლ. 11:10). ბიბლია გმობს გადამეტებულ ჭამა-სმას, რადგან ამან შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას და სიცოცხლეც კი მოგვისწრაფოს (იგავ. 23:20). იეჰოვა მოელის ჩვენგან, რომ თავშეკავებას გამოვავლენთ, როცა საქმე ჭამა-სმას ეხება (1 კორ. 9:25). საღი აზროვნება დაგვეხმარება, ჩვენი გადაწყვეტილებებით ცხადვყოთ, რომ ვაფასებთ ღვთისგან ნაბოძებ სიცოცხლეს (ფსალმ. 119:99, 100; იგავ. 2:11). მაგალითად, შეიძლება რომელიმე საკვები გვიყვარს, მაგრამ ვიცით, რომ ცუდად გვხდის. ამ დროს საღმა აზრმა უნდა გვიკარნახოს, მოვერიდოთ ასეთ საკვებს. საღი აზრი იმაშიც გვეხმარება, რომ საკმარისად ვიძინოთ, რეგულარულად ვივარჯიშოთ, პირად ჰიგიენაზე ვიზრუნოთ და სახლში სისუფთავე შევინარჩუნოთ. w23.02 21 ¶6, 7
ორშაბათი, 30 დეკემბერი
შენ როგორ იცი? (ლუკ. 10:26).
რა დაგვეხმარება ერთი შეხედვით დაფარული ინფორმაციის დანახვაში? ამ მხრივ საინტერესოა 2 ტიმოთეს 3:16, 17. როგორც ამ მუხლებიდან ვიგებთ, „მთელი წმინდა წერილი . . . სასარგებლოა“: 1) სასწავლებლად, 2) შესაგონებლად, 3) გამოსასწორებლად და 4) აღსაზრდელად. ბიბლიის ის წიგნებიც კი, რომლებსაც ხშირად არ მივმართავთ, შეიძლება ამ ოთხი კუთხით დამხმარე აღმოჩნდეს. თუ გააანალიზებთ წაკითხულს, უკეთ დაინახავთ, რას გასწავლით იეჰოვას, მისი განზრახვის და, ზოგადად, ღვთიური პრინციპების შესახებ. იმაზეც დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ წაკითხული როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების შესაგონებლად. ყურადღებით დააკვირდით, როგორ დაგეხმარებათ ეს ინფორმაცია არასწორი მიდრეკილებების დანახვასა და აღმოფხვრაში და იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნებაში. იმაზეც დაფიქრდით, როგორ შეიძლება მისი გამოყენება გამოსასწორებლად, მაგალითად მსახურებაში ვინმესთვის არასწორი თვალსაზრისის შესასწორებლად. ეცადეთ დაინახოთ, როგორ ემსახურება წაკითხული მასალა თქვენს აღზრდას ანუ იმას, რომ საკითხებს უფრო მეტად იეჰოვას თვალით შეხედოთ. თუ ბიბლიის კითხვისას მხედველობაში მიიღებთ ამ ოთხ მხარეს, დაინახავთ ერთი შეხედვით დაფარულ ინფორმაციას და უფრო ღრმად ჩასწვდებით ღვთის სიტყვას. w23.02 11 ¶11
სამშაბათი, 31 დეკემბერი
მისი სამეფო არ დაიქცევა (დან. 7:14).
როგორც დანიელის წიგნიდან ვიგებთ, იესო სამეფო ძალაუფლებას შვიდი წინასწარმეტყველური დროის გასვლის შემდეგ მიიღებდა. როგორ გამოვთვალოთ ეს პერიოდი? (დან. 4:10—17). „შვიდ დროში“ 2 520-წლიანი პერიოდი იგულისხმება. ამ პერიოდის ათვლა ძვ. წ. 607 წელს დაიწყო. ამ წელს ბაბილონელებმა იერუსალიმში სამეფო ტახტიდან ისრაელის უკანასკნელი მეფე ჩამოაგდეს, რომელიც ღვთის ხელისუფლებას წარმოადგენდა. შესაბამისად „შვიდი დრო“ 1914 წელს დასრულდა. სწორედ ამ წელს დაჯდა ღვთის სამეფოს ტახტზე იესო, ღვთისგან უფლებამოსილი (ეზეკ. 21:25—27). რაში გვარწმუნებს ეს წინასწარმეტყველება? „შვიდ დროზე“ შესრულებული წინასწარმეტყველება გვარწმუნებს, რომ იეჰოვა დროულად ასრულებს თავის დაპირებებს. როგორც ეს წინასწარმეტყველება შეასრულა თავის დროზე, ასევე შეასრულებს სხვა წინასწარმეტყველებებსაც. იეჰოვას დღეს ნამდვილად არ დააგვიანდება! (აბაკ. 2:3). w22.07 3 ¶3—5