იანვარი
ოთხშაბათი, 1 იანვარი
დაინახა, რომ მკვდარს მოასვენებდნენ, დედისერთა ბიჭს. დედამისი ქვრივი იყო (ლუკ. 7:12).
მგლოვიარე დედის დანახვაზე იესოს გული დაეწვა (ლუკ. 7:13). აღსანიშნავია, რომ დედის მიმართ იესოს სიბრალული მხოლოდ გრძნობის დონეზე არ დარჩა, მან ეს სიტყვითა და საქმით გამოხატა. ჯერ ქალის დამშვიდებას შეეცადა და უთხრა: „ნუ ტირი“, შემდეგ კი გასაოცარი რამ მოახდინა – მიცვალებული გააცოცხლა და დედას ჩააბარა (ლუკ. 7:14, 15). რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან? იმას, თუ როგორ თანავუგრძნოთ მგლოვიარეებს. იესოს მსგავსად, თუ დაკვირვებულები ვიქნებით, შევძლებთ თანავუგრძნოთ მათ. კარგი იქნება, თუ ინიციატივას საკუთარ თავზე ავიღებთ და ვეცდებით, მხარში ამოვუდგეთ მათ (იგავ. 17:17; 2 კორ. 1:3, 4; 1 პეტ. 3:8). შეიძლება განსაკუთრებული ვერაფერი ვუთხრათ და ბევრიც ვერაფერი გავუკეთოთ, მაგრამ ეს ზუსტად ის აღმოჩნდეს, რაც მას სჭირდებოდა. w23.04 5, 6 ¶13–15
ხუთშაბათი, 2 იანვარი
ეს ავადმყოფობა სასიკვდილო არ არის, ის ღვთის სადიდებლადაა (იოან. 11:4).
იესომ იცის, რომ მეგობარი დაეღუპა, თუმცა კიდევ ორ დღეს რჩება ადგილზე და შემდეგ იღებს გეზს ბეთანიისკენ. ასე რომ, როცა იესო ბეთანიაში ჩადის, ლაზარე უკვე ოთხი დღის მკვდარია. მაგრამ მას გადაწყვეტილი აქვს, ისეთი რამ მოიმოქმედოს, რაც განადიდებს იეჰოვას და მის მეგობრებსაც გაახარებს (იოან. 11:6, 11, 17). რას გვასწავლის ეს შემთხვევა მეგობრობის შესახებ? როდესაც მარიამმა და მართამ იესოს მაცნე გაუგზავნეს, მისთვის ბეთანიაში ჩასვლა არ უთხოვიათ. უბრალოდ უთხრეს, რომ მისი ძვირფასი მეგობარი ავად იყო (იოან. 11:3). ისიც აღსანიშნავია, რომ როცა ლაზარე მოკვდა, იესოს მისი აღდგენა ბეთანიაში ჩაუსვლელადაც შეეძლო. თუმცა მან გადაწყვიტა, მძიმე წუთებში არ მიეტოვებინა მეგობრები, მარიამი და მართა. თქვენც გეგულებათ ისეთი მეგობარი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, უთქმელად გაჩნდება თქვენ გვერდით? თუ ასეა, მაშინ იმის იმედიც გექნებათ, რომ გასაჭირის დროს მხარში ამოგიდგებათ (იგავ. 17:17). მოდი ყველანაირად ვეცადოთ, რომ იესოსავით კარგი მეგობრობა გავუწიოთ სხვებს. w23.04 10 ¶10, 11
პარასკევი, 3 იანვარი
ერთგულია ის, ვინც დაგვპირდა (ებრ. 10:23).
თუ განსაცდელში ვიმყოფებით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება არასდროს გვეღირსება. თუმცა ეს მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ რწმენა შეგვისუსტდა. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: როცა ზამთარში ცივ ამინდებს ბოლო არ უჩანს, შეიძლება ისეთი გრძნობა დაგვეუფლოს, რომ საერთოდ აღარ დათბება. არადა გაზაფხული აუცილებლად მოვა. მსგავსად, როცა გულგატეხილები ვართ, შეიძლება ისეთი გრძნობა გაგვიჩნდეს, რომ ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება არ გვეღირსება. მაგრამ თუ ძლიერი რწმენა გვაქვს, ეჭვი არ შეგვეპარება, რომ იეჰოვას დანაპირები აუცილებლად შესრულდება (ფსალმ. 94:3, 14, 15; ებრ. 6:17–19). და რაკი მტკიცედ გვწამს ეს, შევძლებთ, ღვთის თაყვანისცემას ცხოვრებაში პირველი ადგილი დავუთმოთ. ძლიერი რწმენა სამქადაგებლო საქმის შესასრულებლადაც გვჭირდება. ბევრს ზღაპრად მიაჩნია სასიხარულო ცნობა ახალი ქვეყნიერების შესახებ (მათ. 24:14; ეზეკ. 33:32). არასდროს უნდა მივცეთ ქვეყნიერებაში გავრცელებულ სკეპტიკურ აზროვნებას უფლება, რომ ჩვენზეც მოახდინოს გავლენა. ამიტომ მუდმივად უნდა ვიძლიერებდეთ რწმენას. w23.04 27 ¶6, 7; 28 ¶14
შაბათი, 4 იანვარი
ვიცით, რომ, რაც ვთხოვეთ, გვექნება, რადგან მას ვთხოვეთ (1 იოან. 5:15).
„პასუხობს იეჰოვა ჩემს ლოცვებს?“. თუ თქვენც გაგჩენიათ ასეთი კითხვა, გამონაკლისი არ ხართ. ეს კითხვა ბევრ და-ძმას უჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა განსაცდელებს ხვდება. თუ თქვენც რთული დრო გიდგათ, შეიძლება გაგიჭირდეთ იმის დანახვა, თუ როგორ პასუხობს იეჰოვა თქვენს ლოცვებს. რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა უპასუხოდ არ ტოვებს თავისი მსახურების ლოცვებს? ბიბლია გვარწმუნებს, რომ იეჰოვას ძალიან ვუყვარვართ და გვაფასებს (ანგ. 2:7; 1 იოან. 4:10). ამიტომ მოგვიწოდებს, რომ დახმარებისთვის მას მივმართოთ ლოცვით (1 პეტ. 5:6, 7). იეჰოვას სურს, რომ მასთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს და წარმატებით გავართვათ თავი სირთულეებს. ბიბლიაში არაერთი შემთხვევაა მოთხრობილი, როცა იეჰოვამ შეისმინა თავისი მსახურების ლოცვები. თქვენ რომელი ღვთის მსახური გახსენდებათ? w23.05 8 ¶1–4
კვირა, 5 იანვარი
მარიამმა თქვა: „დიდება იეჰოვას!“ (ლუკ. 1:46).
მარიამს ახლო ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან და საკუთარ რწმენაზე თავად ზრუნავდა. ის კარგად იყო ჩახედული წმინდა წერილებში. ამასთანავე, ის დროს გამოყოფდა ფიქრისთვის (ლუკ. 2:19, 51). ეჭვგარეშეა, იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა დაეხმარებოდა, კარგი ცოლი ყოფილიყო. დღესაც ბევრი დაქორწინებული და ცდილობს, მარიამის კვალს მიჰყვეს. ერთი და აღნიშნავს: „დაქორწინებამდე კარგი სულიერი განრიგი მქონდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ყველაფერი ჩემმა ქმარმა ითავა, მივხვდი, რომ იეჰოვასთან უწინდელივით ახლოს აღარ ვიყავი და უნდა განმემტკიცებინა მასთან პირადი ურთიერთობა. ამიტომ ახლა უკვე პირადადაც გამოვუყოფ დროს ლოცვას, ბიბლიის კითხვას და ფიქრს“ (გალ. 6:5). ცოლებო, თუ ყველანაირად ეცდებით, უფრო დაუახლოვდეთ იეჰოვას, თქვენი მეუღლეებისგან ქებას დაიმსახურებთ და თავსაც მეტად შეაყვარებთ (იგავ. 31:30). w23.05 22 ¶6
ორშაბათი, 6 იანვარი
იეჰოვას შიშს გასწავლით (ფსალმ. 34:11).
იეჰოვას შიში დაბადებიდან არავის დაგვყოლია, მას განვითარება სჭირდება. ამაში ღვთის ქმნილებებზე დაკვირვება დაგვეხმარება. როცა ვხედავთ, როგორ მოწმობს ქმნილებები შემოქმედის სიბრძნეზე, ძალასა და უსაზღვრო სიყვარულზე, მისადმი სიყვარული და პატივისცემა უფრო გვიღრმავდება (რომ. 1:20). ღვთის შიშის განვითარებაში რეგულარული ლოცვაც დაგვეხმარება. რაც უფრო ხშირად გვაქვს იეჰოვასთან ლოცვით ურთიერთობა, მით უფრო რეალური პიროვნება ხდება ის ჩვენთვის. ლოცვის დროს მის თვისებებზე დაფიქრების შესაძლებლობა გვეძლევა, მაგალითად, მის ძლევამოსილებაზე, როდესაც განსაცდელის ასატანად ძალას ვთხოვთ, მის სიყვარულზე, როცა იესოს მსხვერპლისთვის მადლობას ვუხდით, და მის სიბრძნეზე, როდესაც პრობლემის დროს ხელმძღვანელობას ვთხოვთ. ეს კი იეჰოვასადმი მეტი პატივისცემით განგვაწყობს და გვიძლიერებს იმის სურვილს, რომ გავუფრთხილდეთ მასთან მეგობრობას. w23.06 15 ¶6, 7
სამშაბათი, 7 იანვარი
იეჰოვაა ჩვენი კანონმდებელი (ეს. 33:22).
უზენაესი კანონმდებელი იეჰოვა ოდითგანვე ნათელ და გასაგებ კანონებს აძლევს თავის ხალხს. მაგალითად, პირველ საუკუნეში მან ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით თავისი ხალხისგან სამ საკითხში მოითხოვა სიმტკიცის გამოვლენა: 1) მათ წმინდად უნდა დაეცვათ თავიანთი თაყვანისმცემლობა, 2) სისხლი წმინდა უნდა ყოფილიყო მათთვის და 3) ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმებით უნდა ეცხოვრათ (საქ. 15:28, 29). ჩვენ როგორ შეგვიძლია ამ სამ საკითხში მტკიცე პოზიციის შენარჩუნება? ჩვენ წმინდად უნდა დავიცვათ თაყვანისმცემლობა. იეჰოვა ისრაელებისგან მოითხოვდა, რომ მხოლოდ მისთვის ეცათ თაყვანი (კან. 5:6–10). ამას იესომაც გაუსვა ხაზი მაშინ, როცა სატანა მის ცდუნებას შეეცადა (მათ. 4:8–10). სწორედ ამ მიზეზით ჩვენ არ ვეთაყვანებით კერპებსა თუ ხატებს და არც ადამიანებს ვაღმერთებთ, იქნებიან ისინი პოლიტიკური თუ რელიგიური ლიდერები, ცნობილი სპორტსმენები თუ შოუბიზნესის წარმომადგენლები. ჩვენ მხოლოდ იეჰოვას, ყოველივეს შემოქმედს, ვცემთ თაყვანს (გამოცხ. 4:11). w23.07 14, 15 ¶3, 4
ოთხშაბათი, 8 იანვარი
იეჰოვას შიშით ზურგს შეაქცევს იგი ბოროტებას (იგავ. 16:6).
დღეს სატანის ქვეყნიერება უზნეობის მორევშია ჩაძირული და ხალხისთვის ჩვეულ რამედ იქცა პორნოგრაფიის ყურება (ეფეს. 4:19). ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ განვივითაროთ ღვთისადმი შიში და ზურგი ვაქციოთ ბოროტებას. იგავების მე-9 თავში ჩაწერილია ორი სიმბოლური ქალის შესახებ, რომლებიც სიბრძნესა და უგუნურებას განასახიერებენ. ერთიც და მეორეც გამოუცდელებს ანუ უგუნურებს ეპატიჟება, მოდით და ჭამეთ ჩემი პურიო (იგავ. 9:1, 4–6). თუმცა მათთან სტუმრობა ერთნაირად არ დასრულდება. მოდი სულელ ქალზე ვისაუბროთ (იგავ. 9:13–18). ის ურცხვად ეძახის გამოუცდელებს და თავისთან ეპატიჟება სუფრაზე. მაგრამ საინტერესოა, რა იქნება მათი ბოლო, ვინც მის მოწვევას მიიღებს. მისი სტუმრები „სამარის სიღრმეში განისვენებენ“. იგავების მე-2 თავი გვაფრთხილებს გახრწნილი და უზნეო ქალის შესახებ, რომლის სახლიც „სიკვდილში იძირება“, ხოლო მე-5 თავი გვაფრთხილებს კიდევ ერთი ქალის შესახებ, რომლის „ფეხიც სიკვდილისკენ მიემართება“ (იგავ. 2:11–19; 5:3–10). w23.06 21, 22 ¶6, 7
ხუთშაბათი, 9 იანვარი
ყველამ დაინახოს თქვენი გონიერება (ფილ. 4:5).
უხუცესები გონიერებით უნდა გამოირჩეოდნენ (1 ტიმ. 3:2, 3). მაგალითად, უხუცესს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ სხვა უხუცესები მის აზრს მხოლოდ იმიტომ გაითვალისწინებენ, რომ მათზე უფროსია. მას უნდა ესმოდეს, რომ იეჰოვამ შეიძლება უხუცესთა საბჭოში წმინდა სულით ნებისმიერ ძმას ათქმევინოს ისეთი რამ, რაც გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში წაადგებათ. როცა ბიბლიური პრინციპი არ ირღვევა, უხუცესის მხრიდან გონიერების მაჩვენებელი იქნება, თუ მხარს დაუჭერს უმრავლესობის გადაწყვეტილებას, თუნდაც თავად სხვა აზრზე იყოს. გონიერების გამოვლენა ნამდვილად ღირს, რადგან კარგი ურთიერთობა გვექნება და-ძმებთან და კრებაში მშვიდობას შევუწყობთ ხელს. გარდა ამისა, სიამოვნებას მოგვანიჭებს განსხვავებული კულტურისა თუ ხასიათის და-ძმებთან ურთიერთობა და მათთან ერთად იეჰოვას თაყვანისცემა. რაც მთავარია, ჩვენ სიხარულს მოგვგვრის იმის ცოდნა, რომ ვბაძავთ ჩვენს ზეციერ მამას, რომელიც გონიერების უბადლო მაგალითს გვაძლევს. w23.07 25 ¶16, 17
პარასკევი, 10 იანვარი
სიტყვებს გამჭრიახნი ჩასწვდებიან (დან. 12:10).
დანიელის მაგალითიდან ვხედავთ, რა არის საჭირო, ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს რომ ჩავწვდეთ. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ დანიელს სწორი მოტივი ამოძრავებდა – სიმართლის გაგება სურდა. ის თავმდაბალიც იყო და ესმოდა, რომ წინასწარმეტყველებების გასაგებად იეჰოვასთვის უნდა მიემართა. დანიელმა ისიც კარგად იცოდა, რომ ღმერთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარებოდა, თუ უკეთ გაიცნობდა და მისი მაღალზნეობრივი ნორმებით იცხოვრებდა (დან. 2:18, 27, 28). ის გულმოდგინეც იყო და ყველა იმ ღვთივშთაგონებულ წიგნს იკვლევდა, რომლებზეც ხელი მიუწვდებოდა (იერ. 25:11, 12; დან. 9:2). თქვენ როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ დანიელს? დაფიქრდით თქვენს მოტივებზე. თუ თქვენც იმიტომ იკვლევთ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, რომ სიმართლის გაგება გსურთ, მაშინ შეგიძლიათ იეჰოვას დახმარების იმედი გქონდეთ (იოან. 4:23, 24; 14:16, 17). ფაქტია, ყველას ასეთი მოტივი არ ამოძრავებს. კვლევისას ზოგი იმის მტკიცებულებებს ეძებს, რომ ბიბლია არ არის ღვთისგან შთაგონებული, რადგან არ სურთ, ვინმემ უკარნახოს, როგორ იცხოვრონ. აშკარაა, მოტივს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. w23.08 9 ¶7, 8
შაბათი, 11 იანვარი
თუ . . . გული გაგიტყდება, ძალა გამოგეცლება (იგავ. 24:10).
თუ საკუთარ თავს სხვებს ვადარებთ, შეიძლება არარეალისტური მოლოდინები გაგვიჩნდეს და ეს ტვირთად გვექცეს (გალ. 6:4). ამან შეიძლება ჩვენში შური და მეტოქეობის სული გააღვივოს (გალ. 5:26). თუკი ხანგრძლივი მოლოდინი ასნეულებს გულს, წარმოიდგინეთ, რას გვიზამს ისეთი მოლოდინი, რომელიც ვერასდროს გამართლდება (იგავ. 13:12). არარეალისტურმა მიზნებმა შეიძლება ისე გამოგვაცალოს ძალა, რომ სიცოცხლისთვის რბოლის გაგრძელების თავიც აღარ გვქონდეს. იმაზე მეტს ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს, ვიდრე ამას იეჰოვა მოელის თქვენგან. გახსოვდეთ, ის ყოველთვის ითვალისწინებს თქვენს შესაძლებლობებს (2 კორ. 8:12). გჯეროდეთ, რომ იეჰოვა არასდროს შეგადარებთ სხვას (მათ. 25:20–23). ის ძალიან აფასებს პირადად თქვენ მიერ მთელი გულით შესრულებულ მსახურებას და თქვენს ერთგულებასა და მოთმინებას. w23.08 29 ¶10, 11
კვირა, 12 იანვარი
წყურვილით უნდა მოვკვდე?! (მსაჯ. 15:18).
როცა ძლიერ მწყურვალმა სამსონმა შველა იეჰოვას შესთხოვა, მან საპასუხოდ ნაპრალიდან სასწაულებრივად გადმოუდინა წყალი. როგორც კი სამსონმა წყალი დალია, „სული მოითქვა და გამოცოცხლდა“ (მსაჯ. 15:19). წლების შემდეგ, როცა სამუელი ამ მოვლენებს აღწერდა, როგორც ჩანს, ეს წყარო კვლავაც არსებობდა. მისი დანახვა ისრაელებს ალბათ იმ ფაქტს შეახსენებდა, რომ იეჰოვა არასდროს უცრუებს იმედს თავისზე მინდობილთ. რა ნიჭი ან უნარიც არ უნდა გვქონდეს და რისთვისაც არ უნდა მიგვეღწიოს ქრისტიანული ცხოვრების გზაზე, უნდა მივენდოთ იეჰოვას და მას მივმართოთ დახმარებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ მისი ნების შესრულებას. როგორც დავინახეთ, სამსონმა სული მოითქვა და გამოცოცხლდა, როცა იეჰოვას მიერ ნაპრალიდან სასწაულებრივად გადმოდენილი წყალი დალია. ჩვენც სულიერ ძალას იმ შემთხვევაში მოვიკრებთ, თუ უარს არ ვიტყვით იეჰოვასგან დახმარების მიღებაზე (მათ. 11:28). w23.09 4 ¶8–10
ორშაბათი, 13 იანვარი
მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს, მწარე სიტყვა კი რისხვას იწვევს (იგავ. 15:1).
როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა ვინმე ცილს სწამებს ღვთის სახელს ან აბუჩად იგდებს მის სიტყვას. ასეთ დროს ჩვენ ლოცვით უნდა მივმართოთ იეჰოვას და წმინდა სული და სიბრძნე ვთხოვოთ, რათა სიმშვიდე შევინარჩუნოთ. მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ისე ვერ ვუპასუხოთ, როგორც საჭიროა, და ეს მოგვიანებით გავაცნობიეროთ. ამ შემთხვევაშიც კარგი იქნება, თუ იეჰოვას მივმართავთ ლოცვით და დავფიქრდებით, შემდეგ ჯერზე როგორ მოვიქცეთ უკეთ. დარწმუნებული იყავით, იეჰოვა წმინდა სულით დაგეხმარებათ, თავი ხელში აიყვანოთ და რბილი ხასიათი გამოავლინოთ. სიმშვიდის შენარჩუნებაში ბიბლიური მუხლების დამახსოვრებაც გვეხმარება, რადგან რთულ სიტუაციაში წმინდა სულს შეუძლია გაგვახსენოს ისინი (იოან. 14:26). მაგალითად, წიგნ „იგავებში“ ბევრი სახელმძღვანელო პრინციპია მოცემული (იგავ. 15:18). ამ წიგნიდან იმასაც ვიგებთ, თუ რატომ იქნება კარგი თავშეკავების გამოვლენა (იგავ. 10:19; 17:27; 21:23; 25:15). w23.09 15 ¶6, 7
სამშაბათი, 14 იანვარი
ყოველთვის მზად ვარ, შეგახსენოთ ამის შესახებ (2 პეტ. 1:12).
პეტრე მოციქულს სულიერად მდიდარი ცხოვრება ჰქონდა. მას პატივი ხვდა წილად, რომ იესოსგან ესწავლა, არაიუდეველებისთვის ექადაგა და ხელმძღვანელ საბჭოში ემსახურა. თუმცა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე პეტრემ კიდევ ერთი დავალება მიიღო იეჰოვასგან. ახ. წ. 62–64 წლებში მან ქრისტიანებს ორი წერილი მისწერა (2 პეტ. 1:13–15). იმ პერიოდში, როცა პეტრე მოციქულმა ქრისტიანებს წერილები მისწერა, ისინი სხვადასხვა განსაცდელს ხვდებოდნენ (1 პეტ. 1:6). კრებაში ზოგიერთი ცრუმოძღვრებებს ავრცელებდა და და-ძმებს უწმინდური საქციელის ჩადენისკენ უბიძგებდა (2 პეტ. 2:1, 2, 14). ამას ისიც ემატებოდა, რომ მალე რომაელები იერუსალიმსა და მის ტაძარს მიწასთან გაასწორებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ იქ მცხოვრები ქრისტიანები „ყველაფრის დასასრულის“ მოწმენი გახდებოდნენ (1 პეტ. 4:7). ასე რომ, პეტრეს წერილები ნამდვილად დროული იქნებოდა მათთვის. w23.09 26 ¶1, 2
ოთხშაბათი, 15 იანვარი
[ქრისტემ] მორჩილება ისწავლა იმით, რაც გადაიტანა (ებრ. 5:8).
იესოს მსგავსად ხშირად ჩვენც რთულ სიტუაციებში ვხედავთ მორჩილების ფასს. ხომ არ გაგიჭირდათ პანდემიის დასაწყისში ხელმძღვანელობის მიყოლა? მაგალითად, როცა ძმებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში აღარ შევკრებილიყავით დარბაზებში და აღარ გვემსახურა კარდაკარ. და მაინც, თქვენ მიჰყევით ხელმძღვანელობას და ასეთი სახით ერთობასაც შეუწყვეთ ხელი და იეჰოვასაც გაუხარეთ გული. ახლა თითოეული ჩვენგანი უფრო მეტად ვართ მზად, რომ დავემორჩილოთ იმ მითითებებს, რომელთაც „დიდი გასაჭირის“ დროს მივიღებთ. გვესმის, რომ იმ დროს სწორედ მორჩილებაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლე (იობ. 36:11). როგორც დავინახეთ, მორჩილება ჩვენთვისვეა კარგი. თუმცა უპირველესად იეჰოვას მორჩილებისკენ მისადმი სიყვარული გვიბიძგებს (1 იოან. 5:3). ფაქტია, ჩვენ ვერასდროს გადავუხდით იეჰოვას იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გაუკეთებია (ფსალმ. 116:12). მაგრამ ის მაინც შეგვიძლია, რომ დავემორჩილოთ როგორც მას, ისე იმ ადამიანებს, რომლებსაც მან გარკვეული უფლებამოსილება უბოძა. ვინც მორჩილებას ავლენს, ბრძნულად იქცევა, ბრძენი კი გულს უხარებს იეჰოვას (იგავ. 27:11). w23.10 11 ¶18, 19
ხუთშაბათი, 16 იანვარი
თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის . . . შემქმნელს! (გამოცხ. 14:7).
ანგელოზი რომ დაგლაპარაკებოდათ, ალბათ მის თითოეულ სიტყვას გაფაციცებით მოისმენდით. სინამდვილეში, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ანგელოზს მართლაც აქვს რაღაც სათქმელი „ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის“. აი რას გვეუბნება ის: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, . . თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის . . . შემქმნელს!“ (გამოცხ. 14:6, 7). ყოველივეს შემოქმედი ნამდვილად იმსახურებს ჩვენს თაყვანისცემას. უზომოდ მადლიერნი ვართ, რომ იეჰოვა თავის დიდებულ სულიერ ტაძარში ამის შესაძლებლობას გვაძლევს! რა არის სულიერი ტაძარი და სად ვხვდებით მის აღწერილობას? სულიერი ტაძარი პირდაპირი გაგებით ნაგებობა არ არის. მასში იგულისხმება იეჰოვას მიერ შემუშავებული ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, იესოს გამოსასყიდის საფუძველზე მას მისთვის მოსაწონი სახით ვცეთ თაყვანი. პავლე მოციქულმა ამ სულიერი ტაძრის შესახებ იუდეაში მცხოვრები ებრაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში ისაუბრა. w23.10 24 ¶1, 2
პარასკევი, 17 იანვარი
„არც ჯარითა და არც ძალით, არამედ ჩემი სულით“, – ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა (ზაქ. 4:6).
ძვ. წ. 522 წელს ებრაელების მიმართ მტრულად განწყობილმა ხალხმა მიზანს მიაღწია და სპარსეთის მეფე დაიყოლია, რომ ტაძრის მშენებლობა შეეჩერებინა. თუმცა ზაქარიამ დაარწმუნა გულგატეხილი იუდეველები, რომ იეჰოვა თავისი სულით ნებისმიერ დაბრკოლებას მოაშორებდა. მართლაც, ძვ. წ. 520 წელს მეფე დარიოსმა იუდეველებს უფლება მისცა, გაეგრძელებინათ ტაძრის მშენებლობა და მათ ყველანაირი დახმარება აღმოუჩინა, მათ შორის მატერიალური (ეზრ. 6:1, 6–10). იეჰოვა თავის ხალხს დაჰპირდა, რომ მათ გვერდით იქნებოდა, თუ ტაძრის მშენებლობას პირველ ადგილზე დააყენებდნენ (ანგ. 1:8, 13, 14; ზაქ. 1:3, 16). წინასწარმეტყველების სიტყვებით გამხნევებულმა იუდეველებმა, სირთულეების მიუხედავად, ძვ. წ. 520 წელს გააგრძელეს მშენებლობა და ხუთ წელზე ნაკლებ დროში დაასრულეს კიდეც. იეჰოვამაც დაპირებისამებრ ხელი მოუმართა იუდეველებს. ღვთის თაყვანისცემა ახლა მათ უკვე სიხარულს ანიჭებდა (ეზრ. 6:14–16, 22). w23.11 15 ¶6, 7
შაბათი, 18 იანვარი
ისეთივე რწმენა აქვს, ჩვენს მამა აბრაამს . . . რომ ჰქონდა (რომ. 4:12).
აბრაამის შესახებ ბევრს სმენია. თუმცა ჩვენთვის ის მხოლოდ ისტორიული ფიგურა როდია. ვიცით, რომ ბიბლიაში მას ყველა „მორწმუნის მამა“ ეწოდება (რომ. 4:11). მართლა შესაძლებელია ისეთივე რწმენის განვითარება, როგორიც აბრაამს ჰქონდა? ამ კითხვაზე პასუხი დადებითია. გავიგოთ, რატომ ვამბობთ ამას. აბრაამის მსგავსი რწმენა რომ განვივითაროთ, მნიშვნელოვანია, ჩავუღრმავდეთ მის ცხოვრებას. მაგალითად, მის ძლიერ რწმენაზე მეტყველებს, რომ დაემორჩილა ღვთის მითითებას და შორეულ ქვეყანაში წავიდა. ათწლეულები კარვებში ცხოვრობდა და ღვთისთვის შვილის შესაწირავადაც იყო მზად. აბრაამის რწმენას თან ახლდა საქმეები, რის გამოც ღვთის მოწონება დაიმსახურა და მისი მეგობარი ეწოდა (იაკ. 2:22, 23). იეჰოვას სურს, რომ პირადად თქვენც გაიხაროთ მისი კეთილგანწყობით და მასთან მეგობრობით. ამიტომ წმინდა სულით აღძრა პავლე და იაკობი, რომ თავიანთ წერილებში აბრაამის მაგალითზე ემსჯელათ. w23.12 2 ¶1, 2
კვირა, 19 იანვარი
თითოეული მზად იყოს მოსასმენად და ნუ იჩქარებს რამის თქმას (იაკ. 1:19).
დებო, განივითარეთ კომუნიკაციის უნარები. ქრისტიანს კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს. ამ მხრივ შესანიშნავ რჩევას გვაძლევს მოწაფე იაკობი. თუ გინდათ, რომ სხვების მიმართ გულისხმიერება და თანაგრძნობა გამოავლინოთ, კარგი მსმენელი უნდა იყოთ (1 პეტ. 3:8). ზოგჯერ შეიძლება კითხვის დასმა იყოს საჭირო, რომ გავიგოთ, რისი თქმა სურს ადამიანს და რას განიცდის. მას შემდეგ, რაც კითხვას დასვამთ და პასუხსაც მოისმენთ, კარგად დაფიქრდით, თუ რისი თქმა იქნება უმჯობესი (იგავ. 15:28). მაგალითად, შეესაბამება სიმართლეს, რის თქმასაც აპირებთ და გაამხნევებს თუ პირიქით, გულს ატკენს მსმენელს? შეეცადეთ, მოწიფული დებისგან აიღოთ მაგალითი და დააკვირდეთ, რას და როგორ ამბობენ (იგავ. 31:26). რაც უფრო დაიხვეწებით ამ მხრივ, სხვებისთვის თქვენთან ურთიერთობა უფრო სასიამოვნო გახდება. w23.12 21 ¶12
ორშაბათი, 20 იანვარი
ვინც ხალხს გაურბის, . . სიბრძნეს არად აგდებს (იგავ. 18:1).
იეჰოვამ შეიძლება ოჯახის წევრები, მეგობრები და უხუცესები აღძრას ჩვენ დასახმარებლად. თუმცა ერთიცაა, დიდი ემოციური ტკივილის დროს შეიძლება საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტოთ და არავისთან არ გვინდოდეს ურთიერთობა. ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა ვნახოთ, როგორ გავუწიოთ ამ დროს წინააღმდეგობა საკუთარ თავს და მივიღოთ იეჰოვასგან დახმარება. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, არ ავყვეთ იმის ცდუნებას, რომ გავერიყოთ სხვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ საკუთარი თავით და ჩვენი პრობლემებით გავხდეთ მოცული და უკვე ვეღარ შევძლოთ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება. რა თქმა უნდა, ამით იმის თქმა არ გვინდა, რომ ემოციური ტკივილის დროს განმარტოება ყოველთვის ცუდია. თუმცა თუ გავერიყებით სხვებს, შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ იეჰოვას ხელი ვუკრათ დახმარებაზე. უნდა ვეცადოთ, უარი არ ვთქვათ ოჯახის წევრების, მეგობრებისა და უხუცესების მხრიდან მხარდაჭერაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა სწორედ მათი მეშვეობით გვიდგას მხარში (იგავ. 17:17; ეს. 32:1, 2). w24.01 24 ¶12, 13
სამშაბათი, 21 იანვარი
არ შეეხოს სამართებელი მის თავს (რიცხ. 6:5).
ნაზირები თმას არ იჭრიდნენ, რითაც იეჰოვასადმი უპირობო მორჩილებას ცხადყოფდნენ. სამწუხაროდ, ნაზირებს ყოველთვის არ აფასებდნენ და არ უჭერდნენ მხარს. ასე რომ, ნაზირებისთვის ნამდვილად არ იქნებოდა ყოველთვის ადვილი, სხვებისგან განსხვავებული ყოფილიყვნენ (ამოს. 2:12). ჩვენ იეჰოვას ვემორჩილებით, რაც ავტომატურად სხვებისგან განსხვავებულს გვხდის. გაბედულება გვჭირდება, რომ სკოლაში თუ სამსახურში არასდროს დავმალოთ, ვინ ვართ. თუმცა, რაკი მსოფლიოში დღითი დღე ეცემა ზნეობრივი თუ მორალური ნორმები, შეიძლება კიდევ უფრო რთული გახდეს ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრება და სხვებისთვის სასიხარულო ცნობის გაზიარება (2 ტიმ. 1:8; 3:13). მაგრამ გახსოვდეთ, იეჰოვას გულს ვუხარებთ, როცა ჩვენი განსხვავებულობის არ გვრცხვენია (იგავ. 27:11; მალ. 3:18). w24.02 16 ¶7; 17 ¶9
ოთხშაბათი, 22 იანვარი
გულთბილად მიიღეთ ერთმანეთი (რომ. 15:7).
პირველ საუკუნეში ქრისტიანების ამოსაცნობი ნიშანი სიყვარული იყო. მაგრამ სიყვარულის გამოვლენა ყოველთვის ადვილი არ იყო, რადგან ისინი ძალიან ბევრი რამით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. მაგალითად ავიღოთ რომის კრება. იქ მსახურობდნენ მოსეს კანონით აღზრდილი იუდეველები და მათგან სრულიად განსხვავებული უცხოტომელები. მათ შორის იყვნენ მონებიც და ბატონებიც. ასეთი სხვაობების ფონზე, როგორ უნდა გაეღრმავებინათ ერთმანეთის მიმართ სიყვარული? მოციქულმა პავლემ მათ ურჩია, რომ გულთბილად მიეღოთ ერთმანეთი. რას გულისხმობდა ის? ფრაზა, რომელიც ითარგმნა „გულთბილად მიიღეთ“ ნიშნავს ვინმეს მიმართ სტუმართმოყვარეობის გამოვლენას ან სამეგობრო წრეში მიღებას. პავლემ ფილიმონსაც მოუწოდა, რომ გულთბილად მიეღო გაქცეული მონა, ონისიმე (ფლმ. 17). ამ მხრივ სამაგალითონი იყვნენ აკვილა და პრისკილა. ისინი ერთ ახალმოქცეულ ქრისტიანს, აპოლოსს, დაუმეგობრდნენ და ჭეშმარიტების უკეთ გაგებაში დაეხმარნენ (საქ. 18:26). პირველი საუკუნის ქრისტიანებმა მოახერხეს, თვალი დაეხუჭათ სხვაობებზე და გულთბილად მიეღოთ ერთმანეთი. w23.07 6 ¶13
ხუთშაბათი, 23 იანვარი
აღთქმებს შევუსრულებ იეჰოვას (ფსალმ. 116:14).
უპირველეს ყოვლისა, თავს იმიტომ ვუძღვნით იეჰოვას, რომ გვიყვარს ის. თუმცა ღვთისადმი სიყვარული მხოლოდ ცარიელი ემოცია როდია. ის საფუძვლიან ცოდნას ემყარება. რაც უფრო მეტს ვიგებთ იეჰოვას შესახებ, მით უფრო გვიღრმავდება მისადმი სიყვარულიც (კოლ. 1:9). ბიბლიის შესწავლის შედეგად, ალბათ, უკვე დარწმუნდით, რომ 1) იეჰოვა რეალური პიროვნებაა, 2) ბიბლია მისი შთაგონებული სიტყვაა და 3) ღმერთი თავისი ორგანიზაციის მეშვეობით ასრულებს თავის ნებას. მათ, ვინც თავს უძღვნის იეჰოვას, უკვე აქვთ საბაზისო ბიბლიური ცოდნა და ღვთის ნორმების თანახმად ცხოვრობენ. ამასთანავე, ისინი ცდილობენ, ნასწავლი სხვებსაც გაუზიარონ (მათ. 28:19, 20). ღვთის სიყვარული კი იმისკენ აღძრავთ, რომ მხოლოდ მას სცენ თაყვანი. w24.03 4, 5 ¶6–8
პარასკევი, 24 იანვარი
ერთი ხორცი იქნებიან (დაბ. 2:24).
აბიგაილის ქმარი ნაბალი ბიბლიაში უხეშ და ავისმქნელ კაცად არის მოხსენიებული (1 სამ. 25:3). ასეთი კაცის გვერდით ცხოვრება მისთვის ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი, თუმცა მას არ უცდია, თავი დაეღწია ასეთი ქორწინებისგან. მაგალითად, როცა შეურაცხყოფილმა დავითმა ნაბალისა და მის სახლეულობაში ყველა მამაკაცის მოკვლა განიზრახა, აბიგაილი არ გაქცეულა. მეტიც, ის დავითთან მივიდა და სთხოვა, არ მოეკლა მისი ქმარი (1 სამ. 25:9–13, 23–27). საინტერესოა, რატომ მოიქცა ასე. აბიგაილს ესმოდა, რომ ქორწინება იეჰოვას თვალში წმინდა კავშირი იყო, იზიარებდა მის თვალსაზრისს და სურდა, მის მოსაწონად მოქცეულიყო. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ იღონა მან ყველაფერი, რომ ეხსნა ნაბალი და მთელი მისი სახლეულობაც. w24.03 16, 17 ¶9, 10
შაბათი, 25 იანვარი
ჩემი სიტყვა განგამტკიცებდათ (იობ. 16:5).
გყავთ კრებაში ისეთი და-ძმები, რომლებიც ცდილობენ, გაიმარტივონ ცხოვრება და უფრო მეტად ჩაერთონ თეოკრატიულ საქმეებში? იცნობთ ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც თამამად აფიქსირებენ სკოლაში თავიანთ პოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადვილი არ არის მათთვის? რომელიმე თანაქრისტიანი ხომ არ ხვდება ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობას? კარგი იქნება, თუ ყოველთვის გამოძებნით შესაძლებლობას, რომ შეაქოთ ისინი თავგანწირული სულისკვეთებისა და გაბედულებისთვის (ფლმ. 4, 5, 7). იეჰოვას ეჭვი არ ეპარება, რომ გულწრფელად გვსურს მის მოსაწონად ცხოვრება და მიძღვნის აღთქმის შესასრულებლად მსხვერპლზე წასასვლელადაც ვართ მზად. ის იმის შესაძლებლობასაც გვაძლევს, რომ საქმით დავუმტკიცოთ სიყვარული (იგავ. 23:15, 16). დაე ყოველთვის გვქონდეს იმის ძლიერი სურვილი, რომ იეჰოვასთვის საუკეთესო გავიღოთ! w24.02 18 ¶14; 19 ¶16
კვირა, 26 იანვარი
დადიოდა ყველგან . . . აკეთებდა სიკეთეს და . . . კურნავდა . . . გატანჯულთ (საქ. 10:38).
დგას ახ. წ. 29 წლის შემოდგომა. იესოს ახალი დაწყებული აქვს მსახურება. ის დედამისთან ერთად საქორწინო ნადიმზეა მიწვეული კანაში. მარიამი, როგორც ჩანს, მათ სტუმრების გამასპინძლებაში ეხმარება. მაგრამ შუა ქორწილის დროს ღვინო თავდება. მარიამი არ იბნევა და მაშინვე თავის შვილს ეუბნება: „ღვინო აღარ აქვთ“ (იოან. 2:1–3). ამ დროს იესო წყალს საუკეთესო ღვინოდ აქცევს! (იოან. 2:9, 10). დედამიწაზე მსახურების დროს იესომ სხვა არაერთი სასწაულიც მოახდინა. ის ღვთისგან ბოძებული ძალით ათი ათასობით ადამიანს დაეხმარა. მაგალითად, ავიღოთ ორი შემთხვევა: პირველ შემთხვევაში იესომ 5 000 კაცი დააპურა, მეორე შემთხვევაში კი – 4 000. მთლიანობაში, შესაძლოა, მან 27 000-ზე მეტი ადამიანის გამოკვებაზე იზრუნა, ქალებისა და ბავშვების ჩავთვლით (მათ. 14:15–21; 15:32–38). ამასთანავე, იესომ ორივე შემთხვევაში ავადმყოფებიც განკურნა (მათ. 14:14; 15:30, 31). w23.04 2 ¶1, 2
ორშაბათი, 27 იანვარი
მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები! (ეს. 41:13).
ემოციური ტრავმის შემდეგ დროდადრო შეიძლება აბსოლუტურად ძალაგამოცლილი ვიყოთ. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ელიას მსგავსად ძილის გარდა სხვა არაფრის თავი არ გვქონდეს (1 მეფ. 19:5–7). ასეთ დროს გაგვიჭირდება მსახურების გაგრძელება, თუ არავინ ამოგვიდგება მხარში. თუმცა როგორ დღევანდელი მუხლიდან ვხედავთ, იეჰოვა გვარწმუნებს, რომ მხარში ამოგვიდგება. მეფე დავითი იეჰოვასგან სწორედ ასეთ მხარდაჭერას გრძნობდა. განსაცდელში მყოფმა ღმერთს ასეთი რამ უთხრა: „შენი მარჯვენაა ჩემი შემწე“ (ფსალმ. 18:35). იეჰოვა ხშირად დახმარების ხელს თავისი მსახურების მეშვეობით გვიწვდის. ის ასე იქცეოდა ძველ დროშიც. მაგალითად, ერთხელ, როცა დავითი ემოციურ მხარდაჭერას საჭიროებდა, იეჰოვამ მის დასახმარებლად მისი მეგობარი იონათანი აღძრა (1 სამ. 23:16, 17). ელიას კი ელისეს მეშვეობით ამოუდგა მხარში (1 მეფ. 19:16, 21; 2 მეფ. 2:2). w24.01 23, 24 ¶10–12
სამშაბათი, 28 იანვარი
ვინაიდან სიბრძნეს იეჰოვა იძლევა; მისი ბაგიდან გამოდის ცოდნა და გამჭრიახობა (იგავ. 2:6).
იეჰოვა გულუხვი მამაა და სწორედ ამიტომ ამ თვისებით გამოირჩევა ის სიმბოლური ქალიც, რომელიც სიბრძნეს განასახიერებს. იგავების 9:2-ში ამ ქალზე ნათქვამია, რომ „ხორცი მოამზადა, ღვინო შეაზავა და სუფრაც გაშალა“. ხოლო მე-4 და მე-5 მუხლებში ვკითხულობთ, რომ ის გამოუცდელებს ეძახის, მოდით და ჭამეთ ჩემი პურიო. რატომ უნდა მივიღოთ მისი მოწვევა და მის სუფრას მივუსხდეთ? იეჰოვას არ სურს, რომ მისმა შვილებმა მწარე გამოცდილებით ისწავლონ ჭკუა ან ისეთი შეცდომები დაუშვან, რომლებიც სანანებელი გაუხდებათ. პირიქით, მისი სურვილია, ისინი დაბრძენდნენ და ხიფათში არ ჩაცვივდნენ. ამიტომაც „სიბრძნეს უნახავს მართლებს“ (იგავ. 2:7). თუ ღვთის მოშიშები ვიქნებით, იმის სურვილიც გვექნება, რომ ვასიამოვნოთ მას, მოვუსმინოთ მის ბრძნულ რჩევა-დარიგებას და გავითვალისწინოთ (იაკ. 1:25). w23.06 23 ¶14, 15
ოთხშაბათი, 29 იანვარი
ღმერთი უსამართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა (ებრ. 6:10).
თუ იეჰოვას მსახურებაში იმდენს ვეღარ აკეთებთ, რამდენიც გულით გსურთ, გახსოვდეთ, რომ მას შეუმჩნეველი არ რჩება თქვენი ძალისხმევა და დიდად გაფასებთ. რა გვაძლევს ამის თამამად თქმის საფუძველს? გავიხსენოთ, რა დაავალა იეჰოვამ წინასწარმეტყველ ზაქარიას. ბაბილონში დარჩენილი იუდეველების მიერ გამოგზავნილი ოქროთი და ვერცხლით მას გვირგვინი უნდა დაემზადებინა მათი გულუხვი შესაწირავების სამახსოვროდ (ზაქ. 6:11, 14). გჯეროდეთ, იეჰოვას ყოველთვის ემახსოვრება, რომ მთელი გულით ცდილობდით სირთულეების დროს მის მსახურებას. ვიცით, რომ „ბოლო დღეებში“ სირთულეები კი არ მოიკლებს, კიდევ უფრო მოიმატებს და მდგომარეობაც უფრო დამძიმდება (2 ტიმ. 3:1, 13). თუმცა ამაზე წუხილი ნამდვილად არ ღირს. გახსოვდეთ, რა სიტყვები უთხრა იეჰოვამ ანგიას დროს მცხოვრებ თავის ხალხს: „მე თქვენთანა ვარ . . . ნუ შეშინდებით!“ (ანგ. 2:4, 5). ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ იეჰოვა ჩვენთანაც იქნება, თუ ვეცდებით საუკეთესო გავიღოთ მისთვის. w23.11 19 ¶20, 21
ხუთშაბათი, 30 იანვარი
ცოდვილი კაცი ვარ! (ლუკ. 5:8).
იეჰოვას ნება რომ არ ყოფილიყო, ჩვენ არაფერი გვეცოდინებოდა პეტრეს შეცდომების შესახებ. მაგრამ მან გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი ჩვენ სასწავლებლად ჩაწერილიყო მის სიტყვაში (2 ტიმ. 3:16, 17). იეჰოვას სურს, პეტრეს მაგალითიდან ვისწავლოთ, რომ ჩვენგან სრულყოფილებას კი არა, იმას მოელის, რომ სისუსტეების მიუხედავად არ დავნებდებით და გავაგრძელებთ ბრძოლას. თუ არ დავნებდებით და ძალისხმევას არ დავიშურებთ, სასურველ შედეგსაც მივაღწევთ. ჩვენი მიზანი ისაა, რომ უკეთესები გავხდეთ და ამისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. თუმცა ზოგჯერ შეიძლება ისეთმა სისუსტემ შეგვახსენოს თავი, რომელიც გვეგონა, რომ დავძლიეთ. ფაქტია, ადრე თუ გვიან, ყველანი ვიტყვით ან გავაკეთებთ ისეთ რამეს, რაც მოგვიანებით სანანებელი გაგვიხდება. მაგრამ, თუ არ დავნებდებით, იეჰოვაც დაგვეხმარება, რომ უფრო და უფრო დავიხვეწოთ (1 პეტ. 5:10). იესო თანაგრძნობას ავლენდა პეტრეს მიმართ, რაც მას ეხმარებოდა, არ დანებებულიყო. ამაზე ფიქრი იმის სურვილს გაგვიძლიერებს, რომ არასდროს შევწყვიტოთ იეჰოვას მსახურება. w23.09 20, 21 ¶2, 3
პარასკევი, 31 იანვარი
უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა (იოან. 11:21).
ფაქტია, იესოს შეეძლო ლაზარეს გამოჯანმრთელება, როგორც ეს მართას სიტყვებიდანაც გამოჩნდა, თუმცა მას უფრო გრანდიოზული გეგმები აქვს. ის მართას ეუბნება: „აღდგება შენი ძმა!“. შემდეგ დასძენს: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე“ (იოან. 11:23, 25). ნამდვილად, იესოს იეჰოვასგან ნაბოძები ჰქონდა მკვდრების აღდგენის ძალა. ამ დროისთვის მას უკვე აღდგენილი ჰყავს პატარა გოგონა და ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც ახალი დაღუპულები იყვნენ (ლუკ. 7:11–15; 8:49–55). მაგრამ შეძლებს კი ის ლაზარეს აღდგენას, რომელიც ოთხი დღის მკვდარია და რომლის სხეულსაც ხრწნა აქვს დაწყებული? ლაზარეს კიდევ ერთი და მარიამი იესოსთან შესახვედრად მიდის. როცა იესოს ხვდება, იმავეს ეუბნება, რაც მართამ უთხრა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა!“ (იოან. 11:32). იესოს მათი შემხედვარე გული ეწვება და თვალზე ცრემლი ადგება. მას კარგად ესმის, რამხელა ტკივილს იწვევს საყვარელი ადამიანის სიკვდილი. ამიტომ სურს, მათ ტკივილი გაუყუჩოს და შვება მოჰგვაროს. w23.04 10, 11 ¶12, 13