საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es25 გვ. 17-26
  • თებერვალი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თებერვალი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2025
  • ქვესათაურები
  • შაბათი, 1 თებერვალი
  • კვირა, 2 თებერვალი
  • ორშაბათი, 3 თებერვალი
  • სამშაბათი, 4 თებერვალი
  • ოთხშაბათი, 5 თებერვალი
  • ხუთშაბათი, 6 თებერვალი
  • პარასკევი, 7 თებერვალი
  • შაბათი, 8 თებერვალი
  • კვირა, 9 თებერვალი
  • ორშაბათი, 10 თებერვალი
  • სამშაბათი, 11 თებერვალი
  • ოთხშაბათი, 12 თებერვალი
  • ხუთშაბათი, 13 თებერვალი
  • პარასკევი, 14 თებერვალი
  • შაბათი, 15 თებერვალი
  • კვირა, 16 თებერვალი
  • ორშაბათი, 17 თებერვალი
  • სამშაბათი, 18 თებერვალი
  • ოთხშაბათი, 19 თებერვალი
  • ხუთშაბათი, 20 თებერვალი
  • პარასკევი, 21 თებერვალი
  • შაბათი, 22 თებერვალი
  • კვირა, 23 თებერვალი
  • ორშაბათი, 24 თებერვალი
  • სამშაბათი, 25 თებერვალი
  • ოთხშაბათი, 26 თებერვალი
  • ხუთშაბათი, 27 თებერვალი
  • პარასკევი, 28 თებერვალი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2025
es25 გვ. 17-26

თებერვალი

შაბათი, 1 თებერვალი

მეც მოგისმენთ (იერ. 29:12).

როცა მეფე ხიზკია სასიკვდილოდ დასნეულდა, იეჰოვას სთხოვა განკურნება და მანაც შეუსრულა სათხოვარი (2 მეფ. 20:1–6). თუმცა ასე არ მომხდარა მოციქული პავლეს შემთხვევაში, რომელმაც იეჰოვას შესთხოვა, მოეშორებინა მისთვის „სხეულიდან ეკალი“ (2 კორ. 12:7–9). გავიხსენოთ აგრეთვე მოციქული იაკობისა და პეტრეს შემთხვევები. მეფე ჰეროდეს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ორივე მათგანი გამოესალმებინა სიცოცხლეს. იაკობი სიკვდილით დასაჯეს, პეტრე კი ანგელოზმა საპყრობილიდან იხსნა (საქ. 12:1–11). ბიბლია არაფერს ამბობს იმაზე, რატომ იხსნა იეჰოვამ პეტრე და არა იაკობი, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა „უსამართლოდ არასოდეს მოქმედებს“ (კან. 32:4). შეიძლება ჩვენც ვლოცულობთ რაიმეზე, მაგრამ ჩვენი მოლოდინი არ მართლდება. როგორც არ უნდა გვიპასუხოს იეჰოვამ ლოცვაზე, ეჭვქვეშ არ უნდა დავაყენოთ მისი გადაწყვეტილება, რადგან ვიცით, რომ ის მოსიყვარულე და სამართლიანი ღმერთია (იობ. 33:13). w23.11 21 ¶6

კვირა, 2 თებერვალი

ღვთიური სიბრძნე . . . [მორჩილია] (იაკ. 3:17).

იაკობმა ღვთივშთაგონებით დაწერა, რომ ბრძენი ადამიანი მორჩილია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, დავემორჩილოთ მათ, ვისაც იეჰოვამ გარკვეული უფლებამოსილება უბოძა. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა ჩვენგან მათ მორჩილებას არ მოელის, ვინც მისი ნორმების დარღვევისკენ გვიბიძგებს (საქ. 4:18–20). როცა საქმე იეჰოვას მორჩილებას ეხება, ეს შეიძლება ჩვენთვის არც ისე რთული აღმოჩნდეს, რადგან სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისი კანონები სრულყოფილია (ფსალმ. 19:7). თუმცა იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით ადამიანებზე. ისინი, ვისაც იეჰოვამ გარკვეული უფლებამოსილება უბოძა, მაგალითად, მშობლები, ხელისუფლების წარმომადგენლები და უხუცესები, არასრულყოფილები არიან (იგავ. 6:20; 1 თეს. 5:12; 1 პეტ. 2:13, 14). მაგრამ მათი მორჩილება იეჰოვას მორჩილებაში ჩაგვეთვლება. w23.10 6 ¶2, 3

ორშაბათი, 3 თებერვალი

ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია (გამოცხ. 21:5).

რწმენა გვიმტკიცდება, როცა ვფიქრობთ, თუ რამხელა ძალა აქვს იეჰოვას. მას ნამდვილად შეუძლია ყველა თავისი დანაპირები შეასრულოს. ის ხომ ყოვლისშემძლეა (იობ. 42:2; მარ. 10:27; ეფეს. 3:20). მაგალითად, მან ღრმად მოხუცებულ აბრაამსა და სარას უთხრა, რომ ვაჟი ეყოლებოდათ (დაბ. 17:15–17). მან ისიც აღუთქვა აბრაამს, რომ მისი შთამომავლები ქანაანის მიწას დაიმკვიდრებდნენ. მრავალი წლის განმავლობაში აბრაამის შთამომავლები ეგვიპტეში მონები იყვნენ, რის გამოც ისე ჩანდა, რომ ამ დაპირებას შესრულება არ ეწერა. მაგრამ როგორც ვიცით, ღვთის სიტყვა არ გამტყუნებულა. იეჰოვამ ქალწულ მარიამს ახარა, რომ ღვთის ძის დედა გახდებოდა, რომლის მოსვლის შესახებაც დაპირება ათასობით წლით ადრე ჯერ კიდევ ედემის ბაღში წარმოთქვა (დაბ. 3:15). როცა ვფიქრობთ, როგორ ასრულებდა იეჰოვა თავის დაპირებებს წარსულში, კიდევ უფრო ვრწმუნდებით, რომ ის აუცილებლად მოიყვანს სისრულეში იმას, რაც ახალი ქვეყნიერების შესახებ აღგვითქვა (იეს. 23:14; ეს. 55:10, 11). w23.04 28 ¶10–12

სამშაბათი, 4 თებერვალი

იეჰოვა, ისმინე ჩემი ლოცვა. მომისმინე, როცა შველას გთხოვ (ფსალმ. 143:1).

იეჰოვას არასდროს დაუტოვებია მარტო დავითი, რომელიც შველას შესთხოვდა (1 სამ. 19:10, 18–20; 2 სამ. 5:17–25). ის ჩვენს ხმასაც აუცილებლად მოისმენს (ფსალმ. 145:18). თუმცა იეჰოვამ შეიძლება ლოცვაზე ისე არ გვიპასუხოს, როგორც ველით. პავლემ ღმერთს სხეულიდან ეკლის მოშორება შესთხოვა. კონკრეტულად ამ პრობლემაზე მან სამჯერ ილოცა. უპასუხა იეჰოვამ მის ლოცვებს? დიახ, მაგრამ არა ისე, როგორც ამას პავლე ელოდა. პრობლემა პრობლემად დარჩა, თუმცა იეჰოვამ მას ძალა მისცა, რომ ერთგულად გაეგრძელებინა მსახურება (2 კორ. 12:7–10). შეიძლება მსგავს სიტუაციაში ჩვენც აღმოვჩნდეთ. ასეთ დროს დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვამ საუკეთესოდ იცის, როგორ დაგვეხმაროს. მას „შეუძლია იმაზე გაცილებით მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან აზრად მოგვდის“ (ეფეს. 3:20). აქედან გამომდინარე, იეჰოვამ შეიძლება ისეთ დროს გვიპასუხოს, როცა ყველაზე ნაკლებად ველით, თანაც მოულოდნელი სახით. w23.05 8, 9 ¶4–6

ოთხშაბათი, 5 თებერვალი

მოვა დრო, როცა ყველა, ვინც სამარხშია, მის ხმას მოისმენს და აღდგება (იოან. 5:28, 29).

დროდადრო კარგი იქნება, თუ ვიფიქრებთ მკვდრეთით აღდგომის იმედზე. ამის გაკეთება იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ არავინ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. შეიძლება სერიოზულად დავავადდეთ ან ახლობელი გამოგვეცალოს ხელიდან, მკვდრეთით აღდგომის იმედი კი ასეთი განსაცდელების ატანის ძალას მოგვცემს (ეკლ. 9:11; იაკ. 4:13, 14; 1 თეს. 4:13). ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ ზეციერ მამას ძალიან ვუყვარვართ და ყველაფერი იცის ჩვენ შესახებ (ლუკ. 12:7). მისი სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ მარადიული სიცოცხლის იმედს გვაძლევს და თუ საჭირო გახდა, მკვდრეთითაც აღგვადგენს, თანაც ზუსტად ისეთივე პიროვნული ნიშან-თვისებებითა და მოგონებებით, როგორებიც წარსულში გვქონდა. წარმოიდგინეთ, რა კარგად გვიცნობს იეჰოვა! რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ მკვდრეთით აღდგომა ნამდვილად იქნება? იმიტომ, რომ მას სურვილიც აქვს და ძალაც შესწევს, დაპირებული შეასრულოს. w23.04 8, 9 ¶2–4

ხუთშაბათი, 6 თებერვალი

[იოსები და მარიამი] ყოველ წელს პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად იერუსალიმში დადიოდნენ (ლუკ. 2:41).

იოსებსა და მარიამს ესმოდათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, იეჰოვასთვის თაყვანი ერთად ეცათ და განემტკიცებინათ მასთან ურთიერთობა (ლუკ. 2:22–24; 4:16). დაქორწინებულებს მათ მაგალითზე მართლაც ბევრის სწავლა შეუძლიათ. თუ თქვენც გყავთ შვილები, შეიძლება ადვილი არ იყოს, დაესწროთ კრების შეხვედრებს და რეგულარულად ჩაატაროთ ოჯახური შესწავლა. განსაკუთრებით რთული კი წყვილისთვის შეიძლება ის აღმოჩნდეს, რომ ერთად გამოიკვლიონ ბიბლია და ილოცონ. მაგრამ თქვენი ძალისხმევა დაჯილდოვდება, რადგან იეჰოვასაც მეტად დაუახლოვდებით და ერთმანეთსაც. ასე რომ, სათანადო ადგილი დაუთმეთ იეჰოვას თაყვანისცემას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის ურთიერთობა დაძაბულია, ოჯახური თაყვანისცემის ჩატარება შეიძლება სულაც არ გეხალისებოდეთ. ამიტომ ეცადეთ, თავიდან განხილვას ცოტ-ცოტა დრო დაუთმოთ. ასე ერთმანეთსაც დაუახლოვდებით და იეჰოვას ერთად თაყვანისცემის სურვილიც გაგიძლიერდებათ. w23.05 22 ¶7, 8

პარასკევი, 7 თებერვალი

ობადია იეჰოვას მოშიში კაცი იყო (1 მეფ. 18:3).

ღვთისმოშიშების წყალობით ობადიას სანდო და პატიოსან ადამიანად იცნობდნენ. ეს არც მეფე ახაბს გამორჩა მხედველობიდან და ობადია სასახლის გამგებლად დააყენა (შეადარეთ ნეემიას 7:2). ღვთისმოშიშება მას გაბედულებასაც სძენდა. გაბედულება კი ნამდვილად დასჭირდებოდა, რადგან ბოროტი მეფის, ახაბის, კარზე მსახურობდა (1 მეფ. 16:30). ამას ისიც ემატებოდა, რომ ახაბის ცოლი იზებელი, რომელიც ბაალის თაყვანისმცემელი იყო, ცდილობდა, ჩრდილოეთი სამეფოდან იეჰოვას თაყვანისმცემლობის ყოველგვარი კვალი გაექრო. მან ბევრი ღვთის წინასწარმეტყველიც დახოცა (1 მეფ. 18:4). როცა იზებელმა ღვთის წინასწარმეტყველების გაწყვეტა გადაწყვიტა, ობადიას განსაკუთრებით დასჭირდა გაბედულების გამოვლენა. მან 100 წინასწარმეტყველი გამოქვაბულებში გადამალა და პურითა და წყლით ამარაგებდა (1 მეფ. 18:13, 14). ეს რომ გახმაურებულიყო, ობადიას არ აცოცხლებდნენ. ფაქტია, ობადიაც ჩვენნაირი ადამიანი იყო და შიში დაეუფლებოდა. თუმცა მას იეჰოვა და მისი თაყვანისმცემლები საკუთარ თავზე მეტად უყვარდა. w23.06 16 ¶9, 10

შაბათი, 8 თებერვალი

მე, იეჰოვა, . . მიგიძღვი (ეს. 48:17).

როგორც წარსულში, ისე დღესაც, იეჰოვა მიუძღვის თავის ხალხს. ამას ის ბიბლიისა და თავისი ძის, იესოს მეშვეობით აკეთებს. მაგრამ საიდან ვიცით, რომ მას დღესაც ჰყავს დანიშნული ადამიანები თავისი მსახურებისთვის ხელმძღვანელობის გასაწევად? მოდი განვიხილოთ, როგორ განვითარდა მოვლენები მე-19 საუკუნის მიწურულს. იმ დროს ჩარლზ ტეიზ რასელი და მისი თანამოაზრეები მიხვდნენ, რომ 1914 წელი გარდამტეხი წელი იქნებოდა კაცობრიობის ისტორიაში (დან. 4:25, 26). ამ დასკვნამდე ისინი ბიბლიური წინასწარმეტყველებების გამოკვლევამ მიიყვანა. საიდან გამოჩნდა, რომ მათ იეჰოვა ხელმძღვანელობდა? 1914 წელს მომხდარმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ზეცაში ღვთის სამეფო დამყარდა. იმავე წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, რასაც ეპიდემიები, მიწისძვრები და საკვების უკმარისობა მოჰყვა (ლუკ. 21:10, 11). ორი აზრი არ არსებობდა, რომ სწორედ იეჰოვა მიუძღოდა თავის ხალხს. w24.02 22 ¶11

კვირა, 9 თებერვალი

მრავალი უბედურება ატყდება მართალს, მაგრამ იეჰოვა ყველაფრისგან დაიხსნის მას (ფსალმ. 34:19).

იეჰოვას მსახურებს გვჯერა, რომ მას ვუყვარვართ და ჩვენთვის ყოველივე საუკეთესო სურს (რომ. 8:35–39). ისიც ვიცით, რომ როცა ბიბლიური პრინციპებით ვხელმძღვანელობთ, ეს ჩვენს ცხოვრებაზე დადებითად აისახება (ეს. 48:17, 18). მაგრამ როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა სირთულეები მოულოდნელად იჩენს თავს? შეიძლება ოჯახის წევრმა გაგვიცრუოს იმედი ან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის გამო იეჰოვას მსახურებაში იმდენი ვეღარ გავაკეთოთ, რამდენიც უწინ. შეიძლება სტიქიურმა უბედურებამ დაგვაზარალოს ან რწმენის გამო შევხვდეთ დევნას. ამ დროს ბუნებრივია, ასეთი კითხვები დაგვებადოს: რატომ ხდება ეს ჩემს თავს? რამე ხომ არ შემეშალა? იქნებ იეჰოვა აღარ მწყალობს? თუ თქვენც გაგჩენიათ მსგავსი კითხვები, გულს ნუ გაიტეხთ. ასეთი გრძნობები არც სხვა ღვთის ერთგული მსახურებისთვის ყოფილა უცხო (ფსალმ. 22:1, 2; აბაკ. 1:2, 3). w23.04 14 ¶1, 2

ორშაბათი, 10 თებერვალი

მტკიცედ განვიზრახე, შენს წესებს დავემორჩილო მთელი სიცოცხლე (ფსალმ. 119:112).

თუ ცდუნების წინაშე აღმოვჩნდებით, მაშინვე უკუვაგდებთ ნებისმიერ უწმინდურ აზრს და ისეთს არაფერს გავაკეთებთ, რაც იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას გააფუჭებდა. იეჰოვა მოელის, რომ გულით დავემორჩილებით (რომ. 6:17). ის ყოველთვის ჩვენ სასიკეთოდ გვასწავლის და ისეთ კანონებს გვაძლევს, რომელთაც წუნი არ დაედება (ეს. 48:17, 18; 1 კორ. 6:9, 10). ჩვენ გასატეხად სატანა ზოგჯერ ფიზიკურ შეურაცხყოფას და ემოციურ წნეხს მიმართავს. მას სურს, რომ „გადაგვყლაპოს“ ანუ იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას ძირი გამოუთხაროს (1 პეტ. 5:8). თავიანთი მტკიცე პოზიციის გამო ქრისტიანებს პირველ საუკუნეშიც ემუქრებოდნენ, სცემდნენ და სიცოცხლესაც კი ასალმებდნენ (საქ. 5:27, 28, 40; 7:54–60). სატანის მეთოდები დღესაც უცვლელია. მოწმეები სხვადასხვა სახის წინააღმდეგობას ვხვდებით, ზოგ ქვეყანაში კი, მაგალითად, რუსეთში, სასტიკად გვდევნიან. სატანა პირდაპირი თავდასხმების გარდა სხვადასხვა ხრიკსაც მიმართავს (ეფეს. 6:11). w23.07 15, 16 ¶6–9

სამშაბათი, 11 თებერვალი

ყოველმხრივ გავიზარდოთ სიყვარულით (ეფეს. 4:15).

რაც უფრო უკეთ გავეცნობით ღვთის სიტყვას, მით უფრო მეტად შეგვიყვარდება იეჰოვა. სიყვარული კი იმისკენ აღგვძრავს, რომ ნასწავლის თანახმად ვიცხოვროთ. უფრო გონივრულ გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ, რადგან ბიბლიური პრინციპებით ვხელმძღვანელობთ. ცვლილებებს ჩვენს აზროვნებასა და საქციელშიც მოვახდენთ, რათა გული გავუხაროთ იეჰოვას და როგორც შვილი ჰბაძავს მშობელს, ჩვენც მცდელობას არ დავაკლებთ, რომ ზეციერ მამას მივბაძოთ (ეფეს. 5:1, 2). დაფიქრდით: ახლა უფრო ძლიერ გიყვართ იეჰოვა, ვიდრე მაშინ, როცა მოინათლეთ? აჩვენებს თქვენი აზროვნება და საქციელი, რომ ახლა უკეთ ჰბაძავთ მას, განსაკუთრებით თუ საქმე და-ძმების სიყვარულზე მიდგება? თუ შენიშნავთ, რომ თავდაპირველი სიყვარული გაგინელდათ, გული არ გაიტეხოთ. მსგავსი რამ პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებსაც დაემართათ. თუმცა იესოს მათზე ხელი არ ჩაუქნევია. გჯეროდეთ, ის არც თქვენზე ჩაიქნევს ხელს (გამოცხ. 2:4, 7). მან კარგად უწყის, რომ თქვენ შეგიძლიათ თავდაპირველი სიყვარულის აგიზგიზება. w23.07 8 ¶2, 3

ოთხშაბათი, 12 თებერვალი

იეჰოვა, რაოდენ კარგი და მიმტევებელი ხარ (ფსალმ. 86:5).

იესოს სიკვდილის წინა ღამეს მოციქულმა პეტრემ ერთი მეორის მიყოლებით დაუშვა შეცდომები. საბოლოოდ კი სერიოზული ცოდვა ჩაიდინა. თავიდან პეტრემ ზედმეტი თავდაჯერებულობა გამოავლინა და დაიკვეხნა, რომ ყველა მოციქულსაც რომ მიეტოვებინა, ის მაინც უერთგულებდა იესოს (მარ. 14:27–29). შემდეგ, როცა გეთსემანეს ბაღში იყვნენ, მისი არაერთი თხოვნის მიუხედავად ვერ შეძლო, რომ ეფხიზლა (მარ. 14:32, 37–41). ხოლო, როდესაც იესოს შესაპყრობად მივიდნენ, პეტრემ მიატოვა თავისი მოძღვარი (მარ. 14:50). ბოლოს კი სამჯერ უარყო იესო და დაიფიცა კიდეც, რომ არ იცნობდა (მარ. 14:66–71). Როგორ მოიქცა პეტრე მას შემდეგ, რაც გაიაზრა ჩადენილი ცოდვის სიმძიმე? მან თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა (მარ. 14:72). იესომ კი არ გაკიცხა ის, არამედ დიდი პასუხისმგებლობები მიანდო (იოან. 21:15–17). ფაქტია, პეტრე იაზრებდა თავისი ცოდვის სიმძიმეს, თუმცა საკუთარ თავზე ხელი არ ჩაუქნევია. ამაში იესოს სიყვარულზე ფიქრი დაეხმარა. რისი სწავლა შეგვიძლია? იეჰოვას სურვილია, ეჭვი არ გვეპარებოდეს, რომ ვუყვარვართ და მზად არის პატიებისთვის (რომ. 8:38, 39). w24.03 18, 19 ¶13–15

ხუთშაბათი, 13 თებერვალი

ბევრს მოუსწრაფა სიცოცხლე (იგავ. 7:26).

უზნეობას თან სდევს, სირცხვილისა და უღირსობის გრძნობა, არასასურველი ორსულობა და დანგრეული ოჯახი. გონივრულად მოვიქცევით, თუ გვერდს ავუვლით სულელი ქალის სახლს და არ მივუსხდებით მის სუფრას. სულიერ ზიანს რომ თავი დავანებოთ, უზნეო ცხოვრების წესის გამო ადამიანს შეიძლება სასიკვდილო დაავადებაც დაემართოს (იგავ. 7:23). როგორც იგავების მე-9 თავის მე-18 მუხლიდან ვიგებთ, სულელი ქალის სტუმრები „სამარის სიღრმეში განისვენებენ“. თუ ბოლო ასეთი საშინელია, მაშ რატომ იღებს ბევრი ამ ქალის მოწვევას? (იგავ. 9:13–18). ერთ-ერთი საცდური პორნოგრაფიაა. ზოგი მას უწყინარ გართობად მიიჩნევს, თუმცა პორნოგრაფია ადამიანისთვის ძალიან საზიანოა და ზნეობრივ დეგრადაციასა და დამოკიდებულებას იწვევს. უზნეო სცენები ღრმად იბეჭდება გონებაში და მათი ამოშლა ძალიან რთულია. მეტიც, პორნოგრაფია კი არ კლავს ჩვენში უზნეო სურვილებს, არამედ უფრო აღვივებს (კოლ. 3:5; იაკ. 1:14, 15). ფაქტია, ბევრი, ვინც პორნოგრაფიას უყურებს, სჩადის კიდეც უზნეობას. w23.06 23 ¶10, 11

პარასკევი, 14 თებერვალი

ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება (დან. 2:44).

მართალია, დროდადრო სხვა ქვეყნებიც აცხადებენ პრეტენზიას მსოფლიო პირველობაზე, მაგრამ ისინი ვერ შეძლებენ მისი ადგილის დაკავებას. ეს იქიდან ვიცით, რომ „ქვა“, რომელიც ღვთის სამეფოს განასახიერებს, ქანდაკების ტერფებს ეცემა ანუ ანადგურებს ბრიტანეთ-ამერიკის ალიანსს (დან. 2:34, 35, 44, 45). გჯერათ, რომ ეს წინასწარმეტყველება დღეს ჩვენ თვალწინ სრულდება? ეს თქვენი გადაწყვეტილებებიდან გამოჩნდება. მაგალითად, თუ მტკიცედ გწამთ, რომ მალე ამ ქვეყნიერებას ბოლო მოეღება, არ იფიქრებთ, რომ სიმდიდრე უსაფრთხოების გარანტიაა (ლუკ. 12:16–21; 1 იოან. 2:15–17). გარდა ამისა, ქადაგება და მოწაფეების მომზადება თქვენს ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს დაიკავებს (მათ. 6:33; 28:18–20). ამ წინასწარმეტყველების გამოკვლევის შემდეგ დაფიქრდით, ჩანს თქვენი გადაწყვეტილებებიდან იმის მტკიცე რწმენა, რომ მალე ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ადამიანურ ხელისუფლებებს. w23.08 11 ¶13, 14

შაბათი, 15 თებერვალი

თითოეული ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე (რომ. 14:12).

გამოიჩინეთ მოკრძალება და შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ ასაკის, ჯანმრთელობის თუ სხვა მიზეზების გამო შეიძლება იმდენი ვეღარ გააკეთოთ, რამდენის სურვილიც გაქვთ. თუ ფიზიკური ჯანმრთელობა ხელს არ გიწყობთ, ბარზილაის მსგავსად, მზად იყავით, უარი თქვათ პასუხისმგებლობებზე (2 სამ. 19:35, 36). მოსეს მსგავსად, უარი არ თქვათ დახმარებაზე და, როცა შესაძლებელია, სხვებსაც გაუნაწილეთ პასუხისმგებლობა (გამ. 18:21, 22). თუ მოკრძალებული იქნებით, ისეთ მიზნებს არ დაისახავთ, რომლებიც ძალას გამოგაცლით. ჩვენ სხვის მაგივრად გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ და ვერც თავიდან ავარიდებთ არასწორი გადაწყვეტილების შედეგებს. მაგალითად, თუ ახალგაზრდა უარს იტყვის იეჰოვას მსახურებაზე, ეს მშობელს ენით აუწერელ ტკივილს მიაყენებს. თუმცა თუ ის საკუთარ თავს დაიდანაშაულებს, მძიმე ტვირთს აიკიდებს. ამ ტვირთის ტარებას იეჰოვა არ მოელის მშობლებისგან. w23.08 29 ¶11, 12

კვირა, 16 თებერვალი

სამსონს ერთი ქალი შეუყვარდა, სახელად დალილა (მსაჯ. 16:4).

სამსონიც ჩვენნაირი არასრულყოფილი ადამიანი იყო, ამიტომ დროდადრო არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. მაგალითად, ერთხელ, როცა მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გაეკეთებინა, არ დააკვირდა, თუ რა იყო იეჰოვას ნება, რაც ძვირად დაუჯდა. წლების მანძილზე ერთგულად მსახურების შემდეგ მას დალილა შეუყვარდა სორეკის ხევიდან, რომელიც, სავარაუდოდ, ებრაელი იყო. რაც შეეხება იმ შემთხვევას, როცა სამსონი ფილისტიმელ ქალზე დაინიშნა, ეს იეჰოვას ნებით მოხდა. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, მაშინ იეჰოვა „ხელსაყრელ შემთხვევას ელოდა“, რომ სამსონი ფილისტიმელებს შებრძოლებოდა. მოგვიანებით სამსონი ღამის გასათევად ფილისტიმელთა ქალაქ ღაზაში ერთი მეძავის სახლში მივიდა. როგორც ჩანს, ესეც იეჰოვასგან იყო, რადგან მაშინ სამსონს იმის ძალა მისცა, რომ ქალაქის კარიბჭე მოეგლიჯა და ღაზა დაუცველი დაეტოვებინა (მსაჯ. 14:1–4; 16:1–3). თუმცა დალილას შემთხვევაში არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს იეჰოვასგან იყო. სამსონის გასაცემად მან ფილისტიმელებისგან საკმაოდ დიდი თანხა მიიღო. w23.09 5 ¶12, 13

ორშაბათი, 17 თებერვალი

გამჭრიახობა რისხვას აცხრობს (იგავ. 19:11).

რბილი ხასიათის გამოვლენაში გამჭრიახობაც გვეხმარება, რადგან გამჭრიახი ადამიანი იმას ხედავს, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს. ზოგი კითხვა აისბერგივითაა. ჩვენ მხოლოდ იმას ვხედავთ, რაც „ზედაპირზე“ ჩანს. მაგრამ თუ გამჭრიახობას გამოვავლენთ, ჩვენ, ასე ვთქვათ, სიღრმეში ჩავალთ და ადამიანის მოტივს დავინახავთ. ასე რომ, პასუხის გაცემამდე კარგი იქნება, დავფიქრდეთ, რატომ გვისვამენ კითხვას (იგავ. 16:23). მოდი განვიხილოთ ერთი ბიბლიური შემთხვევა. ერთხელ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ მსაჯულ გედეონს ეფრემელებმა დაუწყეს დავა, ჩვენ რატომ არ წაგვიყვანე საბრძოლველადო. რამ გამოიწვია მათი გაღიზიანება? შესაძლოა ეფრემელებს თავმოყვარეობა შეელახათ. თუმცა, რაც არ უნდა გამხდარიყო მათი გაღიზიანების მიზეზი, ფაქტი ერთია: გედეონმა მათი დამშვიდება შეძლო, რადგან გამჭრიახობა გამოიჩინა და რბილად უპასუხა (მსაჯ. 8:1–3). w23.09 16 ¶8, 9

სამშაბათი, 18 თებერვალი

ყოველდღე ხარობდა ჩემით (იგავ. 8:30).

იეჰოვასა და იესოს, როგორც მამა-შვილს, ისეთი ახლო ურთიერთობა აქვთ, რომ ამის წარმოდგენას ვერავინ შევძლებთ. ამიტომ რა გასაკვირია, რომ იეჰოვასთვის უზომოდ მტკივნეული იქნებოდა იმის ყურება, რამდენი განსაცდელის ატანა უწევდა იესოს, როგორ შეურაცხყოფდნენ მას, უარყოფდნენ და აწამებდნენ. ყველამ კარგად ვიცით, რომ მშობლისთვის შვილის სიკვდილზე დიდი ტკივილი არ არსებობს. მკვდრეთით აღდგომის იმედიც კი ვერ აყუჩებს ბოლომდე ამ ტკივილს. ამაზე ფიქრი გვეხმარება, წარმოვიდგინოთ, რას გრძნობდა იეჰოვა თავისი შვილის ტანჯვისა და სიკვდილის შემხედვარე (მათ. 3:17). ურიგო არ იქნება, თუ გახსენების საღამოს წინა პერიოდში პირადი შესწავლის თუ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის დროს უფრო ღრმად გამოიკვლევთ გამოსასყიდის საკითხს. არც ის დაგავიწყდეთ, რომ იმ დღეს, როცა გახსენების საღამო აღინიშნება, სპეციალურ დილის პროგრამასაც უყუროთ. თუ ამ საღამოსთვის სათანადოდ განვეწყობით, ეს მხოლოდ ჩვენ კი არა, სხვებსაც წაადგებათ (ეზრ. 7:10, სქ.). w24.01 11 ¶10–12

ოთხშაბათი, 19 თებერვალი

[იეჰოვა] განგამტკიცებთ (1 პეტ. 5:10).

თუ გვინდა, იეჰოვამ გაგვაძლიეროს, აუცილებელია, ვილოცოთ. ჩვენს ლოცვაზე პასუხად იეჰოვას შეუძლია მოგვცეს „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორ. 4:7). ამასთანავე საჭიროა, ვიკითხოთ ღვთის სიტყვა და ვიფიქროთ მასზე (ფსალმ. 86:11). ასე რომ, ლოცვა და ღვთის სიტყვის კითხვა გვმატებს ძალას, რომ ავიტანოთ განსაცდელები, შევინარჩუნოთ სიხარული და თავი გავართვათ რთულ დავალებას (ებრ. 4:12). ვნახოთ, როგორ გააძლიერა ლოცვამ და ღვთის სიტყვაზე ფიქრმა წინასწარმეტყველი იონა. ერთხელ მან საკმაოდ რთული დავალება მიიღო. თავი რომ აერიდებინა ამ დავალებისთვის, ის თარშიშისკენ მიმავალ გემზე ავიდა. ჯერ იყო და ზღვაზე ისეთი ქარიშხალი ამოვარდა, ყველას ეგონა დავიღუპებითო. მერე იონა წყალში გადააგდეს. საბოლოოდ კი თევზის მუცელში ამოყო თავი. ამ სიტუაციიდან საკუთარი ძალით ნამდვილად ვერ დააღწევდა თავს. რამ გააძლიერა იონა ამ მძიმე წუთებში? მან ილოცა (იონ. 2:1, 2, 7). w23.10 13 ¶4–6

ხუთშაბათი, 20 თებერვალი

მოახლოვდა ყველაფრის დასასრული (1 პეტ. 4:7).

მართალია, პეტრე მოციქულმა თავისი წერილები პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა, მაგრამ იეჰოვამ იზრუნა, რომ ისინი ბიბლიაში ჩვენ სასწავლებლადაც შემოენახა (რომ. 15:4). დღეს ბევრს არ სწამს ბიბლიური წინასწარმეტყველებების და ფიქრობს, რომ აღსასრული არასდროს დადგება. ასეთებმა შეიძლება სასაცილოდ აგვიგდონ იმის გამო, რომ წლებია აღსასრულის მოლოდინში ვცხოვრობთ (2 პეტ. 3:3, 4). თუ ჩვენს ახლობლებსაც მსგავსი დამოკიდებულება აქვთ ან უბანზე ვხვდებით ასეთ ადამიანებს, შეიძლება რწმენა შეგვერყეს. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ მოხდეს? ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ იეჰოვა აყოვნებს ბოროტი ქვეყნიერების განადგურებას. ასეთი ფიქრები ჩვენც რომ არ შემოგვეპაროს, კარგი იქნება, გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ იეჰოვა დროს ჩვენგან განსხვავებულად აღიქვამს – მისთვის ათასი წელი ერთი დღესავითაა (2 პეტ. 3:8, 9). ის მომთმენია და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, თუმცა ერთი დღითაც არ დააგვიანებს ბოროტ ქვეყნიერებაზე განაჩენის აღსრულებას. w23.09 26, 27 ¶2–5

პარასკევი, 21 თებერვალი

დიდი გულისყურით მოვეკიდოთ მოსმენილს, რათა გზას არ ავცდეთ (ებრ. 2:1).

რატომ გადაწყვიტა მოციქულმა პავლემ ებრაელი ქრისტიანებისთვის წერილის მიწერა? როგორც ჩანს, მას სულ მცირე, ორი მიზეზი ჰქონდა. უპირველეს ყოვლისა, სურდა, გაემხნევებინა ისინი, რადგან ზოგს გული ჰქონდა გატეხილი და რწმენა შესუსტებული (ებრ. 3:12, 14). რამ მიიყვანა ისინი ამ მდგომარეობამდე? იუდეაში მცხოვრები ქრისტიანების უმეტესობა წარსულში იუდეველი იყო და გაქრისტიანების შემდეგ მათ, როგორც ჩანს, რელიგიური წინამძღოლები სასაცილოდ იგდებდნენ. ქრისტიანებს ხომ არც ტაძარი და სამსხვერპლო ჰქონდათ და არც სამღვდელოება ჰყავდათ. ამის ფონზე შესაძლოა ზოგს იმის ცდუნებაც კი გასჩენოდა, რომ წარსულ ცხოვრებას დაჰბრუნებოდა. რა იყო მეორე მიზეზი? როგორც პავლემ აღნიშნა, ებრაელი ქრისტიანები არ ცდილობდნენ, ღვთის სიტყვიდან „მყარი საკვები“ მიეღოთ ანუ ღრმა სულიერ საკითხებს ჩასწვდომოდნენ (ებრ. 5:11–14). ზოგი ჯერაც იცავდა მოსეს კანონს. w23.10 24, 25 ¶3, 4

შაბათი, 22 თებერვალი

ახალგაზრდა ქალს [ისე მოექეცი] როგორც დას, მთელი სიწმინდით (1 ტიმ. 5:2).

ზოგი და ირჩევს, რომ დაუქორწინებელი დარჩეს (მათ. 19:10–12). დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა და იესო ოჯახური მდგომარეობის მიხედვით არ აფასებენ ადამიანებს. მთელ მსოფლიოში დაუქორწინებელი დები ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ თავ-თავიანთ კრებაში. ამ დებს ძალიან უყვართ თანაქრისტიანები და გულწრფელად ზრუნავენ მათზე. ამიტომ ისინი ბევრისთვის სულიერ დედებად და დებად იქცნენ (მარ. 10:29, 30). ზოგი სრული დროით მსახურებას უძღვნის თავს. დებს სამქადაგებლო საქმეში დიდი წვლილი შეაქვთ (ფსალმ. 68:11). თქვენც ხომ არ შეგიძლიათ დღესვე მიზნად დაისახოთ სრული დროით მსახურება? თქვენ წინაშე ფართო არჩევანია. მაგალითად, შეგიძლიათ იმსახუროთ პიონერად, სამშენებლო პროექტებზე ან ბეთელში. ილოცეთ თქვენი მიზნის შესახებ. იმ და-ძმებსაც ესაუბრეთ, რომლებმაც მსგავს მიზნებს მიაღწიეს. ეს დაგეხმარებათ, დაინახოთ, რაში გჭირდებათ გაუმჯობესება. ამის შემდეგ შეადგინეთ გეგმა. გახსოვდეთ, რომ სრული დროით მსახურება შესაძლებლობას მოგცემთ, ბევრი რამ გააკეთოთ იეჰოვასთვის. w23.12 22 ¶16, 17

კვირა, 23 თებერვალი

ჯერ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს (მარ. 13:10).

„დიდი გასაჭირის“ მოახლოებასთან ერთად უფრო ნათლად ვხედავთ, რამდენად გადაუდებელია ის საქმე, რომელიც იესომ დაგვავალა. თუმცა ფინანსური სირთულეებისა თუ დევნის გამო შეიძლება ყოველთვის ადვილი არ იყოს ასე მოქცევა. რა დაგვეხმარება, რომ ღვთის მსახურებას ყოველთვის პირველ ადგილს ვუთმობდეთ? არასდროს უნდა შეგვეპაროს ეჭვი, რომ „ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“ ჩვენ გვერდითაა. შიშის მიზეზი არ გვაქვს, რადგან თუ მის მსახურებას უმნიშვნელოვანესად მივიჩნევთ, სხვა დანარჩენზე ის იზრუნებს (ანგ. 2:4). იეჰოვას სურვილია, რომ ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი მოწაფეების მომზადების საქმეს ეკავოს, რომელზეც ადამიანთა სიცოცხლეა დამოკიდებული. ანგიამ იეჰოვას ხალხს მოუწოდა, რომ თავდაპირველი ენთუზიაზმით განეახლებინათ მშენებლობა. მან ისინი იმაშიც დაარწმუნა, რომ თუ ასე მოიქცეოდნენ, იეჰოვა აკურთხებდათ (ანგ. 2:18, 19). ჩვენც მტკიცედ უნდა გვჯეროდეს, რომ თუ იეჰოვას საქმე ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი იქნება, ის არც ჩვენ მოგვაკლებს კურთხევას. w23.11 16 ¶8; 17 ¶11

ორშაბათი, 24 თებერვალი

ყველამ შესცოდა (რომ. 3:23).

რომაელებისთვის მიწერილ წერილში პავლე მოციქულმა აღნიშნა, რომ ყველა ადამიანი ცოდვილია. მაშ, რის საფუძველზე შეიძლება ღვთის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ და მის თვალში უდანაშაულოდ და მართლად ჩავითვალოთ? ვნახოთ, როგორ მსჯელობს პავლე ამ კითხვაზე აბრაამის მაგალითზე დაყრდნობით. აბრაამი ქანაანის მიწაზე ცხოვრობდა, როცა ის იეჰოვამ მართლად ჩათვალა. რის საფუძველზე მოიქცა იეჰოვა ასე? იმის საფუძველზე ხომ არა, რომ ის ზედმიწევნით იცავდა მოსეს კანონს? რა თქმა უნდა, არა (რომ. 4:13). კანონი ხომ იეჰოვამ ისრაელებს ამ მოვლენიდან 400-ზე მეტი წლის შემდეგ მისცა. მაშ, რატომ მოიქცა იეჰოვა ასე? მან აბრაამში რწმენა დაინახა, რის გამოც წყალობა გამოავლინა და მართლად ჩათვალა (რომ. 4:2–4). w23.12 3 ¶4, 5

სამშაბათი, 25 თებერვალი

გააკეთე, რაც გულით გწადია (1 მატ. 17:2).

იმ ღამით, როცა წინასწარმეტყველმა ნათანმა მეფე დავითს ეს სიტყვები უთხრა, იეჰოვამ ნათანს გაუმჟღავნა, რომ ტაძარს დავითი არ ააშენებდა (1 მატ. 17:3, 4, 11, 12). როგორ შეხვდა დავითი ამ ამბავს? მან მთელი ყურადღება ამ მშენებლობისთვის საჭირო სახსრებისა და მასალის შეგროვებაზე გადაიტანა (1 მატ. 29:1–5). თუმცა იეჰოვას დავითთან ნათანი მხოლოდ იმის სათქმელად არ გაუგზავნია, რომ ის არ ააშენებდა ტაძარს. ნათანის პირით იეჰოვამ დავითს შეთანხმება დაუდო და დაჰპირდა, რომ მისი ერთ-ერთი შთამომავალი მარადიულად იმეფებდა (2 სამ. 7:16). წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებს დავითი, როცა ახალ ქვეყნიერებაში მკვდრეთით აღდგება და გაიგებს, რომ მის საგვარეულო ხაზში მოსული მეფე იესო ზეციდან მმართველობს. დავითის შემთხვევიდან ვხედავთ, რომ იეჰოვასთვის ყოველთვის შეიძლება ვერ გავაკეთოთ ის, რაც გულით გვწადია, მაგრამ მას ისეთი რამ ჰქონდეს ჩვენთვის განზრახული, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდით. w23.04 16 ¶8–10

ოთხშაბათი, 26 თებერვალი

იეჰოვა არ მიატოვებს თავის ხალხს (ფსალმ. 94:14).

ბიბლიის ზოგიერთი მონაკვეთი შეიძლება განსაკუთრებით მანუგეშებელი აღმოჩნდეს თქვენთვის. მაგალითად, შეიძლება გულზე მალამოსავით დაგედოთ „იობში“, „ფსალმუნებში“ და „იგავებში“ ჩაწერილი აზრები, აგრეთვე მათეს მე-6 თავში ჩაწერილი იესოს სიტყვები. ეჭვი ნუ შეგეპარებათ, რომ თუ რეგულარულად მიმართავთ იეჰოვას ლოცვით და ყურს დაუგდებთ მის სიტყვას, ეს აუცილებლად დაგამშვიდებთ და განუგეშებთ. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მძიმე წუთებში იეჰოვა ჩვენ გვერდით იქნება და მარტო არ დაგვტოვებს (ფსალმ. 23:4). ის გვპირდება, რომ დაგვიცავს, განგვამტკიცებს, მხარში ამოგვიდგება და გვანუგეშებს. აი რა არის ნათქვამი იეჰოვაზე ესაიას 26:3-ში: „დაიცავ შენზე სრულად მონდობილთ; ყოველთვის მშვიდობით ამყოფებ, რადგან შენ გენდობიან“. ასე რომ, მიენდეთ იეჰოვას და მიეცით მას თქვენი დახმარების საშუალება! ამ შემთხვევაში ურთულეს სიტუაციებშიც კი შეძლებთ მტკიცედ დგომას. w24.01 25 ¶16, 17

ხუთშაბათი, 27 თებერვალი

შენ წინააღმდეგ შექმნილი არცერთი იარაღი არ იქნება წარმატებული (ეს. 54:17).

ამ წინასწარმეტყველებაში ჩაწერილი სიტყვები სწორედ ჩვენს დროში სრულდება. ჩვენ შემდეგი სიტყვების შესრულების მოწმენიც ვართ: „შენი ვაჟები იეჰოვას მიერ განისწავლებიან და მშვიდობა არ მოაკლდებათ. მყარად დაფუძნდები სიმართლეში . . . აღარაფრის შეგეშინდება და აღარაფერი შეგაძრწუნებს, რადგან საფრთხე არ გაგეკარება“ (ეს. 54:13, 14). ამ საგანმანათლებლო საქმეს, რომელსაც იეჰოვა დღეს თავისი ხალხის მეშვეობით ასრულებს, თვით ამ ქვეყნიერების ღმერთი, სატანაც, ვერ შეაჩერებს (2 კორ. 4:4). წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა და აღარასდროს შეიბღალება. ჩვენ წინააღმდეგ შექმნილი ვერცერთი იარაღი ვერ იქნება წარმატებული! w24.02 4 ¶10

პარასკევი, 28 თებერვალი

ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ჩემი ღირსი არ არის (მათ. 10:37).

ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით მიძღვნის აღთქმას, რაც იმაზეც ახდენს გავლენას, თუ როგორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ და როგორ ვიქცევით, როცა საქმე ჩვენს ოჯახს ეხება. მართალია, გულმოდგინედ ვასრულებთ ოჯახურ ვალდებულებებს, მაგრამ ოჯახის წევრების სურვილებს იეჰოვას ნებაზე წინ არასდროს ვაყენებთ (მათ. 10:35, 36; 1 ტიმ. 5:8). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ შეიძლება მათ არ ესიამოვნოთ ჩვენი არჩევანი. ოჯახის ინსტიტუტს საფუძველი იეჰოვამ ჩაუყარა და სურს, რომ ოჯახის თითოეული წევრი ბედნიერი იყოს (ეფეს. 3:14, 15). ამიტომ თუ გვინდა, ნამდვილად ბედნიერები ვიყოთ, მის ხელმძღვანელობას უნდა მივყვეთ. დარწმუნებული იყავით, იეჰოვა ძალიან აფასებს, რომ მის ნებას პირველ ადგილზე აყენებთ, თუმცა, იმავდროულად, ზრუნავთ ოჯახის წევრებზე და მათ სიყვარულითა და პატივისცემით ექცევით (რომ. 12:10). w24.02 18 ¶11, 13

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება