მარტი
შაბათი, 1 მარტი
იმედი არ გაგვაწბილებს (რომ. 5:5).
დღეს ახალ ქვეყნიერებაში არ ვცხოვრობთ. მაგრამ სხვა ბევრი რამეც ერთ დროს არ არსებობდა, მაგალითად, ვარსკვლავები, ხეები, ცხოველები და ადამიანები. თუმცა იეჰოვამ გადაწყვიტა, რომ შეექმნა ისინი (დაბ. 1:1, 26, 27). იმავეს თქმა შეიძლება ახალ ქვეყნიერებაზეც. რახან იეჰოვამ გადაწყვიტა, რომ ახალ ქვეყნიერებაში გვაცხოვრებს, ამას აუცილებლად შეასრულებს. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვას დანიშნულ დროს ახალი ქვეყნიერება ჩვენთვის ისეთივე რეალური გახდება, როგორიც დღეს ჩვენ ირგვლივ არსებული სამყაროა (ეს. 65:17; გამოცხ. 21:3, 4). სანამ ეს დრო დადგება, ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ რწმენის განსამტკიცებლად. გაიღრმავეთ მადლიერება გამოსასყიდისადმი, იფიქრეთ იეჰოვას ძალაზე და დაკავდით სულიერი საქმეებით. ასეთ შემთხვევაში თქვენც მათ შორის იქნებით, „ვინც რწმენითა და მოთმინებით [მიიღებს] დანაპირებს“ (ებრ. 6:11, 12). w23.04 31 ¶18, 19
კვირა, 2 მარტი
ხომ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ-მეთქი?! (იოან. 11:40).
იესო თვალებს ზეცად აღაპყრობს და ლოცვით მიმართავს იეჰოვას, რადგან სურს, რომ იმით, რასაც ახლა გააკეთებს, ღმერთს მიაგოს დიდება. იესო ხმამაღლა ამბობს: „ლაზარე, გამოდი!“ (იოან. 11:43). და ხდება ის, რაც ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა – ლაზარე სამარხიდან გამოდის. ეს შემთხვევა გვიმტკიცებს მკვდრეთით აღდგომის იმედს. რატომ ვამბობთ ამას? კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მართასთვის მიცემული იესოს დაპირება (იოან. 11:23). თავისი მამის მსგავსად, იესოსაც აქვს სურვილი და ძალა, რომ ეს დაპირება შეასრულოს და სიცოცხლე დაუბრუნოს გარდაცვლილებს. იესოს ცრემლები იმაზე მოწმობს, რომ მას ერთი სული აქვს, ბოლო მოუღოს სიკვდილს და იმ ტკივილს, რომელსაც საყვარელი ადამიანის დაკარგვა გვაყენებს. რაც შეეხება მის ძალას, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა მაშინ, როცა ლაზარე სამარხიდან გამოვიდა. და ბოლოს, მართასთვის ნათქვამ იესოს სიტყვებზეც ვიფიქროთ, რომელიც დღევანდელ მუხლში წავიკითხეთ. ჩვენ არაერთი მიზეზი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ ღვთის დაპირება მკვდრეთით აღდგომის შესახებ აუცილებლად შესრულდება. w23.04 11, 12 ¶15, 16
ორშაბათი, 3 მარტი
იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას უხმობს, ყველასთან, ვინც წრფელი გულით უხმობს (ფსალმ. 145:18).
როცა უკეთ ვწვდებით, რა არის იეჰოვას ნება კონკრეტულ სიტუაციაში, შეიძლება იმის საჭიროება დავინახოთ, რომ შევცვალოთ სათხოვარი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვას თავისი განზრახვის შესასრულებლად დრო აქვს დადგენილი. მას განზრახული აქვს, ერთხელ და სამუდამოდ მოუღოს ბოლო ყველა იმ პრობლემას, რომლებიც ადამიანთა ტანჯვას იწვევს, მაგალითად სტიქიურ უბედურებებს, ავადმყოფობასა და სიკვდილს. ამ განზრახვას იეჰოვა თავისი სამეფოს მეშვეობით განახორციელებს (დან. 2:44; გამოცხ. 21:3, 4). თუმცა მანამდე ქვეყნიერებაზე მმართველობის უფლებას იეჰოვა სატანას აძლევს (იოან. 12:31; გამოცხ. 12:9). დაფიქრდით, თუ დღესვე მოგვარდებოდა კაცობრიობის პრობლემები, განა ისე არ გამოჩნდებოდა, რომ სატანის მმართველობა წარმატებულია?! და მაინც, იეჰოვა მანამდეც გვიწვდის დახმარების ხელს, სანამ სისრულეში მოიყვანს თავის განზრახვას. w23.05 8 ¶4; 9, 10 ¶7, 8
სამშაბათი, 4 მარტი
იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ (კოლ. 4:6).
როგორ დავეხმაროთ ხალხს, დააფასონ იესოს გამოსასყიდი? უპირველეს ყოვლისა, უნდა დავპატიჟოთ ისინი ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე. კარგი იქნება, თუ იმ ნათესავების, თანამშრომლების, კლასელებისა თუ ნაცნობების სახელებს ჩამოწერთ, რომელთა დაპატიჟებაც გსურთ. იმ შემთხვევაში, თუ დაბეჭდილი მოსაწვევების მარაგი ამოგეწურებათ, შეგიძლიათ ელექტრონული მოსაწვევის ბმული გაუგზავნოთ. გამოხმაურებამ შეიძლება სასიამოვნოდ გაგაოცოთ (ეკლ. 11:6). მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ მათ, ვისაც ვეპატიჟებით, შეიძლება კითხვები ჰქონდეთ, განსაკუთრებით, თუ არასდროს დასწრებიან ასეთ შეხვედრას. ზოგს შეიძლება გახსენების საღამოს შემდეგ გაუჩნდეს დამატებითი კითხვები. მოდი ყოველი ღონე ვიხმაროთ, რომ გახსენების საღამომდე და მის შემდეგაც დავეხმაროთ დაინტერესებულებს, დააფასონ ქრისტეს მიერ გაღებული გამოსასყიდი (საქ. 13:48). w24.01 12 ¶13, 15; 13 ¶16
ოთხშაბათი, 5 მარტი
თქვენი ცხოვრება ნისლივითაა, ცოტა ხნით ჩნდება, მერე კი ქრება (იაკ. 4:14).
ბიბლიაში რვა ადამიანის მკვდრეთით აღდგომის შემთხვევაა ჩაწერილი. კარგი იქნება, თუ ამ შემთხვევებს გულდასმით გამოიკვლევთ. კვლევის დროს დაფიქრდით, რისი სწავლა შეგიძლიათ ამ შემთხვევებიდან და როგორ ცხადყოფს თითოეული მათგანი, რომ ღმერთს სურვილიც აქვს და ძალაც, სიცოცხლე დაუბრუნოს გარდაცვლილებს. და რაც მთავარია, ჩაუფიქრდით ყველაზე მნიშვნელოვან და გამორჩეულ მკვდრეთით აღდგომის შემთხვევას – იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას. იმის ცოდნა, რომ ამ შემთხვევას ასობით თვითმხილველი ჰყავდა, რწმენას გვიმტკიცებს (1 კორ. 15:3–6, 20–22). უზომოდ ვემადლიერებით იეჰოვას მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის. დარწმუნებული ვართ ამ დანაპირების უტყუარობაში, რადგან იეჰოვას სურვილიც აქვს და ძალაც მის შესასრულებლად. მოდი კვლავაც განვიმტკიცოთ მკვდრეთით აღდგომის რწმენა. ეს დაგვაახლოებს ღმერთთან, რომელიც ყველას გვპირდება, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანები აღდგებიან (იოან. 11:23). w23.04 8 ¶2; 12 ¶17; 13 ¶20
ხუთშაბათი, 6 მარტი
მოკრძალებულად [იარე] შენი ღვთის წინაშე! (მიქ. 6:8).
მოკრძალება და თავმდაბლობა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მოკრძალებული ადამიანი სწორად აფასებს თავის შესაძლებლობებს და იცის მათი ზღვარიც. ხოლო თავმდაბალ ადამიანს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ აქვს და სხვებს აღმატებულად მიიჩნევს (ფილ. 2:3). როგორც წესი, მოკრძალებული ადამიანი თავმდაბალიცაა. გედეონი მოკრძალებულიც იყო და თავმდაბალიც. როცა იეჰოვამ გედეონს დაავალა, რომ ისრაელები მიდიანელთა ხელიდან ეხსნა, მან თავმდაბლურად აღიარა: „ჩემი შტო უმნიშვნელოა მენაშეს ტომში, მე კი უმცირესი ვარ მამაჩემის სახლში“ (მსაჯ. 6:15). ის ამ დავალებისთვის თავს შეუფერებლად მიიჩნევდა, მაგრამ იეჰოვა არ შემცდარა თავის არჩევანში. მისი დახმარებით გედეონმა ამ საქმეს პირნათლად გაართვა თავი. უხუცესები ცდილობენ, ყოველთვის მოკრძალებულები და თავმდაბლები იყვნენ (საქ. 20:18, 19). ისინი არ ამაყობენ თავიანთი ნიჭითა თუ უნარით და გაკეთებული საქმეებით. მეორე მხრივ, არც დაშვებული შეცდომების გამო თვლიან საკუთარ თავს უღირსად. w23.06 3 ¶4, 5
პარასკევი, 7 მარტი
ის თავს გაგიჭეჭყავს (დაბ. 3:15).
ამ მოვლენამდე, სულ მცირე, ათასი წელი გვაშორებს (გამოცხ. 20:7–10). თუმცა, როგორც ბიბლია წინასწარმეტყველებს, მანამდე ერები „მშვიდობასა და უსაფრთხოებას“ გამოაცხადებენ, შემდეგ კი ცრუ რელიგიას დაესხმებიან თავს, რა მოვლენითაც „დიდი გასაჭირი“ დაიწყება (1 თეს. 5:2, 3; გამოცხ. 17:16). ამას იესოს მიერ კაცობრიობის გასამართლება მოჰყვება, რომლის დროსაც „ცხვრებს“ „თხებისგან“ გამოაცალკევებს (მათ. 25:31–33, 46). თუმცა სატანაც თავისას შეეცდება. გააფთრებული ის ღვთის ხალხის წინააღმდეგ აღძრავს ერთა კოალიციას, რომელსაც ბიბლია უწოდებს „გოგს მაგოგის მიწიდან“ (ეზეკ. 38:2, 10, 11). რაღაც მომენტში იესო შეკრებს დედამიწაზე დარჩენილ ცხებულ ქრისტიანებს, რათა მასთან და მის ზეციერ ლაშქართან ერთად იბრძოლონ არმაგედონის ომში. ასე დასრულდება „დიდი გასაჭირი“ და დედამიწაზე დაიწყება ქრისტეს ათასწლიანი მმართველობა (მათ. 24:31; გამოცხ. 16:14, 16; 20:6). w23.10 20, 21 ¶9, 10
შაბათი, 8 მარტი
ბავშვობიდან იეჰოვას მოშიშია შენი მსახური! (1 მეფ. 18:12).
დღეს ბევრი ღვთის მსახური ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალულია. მართალია, ისინი პატივს სცემენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ, ობადიას მსგავსად, განსაკუთრებულ ერთგულებას იეჰოვას უმტკიცებენ (მათ. 22:21). ის ფაქტი, რომ ადამიანებზე წინ ღმერთს აყენებენ, მათ ღვთისმოშიშებაზე მეტყველებს (საქ. 5:29). მაგალითად, ისინი მიჰყვებიან ღვთის მითითებას და აგრძელებენ ქადაგებასა და ერთად შეკრებას (მათ. 10:16, 28). ისინი იმაზეც ზრუნავენ, რომ თანაქრისტიანებს არ მოაკლდეთ სულიერი საზრდო. სწორედ ასე იქცეოდა ერთი აფრიკელი ძმა ანრიც, რომლის ქვეყანაშიც ერთ დროს აკრძალული იყო ჩვენი საქმიანობა. იმ პერიოდში ანრი თანაქრისტიანებს სულიერი საზრდოთი ამარაგებდა. აი რას ამბობს ის: „ვერ ვიტყვი, რომ ბუნებით გაბედული ვარ. იეჰოვას შიში რომ არა, გაბედულად მოქცევას ვერ შევძლებდი“. თუკი ღვთისადმი ჯანსაღ შიშს განივითარებთ, თქვენც შეძლებთ ანრივით გაბედულების მოკრებას. w23.06 16 ¶9, 11
კვირა, 9 მარტი
ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში (რომ. 5:12).
როცა ადამი და ევა ღმერთს ეურჩნენ, ერთი შეხედვით, ისე ჩანდა, რომ სატანამ ჩაშალა ღვთის განზრახვა. სატანა ალბათ ფიქრობდა, რომ იეჰოვა ჩიხში მოექცა. მას შეიძლება ეგონა, რომ იეჰოვა ადამსა და ევას გაანადგურებდა და თავისი განზრახვის შესასრულებლად სხვა სრულყოფილ წყვილს შექმნიდა. მაგრამ იეჰოვა ასე რომ მოქცეულიყო, სატანა მას სიცრუეში დასდებდა ბრალს, რადგან, როგორც დაბადების 1:28-დან ვიგებთ, დედამიწა ადამისა და ევას შთამომავლებს უნდა აევსოთ. მოვლენების განვითარების კიდევ ერთი სავარაუდო სცენარი, რომელიც შეიძლება სატანას წარმოესახა, ასეთი იყო: იეჰოვა დაუშვებდა, რომ ადამისა და ევას შთამომავლები მარადიულად ყოფილიყვნენ ცოდვისა და სიკვდილის მონები (ეკლ. 7:20; რომ. 3:23). თუმცა ესეც იეჰოვას მარცხი იქნებოდა. მისი განზრახვით ხომ დედამიწა ადამისა და ევას სრულყოფილ შთამომავლებს უნდა აევსოთ. w23.11 6 ¶15, 16
ორშაბათი, 10 მარტი
არ გადახვიდეთ დაწერილს (1 კორ. 4:6).
იეჰოვა თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით ნათელ მითითებებს გვაძლევს, ამიტომ დამატებითი წესების დადგენის საჭიროება არ არის (იგავ. 3:5–7). ჩვენ არ უნდა გადავიდეთ ბიბლიაში ჩაწერილს და დოგმატურები არ უნდა ვიყოთ, როცა საქმე პირად არჩევანს ეხება. სატანა ქვეყნიურ შეხედულებებს გვახვევს თავს, რათა შეცდომაში შეგვიყვანოს და ჩვენ შორის განხეთქილება ჩამოაგდოს (კოლ. 2:8). პირველ საუკუნეში ის ამ მიზნით იყენებდა ფილოსოფიასა თუ არაბიბლიურ იუდაისტურ მოძღვრებებს და ხელს უწყობდა იმ აზრის გავრცელებას, რომ ქრისტიანებისთვის მოსეს კანონის დაცვა სავალდებულო იყო. ასეთი სიცრუით სატანა ხალხს ჭეშმარიტი სიბრძნის წყაროს, იეჰოვას, აშორებდა. დღეს ის პოლიტიკური ლიდერების მეშვეობით სხვადასხვა მედიასაშუალებებსა თუ სოციალურ ქსელებში ავრცელებს დეზინფორმაციას და შეთქმულების თეორიებს. w23.07 16 ¶11, 12
სამშაბათი, 11 მარტი
რა დიდებულია შენი საქმეები, იეჰოვა! რაოდენ ღრმაა შენი აზრები! (ფსალმ. 92:5).
სატანას აზრადაც კი არ მოუვიდოდა, როგორ მოაგვარებდა იეჰოვა შექმნილ მდგომარეობას. მას სურდა, დაემტკიცებინა, რომ ღმერთიმატყუარა იყო და მარცხი განიცადა. მაგრამ იეჰოვამ საპირისპირო დაამტკიცა. მას უარი არ უთქვამს თავის განზრახვაზე და მის განსახორციელებლად შთამომავალი მოავლინა, რომელიც ერთგულ ადამიანებს იხსნიდა (დაბ. 3:15; 22:18). მართლაც, რას წარმოიდგენდა სატანა, რომ იეჰოვა ასეთ გამოსავალს იპოვიდა. მასში ხომ სიყვარულის ნატამალიც არ არის, გამოსასყიდი კი უანგარო სიყვარულის უდიდესი გამოვლინება იყო (მათ. 20:28; იოან. 3:16). გამოსასყიდის წყალობით, ათასი წლის ბოლოს იეჰოვას თავდაპირველი განზრახვა შესრულდება და ადამისა და ევას გასრულყოფილებული შთამომავლები, რომლებიც ერთგულებას გამოავლენენ, სამოთხედქცეულ დედამიწაზე მარადიულად იცხოვრებენ. w23.11 6 ¶17
ოთხშაბათი, 12 მარტი
ღმერთი გაასამართლებს (ებრ. 13:4).
ჩვენ სიცოცხლისა და სისხლის სიწმინდე უნდა დავიცვათ. თავად იეჰოვამ თქვა, რომ სისხლი სიცოცხლეს ასიმბოლოებს, რომელიც მისგან ბოძებული უძვირფასესი ძღვენია (ლევ. 17:14). როცა იეჰოვამ ადამიანებს ხორცის ჭამის უფლება მისცა, ისიც უთხრა, რომ სისხლი არ ეჭამათ (დაბ. 9:4). მან ეს მითითება ისრაელისთვის მიცემულ კანონშიც გაიმეორა (ლევ. 17:10). იეჰოვამ იმაზეც იზრუნა, რომ პირველი საუკუნის ხელმძღვანელ საბჭოს ქრისტიანებისთვის მითითება მიეცა, რომ მორიდებოდნენ სისხლს (საქ. 15:28, 29). ამიტომ, როცა მკურნალობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ვიღებთ, მტკიცე პოზიციას ვიკავებთ. ჩვენ ზნეობრივი სიწმინდეც უნდა დავიცვათ. მოციქული პავლე გვირჩევს, რომ „ჩავკლათ“ ხორციელი მისწრაფებანი ანუ ყველანაირად ვეცადოთ, არ ავყვეთ არასწორ სურვილებს. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ნებისმიერ რამეს, რამაც შეიძლება უზნეობამდე მიგვიყვანოს (კოლ. 3:5; იობ. 31:1). w23.07 15 ¶5, 6
ხუთშაბათი, 13 მარტი
ბოლოს გადაუშალა სამსონმა მას გული (მსაჯ. 16:17).
სამსონი ისეთი დაბრმავებული იყო სიყვარულისგან, რომ ვერ მიხვდა დალილას ჩანაფიქრს! ქალი გულს უწყალებდა სამსონს, რომ მისთვის თავისი ძალის საიდუმლო გაემხილა და საბოლოოდ მიაღწია კიდეც საწადელს. სამწუხაროდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ სამსონმა ძალაც დაკარგა და გარკვეული პერიოდი იეჰოვას კეთილგანწყობაც (მსაჯ. 16:16–20). სამსონმა მწარე შედეგი იწვნია იმის გამო, რომ დალილას ენდო და არა იეჰოვას. ფილისტიმელებმა შეიპყრეს იგი და თვალები დასთხარეს. შემდეგ ღაზაში ჩაიყვანეს, სადაც საპყრობილეში მარცვლეულს აფქვევინებდნენ. ერთხელ ფილისტიმელები დღესასწაულის აღსანიშნავად შეიკრიბნენ და თავიანთ ღვთაება დაგონს დიდი მსხვერპლი შესწირეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ სამსონი სწორედ მან ჩაუგდო ხელში. ამ დღესასწაულზე მათ სამსონიც მოიყვანეს, რომ მასხრად აეგდოთ (მსაჯ. 16:21–25). w23.09 5, 6 ¶13, 14
პარასკევი, 14 მარტი
მხედველობიდან ნუ გამოგრჩებათ ის, რაც ყველასთვის მართებულია (რომ. 12:17).
შეიძლება სკოლაში ან სამსახურში ვინმემ რომელიმე ბიბლიური მოთხოვნა ეჭვქვეშ დააყენოს. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ ავუხსნათ ჩვენი პოზიცია, თანაც ეს რბილად და პატივისცემით გავაკეთოთ (1 პეტ. 3:15). ამაში ორი რამ დაგვეხმარება: პირველი, წამოჭრილი კითხვა კრიტიკად ან თავდასხმად არ უნდა მივიჩნიოთ, და მეორე, მის მიღმა დავინახოთ, რა აღელვებს ადამიანს. როგორ ან რა მოტივითაც არ უნდა გვეკითხებოდეს ვინმე რამეს, ჩვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ რბილად და თავაზიანად ვუპასუხოთ. ვინ იცის, ჩვენმა ასეთმა მიდგომამ ის თავის პოზიციაზე დააფიქროს! დავუშვათ, თანამშრომელი გეკითხებათ, რატომ არ აღნიშნავთ დაბადების დღეს. ის ხომ არ ჰგონია, რომ საერთოდ გვეკრძალება გართობა? თუ დავფიქრდებით, რეალურად რა შეიძლება იდგეს კითხვის მიღმა, გაგვიადვილდება სათანადო პასუხის გაცემა. მაგალითად, მადლობას გადავუხდით, რომ ცდილობს, სამუშაოზე სასიამოვნო გარემო შექმნას. ასეთი მიდგომა დაძაბულობას განმუხტავს და უფრო მარტივად შევძლებთ მისთვის ბიბლიური პოზიციის ახსნას. w23.09 17 ¶10, 11
შაბათი, 15 მარტი
გაფრთხილდით, რომ თქვენც მათსავით არ აგიყოლიოთ უღვთოთა მცდარმა აზროვნებამ და სიმტკიცე არ დაკარგოთ (2 პეტ. 3:17).
ჩვენთვის დიდი პატივია, რომ იეჰოვას დღის დადგომამდე შეგვიძლია ვუქადაგოთ ყველა ეროვნების ხალხს და დავეხმაროთ, გადარჩნენ. პეტრე მოციქულმა თქვა, რომ აუცილებელია, მოუთმენლად ველოდეთ იეჰოვას დღეს (2 პეტ. 3:11, 12). „მოუთმენლად ლოდინი“ იმას ნიშნავს, რომ რაც შეიძლება ხშირად ვიფიქროთ, როგორი ცხოვრება გველის ახალ ქვეყნიერებაში. წარმოიდგინეთ, როგორ ჩაისუნთქავთ სუფთა ჰაერს, მიირთმევთ ჯანსაღ საკვებს და შეეგებებით მკვდრეთით აღმდგარ ახლობლებს. ისიც წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნო იქნება ძველ დროში მცხოვრებ ადამიანებთან შეხვედრა და მათთვის იმის ახსნა, როგორ შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები. ამ ყველაფერზე ფიქრი დაგეხმარებათ, მოუთმენლად დაელოდოთ იეჰოვას დღეს და არ მოექცეთ მათ გავლენაში, ვისაც ჰგონია, რომ ამ ქვეყნიერებას არაფერი ემუქრება. ჩვენ კარგად ვიცით, რა გველის მომავალში, ამიტომ ვერ შეგვაცდენენ ისინი, ვინც სიცრუეს ავრცელებენ. w23.09 27 ¶5, 6
კვირა, 16 მარტი
დაუჯერეთ თქვენს მშობლებს უფლის ნებისამებრ, რადგან ასეა სწორი (ეფეს. 6:1).
იეჰოვა შვილებისგან მშობლების მორჩილებას მოელის (2 ტიმ. 3:1, 2). თუმცა ასე მოქცევა ნამდვილად არ არის იოლი. დღეს ახალგაზრდებს ისეთი თანატოლების გარემოცვაში უწევთ ყოფნა, რომლებიც არ ემორჩილებიან მშობლებს. ზოგი თავს იმით იმართლებს, რომ მათი მშობლები თვალთმაქცები არიან, რადგან მათგან იმის გაკეთებას მოელიან, რასაც თავად არ აკეთებენ. ზოგის აზრით კი, ისინი დროს ჩამორჩნენ და ზედმეტ სიმკაცრეს იჩენენ. ახალგაზრდებო, თუ თქვენც ასე ფიქრობთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ? გახსოვდეთ, მშობლებისადმი მორჩილების საუკეთესო მაგალითი იესომ დაგვიტოვა (1 პეტ. 2:21–24). სრულყოფილ იესოს არასრულყოფილი მშობლები ზრდიდნენ. შესაბამისად, ისინი შეცდომებსაც უშვებდნენ და ზოგჯერ არასწორად აფასებდნენ მის საქციელს. თუმცა იესო ყოველთვის პატივისცემით ექცეოდა მათ (გამ. 20:12). w23.10 7 ¶4, 5
ორშაბათი, 17 მარტი
წინანდელი მცნებები გაუქმდა თავისი სისუსტისა და უსარგებლობის გამო (ებრ. 7:18).
მოციქულმა პავლემ განუმარტა ებრაელებს, რომ მოსეს კანონით გათვალისწინებულ შესაწირავებს არ შეეძლო სრულად განეწმინდა ადამიანი ცოდვებისგან და ამიტომაც გაუქმდა. შემდეგ კი ღრმა სულიერ საკითხებს შეეხო და შეახსენა, რომ იესოს მსხვერპლის საფუძველზე „უკეთესი იმედი“ მიეცათ, რომელიც ნამდვილად დააახლოებდათ ღმერთთან (ებრ. 7:19). პავლეს სურდა, ებრაელ ქრისტიანებს დაენახათ, რატომ იყო ქრისტიანობა იუდაიზმზე აღმატებული. ისინი უნდა ჩასწვდომოდნენ იმას, რომ იუდაისტური თაყვანისმცემლობა „მომავლის ჩრდილია, სინამდვილე კი – ქრისტეა“ (კოლ. 2:17). ჩრდილი მხოლოდ ლანდია და ზოგად წარმოდგენას გვიქმნის ამა თუ იმ საგნის ფორმაზე. მსგავსადვე, იუდაისტური თაყვანისმცემლობა იმ თაყვანისმცემლობის „ჩრდილი“ იყო, რომელსაც პირველ საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რა გააკეთა იეჰოვამ ჩვენი ცოდვების მისატევებლად, თუ გვინდა, რომ მის მოსაწონად ვცეთ თაყვანი. w23.10 25 ¶4, 5
სამშაბათი, 18 მარტი
უკანასკნელ დროს სამხრეთის მეფე და ჩრდილოეთის მეფე ერთმანეთს შეებმებიან; ჩრდილოეთის მეფე სამხრეთის მეფის წინააღმდეგ გაილაშქრებს (დან. 11:40).
დანიელის მე-11 თავში საუბარია ორ მეფეზე ანუ პოლიტიკურ ძალაზე, რომლებიც მსოფლიო პირველობისთვის ერთმანეთს ეცილებიან. თუ ამ წინასწარმეტყველებას ბიბლიაში ჩაწერილ სხვა წინასწარმეტყველებებს შევადარებთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ „ჩრდილოეთის მეფე“ რუსეთი და მისი მოკავშირეები არიან, ხოლო „სამხრეთის მეფე“ ბრიტანეთ-ამერიკის ალიანსია. დღეს „ჩრდილოეთის მეფე“ დევნის თავის ტერიტორიაზე მცხოვრებ ღვთის მსახურებს. ზოგი მოწმე რწმენის გამო სასტიკად სცემეს და დააპატიმრეს კიდეც. თუმცა ეს ყველაფერი ჩვენს და-ძმებს კი არ აშინებთ, რწმენას უმტკიცებთ, რადგან ხედავენ, რომ ამით „დანიელში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველება სრულდება (დან. 11:41). ეს ჩვენც გვეხმარება, არ დავკარგოთ იმედი და ერთგულები დავრჩეთ. w23.08 11 ¶15, 16
ოთხშაბათი, 19 მარტი
შენი შემხები ჩემი თვალის გუგის შემხებია (ზაქ. 2:8).
იეჰოვა თავის თვალის გუგას გვადარებს, რითაც იმის თქმა სურს, რომ ძალიან ძვირფასნი ვართ მისთვის. ფაქტობრივად, ის ასეთ რამეს გვეუბნება: „თქვენთვის მოყენებული ტკივილი ჩემთვის მოყენებული ტკივილია“. დიახ, იეჰოვას ძალიან ვუყვარვართ და გულთან ახლოს მიაქვს ჩვენი განცდები და გრძნობები. ამიტომ ფსალმუნმომღერლის მსგავსად ჩვენც თამამად შეგვიძლია ვთხოვოთ: „თვალის გუგასავით გამიფრთხილდი“ (ფსალმ. 17:8). იეჰოვას სურს, დაგვარწმუნოს, რომ ძლიერ ვუყვარვართ, რადგან იცის, რომ ამჟამინდელი პრობლემებისა თუ წარსული გამოცდილების გამო შეიძლება დავეჭვდეთ მის სიყვარულში. როგორ გავთავისუფლდეთ ეჭვებისგან? ამაში იმაზე დაფიქრება დაგვეხმარება, თუ როგორ გამოხატავს იეჰოვა სიყვარულს იესოს, ცხებულებისა და თითოეული ჩვენგანის მიმართ. w24.01 27 ¶6, 7
ხუთშაბათი, 20 მარტი
ჩვენი ღმერთი გვიმართავდა ხელს, მან დაგვიხსნა მტრის . . . ხელიდან (ეზრ. 8:31).
ეზრამ კარგად იცოდა, რომ განსაცდელის დროს იეჰოვა მხარში ედგა თავის მსახურებს. წლებით ადრე, ძვ. წ. 484 წელს, როცა მეფე ახაშვეროშმა მთელ სპარსეთის იმპერიაში იუდეველთა განადგურების ბრძანებულება გამოსცა, ეზრა, დიდი ალბათობით, ბაბილონში ცხოვრობდა და მის სიცოცხლესაც დაემუქრებოდა საფრთხე (ესთ. 3:7, 13–15). მაშინ „ყველა სამთავროში, რომლამდეც მეფის ბრძანებულებამ მიაღწია, დიდი გლოვა ატყდა იუდეველთა შორის“. ისინი მარხულობდნენ და დახმარებას იეჰოვას შესთხოვდნენ (ესთ. 4:3). წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნებოდათ იუდეველებს, მათ შორის ეზრას, როცა დაინახავდნენ, რომ იეჰოვას წყალობით მოვლენები სრულიად სხვაგვარად წარიმართა. მათ ხომ თავად სძლიეს იმ ხალხს, რომელსაც მათი გაჟლეტა ჰქონდა განზრახული (ესთ. 9:1, 2). უეჭველია, ეს შემთხვევა ეზრას მომავალში მოსახდენი მოვლენებისთვის მოამზადებდა და დაარწმუნებდა, რომ იეჰოვას ნამდვილად შესწევს თავისი ხალხის დაცვის ძალა. w23.11 17 ¶12, 13
პარასკევი, 21 მარტი
ღმერთი მართლად მიიჩნევს, თუმცა არა მისი საქმეების გამო (რომ. 4:6).
მოციქულ პავლეს, ძირითადად, მოსეს კანონით დადგენილი საქმეები ჰქონდა მხედველობაში (რომ. 3:21, 28). როგორც ჩანს, ზოგ იუდეველ ქრისტიანს გაუჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ მოსეს კანონის დაცვა აღარ მოითხოვებოდა. ამიტომ პავლემ აბრაამის მაგალითი მოიყვანა მათთვის იმის დასანახვებლად, რომ ღვთის თვალში გამართლება კანონით დადგენილ საქმეებზე კი არა, რწმენაზე იყო დამოკიდებული. ამ ფაქტის ცოდნა ძალიან გვამხნევებს, რადგან ვხედავთ, რომ თუ ღვთისა და მისი ძის მიმართ რწმენას გამოვავლენთ, მის თვალში მართალი ადამიანის სახელი გვექნება. რაც შეეხება იაკობს, ის თავისი წერილის მე-2 თავში სულ სხვა საქმეებზე საუბრობდა. მას მხედველობაში ჰქონდა ის, თუ ყოველდღიურად როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ქრისტიანები (იაკ. 2:24). სწორედ ყოველდღიურ სიტუაციებში გამოჩნდებოდა, ნამდვილად სწამდათ თუ არა ღვთის. w23.12 3 ¶8; 4, 5 ¶10, 11
შაბათი, 22 მარტი
ქმარი ცოლის თავია (ეფეს. 5:23).
დებო, თუ დაქორწინებაზე ფიქრობთ, მეორე ნახევარი დაკვირვებით უნდა შეარჩიოთ. გახსოვდეთ, ვისზეც დაქორწინდებით, მის მეთაურობას უნდა დაემორჩილოთ (რომ. 7:2; ეფეს. 5:33). ამიტომ ამ ნაბიჯის გადადგმამდე დაფიქრდით: არის ეს ძმა მოწიფული ქრისტიანი? აყენებს პირველ ადგილზე იეჰოვას მსახურებას? იღებს გონივრულ გადაწყვეტილებებს? შეუძლია თავისი შეცდომების აღიარება? პატივს სცემს ქალებს? შეუძლია სულიერად, მატერიალურად და ემოციურად იზრუნოს თქვენზე? თუმცა ერთიცაა: თუ გინდათ, რომ კარგი მეუღლე გყავდეთ, თავადაც უნდა მოემზადოთ იმისთვის, რომ კარგი მეუღლე იყოთ. ბიბლია ცოლს ქმრის „დამხმარეს“ და „შემავსებელს“ უწოდებს (დაბ. 2:18). ის ყველანაირად ეცდება, საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს თავისი ქმარი (იგავ. 31:11, 12; 1 ტიმ. 3:11). თუ გინდათ, რომ მომავალში კარგი ცოლი გახდეთ, გაიღრმავეთ სიყვარული იეჰოვას მიმართ და დახმარების ხელი გაუწოდეთ როგორც ოჯახის წევრებს, ისე კრებაში და-ძმებს. w23.12 22, 23 ¶18, 19
კვირა, 23 მარტი
თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს (იაკ. 1:5).
იეჰოვა გვპირდება, რომ სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო სიბრძნეს მოგვცემს. მისგან სიბრძნე განსაკუთრებით მაშინ გვჭირდება, როცა ისეთი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, რომელიც მთელ ჩვენს ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას. იეჰოვა აგრეთვე გვაძლევს მოთმინების ძალას. პავლე მოციქულის მსგავსად, ის ჩვენც მოგვცემს საჭირო ძალას, რომ მოთმინებით ავიტანოთ სირთულეები (ფილ. 4:13). ერთ-ერთი საშუალება, რითაც ის გვაძლიერებს, ჩვენი სულიერი ოჯახია. სიკვდილის წინა ღამეს იესომ გულმხურვალედ მიმართა მამას ლოცვით და სთხოვა, რომ ისე არ მომკვდარიყო, როგორც ღვთისმგმობელი. მართალია, იეჰოვამ იესოს არ აარიდა სამარცხვინო სიკვდილი, მაგრამ დახმარების გარეშე არ დაუტოვებია და მისი ერთ-ერთი სულიერი ძმა, ანგელოზი, გაუგზავნა განსამტკიცებლად (ლუკ. 22:42, 43). იეჰოვამ შეიძლება ჩვენს შემთხვევაშიც რომელიმე და ან ძმა აღძრას, რომ დაგვირეკოს ან მოგვინახულოს. მოდი არც ჩვენ გავუშვათ ხელიდან თანაქრისტიანების ტკბილი სიტყვით გამხნევების შესაძლებლობა (იგავ. 12:25). w23.05 10, 11 ¶9–11
ორშაბათი, 24 მარტი
გაამხნევეთ და აღაშენეთ ერთმანეთი (1 თეს. 5:11).
არააქტიურებს შესაძლოა აფიქრებდეთ, როგორ მიიღებენ მათ და-ძმები. ამიტომ ნუ ჩააყენებთ უხერხულ მდგომარეობაში და ნუ ეტყვით ისეთ რამეს, რამაც შეიძლება გული ატკინოთ. ისინი ხომ ჩვენი ძვირფასი და-ძმები არიან და რა ბედნიერებაა, რომ კვლავაც ერთად ვცემთ იეჰოვას თაყვანს! (ფსალმ. 119:176; საქ. 20:35). ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველ წელს დავესწროთ გახსენების საღამოს (ეს. 48:17, 18). ამ შეხვედრაზე ვიღრმავებთ იეჰოვასა და იესოსადმი სიყვარულს, გამოვხატავთ მადლიერებას იმისთვის, რაც მათ ჩვენთვის გააკეთეს და ხელს ვუწყობთ მსოფლიო საძმოს ერთობას. გახსენების საღამოზე შეიძლება იმის შესაძლებლობაც მოგვეცეს, რომ დავეხმაროთ სხვებს, დააფასონ გამოსასყიდი. მოდი ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ წლის ყველაზე განსაკუთრებული მოვლენისთვის, იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოსთვის! w24.01 14 ¶18, 19
სამშაბათი, 25 მარტი
მე, იეჰოვა, . . მიგიძღვი (ეს. 48:17).
როგორ გვხელმძღვანელობს იეჰოვა? ძირითადად, თავისი წერილობითი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით. თუმცა ზოგჯერ ადამიანებსაც იყენებს ჩვენთვის ხელმძღვანელობის გასაწევად. მაგალითად, ის „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით გვაწვდის სულიერ საზრდოს, რაც გვეხმარება გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ (მათ. 24:45). იეჰოვა სხვა სულიერად მოწიფული ძმების, მაგალითად, სარაიონო ზედამხედველებისა და უხუცესების მეშვეობითაც გვამხნევებს და გვაწვდის საჭირო მითითებებს. ჩვენ უზომოდ მადლიერი ვართ იეჰოვასი, რომ ამ მძიმედ ასატან დროში საუკეთესო ხელმძღვანელობას გვიწევს. სწორედ ეს გვეხმარება, დავიმსახუროთ მისი მოწონება და არ ავცდეთ სიცოცხლის გზას. თუმცა ხანდახან შეიძლება გაგვიჭირდეს ღვთის ხელმძღვანელობის მიყოლა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა მითითებებს არასრულყოფილი ადამიანების მეშვეობით ვიღებთ. რა დაგვეხმარება ასეთ დროს? იმის მტკიცე რწმენა, რომ სინამდვილეში იეჰოვა მიუძღვის თავის ხალხს და მისი ხელმძღვანელობის მიყოლას ყოველთვის კარგი შედეგები სდევს თან. w24.02 20 ¶2, 3
ოთხშაბათი, 26 მარტი
გვიყვარდეს არა სიტყვითა და ენით, არამედ საქმით, გულწრფელად (1 იოან. 3:18).
ღვთის სიტყვის გულმოდგინე შესწავლა უფრო შეგვაყვარებს ზეციერ მამას. ბიბლიის კითხვის დროს უნდა დავფიქრდეთ, რას გვასწავლის ესა თუ ის მონაკვეთი იეჰოვას შესახებ. მაგალითად, შეგვიძლია ასეთი კითხვები დავსვათ: როგორ მოწმობს წაკითხული ჩემდამი იეჰოვას სიყვარულზე? რა გავიგე ისეთი, რაც იეჰოვას კიდევ უფრო მეტად შემაყვარებს? იეჰოვასადმი სიყვარული იმ შემთხვევაშიც გაგვიღრმავდება, თუ ხშირად გადავუშლით მას ლოცვაში გულს. ის ხომ უპასუხოდ არ ტოვებს ჩვენს ლოცვებს (ფსალმ. 25:4, 5; 1 იოან. 3:21, 22). გარდა ამისა, უფრო მეტად უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი. როცა პავლე მოციქულმა ახალგაზრდა ტიმოთე გაიცნო, როგორც ჩანს, შენიშნა, რომ მას ძალიან უყვარდა იეჰოვაც და მოყვასიც. რამდენიმე წლის შემდეგ პავლემ ფილიპელებს ტიმოთეზე ასეთი რამ მისწერა: „არავინ მეგულება მისნაირი განწყობილების, ვინც გულწრფელად იზრუნებს თქვენზე“ (ფილ. 2:20). საგულისხმოა, რომ აქ პავლემ ყურადღება იმაზე გაამახვილა, თუ როგორ უყვარდა ტიმოთეს და-ძმები. ეჭვგარეშეა, ტიმოთესნაირი ადამიანი სასურველი სტუმარი იქნებოდა ყველა კრებისთვის (1 კორ. 4:17). w23.07 9 ¶7–10
ხუთშაბათი, 27 მარტი
არ მიგატოვებ (ებრ. 13:5).
სანამ ისრაელი აღთქმულ მიწაზე შეაბიჯებდა, მათი წინამძღოლი მოსე გარდაიცვალა. დარჩა ღვთის ხალხი იმ დროს ხელმძღვანელობის გარეშე? არა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოსემ იეჰოვას დავალებით ხალხის წინამძღოლად იესო დანიშნა, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ასწავლიდა (გამ. 33:11; კან. 34:9). ღვთის ხალხზე იმ დროს სხვა გამოცდილი კაცებიც ზრუნავდნენ – ათასისთავები, ასისთავები, ორმოცდაათისთავები და ათისთავები (კან. 1:15). ასე რომ, ვიდრე მისი ერთგულები იყვნენ, იეჰოვა არც მზრუნველობას აკლებდა თავის ხალხს და არც ხელმძღვანელობის გარეშე ტოვებდა. მსგავსი რამ მოხდა ელიას დროსაც. ისრაელის ათტომიან სამეფოში ის მრავალი წელი იდგა წმინდა თაყვანისმცემლობის სადარაჯოზე. თუმცა იეჰოვამ მოგვიანებით მას ახალი დავალება მისცა და იუდას სამეფოში გაგზავნა (2 მეფ. 2:1; 2 მატ. 21:12). ხელმძღვანელობის გარეშე ხომ არ დარჩნენ ღვთის ერთგული მსახურები, რომლებიც ისრაელის ათტომიანი სამეფოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ? არა, რადგან თავისი საქმის გამგრძელებლად ელიამ ელისე დატოვა, რომელსაც წლების მანძილზე ამზადებდა. ნამდვილად, იეჰოვას თავისი ერთგული მსახურები არასდროს დაუტოვებია მზრუნველობის გარეშე. w24.02 5 ¶12
პარასკევი, 28 მარტი
იარეთ როგორც სინათლის შვილებმა (ეფეს. 5:8).
ეფესოელი ქრისტიანები სინათლეში იმ გაგებით იყვნენ, რომ მათ ბიბლიური ჭეშმარიტების სინათლე უნათებდა სავალს (ფსალმ. 119:105). მათ მიატოვეს უზნეო ცხოვრების წესი და აღარც რელიგიურ წეს-ჩვეულებებში მონაწილეობდნენ. ისინი ჰბაძავდნენ ღმერთს, მხოლოდ მას სცემდნენ თაყვანს და ყველანაირად ცდილობდნენ, მის მოსაწონად ეცხოვრათ (ეფეს. 5:1). ჭეშმარიტების გაგებამდე ჩვენც სულიერ და ზნეობრივ სიბნელეში ვიყავით. მაგალითად, აღვნიშნავდით ცრურელიგიურ დღესასწაულებს და ზოგიერთი ჩვენგანი არც მაღალზნეობრიობით გამოვირჩეოდით. თუმცა მას შემდეგ, რაც იეჰოვას სამართლიან ნორმებს გავეცანით, რადიკალური ცვლილებები მოვახდინეთ, რისი წყალობითაც ჩვენი ცხოვრება დღესვე შეიცვალა უკეთესობისკენ (ეს. 48:17). თუმცა მაინც არსებობს იმის საფრთხე, რომ კვლავ დავუბრუნდეთ სიბნელეს, რომელიც ერთ დროს უკან მოვიტოვეთ. ამიტომ კვლავაც ისე უნდა ვიაროთ, როგორც „სინათლის შვილებმა“. w24.03 21 ¶6, 7
შაბათი, 29 მარტი
კვლავაც განვაგრძოთ აღებული გეზით სვლა იმის მიუხედავად, ვინ რამდენად მოწიფულია (ფილ. 3:16).
შეიძლება ფიქრობთ, რომ ჯერ მზად არ ხართ მიძღვნისა და ნათლობისთვის, რადგან ხვდებით, რომ ჯერ კიდევ გჭირდებათ გარკვეული ცვლილებების მოხდენა ან ფიქრობთ, რომ ჯერ საკმარისი რწმენა არ გაქვთ (კოლ. 2:6, 7). ფაქტია, ყველა შემსწავლელი ერთი და იმავე ტემპით ვერ იზრდება სულიერად. შესაბამისად, ვერც ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი ყველა ბავშვი იქნება ერთსა და იმავე ასაკში მზად ნათლობისთვის. ასე რომ, შეეცადეთ, თავი სხვებს კი არ შეადაროთ, არამედ საკუთარი შესაძლებლობები შეაფასოთ (გალ. 6:4, 5). იმ შემთხვევაშიც, თუ მიხვდებით, რომ მზად არ ხართ მიძღვნისთვის, მაინც განაგრძეთ ამ მიზნისკენ სწრაფვა. სთხოვეთ იეჰოვას, დაგეხმაროთ საჭირო ცვლილებების მოხდენაში (ფილ. 2:13). ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ის შეისმენს თქვენს სათხოვარს და გიპასუხებთ (1 იოან. 5:14). w24.03 5 ¶9, 10
კვირა, 30 მარტი
ქმრებო, მიღებული ცოდნის თანახმად განაგრძეთ ცოლებთან ცხოვრება (1 პეტ. 3:7).
აბრაამი პატივისცემით ექცეოდა სარას. ის ითვალისწინებდა მის აზრებსა და გრძნობებს. ერთხელ სარა იმდენად შეწუხებული იყო ოჯახში მომხდარი პრობლემის გამო, რომ ჯავრი აბრაამზე იყარა. თუმცა მან მოთმინებით მოუსმინა და შეეცადა, გამოსავალი მოეძებნა. აბრაამს ამის გაკეთება არ გაუჭირდებოდა, რადგან სარა მორჩილი მეუღლე იყო და ყოველთვის მხარს უჭერდა მას (დაბ. 16:5, 6). რისი სწავლა შეუძლიათ ქმრებს აბრაამისგან? ქმრებო, მართალია, ოჯახში გადაწყვეტილებების მიღების პასუხისმგებლობა თქვენ გაკისრიათ, მაგრამ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, გაითვალისწინეთ მეუღლის აზრი, მით უმეტეს, თუ ეს გადაწყვეტილება მასაც ეხება. სწორედ ასე იქცევა მოსიყვარულე ქმარი (1 კორ. 11:3; 13:4, 5). ერთხელ მოულოდნელად სარას და აბრაამს სტუმრები მიუვიდნენ და აბრაამმა გადაწყვიტა, გულუხვად გამასპინძლებოდა მათ. ამიტომ სარას სთხოვა, რომ სასწრაფოდ გამოეცხო პურები, თანაც დიდი რაოდენობით (დაბ. 18:6). სარაც მაშინვე შეუდგა საქმეს. ცოლებო, მიჰბაძეთ სარას და ყოველთვის მხარი დაუჭირეთ თქვენს მეუღლეებს, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ. ამგვარად ურთიერთობას კიდევ უფრო განიმტკიცებთ (1 პეტ. 3:5, 6). w23.05 24, 25 ¶16, 17
ორშაბათი, 31 მარტი
ღვთიური სიბრძნე . . . მორჩილია (იაკ. 3:17).
მას შემდეგ, რაც იეჰოვამ გედეონი მსაჯულად დააყენა, მას მორჩილებისა და გაბედულების გამოვლენა დასჭირდა. გედეონს დაევალა, რომ დაენგრია ბაალის სამსხვერპლო, რომელიც მამამისს ედგა. ეს საკმაოდ სახიფათო დავალება იყო (მსაჯ. 6:25, 26). მოგვიანებით კი, როცა მიდიანელებთან საბრძოლველად ჯარი შეკრიბა, იეჰოვამ ჯერ ორჯერ შეამცირებინა მებრძოლთა რაოდენობა, შემდეგ კი უთხრა, რომ მტერს შუაღამეს დასხმოდა თავს (მსაჯ. 7:2–7, 9–11). მორჩილების გამოვლენა უხუცესებსაც მართებთ. ისინი მზადყოფნით უნდა მიჰყვნენ წმინდა წერილებიდან და ღვთის ორგანიზაციისგან მიღებულ მითითებებს, რითაც სხვებსაც კარგ მაგალითს მისცემენ. მაგრამ ზოგჯერ მორჩილების გამოვლენა შეიძლება არც ისე ადვილი იყოს. მაგალითად მაშინ, როცა მითითებები ხშირად იცვლება და, ერთი შეხედვით, არაპრაქტიკული და არაგონივრული ჩანს. ზოგჯერ უხუცესებს ისეთ რამესაც სთხოვენ, რაც მათ შეიძლება თავისუფლების ფასად დაუჯდეთ. რა დაეხმარება უხუცესებს ასეთ დროს, რომ მორჩილება გამოავლინონ? ისინი კარგად უნდა გაეცნონ მითითებებს და გაითვალისწინონ. w23.06 4, 5 ¶9–11