აპრილი
სამშაბათი, 1 აპრილი
ეს რა გამიკეთე?!. რატომ მომატყუე?! (დაბ. 29:25).
ბიბლიურ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები მოულოდნელად არაერთხელ დამდგარან სირთულეების წინაშე. ამის ერთ-ერთი მაგალითია იაკობი. ისაკმა იაკობს ურჩია, რომ ცოლად მათი მორწმუნე ნათესავის, ლაბანის, რომელიმე ქალიშვილი მოეყვანა, და დაარწმუნა, რომ იეჰოვა კურთხევას არ მოაკლებდა (დაბ. 28:1–4). იაკობმაც გაითვალისწინა მამის რჩევა და იმ ადგილისკენ მიმავალ შორეულ გზას დაადგა, სადაც ლაბანი ცხოვრობდა. ლაბანს ორი ქალიშვილი ჰყავდა – ლეა და რახელი. იაკობს უმცროსი ქალიშვილი რახელი ჩაუვარდა გულში და მამამისს მოურიგდა, რომ მისი გულისთვის 7 წელი ემსახურებოდა (დაბ. 29:18). თუმცა მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ამას იაკობი ელოდა. ლაბანმა მას მოტყუებით თავისი უფროსი ქალიშვილი ლეა მიათხოვა. მართალია, ერთ კვირაში რახელიც მიათხოვა იაკობს, მაგრამ მოსთხოვა, რომ მისთვის კიდევ 7 წელი ემსახურა (დაბ. 29:26, 27). თითქოს ესეც არ კმაროდა, ლაბანი იაკობს საქმიან ურთიერთობაშიც არაკეთილსინდისიერად ექცეოდა. მთლიანობაში ამ უსამართლო მოპყრობამ 20 წელი გასტანა (დაბ. 31:41, 42). w23.04 15 ¶5
ოთხშაბათი, 2 აპრილი
გული გადმოუღვარეთ მას (ფსალმ. 62:8).
ვის შეგვიძლია მივმართოთ ნუგეშისა და ხელმძღვანელობის მისაღებად? ამ კითხვაზე პასუხი ყველამ კარგად ვიცით. თავად იეჰოვა მოგვიწოდებს, რომ მას მივმართოთ ლოცვით, თანაც განუწყვეტლივ (1 თეს. 5:17). ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვილოცოთ და ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ვთხოვოთ ხელმძღვანელობა მას (იგავ. 3:5, 6). ამასთანავე, რამდენჯერაც გვინდა, იმდენჯერ შეგვიძლია მივმართოთ ღმერთს ლოცვით. ისიც ყოველთვის მზადაა მოსასმენად. იესომ კარგად იცოდა, რომ იეჰოვა ძალიან აფასებდა თავის მსახურთა ლოცვებს. ვიდრე დედამიწაზე მოვიდოდა, ის ხედავდა, როგორ პასუხობდა იეჰოვა თავისი ერთგული მსახურების, მაგალითად ხანას, ელიასა და დავითის ლოცვებს (1 სამ. 1:10, 11, 20; 1 მეფ. 19:4–6; ფსალმ. 32:5). ამიტომაც რა გასაკვირია, რომ იესო მოუწოდებდა თავის მიმდევრებს, ხშირად ელოცათ და ეჭვი არ შეჰპარვოდათ ლოცვის ძალაში (მათ. 7:7–11). w23.05 2 ¶1, 3
ხუთშაბათი, 3 აპრილი
კაცთმოშიშს მახე უგია, იეჰოვაზე მინდობილი კი დაცული იქნება (იგავ. 29:25).
მღვდელმთავარი იეჰოიადა ღვთისმოშიში იყო. ეს კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა იზებელის ქალიშვილმა ათალიამ ხელთ იგდო იუდას სამეფო ტახტი და სამეფო შთამომავლობა გაწყვიტა. ამ უმოწყალო და ძალაუფლებას დახარბებულმა ქალმა ხომ საკუთარი შვილიშვილებიც კი არ დაინდო (2 მატ. 22:10, 11). საბედნიეროდ, იეჰოიადას მეუღლემ იეჰოშაბათმა, გამოარიდა იეჰოაში დასაღუპავად განწირულ უფლისწულებს. დავითის სამეფო ხაზი რომ არ გამწყდარიყო, იეჰოიადა და იეჰოშაბათი წლების განმავლობაში მალავდნენ ბავშვს და ზრუნავდნენ მასზე. ღრმად მოხუცებულ იეჰოიადას არ შეშინებია ათალიასი და უერთგულა იეჰოვას. როდესაც იეჰოაში შვიდი წლის გახდა, იეჰოიადამ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა იეჰოვას, რომ მისი ერთგული იყო. მან გეგმა შეიმუშავა, როგორ გაემეფებინა იეჰოაში, დავითის კანონიერი მემკვიდრე. თუ ეს გეგმა არ გაამართლებდა, იეჰოიადას, დიდი ალბათობით, სიკვდილი არ ასცდებოდა. თუმცა იეჰოვამ მოუმართა მას ხელი. w23.06 17 ¶12, 13
პარასკევი, 4 აპრილი
გაიგებ, რომ უზენაესი მეფობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას ამეფებს (დან. 4:25).
მეფე ნაბუქოდონოსორს შეეძლო დანიელი მოღალატედ შეერაცხა და სიკვდილით დაესაჯა. მაგრამ დანიელმა უშიშრად უთხრა სათქმელი მეფეს. რა სძენდა დანიელს მთელი სიცოცხლის მანძილზე გაბედულებას? როგორც ჩანს, მასზე დიდი გავლენა მოახდინა მშობლების კარგმა მაგალითმა (კან. 6:6–9). მან მხოლოდ ათი მცნება და სხვა ძირითადი კანონები კი არ იცოდა, არამედ ისეთი დეტალებიც როგორებიცაა, რისი ჭამა შეეძლოთ ისრაელებს და რისი არა (ლევ. 11:4–8; დან. 1:8, 11–13). ის ღვთის ხალხის ისტორიასაც იყო გაცნობილი და კარგად უწყოდა, რა სავალალო შედეგებს იმკიდნენ ღვთის ნორმების დაუმორჩილებლობისთვის (დან. 9:10, 11). ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ დანიელი ღვთისა და მისი ძლევამოსილი ანგელოზების მხარდაჭერაში დაარწმუნა (დან. 2:19–24; 10:12, 18, 19). w23.08 3 ¶5, 6
შაბათი, 5 აპრილი
მოკრძალებული ბრძენია (იგავ. 11:2).
რებეკა ჭკვიანი ქალი იყო და, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ თავზე ინიციატივასაც იღებდა (დაბ. 24:58; 27:5–17). თუმცა ეს ხელს არ უშლიდა, სხვების მიმართ პატივისცემა და მორჩილება გამოევლინა (დაბ. 24:17, 18, 65). თუ რებეკას მსგავსად თქვენც დაემორჩილებით მათ, ვისაც იეჰოვამ გარკვეული პასუხისმგებლობები უბოძა, ოჯახშიც და კრებაშიც სხვებზე დადებით გავლენას მოახდენთ. მოწიფული ქრისტიანები მოკრძალებით გამოირჩევიან. სწორედ ასეთი ადამიანი იყო ესთერი. მოკრძალებამ ის დაიცვა, რომ არ გაამაყებულიყო, როცა დედოფალი გახდა. ის ყურს უგდებდა თავის უფროს ბიძაშვილს, მორდოქაის, და მის რჩევებს ითვალისწინებდა (ესთ. 2:10, 20, 22). თქვენი მხრიდან მოკრძალების მაჩვენებელი იქნება, თუ ითხოვთ რჩევებს და გაითვალისწინებთ (ტიტ. 2:3–5). ესთერის მოკრძალება სხვა რამეშიც ჩანდა. მართალია, ის ლამაზი ქალი იყო, მაგრამ არასდროს ცდილობდა ზედმეტი ყურადღების მიქცევას (ესთ. 2:7, 15). w23.12 19 ¶6–8
კვირა, 6 აპრილი
ღმერთი ჩვენს გულზე დიდია და მან ყველაფერი იცის (1 იოან. 3:20).
იეჰოვას არ სურს, გამუდმებით დავიდანაშაულოთ თავი. თუ ვაღიარეთ ცოდვა, მოვინანიეთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ იგივე არ გავიმეოროთ, ეჭვი აღარ უნდა შეგვეპაროს, რომ იეჰოვამ გვაპატია (საქ. 3:19). იეჰოვას ნამდვილად არ სურს, ამის შემდეგაც გვტანჯავდეს დანაშაულის გრძნობა, რადგან კარგად იცის, რომ ამან შეიძლება გაგვანადგუროს (ფსალმ. 31:10). თუ დანაშაულის გრძნობა გვშთანთქავს, შეიძლება საერთოდ შევწყვიტოთ რბოლა (2 კორ. 2:7). როგორ უნდა მოიშოროთ ეს ტვირთი? თუ დანაშაულის გრძნობა გტანჯავთ, იფიქრეთ, რაოდენ მიმტევებელია იეჰოვა (ფსალმ. 130:4). როცა ადამიანი გულწრფელად ინანიებს, იეჰოვა პატიობს მას და ჰპირდება, რომ აღარ გაუხსენებს ცოდვას (იერ. 31:34). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის აღარ მოგთხოვთ პასუხს ჩადენილის გამო. თვითგვემას ნუ მოჰყვებით, თუ წარსულში ჩადენილი შეცდომების გამო პასუხისმგებლობები დაკარგეთ. იეჰოვამ დაივიწყა თქვენი ცოდვები, ამიტომ თქვენც უნდა დაივიწყოთ. w23.08 30, 31 ¶14, 15
ორშაბათი, 7 აპრილი
იყავით მტკიცენი, ურყევნი (1 კორ. 15:58).
კოვიდ-19 პანდემიის დროს ისინი, ვინც მიჰყვებოდნენ ღვთის ორგანიზაციისგან მიღებულ ხელმძღვანელობას, დაცული იყვნენ ზედმეტი საწუხარისგან (მათ. 24:45). ბიბლია მოგვიწოდებს, რომ მხედველობიდან არ გამოგვრჩეს ის, რაც „უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილ. 1:9, 10). ისეთმა ყოფითმა საქმეებმა, როგორებიცაა ჭამა-სმა, გართობა და სამსახური, შეიძლება დიდი დრო წაგვართვას და ხელი შეგვიშალოს ამაში (ლუკ. 21:34, 35). გარდა ამისა, ყოველდღიურად ზღვა ინფორმაციას ვიღებთ ახალი ამბებიდან სოციალური პრობლემებისა თუ პოლიტიკური დაპირისპირებების შესახებ. თუ ასეთი საკითხებით ვიქნებით მოცულნი, ადრე თუ გვიან, რომელიმე მხარეს დავიკავებთ. სატანა ყველა ზემოხსენებულ მეთოდს იყენებს, რომ მტკიცე პოზიცია დაგვათმობინოს და სწორი გზიდან გადაგვახვევინოს. w23.07 16, 17 ¶12, 13
სამშაბათი, 8 აპრილი
ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად (ლუკ. 22:19).
იეჰოვას ხალხისთვის ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ის ერთადერთი ღონისძიებაა, რომლის აღნიშვნაც იესომ თავის მიმდევრებს დაავალა (ლუკ. 22:19, 20). ამ სტატიაში განვიხილავთ, რატომ ველით ასე განსაკუთრებით ამ დღეს. უფლის გახსენების საღამოზე საშუალება გვეძლევა, დავფიქრდეთ, რამხელა ფასი აქვს გამოსასყიდს და როგორ გამოვხატოთ მადლიერება იესოს მიერ გაღებული მსხვერპლისთვის (2 კორ. 5:14, 15). ეს საღამო ერთმანეთის გამხნევებასაც ემსახურება (რომ. 1:12). ყოველ წელს ამ შეხვედრას მრავლად ესწრებიან არააქტიური ქრისტიანებიც. და-ძმების თბილი დახვედრა ბევრი მათგანისთვის სწორედ ის აღმოჩნდება ხოლმე, რაც იეჰოვასთან დასაბრუნებლად სჭირდებათ. იქ ნანახი და მოსმენილი ბევრ დაინტერესებულსაც აღძრავს, ჩვენთან ერთად დაადგეს სიცოცხლის გზას. გახსენების საღამოს აღნიშვნა მსოფლიო საძმოს ერთობაზეც მოწმობს. ამიტომ რა გასაკვირია, რომ გახსენების საღამო თითოეული ჩვენგანისთვის ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. w24.01 8 ¶1–3
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 9 ნისანი) (ლუკა 19:29–44)
ოთხშაბათი, 9 აპრილი
ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს (იოან. 3:16).
რაც უფრო მეტს ვფიქრობთ იმაზე, რამხელა ფასი გადაიხადეს იეჰოვამ და იესომ თითოეული ჩვენგანის გამოსასყიდად, მით უფრო მეტად ვრწმუნდებით იმაში, რომ ეს უდიდესი სიყვარულის დასტური იყო (გალ. 2:20). იეჰოვა ჩვენდამი თავის გრძნობებს გულში კი არ იტოვებს, არამედ მათ აშკარად გამოხატავს კიდეც (იერ. 31:3). სწორედ ძლიერი სიყვარულის გამო დაგვიახლოვა იეჰოვამ (შეადარეთ კანონის 7:7, 8). ის იმაშიც გვარწმუნებს, რომ ვერავინ და ვერაფერი ჩამოგვაშორებს მის სიყვარულს (რომ. 8:38, 39). როცა ამ ყოველივეზე ფიქრობთ, რა გრძნობა გეუფლებათ? w24.01 28 ¶10, 11
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 10 ნისანი) (ლუკა 19:45–48; მათე 21:18, 19; 21:12, 13)
ხუთშაბათი, 10 აპრილი
იმედის საფუძველზე . . . ქმნილებაც გათავისუფლდებოდა (რომ. 8:20, 21).
ცხებული ქრისტიანები ძალიან აფასებენ ზეციურ იმედს. ერთ-ერთმა მათგანმა, ძმა ფრედერიკ ფრენცმა, 1991 წელს თავისი დამოკიდებულება ასე გამოხატა: „ჩვენი იმედი უსაფუძვლო არ არის. ის შესრულდება მცირე სამწყსოს 144 000 წევრიდან თითოეულისთვის და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. [ჩვენ] არ დაგვვიწყებია, რამდენად ძვირფასია ეს იმედი . . . რაც უფრო დიდხანს გვიწევს ლოდინი, მით უფრო ვაფასებთ მას. ამ იმედისთვის ღირს ლოდინი. მე ვაფასებ ჩვენს იმედს ისე, როგორც არასდროს“. ნამდვილად, ზეცაში ცხოვრებას ველით თუ დედამიწაზე, თითოეულს დიდებული იმედი გვაქვს. თანაც, ეს იმედი შეიძლება დღითი დღე უფრო მტკიცე გახდეს. w23.12 9, 10 ¶6–8
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 11 ნისანი) (ლუკა 20:1–47)
პარასკევი, 11 აპრილი
მოზვრებისა და თხების სისხლით შეუძლებელია ცოდვის აღმოფხვრა (ებრ. 10:4).
კარვის შესასვლელის წინ იდგა სპილენძის სამსხვერპლო, რომელზეც ცხოველური შესაწირავები იწირებოდა (გამ. 27:1, 2; 40:29). თუმცა ამ შესაწირავებს არ შეეძლო ცოდვებისგან ადამიანების სრულად გამოსყიდვა (ებრ. 10:1–3). ისინი იმ მსხვერპლს განასახიერებდნენ, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ განწმენდდა კაცობრიობას ცოდვისგან. იეჰოვას ნება იყო, რომ იესოს სრულყოფილი სიცოცხლე კაცობრიობის გამოსასყიდად გაეღო (მათ. 20:28). იესოს ეს კარგად ესმოდა, ამიტომ ნათლობის დროს თავი წარუდგინა იეჰოვას იმის ნიშნად, რომ მის ნებას შეასრულებდა (იოან. 6:38; გალ. 1:4). მან საკუთარი „სხეულის მხოლოდ ერთხელ შეწირვით“ სრულად გამოისყიდა მათი ცოდვები, ვისაც ის სწამს (ებრ. 10:5–7, 10). w23.10 26, 27 ¶10, 11
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 12 ნისანი) (ლუკა 22:1–6; მარკოზი 14:1, 2, 10, 11)
ᲒᲐᲮᲡᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲦᲐᲛᲝ
მზის ჩასვლის შემდეგ
შაბათი, 12 აპრილი
ღვთისგან ბოძებული ძღვენი – მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მეშვეობით (რომ. 6:23).
ჩვენ ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან საკუთარ თავს ვერასდროს გამოვისყიდდით (ფსალმ. 49:7, 8). ამიტომ იეჰოვამ გადაწყვიტა, ჩვენ გამოსასყიდად იესოს გაეღო თავისი სიცოცხლე მიუხედავად იმისა, რომ ეს ორივესგან უდიდეს მსხვერპლზე წასვლას მოითხოვდა. რაც მეტს ვფიქრობთ იესოსა და იეჰოვას მიერ გაღებულ მსხვერპლზე, მით მეტად გვევსება გული მადლიერებით. როცა ადამმა შესცოდა, მან სრულყოფილებაც დაკარგა და მარადიული სიცოცხლის პერსპექტივაც. მეტიც, მან თავისი შთამომავლებიც დაუმონა ცოდვასა და სიკვდილს. დაკარგულის უკან დასაბრუნებლად იესომ სრულყოფილი სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, დედამიწაზე ცხოვრების დროს „მას არც ცოდვა ჩაუდენია და არც სიცრუე დასცდენია მის ბაგეს“ (1 პეტ. 2:22). შესაბამისად, სიკვდილის დროს იესომ ზუსტად ის საფასური გადაიხადა, რაც საჭირო იყო სრულყოფილების უკან დასაბრუნებლად (1 კორ. 15:45; 1 ტიმ. 2:6). w24.01 10 ¶5, 6
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 13 ნისანი) (ლუკა 22:7–13; მარკოზი 14:12–16) (მზის ჩასვლის შემდეგ მომხდარი მოვლენები: 14 ნისანი) (ლუკა 22:14–65)
კვირა, 13 აპრილი
ის თხებისა და მოზვრების სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით მხოლოდ ერთხელ შევიდა წმინდათაწმინდაში და მარადიული ხსნა მოგვიპოვა (ებრ. 9:12).
აღდგომის შემდეგ იესო სულიერი ტაძრის წმინდათაწმინდაში შევიდა. დღეს იეჰოვას თაყვანისცემის შესაძლებლობა სწორედ იესო ქრისტეს გამოსასყიდისა და მისი მღვდელმსახურების წყალობით გვეძლევა. თაყვანისმცემლობის ეს ფორმა მის წინამორბედთან შედარებით გაცილებით აღმატებულია. თუ წარსულში ებრაელი მღვდელმთავარი ხელთქმნილ წმინდათაწმინდაში ცხოველთა სისხლით შედიოდა ხოლმე, იესო ყველაზე წმინდა ადგილას, თვით ზეცაში შევიდა, იეჰოვას წინაშე წარდგა და საკუთარი მსხვერპლი წარუდგინა, რათა „ბოლო მოეღო ცოდვისთვის“ (ებრ. 9:24–26). ზეციერი ცხოვრების იმედი გვაქვს თუ მიწიერი, ყველას შეგვიძლია თაყვანი ვცეთ იეჰოვას მის სულიერ ტაძარში. w23.10 28 ¶13, 14
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 14 ნისანი) (ლუკა 22:66–71)
ორშაბათი, 14 აპრილი
თამამად მივუახლოვდეთ ლოცვით წყალობის ტახტს (ებრ. 4:16).
კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით, რას აკეთებს ჩვენთვის ღვთის სამეფოს მეფე და ჩვენი თანამგრძნობი მღვდელმთავარი იესო. მისი მეშვეობით შეგვიძლია ლოცვით მივუახლოვდეთ იეჰოვას „საჭირო დროს“ და დახმარება და წყალობა ვთხოვოთ (ებრ. 4:14, 15). მოდი დღე ისე ნუ გავა, რომ არ დავფიქრდეთ, რა გაუკეთებიათ და რას აკეთებენ ჩვენთვის იეჰოვა და იესო. მათ მიერ გამოვლენილი სიყვარული გულგრილს არ დაგვტოვებს და იმის სურვილს აღგვიძრავს, რომ ყოველთვის საუკეთესო გავიღოთ (2 კორ. 5:14, 15). მადლიერების გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, სხვებსაც გავაცნოთ იეჰოვა და დავეხმაროთ, თავი მიუძღვნან მას და იესოს მოწაფეები გახდნენ (მათ. 28:19, 20). სწორედ ასე იქცეოდა მოციქული პავლეც. მან იცოდა, რომ იეჰოვას სურს, „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:3, 4). w23.10 22, 23 ¶13, 14
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 15 ნისანი) (მათე 27:62–66)
სამშაბათი, 15 აპრილი
აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი (გამოცხ. 21:4).
ამ მანუგეშებელ დანაპირებს მსახურებაშიც ხშირად ვუზიარებთ ხალხს. როგორ დავეხმაროთ ადამიანებს, დარწმუნდნენ, რომ გამოცხადების 21:3-სა და 4-ში ჩაწერილი აუცილებლად შესრულდება და ჩვენ როგორ გავიძლიეროთ ამ დანაპირებისადმი რწმენა? საბედნიეროდ, იეჰოვამ მხოლოდ დაპირება კი არ მოგვცა, არამედ სარწმუნო მტკიცებულებებიც მოგვიყვანა. მომდევნო მუხლებიდან ვიგებთ, როგორ განამტკიცა იეჰოვამ თავისი დანაპირები: «ტახტზე მჯდომმა თქვა: „ვქმნი ყოველივე ახალს“. შემდეგ დასძინა: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“. მან მითხრა: „აღსრულდა! მე ვარ ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული“» (გამოცხ. 21:5, 6ა). w23.11 3 ¶3–5
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 16 ნისანი) (ლუკა 24:1–12)
ოთხშაბათი, 16 აპრილი
ახალგაზრდა მამაკაცებს შეაგონე, რომ საღად მოაზროვნენი იყვნენ (ტიტ. 2:6).
საღად მოაზროვნე ახალგაზრდას არ გაუჭირდება სწორი არჩევანის გაკეთება, როცა საქმე ეხება ჩაცმულობასა და გარეგნობას, მათ შორის ვარცხნილობის სტილის არჩევას. ხშირ შემთხვევაში მოდის ტენდენციებს ისინი ქმნიან და ისინი უწევენ პოპულარიზაციას, ვინც არაფრად აგდებენ იეჰოვას ნორმებს და უზნეო ცხოვრებას ეწევიან. სწორედ ამიტომაა მოდაში მოტმასნილი ტანსაცმელი და თითქმის აღარ არსებობს ზღვარი მამაკაცისა და ქალის სამოსს შორის. თუმცა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სულიერი მოწიფულობისკენ ისწრაფვის, ამ საკითხშიც ბიბლიური პრინციპებით იხელმძღვანელებს და მოწიფული ქრისტიანებისგან აიღებს მაგალითს. მას შეუძლია ასეთ კითხვებზე დაფიქრდეს: ჩანს ჩემი არჩევანიდან, რომ საღად ვაზროვნებ და სხვებს ანგარიშს ვუწევ? ნამდვილად მეტყობა, რომ ღვთის ერთგული მსახური ვარ თუ ჩემი ჩაცმულობა სხვებს კითხვის ნიშნებს უჩენს? (1 კორ. 10:31–33). ახალგაზრდა, რომელიც საღად აზროვნებს, და-ძმების პატივისცემასაც დაიმსახურებს და ღვთის მოწონებასაც. w23.12 26 ¶7
ხუთშაბათი, 17 აპრილი
ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის. ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ (იოან. 18:36).
წარსულში „სამხრეთის მეფეც“ ავიწროებდა იეჰოვას ხალხს (დან. 11:40). მაგალითად, მე-20 საუკუნის პირველი ათწლეულების განმავლობაში ძმებს ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო აპატიმრებდნენ, მოწმეების ბავშვებს კი სკოლიდან რიცხავდნენ. მართალია, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსგავსი თავდასხმები აშკარა აღარ არის, მაგრამ ამ „მეფის“ ტერიტორიაზე მცხოვრები ღვთის მსახურების ერთგულება მაინც იცდება. მაგალითად, საარჩევნო კამპანიების დროს ქრისტიანს შეიძლება რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მიმართ სიმპათიები გაუჩნდეს. შეიძლება ის არჩევნებზე არ წავიდეს, მაგრამ არჩევანი მაინც გააკეთოს გულში. მართლაც, ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დაცვა გულიდან უნდა დავიწყოთ (იოან. 15:18, 19). w23.08 12 ¶17
პარასკევი, 18 აპრილი
დიდება იეჰოვას, რომელიც ყოველდღიურად ატარებს ჩვენს ტვირთს (ფსალმ. 68:19).
ჩვენ ისე უნდა ვირბინოთ, რომ მოვიპოვოთ ჯილდო (1 კორ. 9:24). მაგალითად, ლუკას 21:34-ში იესოს გაფრთხილებას ვკითხულობთ, რომ თავი არ დავიმძიმოთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით. ღვთის სიტყვაში ბევრ მსგავს რჩევას ვხვდებით, რომლებიც საჭირო ცვლილებების მოხდენაში გვეხმარება. გჯეროდეთ, რომ იეჰოვა მოგცემთ სიცოცხლისთვის რბოლაში გასამარჯვებლად საჭირო ძალას (ეს. 40:29–31). ამიტომ განაგრძეთ სირბილი და, პავლე მოციქულის მსგავსად, ყოველი ღონე იხმარეთ, რომ მოიპოვოთ ჯილდო (ფილ. 3:13, 14). ამ სარბიელს თქვენ მაგივრად ვერავინ გაირბენს, თუმცა მარტონი არ ხართ. თქვენ გვერდით იეჰოვაა. ის დაგეხმარებათ, ატაროთ თქვენი სატარებელი, მოიშოროთ ზედმეტი ტვირთი, ბოლომდე გაირბინოთ სარბიელი და გადაკვეთოთ ფინიშის ხაზი. w23.08 31 ¶16, 17
შაბათი, 19 აპრილი
პატივი ეცი მამას და დედას (გამ. 20:12).
როცა იესო 12 წლის იყო, იოსები და მარიამი შვილებთან ერთად დღესასწაულზე იერუსალიმში იყვნენ ჩასულები (ლუკ. 2:46–52). ისინი უკან ისე გამობრუნდნენ, რომ არ შეუმოწმებიათ, იესო მათ გვერდით იყო თუ არა. მართალია, ეს მათი პასუხისმგებლობა იყო, მაგრამ როცა ის იპოვეს, იქით დასდეს ბრალი, ეს რა გვიყავიო. იესო ნამდვილად არ იმსახურებდა ასეთ სიტყვებს, თუმცა პატივისცემით უპასუხა მათ. იოსები და მარიამი ვერც იესოს პასუხს ჩასწვდნენ. და მაინც, ის „კვლავაც უჯერებდა მათ“. ახალგაზრდებო, ხომ არ გიჭირთ მშობლების მორჩილება მაშინ, როცა ისინი შეცდომებს უშვებენ ან ბოლომდე არ ესმით თქვენი? რა დაგეხმარებათ ასეთ დროს? იმაზე დაფიქრება, რომ მორჩილებით იეჰოვას ვუხარებთ გულს. ბიბლიაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მშობლების მორჩილება „მოსაწონია უფლისთვის“ (კოლ. 3:20). ის განსაკუთრებით იმას აფასებს, რომ მაშინაც ემორჩილებით მშობლებს, როცა ისინი ვერ გიგებენ ან მათი დადგენილი წესები მთლად გონივრული არ არის. w23.10 7 ¶5, 6
კვირა, 20 აპრილი
კეთილგონიერება გამოიჩინონ და ყველას რბილად მიუდგნენ (ტიტ. 3:2).
დავუშვათ, თანაკლასელი გეუბნებათ, რომ ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეების პოზიცია გადახედვას საჭიროებს. თქვენ შეგიძლიათ დაარწმუნოთ, რომ ყველანაირ ადამიანს და მათ არჩევანს პატივს ვცემთ (1 პეტ. 2:17). ამის შემდეგ შეიძლება იმის ახსნის შესაძლებლობაც კი მოგეცეთ, თუ რატომ არის კარგი ბიბლიური ნორმებით ცხოვრება. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვინმე კატეგორიულად არ გვეთანხმება? ასეთ დროს, კარგი იქნება, თუ მაშინვე არ დავასკვნით, რომ უკვე ვიცით, რისი სწამს მას. მაგალითად, თუ სკოლაში ვინმე აბუჩად აგვიგდებს იმის გამო, რომ ღმერთის გვწამს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ მაინცდამაინც ევოლუციის თეორიის სჯერა და ღრმადაა ჩახედული ამ საკითხში. მას შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს ამ საკითხზე ნაფიქრი. მაგალითად, ჩვენს ვებსაიტზე აჩვენოთ შემოქმედების შესახებ განთავსებული მასალა. თუ ამ მასალას გაეცნობა, მოგვიანებით მას შეიძლება თქვენთან საუბრის სურვილიც გაუჩნდეს. დიახ, ჩვენმა ტაქტიანმა მიდგომამ შეიძლება კარგი შედეგი გამოიღოს და ის თავის შეხედულებაზე დაფიქრდეს. w23.09 17 ¶12, 13
ორშაბათი, 21 აპრილი
იეჰოვა, რაოდენ კარგი და მიმტევებელი ხარ; სიყვარულს არ იშურებ მისთვის, ვინც გიხმობს (ფსალმ. 86:5).
თუ ყველანაირად ვცდილობთ, გამოვსწორდეთ და იეჰოვას მივენდოთ, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ მისთვის კვლავაც გამოსადეგნი ვიქნებით და მისი წყალობა არ მოგვაკლდება (იგავ. 28:13). მართალია, სამსონი არ იყო სრულყოფილი, მაგრამ არასწორად გადადგმული ნაბიჯის შემდეგაც კი არ შეუწყვეტია იეჰოვას ნების შესრულება. თავის მხრივ, არც იეჰოვას ჩაუქნევია მასზე ხელი. მან კიდევ ერთხელ მისცა სამსონს მისი ნების შესრულების შესაძლებლობა. ღვთის თვალში მას კვლავ ძლიერი რწმენის მქონე კაცის სახელი ჰქონდა, რაც იქიდანაც ჩანს, რომ ებრაელების მე-11 თავში სხვა ერთგულ მსახურთა შორისაა მოხსენიებული. რა ბედნიერებაა, ვემსახუროთ მოსიყვარულე მამას, რომელსაც დიდი სურვილი აქვს, გაგვაძლიეროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი დახმარება გვჭირდება! მოდი ჩვენც სამსონის მსგავსად ვევედროთ ღმერთს: „გამიხსენე, . . მომეცი ძალა“ (მსაჯ. 16:28). w23.09 7 ¶18, 19
სამშაბათი, 22 აპრილი
მოუთმენლად ელით იმ დროს, როცა დადგება იეჰოვას დღე (2 პეტ. 3:12).
რაკი მოუთმენლად ველით იეჰოვას დღეს, იმის სურვილიც გვაქვს, რომ ყველას ვუქადაგოთ სასიხარულო ცნობა. თუმცა ზოგჯერ შეიძლება სხვების შიშით თავი შევიკავოთ ქადაგებისგან. შიში არც პეტრე მოციქულისთვის იყო უცხო. იესოს სიკვდილის წინა ღამეს მან არა მხოლოდ დამალა, რომ იესოს მოწაფე იყო, არამედ სამჯერ უარყო კიდეც, რომ საერთოდ იცნობდა მას (მათ. 26:69–75). მოგვიანებით მან დაძლია შიში და თანაქრისტიანებს შემდეგი რჩევა მისცა: „ნუ შეგეშინდებათ იმის, რისიც სხვებს ეშინიათ, და ნუ აფორიაქდებით“ (1 პეტ. 3:14). ჩვენც შევძლებთ შიშის დაძლევას. რა დაგვეხმარება შიშის დაძლევაში? პასუხს 1 პეტრეს 3:15-დან ვიგებთ: „წმინდა იყოს თქვენთვის ქრისტე როგორც უფალი“. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიფიქროთ, როგორი აღმატებული მდგომარეობა უკავია ჩვენს უფალს და მეფეს და რამხელა ძალას ფლობს. w23.09 27, 28 ¶6–8
ოთხშაბათი, 23 აპრილი
თქვენ შორის არც კი იხსენიებოდეს უზნეობა და არავითარი უწმინდურება (ეფეს. 5:3).
ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიფრთხილოთ, რომ არ ჩავიდინოთ „სიბნელის უნაყოფო საქმეები“ (ეფეს. 5:11). ფაქტები აჩვენებს, რომ თუ ადამიანი უზნეო სცენებს უყურებს, უხამს თემებზე საუბრობს და მოსწონს ასეთი რაღაცების მოსმენა, ამ შემთხვევაში უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ უზნეობას ჩაიდენს (დაბ. 3:6; იაკ. 1:14, 15). სატანის ქვეყნიერება ცდილობს, შეცდომაში შეგვიყვანოს და დაგვაჯეროს, რომ ცუდი არაფერია იმაში, რასაც იეჰოვა უზნეობად და უწმინდურებად მიიჩნევს (2 პეტ. 2:19). ეს გასაკვირი არაა, სატანა ხომ ოდითგანვე ცდილობდა ხალხისთვის თავგზის აბნევას, რათა ვეღარ გაერჩიათ სწორი არასწორისგან (ეს. 5:20; 2 კორ. 4:4). დღეს ის იეჰოვასთვის მიუღებელი აზროვნების პროპაგანდას ფილმების, სატელევიზიო გადაცემებისა თუ ვებგვერდების მეშვეობით ეწევა. ის ცდილობს დაგვაჯეროს, რომ უწმინდურ საქციელსა და უზნეო ცხოვრების წესს ცუდი შედეგები არ სდევს თან (ეფ. 5:6). w24.03 22 ¶8–10
ხუთშაბათი, 24 აპრილი
ისინი წმინდა მსახურებას ასრულებენ, რაც ყოველივე ზეციურის სიმბოლო და ჩრდილია (ებრ. 8:5).
კარავი იყო ნაგებობა, რომელიც ისრაელებს ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰქონდათ. ისრაელები მას ღვთის თაყვანსაცემად დაახლოებით 500 წლის განმავლობაში იყენებდნენ ანუ იმ დრომდე ვიდრე იერუსალიმში ტაძარი არ აშენდა (გამ. 25:8, 9; რიცხ. 9:22). მათთვის კარავი ძირითადი საშუალება იყო იეჰოვასთვის მსხვერპლის შესაწირავად და თაყვანსაცემად (გამ. 29:43–46). თუმცა ის გაცილებით დიდებულ რამეს განასახიერებდა. როგორც მოციქულმა პავლემ აღნიშნა, კარავი „ყოველივე ზეციურის“ ჩრდილი იყო ანუ იეჰოვას დიდებულ სულიერ ტაძარს განასახიერებდა. მისი სიტყვებიდან ისიც ჩანს, რომ ეს ტაძარი იმ დროისთვის უკვე არსებობდა. მან დაწერა: „კარავი იმის სიმბოლოა, რაც დღეისთვის უკვე არსებობს“ (ებრ. 9:9). სულიერმა ტაძარმა ფუნქციონირება დაიწყო ახ. წ. 29 წელს, მას შემდეგ, რაც იესო მოინათლა და მღვდელმთავრად მსახურებას შეუდგა (ებრ. 4:14; საქ. 10:37, 38). w23.10 25, 26 ¶6, 7
პარასკევი, 25 აპრილი
ყველამ დაინახოს თქვენი გონიერება (ფილ. 4:5).
ჩვენი სულიერი კეთილდღეობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ვართ მოქნილები და ვავლენთ გონიერებას. გონიერება განსაკუთრებით მაშინ გვმართებს, როცა მდგომარეობა გვეცვლება. ის იმაშიც გვეხმარება, რომ პატივი ვცეთ სხვების გადაწყვეტილებებს და შეხედულებებს. იეჰოვას მსახურებს გონიერებასთან ერთად თავმდაბლობის და გულმოწყალების გამოვლენაც მართებთ. იეჰოვას ბიბლიაში „კლდე“ ეწოდება იმიტომ, რომ მტკიცე და ურყევია (კან. 32:4). თუმცა, იმავდროულად, ის მოქნილია და გონიერებასაც ავლენს. ქვეყნიერებაში მდგომარეობა გამუდმებით იცვლება და თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იეჰოვაც ფეხს უწყობს ცვლილებებს. მან ჩვენც გვიბოძა იმის უნარი, რომ მოვერგოთ ცვლილებებს და ბიბლიის მეშვეობით გვაძლევს პრინციპებს, რომლებიც გვეხმარება, ნებისმიერი სირთულის დროს გონივრულად ვიმოქმედოთ. მართლაც, ჩვენ ამ მხრივ საუკეთესო მასწავლებელი გვყავს. w23.07 20 ¶1–3
შაბათი, 26 აპრილი
როცა საფიქრალმა მოსვენება დამიკარგა, შენ მანუგეშე და დამამშვიდე (ფსალმ. 94:19).
იეჰოვა თავს მზრუნველ, მოსიყვარულე დედას ადარებს, რომელიც თავს ევლება თავის პატარას (ეს. 66:12, 13). წარმოიდგინეთ, როგორ იკრავს დედა გულში ბავშვს და ალერსიანი სიტყვებით ეფერება. და თუ ხედავს, რომ ბავშვს რაღაც აწუხებს, ყველანაირად ცდილობს, დაამშვიდოს. უნდა გვჯეროდეს, რომ როცა რაღაც გვაწუხებს, იეჰოვა სწორედ ასეთი მოსიყვარულე მშობელივით მოგვექცევა. როცა რამეს ვაშავებთ, ის ზურგს არ გვაქცევს (ფსალმ. 103:8). ეს კარგად ჩანს იქიდან, თუ როგორ ექცეოდა იეჰოვა ძველად ისრაელ ერს. ისინი ხშირად ეურჩებოდნენ მას და გულს სტკენდნენ, მაგრამ, როცა ინანიებდნენ, პატიობდა და თავის სიყვარულშიც არწმუნებდა. მან ასეთი სიტყვები უთხრა მათ: „ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, პატივდებული და საყვარელი“ (ეს. 43:4, 5). იეჰოვა არ შეცვლილა. ამიტომ, რა შეცდომაც არ უნდა დავუშვათ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ის ჩვენზე ხელს არ ჩაიქნევს. „ის მრავლის მიმტევებელია“ (ეს. 55:7). ასე რომ, თუ მოვინანიებთ და მოვბრუნდებით, ვიგრძნობთ, რაოდენ ურყევია მისი სიყვარული, რადგან გვაპატიებს და გამოგვაცოცხლებს (საქ. 3:19). w24.01 27 ¶4, 5
კვირა, 27 აპრილი
ჩემი ღმერთი იეჰოვა მედგა მხარში (ეზრ. 7:28).
სირთულეების დროს იეჰოვა ჩვენც გვიწვდის დახმარების ხელს. მაგალითად, მისი ხელი ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებით მაშინ შეიძლება ვიგრძნოთ, როცა დამსაქმებელს ვთხოვთ, რომ კონგრესზე გაგვიშვას ან სამუშაო გრაფიკი შეგვიცვალოს, რათა კრების ყველა შეხვედრას დავესწროთ. ასეთ დროს შეიძლება იეჰოვამ ისე წარმართოს მოვლენები, რომ სასიამოვნოდ გავოცდეთ. ეს კი, თავის მხრივ, იეჰოვასადმი ნდობას ერთიორად განგვიმტკიცებს. ეზრა თავმდაბლად სთხოვდა იეჰოვას დახმარებას. ყოველ ჯერზე, როცა მას რთული ეჩვენებოდა იეჰოვას მიერ მისთვის მინდობილი საქმის შესრულება, თავს იმდაბლებდა და მას შესთხოვდა ლოცვაში დახმარებას (ეზრ. 8:21–23; 9:3–5). ეზრას განწყობის შემხედვარეთ, სხვებსაც უჩნდებოდათ სურვილი, რომ მხარი დაეჭირათ მისთვის და მსგავსი რწმენა გამოევლინათ (ეზრ. 10:1–4). ჩვენც იეჰოვას უნდა მივენდოთ და მას შევთხოვოთ დახმარება, თუ მოსვენებას დაგვიკარგავს ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე ან მატერიალურ საჭიროებებზე ფიქრი. w23.11 18 ¶15–17
ორშაბათი, 28 აპრილი
[აბრაამი] ერწმუნა იეჰოვას და მან სიმართლედ ჩაუთვალა ეს (დაბ. 15:6).
რა შეიძლება იყოს ის საქმეები, რომლებიც ჩვენს რწმენაზე მეტყველებს? ჩვენ გულთბილად უნდა მივიღოთ კრებაში ახალგადმოსულები თუ დაინტერესებულები, დახმარების ხელი გავუწოდოთ გასაჭირში მყოფ თანაქრისტიანებს და ვიზრუნოთ ოჯახის წევრებზე (რომ. 15:7; 1 ტიმ. 5:4, 8; 1 იოან. 3:18). და რაც მთავარია, მთელი ენთუზიაზმით უნდა ვუქადაგოთ სხვებს სასიხარულო ცნობა (1 ტიმ. 4:16). დიახ, ჩვენ საქმეებით უნდა ცხადვყოთ, რომ გვწამს იეჰოვას დაპირებების და მის ხელმძღვანელობას საუკეთესოდ მივიჩნევთ. ამ შემთხვევაში ოდნავაც არ უნდა შეგვეპაროს იმაში ეჭვი, რომ იეჰოვა ჩვენც ჩაგვთვლის მართლად და თავის მეგობრებს გვიწოდებს. w23.12 2 ¶3; 6 ¶15
სამშაბათი, 29 აპრილი
გამაგრდი და ვაჟკაცურად იყავი! (1 მეფ. 2:2).
მეფე დავითმა სოლომონი დღევანდელ მუხლში ჩაწერილი სიტყვებით დაარიგა (1 მეფ. 2:1, 3). ამ რჩევის გათვალისწინება ყველა ქრისტიან მამაკაცს მართებს. მოწიფული ქრისტიანები რომ გახდნენ, უნდა დაიცვან ღვთის კანონები და ცხოვრების ყველა სფეროში იხელმძღვანელონ ბიბლიური პრინციპებით (ლუკ. 2:52). მაგრამ ისმის კითხვა: რატომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდა ძმებისთვის სულიერი მოწიფულობისკენ სწრაფვა? ქრისტიან მამაკაცს კრებაში თუ ოჯახში არაერთი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია. ახალგაზრდებო, ალბათ, ფიქრობთ ხოლმე თქვენს მომავალზე. შეიძლება მიზნად გაქვთ დასახული სრული დროით ან კრებაში მომსახურედ და მოგვიანებით უხუცესად მსახურება. შესაძლოა დაქორწინებაზე ან შვილების ყოლაზეც ფიქრობთ (ეფეს. 6:4; 1 ტიმ. 3:1). თუმცა იმისთვის, რომ შეძლოთ ამ პასუხისმგებლობების აღება და პირნათლად შესრულება, საჭიროა სულიერი მოწიფულობა. w23.12 24 ¶1, 2
ოთხშაბათი, 30 აპრილი
დრო არ მეყოფა, რომ მოვყვე გედეონზე (ებრ. 11:32).
თავის სამწყსოზე ზრუნვა იეჰოვამ კრებაში უხუცესებს მიანდო. ამ ერთგული ძმებისთვის დიდი პატივია, თანაქრისტიანებისთვის დაიხარჯონ. ამიტომ თავს არ ზოგავენ, რომ იეჰოვას ნდობა გაამართლონ (იერ. 23:4; 1 პეტ. 5:2). ნამდვილად დიდი ბედნიერებაა, რომ კრებებში ასეთი ძმები გვყავს. მსაჯულმა გედეონმა უხუცესებს კარგი მაგალითი დაუტოვა (ებრ. 6:12). ის მწყემსავდა და იცავდა ღვთის ხალხს (მსაჯ. 2:16; 1 მატ. 17:6). გედეონის მსგავსად, უხუცესებსაც მძიმე დროში უწევთ ღვთის ხალხზე ზრუნვა (საქ. 20:28; 2 ტიმ. 3:1). თუმცა მისი მოკრძალება, თავმდაბლობა, მორჩილება და ამტანობა ყველა ქრისტიანისთვის სამაგალითოა. მისი მაგალითი დაგვეხმარება, უფრო მეტად დავაფასოთ ჩვენი მუხლჩაუხრელი უხუცესები და მხარი დავუჭიროთ (ებრ. 13:17). w23.06 2 ¶1; 3 ¶3