საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es25 გვ. 47-57
  • მაისი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მაისი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2025
  • ქვესათაურები
  • ხუთშაბათი, 1 მაისი
  • პარასკევი, 2 მაისი
  • შაბათი, 3 მაისი
  • კვირა, 4 მაისი
  • ორშაბათი, 5 მაისი
  • სამშაბათი, 6 მაისი
  • ოთხშაბათი, 7 მაისი
  • ხუთშაბათი, 8 მაისი
  • პარასკევი, 9 მაისი
  • შაბათი, 10 მაისი
  • კვირა, 11 მაისი
  • ორშაბათი, 12 მაისი
  • სამშაბათი, 13 მაისი
  • ოთხშაბათი, 14 მაისი
  • ხუთშაბათი, 15 მაისი
  • პარასკევი, 16 მაისი
  • შაბათი, 17 მაისი
  • კვირა, 18 მაისი
  • ორშაბათი, 19 მაისი
  • სამშაბათი, 20 მაისი
  • ოთხშაბათი, 21 მაისი
  • ხუთშაბათი, 22 მაისი
  • პარასკევი, 23 მაისი
  • შაბათი, 24 მაისი
  • კვირა, 25 მაისი
  • ორშაბათი, 26 მაისი
  • სამშაბათი, 27 მაისი
  • ოთხშაბათი, 28 მაისი
  • ხუთშაბათი, 29 მაისი
  • პარასკევი, 30 მაისი
  • შაბათი, 31 მაისი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2025
es25 გვ. 47-57

მაისი

ხუთშაბათი, 1 მაისი

დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა (საქ. 11:28).

პირველ საუკუნეში, როცა მთელ ქვეყანაზე დიდი შიმშილობა ჩამოვარდა, ქრისტიანებიც გასაჭირში აღმოჩნდნენ. ოჯახისთავებს, ალბათ, საფიქრალი გაუჩნდებოდათ, როგორ ერჩინათ ცოლ-შვილი. იმ ახალგაზრდებს კი, რომლებიც მსახურების გაფართოებას გეგმავდნენ, შეიძლება ეფიქრათ, რომ ახლა ამის დრო არ იყო. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ეს ქრისტიანები მოერგნენ შექმნილ ვითარებას – მდგომარეობიდან გამომდინარე მაქსიმალურად მონაწილეობდნენ სამქადაგებლო საქმეში და იუდეაში მცხოვრებ თანაქრისტიანებსაც ხელს უმართავდნენ (საქ. 11:29, 30). მათ, ვინც დახმარება მიიღეს, უშუალოდ დაინახეს იეჰოვას ხელი (მათ. 6:31–33). ბუნებრივია, მათ უფრო მეტად შეუყვარდებოდათ თანაქრისტიანები, რომლებიც გაჭირვების დროს მხარში ამოუდგნენ. ხოლო იმ და-ძმებმა, რომლებმაც უშურველად გასცეს ან სხვაგვარად შეიტანეს თავიანთი წვლილი ამ საქმეში, გაცემით გამოწვეული სიხარული განიცადეს (საქ. 20:35). w23.04 16 ¶12, 13

პარასკევი, 2 მაისი

ვიცით, რომ რაც ვთხოვეთ, გვექნება, რადგან მას ვთხოვეთ (1 იოან. 5:15).

ზოგჯერ იეჰოვამ თავის მსახურებს შეიძლება მათი მეშვეობით უპასუხოს, ვინც არ ემსახურებიან მას. მაგალითად, ძველად მან მეფე არტაქსერქსე აღძრა, რომ ნეემიასთვის უფლება მიეცა, იერუსალიმში დაბრუნებულიყო და ქალაქის აღდგენაში მიეღო მონაწილეობა (ნეემ. 2:3–6). იეჰოვა შეიძლება ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოიქცეს. ხშირად, ლოცვებზე პასუხი თვალშისაცემი არაა. და მაინც, ჩვენი ზეციერი მამა ყოველთვის გვაძლევს იმას, რაც გვჭირდება, რომ მას ერთგულად ვემსახუროთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ, როგორ პასუხობს იეჰოვა ჩვენს ლოცვებს (ფსალმ. 66:19, 20). აგრეთვე რწმენა უნდა გამოვავლინოთ არა მხოლოდ ლოცვით, არამედ იმითაც, ვღებულობთ თუ არა ლოცვის პასუხს იმ ფორმით, რა ფორმითაც იეჰოვა გვცემს (ებრ. 11:6). w23.05 11 ¶13; 12 ¶15, 16

შაბათი, 3 მაისი

შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო (ფსალმ. 40:8).

მიძღვნის დროს იეჰოვას აღვუთქვით, რომ თაყვანს ვცემდით და მის ნებას შევასრულებდით. აუცილებელია, აღთქმული შევასრულოთ. თუმცა ის ტვირთად არ გვაწევს, რადგან იეჰოვამ თავისი ნების შესასრულებლად შეგვქმნა (გამოცხ. 4:11). ჩვენ მის ანარეკლად ვართ შექმნილი და იმის მოთხოვნილებაც დევს ჩვენში, რომ დავუახლოვდეთ ზეციერ მამას. ამიტომაც სიხარულს განვიცდით, როცა მის ნებას ვასრულებთ. მეტიც, იეჰოვას ნების შესრულება და მისი ძის ნაკვალევის მიყოლა ჩვენთვის გამომაცოცხლებელია ანუ ძალას გვმატებს (მათ. 11:28–30). იეჰოვასადმი სიყვარული რომ გაიღრმაოთ, უნდა დაფიქრდეთ იმ ყოველივეზე, რაც მას თქვენთვის წარსულში გაუკეთებია და რასაც მომავალში გააკეთებს. იეჰოვასადმი ძლიერი სიყვარული კი, თავის მხრივ, მის მორჩილებას გაგიადვილებთ (1 იოან. 5:3). აღთქმის შესრულებაში იესოს მიბაძვაც დაგეხმარებათ. მან შეძლო, ბოლომდე შეესრულებინა ღვთის ნება, რადგან იეჰოვას ლოცვაში სთხოვდა დახმარებას და ჯილდოსკენ ჰქონდა მზერა მიპყრობილი (ებრ. 5:7; 12:2). თქვენც იეჰოვას სთხოვეთ ძალა და ყოველთვის იფიქრეთ მომავლის იმედზე. w23.08 27, 28 ¶4, 5

კვირა, 4 მაისი

იქნებ არაფრად აგდებ ღვთის უხვ სიკეთეს, დიდსულოვნებასა და სულგრძელობას, რადგან არ იცი, რომ ღმერთს სურს, თავისი სიკეთით მონანიებისკენ გიბიძგოს?! (რომ. 2:4).

ყველას გვსიამოვნებს მომთმენი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. მოგვწონს, როცა ადამიანს არ უჭირს ლოდინი და ვაფასებთ, როცა სხვებს ჩვენს შეცდომებზე მძაფრი რეაქცია არ აქვთ. ალბათ ჩვენი ბიბლიის მასწავლებლის მადლიერიც ვართ, რომ მოთმინებას იჩენდა, როცა რაღაცის გაგება ან გათვალისწინება გვიჭირდა. უპირველეს ყოვლისა კი იეჰოვას ვემადლიერებით, რადგან დღემდე მომთმენი და სულგრძელია ჩვენ მიმართ. მართალია, ყველას მოგვწონს მომთმენ ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ თავად შეიძლება ყოველთვის ვერ გამოვავლინოთ ეს თვისება. მაგალითად, შეიძლება გაგვიჭირდეს სიმშვიდის შენარჩუნება, როცა საცობში ვდგავართ, მით უმეტეს, თუ სადმე გვაგვიანდება. ან თუ ვინმე ისეთ რამეს ამბობს ან აკეთებს, რაც გვაღიზიანებს, შეიძლება მდგომარეობიდანაც კი გამოვიდეთ. ზოგჯერ ახალი ქვეყნიერების ლოდინიც შეიძლება რთული აღმოჩნდეს ჩვენთვის. როგორც არ უნდა იყოს, საჭიროა, უფრო მომთმენები ვიყოთ. w23.08 20 ¶1, 2

ორშაბათი, 5 მაისი

გედეონმა ყველა ისრაელი მამაკაცი, 300 კაცის გარდა, შინ გაუშვა (მსაჯ. 7:8).

იეჰოვას მითითებით გედეონმა ისე შეამცირა მებრძოლთა რაოდენობა, რომ ერთი პროცენტიც კი არ დარჩა. ვინ იცის, შეიძლება გედეონს აფიქრებდა კიდეც, გაამართლებდა თუ არა ღვთის ეს მითითება. თუმცა ფაქტია, მან მორჩილება გამოავლინა. გედეონისა არ იყოს, უხუცესებიც მზად არიან, მიჰყვნენ ორგანიზაციისგან მიღებულ მითითებებს, როცა რაღაც ცვლილება ხდება (ებრ. 13:17). გედეონმა საკმაოდ სახიფათო დავალება მიიღო და შიში დაეუფლა, თუმცა მაინც დაემორჩილა იეჰოვას (მსაჯ. 9:17). მას შემდეგ, რაც იეჰოვამ გედეონს მხარდაჭერა აღუთქვა, ის დარწმუნდა, რომ მისი დახმარებით შეძლებდა ღვთის ხალხის დაცვას. უხუცესები, რომლებიც ისეთ ქვეყნებში ცხოვრობენ, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალულია, გედეონს ჰბაძავენ. ისინი გაბედულებას იჩენენ და ორგანიზებას უწევენ კრების შეხვედრებსა და მსახურებას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დააპატიმრონ, დაკითხონ, სამსახურიდან გაათავისუფლონ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ. უხუცესებს „დიდ გასაჭირშიც“ დასჭირდებათ გაბედულება, რომ საფრთხეების მიუხედავად, მიჰყვნენ მითითებებს. w23.06 5, 6 ¶12, 13

სამშაბათი, 6 მაისი

ვინც მე მომაგებს პატივს, მეც იმას მივაგებ პატივს (1 სამ. 2:30).

იეჰოვამ მღვდელმთავარ იეჰოიადას ისტორია ბიბლიის ფურცლებზე შემოგვინახა ჩვენ სასწავლებლად (რომ. 15:4). ისიც აღსანიშნავია, რომ სიკვდილის შემდეგ იეჰოიადას წილად ხვდა პატივი, „დავითის ქალაქში მეფეების გვერდით . . . [დამარხულიყო], რადგან კარგს აკეთებდა ისრაელში ღვთისა და მისი ტაძრისთვის“ (2 მატ. 24:15, 16). იეჰოიადას შესახებ მონათხრობიდან ყველას შეგვიძლია რაღაცის სწავლა. მაგალითად, ქრისტიან ზედამხედველებს შეუძლიათ მიჰბაძონ იეჰოიადას და ყოველთვის მზად იყვნენ, დაიცვან ღვთის ფარა და იზრუნონ მასზე (საქ. 20:28). ხანდაზმულებს კი იმის სწავლა შეუძლიათ, რომ თუ ღვთისმოშიშებას გამოავლენენ და უერთგულებენ იეჰოვას, მისთვის კვლავაც გამოსადეგნი იქნებიან. ახალგაზრდებისთვის სამაგალითოა იეჰოიადას მიმართ იეჰოვას დამოკიდებულება. მათაც შეუძლიათ სათანადო პატივი მიაგონ ხანდაზმულ და-ძმებს, განსაკუთრებით მათ, ვინც წლებია ერთგულად ემსახურება იეჰოვას (იგავ. 16:31). მოდით თითოეული ჩვენგანი დავემორჩილოთ მათ, ვისაც „ხელმძღვანელობა აკისრია“ (ებრ. 13:17). w23.06 17 ¶14, 15

ოთხშაბათი, 7 მაისი

მართლის ბაგეები მრავალს აპურებს (იგავ. 10:21).

რამდენად ხშირად უნდა ავწიოთ კრების შეხვედრაზე ხელი? ამის განსაზღვრაში გონიერება დაგვეხმარება. თუ ხელი სულ აწეული გვექნება, ჩამტარებელმა შეიძლება თავი ვალდებულად იგრძნოს, რომ მაშინაც კი ჩვენ გვაპასუხებინოს, როცა ჯერ სხვებს არ მისცემიათ კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა. ამან შეიძლება და-ძმებზეც იმოქმედოს და მათ კომენტარის გაკეთების სურვილიც კი დაეკარგოთ (ეკლ. 3:7). როცა განხილვაში ბევრი იღებს მონაწილეობას, შეიძლება იმდენჯერ არ გვაპასუხებინონ, რამდენჯერაც გვინდა. ზოგჯერ შეიძლება ერთი კომენტარიც კი ვერ გავაკეთოთ. ბუნებრივია, ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ ამ დროს არ უნდა გვეწყინოს და არ უნდა ვიფიქროთ, რომ სპეციალურად არ გვაპასუხებინეს (ეკლ. 7:9). კიდევ ერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ის არის, რომ ყურადღებით მოვუსმინოთ სხვებს, როცა კომენტარებს აკეთებენ, შემდეგ კი შევაქოთ. და-ძმებს თქვენს კომენტარებზე არანაკლებ ეს გაამხნევებთ. w23.04 23, 24 ¶14–16

ხუთშაბათი, 8 მაისი

მტკიცეა ჩემი გული, ღმერთო (ფსალმ. 57:7).

იკვლიეთ ღვთის სიტყვა და გააანალიზეთ წაკითხული. ხე იმ შემთხვევაში იდგება მყარად, თუ ფესვები ღრმად ექნება გადგმული. თუ ჩავუღრმავდებით ღვთის სიტყვას, რწმენა განგვიმტკიცდება და ეჭვი არ შეგვეპარება, რომ ღვთის ნორმებით ცხოვრება საუკეთესო არჩევანია (კოლ. 2:6, 7). დაფიქრდით, როგორ ხელმძღვანელობდა და როგორ იცავდა იეჰოვა წარსულში თავის მსახურებს. ამის კარგი მაგალითია ეზეკიელი. როცა მან ხილვაში ნახა, როგორ ზომავდა ანგელოზი სიმბოლურ ტაძარს, გულდასმით დააკვირდა თითოეულ დეტალს, რის წყალობითაც რწმენა განუმტკიცდა. ეს ხილვა დღემდე ეხმარება ღვთის მსახურებს, დაიცვან იეჰოვას მიერ წმინდა თაყვანისმცემლობისთვის დადგენილი ნორმები (ეზეკ. 40:1–4; 43:10–12). ჩვენც განგვიმტკიცდება რწმენა, თუ სიღრმისეულად გამოვიკვლევთ ღვთის სიტყვას და ვიფიქრებთ მასზე. თუ ეჭვი არ შეგვეპარება იეჰოვასა და მისი მითითებების სანდოობაში, ჩვენი გულიც მტკიცე იქნება (ფსალმ. 112:7). w23.07 18 ¶15, 16

პარასკევი, 9 მაისი

გაუფრთხილდი . . . ჭკუას (იგავ. 3:21).

ახალგაზრდა ძმებო, ბიბლიის ფურცლებიდან არაერთი სამაგალითო ღვთის მსახურის ისტორიას გაეცნობით. მართლაც ბევრი რამის სწავლა შეგიძლიათ ამ ღვთისმოყვარული მამაკაცებისგან, რომლებიც ბოლომდე იხარჯებოდნენ ღვთის ხალხისთვის. მისაბაძი მაგალითები შეგიძლიათ კრებაში ან ოჯახშიც იპოვოთ (ებრ. 13:7). რაც მთავარია, გულდასმით შეისწავლეთ იესოს ცხოვრება (1 პეტ. 2:21). ღვთის ამ მსახურთა მაგალითზე ფიქრისას შეეცადეთ დაინახოთ, თუ როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ მათ და გამოავლინოთ მსგავსი თვისებები (ებრ. 12:1, 2). ჭკვიანი კაცი არაფერს გააკეთებს, თუ ჯერ კარგად არ დაფიქრდა. ბიბლიის კითხვისას ეცადეთ, დაინახოთ სახელმძღვანელო პრინციპები და მათ ღირებულებაზეც დაფიქრდეთ. შემდეგ კი ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენეთ (ფსალმ. 119:9). ეს სულიერი მოწიფულობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება (იგავ. 2:11, 12; ებრ. 5:14). w23.12 24, 25 ¶4, 5

შაბათი, 10 მაისი

მზად იყავით, რომ პასუხი გასცეთ მათ, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გთხოვთ, ოღონდ ეს რბილად და პატივისცემით გააკეთეთ (1 პეტ. 3:15).

მშობლების პასუხისმგებლობაა, შვილებს ასწავლონ, როგორ უპასუხონ მათ, ვინც ჩვენს მრწამსს ეჭვქვეშ აყენებს (იაკ. 3:13). ამ მიზნით ზოგი მშობელი შვილებთან ერთად ოჯახური თაყვანისცემის დროს ისეთ საკითხებს განიხილავს, რომლებიც შეიძლება სკოლაში წამოიჭრას. შემდეგ ისინი მსჯელობენ, როგორ უპასუხონ თანაკლასელების კითხვებს და ბოლოს გაითამაშებენ ხოლმე სავარაუდო სიტუაციებს. ამგვარად შვილებს უადვილდებათ თავიანთი პოზიციის რბილად დაფიქსირება. ოჯახური თაყვანისცემის დროს სხვადასხვა საკითხის განხილვა არა მხოლოდ იმაში გვეხმარება, რომ სხვებს მოვუყვანოთ დამაჯერებელი არგუმენტები, არამედ ჩვენც გვარწმუნებს ჩვენი მრწამსის სისწორეში. ამ მიზნით jw.org-ზე განყოფილებაში „ახალგაზრდები“ მოცემულია სხვადასხვა სტატია და სამუშაო ფურცლები. თუ ამ განყოფილებაში განთავსებულ მასალას ოჯახთან ერთად განვიხილავთ, ჩვენი შვილები თავისუფლად ახსნიან თავიანთ პოზიციას. მსგავსი განხილვები მხოლოდ მათ კი არა, ყველას დაგვეხმარება, მშვიდად და თავაზიანად დავიცვათ ჩვენი პოზიცია. w23.09 17 ¶10; 18 ¶15, 16

კვირა, 11 მაისი

ნუ მოვიშლით სიკეთის კეთებას, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ დავიღლებით (გალ. 6:9).

დაგისახავთ ისეთი სულიერი მიზანი, რომლის მიღწევა არც ისე იოლი აღმოჩნდა თქვენთვის? თუ ასეა, გამონაკლისი არ ხართ. მაგალითად, ერთ ძმას, ფილიპს, სურდა, უფრო ხშირად და შინაარსიანად ელოცა, თუმცა უჭირდა ამისთვის დროის გამონახვა. ერთ დას, ერიკას, მიზნად ჰქონდა დასახული, რომ დროულად მისულიყო სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებზე, თუმცა თითქმის ყოველთვის აგვიანებდა. თუ ჯერაც არ მიგიღწევიათ დასახული მიზნისთვის, არ იფიქროთ, რომ არაფერი გამოგდით და ვერასდროს მიაღწევთ მას. მარტივი მიზნის მიღწევასაც კი დრო და ძალისხმევა სჭირდება. თუმცა ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ არ გითქვამთ უარი თქვენს მიზანზე, იმაზე მეტყველებს, რომ აფასებთ იეჰოვასთან ურთიერთობას და გსურთ, მისთვის საუკეთესო გაიღოთ. გახსოვდეთ, იეჰოვა აფასებს თქვენს ნებისმიერ მცდელობას და ის იმაზე მეტის გაკეთებას არ მოელის თქვენგან, ვიდრე შეგიძლიათ (ფსალმ. 103:14; მიქ. 6:8). ასე რომ, თქვენი მიზანი რეალისტური უნდა იყოს. w23.05 26 ¶1, 2

ორშაბათი, 12 მაისი

თუ ღმერთი ჩვენ მხარესაა, ვინ რას გახდება ჩვენ წინააღმდეგ?! (რომ. 8:31).

დანიელი უდავოდ გაბედული ახალგაზრდა იყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შიში არასდროს ეუფლებოდა. მაგრამ შიშის მიუხედავად, ის განაგრძობდა იმის კეთებას, რაც იცოდა, რომ სწორი იყო. ის სხვადასხვა წინასწარმეტყველის, მათ შორის იერემიას წინასწარმეტყველებებს იკვლევდა. ამის წყალობით ის მიხვდა, რომ ებრაელები მალე დააღწევდნენ თავს ბაბილონელთა ხანგრძლივ ტყვეობას (დან. 9:2). იმის დანახვა, თუ როგორ სრულდებოდა წინასწარმეტყველებები, დანიელს ნდობას განუმტკიცებდა იეჰოვას მიმართ. ღვთისადმი მტკიცე ნდობა კი გაბედულებას შემატებდა (შეადარეთ რომაელების 8:32, 37–39). რაც მთავარია, დანიელი ხშირად მიმართავდა ლოცვით თავის ზეციერ მამას (დან. 6:10). ის აღიარებდა ცოდვებს მის წინაშე, გულისნადებს უზიარებდა და დახმარებასაც შესთხოვდა (დან. 9:4, 5, 19). დანიელი ჩვენნაირი ადამიანი იყო. მას დაბადებიდანვე არ დაჰყოლია გაბედულება, მაგრამ ღვთის სიტყვის გამოკვლევით, ლოცვით და იეჰოვაზე მინდობით მან განივითარა ეს თვისება. w23.08 3 ¶4; 4 ¶7

სამშაბათი, 13 მაისი

თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას (მათ. 5:16).

თუ კანონმორჩილი მოქალაქეები ვიქნებით, ერთი მხრივ, თავიდან ავირიდებთ კანონდამრღვევთათვის დაწესებულ სასჯელს, მეორე მხრივ კი, ხელს შევუწყობთ იმას, რომ იეჰოვას მოწმეები კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ საზოგადოებაში (რომ. 13:1, 4). მაგალითად, გავიხსენოთ ერთი შემთხვევა, რომელიც წლების წინ ნიგერიაში მოხდა. ერთ დღეს კრების შეხვედრის დროს დარბაზში ჯარისკაცები შეცვივდნენ. ისინი მათ ეძებდნენ, ვინც გადასახადების გადახდას აპროტესტებდა. თუმცა მეთაურმა ჯარისკაცებს უთხრა, რომ იეჰოვას მოწმეებს შორის ტყუილად ეძებდნენ ასეთ ხალხს. მართლაც, კანონმორჩილებით სხვებს კარგ შთაბეჭდილებას ვუქმნით მოწმეებზე, რამაც შეიძლება ერთ დღეს ჩვენს და-ძმებს პრობლემები აარიდოს თავიდან. w23.10 9 ¶13

ოთხშაბათი, 14 მაისი

მოთმინება გმართებთ, რომ შეასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ დანაპირები (ებრ. 10:36).

იეჰოვას ზოგიერთი მსახური უკვე წლებია, რაც ამ ქვეყნიერების აღსასრულს ელის. ადამიანური გადმოსახედიდან შეიძლება ისე ჩანდეს, თითქოს იეჰოვა აყოვნებს თავისი დანაპირების შესრულებას. მსგავსი გრძნობები წინასწარმეტყველი აბაკუმისთვისაც არ იყო უცხო. ამიტომ იეჰოვამ ის შემდეგი სიტყვებით გაამხნევა: „დროა დანიშნული ამ ხილვის შესასრულებლად, შესრულებისკენ იჩქარის და არ გამტყუნდება; რომც დაყოვნდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ შესრულდება, არ დააგვიანდება!“ (აბაკ. 2:3). მხოლოდ აბაკუმის საყურადღებოდ თქვა იეჰოვამ ეს სიტყვები? ღვთის შთაგონებით პავლე მოციქულმა იეჰოვას ნათქვამი ქრისტიანებს მიუსადაგა, რომლებიც მოუთმენლად ელიან ახალ ქვეყნიერებას (ებრ. 10:37). მაშინაც კი, თუ ვფიქრობთ, რომ იეჰოვა აყოვნებს თავისი სიტყვის შესრულებას, უნდა გვჯეროდეს, რომ მისი დანაპირები „უსათუოდ შესრულდება, არ დააგვიანდება!“. w23.04 30 ¶16

ხუთშაბათი, 15 მაისი

ისრაელები მოსეს საყვედურობდნენ (რიცხ. 14:2).

სამწუხაროდ, არაერთი მტკიცებულების მიუხედავად ისრაელების უმეტესობა კვლავ და კვლავ უარყოფდა მოსეს, როგორც იეჰოვას მიერ დანიშნულ წინამძღოლს (რიცხ. 14:10, 11). შედეგად, ეს ურჩი თაობა ვერ შევიდა აღთქმულ მიწაზე (რიცხ. 14:30). საბედნიეროდ, იყვნენ ისეთებიც, ვინც აფასებდნენ იეჰოვას ხელმძღვანელობას. მაგალითად, ქალებ იეფუნეს ძე ბოლომდე იეჰოვას ერთგული დარჩა (რიცხ. 14:24). იეჰოვამაც დაუფასა ერთგულება და იმის უფლებაც მისცა, რომ თავად აერჩია სამკვიდრო მიწა (იეს. 14:12–14). ქალებ იეფუნეს ძის მსგავსად ებრაელთა ახალი თაობაც მიჰყვებოდა ღვთის ხელმძღვანელობას. ისინი ბოლომდე ემორჩილებოდნენ იესო ნავეს ძეს, რომელიც იეჰოვამ მოსეს საქმის გამგრძელებლად დანიშნა (იეს. 4:14). ამის გამო იეჰოვამ მათ აღთქმული მიწა დაამკვიდრებინა (იეს. 21:43, 44). w24.02 21 ¶6, 7

პარასკევი, 16 მაისი

ვისაც ღმერთი უყვარს, თავისი ძმაც უნდა უყვარდეს (1 იოან. 4:21).

და-ძმებისადმი ჩვენი სიყვარულიც იმის ერთგვარი ინდიკატორია, თუ რამდენად გვიყვარს ღმერთი. თუ შევნიშნეთ, რომ და-ძმები უწინდელივით ძლიერ აღარ გვიყვარს, ეს შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ ღვთისადმი სიყვარულიც გაგვინელდა. და პირიქით, თუ ყოველთვის ვავლენთ თანაქრისტიანებისადმი სიყვარულს, ეს იმაზე მოწმობს, რომ ჩვენი გული ღვთის სიყვარულით ძგერს. მოციქული იოანეს სიტყვებიდანაც ჩანს, რამდენად მჭიდრო კავშირია და-ძმებისა და იეჰოვას სიყვარულს შორის. მან ასეთი რამ დაწერა: „ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, ვერ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს“ (1 იოან. 4:20). გამოდის, რომ იეჰოვა ჩვენდამი კეთილგანწყობილი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ერთმანეთი გვეყვარება (1 იოან. 4:7–9, 11). w23.11 8 ¶3; 9 ¶5, 6

შაბათი, 17 მაისი

გაიხარებს შენი დედ-მამა (იგავ. 23:25).

მოზარდობისას იეჰოაშმა სწორი არჩევანი გააკეთა. მართალია, მას მამა არ ჰყავდა, რომ დაერიგებინა, მაგრამ ის ღვთის ერთგული მღვდელმთავრის, იეჰოიადას, დარიგებას უსმენდა. იეჰოიადა მას საკუთარი შვილივით ზრდიდა და არიგებდა. იეჰოაშმაც გადაწყვიტა, იეჰოვასთვის ემსახურა და ხალხსაც დახმარებოდა ამაში. ამ მიზნით ის იეჰოვას ტაძრის შეკეთებასაც შეუდგა (2 მატ. 24:1, 2, 4, 13, 14). თუ პატარაობიდანვე შეგაყვარეს იეჰოვა და მისი ნორმებით ცხოვრება გასწავლეს, გამოდის, რომ ძალიან დიდი საჩუქარი მიგიღიათ (იგავ. 2:1, 10–12). მშობლებს ბევრი რამის სწავლება შეუძლიათ თქვენთვის. თუ ბიბლიურ რჩევებს გაითვალისწინებთ, მათ ძალიან გააბედნიერებთ. რაც მთავარია, იეჰოვას გაუხარებთ გულს და მასთან ურთიერთობას კიდევ უფრო განიმტკიცებთ (იგავ. 22:6; 23:15, 24). ნამდვილად კარგი იქნება, მიჰბაძოთ ახალგაზრდა იეჰოაშს. w23.09 8, 9 ¶3–5

კვირა, 18 მაისი

მეც მოგისმენთ (იერ. 29:12).

იეჰოვა გვპირდება, რომ ყველა ჩვენს ლოცვას მოისმენს. მას ძალიან უყვარს თავისი ერთგული მსახურები, ამიტომ უყურადღებოდ არასდროს ტოვებს მათ ლოცვებს (ფსალმ. 10:17; 37:28). თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ყველა თხოვნას შეგვისრულებს. ზოგიერთი სურვილი რომ აგვისრულდეს, შეიძლება ახალ ქვეყნიერებამდე მოგვიწიოს ლოდინი. ჩვენი ლოცვების მოსმენისას იეჰოვა მხედველობაში იღებს თავის განზრახვას (ეს. 55:8, 9). ღვთის განზრახვის თანახმად, დედამიწა მისი ერთგული ადამიანებით უნდა დასახლდეს, რომლებიც მას თავიანთ მმართველად აღიარებენ. თუმცა ამის საპირისპიროდ სატანა ამტკიცებს, რომ ადამიანები ღვთისგან დამოუკიდებლად უფრო ბედნიერად იცხოვრებენ (დაბ. 3:1–5). სატანის სიცრუის გამოსააშკარავებლად იეჰოვამ ადამიანებს უფლება მისცა, რომ თავად ემმართველათ. თუმცა დღეს აშკარად ვხედავთ, რამდენი პრობლემა გამოიწვია ამ მმართველობებმა (ეკლ. 8:9). გვესმის, რომ მართებული არ იქნება, თუ იეჰოვა დღესვე მოაგვარებს ყველა წამოჭრილ პრობლემას. w23.11 21 ¶4, 5

ორშაბათი, 19 მაისი

მე გაქციე მრავალი ხალხის მამად (რომ. 4:17).

იეჰოვამ აბრაამს გასაოცარი დაპირება მისცა – მისით იკურთხებოდა მრავალი ერი. თუმცა ამ დანაპირების შესრულებას პირი არ უჩანდა – აბრაამი 100 წელს იყო მიტანებული, სარა – 90-ს, მათ კი შვილი ჯერაც არ ჰყავდათ. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ შეუძლებელი იყო, ამ ასაკში შვილი ჰყოლოდათ. ეს ნამდვილად გამოცდიდა აბრაამის რწმენას. თუმცა ის „მაინც იმედოვნებდა და სწამდა, რომ მრავალი ხალხის მამა გახდებოდა“ (რომ. 4:18, 19). მას იმედი არ გაუმტყუნდა და საბოლოოდ ნანატრი ვაჟი შეეძინა, რომელსაც ისაკი დაარქვა (რომ. 4:20–22). აბრაამის მსგავსად ჩვენც შეგვიძლია ღვთის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, მის თვალში მართლად ჩავითვალოთ და მისი მეგობრები ვიყოთ. ამ აზრს პავლემაც გაუსვა ხაზი, როცა თქვა: «სიტყვები „ეს სიმართლედ ჩაეთვალა“, მხოლოდ მისი [ანუ აბრაამის] გულისთვის კი არ დაიწერა, არამედ ჩვენი გულისთვისაც, ვინც მართლებად ჩავითვლებით, რადგან გვწამს მისი, ვინც მკვდრეთით აღადგინა ჩვენი უფალი იესო» (რომ. 4:23, 24). დიახ, მართლად რომ ჩავითვალოთ, აბრაამის მსგავსი რწმენა უნდა გვქონდეს, ჩვენს რწმენას თან უნდა ახლდეს საქმეები და უნდა ჩავეჭიდოთ იმედს. w23.12 7 ¶16, 17

სამშაბათი, 20 მაისი

დაინახე ჩემი გაჭირვება; შენ უწყი, რა მიფორიაქებს სულს (ფსალმ. 31:7).

თუ განსაცდელის დროს თქვენც გეუფლებათ შიში, გახსოვდეთ, იეჰოვამ კარგად იცის, რა ხდება თქვენს თავს და რას განიცდით. მას ყოველთვის გულთან ახლოს მიჰქონდა თავისი ხალხის ტკივილი. მაგალითად, მან არა მხოლოდ შენიშნა, როგორ იტანჯებოდნენ ეგვიპტეში ისრაელები, არამედ ისიც აღნიშნა, რომ კარგად იცოდა, „რა ტკივილს განიცდიდნენ“ (გამ. 3:7). ფაქტია, განსაცდელის დროს ყოველთვის ადვილი არ არის იეჰოვას ხელის დანახვა. ამიტომ სთხოვეთ მას, დაგანახვოთ, როგორ გიჭერთ მხარს (2 მეფ. 6:15–17). შემდეგ კი დაფიქრდით: ვინმეს კომენტარი ან მოხსენება ხომ არ აღმოჩნდა თქვენთვის გამამხნევებელი? რომელიმე პუბლიკაციამ, ვიდეომ ან სიმღერამ ხომ არ შეგმატათ მხნეობა? ვინმემ გამამხნევებელი აზრი ან ბიბლიური მუხლი ხომ არ გაგიზიარათ? ჩვენ შეიძლება მარტივად გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ეს ყველაფერი სწორედ იეჰოვასგანაა. მოსიყვარულე საძმო და სულიერი საზრდო იეჰოვას საჩუქარია და მის მზრუნველობაზე მოწმობს (ეს. 49:14–16; 65:13; მარ. 10:29, 30). ასე რომ, ყველანაირი მიზეზი გვაქვს, ვენდოთ იეჰოვას. w24.01 4, 5 ¶9, 10

ოთხშაბათი, 21 მაისი

ძალა მიეცი შენს მონებს, რომ შენი სიტყვა გაბედულად ილაპარაკონ (საქ. 4:29).

ზეცად ამაღლებამდე იესომ მოწაფეებს შეახსენა, რომ უნდა ყოფილიყვნენ მისი „მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეაში, სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8; ლუკ. 24:46–48). არც ისე დიდი ხნის შემდეგ იუდეველმა წინამძღოლებმა დააპატიმრეს მოციქული პეტრე და იოანე და სინედრიონის წინაშე წარადგინეს, ქადაგება აუკრძალეს და დაემუქრნენ (საქ. 4:18, 21). პეტრემ და იოანემ თქვეს: „თავად განსაჯეთ, რამდენად სწორია ღვთის თვალში, თქვენ მოგისმინოთ და არა ღმერთს. ჩვენ ვერ შევწყვეტთ იმაზე ლაპარაკს, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“ (საქ. 4:19, 20). გათავისუფლების შემდეგ მათ სხვა მოწაფეებთან ერთად ღმერთს ხმამაღლა მიმართეს ლოცვით და მისი ნების შესასრულებლად დახმარება სთხოვეს. იეჰოვამაც შეისმინა მათი გულმხურვალე ლოცვა (საქ. 4:31). w23.05 5 ¶11, 12

ხუთშაბათი, 22 მაისი

ეს არის ჩემი საყვარელი ძე (მათ. 17:5).

იეჰოვასა და იესოს შორის ურთიერთობას ჯერ კიდევ მაშინ ჩაეყარა საფუძველი, როცა სამყაროში სხვა არავინ და არაფერი არსებობდა. უთვალავი წლის მანძილზე მათ შორის სიყვარული უფრო და უფრო ძლიერდებოდა. იეჰოვას სურვილი იყო, ჩვენც გვცოდნოდა, რამდენად უყვარს თავისი ძე, ამიტომ დღევანდელ მუხლში ჩაწერილი სიტყვები წარმოთქვა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე“. მას უბრალოდ ის კი არ უთქვამს, რომ იწონებდა იესოს, არამედ „საყვარელი ძეც“ უწოდა. იეჰოვას ეამაყებოდა, რომ იესოსნაირი შვილი ჰყავდა, რომელიც გამოსასყიდის გასაღებადაც კი იყო მზად (ეფეს. 1:7). იესოც ყოველთვის გრძნობდა, რა ძლიერ უყვარდა მამას, რაც არაერთხელ გამოჩნდა მისი სიტყვებიდან. აშკარაა, მას ოდნავაც არ ეპარებოდა ეჭვი მამის სიყვარულში (იოან. 3:35; 10:17; 17:24). w24.01 28 ¶8

პარასკევი, 23 მაისი

კარგი სახელი დიდძალ სიმდიდრეს სჯობია (იგავ. 22:1).

წარმოიდგინეთ, რომ ძალიან ახლობელი ადამიანი თქვენზე საშინელ სიცრუეს ამბობს და ზოგი იჯერებს მის ნათქვამს. ამ ტყუილის გავრცელებას ისინიც იწყებენ და, საბოლოოდ, ბევრს ექმნება თქვენზე არასწორი შთაბეჭდილება. როგორ იგრძნობდით თავს, ასეთი რამ რომ მომხდარიყო? ცხადია, ეს ძალიან გატკენდათ გულს. ეს მაგალითი წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა შეიძლება ეგრძნო იეჰოვას, როცა მისი რეპუტაცია ფეხქვეშ გათელეს. ღვთის ერთ-ერთმა სულიერმა ძემ ევას მასზე საშინელი სიცრუე უთხრა და ქალმაც დაიჯერა ნათქვამი. ამ ტყუილს კი ის მოჰყვა, რომ პირველი წყვილი იეჰოვას ეურჩა და კაცობრიობა ცოდვისა და სიკვდილის მონობაში აღმოჩნდა (დაბ. 3:1–6; რომ. 5:12). სატანას არ შეუწყვეტია სიცრუის გავრცელება. სწორედ მისი ტყუილების ბრალია, რომ დღეს კაცობრიობა უკიდურესად სავალალო მდგომარეობაშია. წარმოიდგინეთ, რამხელა ტკივილს აყენებს იეჰოვას სატანის ცილისწამება და იმის დანახვა, თუ რა მოჰყვა შედეგად ამ ყოველივეს. მიუხედავად ამხელა ტკივილისა, იეჰოვა არ გაბოროტებულა. მას ბიბლია „ბედნიერ ღმერთს“ უწოდებს (1 ტიმ. 1:11). w24.02 8 ¶1, 2

შაბათი, 24 მაისი

როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და როგორ შევცოდო ღმერთს?! (დაბ. 39:9).

როგორ შეგიძლიათ იოსების მსგავსად გამოავლინოთ სიმტკიცე ცდუნების დროს? ამას იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ წინასწარ მოემზადებით ასეთი სიტუაციებისთვის. ისწავლეთ, მყისიერად თქვათ უარი ყველაფერზე, რაც იეჰოვას სძულს, და მაშინვე ამოიგდოთ თავიდან არასწორი ფიქრები (ფსალმ. 97:10; 119:165). შესაძლოა ეჭვი არ გეპარებათ, რომ ჭეშმარიტება იპოვეთ და გსურთ, მთელი გულით ემსახუროთ იეჰოვას, მაგრამ რაღაც მაინც გაკავებთ მიძღვნისა და ნათლობისგან. ამ დროს კარგი იქნება, თუ მიჰბაძავთ მეფე დავითს, რომელმაც იეჰოვას ასეთი რამ სთხოვა: „გამომიკვლიე, ღმერთო, და შეიცანი ჩემი გული. შემამოწმე და ნახე, რა მიფორიაქებს სულს. ნახე, რაიმე ცუდისკენ ხომ არ მიმიწევს გული, და წამიძეხი მარადიულობის გზაზე!“ (ფსალმ. 139:23, 24). დარწმუნებული იყავით, იეჰოვა „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“. თუ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ თავი მიუძღვნათ იეჰოვას და მოინათლოთ, ამით აჩვენებთ, რომ თქვენც გულმოდგინედ ეძებთ მას (ებრ. 11:6). w24.03 6 ¶13–15

კვირა, 25 მაისი

მას არ სჭირდება . . . ყოველდღიურად . . . შესწიროს მსხვერპლი (ებრ. 7:27).

მღვდელმთავარი ღვთის წინაშე ხალხის წარმომადგენელი იყო. იეჰოვამ პირველ მღვდელმთავრად აარონი სცხო კარვის მიძღვნის დროს. მაგრამ როგორც მოციქულმა პავლემ აღნიშნა, „ერთ მღვდელს მეორე ცვლიდა, რადგან სიკვდილის გამო ვეღარ აგრძელებდნენ მღვდელმსახურებას“ (ებრ. 7:23–26). თანაც არასრულყოფილების გამო მათ თავიანთი ცოდვებისთვისაც უნდა შეეწირათ მსხვერპლი. აშკარაა, ისინი ახლოსაც ვერ მივიდოდნენ დიდ მღვდელმთავართან, იესოსთან. იესო „ჭეშმარიტი კარვის“ მღვდელმთავრად დაინიშნა, რომელიც „ადამიანმა კი არა, იეჰოვამ დადგა“ (ებრ. 8:1, 2). პავლემ აღნიშნა, რომ იესოს „მღვდლობა სხვას არ გადაეცემა, რადგან იგი მარადიულად ცოცხლობს“. ამასთანავე, ის წაუბილწველი და ცოდვით დაულაქავებელია. შესაბამისად, მას ებრაელი მღვდელმთავრებისგან განსხვავებით არ სჭირდება თავისი ცოდვებისთვის მსხვერპლის შეწირვა. w23.10 26 ¶8, 9

ორშაბათი, 26 მაისი

წინანდელი ცა და წინანდელი დედამიწა განადგურებულიყო (გამოცხ. 21:1).

„წინანდელ ცაში“ სატანისა და დემონების გავლენაში მყოფი მთავრობები იგულისხმება (მათ. 4:8, 9; 1 იოან. 5:19). რაც შეეხება „წინანდელ დედამიწას“, მასში დღეს მცხოვრები ბოროტი ადამიანები იგულისხმებიან, რადგან ბიბლიაში სიტყვა „დედამიწა“ ზოგჯერ დედამიწის მკვიდრებთან მიმართებითაც გამოიყენება (დაბ. 11:1; 1 მატ. 16:31). იეჰოვა არსებული „ზეცისა“ და „დედამიწის“ გამოსწორებას კი არ შეეცდება, არამედ სრულად ჩაანაცვლებს მათ „ახალი ცით“ ანუ ზეციერი ხელისუფლებით და „ახალი დედამიწით“ ანუ მართალი ადამიანებით. მთელი დედამიწა ედემის ბაღივით იქნება და თითოეული ჩვენგანიც, ასე ვთქვათ, სრულად განვახლდებით. მაშინ უსინათლო დაინახავს, კოჭლი თავისუფლად გაივლის, ყრუ-მუნჯი კი გაიგებს და ამეტყველდება. იმ დროს გარდაცვლილებსაც დაუბრუნდებათ სიცოცხლე (ეს. 25:8; 35:1–7). w23.11 4 ¶9, 10

სამშაბათი, 27 მაისი

მზად იყავით (მათ. 24:44).

„დიდი გასაჭირი“ მოულოდნელად დაიწყება (მათ. 24:21). თუმცა ეს მოვლენა ყველასთვის მოულოდნელი არ იქნება. დაახლოებით 2 000 წლის წინ იესომ თავისი მოწაფეები გააფრთხილა, რომ მზად ყოფილიყვნენ ამ დღისთვის. თუ მზად ვიქნებით, გაგვიადვილდება ამ უმძიმესი დროის ატანა და სხვებისთვის დახმარების აღმოჩენა (ლუკ. 21:36). თუ მკაცრი განაჩენის გაცხადებას დაგვავალებენ და ხალხისგან წინააღმდეგობას შევხვდებით, მოთმინება დაგვჭირდება, რომ შევასრულოთ ეს საქმე და ბოლომდე მივენდოთ იეჰოვას; თუ თანაქრისტიანები მატერიალურად დაზარალდებიან ან ყველაფერს დაკარგავენ, თანაგრძნობა დაგვჭირდება, რომ დახმარების ხელი გავუწოდოთ მათ (აბაკ. 3:17, 18); ან თუ ერთა კოალიციის თავდასხმის გამო და-ძმებთან ერთად სივიწროვეში მოგვიწევს ცხოვრება, მათდამი სიყვარული ისე დაგვჭირდება, როგორც არასდროს (ეზეკ. 38:10–12). w23.07 2 ¶2, 3

ოთხშაბათი, 28 მაისი

კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იცხოვროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა; გონივრულად გამოიყენეთ დრო (ეფეს. 5:15, 16).

დაქორწინებულებს კარგ მაგალითს პირველ საუკუნეში მცხოვრები ერთი წყვილი, აკვილა და პრისკილა აძლევს, რომელთაც და-ძმები დიდ პატივს სცემდნენ (რომ. 16:3, 4). ისინი ერთად მუშაობდნენ, ერთად ქადაგებდნენ და სხვებსაც ერთად ეხმარებოდნენ (საქ. 18:2, 3, 24–26). ისიც აღსანიშნავია, რომ ბიბლია მათ ცალ-ცალკე არასდროს მოიხსენიებს. როგორ შეუძლიათ დაქორწინებულებს, მიჰბაძონ მათ? დაფიქრდით, ხომ არ შეგიძლიათ ზოგიერთი საქმე, რომელსაც ცალ-ცალკე აკეთებთ ხოლმე, ერთად გააკეთოთ? აკვილა და პრისკილა ერთად ქადაგებდნენ. თქვენც რეგულარულად დაგეგმეთ ერთად ქადაგება. ისინი ერთადაც მუშაობდნენ. შესაძლოა თქვენ ეს არ გამოგივიდეთ, მაგრამ სახლის საქმეები ხომ არ შეგიძლიათ ერთად გააკეთოთ? (ეკლ. 4:9). საქმის ერთად კეთება საუბრის შესაძლებლობასაც მოგცემთ და უფრო მეტადაც იგრძნობთ, რომ ერთი გუნდი ხართ. w23.05 22, 23 ¶10–12

ხუთშაბათი, 29 მაისი

თუ შემეშინდება, შენ მოგენდობი (ფსალმ. 56:3).

დროდადრო ყველას გვეუფლება შიში. შიში არც ძველ დროში მცხოვრები ღვთის მსახურებისთვის იყო უცხო, მათ შორის, დავითისთვის. მეფე საულისგან გაქცეულმა თავი ერთხელ ფილისტიმელთა ქალაქ გათს შეაფარა. გათის მეფე აქიშმა მალე გაიგო, რომ ეს ის კაცი იყო, რომელსაც 10 000 ფილისტიმელი ჰყავდა მოკლული. ამან დავითი ძალიან შეაშინა, რადგან მიხვდა, რომ მის სიცოცხლეს აქაც ემუქრებოდა საფრთხე (1 სამ. 21:10–12). თუმცა მან მოახერხა შიშის დაძლევა. გათში მყოფი დავითის გრძნობები 56-ე ფსალმუნშია აღწერილი. ამ ფსალმუნიდან ვიგებთ, რისი ეშინოდა დავითს და როგორ დაძლია შიში. როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს, ამაში მას იეჰოვაზე მინდობა დაეხმარა (ფს. 56:1–3, 11). დიახ, დავითი მიენდო იეჰოვას და იეჰოვამაც არ გაუმტყუნა იმედი. მეტიც, იეჰოვას დახმარებით მან შექმნილი სიტუაციიდან მეტად უჩვეულო გამოსავალი იპოვა – თავი მოიგიჟიანა. ამან მეფე აქიში დაარწმუნა, რომ დავითი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა. ახლა მას მისი მოკვლა კი არა, უკვე ქალაქიდან გაშვება სურდა (1 სამ. 21:13–22:1). w24.01 2 ¶1–3

პარასკევი, 30 მაისი

მასთან იქნებიან მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი (გამოცხ. 17:14).

ამ მუხლში ცხებულებზე მიდის საუბარი. გამოდის, რომ მალევე მას შემდეგ, რაც ცხებულები ზეცაში შეიკრიბებიან, მათ იესოსთან ერთად ბრძოლა დაევალებათ. ზეციერი ჯილდოს მიღების შემდეგ ქრისტესა და მის წმინდა ანგელოზებთან ერთად ისინი ღვთის მტრებს შეებრძოლებიან. უბრალოდ დაფიქრდით: დედამიწაზე დარჩენილი ზოგი ცხებული საკმაოდ მოხუცებული და დაუძლურებულია. თუმცა ზეცაში ისინი უკვდავი და ძლევამოსილი სულიერი ქმნილებები გახდებიან და თავიანთი მებრძოლი მეფის, იესო ქრისტეს, მხარდამხარ იბრძოლებენ. არმაგედონის შემდეგ კი ისინი მას კაცობრიობის გასრულყოფილებაში დაეხმარებიან. ეჭვგარეშეა, ცხებულები მაშინ უფრო მეტის გაკეთებას შეძლებენ თავიანთი და-ძმებისთვის, ვიდრე ახლა არასრულყოფილებს შეუძლიათ. w24.02 6, 7 ¶15, 16

შაბათი, 31 მაისი

იარეთ სულით და მეტად აღარ შეასრულებთ ხორცის სურვილებს (გალ. 5:16).

ზოგი, ვინც მზად არის მიძღვნისა და ნათლობისთვის, მაინც თავს იკავებს ამ ნაბიჯებისგან. შეიძლება მათ იმაზე ფიქრი აშინებთ, ვაითუ ცოდვა ჩაიდინონ და კრებიდან გაირიცხონ. თუ ასეთი ფიქრები თქვენც მოგდით, ერთი რამ კარგად უნდა გახსოვდეთ: იეჰოვა დაგეხმარებათ, რომ მის „ღირსად იცხოვროთ და ყოველმხრივ ასიამოვნოთ მას“ (კოლ. 1:10). არაერთი მაგალითი მოწმობს იმაზე, რომ იეჰოვა თავის მსახურებს სწორად მოქცევის ძალას აძლევს. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ კრებიდან საკმაოდ ცოტა ადამიანი ირიცხება. ასე რომ, გჯეროდეთ, ის თქვენც დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ ერთგულება (1 კორ. 10:13). მართალია, ყველა არასრულყოფილი ადამიანი მიდრეკილი ვართ ცუდისკენ, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული, ავყვებით თუ არა ცდუნებას (იაკ. 1:14). ასე რომ, თქვენი გადასაწყვეტია, როგორ წარმართავთ ცხოვრებას. თუმცა ზოგი მაინც ამტკიცებს, რომ ადამიანს არ შეუძლია თავისი სურვილებისა და გრძნობების გაკონტროლება, რაც მტკნარი სიცრუეა. სინამდვილეში, თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ საკუთარი თავის მართვა და ცდუნებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. w24.03 5 ¶11, 12

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება