ნოემბერი
შაბათი, 1 ნოემბერი
ბავშვები და ჩვილები შეგასხამენ ხოტბას (მათ. 21:16).
თუ მშობელი ხართ, დაეხმარეთ თქვენს ბავშვებს, რომ ისეთი კომენტარები მოამზადონ, რომლებიც მათ ასაკს შეეფერება. ზოგჯერ შეხვედრებზე ისეთი სერიოზული საკითხები განიხილება, როგორებიცაა მაგალითად ოჯახური პრობლემების მოგვარება და ზნეობრივი სიწმინდის დაცვა. თუმცა ასეთ დროსაც შეიძლება ერთი-ორი აბზაცი შევარჩიოთ, რომელზეც ბავშვი შეძლებს კომენტარის გაკეთებას. კარგი იქნება, თუ ბავშვს იმასაც აუხსნით, რომ ყოველ ჯერზე შეიძლება არ აპასუხებინონ. ამ შემთხვევაში მას გული არ გაუტყდება, თუ სხვას მისცემენ კომენტარის გაკეთების საშუალებას (1 ტიმ. 6:18). ყველას შეგვიძლია ისეთი კომენტარების მომზადება, რომლებიც იეჰოვასაც განადიდებს და თანამორწმუნეებსაც გაამხნევებს (იგავ. 25:11). ზოგჯერ შეიძლება კომენტარში მოკლედ მოჰყვეთ რამე პირადი გამოცდილებიდან, მაგრამ ისეც არ უნდა გამოგვივიდეს, რომ სულ ჩვენს თავზე ვისაუბროთ (იგავ. 27:2; 2 კორ. 10:18). კომენტარებში ძირითადი აქცენტი იეჰოვაზე, მის სიტყვაზე და, მთლიანობაში, მის ხალხზე უნდა გავაკეთოთ (გამოცხ. 4:11). w23.04 24, 25 ¶17, 18
კვირა, 2 ნოემბერი
ნუ დავიძინებთ დანარჩენების მსგავსად, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ! (1 თეს. 5:6).
სიფხიზლის შესანარჩუნებლად სიყვარულიც აუცილებელია (მათ. 22:37–39). თუ ჩვენს გულში იეჰოვას სიყვარული გიზგიზებს, მაშინაც არ შევწყვეტთ ქადაგებას, როცა ამის გამო წინააღმდეგობას შევხვდებით (2 ტიმ. 1:7, 8). მოყვასის სიყვარული აღგვძრავს, საფუძვლიანად ვუქადაგოთ ხალხს და ამ მიზნით სხვადასხვა მეთოდს მივმართოთ, მაგალითად, ტელეფონით ან წერილებით ვიმსახუროთ. არ ვკარგავთ იმედს, რომ ისინი, ვინც არ იზიარებენ ჩვენს რწმენას, ერთ დღესაც სწორ გზას დაადგებიან (ეზეკ. 18:27, 28). მოყვასის სიყვარულს, რა თქმა უნდა, მაშინაც ვავლენთ, როცა თანაქრისტიანებს ვამხნევებთ და აღვაშენებთ (1 თეს. 5:11). როგორც ჯარისკაცები ცდილობენ, რომ გვერდიდან არ მოშორდნენ თანამებრძოლებს, ისე ჩვენც ვცდილობთ, რომ მხარში ამოვუდგეთ ერთმანეთს და გავამხნეოთ. ჩვენ არ გვინდა, თანაქრისტიანს შეგნებულად ვატკინოთ გული ან სამაგიერო გადავუხადოთ (1 თეს. 5:13, 15). სიყვარულს იმითაც ვავლენთ, თუ პატივს ვცემთ ხელმძღვანელ ძმებს (1 თეს. 5:12). w23.06 10 ¶6; 11 ¶10, 11
ორშაბათი, 3 ნოემბერი
ღმერთი ადამიანი არ არის, რომ . . . თქვას და არ გააკეთოს (რიცხ. 23:19).
გამოსასყიდზე ფიქრი ნამდვილად განგვიმტკიცებს რწმენას, რადგან სწორედ ის გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ღვთის დაპირებები შესრულდება. როცა ღრმად ვფიქრობთ იმაზე, თუ რატომ გაიღო იეჰოვამ გამოსასყიდი და რის ფასად დაუჯდა ეს, ჩვენთვის უფრო რეალური ხდება ღვთის დანაპირები, რომ მარადიულად გავიხარებთ ცხოვრებით. ვნახოთ, რატომ ვამბობთ ამას. იეჰოვამ თავისი მხოლოდშობილი ძე და უძვირფასესი მეგობარი გამოგზავნა ზეციდან დედამიწაზე, სადაც მას არაერთი განსაცდელის ატანა მოუწია. ღვთის ძეს ძალიან სასტიკად მოექცნენ და ბოლოს ტანჯვით მოკლეს. მართლაც რამხელა ფასი გადაიხადა იეჰოვამ ჩვენ გამოსასყიდად! როგორ ფიქრობთ, გაიმეტებდა ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი თავის ძეს ამხელა ტანჯვისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ სულ ცოტა ხანს გვეცხოვრა შედარებით უკეთესად? რა თქმა უნდა, არა (იოან. 3:16; 1 პეტ. 1:18, 19). რახან იეჰოვამ ამხელა მსხვერპლი გაიღო, იმაზეც იზრუნებს, რომ თავისი დანაპირები სისრულეში მოიყვანოს. w23.04 27 ¶8, 9
სამშაბათი, 4 ნოემბერი
სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი?! (ოს. 13:14).
ნამდვილად აქვს იეჰოვას იმის სურვილი, რომ სიცოცხლე დაუბრუნოს გარდაცვლილებს? რა თქმა უნდა! მისი შთაგონებით ბიბლიის არაერთმა დამწერმა ისაუბრა მკვდრეთით აღდგომის შესახებ, რომელიც მომავალში უნდა მოხდეს (ეს. 26:19; გამოცხ. 20:11–13). იეჰოვა კი ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს (იეს. 23:14). მეტიც, მას ერთი სული აქვს, მკვდრეთით აღადგინოს გარდაცვლილები. შევიხსენოთ, რა სიტყვები წარმოთქვა პატრიარქმა იობმა. მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ თუ მოკვდებოდა, იეჰოვას მოენატრებოდა და სიცოცხლეს დაუბრუნებდა (იობ. 14:14, 15). იეჰოვას თავისი ყველა ერთგული მსახური ენატრება, რომლებიც აღარ არიან ცოცხლები. მას ერთი სული აქვს, როდის დაუბრუნებს მათ სიცოცხლეს, რათა დატკბნენ სრულყოფილი ჯანმრთელობით და ბედნიერი ცხოვრებით. მაგრამ რისი თქმა შეიძლება იმ მილიარდობით ადამიანზე, რომლებსაც არ მისცემიათ იეჰოვას გაცნობის შესაძლებლობა? ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი მათაც დაუბრუნებს სიცოცხლეს, რომ მასთან დამეგობრების და დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მისცეს (იოან. 3:16; საქ. 24:15). w23.04 9 ¶5, 6
ოთხშაბათი, 5 ნოემბერი
ღმერთი მოგვცემს ძალას (ფსალმ. 108:13).
როგორ განვიმტკიცოთ მომავლის იმედი? წაიკითხეთ ბიბლიაში ის მონაკვეთები, რომლებშიც სამოთხეა აღწერილი, და იფიქრეთ მათზე (ეს. 25:8; 32:16–18). წარმოიდგინეთ თქვენი თავი ახალ ქვეყნიერებაში. თუ მზერა მომავლისკენ გვექნება მიპყრობილი, დღევანდელი გასაჭირი ჩვენც უმნიშვნელო და ხანმოკლე მოგვეჩვენება (2 კორ. 4:17). რაოდენ მადლიერი უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ განსამტკიცებლად იეჰოვამ ასეთი შესანიშნავი მომავლის იმედი გვიბოძა. იეჰოვა ყოველთვის მოგვცემს საჭირო ძალას. ასე რომ, თუ გიჭირთ რაიმე დავალების შესრულება ან განსაცდელის ატანა, ილოცეთ და ხელმძღვანელობისთვის ღვთის სიტყვას მიმართეთ. არც და-ძმების მხრიდან დახმარების მიღებაზე თქვათ უარი და მომავლის იმედზეც გამუდმებით იფიქრეთ. ამ შემთხვევაში იეჰოვა „თავისი განუზომელი ძალით“ გაგაძლიერებთ, რათა „მოთმინებითა და სიხარულით აიტანოთ ყველაფერი“ (კოლ. 1:11). w23.10 17 ¶19, 20
ხუთშაბათი, 6 ნოემბერი
ყველაფრისთვის მადლიერნი იყავით! (1 თეს. 5:18).
მადლიერების მართლაც არაერთი მიზეზი გვაქვს. შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ იეჰოვას ყველაფრისთვის, რაც გვახარებს. ყოველივე კარგი ხომ მან გვიბოძა (იაკ. 1:17). მაგალითად, შეგვიძლია მას მადლობა გადავუხადოთ ჩვენი მშვენიერი პლანეტისა და გასაოცარი სამყაროსთვის, სიცოცხლისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, მომავლის იმედისთვის და, რაღა თქმა უნდა, მასთან მეგობრობის ფასდაუდებელი ძღვნისთვის. დღეს უმადურ ხალხს შორის გვიწევს ცხოვრება. ამიტომ შეიძლება ძალისხმევის ფასად დაგვიჯდეს იმაზე ფიქრი, თუ რის გამო უნდა ვემადლიერებოდეთ იეჰოვას. ბევრი იმდენადაა შეპყრობილი საკუთარი სურვილების დაკმაყოფილების მანიით, რომ ვეღარ აფასებს იმას, რაც აქვს. თუ მათ გავლენაში მოვექცევით, ჩვენი ლოცვები შეიძლება სურვილების სიად იქცეს. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია, კვლავაც ავივსოთ გული იეჰოვასადმი მადლიერებით და გამოვხატოთ კიდეც (ლუკ. 6:45). w23.05 4 ¶8, 9
პარასკევი, 7 ნოემბერი
რწმენით სთხოვოს, ყოველგვარი ეჭვის გარეშე (იაკ. 1:6).
იეჰოვა ყოველთვის ამოგვიდგება მხარში. იეჰოვას ძალიან ვუყვარვართ, ამიტომ ჩვენი ტანჯვის დანახვა მას დიდ ტკივილს აყენებს (ეს. 63:9). მიუხედავად ამისა, მან შეიძლება დაუშვას, რომ მდინარეებივით წამლეკავ ან ცეცხლის ალივით მწველ განსაცდელებს შევხვდეთ (ეს. 43:2). მაგრამ ის გვპირდება, რომ ასეთ დროს გვერდიდან არ მოგვშორდება და არ დაუშვებს, რომ განსაცდელების გამო გამოუსწორებელი ზიანი მოგვადგეს. იეჰოვა თავისი წმინდა სულითაც გვმატებს განსაცდელების ატანის ძალას (ლუკ. 11:13; ფილ. 4:13). ამიტომ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა ყოველთვის მოგვცემს იმას, რაც გვჭირდება, რომ გავუძლოთ განსაცდელებს და დავრჩეთ ერთგული. იეჰოვა მოელის ჩვენგან, რომ ნდობას გამოვუცხადებთ (ებრ. 11:6). ზოგჯერ შეიძლება განსაცდელების დროს გვეგონოს, რომ მეტს ვეღარ გავუძლებთ და შეიძლება ისიც გვაფიქრებდეს, საერთოდ დაგვეხმარება თუ არა იეჰოვა. თუმცა ფსალმუნმომღერლის სიტყვებიდან, „ჩემი ღვთის ძალით გალავანზეც გადავალ“, ჩანს, რომ იეჰოვას ჩვენი დახმარების სურვილიც აქვს და ძალაც (ფსალმ. 18:29). ეჭვის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ რწმენით უნდა შევთხოვოთ იეჰოვას დახმარება და დარწმუნებული ვიყოთ, რომ უპასუხოდ არ დატოვებს ჩვენს ლოცვას (იაკ. 1:6, 7). w23.11 22 ¶8, 9
შაბათი, 8 ნოემბერი
[სიყვარულის] ალი აბრიალებული ცეცხლია, იაჰის ალია. სიყვარულს წყლის დიდი ნაკადიც კი ვერ ჩააქრობს, მას ვერც მდინარეები წალეკავენ (ქებ. 8:6, 7).
როგორ ხატოვნად აღწერს ბიბლია ნამდვილ სიყვარულს! ეს სიტყვები დაქორწინებულებს იმაში არწმუნებს, რომ მათმა სიყვარულმა შეიძლება მარადიულად გასტანოს. თავად ცოლ-ქმარზეა დამოკიდებული, რამდენად ურყევი იქნება მათი სიყვარული. ცეცხლი გამუდმებით იგიზგიზებს, თუ მას შეშას შეუკეთებენ. მსგავსადვე, ცოლ-ქმარს შორის სიყვარული ურყევი იქნება, თუ ისინი გაუფრთხილდებიან თავიანთ ურთიერთობას. თუმცა ყოფითმა საზრუნავმა, მაგალითად, ფინანსურმა თუ ჯანმრთელობის პრობლემებმა და ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა, შეიძლება გაახუნოს ეს გრძნობა. ამიტომ „იაჰის ალმა“ გამუდმებით რომ იგიზგიზოს, ცოლმაც და ქმარმაც უნდა განიმტკიცონ იეჰოვასთან ურთიერთობა. w23.05 20, 21 ¶1–3
კვირა, 9 ნოემბერი
ნუ გეშინია (დან. 10:19).
ახალგაზრდებო, რისი გაკეთება გმართებთ, რომ გაბედულება განივითაროთ? შეიძლება თქვენი მშობლები გაბედულები არიან და თქვენც მოგიწოდებენ, რომ გაბედულება გამოიჩინოთ. მაგრამ ეს არაა ისეთი რამ, რაც მემკვიდრეობით გადადის. გაბედულების განვითარება უფრო ახალი უნარ-ჩვევის შეძენას ჰგავს. ჩვეულებრივ, როცა რამე ახალს ვსწავლობთ, მასწავლებელს ყურადღებით ვაკვირდებით, შემდეგ კი ვცდილობთ, მას მივბაძოთ. მსგავსად ამისა, გაბედულების განვითარებაში სხვების მაგალითებზე ფიქრი და მათი მიბაძვა დაგვეხმარება. მიჰბაძეთ დანიელს და საფუძვლიანად გაეცანით ღვთის სიტყვას. ახლო ურთიერთობა განივითარეთ იეჰოვასთან, რაშიც მასთან ხშირი და გულწრფელი ლოცვა დაგეხმარებათ. ბოლომდე მიენდეთ იეჰოვას იმაში დარწმუნებულები, რომ ის ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება. ასეთ შემთხვევაში, რწმენის გამოცდების დროს გაბედულების გამოჩენა არ გაგიჭირდებათ. გაბედული ადამიანები სხვების პატივისცემას იმსახურებენ ხოლმე. მეტიც, მათ შეიძლება გულწრფელი ადამიანები იეჰოვას გაცნობისკენ აღძრან. აშკარაა, გაბედულების განვითარება ნამდვილად ღირს. w23.08 2 ¶2; 4 ¶8, 9
ორშაბათი, 10 ნოემბერი
ყოველივე შეამოწმეთ, დარწმუნდით (1 თეს. 5:21).
„შემოწმებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ძვირფასი ლითონების შემოწმების კონტექსტში გამოიყენებოდა ხოლმე. ჩვენც უნდა შევამოწმოთ, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ის, რასაც ვისმენთ და ვკითხულობთ, რადგან „დიდი გასაჭირი“ დღითი დღე გვიახლოვდება. იმის ნაცვლად, რომ გულუბრყვილოდ დავიჯეროთ სხვისი ნათქვამი, უნდა მოვუხმოთ გამჭრიახობას და შევადაროთ მიღებული ინფორმაცია იმას, რასაც ბიბლიაში ვკითხულობთ და რასაც ღვთის ორგანიზაციისგან ვიგებთ. თუ ასე მოვიქცევით, დემონური პროპაგანდა შეცდომაში ვერ შეგვიყვანს (იგავ. 14:15; 1 ტიმ. 4:1). ჩვენ ვიცით, რომ მთლიანობაში ღვთის ხალხი გადარჩება „დიდი გასაჭირის“ დროს. თუმცა ის არ ვიცით, რას მოუტანს ხვალინდელი დღე ცალკეულ ქრისტიანს (იაკ. 4:14). მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ყველანი მარადიული სიცოცხლით დავჯილდოვდებით, თუ ბოლომდე ვუერთგულებთ ღმერთს. მოდი მზერა მომავალს მივაპყროთ და მზად დავხვდეთ იეჰოვას დღეს! w23.06 13 ¶15, 16
სამშაბათი, 11 ნოემბერი
იეჰოვა ისე არაფერს გააკეთებს, თავისი საიდუმლო რომ არ გაუცხადოს თავის მსახურებს (ამოს. 3:7).
ჩვენ არ ვიცით, როგორ შესრულდება ბიბლიაში ჩაწერილი ზოგიერთი წინასწარმეტყველება (დან. 12:8, 9). ამიტომ, თუ ზოგიერთი დეტალი არ გვესმის, ეს არ ნიშნავს, რომ წინასწარმეტყველება არ შესრულდება. ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, რომ იეჰოვა საჭირო დროს გაგვიმჟღავნებს ამ დეტალების მნიშვნელობას, როგორც ამას წარსულში აკეთებდა. მალე „მშვიდობა და უსაფრთხოება“ გამოცხადდება, რის შემდეგაც მთავრობები ცრუ რელიგიას გაანადგურებენ (1 თეს. 5:3; გამოცხ. 17:16, 17). შემდეგ ღვთის ხალხს დაესხმიან თავს, რასაც არმაგედონი მოჰყვება (ეზეკ. 38:18, 19; გამოცხ. 16:14, 16). ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ ეს მოვლენები ძალიან მალე მოხდება. მანამდე კი მოდი დავუკვირდეთ წინასწარმეტყველებებს, სხვებსაც დავეხმაროთ ამაში და ამგვარად მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი ზეციერი მამისადმი. w23.08 13 ¶19, 20
ოთხშაბათი, 12 ნოემბერი
გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან სიყვარული ღვთისგანაა (1 იოან. 4:7).
მას შემდეგ, რაც რწმენაზე, იმედსა და სიყვარულზე ისაუბრა, მოციქულმა პავლემ ასეთი რამ თქვა: „ამ სამიდან სიყვარული უდიდესია“ (1 კორ. 13:13). რატომ თქვა მან ეს სიტყვები? ახალ ქვეყნიერებაში აღარ დაგვჭირდება ღვთის დაპირებებისადმი რწმენის გამოვლენა, რადგან ყველა დაპირება შესრულებული იქნება. იმავეს თქმა შეიძლება იმედზეც. მაგრამ სიყვარული დროსთან ერთად არ დაკარგავს ფასს. მეტიც, ჩვენ მარადიულად გავიძლიერებთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს. ჭეშმარიტი ქრისტიანების ამოსაცნობი ნიშანი სწორედ სიყვარულია. იესომ მოციქულებს უთხრა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, თუკი ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:35). ამასთანავე, სიყვარულის წყალობით ჩვენ შორის ერთობა სუფევს. როგორც პავლემ თქვა, სიყვარული „სრულყოფილი გამაერთიანებელი კავშირია“ (კოლ. 3:14). იოანე მოციქულმა თავის წერილში თანაქრისტიანებს ასეთი რამ მისწერა: „ვისაც ღმერთი უყვარს, თავისი ძმაც უნდა უყვარდეს“ (1 იოან. 4:21). ასე რომ, თუ გვიყვარს ერთმანეთი, ღმერთსაც ვუმტკიცებთ სიყვარულს. w23.11 8 ¶1, 3
ხუთშაბათი, 13 ნოემბერი
მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს (ებრ. 12:1).
ღვთის სიტყვა ქრისტიანულ ცხოვრებას რბოლას ადარებს. ვინც ფინიშის ხაზს გადაკვეთს, ჯილდოდ მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს (2 ტიმ. 4:7, 8). ჩვენ ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ არ შევწყვიტოთ რბოლა, მით უმეტეს, რომ ფინიშის ხაზს სადაცაა გადავკვეთთ. პავლე მოციქული გვირჩევს, რა უნდა გავაკეთოთ ამ რბოლაში გასამარჯვებლად. ის მოგვიწოდებს, რომ „მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს და . . . მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე სარბიელი“. პავლეს ის არ უგულისხმია, რომ ქრისტიანებს არაფრის ტარება არ მოგვეთხოვებოდა. ის ზედმეტ ტვირთს გულისხმობდა, რომელიც რბოლაში შეგვიშლიდა ხელს და ძალას გამოგვაცლიდა. ამიტომ მაშინვე უნდა ამოვიცნოთ, რა გვაწევს ტვირთად, და რაც შეიძლება მალე მოვიშოროთ. თუმცა ამავე დროს უნდა ვიფრთხილოთ, რომ იმის ტარებაზეც არ ვთქვათ უარი, რაც ნამდვილად ჩვენი სატარებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვეთიშებით რბოლას (2 ტიმ. 2:5). w23.08 26 ¶1, 2
პარასკევი, 14 ნოემბერი
თქვენ ის არ უნდა გამკობდეთ, რაც გარეგნულად ჩანს (1 პეტ. 3:3).
გონიერება გვეხმარება, რომ პატივი ვცეთ სხვის შეხედულებებს. ზოგ დას მოსწონს მაკიაჟის გაკეთება, ზოგს კი – არა. ზოგი ქრისტიანი სიამოვნებით სვამს ალკოჰოლს ზომიერად, ზოგი კი საერთოდ არ ეკარება. ყველა ქრისტიანს გვსურს, კარგი ჯანმრთელობა გვქონდეს, მაგრამ თითოეული თავად ვირჩევთ მკურნალობის მეთოდს. თუ ვფიქრობთ, რომ ყოველთვის მართალი ვართ და კრებაში სხვებსაც ვახვევთ საკუთარ აზრს თავს, შეიძლება დავაბრკოლოთ და-ძმები ან განხეთქილება ჩამოვაგდოთ (1 კორ. 8:9; 10:23, 24). იეჰოვა ჩაცმულობასთან დაკავშირებით მკაცრ წესებს კი არ გვიდგენს, არამედ სახელმძღვანელო პრინციპებს გვაძლევს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მოკრძალებული და გონივრულად შერჩეული ტანსაცმელი უნდა გვეცვას, როგორც ღვთის მსახურს შეჰფერის (1 ტიმ. 2:9, 10). შესაბამისად, ზედმეტ ყურადღებას არ უნდა ვიქცევდეთ ჩვენი ჩაცმულობით. ბიბლიური პრინციპები უხუცესებსაც ეხმარება, რომ თავიანთი წესები არ დაუდგინონ და-ძმებს ჩაცმულობასა და ვარცხნილობასთან დაკავშირებით. w23.07 23, 24 ¶13, 14
შაბათი, 15 ნოემბერი
ყური დამიგდეთ და ჭამეთ კარგი საჭმელი, რომ ისიამოვნოთ ნოყიერი საზრდოთი! (ეს. 55:2).
რა არის საჭირო, რომ ბედნიერები ვიყოთ ახლაც და მარადიულადაც? მათთვის, ვინც სულელი ქალის მოწვევას ეხმაურება, მთავარი წუთიერი სიამოვნებაა ანუ „მოპარული წყლის“ სიტკბო. ისინი არ ფიქრობენ იმაზე, რომ მათი ბოლო „სამარის სიღრმე“ იქნება (იგავ. 9:13, 17, 18). ისინი კი, ვინც სიბრძნის მოწვევას იღებენ, დიდებულ სუფრას უსხედან და ნოყიერ სულიერ საზრდოს მიირთმევენ (იგავ. 9:1). იეჰოვასგან მიღებული სიბრძნე გვეხმარება, შევიყვაროთ ის, რაც მას უყვარს და შევიძულოთ ის, რაც მას სძულს (ფსალმ. 97:10). ამასთან, დიდ სიხარულს გვგვრის, რომ ამ სუფრაზე სხვებსაც ვეპატიჟებით. ჩვენც თითქოსდა ქალაქის შემაღლებული ადგილებიდან ვიძახით: „გამოუცდელებო, აქეთ გადმოუხვიეთ!“. ისინი, ვინც ამ მოწვევას იღებენ და მიჰყვებიან „გონიერთა გზას“, ჩვენთან ერთად მხოლოდ დღეს კი არა, მარადიულად გაიხარებენ ცხოვრებით (იგავ. 9:3, 4, 6). w23.06 24 ¶17, 18
კვირა, 16 ნოემბერი
მშვიდი კაცი ძლიერს სჯობია, თავშეკავებული – ქალაქის დამპყრობელს (იგავ. 16:32).
ალბათ, თქვენთვისაც უკითხავს თანამშრომელს ან თანაკლასელს რაიმე თქვენი მრწამსის შესახებ. ხომ არ ღელავთ ხოლმე ასეთ სიტუაციებში? თუ ასეა, გამონაკლისი არ ხართ. თუმცა, რომ დავფიქრდეთ, ასეთი კითხვები გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, რას ფიქრობს ადამიანი და რა სწამს; თანაც შესაძლებლობას გვაძლევს, სასიხარულო ცნობა გავუზიაროთ. მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ კრიტიკულ კითხვას გვისვამენ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ჩვენზე ბევრი დეზინფორმაციაა გავრცელებული (საქ. 28:22). გარდა ამისა, „ბოლო დღეებში“ ხალხი უფრო აგრესიულია და, ხშირ შემთხვევაში, ძალიან რთულია მათთან საერთო ენის გამონახვა (2 ტიმ. 3:1, 3, სქოლიო). რა არის საჭირო, რომ მშვიდად და ტაქტიანად უპასუხოთ მას, ვინც თქვენს მრწამსს ეჭვქვეშ აყენებს? მოკლედ რომ ვთქვათ, რბილი ხასიათი. ის, ვისაც რბილი ხასიათი აქვს, ადვილად არ ღიზიანდება, როცა მის გამოწვევას ცდილობენ, და სიმშვიდეს ინარჩუნებს მაშინაც კი, როცა ზუსტად არ იცის, როგორ უპასუხოს w23.09 14 ¶1, 2
ორშაბათი, 17 ნოემბერი
მთავრებად დანიშნავ მათ მთელ დედამიწაზე (ფსალმ. 45:16).
დროდადრო ორგანიზაციისგან ისეთ რჩევებსაც ვიღებთ, რომლებიც გვეხმარება, თავი ავარიდოთ საფრთხეებს. მაგალითად, ასეთი რჩევები გვეხმარება, არ გავებათ მატერიალიზმის მახეში ან ისეთი რამ არ გავაკეთოთ, რაც იეჰოვას კანონს დაგვარღვევინებდა (ეს. 48:17, 18; 1 ტიმ. 6:9, 10). ეჭვგარეშეა, რომ „დიდი გასაჭირისა“ და ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს იეჰოვა კვლავ ერთგული მამაკაცების მეშვეობით გაგვიწევს ხელმძღვანელობას. მივყვებით მათ მითითებებს, თუ განსხვავებული აზრი გვექნება? ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, დღეს რამდენად ვითვალისწინებთ იეჰოვასგან მომდინარე მითითებებს. ასე რომ, მოდი ყოველთვის მივყვეთ ღვთის ხელმძღვანელობას, რომელსაც მის მიერ დანიშნული მამაკაცებისგან ვიღებთ (ეს. 32:1, 2; ებრ. 13:17). ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა ყოველგვარ სულიერ საფრთხეს აგვარიდებს თავიდან და ჩვენს დანიშნულების ადგილამდე, ახალ ქვეყნიერებამდე, უსაფრთხოდ მიგვიყვანს. w24.02 25 ¶17, 18
სამშაბათი, 18 ნოემბერი
წყალობით ხართ გადარჩენილნი (ეფეს. 2:5).
პავლე მოციქულს დიდ სიხარულს ანიჭებდა იეჰოვას მსახურება, თუმცა ბევრ სირთულესაც ხვდებოდა. მას სხვადასხვა ადგილზე ჩასასვლელად დიდი მანძილის გავლა უწევდა, რაც იმ დროს არ იყო ადვილი. როგორც თავად ამბობს, ხშირად ყოფილა „განსაცდელში მდინარეებზე [და] ყაჩაღებისგან“. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად უსწორდებოდნენ და არც თანაქრისტიანები უფასებდნენ ამაგს (2 კორ. 10:10; 11:23–27; ფილ. 4:15). რა დაეხმარა პავლეს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ფარ-ხმალი არ დაეყარა? ის წმინდა წერილებიდან უკეთ ეცნობოდა იეჰოვას და საკუთარი გამოცდილებითაც ბევრს სწავლობდა. ამ ყოველივემ პავლე იეჰოვას სიყვარულში დაარწმუნა და თავადაც ძლიერ შეუყვარდა ღმერთი. თავის სიყვარულს კი იმით ამტკიცებდა, რომ დაუღალავად ემსახურებოდა წმინდებს (რომ. 8:38, 39; ეფეს. 2:4, 5; ებრ. 6:10). w23.07 9 ¶5, 6
ოთხშაბათი, 19 ნოემბერი
ყველა დაემორჩილოს ხელისუფლებას (რომ. 13:1).
თითქმის ყველა თანხმდება იმაზე, რომ აუცილებელია, გვყავდეს ხელისუფლება და ზოგიერთ კანონს მაინც დავემორჩილოთ. თუმცა ისინი შეიძლება არ დაემორჩილონ ისეთ კანონებს, რომლებიც უსამართლო ან ზედმეტად მკაცრი ეჩვენებათ. კარგად ვიცით, რომ ხელისუფლებებს სატანა მართავს და ისინი ხშირად ჩაგრავენ მოქალაქეებს. თანაც მათ მალე ბოლო მოეღებათ. თუმცა ისიც გვესმის, რომ „ვინც ხელისუფლებას ეწინააღმდეგება, ღვთიური წესრიგის წინააღმდეგ მიდის“ (ფსალმ. 110:5, 6; ეკლ. 8:9; ლუკ. 4:5, 6; რომ. 13:1–7). იეჰოვამ რაღაც დროით ხელისუფლებებს ჩააბარა წესრიგის დამყარების უფლებამოსილება და მოელის, რომ მათ იმას მივცემთ, რაც კანონიერად ეკუთვნით. ეს იმას ნიშნავს, რომ პატივი უნდა ვცეთ მათ, გადავიხადოთ გადასახადები და მაშინაც კი დავემორჩილოთ, თუ ზოგიერთი კანონი უსამართლო მოგვეჩვენება, მათი დაცვა რთული იქნება ან ფინანსურად დაგვაზარალებს. დიახ, იეჰოვა მოელის, რომ ყოველთვის დავემორჩილებით ხელისუფლებას, გარდა ერთი შემთხვევისა – როცა ის ჩვენგან ღვთის კანონის დარღვევას მოითხოვს (საქ. 5:29). w23.10 8 ¶9, 10
ხუთშაბათი, 20 ნოემბერი
ამოქმედდა მასზე იეჰოვას სული (მსაჯ. 15:14).
როცა სამსონი დაიბადა, ისრაელებზე ფილისტიმელები ბატონობდნენ და მათ შავ დღეში აგდებდნენ (მსაჯ. 13:1). მათი ხელიდან თავისი ხალხის დასახსნელად იეჰოვამ სამსონი აირჩია (მსაჯ. 13:5). თუმცა ამ ურთულესი დავალებისთვის თავი რომ გაერთმია, სამსონი იეჰოვას უნდა მინდობოდა. ერთხელ ფილისტიმელები მის შესაპყრობად ლეხში მივიდნენ, რომელიც, სავარაუდოდ, იუდას ტერიტორიაზე მდებარეობდა. შეშინებულმა იუდეველებმა გადაწყვიტეს, რომ სამსონი ფილისტიმელებისთვის გადაეცათ. ამიტომ თოკებით შებოჭეს და მტერს მიუყვანეს (მსაჯ. 15:9–13). სამსონზე იეჰოვას სული ამოქმედდა და თოკები დაწყვიტა, შემდეგ კი იქვე დაგდებულ ვირის ყბას სტაცა ხელი და 1 000 ფილისტიმელი გამოასალმა სიცოცხლეს (მსაჯ. 15:14–16). w23.09 2 ¶3, 4
პარასკევი, 21 ნოემბერი
ეს იმ მარადიულ განზრახვას შეესაბამება, რომელიც ღმერთმა ქრისტესთან, ჩვენს უფალ იესოსთან მიმართებით განიზრახა (ეფეს. 3:11).
იეჰოვას მარადიული განზრახვა აქვს, რომელსაც თანდათანობით ჰფენს ნათელს. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი განზრახვა შეასრულოს, თუმცა მას არ სჭირდება დეტალებში გაწერილი გეგმა მის განსახორციელებლად (იგავ. 16:4). შესაბამისად, „გზადაგზა“ წამოჭრილი დაბრკოლებები მისი განზრახვის შესრულებას ხელს ვერ უშლის. ამ განზრახვას მართებულად ეწოდება „მარადიული“, რადგან როცა ის შესრულდება, მიღწეული შედეგებით მარადიულად გავიხარებთ. კონკრეტულად რა განიზრახა ღმერთმა და რა ცვლილებებს ახდენდა „გზადაგზა“? იეჰოვამ პირველ წყვილს გაუმხილა, რა განზრახვა ჰქონდა მათთან დაკავშირებით: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ . . . [გემორჩილებოდეთ] ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“ (დაბ. 1:28). სამწუხაროდ, ადამი და ევა ეურჩნენ იეჰოვას, რის გამოც მთელი კაცობრიობა ცოდვის ტყვეობაში აღმოჩნდა. მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა იეჰოვას თავისი განზრახვის შესრულებაში. მან მაშინვე გადაწყვიტა, რომ კაცობრიობასა და დედამიწასთან დაკავშირებული თავისი განზრახვის შესასრულებლად ზეცაში სამეფო დაემყარებინა (მათ. 25:34). w23.10 20 ¶6, 7
შაბათი, 22 ნოემბერი
იეჰოვა რომ არ დამხმარებოდა, მალევე მომეღებოდა ბოლო (ფსალმ. 94:17).
შესაძლოა თქვენც ებრძვით რაიმე სისუსტეს და ამ ბრძოლას ბოლო არ უჩანს. თუმცა დარწმუნებული იყავით, იეჰოვა აუცილებლად მოგცემთ ძალას, რომ არ დანებდეთ (ფსალმ. 94:18, 19). ეს კარგად ჩანს ერთი ძმის მაგალითიდან, რომელიც წარსულში ჰომოსექსუალი იყო. მან დიდი ცვლილებები მოახდინა, თუმცა არასწორი სურვილები მაინც არ ანებებდა თავს. რა დაეხმარა მას, არ დანებებულიყო საკუთარ თავთან ბრძოლაში? როგორც თავად ამბობს, ამის ძალას მას იეჰოვა აძლევდა. ის აღნიშნავს: „საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ იეჰოვას სულის დახმარებით შესაძლებელია, არ გადავუხვიოთ სწორი გზიდან . . . სისუსტეების მიუხედავად იეჰოვა ძალას მაძლევს, მისი მოსაწონი მსახური ვიყო“. w23.09 23 ¶12
კვირა, 23 ნოემბერი
თავმდაბლობასა და იეჰოვას შიშს სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლე მოაქვს (იგავ. 22:4).
ახალგაზრდა ძმებო, მოწიფულ ქრისტიანად ჩამოყალიბება ავტომატური პროცესი არაა. როგორც დავინახეთ, ამისთვის აუცილებელია, მიჰბაძოთ სამაგალითო ღვთის მსახურებს, განივითაროთ საღად აზროვნების უნარი, იყოთ სანდონი, შეიძინოთ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მოემზადოთ სამომავლო პასუხისმგებლობებისთვის. ზოგჯერ შეიძლება რთული მოგეჩვენოთ სულიერი მოწიფულობისკენ სწრაფვა. თუმცა გახსოვდეთ, თქვენ ყველაფერი გამოგივათ! იეჰოვა თქვენ გვერდითაა და და-ძმებიც მზად არიან თქვენ დასახმარებლად (ეს. 41:10, 13). გჯეროდეთ, ძალისხმევა დაგიფასდებათ. როცა სულიერ მოწიფულობას მიაღწევთ, უფრო ბედნიერებიც იქნებით და ყოველმხრივ სავსე ცხოვრება გექნებათ. ახალგაზრდა ძმებო, ძალიან გვიყვარხართ! დაე იეჰოვამ მოგიმართოთ ხელი! w23.12 29 ¶19, 20
ორშაბათი, 24 ნოემბერი
დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის (იგავ. 19:11).
წარმოიდგინეთ, რომ მეგობრებთან სასიამოვნოდ დროის გატარების შემდეგ გადაწყვიტეთ, საერთო სურათი გადაიღოთ. ალბათ, ყოველი შემთხვევისთვის მხოლოდ ერთს კი არა, რამდენიმე ფოტოს გადაიღებთ. შემდეგ კი გადარჩევის დროს წაშლით ისეთ ფოტოებს, სადაც ვინმე არ იღიმის ან ცუდად გამოიყურება და საბოლოოდ იმ კადრს შეინახავთ, სადაც ყველა კარგად გამოვიდა. ასე უნდა მოვიქცეთ და-ძმებთან ურთიერთობის დროსაც. ფაქტია, ზოგჯერ შეიძლება მათგან რაღაც გვეწყინოს. თუმცა ცუდი კადრების მსგავსად, ასეთი მოგონებები ჩვენი მეხსიერებიდან, ასე ვთქვათ, უნდა ამოვშალოთ და მხოლოდ კარგი მოგონებები შევინახოთ, რომლებიც გაცილებით მეტი გვაქვს (ეფეს. 4:32). და-ძმების პატარ-პატარა შეცდომები მართლაც არაფერია იმ უამრავ კარგ მოგონებასთან შედარებით, რომლებიც მათთან გვაკავშირებს. w23.11 12, 13 ¶16, 17
სამშაბათი, 25 ნოემბერი
ქალები თავს იმკობდნენ . . . წესიერი ტანსაცმლით, ისე, როგორც ღვთისმოშიშ ქალებს შეჰფერით (1 ტიმ. 2:9, 10).
აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვები იმაზე მიანიშნებს, რომ ქრისტიანი ქალი ტანსაცმლის შერჩევისას სხვების შეხედულებებსა და გრძნობებსაც უნდა ითვალისწინებდეს. გვეამაყება, რომ ჩვენი მოწიფული დები სწორედ ასეთი ღირსეული ჩაცმულობით გამოირჩევიან. მოწიფული ქრისტიანი დები გამჭრიახები არიან. რა არის გამჭრიახობა? ეს არის განსჯის ანუ სწორისა და არასწორის განსაზღვრის უნარი. სწორედ ამ თვისებით გამოირჩეოდა აბიგაილი. მაშინ, როცა მისი მეუღლის უგუნური საქციელის გამო მთელ მათ სახლეულობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა, აბიგაილმა გამჭრიახობა გამოავლინა და მიხვდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. ამან უამრავი ადამიანი იხსნა გარდაუვალი სიკვდილისგან (1 სამ. 25:14–23, 32–35). გამჭრიახობა იმის დანახვაშიც გვეხმარება, თუ როდის ვილაპარაკოთ და როდის – არა. მეტიც, გამჭრიახ ადამიანს არ უჭირს, განსაზღვროს, თუ სად გადის ზღვარი სხვების საქმეში ჩარევასა და ყურადღებიანობას შორის (1 თეს. 4:11). w23.12 20 ¶8, 9
ოთხშაბათი, 26 ნოემბერი
მოდი ვიხაროთ ღვთისგან განდიდების იმედით! (რომ. 5:2).
პავლე მოციქულმა ეს სიტყვები რომში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა. ეს ქრისტიანები ღმერთმა მართლებად ჩათვალა და მათ წმინდა სული სცხო, რადგან მას შემდეგ, რაც გაიცნეს იეჰოვა და იესო, რწმენა გამოავლინეს და მოინათლნენ (რომ. 5:1). ღმერთმა მათ საოცარი იმედი უბოძა, რომელიც არასდროს გააწბილებდათ. პავლემ ამ იმედის შესახებ მოგვიანებით ეფესოში მცხოვრებ ქრისტიანებსაც მისწერა და აღნიშნა, რომ ეს იყო წმინდების „მემკვიდრეობა“ (ეფეს. 1:18). კოლოსელებისთვის მიწერილ წერილში კი თქვა, რომ მათთვის ეს იმედი ზეცაშია შემონახული (კოლ. 1:4, 5). აქედან გამომდინარე, ცხებულ ქრისტიანებს ზეცაში მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ, სადაც ქრისტესთან ერთად იმმართველებენ (1 თეს. 4:13–17; გამოცხ. 20:6). w23.12 9 ¶4, 5
ხუთშაბათი, 27 ნოემბერი
ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულსა და გონებას (ფილ. 4:7).
„დაცვად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა სამხედრო ტერმინი იყო, რომელსაც ქალაქის დამცველ სამხედრო ნაწილთან მიმართებით იყენებდნენ. ქალაქის მოსახლეობას მშვიდად ეძინა, რადგან იცოდნენ, რომ კარიბჭეებთან მცველები იდგნენ. მსგავსად, როცა ღვთის მშვიდობა იცავს ჩვენს გულსა და გონებას, თავს მშვიდად და უსაფრთხოდ ვგრძნობთ (ფსალმ. 4:8). იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიტუაცია მალევე არ იცვლება უკეთესობისკენ, როგორც ეს ხანას შემთხვევაში იყო, მაინც შეგვიძლია ვიგრძნოთ სიმშვიდე (1 სამ. 1:16–18). როცა მშვიდად ვართ, გვიადვილდება, საღად ვიაზროვნოთ და სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. როცა პრობლემების გამო მოსვენებას ვკარგავთ, ჩვენც გვჭირდება დაცვა. რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ? მანამ უნდა ვილოცოთ, სანამ ღვთიური სიმშვიდე არ დაგვეუფლება (ლუკ. 11:9; 1 თეს. 5:17). თუ თქვენც დაგატყდებათ თავს მძიმე განსაცდელი, გამუდმებით ილოცეთ და იეჰოვაც აუცილებლად მოგცემთ მშვიდობას, რომელიც დაიცავს თქვენს გულსა და გონებას (რომ. 12:12). w24.01 21 ¶5, 6
პარასკევი, 28 ნოემბერი
ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი (მათ. 6:9).
მამის სახელი რომ განეწმინდა, იესომ ღირსეულად აიტანა ყოველგვარი ცილისწამება, შეურაცხყოფა და ტანჯვა. მას ესმოდა, რომ სასირცხვილო არაფერი ჩაუდენია, რადგან მამას ყოველთვის ემორჩილებოდა (ებრ. 12:2). მას ისიც კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ იმ მძიმე წუთებში სატანის პირდაპირი სამიზნე იყო (ლუკ. 22:2–4; 23:33, 34). სატანა იმედს არ კარგავდა, რომ შეძლებდა იესოს გატეხვას, მაგრამ მან სრული მარცხი განიცადა. იესომ სატანა სიცრუეში ამხილა და დაამტკიცა, რომ იეჰოვას ნამდვილად ჰყავს ერთგული მსახურები, რომლებიც უკიდურესად რთული განსაცდელების დროსაც არ უღალატებენ მას. უეჭველია, თქვენც გაქვთ სურვილი, რომ გული გაუხაროთ ჩვენს მეფეს, იესოს. ამიტომ კვლავაც განადიდეთ ღვთის სახელი და დაეხმარეთ ხალხს გაიგონ, სინამდვილეში როგორი ღმერთია იეჰოვა. ამგვარად მიჰბაძავთ იესოს, გულს გაუხარებთ იეჰოვას და დაამტკიცებთ, რომ სატანა ცრუა! (1 პეტ. 2:21). w24.02 11, 12 ¶11–13
შაბათი, 29 ნოემბერი
რით გადავუხდი იეჰოვას მთელი იმ სიკეთისთვის, რაც ჩემთვის გაუკეთებია? (ფსალმ. 116:12).
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ადამიანი მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. როდესაც იეჰოვას ვუძღვნით თავს, სურვილს გამოვთქვამთ, რომ იესოს მოწაფეები გავხდეთ და ღვთის ნების შესრულებას ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი დავუთმოთ. სწორედ ამას გაუსვა ხაზი იესომაც, როცა თქვა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ძელი და გამომყვეს“ (მათ. 16:24). ბერძნული ფრაზა, რომელიც გადმოტანილია როგორც „საკუთარი თავის უარყოფა“, შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს როგორც „საკუთარი თავისთვის უარის თქმა“. იეჰოვასადმი მიძღვნილმა მსახურებმა უარი უნდა ვთქვათ ნებისმიერ რამეზე, რაც ეწინააღმდეგება მის ნებას, Მაგალითად, „ხორცის საქმეებზე“, რომლებშიც უზნეობაც შედის (გალ. 5:19–21; 1 კორ. 6:18; 2 კორ. 5:14, 15). იეჰოვას მითითებების დაცვა რთული არ მოგვეჩვენება, თუ გვეყვარება ის და დარწმუნებული ვიქნებით, რომ მისი კანონები ყოველთვის სასიკეთოა ჩვენთვის (ფსალმ. 119:97; ეს. 48:17, 18). w24.03 2 ¶1; 3 ¶4
კვირა, 30 ნოემბერი
მე მოგიწონე (ლუკ. 3:22).
იეჰოვა თავის წმინდა სულს მათ აძლევს, ვისაც იწონებს (მათ. 12:18). კარგი იქნება, დავფიქრდეთ: ზოგ ისეთ თვისებას მაინც თუ ვავლენ, რომელსაც წმინდა სული წარმოშობს ღვთის მსახურებში? მაგალითად, გავხდი უფრო მომთმენი ადამიანების მიმართ მას შემდეგ, რაც იეჰოვა გავიცანი? ფაქტია, რაც უფრო მეტად ვეცდებით გამოვავლინოთ სულის ნაყოფი, მით მეტად დავრწმუნდებით, რომ იეჰოვა გვიწონებს. ის გამოსასყიდის საფუძველზე პატიობს შეცდომებს მათ, ვისაც იწონებს (1 ტიმ. 2:5, 6). მიუხედავად იმისა, რომ ამაში დავრწმუნდით და მოვინათლეთ კიდეც, შეიძლება მაინც გვიჭირდეს იმის დაჯერება, რომ იეჰოვა კეთილგანწყობილია ჩვენდამი. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ გულმა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. ამიტომ ჩვენს თავს კი არა, იეჰოვას უნდა ვენდოთ. წარმოიდგინეთ, ღმერთი მართლად მიიჩნევს მათ, ვისაც სწამს გამოსასყიდი, და ჰპირდება, რომ აკურთხებს (ფსალმ. 5:12; რომ. 3:26). w24.03 30 ¶15; 31 ¶17