საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es25 გვ. 118-128
  • დეკემბერი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დეკემბერი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2025
  • ქვესათაურები
  • ორშაბათი, 1 დეკემბერი
  • სამშაბათი, 2 დეკემბერი
  • ოთხშაბათი, 3 დეკემბერი
  • ხუთშაბათი, 4 დეკემბერი
  • პარასკევი, 5 დეკემბერი
  • შაბათი, 6 დეკემბერი
  • კვირა, 7 დეკემბერი
  • ორშაბათი, 8 დეკემბერი
  • სამშაბათი, 9 დეკემბერი
  • ოთხშაბათი, 10 დეკემბერი
  • ხუთშაბათი, 11 დეკემბერი
  • პარასკევი, 12 დეკემბერი
  • შაბათი, 13 დეკემბერი
  • კვირა, 14 დეკემბერი
  • ორშაბათი, 15 დეკემბერი
  • სამშაბათი, 16 დეკემბერი
  • ოთხშაბათი, 17 დეკემბერი
  • ხუთშაბათი, 18 დეკემბერი
  • პარასკევი, 19 დეკემბერი
  • სამშაბათი, 20 დეკემბერი
  • კვირა, 21 დეკემბერი
  • ორშაბათი, 22 დეკემბერი
  • სამშაბათი, 23 დეკემბერი
  • ოთხშაბათი, 24 დეკემბერი
  • ხუთშაბათი, 25 დეკემბერი
  • პარასკევი, 26 დეკემბერი
  • შაბათი, 27 დეკემბერი
  • კვირა, 28 დეკემბერი
  • ორშაბათი, 29 დეკემბერი
  • სამშაბათი, 30 დეკემბერი
  • ოთხშაბათი, 31 დეკემბერი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2025
es25 გვ. 118-128

დეკემბერი

ორშაბათი, 1 დეკემბერი

მკვდრები . . . აღდგებიან (ლუკ. 20:37).

იეჰოვას ნამდვილად აქვს სურვილი, აღადგინოს მკვდრები, თუმცა შეიძლება ვინმემ იკითხოს, აქვს თუ არა მას ამის ძალა. ბიბლიაში იეჰოვას „ყოვლისშემძლე“ ეწოდება (გამოცხ. 1:8). მას ნებისმიერი მტრის დამარცხების ძალა შესწევს, თვით სიკვდილისაც (1 კორ. 15:26). კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ვართ ღვთის ძალაში დარწმუნებული, მისი უსაზღვრო მეხსიერებაა. ესაიას 40:26-დან ვიგებთ, რომ იეჰოვა თითოეულ ვარსკვლავს სახელით უხმობს. ბიბლიიდან ისიც ჩანს, რომ მას ყველა გარდაცვლილი ახსოვს (იობ. 14:13; ლუკ. 20:38). როდესაც ადამიანს მკვდრეთით აღადგენს, ის ყველა დეტალს გაიხსენებს მის შესახებ, იქნება ეს მისი გენეტიკური კოდი, განვლილი ცხოვრება თუ მოგონებები. როგორც დავინახეთ, იეჰოვას მკვდრების აღდგენის სურვილიც აქვს და ამის ძალაც შესწევს. ამიტომ ეჭვი არ გვეპარება, რომ აუცილებლად გააკეთებს ამას. კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გვჯეროდეს ამ დანაპირების ისაა, რომ იეჰოვამ წარსულში უკვე აღადგინა მკვდრები. ძველად თავის რამდენიმე მსახურს, მათ შორის იესოს, მან მკვდრების აღდგენის ძალა მისცა. w23.04 9, 10 ¶7–9

სამშაბათი, 2 დეკემბერი

თქვენი საუბარი ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული (კოლ. 4:6).

თუ სათქმელს რბილად და თავაზიანად ვიტყვით, ადამიანებს ჩვენი მოსმენის და ჩვენთან საუბრის სურვილი გაუჩნდებათ. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა თავი უნდა შევიკავოთ პასუხის გაცემისგან. მაგალითად მაშინ, როცა ჩვენი სიტყვაში გამოჭერა ან აბუჩად აგდება სურთ (იგავ. 26:4). მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევებია და, მეტწილად, შეიძლება ადამიანის საუბარში აყოლიება მოვახერხოთ. აშკარად დავინახეთ, რომ რბილი ხასიათის განვითარება ღირებული მიზანია. ამ მიზანს რომ მივაღწიოთ, იეჰოვას დახმარება გვჭირდება. ლოცვაში სთხოვეთ იეჰოვას ძალა, რომ რბილად და პატივისცემით უპასუხოთ მათ, ვინც გამომწვევ კითხვებს გისვამთ ან უსაფუძვლოდ გაკრიტიკებთ. სწორედ რბილი ხასიათი დაგეხმარებათ, რომ საუბარი კამათში არ გადაიზარდოს. თუ რბილ ხასიათს გამოავლენთ, ამან შეიძლება მოსაუბრე დადებითად განაწყოს და საბოლოოდ ისიც დაინახოს, რომ სიმართლეს ვასწავლით. ასე რომ, ყოველთვის მზად იყავით, „პასუხი გასცეთ მათ, ვინც თქვენი . . . [პოზიციის] გამო ახსნა-განმარტებას გთხოვთ, ოღონდ ეს რბილად და პატივისცემით გააკეთეთ“ (1 პეტ. 3:15). ამგვარად ცხადყოფთ, რომ შინაგანად ძლიერი ადამიანი ხართ! w23.09 19 ¶18, 19

ოთხშაბათი, 3 დეკემბერი

შეიმოსეთ . . . სულგრძელობით (კოლ. 3:12).

დავფიქრდეთ ოთხ მხარეზე, როცა მოთმინება ვლინდება. პირველი, მომთმენი ადამიანი ადვილად არ რისხდება. როცა ვინმე ცუდად ექცევა, ის სამაგიეროს არ უხდის. მომთმენი ადამიანი არც სტრესულ სიტუაციებში გამოდის მდგომარეობიდან (გამ. 34:6). მეორე, მომთმენ ადამიანს არ უჭირს ლოდინი. როცა დროში რაღაც იწელება, ის ცდილობს, სიმშვიდე შეინარჩუნოს და არ გაღიზიანდეს (ეკლ. 7:8). მესამე, მომთმენი ადამიანი ნაჩქარევად არ მოქმედებს. როცა მნიშვნელოვანი რამ აქვს გასაკეთებელი, მომთმენი ადამიანი არც ნაჩქარევად შეუდგება საქმეს და არც ხარისხის ხარჯზე ეცდება მის სწრაფად დასრულებას. ის ჯერ კარგად დაგეგმავს, რას და როგორ გააკეთებს, შემდეგ კი სათანადო დროს გამოყოფს საქმის შესასრულებლად. მეოთხე, მომთმენი ადამიანი წუწუნის გარეშე იტანს სირთულეებს. სირთულეების პირისპირ მომთმენი ადამიანი ყველანაირად ცდილობს დადებითი განწყობის შენარჩუნებას (კოლ. 1:11). თუ გვინდა, მომთმენები ვიყოთ, ზემოთ აღნიშნული ოთხივე მხარის გათვალისწინებას უნდა ვეცადოთ. w23.08 20, 21 ¶3–6

ხუთშაბათი, 4 დეკემბერი

იეჰოვა გულების შემმოწმებელია (იგავ. 17:3).

იეჰოვა გულების შემმოწმებელია და იმას ხედავს, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს. ამიტომაც გვინდა, რომ დავიცვათ ჩვენი სიმბოლური გული. იეჰოვას ძალიან ახარებს იმის დანახვა, რომ ვცდილობთ, გავითვალისწინოთ მისი ბრძნული რჩევები, რომლებიც ჩვენს მარადიულ ბედნიერებას მოემსახურება (იოან. 4:14). ამ შემთხვევაში სატანა და მისი ქვეყნიერება ვერ მოახერხებს სულიერად და ზნეობრივად ჩვენს გარყვნას (1 იოან. 5:18, 19). რაც უფრო დავუახლოვდებით იეჰოვას, მით უფრო გაგვიღრმავდება მისადმი სიყვარული და პატივისცემა. ჩვენ არ გვინდა, გული ვატკინოთ ჩვენს ზეციერ მამას, ამიტომ არც კი ვუშვებთ იმ აზრს, რომ შეიძლება შევცოდოთ. ერთი ხორვატი და მართა, რომელიც ცდუნების წინაშე იდგა, გვიყვება: „გონება დაბინდული მქონდა და ძალიან მიჭირდა, არ ავყოლოდი უზნეობის ჩადენის სურვილს. რომ არა იეჰოვას შიში, თავს ვერ მოვერეოდი“. ღვთის შიშმა აღძრა მართა, დაფიქრებულიყო, სადამდე მიიყვანდა არასწორი საქციელი. ჩვენც ამაზე უნდა დავფიქრდეთ. w23.06 20, 21 ¶3, 4

პარასკევი, 5 დეკემბერი

„როცა განვიწმინდები თქვენ შორის მათ დასანახავად, გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ იეჰოვა“, – ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა (ეზეკ. 36:23).

იესომ იცოდა, რომ ღმერთს თავისი სახელის განწმენდა სურდა. ამიტომ ასწავლა თავის მიმდევრებს, ასე ელოცათ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (მათ. 6:9). მას კარგად ესმოდა, რომ ღვთის სახელის განწმენდაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერი იყო. მისოდენა წვლილი არავის შეუტანია ღვთის სახელის განწმენდაში. მართლაც რამხელა დარტყმა იქნებოდა მისთვის, რომ ღვთის გმობაში დაადანაშაულებდნენ. იესოს თვალში ხომ მამის წმინდა სახელის შებღალვა ყველაზე დიდი ცოდვა იქნებოდა. შესაძლოა იესო „მძიმე განცდებში“ სწორედ იმაზე ფიქრმა ჩააგდო, რომ მას როგორც ღვთისმგმობელს, ისე გაასამართლებდნენ (ლუკ. 22:41–44). w24.02 11 ¶11

შაბათი, 6 დეკემბერი

სიბრძნით აშენდება ოჯახი (იგავ. 24:3).

სიცოცხლისთვის რბოლაში რომ გავიმარჯვოთ, ოჯახის წევრებზე მეტად იეჰოვა და იესო უნდა გვიყვარდეს (მათ. 10:37). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ ჩვენს ოჯახურ მოვალეობებზე, თითქოსდა, ხელს გვიშლიდეს იეჰოვას მსახურებაში. სინამდვილეში, იეჰოვასა და იესოს თვალში ჩვენი მსახურება მისაღები რომ იყოს, პირნათლად უნდა შევასრულოთ ოჯახური პასუხისმგებლობები (1 ტიმ. 5:4, 8). იეჰოვამ კარგად იცის, რომ ოჯახი ბედნიერი იქნება, თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთის მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას გამოავლენს, მშობლები სიყვარულით აღზრდიან შვილებს და შვილებიც მშობლების მორჩილები იქნებიან (ეფეს. 5:33; 6:1, 4). ოჯახში ყველა უნდა ცდილობდეს, რომ ბიბლიური სიბრძნით იხელმძღვანელოს. ბრმად ნუ ენდობით გულის კარნახს, ეგრეთ წოდებული ექსპერტების შეხედულებებსა თუ თქვენს კულტურაში გავრცელებულ წეს-ჩვეულებებს. ჩვენი პუბლიკაციების გამოკვლევაც დიდ დახმარებას გაგიწევთ. მათში მოცემულია რჩევები, თუ როგორ გამოიყენოთ ბიბლიური პრინციპები ცხოვრებაში. w23.08 28 ¶6, 7

კვირა, 7 დეკემბერი

იკითხე ის დღედაღამ, რათა გულდასმით შეასრულო ყველაფერი, რაც მასში წერია; მაშინ მოგემართება ხელი და იმოქმედებ ბრძნულად (იეს. 1:8).

ყველა ქრისტიანი ქალისთვის აუცილებელია, რომ შეიძინოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ზოგიერთი რამ, რასაც ბავშვობაში ვსწავლობთ, მთელი ცხოვრება გვადგება ხოლმე. მაგალითად, კარგად ისწავლეთ წერა-კითხვა. ზოგ კულტურაში თვლიან, რომ აუცილებელი არ არის, ქალმა წერა-კითხვა იცოდეს. არადა ქრისტიანისთვის ამის ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია (1 ტიმ. 4:13). ასე რომ, ძალისხმევას ნუ დაიშურებთ, რომ კარგად ისწავლოთ წერა-კითხვა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ უფრო გაგიადვილდებათ სამუშაოს პოვნა. გარდა ამისა, უკეთ შეძლებთ ღვთის სიტყვის გამოკვლევას და სხვებისთვის სწავლებას. და რაც მთავარია, უფრო დაუახლოვდებით იეჰოვას (1 ტიმ. 4:15). w23.12 20 ¶10, 11

ორშაბათი, 8 დეკემბერი

იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ერთგულები (2 პეტ. 2:9).

სთხოვეთ იეჰოვას დახმარება, რომ არ აჰყვეთ ცდუნებას. არასრულყოფილების გამო გამუდმებით გვიწევს საკუთარ თავთან ბრძოლა, რომ არ ავყვეთ ცდუნებებს. სატანაც ყველაფერს აკეთებს, რომ გაგვიძნელოს ეს ბრძოლა. მაგალითად, უზნეო გართობის მეშვეობით ის ცდილობს, გარყვნას ჩვენი აზროვნება. ასეთი გართობა უწმინდურ ფიქრებს წარმოშობს და შინაგან პიროვნებას რყვნის, რამაც შეიძლება ადამიანი სერიოზულ ცოდვამდე მიიყვანოს (მარ. 7:21–23; იაკ. 1:14, 15). იეჰოვას დახმარების გარეშე საკუთარ თავთან ბრძოლაში ვერაფერს გავხდებით. ამიტომაც ჩართო იესომ ლოცვის ნიმუშში შემდეგი სათხოვარი: „დაგვეხმარე, არ ავყვეთ ცდუნებას და გვიხსენი ბოროტისგან“ (მათ. 6:13). მართალია, იეჰოვას ჩვენი დახმარების სურვილი აქვს, მაგრამ ჩვენც ჩვენი უნდა გავაკეთოთ და ვითხოვოთ დახმარება, შემდეგ კი შესაბამისადაც მოვიქცეთ. w23.05 6, 7 ¶15–17

სამშაბათი, 9 დეკემბერი

ადვილად არ გაწყდება სამმაგი ძაფი (ეკლ. 4:12).

როცა ცოლ-ქმრისთვის იეჰოვა ახლო მეგობარია, ისინი ცდილობენ, ყოველთვის გაითვალისწინონ მისი რჩევები. თავის მხრივ, მათ ეს ეხმარება, თავიდან აირიდონ ან გადალახონ ის პრობლემები, რომლებიც მათ შორის სიყვარულს გაანელებდა. სულიერი ადამიანები ცდილობენ, მიჰბაძონ იეჰოვას და ისეთი თვისებები გამოავლინონ, როგორებიცაა სიკეთე, მოთმინება და მიმტევებლობა (ეფეს. 4:32–5:1). ოჯახში ასეთი თვისებების გამოვლენა კარგ ნიადაგს ქმნის, რომ „სიყვარულის ალი“ უფრო და უფრო აგიზგიზდეს. ერთი და ლენა, რომელიც უკვე 25 წელზე მეტია, დაქორწინებულია, აღნიშნავს: „როცა გვერდით სულიერად მოწიფული ადამიანი გყავს, არ გიჭირს მას სიყვარულით და პატივისცემით მოექცე“. იმის დასანახვებლად, თუ რამდენად აუცილებელია, ცოლ-ქმარს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდეს, განვიხილოთ ერთი ბიბლიური მაგალითი. როცა იეჰოვას მესიისთვის მშობლები უნდა შეერჩია, მან დავითის უამრავი შთამომავლიდან არჩევანი იოსებსა და მარიამზე შეაჩერა. რატომ მოიქცა ასე? ერთსაც და მეორესაც მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. იეჰოვამ იცოდა, რომ მათი ქორწინების ქვაკუთხედი მისი სიყვარული იქნებოდა. w23.05 21 ¶3, 4

ოთხშაბათი, 10 დეკემბერი

გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია (ებრ. 13:17).

იეჰოვა ჩვენგან მათ მორჩილებასაც მოითხოვს, ვისაც ქრისტიანულ კრებაში ხელმძღვანელობა აკისრია. თუმცა ეს შეიძლება ყოველთვის ადვილი არ იყოს. მართალია, ჩვენი წინამძღოლი, იესო, სრულყოფილია, მაგრამ მან ჩვენთვის ხელმძღვანელობის გასაწევად არასრულყოფილი ადამიანები დანიშნა. ზოგჯერ მორჩილება შეიძლება იმიტომაც გაგვიჭირდეს, რომ არ ვეთანხმებით მათგან მიღებულ მითითებებს. სწორედ ასე მოხდა მოციქული პეტრეს შემთხვევაშიც. ერთხელ, როცა ანგელოზმა უთხრა, რომ უწმინდური ცხოველების ხორცი ეჭამა, მან ერთხელ კი არა, სამჯერ იუარა (საქ. 10:9–16). რატომ ჰქონდა პეტრეს ასეთი მძაფრი რეაქცია? ის ვერ ჩასწვდა ამ მითითების არსს. მეორე მხრივ, მოციქული პავლე დაემორჩილა იერუსალიმში მცხოვრებ უხუცესებს, როცა მას მითითება მისცეს, ოთხი კაცი ტაძარში წაეყვანა და განწმენდის წესი შეესრულებინა. პავლემ იცოდა, რომ არასწორად არ იქცეოდა, რადგან ქრისტიანებს აღარ მოეთხოვებოდათ მოსეს კანონის დაცვა. მიუხედავად ამისა, უყოყმანოდ გაითვალისწინა მიღებული მითითება და მეორე დღესვე წაიყვანა ის ოთხი კაცი განწმენდის წესის შესასრულებლად (საქ. 21:23, 24, 26). რა კარგია, რომ პავლე დაემორჩილა ხელმძღვანელ ძმებს და, ამგვარად, ქრისტიანებს შორის ერთობასაც შეუწყო ხელი (რომ. 14:19, 21). w23.10 10 ¶15, 16

ხუთშაბათი, 11 დეკემბერი

იეჰოვას მეგობრები მისი მოშიშები არიან (ფსალმ. 25:14).

დიდი ალბათობით, შიშს არ დაასახელებდით, თუ გკითხავდნენ, რა თვისებებია საჭირო კარგი მეგობრობისთვის. თუმცა, ვისაც იეჰოვასთან მეგობრობა სურს, მისი მოშიში უნდა იყოს. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წელია იეჰოვას ვემსახურებით, თითოეული უნდა ვეცადოთ, რომ ყოველთვის გვქონდეს მისადმი შიში. რას ნიშნავს ღვთისმოშიშება? ღვთისმოშიშ ადამიანს უყვარს ღმერთი და ყველანაირად ცდილობს, რომ მასთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს. სწორედ ასეთი ადამიანი იყო იესო (ებრ. 5:7). მას ავადმყოფური შიში კი არ ჰქონდა, არამედ ძალიან უყვარდა იეჰოვა და სურდა ყველაფერში დამორჩილებოდა (ეს. 11:2, 3; იოან. 14:21, 31). ჩვენც ღრმა პატივისცემასა და მოწიწებას ვგრძნობთ იეჰოვას მიმართ, რადგან ის მოსიყვარულე, ბრძენი, სამართლიანი და ძლევამოსილი ღმერთია. რაკი იეჰოვას ძალიან ვუყვარვართ, მისთვის სულერთი არაა, როგორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. შესაბამისად, ჩვენი არჩევანით მას ან გულს ვტკენთ, ან ვუხარებთ (ფსალმ. 78:41; იგავ. 27:11). w23.06 14 ¶1, 2; 15 ¶5

პარასკევი, 12 დეკემბერი

როცა გაძლიერდა, გადიდგულდა თავისდა დასაღუპავად; უორგულა იეჰოვას (2 მატ. 26:16).

როცა მეფე უზია გაძლიერდა, დაავიწყდა, ვინ უმართავდა ხელს. რისი სწავლა შეგვიძლია მისი შემთხვევიდან? არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ რამეს მივაღწიეთ, ეს იეჰოვას დამსახურებაა და სხვა ყველაფერშიც ის გვიმართავს ხელს. ასე რომ, კი არ უნდა ვიტრაბახოთ ჩვენი მიღწევებით, არამედ იეჰოვას მივაგოთ საკადრისი პატივი (1 კორ. 4:7). ჩვენ თავმდაბლად უნდა ვაღიაროთ, რომ არასრულყოფილები ვართ და დროდადრო გამოსწორებას ვსაჭიროებთ. 60 წელს გადაცილებულმა ერთმა ძმამ ასეთი რამ თქვა: „ვისწავლე, რომ მძაფრი რეაქცია არ მქონდეს, როცა სხვები ჩემს შეცდომას ამჩნევენ. ზოგჯერ საკმაოდ სულელურ შეცდომას ვუშვებ და რჩევასაც ვიღებ. ასეთ დროს ვცდილობ, გამოვასწორო შეცდომა და კვლავაც საუკეთესო გავიღო იეჰოვასთვის“. ფაქტია, თუ იეჰოვას მოშიშები და თავმდაბლები ვიქნებით, ჩვენი ცხოვრება ისე წარიმართება, რომ სანანებელი არაფერი გვექნება (იგავ. 22:4). w23.09 10 ¶10, 11

შაბათი, 13 დეკემბერი

მოთმინება გმართებთ, რომ შეასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ დანაპირები (ებრ. 10:36).

პირველ საუკუნეში ქრისტიანებს მოთმინების გამოვლენა მართებდათ. ყოფითი პრობლემების გარდა, მათ სხვა განსაცდელების ატანაც უწევდათ. ბევრი დევნას ხვდებოდა იუდეველი რელიგიური წინამძღოლების, რომაელი მმართველების და საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდანაც კი (მათ. 10:21). მათ განდგომილებისთვისაც უნდა გაეწიათ წინააღმდეგობა, რომლებიც თავიანთი მოძღვრებებით კრებაში განხეთქილების ჩამოგდებას ცდილობდნენ (საქ. 20:29, 30). თუმცა ეს და-ძმები მოთმინებით იტანდნენ ამ ყველაფერს (გამოცხ. 2:3). მათ ისეთ ბიბლიურ პერსონაჟებზე დაფიქრება დაეხმარა, რომლებიც მოთმინების კარგ მაგალითს იძლეოდნენ. ერთ-ერთი იყო იობი (იაკ. 5:10, 11). ამასთანავე, ისინი ღმერთს მოთმინების ძალას სთხოვდნენ და იმაზეც ფიქრობდნენ, როგორ დაჯილდოვდებოდა მათი მოთმინება (საქ. 4:29–31; 5:41). ღვთის სიტყვასა და პუბლიკაციებში მოყვანილი მაგალითების რეგულარულად განხილვა და მათზე დაფიქრება ჩვენც შეგვმატებს მოთმინების ძალას. w23.07 3 ¶5, 6

კვირა, 14 დეკემბერი

უპირველესად, ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ (მათ. 6:33).

უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა და იესო არ ჩაიქნევენ ჩვენზე ხელს. მას შემდეგ, რაც პეტრემ იესო უარყო, არჩევანის წინაშე დადგა – ყველაფერს თავს დაანებებდა თუ ქრისტეს ერთგული დარჩებოდა. იესოს მისთვის ნათქვამი ჰქონდა: „ვილოცე შენთვის, რომ რწმენა არ დაკარგო, და როცა მობრუნდები, განამტკიცო ძმები“ (ლუკ. 22:31, 32). იმაზე ფიქრი, თუ როგორ ენდობოდა იესო, პეტრეს ძალას შემატებდა, არ დანებებულიყო. როცა ცხოვრების გზაგასაყარზე ვდგავართ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, იეჰოვამ შეიძლება მზრუნველი მწყემსების მეშვეობით გაგვამხნეოს და ერთგულების შენარჩუნებაში დაგვეხმაროს (ეფეს. 4:8, 11). იეჰოვამ პეტრესა და სხვა მოციქულების მატერიალურ საჭიროებებზეც იზრუნა. ის ჩვენზეც იზრუნებს, თუ მის მსახურებას პირველ ადგილზე დავაყენებთ. w23.09 24, 25 ¶14, 15

ორშაბათი, 15 დეკემბერი

ვინც ღარიბს სწყალობს, სესხს აძლევს იეჰოვას; ის გადაუხდის მას მისი საქმისამებრ (იგავ. 19:17).

იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება ჩვენ მიერ სხვების მიმართ გამოვლენილი თუნდაც მცირედი სიკეთე. მისთვის ეს ძალიან ძვირფასი მსხვერპლია. ის თავს ვალდებულად თვლის, რომ სიკეთის მქმნელს სიკეთით გადაუხადოს. თუ ერთ დროს მომსახურედ ან უხუცესად მსახურობდით, მაგრამ შემდეგ თქვენი მდგომარეობა შეიცვალა, გახსოვდეთ, იეჰოვას არ დავიწყებია თქვენი სიყვარული და გაწეული შრომა (1 კორ. 15:58). მას არც ის რჩება მხედველობიდან, რასაც დღეს აკეთებთ. იეჰოვას სურვილია, უფრო მეტად შევიყვაროთ ისიც და მოყვასიც. ღვთის სიტყვის კითხვა, წაკითხულზე ფიქრი და რეგულარული ლოცვა, იეჰოვას სიყვარულს კიდევ უფრო გაგვიღრმავებს. და-ძმებისადმი სიყვარულს კი იმ შემთხვევაში გავიძლიერებთ, თუ არ შევიკავებთ თავს მათი დახმარებისგან. ამგვარად, უფრო მეტად დავუახლოვდებით იეჰოვას და ჩვენს სულიერ ოჯახს. ეს მეგობრობა კი მარადიულად გასტანს. w23.07 10 ¶11; 11 ¶13; 13 ¶18

სამშაბათი, 16 დეკემბერი

თითოეული თავის სატარებელს ატარებს (გალ. 6:5).

თითოეულმა ქრისტიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ იზრუნებს ჯანმრთელობაზე. ბიბლიაში სულ ორად ორი კანონია მოცემული, რომლებიც ქრისტიანმა უნდა გაითვალისწინოს მკურნალობის მეთოდის არჩევისას. ესენია: მოერიდოს სისხლს და თავი შორს დაიჭიროს სპირიტიზმისგან. სხვა დანარჩენი პირადი არჩევანის საკითხია (საქ. 15:20; გალ. 5:19, 20). რაც არ უნდა დარწმუნებულები ვიყოთ მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდის ავკარგიანობაში, ჩვენ არ გვაქვს უფლება, საკუთარი აზრი თავს მოვახვიოთ სხვას. ყოველთვის მხედველობაში უნდა მივიღოთ შემდეგი ოთხი აზრი: 1) მხოლოდ ღვთის სამეფო გადაჭრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას (ეს. 33:24), 2) თითოეული ქრისტიანი, თავად უნდა დარწმუნდეს, მისთვის რა აჯობებს (რომ. 14:5), 3) ჩვენ არ უნდა განვსაჯოთ და დავაბრკოლოთ და-ძმები (რომ. 14:13) და 4) ქრისტიანული სიყვარულიდან გამომდინარე პირად არჩევანს არ შევწირავთ კრების ერთიანობას (რომ. 14:15, 19, 20). w23.07 24 ¶15

ოთხშაბათი, 17 დეკემბერი

ნაზირობის დროს იეჰოვას თვალში ის წმინდა იქნება (რიცხ. 6:8).

ეჭვგარეშეა, დიდ პატივად მიიჩნევთ იეჰოვასთან ურთიერთობას. მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდათ წარსულში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურებსაც (ფსალმ. 104:33, 34). ბევრ მათგანს იეჰოვას გულისთვის დიდ მსხვერპლზე მოუწია წასვლა. ზუსტად ასე იყო ნაზირების ანუ მიძღვნილთა შემთხვევაშიც. სიტყვა „ნაზირი“ ზუსტად აღწერს იმ ისრაელების სულისკვეთებას, რომლებიც გარკვეულ მსხვერპლზე მიდიოდნენ, რათა იეჰოვასთვის განსაკუთრებული სახით ემსახურათ. მოსეს კანონის თანახმად, როგორც ქალს, ისე კაცს, შეეძლო განსაკუთრებული აღთქმა დაედო იეჰოვასთვის, რომ რაღაც დროით ნაზირად იმსახურებდა (რიცხ. 6:1, 2). მას, ვინც აღთქმას დებდა, ისეთი მითითებების დაცვა მოეთხოვებოდა, რომლებიც სხვა ისრაელებზე არ ვრცელდებოდა. ამიტომ შეიძლება ვინმემ იკითხოს, საერთოდ რატომ უჩნდებოდა ადამიანს სურვილი, ნაზირობის აღთქმა დაედო? როგორც ჩანს, ამისკენ მას იეჰოვასადმი დიდი სიყვარული და ღრმა მადლიერების გრძნობა უბიძგებდა (კან. 6:5; 16:17). w24.02 14 ¶1, 2

ხუთშაბათი, 18 დეკემბერი

იეჰოვა . . . ურყევია შენი სიყვარული შენს მოყვარულთა, შენი მცნებების დამცველთა მიმართ! (დან. 9:4).

ბიბლიაში „ერთგულებად“ და „ურყევ სიყვარულად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა თბილი დამოკიდებულებისა და ემოციური მიჯაჭვულობის აზრს ატარებს და ხშირად თავისი მსახურებისადმი ღვთის სიყვარულის აღსაწერად გამოიყენება. თუმცა ზოგ კონტექსტში ღვთის მსახურთა შორის არსებულ სიყვარულსაც აღწერს (2 სამ. 9:6, 7). იეჰოვა მოელის, რომ მის მიმართაც გამოვიჩენთ ასეთ სიყვარულსა და ერთგულებას. როგორც დანიელის მაგალითიდან ჩანს, დროთა განმავლობაში შეიძლება გამოვიწრთოთ და უფრო უკომპრომისოები გავხდეთ. დანიელის ერთგულება წლების მანძილზე არაერთგზის გამოიცადა. ერთ-ერთ ურთულეს გამოცდას ის ღრმა სიბერეში შეხვდა. იმ დროისთვის დანიელი 90 წელს იყო გადაცილებული. სამეფო კარის მოხელეებს თვალში არ მოსდიოდათ დანიელი და არაფრად აგდებდნენ მის ღმერთს. ამიტომ მათ დანიელის გამოსაჭერად და მოსაკლავად გეგმა შეიმუშავეს და მეფეს ხელი მოაწერინეს ბრძანებულებაზე, რომელიც მეფის გარდა სხვისთვის თხოვნით მიმართვას კრძალავდა. ერთადერთი, რაც დანიელს მოეთხოვებოდა, ის იყო, რომ მეფისთვის ერთგულება დაემტკიცებინა და 30 დღე არ ელოცა, თუმცა ის ღვთის ერთგული დარჩა (დან. 6:12–15, 20–22). w23.08 5 ¶10–12

პარასკევი, 19 დეკემბერი

გვიყვარდეს ერთმანეთი (1 იოან. 4:7).

იეჰოვას სურს, რომ მაშინაც გამოვავლინოთ და-ძმების მიმართ სიყვარული, როცა ეს ადვილი არ არის. თუ რომელიმე თანაქრისტიანს რაიმე შეეშლება, არ უნდა დავასკვნათ, რომ ასე განზრახ მოგვექცა და საერთოდ არ ითვალისწინებს ბიბლიურ პრინციპებს (იგავ. 12:18). იეჰოვა ხედავს ჩვენს შეცდომებს, მაგრამ მაინც ვუყვარვართ. როცა რაღაცას ვაშავებთ, ის ხაზს არ გვისვამს და მზად არის პატიებისთვის (ფსალმ. 103:9). თუ ის ასეთი მიმტევებელია, მით უმეტეს, ჩვენ გვმართებს ასე მოქცევა (ეფეს. 4:32–5:1). რაც უფრო ვუახლოვდებით აღსასრულს, მით უფრო აუცილებელი ხდება, რომ თანაქრისტიანებთან ახლო ურთიერთობა შევინარჩუნოთ. თანაც მომავალში დევნა უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და შეიძლება რწმენის გამო დაგვაპატიმრონ კიდეც. იმ დროს ერთმანეთი ისე დაგვჭირდება, როგორც არასდროს (იგავ. 17:17). w24.03 15, 16 ¶6, 7

სამშაბათი, 20 დეკემბერი

კაცის ნაბიჯებს იეჰოვა წარმართავს (იგავ. 20:24).

ბიბლია იმ ახალგაზრდების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც დაუახლოვდნენ იეჰოვას, მისი კეთილგანწყობა მოიპოვეს და აზრიანად განვლეს ცხოვრება. მათ შორის იყო მეფე დავითი. მან პატარაობაშივე გადაწყვიტა, ეერთგულა ღვთისთვის (1 მეფ. 3:6; 9:4, 5; 14:8). დავითის მაგალითის გამოკვლევა იეჰოვას ერთგულად მსახურების სურვილს გაგიძლიერებთ. შეგიძლიათ პირადი შესწავლის დროს მარკოზის და ტიმოთეს მაგალითებიც განიხილოთ. ისინიც ახალგაზრდობიდანვე ემსახურებოდნენ იეჰოვას და სიცოცხლის ბოლომდე გრძნობდნენ მის კეთილგანწყობას. თქვენი მომავალი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებთ დღეს. თუ საკუთარ გონებას არ დაენდობით და იეჰოვას მიმართავთ ხელმძღვანელობისთვის, ის დაგეხმარებათ, სწორად წარმართოთ ცხოვრება. წინ ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება გელით. გახსოვდეთ, იეჰოვა ძალიან აფასებს იმას, რასაც მისთვის აკეთებთ. ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამის მსახურება ნამდვილად საუკეთესო არჩევანია. w23.09 13 ¶18, 19

კვირა, 21 დეკემბერი

მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს (კოლ. 3:13).

მოციქულ პავლეს ესმოდა, რომ და-ძმები არასრულყოფილები იყვნენ, ამიტომ ადვილად არ ნაწყენდებოდა მათზე. მაგალითად, იერუსალიმის კრებაში ზოგიერთ და-ძმას ეშინოდა მისი და არ ენდობოდა (საქ. 9:26). მასზე ზურგს უკანაც ლაპარაკობდნენ და მისი რეპუტაციის შელახვას ცდილობდნენ (2 კორ. 10:10). ის იმის მოწმეც გახდა, თუ როგორ დააბრკოლა პასუხისმგებელი ძმის არასწორმა საქციელმა თანაქრისტიანები (გალ. 2:11, 12). პავლეს ახლობელმა ადამიანმა, მისმა თანამსახურმა მარკოზმაც, გაუცრუა იმედი (საქ. 15:37, 38). Როგორ იქცეოდა ის ასეთ სიტუაციებში? წყვეტდა მათთან ურთიერთობას, ვინც გულს სტკენდა? არა, ის კვლავაც აფასებდა და-ძმებს და აქტიურად აგრძელებდა იეჰოვას მსახურებას. რა ეხმარებოდა ამაში? პავლეს უყვარდა და-ძმები, რაც იმაში ეხმარებოდა, რომ აქცენტი მათ ნაკლოვანებებზე კი არა, კარგ თვისებებზე გაეკეთებინა. სწორედ სიყვარულმა შეაძლებინა პავლეს, რომ თავადაც იმ სიტყვების თანახმად მოქცეულიყო, რომლებიც დღევანდელ მუხლშია ჩაწერილი. w24.03 15 ¶4, 5

ორშაბათი, 22 დეკემბერი

უფლის მონა კი არ უნდა დავობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს (2 ტიმ. 2:24).

ბიბლიაში ჩაწერილი არაერთი მონაკვეთიდან ჩანს, რომ რბილმა ხასიათმა ადამიანს შეიძლება პრობლემები აარიდოს თავიდან. ამის კარგი მაგალითია ისაკი. როცა ის ფილისტიმელთა მიწაზე, გერარში, დასახლდა, მეზობლებს შეშურდათ მისი და მამამისის ამოთხრილი ჭები მიწით ამოავსეს. თუმცა ისაკს მათთან დავა არ დაუწყია. მან არჩია, გასცლოდა იქაურობას და სხვაგან ამოეთხარა ჭები (დაბ. 26:12–18). მაგრამ ფილისტიმელები იქაც მოედავნენ წყალზე და ისაკმა ამჯერადაც მშვიდობიან გზას მიმართა (დაბ. 26:19–25). რა დაეხმარა მას სიმშვიდის შენარჩუნებაში, როცა სხვები მიზანმიმართულად ცდილობდნენ მის გამოწვევას? მან ალბათ ბევრი რამ ისწავლა თავისი მშობლებისგან – მშვიდობისმოყვარე აბრაამისა და „სიმშვიდითა და რბილი ხასიათით“ შემკული სარასგან (1 პეტ. 3:4–6; დაბ. 21:22–34). w23.09 15 ¶4

სამშაბათი, 23 დეკემბერი

განვიზრახე და გავაკეთებ (ეს. 46:11).

დანიშნულ დროს იეჰოვამ თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა დედამიწაზე. იესო ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ ასწავლიდა და ცოდვისა და სიკვდილისგან მათ გამოსასყიდად საკუთარი სიცოცხლეც გაიღო. იეჰოვამ ის მკვდრეთით აღადგინა, ზეცად აამაღლა და თავისი სამეფოს მეფედ დასვა. ბიბლიას მთავარ თემად სამეფოს მეშვეობით ღვთის სახელის განწმენდა გასდევს. ეს მაშინ მოხდება, როცა ღვთის სამეფო დედამიწასთან დაკავშირებულ ღვთის თავდაპირველ განზრახვას შეასრულებს და გასრულყოფილებული ადამიანები მარადიული სიცოცხლით გაიხარებენ (ფსალმ. 22:26). თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულდება. იეჰოვას საბოლოო განზრახვა ისაა, რომ ყველა თავისი გონიერი ქმნილება, ზეცაში თუ დედამიწაზე, ერთ ოჯახად გააერთიანოს და ყველა მას დაემორჩილოს, როგორც უზენაეს მმართველს (ეფეს. 1:8–11). ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, რომ ეს აუცილებლად შესრულდება, რადგან ამის გარანტიას თავად იძლევა (ეს. 46:10; ებრ. 6:17, 18). აღფრთოვანებას ვერ ვმალავთ, როცა ვფიქრობთ, როგორ მოჰყავს იეჰოვას სისრულეში თავისი განზრახვა. w23.10 20 ¶7, 8

ოთხშაბათი, 24 დეკემბერი

„გამაგრდით . . . მე თქვენთანა ვარ“, – ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა (ანგ. 2:4).

ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნებული ებრაელები მალევე შეხვდნენ ეკონომიკურ პრობლემებსა და დევნას, თანაც მთელ სპარსეთის იმპერიაში პოლიტიკურადაც არასახარბიელო მდგომარეობა იყო. მართალია, მათ შემართებით დაიწყეს იეჰოვას ტაძრის აღდგენა, მაგრამ არსებული ვითარების გამო გაუჭირდათ საქმის ბოლომდე მიყვანა. ამიტომ იეჰოვამ წინასწარმეტყველებს, ანგიასა და ზაქარიას, დაავალა ხალხის გამხნევება. მათ მცდელობას უკვალოდ არ ჩაუვლია და ხალხმაც დაიბრუნა უწინდებური შემართება (ანგ. 1:1; ზაქ. 1:1). თუმცა დაახლოებით 50 წლის შემდეგ ებრაელებს კვლავაც დასჭირდათ იმის შეხსენება, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა პირველ ადგილზე დაეყენებინათ. ამჯერად ღმერთმა მათ დასახმარებლად ეზრა აღძრა, რომელიც კანონის გადამწერი იყო (ეზრ. 7:1, 6). ანგიასა და ზაქარიას წინასწარმეტყველებები ჩვენც გვეხმარება, რომ სირთულეების დროს მივენდოთ იეჰოვას (იგავ. 22:19). w23.11 14, 15 ¶2, 3

ხუთშაბათი, 25 დეკემბერი

შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის სრულყოფილი გამაერთიანებელი კავშირია (კოლ. 3:14).

როგორ გამოვავლინოთ და-ძმების მიმართ სიყვარული? სიყვარულის გამოვლენის ერთ-ერთი გზა მათი ნუგეშისცემაა. ამისკენ კი თანაგრძნობა უნდა აღგვძრავდეს (1 თეს. 4:18). რა დაგვეხმარება, რომ ყოველთვის ძლიერ გვიყვარდეს ერთმანეთი? ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ყველანაირად ვეცდებით, თვალი დავხუჭოთ სხვების შეცდომებზე. რატომ არის და-ძმების სიყვარული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეს? მიზეზი პეტრეს სიტყვებიდან ჩანს: „მოახლოვდა ყველაფრის დასასრული. ამიტომ . . . მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი“ (1 პეტ. 4:7, 8). ვიცით, რომ ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებასთან ერთად, ცხოვრება კიდევ უფრო გართულდება. თავის მიმდევრებს იესომ ასეთი რამ უთხრა: „ყველა ხალხი შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო“ (მათ. 24:9). ასეთი სიძულვილის მიუხედავად იეჰოვას ერთგულები რომ დავრჩეთ, ერთობა უნდა შევინარჩუნოთ. ერთობის შენარჩუნებაში კი სიყვარული დაგვეხმარება (ფილ. 2:1, 2). w23.11 13 ¶18, 19

პარასკევი, 26 დეკემბერი

ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ (1 კორ. 3:9).

ღვთის სიტყვაში ჩაწერილ ჭეშმარიტებას წარმოუდგენლად დიდი ძალა აქვს. როცა ადამიანებს იეჰოვას ვაცნობთ, საოცარი რამის მოწმენი ვხდებით. ისინი თავისუფლდებიან სიცრუის მონობისგან და იგებენ, სინამდვილეში როგორია ჩვენი ზეციერი მამა. მათ მოწიწების გრძნობა ეუფლებათ, როცა ხედავენ, რამხელა ძალას ფლობს ის (ეს. 40:26). ისინი რწმუნდებიან, რომ სრულყოფილია მისი სამართალი (კან. 32:4). მათში აღტაცებას იწვევს ღვთის განუზომელი სიბრძნე (ეს. 55:9; რომ. 11:33). ანუგეშებთ იმის გაგებაც, რომ ღმერთი სიყვარულის განსახიერებაა (1 იოან. 4:8). და რაც უფრო უახლოვდებიან ზეციერ მამას, მარადიული ცხოვრების იმედიც მით უფრო რეალური ხდება მათთვის. მართლაც რამხელა პატივია, რომ ხალხს იეჰოვასთან დაახლოებაში ვეხმარებით. როცა ასე ვიქცევით, იეჰოვა თავის „თანამშრომლებად“ გვთვლის (1 კორ. 3:5). w24.02 12 ¶15

შაბათი, 27 დეკემბერი

ჯობია, არ აღუთქვა, ვიდრე აღუთქვა და არ შეასრულო (ეკლ. 5:5).

თუ თქვენც სწავლობთ მოწმეებთან ბიბლიას ან მშობლები გასწავლიან ჭეშმარიტებას, შესაძლოა უკვე ნათლობაც დაისახეთ მიზნად. ეს ნამდვილად ღირებული მიზანია. მაგრამ, სანამ მოინათლებით, ჯერ თავი უნდა მიუძღვნათ იეჰოვას. შესაძლოა გაინტერესებთ, როგორ ხდება იეჰოვასადმი თავის მიძღვნა. თქვენ მას ლოცვაში პირობას აძლევთ, რომ მხოლოდ მას სცემთ თაყვანს და მისი ნების შესრულება თქვენს ცხოვრებაში უმთავრესი იქნება. ფაქტობრივად, იეჰოვას ეუბნებით, რომ ყოველთვის გეყვარებათ ის „მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“ (მარ. 12:30). მიძღვნის აღთქმას მხოლოდ იეჰოვას წინაშე დებთ, ნათლობით კი სხვების წინაშე საჯაროდ ადასტურებთ, რომ მას მიუძღვენით თავი. ვინაიდან მიძღვნა წმინდა აღთქმაა, თქვენი მიზანი უნდა იყოს, რომ შეასრულოთ ის. იეჰოვაც სწორედ ამას მოელის თქვენგან (ეკლ. 5:4). w24.03 2 ¶2; 3 ¶5

კვირა, 28 დეკემბერი

თითოეულ თქვენგანს ისე უნდა უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი, ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს (ეფეს. 5:33).

უპრობლემო ქორწინება არ არსებობს. ბიბლიაშიც არაორაზროვნად წერია, რომ დაქორწინებულებს „მეტი საზრუნავი“ ექნებათ (1 კორ. 7:28). ქორწინება ხომ ორი არასრულყოფილი ადამიანის კავშირია, რომელთაც შეიძლება განსხვავებული ხასიათი, გემოვნება და წარმომავლობა ჰქონდეთ. ამიტომ ცოლ-ქმარმა დროთა განმავლობაში შეიძლება ერთმანეთში რაღაც ისეთი აღმოაჩინოს, რაც ქორწინებამდე არ შეუმჩნევიათ. ასეთი ფაქტორები ხშირად უთანხმოების მიზეზიც ხდება და, სამწუხაროდ, წყვილი ერთმანეთის დადანაშაულებას იწყებს ხოლმე. ამ დროს მათ მხედველობიდან რჩებათ ის ფაქტი, რომ ორივენი უშვებენ შეცდომებს და ერთმანეთს კი არა, პრობლემას უნდა ებრძოლონ. ზოგი შეიძლება იქამდეც კი მივიდეს, რომ პრობლემებიდან ერთადერთი გამოსავალი განცალკევებით ცხოვრებაში ან განქორწინებაში დაინახოს. მაგრამ არის კი ეს სინამდვილეში გამოსავალი? არა. იეჰოვა ცოლსაც და ქმარსაც მოუწოდებს, რომ რაც არ უნდა რთული იყოს თანაცხოვრება, პატივი სცენ ქორწინების ინსტიტუტს. w24.03 16 ¶8; 17 ¶11

ორშაბათი, 29 დეკემბერი

იმედი არ გაგვაწბილებს (რომ. 5:5).

თქვენ მას შემდეგაც არ შეგიწყვეტიათ იეჰოვას შესახებ მეტის გაგება და მასთან დაახლოება, რაც მოინათლეთ. შესაბამისად, დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი უფრო რეალური გახდა თქვენთვის (ებრ. 5:13–6:1). დიდი ალბათობით, თქვენც გაიარეთ ის ეტაპები, რომლებსაც პავლე რომაელების 5:2–4-ში მოიხსენიებს. არაერთ განსაცდელს შეხვდით, მაგრამ მოთმინებით აიტანეთ ყველაფერი და ისიც იგრძენით, რომ იეჰოვას თვალში კეთილგანწყობა პოვეთ. ღვთის კეთილგანწყობაში დარწმუნებულებს კი უფრო განგიმტკიცდათ იმის იმედი, რომ მისგან დაპირებულს მიიღებდით. ამგვარად, ის იმედი, რომელიც თავდაპირველად ჩაგესახათ გულში, უფრო რეალური გახდა. ეს იმედი მთელ თქვენს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, მაგალითად იმაზე, თუ როგორ ექცევით ოჯახის წევრებს, რა გადაწყვეტილებებს იღებთ და როგორ იყენებთ დროს. პავლე მოციქულმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან აზრს გაუსვა ხაზი. მან ღვთის შთაგონებით თქვა, რომ „იმედი არ გაგვაწბილებს“ (რომ. 15:13). w23.12 12, 13 ¶16–19

სამშაბათი, 30 დეკემბერი

[იეჰოვა] გაცხოვრებს უსაფრთხოდ (ეს. 33:6).

მძიმე განსაცდელის დროს ადამიანმა შეიძლება ემოციური წონასწორობა დაკარგოს და გაუჭირდეს ფიქრებისა და საქციელის კონტროლი. მას შეიძლება ემოციები ტალღებივით ატყდებოდეს თავს. როგორ გვეხმარება იეჰოვა ასეთ დროს? ის გვპირდება, რომ წონასწორობისა და სიმტკიცის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. შტორმში მოყოლილი გემი ძლიერ რყევას იწყებს, რაც მისი გადაბრუნების საფრთხეს ქმნის. საფრთხის თავიდან ასარიდებლად გემს ორივე მხრიდან სტაბილიზატორი აქვს დაყენებული. მათი წყალობით რყევა საგრძნობლად მცირდება, რაც მგზავრობას უფრო უსაფრთხოს და სასიამოვნოს ხდის. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სტაბილიზატორი თავის ფუნქციას საუკეთესოდ მაშინ ასრულებს, როცა გემი მოძრაობს. მსგავსად, თუ სირთულეების მიუხედავად ერთგულად გავაგრძელებთ იეჰოვას მსახურებას, ეს დაგვეხმარება, წონასწორობა და სიმშვიდე შევინარჩუნოთ. w24.01 22 ¶7, 8

ოთხშაბათი, 31 დეკემბერი

იმედს ვამყარებ ღმერთზე, არ შევშინდები (ფსალმ. 56:4).

თუ შიში შეგიპყრობთ, დაფიქრდით იეჰოვას მიერ წარსულში გაკეთებულ საქმეებზე, მათ შორის, შემოქმედებაზე. მაგალითად, თუ ჩავუკვირდებით, როგორ ზრუნავს იეჰოვა ჩიტებსა და ყვავილებზე, რომლებიც მის მსგავსებად არ არიან შექმნილები და არც მისი თაყვანისცემა შეუძლიათ, დავრწმუნდებით, რომ ჩვენზეც აუცილებლად იზრუნებს (მათ. 6:25–32). იმაზეც დაფიქრდით, რაც იეჰოვას თავისი თაყვანისმცემლებისთვის გაუკეთებია. მაგალითად, უკეთ გაეცანით როგორც წარსულში, ისე თანამედროვე დროში მცხოვრებ ღვთის მსახურთა ისტორიებს. და რაც მთავარია, ყოველთვის გაიხსენეთ, როგორ ზრუნავდა იეჰოვა თქვენზე, როგორ გაგაცნოთ თავი, როგორ პასუხობდა თქვენს ლოცვებს და რა სიკეთე მოაქვს პირადად თქვენთვის გამოსასყიდს (იოან. 6:44; ეფეს. 1:7; ებრ. 4:14–16; 1 იოან. 5:14). w24.01 4 ¶6; 7 ¶17

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება