საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „კორინთი“
  • კორინთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • კორინთი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • კორინთი „ორი ნავსადგური ერთ ქალაქში“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • „ილაპარაკე, არ გაჩუმდე“
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
  • კორინთელებისთვის მიწერილი წერილები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • საბერძნეთი, ბერძნები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „კორინთი“

ᲙᲝᲠᲘᲜᲗᲘ

ანტიკური საბერძნეთის ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ქალაქი, რომელიც მდებარეობდა თანამედროვე კორინთის სამხრ.-დას. დაახლოებით 5 კმ-ში. ქალაქს ძირითადად თავისი სტრატეგიული მდებარეობა ხდიდა მნიშვნელოვანს. დასავლეთით მას ისთმოსი, კორინთის ყელი, აკრავდა, რომელიც საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილს აკავშირებდა სამხრეთ ნახევარკუნძულთან, პელოპონესთან. ჩრდილოეთით და სამხრეთით მიმავალი ყველა სახმელეთო გზა, მათ შორის სავაჭრო გზა, კორინთზე გადიოდა და კვეთდა კორინთის ყელს, რომლის ყველაზე ვიწრო ნაწილი დაახლოებით 6 კილომეტრს შეადგენდა. კორინთზე გადიოდა აგრეთვე საზღვაო გზაც. ზღვაოსნებს ერჩივნათ ესარგებლათ ამ ყელით, რომელიც კორინთის ყურესა და სარონიკოსის ყურეს ერთმანეთთან აკავშირებდა. ისინი ერიდებოდნენ გრძელი და სახიფათო გზით მგზავრობას ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე კონცხის შემოვლით, სადაც ხშირი იყო ძლიერი შტორმები. იტალიის, სიცილიის და ესპანეთის გემები სერავდნენ იონიის ზღვას კორინთის ყურის გავლით და შედიოდნენ ლექეონის ღრმაწყლებიან ნავსადგურში. ქალაქის დასავლეთ პორტში, რომელიც კორინთს ორი გრძელი კედლით აკავშირებდა ერთმანეთთან, მცირე აზიის, სირიისა და ეგვიპტის გემები ეგეოსის ზღვის მეშვეობით შემოდიოდნენ და ღუზას კენქრეს აღმოსავლეთ პორტში ან შესაძლოა უფრო პატარა პორტ სქენოსში უშვებდნენ (რმ. 16:1). ტვირთს დიდი გემებიდან ერთ ნავსადგურში ჩამოტვირთავდნენ ხოლმე და რამდენიმე კილომეტრით მოშორებულ სხვა ნავსადგურში გადაჰქონდათ, საიდანაც სხვა გემებზე ტვირთავდნენ. დატვირთული პატარა გემები კვეთდნენ ისთმოსს დიოლკოს-ის (სიტყვასიტყვით გადაზიდვა) სახელით ცნობილი სანაოსნო არხის გავლით. კორინთის ყელს ზღვაზე გადასასვლელ ხიდსაც უწოდებდნენ და არცთუ უსაფუძვლოდ.

ისტორია. კორინთი ძვ. წ. მეშვიდე საუკუნისთვის უკვე აყვავებული ქალაქი იყო, როცა პოსეიდონის (ბერძნულ მითოლოგიაში ზღვის ღმერთი, რომაულ მითოლოგიაში ნეპტუნი) ისთმოსის ტაძარში საფუძველი ჩაეყარა ისთმოსის თამაშობანს, რომლებიც ორ წელიწადში ერთხელ იმართებოდა. პავლემ ეს თამაშები ერთ-ერთ ძლიერ თვალსაჩინოებად გამოიყენა თავის წერილში (1კრ. 9:24—27). ძვ. წ. მეოთხე საუკუნიდან კორინთში ძირითადად მაკედონელები ბატონობდნენ, რაც ძვ. წ. 196 წლამდე გაგრძელდა, მანამ სანამ კორინთში რომაელები არ გაბატონდნენ. კორინთი, როგორც დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფო შეუერთდა აქაველთა კავშირში შემავალ სხვა ქალაქებს, რომლებიც რომს უპირისპირდებოდნენ. აქაველთა კავშირი საბოლოოდ რომაელმა კონსულმა ლუსიუს მუმიუსმა დაამხო ძვ. წ 146 წელს. კავშირში შემავალი მამაკაცები დახოცეს, ქალები და ბავშვები კი მონებად გაყიდეს. კორინთი საუკუნის განმავლობაში გაუკაცრიელებული იყო. ძვ. წ. 44 წელს (ზოგი წყაროს თანახმად 46 წელს) იულიუს კეისარმა აღადგინა ქალაქი როგორც რომის კოლონია და უწოდა „კოლონია ლავს იულიუს კორინთიენსის“. აქაია, როგორც რომაელებმა შეარქვეს მაკედონიის აქეთ მდებარე საბერძნეთის ნაწილს, კეისარ ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში გახდა რომაელ სენატორთა პროვინცია, კორინთი კი — მისი დედაქალაქი.

ინდუსტრია და მშენებლობა. ქალაქი კორინთი, სადაც დაახლ. ახ. წ. 50 წელს პავლე მოციქული ჩავიდა, მნიშვნელოვან სავაჭრო და პოლიტიკურ გზაგასაყარს წარმოადგენდა. ქალაქის ეკონომიკის აყვავებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა იმ სატვირთო გემებზე დაკისრებული ბეგარა, რომლებიც კორინთის ყელის გავლით დაცურავდნენ. გარდა ამისა, ქალაქი ინდუსტრიულ ცენტრადაც ითვლებოდა იქ დამზადებული კერამიკული და ბრინჯაოს ნაკეთობების გამო. თავად ქალაქი ორ ტერასაზე იყო გაშენებული, რომელთაგან ერთი დაახლოებით 30 მეტრით მაღალი იყო მეორეზე. ცენტრში მდებარეობდა ფართო სავაჭრო მოედანი, აგორა, რომელიც გარშემორტყმული იყო კოლონადებითა და საჯარო დანიშნულების შენობებით. აგორისკენ მომზირალ ჩამწკრივებულ მაღაზიებში, რომელთაგან ზოგიერთის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი, იყიდებოდა ხორცი, სხვა პროდუქტები და ღვინო. აღმოჩენილია ერთ-ერთ მაღაზიაზე გაკეთებული ლათინური წარწერა macellum. მისი ბერძნული შესატყვისია მაკელონ, რაც „ხორცის ბაზარს“ ნიშნავს. ეს სიტყვა პავლე მოციქულმა გამოიყენა 1 კორინთელების 10:25-ში. კიდევ ერთი აღმოჩენილი წარწერა, რომელიც კიბის საფუხურზე იყო გაკეთებული, ასე იკითხება: „ლუციუსი, ყასაბი“.

აგორას ცენტრთან ახლოს აღმოჩენილია შემაღლებული ადგილი, ერთგვარი ტრიბუნა, რასაც ბემას, იგივე როსტრას ეძახდნენ. ის იშლებოდა ტერასებიდან და აგორას ზედა და ქვედა მხარეებს ერთმანეთისგან ყოფდა. ტრიბუნა თეთრი და ცისფერი მარმარილოსგან იყო აშენებული და ზედ მდიდრული ორნამენტები ჰქონდა ამოკვეთილი. მას ორი მოსაცდელი დარბაზი ჰქონდა, მოზაიკური იატაკებითა და მარმარილოს სკამებით. ითვლება, რომ ბემა არის სწორედ ის „სასამართლო ტახტი“, სადაც სასიხარულო ცნობის ქადაგების გამო იუდეველებმა პავლე აქაიის პროკუნსულ გალიონის წინაშე წარადგინეს (სქ. 18:12­—16). ქალაქ დელფოში, რომელიც კორინთის ყურის ჩრდილოეთით მდებარეობს, აღმოაჩინეს წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია გალიონი, აგრეთვე მინიშნებულია, რომ ის იყო პროკონსული (იხ. ᲒᲐᲚᲘᲝᲜᲘ).

აგორას ჩრდ.-დას. მდებარეობდა თეატრი, რომელიც დაახლოებით 15 000 მაყურებელს იტევდა. ამფითეატრი იყო აგრეთვე ჩრდ.-აღმ.-ით. კორინთელი ქრისტიანები კარგად ჩასწვდებოდნენ პავლეს მიერ მოციქულების მისამართით ნათქვამს, რომ ისინი „სანახაობად იქცნენ ქვეყნიერებისთვის“, რაშიც დედნისეულ ენაზე თეატრალური სანახაობა მოიაზრება (1კრ. 4:9). თეატრთან ახლოს სავაჭრო მოედანზე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს წარწერა, სადაც მოხსენიებული იყო ვინმე ერასტუსი, რომელიც ატარებდა ლათინურ წოდებას ედილე, რაც ზოგის აზრით, ითარგმნება, როგორც „სახალხო კომისარი“. ეს პიროვნება შესაძლოა სწორედ ის „ქალაქის ხაზინადარი ერასტუსი“ გახლდათ, რომელიც პავლემ მოიხსენია რომაელების მიმართ კორინთიდან მიწერილ წერილში (რმ. 16:23). პავლეს მიერ გამოყენებული ბერძნული სიტყვა ოიკონომოს, რომელიც ითარგმნება, როგორც „ხაზინადარი“, ფაქტიურად ნიშნავს „სახლთუხუცესს“ (შდრ. გლ. 4:2, სქ. და Int; იხ. ერასტუსი №2).

რელიგია და კულტურა. მართალია, კორინთი ცნობილი იყო როგორც საბერძნეთის ადმინისტრაციული ცენტრი და წამყვანი სავაჭრო ქალაქი, მაგრამ მრავალი ადამიანისთვის ის წარმოადგენდა გარყვნილებისა და ფუფუნების სიმბოლოს. ამიტომ, თუ ვინმეზე იტყოდნენ, კორინთელივით ცხოვრობსო, ამაში იმას გულისხმობდნენ, რომ ეს ადამიანი უზნეო ცხოვრებას ეწეოდა. კორინთელთა თაყვანისმცემლობას ახასიათებდა ვნებიანი რიტუალები. მათი აღვირახსნილი ცხოვრების წესი განპირობებული იყო იმით, რომ კორინთელები თაყვანს სცემდნენ ცრუ ღმერთებს, განსაკუთრებით კი ქალღმერთ აფროდიტეს (შეესატყვისება რომაელთა ვენერა, ფინიკიელთა და ქანაანელთა ასტარტე და ბაბილონელთა იშთარი). აფროდიტესადმი მიძღვნილი ტაძარი იდგა ციცაბო კლდოვანი მთის, აკროკორინთის წვერზე, რომელიც 513 მ სიმაღლიდან გადმოჰყურებდა აგორას (ილუსტრაცია, ტ. 2, გვ. 336). აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, თუ რატომ მისცა კორინთელ ქრისტიანებს პავლე მოციქულმა პირდაპირი რჩევები, მორიდებოდნენ უზნეობას (1კრ. 6:9—7:11; 2კრ. 12:21). კორინთში სხვა ღმერთებისა და ქალღმერთებისადმი მიძღვნილ ტაძრებსაც შეხვდებოდით. მკურნალობის ღვთაების, ასკლეპიოსის ტაძარში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თიხისგან დამზადებული კანისფერი ფიგურები, რომლებიც ადამიანის სხეულის ამა თუ იმ ნაწილს და ორგანოს წარმოადგენდა. ეს ფიგურები (ხელი, ფეხი, თვალი და ა. შ.) აღთქმული შესაწირავის სახით მიჰქონდათ ტაძარში იმისდა მიხედვით, თუ ვის რა აწუხებდა.

ბერძნების გარდა კორინთში ცხოვრობდა საკმაოდ ბევრი იტალიელიც, რომლებიც იტალიიდან ჩასული პირველი კოლონიზატორების შთამომავლები იყვნენ. მრავალი კორინთელი ქრისტიანი ატარებდა ლათინურ სახელს, მაგალითად: იუსტუსი, ტერტიუსი, კვარტუსი, გაიუსი, კრისპუსი, ფორტუნატესი და აქაიკე (სქ. 18:7; რმ. 16:22, 23; 1კრ. 1:14; 16:17). კორინთში საკმაოდ ბევრი იუდეველი ცხოვრობდა; მათ სინაგოგაც ჰქონდათ, სადაც ზოგი ბერძენიც დადიოდა (სქ. 18:4). კორინთში იუდეველთა ცხოვრების ფაქტს ადასტურებს მარმარილოს ბალავარზე გაკეთებული ბერძნულენოვანი წარწერა, რომელიც აღმოაჩინეს ლექეონისკენ მიმართული კარიბჭის სიახლოვეს. წარწერა, რომელიც იკითხებოდა როგორც [სინა]გოგე ჰებრ[აიონ], ნიშნავს „ებრაელთა სინოგოგას“. კორინთში არ წყდებოდა მგზავრებისა და ვაჭრების ნაკადიც; ქალაქს აგრეთვე გართობისა და სპორტული ღონისძიებების მოყვარულებიც სტუმრობდნენ. უდავოდ, ეს ხელს უწყობდა იმას, რომ კორინთელებს უფრო ფართო თვალსაწიერი ჰქონდათ, ვიდრე სხვა ქალაქებში მცხოვრებთ, რომლებსაც პავლე მოციქული სტუმრობდა, თუნდაც ბერძნული კულტურის ცენტრში, ათენში მცხოვრებთ. პავლემ ხილვაში ნახა, რომ კორინთში ჭეშმარიტებისადმი სწორად განწყობილი ბევრი ადამიანი ცხოვრობდა, ამიტომ ის წელიწადი და ექვსი თვე დარჩა ამ სტრატეგიულ ადგილას, რომელიც აღმოსავლეთს დასავლეთთან აკავშირებდა (სქ. 18:9—11). როგორც ჩანს, მან სწორედ ამ პერიოდში მისწერა თესალონიკელებს ორი წერილი.

ქრისტიანული კრება. პავლეს თანამორწმუნეები აკვილა და პრისკილა, რომლებთან ერთადაც ის კარვებს კერავდა, მასთან ერთად იყვნენ, როდესაც პავლე კენქრეს აღმოსავლეთი სანაპიროდან ეგეოსის ზღვის გავლით ეფესოში ჩავიდა (მცირე აზია) (სქ. 18:18, 19). მჭევრმეტყველმა აპოლოსმა კი განაგრძო პავლეს მიერ დაწყებული საქმე და კორინთში ჩათესილი ჭეშმარიტების მარცვლები მორწყა (სქ. 18:24—28; 19:1; 1კრ. 3:6). პავლე ძალიან წუხდა კორინთის კრებაზე, რომლის დაარსებაშიც დიდი წვლილი მიუძღოდა; მან ორჯერ გააგზავნა იქ ტიტე როგორც თავისი წარმომადგენელი, და კორინთის კრებას ორი მნიშვნელოვანი წერილიც მისწერა (2კრ. 7:6, 7, 13; 8:6, 16, 17; 12:17, 18). მაკედონიაში ჩასვლამდე პავლე გზად კორინთში გაჩერებას გეგმავდა, მაგრამ ამის განხორციელება ვერ შეძლო. ეს გეგმა მან მოგვიანებით, სავარაუდოდ 55—56 წლებში, განახორციელა, როდესაც სამი თვე დაჰყო საბერძნეთში. ამ დროის გარკვეული ნაწილი მან კორინთში გაატარა, საიდანაც რომაელ ქრისტიანებს წერილი მისწერა (სქ. 20:2, 3; რმ. 16:1, 23; 1კრ. 1:14).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება