დანიელი
[ღმერთი ჩემი მოსამართლეა].
1. დავითის მეორე ვაჟი, რომელიც მას აბიგაილმა გაუჩინა ხებრონში (1მტ. 3:1). მეორე სამუელის 3:3-ში იგი ქილაბად არის მოხსენიებული. დავითის პირმშოს, ამნონის მკვლელობამ დანიელს შესაძლოა მამამისის შემდეგ ტახტზე ასვლის მოლოდინი გაუჩინა, თუმცა ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ მას ტახტის მითვისების მცდელობა ჰქონოდა. ეს შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ იგი პატივისცემით ეკიდებოდა სოლომონის გამეფებასთან დაკავშირებით ღვთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ან კიდევ იმაზე, რომ იგი დავითის სიკვდილამდე გარდაიცვალა.
2. იეჰოვას წინასწარმეტყველი იუდას ტომიდან. მან დაწერა მისივე სახელით წოდებული წიგნი. დანიელის ბავშვობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა მისი წიგნიდან ვიგებთ, რომ იგი ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, როცა სხვა სამეფო შთამომავლებთან და წარჩინებულებთან ერთად ბაბილონში წაიყვანეს (დნ. 1:3—6). ეს მოხდა იეჰოიაკიმის, როგორც ბაბილონის მოხარკე მეფის მეფობის მესამე წელს, რომელიც ძვ. წ. 618 წლის გაზაფხულზე დაიწყო (დნ. 1:1). იეჰოიაკიმის სიკვდილის შემდეგ მისმა ვაჟმა, იეჰოიაქინმა რამდენიმე თვე იმეფა და შემდეგ დანებდა ბაბილონელებს. ძვ. წ. 617 წლის დასაწყისში იეჰოიაქინი და სხვა წარჩინებულები, მათ შორის, ახალგაზრდა დანიელი (2მფ. 24:15), ნაბუქოდონოსორმა ტყვედ წაიყვანა.
ბაბილონში. გადასახლებულთა უმეტესობა ქალაქ ბაბილონის გარეთ, მდინარე ქებართან დაასახლეს, დანიელი და მისი სამი მეგობარი კი ბაბილონში წაიყვანეს, რათა მათ ქალდეველთა ენა და დამწერლობა ესწავლათ და შემდეგ სამეფო კარზე ემსახურათ. ტრადიციისამებრ, მათ ბაბილონური სახელები დაარქვეს. დანიელს ნაბუქოდონოსორის ღმერთის სახელი — ბელტეშაცარი უწოდეს (დნ. 1:7; 4:8; იხ. ბელტეშაცარი). მან ითხოვა, რომ მისთვის და მისი მეგობრებისთვის მხოლოდ მცენარეული საზრდო და წყალი მიეწოდებინათ, რადგან მათ არ სურდათ ისეთი საკვების მიღება, რომელიც მოსეს კანონით იქნებოდა აკრძალული ან წარმართული რიტუალებით იქნებოდა გაუწმინდურებული. იეჰოვა ღმერთმა მისცა მათ „ცოდნა და წვდომის უნარი ყოველგვარი დამწერლობისა და სიბრძნის გასაგებად; ამასთანავე დანიელს ყოველგვარი ხილვისა და სიზმრის გაგებაც შეეძლო“ (დნ. 1:17). სამი წლის თავზე, როცა მეფემ ახალგაზრდები გამოსცადა, დაინახა, რომ „ისინი ათჯერ სჯობდნენ მისი სამეფოს გრძნეულ ქურუმებსა და შემლოცველებს“ (დნ. 1:20).
დანიელი სამეფო კარზე ბაბილონის დაცემამდე მსახურობდა. წიგნ „დანიელის“ 1-ლი თავის მე-19 მუხლში ნათქვამია, რომ მისი სამი მეგობარიც მეფის წინაშე მსახურობდა, თუმცა უცნობია, დანიელის მსგავსად ისინიც ბოლომდე მსახურობდნენ თუ არა ბაბილონის სამეფო კარზე. ბაბილონის დაცემის შემდეგ დანიელმა სპარსეთის სამეფო კარზე განაგრძო მსახურება, რაც, სულ მცირე, კიროსის მეფობის მესამე წლამდე გაგრძელდა (დნ. 10:1).
ნაბუქოდონოსორის სიზმრები. ნაბუქოდონოსორს თავისი მეფობის მეორე წელს (ათვლის წერტილი, სავარაუდოდ, იერუსალიმის დაცემის თარიღია, კერძოდ ძვ. წ. 607 წელი) სიზმარმა სული აუფორიაქა. ბრძენკაცებისგან განსხვავებით, დანიელი მეფეს არა მხოლოდ მოუყვა სიზმარს, არამედ ღვთის შეწევნით, აუხსნა კიდეც, რითაც თავადაც გადაურჩა სიკვდილს და ბრძენკაცებიც იხსნა. ნაბუქოდონოსორმა დანიელი „ბაბილონის ყველა სამთავროს მმართველად და ბაბილონის ბრძენკაცთა მთავარ გამგებლად დააყენა“ (დნ. 2:48). დანიელის სამი მეგობარი, შადრაქი, მეშაქი და აბედნეგოც მაღალ თანამდებობებზე დანიშნეს, ოღონდ არა სამეფო კარზე.
მოგვიანებით დანიელის მეგობრების ერთგულება გამოიცადა. მათ უბრძანეს, რომ თაყვანი ეცათ დურას ველზე აღმართული ოქროს ქანდაკებისთვის. უცნობია, თუ რატომ არ მოიხსენიება მათ შორის დანიელი (დნ. 3). ბიბლია ამ საკითხზე დუმს. თუმცა ის, რომ დანიელი მთელი ცხოვრება ღვთის ერთგული რჩებოდა და, როგორც მეექვსე თავიდან ვიგებთ, სიკვდილსაც კი არ შეუშინდა, ოღონდ ღვთისთვის არ ეღალატა, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ იგი დურას ველზე რომც ყოფილიყო, არავითარ შემთხვევაში არ დაემხობოდა კერპის წინაშე. თანაც ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ ღმერთი დანიელს თავის ერთგულ ადამიანად თვლიდა; მან ის ნოესა და იობის გვერდით მოიხსენია (ეზკ. 14:14, 20; მთ. 24:15; ებ. 11:32, 33).
ნაბუქოდონოსორმა კიდევ ერთი სიზმარი ნახა. მან უზარმაზარი ხე იხილა, რომელიც მოჭრეს და რომელსაც უნდა ამოეყარა. დანიელმა მას აუხსნა, რომ ხე თავად ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის დიდებულ მეფეს განასახიერებდა (წინასწარმეტყველების პირველი შესრულება) (დნ. 4:20—22). ნაბუქოდონოსორი შვიდი წლის მანძილზე იქნებოდა ჭკუაზე შეშლილი, შემდეგ კი გამოჯანმრთელდებოდა და სამეფოსაც დაიბრუნებდა. ნაბუქოდონოსორმა დაადასტურა, რომ მასზე შესრულდა სიზმარი, რომელიც მას ღმერთმა ახილვინა. ეს იქიდან გამოჩნდა, რომ მან მოისურვა, თავის სამეფოში ყველასთვის ემცნო მომხდარის შესახებ (დნ. 4:1, 2).
ხილვები. ბელშაცარის მეფობის პირველ და მესამე წელს დანიელს ორი ხილვა ჰქონდა (დნ. თ-ები 7, 8). მან იხილა მხეცები, რომლებიც ერთმანეთის მონაცვლე მსოფლიო იმპერიებს განასახიერებდნენ და რომლებიც საბოლოოდ დაემხობოდნენ. დანიელმა ისიც იხილა, რომ ზეციერი მმართველობა „კაცის ძის მსგავსს“ გადაეცემოდა (დნ. 7:11—14). უცნობია, მართლა შუშანში იყო თუ არა დანიელი, როცა მე-8 თავში ჩაწერილი ხილვა იხილა, თუ მხოლოდ ხილვაში ნახა, რომ იქ იყო. როგორც ჩანს, ნაბუქოდონოსორის სიკვდილის შემდეგ დანიელი მრავალი წლის მანძილზე ან ძალიან იშვიათად ასრულებდა მრჩევლის ფუნქციას, ან საერთოდ არ ასრულებდა. ამიტომაც იყო, რომ მას შემდეგ, რაც ბელშაცარის მიერ გამართულ ღვთის შეურაცხმყოფელ, თავაშვებულ ნადიმზე ვერც ერთმა ბრძენკაცმა ვერ შეძლო სასახლის კედელზე გაჩენილი წარწერის მნიშვნელობის ახსნა, დედოფალმა (სავარაუდოდ, ბელშაცარის დედა) საჭიროდ ჩათვალა ბელშაცარისთვის იმის თქმა, რომ დანიელი მოეხმოთ. დაპირებისამებრ, დანიელი „სამეფოში მესამე კაცად გამოაცხადეს“. პირველი ნაბონიდი იყო, მეორე კი — მისი ვაჟი ბელშაცარი. იმავე ღამით მიდიელებმა და სპარსელებმა ქალაქი აიღეს, ბელშაცარი კი სიცოცხლეს გამოასალმეს (დნ. 5:1, 10—31).
მიდია-სპარსეთის მმართველობა. დარიოს მიდიელის მეფობის დროს დანიელი სამეფოს მმართველ 120 სატრაპზე დაყენებულ სამ უმაღლეს მოხელეთა შორის ერთ-ერთი იყო. იმის გამო, რომ ღვთის კეთილგანწყობა ჰქონდა, დანიელი სხვებზე უკეთ ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას. ამიტომ მეფემ განიზრახა, რომ მთელ სამეფოზე დაეყენებინა იგი. სხვა მოხელეებს შეშურდათ მისი და მის მოსაკლავად პირი შეკრეს. ბრალი რომ ვერაფერში დასდეს, უმაღლესმა მოხელეებმა მეფეს ისეთი კანონი მიაღებინეს, რომ დანიელს ღვთისადმი თაყვანისცემა დანაშაულად ჩასთვლოდა. მართალია, მეფეს არ სურდა ამ კანონის აღსრულება, მაგრამ მას არ შეეძლო მისი შეცვლა; ამიტომ იძულებული გახდა, დანიელი ლომების ხაროში ჩაეგდო. ვინაიდან დანიელმა ურყევი რწმენა და ერთგულება გამოიჩინა, ლომებისგან მის დასახსნელად იეჰოვამ ანგელოზი გაგზავნა. ამის შემდეგ დარიოსმა თავად შეთქმულები დასაჯა; მან ისინი იმავე ლომებს შეაჭმევინა (დნ. 6).
დარიოსის მეფობის პირველ წელს დანიელმა განჭვრიტა, რომ იერუსალიმის 70-წლიანი გაპარტახება, რომელიც იერემიამ იწინასწარმეტყველა, დასასრულს უახლოვდებოდა (იერ. 25:11, 12). დანიელმა თავმდაბლად აღიარა ისრაელის ცოდვები და იეჰოვას შესთხოვა, რომ თავისი სახის ნათელი მოეფინა იერუსალიმის გაპარტახებული საწმინდრისთვის (დნ. 9:1, 2, 17). მას წილად ხვდა პატივი, რომ ხილვაში გაბრიელი ენახა, რომელმაც მას წინასწარმეტყველური ცნობა გადასცა 70 კვირის შესახებ, რაც მესიის მოსვლის კონკრეტულ წელზე მიუთითებდა. დანიელი მოესწრო ძვ. წ. 537 წელს ზერუბაბელის ხელმძღვანელობით იუდეველების იერუსალიმში დაბრუნებას, თუმცა უცნობია, ისიც მათთან ერთად დაბრუნდა თუ არა. კიროსის მეფობის მესამე წელს (ძვ. წ. 536) დანიელმა კიდევ ერთი ხილვა ნახა. მას გამოეცხადა ანგელოზი, რომელსაც სპარსეთის სამეფოს მთავარი შეეწინააღმდეგა, როცა მასთან მიდიოდა. ეს ხილვა მომავალ დროს ეხებოდა. ანგელოზმა გაუმჟღავნა დანიელს, თუ რა დაემართებოდა მის ხალხს უკანასკნელ დღეებში (დნ. 10:14). მან წინასწარ აღწერა მოვლენების განვითარება და თხრობა სპარსეთის მეფეებით დაიწყო. ამ წინასწარმეტყველებიდან გამოჩნდა, რომ მსოფლიოში გაბატონდებოდა ერთმანეთის მოწინააღმდეგე ორი პოლიტიკური ძალა, „ჩრდილოეთის მეფე“ და „სამხრეთის მეფე“. მათ შორის ბრძოლა იქამდე გაგრძელდებოდა, ვიდრე მიქაელი არ აღსდგებოდა, და ამას დიდი გასაჭირი მოჰყვებოდა (დნ. თ-ები 11, 12).
დანიელი კიროსის მეფობის მესამე წლის შემდეგ ალბათ დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა. თუ იმ დროისთვის, როცა ბაბილონში წაიყვანეს (ძვ. წ. 617), იგი მოზარდი იყო, იმ პერიოდისთვის, როცა 10—12-ე თავებში ჩაწერილი ხილვა ნახა, 100 წელს იქნებოდა მიღწეული. დანიელს ანგელოზმა უთხრა: „შენ კი მიდი აღსასრულამდე; დაისვენებ, მაგრამ აღდგები შენი წილის მისაღებად დღეების ბოლოს“ (დნ. 12:13). ეს სიტყვები იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ ის დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა, თუმცა აღდგებოდა.
რა დაწერა დანიელმა. მათეს 24:15-დან ვიგებთ, რომ დანიელი ქრისტემ მოიხსენია. გარდა ამისა, იგი გადაკვრითაა ნახსენები ებრაელების 11:33-ში. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ კანონიკური წიგნი „დანიელი“, მთლიანად ან ნაწილობრივ, მაკაბელთა დროს მცხოვრებმა ერთმა ან რამდენიმე დამწერმა დაწერა, თუმცა ამ მოსაზრების დამადასტურებელი საფუძვლიანი მტკიცებულებები არ არსებობს. რაც შეეხება წიგნ „დანიელის“ სამ დანართს: „სამი ყრმის გალობა“, „სუსანა და ორი უხუცესი“ და „მოთხრობა ბელისა და ურჩხულის შესახებ“, ისინი აპოკრიფულია და მოგვიანებითაა დაწერილი. ის, რაც ამ და სხვა ხელნაწერებში წერია, რომელთა ავტორადაც დანიელს მიიჩნევენ და რომლებშიც დანიელის საგმირო საქმეებისა და სწავლებების შესახებაა მოთხრობილი, მოგონილი ამბებია და სანდო არ არის (იხ. აპოკრიფი; დანიელი (ბიბლიის წიგნი)).
3. ლევიანი მღვდელი ითამარის ძეთაგან, რომელიც ძვ. წ. 468 წელს ეზრასთან ერთად წავიდა იერუსალიმში (ეზრ. 8:2). ამ ლევიანმა ან მისმა შთამომავალმა ბეჭდის დასმით დაადასტურა ნეემიას გამგებლობის დროს დადებული მონანიების შეთანხმება (ნემ. 10:6). იგი არ უნდა აგვერიოს წინასწარმეტყველ დანიელში, რომელიც იუდას ტომიდან იყო (დნ. 1:6).