საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „გადი“
  • გადი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გადი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • გადელები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ატაროთი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რეუბენი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • წინასწარმხილველი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „გადი“

გადი

[ნიშნავს იღბალს]

ეს სახელი დედნისეულ ენაზე სხვადასხვანაირად იწერება, თუმცა ფუძე საერთო აქვთ.

1. იაკობის ვაჟი ლეას მსახურ ზილფასგან, რომელსაც აგრეთვე შეეძინა გადის უმცროსი ძმა აშერი. დაახლოებით ძვ. წ. 1770 წელს ფადან-არამში გადის დაბადებისას ლეამ წამოიძახა: „რა ბედნიერებაა!“. ამიტომ მას გადი დაარქვეს (დბ. 30:9—13; 35:26). გადი თავის ძმებს ახლდა ეგვიპტეში ორივე მოგზაურობის დროს, როცა იოსებისგან მარცვლეული უნდა წამოეღოთ (დბ. 42:3; 43:15). ის დაახლოებით 42 წლისა იყო, როცა ძვ. წ. 1728 წელს ის და მისი ოჯახი იაკობთან ერთად ეგვიპტეში გადავიდნენ საცხოვრებლად (დბ. 46:6, 7, 16). ჩვიდმეტი წლის შემდეგ სიკვდილის პირას მყოფმა იაკობმა თავისი 12 ვაჟის კურთხევის დროს გადზე თქვა: „მოთარეშე რაზმი თავს დაესხმება გადს, მაგრამ თავად დაედევნება“ (დბ. 49:1, 2, 19).

2. გადის შვიდი ვაჟისგან წამოსული ტომი. ეგვიპტის დატოვებიდან მეორე წელს ტომში მებრძოლთა რაოდენობა 45 650 იყო (დბ. 46:16; რც. 1:1—3, 24, 25). გადი რეუბენთან და სიმონთან ერთად შეადგენდა სამტომიან დანაყოფს. ისინი კარვის სამხრეთით იყვნენ დაბანაკებულნი (რც. 2:10—16). იუდას სამტომიანი დანაყოფი პირველი უნდა წასულიყო, მას უნდა გაჰყოლოდნენ გერშონისა და მერარის ლევიანი საგვარეულოები, რომლებიც კარავს ატარებდნენ, შემდეგ კი გადის სამტომიანი დანაყოფი უნდა დაძრულიყო. მათ ლაშქარს სათავეში ედგა დეუელის ვაჟი ელიასაფი (რც. 10:14—20). უდაბნოში ხეტიალის დასასრულს გადის ტომში მებრძოლთა რაოდენობამ 5 150-ით იკლო და 40 500 გახდა (რც. 26:15—18).

ტერიტორია. გადის ტომის მამაკაცები თავიანთი წინაპრების საქმიანობას, მესაქონლეობას მისდევდნენ (დბ. 46:32). ამიტომ მათ მოითხოვეს, რომ მათთვის იორდანეს აღმოსავლეთით მდებარე საძოვრებიანი ტერიტორია გამოეყოთ. მოსემ ეს ტერიტორია გაუნაწილა გადის ტომს, რეუბენის ტომსა და მენაშეს ტომის ნახევარს, რომლებსაც აგრეთვე დიდძალი საქონელი ჰყავდათ. მაგრამ მოსემ უთხრა, რომ ამ მიწას ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ სხვა ტომებს იორდანეს დასავლეთი ტერიტორიის დაპყრობაში დაეხმარებოდნენ. ისინი დასთანხმდნენ და მას შემდეგ, რაც საქონლისთვის ქვის ფარეხები და ბავშვებისთვის ქალაქები ააშენეს, სხვა ტომებთან ერთად დარაზმულებმა გადაკვეთეს მდინარე იორდანე ქანაანის დასაპყრობად (რც. 32:1—36; იეს. 4:12, 13). გადის კუთვნილი ტერიტორია ეკავათ ამორეველებს, რომლებიც ისრაელებმა მოსეს წინამძღოლობით დაამარცხეს (რც. 32:33; კნ. 2:31—36; 3:8—20).

გადის ტერიტორია მოიცავდა იორდანეს აღმოსავლეთი სანაპიროს დაბლობების დიდ ნაწილს სამხრეთით თითქმის მკვდარ ზღვამდე და ჩრდილოეთით ქინერეთის ზღვამდე. მის ტერიტორიას აგრეთვე მიეკუთვნებოდა მაღალი ზეგნები, მათ შორის იაბოკის ხევი. შესაბამისად, გალაადის დიდი ნაწილი გადს ეკუთვნოდა (კნ. 3:12, 13). მას ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა მენაშე, სამხრეთით კი — რეუბენი (იეს. 13:24—28).

მიწის დაპყრობის შემდეგ იესო ნავეს ძემ გადს წილი მისცა ნადავლიდან და გაუშვა. შემდეგ გადელებმა რეუბენელებსა და მენაშელებთან ერთად ააგეს დიდი სამსხვერპლო იორდანეს გაღმა. ამან სხვა ტომები შეაშფოთა, მაგრამ დამშვიდდნენ, როცა გაიგეს, რომ სამსხვერპლო მოწმობის ნიშანი იყო და იორდანეს დასავლეთით მცხოვრები ტომების მსგავსად ისინიც მხოლოდ იეჰოვას თაყვანისმცემლები იყვნენ. სამსხვერპლო იმის ნიშანი იქნებოდა, რომ იორდანეს აღმოსავლეთით და დასავლეთით მცხოვრებ ტომებს შორის დაყოფა არ იყო (იეს. 22:1—34).

ეს ყველაფერი იაკობის კურთხევის თანახმად მოხდა: „მოთარეშე რაზმი თავს დაესხმება გადს, მაგრამ თავად დაედევნება“ (დბ. 49:19). გადელებს არ ეშინოდათ, რომ აღმოსავლეთი საზღვარი მოთარეშე რაზმებისთვის ღია იყო. მათ იმიტომ არ აირჩიეს აღმოსავლეთით მდებარე მიწები, რომ თავი დაეძვრინათ ქანაანელებთან ბრძოლისგან. იაკობის მიერ გადისთვის ნათქვამი გამოსამშვიდობებელი სიტყვები ბრძანება იყო, რომ საპასუხო დარტყმა მიეყენებინა მოთარეშეებისთვის, რომლებიც თავს დაესხმოდნენ მას და მის საზღვრებს დაარღვევდნენ. უფრო მეტიც, გადელები თავს უნდა დასხმოდნენ თავდამსხმელებს, უკუექციათ ისინი და დადევნებოდნენ.

მოსეც საუბრობდა გადის კარგ თვისებებზე: „კურთხეულია გადის საზღვრების გამფართოებელი! ლომივით დამკვიდრდეს და გაგლიჯოს მკლავი და თხემი. პირველ წილს თავისთვის აიღებს, რადგან იქ არის შემონახული წესის დამდგენის წილი. შეიკრიბებიან ხალხის თავკაცები; აღსრულდება იეჰოვას სიმართლე და მისი სამართალი ისრაელზე“ (კნ. 33:20, 21).

გადის ტერიტორიაზე ერთ-ერთი თავშესაფარი ქალაქი გალაადის რამოთი იყო, რომელიც მოსემ გამოყო (კნ. 4:41—43). მათ ტერიტორიაზე ლევიანთა სხვა ქალაქებიც იყო: მახანაიმი, ხეშბონი და იაზერი (იეს. 21:38, 39). ქალაქი დიბონი, რომელშიც ახ. წ. 1868 წელს ცნობილი მოაბური ქვა აღმოაჩინეს, ერთ-ერთი იყო ტერიტორიის დაპყრობის შემდეგ გადელების მიერ აღდგენილ ქალაქებს შორის (რც. 32:1—5, 34, 35).

გადი მხარს უჭერს დავითს. როცა დავითი საულისგან შევიწროებული იყო, გადის ძეების ლაშქრის რამდენიმე მეთაური მიემხრო მას და იუდას ქალაქ ციკლაგში მასთან მისასვლელად ადიდებული მდინარე იორდანე გადაკვეთა. მათზე ნათქვამია, რომ „ისინი მამაცი, ძლიერი ვაჟკაცები იყვნენ, საბრძოლველად გამზადებული მეომრები, რომლებსაც მომარჯვებული ჰქონდათ დიდი ფარი და შუბი, სახით ლომებს ჰგავდნენ და სისწრაფით — მთებში მორბენალ ქურციკებს ... მათგან უმცირესი ას კაცს უტოლდებოდა, უდიდესი კი — ათასს“ (1მტ. 12:1, 8—15). როცა ისინი (რეუბენისა და მენაშეს ტომებთან ერთად) აგრელებსა და მის მოკავშირეებს ებრძოდნენ, „ბრძოლაში ღმერთს სთხოვეს შველა; მანაც შეისმინა მათი ვედრება, რადგან მას მიენდნენ“. შედეგად, მათ ურიცხვი ტყვე და საქონელი ჩაიგდეს ხელში (1მტ. 5:18—22).

ისინი აჰყვნენ იერობოამს. ისრაელის სამეფოს დაყოფის შემდეგ გადის ტომი ჩრდილოეთ სამეფოს მიემხრო, სადაც იერობოამი მეფობდა. წლების შემდეგ, იეჰუს დროს, როცა „იეჰოვამ ისრაელის დანაწევრება დაიწყო“, დაუცველი აღმოსავლეთი საზღვრის გამო ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოსა და სირიას შორის გამართულ ომში გადიც ბრძოლის ველად იქცა (2მფ. 10:32, 33). საბოლოოდ, ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III შეიჭრა გადში და გადელები ტყვედ წაასხა. ამონელებმა ისარგებლეს შემთხვევით და ტერიტორიას დაეპატრონნენ (2მფ. 15:29; 1მტ. 5:26; იერ. 49:1).

ეზეკიელის წინასწარმეტყველურ ხილვაში, რომელიც მიწის დაყოფას უკავშირდებოდა, გადს უკიდურეს სამხრეთში მიეცა ტერიტორია (ეზკ. 48:27, 28). გამოცხადების მე-7 თავში გადი ისრაელის ტომებს შორის მესამე მოიხსენიება.

3. [შესაძლოა ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს იღბალს] — სუსის ვაჟი მენაშეს ტომიდან; ერთ-ერთი იმ 12 თავკაციდან, რომლებიც მოსემ ფარანის უდაბნოდან ქანაანის მიწის დასაზვერად გაგზავნა (რც. 13:2, 3, 11).

4. წინასწარმეტყველი და წინასწარმხილველი. მან ურჩია საულისგან დევნილ დავითს, რომელიც „მიუვალ ადგილას“ ადულამის გამოქვაბულში აფარებდა თავს, იუდაში დაბრუნებულიყო (1სმ. 22:1—5). როცა თავისი მეფობის გვიანდელ პერიოდში დავითი გაკადნიერდა და ხალხი აღრიცხა, იეჰოვამ გადის მეშვეობით დავითს სამი სასჯელიდან ერთ-ერთის არჩევის საშუალება მისცა. მოგვიანებით გადმა ურჩია დავითს, იეჰოვასთვის სამსხვერპლო აეგო არავნას (ორნანი) კალოზე (2სმ. 24:10—19; 1მტ. 21:9—19). გადი ნაწილობრივ პასუხისმგებელი იყო საწმინდრისთვის მუსიკოსების ორგანიზებაში (2მტ. 29:25). მიიჩნევენ, რომ ნათანმა და გადმა დაასრულეს 1 სამუელის წიგნის წერა და თავიდან ბოლომდე დაწერეს 2 სამუელის წიგნი (1მტ. 29:29).

5. [ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს იღბალს] — ისრაელის მეფის, მენახემის მამა (2მფ. 15:14, 17).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება