მსაჯულები (ბიბლიის წიგნი)
წიგნი მოიცავს დაახლოებით 330-წლიან პერიოდს ისრაელის მიერ ქანაანის დაპყრობიდან ისრაელში მეფის დანიშვნამდე. ღვთის გაფრთხილების თანახმად, ისრაელებს უნდა განედევნათ ქანაანის მკვიდრნი, რათა არ გადაეღოთ მათი საზიზღარი რელიგიური წეს-ჩვეულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაკარგავდნენ იეჰოვას კეთილგანწყობას და მტრის ხელში აღმოჩნდებოდნენ (გმ. 23:32, 33; 34:11—17; რც. 33:55; კნ. 7:2—5). „მსაჯულებში“ ჩაწერილი ისტორიიდან ჩანს, როგორ შესრულდა იეჰოვას სიტყვები. თუმცა წიგნში ძირითადად ყურადღება ისრაელის ორგულობასა და მტრებისგან შევიწროებაზე კი არ მახვილდება, არამედ მსაჯულების საქმიანობასა და მათი მეშვეობით იეჰოვას მიერ თავისი ხალხის სასწაულებრივ ხსნაზე. ამგვარად, წიგნი ხაზს უსვამს იეჰოვას მხსნელ ძალას, სულგრძელობას, გულმოწყალებას, წყალობასა და სამართლიანობას. თავად მსაჯულები რწმენის ბრწყინვალე მაგალითს იძლევიან (ებ. 11:32—34, 39, 40).
წიგნის წყობა. პირველივე სიტყვები „იესო ნავეს ძის სიკვდილის შემდეგ“, მსაჯულების წიგნს ბიბლიის წინა წიგნთან აკავშირებს. თუმცა მასში ჩაწერილი ზოგიერთი მოვლენა, როგორც ჩანს, იესო ნავეს ძის სიცოცხლეში მოხდა. მაგალითად, მსაჯულების 2:6-ში ვკითხულობთ: „როცა იესო ნავეს ძემ ხალხი გაუშვა, ისრაელის ძეები თავიანთი გზით წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავიანთ სამკვიდროში, რათა დაუფლებოდნენ იმ მიწას“. ასე რომ, მსაჯულების 1:1—3:6 ერთგვარი შესავალია და დამწერს იესო ნავეს ძის სიკვდილამდე და სიკვდილის შემდეგ მომხდარი მოვლენები თავისი მონათხრობისთვის ისტორიული ფონის შესაქმნელად მოჰყავს. 3:7—16:31-ში ჩაწერილი მოვლენები, ძირითადად, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ვითარდება და ეხება ოთნიელით დაწყებული სამსონით დამთავრებული 12 მსაჯულის საქმიანობას (გარდა დებორასი). წიგნის ბოლო ნაწილს, რომელშიც მოთხრობილია სამსონის მსაჯულობამდე გაცილებით ადრე მომხდარი მოვლენები, შეიძლება დანართი ვუწოდოთ. გონივრულია დავასკვნათ, რომ დანელებმა ლაიში ჯერ კიდევ იესო ნავეს ძის სიცოცხლეში დაიპყრეს (შდრ. იეს. 19:47; მსჯ. 18:27—29). გიბელების აღვირახსნილი საქციელი და შედეგად განვითარებული მოვლენები, რომლებმაც ბენიამინის ტომი განადგურების პირას მიიყვანა, როგორც ჩანს, იესო ნავეს ძის სიკვდილიდან მალევე მოხდა (მსჯ. 19:1—21:25; იეს. 24:31). სწორედ ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ბენიამინის ტომში, რომელშიც დაახლოებით 600 მამაკაცი დარჩა (მსჯ. 20:47), დავითის მმართველობის დროს დაახლოებით 60 000 მეომარი ყოფილიყო (1მტ. 7:6—12).
დამწერი და დაწერის დრო. წიგნის შინაარსი გვეხმარება იმის დადგენაში, თუ როდის დაიწერა ის. მისი დაწერის დროს ისრაელს მეფე ჰყავდა. წინააღმდეგ შემთხვევაში წარსულზე საუბრისას ავტორი არ დაწერდა: „იმ დროს მეფე არ ჰყავდა ისრაელს“ (მსჯ. 17:6; 18:1; 19:1; 21:25). იერუსალიმშიც ჯერ კიდევ იებუსელები ცხოვრობდნენ (მსჯ. 1:21). ვინაიდან დავითმა ძვ. წ. 1070 წელს იებუსელებს „სიონის ციხესიმაგრე“ წაართვა და ის ისრაელის სატახტო ქალაქად აქცია (2სმ. 5:6—9), წიგნის წერა ამ მოვლენამდე უნდა დასრულებულიყო, სავარაუდოდ, საულის მეფობის დროს. იმ პერიოდში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მთავარი დამცველი იეჰოვას წინასწარმეტყველი სამუელი იყო, ამიტომ ლოგიკურია, რომ წიგნს სწორედ ის დაწერდა.
უტყუარობა. ეჭვგარეშეა, რომ წიგნ „მსაჯულებს“ სამართლიანად უკავია ადგილი ბიბლიის კანონში. მასში ყველაფერი გულახდილად არის მოთხრობილი, ისრაელის მძიმე ცოდვებიც კი. წიგნი დიდებასა და პატივს მიაგებს ისრაელის ნამდვილ მხსნელს, იეჰოვა ღმერთს, და არა მიწიერ მსაჯულებს. ის ცხადყოფს, რომ მსაჯულებს ღვთის სული აძლიერებდა (მსჯ. 3:9, 10; 6:34; 11:29; 13:24, 25; 14:6, 19; 15:14, 18; 16:20, 28—30), ისინი კი, თავის მხრივ, იეჰოვას მოსამართლედ (11:27) და მეფედ აღიარებდნენ (8:23). წიგნში ჩაწერილი მოვლენები ბიბლიის სხვა ღვთივშთაგონებულ წიგნებშიც მოიხსენიება (1სმ. 12:9—11; 2სმ. 11:21; ფს. 83:9—12; ეს. 9:4; 10:26; ებ. 11:32—34).
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები მსაჯულებიდან
წიგნში ცოცხლად არის აღწერილი, თუ როგორ იხსნა იეჰოვამ მრავალგზის ისრაელი მსაჯულების ხელით, როცა ისინი ტოვებდნენ კერპთაყვანისმცემლობას და გულწრფელად სთხოვდნენ დახმარებას.
როგორც ჩანს, დაწერა სამუელმა და მოიცავს დაახლ. 330-წლიან პერიოდს ქანაანის დაპყრობიდან ისრაელში მეფის დანიშვნამდე.
მსაჯულების დროს არსებული მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები (1:1—3:6)
იესო ნავეს ძის სიკვდილის შემდეგ ისრაელები არ აძევებენ დარჩენილ ქანაანელებს იმ მიწიდან.
ნაცვლად ამისა, ისინი უმოყვრდებიან წარმართებს და ცრუთაყვანისმცემლობის მახეში ებმებიან.
იეჰოვა მტრის ხელში ყრის მათ, თუმცა დროდადრო მსაჯულების ხელით იხსნის.
ცრუთაყვანისმცემლობის მიტოვებისა და დასახმარებლად იეჰოვასთვის მიმართვის შემდეგ ჩაგვრისგან ისრაელის არაერთხელ დახსნა (3:7—16:31)
ოთნიელის ხელით ისრაელი თავისუფლდება შუამდინარეთის მეფის, ქუშან-რიშთაიმის რვაწლიანი ჩაგვრისგან.
მოაბელი მეფე ეგლონის 18-წლიან ბატონობას ბოლო ეღება, როცა ეჰუდი კლავს მას, შემდეგ კრებს ისრაელის ჯარს და ამარცხებს მოაბელებს.
შამგარი მარტო კლავს 600 ფილისტიმელს და იხსნის ისრაელს.
წინასწარმეტყველ დებორას მიერ აღძრული ბარაკი ამარცხებს იაბინს, რითაც ბოლოს უღებს ისრაელის 20-წლიან ჩაგვრას. სისერას, იაბინის ჯარის მეთაურს, კლავს კენიელი ხებერის ცოლი, იაელი. დებორა და ბარაკი ამ გამარჯვებას სიმღერას უძღვნიან.
ღმერთი გედეონს ავალებს, მიდიელთა 7-წლიანი შევიწროებისგან იხსნას ისრაელი. იეჰოვა გედეონის ჯარს 300 კაცამდე ამცირებს და ამარჯვებინებს. გედეონი უარს ამბობს მეფობაზე.
თოლა 23 წელს მსაჯულობს ისრაელში, იაირი კი — 22 წელს.
ამონელები ჩაგრავენ ისრაელებს. იეჰოვა იხსნის მათ იფთახის მეშვეობით, რომელიც აღთქმისამებრ თავის ერთადერთ შვილს უძღვნის იეჰოვას მსახურებისთვის.
იბცანი, ელონი და აბდონი მთლიანობაში თითქმის 25 წელს მსაჯულობენ ისრაელზე.
იეჰოვა უდიდეს ძალას აძლევს სამსონს და მისი მეშვეობით იხსნის ისრაელს ფილისტიმელთა 40-წლიანი ბატონობისგან. თიმნელ ფილისტიმელ ქალზე დანიშვნა სამსონს მათ წინააღმდეგ მოქმედების არაერთ შესაძლებლობას აძლევს. დალილა გასცემს მას. სამსონი სიკვდილის წინ იმაზე მეტ ფილისტიმელს კლავს, ვიდრე მთელი სიცოცხლის მანძილზე.
მსაჯულების დროს მომხდარი სხვა არასასიამოვნო მოვლენები (17:1—21:25)
ეფრემში მიქა თავის სახლში დგამს ქანდაკებას და ახალგაზრდა ლევიანს ნიშნავს მღვდლად.
დანელები მიდიან მიქას სახლში და იპარავენ მის კერპს. მათ თან მიჰყავთ ლევიანიც, რომ მათი მღვდელი გახდეს.
გიბელი ბენიამინელები აუპატიურებენ ლევიანის ხარჭას. დამნაშავეების გადაცემაზე უარის თქმის გამო სხვა ტომები ბენიამინის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოდიან. ისინი თითქმის მთლიანად ანადგურებენ ბენიამინის ტომს.