ᲛᲐᲙᲔᲓᲝᲜᲘᲐ, ᲛᲐᲙᲔᲓᲝᲜᲔᲚᲘ
რეგიონი სამხრ.-აღმ. ევროპაში, რომელიც მდებარეობდა იმ ტერიტორიის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც დღეს ბალკანეთის ნახევარკუნძულის სახელით არის ცნობილი. მაკედონია მოიცავდა ტერიტორიას დას.–ით ადრიატიკის ზღვიდან აღმ.–ით ეგეოსის ზღვამდე, და აქაიას ჩრდ.-ით იყო განლაგებული. ეს რეგიონი ბევრი მოსავლიანი ველით გამოირჩევა, თუმცა უმეტესად მთიან მხარეს წარმოადგენს. ძველად მაკედონია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იმ მხრივ, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს ერთმანეთთან აკავშირებდა. რომაელების მიერ გაყვანილი ეგნაციოს გზა (ვია ეგნაცია) გრძელდებოდა ნახევარკუნძულის დას. სანაპიროზე განლაგებული დირაქიონისა და აპოლონიიდან აღმ. სანაპიროზე მდებარე ნეაპოლისამდე, და იმის იქითაც.
მაკედონელები იყვნენ იაფეთის შთამომავლები, შესაძლოა იავანის ვაჟის, ქითიმის, ხაზით (დბ. 10:2, 4, 5). მართალია, სახელწოდება ქითიმი პირველ რიგში კუნძულ კვიპროსთან ასოცირდებოდა, მაგრამ ამ სახელით ძველად სხვა მხარეებსაც მოიხსენიებდნენ. ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი წერს, რომ ებრაელები კუნძულებს და სანაპირო რეგიონების უმეტესობას (როგორც ჩანს, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში) უწოდებდნენ ქეთიმ-ს („იუდეველთა სიძველენი“, I, 6, 1). შესაძლოა, სწორედ ამიტომ აპოკრიფულ წიგნში პირველი მაკაბელთა 1:1-ში მაკედონია მოხსენიებულია როგორც „ხეთელთა ქვეყანა“ (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა) და „ქეტთელი“ („ძველი აღთქმა“, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), რაც იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა, რომ მაკედონელები ქითიმის შთამომავლები იყვნენ.
ისტორია. მაკედონიამ სახელი გაითქვა ფილიპე II-ის მმართველობის დროს. მან შეძლო მაკედონიისა და მიმდებარე რეგიონების გაერთიანება, ხოლო მას შემდეგ, რაც მოიპოვა გამარჯვება ქალაქ ქერონეასთან გამართულ ბრძოლაში (ძვ. წ. 338), მაკედონიამ მთავარი ადგილი დაიკავა სხვა ბერძნულ სახელმწიფოებს შორის. ფილიპეს მკვლელობის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი ალექსანდრე (მაკედონელი) ავიდა. ორი წლის შემდეგ ალექსანდრემ ფართომასშტაბიანი დაპყრობითი ომები წამოიწყო. ალექსანდრე ძვ. წ. 323 წელს ბაბილონში გარდაიცვალა. ამ პერიოდისთვის მან არაერთი გამარჯვება მოიპოვა და შექმნა იმპერია, რომელიც გადაჭიმული იყო აღმ.-ით ინდოეთამდე, და მოიცავდა შუამდინარეთს, სირიას, პალესტინას, ეგვიპტეს, მცირე აზიას, თრაკიას, მაკედონიასა და საბერძნეთს (დნ. 2:31-33, 39; 7:6; 8:1-7, 20, 21; ᲐᲚᲔᲥᲡᲐᲜᲓᲠᲔ №1; ᲛᲮᲔᲪᲔᲑᲘ, ᲡᲘᲛᲑᲝᲚᲣᲠᲘ; ᲒᲐᲛᲝᲡᲐᲮᲣᲚᲔᲑᲐ).
ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ იმპერია დაიყო, ხოლო ანტიპატრემ, რომელიც მაკედონიის რეგენტი (სახელმწიფოს დროებითი მმართველი) იყო იმ პერიოდში, როცა ალექსანდრე აღმოსავლეთში ომებს აწარმოებდა, თავისი პოზიცია შეინარჩუნა. სიკვდილის წინ ანტიპატრემ რეგენტობა გადასცა არა საკუთარ ვაჟ კასანდრეს, არამედ პოლიპერხონტს. ამას მოჰყვა პოლიტიკური დაპირისპირებები, რაც იმით დასრულდა, რომ მაკედონიის მეფედ კასანდრე აღიარეს. მის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ალექსანდრე, რომელიც მალევე მოკლა დემეტრიოს პოლიორკეტემ (ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი მხედართმთავრის, ანტიგონე მონოფთალმოსის [ცალთვალა], ვაჟი). ქვეყანაში მდგომარეობა კვლავ აირ-დაირია და საბოლოოდ ტახტი ხელში ჩაიგდო დემეტრიოს პოლიორკეტეს ვაჟმა, ანტიგონე გონატამ. მიუხედავად იმისა, რომ ანტიგონე ორჯერ ჩამოაგდეს ტახტიდან, მან ორჯერვე დაიბრუნა ძალაუფლება. მას შემდეგ მაკედონიას მართავდა ანტიგონიდების დინასტია მანამ, სანამ მაკედონია არ მოექცა რომის ძალაუფლების ქვეშ. ძვ. წ. მეორე საუკუნის შუა ხანებში მაკედონია გახდა რომის პროვინცია. ახ. წ. პირველ საუკუნეში მას შეუერთეს სამხრ.-ით აქაია და ჩრდ.-ით მიოზია, და მთლიანობაში ეს ტერიტორია იქცა იმპერიის პროვინციად, რომელიც ექვემდებარებოდა უშუალოდ იმპერატორს და ემორჩილებოდა მიოზიის ლეგატს. თუმცა ახ. წ. 44 წელს მაკედონიამ კვლავ მიიღო სენატის პროვინციის სტატუსი და რომის მმართველის იურისდიქციაში მოექცა (იხ. ᲡᲐᲑᲔᲠᲫᲜᲔᲗᲘ, ᲑᲔᲠᲫᲜᲔᲑᲘ).
პავლეს მსახურება. მაკედონია იყო პირველი ადგილი ევროპაში, რომელსაც ესტუმრა პავლე მოციქული თავისი მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს. მცირე აზიის ჩრდ.-დას.-ით, ტროაში, პავლეს ხილვა ჰქონდა: „ერთი მაკედონელი კაცი მის წინ იდგა და ეხვეწებოდა, ჩამოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო“ (სქ. 16:8, 9). პავლე გამოეხმაურა ამ მოწოდებას და ლუკასთან, ტიმოთესთან და სილასთან (შესაძლოა, მათ გარდა სხვებიც იყვნენ) ერთად მაკედონიისკენ მიმავალ გზას დაადგა. ნეაპოლისში (ქალაქ ფილიპეს პორტი ჩრდ.-აღმ. მაკედონიაში) ჩასვლის შემდეგ პავლე ფილიპეში წავიდა და იქ გააცხადა სასიხარულო ცნობა (სქ. 16:11–40). როგორც ჩანს, ლუკა ფილიპეში დარჩა, ხოლო პავლემ, სილამ და ტიმოთემ გაიარეს მაკედონიის ქალაქები ამფიპოლისი (ფილიპეს დას.-სამხრ.-დას.-ით დაახლოებით 50 კმ) და აპოლონია (ამფიპოლისის სამხრ.-დას.-ით დაახლოებით 35 კმ). შემდეგ პავლემ იქადაგა მაკედონიის ქალაქებში თესალონიკესა (აპოლონიის დას.-ჩრდ.-დას.-ით დაახლოებით 45 კმ) და ბერეაში (თესალონიკეს დას.-სამხრ.-დას.-ით დაახლოებით 65 კმ) (სქ. 17:1–12). ბერეაში გააფთრებული ბრბოს შესაძლო თავდასხმის გამო პავლე იძულებული გახდა დაეტოვებინა მაკედონია. თუმცა, მან სილა და ტიმოთე დატოვა ბერეაში, რათა მათ ახალმოქცეული მორწმუნეების ჯგუფზე ეზრუნათ. მოგვიანებით სილას და ტიმოთეს კვლავ უნდა გაეგრძელებინათ პავლესთან მსახურება (სქ. 17:13–15). პავლეს აღელვებდა თესალონიკეში ჩამოყალიბებული ახალი კრების წევრების მდგომარეობა და მათ გასამხნევებლად იქ ტიმოთე გაგზავნა (1თს. 3:1, 2). შესაძლოა, ტიმოთე შეუერთდა პავლეს ათენში (აქაიაში), ხოლო შემდეგ ისევ თესალონიკეში დაბრუნდა. თუმცა, უფრო დასაშვებია, რომ ჯერ კიდევ ბერეაში ყოფნისას პავლემ სთხოვა ტიმოთეს, წასულიყო თესალონიკეში. უკან დაბრუნებულმა ტიმოთემ მოციქულს კარგი ამბები ჩაუტანა, რამაც აღძრა პავლე, თესალონიკელებისთვის პირველი წერილი მიეწერა (1თს. 3:6; სქ. 18:5). მან მეორე წერილიც მალევე მისწერა თესალონიკელებს.
მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს პავლე გეგმავდა მაკედონიაში დაბრუნებას (1კრ. 16:5-8; 2კრ. 1:15, 16). მიუხედავად იმისა, რომ პავლე ცოტა დიდხანს დარჩა ეფესოში, მან წინასწარ გააგზავნა მაკედონიაში ტიმოთე და ერასტე (სქ. 19:21, 22). ამის შემდეგ ეფესოში ვერცხლის მჭედელმა დემეტრიოსმა პავლეს წინააღმდეგ ბრბო შეყარა. ქალაქი მღელვარებამ მოიცვა. ეფესოელები თეატრში შეცვივდნენ, მათ შეიპყრეს და წაათრიეს გაიუსი და არისტარქე, პავლეს მაკედონელი თანამგზავრები (სქ. 19:23-29). როდესაც მღელვარება დაცხრა, პავლემ მაკედონიისკენ აიღო გეზი (სქ. 20:1). როგორც ჩანს, ის ტროაში გაჩერდა. იქ მას გული დაწყდა, რომ არ დახვდა ტიტე, რომელიც მანამდე კორინთში (აქაია) იყო გაგზავნილი, რათა მონაწილეობა მიეღო იუდეაში მცხოვრები წმინდებისთვის დახმარების შეგროვების საქმეში (2კრ. 2:12, 13). ამის შემდეგ პავლემ განაგრძო გზა და ჩავიდა მაკედონიაში, სადაც შეხვდა ტიტე, რომელმაც მოუყვა, თუ როგორი გავლენა იქონია კორინთელ ქრისტიანებზე მოციქულის პირველმა წერილმა (2კრ. 7:5–7). შემდეგ, პავლემ მეორე წერილიც მისწერა კორინთელებს და მოგვიანებით სამხრეთით, საბერძნეთის მიმართულებით წავიდა. მას სურდა, საბერძნეთიდან სირიაში გაეცურა, მაგრამ შეიტყო, რომ იუდეველები შეთქმულებას უწყობდნენ, რის გამოც გეგმების შეცვლა და ისევ მაკედონიაში დაბრუნება მოუწია (სქ. 20:2, 3). პავლეს თანამგზავრებს შორის სამი მაკედონელიც იყო: სოპატრე, არისტარქე და სეკუნდუსი (სქ. 20:4).
მართალია, თავად ბევრი არაფერი გააჩნდათ, მაგრამ მაკედონელი ქრისტიანები საოცარ გულუხვობას იჩენდნენ. იუდეაში მცხოვრები ღარიბი ძმების მიმართ სინამდვილეში მათ იმაზე მეტი გაიღეს, ვიდრე შეეძლოთ (2კრ. 8:1-7; შდრ. რმ. 15:26, 27; 2კრ. 9:1-7). განსაკუთრებით ფილიპელები გამოირჩეოდნენ გულუხვობით, რაც პავლეს მსახურების შესრულებას უადვილებდა (2კრ. 11:8, 9; ფლ. 4:15-17). ფილიპეში არსებული კრება პავლეს რომში პირველი პატიმრობის დროსაც დაეხმარა. მათ პავლეს დასახმარებლად ეპაფროდიტეც გაგზავნეს (ფლ. 2:25-30; 4:18). თესალონიკელებიც ძლიერ რწმენას და მოთმინებას ავლენდნენ, შედეგად „მაგალითად იქცნენ ყველა მორწმუნისთვის მაკედონიასა და აქაიაში“ (1თს. 1:1-8; 4:9, 10).
როგორც ჩანს, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პავლე ისევ ჩავიდა მაკედონიაში და იქიდან მისწერა ტიმოთეს პირველი წერილი (1ტმ. 1:3). შესაძლოა ტიტეს მიმართ მიწერილი წერილიც მაკედონიაში დაწერა პავლემ.