ნათანი
[(ღმერთი) აძლევს].
1. იუდას შთამომავალი; ათაის ვაჟი და ზაბადის მამა. მისი პაპა, იარხა, ეგვიპტელი მსახური იყო (1მტ. 2:3, 34—36).
2. იეჰოვას წინასწარმეტყველი დავითის მეფობის დროს; სავარაუდოდ, ლევისტომელი. როდესაც მეფემ მას გაუმჟღავნა, რომ იეჰოვას თაყვანსაცემად ტაძრის აშენება სურდა, წინასწარმეტყველმა მიუგო: „წადი, გააკეთე, რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა იეჰოვა“ (2სმ. 7:1—3; 1მტ. 17:1, 2). თუმცა იმ ღამით იეჰოვამ ნათანს ამცნო, რომ დავითს თავად აუშენებდა „მტკიცე სახლს“, ხოლო ტაძარს დავითის შთამომავალი ააშენებდა. ამგვარად, ნათანის პირით იეჰოვამ დავითს გააგებინა იმ შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც სამეფო მარადიულად დავითის შთამომავლობას დარჩებოდა (2სმ. 7:4—17; 1მტ. 17:3—15).
მოგვიანებით იეჰოვამ დავითთან ნათანი გაგზავნა იმის დასანახვებლად, თუ რა მძიმე ცოდვა ჩაიდინა, როცა იმრუშა ბათ-შებასთან და მოაკვლევინა ხეთელი ურია. ნათანს დავითისთვის ღვთის განაჩენის შესახებაც უნდა გაეცხადებინა. ნათანი ტაქტიანად მიუდგა დავითს და ოსტატურად გამოიყენა მაგალითი. ამგვარად დავითმა, თავისდა უნებურად, თავადვე განსაჯა საკუთარი საქციელი, რის შემდეგაც ნათანმა უთხრა: „შენა ხარ ის კაცი!“ და იეჰოვას განაჩენის შესახებ აუწყა, რომელიც მას და მის სახლეულობას დაატყდებოდათ (2სმ. 12:1—18; იხ. აგრეთვე ფს. 51, ეპგ.).
გარკვეული დროის შემდეგ დავითს ბათ-შებასგან კიდევ ერთი ვაჟი, სოლომონი შეეძინა. იეჰოვას უყვარდა სოლომონი; მან წინასწარმეტყველი ნათანი გაგზავნა, რათა „იეჰოვას გულისათვის“ იედიდია დაერქმიათ მისთვის, რაც ნიშნავს „უყვარს იაჰს“ (2სმ. 12:24, 25). დავითის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ადონიამ ტახტის ხელში ჩაგდება სცადა. ამ დროს ნათანმა საჭირო ზომები მიიღო იმისთვის, რომ მომხდარის შესახებ დავითს შეეტყო. ამის შემდეგ სოლომონს ზეთი სცხეს და მეფედ გამოაცხადეს, რაშიც მონაწილეობას ნათანიც იღებდა (1მფ. 1:5—40).
როგორც ჩანს, დავითს ნათანმა და გადმა ურჩიეს, თუ როგორ დაეყენებინა ლევიანი მუსიკოსები საწმინდარში (2მტ. 29:25). სავარაუდოდ, სწორედ ნათანს და გადს დააწერინა ღმერთმა წიგნ „პირველი სამუელის“ ბოლო თავები და მთელი „მეორე სამუელი“ (1მტ. 29:29). „წინასწარმეტყველ ნათანის სიტყვებში“ „სოლომონის ... საქმეებიც“ არის ჩაწერილი (2მტ. 9:29).
ნათანი შესაძლოა აზარიასა და ზაბუდის მამა ყოფილიყო, რომელთაც მეფე სოლომონის კარზე მაღალი თანამდებობა ეკავათ. აზარია ზედამხედველთა უფროსი იყო, ზაბუდი კი მღვდლად მსახურობდა და მეფის ახლო მეგობარი და მრჩეველი იყო (1მფ. 4:1, 5).
3. იგალის მამა და იოელის ძმა; იგალი და იოელი დავითის ძლიერი მეომრები იყვნენ (2სმ. 23:8, 36; 1მტ. 11:26, 38).
4. დავითის ვაჟი, რომელიც მას ბათ-შებასგან იერუსალიმში შეეძინა (2სმ. 5:13, 14; 1მტ. 3:5). მესიის საგვარეულო ხაზს ნათანთან და დავითთან მივყავართ (სავარაუდოდ, იესოს დედის, მარიამის ხაზით) (ლკ. 3:23, 31). იმ დროსთან დაკავშირებით, როცა „შეხედავენ მას, ვინც განგმირეს“, ზაქარია წინასწარმეტყველი ამბობს, რომ მწარედ იგლოვებდნენ მას და იქნებოდა დიდი მოთქმა მთელ მიწაზე, თითოეული ოჯახი და განსაკუთრებით, დავითის, ლევის, შიმელთა და ნათანის საგვარეულოები მოჰყვებოდნენ მოთქმას (ზქ. 12:10—14). თუ აქ მოხსენიებული ნათანის საგვარეულო დავითის ძისგან წამოვიდა, მაშინ ის დავითის ერთ-ერთი შტო გამოდის. აქედან გამომდინარე, დიდი მოთქმა იქნებოდა საგვარეულოთა სხვადასხვა შტოშიც.
5. ერთ-ერთი ცხრა მამაკაციდან, რომლებიც მდინარე აჰავასთან დაბანაკებული ტყვეობიდან გათავისუფლებული ხალხის თავკაცები იყვნენ. ეზრამ ისინი იერუსალიმში მდებარე ღვთის სახლისთვის მსახურთა მოსაყვანად გაგზავნა (ეზრ. 8:15—17).
6. ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებული. ერთ-ერთი ბინუის 13 ვაჟიდან, რომლებმაც ეზრას მითითებისამებრ, უცხოელი ცოლები გაუშვეს (ეზრ. 10:10, 11, 38—42, 44).