იგავები (ბიბლიის წიგნი)
ამ წიგნში თავმოყრილია ბრძნული გამონათქვამები სხვადასხვა კრებულიდან. ის დაიწერა „სიბრძნის შესაცნობად და დასარიგებლად, რომ ჩასწვდე სიტყვებს, რომლებშიც გაგების უნარი ვლინდება, მიიღო დარიგება, რომლისგანაც მომდინარეობს: წვდომის უნარი, სიმართლე, სამართლიანობა, პატიოსნება; რათა გამოუცდელებს მიეცეთ წინდახედულობა, ახალგაზრდებს კი — ცოდნა და ჭკუა“ (იგ. 1:2—4). „ამას იმიტომ გეუბნები, რომ კარგი ადამიანების გზით იარო და მართალთა გზებზე დარჩე“ (2:20).
წიგნის სამი ნაწილის შესავალში ნათქვამია, რომ მათი ავტორი სოლომონია (იგ. 1:1; 10:1; 25:1). ეს სიმართლეა, რადგან სოლომონმა „წარმოთქვა სამი ათასი იგავი“ (1მფ. 4:32). ასე რომ, ამ ნაწილებში ჩაწერილი იგავების უმეტესობა, თუ ყველა არა, სოლომონის მმართველობის პერიოდში ჩაიწერა. სოლომონმა საკუთარ თავზე თქვა: „დაბრძენდა შემკრები და ხალხსაც გამუდმებით აძლევდა ცოდნას; ფიქრობდა და გულმოდგინედ იკვლევდა, რათა თანამიმდევრობით შეედგინა მრავალი იგავი. შემკრები ცდილობდა, ეპოვა სასიამოვნო სიტყვები და ზუსტი სიტყვებით დაეწერა ჭეშმარიტება“ (ეკ. 12:9, 10).
მიუხედავად ამისა, ზოგს მოჰყავს არგუმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ ბევრი იგავი სოლომონს არ დაუწერია. მათი აზრით, ზოგი იგავი (იგ. 16:14; 19:12; 20:2; 25:3) მეფეებს უარყოფითად წარმოაჩენს, რის გამოც ისინი სოლომონის დროს არ დაიწერებოდა. მაგრამ ამ იგავების ღრმად გამოკვლევისას დავინახავთ, რომ ისინი კი არ შეურაცხყოფს მეფეებს, პირიქით, პატივს მიაგებს და ცხადყოფს, რომ თავიანთი მდგომარეობიდან გამომდინარე მოწიწებას იმსახურებენ (შდრ. 24:21). მათ კი, ვინც აცხადებს, რომ მრავალცოლიანი სოლომონი ისე არ ისაუბრებდა ქორწინებაზე, თითქოს მხოლოდ ერთცოლიანობა ყოფილიყო მისაღები (5:15—19; 18:22; 19:13, 14), ავიწყდებათ, რომ კანონი კი არ უბიძგებდა მრავალცოლიანობისკენ, არამედ უბრალოდ იწყნარებდა და აწესრიგებდა მას. ამასთან, იუდეველების უმეტესობა, როგორც ჩანს, ერთცოლიანი იყო. კრიტიკოსებს ისიც ავიწყდება, რომ „იგავებში“ ღვთივშთაგონებული აზრებია დაწერილი და არა უბრალოდ სოლომონის შეხედულებები. თუმცა საკუთარი დაკვირვებისა და გამოცდილების საფუძველზე შესაძლოა სოლომონი მიხვდა, რომ ქორწინებისთვის ღვთის მიერ დადგენილი ნორმა, ერთცოლიანობა, გონივრული იყო (შდრ. ეკ. 2:8; 7:27—29).
სხვა იგავები, რომლებიც სოლომონს არ მიეკუთვნება, წარმოთქვეს სხვა ბრძენკაცებმა და ერთმა ქალმა (იგ. 22:17; 30:1; 31:1; იხ. აგური; ლემუელი). დანამდვილებით შეუძლებელია იმის თქმა, თუ როდის მიეცა ამ იგავებს საბოლოო სახე. წიგნის დაწერის დროის შესახებ ბოლო მინიშნება ხიზკიას მმართველობის პერიოდის მოხსენიებაა (25:1). ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იგავების ერთ წიგნად შედგენა ამ მეფის სიკვდილამდე დასრულდებოდა (დაახლ. ძვ. წ. 717). ზოგიერთი იგავის გამეორება მიანიშნებს, რომ წიგნი სხვადასხვა კრებულიდან შეადგინეს (10:1 შდრ. 15:20-ს; 10:2 შდრ. 11:4-ს; 14:20 შდრ. 19:4-ს; 16:2 შდრ. 21:2-ს).
დაწერის სტილი. წიგნის წყობა. „იგავები“ ებრაული პოეზიისთვის დამახასიათებელი ლექსთწყობით არის დაწერილი, რომელიც გამოირჩევა აზრთა რიტმულობით და მიიღწევა სინონიმური (იგ. 11:25; 16:18; 18:15) ან კონტრასტული აზრების გადმოცემით (10:7, 30; 12:25; 13:25; 15:8). წიგნის პირველი ნაწილი (თ-ები 1—9) შედგება მოკლე რჩევა-დარიგებებისგან, რომლებითაც მამა მოძღვრავს შვილს ან შვილებს. ის შესავალს უქმნის წიგნის დანარჩენ ნაწილებს, რომლებიც შეიცავს ლაკონიურ და სხარტ გამონათქვამებს. წიგნის ბოლო 22 მუხლი აკროსტიქით არის დაწერილი. ამ სტილით დავითმაც დაწერა არაერთი ფსალმუნი (ფს. 9; 10; 25; 34; 37; 145).
ღვთივშთაგონებული. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერები ადასტურებენ, რომ „იგავები“ ღვთივშთაგონებული სიტყვის ნაწილია. ამ წიგნიდან აზრები მოჰყავდათ მოციქულ პეტრესა (1პტ. 4:18; 2პტ. 2:22; იგ. 11:31 [LXX]; 26:11) და მოწაფე იაკობს (იაკ. 4:6; იგ. 3:34, LXX), აგრეთვე მოციქულ პავლეს, როცა სწერდა კორინთელებს (2კრ. 8:21; იგ. 3:4, LXX), რომაელებსა (რმ. 12:16, 20; იგ. 3:7; 25:21, 22) და ებრაელებს (ებ. 12:5, 6; იგ. 3:11, 12). ამასთან, ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მრავალი პარალელური აზრი გვხვდება ამ წიგნიდან (იგ. 3:7 შდრ. რმ. 12:16-ს; იგ. 3:12 შდრ. გმც. 3:19-ს; იგ. 24:21 შდრ. 1პტ. 2:17-ს; იგ. 25:6, 7 შდრ. ლკ. 14:7—11-ს).
იეჰოვას გაცნობა სიცოცხლეს ნიშნავს. წიგნ „იგავებში“ ცოდნა ხშირად მოიხსენიება გამჭრიახობასთან, სიბრძნესთან, გაგების უნარსა და ჭკუასთან. აქედან გამომდინარე, ცოდნა, რომელსაც ეს წიგნი იძლევა და რომლის შეძენისკენაც აღძრავს, აკადემიურ ცოდნასა და მშრალ ფაქტებზე მეტია. „იგავები“ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ჭეშმარიტი ცოდნის შესაძენად ადამიანმა უპირველესად უნდა დააფასოს იეჰოვასთან ურთიერთობა. წიგნის თემას, „იეჰოვას შიში ცოდნის სათავეა“, 1:7-დან ვიგებთ.
უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა ღვთის შესახებ ცოდნა უნდა მიიღოს. იგავების 9:10-ში ვკითხულობთ: „უწმინდესის შესახებ ცოდნა გაგების უნარს იძლევა“. ეს არ ნიშნავს უბრალოდ იმის ცოდნას, რომ ღმერთი არსებობს და ყველაფერი მისი შექმნილია. ეს მისი საქმეების შესახებ ცოდნაზე მეტიცაა. ვინც ღმერთს იცნობს, ძალიან აფასებს მის შესანიშნავ თვისებებსა და დიდებულ სახელს და ახლო ურთიერთობა აქვს მასთან.
იუდეველებს, რომელთაც ღვთის შესახებ ცოდნა ჰქონდათ, იესო ქრისტემ უთხრა: „ძეს ისე კარგად არავინ იცნობს, როგორც მამა, და არც მამას იცნობს ვინმე ისე კარგად, როგორც ძე და ის, ვისაც ძეს სურს გაუმჟღავნოს“ (მთ. 11:27). იეჰოვას თვისებების ცოდნა მისადმი ჯანსაღ შიშს გვინერგავს და იმის გათვითცნობიერებაში გვეხმარება, რომ იეჰოვა იმსახურებს თაყვანისცემასა და მსახურებას და მის გაცნობასა და მორჩილებას სიცოცხლე მოაქვს. „იეჰოვას შიში სიცოცხლის ჭაა, სიკვდილის მახეს განმრიდებელი“. „იეჰოვას შიშს სიცოცხლისკენ მიჰყავს კაცი“ (იგ. 14:27; 19:23).
შემოქმედი. უბადლოდ ბრძენი იეჰოვა ყოველივეს შემოქმედია და მის მიერ დადგენილი კანონებით იმართება მისი ყველა ქმნილება. ამიტომ ის იმსახურებს თაყვანისცემას თავისი ქმნილებებისგან (იგ. 3:19, 20). „მომსმენი ყური და მხედველი თვალი“, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, მისი შექმნილია. შესაბამისად, დანახულისა და მოსმენილის სწორად გასაგებად ადამიანმა მას უნდა მიმართოს. მას უნდა ესმოდეს, რომ პასუხს აგებს ღვთის წინაშე, რომელიც ყველაფერს ხედავს და რომელსაც ყველაფერი ესმის (20:12).
სიმართლე. წიგნი განადიდებს იეჰოვას, როგორც ყოველივეს წარმომშობსა და სამართლიანი პრინციპების დამდგენს. მაგალითად, „სწორი სასწორი და პინები იეჰოვას ეკუთვნის, აბგაში ჩასაწყობი ქვის საწონებიც მისი შექმნილია“ (იგ. 16:11). როგორც კანონმდებელს, მას სურს, რომ ნებისმიერი საქმიანი ურთიერთობა პატიოსანი და სამართლიანი იყოს (11:1; 20:10). ღვთისადმი შიში ეხმარება ადამიანს, უყვარდეს ის, რაც ღმერთს უყვარს და სძულდეს ის, რაც ღმერთს სძულს. „ვისაც იეჰოვას შიში აქვს, სძულს ბოროტება“ და ცხოვრება არ უმრუდდება (8:13). „იგავებიდან“ ვიგებთ, რომ იეჰოვას განსაკუთრებით სძულს ამაყად მომზირალი თვალები, მატყუარა ენა, უდანაშაულო სისხლის მღვრელი ხელები, ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები, ტყუილების მფრქვეველი ცრუმოწმე და ძმებს შორის შუღლის მთესველი (6:16—19; 12:22; 16:5). ვისაც გულით სძულს ეს ყველაფერი, მტკიცედ დგას სიცოცხლის გზაზე.
გარდა ამისა, წიგნი „იგავები“ გზას უნათებს მართლებს და აჩვენებს, რას იწონებს იეჰოვა. უმწიკვლოდ მავალი და მისი ლოცვები სასურველია ღვთისთვის (იგ. 11:20; 15:8, 29). „კარგ ადამიანს იეჰოვა იწონებს“ (12:2). „ვინც სიმართლეს ესწრაფვის, უყვარს მას“ (15:9).
გასამართლება და ხელმძღვანელობა. ცოდნიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც იცნობს იეჰოვას, იზიარებს იგავების 21:30-ში ჩაწერილს: „არ არსებობს სიბრძნე, გამჭრიახობა და რჩევა, იეჰოვას რომ დაუპირისპირდეს“. ამიტომ გონიერი ადამიანი სხვასაც რომ უსმენდეს ან თავად ჰქონდეს გეგმები, თავის ცხოვრებას მაინც იეჰოვას რჩევის თანახმად წარმართავს, რადგან იცის, რომ ნებისმიერი სხვა რჩევა, რაც არ უნდა ბრძნული და სასარგებლო ჩანდეს, იეჰოვას სიტყვას ვერ შეედრება (იგ. 19:21; შდრ. იეს. 23:14; მთ. 5:18).
მეფე სოლომონმა ღვთივშთაგონებით თქვა: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით... გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგ. 3:5, 6). ადამიანი თავად ირჩევს გზას, რომელზე სიარულიც სურს. მაგრამ წარმატების მისაღწევად სწორი არჩევნის შემთხვევაშიც კი იეჰოვას უნდა სთხოვოს, რომ მან წარმართოს მისი ნაბიჯები (16:3, 9; 20:24; იერ. 10:23).
ვინც სიცოცხლის გზა აირჩია, უნდა აცნობიერებდეს, რომ იეჰოვა დაინტერესებულია მისით. „იგავები“ შეგვახსენებს: „იეჰოვას თვალი ყველგან არის, აკვირდება კეთილებსა და ბოროტებს“ (იგ. 15:3). „კაცის გზები იეჰოვას თვალწინაა და ის აკვირდება მის ბილიკებს“ (5:21). ის მხოლოდ გარეგნულად კი არ აფასებს ადამიანს, არამედ მის გულსაც ამოწმებს (17:3). „გულებს იეჰოვა აფასებს“ (21:2) და ზუსტად იცის ადამიანის ფიქრები, აღძვრები და ფარული სურვილები.
წიგნიდან ჩანს, რომ იეჰოვა ყოველმხრივ სამართლიანად ასამართლებს სიმართლის მძებნელთა სასიკეთოდ. თავის დროზე იეჰოვა მოსპობს ბოროტებს და მათი სიკვდილით დაიხსნის მართლებს. ამის შესახებ „იგავებში“ ნათქვამია: „ბოროტი მართლის გამოსასყიდია; ვერაგი მართლის ადგილზე აღმოჩნდება“ (იგ. 21:18). ბოროტებში ამაყებიც იგულისხმებიან, რომლებიც სძულს იეჰოვას. ისინი „სასჯელს ვერ გაექცევიან“ (16:5). „პატივმოყვარეთა სახლს იეჰოვა დაანგრევს“ (15:25). ის „გაძარცვავს [ღარიბების] მძარცველთა სულებს“ (22:22, 23).
იეჰოვას საქმეებზე დაკვირვებით საღად მოაზროვნე ადამიანი ასწორებს თავის სავალს (შდრ. იგ. 4:26). მას ესმის, რომ ქრთამის აღება (17:23) ან სხვის გავლენაში მოქცევა (18:5) სამართალს ამრუდებს. ბოროტის მართლად და მართლის ბოროტად შერაცხვით ის იეჰოვას თვალში საძულველი ხდება (17:15). ის აგრეთვე სწავლობს მიუკერძოებლობას და განაჩენის გამოტანამდე ბოლომდე უსმენს ორივე მხარეს (18:13).
ბედნიერება და უსაფრთხოება. მათთვის, ვინც უფრთხილდება იეჰოვას ბოძებულ სიბრძნესა და ჭკუას, „იგავებში“ მოცემულია დაპირება: „იეჰოვა იქნება შენი იმედი, ის დაიცავს შენს ფეხს მახისგან“ (იგ. 3:21, 26; 10:29; 14:26). იეჰოვას მოშიშს მომავალი ექნება (23:17, 18). უფრო მეტიც, ის დღესვე იცხოვრებს ბედნიერად და უსაფრთხოდ (3:25, 26). „თუ იეჰოვას კაცის გზა მოსწონს, მტერსაც კი მშვიდობიანად განაწყობს მისდამი“ (16:7). ის მშიერს არ დატოვებს მართალს (10:3). ვინც იეჰოვას პატივს მიაგებს თავისი ქონებიდან, აივსება მისი ბეღლები (3:9, 10). იეჰოვა დღეგრძელს ხდის ასეთ კაცს (10:27).
ვინც იეჰოვას სახელს აფარებს თავს (ესმის და აცნობიერებს ყველაფერს, რაც ამ სახელით არის წარმოდგენილი), დაინახავს, რომ ის ისეთივე მტკიცე კოშკია, როგორსაც ძველად ხალხი მტრისგან თავდასაცავად აფარებდა თავს (იგ. 18:10; 29:25).
იეჰოვას წინაშე თავმდაბლად სიარულს „სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლე მოაქვს“ (იგ. 22:4). მას სურს წყალობა და ჭეშმარიტება, რაც მსხვერპლზე ძვირფასია. ვინც მიატოვებს ბოროტებას, ექნება იეჰოვას შიში და ამგვარად ემსახურება მას, არ დაიტეხს მის განაჩენს (იგ. 16:6; შდრ. 1სმ. 15:22). ვინც იცის იეჰოვას გზები, შეუძლია გააკეთოს „ყოველივე ის, რაც კარგია“ (იგ. 2:9).
აღწევს გულამდე. წიგნი „იგავები“ გულს სწვდება, რომ თავის მიზანს მიაღწიოს. მასში სულ მცირე 75-ჯერ არის ნათქვამი, რომ გული იძენს ცოდნას, გაგების უნარს, სიბრძნესა და გამჭრიახობას. ის არის ჩვენს სიტყვებსა და საქციელზე პასუხისმგებელი და მასზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ვითარება თუ გარემო. გული გამჭრიახობისკენ უნდა მივმართოთ (იგ. 2:2); გულმა უნდა დაიცვას სწორი მცნებები (3:1) და ისინი გულის ფიცარზე უნდა იყოს დაწერილი (3:3). ყველაზე მეტად გულს უნდა გავუფრთხილდეთ (4:23) და მთელი გულით უნდა მივენდოთ იეჰოვას (3:5; იხ. გული).
აღზრდა და გული. წიგნი „იგავები“ ხაზს უსვამს აღზრდის სხვადასხვა ფორმის მნიშვნელობას (იგ. 3:11, 12). მასში ნათქვამია: „ვინც დარიგებას ყურად არ იღებს, საკუთარ სულს უარყოფს, შეგონების მომსმენი კი გულს იძენს“ (15:32). ასე რომ, შეგონება აღწევს გულამდე და ასწორებს მას, რითაც ადამიანს გამჭრიახობის შეძენაში ეხმარება. „ბრიყვი კი უგუნურებით [გამჭრიახობის არქონით] იღუპავს თავს“ (10:21). ბავშვის აღზრდისას მის გულს უნდა შევეხოთ, რადგან „ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს; აღზრდისას ჯოხის გამოყენება გამოდევნის მას“ (22:15).
განწყობა და შინაგანი ადამიანი. „იგავები“ არ არის ვინმეს საამებლად ან გავლენის მოსახდენად დაწერილი ადამიანთა ბრძნული გამონათქვამების კრებული. ის ღრმად სწვდება გულს და ცვლის ადამიანის აზროვნებასა და აღძვრებს, მის განწყობასა და მთელ არსებას (ებ. 4:12). მაშინაც კი, თუ ადამიანი ფიქრობს, რომ მართალია, ან ამართლებს თავის საქციელს, რადგან „კაცის თვალში ყველა გზა სუფთაა“, იგავების 16:2 შეგვახსენებს, რომ „სულებს იეჰოვა აფასებს“ და იცის, როგორია ადამიანი სინამდვილეში. ქვეყნიერება ძალიან აფასებს ძალასა და ძალაუფლებას, მაგრამ ბიბლიაში ნათქვამია, რომ „რისხვაში ნელი კაცი ძლიერს სჯობია, თავშეკავებული — ქალაქის დამპყრობს“ (იგ. 16:32).
ამ ღვთივშთაგონებული წიგნიდან ცოდნისა და სიბრძნის მიღება გვეხმარება, დღესვე ბედნიერები ვიყოთ და მარადიული სიცოცხლის გზას დავადგეთ. „ვინც გულს იძენს, მას თავისი სული უყვარს“, ამიტომ წიგნში ჩაწერილი ღვთივშთაგონებული რჩევა-დარიგების მიყოლა შეგვმატებს „დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს“ და სიცოცხლე იქნება ჩვენი სულისთვის (იგ. 19:8; 3:2, 13—18, 21—26). „იეჰოვა მართლის სულს არ მოაშივებს“ (10:3). სოლომონი ამბობს, რომ „მცნების დამცველი თავის სულს იცავს“ (19:16).
სხვებთან ურთიერთობა. „იგავებში“ ნათქვამია, რომ ღვთის ჭეშმარიტი მსახური ენას სხვების სასიკეთოდ იყენებს (იგ. 10:20, 21, 31, 32), არ ცრუობს და სხვებს გულს არ ტკენს დაუფიქრებელი სიტყვებით (12:6, 8, 17—19; 18:6—8, 21). ის მოწინააღმდეგის რისხვას მშვიდი პასუხით აცხრობს (15:1; 25:15). მას არ მოსწონს დავა და კამათი და სიფიცხეს თოკავს, რათა გამოუსწორებელი სისულელე არ ჩაიდინოს (იგ. 14:17, 29; 15:18; შდრ. კლ. 3:8). ის ერიდება თავშეუკავებლებთან და ფიცხებთან ურთიერთობას, რადგან იცის, რომ მახეში გააბამენ (იგ. 22:24, 25; შდრ. 13:20; 14:7; 1კრ. 15:33).
აკეთეთ სიკეთე და ნუ გადაუხდით სამაგიეროს. ღვთივშთაგონებული „იგავები“ მოგვიწოდებს, ინიციატივა გამოვავლინოთ და სიკეთე გავუკეთოთ სხვებს. აგრეთვე გვირჩევს, რომ მხოლოდ მათ კი არ მოვექცეთ კეთილად, ვინც „უსაფრთხოდ ცხოვრობს“ ჩვენთან და ცუდი არაფერი გაუკეთებია ჩვენთვის (იგ. 3:27—30), არამედ ჩვენს მოძულეებსაც კარგად მოვეპყროთ (25:21, 22). უნდა გამოვიკვლიოთ საკუთარი გული, ხომ არ გვიხარია ჩვენი მტრების უბედურება (17:5; 24:17, 18).
ჭორაობა და ცილისწამება. წიგნი „იგავები“ ბევრს საუბრობს ჭორაობით მოტანილ მწუხარებაზე, გულისტკივილსა და ზიანზე და ჭორის მთქმელთა დანაშაულის სიმძიმეზე. „ცილისმწამებლის სიტყვებს ხარბად ყლაპავენ“ მსმენელები. ისინი მათი „მუცლის სიღრმემდე ჩადიან“ და უბრალო სიტყვებად არ რჩებიან მათთვის, არამედ ღრმა შთაბეჭდილებას ახდენენ მათზე. ამგვარად, ბევრი პრობლემა იქმნება და ცილისმწამებელი ვერ გაიმართლებს თავს. კეთილისმზრახველის სახის მიღება და ნამდვილი მოტივების მიჩქმალვა რომც შეძლოს, ღმერთი იზრუნებს იმაზე, რომ მისი სიძულვილი და ბოროტება კრებულში გამჟღავნდეს. ასეთი ადამიანი თავად ჩავარდება იმ ორმოში, რომელსაც სხვას უთხრიდა (იგ. 26:22—28).
ოჯახის წევრებთან ურთიერთობა. „იგავები“ ყურადღებას ამახვილებს ქორწინებაში ერთგულების აუცილებლობაზე. კაცმა „ახალგაზრდობის ცოლთან“ უნდა გაიხაროს და სხვასთან სიახლოვე არ უნდა ეძებოს (იგ. 5:15—23). მრუშები თავიანთი საქციელისთვის მწარე შედეგებს, საბოლოოდ კი სიკვდილს იმკიან (5:3—14; 6:23—35). კარგი ცოლი ქმრის „გვირგვინი“ და კურთხევაა. ვინც სამარცხვინოდ იქცევა, „ძვლებს ულპობს“ ქმარს (12:4). ანჩხლი ცოლი ცხოვრებას აუტანელს ხდის (25:24; 19:13; 21:19; 27:15, 16). მისი სილამაზე და მიმზიდველობა მეტი არაფერია, თუ არა „ოქროს რგოლი ღორის დინგზე“ (11:22; 31:30). სინამდვილეში უგუნური ქალი საკუთარი ხელით ანგრევს თავის სახლს (14:1). იგავების 31-ე თავში ვრცლად არის განხილული კარგი ცოლის ღირსებები: შრომისმოყვარეობა, სანდოობა, სახლეულობის ერთგულად მართვა და ქმრის მორჩილება.
„იგავებიდან“ ჩანს, რომ შვილებზე პასუხისმგებლობა მშობლებს აკისრიათ და მათი აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანია (იგ. 19:18; 22:6, 15; 23:13, 14; 29:15, 17). მასში ხაზი ესმება მამის პასუხისმგებლობას, მაგრამ შვილს თუ მარადიული სიცოცხლის მიღება სურს, პატივი უნდა მიაგოს ორივე მშობელს, დედასაც და მამასაც (19:26; 20:20; 23:22; 30:17).
ცხოველებზე ზრუნვა. „იგავები“ შინაური ცხოველების მოვლაზეც საუბრობს. „მართალი საკუთარ პირუტყვზე ზრუნავს“ (იგ. 12:10). „კარგად უნდა იცოდე, როგორია შენი ფარა“ (27:23).
სტაბილური ხელისუფლება და მისადმი ერთგულება. „იგავებში“ ჩაწერილია მმართველთა სახელმძღვანელო პრინციპები. მეფეებმა და სხვა თანამდებობის პირებმა საქმე ბოლომდე უნდა გამოიკვლიონ (იგ. 25:2), სიკეთითა და ჭეშმარიტებით უნდა იმოქმედონ (20:28) და სამართლიანად მოექცნენ ქვეშევრდომთ (29:4; 31:9), მათ შორის საწყლებს (29:14). თუ სურთ, მათი ტახტი სიმართლით განმტკიცდეს, ბოროტი მრჩევლები არ უნდა ჰყავდეთ (25:4, 5). წინამძღოლი გამჭრიახი და უკანონო შემოსავლის მოძულე უნდა იყოს (28:16).
„სიმართლე ხალხს განადიდებს“ (იგ. 14:34), ცოდვა კი ხელისუფლებას არყევს (28:2). ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლაც იწვევს არასტაბილურობას, ამიტომ იგავების 24:21, 22-ში ნათქვამია: „შვილო, იეჰოვასი და მეფის გეშინოდეს. მოჯანყეებში ნუ გაერევი. მოჯანყეებს ისე მოულოდნელად დაატყდებათ თავს უბედურება, რომ ვინ გაიგებს მათ განადგურებას?!“.
რჩევების საგანძური. ვინაიდან „იგავები“ ადამიანთა საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს ეხება, ის შეგვიძლია სხვებისთვის რჩევა-დარიგებების მისაცემად გამოვიყენოთ, როგორც ამას ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერები აკეთებდნენ. „მართლის გული პასუხის გაცემამდე ფიქრობს“ (იგ. 15:28). მაგრამ დამცინავებისთვის რჩევის მიცემა გონივრული არ არის. „ვინც დამცინავს შეცდომაზე უთითებს, სირცხვილს იხვეჭს, და ვინც ბოროტს შეაგონებს, ნაკლი აქვს. ნუ შეაგონებ დამცინავს, რომ არ შეგიძულოს. შეაგონე ბრძენი და შეგიყვარებს“ (იგ. 9:7, 8; 15:12; შდრ. მთ. 7:6). ყველა ადამიანი არ არის დამცინავი, ამიტომ მან, ვისაც ამის უფლებამოსილება აქვს, რჩევის მიცემისგან თავი არ უნდა შეიკავოს, რაც შემდეგი სიტყვებიდანაც ჩანს: „მართლის ბაგეები მრავალს მწყემსავს“ (იგ. 10:21).
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები იგავებიდან
წიგნი შედგება რჩევა-დარიგებებისა და ბრძნული გამონათქვამებისგან, რომლებიც ყოველდღიურ ყოფას ეხება.
წიგნის დიდი ნაწილის ავტორი მეფე სოლომონია, თუმცა წიგნს საბოლოო სახე ხიზკიას მმართველობის დროს მიეცა.
სიბრძნის აღმატებულება
სიბრძნე და გაგების უნარი უმთავრესია (4:5—8; 16:16).
რა უნდა გავაკეთოთ სიბრძნის შესაძენად? (2:1—9; 13:20).
სიბრძნის შედეგებია: უსაფრთხოება, დაცვა, პატივი და უფრო ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება (2:10—21; 3:13—26, 35; 9:10—12; 24:3—6, 13, 14).
სიბრძნე გაპიროვნებულია და წარმოდგენილია იეჰოვას თანამშრომლად (8:22—31).
უგუნურების მწარე შედეგები (1:24—32; 2:22; 6:12—15).
იეჰოვასადმი სწორი დამოკიდებულება
მიენდე იეჰოვას (3:5, 6; 16:20; 18:10; 29:25).
გეშინოდეს მისი და მოერიდე ბოროტებას (3:7; 10:27; 14:26, 27; 16:6; 19:23).
პატივი მიაგე მას და მხარი დაუჭირე ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას (3:9, 10).
შეგონება ღვთის სიყვარულის გამოვლინებად მიიჩნიე (3:11, 12).
დააფასე მისი სიტყვა (3:1—4; 30:5, 6).
გაიგე, რა სძულს იეჰოვას და ამ ცოდნის თანახმად იმოქმედე (6:16—19; 11:20; 12:22; 16:5; 17:15; 28:9).
თუ იეჰოვას მოსაწონად მოვიქცევით, ის იზრუნებს ჩვენზე, დაგვიცავს და მოისმენს ჩვენს ლოცვებს (10:3, 9, 30; 15:29; 16:3).
სასარგებლო რჩევები ოჯახური ცხოვრებისთვის
მარჯვე ცოლი კურთხევაა იეჰოვასგან (12:4; 14:1; 18:22; 31:10—31).
მშობლებმა უნდა ასწავლონ შვილებს და აღზარდონ ისინი (13:1, 24; 22:6, 15; 23:13, 14; 29:15, 17).
შვილებს ღრმა პატივისცემა უნდა ჰქონდეთ მშობლებისადმი (1:8, 9; 4:1—4; 6:20—22; 10:1; 23:22—26; 30:17).
ოჯახში სიყვარული და მშვიდობა უნდა სუფევდეს (15:16, 17; 17:1; 19:13; 21:9, 19).
მოერიდე უზნეობას და დაცული იქნები ტკივილისა და მრავალი პრობლემისგან (5:3—23; 6:23—35; 7:4—27; 9:13—18).
თვისებები, რომლებიც უნდა განვივითაროთ და რომლებსაც უნდა მოვერიდოთ
სიყვარულით იზრუნე ღარიბსა და დაჩაგრულზე (3:27, 28; 14:21, 31; 19:17; 21:13; 28:27).
იყავი გულუხვი, ნუ იქნები ძუნწი (11:24—26).
იყავი გულმოდგინე, ნუ იქნები ზარმაცი (6:6—11; 10:26; 13:4; 20:4; 24:30—34; 26:13—16).
მოკრძალებასა და თავმდაბლობას პატივი მოაქვს, კადნიერებასა და სიამაყეს — დამცირება (11:2; 16:18, 19; 25:6, 7; 29:23).
გამოავლინე თავშეკავება და ნუ განრისხდები (14:29; 16:32; 25:28; 29:11).
მოერიდე ბოროტებასა და სამაგიეროს გადახდას (20:22; 24:17, 18, 28, 29; 25:21, 22).
ყველაფერში სამართლიანად მოიქეცი (10:2; 11:18, 19; 14:32; 21:3, 21).
პრაქტიკული რჩევები ყოველდღიური ცხოვრებისთვის
ნუ უგულებელყოფ დარიგებას, შეგონებასა და რჩევას (13:18; 15:10; 19:20; 27:5, 6).
იყავი ნამდვილი მეგობარი (17:17; 18:24; 19:4; 27:9, 10).
ბრძნულად მოიქეცი სტუმრად ყოფნისას (23:1—3, 6—8; 25:17).
ფულის სიყვარული ამაოებაა (11:28; 23:4, 5; 28:20, 22).
მძიმე შრომას კურთხევები მოაქვს (12:11; 28:19).
საქმიან ურთიერთობებში პატიოსანი იყავი (11:1; 16:11; 20:10, 23).
თავდებად ნუ დაუდგები სხვას, განსაკუთრებით უცხოებს (6:1—5; 11:15; 22:26, 27).
აკონტროლე ენა; ილაპარაკე მხოლოდ ის, რაც აღაშენებს (10:18—21, 31, 32; 11:13; 12:17—19; 15:1, 2, 4, 28; 16:24; 18:8).
პირფერობა საშიშია (28:23; 29:5).
მოერიდე კამათს (3:30; 17:14; 20:3; 26:17).
მოერიდე ცუდ საზოგადოებას (1:10—19; 4:14—19; 22:24, 25).
ისწავლე, როგორ მოიქცე ბრძნულად დამცინავებთან და სულელებთან (9:7, 8; 19:25; 22:10; 26:4, 5).
მოერიდე ალკოჰოლის მახეს (20:1; 23:29—35; 31:4—7).
არ შეგშურდეს ბოროტების (3:31—34; 23:17, 18; 24:19, 20).