რახელი
[ცხვარი, დედალი ცხვარი]
ლაბანის ქალიშვილი, ლეას უმცროსი და, იაკობის ბიძაშვილი და საყვარელი ცოლი (დბ. 29:10, 16, 30). თავის ძმას, ესავს რომ არ მოეკლა, იაკობი ძვ. წ. 1781 წელს ხარანში, ფადან-არამში, „აღმოსავლელთა ქვეყანაში“ გაიქცა (დბ. 28:5; 29:1). რახელი, რომელიც „ტანადაც ლამაზი იყო და პირისახეც ლამაზი ჰქონდა“, მამამისის ცხვარს მწყემსავდა. იაკობს ის ხარანის სიახლოვეს ჭასთან შეხვდა. იაკობი კარგად მიიღეს ბიძის სახლში. ერთი თვის შემდეგ ის დასთანხმდა ლაბანს, რომ შვიდ წელს იმსახურებდა რახელისთვის, რომელიც შეუყვარდა. მისი სიყვარული იაკობს შვიდი წლის მანძილზე არ განელებია და „მისთვის ეს დრო რამდენიმე დღესავით იყო“. მაგრამ ქორწილის ღამეს ბიძამისმა რახელის ნაცვლად მას თავისი უფროსი ქალიშვილი, ლეა მიუყვანა, რომელიც, როგორც ჩანს, მამას შეუერთდა ამ მზაკვრობაში. მეორე დილას, როცა იაკობმა ლაბანი მის მოტყუებაში დაადანაშაულა, ლაბანმა ადგილობრივი წეს-ჩვეულებით იმართლა თავი. იაკობი დათანხმდა, რომ ქორწილის სრულ კვირას ლეასთან გაატარებდა, შემდეგ რახელს მოიყვანდა და კიდევ შვიდ წელს იმსახურებდა ლაბანისთვის (დბ. 29:4—28).
რახელი კარგი ცოლი იყო და იაკობს ის ლეაზე მეტად უყვარდა. დამცირებული მდგომარეობის გამო იეჰოვამ ლეას მიმართ მოწყალება გამოავლინა და ოთხი ვაჟით აკურთხა; რახელს კი შვილი არ უჩნდებოდა (დბ. 29:29—35). რახელს შურდა თავისი დის და უშვილობამ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, რადგან იმ დროს ეს ქალისთვის ძალიან დამამცირებელი იყო. თავისი გაღიზიანებითა და მოუთმენლობით მან მოსიყვარულე ქმარიც კი განარისხა. მან იაკობს თავისი მხევალი მისცა, რომ მისგან ჰყოლოდა შვილები (როგორც სარამ მისცა აბრაამს თავისი მონა აგარი). შედეგად დაიბადა ორი ბიჭი, რომლებიც რახელის შვილებად ითვლებოდნენ. ლეასა და მის მხევალს კიდევ ოთხი ვაჟი შეეძინათ, ვიდრე რახელის ოცნება ასრულდებოდა და პირმშო, იოსები ეყოლებოდა (დბ. 30:1—24).
იაკობი უკვე მზად იყო ხარანიდან გასამგზავრებლად, მაგრამ მისმა სიმამრმა დაიყოლია, რომ კიდევ დარჩენილიყო. იაკობმა მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ დატოვა ხარანი იეჰოვას მითითებით. ლაბანის ორპირობის გამო იაკობმა არ შეატყობინა მას, რომ მიდიოდა და ამაში ლეაც და რახელიც ეთანხმებოდნენ ქმარს. წასვლამდე რახელმა მამას მოჰპარა თერაფიმი, როგორც ჩანს, გარკვეული სახის გამოსახულებები. მოგვიანებით, როცა ლაბანი დაეწია მათ და უთხრა, რომ გაქურდეს (როგორც ჩანს, ეს ყველაზე მეტად აწუხებდა), იაკობმა, რომელმაც არ იცოდა რახელის დანაშაულის შესახებ, დაგმო ეს საქციელი და თქვა, რომ სიკვდილით დაესაჯათ ის, ვისაც ნაქურდალს უპოვიდნენ. ლაბანმა რახელის კარავშიც დაიწყო ძებნა, მაგრამ ვერ იპოვა, რადგან რახელს თერაფიმი საუნაგირე კალათაში ჰქონდა დამალული და ზედ იჯდა, მამას კი უთხრა, რომ მენსტრუაციის გამო თავს სუსტად გრძნობდა და ვერ ადგებოდა (დბ. 30:25—30; 31:4—35, 38).
თავის ძმასთან, ესავთან შეხვედრის დროს იაკობმა ცხადყო, რომ რახელი ყველაზე მეტად უყვარდა, რადგან ის და მისი ერთადერთი ვაჟი ბოლოში დააყენა. უეჭველია, ის ფიქრობდა, რომ ესავის თავდასხმის შემთხვევაში ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილი იქნებოდა (დბ. 33:1—3, 7). იაკობი გარკვეულ ხანს სუქოთში გაჩერდა, შემდეგ — შექემში, ბოლოს კი — ბეთელში. ამის შემდეგ ის სამხრეთისკენ გაემართა. ბეთელსა და ბეთლემს შორის გზაზე რახელი მეორე ვაჟის, ბენიამინის, მშობიარობას გადაჰყვა. ის იქვე დამარხეს და მის სამარხზე იაკობმა სვეტი აღმართა (დბ. 33:17, 18; 35:1, 16—20).
ბიბლიის რამდენიმე მონაკვეთი რახელის შესახებ გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის. ის იეჰოვას თაყვანისმცემელი იყო (დბ. 30:22—24), მაგრამ ადამიანურ სისუსტეებსაც ავლენდა. შეიძლება ოჯახში ნანახმა გარკვეულწილად იმოქმედა იმაზე, რომ რახელს თერაფიმი მოეპარა და ცბიერებით აერიდებინა თავიდან სასჯელი. მიუხედავად მისი სისუსტეებისა, ის ძალიან უყვარდა იაკობს, რომელიც მას სიბერეშიც კი ნამდვილ ცოლად მოიხსენიებდა და მის შვილებს სხვა შვილებზე მეტად აფასებდა (დბ. 44:20, 27—29). სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იოსებისთვის ნათქვამი სიტყვებიდან გამოჩნდა, რა ძლიერ უყვარდა რახელი (დბ. 48:1—7). მასზე და ლეაზე ბიბლიაში ნათქვამია, რომ მათ „ისრაელის სახლი ააშენეს“ (რთ. 4:11).
არქეოლოგიური აღმოჩენები გარკვეულწილად ნათელს ჰფენს იმას, თუ რატომ მიითვისა რახელმა მამამისის თერაფიმი (დბ. 31:19). შუამდინარეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ნუზიში აღმოჩენილი დაახლოებით ძვ. წ. მეორე ათასწლეულის შუა პერიოდით დათარიღებული ლურსმული წარწერებიდან ვიგებთ, რომ ძველად ზოგიერთ ხალხში ოჯახის კერპების ქონა ოჯახის ქონების მემკვიდრეობით მიღების კანონიერ უფლებად მიიჩნეოდა (Ancient Near Eastern Texts, ჯ. პრიჩარდის რედაქციით, 1974, გვ. 219, 220). ზოგის ვარაუდით, რახელი შესაძლოა ფიქრობდა, რომ იაკობს, როგორც ნაშვილებს, ლაბანის ქონების მემკვიდრეობით მიღების უფლება ჰქონდა და, შესაძლოა, სწორედ ამ მიზნით აიღო თერაფიმი, ან ლაბანის ვაჟებზე მეტი უპირატესობის მოპოვება სურდა. ან შესაძლოა, რახელის აზრით, თერაფიმის ქონა ხელს შეუშლიდა მამამისის ყველანაირ იურიდიულ მცდელობას, რომ იაკობისთვის წაერთმია მასთან მსახურების პერიოდში შეძენილი სიმდიდრის ნაწილი (შდრ. დბ. 30:43; 31:1, 2, 14—16). რა თქმა უნდა, ასეთი ვარაუდები მხოლოდ მაშინ იქნება გამართლებული, თუ ლაბანის ხალხში გავრცელებული იყო ასეთი წეს-ჩვეულებები და თერაფიმს ოჯახის მფარველ კერპად მიიჩნევდნენ.
რახელის სამარხი „ბენიამინის მიწაზე, ცელცახთან“ თითქმის ექვსი საუკუნის შემდეგ, სამუელის დროსაც კი იყო ცნობილი (1სმ. 10:2). გადმოცემის თანახმად, ეს საფლავი ბეთლემის ჩრდილოეთით დაახლოებით კილომეტრ-ნახევარში მდებარეობდა. თუ ეს ასეა, მაშინ ეს ადგილი იუდას ტერიტორიაზე იქნებოდა და არა ბენიამინის. ამიტომ ზოგის აზრით, საფლავი უფრო ჩრდილოეთით იყო, მაგრამ დღეს ზუსტი ადგილის დადგენა შეუძლებელია.
რახელის სიკვდილიდან საუკუნეების შემდეგ რატომ ამბობს ბიბლია, რომ ის დაიტირებდა თავის ვაჟებს?
იერემიას 31:15-ში ნათქვამია, რომ რახელი დასტიროდა თავის ვაჟებს, რომლებიც მტრის ქვეყანაში წაიყვანეს და მისი გლოვა რამაში ისმოდა (ბენიამინის ტერიტორიაზე იერუსალიმის ჩრდილოეთით) (იხ. რამა №1). ვინაიდან ეფრემის ტომი, რომელიც ხშირად ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს ასიმბოლოებდა, კონტექსტში არაერთხელ არის მოხსენიებული (იერ. 31:6, 9, 18, 20), ზოგი მკვლევარი ამ სიტყვებს ასურელების მიერ ჩრდილოეთი სამეფოდან ხალხის გადასახლებას უკავშირებს (2მფ. 17:1—6; 18:9—11). მეორე მხრივ, ის შეიძლება უკავშირდებოდეს ისრაელისა და იუდას საბოლოო გადასახლებას (ეს უკანასკნელი ბაბილონელებმა გადაასახლეს). პირველ შემთხვევაში რახელის მოხსენიება მართებული იქნებოდა, რადგან ის ეფრემის, ჩრდილოეთი სამეფოს წამყვანი ტომის დიდედა იყო (იოსების მხრიდან). მეორე შემთხვევაში ის ფაქტი, რომ რახელი არა მხოლოდ იოსების, არამედ ბენიამინის დედაც იყო, რომლის ტომიც იუდას სამხრეთ სამეფოს ეკუთვნოდა, რახელს ყველა ისრაელი დედის მართებულ სიმბოლოდ წარმოაჩენდა, რომლებიც, როგორც ჩანდა, ამაოებისთვის აჩენდნენ ვაჟებს. მაგრამ იეჰოვა ანუგეშებდა და ჰპირდებოდა, რომ გადასახლებულები აუცილებლად დაბრუნდებოდნენ „მტრის ქვეყნიდან“ (იერ. 31:16).
მათემ ეს მუხლი გაიხსენა, როცა თავის სახარებაში ჰეროდეს მიერ ბეთლემში ჩვილი ბავშვების განადგურებაზე წერდა (მთ. 2:16—18). ვინაიდან რახელის საფლავს ბეთლემის სიახლოვეს ვარაუდობენ (მაგრამ არა ტრადიციულად მიჩნეულ ადგილზე), რახელის ეს სიმბოლური გლოვა სათანადოდ გამოხატავდა დახოცილი ბავშვების დედების მწუხარებას. ამ შემთხვევაში იერემიას სიტყვების ციტირება მეტად მართებული იყო, რადგან იერემიას წინასწარმეტყველებასა და მათეს სახარებაში აღწერილი სიტუაციები ერთმანეთს ჰგავდა. ისრაელები უცხო ქვეყანას ემორჩილებოდნენ და ქვეყნის შვილები კვლავაც წაყვანილები იყვნენ. თუმცა ამ შემთხვევაში „მტრის ქვეყანაში“ გეოგრაფიული ადგილი არ იგულისხმებოდა, როგორც პირველ შემთხვევაში, არამედ სამარე, სიკვდილის სამეფო (შდრ. ფს. 49:14; გმც. 6:8). სიკვდილი კი, როგორც ადამიანთა „უკანასკნელი მტერი“, ბოლოს განადგურდება (რმ. 5:14, 21; 1კრ. 15:26). ასეთი ადგილიდან დაბრუნება, რა თქმა უნდა, მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით მოხდება.